Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N197
2016 წლის ივნისი
რამადანი მალტის წინააღმდეგ (Ramadan v. Malta)
(საჩივარი- N76136/12)
გადაწყვეტილება, 21 ივნისი, 2016 [მე-4 სექცია]
მე-8 მუხლი
მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილი
პირადი ცხოვრების დაცულობა
მოჩვენებითი ქორწინების გაუქმების შემდეგ პირის მიერ მოქალაქეობის დაკარგვა: დარღვევა არ დადგინდა
ფაქტები: საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მომჩივანმა, რომელიც თავდაპირველად ეგვიპტის მოქალაქე იყო, მოიპოვა მალტის მოქალაქეობა მას შემდეგ, რაც ცოლად მოიყვანა მალტის მოქალაქე. მოქალაქეობა გააუქმა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ეროვნული სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის მიხედვით ქორწინება ბათილი იყო იმ საფუძვლით, რომ მომჩივნის დაქორწინების ერთადერთი მიზეზი მალტაში დარჩენა და მალტის მოქალაქეობის მოპოვება იყო. მომჩივანი ასაჩივრებდა მისთვის მალტის მოქალაქეობის ჩამორთმევას, აცხადებდა რა, რომ ამის შემდეგ ის მოქალაქეობის არმქონე პირი გახდა, ვინაიდან მან უარი თქვა ეგვიპტის მოქალაქეობაზე, რათა მალტის მოქალაქე გამხდარიყო.
სამართალი: მე-8 მუხლი - სტრასბურგის სასამართლომ, პირველ რიგში, აღნიშნა, რომ მოქალაქეობის დაკარგვას იმავე (და შესაძლოა უფრო დიდი) გავლენა აქვს პირის პირად და ოჯახურ ცხოვრებაზე, როგორც პირისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს. ამდენად, მოქალაქეობის თვითნებურმა ჩამორთმევამ გარკვეულ გარემოებებში შესაძლოა წარმოშვას კონვენციის მე-8 მუხლით განსახილველი საკითხი, პირის პირად ცხოვრებაზე მისი გავლენის გამო. მიუხედავად ამისა, სტრასბურგის სასამართლომ წინამდებარე საქმეზე კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა არ დაადგინა, მიიჩნია რა, რომ მოცემულ გარემოებებში მომჩივნისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არ იყო თვითნებური. სასამართლომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით და მას თან ახლა პროცედურულ სამართლიანობასთან შესაბამისი განხილვები. აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ მომჩივნისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მისი ტყუილის შედეგი იყო. ნამდვილად, მის მიერ გასაჩივრებული ქმედებები მეტწილად გამოწვეული იყო მისი არჩევანითა და საქციელით. ამას გარდა, მომჩივანს არ ემუქრებოდა მალტიდან გაძევება - ყველაფრის მიუხედავად მას შესაძლებლობა ჰქონდა გაეგრძელებინა მალტაში ბიზნეს საქმიანობა და ცხოვრება. მას ასევე შეეძლო განცხადება შეეტანა ბინადრობის ნებართვაზე, რაც საბოლოოდ მას მოქალაქეობის მიღების უფლების მქონედ აქცევდა. დამატებით, მომჩივანმა სტრასბურგის სასამართლო ვერ დაარწმუნა იმაში, რომ მან უარი თქვა ეგვიპტის მოქალაქეობაზე, აგრეთვე ვერ აჩვენა, რომ ამ ფაქტის ჭეშმარიტების შემთხვევაში მას არ შეეძლო ეგვიპტის მოქალაქეობის კვლავ მოპოვება.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ)
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy