დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე
2012 წლის აპრილი
პასკალი რუმინეთის წინააღმდეგ (Pascal v. Romania)
(საჩივარი- 805/09)
გადაწყვეტილება, 17 აპრილი, 2012 [მე-3 სექცია]
მე-8 მუხლი
პირადი ცხოვრების პატივისცემა
ფაქტები – აპლიკანტი 1976 წელს დაიბადა და რუმინეთში ცხოვრობს. იგი დაქორწინებული იყო ..ო.მ.მ.-ზე’’; წყვილს 2004 წლის 8 ივნისს ქალიშვილი შეეძინათ. 2006 წლის 1-ელ აგვისტოს, წყვილის დაშორების შემდეგ, აპლიკანტმა ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ სამართალწარმოება დაიწყო, რათა მოეპოვებინა დროებით ბავშვთან ურთიერთობის უფლება. სასამართლო გადაწყვეტილების რამდენჯერმე გასაჩივრების შემდეგ, საბოლოოდ, დადგინდა, რომ აპლიკანტი ქალიშვილს ნახავდა ყოველ კვირა დღეს დროის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, ,,ო.მ.მ.-ს’’ სახლში ან სადმე სხვაგან. 2007 წლის 7 მარტს აპლიკანტმა მიმართა სასამართლოს; იგი მოითხოვდა გამონაკლისის სახით, 28, 29 და 30 მარტს ჰქონოდა ბავშვის ნახვის შესაძლებლობა. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნა და მამას 1 დღის განმავლობაში ბავშვთან კომუნიკაციის ნებართვა მისცა იმ საფუძვლით, რომ მამასა და ნათესავებთან ოჯახური კავშირების შენარჩუნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობდა. ასეთი გამონაკლისი მოთხოვნით კიდევ ორჯერ მიმართა აპლიკანტმა სასამართლოს. ორივე შემთხვევაში მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ერთ-ერთი მოთხოვნა შეეხებოდა 2007 წლის საშობაო არდადეგების მამასთან გატარებას. სასამართლომ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა და მიიჩნია, რომ მშობლებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გათვალისწინებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესს წარმოადგენდა, რომ ბავშვს მამა დედის სახლიდან მოშორებით ენახა. შედეგად, აპლიკანტმა ბავშვი 7 დღით წაიყვანა. მომჩივნის ყოფილმა მეუღლემ სასამართლოს ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილება წარუმატებლად გაასაჩივრა.
2006 წლის 23 აგვისტოს აპლიკანტმა ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ განქორწინებასა და მეურვეობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება დაიწყო. სასამართლო გადაწყვეტილებით ბავშვის მეურვეობა დედას მიეკუთვნა. მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით, მეურვეობის ორგანოს სოციალური გამოძიებისა და რეკომენდაციის საფუძველზე სასამართლომ დედა განსაზღვრა ბავშვის მთავარ მეურვედ. აღნიშნული გადაწყვეტილება არც ერთ მშობელს არ გაუსაჩივრებია.
2007 წელს აპლიკანტმა მიმართა სასამართლოს, რათა დადგენილიყო ბავშვთან ვიზიტების გრაფიკი; მან სასამართლოს მოთხოვა ორ წელიწადში ერთხელ განსაზღვრული დღეების, მათ შორის ქრისტიანული აღდგომისა და შობის, მასთან გატარების უფლების მინიჭება. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მამის მოთხოვნა და კვირაში რამდენიმე საათით დედის თანდასწრებით ბავშვის ნახვის უფლება მისცა. შეხვედრებზე დედის ყოფნა უზრუნველყოფდა ბავშვისთვის სტრესული სიტუაციის თავიდან არიდებას, რაც გამოწვეული იყო მშობლებს შორის არსებული დაძაბულობით. ამასთან, მამასთან კავშირი ბავშვისთვის სასარგებლო იყო, ვინაიდან მისი ემოციური და ფსიქოლოგიური განვითარებისთვის საჭირო იყო ორივე მშობელთან ურთიერთობის შენარჩუნება. რაც შეეხება აპლიკანტის მოთხოვნას - ხანდახან ბავშვის ქვეყნის გარეთ გაყვანასთან დაკავშირებით, სასამართლომ დაადგინა, რომ ბავშვს ჰქონდა ნათესავებთან ურთიერთობის უფლება. მას მამის მხრიდან ფრანგი ნათესავები ჰყავდა და მათთან კავშირი უნდა შენარჩუნებულიყო. დედის მტკიცება, რომ მომჩივანი ბავშვს არ დააბრუნებდა რუმინეთში დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან მას მანამდეც ჰქონდა ამის შესაძლებლობა, თუმცა ბავშვს ყოველთვის დროულად აბრუნებდა დედასთან. დამატებით, სასამართლომ აპლიკანტს უფლება მისცა ორ წელიწადში ერთხელ საშობაო და აღდგომის არდადეგებზე ბავშვი ერთი კვირით ქვეყნის გარეთ წაეყვანა, თუნდაც დედა ამის წინააღმდეგი ყოფილიყო.
2009 წელს, მას შემდეგ, რაც დედა-შვილი საცხოვრებლად გაერთიანებულ სამეფოში გადავიდა, აპლიკანტმა ყოფილი ცოლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მოითხოვა ბავშვთან ურთიერთობის ახალი გრაფიკის შედგენა, კერძოდ, ყოველ მეორე კვირას დედის ხარჯებით ბავშვი დაბრუნებულიყო რუმინეთში, ასევე ორ წელიწადში ერთხელ ზემოხსენებული არდადეგები მასთან გაეტარებინა. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა. მან დაადგინა, რომ ბავშვის საცხოვრებელი ქვეყნის შეცვლა ამართლებდა ახალი გრაფიკის განსაზღვრას. თუმცა, აპლიკანტის მიერ შემოთავაზებული განრიგი, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, ძალიან დამღლელი იყო. სასამართლომ დაადგინა, რომ ქრისტიანული აღდგომის პერიოდი მამისთვის კარგი შესაძლებლობა იყო შვილი იქ ენახა, სადაც ბავშვი ცხოვრობდა. ზამთრისა და ზაფხულის არდადეგებზე კი, როდესაც მათ ერთად მეტი დროის გატარება შეეძლოთ, იგი უფლებამოსილი იყო ბავშვი დედის სახლიდან წამოეყვანა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მშობლებს უნდა გაენაწილებინათ ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების ხარჯები, ხოლო აღდგომის ხარჯებს მთლიანად მამა გასწევდა. გარდა ამისა, თუ აპლიკანტის ყოფილი ცოლი არ შეასრულებდა სასამართლოს მიერ დადგენილ გრაფიკს, მას თითოეულ გადაცილებულ დღეზე ჯარიმის გადახდა მოუწევდა. აღნიშნული გადაწყვეტილება აპლიკანტმა გაასაჩივრა; მისი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თუმცა ბავშვის დედამ სამართლებრივი საკითხები გაასაჩივრა. საბოლოოდ, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ აპლიკანტი შვილის სანახავად ყოველი თვის ბოლო კვირას გაერთიანებულ სამეფოში უნდა გამგზავრებულიყო. უფრო მეტიც, გადაწყვეტილება არ ითვალისწინებდა დედის ვალდებულებას ქალიშვილი მისთვის ჩამოეყვანა ზამთრისა და ზაფხულის არდადეგებზე. გარდა ამისა, ორ წელიწადში ერთხელ ის უფლებამოსილი იყო ბავშვი ენახა, თუმცა მხოლოდ ორი დღით და არა ერთი კვირით. მიუხედავად ამისა, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე აპლიკანტი დავობდა, რომ დაირღვა მისი ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, ვინაიდან არ აღსრულებულა გადაწყვეტილება, რომელიც მას არასრულწლოვანი შვილის ნახვის უფლებას ანიჭებდა.
სამართალი – მე-8 მუხლი: სასამართლო დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში ,,ოჯახური ცხოვრების’’ ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა. კონვენციის მე-8 მუხლის ძირითადი მიზანია დაიცვას პირები საჯარო ხელისუფლების თვითნებური გადაწყვეტილებებისგან. ოჯახური ცხოვრების ,,პატივისცემის’’ უფლება შეიძლება მოიცავდეს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებსაც. ორივე კონტექსტში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შეპირისპირებულ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა. სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებთან დაკავშირებით, სასამართლომ დაადგინა, რომ მე-8 მუხლი მოიცავს მშობლის უფლებას კონტაქტი იქონიოს შვილთან და ეროვნული ხელისუფლების ვალდებულებას, ხელი შეუწყოს აღნიშნულ პროცესს, ვინაიდან ბავშვის საუკეთესო ინტერესების მიხედვით, შენარჩუნებული უნდა იყოს მშობელთან პირადი კავშირები. გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საქმეებზე, ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა თუ რამდენად გაატარა ხელისუფლებამ ყველა საჭირო ღონისძიება, რათა უზრუნველეყო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. გატარებული ღონისძიებების ადეკვატურობა განისაზღვრება მათი განხორციელების დროულობით, ვინაიდან დროის დინებას გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება ჰქონდა ბავშვისა და იმ მშობლის ურთიერთობაზე, რომელიც მასთან ერთად არ ცხოვრობს. ევროპული სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ბავშვებთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში მშობლების აქტიური მონაწილეობა კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად სავალდებულოა, რათა დაცულ იქნეს ამ უკანასკნელთა ინტერესები. საბოლოოდ, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეურვეობასთან დაკავშირებულ დავებში, ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. პირველ ყოვლისა, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები; კერძოდ, მისი არსიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგი შეიძლება უპირატესი იყოს მშობლის ინტერესზე.
წინამდებარე საქმეზე სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აღსრულების პროცედურა ცალსახად შეეხებოდა აპლიკანტის ,,ოჯახურ ცხოვრებას’’ კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში. შესაბამისად, სასამართლომ პრეცედენტული სამართლით დადგენილი პრინციპების შესაბამისად უნდა განიხილოს რუმინეთის ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები იყო თუ არა იმდენად ადეკვატური და ეფექტური, რათა ხელი შეეწყო აპლიკანტისა და მისი შვილის გაერთიანებისთვის. გარდა ამისა, სასამართლომ უნდა განიხილოს იყო თუ არა დაცული სამართლიანი ბალანსი შეპირისპირებულ ინტერესებს, კერძოდ, ბავშვისა და დედის ინტერესებსა და კანონის უზენაესობის პატივისცემის საზოგადო ინტერესს შორის.
გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით ეროვნული სასამართლოების შეფასებისას, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დროულად დააკმაყოფილეს აპლიკანტის მოთხოვნები ბავშვთან დროებითი და მუდმივი ურთიერთობის შესახებ. სასამართლოს წარმომადგენელმა პირველი სასამართლო უწყების გამოცემით დაუყოვნებელ ზომებს მიმართა, რათა უზრუნველეყო გადაწყვეტილების აღსრულება. შემდეგ მან აპლიკანტის მოთხოვნით რამდენიმე უწყება გამოსცა; აგრეთვე, ის მომჩივანს ბავშვთან თითოეული ვიზიტის დროს თან ახლდა.
ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დედის დამოკიდებულება განპირობებული იყო მამის ნახვის მიმართ ბავშვის უარყოფითი განწყობით. აღნიშნული გარემოება გადამწყვეტი გახლდათ, როგორც გადაწყვეტილების სათანადოდ აღსრულების შემაფერხებელი ფაქტორი. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ აპლიკანტსა და ყოფილ მეუღლეს შორის არსებული კონფლიქტი ეროვნული ხელისუფლებისთვის შეუძლებელს ხდიდა, დაეცვა ბავშვის ნახვის შესახებ მამის უფლებები. სასამართლომ ასევე შენიშნა, რომ ბავშვის უარყოფითი დამოკიდებულება მამის ნახვის მიმართ წლების განმავლობაში გრძელდებოდა, რაც დადასტურებული იყო შესაბამისი მტკიცებულებებით. გარდა ამისა, ეროვნული ხელისუფლება ყოველთვის აღნიშნავდა, რომ აპლიკანტის ყოფილი მეუღლე აფერხებდა გადაწყვეტილების აღსრულებას.
წინამდებარე საქმის გარემოებების გათვალისწინებით ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ აპლიკანტის ბავშვთან კომუნიკაციის უფლების წარმატებით აღსრულებისთვის საჭირო იყო უფრო ფაქიზი დამოკიდებულების გამოვლენა ბავშვის მიმართ. ამ კუთხით, აპლიკანტს არ მოუთხოვია შეხვედრებზე ფსიქოლოგის ან სოციალური მუშაკის დასწრება იმ მიზნით, რომ ახალი შესაძლებლობები აღმოეჩინა გაუცხოვებულ ქალიშვილთან ურთიერთობაში. ამასთან, როდესაც მომჩივანს ჰქონდა მეუღლესთან ერთად ფსიქოლოგის დახმარების მიღების შესაძლებლობა, მან ოთხი სესიის შემდეგ შეწყვიტა დახმარების მიღება. ევროპული სასამართლოსთვის ცნობილია წინამდებარე საქმეში არსებული რთული მდგომარეობა, რაც გულისხმობს მშობლებს შორის კონფლიქტს; საჭიროა დროის გარკვეული პერიოდის გასვლა, რათა მშობლებმა დაძლიონ ემოციური ფონი და ორივემ ბავშვის საუკეთესო ინტერესზე გააკეთონ აქცენტი. თუმცა, ბავშვთან კავშირის ხელახლა დამყარება ასეთ რთულ ვითარებაში მოითხოვს გრძელვადიან ძალისხმევას.
საბოლოოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ აპლიკანტის საქმეზე ეროვნულმა ხელისუფლებამ სათანადოდ გაითვალისწინა ბავშვის საუკეთესო ინტერესები, ასევე არსებული რთული მდგომარეობის დროს, მიიღო ყველა ზომა, რათა უზრუნველეყო აპლიკანტის ბავშვთან კომუნიკაციის უფლებები.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy