Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N194
2016 წლის მარტი
პინტო კოელიო პორტუგალიის წინააღმდეგ(no.2) (Pinto Coelho v. Portugal (no.2))
(საჩივარი- 48718/11)
გადაწყვეტილება, 22 მარტი, 2016
მე-10 მუხლი
ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება
ჟურნალისტის მსჯავრდება, სასამართლო სხდომის ჩანაწერის ნებართვის გარეშე გავრცელებისთვის: დარღვევა დადგინდა
ფაქტები – წინამდებარე საქმეში მომჩივანია სოფია პინტო კოელიო, ტელეჟურნალისტი და კორესპოდენტი, რომელიც იურიდიულ საკითხებს აშუქებს. იგი დამნაშევედ ცნეს ახალი ამბების რეპორტაჟში სასამართლო სხდომის ხმოვანი ჩანაწერების ნაწყვეტების გაშუქებისთვის, რომელიც მას მოსამართლის ნებართვის გარეშე ჰქონდა მოპოვებული. საქმე, რომელიც პინტო კოელიომ გააშუქა, ეხებოდა 18 წლის მამაკაცის სისხლისსამართლებრივ მსჯავრდებას დამამძიმებელ გარემოებებში მობილური ტელეფონის ქურდობისთვის. ქ-ნი პინტო კოელიო საკუთარ სატელევიზიო რეპორტაჟში ამტკიცებდა, რომ მოპასუხე უნდა გამართლებულიყო და რომ სასამართლომ დაუშვა შეცდომა. მან საკუთარ რეპორტაჟში, ასევე გამოიყენა კადრები სასამართლო დარბაზიდან, ხმოვანი ჩანაწერები სუბტიტრებით და ბრალდების და დაცვის მხარის მიერ მოწმეთა დაკითხვა, სადაც მათი და სამი მოსამართლის ხმები ციფრულად იყო შეცვლილი. ნაწყვეტებს მოყვებოდა ქ-ნი პინტო კოელიოს კომენტარი, სადაც იგი ცდილობდა წარმოეჩინა, რომ დაზარალებულებმა ვერ ამოიცნეს ბრალდებული სასამართლო პროცესზე, და მხარს უჭერდა ბრალდებულის განცხადებას, რომ ინციდენტის დროს იგი სამსახურში იმყოფებოდა.
მალევე, ეროვნული სასამართლოს თავმჯდომარემ, რომელიც აღნიშნულ საქმეს ხელმძღვანელობდა, საჩივარი შეიტანა ქ-ნი პინტო კოელიოს წინააღმდეგ და ამტკიცებდა, რომ სასამართლო სხდომის ჩანაწერების გაშუქების ნებართვა არ იყო გაცემული, რითაც ირღვეოდა სისხლის სამართლის კოდექსის 348-ე მუხლი. ჟურნალისტი დამნაშავედ იქნა ცნობილი სასამართლო ბრძანების შეუსრულებლობისთვის და დაეკისრა ჯარიმა 1 500 ევროს ოდენობით. ყველა ეროვნული საშუალების ამოწურვის შემდეგ, ქ-ნმა პინტო კოელიომ საჩივარი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც აცხადებდა, რომ მე-10 მუხლის შესაბამისად დაირღვა მისი, როგორც ჟურნალისტის გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლება.
სამართალი - წინამდებარე საქმეში სტრასბურგის სასამართლოს არსებითი მიზანი იყო დაედგინა ბალანსი ჟურნალისტის მიერ საზოგადოების ინფორმირების საჯარო ინტერესსა და სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძებლობის შენარჩუნების ინტერესის წინააღდეგ.
ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პრინციპში, ჟურნალისტები უნდა ემორჩილებოდნენ კანონს, ასევე საჯარო ინტერესის მქონე სისხლისსამართლებრივი საქმის გაშუქებისას. სასამართლომ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქ-ნ პინტო კოელიოს ჩანაწერები უკანონო გზით არ ჰქონია მოპოვებული, როგორც ჟურნალისტს მას უნდა სცოდნოდა, რომ ჩანაწერების უნებართვო გაშუქება არღვევდა სისხლის სამართლის კოდექსის 348-ე მუხლს. სტრასბურგის სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ახალი ამბების რეპორტაჟის გასვლისას გადაწყვეტილება საქმეზე უკვე გამოტანილი იყო და ამიტომ არ არსებობდა რაიმე პირობა იმისათვის, რომ აუდიო ჩანაწერების გაშუქებას შესაძლოა ჰქონოდა რაიმე უარყოფითი გავლენა მართლმსაჯულების სათანადო განხორციელებაზე. გარდა ამისა, სხდომა იყო საჯარო და მოწმეებს, რომელთა ჩვენებებიც გაშუქდა, არ გაუსაჩივრებიათ ეს ფაქტი. სასამართლომ ასევე, მიზანშეწმონილად მიიჩნია ხაზგასმით აღენიშნა, რომ მოწმეთა ხმები იყო შეცვლილი, რამაც შეამცირა პორტუგალიის სასამართლო ხელისუფლების, მოწმეთა და მოსამართლეთა ხმების პირადი ცხოვრების უფლების ჭრილში, დაცვის ინტერესი. ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მე-10 მუხლი, ასევე იცავს იდეებისა და ინფორმაციის გამოხატვის საშუალებას და რომ მოსამართლეებს არ აქვთ უფლება საკუთარი მოსაზრებები მოახვიონ პრესას თუ როგორ უნდა წარმოადგინონ ამ უკანასკნელებმა საკუთარი სიუჟეტი.
სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, ეროვნულმა ხელისუფლებამ საკმარისად არ დაასაბუთა დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ამას შესაძლოა მსუსხავი ეფექტი ჰქონოდა ჟურნალისტების მიერ საჯარო ინტერესის მქონე საკითხების გაშუქებაზე. საბოლოოდ, სასამართლომ ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა.
დასკვნა: დარღვევა დადგინდა (ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ).
41-ე მუხლი: დარღვევის დადგენა წარმოადგენდა საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის. მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად კი მომჩივანს 1500 ევრო მიეკუთვნა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები