Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to republish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights database HUDOC.
ფირცხალავა და ცააძე საქართველოს წინააღმდეგ
Pirtskhalava and Tsaadze v. Georgia
საჩივარი N29714/18
23 მარტი 2023
ფაქტები
მომჩივნები, ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე, არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დაიბადნენ 1968 და 1972 წლებში. იმ დროისთვის, პირველი მომჩივანი იყო შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (სადავო პოლიციის ოპერაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი დეპარტამენტი), ხოლო მეორე მომჩივანი იყო ამ დეპარტამენტის უფროსი ოფიცერი.
2006 წელს თბილისში, პოლიციის ოპერაციის დროს, ორი მოქალაქე ჩაცხრილეს. მომჩივნებთან ერთად იმყოფებოდა დაახლოებით 50 პოლიციელი. საქმე ეხება მომჩივნების ბრალდებას ღონისძიებაში მათი როლისათვის, სხვა ცხრა პირთან ერთად. დანარჩენი შვიდი პირის წინააღდეგ საქმე გამოეყო პირველხსენებულს (სადაც ისინი მომჩივნებთან ერთად იყვნენ თანაბრალდებულები) ხოლო ეს უკანასკნელი ოფიცრები, სხვებთან ერთად, გახდნენ მოწმეები მომჩივნების წინააღმდეგ. მომჩივნები მსჯავრდებულნი იყვნენ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლზე (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დაყრდნობით, მომჩივნები სტრასბურგის სასამართლოს წინაშე დავობენ, რომ მათი ნასამართლეობა ეფუძნება პოლიციელების არასანდო ჩვენებებს, რომლებიც ადრე მათი თანაბრალდებულნი იყვნენ. ბ-ნი ფირცხალავა ასევე დავობს, რომ მან ვერ შეძლო თავის სასარგებლოდ გარკვეული მოწმეების გამოძახება.
კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა
35. ევროპული სასამართლოს წინაშე მოჩივნები დავობდნენ, რომ მათ ვერ ისარგებლეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რადგან მათი მსჯავრდებები არსებითად ეფუძნებოდა შვიდი ოფიცერის - თავდაპირველად მომჩივნების თანაბრალდებულების - არასანდო განცხადებებს, რომლებიც მოათავსეს ერთსა და იმავე საკანში, სადაც შეეძლოთ შეთანხმებულიყვნენ საერთო ჩვენებაზე მომჩივნების წინააღმდეგ. მომჩივნებმა ასევე განაცხადეს, რომ ამ ოფიცრების წინააღმდეგ ბრალდებები მოგვიანებით საერთოდ მოხსნილი იქნა. პირველი მომჩივანი ასევე დავობდა, რომ მან ვერ შეძლო დაცვის მხარის 10 მოწმის სასამართლოში გამოძახება და დაკითხვა. მომჩივნები დავობდნენ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ და მე-3 (დ) მუხლებთან მიმართებით.
სასამართლოს შეფასება
(ა) ზოგადი პრინციპები
50. მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულია საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, ის არ ადგენს რაიმე წესს მტკიცებულების დასაშვებობის შესახებ რაც, პირველ რიგში, ეროვნული კანონმდებლობის რეგულირების საკითხს წარმოადგენს (იხ. Schenk v. Switzerland, 12 July 1988, § 46, Series A no. 140; Jalloh v. Germany [GC], no. 54810/00, §§ 94‑96, ECHR 2006‑IX; და Moreira Ferreira v. Portugal (no. 2) [GC], no. 19867/12, § 83, 11 July 2017).
51. განასხვავებენ მტკიცებულების დასაშვებობას (ანუ საკითხს იმის შესახებ, თუ რომელი მტკიცებულების ელემენტები შეიძლება წარედგინოს შესაბამის სასამართლოს განსახილველად) და დაცვის უფლებებს იმ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც ფაქტობრივად იქნა წარდგენილი სასამართლოში. ასევე არსებობს განსხვავება ამ უკანასკნელსა (ანუ სათანადოდ არის თუ არა უზრუნველყოფილი დაცვის უფლებები მიღებულ მტკიცებულებებთან მიმართებით) და სასამართლოს მიერ ამ მტკიცებულების შემდგომ შეფასებას შორის, საქმისწარმოების დასრულების შემდეგ. დაცვის მხარის უფლებების თვალსაზრისით, მე-6 მუხლით გათვალისწინებული საკითხები შეიძლება წარმოიშვას იმის თაობაზე, იყო თუ არა ბრალდებულის სასარგებლოდ ან მის წინააღმდეგ წარმოებული მტკიცებულება წარმოდგენილი ისე, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (იხ. Ayetullah Ay v. Turkey, nos. 29084/07 და 1191/08, § 125, 27 October 2020, სხვა მითითებებთან ერთად).
52. შესაბამისად, სასამართლოს როლი არ არის, განსაზღვროს, დასაშვებია თუ არა მტკიცებულებების კონკრეტული სახეები - მაგალითად, უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებები ეროვნული კანონმდებლობის თვალსაზრისით, ან, მართლაც იყო თუ არა მომჩივანი დამნაშავე. პასუხი უნდა გაეცეს იმ საკითხს, იყო თუ არა სამართლიანი საქმისწარმოება მთლიანობაში, მათ შორის მტკიცებულებების მოპოვების გზის მხრივ. ეს გულისხმობს სადავო „არაკანონიერების“ და, როდესაც საქმე ეხება სხვა კონვენციის უფლების დარღვევას, აღმოჩენილი დარვევის ბუნების გამოკვლევას (იხ. Bykov v. Russia [GC], no. 4378/02, § 89, 10 March 2009; Lee Davies v. Belgium, no. 18704/05, § 41, 28 July 2009; და Prade v. Germany, no. 7215/10, § 33, 3 March 2016).
53. იმის დადგენისას, იყო თუ არა პროცესი სამართლიანი მთლიანობაში, ასევე უნდა გავითვალისწინოთ, დაცული იყო თუ არა დაცვის მხარის უფლებები. კერძოდ, უნდა დადგინდეს, მიეცათ თუ არა მომჩივნებს მტკიცებულების ავთენტურობის გასაჩივრების და მის გამოყენებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა (იხ. Szilagyi v. Romania (dec.), no. 30164/04, 17 December 2013). გარდა ამისა, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულების ხარისხი, მათ შორის, გარემოებები რომლებშიც იგი იქნა მიღებული, ეჭვქვეშ აყენებს თუ არა მის სანდოობასა და სიზუსტეს (იხ. სხვა მითითებებთან ერთად Bykov, ციტირებული ზემოთ, § 90; Lisica v. Croatia, no. 20100/06, § 49, 25 February 2010; და Ayetullah Ay, ციტირებული ზემოთ, § 126). მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანობის პრობლემა აუცილებლად არ წარმოიქმნება იქ, სადაც მოპოვებული მტკიცებულება არ იყო მხარდაჭერილი სხვა მასალებით, შეიძლება აღინიშნოს, რომ სადაც მტკიცებულება ძალიან ძლიერია და არ არსებობს მისი არასანდოობის რისკი, დამატებითი მტკიცებულებების საჭიროება შესაბამისად ნაკლებად არსებობს (იხ. Lee Davies, ციტირებული ზემოთ, § 42; Bykov, ციტირებული ზემოთ, § 90; და Bašić v. Croatia, no. 22251/13, § 48, 25 October 2016). ამასთან დაკავშირებით, ასევე შეიძლება კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება პროკურატურას და ნებისმიერი ეჭვი ბრალდებულს სარგებელს მოუტანს (იხ. Ayetullah Ay, ციტირებული ზემოთ, § 126).
