დოკუმენტი მომზადებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის განზოგადებისა და სტატისტიკის სამსახურის მიერ (). თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by Tbilisi City Court, International and Domestic court Practice Generalization and Statistics Unit (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
მეოთხე სექცია
FOURTH SECTION
საქმე ,,პერუზი იტალიის წინააღმდეგ”
CASE OF PERUZZI v. ITALY
საჩივრის ნომერი: №39294/09
(Application no. 39294/09)
გადაწყვეტლება
JUDGMENT
სტრასბურგი
STRASBOURG
2015 წლის 30 ივნისი
30 June 2015
აღნიშული გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პარაგრაფით განმტკიცებული წესით. გადაწყვეტილება შეიძლება დაექვემდებაროს რედაქტირებას.
This judgment has become final under Article 44 § 2 of the Convention. It may be subject to editorial revision.
ფაქტები
I. საქმის ფაქტობრივი გარემოებები
5. მომჩივანი დაიბადა 1946 წელს და ცხოვრობდა სანტანგელო კომპტში (ლუკა) (Sant’Angelo In Campo (Lucca))
A. მომჩივნის მიერ კონკრეტული პირთა წრისთვის გაგზავნილი წერილი (“circular letter”)
6. 2001 წელს მომჩივანი ეწეოდა იურიდიულ საქმიანობას. 2001 წლის სექტემბერში მან წერილი გაუგზავნა იტალიის ეროვნული სამართლებრივი სერვისების მონიტორინგის კომისიას, რომლითაც იგი ასაჩივრებდა ლუკას რაიონული სასამართლოს მოსამართლის მოქმედებებს. მოგვიანებით იმავე შინაარსის წერილი მან გაუგზავნა იმავე სასამართლოს რამდენიმე მოსამართლეს, თუმცა არ მიუთითებია იმ მოსამართლის ვინაობა, რომლის ქმედებებსაც ასაჩივრებდა.
7. წერილის შესაბამისი ნაწილები ჩამოყალიბებული იყო შემდეგნაირად:
„მანამ სანამ არასწორ ან არაზუსტ ინფორმაციას მიიღებთ, სანამ ლუკას რაიონული სასამართლოს ორი მოსამართლლის ქცევასთან დაკავშირებით ეროვნული სამართლებრივი სერვისების მონიტორინგის კომისიაში, იუსტიციის სამინისტროში, ნოტარიუსთა პალატასა და ეროვნულ ადვოკატთა ასოციაციაში ჩემ მიერ წერილების გაგზავნის მიზეზების სწორ ინტერპრეტაციას კორპორატიული სულისკვეთება გადაწონის, და ვიდრე ჩემს კოლეგებს ამ ინიციატივისთვის ჩემი სახელით მობოდიშება მოუწევთ, და სიგიჟეს და უპასუხისმგებლობას დამწამებენ, მინდა ამ ქმედების მაპროვოცირებელი მიზეზები განგიმარტოთ.
ლუკას რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილ იქნა საჩივარი; აღნიშნული გადაწყვეტილება ეხებოდა მემკვიდრეობის განაწილების საკითხს. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქალი პარტნიორის მოთხოვნები და გამომძიებელ მოსამართლეს თხოვა იმ ბინის გაყიდვა, რომელიც მემკვიდრეებს უნდა გაეყოთ. თუმცა აღნიშნული ბინა უკანონოდ იყო დაკავებული პარტნიორისა და მისი ქალიშვილის მიერ; ბავშვი პარტნიორთა თანაცხოვრების პერიოდში იყო დაბადებული. ვინაიდან რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იყო საბოლოო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 791-ე მუხლის თანახმად, შეუძლებელი იყო ბინის გაყიდვა ან შესაბამისი პროცედურის დაწყება.
მიუხედავად აღნიშნულისა, მეორე მემკვიდრემ მოითხოვა ბინის გაყიდვა... გამომძიებლმა მოსამართლემ, მიუხედავად ჩვენ მიერ ქონების გაყიდვის პროცედურების შეჩერების არაერთი წარუმატებელი მოთხოვნისა, მესამე აუქციონზე გაასხვისა ქონება. პირველი ორი აუქციონი მყიდველის არარსებობის გამო ჩაიშალა.
წარმოგიდგენთ მიზეზებს, რომელთა გამოც უარი გვეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე:
...
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მინდა დასაწყისშივე აღნიშნო, რომ სასამართლო სისტემისა და ზოგადად, მოსამართლეთა მიმართ მტრულად არ ვარ განწყობილი, პირიქით, მიმაჩნია, რომ მოსამართლის როლი სამოქალაქო საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი და ჩაუნაცვლებელია.
ყოველთვის იყვნენ და არიან მოსამართლეები, რომლებიც მოვალეობას ასრულებდნენ და ასრულებენ ღირსეულად და რომლებიც იმსახურებენ დიდ პატივისცემას, როგორც, ჩემგან, ასევე, იურიდიული საქმიანობის განმახორციელებელი სხვა პირებისგან.
ვერცერთი ჩვენგანი დაივიწყებს Y-ს, რომელიც შეიძლება ითქვას, ბრძოლის ველზე გარდაიცვალა. ჯერ კიდევ მახსოვს, ის იყო გამორჩეული თავის კოლეგებს შორის, მიუხედავად აშკარა ტკივილისა, იხილავდა დიდი რაოდენობის საქმეებს და ასე გააგრძელა ბოლომდე. ვაღიარებ, რომ შემძლებოდა დახმარება, სიამოვნებით დავეხმარებოდი საქმეთა ნაკადთან გამკლავებაში. არსებობენ, სხვა დამსახურებული მოსამართლეებიც, რომლებიც შვებულების პერიოდშიც კი მუშაობენ, ესაუბრებიან ადვოკატებს და რომლებთანაც შეიძლება ურთიერთობისა და დიალოგის დამყარება- მათ მიმართაც გამოვხატავ ჩემს უდიდეს პატივისცემას.
ჩემთვის გასაგებია, რომ მართლმსაჯულებას ადამიანები ახორციელებენ, შესაბამისად გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მცდარი და არასრული. მიუხედავად აღნიშნულისა, მირჩევნია მართლმსაჯულება ადამიანთა მიერ განხორციელდეს და არა ავტომატურად.
თუმცა მე არ მინდა იმის წარმოდგენა, რომ როდესაც ინდივიდის უფლებები და მისი დამცველების ღირსება საფრთხის ქვეშაა, მათი საქმე შეიძლება გადაწყდეს მიკერძოებული პირის მიერ, რომელმაც შეიძლება გამოავლინოს მედიდურობა ან გულმოდგინების ნაკლებობა და გადაწყვეტილება ინდიფერენტულად მიიღოს. მე პირადად მწამს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირის დამოუკიდებლობის მიმართ პატივისცემის არარსებობის პირობებში შეუძლებელი იქნებოდა სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა, ავტონომია არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, თითქოს პირს ანიჭებდეს აბსოლუტურ დისკრეციულ უფლებამოსილებას, რადგან აღნიშნული თვითნებობამდე მიგვიყვანდა. მე შევეცადე გადმომეცა თუ როგორ აღვიქვამ სასამართლოს მნიშვნელობას, ამასთანავე, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ჩემ პატივისცემას მოსამართლეთა უფლებამოსილებების მიმართ და ჩემი სრული აღფრთოვანება ეკუთვნის მათ, ვინც ამ საქმიანობას უძღვება თავდადებითა და წესიერებით.
შეიძლება ითქვას, რომ მშურს კიდეც მოსამართლეების, რადგან ალბათ, მათ უფრო მეტი დრო აქვთ საქმის შესასწავლად, ასევე, შეუძლიათ დაესწრონ სხვადასხვა კულტურულ და სოციალურ ღონისძიებებს, მაშინ როდესაც, ადვოკატებს, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველთვის არ შეუძლიათ იმავეს გაკეთება. ხშირად სამუშაო სახლშიც კი მიმაქვს, რათა უკეთ შევისწავლო საქმე და დატვირთული დღის შემდეგ, მას შემდეგ რაც დილით ერთი ოფისიდან მეორე ოფისში გავრბივარ, ხოლო შუადღეს ვმართავ კლიენტებთან შეხვედრებს და ვპასუხობ სატელეფონო ზარებს, საღამოს წიგნზე ჩამოძინებით ვასრულებ. მე ასევე მესმის, რომ სასამართლო გადატვირთულია საქმეთა სიმრავლითა და სხვადასხვა პრობლემით, ასევე ვიცი, რომ არ ყავთ საკმარისი კადრები, სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ პროტესტი ვერ დაგვეხმარება საქმის უკეთ მოგვარებაში, საჭიროა მეტი კოლაბორაცია და დიალოგი, რომელიც უკეთეს შედეგს მოგვცემს, ვიდრე პროტესტი. თუმცა, არსებობს გარკვეული საზღვრები, რომლებიც, ჩემი აზრით, არ უნდა გადაიკვეთოს. უამრავი ფიქრის შედეგად, მე გადავწყვიტე მიმემართა სწორედ ამ კონკრეტული პროტესტის ფორმისთვის (წერილების გაგზავნა). მე ახლა ციტირებას მოვიყვან ჩემი პროტესტის ბოლო ნაწილიდან, სადაც აღვწერ ადვოკატის პროფესიას და ვსვამ შეკითხვას თუ რამდენად ლეგიტიმურია ადვოკატის ყველა ქმედებისა და გადაწყვეტილების დასაშვებად ცნობა:
,,ეს ადვოკატი აღნიშნავს შემდეგს:
სამწუხაროა, რომ ეს წერილი ეხება იმ პირებს, რომლებიც მიუხედავად განსხვავებული ვალდებულებებისა, აღნიშნული ადვოკატის მიერ ,,კოლეგებად“ არიან მოხსენიებულნი, როგორც ხშირად პრაქტიკოსები ერთმანეთს უწოდებენ. მას მიაჩნია, რომ ის ვალდებულია ამგვარად მოიქცეს, რათა უპასუხოს გულმოდგინების ნაკლებობასა და სრულ ინდიფერენტულობას მოქალაქის ლეგიტიმური მოთხოვნების მიმართ.
თუ საქმიანობას, მხედველობაშია ნებისმიერი კანონიერი საქმიანობა, აქვს დაცვის მექანიზმები, მაშინ მოსამართლეც (მისი ფუნქციისა და როლის გათვალისწინებით, ყველაზე მეტად) ვალდებულია პატივი სცეს სხვების საქმიანობას, ადვოკატის საქმიანობის ჩათვლით.
როგორც იურიდიული საქმიანობის განმახორციელებელი პირი, ეს იურისტი ვალდებულია საკუთარი კლიენტი უზრუნველყოს გარკვეული სიცხადით, რადგან სწორედ ამ პირის მიმართ ხორციელდება მართლმსაჯულება. (გადაწყვეტილებები მიიღება იტალიელი ხალხის სახელით)
რა სახის სიცხადე შეიძლება უზრუნველყოს ადვოკატმა, როდესაც მოსამართლე კანონის გამოყენების მაგივრად, წარმოადგენს საკუთარ განმარტებას და ამასთანავე, არც კი ხსნის ამგვარი განმარტების მოტივს. უნდა აღინიშნოს, რომ გასაჩივრების უფლება მოქალაქის დაცვის გარანტია არ არის. მოსამართლეებიც ადამიანები არიან, რომლებმაც შეიძლება დაუშვან შეცდომა, თუმცა მათ ეს გამიზნულად, ბოროტი განზრახვით არ უნდა გააკეთონ; მოქალაქეების მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს, როდესაც ისინი საქმის წარმოების საწყისი ეტაპიდანვე დასაბუთებულია. შეცდომების მრავალი შემთხვევა არსებობს; ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ თუ ამ საქმეებზე თავიდანვე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, თავიდან იქნებოდა აცილებული საქმეთა ნაკადის ზრდა, გასაჩივრება... რომ არაფერი ვთქვათ მოქალაქეებზე, რომელთაც არასამართლიანი გადაწყვეტილების მიღების გამო დაეკარგათ რწმენა სასამართლო სისტემის მიმართ და შესაბამისად, არც გაუსაჩივრებიათ იგი. აღნიშნული გულისხმობს სასამართლოსადმი ნდობის სამართლიანად დაკარგვას, საქმეთა ნაკადისა და სახელმწიფოსთვის ხარჯების ზრდას, რადგან სხვა მოსამართლეებს, მაგისტრებსა და პროკურორებს უფრო მეტი საქმის გაკეთება უწევთ.
რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს ადვოკატს კლიენტისთვის, რომელსაც მან, სიფრთხილის ყველა ზომის დაცვით, საქმის გადაწყვეტის სავარაუდო შედეგი აცნობა, თუმცა მოსამართლემ იმგვარი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ადვოკატის მიერ ნავარაუდებ შედეგს? თუ ეს ადვოკატის შეცდომის, უცოდინრობის ან უპასუხისმგებლობის ბრალია, მან პასუხიც უნდა აგოს. თუმცა, როდესაც პასუხისმგებლობა მოსამართლეზეა, აღნიშნული მაინც ადვოკატს აზიანებს, რადგან კლიენტს უარყოფითი წარმოდგენა ექმნება მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე. შეუძლიათ კლიენტებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს გაანალიზონ თუ ვინ დაუშვა შეცდომა, მოსამართლემ თუ ადვოკატმა, და რა მასშტაბით? თუ ადვოკატი არგუმენტების წარდგენის მიუხედავად ვერ მიიღებს სასურველ შედეგს, სხვა რა გზა რჩება სასურველი შედეგის მისაღწევად? რა გზას უნდა მიმართოს ადვოკატმა იმისთვის, რომ პროფესიული ვალდებულება შეასრულოს? ... თუ ადვოკატმა არ უნდა გაირთულოს ცხოვრება და გააგრძელოს საქმიანობა ყველაფრის მიუხედავად, დაიცვას საკუთარი თავი, რადგან, ერთი მხრივ, იგი არ არის დაცული და, მეორე მხრივ, სხვა პირის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შედეგზეა დმაოკიდებული ... ყურადღება არ მიაქციოს თავის პროფესიულ ღირსებას? ...
სანამ ეს წერილი თქვენამდე მოაღწევს ალბათ მე საოპერაციოდ მომამზადებენ, ვწუხვარ, რომ ახლა არ შემიძლია სიტუაციის დამატებით ახსნა იმ პირებისთვის, რომლებსაც ეს სურთ. თუმცა, მე მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში, პასუხი ვაგო საკუთარი ქმედებებისთვის და დამატებით განვმარტო ფაქტები, მას შემდეგ რაც მე ისევ უკეთ ვიქნები...”
B. საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში
8. X-მა ჩათვალა, რომ წერილში მოყვანილი გამონათქვამები ზიანს აყენებდა მის რეპუტაციას და მომჩივნის წინააღმდეგ ცილისწამების გამო სისხლისსამართლებრივი საჩივარი წარადგინა.
9. ვინაიდან საჩივრის ავტორი მოსამართლე იყო, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის თანახმად, საჩივარი გადაეცა ქ. გენოას სასამართლოს.
10. 2003 წლის 13 თებერვალს პროკურორმა მოითხოვა, რომ მომჩივანი სწორედ ამ სასამართლოს წინაშე დაკითხულიყო.
11. X-ი სისხლის სამართლის საქმისწარმოებას შეუერთდა, როგორც სამოქალაქო პირი.
12. ბრალდების თანახმად, განმცხადებლის მიერ დაწერილი წერილი ხვდებოდა დასაშვები კრიტიკის ფარგლებში, თუმცა, მოგვიანებით მან დაარღვია გამოხატვის თავისუფლების ფარგლები, რაც გამოიხატა შემდეგი ფრაზებში:
(a) „...დამოუკიდებლობა (ავტონომია)... არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილება, რადგან იგი ხელს შეუწყობდა თვითნებობას.“
(b) „...ნაწილობრივ, ქედმაღლობის გამოვლინებით, ან...გადაწყვეტილების მიღება... აბსოლუტური გულგრილობითა და გულმოდგინების გარეშე.“
(c) „...მოსამართლემ..,. არ შეიძლება საკუთარ თავს უფლება მისცეს პატივი არ სცეს სხვების, მათ შორის ადვოკატების მიერ გაწეულ საქმეს’’.
(d) „მოსამართლეებიც ადამიანები არიან და შეიძლება დაუშვან შეცდომა...მაგრამ, მათ ეს არ უნდა გააკეთონ გამიზნულად, ბოროტი განზრახვით, არ უნდა გადააჭარბონ უფლებამოსილებას და არ უნდა მოიქცენ გულგრილად.“
13. 2004 წლის 4 მარტს, სასამართლო განხილვაზე პროკურორმა განაცხადა, რომ მომჩივანს ბრალად ასევე, უნდა დადებოდა შეურაცხყოფის წახალისება, რადგან როგორც X-ის ჩვენებიდან ირკვეოდა სხვებთან ერთად სადავო წერილი მანაც მიიღო.
14. გენოას სასამართლოს 2005 წლის 3 თებერვლის განაჩენით მომჩივანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, მას მსჯავრი დაედო ცილისწამებასა და შეურაცხყოფის წახალისებაში. მომჩივანს სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა ოთხი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, სასამართლო ხარჯების ანაზღაურება (2,000 ევროს ოდენობით) და X-ის მიერ განცდილი ზიანის ანაზღაურება, რომლის გამოთვლაც ცალკე სამოქალაქო სამართალწარმოებით მოხდებოდა; თუმცა, მომჩივანს ავანსის სახით X-სთვის 15,000 ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
15. რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა მომჩივნის მიერ წერილის დაწერა და მისი თანაშემწის მიერ წერილის ასლების ლუკას სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეებისთვის გაგზავნის ფაქტი. საქმის განხილვის პროცესში, მომჩივანი აყენებდა შუამდგომლობებს და აკეთებდა სპონტანურ განცხადებებს. მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების მიუხედავად, შეუძლებელი იყო ყურადღების მიღმა დარჩენილიყო წერილის შეურაცხმყოფელი შინაარსი, რასაც ამძიმებდა ის ფაქტიც, რომ წერილი პროფესიით იურისტის მიერ იყო დაწერილი. წერილში იგი აღნიშნავდა, რომ მას გააჩნდა დიდი პატივისცემა იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებიც საკუთარ საქმიანობას ახორციელებდნენ „ღირსეულად, თავდადებითა და პასუხისმგებლობით“. თუმცა, ის ნამდვილად არ საუბრობდა X-ზე. რომელსაც მომჩივანი ბრალს სდებდა ქედმაღლობასა და გულგრილობაში, ასევე იგი აცხადებდა, რომ მოსამართლეს არ ეშინოდა პასუხისმგებლობის, რადგან ჰქონდა ძალაუფლება. აღნიშნული ბრალდებების მოტივი აიხსნებოდა არა საქმის განმხილველი მოსამართლის უმოქმედობით, არამედ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, რომლითაც იგი არ აკმაყოფილებდა მომჩივნის მოთხოვნებს. არგუმენტების დასახელების ნაცვლად, მომჩივანმა გადააჭარბა დასაშვები კრიტიკის ფარგლებს, რადგან მან მოსამართლე დაადანაშაულა გამიზნული შეცდომების დაშვებაში, შესაბამისად სერიოზულად შეურაცხყო მოსამართლის ღირსება.
16. რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, წერილში დასახელებული ბრალდებების ადრესატი მხოლოდ X შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან საქმეში არსებობდა იმავე შინაარსის წერილები, რომლებიც მომჩივანმა გააგზავნა სხვადასხვა უწყებებში და რომელშიც მოსამართლის ვინაობა არ იყო დამალული.
17. მომჩივნის არგუმენტები პროვოკაციისგან თავადაცვის (defence of provocation) თაობაზე არ იქნა გაზიარებული. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებდით, რომ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართლაც არასამართლინაი იყო, მომჩივანმა სადავო წერილები გაგზავნა გადაწყვეტილების მიღებიდან ოთხი თვის შემდეგ, შესაბამისად, აღნიშნული არ წარმოადგენდა მის მყისიერ რეაქციას.
C. საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში
18. მომჩივანმა წარადგინა საჩივარი.
19. მრავალ სხვათა შორის, იგი ამტკიცებდა, რომ ის დანაშაული, რომლის ჩადენაც მას ბრალად ედებოდა დასჯადი იყო მხოლოდ ჯარიმით, ამიტომ მისთვის დაკისრებული სასჯელი იყო არაპროპორციული, ასევე მისი აზრით, სამართლოს მიერ დაკისრებული ავანსი იყო გადაჭარბებული. გარდა ამისა, X-ს საჩივარში არ მიუთითებია, რომ წერილი თავადაც მიიღო, შესაბამისად იგი ვერ იქნებოდა შეურაცხყოფის წახალისების მსხვერპლი. მომჩივანი ასევე დავობდა, წერილის შინაარსიდან არ ირკვეოდა, რომ კრიტიკა სწორედ X-ის მიმართ იყო მიმართული, არამედ იგი წარმოადგენდა სასამართლო სისტემის მუშაობის მიმართ ზოგად პროტესტს.
20. დასკვნის სახით, მომჩივანმა განაცხადა, რომ მისი არგუმენტი პროვოკაციისგან თავდაცვის თაობაზე (defence of provocation) იყო ვალიდური. იგი ამტკიცებდა, რომ მემკვიდრეობის შესახებ დავის განხილვისას მოსამართლე X-მა არაერთხელ უთხრა უარი იმ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც იგი სადავო ქონების გაყიდვის შეჩერებას ითხოვდა, მოგვიანებით კი აღნიშნული გადაწყვეტილება შეიცვალა ზემდგომი მოსამართლის მიერ.
21. 2007 წლის 12 მარტს სასამართლო პროცესზე მომჩივანმა განმარტა, რომ მის მიზანს არ წარმოადგენდა მოსამართლე X-სთვის შეურაცხყოფის მიყენება, მან ასევე, წარმოადგინა მისი ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
22. იმავე დღის გადაწყვეტილებით გენოას სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანს ბრალად არ უნდა დადებოდა შეურაცხყოფის წახალისება, რადგან საჩივარი არ შეიცავდა პრეტენზიას ამგვარ დანაშაულზე. სააპელაციო სასამართლომ სასჯელი შეამსუბუქა და ცილისწამებისთვის მომჩივანს ჯარიმის სახით 400 ევრო დააკისრა. განაჩენის თანახმად, ბრალდებულს სასჯელი მოხდილად ჩაეთვალა და მას დაეკისრა X-ისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომელიც აღნიშნულმა სასამართლომ 15,000 ევროს ოდენობით შეაფასა; მომჩივანს ასევე დაეკისრა X-ის მიერ სააპელაციო სასამართლოს წინაშე გაღებული ხარჯების ანაზღაურება -2,000 ევროს ოდენობით.
23. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ გაგზავნილი წერილის პირველ ნაწილში მომჩივანი მიუთითებდა ქმედებებზე, რომლებიც, საქმის განხილვისას განახორციელა მოსამართლე X-მა. ამასთანავე, მომჩივანი წერილში მიუთითებდა, რომ წუხდა, რადგან უწევდა გარკვეული ინდივიდების (X-ის დ სხვა მოსამართლეების) კრიტიკა, რომელთა მიმართაც, მიუხედავად მათი განსხვავებული საქმიანობისა, მას გააჩნდა პატივისცემის გრძნობა, და რომელთაც იგი ,,კოლეგებად” მიიჩნევდა. გარდა ამისა, ლუკას სასამართლოს მოსამართლეებმა, პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე დაკითხვისას აღნიშნეს, რომ კრიტიკული გამონათქვამების ადრესატად მოსამართლე X-ის იდენტიფიცირება არ გაჭირვებიათ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივნის არგუმენტი, რომ წერილი იყო სასამართლო სისტემის მუშაობის მიმართ ზოგადი პროტესტის გამოხატულება, არ იქნა გაზიარებული.
24. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსამართლე X-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება ,,ხარვეზიანად” ჩაითვალოს, თუმცა არა ,,უსამართლოდ”. სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო განხილვისას წამოჭრილი ერთ-ერთი საკვანძო საკითხის (პარტნიორის მემკვიდრეობის უფლება) უზენაესი სასამართლოს მიერ იყო დადგენილი და ის სხვაგვარად აწესრიგებდა საკითხს, ვიდრე მომჩივნის მიერ შემოთავაზებული ვერსია იყო. ეროვნულმა ადვოკატთა ასოციაციამ განაცხადა, რომ მომჩივნის მიერ დაწერილი წერილი მოსამართლეზე ზეწოლადაც კი შეიძლებოდა განხილულიყო.
25. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, თუმცა, მომჩივანს პირდაპირ და აშკარად არ გაუხდია სადავოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, წერილში მითითებული გამონათქვამების შინაარსიდან გამომდინარე უნდა ჩაითვალოს, რომ მომჩივანმა დაარღვია დასაშვები კრიტიკის ფარგლები.
26. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არ იყო ნასამართლევი, მასზე უნდა გავრცელებულიყო სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომლის სამართლებრივ საფუძველსაც 2000 წელს გამოცემული დეკრეტი №200, მუხლი 52 წარმოადგენდა. აღნიშული სამართლებრივი აქტის თანახმად, ცილისწამებისთვის სასჯელს წარმოადგენდა მხოლოდ ჯარიმის დაკისრება (და არა პატიმრობა).
27. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამგვარი შინაარსის წერილის გავრცელება პატარა სასამართლოში აუცილებლად შეურაცხყოფდა ადრესატი მოსამართლის ღირსებას. მომჩივნის მიერ გამოყენებული შეფასებები, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მოსამართლის პროფესიულ საქმიანობას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ X ვიწრო საზოგადოებაში აღწერილი იყო როგორც მოსამართლე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ X-ს არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად. 15,000 ევრო მიაკუთვნა.
D. საკასაციო საჩივარი
28. მომჩივანმა საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრა სამართლის საკითხები.
29. მომჩივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა საჩივრის საფუძვლები და ყურადღება გაამახვილა, რომ იგი არ ეთანხმებოდა სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ მან ვერ შეძლო გამონათქვამების შეურაცხმყოფელი ბუნების თაობაზე არგუმენტების გაბათილება. ნებისმიერ შემთხვევაში, საქმის განხილვის ყველა ეტაპზე, მოსამართლეს ევალება საკუთარი ინიციატივით შეაფასოს და გადაწყვიტოს სადავო ბრალდება არის თუ არა ნამდვილი.
30. საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის საკასაციო საჩივარი და დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ საკითხებთან დაკავშირებით მიიღო სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება.
I. კონვენციის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევა
33. მომჩივანი დავობდა, ცილისწამებისთვის მისი მსჯავრდება არღვევდა კონვენციის მე-10 მუხლს, რომელიც ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად:
„1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამრთლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“
34. ხელისუფლებამ სადავოდ გახადა აღნიშნული არგუმენტი.
A. დასაშვებობა
35. სასამართლო აცხადებს, რომ საჩივარი, კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პარაგრაფის მიზნებიდან გამომდინარე არ არის აშკარად დაუსაბუთებელი. ამასთანავე, სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობს საჩივრის მიუღებლად ცნობის სხვა საფუძველი. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.
B. არსებითი მხარე
1. მხარეთა არგუმენტები
(a) მომჩივანი
36. მომჩივანმა მიუთითა, რომ იგი დაისაჯა წერილის დაწერის გამო, რომელშიც იგი გადმოსცემდა საკუთარ მოსაზრებებს მოსამართლის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით. მისი სიტყვების განმარტება არ მოხდა მათი რეალური შინაარსის შესაბამისად და მათი დაკავშირება მოხდა X პირთან, რომლის მიმართაც წერილი რეალურად არ იყო მიმართული. მომჩივნის მოსაზრებით, არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მის მიზანს სწორედ ამ პირის შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა წარმოადგენდა. გარდა ამისა, ანომალია, რომელიც იტალიურ სასამართლო სისტემაში არსებობს, კერძოდ ის, რომ მოსამართლე de facto არ არის თავის ქმედებებზე პასუხისმგებელი, გაკრიტიკებული იყო უამრავი ევროპული გადაწყვეტილებით, წიგნებითა და ვებგვერდებით. შესაბამისად, მომჩივნის კრიტიკის სამიზნეს წარმოადგენდა სრულიად სასამართლო სისტემა და არა კონკრეტული X პირი.
37. მომჩივანმა ასევე განაცხადა, რომ გენოას სასამართლომ მას შეუფარდა ისეთი სასჯელი, რომელიც კანონით არ იყო განსაზღვრული (პატიმრობა) და მიუხედავად იმისა, რომ იგი არასოდეს ყოფილა ნასამართლევი, საშუალება არ მიეცა ესარგებლა კანონით გათვალისწინებული სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოებებით (attenuanti generiche). მომჩივანი მიუთითებდა, რომ მის მიერ მოსამართლეებისთვის გაგზავნილი წერილის ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა მასსა და სხვა მოსამართლეებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების დაცვა, რასაც შეიძლებოდა ადგილი ქონოდა მის მიერ სახელმწიფო უწყებებში გაგზავნილი წერილის შინაარსის არასწორი ინტერპრეტაციის შემთხვევაში. ასევე, მოსამართლე X-ის ქცევა, რომელიც მორიგებაზე უარს აცხადებდა, განპირობებული იყო მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით.
(b) მთავრობა
38. მთავრობის მოსაზრებით, მომჩივნის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ემსახურებოდა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, კერძოდ, ,,სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის’’ და ,,სასამართლოს ავტორიტეტის’’ დაცვას. ის ამტკიცებდა, რომ უფლების შეზღუდვა, ასევე, აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში, რადგან მომჩივნის მიერ წერილში მოყვანილი გამონათქვამები იყო შეურაცხმყოფელი და ჩირქს სცხებდა მოსამართლე X-ს, რომელსაც ბრალი ედებოდა გამიზნულად არასამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებაში, ქედმაღლობასა და უპასუხისმგებლობაში. ყოველივე აღნიშნულის შედეგად, X-ი, როგორც მოსამართლე წარმოჩინდა ნეგატიური კუთხით, თითქოს იგი აბსოლუტურად უგულებელყოფდა პროფესიულ ეთიკას.
39. მთავრობის აზრით, მომჩივნის დამოკიდებულება არ შეიძლება გამართლებული ყოფილიყო მათ სამართლებრივ შეხედულებებს შორის არსებული განსხვავებით, რაც საფუძვლად დაედო X-ის მიმართ მის მტრულ დამოკიდებულებას. ამას გარდა, სააპელაციო სასამართლომ, დაადგინა, რომ მომჩივნის მხარეს არსებობდა შემამსუბუქებელი გარემოებები და, შედეგად, შემაცირა პირველი ინსტანციის მიერ დაკისრებული სასჯელის ოდენობა.
40. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობის მოსაზრებით, საპატიმრო სასჯელის შეფარდებისას ეროვნული სასამართლოები, რომლებიც საერთაშორისო სასამართლოებთან შედარებით უკეთეს პოზიციაში იმყოფებოდნენ, რათა შეეფასებინათ ფაქტები და უფლებაში ჩარევის აუცილებლობა, მოქმედებდნენ მათთვის მინიჭებული ფართო შეფასების ზღვრის ფარგლებში. თუ კონვენციის დებულებების დარღვევას ქონდა ადგილი, მხოლოდ მომჩივნის მხრიდან, რომელმაც შელახა კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული X-ის რეპუტაცია.
2. სასამართლოს შეფასება
(A) არსებობდა თუ არა ჩარევა
41. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მომჩივნის მსჯავრდება წარმოადგენდა ჩარევას კონვენციის მე-10 მუხლის 1-ლი ნაწილით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებაში (იხ.mutatis mutandis, საქმე: ,,ბელპიეტრო იტალიის წინააღმდეგ”, (Belpietro v. Italy), №43612/10, §43, ECHR 2013).
(B) იყო თუ არა ჩარევა გამართლებული: ,,კანონით განსაზღვრული” და ,,ლეგიტიმური მიზანი”
42. ჩარევა კონვენციას დაარღვევს, თუ იგი არ აკმაყოფილებს მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფის მოთხოვნებს. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, იყო თუ არა ჩარევა განსაზღვრული კანონით და ემსახურებოდა თუ არა იგი ზემოხსენებული პარაგრაფით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, აგრეთვე იყო თუ არა ჩარევა ,,აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში” (იხ. საქმე: ,,პედერსენი და ბაადსგაარდი დენმარკის წინააღმდეგ”, (Pedersen and Baadsgaard v. Denmark), №49017-99, §67, ECHR 2004-XI, ასევე, საქმე: ,,რიჩი იტალიის წინააღდმეგ”, (Ricci v. Italy), №30210/06, §43, , ECHR 2013).
43. საქმეში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ჩარევა განსაზღვრული იყო კანონით, კერძოდ სისხლის სამართლის კოდექსითა (იხ. §31) და სამართლებრივი დეკრეტის 595-ე მუხლის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილით (იხ. §32). მომჩივნის მსჯავრდება ემსახურებოდა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, კერძოდ X-ის უფლებებისა და რეპუტაციის დაცვას (იხ. mutatis mutandis, საქმე: ნიკულა ფინეთის წინააღმდეგ (Nikula v. Finland), №31611/96, §38, ECHR 2002-II; , ასევე, საქმე: პერნა იტალიის წინააღმდეგ [დიდი პალატა] (Perna v. Italy)[GC], 48898/99, §42, ECHR 2003-V, საქმე: ორმანი იტალიის წინააღმდეგ (Ormanni v. Italy), №30278/04, §57, 17, ECHR 2007, და ზემოთ ციტირებული საქმე ბელპიეტრო, §45). ჩარევის მიზანს, ასევე, წარმოადგენდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის დაცვა. (იხ. მაგალითად, mutatis mutandis, საქმე: კიპრიანუ კვიპროსის წინააღმდეგ [დიდი პალატა] (Kyprianou v. Cyprus) [GC], №73797/01, §168, ECHR 2005 XIII, საქმე: ფოგლია შვეიცარიის წინააღმდეგ, (Foglia v. Switzerland), №35865/04, §83, ECHR2007, საქმე: შპს Libération-ი საფრანგეთის წინააღმდეგ, (SARL Libération v. France), №20893/03, §59, ECHR 2008, და საქმე: დი ჯოვანი იტალიის წინააღმდეგ (Di Giovanni v. Italy), №51160/06, §74, ECHR 2013).
44. ამდენად, დასადგენი დარჩა შემდეგი გარემოება: უფლებაში ჩარევა რამდენად იყო აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.
(c) ,,აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში”
(i) ზოგადი პრინციპები
45. იმისათვის, რათა დადგინდეს იყო თუ არა ჩარევა ,,აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში’’, სასამართლომ უნდა განსაზღვროს არსებობდა თუ არა ,,მწვავე საზოგადოებრივი საჭიროება”. ამგვარი საჭიროების დასადგენად, სახელმწიფოებს გააჩნიათ შეფასების გარკვეული ზღვარი, თუმცა იგი არსებობს მხოლოდ ევროპულ ზედამხედველობასთან ერთად, რაც მოიცავს, როგორც კანონმდებლობის, ასევე დამოუკიდებელი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ზედამხედველობას. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება და დაადგინოს, უფლების შეზღუდვა შეესაბამებოდა თუ არა კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებულ გამოხატვის უფლებას (იხ. საქმე: იანოვსკი პოლონეთის წინააღმდეგ (Janowski v. Poland), [დიდი პალატა], №25716/94, §30, ECHR 1999-I; საქმე: ასოციაცია Ekin-ი საფრანგეთის წინააღდმეგ №39288/98, §56, ECHR 2001‑VIII, და საქმე: სტოლი შვეიცარიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], (Stoll v. Switzerland)[GC], №69698/01, §101, ECHR 2007-V).
46. ევროპული სასამართლოს ამოცანას არ წარმოადგენს ეროვნული სასამართლოების ჩანაცვლება, არამედ, იგი კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად ადგენს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა გადაწყვეტილებები თავიანთი მიხედულების ფარგლებში მიიღეს (იხ. საქმე: ,,ფრესოზი და როირი საფრანგეთის წინააღმდეგ” [დიდი პალატა], (Fressoz and Roire v. France) [GC], №29183/95, §45, ECHR 1999-I). აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ ზედამხედველობა შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოყენებული დისკრეციის მართლზომიერების შემოწმებით; სტრასბურგის სასამართლომ სადავო ჩარევა უნდა განიხილოს მთლიანი საქმის გათვალისწინებით, რაც მოიცავს მომჩივნის წინააღმდეგ გაკეთებულ შენიშვებს და აგრეთვე კონტექსტს, რომლის ფარგლებშიც გამოითქვა ეს შენიშვნები (იხ. საქმე: ,,News Verlags GmbH & Co. KG ავსტრიის წინააღმდეგ”, (News Verlags GmbH & Co. KG v. Austria, №31457/96, §52, ECHR 2000-I).
47. სასამართლომ უნდა დაადგინოს სახელმწიფო ორგანოების მიერ ჩარევის გასამართლებლად წარმოდგენილი მიზეზები, რომლებიც ჩარევის გასამართლებლად მოიყვანეს რამდენად იყო ,,შესაბამისი და საკმარისი”; ამასთანავე სასამართლომ უნდა დაადგინოს იყო თუ არა ჩარევა ,,მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის პროპორციული’’ (იხ. საქმე: ,,შოვი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ”, (Chauvy and Others v. France), №64915/01, §70, ECHR 2004-VI). ამისთვის, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ ეროვნული სასამართლოები გადაწყვეტილების გამოტანისას ხელმძღვანელობდნენ იმ სტანდარტებით, რომლებიც განმტკიცებულია კონვენციის მე-10 მუხლში. (სხვათა შორის იხილეთ: საქმე: ზანა თურქეთის წინააღმდეგ (Zana v. Turkey), §51, საქმე: დე დიეგო ნაფრია ესპანეთის წინააღმდეგ (De Diego Nafría v. Spain), №46833/99, §34 ECHR 2002).
48. იმისათვის, რათა მოხდეს წარმოთქმული სიტყვების გამართლება, თავდაპირველად ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტები და შეფასებითი მსჯელობა. ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცდეს, თუმცა შეფასებითი მსჯელობის დამტკიცება შეუძლებელია (იხ. ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ (Oberschlick v. Austria (no. 2),), № ECHR 1997). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებების წარდგენა შეუძლებელია, შესაბამისად მისი წარდგენის მოთხოვნა ზღუდავს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, რაც მე-10 მუხლით განმტკიცებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს წარმოადგენს. (იხ. საქმე: მორისი საფრანგეთის წინააღდმეგ [დიდი პალატა] (Morice v. France) [GC], №29369/10, §155, ECHR 2015). განცხადებების დაკვალიფიცირება ფაქტებად და შეფასებით მსჯელობად ეროვნული ორგანოების, განსაკუთრებით კი ეროვნული სასამართლოების კომპეტენციას წარმოადგენს (იხ. საქმე პრაგერი და ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ (Prager and Oberschlick v. Austria), სერია ა, §313). თუმცა, მაშინაც კი, როდესაც გამონათქვამი წარმოადგენს შეფასებით მსჯელობას, მას უნდა გააჩნდეს საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი, სხვაგვარად იგი შეიძლება გადაჭარბებულად იქნეს მიჩნეული (იხ. საქმე: იერუსალიმი ავსტრიის წინააღმდეგ (Jerusalem v. Austria), №26958/95, §43, ECHR 2001-II ).
49. გარდა ამისა, მე-10 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევის პროპორციულობის განხილვისას, ყურადღება უნდა მიექცეს ცილისწამების სამართალწარმოებაში ბრალდებულის დაცვის მექანიზმების არსებობას. განსაკუთრებით, ბრალდებულს რეალურად უნდა შეეძლოს დაამტკიცოს, რომ მის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს ჰქონდა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი (იხ. inter alia, საქმე სტილი და მორისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Steel and Morris v. the United Kingdom), №68416/01, §95, ECHR 2005-II, ასევე საქმე: ჰასან იაზიჩი თურქეთის წინააღმდეგ (Hasan Yazıcı v. Turkey), №40877/07, §54, ECHR 2014, ასევე, ზემოთ ციტირებული მორისის საქმე §155).
50. განსახილველ საქმეში მნიშვნელოვანია ის, რომ დავის განხილვისას მომჩივანი იყო იურისტი, რომელსაც X-თან უთანხმოება წარმოეშვა პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას. სასამართლომ ზემოთ ციტირებულ საქმეში ნიკულა (§45, ასევე, საქმეში: სტეური ნიდერლანდების წინააღმდეგ (Steur v. the Netherlands), №39657/98, §36, ECHR 2003-XI, და საქმეში: ფუჩსი გერმანიის წინააღმდეგ (Fuchs v. Germany), (განჩინება), №29222/11 და 64345/11, §39, ECHR 2015), იურიდიულ პროფესიასთან დაკავშირებული სპეციფიური პრინციპები ჩამოაყალიბა შემდეგნაირად:
,,სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ იურისტის, როგორც სასამართლოსა და კერძო პირებს შორის შუამავლის, სპეციფიკური სტატუსი, მათ მართლმსაჯულების განხორციელებაში ცენტრალურ პოზიციას ანიჭებს. მათი ამგვარი პოზიციით აიხსნება ადვოკატთა კორპუსის წევრების მიმართ არსებული შეზღუდვებიც. გარდა ამისა, სასამართლოები, როგორც მართლმსაჯულების განხორციელების გარანტები, რომელთა როლიც უმნიშვნელოვანესია კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოსთვის, უნდა სარგებლობდნენ საზოგადოების ნდობით. იურისტების განსაკუთრებულ როლის გათვალისწინებით, სამართლიანია მათ მიმართ არსებობდეს მოლოდინი, რომ ხელს შეუწყობენ მართლმსაჯულების სათანადო ადმინისტრირებასა და საზოგადოების ნდობის შენარჩუნებას (იხ: საქმე: ,,შოპფერი შვეიცარიის წინააღმდეგ, §29-30).
51. გარდა ამისა, მორისის საქმეში (ციტირებულია ზემოთ §§134 და 139), სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე: (ა) ადვოკატებს უფლება აქვთ, საჯაროდ გააკეთონ კომენტარები მართლმსაჯულების ადმინისტრირების შესახებ, თუმცა მათმა კრიტიკამ არ უნდა გადალახოს გარკვეული საზღვრები, რათა სასამართლო სისტემა დაცული იყოს უსაფუძვლო თავდასხმებისგან; (ბ)ადვოკატებმა არ უნდა გააკეთონ ისეთი კომენტარები, რომლებიც ისეთი სერიოზულია, რომ ცდება დასაშვებ კრიტიკას და არ გააჩნია ფაქტობრივი საფუძვლები; (გ) ადვოკატების მიერ გამოთქმული კომენტარები განხილულ უნდა იქნეს ზოგად კონტექსტში, რათა შემოწმდეს კავშირი გამონათქვამებსა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს შორის, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც უნდა დადგინდეს წარმოადგენდა თუ არა გამონათქვამი უსაფუძვლო, პირად ანგარიშსწორებას.
52. ასევე, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ ცილისწამების მსხვერპლი X იყო მოქმედი მოსამართლე. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, დასაშვები კრიტიკის ფარგლები შეიძლება უფრო ფართო იყოს იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ უფლებამოსილებას, ვიდრე კერძო პირების მიმართ (იხ. ზემოთ ციტირებული საქმე მორისი §131). თუმცა, არ შეიძლება ითქვას, რომ საჯარო მოხელეები გამიზნულად ხდიან საკუთარ ქმედებებს კრიტიკის ობიექტად, როგორც ამას პოლიტიკოსები აკეთებენ, შესაბამისად, როდესაც საქმე ეხება საჯარო მოხელეების ქმედებების კრიტიკას, მათი გათანაბრება ამ უკანასკნელთან (პოლიტიკოსთან) დაუშვებელია. იმისათვის, რათა საჯარო მოხელეებმა წარმატებით შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა, საჭიროა საზოგადოებას მათ მიმართ ნდობით იყოს აღჭურვილი. შესაბამისად, უფლებამოსილების განხორციელებისას, შეიძლება საჭირო გახდეს მათი შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ვერბალური შეტევებისგან დაცვა (იხ. ზემოთ ციტირებული საქმეები ,,იანოვსკი” §33, და ,,ნიკულა” §48).
53. საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ჩარევის პროპორციულობის შეფასებისას აგრეთვე გათვალისწინებული უნდა იქნეს დაკისრებული სანქციის ბუნება და სიმკაცრე. (იხ. საქმე: ცეილანი თურქეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა] (Ceylan v. Turkey) [GC], №23556/94, §37, ECHR 1999-IV, ასევე, საქმე: ტამმერი ესტონეთის წინააღმდეგ (Tammer v. Estonia), №41205/98, §69, ECHR 2001-I; და საქმე, კუმპანა და მაჟარე რუმინეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა] (Cumpănă and Mazăre v. Romania) [GC], №33348/96, §§113-115, ECHR 2004-XI).
(ii) აღნიშნული პრინციპების განსახილველ საქმესთან მიმართება
54. სასამართლო დასაწყისივე აღნიშნავს, რომ მომჩივანი, როგორც ეროვნული, ასევე ევროპული სასამართლოს წინაშე აცხადებდა, რომ სადავო წერილის მიზანს წამოადგენდა არა X-ის დისკრედიტაცია, არამედ ზოგადად სასამართლო სისტემის კრიტიკა. სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ არგუმენტს. სადავო წერილში, მომჩივანი მიუთითებდა სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში გაგზავნილ წერილზე, რომლითაც იგი X-ის ქმედებებს აკრიტიკებდა, ასევე, ციტირებული იყო პასაჟები ამ წერილიდან. გარდა ამისა, მომჩივანმა წერილში მოკლედ მიმოიხილა იმ საქმის განხილვის დეტალები, რომელშიც მისი განცხადებით X-მა მიიღო არასამართლიანი გადაწყვეტილება.
55. მომჩივნის მიერ გაგზავნილი წერილი ორ ნაწილად იყო დაყოფილი: პირველ ნაწილში წარმოდგენილი იყო საქმის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილებების ანგარიში, ხოლო, მეორე ნაწილში მომჩივანი საუბრობდა ზოგადად იმ ქმედებებზე, რომლებიც მოსამართლეს არ უნდა ჩაედინა და მათ შედეგებზე. სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ წერილის მეორე ნაწილი ,,ზოგადი მოსაზრებების” სახით იყო ჩამოყალიბებული, მისი განმარტება შეიძლებოდა მხოლოდ იმგვარად, რომ იგი მიმართული იყო სწორედ მოსამართლე X-ის [მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი პირდაპირ არ იყო მოხსენიებული] ქმედებების კრიტიკისკენ, სწორედ იგი წარმოადგენდა მომჩივნის დაკვირვებისა და შეფასებების მთავარ სუბიექტს.
56. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო იზიარებს ეროვნული რაიონული სასამართლოსა და გენოას სააპელაციო სასამართლოების დასკვნებს, რომ X-ი იყო კრიტიკის ადრესატი. შემდეგ ეტაპს წარმოადგენს იმ საკითხის შეფასება, გაცდა თუ არა მომჩივნის მიერ გამოთქმული მოსაზრებები დემოკრატიულ საზოგადოებაში დასაშვები კრიტიკის ფარგლებს.
57. წერილის ტექსტიდან ჩანს, რომ მომჩივანს ძირითადად ორი სახის პრეტენზია ჰქონდა: (ა) იგი მოსამართლეს ადანაშაულებდა, თვითნებური და არასამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებაში და ასევე (ბ) ბრალად დებდა მიკერძოებულობას და წინასწარი შეცნობით, განზრახ შეცდომების დაშვებას.
58. სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა, X-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ხასიათი და სამართლებრივი საფუძვლები, მიიჩნია რომ იგი წარმოადგენდა შეფასებით მსჯელობას. როგორც ეს გადაწვეტილების 48-ე პარაგრაფშია აღნიშნული, შეფასებითი მსჯელობა პრეცედენტული სამართლის მიხედვით მტკიცების საგანი ვერ გახდება. გარდა ამისა, მას გააჩნდა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი, კერძოდ, მომჩივანი იყო სასამართლო პროცესის ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელი. საქმის განხილვისას, მომჩივანმა მრავალჯერ სცადა სადავო ქონების რეალიზაციის შეჩერება, ეს მოთხოვნები მოსამართლე X-მა არ დააკმაყოფილა, მომჩივნის სუბიექტური მოსაზრებით კი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი იყო დაუსაბუთებელი და უკანონო.
59. ზემოაღნიშნულის თანახმად, სასამართლო კრიტიკის პირველ ნაწილს ვერ მიიჩნევს გადაჭარბებულად (იხ. mutatis mutandis ზემოთ ციტირებული მორისის საქმე §§ 156-61, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ ადვოკატის (მხარის წარმომადგენლის) მიერ გამოთქმული კრიტიკა, რომელიც ეხებოდა გამოძიებელი მოსამართლის ქმედებებს, წარმოადგენდა შეფასებით მსჯელობას, რომელსაც გააჩნდა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი).
60. თუმცა, იგივე არ შეიძლება ითქვას კრიტიკის მეორე ნაწილზე, სადაც მომჩივანი საუბრობდა მოსამართლის მიკერძოებულობაზე. აღნიშნული კრიტიკით იგულისხმებოდა, რომ მან უგულებელყო მოსამართლის პროფესიული ეთიკა ან უფრო მეტიც, ჩაიდინა სისხლისსამართლებრივი დანაშაული. მოსამართლის მიერ განზრახ არასწორი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება წარმოადგენდეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. ნებისმიერ შემთხვევაში, სადავო წერილში საუბარი იყო, რომ ამ მოსამართლეს არ გააჩნდა ის თვისებები, რომლებიც აუცილებელი იყო სამოსამართლო საქმიანობის განსახორციელებლად, კერძოდ, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და ობიექტურობა. თუმცა, მომჩივანს არ უცდია დაემტკიცებინა მის მიერ გაჟღერებული ბრალდებების ჭეშმარიტება; მას აგრეთვე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაამტკიცებდა მის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებების მიმართ x-ის განზრახვას. სასამართლოს მოსაზრებით, მომჩივნის ბრალდებების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა მოსამართლის მიერ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. მორისის საქმე §§156-61). ასევე, აღსანიშნავია, რომ მომჩივანმა, რომელმაც საჩივრის წერილი გაგზავნა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში, ისე გაგზავნა სადავო წერილი რომ არ დაელოდა იტალიის ეროვნული სამართლებრივი სერვისების მონიტორინგის კომისიის გადაწყვეტილებას.
61. ეროვნული სასამართლოების წინაშე მომჩივანმა საკუთარი თავის დასაცავად მხოლოდ ის განაცხადა, რომ წერილის მიზანს არ წარმოადგენდა პირადად X-ის დისკრედიტაცია (იხ. mutatis mutandis, ზემოთ ციტირებული ,,პერნას” საქმე §§44-47, ასევე განჩინება საქმეზე ,,ფუჩი” §41, ასევე შედარებისთვის, იხილეთ ზემოთ ციტირებული ,,ნიკულას” საქმე (§51), სადაც სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მომჩივნის კრიტიკა ეხებოდა პროკურორის მიერ თვით აცილების განხორციელების სისწორეს, და იგი არ საუბრობდა პროკურორის პროფესიულ ან სხვა ღირსებაზე). თუმცა, აღნიშული არგუმენტი სასამართლომ არ გაითვალისწინა (იხ. §§54-56).
62. სასამართლო, ასევე, ითვალისწინებს კონტექსტს, რომელშიც სადავო წერილი იყო დაწერილი და შემდგომ გავრცელებული. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ მომჩივნის კრიტიკა მემკვიდრეობითი დავის განხილვის პროცესში ან საქმის არსებით განხილვაზე არ გაჟღერებულა. ამ მხრივ წინამდებარე საქმე განსხვავდება ,,ნიკულას” საქმისგან, სადაც სასამართლომ მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა.
63. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მომჩივანმა სადავო წერილი გაუგზავნა, როგორც თავად მოსამართლეს X-ს, აგრეთვე ლუკას რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლეებსაც. როგორც ეს გენოას სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, ამგვარი შინაარსის წერილის გავრცელება ისეთ ვიწრო წრეში, როგორიც რაიონული სასამართლოა, აუცილებლად შელახავდა მოსამართლის რეპუტაციას.
64. საბოლოოდ, სასამართლო აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუსაჯა საპატიმრო სასჯელი და არ მისცა უფლება ესარგებლა ინდივიდუალური შემამსუბუქებელი გარემოებებით, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ ის არ იყო წარსულში ნასამართლევი, აღნიშნული სასჯელი შეცვალა სააპელაციო სასამართლომ 400 ევროს ოდენობით ჯარიმით, რომელიც საბოლოოდ გადახდილად ჩაითვალა. X-სთვის მიკუთვნებული კომპენსაციის ოდენობა, 15,000 ევროს ოდენობით, ვერ ჩაითვლებოდა გადაჭარბებულად.
65. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ განსახილველი საქმის მსგავს საქმეებში, სადაც სამართლიანი ბალანსი უნდა იქნეს დაცული მომჩივნის პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებასა და სხვა პირის გამოხატვის თავისუფლებას შორის, საქმის განხილვისას პრინციპული მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს იმას სასამართლოში საჩივარი შეტანილია კრიტიკის ობიექტის მიერ და შესაბამისად ემყარება კონვენციის მე-8 მუხლს, თუ საჩივარი შეტანილია კრიტიკის ავტორის მიერ და შესაბამისად ემყარება კონვენციის მე-10 მუხლს. კონვენციით გარანტირებული ორივე არსებითი უფლება იმსახურებს თანაბარ დაცვას (იხ. საქმე ,,Hachette Filipacchi Associés (ICI PARIS) საფრანგეთის წინააღმდეგ”, (Hachette Filipacchi Associés (ICI PARIS) v. France), №12268/03, §41, ECHR 2009, ასევე საქმე: ,,ტიმციუსი რუმინეთის წინააღმდეგ”, (Timciuc v. Romania), (განჩინება), №28999/03, §144, ECHR 2010, ასევე საქმე: ,,მოსლი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ”, (Mosley v. the United Kingdom), №48009/08, §111, ECHR 2011). შესაბამისად, შეფასების ზღვარი ორივე შემთხვევაში იდენტური იქნება. თუ ეროვნული სასამართლოების მიერ სამართლიანი ბალანსის დაცვა შეესაბამება ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ კრიტერიუმს, სასამართლო მომჩივნისგან მოითხოვს მყარ არგუმენტაციას იმის დასამტკიცებლად, თუ რატომ უნდა ჩაანაცვლოს ევროპულმა სასამართლომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება (იხ. საქმე: ,,პალომო სანჩე და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ”, (Palomo Sánchez and Others v. Spain), [დიდი პალატა], №28955/06, 28957/06, 28959/06 and 28964/06, § 57, ECHR 2011, და საქმე: ,, MGN Limited გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, (MGN Limited v. the United Kingdom), 39401/04, §§ 150 და155, ECHR 2011). სასამართლოს მოსაზრებით, წინამდებარე საქმეში ამგვარ მიზეზს ადგილი არ ქონია (იხ.mutatis mutandis ზემოთ ციტირებული ,,დი ჟიოვანის” საქმე §82).
66. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ ცილისწამებისთვის მომჩივნის მსჯავრდება და მასზე დაკისრებული სანქციები არ იყო მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული; გარდა ამისა, ეროვნული სასამართლოების მიერ გამოყენებული ზომების გასამართლებლად წარმოდგენილი საფუძვლები ,რელევანტური და საკმარისი’ იყო. მომჩივნის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა ,,აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში’’, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო სხვათა რეპუტაციის და სასამართლო სისტემის ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის დაცვა, კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფის მნიშვნელობის ფარგლებში.
67. შესაბამისად, ადგილი არ აქვს კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას.
Full & Egal Universal Law Academy