დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 156
2012 წლის ოქტომბერი
პ. და ს. პოლონეთის წინააღმდეგ (P. and S. v. Poland)
(საჩივარი- 57375/08)
გადაწყვეტილება, 30 ოქტომბერი, 2012 [მე-4 სექცია]
მე-8 მუხლი
პირადი ცხოვრების დაცულობა
მე-3 მუხლი
დამამცირებელი მოპყრობა
მე-5 მუხლი
კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება
ფაქტები – მომჩივნები - პ. და ს. - ქალიშვილი და დედა, პოლონეთის მოქალაქეები არიან, დაბადებულნი 1993 და 1974 წლებში და ცხოვრობენ ლუბლინში (პოლონეთში). 2008 წელს პ. 14 წლის ასაკში დაორსულდა გაუპატიურების შედეგად. ოჯახის დაგეგმვის შესახებ 1993 წლის კანონის შესაბამისად, აბორტის გასაკეთებლად აპლიკანტმა 2008 წლის 20 მაისს მიიღო პროკურორის ნებართვა, რადგან მისი ორსულობა გამოწვეული იყო უკანონო სექსუალური აქტის შედეგად.
მომჩივნებმა განაცხადეს, რომ მათ შემდგომში შეექმნათ მნიშვნელოვანი სირთულეები აბორტის გაკეთებასთან დაკავშირებით. აპლიკანტებმა მიიღეს ურთიერთსაპირისპირო ინფორმაცია ლუბლინის ორი საჯარო საავადმყოფოდან. კერძოდ, გარდა პროკურორის ნებართვისა, სჭირდებოდათ თუ არა მათ მიმართვა გინეკოლოგიისა და მეანობის რეგიონალური კონსულტანტისგან, თუ ვის შეეძლო აბორტის გაკეთება, ვინ იყო უფლებამოსილი შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე, არსებობდა თუ არა კანონით გათვალისწინებული რაიმე მოცდის ვადა და, არსებობის შემთხვევაში, რა სხვა პირობები უნდა დაკმაყოფილებულიყო. ერთ-ერთი საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების უფროსმა პ. წაიყვანა კათოლიკე მღვდელთან ისე, რომ არც უკითხავს, სურდა თუ არა მას ეს. საუბრის დროს ცხადი გახდა, რომ მღვდელი უკვე ინფორმირებული იყო მომჩივნის ფეხმძიმობის და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ. იგი ცდილობდა დაერწმუნებინა პ. მიეყვანა ორსულობა ბოლომდე და სთხოვა მისი მობილური ტელეფონის ნომერი. აპლიკანტმა შეასრულა მღვდლის თხოვნა. მთავარმა გინეკოლოგმა ს-ს სთხოვა ხელი მოეწერა აბორტზე თანხმობის ფორმისთვის, რის საფუძველზეც იგი გაფრთხილებული იყო, რომ აბორტი გამოიწვევდა მისი ქალიშვილის სიკვდილს. საბოლოოდ, ს-სთან კამათის შემდეგ, მთავარმა გინეკოლოგმა უარი თქვა მის განყოფილებაში აბორტის გაკეთების ნებართვის გაცემაზე, დაეყრდნო რა მომჩივნის რელიგიურ შეხედულებებს.
ლუბლინის საავადმყოფომ გამოსცა პრეს-რელიზი იმის შესახებ, რომ იგი არ ჩაატარებდა აბორტის ოპერაციას პ-ს შემთხვევაში. ის ჟურნალისტები, რომლებიც დაუკავშირდნენ საავადმყოფოს, ინფორმირებულნი იყვნენ საქმის გარემოებების შესახებ. სტატიათა გარკვეული რაოდენობა გამოქვეყნდა რამდენიმე ადგილობრივ და ეროვნულ გაზეთში და წინამდებარე საქმე გახდა ინტერნეტში მსჯელობის საგანი.
