დოკუმენტი მომზადებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის განზოგადებისა და სტატისტიკის სამსახურის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Tbilisi City Court, International and Domestic court Practice Generalisation and Statistics Unit (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
მეხუთე სექცია
საქმე რამიშვილი საქართველოს წინააღმდეგ
CASE OF RAMISHVILI v. GEORGIA
(საჩივარი № 48099/08)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
31 მაისი 2018
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, მაგრამ ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებებს
საქმეზე რამიშვილი საქართველოს წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) კომიტეტმა შემდეგი შემადგენლობით:
იონკო გროზევი, თავმჯდომარე,
გაბრიელე კუცკო-შტადლმაიერი,
ლადო ჭანტურია, მოსამართლეები,
და მილან ბლაშკო, სექციის მდივნის მოადგილე,
დახურული თათბირის შედეგად, 2018 წლის 7 მაისს,
ზემოთხსენებული თარიღით მიიღო წინამდებარე გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმის წარმოების დაწყების საფუძველი იყო სასამართლოს წინაშე საქართველოს მოქალაქის, ბატონ შალვა რამიშვილის („მომჩივანი“) მიერ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე 2008 წლის 30 სექტემბერს საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივარი (№ 48099/08).
2. მომჩივანს წარმოადგენდნენ: ქალბატონი ს. ჯაფარიძე, ქალბატონი თ. ხიდაშელი, ქალბატონი თ. აბაზაძე, ქალბატონი ნ. ჯომარჯიძე და ქალბატონი თ. დეკანოსიძე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან (GYLA). საქართველოს მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა მთავრობის წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბატონი ბ. ძამაშვილი.
3. 2016 წლის 14 სექტემბერს საქმეზე მთავრობას გაეგზავნა შეტყობინება.
ფაქტებისაქმის გარემოებები
4. მომჩივანი დაიბადა 1971 წელს და ცხოვრობს თბილისში.
5. 2006 წლის 29 მარტს მომჩივანს მსჯავრი დაედო გამოძალვაში და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლის ვადით. სასჯელი უცვლელი დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 ივნისის განჩინებით. საარჩევნო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილისა და კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომჩივანს, როგორც მსჯავრდებულს, არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
6. 2007 წლის 25 ივლისს მომჩივანმა გაასაჩივრა საარჩევნო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული აკრძალვა კონსტიტუციის 28-ე მუხლთან მიმართებით. იგი დაეყრდნო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას პატიმართა საარჩევნო უფლებებთან დაკავშირებით და, სხვა საკითხებთან ერთად, განმარტა, რომ მას არ მიეცემოდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
7. 2008 წლის 31 მარტს საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად არ მიიღო სარჩელი იმ საფუძვლით, რომ საქართველოს კონსტიტუცია შეიცავდა იდენტურ შეზღუდვას. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:
,,აბსოლუტურად უშედეგო იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის [საარჩევნო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის] ძალადაკარგულად გამოცხადება რადგანაც ეს არ გამოიყვანს მოსარჩელეს საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი აკრძალვის მოქმედების არეალიდან. ამ [უკანასკნელი მიზნის მისაღწევად] საჭიროა კონსტიტუციის შესაბამის ნორმაში ცვლილებების განხორციელება, რაც სცილდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას. ...
... საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა პირდაპირ გადაიტანა საარჩევნო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში. გასაჩივრებული ნორმა ანალოგიურია კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმისა და მისი კონსტიტუციურობის საკითხი, რაც თავისთავად გულისხმობს კონსტიტუციის ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობას, არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.“
8. საბოლოოდ, მომჩივანს არ მიეცა 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
ა. პატიმრის საარჩევნო უფლებები
9. კონსტიტუციის (1995) 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი, სადავო საკითხის წარმოშობის დროისთვის მოქმედი რედაქციით, ითვალისწინებდა, რომ „არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც ... სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში.“
10. საარჩევნო კოდექსის (2001) მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი, სადავო საკითხის წარმოშობის დროისთვის მოქმედი რედაქციით, შეიცავდა იდენტურად ჩამოყალიბებულ დებულებას.
11. 2011 წლის 27 დეკემბერს ცვლილება შევიდა კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც ... სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული.“ იმავე თარიღით პარლამენტმა მიიღო ახალი საარჩევნო კოდექსი (2011), რომელიც შეიცავდა ანალოგიურ ფორმულირებას.
ბ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადობა
12. კონსტიტუციის 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ა) და ვ) ქვეპუნქტების თანახმად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებებს კონსტიტუციასთან, კონსტიტუციური შეთანხმების, კანონის, პრეზიდენტის, მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხებზე“ და „პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით.“
სამართალი
I. კონვენციის 1-ლი ოქმის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა
13. ეყრდნობოდა რა კონვენციის 1-ლი ოქმის მე-3 მუხლს, მომჩივანი ჩიოდა, რომ, როგორც მსჯავრდებულს, არ მიეცა არჩევნებში კენჭისყრის შესაძლებლობა, რომელიც ჩატარდა 2008 წლის 21 მაისს. ხსენებული ნორმა ითვალისწინებს შემდეგს:
„მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ, გონივრული ხანგამოშვებით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას.“
14. მთავრობამ მისი არგუმენტი სადავოდ აქცია.
ა. მისაღებობა
1. მხარეთა მოსაზრებები
15. მთავრობამ განმარტა, რომ საჩივარი მიუღებელი იყო, კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადის დაუცველობის გამო. კერძოდ, მომჩივნის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა არ წარმოადგენდა ეფექტურ გზას, რადგან სარჩელის გზით საარჩევნო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობის შემოწმება უკავშირდებოდა ცვლილებას კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რომელიც კრძალავდა პატიმართა საარჩევნო უფლებას, რაც აშკარად სცილდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადობას. შესაბამისად, ექვსთვიანი ვადის დენა დაიწყო იმ თარიღიდან, როდესაც მომჩივნისთვის ცნობილი გახდა, რომ იგი მონაწილეობას ვერ მიიღებდა არჩევნებში, სულ უკანასკნელი, ეს თარიღი იყო 2007 წლის 25 ივლისი, როდესაც მომჩივანმა სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს.
16. მომჩივანი აცხადებდა, რომ საარჩევნო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად გამოცხადება მას საშუალებას მისცემდა მონაწილეობა მიეღო არჩევნებში.
2. სასამართლოს შეფასება
17. სასამართლო აღნიშნავს, რომ თუნდაც იმის დაშვების შემთხვევაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონოდა საარჩევნო კოდექსის გასაჩივრებული ნორმის გაუქმების კომპეტენცია, მომჩივანს მაინც არ მიეცემოდა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტში იდენტური შინაარსის კონსტიტუციური აკრძალვის არსებობის გამო, რის გაუქმებაც არც მომჩივნის მოთხოვნას წარმოადგენდა და, არც საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში შედიოდა (იხ. მე-7 და მე-12 პარაგრაფები ზემოთ). შედეგად, უფლების დაცვის არჩეული გზა არ შეიძლება ჩაითვალოს არც უფლების აღდგენის საშუალებად და, არც წარმატების გონივრული პერსპექტივის მქონედ მომჩივნის კონვენციის 1-ლი ოქმის მე-3 მუხლის საფუძველზე წარდგენილ საჩივართან მიმართებით და შესაბამისად, არ წარმოადგენს დაცვის ეფექტურ საშუალებას კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად.
18. სასამართლო ასევე იმეორებს, რომ ექვსთვიანი პერიოდი აითვლება ეროვნულ დონეზე გასაჩივრების საშუალებების ფარგლებში მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების თარიღიდან. როგორც ირკვევა, რადგანაც მომჩივანს არ ჰქონდა დაცვის ეფექტური შესაძლებლობა, ვადა აითვლება სადავო აქტების ან ზომების მიღების დღიდან ან მომჩივნისთვის იმ აქტის ან მისი შედეგების შესახებ შეტყობის დღიდან (იხ. ვარნავა და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (Varnava and Others v. Turkey) [დიდი პალატა], NN 16064/90 და 8 სხვა, § 157, ECHR 2009 და დენისი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Dennis and Others v. the United Kingdom) (განჩინება), N 76573/01, 2 ივლისი 2002). საქმეებში, რომლებიც შეეხება განგრძობად ვითარებას, ექვსთვიანი პერიოდი არ მოქმედებს და [ვადა] აითვლება მხოლოდ იმ ვითარების შეწყვეტის მომენტიდან (იხ. საბრი გიუნეში თურქეთის წინააღმდეგ (Sabri Güneş v. Turkey) [დიდი პალატა], N 27396/06, § 54, 29 ივნისი 2012, და ანჩუგოვი და გლადკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Anchugov and Gladkov v. Russia), NN 11157/04 და 15162/05, § 73, 4 ივლისი 2013).
19. ამ ფონზე, სასამართლო მიუთითებს, რომ მომჩივანი ჩიოდა მისთვის შესაძლებლობის არქონაზე, მონაწილეობა მიეღო კონკრეტულ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ჩატარდა 2008 წლის 21 მაისს. იმის გათვალისწინებით, რომ როგორც სასამართლომ დაადგინა, არ არსებობდა დაცვის ეფექტური საშუალება მის საჩივართან მიმართებით (იხ. მე-17 პარაგრაფი ზემოთ), ექვსთვიანი პერიოდის ათვლა დაიწყო არჩევნებთან დაკავშირებული თარიღიდან: გარემოებიდან, რომელსაც ადგილი ჰქონდა დროის განსაზღვრულ მონაკვეთში (იხ. ზემოთ დასახელებული ანჩუგოვი და გლადკოვი (Anchugov and Gladkov), § 75).
20. ზემოაღნიშნულისა და ამ საჩივრის წარმოდგენის თარიღის, 2008 წლის 30 სექტემბერი, გათვალისწინებით, სასამართლოს არ შეუძლია დაასკვნას, რომ საჩივარი შემოტანილია ვადის დარღვევით.
21. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის 3 (a) პუნქტიდან გამომდინარე ან მიუღებელი რაიმე სხვა საფუძვლით. შესაბამისად, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.
ბ. არსებითი მხარე
22. მომჩივანი განმარტავდა, რომ მისთვის არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა არღვევდა კონვენციის 1-ლი ოქმის მე-3 მუხლს, რადგან მას არ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო 2008 წლის 21 მაისის არჩევნებში. იგი მიუთითებდა, რომ მისი საქმე იყო მსგავსი საქმისა ჰირსტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hirst v. the United Kingdom) (N. 2) ([დიდი პალატა], N 74025/01, ECHR 2005‑IX) რადგან პატიმრების, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ, უფლების შეზღუდვა, მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში იყო აბსოლუტური ხასიათის იმის მიუხეადავად, თუ რა სიმძიმის დანაშაული ჰქონდათ მათ ჩადენილი და რა ვადიანი სასჯელი მისჯილი.
23. მთავრობას არსებით მხარესთან დაკავშირებით განმარტებები არ წარმოუდგენია.
24. სასამართლო ეყრდნობა მის პრაქტიკაში ჩამოყალიბებულ ზოგად პრინციპებს, რომლებიც ეხება მსჯავრდებული პირებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას (იხ., სხვა ცნობილ საქმეებს შორის, ზემოთ დასახელებული ჰირსტი (Hirst) (N 2) [დიდი პალატა], § 82; სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ (Scoppola v. Italy) (N. 3) [დიდი პალატა], N 126/05, §§ 81‑87, 22 მაისი 2012 და ზემოთ დასახელებული ანჩუგოვი და გლადკოვი (Anchugov and Gladkov), §§ 93-100).
25. ამ საქმის გარემოებებს რომ მივუბრუნდეთ, სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, პატიმრებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა იყო ზოგადი, ავტომატური და განურჩეველი ხასიათის, რაც შეეხებოდა ყველა პირს, ვინც მსჯავრდებული იყო დანაშაულის ჩადენისთვის, დანიშნული სასჯელი ვადისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად (იხ. მე-9 პარაგრაფი ზემოთ). შესაბამისად, მომჩივანს არ მიეცა 2008 წლის 21 მაისის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. მართალია, კონსტიტუცია და საარჩევნო კოდექსი შესაბამისად შეიცვალა მხოლოდ 2011 წელს და ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს რთავდა არჩევნებში მონაწილეობის ნებას (იხ. მე-11 პარაგრაფი ზემოთ), მაგრამ ამ ცვლილებებს გავლენა არ მოუხდენია მომჩივნის მდგომარეობაზე 2008 წლის 21 მაისის არჩევნებთან მიმართებით.
26. აღნიშნული საკმარისია სასამართლოსთვის დაასკვნას, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის 1-ლი ოქმის მე-3 მუხლის დარღვევას.
II კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
27. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს:
„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
ა. ზიანი
28. მომჩივანმა მოითხოვა 1,500 ევრო (EUR) მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.
29. მთავრობამ განმარტა, რომ ამ საქმეში მომჩივნის ნებისმიერი უფლების დარღვევის აღიარება იქნებოდა საკმარისი მისაგებელი.
30. სასამართლო მიიჩნევს, რომ დარღვევის აღიარება წარმოადგენს მომჩივნის მიერ განცდილი ნებისმიერი მორალური ზიანისთვის საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას (იხ. ფირთი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Firth and Others v. the United Kingdom), NN 47784/09 და 9 სხვა, § 18, 12 აგვისტო 2014, შემდგომი მითითებებით).
B. ხარჯები
31. მომჩივანს არ წარმოუდგენია ეროვნულ სასამართლოებსა და [ადამიანის უფლებათა ევროპულ] სასამართლოში გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა. შესაბამისად, სასამართლო ამასთან დაკავშირებით მას არაფერს მიაკუთვნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, ერთხმადაცხადებს საჩივარს მისაღებად;
2. ადგენს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის 1-ლი ოქმის მე-3 მუხლის დარღვევას;
3. ადგენს, რომ დარღვევის აღიარება წარმოადგენს მომჩივნის მიერ განცდილი მორალური ზიანის საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებისთვის ცნობილი გახდა წერილობით 2018 წლის 31 მაისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
მილან ბლაშკო იონკო გროზევი
მდივნის მოადგილე თავმჯდომარე
Full & Egal Universal Law Academy