Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
პერტაია საქართველოს წინააღმდეგ
Pertaia v Georgia
საჩივარი N44888/16
გადაწყვეტილება
13.01.2022
წინამდებარე საქმე ეხება პოლიციის თანამშრომლების მიერ მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობას და ხელისუფლების მიერ ამ კუთხით ეფექტური გამოძიების ჩატარების წარუმატებლობას, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევით.
მომჩივანი ასევე დავობდა კონვენციის მე-6 მუხლის §§ 1 და 3(დ) პუნქტების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაცვის მხარის ახალი მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ.
შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო
25. გამოძიების ჩატარებისა და მსხვერპლის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა იხ. საქმეში გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ ([Committee], no. 40009/12, § 35, 27 June 2019).
26. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლები, რაც შეეხება სააპელაციო განხილვის სტადიაზე მტკიცებულებების დაშვებას, არის შემდეგი:
მუხლი 239
“...
2. საქმის არსებითი განხილვის დროს დამატებითი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში სასამართლო მხარის შუამდგომლობით იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს და არკვევს საქმის არსებით განხილვამდე მტკიცებულების წარუდგენლობის მიზეზს, რის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე მტკიცებულების დაშვება-არდაშვების თაობაზე.
...
5. შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვისას არსებითად ახალი მტკიცებულების მოპოვების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, თუ ამ მტკიცებულების მოპოვება ან მისი მოპოვების შესახებ შუამდგომლობის ამ კოდექსით დადგენილი წესით დაყენება მანამდე ობიექტურად შეუძლებელი იყო. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მტკიცებულების მოპოვება ხდება ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით ... „
მუხლი 297
„სააპელაციო საჩივარი განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოქმედი ნორმების შესაბამისად, შემდეგი ცვლილებებით:...
დ. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით ახალი მტკიცებულება შესაძლოა გამოკვლეულ იქნეს სააპელაციო სასამართლოში, თუ შუამდგომლობის ავტორი დაასაბუთებს, რომ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოზიციის დასასაბუთებლად და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მისი წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო;
ე. მტკიცებულებების გამოკვლევა არ უნდა გასცდეს სააპელაციო საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებს; ...
სამართალი
კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (დ) პუნქტების სავარაუდო დარღვევა42. მომჩივანი დავობდა, რომ დაირღვა მისი შეჯიბრებითი საქმის განხილვისა და მხარეთა თანასწორობის უფლება, იმის გამო, რომ სააპელაციო სასამართლომ უარი განაცხადა მოწმის გამოძახებაზე. იგი ეყრდნობოდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ და მე-3 პუნქტებს, რომელთა თანახმადაც:
“1. ყოველი ადამიანი, ... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
3. ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:
...
(დ) თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები, და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში; ...
ბ. საქმის არსებითი გარემოებები
მხარეთა განცხადებები46. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ სააპელაციო სასამართლოს უარით, მის განცხადებაზე რომ ტ.ქ. (დაცვის მხარის მოწმე) ყოფილიყო დაკითხული, დაირღვა მხარეთა თანასწორობის პრინციპი და კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (დ) პუნქტები. მან განაცხადა, რომ შედეგად, მას ხელი შეეშალა დაემტკიცებინა საკუთარი უდანაშაულობა.
47. მთავრობამ განაცხადა, რომ დაცვის მხარის განცხადება ტ.ქ-ს დაკითხვის შესახებ არ იყო საკმარისად დასაბუთებული და რომ ნებისმიერ შემთხვევაში ტ.ქ-ს განცხადებას არ შეეძლო რაიმე გადამწყვეტი გავლენა მოეხდინა პროცესის შედეგზე. მთავრობა ამტკიცებდა, რომ არსებობდა უტყუარი მტკიცებულება, რომ მომჩივანმა ჩაიდინა შესაბამისი დანაშაული და რომ ტ.ქ-ს განცხადება არ გამორიცხავდა მომჩივნის მონაწილეობას დანაშაულში. მთავრობა ასვე დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს არგუმენტს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით გამორიცხული იყო ტ.ქ-ს დაკითხვა, რადგან იგი სცილდებოდა მისი საჩივრის ფარგლებს.
სტრასბურგის სასამართლოს შეფასება(ა) ზოგადი პრინციპები
48. შესაბამისი ზოგადი პრინციპები შეჯამებულია საქმეში Murtazaliyeva v. Russia ([GC], no. 36658/05, §§ 160-68, 18 December 2018; იხ. ასევე Kartvelishvili v. Georgia, no. 17716/08, §§ 59-61, 7 June 2018, სხვა მითითებებთან ერთად).
(ბ) ამ პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმის გარემოებებში
49. მთავრობის პირველ არგუმენტთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად არ განიხილა მომჩივნის განცხადება ტ.ქ-ს დაკითხვასთან დაკავშირებით და დაცვის მხარისთვის ამ პოტენციური მტკიცებულების შესაბამისობისა და მნიშვნელობის განხილვის გარეშე, უარყო მხოლოდ პროცედურული საფუძვლებით. შესაბამისად, ევროპული სასამართლო საჭიროდ არ თვლის დეტალურად განიხილოს მთავრობის პირველი არგუმენტი, რომელიც წამოიჭრა მის წინაშე.
50. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც ბრალდებულის მოთხოვნა მოწმეთა დაკითხვის შესახებ არ არის უსაფუძვლო, საკმარისად დასაბუთებულია, დაკავშირებულია ბრალდების საგანთან და სავარაუდოდ, გააძლიერებს დაცვის მხარის პოზიციას ან თუნდაც გამოიწვევს ბრალდებულის გამართლებას, ადვილობრივმა ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მიზეზები ასეთი მოთხოვნის უარყოფისათვის (იხ. სხვა საკითხებთან ერთად, Topić v. Croatia, no. 51355/10, § 42, 10 October 2013). წინამდებარე საქმეში, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის განცხადება ტ.ქ-ს დაკითხვის შესახებ პროცედურულ საფუძვლებზე, დაასკვნა, რომ ეს არის ახლადაღმოჩენილი მტკიცებულება, რომელიც სცილდება სააპელაციო ფარგლებს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, და რომლის განხილვაც სასამართლოს სააპელაციო საქმისწარმოების ეტაპზე არ შეეძლო. თუმცა, სტრასბურგის სასამართლოს არ შეუძლია არ აღნიშნოს, რომ თავიდანვე მომჩივნის დაცვის ხაზი იყო ის, რომ მას არ ჩაუდენია აღნიშნული დანაშაული. სწორედ ეს არგუმენტი წამოაყენა მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წინაშე. ასეთ გარემოებებში, სტრასბურგის სასამართლო ვერ ხედავს თუ როგორ გასცდა მოწმის დაკითხვა (რომელმაც, სავარაუდოდ, აღიარა იმავე დანაშაულის ჩადენა) „საჩივარში წამოჭრილი პუნქტების ფარგლებს“. ევროპული სასამართლო ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს: მომჩივანი ნასამართლევი იყო ქურდობისთვის; დაკავების მომენტიდან მოყოლებული, ის მუდმივად ამტკიცებდა, რომ ის არ იყო ადამიანი რომელიც ქურდობას ჩაიდენდა; ეს იყო მისი დაცვის ერთადერთი ხაზი და მოითხოვდა მოწმის სასამართლოში დაკითხვას, რომელმაც აღიარა იმავე ქურდობა რომლის განხილვაც მიმდინარეობდა სასამართლოში. ეჭვგარეშეა, რომ მისი განცხადება ამ მიზნით იყო საკმარისად დასაბუთებული, შეესაბამებოდა ბრალდების საგანს და შესაძლოა გამოეწვია მომჩივნის გამართლებაც კი (იხ. Kartvelishvili, cited above, § 61, სხვა მითითებებთან ერთად; იხ. ასევე Bregvadze v. Georgia, no. 49284/09, § 27, 17 January 2019, და შედარებისთბის Dorokhov v. Russia, no. 66802/01, § 74, 14 February 2008). რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს არგუმენტს იმის შესახებ, რომ მტკიცებულებები მოგვიანებით იქნა წარმოდგენილი, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის (დ) პუნქტის თანახმად, მხარის განცხადება, რომელიც ცდილობდა ახალი მტკიცებულებების შემოტანას სააპელაციო წარმოებაში უნდა დაკმაყოფილდეს თუ მხარეს შეუძლია დაამტკიცოს, რომ (i) მტკიცებულება იყო განსაკუთრებული მნიშვნელობის მისი საქმის დასამტკიცებლად და (ii) შეუძლებელი იყო მტკიცებულებების წარდგენა პირველი ინსტანციის სასამართლოში. სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, მომჩივნის განცხადება, თუნდაც იგი შეზღუდულად ყოფილიყო დასაბუთებული, აკმაყოფილებდა ზემოთ მოცემულ ორ წინაპირობას. თავის მხრივ, უზენაესმა სასამართლომ, უბრალოდ უგულებელყო ეს პროცედურული საკითხი და არ განიხილა იგი საკუთარ გადაწყვეტილებაში.
51. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო ვერ დაეთანხმება მთავრობის არგუმენტს იმის შესახებ, რომ მომჩივნის პროცედურული განცხადება მოწმის დაკითხვის შესახებ, განხილული იყო სამართლიანად. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მყარი დამადანაშაულებრივი მტკიცებულებების გათვალისწინებით, რომელთაც ემყარებოდა მომჩივნის ბრალდება, სასამართლოში მოწმის დაკითხვაზე უარს საზიანო გავლენა არ მოჰყოლია მთლიანად საქმისწარმოების სამართლიანობაზე. დამადანაშაულებრივი მტკიცებულებების შეფასების გარეშე, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, თანასწორუფლებიანობის პრინციპის შესაბამისად წარედგინა მტკიცებლებები ეროვნული სასამართლოების წინაშე, რომელთაც შესაძლოა გაემართლებინა იგი. პროცედურული ხარვეზების გზით, ეროვნული სასამართლოები მომჩივანს პროკურატურასთან მიმართებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებენ.
შესაბამისად, წინამდებარე საქმეში დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (დ) პუნქტები.