დოკუმენტი მომზადებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის განზოგადებისა და სტატისტიკის სამსახურის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Tbilisi City Court, International and Domestic Court Practice Generalisation and Statistics Unit (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
დიდი პალატა
რამანაუსკასი ლიტვის წინააღმდეგ
(RAMANAUSKAS v. LITHUANIA)
(საჩივარი №. 74420/01)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
5 თებერვალი 2008
საქმეზე რამანაუსკასი ლიტვის წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნოკოლას ბრატცა, თავმჯდომარე
ჟან-პოლ კოსტა, ლიტვის სახელით,
ხრისტოს როზაკისი,
ბოშტიან მ. ზუპანჩიჩი,
პერ ლორენცენი,
ფრანსუა ტულკენსი,
ირენე კაბრა ბარეტო,
რიზა ტიურმენი,
კორნელიუ ბირსანი,
ანდრაშ ბაკა,
მინდია უგრეხელიძე,
ანტონელა მულარონი,
სტანისლავ პავლოვჩი,
ელისაბეთ ფურა-სანდსტრომი,
ხანლარ ჰაჯიევი,
დინ სპილმენი,
რენატე იეგერი, მოსამართლეები,
და მაიკლ ო’ბოილი, მდივნის მოადგილე,
2007 წლის 28 მარტისა და 12 დეკემბრის დახურული თათბირის შედეგად,
მიიღო ეს გადაწყვეტილება უკანასკნელად მითითებული თარიღით.
პროცედურა
1. საქმისწარმოების დაწყების საფუძველი იყო სასამართლოს წინაშე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე, ლიტვის რესპუბლიკის წინააღმდეგ, ლიტვის მოქალაქის, ბატონ კესტას რამანაუსკასის („მომჩივანი“) მიერ, 2001 წლის 17 აგვისტოს წარდგენილი საჩივარი (№ 74420/01).
2. მომჩივანი, რომელსაც გაეწია სამართლებრივი დახმარება, წარმოდგენილი იყო ბატონი გირძიუზასის, კაუნასში მოღვაწე ადვოკატის მიერ. ლიტვის მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი, ქალბატონი ე. ბალტუტიტე.
3. მომჩივანი, კერძოდ, ჩიოდა, რომ იგი გახდა პროვოკაციის მსხვერპლი და, რომ მას არ მიეცა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე მთავარი მოწმის დაკითხვის შესაძლებლობა.
4. საჩივარი დაეწერა მეორე სექციას, (სასამართლოს რეგლამენტის 52-ე წესის 1-ლი პუნქტის თანახმად). დანიუტ ჟოსიენმა, ლიტვიდან არჩეულმა მოსამართლემ, საქმე აიცილა. შესაბამისად, მთავრობამ, მის ნაცვლად, დანიშნა ჟან-პოლ კოსტა, საფრანგეთიდან არჩეული მოსამართლე (კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე წესის 1-ლი პუნქტის თანახმად).
5. 2005 წლის 26 აპრილს საჩივარი ნაწილობრივ მისაღებად გამოცხადდა მეორე სექციის პალატის მიერ, შემდეგი შემადგენლობით: ანდრაშ ბაკა, ჯან-პოლ კოსტა, რიზა ტიურმენი, კარელ იუნგვრიტი, მინდია უგრეხელიძე, ანტონელა მულარონი, და ელისაბეთ ფურა-სანდსტრიომი, მოსამართლეები
და სტენლი ნეისმიტი, სექციის მდივნის მოადგილე. 2006 წლის 19 სექტემბერს პალატამ საქმე დიდ პალატას გადასცა, საქმის გადაცემას არცერთი მხარე შეწინააღმდეგებია (კონვენციის 30-ე მუხლი და 72-ე წესი).
6. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 27-ე მუხლის მე-2-3 პუნქტებისა და 24-ე წესის დებულებების თანახმად.
7. არც მომჩივანს და, არც მთავრობას არსებით მხარესთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრებები არ წარუდგენია.
8. მოსმენა გაიმართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობაში 2007 წლის 28 მარტს.
სასამართლოს წინაშე წარდგენენ:
(ა) მთავრობის სახელით
ქალბატონი ე. ბალტუტიტე, წარმომადგენელი,
ქალბატონი ს. ბალკუნიუნი მრჩეველი;
(b) მომჩივნის სახელით
ქალბატონი ა. ვოსილიუტე, ადვოკატი,
ბატონიკ. რამანაუსკასი, მომჩივანი.
სასამართლომ მოისმინა ქალბატონების: ბალტუტიტეს და ვოსილიუტეს მიმართვები.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
9. მომჩივანი არის ლიტვის მოქალაქე, დაბადებული 1966 წელს და ცხოვრობს კეშადორში.
10. იგი წარსულში მუშაობდა პროკურორად კეშადორის რაიონში.
11. მომჩივანმა მიუთითა, რომ 1998 წლის ბოლოსა და 1999 წლის დასაწყისში მისი პირადი ნაცნობის VS-ს მეშვეობით, მას დაუახლოვდა AZ, რომელსაც მანამდე არ იცნობდა. AZ-მ მას სთხოვა მესამე პირის გამართლების უზრუნველყოფა, რის სანაცვლოდაც შესთავაზა ქრთამი 3 000 აშშ დოლარი. მომჩივანმა თავიდან იუარა, მაგრამ შემდეგ დასთანხმდა AZ-ს, მას შემდეგ, რაც მან კიდევ რამდენჯერმე გაუმეორა შეთავაზება.
12. გამოძიებამ დაადგინა, რომ VS და AZ დაუახლოვდნენ მომჩივანს და მასთან ერთად შეთანხმდნენ ქრთამის მიცემაზე, საკუთარი ინიციატივით, ხელისუფლების წარმომადგენელთათვის წინასწარ შეუტყობინებლად. ისინი ამტკიცებდნენ, რომ AZ-ს ჰქონდა ეჭვი, რომ მომჩივანს წარსულშიც ჰქონდა აღებული ქრთამი.
13. დაუდგენელი თარიღით AZ-მ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ანტიკორუფიული საპოლიციო განყოფილების (Specialiųjų tyrimų tarnyba – „STT“) ოფიცერმა, მის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ მომჩივანი დასთანხმდა ქრთამის აღებას.
14. 1999 წლის 26 იანვარს STT-მ მიმართა გენერალური პროკურორის მოადგილეს, დანაშაულის სიმულაციის გეგმის სანქცირებისათვის („გეგმა“ – იხილეთ 32-ე პარაგრაფი ქვემოთ). შუამდგომლობაში მითითებული იყო შემდეგი:
„უფროსმა კომისარმა [გმ], [STT]-ს ოპერატიული სამსახურის უფროსმა, მოიპოვა რა, ინფორმაცია [მომჩივნის] დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით, გამოავლინა, რომ [მომჩივანი] იღებს ქრთამს, ვინაიდან ის დასთანხმდა დახმარებოდა ბრალდებულს, ანაზღაურების სანაცვლოდ.
დანაშაულის სიმულაციის გეგმის განხორციელებისთვის, რომლის მიზანია [მომჩივნის] უკანონო ქმედებების გამოვლენა, ჩაწერა და აღკვეთა, STT-ს თანამდებობის პირი [AZ] გადასცემს დაახლოებით 12 000 ლიტს ან, საჭიროების შემთხვევაში, მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.
გეგმის განსახორციელებლად, [AZ] მოახდენს [სისხლის სამართლის კოდექსის] 284-ე და 329-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებრივი ქმედებების სიმულაციას.
ოპერატიული საქმიანობის შესახებ კანონის მე-11 მუხლის თანახმად, ქვემორე ხელისმომწერი გენერალური პროკურორის მოადგილისგან ითხოვს დანაშაულის სიმულაციის გეგმის სანქცირებას, ერთი წლის ვადით.
შუამდგომლობა ეფუძნება წინასწარი გამოძიების დროს მოპოვებულ ინფორმაციას.”
15. 1999 წლის 26 იანვარს STT-მ წერილობით მიმართა გენერალური პროკურორის მოადგილეს, რომელშიც გეგმა შემდეგი ფორმით იყო ჩამოყალიბებული.
“[STT]-ს თანამდებობის პირებმა მოიპოვეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ [მომჩივანი] იღებს ქრთამს.
დანაშაულის სიმულაციის გეგმის განხორციელებისას, რომლის მიზანია [მომჩივნის] დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენა, ჩაწერა და აღკვეთა, [STT]-ს თანამდებობის პირი [AZ] განახორციელებს ქრთამის შეთავაზების და სავალუტო და ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის დარღვევის სიმულაციას.
აღნიშნულის გათვალისწინებით და ოპერატიული საქმიანობის შესახებ კანონის მე-11 მუხლის თანახმად, გთხოვთ, გასცეთ თანხმობა დანაშაულის სიმულაციის გეგმაზე და შესაბამისად [AZ] გაათავისუფლოთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან [სისხლის სამართლის კოდექსის] 284-ე და 329-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რომელთა სიმულაციაც განზრახულია.
[გეგმა] STT-ს ოფიცრების მიერ განხორციელდება ცალკე ოპერატიული მოქმედების გეგმის საფუძველზე.
გეგმის განხორციელება დაფინანსდება STT-ს რესურსებით..”
16. 1999 წლის 27 იანვარს გენერალური პროკურორის მოადგილემ გასცა მოთხოვნილი თანხმობა ხელმოწერითა და ოფიციალური ბეჭდის დასმით. ეს დოკუმენტი წარმოადგენდა გეგმის საბოლოო ვერსიას.
17. 1999 წლის 28 იანვარს მომჩივანმა მიიღო 1500 აშშ დოლარი AZ-სგან.
18. 1999 წლის 11 თებერვალს AZ-მ მომჩივანს გადასცა დარჩენილი 1,000 აშშ დოლარი.
19. იმავე დღეს გენერალურმა პროკურორმა დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ქრთამის აღების გამო მომჩივნის საქმეზე, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებული იყო იმ დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლით.
20. 1999 წლის 17 მარტს გენერალურმა პროკურორმა მომჩივანი გაათავისუფლა თანამდებობიდან კორუფციასთან დაკავშირებული საფუძვლით. პროკურატურის შესახებ კანონის შესაბამის ნორმებზე დაყრდნობით, გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მომჩივანი გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისთვის და პროკურატურის მოხელეთა დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედებებისთვის.
21. დაუდგენელი თარიღით წინასწარი გამოძიება დასრულდა და საქმე გადაეცა კაუნასის საოლქო სასამართლოს. პროცესის მიმდინარეობისას მომჩივანმა დანაშაული აღიარა, მაგრამ ის ამტკიცებდა, რომ AZ-სგან განიცდიდა გადამეტებულ ზეწოლას, რომ ჩაედინა დანაშაული.
22. 2000 წლის 18 ივლისს გენერალური პროკურორის მოადგილემ კაუნასის საოლქო სასამართლოს მოსამართლეს ნება დართო, გაემჟღავნებინა გეგმის დეტალები, „იმის გათვალისწინებით, რომ ეს არ დააზიანებდა“ იმ პირებისა და თანამდებობის პირების ინტერესებს, ვინც პროცესში იყვნენ ჩართულები.
23. 2000 წლის 29 აგვისტოს კაუნასის სამხარეო სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ ცნო AZ-სგან 2 500 აშშ დოლარის ოდენობით ქრთამის აღებაში, იმ დროისათვის მოქმედი, სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და სასჯელის ზომად განუსაზღვრა 19 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლომ ასევე მიიღო მისი 625 ლიტვური ლიტის (LTL) ღირებულების ქონების კონფისკაციის გადაწყვეტილება. სასამარლომ დაადგინა: პირველი, რომ AZ-მ მომჩივანს პირველად მისცა ქრთამი 1999 წლის 28 იანვარსა და 11 თებერვალს გამართულ შეხვედრებზე, იმ დაპირების სანაცვლოდ, რომ მომჩივანი ჩაერეოდა მესამე პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში და მეორე, AZ დაუკავშირდა და მოლაპარაკებები აწარმოა მომჩივანთან VS-ს მეშვეობით.
24. სასამართლოს დასკვნები ძირითადად ეფუძნებოდა AZ-ს მიერ მიცემულ ჩვენებებს და მომჩივანთან მისი საუბრების ფარულ ჩანაწერებს. სასამართლომ ასევე დაკითხა AP, პროკურორი, რომელიც იგივე რაიონულ განყოფილებაში მუშაობდა, რომლის მტკიცებულებაც არ გასცდენია სიტყვიერ დადასტურებას, რომ მომჩივანი მესამე პირის (MN) სისხლის სამართლის საქმეს უძღვებოდა AZ-ის მითითებით. VS სასამართლოში დაკითხვაზე დაბარებული არ ყოფილა, მისი მისამართის დაუდგენლობის გამო, მაგრამ სასამართლოში წაკითხულ იქნა მის მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენება. თუმცა, კაუნასის საოლქო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო აღნიშნული მომჩივნის ბრალეულობის დადგენისას. სასამართლოს განაჩენი არ შეიცავდა რაიმე მსჯელობას გეგმის სანქცირებისა და მისი განხორციელების შესახებ.
25. 2000 წლის 26 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლომ, მომჩივნის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, უცვლელი დატოვა განაჩენი, დაადგინა რა, რომ ადგილი არ ჰქონია წაქეზებას და თანამდებობის პირებს არ განუხორციელებიათ ზეწოლა მომჩივანზე, რათა მას ჩაედინა დანაშაული.
26. 2000 წლის 23 ნოემბერს მომჩივანმა წარადგინა საკასაციო საჩივარი. რომელიც დიდწილად ემყარებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს 2000 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებას (იხილეთ 34-ე პარაგრაფი ქვემოთ), იგი მიუთითებდა, რომ არ არსებობდა საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევდა წაექეზებინა პირი ან მოეხდინა მისი პროვოცირება დანაშაულის ჩასადენად. ამასთან დაკავშირებით, იგი მიუთითებდა, რომ მან არაერთხელ წარუმატებლად მოითხოვა პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებისგან, განეხილა AZ-სა და VS-სგან მომდინარე ის ზეგავლენა, რამაც შექმნა წინაპირობა მისთვის, ჩაედინა დანაშაული. იგი ასევე დავობდა, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა მხედველობაში არ მიიღეს ფაქტი, რომ AZ იყო პოლიციის ოფიცერი და არა კერძო პირი. იგი ამტკიცებდა, რომ AZ-მ წააქეზა იგი, აეღო ქრთამი. უფრო მეტიც, იგი ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდა ვალიდური საფუძველი მის წინააღმდეგ საიდუმლო ოპერაციის წამოსაწყებად და, რომ მათ გადააჭარბეს თავიანთი ჩვეულებრივი საგამოძიებო უფლებამოსილების ფარგლებს მისი გამოწვევით, ჩაედინა დანაშაული. იგი ასევე მიუთითებდა, რომ სასამართლო პროცესზე არ დაკითხულა VS.
27. 2001 წლის 27 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის საკასაციო საჩივარი გადაწყვეტილებით, რომელიც შემდეგ პასაჟებს შეიცავს:
„საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება რომ [მომჩივნის] თავისუფალი ნება უგულვებელყოფილი იყო ან რაიმე სხვა ფორმით იყო შეზღუდული იმგვარად, რომ მას არ შეეძლო აეცილებინა უკანონო ქმდება. [AZ]-ს არც უბრძანებია [მომჩივნისთვის] ჩართულიყო იმ პირთან ურთიერთობაში, რომელიც მას ქრთამს სთავაზობდა, არც დამუქრებია მას. მან ზეპირად სთხოვა დახმარება [მესამე პირის წინააღმდეგ] პროცესის შეწყვეტაში ... კ. რამანაუსკასმა გააცნობიერა, რომ ეს თხოვნა უკანონო იყო ... [და] შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ იგი მართებულად ცნო დამნაშავედ ...
[მომჩივანი] არ ეთანხმება [გეგმის] კანონიერებას ..., მიუთითებს რა, რომ საქმე ააშკარავებს ქრთამის ასაღებად მისი წაქეზების (kurstymas) ნათელ მაგალითს სპეციალური სამსახურის ოფიცრების მხრიდან... [როგორც იგი მიუთითებს, კანონის თანახმად], დანაშაულის სიმულაციის სანქცირება დაუშვებელია დანაშაულის მომზადების ან ჩადენის შესახებ მტკიცებულებების უქონლობის შემთხვევაში. შესაბამისად, მისი მოსაზრებით, ასეთი პროცედურა არ შეიძლება ამართლებდეს პირის ან პირთა წაქეზებას დანაშაულის ჩასადენად. თუ გეგმა გამოყენებული იყო ამ მიზნისთვის, ეს უკანონობა აღმოჩნდებოდა და შესაბამისად ამ გზით მოპოვებული ინფორმაცია არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო მტკიცებულებად ... გეგმა არ შეიძლებოდა ყოფილიყო მოწონებული და განხორციელებული, თუ პირს არ დაუგეგმავს ან არ უცდია დანაშაულის ჩადენა, რისი მტკიცებულებაც წარდგენილი უნდა ყოფილიყო პროკურორთან ... საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ [თანამდებობის პირებს] დაუკავშირდნენ [VS] და [AZ] მათი პირველი შეხვედრის შემდეგ კ. რამანაუსკასთან, რომლის დროსაც იგი დასთანხმდა, რომ შეასრულებდა თხოვნას 3 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, შესაბამისად, [თანამდებობის პირები], რომლებმაც განახორციელეს გეგმის სანქცირება, მხოლოდ შეუერთდნენ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც უკვე მიმდინარეობდა.
...
საქმის მასალები არ შეიცავს რაიმე მტკიცებულებას, რომ [VS] არის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ... [AZ] არის STT-ში პოლიციის მძღოლი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს უკრძალავს მას იმოქმედოს საკუთარი პასუხისმგებლობით. არ არსებობს მტკიცებულება, რომ [VS]-მ და [AZ]-მ პოლიციის ინსტრუქტაჟით წარმართეს მოლაპარაკება კ. რამანაუსკასთან. თუმცა, დადგენილია, რომ [VS]-მ და [AZ]-მ პოლიციის მითითებით გადასცეს მას ფული.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩადენის პროვოკაცია (provokacija) მსგავსია, მაგრამ არ არის წაქეზების ეკვივალენტური, რომელიც წარმოადგენს პირის შეგულიანებას, ჩაიდინოს დანაშაული ..., რაც გამოიწვევს მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმგვარად, რომ ამ საფუძვლით იგი შეიძლება გასამართლებულ იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ქმედება მორალურად გასაკიცხია, ტერმინი „პროვოკაცია“ არ გამოიყენება არც სისხლის სამართლის, ან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში და, არც 1997 წლის 22 მაისის ოპერატიული საქმიანობის შესახებ კანონში. სამართლებრივი თვალსაზრისით პროვოკაცია არ წარმოადგენს იმ გარემოებას, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს პირს, რომელიც გამოიწვიეს დანაშაულის ჩასადენად.
რამდენადაც საქმის მასალები შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებს [VS]-ს და [AZ]-ს მოქმედებებთან დაკავშირებით, მანამ სანამ დანაშაულის სიმულაციის გეგმაზე თანხმობის განცხადება მოხდებოდა, ძნელია იმის დადგენა, თუ ვინ იყო ქრთამის მიცემისა და აღების ინიციატორი (iniciatorius), ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვინ ვის უბიძგა მიეცა, ან აეღო ქრთამი. [VS] ... მიუთითებდა, რომ მას შემდეგ, რაც იგი დაუკავშირდა კ. რამანაუსკასს იმის სათხოვნელად, რომ შეწყვეტილიყო სისხლის სამართლის საქმე [მესამე პირის წინააღმდეგ], კ. რამანაუსკასი პირველი იყო, ვინც განაცხადა, რომ საქმეს 3 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოაგვარებდა. თავის მხრივ, [AZ]-მ ... განაცხადა, რომ კ. რამანაუსკასმა მას უთხრა, რომ საქმის შეწყვეტა 3 000 აშშ დოლარი დაჯდებოდა. თავის ჩვენებაში კ. რამანაუსკასი ამტკიცებდა, რომ [VS]-მ ჰკითხა მას 3 000 აშშ დოლარი თუ იქნებოდა საკმარისი საქმის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად. ამ პირობებში არ შეიძლებოდა რაიმე დონეზე იმის მტკიცება, თუ ვინ იყო ქრთამის აღების ინიციატორი, არც იმაზე მითითება შეიძლებოდა, რომ [VS]-მ და [AZ]-მ წააქეზეს კ. რამანაუსკასი, აეღო ქრთამი. უფრო მეტიც, არ არსებობს მიზეზი დასკვნისათვის, რომ [VS]-მ და [AZ]-მ მოახდინეს კ. რამანაუსკასის პროვოცირება, ჩაედინა დანაშაული, ქრთამის აღების ფორმით. ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ინიციატივა (iniciatyva) მიემართათ კ. რამანაუსკასისთვის, რომ შეწყვეტილიყო საქმე [მესამე პირის წინააღმდეგ] მომდინარეობდა [AZ]-სგან.
თუმცა, რა თქმა უნდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ პასუხი კითხვაზე, ნამდვილად გამოიწვია (palenkė), თუ სხაგვარად უბიძგა (sukurstė), თუ არა პირმა სხვას, შეეთავაზებინა, ან აეღო ქრთამი, არ აქვს რაიმე მნიშვნელობა, რამდენადაც არსებითია მომჩივნის ქცევის სამართლებრივი შეფასება. წაქეზება (kurstymas) დანაშაულის ჩასადენად არის თანამონაწილეობის ერთ-ერთი ფორმა. სისხლის სამართლის იმ მიმართულების მიხედვით, რომელიც თანამონაწილეობას იკვლევს, წაქეზება არის კონსპირაციის ფორმა. პირი, რომელიც ჩადის დანაშაულს, წაქეზების შემდეგ, ატარებს იგივე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, რასაც იგი, ვინც მოქმედებს საკუთარი ნებით ... თუნდაც იმის დაშვებისას, რომ კ. რამანაუსკასი წაქეზებული იყო [VS]-ს და [AZ]-ს მიერ, აეღო ქრთამი, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ წაქეზება გამოიხატა შეთავაზების ფორმით და არა მუქარის ან შანტაჟის ფორმით. მას, შესაბამისად, შეეძლო, რომ შეწინააღმდეგებოდა (და უნდა შეწინააღმდეგებოდა კიდეც) უკანონო შეთავაზებას. ... კ. რამანაუსკასის ჩვენებიდან გამომდინარე, მან გააცნობიერა იმ მოქმედებების შინაარსი, რის განხორციელებასაც მას სთხოვდნენ და მიიღო [ქრთამი] საკუთარი ნებითი მოქმედებით...
ამავე დროს, უნდა აღინიშნოს ქრთამის აღების სპეციფიური მახასიათებელია ის, რომ ეს არის დანაშაული, რომელშიც ერთი მხარე ყოველთვის ინიციატორია. სახელმწიფო მოხელე, რომელმაც იშუამდგომლა ქრთამის მიცემა, არის წამქეზებელი [მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის - „სსკ“] 284-ე მუხლის თანახმად, იმაში რომ იგი წააქეზებს (kursto) სხვა პირს გადაუხადოს მას ქრთამი, [ჩაიდინოს] იმ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. [პირი], ვინც სთავაზობს ქრთამს საჯარო მოხელეს, უდავოდ, წარმოადგენს წამქეზებელს სსკ-ს 282-ე მუხლის თანახმად, შეთავაზებით იგი წააქეზებს თანამდებობის პირს, აიღოს ქრთამი, ანუ, ჩაიდინოს იმ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება ... ორივე პირი, როგორც ქრთამის მიმცემი, ისე, ქრთამის მიმღები, მოქმედებენ თავიანთი თავისუფალი ნებით ... და შეუძლიათ იმოქმედონ მათ მიერ არჩეული ფორმით. პირი, ვინც განზრახ ირჩევს დანაშაულებრივ ქმედებას, მაშინ, როდესაც შესაძლებლობა აქვს შეეწინააღმდეგოს წაქეზებას, მართებულად ექვემდებარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, იმ გარე ფაქტორების მიუხედავად, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის არჩევანზე ...“
28. 2001 წლის 27 მარტიდან მომჩივანი იხდიდა სასჯელს. იგი ციხეში დარჩა 2002 წლის 29 იანვრამდე, როდესაც იგი პირობით ვადამდე გათავისუფლდა.
29. მეტიც, მისთვის დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა გაუქმდა 2002 წლის ივლისში. 2003 წლის იანვარში მისი ნასამართლობა გაქარწყლდა.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
30. იმ დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი დასჯადად აცხადებდა ქმედებებს: ქრთამის აღებას (282-ე მუხლი), ქრთამის შეთავაზებას (284-ე მუხლი) სავალუტო და ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის დარღვევას (მუხლი 329).
31. იმ დროისათვის მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლი და დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლი (ძალაშია 2003 წლის 1 მაისიდან) ითვალისწინებს, რომ წაქეზება თანამონაწილეობის ერთ-ერთი ფორმაა და დანაშაულის ჩადენისას ისჯება დახმარების სხვა ფორმებთან ერთად (დახმარება და წაქეზება, ორგანიზება, აღსრულება). ეს დებულებები წამქეზებელს (kurstytojas) განმარტავს, როგორც პირს, ვინც გამოიწვევს (palenkė) სხვა პირს დანაშაულის ჩასადენად. ტერმინი kurstymas (რომელიც ასევე შეიძლება ითარგმნოს, როგორც წახალისება ან წაქეზება) შიდა სამართლებრივ დოქტრინაში გამოიყენება თანამონაწილეობის სახის მნიშვნელობით.
32. ოპერატიული საქმიანობის შესახებ კანონი (Operatyvinės veiklos įstatymas) ამოქმედდა 1997 წელს და ძალაში იყო 2002 წლის 27 ივნისამდე. კანონის მე-2(12) მუხლი „დანაშაულის სიმულაციის გეგმას“ (Nusikalstamos veikos imitacijos elgesio modelis) განსაზღვრავდა, როგორც დანაშაულებრივი ელემენტების შემცველი ქმედებების ჩადენას, მაგრამ გამართლებული იყო იმით, რომ ემსახურებოდა სახელმწიფოს, საზოგადოების და ცალკეული პირების საუკეთესო ინტერესებს.
კანონის 4(2) მუხლი ითვალისწინებდა ოპერატიულ მოქმედებებს, ამ კანონის მიზნებისთვის, როცა:
(ა) ხელისუფლებამ არ იცოდა იმ პირის ვინაობა, ვინც ამზადებდა ან ჩაიდინა მძიმე დანაშაული;
(ბ) ხელისუფლებამ მოიპოვა „დადასტურებული წინასწარი ინფორმაცია“ დანაშაულებრივი ქმედების შესახებ;
(გ) ხელისუფლებამ მოიპოვა „დადასტურებული წინასწარი ინფორმაცია“ პირის მონაწილეობის შესახებ დანაშაულებრივ ორგანიზაციაში;
(დ) ხელისუფლებას გაუჩნდა ეჭვი უცხოური საიდუმლო სამსახურების მოქმედებებთან დაკავშირებით; ან
(ე) ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან მსჯავრდებული მიიმალა.
კანონის 7.2.3 მუხლი ითვალისწინებდა, რომ ხელისუფლებას შეეძლო ჩართულიყო გეგმაში მხოლოდ ერთი რომელიმე აღწერილი სცენარის შემთხვევაში და მხოლოდ მაშინ, თუ აღნიშნული კანონის მე-10 და მე-11 მუხლის მოთხოვნები იქნებოდა დაკმაყოფილებული.
კანონის მე-10 და მე-11 მუხლები გენერალურ პროკურორს ან მის მოადგილეს უფლებამოსილებას ანიჭებდა გაეცა თანხმობა დანაშაულის სიმულაციის გეგმაზე, პოლიციის ან საგამოძიებო ორგანოს წარდგინების შემთხვევაში. წარდგინება თანხმობის გაცემაზე, სხვასთან ერთად, უნდა შეიცავდეს მითითებას მოქმედებების ფარგლებზე, რისი სიმულაციაც უნდა მომხდარიყო (სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებების დახასიათება) და ოპერაციის ამოცანები, მისი შუალედური და საბოლოო მიზნებით. კანონის 8.1.3 მუხლი ხელისუფლების წარმომადგენლებს ავალდებულებს, დაიცვას პირები ქმედითი ზეწოლისგან, რომ ჩაიდინონ დანაშაული მათი ნების წინააღმდეგ.
კანონის 13.3 მუხლი აწესებს სპეციალური ტექნიკის მეშვეობით მოპოვებული მტკიცებულებების ეჭვქვეშ დაყენების უფლებას.
33. სისხლის სამართლის საქმეზე, რასაც მოჰყვა საქმე პასევიჩიუსი და ბაგდონასი ლიტვის წინააღმდეგ (Pacevičius and Bagdonas v. Lithuania) (№ 57190/00, ამორიცხულ იქნა სასამართლოს განსახილველ საქმეთა სიიდან 2003 წლის 23 ოქტომბერს), სააპელაციო სასამართლომ მიიღო განაჩენი 1999 წლის 29 აპრილს, რომელშიც, inter alia, აღნიშნულია:
„ოპერატიული საქმიანობის შესახებ კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს [დანაშაულებრივი ქმედების სიმულაციის გეგმას] როგორც ქმედებების რიგს, რომელიც შეიცავს დანაშაულის ელემენტებს, მაგრამ გამართლებულია სახელმწიფოს, საზოგადოების ან ფიზიკური პირის საუკეთესო ინტერესებით. ... გეგმა შეიძლება მოწონებულ იქნეს მხოლოდ [საპოლიციო] მიზნებისთვის და არ ვრცელდება დანაშაულის ჩამდენ პირებზე.
შუამდგომლობა [პოლიციისა მის საქმეში გეგმაზე თანხმობის მისაღებად] მიუთითებდა დაგეგმილი ოპერაციების მიზანზე, კერძოდ, ყველა პირის იდენტიფიცირებაზე, ვინც ჩართული იყო [ადამიანების] ტრეფიკინგის ქსელში.
რა თქმა უნდა, [პოლიციის] ოფიცრები ვერ იწინასწარმეტყველებენ, ვინ მიიღებს მონაწილეობას ამ დანაშაულში ... [პროკურატურის] ერთ-ერთი მიზანი, გეგმის სანქცი რებისას, იყო კრიმინალური დაჯგუფების წევრების ვინაობის დადგენა.“
1999 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში, იგივე საქმეზე უმაღლესმა სასამართლომ, პოლიციის საიდუმლო აგენტებთან დაკავშირებით, მიუთითა შემდეგზე:
“[მომჩივნებისთვის] ცნობილი არ იყო მიმდინარე ოპერაციის შესახებ იმ დროისათვის, როდესაც მათ ჩაიდინეს დანაშაული. მათ ბრალი დაედოთ მასში, რომ ჩაიდინეს ადამიანების ტრეფიკინგი, ვინც უკანონოდ გადალახეს ლიტვის საზღვარი. როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 82.1.ე მუხლი ითვალისწინებს, დანაშაული ჩადენილად ითვლება, როდესაც დადგინდება პირდაპირი განზრახვა [მომჩივნების] შეცდომა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შინაარსთან დაკავშირებით, არ ენიჭება მნიშვნელობა მათი ქმედების სამართლებრივი შეფასებისთვის. მას შემდეგ, რაც მათ ბრალი დაედოთ [ადამიანების] ტრეფიკინგში, მათ ქმედებები ობიექტურად მოექცა 82.1 მუხლით აღწერილი ქმედების არეალში ... შესაბამისად მათი მოქმედება მართებულად დაკვალიფიცირდა, როგორც დასრულებული დანაშაული. ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაცემული თანხმობა [გეგმაზე] ატარებდა ერთადერთ - ტრეფიკინგში ჩართულ პოლიციის ოფიცრების ქმედებების ლეგიტიმაციის მიზანს.“
34. 2000 წლის 8 მაისს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოპერატიული საქმიანობის შესახებ კანონი ძირითადად შეესაბამებოდა კონსტიტუციას. კერძოდ, მან მიუთითა, რომ გეგმა შეიცავდა ოპერატიული საქმიანობის სპეციფიურ ფორმას ფარული და სხვა საიდუმლო საშუალებების გამოყენებით იმისათვის, რომ გამოძიებული ყოფილიყო ორგანიზებული და სხვა მძიმე დანაშაულები. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ფარული საშუალებების გამოყენება, როგორც ასეთი, არ ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და, მით უფრო, კონსტიტუციას, რამდენადაც ასეთი ზომები ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კანონი მკაფიოდ განსაზღვრავდა მიზანსა და პროცედურას ოპერატიული საქმიანობის სხვადასხვა ფორმის, მათ შორის, გეგმის გამოყენების მიზნისთვის.
კერძოდ, მიუთითა რა, საქმეზე ტეიშეირა დე კასტრო პორტუგალიის წინაღმდეგ (Teixeira de Castro v. Portugal) (9 ივნისი 1998, გადაწყვეტილებების და განჩინებების ანგარიშები 1998-IV), საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ დანაშაულის სიმულაციის გეგმა არ შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო დანაშაულის ჩასადენად წაქეზების (kurstoma) ან პროვოკაციისათვის (provokuojama), რომელიც ჯერ კიდევ არ ყოფილა წამოწყებული. ასევე აღნიშნა, რომ გამოძიების ეს ტექნიკა თანამდებობის პირებს არ რთავდა ნებას, წაექეზებინათ დანაშაულის ჩადენა იმ პირის მიერ, ვინც ხელი აიღო დანაშაულის ჩადენაზე. [საკონსტიტუციო სასამართლომ] დაამატა ისიც, რომ გეგმაზე თანხმობის გაცემითა და განხორციელებით, საგამოძიებო ორგანოები და მათი საიდუმლო აგენტები შეზღუდული იყვნენ „იმ სისხლისსამართლებრივ ქმედებებში ჩართვით, რომლებიც დაწყებული, იყო, მაგრამ არა დასრულებული“. საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ საერთო სასამართლოების მიერ უნდა განხილულიყო წაქეზების მტკიცების ან გეგმის ბოროტად გამოყენების სხვა შემთხვევების საქმეები და ცალკეულ შემთხვევებში უნდა დადგენილიყო, ხომ არ გასცდნენ გამოძიების თანამდებობის პირები იმ სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც იყო გეგმა სანქცირებული.
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ გეგმის სანქცირება არ წარმოადგენდა პოლიციის ოფიცრისთვის ან მესამე პირისთვის, რომელიც მოქმედებდა, როგორც საიდუმლო აგენტი, იმის უფლების მინიჭებას, რომ ჩაედინათ დანაშაული, არამედ, მხოლოდ, ქვეყნის შიდა კანონმდებლობიდან გამომდინარე, ლეგიტიმურს ხდიდა აგენტის მხრიდან იმ ქმედებების ჩადენას, რაც მას უნდა განეხორციელებინა დანაშაულის სიმულაციის დროს. ოპერატიული საქმიანობის, მათ შორის, [სიმულაციის] გეგმის, მთავარი მიზანი იყო სისხლის სამართლის გამოძიების ხელშეწყობა და ამასთან დაკავშირებით ის ექცეოდა, როგორც პროკურატურის, ისე სასამართლოს კომპეტენციის სფეროში. შესაბამისად, გეგმა არ საჭიროებდა სასამართლოს მიერ თანხმობას და საკმარისი იყო პროკურორის მიერ სანქცირება, საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში განხორციელებული საუბრების საიდუმლო აუდიო და ვიდო-ჩანაწერები, კანონის თანახმად, არ საჭიროებდა სასამართლოს მიერ სანქცირებას და, რომ ეს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იყო. კანონის 10.1 მუხლის თანახმად, მხოლოდ სტაციონარული მოწყობილობების მეშვეობით საკაბელო ქსელის ან სათვალთვალო ტექნიკის გამოყენება საჭიროებდა სასამართლოს ბრძანებას.
III. შესაბამისი საერთაშორისო კანონმდებლობა
35. ევროსაბჭოს სისხლის სამართლის კონვენცია კორუფციის შესახებ (ETS №173, 27 იანვარი 1999) 23-ე მუხლში ითვალისწინებს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა მიიღოს აუცილებელი საკანონმდებლო და სხვა ზომები, სპეციალური საგამოძიებო ტექნიკის ჩათვლით, რათა მათ ჰქონდეთ ამ სფეროში მტკიცებულებების გამარტივებული გზით შეგროვების საშუალება.
კონვენციის განმარტებითი ბარათის მიხედვით „სპეციალური საგამოძიებო ტექნიკა“ შეიძლება გულისხმობდეს საიდუმლო აგენტების გამოყენებას, საკაბელო კავშირებს, სატელეკომუნიკაციო და კომპიუტერულ სისტემაში ჩართვას.
35-ე მუხლი ადგენს, რომ კონვენცია გავლენას არ ახდენს უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობს სპეციფიური საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო მრავალმხრივი კონვენციებიდან.
36. ევროსაბჭოს კონვენციის დანაშაულის შედეგად მოპოვებული ფულის გათეთრების, მოძიების, ჩამორთმევის და კონფისკაციის შესახებ (ETS № 141, 8 ნოემბერი 1990) მე-4 მუხლი ითვალისწინებს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რაც შეიძლება აუცილებელი იყოს, რათა მათ გამოიყენონ საგამოძიებო ტექნიკა, რაც მათ გაუადვილებს მოცემულობების და მათთან დაკავშირებული მტკიცებულებების იდენტიფიცირებასა და მათზე დაკვირვებას.
37. სპეცილური საგამოძიებო ტექნიკის გამოყენება, როგორიცაა საკონტროლო მიწოდება ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის პროცესში, გათვალისწინებულია საერთო საზღვრებში შემოწმების თანდათანობითი გაუქმების შესახებ, შენგენის 1985 წლის 14 ივნისის შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ 1990 წლის 19 ივნისის კონვენციის 73-ე მუხლით.
სამართალი
I. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის სავარაუდო დარღვევა
38. მომჩივანმა მიუთითა, რომ იგი წააქეზეს დანაშაულის ჩასადენად, საქმის სამართლიანი განხილვის, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მისი უფლების დარღვევით, რომლის შესაბამისი ნაწილი ითვალისწინებს შემდეგს:
„ყოველი ადამიანი ... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია, ... მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლებით ... დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.“
ა. მხარეთა მოსაზრებები
1. მომჩივანი
39. მომჩივანმა მიუთითა, რომ საქმის სამართლიანი განხილვის მისი უფლება დაირღვა, რადგან იგი წაქეზებული იყო დანაშულის ჩასადენად, რომელსაც იგი არასოდეს ჩაიდენდა, რომ არა აგენტ პროვოკატორების (agents provocateurs) ჩართვა.
40. იგი ამტკიცებდა, რომ AZ-ს და VS-ს მოქმედებების გამო პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ხელისუფლებას. მოცემულ საქმეზე თავის გადაწყვეტილებაში უმაღლესმა სასამართლომ აღიარა, რომ AZ ფაქტობრივად იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ანტიკორუფციული საპოლიციო განყოფილების (STT) ოფიცერი და მან წააქეზა დანაშაულის ჩადენა. მომჩივანი აპროტესტებდა, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდა ლეგიტიმაცია მიეთითებინა იმაზე, რომ ისინი უბრალოდ „შეუერთდნენ“ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელსაც იძიებდნენ თავიანთივე სხვა თანამშრომლები და ამტკიცებდნენ, რომ ისინი იტვირთავდნენ სრულ პასუხისმგებლობას იმ მოქმედებებისათვის, რაც განხორციელებული იყო AZ-ს მიერ სანამ დანაშაულის სიმულაციის გეგმა იქნებოდა სანქცირებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა მისი შეხვედრა AZ-სთან, როგორც გეგმაზე თანხმობის გაცემამდე, ისე მას შემდეგ, შედგა ამ უკანასკნელის ინიციატივით, როგორც, ეს შემოწმებულიც იყო AZ-ს სატელეფონო საუბრების ჩანაწერებით მომჩივანთან. მომჩივანი შესაბამისად მიუთითებდა, რომ დანაშაული არ იქნებოდა ჩადენილი თანამდებობის პირების ჩარევის გარეშე.
41. მომჩივანი ასევე ჩიოდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ უზრუნველყვეს ადეკვატური პასუხის გაცემა შეკითხვაზე, როგორი იყო სახელმწიფო ორგანოების პასუხისმგებლობა წაქეზების გზით დანაშაულში მის ჩართვაზე. მან მიუთითა, რომ AZ-სთან კონტაქტის დასამყარებლად, VS-მ იქონია სასიცოცხლო როლი იმ გეგმაში, რამაც გამოიწვია მის მიერ ქრთამის აღება. იგი ამტკიცებდა, რომ VS იყო პოლიციის სტაჟიანი ინფორმატორი, რაც შემოწმებულ იქნა იმ ფაქტით, რომ პოლიციამ მას მიანიჭა უფლება, ემოქმედა, როგორც საიდუმლო აგენტს. მომჩივანმა აღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ VS-ს დაკითხვა იქნებოდა გადამწყვეტი იმის დასადგენად, იყო თუ არა იგი წაქეზებული დანაშაულის ჩასადენად და ხელისუფლების მხრიდან VS-ს პროცესზე დასაკითხად დაბარების ვერ უზრუნველყოფით დარღვეულ იქნა მე-6 მუხლის შესაბამისი დებულებები. სასამართლოს არ უზრუნია იმის დასადგენად, რამდენად თანამშრომლობდა VS მართლმსაჯულებასთან. მომჩივანმა შესაბამისად მიუთითა, რომ მას წაერთვა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის დარღვევით.
2. მთავრობა
42. მთავრობა აღნიშნავდა, რომ რაკი [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო არ იყო „მეოთხე ინსტანციის სასამართლო“, მას არ გააჩნდა უფლებამოსილება, განეხილა მომჩივნის საჩივარი, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო ფაქტობრივ და ეროვნული კანონმდებლობის გამოყენების საკითხებთან.
43. ისინი მიუთითებდნენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მათ არ წაუქეზებიათ მომჩივანი დანაშაულის ჩასადენად და, რომ გეგმას, რომელიც მისი საჩივრის საგანს წარმოადგენს, არ დაურღვევია მისი მე-6 მუხლით დაცული უფლება.
44. ამასთან დაკავშირებით, მთავრობამ აღნიშნა, რომ VS და AZ დაუახლოვდნენ მომჩივანს და თავიანთი ინიციატივით მოელაპარაკნენ ქრთამის მიცემაზე, ისე, რომ თავიდანვე არ შეუტყობინებიათ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. სადავო გეგმის გამოყენების სანქცირება თავიდანვე განხორციელდა იმისათვის, რომ დაცული ყოფილიყო საზოგადოების ძირითადი ინტერესები, წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც AZ-ს მიერ იყო მოპოვებული, ქრთამის აღების მიმართ მომჩივნის მიდრეკილების გადასამოწმებლად. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მომჩივნის მიერ სადავოდ გამხდარ გეგმაზე თანხმობის გაცემისა და მისი იმპლემენტაციის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლები ატარებდნენ მხოლოდ ერთ მიზანს, „შეერთებოდნენ“ დანაშაულს, რომლის ჩადენაც მომჩივანმა დაგეგმა VS-სა და AZ-სთან ერთად, რომლებიც მოქმედებდნენ საკუთარი ინციატივით და „პირადი პასუხისმგებლობით“. ხელისუფლება არ შეიძლებოდა პასუხისმგებელი ყოფილიყო ნებისმიერი ქმდებისთვის, რაც VS-მ და AZ-მ თავიანთი ინიციატივით და „პირადი პასუხისმგებლობით“ განახორციელეს მანამ, სანამ სადავო პროცედურის სანქცირება მოხდებოდა.
45. მთავრობამ დასძინა, რომ მხოლოდ AZ მოქმედებდა, როგორც ხელისუფლების საიდუმლო აგენტი, რადგანაც გეგმაზე თანხმობა მის სასარგებლოდ განხორციელდა. მათ აღნიშნეს, რომ თანხმობის გაცემის თხოვნამდე, STT-მ ყურადღებით გადაამოწმა AZ-ს მიერ წარდგენილი ინფორმაცია მომჩივნის კრიმინალური მიდრეკილების შესახებ და აღმოჩნდა, რომ ეს დადასტურდა სხვა, უკვე მის ხელთ არსებული ინფორმაციით. გამომძიებელმა მოხელეებმა შეიმუშავეს ზუსტი სამოქმედო გეგმა ამ გეგმის განსახორციელებლად, ნათლად განსაზღვრეს იმ ქმედებების შინაარსი და მიზანი, რომელთა განხორციელებასაც ისინი გეგმავდნენ. მთავრობა აცხადებდა, რომ მათ არ შეეძლოთ სასამართლოსთვის წარედგინათ სამოქმედო გეგმის ასლი, ან რაიმე სხვა მონაცემი მომჩივნის შესახებ STT-ს საქმიდან, რამდენადაც ისინი განადგურდა ხუთი წლის გასვლის გამო, როგორც ეს დადგენილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს დადგენილებით საიდუმლო დოკუმენტების შენახვის შესახებ. თუმცა, მათ დაარწმუნეს სასამართლო, რომ ამ სახის ყველა საქმეში გენერალური პროკურორი ან მისი მოადგილე სკურპულოზურად შეისწავლის არსებულ ეჭვთან დაკავშირებულ, STT-ს მიერ წარდგენილ მთელ საქმის მასალას, დანაშულის სიმულაციის გეგმაზე თანხმობის გაცემის წინ.
46. მთავრობა ამტკიცებდა, რომ დანაშაულს ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ექნებოდა ადგილი, თანამდებობის პირების ჩაურევლად, რამდენადაც თვით გეგმაზე თანხმობის გაცემამდეც კი, მომჩივანი აშკარად განწყობილი იყო დანაშაულის ჩასადენად. ამ არგუმენტის გასამყარებლად ისინი აღნიშნავდნენ, რომ გეგმის სანქცინირების შემდეგ, მომჩივანმა დაუყოვნებლივ მიიღო AZ-ს ზეპირი შეთავაზება ქრთამზე და, რომ ხელისუფლებას არ განუხორციელებია მასზე მუქარა, ან ზეწოლის რაიმე არასათანადო ფორმა. მომჩივნის ბრალეულობა დაამძიმა იმ ფაქტმა, რომ როგორც სამართალდამცველმა, მან კარგად იცოდა, რომ მისი ქმედებები იყო უკანონო. დასკვნისათვის, ზემოთდასახელებულ ტეიშეირა დე კასტრო პორტუგალიის წინაღმდეგ (Teixeira de Castro) საქმისგან განსხვავებით, ამ საქმეში ადგილი არ ჰქონია კანონის დარღვევისკენ წაქეზებას.
47. ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, მთავრობამ დაასკვნა, რომ მომჩივნისთვის უზრუნველყოფილი იყო საქმის სამართლიანი განხილვა.
ბ. სასამართლოს შეფასება
48. მომჩივანი ჩიოდა მის წინააღმდეგ საქმეში იმ მტკიცებულების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიციის მიერ მის წაქეზებას უკავშირდებოდა, სამართლიან სასამართლო განხილვაზე მისი უფლების დარღვევით.
1. ზოგადი პრინციპები
49. სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილია ის სირთულეები, რაც დამახასიათებელია პოლიციის საქმიანობასთან, რომელიც უკავშირდება მტკიცებულებების მოძიებასა და შეგროვებას დანაშაულის აღმოჩენისა და გამოძიების მიზნით. ამ სამუშაოს შესრულების მიზნით, ისინი სულ უფრო მეტად საჭიროებენ საიდუმლო აგენტების, ინფორმატორებისა და ფარული პრაქტიკის გამოყენებას, განსაკუთრებით,, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლაში.
50. უფრო მეტიც, კორუფცია, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაში, გადაიქცა უმნიშვნელოვანეს პრობლემად მრავალ ქვეყანაში, როგორც ამას მოწმობს ევროსაბჭოს სისხლის სამართლის კონვენცია ამ საკითხზე (იხ. 35-ე პარაგრაფი ზემოთ). ამ ინსტრუმენტით ნებადართულია სპეციალური ტექნიკის გამოყენება, როგორიცაა საიდუმლო აგენტები, რომლებიც შეიძლება აუცილებლები იყვნენ ამ სფეროში ინფორმაციის შესაგროვებლად, იქიდან გამომდინარე, რომ უფლებები და ვალდებულებები, რაც მომდინარეობს საერთაშორისო, მრავალმხრივი კონვენციებიდან, რომლებიც უკავშირდება „სპეციალურ საკითხებს“, მაგალითად, ადამიანის უფლებებს, არ იყოს შელახული.
51. აღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური საგამოძიებო მეთოდების, კერძოდ, ფარული ტექნიკის გამოყენებით თავისთავად არ შეიძლება შეზღუდოს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. თუმცა, რაც შეეხება პოლიციის წაქეზების საფრთხეს, რაც ასეთ ტექნიკის გამოყენებას მოჰყვება, მათი გამოყენება უნდა მოექცეს მკაფიო ჩარჩოებში (იხ. 55-ე პარაგრაფი ქვემოთ).
52. ამასთან დაკავშირებით სასამართლო გაიმეორებს, რომ მე-19 მუხლის თანახმად, სასამართლოს საქმეა ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების კონვენციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. მტკიცებულების დასაშვებობა უპირველესად ეროვნული კანონმდებლობით რეგულირების საგანია და, როგორც წესი, ეროვნული სასამართლოების საქმეა მათ ხელთ არსებული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობა. სასამართლო, თავის მხრივ, უნდა დარწმუნდეს, რომ მთლიანი პროცესი, იმის გათვალისწინებითაც, თუ რა ვითარებაში იქნა მოპოვებული მტკიცებულება, იყო სამართლიანი (იხ., მრავალ სხვა ცნობილ საქმეებს შორის, ვან მაკელენი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ (Van Mechelen and Others v. the Netherlands), 23 აპრილი 1997, § 50, გადაწყვეტილებებისა და განჩინებების კრებული 1997-III; ზემოთ დასახელებული ტეიშეირა დე კასტრო პორტუგალიის წინაღმდეგ (Teixeira de Castro), § 34; სეკეირა პორტუგალიის წინააღმდეგ (Sequeira v. Portugal) (განჩინება), № 73557/01, ECHR 2003-VI და შანონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Shannon v. the United Kingdom) (განჩინება), № 67537/01, ECHR 2004-IV). ამასთან დაკავშირებით, სასამართლოს ამოცანა არ არის, დაადგინოს, რამდენად იყო ცალკეული მტკიცებულება უკანონოდ მოპოვებული, არამედ უფრო მეტად იმის შემოწმება, ასეთმა „უკანონობამ“ რამდენად გამოიწვია კონვენციით დაცული სხვა უფლების დარღვევა.
53. უფრო კონკრეტულად, კონვენცია არ გამორიცხავს გამოძიების წინა სტადიაზე და, სადაც დანაშაულის ხასიათი შეიძლება ამის საშუალებას იძლეოდეს, ისეთი წყაროების მიმართ ნდობას, როგორებიცაა საიდუმლო ინფორმატორები. თუმცა, სასამართლოს მიერ ასეთი წყაროების შემდგომი გამოყენება სხვა საკითხია და მისაღებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია ადეკვატური და საკმარისი გარანტიები უფლებამოსილების გადამეტების წინააღმდეგ, კერძოდ, ნათელი და განჭვრეტადი პროცედურის არსებობა სადავო საგამოძიებო ღონისძიებების სანქცირებას, გამოყენებასა და შემოწმებასთან დაკავშირებით (იხილეთ ხუდობინი რუსეთის წინააღმდეგ (Khudobin v. Russia), № 59696/00, § 135, ECHR 2006-XII, და mutatis mutandis, კლასი და სხვები გერმანიის წინააღმდეგ (Klass and Others v. Germany), 6 სექტემბერი 1978, §§ 52-56, სერია A № 28). რამდენადაც ორგანიზებული დანაშაულის ზრდა საჭიროებს სათანადო ზომების მიღებას, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, რომლისგანაც მართლმსაჯულების სათანადო ადმინისტრირების მოთხოვნა მომდინარეობს, ასევე შეეხება ყველა სახის დანაშაულებრივ ქმედებას, ყველაზე მარტივიდან ყველაზე რთულის ჩათვლით. მართლმსაჯულების სათანადო ადმინისტრირების უფლება იკავებს იმდენად მნიშვნელოვან ადგილს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომ იგი არ შეიძლება გაიწიროს მიზანშეწონილობის სასარგებლოდ (იხ. დელქორტი ბელგიის წინააღმდეგ (Delcourt v. Belgium), 17 იანვარი 1970, § 25, სერია A № 11).
54. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ საიდუმლო აგენტების გამოყენება შეიძლება შეწყნარებულ იქნეს, რამდენადაც ის ექვემდებარება აშკარა შეზღუდვებსა და გარანტიებს, საზოგადოებრივი ინტერესით არ შეიძლება გამართლდეს პოლიციის მიერ წაქეზების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების გამოყენება, რადგან ამან შეიძლება შედეგად საფრთხე შეუქმნას ბრალდებულის მიმართ სამართლიან სასამართლო განხილვას (იხ., მრავალ სხვა ავტორიტეტულ გადაწყვეტილებას შორის, ზემოთდასახელებული: ტეიშეირა დე კასტრო (Teixeira de Castro), §§ 35-36 და 39; ხუდობინი (Khudobin) § 128 და ვანიანი რუსეთის წინააღმდეგ (Vanyan v. Russia), № 53203/99, §§ 46‑47, 15 დეკემბერი 2005).
55. პოლიციის მიერ წაქეზებას აქვს ადგილი, როდესაც მასში ჩართული ოფიცრები, უშიშროების ძალების ან მათი ინსტრუქციით მოქმედი პირები, თავს არ იკავებენ საგამოძიებო პროცესში განსაკუთრებული აქტივობისგან, არამედ ასეთ გავლენას ახდენენ საკითხზე იმ ფორმით, რომ წააქეზონ დანაშაულის ჩადენა, რომელიც სხვაგვარად არ იქნებოდა ჩადენილი, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს დანაშაულის გამოვლენა, მტკიცებულების მოპოვებისა და დევნის აღძვრისთვის (იხ. ზემოთდასახელებული ტეიშეირა დე კასტრო (Teixeira de Castro) § 38 და, შედარებისთვის, Eurofinacom საფრანგეთის წინააღმდეგ (Eurofinacom v. France) (განჩინება), № 58753/00, ECHR 2004‑VII).
56. ზემოთდასახელებულ, ტეიშეირა დე კასტროს (Teixeira de Castro) საქმეში, § 38, სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში ჩართული პოლიციის ორი ოფიცერი არ შემოიფარგლებოდნენ „ბატონი ტეიშეირა დე კასტროს დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიებისას ძირითადად პასიური ფორმით, მაგრამ გამოიყენეს ისეთი ზეგავლენა, როგორიცაა დანაშაულის ჩადენის წაქეზება.“ სასამართლომ მიუთითა, რომ მათი ქმედებები გასცდა საიდუმლო აგენტების როლს, რადგან მათ წააქეზეს დანაშაული და არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ მათი ჩარევის გარეშე ის ჩადენილი იქნებოდა (ibid., § 39).
ამ დასკვნის გაკეთებისას სასამართლომ მრავალ ფაქტორს გაუსვა ხაზი, კერძოდ, იმას, რომ პოლიციის ორი ოფიცრის ჩართვას ადგილი არ ჰქონია ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ოპერაციაში, რომელზეც ბრძანება მოსამართლის მიერ იყო გაცემული და ასევე სასამართლოს ზედამხედველობას ექვემდებარებოდა და, რომ ეროვნულ ხელისუფლებას არ იკვეთებოდა, რომ უნდა ჰქონოდა რაიმე საფუძვლიანი მიზეზი იმისა, რომ ეჭვი მიეტანა მომჩივანზე, როგორც ნარკოტიკებით მოვაჭრეზე: მას წარსულში დანაშაული ჩადენილი არ ჰქონია და რაიმე საფუძველი დასკვნისათვის, რომ იგი მიდრეკილი იყო ნარკოტიკებით ვაჭრობის დანაშაულში ჩასაბმელად, არ არსებობდა, მანამ სანამ მას პოლიცია არ დაუახლოვდებოდა (ibid., §§ 37-38).
უფრო კონკრეტულად, სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობდა ობიექტური ეჭვები, რომ მომჩივანი ჩაბმული იყო რაიმე კრიმინალურ აქტივობებში. არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება, მთავრობის არგუმენტის გასამყარებლად, რომ მომჩივანი მიდრეკილი იყო დანაშაულების ჩასადენად. პირიქით, იგი უცხო იყო პოლიციელებისთვის და არ ფლობდა რაიმე ნარკოტიკს, როდესაც პოლიციის ოფიცრები მას მასთან ეძებდნენ; შესაბამისად, მისი მომარაგება შესაძლებელი გახდა მხოლოდ ნაცნობების მეშვეობით, რომლებმაც [ნარკოტიკი] დილერისგან მიიღეს, ვისი ვინაობაც არ გამხელილა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ტეიშეირა დე კასტრო პოტენციურად მიდრეკილი იყო დანაშაულის ჩასადენად, არ არსებობდა რაიმე ობიექტური მტკიცებულება, რომ იგი წამოიწყებდა დანაშაულებრივ ქმედებას, პოლიციის ოფიცრების ჩარევამდე. სასამართლომ შესაბამისად არ გაიზიარა პორტუგალიის მთავრობის მიერ ჩამოყალიბებული განსხვავება თავიდანვე არარსებულ დანაშაულებრივ განზრახვასა და ლატენტურ, წინასწარ არსებულ დანაშაულებრივ განზრახვას შორის.
57. იგივე კრიტერიუმის გამოყენებით ზემოთ დასახელებულ, ვანიანის (Vanyan) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვასთან დაკავშირებით, რაც, როგორც დადგინდა, წარმოადგენდა წაქეზებას. მიუხედავად იმისა, რომ სადავო ოპერაცია ჩატარებული იყო კერძო პირის მიერ, მას რეალურად ორგანიზებას უწევდა და ზედამხედველობდა პოლიცია.
58. ზემოთ დასახელებულ, Eurofinacom-ის საქმეზე მიღებულ განჩინებაში, სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა რა, ზემოთ ჩამოყალიბებული პრინციპები, მიუთითა, რომ პოლიციის ოფიცრების მიერ მათი წაქეზება პროსტიტუციასთან დაკავშირებულ სერვისში ჩართვასთან დაკავშირებით, ჭეშმარიტი გაგებით, არ მიუთითებდა მომჩივანი კომპანიის მიერ იმ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართვაზე, რაც ამორალური შემოსავლის მიღებას გულისხმობდა, რამდენადაც, იმ დროისათვის, როდესაც ასეთი შეთავაზებები გაკეთდა, პოლიცია უკვე ფლოდა იმ ინფორმაციას, რაც მიუთითებდა, რომ მომჩივანი კომპანიის საკომუნიკაციო სერვისი უკვე იყო გამოყენებული მეძავების მიერ პოტენციურ კლიენტებთან დასაკავშირებლად.
59. ზემოთ დასახელებულ, სეკუერას (Sequeira) საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია პოლიციის მხრიდან წაქეზებას, დააფუძნა რა, საკუთარი დასკვნა შემდეგ მსჯელობას:
„მოცემულ საქმეში ეროვნული სასამართლოების მიერ დადგინდა, რომ A.-მ და C.-მ დაიწყეს თანამშრომლობა კრიმინალურ-საგამოძიებო განყოფილებასთან იმ მომენტში, როდესაც მომჩივანი უკვე დაკავშირებული იყო A.-სთან, პორტუგალიაში კოკაინის გადაზიდვასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, იმ მომენტიდან A.-სა და C.-ს ქმედებებს აკვირდებოდა კრიმინალურ-საგამოძიებო განყოფილება, პროკურატურის ორგანო ინფორმირებული იყო ოპერაციის შესახებ. დაბოლოს, ხელისუფლებას ჰქონდა მყარი საფუძველი იმისათვის, რომ ეჭვი მიეტანა მომჩივანზე, რომელსაც სურვილი ჰქონდა, ჩართულიყო ნარკოტიკებით ვაჭრობის საქმეში. ეს გარმოებები აშკარად განასხვავებს ამ საქმეს ტეიშეირა დე კასტროს (Teixeira de Castro) საქმისგან და მიუთითებს, რომ A. და C. არ შეიძლება დახასიათდნენ, როგორც აგენტ-პროვოკატორები (agents provocateurs). როგორც ეროვნულმა სასამართლოებმა გაუსვეს ხაზი, ისევე, როგორც ლუდის საქმეში [ლუდი შვეიცარიის წინააღმდეგ (Lüdi v. Switzerland), 15 ივნისი 1992, სერია A № 238], მათი ქმედებები საიდუმლო აგენტების ქმედებებს არ აჭარბებდა.“
60. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ როდესაც პირი ამტკიცებს, რომ იგი წააქეზეს დანაშაულის ჩასადენად, სასამართლოებმა უნდა განახორციელონ საქმის მასალების დეტალური გამოკვლევა, იმისათვის, რომ პროცესი მიჩნეულ იქნეს სამართლიანად, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მიზნებისთვის, პოლიციის მიერ წაქეზების შედეგად მოპოვებული ყველა მტკიცებულება მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც პოლიციის ოპერაცია ჩატარდა საკმარისი სამართლებრივი შეზღუდვებისა და სათანადო გარანტიების არარსებობის პირობებში (იხილეთ ზემოთ დასახელებული ხუბოდინი ( Khudobin) §§ 133-35).
61. დაბოლოს, როდესაც პროკურატურის მიერ გამჟღავნებული ინფორმაცია სასამართლოს ვერ აყალიბებინებს დასკვნას, იყო თუ არა მომჩივანი პოლიციის მიერ წაქეზებული, არსებითია, სასამართლომ შეისწავლოს ის პროცესი, რომელშიც ბრალეულობის არსებობა დადგინდა, ყოველ საქმეში, იმის გარანტირებისათვის, რომ დაცვის მხარის უფლებები სათანადოდ იყო დაცული, კერძოდ, შეჯიბრებითობის და მხარეთა თანასწორობის პრინციპები (იხ. ედვარდსი და ლუისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Edwards and Lewis v. the United Kingdom) [დიდი პალატა], №№ 39647/98 და 40461/98, §§ 46-48, ECHR 2004‑X, და, mutatis mutandis, ჯასპერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Jasper v. the United Kingdom) [დიდი პალატა], № 27052/95, §§ 50 და 58, 16 თებერვალი 2000).
2. აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
62. წინამდებარე საქმეში არსებული მტკიცებულებიდან იკვეთება, რომ დანაშაულის სიმულაციის გეგმის სანქცირების შუამდგომლობა, ისევე, როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თხოვნა STT-ს მიერ წარდგენილ იქნა 1999 წლის 26 იანვარს, რა დროისთვისაც AZ უკვე იყო დაკავშირებული მომჩივანთან VS-ს მეშვეობით და მომჩივანს, როგორც ჩანდა, თანხმობა უკვე ჰქონდა გაცხადებული მესამე პირის გამართლების პირობაზე 3 000 აშშ დოლარის ქრთამის სანაცვლოდ. მთავრობის განმარტების მიხედვით, მოვლენათა თანმიმდევრობამ აჩვენა, რომ VS და AZ თავიანთი კერძო ინიციატივით მოქმედებდნენ იმგვარად, რომ თავიდანვე არ მიუწოდებიათ ინფორმაცია თანამდებობის პირებისთვის. გეგმაზე თანხმობის გაცემითა და მისი განხორციელებით, ისინი ამტკიცებდნენ, რომ პროკურატურის თანამშრომლებმა მხოლოდ თავიანთი თავი ჩააყენეს იმ მდგომარეობაში, რომ გამოევლინათ დანაშაული, რომელიც მომჩივანს უკვე დაგეგმილი ჰქონდა. შესაბამისად, მათ წაქეზებაში ბრალი არ მიუძღოდათ.
63. სასამართლო ვერ მიიღებს ამგვარ დასაბუთებას. ეროვნული ხელისუფლება ვერ გათავისუფლდება პოლიციის ოფიცრების ქმედებებისთვის პასუხისმგებლობისგან მხოლოდ იმის მტკიცების გამო, რომ მიუხედავად პოლიციის ვალდებულებების განხორციელებისა, ოფიცრები მოქმედებდნენ „პირადი პასუხისმგებლობით“. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლებას უნდა გაეცნობიერებინა ის პასუხისმგებლობა, რომ ოპერაციის საწყისი ფაზა, სახელდობრ, 1999 წლის 27 იანვრის მოქმედებები, განხორციელდა რაიმე კანონიერი ფარგლების ან სამართლებრივი სანქცირების გარეშე. უფრო მეტიც, გეგმის გამოყენებასა და AZ-ს ყოველგვარი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაზე თანხმობის გაცემით, ხელისუფლებამ მოახდინა წინასწარი ფაზის ლეგიტიმაცია ex post facto და გამოიყენა მისი შედეგები.
64. უფრო მეტიც, რაიმე დამაკმაყოფილებელი ახსნა არ ყოფილა წარმოდგენილი იმისა, თუ რა პიროვნულ თუ პირად მოტივს შეიძლებოდა AZ-სთვის ებიძგებინა თავისი ინიციატივით დაახლოებოდა მომჩივანს იმგვარად, რომ საკითხზე არ მიექცია მისი ზემდგომი თანამდებობის პირების ყურადღება, ან რატომ არ აღიძრა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა წინარე ეტაპზე მისი ქმედებების გამო. ამასთან დაკავშირებით მთავრობამ მხოლოდ იმ ფაქტზე მიუთითა, რომ ყველა სათანადო დოკუმენტი განადგურებული იყო.
65. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ლიტველ თანამდებობის პირებს კონვენციის ძალით ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა AZ-ს და VS-ს ქმედებებისათვის გეგმის სანქცირებამდე. სხვაგვარი მიდგომა გზას გაუხსნიდა უფლების ბოროტად გამოყენებასა და თვითნებობას, პოლიციის მიერ წაქეზების „პრივატიზების“ გზით.
66. სასამართლომ ამიტომ უნდა გამოიკვლიოს საკითხი, თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი, მომჩივნის მიერ სადავოდ გამხდარი ქმედებები, რამდენად წარმოადგენდა დანაშაულის წაქეზებას, რაც აკრძალულია მე-6 მუხლით.
67. იმის დასამატკიცებლად, AZ და VS იყვნენ თუ არა ჩართულნი „გამოძიების პროცესში ძირითადად პასიური ფორმით“, სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ მსჯელობებს: პირველი, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მომჩივანს წინათ ჩადენილი ჰქონდა რაიმე დანაშაული, კერძოდ, კორუფციული. მეორე, როგორც სატელეფონო ზარების ჩანაწერებიდან გამოიკვეთა, მომჩივანსა და AZ-ს შორის ყველა შეხვედრა განხორციელდა ამ უკანასკნელის ინიციატივით, რა ფაქტიც მთავრობის იმ არგუმენტის საწინააღმდეგოდ მეტყველებს, რომ ხელისუფლებას მომჩივანზე არ განუხორციელებია რაიმე ზეწოლა ან მუქარა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, იმ კონტაქტის მეშვეობით რაც AZ-მ და VS-მ დაამყარეს, ჩანს, რომ მომჩივანი მათ მიერ არაკეთილსინდისიერად იქნა გამოყენებული დანაშაულის ჩადენის საშუალებად, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა ობიექტური მტკიცებულება, ჭორების გარდა, იმ დასკვნისათვის, რომ მას გამიზნული ჰქონდა ასეთ საქმიანობაში ჩართვა.
68. ეს მსჯელობები სასამართლოსთვის საკმარისია დაასკვნას, რომ ფიზიკური პირების სადავო ქმედებები გასცდა სისხლის სამართლებრივი ქმედებების უბრალო პასიური გამოძიების ფარგლებს.
69. კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისობის პირობა მხოლოდ მაშინ სრულდება, როდესაც მომჩივანს შესაძლებლობა ჰქონდა სასამართლოში ეფექტიანად დაეყენებინა მისი წაქეზების საკითხი, საწინააღმდეგოს მტკიცებით ან სხვა ფორმით. იმის საწინააღმდეგოდ, რასაც მთავრობა მიუთითებდა, ამ მიზნებისთვის საკმარისი არ არის, რომ ზოგადი გარანტიები, ისეთები, როგორიცაა მხარეთა თანასწორობის პრინციპი ან დაცვის მხარის უფლებები, იყოს უზრუნველყოფილი.
70. სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს ტვირთია ამტკიცოს, რომ ადგილი არ ჰქონია წაქეზებას, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულის ბრალდებები სრულად დაუსაბუთებელი არ არის. რაიმე ასეთი მტკიცების არარსებობის პირობებში, სასამართლო ხელისუფლების საქმეა, შეამოწმოს საქმის გარემოებები და მიიღოს საჭირო ზომები, გაარკვიოს სიმართლე, იმის დასადგენად, თუ რამდენად ჰქონდა ადგილი წაქეზებას. თუ [სასამართლოები] დაადგენენ, რომ ადგილი ჰქონდა წაქეზებას, მათ უნდა ჩამოაყალიბონ შეფასებები კონვენციასთან მიმართებით (იხ. ზემოთ, 49-61-ე პარაგრაფებში სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკა).
71. სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც მთელი პროცესის განმავლობაში აცხადებდა მომჩივანი, იგი წააქეზეს დანაშაულის ჩასადენად. შესაბამისად, ეროვნული ხელისუფლება და სასამართლოები, სულ მცირე, ვალდებულნი იყვნენ, ჩაეტარებინათ სრულყოფილი გამოძიება, როგორც, საკონსტიტუციო სასამართლოც ამტკიცებდა თავის 2000 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებაში, თუ რამდენად გადააჭარბეს პროკურატურის წარმომადგენლებმა იმ ლიმიტს, რა ფარგლებშიც იყო სანქცირებული დანაშაულის სიმულაციის გეგმა (იხ. ზემოთ მე-14 პარაგრაფი), სხვა სიტყვებით რომ ითქვას, წააქეზეს თუ არა მათ დანაშაულის ჩადენა. ამასთან დაკავშირებით, მათ, კერძოდ, უნდა დაედგინათ მიზეზები, თუ რატომ იყო ოპერაცია დადგმული, დანაშაულებრივ ქმედებაში პოლიციის ჩართულობის ფარგლები და წაქეზების და ზეწოლის ხასიათი, რასაც მომჩივანი დაექვემდებარა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ VS, რომელმაც თავდაპირველად მომჩივანს წარუდგინა AZ და, რომელმაც, ჩანს, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოქმედებებში, რაც ქრთამის მიცემას უკავშირდება, არასოდეს ყოფილა დაბარებული მოწმის სახით, რამდენადაც მისი მოძიება ვერ მოხერხდა. მომჩივანს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, თითოეული ეს საკითხი დაეყენებინა თავისი საქმის განხილვისას.
72. ეროვნულმა ხელისუფლებამ უარყო, რომ ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან წაქეზებას და არ მიიღო რაიმე ზომა სასამართლოს სტადიაზე, რათა განეხორციელებინა მომჩივნის ბრალდებების სერიოზული შემოწმება. უფრო კონკრეტულად, მათ არ გამოუკვეთავთ პროტაგონისტების როლი ამ საქმეში, მათ შორის, მიზეზები, რის გამოც მომჩივნის ბრალდება ეფუძნებოდა მტკიცებულებას, რომელიც მოპოვებული იყო პოლიციის მიერ წაქეზების შედეგად, რასაც იგი სადავოდ ხდიდა.
მართლაც, უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობდა ამგვარი მტკიცებულების ამორიცხვის აუცილებლობა, რამდენადაც ის ამყარებდა მომჩივნის ბრალს, რომელიც მან თვითონ აღიარა. მართალია, მისი ბრალეულობა დადგინდა, საკითხი, თუ რამდენად ჰქონდა ადგილი რაიმე გარეშე ძალის ზემოქმედებას მის განზრახვაზე, ჩაედინა დანაშაული, იქცა არარელევანტურად. თუმცა, აღიარება, რომ დანაშაული იქნა ჩადენილი წაქეზების შედეგად, ვერ გააქარწყლებს ვერც წაქეზებას და ვერც მის შედეგებს.
73. დასკვნისათვის, იმის მხედველობაში მიღებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და რთულია სამართალდარღვევების გამოძიება, სასამართლო, აღნიშნულის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ AZ-ს და VS-ს მიერ ჩადენილ ქმედებების შედეგი იყო წაქეზება და, რომ არ არსებობს რაიმე მინიშნება იმაზე, რომ დანაშაულს ადგილი ექნებოდა მათი ჩარევის გარეშე. სისხლისსამართლებრივ პროცესში ბრალის შერაცხვისას, ასეთი ჩარევის გათვალისწინებითა და [მოპოვებული მტკიცებულების] გამოყენებით, მომჩივნის საქმის სასამართლო განხილვა არ იყო სამართლიანი, კონვენციის მე-6 მუხლი მოთხოვნის საწინააღმდეგოდ.
74. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას.
II. კონვენციის მე-6 მუხლის 3.d პუნქტის სავარაუდო დარღვევა
75. მომჩივანი ასევე მიუთითებდა, რომ პროცესის მსვლელობისას დარღვეული იყო მხარეთა თანასწორობის პრინციპი და დაცვის უფლებები, რამდენადაც, არც სასამართლოს და, არც მხარეებს არ ჰქონიათ შესაძლებლობა დაეკითხათ VS, ერთ-ერთი ორ საიდუმლო აგენტთაგან, რომელიც საქმეში იყო ჩართული. იგი ჩიოდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და 3.d პუნქტების დარღვევაზე, როგორც მეორე მათგანი ითვალისწინებს:
“3. ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:
...
(d) თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები, და, გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში;
...”
ა. მხარეთა განმარტებები
1. მომჩივანი
76. მომჩივანმა მიუთითა, რომ მისი დაცვის უფლებები დაირღვა იმით, რომ პროცესის განმავლობაში არც მას და, არც სასამართლოს არ მიეცათ შესაძლებლობა, დაეკითხათ VS, გადამწყვეტი მოწმე. იგი ამტკიცებდა, რომ ამან გამოიწვია კონვენციის მე-6 მუხლის 3.d პუნქტის დარღვევა.
2. მთავრობა
77. მთავრობა მიუთითებდა, რომ ეს დებულება არ უზრუნველყოფს, როგორც ასეთი, აბსოლუტურ უფლებას დაკითხულ იქნეს ყველა მოწმე, რომლის გამოძახებასაც ბრალდებული ისურვებდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი არგუმენტები მისი საჩივრის გასამყარებლად, რომ VS არ წარსდგა სასამართლოში, არ იყო დამაჯერებელი, რამდენადაც სასამართლოებს თავიანთი გადაწყვეტილება არ დაუმყარებიათ VS-ს ჩვენებაზე. მათ დაამატეს, რომ შეუძლებელი იყო VS-ს დასწრების უზრუნველყოფა, რადგანაც მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. მათ მიუთითეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მომჩივანს შესაძლებლობა ჰქონდა საჯარო სასამართლო მოსმენაზე შეწინააღმდეგებოდა მის წინააღმდეგ არსებულ სხვა მტკიცებულებებს, განსაკუთრებით, AZ-ს ჩვენებას და მისი საუბრის ჩანაწერებს მომჩივანთან, რაზედაც სასამართლოებმა ძირითადად დაამყარეს გამამტყუნებელი განაჩენი. სადავო პროცესები შესაბამისად შეესაბამებოდა საწინააღმდეგო პრინციპებს და არ არღვევდა კონვენციის დებულებებს, რომელთაც ეყრდნობოდა მომჩივანი.
B. სასამართლოს შეფასება
78. მომჩივანი ჩიოდა, რომ მის წინააღმდეგ წარმართული პროცესი იყო უსამართლო, რადგან მას არ მიეცა შესაძლებლობა, მოეპოვებინა VS-ს, ბრალდების მოწმის, ჩვენება.
79. სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საჩივარი, აღნიშნულთან დაკავშირებით, განუყოფელია მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე წარდგენილი საჩივრისგან, იმდენად, რამდენადაც ის შეეხება პროცესის მხოლოდ ერთ კონკრეტულ ასპექტს, რომელიც სასამართლომ უსამართლოდ მიიჩნია.
80. დასკვნისათვის, 73-74-ე პარაგრაფებში ჩამოყალიბებული მიგნებების გათვალისწინებით, სასამართლო აუცილებლად არ მიიჩნევს ცალკე შეამოწმოს მომჩივნის საჩივარი კონვენციის მე-6 მუხლის 3.d პუნქტის ფარგლებში, რომ პროცესი იყო უსამართლო.
III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
81. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს:
„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
ა. ზიანი
82. მომჩივანი პირველად მოითხოვდა 123 283,69 ლიტვურ ლიტს (LTL – დაახლოებით 35 652 ევროს (EUR)) 1999 წლის 11 თებერვლიდან 2002 წლის 29 იანვრამდე პერიოდში შემოსავლის დაკარგვისთვის, დარიცხული ყოველთვიური LTL 3 472,78 (დაახლოებით EUR 1 000) ოდენობით ხელფასის გათვალისწინებით. იგი ასევე ითხოვდა LTL 3 524,60 (დაახლოებით EUR 1 021) ხარჯებისათვის, რაც მას გადახდა ქვეყნის შიდა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის LTL 3 500 ხარჯებისათვის (დაახლოებით EUR 1 013,67). დაბოლოს, მან მოითხოვა LTL 625 (დაახლოებით EUR 181) ანაზღაურება ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით და LTL 420 (დაახლოებით EUR 121) თარგმანის ხარჯებისთვის.
83. მომჩივანი ასევე ითხოვდა LTL 300 000 (დაახლოებით EUR 86 755) არამატერიალური ზიანისთვის, რაც მის რეპუტაციას მიადგა მის წინააღმდეგ წარმართული მედია კამპანიის შედეგად და ათი თვის განმავლობაში პატიმრობისას განცდილი ტანჯვის საკომპენსაციოდ.
84. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი გათავისუფლებული იყო სამსახურიდან 1999 წლის 17 მარტს გენერალური პროკურორის ბრძანებით, მთავრობამ სთხოვა სასამართლოს, მხედველობაში მიეღო ის ფაქტი, რომ მომჩივანმა თვითონ ითხოვა თანამდებობიდან გათავისუფლება 1999 წლის 9 მარტის განცხადებით თანამდებობის დატოვების შესახებ. შესაბამისად, მომჩივნის მოთხოვნა შემოსავლის ანაზღაურების შესახებ დაუსაბუთებელი იყო.
ნებისმიერ შემთხვევაში, მომჩივნის მოთხოვნა იყო გადაჭარბებული, რადგანაც ის ეფუძნებოდა ყოველთვიურ დარიცხულ ხელფასს (LTL 3 472,78), მაშინ როდესაც მისი ხელზე მისაღები ხელფასი შეადგენდა LTL 2 400,47.
85. რაც შეეხება, შიდა სასამართლოებში გაწეულ ხარჯებს, მთავრობამ მიუთითა, რომ ის არ უნდა ყოფილიყო ანაზღაურებული.
86. მორალურ ზიანთან დაკავშირებით, მთავრობა განმარტავდა, რომ მომჩივანმა ვერ შეეძლო იმის დასაბუთება, რომ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი მის მიერ განცდილ ზიანსა და კონვენციის დარღვევას შორის. ნებისმიერ შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხის ოდენობა გადაჭარბებული იყო.
87. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართლიანი იქნება ზიანის სანაცვლოდ ანაზღაურების მიკუთვნება. საქმის მასალები მიუთითებს, რომ მომჩივანი არ იქნებოდა დაპატიმრებული ან გათავისუფლდებოდა თანამდებობიდან, თუ სადავო წაქეზებას არ ექნებოდა ადგილი. მისი დანაკარგი რეალური იყო და მთავრობას ეს არ გაუპროტესტებია.
განცდილი ზიანის ოდენობის გამოთვლისას, სასამართლო მხედველობაში იღებს იმას, რომ მან ასევე უნდა გაითვალისწინოს მომჩივნის მიერ ეროვნულ სასამართლოში გაღებული ხარჯები იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ისინი გადახდა, მის მიმართ არსებული დარღვევების აღმოსაფხვრელად წარმართულ პროცესებში (იხ. დაკტილიდი საბერძნეთის წინააღმდეგ (Dactylidi v. Greece), № 52903/99, § 61, 27 მარტი 2003 და ვან დერ ჰარკი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Van de Hurk v. the Netherlands), 19 აპრილი 1994, § 66, სერია A № 288).
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანმა უდავოდ განიცადა არამატერიალური ზიანი, რომელიც არ შეიძლებოდა კომპენსირებული ყოფილიყო მხოლოდ დარღვევის დადგენით.
88. ზიანის გამოთვლისას მრავალგვარი ფაქტორის მხედველობაში მიღებით და საქმის ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო შესაფერისად მიიჩნევს მომჩივანს აუნაზღაუროს, სამართლიანობის საფუძველზე, შეჯამებული თანხა, რაც გამოთვლილია სხვადასხვა საფუძვლით, რომლებიც ზემოთ იყო მითითებული (იხ., mutatis mutandis, ბეილერი იტალიის წინააღმდეგ (Beyeler v. Italy) (სამართლიანი დაკმაყოფილება) [დიდი პალატა], № 33202/96, § 26, 28 მაისი 2002). შესაბამისად, მიაკუთვნებს მომჩივანს 30 000 ევროს განცდილი ზიანისთვის, მათ შორის ქვეყნის შიდა სასამართლოებში გაწეულ ხარჯებს, რასაც ემატება ნებისმიერი გადასახდელი, რაც შეიძლება წარმოიშვას აღნიშნულთან დაკავშირებით.
ბ. სარგებელი
89. სასამართლო შესაფერისად მიიჩნევს, სარგებელი გამოთვლილ იქნეს ევროპის ცენტრალური ბანკის დაკრედიტების ზღვრული საპროცენტო განაკვეთიდან, რასაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, ერთხმად
1. ადგენს რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას;
2. ადგენს, რომ აუცილებელი არ არის საჩივრის განხილვა კონვენციის მე-6 მუხლის 3.d პუნქტთან მიმართებით;
3. ადგენს
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივანს სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 30 000 (ოცდაათი ათასი) ევრო ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ, რასაც დაემატება ნებისმიერი საკომისიო, რაც შეიძლება გადახდეს მომჩივანს, რისი კონვერტაციაც უნდა მოხდეს მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში, გადახდის დღისთვის არსებული კურსით;
(ბ) რომ აღნიშნული სამ-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ მის გადახდამდე, ამ თანხას დაემატება ზღვრული პროცენტი, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი ზღვრული საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი;
4. უარყოფს განმცხადებლის სხვა მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გამოცხადებულია საჯაროდ ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2008 წლის 5 თებერვალს.
მაიკლ ო’ბოილინიკოლაზ ბრატცა
მდივნის მოადგილეთავმჯდომარე
Full & Egal Universal Law Academy