Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N182
2015 წლის თებერვალი
პენჩევი ბულგარეთის წინააღმდეგ (Penchevi v. Bulgaria)
(საჩივარი- N77818/12)
გადაწყვეტილება, 10 თებერვალი, 2015 [მე-4 სექცია]
მე-8 მუხლი
მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილი
ოჯახური ცხოვრების დაცულობა
მამის თანხმობის გარეშე, ბავშვს დედასთან ერთად საზღვარგარეთ წასვლის უფლება არ მიეცა: დარღვევა დადგინდა
ფაქტები: პირველი მომჩივანი მეორე მომჩივნის- არასრულწლოვანი ბავშვის, დედა იყო. 2010 წელს, მას შემდეგ რაც პირველ მომჩივანს ბავშვის მამასთან ქორწინება დაენგრა, მომჩივნებმა დატოვეს ბულგარეთში ის სახლი, რომელშიც ქორწინების დროს ცხოვრობდნენ. მოგვიანებით, პირველმა მომჩივანმა მოითხოვა მამის თანხმობა, რათა ბავშვი მასთან ერთად გერმანიაში წასულიყო, სადაც ის სადოქტორო პროგრამაზე სწავლობდა. მამამ უარი განაცხადა. აპლიკანტმა იმავე მოთხოვნით სასამართლოს მიმართა, თუმცა სამართალწარმოება, რომელიც სამივე ინსტანციის დონეზე თითქმის ორი წელი და ორი თვე გაგრძელდა, დასრულდა უზენაესი სასამართლოს უარით საზღვარგარეთ ბავშვის წაყვანაზე. მომჩივნებმა შემდგომი სამართალწარმოება დაიწყეს 2012 წლის ივლისში, რომელიც დასრულდა 2012 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც ბავშვს დედასთან ერთად საზღვარგარეთ წასვლის უფლება მიეცა. მომჩივნები (დედა და შვილი) დავობდნენ, რომ ბულგარეთის დატოვებაზე უარი უტოლდებოდა მათი ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას.
სამართალი: მე-8 მუხლი - სასამართლოს უნდა დაედგინა, დედასთან ერთად სხვა ქვეყანაში ბავშვის წასვლაზე უარი, იწვევდა თუ არა მომჩივნების ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევას. ამასთან დაკავშირებით, სასამართლოს უნდა განესაზღვრა, რამდენად იყო გათვალისწინებული ბავშვის ინტერესები ამ კონტექსტში.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დედისა და შვილის დაშორება სამართალწარმოების განმავლობაში წარმოადგენდა ორივე მომჩივნის ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას. ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, ბავშვის საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის სავალდებულო იყო ორივე მშობლის თანხმობა, ამრიგად უფლებაში ჩარევა კანონით იყო გათვალისწინებული. უფრო მეტიც, ის ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს, კერძოდ, ბავშვის მამის უფლებების დაცვას. მთავარი განსახილველ საკითხს მოცემულ საქმეში წარმოადგენდა, თუ რამდენად იყო ჩარევა აუცილებელი. ამ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტორები:
1. საკასაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმის კონკრეტული გარემოებები და მომჩივანთა სიტუაციასთან მიმართებით გამოიყენა ფორმალური მიდგომა ეროვნულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანისთვის საჭირო იყო ორივე მშობლის თანხმობა. არც ერთ სტადიაზე არ გამოკვლეულა, დაირღვეოდა თუ არა ბავშვის ინტერესები მისი დედასთან ერთად გერმანიაში წასვლით. ეროვნულ სასამართლოებს არ გაუთვალისწინებიათ საქმეში არსებული რეალური სიტუაცია, მაგალითად ის, რომ ბავშვს ბულგარეთში მამა არ უვლიდა.
2. საკასაციო სასამართლომ უარი დააფუძნა იმ გარემოებას, რომ მომჩივანმა დაუშვა ტექნიკური შეცდომა, როცა თავის სარჩელში არ დააკონკრეტა გერმანია, როგორც დანიშნულების ქვეყანა.
3. ეროვნული სამართალწარმოების გადაჭარბებულმა ხანგრძლივობამ სერიოზული და უარყოფითი გავლენა იქონია მომჩივნების ერთად ცხოვრების შესაძლებლობაზე და მათი განცალკევების გახანგრძლივება არ შეესაბამება მე-8 მუხლით დაცულ უფლებებს.
საბოლოო ჯამში, ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი ხარვეზიანი იყო, ვინაიდან უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა დედასთან ერთად ბავშვის საზღვარგარეთ წასვლის მოთხოვნა ფორმალურ საფუძვლებზე დაყრდნობით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესწავლის გარეშე. გარდა ამისა, სამართალწარმოება ძალიან დიდხანს გაგრძელდა.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მოცემულ საქმეში დადგინდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა.
დასკვნა: დარღვევა დადგინდა (ერთხმად).
41-ე მუხლი: ორივე მომჩივანს ერთობლივად მიეკუთვნა 7 500 ევრო არამატერიალური ზიანის, ხოლო 1 101 ევრო მატერიალური ზიანის სანაცვლოდ.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy