დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 120
2009 წლის ივნისი
პეტკოვი და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ (Petkov and others v. Bulgaria)
(საჩივარი - 77568/01, 178/02, 505/02)
გადაწყვეტილება, 11 ივნისი, 2009 (მე-5 სექცია)
1 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი
არჩევნებში კენჭისყრა
საარჩევნო ხელისუფლების მიერ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა და საპარლამენტო არჩევნების კანდიდატთა სიაში პირთა აღდგენის ვერ უზრუნველყოფა: დარღვევა
მუხლი 13
ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება
არჩევნების კონტექსტში ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის საშუალება, მხოლოდ ფულად კომპენსაციას ითვალისწინებს: დარღვევა
ფაქტები: სამივე მომჩივანი კანდიდატებად იყვნენ დარეგისტრირებულნი 2001 წლის 17 ივნისს გასამართ საპარლამენტო არჩევნებზე. არჩევნებამდე დაახლოებით ორნახევარი თვით ადრე ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელიც შეიცავდა დათქმას, რომლის თანახმად, პარტიებს ან კოალიციებს ეძლეოდათ უფლება გაეუქმებინათ იმ პირთა კანდიდატურა, რომლებიც სავარაუდოდ სახელმწიფო უშიშროების ყოფილ ორგანოებთან თანამშრომლობდნენ. მსგავსი ბრალდების საფუძველზე მომჩივნები კანდიდატთა სიიდან ამოირიცხნენ არჩევნებამდე მხოლოდ 10 დღით ადრე. შემდგომში უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მათი სიიდან ამორიცხვის თაობაზე გადაწყვეტილება ბათილად ცნო. მიუხედავად ამისა, საარჩევნო ხელისუფლებამ მათი სახელები არ აღადგინა სიაში და შედეგად მათ პარლამენტში მოსახვედრად ვერ გამოიყენეს პასიური საარჩევნო ხმის უფლება.
სამართალი: 1-ლი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი – ევროპული სასამართლოს ამოცანას არ წარმოადგენდა გადაეწყვიტა, იყო თუ არა კონვენციის საწინააღმდეგო პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო უშიშროების ყოფილ ორგანოებთან კავშირების საფუძველზე, კანდიდატების უკან გახმობის უფლების მიცემა. მომჩივნები, აგრეთვე, არ ითხოვდნენ უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილების სისწორის განსაზღვრას. ევროპული სასამართლოს ამოცანა დაკავშირებული იყო იმის შეფასებასთან, დაარღვია თუ არა მომჩივნების არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის მიღების უფლება საარჩევნო ხელისუფლების მიერ სასამართლოს საბოლოო და მბოჭავი გადაწყვეტილების აღუსრულებლობამ. მიზეზი იმისა, თუ რატომ არ აღასრულა საარჩევნო ხელისუფლებამ სასამართლო გადაწყვეტილება იყო ან ის, რომ მათ მიიჩნიეს, რომ უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ შეცდომით მიიღო გადაწყვეტილება ან ის, რომ მათი მოსაზრებით გადაწყვეტილება არ იყო საბოლოო. მიუხედავად ამისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც კანონის უზენაესობას იცავს, საარჩევნო ხელისუფლებისთვის არ იყო დაშვებული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის მიზეზად გადაწყვეტილებით დადგენილი დასკვნების არ მოწონება მიეთითებინათ. აღნიშნული გადაწყვეტილების მხედველობაში მიუღებლობა, არღვევდა არამხოლოდ შიდა კანონმდებლობას, არამედ მომჩივნებს ართმევდა მათთვის ხელმისაწვდომ პროცედურულ გარანტიებს და ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ გაითვალისწინა სირთულეები, რის წინაშეც საარჩევნო ხელისუფალნი დადგნენ, როდესაც მათ არჩევნებამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს ორი გადაწყვეტილება გადასცეს. მიუხედავად ამისა, აღნიშნული სიძნელეები ფართოდ დამახასიათებელი იყო თავად ხელისუფლებისთვის. პირველ რიგში, ახალი საარჩევნო კოდექსი მიღებულ იქნა არჩევნების ჩატარებამდე დაახლოებით ორი თვით ადრე, საარჩევნო კანონის სტაბილურობაზე ევროპის საბჭოს რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ. გარდა ამისა, ნაცვლად იმისა პოლიტიკური პარტიებისთვის მოეთხოვათ კანდიდატების დასახელებამდე სახელმწიფო უშიშროების ყოფილ ორგანოსთან მათი კავშირის შემოწმება, პარტიებს ამის უფლება დასახელების შემდეგ მისცეს. საბოლოოდ, კანდიდატების გადაყენების პრაქტიკული ზომები დადგინდა არჩევნების ჩატარებამდე მხოლოდ 12 დღით ადრე. ყოველივე ეს აისახა სერიოზულ პრაქტიკულ სირთულეებში და წარმოიქმნა სამართლებრივი გამოწვევები, რომლებიც უნდა გადაეწყვიტათ განსაკუთრებულად შეზღუდულ დროში.
დასკვნა: დარღვევა (ხუთი ხმა ორის წინააღმდეგ).
მუხლი 13 – ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომელსაც მთავრობა ეყრდნობოდა, კერძოდ, ,,ზიანისთვის სახელმწიფო პასუხისმგებლობის შესახებ“ 1988 წლის კანონის საფუძველზე სარჩელის წარდგენა, თავისთავად ვერ მიიჩნეოდა ეფექტურად. სარჩელის საბოლოოდ დაკმაყოფილებაც არ იქნებოდა საკმარისი, ვინაიდან მას მხოლოდ კომპენსაციის მიკუთვნებამდე მიჰყავდი. სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა, რომ არჩევნების კონტექსტში მხოლოდ ისეთი სამართლებრივი დაცვის საშუალება მიიჩნეოდა ეფექტურად, რომელიც უზრუნველყოფდა დემოკრატიული პროცესის სათანადო გამოვლინებას. არჩევნების ჩატარებამდე შეზღუდული დროის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ სიტუაცია გამოსწორდებოდა მხოლოდ არჩევნების ჩატარების შემდგომი სამართლებრივი დაცვის საშუალებით, რომლის მეშვეობითაც კანდიდატებს შეეძლებოდათ საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატურის წამოყენების უფლების ვინდიკაციის მოთხოვნა იმ ორგანოს წინაშე, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა არჩევნების შედეგების გაუქმების უფლებამოსილებით. ბულგარული კანონმდებლობის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კომპეტენტური იყო განეხილა საპარლამენტო არჩევნების კანონიერებასთან დაკავშირებული საჩივრები, მისი განხილვის ფარგლები ნათელი და ცალსახა დათქმების ნაკლებობის გამო გაურკვეველი იყო. საბოლოოდ, მხოლოდ შეზღუდული კატეგორიის ადამიანები ან ორგანოები იყვნენ უფლებამოსილნი გადაეცათ საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და საარჩევნო პროცესის მონაწილეებს პირდაპირ არ შეეძლოთ მოეთხოვათ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე საქმის განხილვის დაწყება.
დასკვნა: დარღვევა (ხუთი ხმა ორის წინააღმდეგ).
მუხლი 41 – დარღვევის დადგენა წარმოადგენდა საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის. დამატებით იხილეთ Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy