დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 188
2015 წლის აგვისტო-სექტემბერი
რ.ჰ. შვედეთის წინააღმდეგ (R.H. v. Sweden)
(საჩივარი- 4601/14)
გადაწყვეტილება, 10 სექტემბერი, 2015 [მე-5 სექცია]
მე-3 მუხლი
გაძევება
ფაქტები – წინამდებარე საქმე ეხებოდა სომალელი თავშესაფრის მაძიებლის გაძევებას.
აპლიკანტი არის 1988 წელს დაბადებული სომალელი წარმოშობის ქალბატონი რ.ჰ. 2011 წლის დეკემბერში მან შვედეთში მოითხოვა თავშესაფარი. იგი ამტკიცებდა, რომ ახლახანს ჩამოვიდა ქვეყანაში. საემიგრაციო საბჭომ და საემიგრაციო სასამართლომ განიხილეს მისი მდგომარეობა და საბოლოოდ, 2013 წლის ივნისში არ დააკმაყოფილეს მისი განაცხადი თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით და გასცეს მისი სომალიში გაძევების ბრძანება. ზემოთ აღნიშნულმა უწყებებმა დაასკვნეს, რომ აპლიკანტის განცხადებას აკლდა დამაჯერებლობა: კერძოდ, 2007 წელს, მომჩივანს შვედეთში ჩამოსვლამდე უკვე ჰქონდა შეტანილი განაცხადი თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით იტალიასა და ჰოლანდიაში. შვედეთში იგი იმყოფებოდა არალეგალურად 2011 წლამდე, სანამ მომჩივანი მიმართავდა საემიგრაციო სახელისუფლებო ორგანოებს; საწყის ეტაპზე ის ამტკიცებდა, რომ სომალი ომის გამო დატოვა, მომდევნო ეტაპზე მან შეცვალა თავისი ისტორია და ამტკიცებდა, რომ იგი სომალიდან შეყვარებულთან ერთად გამოიქცა, რათა თავიდან აერიდებინა ასაკით უფროს კაცთან იძულებითი ქორწინება. ამასთან, უკან დაბრუნების შემთხვევაში, მას ეშინოდა თავისი ოჯახის წევრების მხრიდან სასტიკი მოპყრობისა, კერძოდ, ბიძების მხრიდან, რომლებსაც უკვე რამოდენიმეჯერ ჰყავდათ ნაცემი 2004 წელს გაქცევის მცდელობისთვის. შემდგომში აპლიკანტმა წარმოადგინა შუამდგომლობა მისი დეპორტაციის ბრძანების აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებით. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი ბიძები შეუერთდნენ ალ-შაბააბს - ჯიჰადის ტერორისტულ დაჯგუფებას, რომელიც დაარსდა სომალიში. ისინი აიძულებდნენ აპლიკანტის ძმას, შეერთებოდა დაჯგუფებას და მოეკლა საკუთარი და. საემიგრაციო საბჭომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა 2013 წლის სექტემბერში. აპლიკანტის დეპორტაციის საკითხი აღსასრულებელი დარჩა 2014 წლის იანვრამდე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მისი რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე მინიჭებული დროებითი ღონისძიების თანახმად, რომელიც მიუთითებდა შვედეთის მთავრობას, რომ აპლიკანტი არ შეიძლებოდა გაძევებულიყო სომალიში, სანამ სასამართლო საქმეს განიხილავდა.
კონვენციის მე-3 მუხლზე დაყრდნობით (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) ქალბატონი რ.ჰ. ამტკიცებდა რომ, მისი შვედეთიდან სომალიში დაბრუნების შემთხვევაში, არსებობდა რეალური საფრთხე ბიძების მხრიდან მისი სიცოცხლის მოსპობისა, რადგან სომალიდან გამოქცევამდე აპლიკანტმა უარყო იძულებითი ქორწინება ან მისი იქ დაბრუნების შემთხვევაში, იგი იძულებული იქნებოდა დაქორწინებულიყო მისი ნების საწინააღმდეგოდ. იგი ასევე აცხადებდა, რომ სომალიში არსებული ზოგადი სიტუაცია ქალების მიმართ ძალიან რთული იყო და შესაბამისად, იყვნენ მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები.
სამართალი – ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ აპლიკანტის გაძევებით არ დაირღვეოდა კონვენციის მე-3 მუხლი (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა). ქალების მიმართ სომალიში, მათ შორის, მოგადიშოში არსებული მძიმე მდგომარეობის შესწავლამდე, სასამართლო ვერ დაასკვნიდა საქმის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ აპლიკანტი გაძევების შემთხვევაში აღმოჩნდებოდა კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობის რეალური საშიშროების წინაშე. მომჩივნის განცხადებებში არსებობდა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები, აგრეთვე დაბრუნების შემთხვევაში მის მიმართ გაჟღერებული საფრთხეები არ იყო დამაჯერებელი. ამასთანავე არ არსებობდა საფუძველი იმის დასადგენად, რომ მოგადიშუში დაბრუნების შემთხვევაში აპლიკანტი, როგორც მარტოხელა ქალი დადგებოდა იმ რისკების წინაშე, რასაც ასეთი მდგომარეობა მოიცავდა. ამის ნაცვლად უნდა მიჩნეულიყო, რომ მომჩივანს ექნებოდა, როგორც ოჯახის მხარდაჭერა, ასევე, მამრობითი სქესის მხრიდან დაცვა. არც ის იყო დამტკიცებული, რომ მას უნდა მიემართა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკისთვის. შესაბამისად, ქალბატონი რ.ჰ-ს მოგადიშუში გაძევებით არ დაირღვეოდა კონვენციის მე-3 მუხლი.
დასკვნა: დარღვევას ადგილი არ ექნებოდა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy