დოკუმენტი მომზადებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს მიერ (). თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by Tbilisi Court of Appeals, Chairman’s Bureau (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
პირველი სექცია
საქმე პერიჩი ხორვატიის წინააღმდეგ
CASE OF PERIĆ v. CROATIA
(საჩივარი №34499/06)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
27 მარტი, 2008
საბოლოო
27/06/2008
ეს გადაწყვეტილება გახდება საბოლოო კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული გარემოებების შემთხვევაში. შესაძლებელია დაექვემდებაროს სარედაქციო რევიზიას.
საქმეში პერიჩი ხორვატიის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (პირველი სექცია) შემდეგი შემადგენლობით:
ქრისტოს როზაკის, პრეზიდენტი,
ნინა ვაჟიჩ,
ქჰანლარ ჰაჟიიევ,
დინ შპილმან,
შვერე ერიკ იებენს,
ჯიორჯიო მალინვერნი,
ჯორჯ ნიკოლაუ, მოსამართლეები,
და შორენ ნილსენი, სექციის რეგისტრატორი,
განიხილეს რა დახურულად 2008 წლის 6 მარტს,
შესაბამის თარიღში გამოიტანეს შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმე წარმოიშვა ხორვატიის რესპუბლიკის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე, ხორვატიული ეროვნების ქალბატონი ილონკა პერიჩის მიერ 2006 წლის 8 აგვისტოს წარდგენილი საჩივრით (№34499/06).
2. აპლიკანტი წარმოდგენილი იყო ბატონი მ. ზრილიჩის, რიეკაში პრაქტიკის მქონე ადვოკატის, მიერ. ხორვატიის მთავრობა („მთავრობა“) წარმოდგენილი იყო მათი წარმომადგენლის, ქალბატონი შ. სტაჟნიკის მიერ.
3. 2007 წლის 10 აპრილს სასამართლომ გადაწყვიტა სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით აპლიკანტის საჩივრის კომუნიცირება მოეხდინა მთავრობისადმი. კონვენციის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების შესაბამისად, სასამართლომ გადაწყვიტა საჩივრის საფუძვლების შეფასების თანადროულად შეემოწმებინა მისი დასაშვებობა.
ფაქტები
საქმის გარემოებები
4. განმცხადებელი დაიბადა 1919 წელს და ცხოვრობს ოპატიაში.
5. 2002 წლის 23 ოქტომბერს მომჩივანმა შეიტანა სამოქალაქო სარჩელი ოპატიას მუნიციპალურ სასამართლოში (Općinski sud u Opatiji) დ. კ.-ს და ჯ. კ.-ს წინააღმდეგ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით (ugovor o doživotnom uzdržavanju). მან წარადგინა 1993 წლის 3 აგვისტოს შედგენილი სადავო ხელშეკრულება და 1999 წლის 30 ნოემბრის დანართი. ხელშეკრულება ადგენდა, რომ მოპასუხეებს უნდა ეზრუნათ განმცხადებელზე მის გარდაცვალებამდე, იმისათვის რათა გარდაცვალების შემდეგ მიეღოთ მთელი მისი ქონება. მან ასევე მოითხოვა, რომ მოესმინათ ორი მოწმისთვის - ე. პ.-სთვის და შ. ტ.-სთვის. მოპასუხეებმა წარმოადგინეს განმცხადებლის რჩენისათვის ყოველთვიური გადახდების ქვითრები და მოითხოვეს ოთხი მოწმის მოსმენა.
6. 2003 წლის 6 თებერვალს ჩატარებულ სხდომაზე მუნიციპალურმა სასამართლომ განიხილა მხარეთა მტკიცებულებები და ამის შემდეგ, განმცხადებლის ადვოკატის დასწრებით, ჩანიშნა შემდეგი მოსმენა 2003 წლის 17 მარტს. განმცხადებლის ადვოკატი გახდა ავად და აუცილებელი გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია გადაუდებელი ოპერაციისათვის. 2003 წლის 11 მარტს მან გააგზავნა ფაქსი მუნიციპალურ სასამართლოში საპატიო მიზეზის გამო 17 მარტის სხდომაზე დასწრების შეუძლებლობის შესახებ და მოითხოვა სხდომის გადადება. მიუხედავად ამისა, მუნიციპალურმა სასამართლომ განაგრძო განხილვა და მოუსმინა ორ მოწმეს ლ. მ.-ს და შ. მ.-ს ─ ერთ-ერთი მოპასუხის მშობლებს. მან ასევე ჩანიშნა შემდეგ სხდომა 2003 წლის 23 აპრილს და ბრძანა, რომ მოესმინათ სხვა ორი მოწმისთვის, რომლებიც ასევე მოპასუხეთა მიერ იყვნენ გამოძახებულნი. არც მხარე, არც ადვოკატი არ ყოფილან ინფორმირებულნი სხდომის თაობაზე.
7. ადვოკატი დაესწრო სხდომას 2003 წლის 23 აპრილს, რომლის შესახებაც შეიტყო შემთხვევით, როდესაც ოპატიას მუნიციპალურ სასამართლოში იმყოფებოდა იმავე დღეს სხვა მიზეზებით. როგორც დაგეგმილი იყო, მუნიციპალურმა სასამართლომ მოუსმინა მოპასუხეთა ორ მოწმეს - ა. ა.-ს და ი. პ.-ს, თუმცა უარი თქვა განმცხადებლის ადვოკატის შუამდგომლობაზე ხუთი სხვა მოწმის დაკითხვის შესახებ. სხდომის ოქმის რელევანტური ნაწილების ტრანსკრიპტებში ვკითხულობთ:
„მოსარჩელის ადვოკატი ითხოვს მოსარჩელის მეზობლების, მ. ც.-ს, ს. რ.-ს, ვ. გ.-ს, ნ. ი.-ს და ნ. ზ.-ს დაკითხვას მოწმეებად განმცხადებლის ყოველდღიური ცხოვრების გარემოებების შესახებ და იმ ზრუნვის შესახებ, რასაც იგი იღებდა მათგან ბოლო ორი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით საავადმყოფოდან გამოწერიდან ოთხი თვის პერიოდის განმავლობაში, როდესაც მას არ შეეძლო მოძრაობა.
...
მოსარჩელის ადვოკატი უარს ამბობს მოთხოვნაზე, რომ მოწმედ იქნას გამოძახებული ე. პ., გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელის თქმით, აღნიშნულ პირს არ შეუძლია დაესწროს სასამართლო სხდომას. მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ არ მოესმინა შ. ტ.-ს, ე. პ.-ს, მ. ც.-ს, ს. რ.-ს, ვ. გ.-ს, ნ. ი.-ს და ნ. ზ.-ს ჩვენებები და რომ არანაირი დამატებითი მტკიცებულება არ ყოფილიყო წარმოდგენილი.“
მუნიციპალურმა სასამართლომ განაგრძო და დაასრულა საქმის წარმოება, მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გამოცხადებით, უარყო რა განმცხადებლის მოთხოვნა. გადაწყვეტილების რელევანტურ ნაწილში ვკითხულობთ:
„ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით სრულად დადგენილია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, განსაკუთრებით კი სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით, მისი დანართით და წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით. ამ მიზეზით სასამართლომ უარი თქვა მოესმინა ჩვენებები იმ მოწმეთაგან, ვის გამოძახებასაც ითხოვდა მოსარჩელე, რადგან აღნიშნულ მოწმეებს არ შეუძლიათ უთხრან სასამართლოს რაიმე იმგვარი, რაც გავლენას მოახდენს მის გადაწყვეტილებაზე, გარდა იმ ფაქტისა, რომ ისინი, მოსარჩელის ასაკის გამო, მზარდად ეხმარებოდნენ მას ყოველდღიურ რეჟიმში. ზუსტად ამ მიზეზით სასამართლო არ ეყრდნობა მოწმეების ლ. მ.-სგან, შ. მ.-სგან და ა. ა.-სგან მოსმენილ ჩვენებებს.“
8. განმცხადებლის შესაბამისი აპელაცია უარყოფილ იქნა რიეკას საოლქო სასამართლოს (Županijski sud u Rijeci) მიერ 2003 წლის 10 დეკემბერს.
9. 2004 წლის 12 თებერვალს განმცხადებელმა წარადგინა საკონსტიტუციო სარჩელი მითითებით, მათ შორის, მასზედ, რომ მისი უფლება სამართლიანი სასამართლოზე იქნა დარღვეული, გამომდინარე იქიდან, რომ 2003 წლის 17 მარტის სხდომა ჩატარდა მისი წარმომადგენლის დაუსწრებლად, რომელსაც გამოცხადების შეუძლებლობის საპატიო მიზეზი გააჩნდა, გამომდინარე მისი გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციიდან და რომ ამგვარად მას წაერთვა შესაძლებლობა დაეკითხა ორი მოწმე. ამასთან ერთად, არც იგი და არც მისი ადვოკატი არ ყოფილან ინფორმირებულნი 2003 წლის 23 აპრილს ჩანიშნული სხდომის შესახებ. მართალია მისი ადვოკატი დაესწრო სხდომას, რომლის შესახებაც იმავე დღეს შეიტყო შემთხვევით, თუმცა მას არ ჰქონდა შესაძლებლობა მომზადებულიყო კითხვები დაესვა ორი დამატებითი მოწმისთვის, რომლებიც დაიკითხნენ აღნიშნულ სხდომაზე. ამრიგად, მას წაერთვა შესაძლებლობა დაეკითხა ოთხი მოწმიდან რომელიმე, რომელთაგანაც თითოეული წარმოდგენილი იყო მოპასუხეთა მიერ. დაბოლოს, მან გაასაჩივრა ის ფაქტი, რომ ოპატიას მუნიციპალურმა სასამართლომ უარი თქვა მოესმინა მისი შვიდი მოწმიდან რომელიმესთვის. 2006 წლის 21 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ (Ustavni sud Republike Hrvatske) უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა საჩივარი.
სამართალი
I. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის სავარაუდო დარღვევა
10. განმცხადებელი დავობდა, რომ მის მიმართ წარმოებული სამოქალაქო პროცესი იყო უსამართლო კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტზე დაყრდნობით, რომელიც ადგენს შემდეგს:
„1. სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ... ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლება ... სასამართლოს მიერ.“
11. მთავრობა შეედავა არგუმენტს.
A. დასაშვებობა
12. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული საჩივარი არ არის გამოკვეთილად უსაფუძვლო კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის მნიშვნელობით. ის ასევე აღნიშნავს, რომ იგი არ არის დაუშვებელი რომელიმე სხვა საფუძვლით. შესაბამისად, იგი უნდა გამოცხადდეს დასაშვებად.
B. საფუძვლები
13. განმცხადებელი დავობს, რომ ოპათიას მუნიციპალური სასამართლოს მიერ გამოყენებული სამოქალაქო პროცესით მას უარი ეთქვა საქმეზე წარმოდგენილი ექვსი მოწმიდან რომელიმეს მოსმენაზე, მაშინ როდესაც სასამართლომ მოუსმინა მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილ ოთხ მოწმეს. მან დამატებით მიუთითა, რომ მას არ მიეცა ორი მოწმის, ლ. მ.-ს და შ. მ.-ს, დაკითხვის შესაძლებლობა, რომლებიც მოწვეული იყვნენ მის მოწინააღმდეგეთა მიერ და რომ ის არ იყო ადეკვატურად წარმოადგენილი 2003 წლის 23 აპრილის სხდომაზე, გამომდინარე იქიდან, რომ არც ის და არც მისი ადვოკატი არ იყვნენ ინფორმირებულნი სხდომის თარიღის შესახებ. მართალია, მისი ადვოკატი დაესწრო სხდომას, რომლის შესახებაც შემთხვევით შეიტყო, გამომდინარე იქიდან, რომ ოპათიას მუნიციპალურ სასამართლოში იმავე თარიღში იმყოფებოდა სხვა მიზეზებით, თუმცა მან არ იცოდა, რომ ორი მოწმე უნდა დაკითხულიყო სხდომაზე და შესაბამისად, მას არ ჰქონდა შანსი მომზადებულიყო სათანადოდ მოწმეთა დასაკითხად.
14. მთავრობა ამტკიცებდა, რომ განმცხადებელმა ისარგებლა საქმის სამართლიანი განხილვის უპირატესობებით, უთითებდა რა, რომ განმხილველმა სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტება და სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, დანართთან ერთად; მაშინ როცა მოუსმინა მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილ ოთხ მოწმეს და ნახა მომჩივანის რჩენაზე გაწეული ყოველთვიური გადახდების ქვითრები. მათ დამატებით მიუთითეს, რომ რელევანტური ადგილობრივი კანონმდებლობა უფლებას აძლევდა საქმის განხილველ სასამართლოებს გადაეწყვიტათ, თუ რომელი მტკიცებულება მიეღოთ. განსახილველ წამოებაში სასამართლომ რელევატური გარემოებები დაადგინა მხარეთაგან მოსმენილი მტკიცებულებებითა და წარმოდგენილი დოკუმენტებით. შესაბამისად, არ არსებობდა განმცხადებლის მიერ გამოძახებულ მოწმეთა მოსმენის რაიმე საჭიროება. უფრო მეტიც, განმხილველმა სასამართლომ წარმოადგინა განმცხადებლის დამატებითი მტკიცებულებების მიუღებლობის ადეკვატური მიზეზები.
15. აპლიკანტის იმ შედავებასთან მიმართებით, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა დაეკითხა ორი მოწმე, კერძოდ ლ. მ. და შ. მ., მეორე მოპასუხის მშობლები, მთავრობა ამტკიცებდა, რომ განხილველმა სასამართლომ გამოკვეთილად მიუთითა, რომ მისი გადაწყვეტილება არ დაფუძნებულა აღნიშნულ მოწმეთაგან მოსმენილ ჩვენებებზე.
16. აპლიკანტის იმ შედავებასთან მიმართებით, რომ არც იგი და არც მისი ადვოკატი არ იყვნენ სათანადოდ ინფორმირებულნი 2003 წლის 23 აპრილს ჩატარებული სხდომის შესახებ, მთავრობამ მიუთითა, რომ მიუხედავად ამისა აპლიკანტის წარმომადგენელი დაესწრო სადავო სხდომას, დაუსვა კითხვები მოწმეებს და მოითხოვა დამატებით ხუთი მოწმის დაკითხვა, რამაც აჩვენა, რომ მომჩივანი საკმარისად და ადეკვატურად იყო წარმოდგენილი აღნიშნულ სხდომაზე.
17. სასამართლო იმეორებს, რომ მართალია კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს უფლებას სამართლიან მოსმენაზე, თუმცა იგი არ ადგენს მტკიცებულების დასაშვებობის ან მისი შეფასების რაიმე წესს, რაც შესაბამისად უმთავრესად ეროვნული კანონისა და სასამართლოების რეგულირების საკითხებია (იხ. Schenk v. Switzerland, 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, Series A no. 140, გვ. 29, §§ 45-46 და Garcia Ruiz v. Spain [GC] no. 30544/96, ECHR 1999-I, § 28). ანალოგიურად, უპირველესად ეროვრული ორგანოების და განსაკუთრებით სასამართლოების საქმეა განმარტონ ადგილობრივი კანონმდებლობა და თვითნებობის არარსებობის პირობებში, ევროსასამართლო არ ჩაანაცვლებს მათ განმარტებას საკუთარი განმარტებით. აღნიშნული პრინციპი ვრცელდება, მათ შორის, მხარეთა მიერ მოწმეთა ნომინირებასთან დაკავშირებული პროცედურული წესების გამოყენებაზე (იხ. Tamminen v. Finland, no. 40847/98, § 38, 2004 წლის 15 ივნისი). აღნიშნულთან კავშირში, ევროსასამართლო იმეორებს, რომ მის კომპეტენციაში არ შედის ჩაანაცვლოს ეროვნული სასამართლოები ფაქტობრივი გარემოებების მისეული შეფასებით. თუმცა, სასამართლოს საქმეთა სამართლის თანახმად, საქმისწარმოების სამართლიანობის მოთხოვნები მოიცავს მტკიცებულების მიღების და წარდგენის წესს. სასამართლოს ამოცანაა დაადგინოს საქმისწარმოება მის მთლიანობაში, მათ შორის, მტკიცებულებათა მიღების და წარმოდგენის ჩათვლით, რამდენად იყო სამართლიანი მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მნიშვნელობით (იხ., მათ შორის, Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 1993 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება, Series A no. 274, გვ. 18, 19, § 31.).
18. სამართლიანი განხილვის კონცეფციაში მოაზრებული მოთხოვნები არ არის აუცილებელად მსგავსი იმ საქმეებში, რომლებიც შეეხება სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრას და იმ საქმეებში, რომლებიც სისხლის სამართლის ბრალდებას განსაზღვრავს. აღნიშნული წარმოიშვა იმგვარი დეტალური ნორმების არარსებობისგან, როგორებიცაა მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, რომლებიც ვრცელდება ამ უკანასკნელი კატეგორიის საქმეებზე. ამრიგად, მართალია აღნიშნულ ნორმებს გააჩნიათ განსაზღვრული რელევატურობა სისხლის სამართლის მკაცრ ფარგლებს მიღმა (იხ. mutatis mutandis, Albert and Le Compte v. Belgium, 1983 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება, Series A no. 58, გვ. 20, § 39), ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გააჩნიათ უფრო არეალი როდესაც საქმე შეეხება სამოქალაქო დავებს, დაკავშირებულს სამოქალაქო უფლებებთან და მოვალეობებთან, ვიდრე როდესაც საქმე შეეხება სისხლის სამართლებრივ დავებს (იხ. Pitkänen v. Finland, no. 30508/96, § 59, 2004 წლის 9 მარტი).
19. მიუხედავად ამისა, განსაზღვრული პრინციპები, რომელებიც შეეხება სამართლიანი განხილვის ცნებას იმ საქმეებში, რომლებიც შეეხება სამოქალაქო უფლებებს და მოვალეობებს, წარმოიშობა სასამართლოს პრაქტიკიდან. წარმოდგენილი საქმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თანაბარი შესაძლებლობების მოთხოვნა, რომელიც ცხადია, რომ მხარეთა შორის სამართლიანი ბალანსის თვალსაზრისით, პრინციპში ვრცელდება ამგვარ საქმეებზე, ისევე როგორ სისხლის სამართლის საქმეებზე (იხ. Feldbrugge v. the Netherlands, 1986 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება, Series A no. 99, გვ. 17, § 44 and Dombo Beheer, ციტირებული ზემოთ, გვ. 19, § 33). აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე კერძო ინტერესების შემცველ საქმისწარმოებასთან მიმართებით, შესაძლებლობათა თანაბრობა მოიაზრებს იმას, რომ თითოეულ მხარეს უნდა მიეცეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე, მათ შორის, მტკიცებულებები, იმ პირობებში, რომლებიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვანად არახელსაყრელი მდგომარეობაში მის ოპონენტთან მიმართებით. ეროვნულ ხელისუფლებაზე არის მინდობილი იმის უზრუნველყოფა, რომ თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში სამართლიანი განხილვის უფლების მოთხოვნები იქნება დაცული (იხ. Dombo Beheer, ციტირებული ზემოთ, გვ. 19, § 33).
20. რაც შეეხება წარმოდგენილ საქმეს, სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელი თავდაპირველად, სამოქალაქო სარჩელის წარდგენისას, შუამდგომლობდა, რომ მოსმენილიყო ორი მოწმის, ე. პ.-ს და შ. ტ.-ს, ჩვენებები. მოგვიანებით, 2003 წლის 23 აპრილს ჩატარებულ სხდომაზე, მოსარჩელემ უარი თქვა მის მოთხოვნაზე დაკითხულიყო ე. პ. და იშუამდგომლობა, რომ სასამართლოს მოესმინა დამატებით ხუთი მოწმის, მ. ც.-ს, ს. რ.-ს, ვ. გ.-ს, ნ. ი.-ს და ნ. ზ.-ს ჩვენებები. მან აღნიშნა, რომ მათი ჩვენებების რელევატურობა მდგომარეობდა იმაში, რომ მათ შეეძლოთ წარმოედგინათ ინფორმაცია იმ ზრუნვაზე, რომელსაც მის მიმართ იჩენდნენ გარეშე პირები, ვინც არ არიან მოპასუხეები და ვისაც აღებული ჰქონდათ ვალდებულება ეზრუნათ მომჩივანზე, იმისათვის რათა მიეღო მთელი მისი ქონები მისი გარდაცვალების შემდეგ. შესაბამისად, განმცხადებლის მოსაზრებით აღნიშნულ მოწმეთაგან მოსმენილი ჩვენება აჩვენებდა, რომ მოპასუხეებმა ვერ შეძლეს მისი უზრუნველყოფა სათანადო ზრუნვით და შესაბამისად არაჯეროვნად შეასრულეს მათი სახელშეკრულებო ვალდებულებები, რაც უფლებას ანიჭებს განმცხადებელს მოითხოვოს სადავო ხელშეკრულების შეწყვეტა.
21. რაც შეეხება იმ მიზეზების, რაც ადგილობრივმა სასამართლოებმა განაცხადეს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა დაუშვებლობისათვის, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ სასამართლოს გააჩნია შეფასების გარკვეული ფარგლები შეარჩიოს კონკრეტული საქმის არგუმენტები და მიიღოს მხარეთა მითითებების მხარდამჭერი მტკიცებულებები, თუმცა უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს მისი აქტივობები, გადაწყვეტილებათა საფუძველების წარმოდგენით (იხ. Suominen v. Finland, no. 37801/97, § 36, 2003 წლის 1 ივლისი).
22. მიმდინარე საქმეში ოპათიას მუნიციპალურმა სასამართლომ საკუთარი უარი მოესმინა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ექვსი მოწმის ჩვენება დაასაბუთა იმის აღნიშვნით, რომ საქმის ფაქტობრივი საფუძველი საკმარისად დადგინდა მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და მხარდამჭერი დოკუმენტებით, კონკრეტულად, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით, მისი დანართით და მოპასუხეთა მიერ მომჩივნისათვის განხორციელებული გადახდების ქვითრებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ხელშეკრულება მისი დანართით წარმოდგენილი იყო 2002 წლის 23 ოქტომბერს განმცხადებლის მიერ კონვერტით, როცა მისი სამოქალაქო სარჩელი იქნა შეტანილი. გადახდის ქვითრები წარმოდგენილი იქნა მოპასუხეთა მიერ ზეპირი მოსმენის დასაწყისში და მხარეთა ახსნა-განმარტებები მოსმენილ იქნა 2003 წლის 6 თებერვალს.
23. ამრიგად, ოპიტიას მუნიციპალური სასამართლოს არგუმენტების შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებები საკმარისად იყო დადგენილი უკვე 2003 წლის 6 თებერვალს, რაც იყო მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებების მიღებლობის ერთადერთი მიზეზი. თუმცა ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული თარიღის შემდეგ, მოპასუხეთა მიერ გამოძახებული კიდევ შემდეგი ოთხი მოწმე იქნა მოსმენილი: 2003 წლის 17 მარტს ჩატარებულ სხდომაზე, განმცხადებლის და მისი ადვოკატის დაუსწრებლად, ლ. მ.-ს და შ. მ.-ს, ერთ-ერთი მოპასუხის მშობლებს მოუსმინეს, ხოლო 2003 წლის 23 აპრილს ჩატარებულ სხდომაზე - რ. პ.-ს და ა. ა.-ს.
24. სასამართლო აღნიშნავს, რომ მაშინ როდესაც უარი ითქვა მომჩივანის მიერ წარმოდგენილი ექვსი მოწმის მოსმენაზე, სასამართლომ, მიუხედავად ამისა, მოუსმინა მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილ ოთხ მოწმეს, მას შემდეგაც კი, რაც მიიჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი საფუძვლები უკვე სრულად იყო დადგენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ასკვნის, რომ მართალია მისი ამოცანა არაა შეამოწმოს რამდენად სათანადოდ იყო დასაბუთებული სასამართლოს უარი განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების მიუღებლობაზე, სადავო პროცედურის შესაბამისობის შეფასებაში შესაძლებლობათა თანაბრობის პრინციპთან, რომელიც სამართლიანი განხილვის უფრო ფართო კონცეფციის ნიშანია (იხ. Ekbatani v. Sweden, 1988 წლის 26 მაისის გადაწყვეტილება, Series A no. 134, გვ. 14, § 30), არსებითი მნიშვნელობა ენიჭება გარე გამოვლინებებს და საზოგადოების გაზრდილ მგრძნობელობას მართლმსაჯულების სამართლიანი აღსრულებისადმი (იხ. Borgers v. Belgium, 1991 წლის 30 ოქრომბრის გადაწყვეტილება, Series A no. 214-B, p. 31, § 24).
25. მარეგულირებელ პრინციპებთან ზემოთ მოცემული მსჯელობის მიმართების მხედველობაში მიღებით, სასამართლო ასკვნის, რომ განმცხადებელს სადავო წარმოებაში არ ჰქონია სამართლიანი განხილვა, გამომდინარე იქიდან, რომ განმხილველმა სასამართლომ უარი თქვა მოესმინა ჩვენებები მომჩივანის მიერ წარმოდგენილი ექვსი მოწმისგან, იმ მიზეზებით, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა განხილველი სასამართლოს თანხმობას მოესმინა მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი ოთხი მოწმის ჩვენება.
შესაბამისად, ადგილი ჰქონდა მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას.
26. ზემოთ მოცემული დაკვნების გადმოსახედიდან ევროსასამართლოს არ სჭირდება სამართლიან განხილვაზე განმცხადებლის საჩივრის დარჩენილი ნაწილის შემოწმება.
II. კონვენციის მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევა
27. მომჩივანი დავობდა, რომ მას არ ჰქონია დაცვის რაიმე ეფექტიანი საშუალება მის საჩივრებზე მე-6 მუხლთან მიმართებით. იგი დაეყრდნო კონვენციის მე-13 მუხლს, რომელიც იკითხება შემდეგნაირად:
„ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.“
28. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა შეძლო წარედგინა სააპელაციო საჩივარი პირველი ისნტანციის გადაწყვეტილების წინააღმდეგ და საკონსტიტუციო სარჩელი, სადაც მას მიეცა შესაძლებლობა მიემართა იგივე საჩივრებით, რასაც იგი ამჟამად ევროსასამართლოს წინაშე წარადგენს. ის ფაქტი, რომ განმცხადებლის მიერ გამოყენებული დაცვის საშუალებები წარუმატებელი გამოდგა არ აქცევს მათ არაეფექტიანად კონვენციის მე-13 მუხლის მიზნებისათვის.
29. შესაბამისად, აღნიშნული საჩივარი არის გამოკვეთილად დაუსაბუთებელი და უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
30. კონვენციის 41-ე მუხლი ადგენს:
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
A. ზიანი
31. მომჩივანმა მოითხოვა 100,000 ხორვატიული კუნასი (HRK) არაქონებრივი ზიანისთვის.
32. მთავრობამ მოთხოვნილი ოდენობა მიიჩნია გადამეტებულად და დაუსაბუთებლად, გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი გასაჩივრებულ დარღვევებსა და მომჩივანის ფინანსურ მოლოდინებს შორის.
33. სასამართლოს არ შეუძლია სპეკულირება იმ შედეგით, რომელიც დადგებოდა საქმისწარმოების მე-6 მუხლის შესაბამისად წარმართვის შემთხვევაში. საქმისწარმოება, რომ მე-6 მუხლთან შესაბამისი ყოფილიყო. შესაბამისად, სამართლიანი დაკმაყოფილების ოდენობა შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ განმცხადებელს არ უსარგებლია ამ მუხლის გარანტიებით. გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო ითვალისწინებს რა, რომ ამგვარი გარანტიების ნაკლებობამ გამოიწვია განმცხადებლისთვის არაქონებრივი ზიანი, რომელიც არ შეიძლება გამოსწორდეს მხოლოდ დარღვევის დადგენით, აკუთვნებს მას 2,000 ევროს (EUR).
B. გაწეული ხარჯები
34. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა ადგილობრივ სასამართლოებში გაწეული ხარჯებისათვის 4,392 HRK და ევროსასამართლოში - 13,505 HRK.
35. მთავრობას არ გაუკეთებია რაიმე კომენტარი აღნიშნულთან დაკავშირებით.
36. სასამართლოს საქმეთა სამართლის შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია აინაზღაუროს მიერ მიერ გაწეული ხარჯები მხოლოდ იმ ოდენობით, რაც დადასტურებულია, რომ ფაქტობრივად და აუცილებლად არის გაწეული და რაოდენობრივად გონივრულია. წარმოდგენილ საქმეში, სასამართლომ, მის ხელთ არსებული ინფორმაციის და ზემორე კრიტერიუმის საფუძველზე, უარყო მოთხოვნა ადგილობრივ საქმისწარმოებაში გაწეულ ხარჯებზე და გონივრულად მიიჩნევს განმცხადებელს მიაკუთვნოს 1,800 EUR ევროსასამართლოს წინაშე წარმოებისთვის.
C. საურავი
37. სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დადგინდეს საურავი ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით, რასაც დაემატება სამი პროცენტული პუნქტი.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო ერთხმად
1. აცხადებს დასაშვებად საჩივარს სამართლიან განხილვაზე განმცხადებლის უფლების შესახებ და დანარჩენ საჩივარს დაუშვებლად;
2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას;
3. ადგენს
(a) რომ მოპასუხე სახელმწიფომ, იმ თარიღიდან 3 თვის ვადაში, როდესაც კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება გახდება საბოლოო, უნდა გადაუხადოს განმცხადებე;ს შემდეგი ოდენობის თანხა, რომელიც უნდა კონვერტირებული იქნეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ფულად ერთეულზე გადახდის დღეს არსებული კურსით:
(i) 2,000 EUR (ორი ათასი ევრო) არაქონებრივი ზიანისთვის;
(ii) 1,800 EUR (ათას რვაასი ევრო) გაწეული ხარჯებისთვის;
(iii) ყოველგვარი გადასახადი, რომლითაც შესაძლებელია დაიბეგროს ზემორე თანხები;
(b) რომ ზემოთ აღნიშნული სამი თვის ამოწურვიდან გადახდამდე ზემორე თანხებზე მარტივი პროცენტი უნდა იქნეს გადახდილი ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის ტოლი განაკვეთით, რასაც დაემატება სამი პროცენტული პუნქტი;
4. უარყოფს განმცხადებლის დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და გამოცხადებულია 2008 წლის 27 მარტს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
შორენ ნილსენი
რეგისტრატორი
ქრისტოს როზაკის
პრეზიდენტი
Full & Egal Universal Law Academy