54. იმის დადგენისას, იყო თუ არა საქმისწარმოება მთლიანობაში სამართლიანი, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული საჯარო ინტერესის მნიშვნელობა ამ კონკრეტული დანაშაულის გამოძიებისა და მსჯავრდებისას, და შეფასდეს მის წინააღმდეგ მტკიცებულებების კანონიერად შეგროვების ინდივიდუალური ინტერესის წინააღმდეგ (იხ. Jalloh, ციტირებული ზემოთ, § 97, და Prade, ციტირებული ზემოთ, § 35).
(ბ) აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
55. სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ მომჩივნები დავობდნენ, რომ მათი მსჯავრდება ეფუძნებოდა მათ წინააღმდეგ ოფიცრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც (ა) მოთავსებულნი იყვნენ ერთსა და იმავე წინასწარი მოთავსების იზოლატორში, ეროვნული კანონმდებლობის დარღვევით, და შესაბამისად მათ მიეცათ შესაძლებლობა შეთანხმებულიყვნენ საკუთარ ჩვენებებთან დაკავშირებით, და (ბ) თანამშრომლობდნენ ხელისუფლებასთან და ადანაშაულებდნენ მომჩივნებს, ბრალდებისგან საკუთარი იმუნიტეტის სანაცვლოდ. წინამდებარე საქმეში ეს საკითხები მჭიდროდაა დაკავშირებული.
56. რაც შეეხება საჩივარს შვიდი ოფიცერის მიერ მიცემული ჩვენებების არასანდოობასთან დაკავშირებით იმის გამო, რომ ისინი ერთ წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს, მხარეები არ დავობენ იმის თაობაზე, რომ ამ პირებმა რამოდენიმე თვე გაატარეს საერთო საკანში, ეროვნული კანონმდებლობის აშკარა დარღვევით. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასამართლოები განიხილავდნენ მომჩივანთა არგუმენტს ამ საკითხთან დაკავშირებით, იმ მსჯელობით, რომ ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები აღარ ირღვეოდა იმ დროისთვის როდესაც შვიდმა ოფიცერმა მისცა მომჩივნების წინააღმდეგ ჩვენება, მათ არსებითად გაუთვალისწინებელი დატოვეს არგუმენტის არსი იმ რისკთან დაკავშირებით, რომ ოფიცრების ერთსა და იმავე საკანში მოთავსებით მათ შეეძლოთ შეთანხმებულიყვნენ ფაქტების საერთო ვერსიაზე, რომელსაც საბოლოოდ გადასცემდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაბამისი მოწმეების ერთსა და იმავე საკანში მოთავსება, იმის მიუხედავად, ამით მათ მიეცათ თუ არა შესაძლებლობა შეთანხმებულიყვნენ საერთო ჩვენებაზე, ძნელად თუ შეუწყობდა ხელს მომჩივნებისა და საზოგადოების ნდობის შენარჩუნებას გამოძიების მიმართ (იხ. Enukidze and Girgvliani v. Georgia, no. 25091/07, § 257, 26 April 2011).
57. გარდა ამისა, რაც შეეხება მომჩივნების არგუმენტს იმ სავარაუდო უპირატესობებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ მოწმეებმა მიიღეს პროკურატურის ორგანოებისგან მათი განცხადებების სანაცვლოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიება შვიდი ოფიცრის მიმართ (რომლებიც თავდაპირველად მომჩივნების თანაბრალდებულები იყვნენ) გამოეყო მომჩივნების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებს არ მიეცათ საშუალება შეწინააღმდეგებოდნენ აღნიშნულ გამოყოფას (იხ. Navalnyy and Ofitserov v. Russia, nos. 46632/13 and 28671/14, § 104, 23 February 2016), სტრასბურგის სასამართლო მზადაა დაეთანხმოს პროკურორის არგუმენტს - კერძოდ, იმის შესახებ, რომ როგორც აღნიშნული ოფიცრების ადვოკატებმა აცნობეს მთავრობას, ისინი არ აპირებდნენ გაესაჩივრებინათ ბრალდების მხარის მიერ მათ წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები - წარმოადგენდა, ერთი შეხედვით, გონივრულ დასაბუთებას. რაც შეეხება ამ შვიდი ოფიცერის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებაში ცვლილებებს, ის, როგორც ჩანს, ეფუძნებოდა ეროვნული სასამართლოების დასკვნებს ოფიცრების ზედამხედველთან დაკავშირებით.
58. მიუხედავად ამისა, შვიდი ოფიცერის წინააღმდეგ საქმე დაჩქარებული წესით განხილვის ნაცვლად კერ კიდევ განხილვის პროცესში იყო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მომჩივნების მიმართ გადაწყვეტილების გამოტანისთვის. უფრო მეტიც, ოფიცრების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა მთლიანად შეწყდა გაურკვეველ საფუძველზე, მალევე მას შემდეგ რაც სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო მომჩივნები. მთავრობას ამ კუთხით ევროპული სასამართლოსთვის ახსნა-განმარტება არ წარმოუდგენია და არც ეროვნულ სასამართლოებს განუხილავთ ეს საკითხი. ამ გარემოებებში, არ შეიძლება ითქვას, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა განიხილეს მომჩივნების არგუმენტი მთლიანობაში (იხ. Adamčo v. Slovakia, no. 45084/14, §§ 65-67, 12 November 2019). გარდა ამისა, და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა ოფიცრების უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლების პატივისცემის მნიშვნელობა, როგორც ჩანს, სადავო განცხადებები განიხილებოდა ეროვნული სასამართლოების მიერ, როგორც ნებისმიერი რიგითი მტკიცებულება. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი შემოწმების ინტენსივობა თანამონაწილის მტკიცებულებებთან მიმართებით, დაკავშირებულია იმ უპირატესობის მნიშვნელობასთან, რომელსაც თანამონაწილე იძენს მის მიერ მიცემული მტკიცებულებების სანაცვლოდ (იხ. Erdem v. Germany (dec.), no. 38321/97, 9 December 1999).
59. თუმცა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ზემოაღნიშნული ხარვეზების გავლენა სასამართლო პროცესის სამართლიანობაზე, ყველა სხვა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით, თითოეული საქმის გარემოებიდან გამომდინარე (იხ. მაგალითისთვის, Xenofontos v. Cyprus, nos. 68725/16 and 2 others, § 79, 25 October 2022; იხ. ასევე Shiman v. Romania (dec.), no. 12512/07, § 33, 2 June 2015, და Oddone and Pecci v. San Marino, nos. 26581/17 and 31024/17, § 106, 17 October 2019).
60. ამ კონტექსტში, სასამართლოს მხედველობიდან არ რჩება ის ფაქტი, რომ მტკიცებულებები ორი მომჩივნის წინააღმდეგ, მათ შორის, ზემოაღნიშნული შვიდი მომჩივნის ჩვენებები, წარმოდგენილი იყო საჯარო განხილვის დროს, მომჩივნებისა და მათი წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც არ იყვნენ შეზღუდულნი მონაწილეობა მიეღოთ ამ მოწმეების ჯვარედინ დაკითხვაში (იხ. Cornelis v. the Netherlands (dec.), no. 994/03, ECHR-V (ამონარიდები)) და რომ საქმის განმხილველ სასამართლოს შეეძლო დაკვირვებოდა მათ ქცევას სასამართლო პროცესზე (შედარებისთვის იხ. Oddone and Pecci, ციტირებული ზემოთ, § 109). დაცვის მხარე ასევე არ ყოფილა შეზღუდული წარმოედგინა მოვლენათა საკუთარი ვერსია და შესაბამისი მტკიცებულებები.
61. რაც მთავარია, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ შვიდი ოფიცრის მიერ მიცემული სადავო ჩვენებები არ ყოფილა გადამწყვეტი მომჩივნების მსჯავრდებისათვის (შედარებისთვის იხ. Adamčo, ციტირებული ზემოთ, §§ 58 და 71). სადავო განცხადებების გარდა, მომჩივნების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში არსებობდა კომპლექსური მტკიცებულებები, მათ შორის, დამოუკიდებელი თვითმხილველის ჩვენებები და სასამართლო ექსპერტიზის დასკვნები (შედარებისთვის იხ. Habran and Dalem v. Belgium, nos. 43000/11 and 49380/11, § 105, 17 January 2017, და Dragoş Ioan Rusu v. Romania, no. 22767/08, § 55, 31 October 2017).
62. ის ფაქტი, რომ პირველი მომჩივანი იყო პოლიციის სპეცოპერაციის ხელმძღვანელი, სადავო არ ყოფილა. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მან დაგეგმა და განახორციელა ოპერაცია კანონიერი საფუძვლის გარეშე და პირადი შურისძიების მიზნით, ეფუძნებოდა მოწმეების ჩვენებებსა და დოკუმენტებს, რომლებიც არ იყო დაკავშირებული შვიდ ოფიცერთან. ის დასკვნა, რომ სროლა არ ყოფილა დაზარალებულების მიერ პროვოცირებული, გარდა შვიდი ოფიცრის მიერ მიცემული ჩვენებებისა, ეყრდნობოდა ორი დამოუკიდებელი თვითმხილველის ჩვენებას, რომლებიც მანქანით მოძრაობდნენ მსხვერპლის მანქანის უკან და მრავალ სასამართლო ექსპერტიზასა და დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ მსხვერპლის მანქანიდან არ მომხდარა გასროლა. დამოუკიდებელმა თვითმხილველმა, კ.გ-მ, ამოიცნო პირველი მომჩივანი როგორც ერთ-ერთი პირი, რომელიც ისროდა მსხვერპლის მანქანის მიმართულებით. რაც შეეხება მეორე მომჩივანს, მის მიერ ე.წ. „საკონტროლო გასროლა“ დადასტურდა ორი დამოუკიდებელი თვითმხილველის მიერ. ის ფაქტი, რომ ორი მსხვერპლი ცოცხალი იყო მეორე მომჩივნის გასროლამდე, დადასტურდა დამოუკიდებელი თვითმხილველებისა და შემდგომი სასამართლო ექსპერტიზის დასკვნებით. გარდა ამისა, ეროვნულმა სასამართლოებმა უპასუხეს მომჩივნების სხვა არგუმენტებს მათ წინააღმდეგ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. ერთადერთი გარემოება, რასაც შვიდი მომჩივანი აცხადებს და არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით, იყო საცობების (საგზაო მოძრაობის შეფერხების) ხელოვნური შექმნა პოლიციის ოპერაციის განსახორციელებლად. თუმცა, მისი დამატებითი როლის გათვალისწინებით (see Garib v. the Netherlands [GC], no. 43494/09, § 137, 6 November 2017 ; see also Tonkov v. Belgium, no. 41115/14, § 49, 8 March 2022), სასამართლო არ მიიჩნევს, რომ ეს ელემენტი არსებითია მომჩივნების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ განიხილა მომჩივნების საჩივარი რომელიც ეხებოდა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დასკვნის გამოტანისას შვიდი ოფიცერის განცხადებებზე დაყრდნობას და დაასკვნა, რომ ასეთი მტკიცებულებების გამორიცხვა არ გამოიწვევდა მომჩივნების გამართლებას მათ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის სხვა მასალების, მათ შორის, თვითმხილველების ჩვენებების გათვალისწინებით. სტრასბურგის სასამართლო არ მიიჩნევს ამგვარ მსჯელობას თვითნებურად ან აშკარად არაგონივრულად.
63. ზემოაღნიშნული მოსაზრებებიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ მთლიანობაში სისხლის სამართალწარმოება იყო სამართლიანი.
შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას.