Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე
2010 წლის ივლისი
პოციუსი ლიეტუვას წინააღმდეგ (Pocius v. Lithuania)
(საჩივარი- N35601/04)
გადაწყვეტილება, 6 ივლისი, 2010 [მე-2 სექცია]
მე-6 მუხლი
ფაქტები: წინამდებარე საქმეზე მომჩივანი არის ვიდას პოციუსი - დაბადებული 1962 წ., რომელიც არის ლიეტუვას მოქალაქე და ცხოვრობს კაუნასში (ლიეტუვაში). აღნიშნული საქმე ეხება პოლიციის საიდუმლო დოკუმენტებში მომჩივნის სახელის, როგორც ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზიის მფლობელის, შეტანას. მოცემულ დოკუმენტებში, მომჩივანი განიხილება როგორც საზოგადოებისთვის საშიში. შედეგად, მას გაუუქმდა ლიცენზია.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტზე დაყრდნობით (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მომჩივანი დავობს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რომლითაც ის ეჭვქვეშ აყენებს მისი სახელების ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებში მოხვედრას, იყო არასამართლიანი რადგან საიდუმლო ინფორმაცია მის შესახებ არ ყოფილა გაცხადებული მისი განმეორებითი მოთხოვნის მიუხედავად.
სამართალი: სასამართლო, პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი - საქმის სამართლიანი განხილვის ფართო განმარტების ერთ-ერთი ელემენტი - მოითხოვს, რომ ყველა მხარეს მიენიჭოს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომლებიც მხარეს არ აყენებს არსებით არახელსაყრელ მდგომარეობაში მოწინააღმდეგის წინაშე (იხ. სხვა დანარჩენთან ერთად კრესი საფრანგეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა]). პრინციპში, მასში ასევე იგულისხმება, მხარეთა შესაძლებლობა გაეცნონ და განიხილონ ყველა მტკიცებულება ან მოსაზრება, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა სასამართლო გადაწყვეტილებაზე (იხ. ფრეტე საფრანგეთის წინააღმდეგ).
მიუხედავად ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაბამისი მტკიცებულებების გამჟღავნება არ არის აბსოლუტური უფლება. ნებისმიერ სამართალწარმოებაში შეიძლება არსებობდეს სხვა ინტერესები, როგორებიცაა ეროვნული უსაფრთხოება ან იმ მოწმეთა დაცვის საჭიროება, რომლებიც იმყოფებიან შურისძიების საშიშროების წინაშე ან პოლიციის მიერ გამოძიების მეთოდების საიდუმლოდ შენახვა. ზოგიერთ შემთხვევაში, აუცილებელია დაცვის მხარის ცალკეულ მტკიცებულებებზე უარის თქმა, რათა დაცული იქნეს სხვა პირის ძირითადი უფლებები ან მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი. თუმცა, ზომები რომლებიც ზღუდავს დაცვის მხარის უფლებასკონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით დასაშვებია მხოლოდ მკაცრად აუცილებლობის შემთხვევაში. უფრო მეტიც, იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირმა ისარგებლოს საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, ნებისმიერი სახის სირთულე, რომელიც დაცვის მხარეს შეექმნება მისი უფლებების შეზღუდვით, დაბალანსებული უნდა იყოს საკმარისი პროცედურული გარანტიებით, სასამართლო ხელისუფლების მიერ (იხ. ჯასპერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [დიდი პალატა]).
იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულებაზე უარია ნათქვამი საჯარო ინტერესების საფუძველზე, ევროპული სასამართლოს როლი არ არის გადაწყვიტოს არის თუ არა გაუმჟღავნებლობა მკაცრად აუცილებელი, როგორც წესი, ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა შეაფასონ მათ წინაშე არსებული მტკიცებულებები. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრ საქმეში, მათ შორის მოცემულ საქმეში, როდესაც სადავო მტკიცებულება არ გამოვლენილა, შეუძლებელია ევროპულმა სასამართლომ შეაფასოს საჯარო ინტერესი. ამიტომ მან ზედმიწევნით უნდა შეისწავლოს გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, რათა რამდენადაც შესაძლებელია უზრუნველყოს შეჯიბრებითობის პროცესი და თანასწორობა, ასევე უზრუნველყოს ბრალდებულის ინტერესების ადეკვატური დაცვა. წინამდებარე საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ აღნიშნული პრინციპები შეიძლება ასევე გამოყენებული იქნეს ლიეტუვას ეროვნულ სასამართლოებთან მიმართებით.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო ადგენს, რომ სახელმწიფო არ დავობს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ოპერატიული დოკუმენტების შინაარსი, რომელთა საფუძველზეც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება მომჩივნის წინააღმდეგ არ ყოფილა მათთვის გამჟღავნებული. ევროპული სასამართლო არ არის გულგრილი იმ მიზნების მიმართ, რომლებსაც ლიეტუვას სამართალდამცავი ორგანოები ემსახურებოდნენ ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში. ანალოგიურად, სასამართლო იზიარებს მთავრობის მოსაზრებას, რომ სახელმწიფო საიდუმლოების შემადგენელი დოკუმენტების გამჟღავნება შეიძლება მხოლოდ იმ პირებისთვის, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი ავტორიზაცია. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ლიეტუვას კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა ითვალისწინებს, რომ ასეთი ინფორმაცია შეიძლება არ იქნეს პირის წინააღმდეგ გამოყენებული მტკიცებულებად სასამართლოში, მანამ სანამ, იგი არ იქნება დეკლასიფიცირებული და რომ ეს შეიძლება არ იყოს ერთადერთი მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას.
როგორც ჩანს, წინამდებარე საქმეში გაუმჟღავნებელი მტკიცებულება ლიეტუვას ეროვნული სასამართლოების მიერ საკითხის გადაწყვეტას უკავშირდება. მომჩივანი დავობდა, რომ მისი სახელი უსაფუძვლოდ იყო მოხსენიებული ოპერატიულ დოკუმენტებში. დასკვნის გამოსატანად, იყო თუ არა მომჩივანი ჩარეული რაიმე სახის დანაშაულებრივ ქმედებაში, მოსამართლეებისთვის აუცილებელი იყო რიგი ფაქტორების შესწავლა, მათ შორის პოლიციის ოპერატიული საქმიანობის და მომჩივნის დანაშაულში სავარაუდო მონაწილეობის ბუნება და მოცულობა. ჰქონდა თუ არა დაცვის მხარეს საშუალება დაერწმუნებინა მოსამართლეები იმაში, რომ პოლიცია მოქმედებდა საკმარისი საფუძლის გარეშე, და რომ მომჩივნის სახელი ამოღებული უნდა ყოფილიყო ოპერატიული დოკუმენტებიდან. შესაბამისად, აღნიშნულ დოკუმენტში არსებული მონაცემები, იყო გადამწყვეტი მომჩივნის საქმეში (იხ. ლუკა იტალიის წინააღმდეგ).
რაც უფრო მნიშვნელოვანია, როგორც ლიეტუვას ეროვნული სასამართლოების მსჯელობიდან ირკვევა, ოპერატიული დოკუმენტები წარმოადგენდა ერთადერთ მტკიცებულებას მომჩივნის წინააღმდეგ. ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა არაერთხელ მოითხოვა ამ ინფორმაციის მისთვის გამჟღავნება. თუმცა, ეროვნულმა ხელისუფლებამ - პოლიციამ და სასამართლოებმა - უარი უთხრეს ამ მოთხოვნაზე. მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუვას მოსამართლეებმა, მომჩივნის სარჩელზე უარის თქმამდე, დახურულ კარს მიღმა გამოიკვლიეს ოპერატიული დოკუმენტები, მომჩივანს მხოლოდ საკუთარი დასკვნები წარუდგინეს. შესაბამისად, მომჩივანს არ ჰქონდა შესაძლებლობა შეეფასებინა მტკიცებულება მის წინააღმდეგ ან ეპასუხა მისთვის, პოლიციისგან განსხვავებით, რომელიც ეფექტურად სარგებლობდა ამ უფლებით (იხ. გულიევი ლიტვის წინააღმდეგ).
შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ გადაწყვეტილების გამოტანის პროცედურა არ შეესაბამება მხარეთა თანასწორობის პრინციპის მოთხოვნებს და არ ითვალისწინებს მომჩივნის ინტერესების დასაცავად შესაბამის გარანტიებს. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ საქმეში დადგინდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy