ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის დაკომპლექტებას ეროვნულ კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ და სხდომის თავმჯდომარის მიუკერძოებლობას: მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; სასარჩელო მოთხოვნები, ბრალდების მოწმის ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის წინაშე დაკითხვის შესახებ: დადგინდა დარღვევა
საქმე „პიჩუგინი რუსეთის წინააღმდეგ“
CASE OF PICHUGIN v. RUSSIA
განაცხადი N38623/03
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2012 წლის 23 ოქტომბერი
ფაქტობრივი გარემოებები
განმცხადებელი, რუსეთის მოქალაქე ალექსეი პიჩუგინი დაბადებულია 1962 წელს. იგი სასჯელს იხდის ორენბურგის ოლქის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და წარსულში ნავთობკომპანია იუკოსის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. მისი განაცხადი შეეხება მე-6 მუხლს, კერძოდ, ფაქტს, რომ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა არ იყო დაკომპლექტებული ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე ფაქტს, რომ სხდომის თავმჯდომარე არაობიექტური იყო. მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) იგი ასევე აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობდა უსამართლოდ, კერძოდ, არ არსებობდა ადეკვატური და ეფექტური შესაძლებლობა, რომ ნაფიც მსაჯულთა წინაშე მის წინააღმდეგ მიცემული მოწმეთა ჩვენებების კანონიერების საკითხი დაეყენებინა.
სამართალი
მხარეთა მოსაზრებები
„კანონით დადგენილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო“
167. განმცხადებელმა განაცხადა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო შემადგენლობა არ იყო შედგენილი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული კანონმდებლობა მოითხოვს, რომ ნაფიც მსაჯულთა სია გამოქვეყნდეს. სიის გამოქვეყნების მოთხოვნა მიზნად ისახავს არა მხოლოდ მოქალაქეების შესაძლებლობას მოითხოვონ საკუთარი თავის სიიდან ამოღება ან პერსონალური მონაცემების შესწორება, როგორც დადგენილია ადგილობრივი სასამართლოებისა და ხელისუფლების მიერ, არამედ ასევე უზრუნველყონ სამართალწარმოების მხარეებისათვის ოფიციალურ სიაზე ხელმისაწვდომობა, რათა შეამოწმონ შერჩეული ნაფიცი მსაჯულები, რომლებიც ესწრებიან მათი საქმის განხილვას, ნამდვილად იყვნენ თუ არა სიაში. რადგანაც მოსკოვის საქალაქო სასამართლოს იმ ნაფიც მსაჯულთა სია, რომლებიც განმცხადებლის საქმეს განიხილავდნენ, სრულყოფილად არ იყო გამოქვეყნებული აღნიშნული საქმის განხილვის დაწყებამდე, საქალაქო სასამართლო ვერ ჩაითვლება „კანონის შესაბამისად შექმნილ სასამართლოდ“. აღნიშნული ვითარება უფრო გამწვავავა იმ ფაქტმა, რომ დაცვის მხარე არ ესწრებოდა სხდომის თავმჯდომარის მიერ იმ ნაფიცი მსაჯულების შერჩევას, რომელთაც განმცხადებლის საქმე უნდა განეხილათ. ამასთან ერთად, განმცხადებელი აცხადებდა, რომ სხდომის თავმჯდომარე არაობიექტური იყო და ნაფიცი მსაჯულები ზეწოლას განიცდიდნენ.
168. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, ნაფიც მსაჯულთა სიის ნამდვილობა არ არის დამოკიდებული მის წინასწარ გამოქვეყნებაზე. სიის გამოქვეყნების ერთადერთი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა დააყენონ შუამდგომლობა მათი სიიდან ამოღებასა ან პერსონალურ მონაცემებში შესწორების შეტანასთან დაკავშირებით. იმ ფაქტს, რომ ნაფიცი მსაჯულების სია არ გამოქვეყნებულა განმცხადებლის სასამართლო პროცესის გამართვამდე, ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში გავლენა არ მოუხდენია მის კანონიერებასა და ნაფიცი მსაჯულების უფლებამოსილებაზე, რომლებიც შერჩეულ იქნენ განმცხადებლის საქმის განსახილველად. შესაბამისად, ეჭვქვეშ არ იყო ნაფიცი მსაჯულების კანონიერება.
სასამართლოს შეფასება
დასაშვებად ცნობა
„კანონით დადგენილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო“
177. სასამართლო შეგვახსენებს, რომ ფრაზა „კანონით დადგენილი“ მოიცავს არა მხოლოდ თავად „სასამართლოს“ არსებობის სამართლებრივ საფუძველს, არამედ სასამართლო კოლეგიის შემადგენლობასაც თითოეულ საქმეში. შესაბამისად, აუცილებელია შესწავლილ იქნას საკითხი იმის თაობაზე, დაირღვა თუ არა ეროვნული კანონმდებლობა სასამართლო მოხელეების დანიშვნისას და მოქმედი ეროვნული კანონმდებლობა შეესაბამებოდა თუ არა კონვენციას, კერძოდ კი, მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.
178. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელს არასოდეს დაუყენებია ეჭვქვეშ ის ფაქტი, რომ მოსკოვის საქალაქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა სია, რომლებიც მის საქმეს განიხილავდნენ, შედგენილი და დამტკიცებული იყო მოსკოვის ხელისუფლების მიერ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. მისი განცხადების არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ნაფიც მსაჯულთა სია სრულყოფილად არ გამოქვეყნდა, როგორც ამას კანონი მოითხოვდა, რამაც ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა არაკანონიერი გახადა. სასამართლოსთვის აღნიშნული არგუმენტი დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რომელმაც რუსეთის კანონმდებლობის მოქმედი დებულებების განმარტება გააკეთა, ირკვევა, რომ ნაფიც მსაჯულთა სიის ნამდვილობის წინაპირობას არ წარმოადგენს მისი წინასწარი გამოქვეყნება. სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, რომ აღნიშნულ განმარტებას არ დაეთანხმოს. იგი შეგვახსენებს, რომ ადგილობრივი სასამართლოებისთვის უმთავრესია ეროვნული კანონმდებლობის განმარტება, იმ წესების და პროცედურების ჩათვლით, რომელიც ვრცელდება მათსავე დაწესებულებებზე და რომ მისი საზედამხედველო როლი უნდა ამოქმედდეს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევის შემთხვევაში.
179. რაც შეეხება განმცხადებლის პრეტენზიას, რომ მას არ ჰქონია შესაძლებლობა შეემოწმებინა ნამდვილად იყვნენ თუ არა სიაში შეყვანილი ის ნაფიცი მსაჯულები, რომლებიც ესწრებოდნენ მისი საქმის განხილვას. სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ ოფიციალური სია არ იყო საჯაროდ ხელმისაწვდომი. იგი შეგვახსენებს, რომ დაინტერესებული მხარე ვალდებულია განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინოს საკუთარი ინტერესების დაცვისათვის. განმცხადებელმა სხდომის თავმჯდომარისგან მოითხოვა სიის ასლი, მაგრამ უშედეგოდ, რადგან როგორც ჩანს, აღნიშნული ორგანო არ იყო სათანადო სიის გაცემაზე პასუხისმგებელი. პროკურორმა აცნობა განმცხადებლის ადვოკატს, რომ აღნიშნული სიის მიღება შესაძლებელი იყო მოსკოვის ადგილობრივი ხელისუფლებისგან. თუმცა, არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ განმცხადებელმა ან მისმა დამცველმა სცადეს სიის მიღება მოსკოვის ადგილობრივი ხელისუფლებისგან, რომელიც სიის შედგენასა და დამტკიცებაზე იყო პასუხისმგებელი.
180. რაც შეეხება ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობას, განმცხადებელი არ დავობს იმაზე, რომ მოსამართლის მიერ მათი შერჩევა კანონით გათვალისწინებული წესით მოხდა. სასამართლო შეგვახსენებს, რომ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, რომ ეროვნული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მხარეთა მონაწილეობას ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის შერჩევაში. რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, განმცხადებელს ჰქონდა უფლება კითხვები დაესვა ნაფიც მსაჯულთა კანდიდატებისთვის რათა გამოევლინა მიზეზები რომლებიც შესაძლოა მისი საქმის განხილვაზე არდაშვების საფუძველი გამხდარიყო, ასევე გამოეთქვა მოტივირებული ან არამოტივირებული პროტესტი კანდიდატებისთვის ან ნაფიც მსაჯულთა მთელი შემადგენლობისთვის. განმცხადებელმა გამოიყენა აცილების უფლება იმ კანდიდატების მიმართ ვის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაშიც ეპარებოდა ეჭვი, რომელიც დაკმაყოფილდა. მას ნაფიც მსაჯულთა მთლიანი შემადგენლობის მიმართ აცილება არ გამოუყენებია.
181. აქედან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ განმცხადებლის უფლება ესარგებლა „კანონით დადგენილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი“, არ დარღვეულა ნაფიც მსაჯულთა შერჩევითა და შემადგენლობით.
182. სასამართლომ ასევე განიხილა განმცხადებლის საჩივრის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა თავმჯდომარე მოსამართლის არაობიექტურობას და ნაფიცი მსაჯულებზე ზეწოლის მოხდენას. თუმცა, მის ხელთ არსებული ყველა მასალის გათვალისწინებით და ასევე რამდენადაც აღნიშნული საკითხები შედის სასამართლოს კომპეტენციაში, ასკვნის, რომ არსებული ფაქტებით არ ირღვევა კონვენციითა თუ მისი ოქმებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
183. აქედან გამომდინარე, განცხადების აღნიშნული ნაწილი არ უნდა დაკმაყოფილდეს აშკარა დაუსაბუთებლობის გამო. კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის (ა) ქვეპუნქტის და მე-4 პუნქტის შესაბამისად.
საქმის სამართლიანი მოსმენა
193. განმცხადებელმა წამოაყენა მთელი რიგი პრეტენზიები მის წინააღმდეგ გამართულ სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში არაერთ პროცესუალურ ხარვეზთან დაკავშირებით. სასამართლო თავდაპირველად განიხილავს განცხადების იმ პუნქტებს, რომელიც ბრალდების მხარის მოწმის დაკითხვას ეხება.
194. სასამართლო შეგვახსენებს, რომ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (დ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარანტიები წარმოადგენს საქმის სამართლიანი განხილვის უფლების კონკრეტულ ასპექტებს, რომლებიც მითითებულია აღნიშნული მუხლის პირველ პუნქტში და მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სამართალწარმოების სამართლიანობის ნებისმიერი შეფასებისას. ამასთან ერთად, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს უმთავრესი ამოცანაა სისხლის სამართლის საქმისწარმოების სამართლიანობა. აღნიშნული შეფასების გაკეთებისას, სასამართლო მთლიანობაში განიხილავს სამართალწარმოებას, დაცვის მხარის უფლებების, საზოგადოებისა და აღნიშნული დანაშაულის შედეგად დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებით, რათა ჯეროვნად განხორციელდეს სამართლებრივი დევნა და საჭიროების შემთხვევაში, გათვალისწინებულ იქნეს მოწმეთა უფლებები.
195. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (დ) ქვეპუნქტის მიხედვით, ბრალდებულისთვის მსჯავრის დადებამდე ყველა მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულება მისი თანდასწრებით წარდგენილ უნდა იქნეს ღია სასამართლო მოსმენაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის მიზნით. აღნიშნული პრინციპებიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია თუკი არ ირღვევა დაცვის მხარის უფლებები, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულს მიეცეს ადეკვატური და სათანადო შესაძლებლობა - ეჭვქვეშ დააყენოს ჩვენება ან დაკითხოს მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას. აღნიშნული პრინციპი მოითხოვს, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყოს მისი ბრალმდებლების ვინაობა, რათა შესაძლებლობა ჰქონდეს, ეჭვქვეშ დააყენოს მათი უანგარობა და სანდოობა ასევე საშუალება მიეცეს შეაფასოს მათი ჩვენებების ჭეშმარიტება და საიმედოობა მოწმეების ზეპირი დაკითხვის გზით, ბრალდებულის თანდასწრებით; ან მაშინ, როდესაც მოწმეები ჩვენებას აძლევდნენ, სამართალწარმოების შემდგომ სტადიაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც ვერდიქტი მთლიანად ან დიდწილად დამოკიდებულია ჩვენებებზე, რომელიც მიცემულია ისეთი პირის მიერ, რომლის დაკითხვის ან დაკითხვის უზრუნველყოფის შესაძლებლობაც ბრალდებულს არ აქვს გამოძიებისას ან სასამართლო პროცესისას, დაცვის უფლებები იმდენად შეზღუდულია, რომ შეუთავსებელია მე-6 მუხლით გათვალისწინებულ გარანტიებთან.
196. ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტზე მოტივაციის ან სააპელაციო გადაწყვეტილების დასაბუთებული არგუმენტების არარსებობისას, რომელიც შეეხება განმცხადებლის მიერ ეჭვქვეშ დაყენებული მოწმის ჩვენებებს ან აღნიშნულ საკითხზე მხარეების მიერ მოყვანილ ნებისმიერ არგუმენტს თუ რამდენად გადამწყვეტი მტკიცებულებაა მის წინააღმდეგ, რთული გადასაწყვეტი იქნება რომელი მოწმის ჩვენება შეიძლება ჩაითვალოს გადამწყვეტ საფუძვლად განმცხადებლისთვის განაჩენის გამოტანის დროს.
197. სასამართლო შეგვახსენებს, რომ სიტყვა „გადამწყვეტი“ ვიწრო გაგებით უნდა იქნეს გაგებული, რომელიც მიუთითებს ისეთ საყურადღებო და მნიშვნელოვან მტკიცებულებაზე, რომელიც შესაძლოა საქმის შედეგის განმსაზღვრელი აღმოჩნდეს. თუ მოწმის ჩვენებას ამყარებს სხვა ფაქტობრივი მტკიცებულებები, იმის შეფასება, თუ რამდენად გადამწყვეტია იგი, დამოკიდებული იქნება მტკიცებულებათა სიძლიერეზე; რაც უფრო ძლიერი იქნება ფაქტობრივი მტკიცებულებები, მით უფრო ნაკლებად სავარაუდო იქნება მოწმეთა ჩვენებების გადამწყვეტად მიჩნევა.
198. განმცხადებლის სასამართლო პროცესზე ბევრი მოწმე დაიკითხა. თუმცა, მხოლოდ სამმა მათგანმა მისცა განმცხადებლის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენებები, კერძოდ, მისმა თანაბრალდებულმა ბ-ნმა პ.-მ და ბრალდების მოწმეებმა ბატონებმა კ.-მ და ს.-მ. სხვა დანარჩენი მოწმეებისთვის ცნობილი არ იყო იმის შესახებ, თუ ვინ დაიქირავა მკვლელები და განმცხადებლის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუციათ. ბ-ნი კ. ერთადერთი მოწმე იყო, რომლის ჩვენების მიხედვითაც იგი განმცხადებელთან ერთად განიხილავდა ბატონ კლ.-ს, ქალბატონ კს.-ს და ბატონ და ქალბატონ გ.-ს მკვლელობის დეტალებს და მკვლელობის ჩადენისთვის შეპირებულ ჯილდოს.
199. ბ-ნი კ.-ს ჩვენება გაამყარა ბ-ნი პ.-ს და ბ-ნი ს.-ს ირიბმა ჩვენებებმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ბ-ნ კლ.-ს და ქ-ნ კს.-ს მკვლელობის მცდელობაში განმცხადებლის მონაწილეობის შესახებ შეიტყვეს ბ-ნი გ.-სგან, ასევე აღნიშნეს, რომ ბ-ნი გ. შიშობდა, რომ განმცხადებელი მოკლავდა მას. წინამდებარე საქმის ვითარებაში რთული შესაფასებელია როგორი მნიშვნელობა მიანიჭა ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობამ ბ-ნი პ.-ს და ბ-ნი ს.-ს ფაქტობრივ ჩვენებებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბ-ნი პ.-ც და ბ-ნი ს.-ც ირიბი მოწმეები იყვნენ, შესაბამისად მესამე პირისგან გაგონილ ჩვენებას ნაკლები მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა, ვიდრე ბ-ნი კ.-ს ჩვენებას, რომელიც მისსავე ცოდნას ეფუძნებოდა. რა თქმა უნდა, ბ-ნი გ.-ს ჩვენების ჭეშმარიტება და სიზუსტე, რომელიც განმცხადებლის წინააღმდეგ ფიცის ქვეშ არ განხორციელებულა და რომელიც გაიმეორეს ბ-ნმა პ.-მ და ბ-ნმა ს.-მ, ჯვარედინი დაკითხვის შედეგად ვერ შემოწმდებოდა და აღნიშნული ჩვენების მიცემისას ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობას არ ჰქონდა მის ქცევაზე დაკვირვების შესაძლებლობა. რაც შეეხება ბ-ნ პ.-ს, სასამართლომ უკვე დაადგინა რომ თანაბრალდებულთა ჩვენებების შეფასება უფრო დიდი დაკვირვების საგანია, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენების მიცემისას თანაბრალდებულთა პოზიცია მოწმის პოზიციისაგან განსხვავდება. რადგანაც ბ-ნი პ. თანაბრალდებული იყო, მან ჩვენება ფიცის დადების გარეშე მისცა, ე.ი. მისი ჩვენების ჭეშმარიტების რაიმე სახით დადასტურების გარეშე მოხდა. ფიცის დადებით კი, შესაძლოა ცრუ ჩვენებისთვის პასუხისმგებლობა დაკისრებოდა. აღნიშნულ გარემოებას აუცილებლად ექნებოდა უარყოფითი გავლენა მისი ჩვენების დამაჯერებლობაზე.
200. სასამართლო ასკვნის, რომ ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენებებიდან მხოლოდ ბ-ნ კ.-ს ჩვენება წარმოადგენდა პირველი პირის ჩვენებას განმცხადებლისთვის მონაწილეობის შესახებ აღნიშნულ მკვლელობებში. აღნიშნული ჩვენება, ცხადია, უფრო დიდი მნიშვნელობისაა და მის გარეშე მსჯავრის დადების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შემცირდებოდა. ამ მიზეზით იგი შეიძლება ჩაითვალოს გადამწყვეტ მტკიცებულებად განმცხადებლის წინააღმდეგ.
201. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბ-ნი კ. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიბარეს. მან მისცა ჩვენება რის შემდეგაც ჯვარედინად დაკითხეს. თუმცა, არ გააფრთხილეს, რომ ჩვენების მიცემაზე უარის შემთხვევაში დაეკისრებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი გაფრთხილება შიდა კანონმდებლობით სავალდებულოა. მან უარი თქვა დაცვის მხარის ზოგიერთ კითხვაზე პასუხის გაცემაზე.
202. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მოწმის მიერ უარის შედეგად, ეპასუხა განსასჯელის კითხვებზე, ბრალდებულის უფლების არსი - ეჭვქვეშ დაეყენებინა და დაეკითხა აღნიშნული მოწმე სავარაუდოდ დაირღვა. სასამართლო შეგვახსენებს, რომ კონვენცია მიზნად ისახავს „არა თეორიული და ილუზიური უფლებების გარანტიას, არამედ იმ უფლებების გარანტიას, რომელიც პრაქტიკული და ეფექტურია“. აღნიშნული, განსაკუთრებით ეხება მე-6 მუხლით გათვალისწინებულ გარანტიებს, დემოკრატიულ საზოგადოებაში საქმის სამართლიანი განხილვის უფლების მნიშვნელოვანი როლის და ყველა იმ გარანტიის გათვალისწინებით, რომელიც აღნიშნულ მუხლშია მოცემული.
203. არსებობს არაერთი მიზეზი, თუ რატომ შეიძლება უარი თქვას მოწმემ უპასუხოს განსასჯელის მიერ დასმულ კითხვებს, მაგალითად, საფრთხის შიში, ტკივილი, რომელიც დაზარალებულმა შეიძლება განიცადოს სექსუალური ძალადობის დეტალების მოყოლისას და აგრეთვე უფლება არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ. რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, ერთადერთი მართებული მიზეზი რომელიც ათავისუფლებს მოწმეს ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან არის საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. თუმცა, წინამდებარე საქმეში ბ-ნ კ.-ს არ დაუსახელებია კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. კერძოდ, მას არ მიუთითებია საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის უფლების შესახებ, მან უბრალოდ განაცხადა, რომ არ გააჩნდა კითხვებზე პასუხის გაცემის სურვილი.
204. სასამართლო უცნაურად მიიჩნევს სხდომის თავმჯდომარის რეაქციას მოწმის არამოტივირებულ უარზე კითხვებზე პასუხის გაცემასთან დაკავშირებით. როგორც სამართალწარმოების სამართლიანობის უმაღლეს დამცველს, შიდა კანონმდებლობა მისგან მოითხოვდა ყველა საჭირო ზომის მიღებას რათა უზრუნველყო შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპების დაცვა. როდესაც განმცხადებლის ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა ბ-ნ კ.-სთვის შეეხსენებინათ მისი კანონმდებლობით დადგენილი მოვალეობის შესახებ გაეცა პასუხი კითხვებზე და აგრეთვე მის შესაძლო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე აღნიშნულის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ბ-ნ კ.-ს უფლება ჰქონდა კითხვებზე არ ეპასუხა. მას არ განუმარტავს რატომ შეიძლებოდა ბ-ნი კ.-ს გათავისუფლება პასუხისმგებლობისაგან - გაეცა კითხვებზე პასუხი, რაც დადგენილი იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. მან ასევე, არ მიუთითა რაიმე სამართლებრივი დებულებაზე , რომელიც იძლეოდა ამგვარი გამონაკლისის გაკეთების უფლებას.
205. ამგვარ ვითარებაში, სასამართლო ვალდებულია დაადგინოს, რომ თავმჯდომარე მოსამართლის მიერ ბატონ კ-ზე გაცემული დაუსაბუთებელი ნებართვის საფუძველზე - არ გაეცა დაცვის მხარის გარკვეულ კითხვებზე პასუხი იმ გარემოებებზე რომელშიც დანაშაული იქნა ჩადენილი, მნიშვნელოვნად შეიზღუდა განმცხადებლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით და მეექვსე მუხლის მესამე პუნქტის (დ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარანტია - ეჭვქვეშ დაეყენებინა და დაეკითხა აღნიშნული მოწმე.
206. განმცხადებლის მდგომარეობა დაამძიმა იმ ფაქტმა, რომ მას ნება არ დართეს დაეკითხა ბ-ნი კ. გარკვეულ ფაქტორებთან დაკავშირებით, რამაც მის ნდობას ჩრდილი მიაყენა.
207. სასამართლომ წარსულში დაადგინა მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა საქმეში, სადაც მთავარი ბრალდების მოწმე წარმოადგენდა პოლიციის ინფორმატორს ხანგრძლივი დროის მანძილზე და რომელმაც მნიშვნელოვანი ფულადი ჯილდო, პოლიციის მფარველობა და სისხლისსამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი მიიღო განმცხადებლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ; აღნიშნული ინფორმაცია ბრალდების მხარემ დაცვის მხარესთან და ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობასთან დამალა. სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული ინფორმაციის დამალვის შედეგად, დაცვის მხარემ ვერ ისარგებლა შესაძლებლობით ჯვარედინი დაკითხვის მეშვეობით ეჭვქვეშ დაეყენებინა მთავარი მოწმის სანდოობა.
208. კიდევ ერთ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ მნიშვნელოვანია დაცვის მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა გამოავლინოს მოწმის მტრული დამოკიდებულება ან არაკეთილსაიმედოობა. დადგინდა, რომ ბრალდებულის წინააღმდეგ გამამტყუნებელი მტკიცებულება შესაძლოა „განზრახ არასწორი ან უბრალოდ მცდარი“ იყოს და რომ დაცვის მხარე ფლობდეს ინფორმაციას რომელიც საშუალებას მისცემს ჯვარედინი დაკითხვის მეშვეობით შეაფასოს მისი კეთილსაიმედოობა ან ეჭვი შეიტანოს მის სანდოობაში.
209. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ-ნი კ-ს მიერ წარმოდგენილ ჩვენებათა მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო მისი სანდოობა ჯვარედინი დაკითხვის მეშვეობით შეფასებულიყო.
210. სასამართლო აღნიშნავს, რომ თავმჯდომარე მოსამართლემ ყველა იმ კითხვის აცილება მოახდინა, რომელიც ბატონ კ-ს ნასამართლობას შეეხებოდა, განმცხადებლის გამამტყუნებელი ჩვენების არმიცემა 1999 წელს პირველი დაკითხვისას და მისი მოტივაცია გამამტყუნებელი ჩვენების მიცემისას 2003 წელს, შესაძლოა, პროკურატურის ორგანოების მხრიდან ზეწოლის მიზეზი ყოფილიყო. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნაფიც მსაჯულთა ამოცანა იყო განესაზღვრათ როგორ მნიშვნელობას მიანიჭებდნენ (ან არ მიანიჭებდნენ) ბატონ კ-ს ჩვენებას განმცხადებლის წინააღმდეგ. იმისათვის, რომ შესრულდეს აღნიშნული ამოცანა, მათ უნდა იცოდნენ ყველა შესაბამისი გარემოება, რაც გავლენას ახდენს ჩვენების სიზუსტესა და სანდოობაზე, მათ შორის ნებისმიერი სახის წახალისება, რაც შეიძლება მიეღო ბატონ კ-ს ფაქტების არასწორად წარმოდგენის გამო. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო დაცვის მხარისთვის, რომ გადაეწყვიტა ზემოაღნიშნული საკითხები ნაფიც მსაჯულთა თანდასწრებით რათა მათ შეეფასებინათ ბატონ კ-ს კეთილსაიმედოობა და სანდოობა. სასამართლო გამოთქვამს შეშფოთებას სხდომის თავმჯდომარის განცხადების გამო, რომ განმცხადებლის ადვოკატს „ნება არ დართეს გამოეთქვა საკუთარი ეჭვი მოწმის ჩვენებაზე“ და რომ ნაფიცი მსაჯულებისთვის „[არ იყო] საჭიროება სცოდნოდათ [ბატონ კ-ს] ჩვენების მიცემის მოტივაციის შესახებ [განმცხადებლის წინააღმდეგ]“.
211. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელს ნება არ დართეს დაეკითხა ბატონი კ. იმ ფაქტორებზე, რომლებსაც შეიძლება ჩრდილი მიეყენებინა მისი ჩვენების უტყუარობისთვის რომელიც განმცხადებლის წინააღმდეგ გადამწყვეტი მტკიცებულება აღმოჩნდა, სასამართლო ასკვნის, რომ განმცხადებლის დაცვის უფლებები მნიშვნელოვნად შეიზღუდა.
212. სასამართლო ასკვნის, რომ ბ-ნი კ-ს მიერ უარის თქმის შედეგად, რომელსაც მხარი დაუჭირა სხდომის თავმჯდომარემაც, პასუხი გაეცა კითხვებზე იმ გარემოებების შესახებ, რომელშიც დანაშაული იქნა ჩადენილი და აკრძალვა, რომელიც მას სხდომის თავმჯდომარემ შეუფარდა ბ-ნ კ-ს დაკითხვის წინააღმდეგ ზოგიერთ ფაქტორთან დაკავშირებით, რომელსაც შეეძლო ჩრდილი მიეყენებინა მისი სანდოობისთვის, განმცხადებლის დაცვის უფლებები იმდენად შეიზღუდა, რომ შეუთავსებელი აღმოჩნდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით და მესამე პუნქტის (დ) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარანტიებთან. აღნიშნულ ვითარებაში, შეიძლება ითქვას, რომ განმცხადებელმა ვერ ისარგებლა საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.
213. აქედან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის (დ) ქვეპუნქტის დარღვევას.
Full & Egal Universal Law Academy