ამის შემდეგ, აპლიკანტები გაემგზავრნენ ვარშავაში, სადაც პ. მოთავსებულ იქნა საავადმყოფოში 2008 წლის 3 ივნისს. მას აცნობეს, რომ შეეძლო აბორტის გაკეთება პროკურორის მიერ გაცემული მოწმობისა და გინეკოლოგიის ეროვნული კონსულტანტის მიერ გამოცემული სამედიცინო ცნობის საფუძველზე, მაგრამ უნდა მოეცადა 3 დღე, სანამ აბორტის ოპერაცია ჩაუტარდებოდა. ამასობაში, ექიმმა შეატყობინა აპლიკანტს, რომ საავადმყოფო განიცდიდა ზეწოლას სხვადასხვა ადამიანების მხრიდან, რათა არ გაეკეთებინა აბორტი და იგი იღებდა უამრავ წერილს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, სადაც აპლიკანტები გაკრიტიკებულნი იყვნენ მათი გადაწყვეტილების გამო. პ. ასევე იღებდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მღვდლისა და სხვა უცნობი ადამიანებისგან, რომლებიც ცდილობდნენ მის დარწმუნებას, რომ უარი ეთქვა აბორტზე.
ზეწოლის გამო მომჩივნებმა საავადმყოფო დატოვეს 2008 წლის 5 ივნისს და უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ისინი შეწუხებულნი იყვნენ აბორტის მოწინააღმდეგე აქტივისტების მხრიდან და მოგვიანებით გადაყვანილნი იყვნენ პოლიციის განყოფილებაში, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ. იმავე დღეს, პოლიცია ინფორმირებული იყო ლუბლინის საოჯახო სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე. აღნიშნულმა სასამართლომ გასცა ბრძანება პ-ს არასრულწლოვანთა თავშესაფარში მოთავსებასთან დაკავშირებით, რომელიც დროებით ზომას წარმოადგენდა იმ სამართალწარმოების დროს, რაც ს-ს მშობლის უფლებების ჩამორთმევას უკავშირდებოდა, რადგან პ. დედის მხრიდან იმყოფებოდა ზეწოლის ქვეშ გაეკეთებინა აბორტი, რომელიც მას არ სურდა. მოგვიანებით, პოლიციამ პ. წაიყვანა ლუბლინში და იმავე ღამეს მოათავსეს არასრულწლოვანთა თავშესაფარში. იტანჯებოდა რა ტკივილისგან, აპლიკანტი მომდევნო დღეს გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც იგი დარჩა ერთი კვირის განმავლობაში.
ჯანდაცვის სამინისტროში საჩივრის შეტანის შემდეგ, ს-ს საბოლოოდ შეატყობინეს, რომ პ-ს შეეძლო აბორტის გაკეთება გდანსკში, ლუბლინში მდებარე მათი სახლიდან დაახლოებით 500 კმ-ის დაშორებით. მომჩივნების განცხადებით, ისინი გდანსკში ფარულად გადაიყვანეს, სადაც აბორტის ოპერაცია ჩატარდა 2008 წლის 17 ივნისს.
საოჯახო საქმეების განმხილველ სასამართლოში სამართალწარმოება შეწყდა 2009 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც პ. შემოწმებულ იქნა, რომ აპლიკანტს დედა არ აიძულებდა აბორტის გაკეთებას და სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობდა მომჩივნის მშობლებისთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევის საფუძვლები. სისხლის სამართალწარმოება პ-ს წინააღმდეგ დაიწყო 2008 წლის ივლისში, არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით. აღნიშნული საქმის წარმოება შეწყდა 2008 წლის ნოემბერში. ასევე შეწყდა გამოძიება გაუპატიურებაში სავარაუდო დამნაშავის წინააღმდეგ.
ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს წინაშე მომჩივნები დავობდნენ, რომ კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) მათი უფლებები დაირღვა, როგორც ყოვლისმომცველი სამართლებრივი ჩარჩოს არარსებობით, რომელიც უზრუნველყოფდა პ-ს დროულ და შეუფერხებელ უფლებას აბორტზე, აგრეთვე საქმის შესახებ ინფორმაციის საჯარო გამჟღავნების გამო. ეყრდნობოდნენ რა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელ პარაგრაფს (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), ისინი დავობდნენ, რომ პ-ს დედის მეურვეობის გარეშე დატოვება და მისი მოთავსება არასრულწლოვანთა თავშესაფარსა და საავადმყოფოში უკანონო იყო. ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა).
საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შევიდა 2008 წლის 18 ნოემბერს. ქვემოთ მოცემულ ორგანიზაციებს უფლება მიეცათ წარედგინათ წერილობითი მოსაზრებები, როგორც მესამე პირებს: პოლონეთის ადამიანის უფლებათა ჰელსინკის ფონდს, კანონის უზენაესობის ინსტიტუტს (ლუბლინი, პოლონეთი); ქორამის ბავშვთან სამართლებრივ ცენტრს (ლონდონი); კანონისა და სამართლიანობის ევროპულ ცენტრს (სტრასბურგი) და ამნესტი ინტერნეიშენალს.
სამართალი – მე-8 მუხლი: რაც შეეხება საჩივარს, რომელიც ეხებოდა აბორტის შეუზღუდავი უფლების არარსებობას, სასამართლომ დაასკვნა, რომ პოლონეთის ხელისუფლებამ იმსჯელა ექიმის უფლების შესახებ კონვენციის მე-9 მუხლიდან (აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება) გამომდინარე, რათა უარი ეთქვა გარკვეულ მომსახურებაზე მისი რწმენის საფუძველზე. თუმცა სახელმწიფოებს ჰქონდათ ვალდებულება მათი ჯანდაცვის სისტემა ისე მოეწყოთ, რომ აღნიშნული უფლების განხორციელებას ხელი არ შეეშალა პაციენტებისთვის მიეღოთ კანონით გათვალისწინებული მომსახურება.
პოლონეთის კანონმდებლობა ითვალისწინებდა ისეთ მექანიზმებს, რისი მეშვეობითაც ექიმების უფლება - საკუთარი რწმენის საფუძველზე უარი ეთქვათ გარკვეული სახის პროცედურებზე, შესაბამისი ყოფილიყო პაციენტების ინტერესებთან, კერძოდ, ექიმს ეკისრებოდა ვალდებულება, პაციენტი სხვა ექიმთან გადაემისამართებინა, რომელიც იმავე მომსახურებას გაუწევდა. თუმცა პ-ს საქმეში არ გამოჩნდა, რომ აღნიშნული მოთხოვნები შესრულებული იყო. სამედიცინო პერსონალმა არ მიიჩნია სავალდებულოდ, ჩაეტარებინათ აბორტის ოპერაცია, რომელიც ცხადად იყო მოთხოვნილი აპლიკანტების მხრიდან. მომჩივნებს მიეწოდათ არასწორი და ურთიერთსაპირისპირო ინფორმაცია და არ მიუღიათ ობიექტური სამედიცინო კონსულტაცია. მომჩივანთათვის არ არსებობდა დადგენილი პროცედურა, რომლის მეშვეობითაც მათი მოსაზრებები მოსმენილი იქნებოდა.
გარდა ამისა, საქმის გარემოებებიდან არ ჩანდა, რომ პოლონეთის კანონმდებლობა საშუალებას იძლეოდა ს-ს მოთხოვნები გადაწყვეტილიყო იმგვარად, რომ მისი შეხედულებები და დამოკიდებულებები სამართლიანი და შესაბამისი ყოფილიყო მისი ფეხმძიმე ქალიშვილის ინტერესებთან მიმართებით. მეურვეობა არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო, როგორც არასრულწლოვნის მშობლის ავტომატური უფლება, მიეღო გადაწყვეტილებები შვილის რეპროდუქციულ არჩევანთან დაკავშირებით. თუმცა, არ შეიძლებოდა არ აღნიშნულიყო ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილება ორსულობის შეწყვეტას ან გაგრძელებასთან დაკავშირებით აგრეთვე ეხებოდა არასრულწლოვანი ფეხმძიმე გოგონას დედის სამომავლო ცხოვრებას.
სასამართლომ უკვე დაადგინა სხვა საქმეში, რომ სამოქალაქო სამართლის ის დებულებები, რომელიც გამოყენებული იყო პოლონეთის სასამართლოების მიერ არ უზრუნველყოფდა ხელმისაწვდომ პროცედურულ ინსტრუმენტს, რომლის საშუალებითაც ფეხმძიმე გოგონა, რომელსაც აბორტის გაკეთება სურდა, შეძლებდა სრულად დაეცვა საკუთარი უფლება მისი პირადი ცხოვრების პატივისცემის შესახებ. არ არსებობდა იმის საფუძვლები, რომლის მიხედვითაც შეიძლებოდა სხვა დასკვნის გამოტანა პ-ს საქმეზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სანდო ინფორმაციის ეფექტური ხელმისაწვდომობა კანონიერი აბორტის უფლების პირობებისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ პირდაპირ კავშირში იყო პირადი ავტონომიის განხორციელებასთან. დროის ფაქტორი კრიტიკული მნიშვნელობის იყო ქალის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეეწყვიტა თუ არა ორსულობა. იმ გაურკვევლობამ, რომლის წინაშეც პ. იდგა, მიუხედავად იმისა, რომ მას უფლება ჰქონდა კანონიერ აბორტზე 1993 წლის ოჯახის დაგეგმვის აქტის მიხედვით, გამოიწვია აშკარა განსხვავება თეორიულ უფლებასა და მისი განხორციელების რეალურობას შორის. წინამდებარე გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი.
რაც შეეხება იმ საჩივარს, რომელიც უკავშირდებოდა აპლიკანტის პერსონალური მონაცემების გამჟღავნებას, სასამართლომ აღნიშნა იმ ფაქტის უტყუარობა, რომ ლუბლინის საავადმყოფომ გაავრცელა პრეს-რელიზი პ-ს საქმესთან დაკავშირებით და იმ ჟურნალისტებს, რომლებიც დაუკავშირდნენ საავადმყოფოს, მიეცათ ინფორმაცია აღნიშნული გარემოებების შესახებ. ხელისუფლება დავობდა, რომ პრეს-რელიზი არ შეიცავდა აპლიკანტის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს ან სხვა დეტალებს, რომელიც მათი ვინაობის დადგენის საშუალებას შესაძლებელს გახდიდა. თუმცა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმდენად დეტალური აღმოჩნდა, რომ საკმარისი იყო მესამე პირებისთვის დაედგინათ აპლიკანტის ადგილსამყოფელი და მიემართათ მისთვის. აღნიშული პრეს-რელიზის გამოქვეყნების შემდეგ პ-ს დაუკავშირდა სხვადასხვა პიროვნება, რომლებიც მოუწოდებდნენ, უარი ეთქვა აბორტის გაკეთებაზე. ის ფაქტი, რომ პ-მ მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაუმხილა მისი მდგომარეობა მეგობარს, არ შეიძლებოდა გატოლებოდა საჯაროდ ინფორმაციის გამჟღავნების განზრახვას. შესაბამისად, განხორციელდა აპლიკანტის კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევა.
სასამართლომ არ დაადგინა, რომ ჩარევა ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს. ის ფაქტი, რომ პოლონეთში კანონიერი აბორტის ხელმისაწვდომობის საკითხი ცხარე განხილვის საგანი იყო, არ ათავისუფლებს სამედიცინო პერსონალს მისი პროფესიული ვალდებულებებისგან – დაიცვას სამედიცინო საიდუმლოება. არ დამტკიცებულა ან განხილულა, რომ არსებობდა რაიმე საგამონაკლისო გარემოებები, რათა გამართლებულიყო საჯარო ინტერესი პ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მითითებული არ ყოფილა რაიმე სამართლებრივი დებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის საჯაროდ გამჟღავნება პრეს-რელიზის გამოქვეყნების მეშვეობით. შესაბამისად, ამ კუთხითაც დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი.
მე-5 მუხლის 1-ლი პარაგრაფი: სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პარაგრაფი. კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ პ-ს არასრულწლოვანთა თავშესაფარში მოთავსების ძირითადი მიზეზი იყო მისი განცალკევება მშობლებისგან და აბორტის გაკეთების თავიდან აცილება. ამ ფონზე, მომჩივნის მოთავსება არ შეიძლებოდა გამართლებულიყო, როგორც არასრულწლოვნის დაპატიმრება აღმზრდელობითი ზედამხედველობის განსახორციელებლად, კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მნიშვნელობის ფარგლებში. რადგან შესაბამისი ორგანოები შეშფოთებულნი იყვნენ, რომ პ-ს ნების საწინააღმდეგოდ აბორტი გაუკეთდებოდა, სასამართლოთა მხრიდან უფრო ნაკლებად მკაცრი ზომები უნდა გამოყენებულიყო (მაგრამ არ იქნა გამოყენებული), ვიდრე 14 წლის გოგონასთვის თავისუფლების შეზღუდვა იყო.
მე-3 მუხლი: იმ დროს პ. მხოლოდ 14 წლის იყო და გაუპატიურების შემდეგ გაცემული სამედიცინო ცნობის მიხედვით, მას ჰქონდა სისხლჩაქცევები ტანზე. აღნიშნული ფაქტი მიუთითებდა, რომ ფიზიკური ძალა იქნა გამოყენებული მისი წინააღმდეგობის დასაძლევად. სასამართლომ დაასკვნა, რომ პ. იყო განსაკუთრებულად მოწყვლად მდგომარეობაში, როცა საავადმყოფოში მოათავსეს. მთავარი ექიმის მხრიდან მომჩივანზე ზეწოლა განხორციელდა, რათა გავლენა მოეხდინა მის შეხედულებებზე და პ. ვალდებული გახდა მღვდელს გასაუბრებოდა, იმის მიუხედავად, სურდა თუ არა ეს მას. მნიშვნელოვანი ზეწოლა მოხდა აპლიკანტსა და მის დედაზე. კერძოდ, ამ უკანასკნელს მოეთხოვა, რომ ხელი მოეწერა თანხმობის ფორმაზე, რომლის მიხედვითაც იგი გაფრთხილებული იყო, რომ აბორტს შეეძლო მისი ქალიშვილის სიკვდილი გამოეწვია. ამასთან, იმის მიუხედავად, რომ წინასწარ რაიმე დამაჯერებელი მიზეზები არ ყოფილა მოხმობილი, რომ აბორტი ამ უკანასკნელ შემთხვევაში ასეთ საფრთხეს მოიცავდა.
გარდა ამისა, როცა პ. იძულებას დაექვემდებარა, იმის ნაცვლად, რომ პოლიციის მხრიდან დაცული ყოფილიყო, იგი მოათავსეს არასრულწლოვანთა თავშესაფარში, საოჯახო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. სასამართლო განსაკუთრებით შეძრულია იმ ფაქტით, რომ ხელისუფლების ორგანოებმა დაიწყეს სისხლის სამართლის საქმის წარმოება უკანონო სქესობრივი კავშირის ბრალდებით აპლიკანტის წინააღმდეგ, რომელიც პროკურორის ორდერისა და ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით უნდა მიჩნეულიყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლად. ასეთი მიდგომა სცდებოდა სახელმწიფოს ვალდებულებებს, დაედგინა და ეფექტურად გამოეყენებინა სისხლის სამართლის სისტემა, რომელიც დასჯიდა სექსუალური ძალადობის ყველა ფორმას.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების კუმულატიურად გათვალისწინების საფუძველზე, მათ შორის, დაყოვნების, ობიექტური კონსულტაციის არარსებობისა და პ-ს დედისგან განცალკევების პირობებში, სასამართლომ დაასკვნა, რომ აპლიკანტი დაექვემდებარა ისეთ მოპყრობას, რომელიც კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო იყო.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთის ხელისუფლებას უნდა გადაეხადა პ-სთვის 30.000 ევრო და ს-სთვის - 15.000 ევრო მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით და 16.000 ევრო - ორივე აპლიკანტისთვის ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy