R.B. v. Estonia
რ.ბ. ესტონეთს წინააღმდეგ
საჩივარი N 22597/16
22 ივნისი 2021
საბოლოო
22/09/2021
სასამართლოს შეფასება
ა) ზოგადი პრინციპები
78. [ადამიანის უფლებათა] ევროპული სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლები წარმოშობენ სახელმწიფოს ვალდებულებას, დაიცვას პირის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მთლიანობა (იხ. სხვა საკითხებთან ერთად, M. and C. v. Romania, no. 29032/04, §§ 107-11, 27 September 2011, and M.P. და Others v. Bulgaria, no. 22457/08, § 108, 15 November 2011). სტრასბურგის სასამართლომ ადრე უკვე დაადგინა, რომ ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებები ამ კონტექსტში შეიძლება მოიცავდეს ვალდებულებას, შეინარჩუნოს და პრაქტიკაში გამოიყენოს ადეკვატური სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს კერძო პირების მიერ ძალადობისგან დაცვას (იხ. Söderman v. Sweden [GC], no. 5786/08, § 80, ECHR 2013). ბავშვებს და სხვა დაუცველ პირებს აქვთ ეფექტური დაცვის უფლება (იხ. M.C. v. Bulgaria, no. 39272/98, § 150, ECHR 2003‑XII).
79. უფრო კონკრეტულად, რაც შეეხება სერიოზულ ქმედებებს, როგორიცაა გაუპატიურება და სხვა სახის სექსუალური ძალადობა ბავშვებზე, სადაც ფუნდამენტური ფასეულებები და პირადი ცხოვრების არსებითი ასპექტები საფრთხეშია, წევრ სახელმწიფოებს ევალებათ უზრუნველყონ სისხლის სამართლის ეფექტური დებულებების არსებობა (იხ. X and Others v. Bulgaria [GC], no. 22457/16, 2 February 2021). ასეთ შემთხვევებში, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები ასევე მოიცავს სისხლის სამართლის გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს (იხ. Söderman, ციტირებული ზემოთ, §§ 82-83, სხვა მითითებებთან ერთად).
80. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ეფექტურ გამოძიებას უნდა შეეძლოს საქმის ფაქტების დადგენა, პასუხისმგებელი პირების იდენტიფიკაცია და საჭიროების შემთხვევაში, დასჯა. ეს არ არის შედეგის ვალდებულება არამედ ეს ერთ-ერთ საშუალებაა. ხელისუფლებამ უნდა გადადგას აუცილებელი გონივრული ნაბიჯები ინციდენტთან დაკავშირებით მტკიცებულებების უზრუნველსაყოფად, როგორიცაა მოწმის ჩვენება და სასამართლო ექსპერტიზის მტკიცებულება (იხ. Z. v. Bulgaria, no. 39257/17, § 65, 28 May 2020).
81. უფრო მეტიც, რამდენადაც გამოძიება წინ უძღვის ეროვნულ სასამართლოებში ბრალის წარდგენას, საპროცესო ვალდებულებები სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ვრცელდება სასამართლო საქმის განხილვის ეტაპზე. ასეთ საქმეებში, სამართალწარმოება მთლიანად, მათ შორის, სასამართლო საქმის განხილვის ეტაპზე, უნდა აკმაყოფილებდეს არასათანადო მოპყრობის აკრძალვის მოთხოვნებს (იქვე, § 66). სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ მიუხედავად საქმისწარმოების საბოლოო შედეგისა, ეროვნული კანონმდებლობით არსებული დაცვის მექანიზმები უნდა მოქმედებდნენ პრაქტიკაში ისე, რომ შესაძლებელი იყოს კონკრეტული საქმის არსებითი განხილვა გონივრულ ვადაში (იხ. W. v. Slovenia, no. 24125/06, § 65, 23 January 2014).
82. თუმცა, არ არსებობს რაიმე აბსოლუტური უფლება კონკრეტული პირის დევნის ან მსჯავრდებისათვის, როდესაც არ არსებობს დანაშაულებრივი ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი პირების პასუხისგებაში მიცემის მცდელობის დროს (იხ. Söderman, ციტირებული ზემოთ, § 83).
83. სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებები ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სავარაუდო შემთხვევებზე, მოითხოვს ბავშის საუკეთესო ინტერესების პატივისცემას. ადამიანის ღირსებისა და ფსიქოლოგიური მთლიანობის უფლება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს იქ, სადაც ბავშვი ძალადობის მსხვერპლია (იხ. M.M.B. v. Slovakia, no. 6318/17, § 61, 26 November 2019, და C.A.S. and C.S. v. Romania, no. 26692/05, § 82, 20 March 2012). ევროპულმა სასამართლომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ევალებოდა მიეღო საპროცესო წესები ბავშების გამოკითხვის გარანტიისა და დაცვისათვის (იხ. G.U. v. Turkey, no. 16143/10, § 73, 18 October 2016).
84. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მე-3 და მე-8 მუხლების თანახმად, სახელმწიფოებს მოეთხოვებათ მიიღონ დებულებები ბავშვთა სექსუალური ძალადობის კრიმინალიზაციის შესახებ და გამოიყენონ ისინი პრაქტიკაში ეფექტური გამოძიებისა და დევნის გზით, მხედველობაში მიიღონ ბავშვების განსაკუთრებული დაუცველობა, მათი ღირსება და მათი, როგორც ბავშვების და მსხვერპლთა უფლებები (იხ. Z v. Bulgaria, § 70, and A and B v. Croatia, § 112). ეს ვალდებულებები ასევე გამომდინარეობს სხვა საერთაშორისო დოკუმენტებიდან, როგორიცაა, inter alia, გაეროს კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ და ლანზაროტის კონვენცია. სახელმწიფოს მიერ ზემოთ ნახსენები ვალდებულებების ინტერპრეტაციისას სტრასბურგის სასამართლო გაითვალისწინებს საერთაშორისო სამართლის შესაბამის წესებსა და პრინციპებს ასევე, ევროპის საბჭოს ორგანოების არასავალდებულო დოკუმენტებს (იხ. Demir and Baykara v. Turkey [GC], no. 34503/97, §§ 69 and 74, ECHR 2008, და X and Others v. Bulgaria, §§ 179 and 192).
ბ) ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
85. წინამდებარე საქმეში უდავოა, რომ მომჩივნის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობა ექცევა კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლების ფარგლებში, რაც იწვევს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს მიიღოს სისხლისსამართლებრივი დებულებები ბავშვთა სექსუალური ძალადობის ეფექტიანად დასჯისათვის და გამოიყენოს ისინი პრაქტიკაში ეფექტური გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი ბრალდების გზით.
86. არც ის არის სადავო, რომ სისხლის სამართლის კანონი კრძალავდა მომჩივნის მიერ სადავოდ ქცეულ სექსუალურ ძალადობას და ითვალისწინებდა დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივ დევნას. მართლაც, მომჩივნის ბრალდებებმა განაპირობა სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი დებულებების საფუძველზე და სავარაუდო დამნაშავის სისხლისსამართლებრივი ბრალდება და სასამართლო განხილვა.
87. ამრიგად, სტრასბურგის სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს იყო თუ არა სისხლისსამართლებრივი დებულებების პრაქტიკაში გამოყენება სისხლისსამართლებრივი გამოძიებისა და ბრალდების გზით დეფექტური, კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული მოპასუხე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების დარღვევის თვალსაზრისით. იგი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის მექანიზმები უნდა განხორციელდეს ისე, რომ განისაზღვროს მომჩივნის, როგორც მცირეწლოვანი ბავშის განსაკუთრებული დაუცველობა, რომელიც სავარაუდოდ იყო მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ბავშვის უპირველესი ინტერესების გათვალისწინებით და აქედან გამომდინარე უზრუნველყოს მისი, როგორც მსხვერპლის, უფლებების დაცვა (იხ. A and B v. Croatia, § 121).
88. საკითხის გადაწყვეტისას, სტრასბურგის სასამართლო გაითვალისწინებს საერთაშორისო დოკუმენტებში დადგენილ კრიტერიუმებს. კერძოდ, იგი აღნიშნავს, რომ ლანზაროტის კონვენცია, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო პრინციპები და შესაბამისი ევროკავშირის დირექტივები ადგენენ მთელ რიგ მოთხოვნებს ბავშვთა მტკიცებულებების შეგროვებასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ლანზაროტის კონვენცია ესტონეთში ძალაში შევიდა წინამდებარე საქმის შემდგომ, სხვა შესაბამისი ინსტრუმენტები მოიცავს დებულებებს, რომლებიც მსგავსია კონვენციისა.
89. სტრასბურგის სასამართლო არ არის დაინტერესებული შეცდომების ან ცალკეული უმოქმედობის ბრალდებებით, არამედ მხოლოდ მნიშვნელოვანი ხარვეზებით პროცესში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესით, კერძოდ, იმით, რომლებსაც შეუძლიათ შეაფერხონ ხელისუფლების უნარი, დაადგინონ საქმის გარემოებები ან პასუხისმგებელი პირი (იხ. S.M. v. Croatia [GC], no. 60561/14, § 320, 25 June 2020). მას არ შეუძლია ჩაანაცვლოს ეროვნული ხელისუფლება საქმის ფაქტების შეფასებისას და არ შეუძლია გადაწყვიტოს სავარაუდო დამნაშავის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა (იხ. X and Others v. Bulgaria, § 186).
90. წინამდებარე საქმეში, მომჩივნის საჩივარი ეხება მთლიანად სისხლისსამართლებრივ პროცესში არსებულ პროცედურულ ხარვეზებს, მათ შორის, გამომძიებლის მიერ მომჩივნის საპროცესო უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ინფორმირებას და უზენაესი სასამართლოს რეაქციას ამ წარუმატებლობაზე, რამაც გამოიწვია მისი გამოკითხვის გამორიცხვა და ბრალდებულის გამამართლებელი განაჩენი, პროცედურული საფუძლებით.
91. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ 2012 წლის 19 მარტს სექსუალური ძალადობის ბრალდებების მიღების შემდეგ, ხელისუფლებამ დაუყონებლივ დაიწყო სისხლისსამარლებრივი საქმისწარმოება. მომჩივანი დაიკითხა იმავე დღეს, როდესაც მსხვერპლი. შემდგომი გამოკითხვა შედგა 2012 წლის 16 მაისს. ისინი ჩაატარა იმავე სქესის სპეციალისტმა გამომძიებელმა, ფსიქოლოგის თანდასწრებით. მომჩივანს თან ახლდა დედა, როგორც მისი კანონიერი წარმომადგენელი. გამოკითხვებზე გაკეთებულია ვიდეოჩანაწერები, რათა დაცული იქნეს მომჩივნის ჩვენება, მომდევნო სასამართლო პროცესში მათი შესაძლო გამოყენებით და უზრუნველყოს ბრალდებულის უფლებების პატივისცემა, რომელსაც არ ექნება უფლება პირდაპირ დაუპირისპირდეს მომჩივანს.
92. თუმცა, არცერთ გამოკითხვაში მომჩივნისთვის გამომძიებელს არ აუხსნია მისი უფლების შესახებ, რომ შეეძლო არ მიეცა ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ და მისი მოვალეობის შესახებ, რომ ეთქვა სიმართლე, რასაც მოითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო დებულებები.
93. საგამოძიებო ორგანოებმა ორჯერ დაკითხეს სავარაუდო დამნაშავე, რომელმაც უარყო ქალიშვილზე სექსუალური ძალადობა, მას ასევე ჩაუტარდა ფსიქიატრიული შეფასება. მას და მის ადვოკატს წარუდგინეს მომჩივნის ვიდეოჩანაწერები და საშუალება მიეცათ (რომელიც არ გამოიყენეს) დაესვათ მისთვის წერილობითი კითხვები.
94. გამოძიების დროს შეგროვებული მტკიცებულებები საკმარისად იქნა მიჩნეული მომჩივნის მამისათვის, 2013 წლის ივნისში სექსუალური ძალადობის ბრალდებით, ბრალის წაყენებისათვის და საქმის სასამართლოსთვის გადასაცემად.
95.მომჩივნის მცირე ასაკის გათვალისწინებით, იგი არ იქნა სასამართლოში გამოსაკითხად გამოძახებული, როგორც იქნა შეთავაზებული ექსპერტების მიერ. წინასწარი განხილვის ეტაპზე, მომჩივნის ვიდეოჩანაწერები გამოქვეყნდა სხდომებზე და განხილული იქნა როგორც პირველი ინსტანციის ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ. დაცვის მხარემ ასევე შეძლო გამოკითხვისას შეესწავლა მოწმის ქცევა და ეჭვი შეპარვოდა მისი განცხადებების სანდოობაში, რომელიც ამტკიცებდა, inter alia, რომ მასზე ზეგავლენა მოახდინა დედამ რომელიც ესწრებოდა გამოკითხვებს.
96. შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მათ შორის ექსპერტებისა და სხვა მოწმეთა ჩვენებების ჩათვლით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა მომჩივნის ბრალდებები სექსუალური ძალადობის შესახებ და მამას შეუფარდა მსჯავრდება. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, ეს არ იყო მიღებული ერთხმად. განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მსხვერპლის გამოკითხვის სანდოობას, რომელზედაც დამყარებული იყო მსჯავრდება და დაადგინა, რომ გამოკითხვა მიღებული იყო პროცედურული მოთხოვების დარღვევით (კერძოდ, მოწმეს არ შეატყობინეს სიმართლის თქმის ვალდებულების შესახებ და უფლების შესახებ, რომ არ მიეცა ჩვენება ახლობლის წინააღმდეგ).
97. შემდგომში, ბრალდებულის საჩივრის განხილვისას, უზენაესმა სასამართლომ ჩათვალა, რომ მომჩივნისთვის გასაუბრებამდე ზემოხსენებული უფლება-მოვალეობების არცნობას ისეთი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მისი გამოკითხვა მიჩნეულიყო დაუშვებლად, რომელიც გადამწყვეტ მტკიცებულებას წარმოადგენდა საქმეში. ვინაიდან სადავო უმოქმედობის გამოსწორება ვერ მოხერხდა საქმის ქვედა ინსტანციის სასამართლოსთვის გადაცემით, სადაც ბავშვი მსხვერპლის მოსმენა ვერ მოხერხდებოდა, მთავარი მტკიცებულებების გამორიცხვა ამართლებდა ბრალდებულს.
98. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ ესტონეთში მოწმეთა დაკითხვის კანონით განსაზღვრული ზოგადი წესები ასევე გამოიყენება ბავშვთა მოწმეებისათვის. მიხედავად ამისა, პრაქტიკაში აღიარებულია, რომ მოწმეების დაკითხვისას და მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ რჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს მათი ასაკი და გაგების დონე.
99. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების თანახმად გამოძიება და სისხლის სამართლის საქმისწარმოება უნდა განხორციელდეს ისე, რომ დაიცვას ბავშვის საუკეთესო ინტერესები და უფლებები, ასეთი დაცვა მოითხოვს ბავშვ მსხვერპთა მიმართ ბავშვზე მეგობრული და დამცავი ზომების მიღებას სისხლის სამართლის პროცესში (იხ. მაგ., ლანზაროტის კონვენციის მუხლი 30 და მისი განმარტებითი ანგარიში). ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შექმნას ბავშვთა გამოკითხვის გარანტიებისა და დაცვის პროცედურული წესები (იხ. G.U. v. Turkey, § 73).
100. წინამდებარე საქმეში უდავოა, რომ გამომძიებელმა მომჩივანს რაიმე ფორმით ან გზით არ მისცა მითითებები, როდესაც იგი როგორც ბავშვი მოწმე იკითხებოდა სისხლისსამართლის საქმისწარმოების დროს. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მთლიანი სისხლის სამართლის საქმე არსებითან მომჩივნის ჩვენების სანდოობას ეყრდნობოდა. თუმცა, უზენაესმა სასამართლომ გამორიცხა ეს ჩვენება მთლიანად მტკიცებულებათა სიიდან იმ პროცედურული მიზეზების გამო, რომელიც დაკავშირებულია გამომძიებლის მიერ გაფრთხილებების გამოუცხადებლობასთან. მიუხედავად იმისა, რომ მან ასევე მიუთითა სხვა პროცედურულ ხარვეზებზე, კერძოდ, ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებში საგამოძებო ორგანოების მხრიდან გამოვლენილი მარცხის შესახებ, რომელიც თავისთავად საკმარისი იყო ბრალდებულის გასამართლებლად. სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ უპირველეს ყოვლისა, ეროვნული ორგანოების, კერძოდ კი სასამართლოების გადასაწყვეტია ეროვნული კანონის ინტერპრეტაცია და გამოყენება. ევროპული სასამართლოს როლი შემოიფარგლება იმით, რომ დაადგინოს რამდენად შეესაბამება ასეთი ინტერპრეტაციის შედეგები კონვენციას (იხ. სხვა მითითებებთან ერთად, Selahattin Demirtaş v. Turkey (no. 2) v. Turkey [GC], no. 14305/17, § 249, 22 December 2020).
101. წინამდებარე საქმეში, მომჩივნის - 4 წლის ბავშვისთვის, გაფრთხილების არმიცემა რომელსაც ითვალისწინებს კანონი ნებისმიერი მოწმის ჩვენებასთან დაკავშირებით, და ამ მარცხის შედეგად გამოწვეულმა შედეგებმა, რომელიც დაადგინა უზენაესმა სასამართლომ, განაპირობა ის, რომ მომჩივნის ჩვენება გახდა გამოუსადეგარი ბრალდებულისათვის სისხლისსამართლებრივი ბრალდების განსაზღვრისთვის. ვინაიდან ამ უკანასკნელის მსჯავრდება იყო გადამწყვეტი, რომელიც ეფუძნებოდა მომჩივნის ჩვენებას და ვინაიდან არ არსებობდა მასთან დაკავშირებული წარუმატებლობის გამოსწორების საშუალება, ბრალდებული უნდა გათავისუფლებულიყო. გარდა იმისა, რომ ასეთი გაფრთხილებები შეიძლება ჩაითვალოს სათანადოდ მსგავს საქმეში, როგორიც არის წინამდებარე საქმე, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამომძიებლის უგულებელყოფასთან ერთად შეარყია სავარაუდო დანაშაულზე ეფექტური სისხლისსამართლიბრივი დევნა. ეს იმიტომ ხდება, რომ დაბალი ინსტანციის სასამართლოებში საქმის ხელახალი განხილვის შეუძლებლობის გათვალისწინებით, საბოლოოდ მას არ შეეძლო საქმის ფაქტების და სავარაუდო დამნაშავის ბრალეულობის დადგენა არსებითად.
102. სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ეფექტური დაცვისათვის აუცილებელია მათი ჩვენების დაცვა როგორც წინასწარი გამოძიების, ასევე სასამართლო პროცესის დროს. ესტონეთის კანონი მოწმეთა გაფრთხილებასთან დაკავშირებით, არ განასხვავებს მოწმეებს მათი ასაკის მიხედვით და შესაბამისად არ ითვალისწინებს გამონაკლისს ან ადაპტაციას ბავშვი მოწმეებისათვის. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ბავშზე მორგებული მართლმსაჯულების სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, სადაც მტკიცებულების მინიჭების ან სხვა ბავშვზე მორგებულ ზომებთან დაკავშირებით ნაკლებად მკაცრი წესები ვრცელდება, დაცვის უფლებების შელახვის გარეშე. თუმცა, წინამდებარე საქმეში მომჩივნის ჩვენება დაუშვებელი აღმოჩნდა სწორედ პროცედურული წესების მკაცრი გამოყენების გამო, რომელიც არ განსხვავდებოდა ზრდასრულებსა და ბავშებს შორის. სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ იგი არ არის დაინტერესებული რომელიმე კონკრეტული ეროვნული ორგანოს პასუხისმგებლობით, ვინაიდან ის რაც აქტუალურია ყველა შემთხვევაში, სახელმწიფოს საერთაშორისო პასუხისმგებლობაა (იხ. სხვა მითითებებთან ერთად, Tarariyeva v. Russia, no. 4353/03, § 85, ECHR 2006‑XV (ამონარიდები).
103. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ ეროვნული ხელისუფლების პროცედურულ რეაგირებაში არსებობდა მნიშვნელოვანი ხარვეზები მომჩივნის მამის მიერ გაუპატიურების და სექსუალური ძალადობის ბრალდებაზე, რომელიც საკმარისად არ ითვალისწინებდა მის განსაკუთრებულ მოწყვლადობას და როგორც მცირეწლოვანი ბავშის შესაბამის საჭიროებებს, რათა იგი უზრუნველყოფილი ყოფილიყო ეფეტური დაცვით, როგორც სექსუალური დანაშაულების სავარაუდო მსხვრეპლი. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლო ბრალდებულის დამნაშავეობის შესახებ აზრის გამოთქმის გარეშე, ასკვნის, რომ წინამდებარე საქმეში მთლიანად სისხლის სამართლის მექანიზმები იყო დეფექტური კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული მოპასუხე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების დარღვევის თვალსაზრისით.
104. შესაბამისად, წინამდებარე საქმეში დაირღვა კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლები.