Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to republish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights database HUDOC
ფერაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ
PERADZE AND OTHERS v. GEORGIA
საჩივარი №5631/16
2022 წელი, 15 დეკემბერი,
ფაქტები
წინამდებარე საქმეში მომჩივნია საქართველოს შვიდი მოქალაქე, დაბადებულები 1968-1993 წლებში.
2015 წლის ივლისში, თბილისში, ევროპის ახალგაზრდული ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალის დროს, მომჩივნებმა მონაწილეობა მიიღეს დემონსტრაციაში ურბანული განვითარების პროექტის წინააღმდეგ, სახელმწოდებით „პანორამა თბილისი,“ რომელიც მიზნად ისახავდა ქალაქის ოთხი ახალი სივრცის აშენებას სოლოლაკის გორაზე, რომელიც გადაჰყურებს ძველ თბილისს. პროექტი მოიცავდა სასტუმროების, აპარტამენტების, ოფისების, საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზების, გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ცენტრების, გზების, საბაგირო გზების, დახრილი ლიფტებისა და მრავალი პარკინგის მშენებლობას. პროექტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. პროექტის გამოცხადების შემდეგ, ოპონენტებმა მათ შორის, გარემოს დაცვის აქტივისტებმა, ურბანისტებმა და არქიტექტორებმა დაიწყეს შეშფოთების გამოხატვა, რომ სამშენებლო სამუშაოებმა შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ ძველი ქალაქის ლანდშაფტის უნიკალურობას. ისინი ასევე, შეშფოთებულები იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში კონსულტაციების არარსებობით. პროექტის მშენებლობის ნებართვა გაიცა 2015 წლის 16 ივლისს და სამი დღის შემდეგ, მომჩივნები ასობით სხვა პირთან ერთად შეიკრიბნენ თბილისის მერიის წინ, ოლიმპიური ცეცხლის გვერდით, პირველი მომჩივნის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე. სხვა მომჩივანმა გააკრა ბანერი, სადაც პანორამა თბილისს აიგივებდა ადამიანის პენისთან, ლოზუნგით „პანორამა, არა *ლე!“ ბანერით 50‑წუთიანი დგომის შემდეგ, ამ უკანასკნელმა მასთან ერთად სიარული დაიწყო, მაგრამ პოლიციელებმა მაშინვე დააკავეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და უხამსი ლოზუნგის გამო.
დანარჩენმა ექვსმა მომჩივანმა, სოლიდარობის ნიშნად, იმპულსურად დაწერეს იგივე ლოზუნგი ფურცლებზე და აფრიალებდნენ პოლიციის წინაშე. ერთ-ერთ ექსპრომტ ბანერს ოდნაც შეცვლილი წარწერა ჰქონდა და ჟარგონული ტერმინი პირდაპირ ყოფილი პრემიერ-მინისტრისკენ იყო მიმართული. ექვსი მომჩივანი დააკავეს და ბრალი წაუყენეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის.
ინციდენტის ვიდეოჩანაწერებში არ ჩანს, რომ რომელიმე მომჩივანმა ხმამაღლა წამოიძახა ლოზუნგი ან რომელიმე მათგანი არ დაემორჩილა პოლიციის ოფიცრების ბრძანებებს, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდივე მომჩივანი დამნაშავედ ცნო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში, სლოგანიანი ბანერების ჩუმად ჩამოკიდების გამო და თითოეული მათგანი 100 ლარით დააჯარიმა (დაახლოებით, 40 ევრო). იგი ეხებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დებულებას, რომელიც საჯაროდ გინებას უკანონოდ აქცევდა და საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დაცვის აუცილებლობას. მან დაადგინა, რომ გამოყენებული სლოგანი იყო „განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი“ ქართულ საზოგადოებაში და არ გააჩნდა „არავითარი პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება.“ უხამსობამ არ შეიძლება ხელი შეუწყოს ცივილიზებულ საჯარო დებატებს და შესაბამისად, შეიძლება იყოს ლეგიტიმურად შეზღუდული მომჩივნების გამოხატვის თავისუფლებისთვის დიდი ზიანის მიყენების გარეშე.
მომჩივანთა შემდგომი სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. სასამართლოს შეფასება
(ა) მომჩივანთა საჩივრების სამართლებრივი კლასიფიკაცია
სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნების საჩივრები კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებზე დაყრდნობით ეფუძნება იმავე ფაქტებსა და ბრალდებებს, კერძოდ, ისინი სანქცირებულნი იყვნენ იმ ბანერების შინაარსის გამო, რომლებიც მათ ეჭირათ დემონსტრაციის დროს. ასეთ ვითარებაში, მე-11 მუხლი უნდა ჩაითვალოს lex specialis (სპეციალურ ნორმად) და არაა საჭირო მე-10 მუხლის მიხედვით საჩივრის ცალკე განხილვა (შედარებისთვის იხ.: Kemal Çetin v. Turkey, no. 3704/13, § 26, 26 მაისი 2020, და Ekrem Can and Others v. Turkey, no. 10613/10, § 68, 8 მარტი 2022). ამავდროულად, მიუხედავად მისი ავტონომიური როლის და გამოყენების კონკრეტული სფეროსი, მე-11 მუხლი ასევე, უნდა განიხილებოდეს მე-10 მუხლის ფონზე, ვინაიდან წინამდებარე საქმეში, შეკრების თავისუფლების განხორციელების მიზანი იყო პირადი მოსაზრებების გამოხატვა, ისევე როგორც საჯარო დებატებისა და პროტესტის ღია გამოხატვის ფორუმის დაცვის აუცილებლობა (იხ. Kudrevičius და Others v. Lithuania [GC], no. 37553/05, §§ 85-86, ECHR 2015).(ბ) ზოგადი პრინციპები
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებაში ჩარევა წარმოადგენს მე-11 მუხლის დარღვევას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ის „კანონით არის დადგენილი,“ ახორციელებს ერთ ან მეტ ლეგიტიმურ მიზანს ამავე მუხლის მე-2 პარაგრაფის შესაბამისად და „აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“ მოცემული მიზნის ან მიზნების მისაღწევად (იხ.: Laguna Guzman v. Spain, no. 41462/17, § 44, 6 ოქტომბერი 2020). შეკრების თავისუფლების უფლება, დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი საფუძველია და ექვემდებარება მთელ რიგ გამონაკლისებს, რომლებიც უნდა განიმარტოს ვიწროდ და ნებისმიერი შეზღუდვის აუცილებლობა დამაჯერებლად იყოს დადგენილი. იმის განხილვისას, შეიძლება თუ არა კონვენციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა ჩაითვალოს „აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში,“ ხელმშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ გარკვეული, მაგრამ არა შეუზღუდავი თავისუფალი შეფასების ფარგლებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ევროპულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს საბოლოო გადაწყვეტილება შეზღუდვის კონვენციასთან შესაბამისობის შესახებ და ეს უნდა გაკეთდეს კონკრეტული საქმის გარემოების შეფასებით (იხ.: Kudrevičius and Others, ციტირებული ზემოთ, § 142, და Mushegh Saghatelyan v. Armenia, no. 23086/08, § 238, 20 სექტემბერი 2018). შეფასების განხორციელებისას, სტრასბურგის სასამართლოს ამოცანაა შეცვალოს არა საკუთარი შეხედულება შესაბამისი ეროვნული ორგანოების შეხედულებებით, არამედ განიხილოს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მე-11 მუხლის ფარგლებში. ეს არ ნიშნავს, რომ იგი უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ იმის გარკვევით, გამოიყენა თუ არა სახელმწიფომ თავისი დისკრეცია გონივრულად, ყურადღებით და კეთილსინდისიერად; მან უნდა გააანალიზოს გასაჩივრებულ ჩარევა მთლიანობაში საქმის ფონზე და შეაფასოს (მას შემდეგ რაც დაადგენს, რომ მას ჰქონდა „ლეგიტიმური მიზანი“) უპასუხა თუ არა „აუცილებელ სოციალურ საჭიროებას“ და კერძოდ, იყო თუ არა ის მიზნის პროპორციული და ეროვნული ხელისუფლების მიერ მის გასამართლებლად მოტანილი მიზეზები „რელევანტური და საკმარისი.“ ამგვარად, სტრასბურგის სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ გამოიყენა სტანდარტები, რომლებიც შეესაბამებოდა მე-11 მუხლში მოცემულ პრინციპებს და უფრო მეტიც, მათ დააფუძნეს თავიანთი გადაწყვეტილებები შესაბამისი ფაქტების მისაღებ შეფასებას. პროპორციულობის პრინციპი მოითხოვს ბალანსის დაცვას, ერთი მხრის, მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ მიზნებსა და მეორე მხრივ, ქუჩებში ან სხვა საჯარო ადგილებში შეკრებილი პირების სიტყვით, ჟესტით ან თუნდაც დუმილით აზრის თავისუფალ გამოხატვას შორის. დაკისრებული ჯარიმების ბუნება და სიმძიმე ასევე, არის ფაქტორები, რომლებიც გასათვალისწინებელია ჩარევის პროპორციულობის შეფასებისას, მიზანთან მიმართებაში. აქციის მონაწილეებზე დაწესებული სანქციები, როდესაც სისხლისსამართლებრივი ხასიათისაა, ისინი განსაკუთრებულ დასაბუთებას მოითხოვენ. მშვიდობიანი დემონსტრაცია პრინციპში, არ უნდა დადგეს სისხლისსამართლებრივი სანქციის და განსაკუთრებით, თავისუფლების აღკვეთის საშიშროების წინაშე. ამრიგად, სტრასბურგის სასამართლომ განსაკუთრებული დაკვირვებით უნდა გამოიკვლიოს ის შემთხვევები, როდესაც ეროვნული ხელისუფლების მიერ დაწესებული სანქციები არაძალადობრივი ქცევისთვის ითვალისწინებს პატიმრობას (იხ.: Kudrevičius and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 143, 144 და 146, და Chernega and Others v. Ukraine, no. 74768/10, § 221, 18 ივნისი 2019). საჯარო ადგილას ნებისმიერმა დემონსტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვეულებრივი ცხოვრების გარკვეული დოზით დარღვევა. ეს ფაქტი თავისთავად არ ამართლებს შეკრების თავისულების უფლებაში ჩარევას, რადგან მნიშვნელოვანია, რომ საჯარო ხელისუფლებამ გამოიჩინოს გარკვეული ტოლერანტობა. შესაბამისი „ტოლერანტობის ხარისხი“ ზოგადად, არ შეიძლება განისაზღვროს: სტრასბურგის სასამართლომ უნდა მიხედოს საქმის კონკრეტულ გარემოებებს და განსაკუთრებით, „ჩვეულებრივი ცხოვრების შეფერხების“ მასშტაბებს. ასე, რომ მნიშვნელოვანია ასოციაციებისთვის და სხვა პირებისთვის, რომლებიც აწყობენ დემონსტრაციებს, როგორც დემოკრატიულ პროცესში მონაწილეებმა, დაიცვან ამ პროცესის მარეგულირებელი წესები მოქმედი რეგულაციების შესაბამისად. ორგანიზატორების მიერ ამ წესების მიზანმიმართული შეუსრულებლობა და დემონსტრაციის ან მისი ნაწილის ისე მოწყობა, რომ გამოიწვიოს შეფერხება ჩვეულებრივი ცხოვრებისა და სხვა აქტივობების ისეთი ხარისხით, რაც აღემატება გარდაუვალს, ამ გარემოებებში წარმოადგენს ქცევას, რომელიც არ შეიძლება სარგებლობდეს კონვენციის ისეთივე პრივილიგირებული დაცვით, როგორიც არის პოლიტიკური გამოსვლა ან დებატები საჯარო ინტერესის საკითხებზე ან ასეთ საკითხებზე მოსაზრებების მშვიდობიანი გამოვლენა. პირიქით, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლებით, ამგვარი ქცევის შეზღუდვის მიზნით, ზომების მიღების აუცილებლობის შეფასებისას. დემონსტრანტების მიერ ჩვეულებრივი ცხოვრებისა და სხვათა მიერ კანონიერად განხორციელებული საქმიანობის განზრახ სერიოზული დარღვევა, სადაც ასეთი დარღვევა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის, რაც გამოწვეული იყო მშვიდობიანი შეკრების უფლების ნორმალურად განხორციელებით საჯარო ადგილას, შეიძლება ჩაითვალოს „გასაკიცხ ქმედებად“ სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მნიშვნელობით. ამგვარმა ქცევამ შესაძლოა გაამართლოს სასჯელის დაწესება, თუნდაც კრიმინალური ხასიათის (იხ.: Kudrevičius and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 155, 156 და 173).რაც შეეხება კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამის პრინციპებს, სტრასბურგის სასამართლო იმეორებს, რომ ეს დებულება გამოიყენება არა მხოლოდ იმ ინფორმაციის ან იდეების მიმართ, რომლებიც მიიღება დადებითად ან განიხილება როგორც უწყინარი ან უმნიშვნელო, არამედ მათზეც, რომლებიც შეურაცხყოფს, გაოცებას იწვევს ან სიმშვიდეს ურღვევს სახელმწიფოს ან მოსახლეობის ნებისმიერ ნაწილს (იხ.: Handyside v. the United Kingdom, 7 დეკემბერი 1976, § 49, Series A no. 24). მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიტიკური სიტყვით გამოსვლის შეზღუდვის ან საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე დებატების შეზღუდვის შესაძლებლობა არ არსებობს (იხ.: Bumbeș v. Romania, no. 18079/15, § 92, 3 მაისი 2022). რაც შეეხება გამოხატვის ფორმას, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ შეურაცხმყოფელი ენა შეიძლება მოხვდეს გამოხატვის თავისუფლების დაცვის ფარგლებს გარეთ, თუკი იგი უსაფუძვლოა, მაგალითად, როდესაც ზიანის მიმყენებელი განცხადების ერთადერთი მიზანია შეურაცხყოფის მიყენება (იხ.: Skałka v. Poland, no. 43425/98, § 34, 27 მაისი 2003). თუმცა, ვულგარული ფრაზების გამოყენება თავისთავად, არ არის გადამწყვეტი შეურაცხმყოფელი გამონათქვამების შეფასებაში, რადგან ის შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ სტილისტურ მიზნებს. სტილი წარმოადგენს კომუნიკაციის ნაწილს, როგორც გამოხატვის ფორმას და როგორც ასეთი, დაცულია გამოხატვის შინაარსთან ერთად (იხ.: Uj v. Hungary, no. 23954/10, § 20, 19 ივლისი 2011).
(გ) ამ პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმის გარემოებებში
(i) ჰქონდა თუ არა ადგილი ჩარევას, რომელიც კანონით იყო გაწერილი და მისდევდა ლეგიტიმურ მიზანს.
სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ აშკარა იყო ჩარევა მომჩივნების შეკრების თავისუფლების უფლებაში მათი დაკავებისა და 2015 წლის 19 ივლისის აქციის დროს დარღვევისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის გამო, რაც მხარეებს შორის სადავო არ ყოფილა. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ჩარევა აშკარად იყო „კანონით დადგენილი,“ კონვენციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის მნიშვნელობით. მომჩივნების ადმინისტრაციული სახდელი ეფუძნებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს, დებულებას, რომელიც აშკარად კრძალავდა უხამსი ენის გამოყენებას საჯარო ადგილებში. ვინაიდან მომჩივნები არასდროს დავობდნენ იმ ფაქტზე, რომ მათ გამოაქვეყნეს ჟარგონის შემცველი ბანერები/პლაკატები, რომელთან დაკავშირებითაც თავადვე აღიარებდნენ, რომ შეურაცხმყოფელი სასაუბრო ენის შემცველი იყო, სტრასბურგის სასამართლოს ეჭვი არ ეპარება, რომ მომჩივნებს გარემოებების გათვალისწინებით, გონივრულ დონეზე შეეძლოთ გაეთვალისწინებინათ, რომ მათი ქცევა 2015 წლის 19 ივლისის დემონსტრაციის დროს გამოიწვევდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შესაბამისად. ამდენად, არაფერი იყო თვითნებური იმაში, რომ შიდასახელმწიფოებრივი ორგანოები მოიხსენიებდნენ ამ დებულებას, როგორც მომჩივნების წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოების საფუძველს და სტრასბურგის სასამართლო ვერ ხედავს საფუძველს, ეჭვქვეშ დააყენოს – დააკმაყოფილა თუ არა მან კონვენციით გათვალისწინებული კანონის ხარისხის მოთხოვნა (შედარებისთვის, Tuskia and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 82-85). საკუთარი საზედამხედველო როლის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო ასევე, ეთანხმება ეროვნული სასამართლოების დასკვნას, რომ წინამდებარე საქმის გარემოებებში ჩარევა ემსახურებოდა ზნეობისა და სხვათა უფლებების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს (შედარებისთვის, Müller and Others v.Switzerland, 24 მაისი 1988, § 30, Series A no. 133, და, mutatis mutandis, Perrin v. the United Kingdom (dec.), no. 5446/03, ECHR 2005-XI).
(ii) საჭირო იყო თუ არა ჩარევა დემოკრატიულ საზოგადოებაში
ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ დემონსტრაციით მომჩივნებს სურდათ გაეფრთხილებინათ საზოგადოება და კომპეტენტური ადგილობრივი ორგანოები თავიანთი შეშფოთების შესახებ იმ ზიანთან დაკავშირებით, რომელიც სამშენებლო პროექტმა შეიძლება მიაყენოს ძველი ქალაქის ლანდშაპტს, ასევე გამოთქვან თავიანთი უკმაყოფილება, რაც მათ მიიჩნიეს ხელისუფლების მარცხად, რომ მან ვერ ჩართო საზოგადოება პროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში. დედაქალაქში საკამათო ურბანული განვითარების პროექტი აშკარად იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემა და ამიტომ იყო საჭირო ძალიან ძლიერი მიზეზები დემონსტრაციის დროს მომჩივნების აზრის გამოხატვის შეზღუდვის გასამართლებლად (შედარებისთვის, Bumbeș, ციტირებული ზემოთ, §92, 3 მაისი 2022, სხვა მითითებებთან ერთად). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნების დემონსტრაცია გაიმართა საჯარო სივრცეში, საზოგადოებისთვის ღია ადგილზე და ისინი სანქცირებულნი იყვნენ საჯარო გარემოში ჩადენილი უწესრიგო ქცევისთვის, ევროპული სასამართლო აღიარებს, რომ იმის დასადგენად, თუ როგორ მოეხდინათ რეაგირება მომჩივნების ქცევაზე საჯარო ღონისძიების დროს, პირველ ყოვლისა, რჩება ეროვნული ხელისუფლების დისკრეციის ფარგლებში, რომელსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა ჩართულ პირებთან (იხ.: Novikova and Others v. Russia, nos. 25501/07 და 4 სხვა, §169, 26 აპრილი, 2016). მიუხედავად ამისა, კონვენციის მე-11 მუხლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის კონკრეტულ გარემოებებში მისი ამოცანაა, მომჩივნების საჩივრების განხილვისას, შეაფასოს მათ პროტესტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლომ სათანადოდ განიხილა თუ არა „ჩვეულებრივი ცხოვრების შეფერხების“ მასშტაბი (იხ.: Primov and Others v. Russia, no. 17391/06, § 145, 12 ივნისი, 2014). ამასთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლო შენიშნავს, რომ ეროვნული სასამართლოები თავიანთ გადაწყვეტილებებში არ განიხილავდნენ მომჩივნების ქცევით საზოგადოებრივი ცხოვრების შეფერხების ხარისხს და მიიჩნევს, რომ არის მე‑11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროპორციულობის მოთხოვნის შეუსრულებლობა (შედარებისთვის, Obote v. Russia, no. 58954/09, §43, 19 ნოემბერი 2019). ამ კონკრეტულ ასპექტთან დაკავშირებით, ეროვნული სასამართლოების დუმილის გათვალიწინებით, სტრასბურგის სასამართლოს არ შეუძლია არ აღნიშნოს, რომ მომჩივნების დაკავების წინამდებარე გარემოებების ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ხელმისაწვდომი იყო როგორც ეროვნული სასამართლოებისთვის და ასევე, საქმის მასალების ნაწილი იყო – აჩვენა, რომ მომჩივნების ქცევა იყო მშვიდობიანი და პასიური. მართლაც, მათ მშვიდად ეჭირათ ექსპრომტი ბანერები ისე, რომ არ იყვნენ აგრესიულები პოლიციისა და გამვლელების მიმართ და არ იქცეოდნენ სხვაგვარად ისე, რაც შეიძლება ჩაითვალოს ჩვეულებრივი საზოგადოებრივი ცხოვრების დარღვევად. რაც შეეხება მომჩივნების ბანერების შინაარსს „პანორამა, არა *ლე!“ – ევროპული სასამართლო სათანადოდ ითვალისწინებს ეროვნული სასამართლოების შეფასებას, რომ მომჩივნების მიერ გამოყენებული ჟარგონული ვულგარული სიტყვა იყო „სრული უხამსობა“ და „განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი“ სიტყვა ქართულ ენაში. მართლაც, თავიანთი ქვეყნის სამოქალაქო ცხოვრებასთან პირდაპირი და მუდმივი კონტაქტის, ზნეობრივი ცნების და ასევე, ქართული ენის ენობრივი მახასიათებლების გამო, ადგილობრივი ხელისუფლება საერთაშორისო მოსამართლეზე უკეთეს პოზიციაზე იმყოფება იმისათვის, რომ გამოთქვას აზრი ზუსტ შინაარსსა და ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობაზე, რომლებიც ამჟამად დამკვიდრებულია ქვეყანაში მომჩივნების მიერ საკუთარი აზრის გამოსახატავად არჩეულ ფორმასთან მიმართებით (შედარებისთვის, Müller and Others, § 36, და Handyside, § 48, ორივე ციტირებული ზემოთ). თუმცა, სასამართლო იმეორებს, რომ ვულგარული ფრაზების გამოყენება თავისთავად არ არის გადამწყვეტი მე-10 მუხლის შესაბამისად შეურაცხმყოფელი გამონათქვამების შეფასებისას, რადგან ის შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ სტილიტურ მიზნებს (პარაგრაფი 37). მათ მიერ გადაწყვეტილებებში მოტანილი დასაბუთებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო თვლის, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სადავო განცხადების ვულგარული ბუნება ზედმეტად განაცალკევეს მისი კონტექსტიდან და აშკარა მიზნიდან და ფოკუსირდნენ მხოლოდ ფორმაზე (შედარებისთვის, Ziembiński v. Poland (no. 2), no. 1799/07, §§ 44-45, 5 ივლისი 2016). მათ არ აღიარეს, რომ მე-10 მუხლი გამოიყენება არა მხოლოდ იმ ინფორმაციასა და იდეებთან მიმართებით, რომლებიც მიიღება დადებითად ან განიხილება როგორც შეურაცხმყოფელი ან გულგრილობა, არამედ მათზეც, რომლებიც შეურაცხყოფს, იწვევს გაოცებას ან აწუხებს მოსახლეობის რომელიმე ნაწილს (იხ.: Handyside, ციტირებული ზემოთ, § 49). ასევე მნიშვნელოვანია, რომ სადავო შეურაცხმყოფელი განცხადება არ იყოს მიმართული რომელიმე პიროვნების ან ინსტიტუტის წინააღმდეგ, რის გამოც იგი არ შეიძლება ჩაითვალოს რაიმე კონკრეტულის შეურაცხყოფად ან არამოტივირებულ ჩირქის მოცხებად (შედარებისთვის, Skałka, ციტირებული ზემოთ, §§ 34, 36 და 40). უხამსი სიტყვა მომჩივნებმა გამოიყენეს, როგორც სტილისტური ინტრუმენტი ქალაქში მიმდინარე სამშენებლო პროექტისადმი მათი უკმაყოფილების ძალიან მაღალი ხარისხის გამოხატვისათვის და საკამათო ფორმა, რომელიც მათ აირჩიეს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოსახატავად, თავისთავად არ შეიძლება იყოს საკმარისი საჯარო დემონსტრაციაზე სიტყვის შეზღუდვისთვის, რომლის მიზანია ხაზი გაუსვას საზოგადოების მნიშვნელოვან საკითხს. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მან დაადგინა მე-10 მუხლის დარღვევა რიგ საქმეებში, რომლებიც ეხებოდა აშკარად ვულგარულ ან/და შეურაცხმყოფელ ენას ან/და ქცევას, მათ შორის, სექსუალური ხასიათის გამოთქმებს, რამდენადაც პროვოკაციული ენა ხელსუწყობს საზოგადოებრივი ინტერესის თემებზე დებატებს (იხ.: Vereinigung Bildender Künstler v. Austria, no. 68354/01, §§ 8 და 32-38, 25 იანვარი 2007; Mătăsaru v. the Republic of Moldova, nos. 69714/16 და 71685/16, §§ 6-7 და 32-34, 15 იანვარი 2019; და Patrício Monteiro Telo de Abreu v. Portugal, no. 42713/15, §§ 6-9 და 41-47, 7 ივნისი 2022). დაბოლოს, რაც შეეხება სანქციის პროპორციულობას, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებმა არ წარმოადგინეს ეს არგუმენტი თავიანთი საჩივრების გასამყარებლად, სასამართლოს არ შეუძლია არ აღნიშნოს, რომ გამოხატვის და შეკრების თავისუფლების მათ უფლებაში ჩარევა შედგებოდა არა მხოლოდ მათზე დაკისრებული ჯარიმებისგან, რომლებიც საკმაოდ უმნიშვნელო იყო, არამედ ასევე, პოლიციის მიერ დემონტრაციიდან იძულებით მოცილებისგან (როგორც ეს ნაჩვენებია ვიდეოჩანაწერებში), რამაც გავლენა მოახდინა ამ უკანასკნელის ქცევაზე. იმ ფაქტის გამო, რომ მომჩივნები არ ჩამოაშორეს მაშინვე, არამედ გარკვეული დროის გატარების შემდეგ, სადავო ბანერების გამოტანა არ შეიძლება ჩაითვალოს გადამწყვეტად. ნებისმიერ შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ სანქციის დაწესება გამოხატვისთვის, რაც არ უნდა ლმობიერი იყოს იგი, წარმოადგენს ლეგიტიმურ საჯარო დებატების ნაწილს და შესაძლოა ჰქონდეს არასასურველი მსუსხავი ეფექტი გამოხატვის თავისუფლებაზე (შედარებისთვის, Bumbeș, ციტირებული ზემოთ, §101). ყველა ზემოაღნიშნული მოსაზრების და კერძოდ, ეროვნული სასამართლოების მიერ გამოტოვებული მომჩივნების პროტესტის შეფასების რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტის გათვალისწინებით, რაც საფუძვლად უდევს მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების განხორციელებას და ამგვარად, საკმარისი მიზეზების დასამტკიცებლად ჩარევის აუცილებლობის გასამართლებლად (იხ. პარ. 43 და 45 ზემოთ), სტრასბურგის სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას მე-10 მუხლის ჭრილში.