Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N69
2004 წლის ნოემბერი
პროკოპოვიჩი რუსეთის წინააღმდეგ (Prokopovich v. Russia)
(საჩივარი- N58255/00)
გადაწყვეტილება, 18 ნოემბერი, 2004 [1-ლი სექცია]
მე-8 მუხლი
საცხოვრისის დაცულობის უფლება
ფაქტები: მომჩივანი მეგობარ მამაკაცთან ერთად (ისინი არ იყვნენ დაქორწინებულები) ცხოვრობდა ბინაში, რომელიც მისმა პარტნიორმა სახელმწიფოსგან მიიღო. ბინაში ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რა დროსაც მათ ერთობლივად მოაწყვეს იგი, იყიდეს საყოფაცხოვრებო ნივთები და იყოფდნენ კომუნალურ გადასახადებს, მომჩივნის პარტნიორი გარდაიცვალა. გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ხელისუფლების შესაბამისმა ორგანომ ბინა სხვა პირს მიაკუთვნა და მომჩივანს დაუყოვნებლივ მოთხოვა მისი დატოვება. მომჩივანმა მიმართა ეროვნულ სასამრთლოებს და მოითხოვა, რომ ის ეღიარებინათ მისი პარტნიორის ოჯახის წევრად. რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის სარჩელი იმ საფუძვლით, რომ დადგენილი არ იყო, აღიარა თუ არა ბინასთან დაკავშირებით მისი უფლებები მისმა პარტიორმა და ასევე, მომჩივანს იურიდიულ მისამართად მითითებული ჰქონდა ის ბინა, სადაც ადრე ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანმა წარმოადგინა მეზობლების განცხადებები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ იგი პარტნიორთან ერთად ოჯახურ ცხოვრებას ეწეოდა, სასამართლომ მტკიცებულებებად არ ცნო ისინი. მომჩივანმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება წარუმატებლად გაასაჩივრა.
სამართალი: მე-8 მუხლი - არსებობდა დამაჯერებელი და უდავო ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები და მომჩივნისგან მიღებული ცნობები, რომელთა დაყრდნობითაც სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ მომჩივანს ჰქონდა საფუძვლიანი და ხანგრძლივი კავშირი პარტნიორის ბინასთან იმისათვის, რომ ის კონვენციის მე-8 მუხლის მიზნებისთვის მის „სახლად“ მიჩნეულიყო. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მომჩივნის იურიდიული საცხოვრებელი ადგილი მისი ქალიშვილის ბინა იყო, მთავრობას [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს წინაშე სამართლაწარმოების მიმდინარეობისას არ მიუთითებია, თუ რომელი სხვა უძრავი ქონება შეიძლება მიჩნეულიყო ყოფილიყო მომჩივნის სახლად. ამრიგად, სახელმწიფო ორგნოების მიერ მომჩივნის ბინიდან გაძევება წარმოადგენდა საცხოვრისის დაცულობის უფლებაში ჩარევას. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის შესაბამისი კანონმდებლობის, კერძოდ კი - RSFSR საბინაო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად სახლიდან გაძევება დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში და სასამართლოს ბრძანების საფუძველზე. ამგვარ პროცედურას კი მომჩივნის საქმეში ადგილი არ ჰქონია. ვინაიდან არ არსებობდა სახლიდან გაძევების დადგენილი პროცედურისგან გადახვევის გამამართლებელი გარემოებები და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ბინის სხვა პირისთვის მიკუთვნება მოხდა წინა მობინადრის გარდაცვალებიდან სულ რაღაც შვიდ დღეში, უფლებაში ჩარევა ვერ აკმაყოფილებდა სტრასბურგის სასამართლოს შეფასების პირველ - „კანონის შესაბამისობის“ ტესტს. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი და აუცილებლობას აღარ წარმოადგენდა იმის შეფასება, იყო თუ არა უფლებაში ჩარევა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: სასამართლომ მომჩივანმა არამატერიალური ზიანისა და ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების მიზნით 6 120 ევრო მიაკუთვნა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy