© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
დიდი პალატა
საქმე როლენა ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (ROHLENA v. THE CZECH REPUBLIC)
(განაცხადი # 59552/08)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
27 იანვარი 2015
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა შესაძლოა დაექვემდებაროს სარედაქციო გადასინჯვას.
საქმეზე როლენა ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Rohlena v. the Czech Republic),
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (დიდი პალატა) დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპილმანი, თავმჯდომარე,
ჯოსეფ კასადევალი,
გუიდო რაიმონდი,
ინეტა ზიემელე,
იზაბელ ბერო,
ელიზაბეთ შტეინერი,
პაივი ჰირველა,
მირიანა ლაზაროვა ტრაიკოვსკა,
ისილ კარაკასი,
კრისტინა პარდალოსი,
პაულო პინტო დე ალბუკერკე,
ალეს პეიჩალი,
ვალერიუ გრიცკო,
ფარის ვეაბოვიჩი,
დიმიტრი დედოვი,
ეგიდიუს კურის,
რობერტ სპანო, მოსამართლეები,
და მაიკლ ობოილე, სასამართლოს მდივნის მოადგილე,
ითათბირა 2014 წლის 9 აპრილს და 2014 წლის 19 ნოემბერს,
და ამ უკანასკნელ დღეს მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1.საქმის წარმოება დაიწყო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ კონვენციის (“კონვენცია”) 34-ე მუხლის საფუძველზე ჩეხეთის მოქალაქის ბატონი პიოტრ როლენას (“განმცხადებელი”) მიერ ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ 2008 წლის 4 დეკემბერს სასამართლოსთვის წარდგენილი განაცხადის (# 59552/08) საფუძველზე.
2. განმცხადებელს წარმოადგენდა ბატონი ჯ. კრუზიკი, ბრნოში მოღვაწე ადვოკატი. ჩეხეთის ხელისუფლებას წარმოადგენდა (“მოპასუხე სახელმწიფო”) სახელმწიფო წარმომადგენელი ბატონი ვ. ა. შჩორმი, იუსტიციის სამინისტროდან.
3. ეყრდნობოდა რა კონვენციის მე-7 მუხლს, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ განგრძობადი დანაშაულისთვის მისი მსჯავრდებისას ეროვნულმა სასამართლოებმა სისხლის სამართლის კანონის უკუძალა გაავრცელეს მის საზიანოდ.
4. განაცხადი წარედგინა სასამართლოს მეხუთე სექციას (სასამართლოს რეგლამენტის 52.1 მუხლი). 2011 წლის 14 ნოემბერს მეხუთე სექციამ გადაწყვიტა განაცხადის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა მოპასუხე სახელმწიფოსთვის. ამ სექციის პალატამ 2013 წლის 18 აპრილს შემდეგი შემადგენლობით, მარკ ვილიგერი, თავმჯდომარე, ანგელიკა ნიუბერგეტი, განა იუდკივსკა, ანდრე პოტოცკი, პოლ ლემენსი, ელენა იადერბლომი, ალეს პეიჩალი, მოსამართლეები და კლაუდია ვესტერდიეკი, სექციის მდივანი, მიღო გადაწყვეტილება. მათ კონვენციის მე-7 მუხლის საფუძველზე წარდგენილი საჩივარი ერთხმად გამოაცხადეს დასაშვებად და განაცხადის დანარჩენი ნაწილი დაუშვებლად და დაადგინეს, რომ მე-7 მუხლის დარღვევას არ ქონდა ადგილი. მოსამართლე ლემენსმა წარმოადგინა დამოუკიდებელი დამადასტურებელი მოსაზრება, რომელიც თან დაერთო გადაწყვეტილებას.
5. 2013 წლის 9 სექტემბერს, განმცხადებლის 2013 წლის 11 ივლისის მოთხოვნის შემდეგ დიდი პალატის პანელმა გადაწყვიტა საქმის დიდი პალატისთვის გადაცემა კონვენციის 43-ე მუხლის საფუძველზე.
6. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26.4 და 26.5 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 24-ე მუხლის ნორმების საფუძველზე.
7. 2014 წლის 16 იანვარს სასამართლოს თავმჯდრომარემ გადაწყვიტა საქმის ზეპირი მოსმენის გაუქმება და წერილობითი საქმისწარმოების ჩატარება.
8. განმცხადებელმა და მოპასუხე სახელმწიფომ წარმოადგინეს შესაბამისი წერილობითი მოსაზრებები საქმის არსებით მხარეზე (59.1 მუხლი) და უპასუხეს დიდი პალატის მიერ მათთვის დასმულ კითხვებს.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
9. განმცხადებელი დაიბადა 1966 წელს და ცხოვრობდა ბრნოში.
10. 2006 წლის 26 მაისს განმცხადებელს ბრნოს მუნიციპალურმა პროკურორმა ბრალი წაუყენა მინიმუმ 2000 წლიდან 2006 წლის 8 თებერვლამდე ნასვამ მდგომარეობაში საკუთარ მეუღლეზე გამუდმებით ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობისთვის. მას ბრალად ედებოდა ცოლის სიტყვიერი შეურაცხყოფა, თავში ხელითა და მუშტით დარყმა, სახეში სილის გაწვნა, ყელში წვდომა, დახრჩობის მცდელობა, მისი მიგდება ავეჯსა და იატაკზე, კიბეზე დაგორება და წიხლის კვრა. მას ასევე ბრალად ედებოდა ბავშვების ცემა, საოჯახო სახსრების წაგება სათამაშო აპარატებით და საოჯახო ჭურჭლის განადგურება. შედეგად მის მეუღლეს ქონდა ჰემატომები, სისხლნაჟღენთები და ცხვირის მოტეხილობა და იძულებული იყო აღნიშნულთან დაკავშირებით სამედიცინო დახმარებისთვის მიემართა 2000 წლის 26 ივნისს, 2003 წლის 18 ივლისს და 2006 წლის 8 თებერვალს, მასზე 2000 წლის 24 ივნისს, 2003 წლის 17 ივლისსა და 2006 წლის 8 თებერვალს განხორციელებული ძალადობის შემდეგ. განმცხადებელი საკუთარ ცოლზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა მასზე კონტროლის მიზნით. პროკურორის გადმოცემით განმცხადებელმა ჩაიდინა “განგრძობადი” დანაშაული(trvající trestný čin) კერძოდ კი ერთ ჭერქვეშ მცხოვრებ პირზე ძალადობა სისხლის სამართლის კოდექსის 215ა.1 და 215ა.2.ბ-ს მნიშნველობით, იმის გათვალისწინებით, რომ 2004 წლის 1 ივნისს ამ დანაშაულის კრიმინალიზებამდე მისი ქცევა უტოლდებოდა პირის ან პირთა ჯგუფის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას, რასაც სისხლის სამართლის კოდექსის 197ა მუხლი ითვალისწინებდა და თავდასხმას, რითაც გამოწვეული იყო ჯანმრთელობის დაზიანება, იგივე კოდექსის 221 მუხლის თანახმად.
11. 2007 წლის 18 აპრილს ბრნოს მუნიციპალურმა სასამართლომ განმცხადებელი დამნაშავედ ცნო ერთ ჭერქვეშ მცხოვრებ პირზე ძალადობაში, რაც მან ჩიდინა 2000 წლიდან 2006 წლის 8 თებერვლამდე პერიოდში, როგორც ეს საბრალდებო დასკვნაში იყო გადმოცემული და რომელშიც ასევე მითთებული იყო რომ ძალადობას განმეორებით ქონდა ადგილი. სასამართლომ მას მიუსაჯა ორი წლითა და ნახევრით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის აღსრულების გადავადებით და შეუფარდა ხუთი წლით პრობაცია. განმცხადებელი ასევე დაექვემდებარა ზედამხედველობას და დაევალა ალკოჰოლზე დამოკიდებულების სამკურნალო კურსის გავლა. სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება დააფუძნა განმცხადებლის, დაზარალებულის (მისი მეუღლის) და რამდენიმე მოწმის ჩვენებებზე, მათ შორის წყვილის ორი შვილის ჩვენებაზე, რომელთაც სხვა ინციდენტებს შორის დაასახელეს ათი შემთხვევა, როდესაც განმცხადებელი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს, ოთხ შემთხვევას, როდესაც განმცხადებელმა მკლავებში მოიქცია მეუღლე და ახრჩობდა მას და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც ის ყოველთვიურად აყენებდა საკუთარ მეუღლეს; ასევე დოკუმენტურ მტკიცებულებას და ექპერტის ანგარიშებს. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ განმცხადებელმა აღიარა შელაპარაკებები და ფიზიკური ძალადობა საკუთარ მეუღლეზე; უფრო კონკრეტულად კი მან აღიარა, რომ ხანდახან სილას აწნიდა და მუშტს ურტყამდა მეუღლეს.
სასამართლომ გაიზიარა დანაშაულის კვალიფიკაცია ერთ ჭერქვეშ მცხოვრებ პირზე ძალადობის სახით, სისხლის სამართლის კოდექსის 215ა.1 და 215ა.2.ბ მუხლის საფუძველზე, რომელიც ძალაში იყო 2004 წლის 1 ივნისიდან, მიიჩნია რა, რომ ეს კვალიფიკაცია ასევე ვრცელდებოდა განმცხადებლის მიერ ამ თარიღამდე ჩადენილ ქმედებებზე, რადგანაც ისინი მოცემული დროისთვის დასჯადი იყო და უტოლდებოდა როგორც მინიმუმ ძალადობას ცალკეული პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 197ა მუხლის საფუძველზე. და ბოლოს, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი ქცევის ხანგრძლივობიდან გამომდინარე წინამდებარე საქმეზე ჩადენილი დანაშაული წარმოადგენდა შედარებით მაღალი ხარისხის საფრთხეს, რაც ასაბუთებდა სასჯელის სახით ორიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას სისხლის სამართლის კოდექსის 215ა.2 მუხლის საფუძველზე. შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით (კერძოდ კი ფაქტისა, რომ განმცხადებელმა აღიარა და მას არ გააჩნდა წინა ნასამართლობა), სასამართლომ გამოიყენა სასაჯელის გადავადება და სასჯელის მინიმალური ოდენობა.
12. 2007 წლის 6 სექტემბერს ბრნოს რეგიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ის სადავოდ ხდიდა მუნიციპალური სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებსა და მტკიცებულების ცალმხრივ შეფასებას. რეგიონულმა სასამართლომ არ დაადგინა რაიმე ხარვეზი ქვემდგომ ინსტანციაში საქმის განხილვასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ განმცხადებლის ქცევის კვალიფიკაცია შეესაბამებოდა სისხლის სამართლის კოდექსის ნორმებს.
13. 2008 წლის 21 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ არ განიხილა როგორც აშკარად დაუსაბუთებელი განმცხადებლის მიერ წარდგენილი საჩივარი სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით, რომელშიც ის ჩიოდა, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 215ა მუხლის მოქმედება გაავრცელა მის მიერ 2004 წლის 1 ივნისამდე ჩადენილ ქმედებებზე, როდესაც ეს დანაშაული არც კი იყო გათვალისწინებული ეროვნული კანონმდებლობით. აღნიშნულთან მიმართებით უზენაესმა სასამართლომ 1993 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე Tzn 12/93 მითითებით აღნიშნა, თუკი სახეზე იყო “დანაშაულებრივი ქმედების განგრძობადობა” (pokračování v trestném činu), როგორც ეს წინამდებარე საქმეზე იყო, რომელიც განიხილებოდა ერთ ქმედებად, სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე ამ ქმედების კვალიფიცირება უნდა მომხდარიყო იმ ნორმის საფუძველზე, რომელიც მოქმედებდა ბოლო დანაშაულებრივი ქმედების დასრულების მომენტისთვის. შესაბამისად კანონის მოქმედება ვრცელდებოდა უფრო ადრეულ ქმედებებზეც, იმ პირობით, რომ ისინი მანამდე მოქმედი კანონმდებლობის თანახმადაც დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენდა. წინამდებარე საქმეზე უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსში 2004 წლის 1 ივნისს განხორციელებულ ცვლილებებამდე განმცხადებლის ქცევა უტოლდებოდა მინიმუმ სისხლის სამართლის კოდექსის 197ა მუხლით ან 221.1 მუხლით დასჯად დანაშაულს. საქმის მასალების შესწავლის შემდეგ სასამართლომ ასევე დაასკვნა, რომ ბრალდებულის ქმედებები, როგორც ეს აღწერილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მოიცავდა სისხლის სამართლის კოდექსის 215ა.1 და 215ა.2.ბ მუხლით გათვალისწინებული ერთჭერქვეშ მცხოვრებ პირზე ძალადობის დანაშაულის ყველა სამართლებრივ ელემენტს. რაც შეეხება დანაშაულის განგრძობადობას, უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ თავის მხრივ ეს ძალადობა უტოლდებოდა გარკვეული ხანგრძლივობის არასათანადო მოპყრობას. იმისათვის, რომ დანაშაული მიჩნეულ იქნას განგრძობადად, ის უნდა გრძელდებოდეს რამდენიმე თვის განმავლობაში. რადგანაც განმცხადებელმა სადაო დანაშაული ჩაიდინა მინიმუმ 2000 წლიდან 2006 წლის 8 თებერვლამდე, რაც რამდენიმე წლიანი პერიოდია, მისი ქცევა ნამდვილად მოიცავდა სისხლის სამართლის კოდექსის 215ა.2.ბ მუხლით გათვალისწინებული ძალადობის დანაშაულის განგრძობადობის არსებით ელემენტს.
14. 2008 წლის 10 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ აშკარად დაუსაბუთებლობის საფუძვლით არ განიხილა განმცხადებლის მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო საჩივარი, რომელშიც ის ჩიოდა, რომ საქმისწარმოება იყო უსამართლო და სისხლის სამართლის კოდექსს მიეცა უკუძალა მის საზიანოდ. უთითებდა რა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და მის პრეცედენტულ სამართალზე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ წინამდებარე საქმეზე სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო ლოგიკური და ნათელი და არ გააჩნდა კონსტიტუციით აკრძალული უკუძალა.
15. ვინაიდან განმცხადებელმა სხვა დანაშაული ჩაიდინა პრობაციაზე ყოფნისას და ალკოჰოლზე დამოკიდებულების მკურნალობის კურსიც არ გაუვლია, მას დაევალა საპატიმრო სასჯელის მოხდა, რომელიც 2007 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით დაეკისრა. მან სასჯელის მოხდა დაიწყო 2011 წლის 3 იანვარს. მოპასუხე სახელმწიფოს განმარტებით ის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდა 2012 წლის 17 მაისს.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
A. სისხლის სამართლის კოდექსი (კანონი # 140/1961, 2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით)
16. 16.1 მუხლის თანახმად ქმედების სისხლის სამართლებრივი ბუნება შეფასდა ქმედების ჩადენის მომენტში მოქმედი კანონის საფუძველზე. უფრო ახალი კანონის მოქმედება გავრცელდებოდა თუკი ის სამართალდამრღვევისთვის უფრო კარგ პირობებს შექმნიდა.
17. 34k მუხლის თანახმად, სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებად უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ სამართალდამრღვევმა რამდენიმე დანაშაული ჩაიდინა.
18. მუხლი 35.1-ით განმარტებულია, რომ როდესაც სასამართლო პირს დამნაშავედ ცნობს ორი ან მეტი დანაშაულისთვის, გამოიყენება მშთანთქმელი სასჯელი (úhrnný trest) ყველაზე მძიმე დანაშაულის დამდგენი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე. თუკი მინიმალური საპატიმრო სასჯელი განსხვავდება, ყველაზე ხანგრძლივი წარმოადგენს მინიმალურ ვადას მშთანთქმელი სასჯელისთვის.
19. 67.1.დ მუხლის თანახმად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დანაშაულისთვის, რომლისთვისაც მაქსიმალური სასჯელი სამ წელზე ნაკლებია ხანდაზმულად ითვლება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის შემდეგ. 67.3 და 67.4 მუხლის შესაბამისად ეს პერიოდი შეწყდა და ახალი დაიწყო (ა) როდესაც სამართალდამრღვევს ბრალი შეეფარდა განსახილველ დანაშულთან დაკავშირებით და როდესაც შესაბამისი ზომები მიიღეს მის სისხლის სამართლებრივ ბრალდებასთან მიმართებით (როგორიცაა პროკურორის მიერ ბრალის წაყენება, სასამართლოს განჩინება და ა.შ.) ან (ბ) თუკი ამ პერიოდში სამართალდამრღვევი ჩაიდენდა სხვა დანაშაულს რომელიც დასჯადია იგივე ან უფრო მკაცრი სასჯელით.
20. 89.3 მუხლის თანახმად, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსს 290/1993 კანონით დაემატა და ძალაში შევიდა 1994 წლის 1 იანვარს, დანაშაულის განგრძობადობა (pokračování v trestném činu) გაგებული უნდა ყოფილიყო როგორც ცალკეული ქმედებებისგან (jednotlivé dílčí útoky) შემდგარი, რომლებიც მიმართული იყო ერთი მიზნისკენ, მოიცავდა დანაშაულის იგივე ნიშნებს და ჩადენილი იყო იდენტური ან მსგავსი გზით, დროის მცირე ინტერვალებში და ერთი ობიექტის მიმართ.
21. 197ა.1 მუხლის თანახმად პირს, რომელიც მოკვლით ან ჯანმრთელობის დაზიანებით ან სხვა მძიმე ზიანით დაემუქრა სხვას, იმგვარად, რომ შიშის რეალურ საფუძველს ქმნიდა, პასუხისმგებლობის სახით დაეკისრებოდა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა.
22. 215ა.1 მუხლის თანახმად, რომელიც მოქმედია 2004 წლის 1 ივნისიდან, პირს, რომელიც ძალადობს ნათესავზე ან ერთ ჭერქვეშ მცხოვრებს სხვა პირზე, სასჯელის სახით განესაზღვრება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამგვარი დანაშაულის ჩამდენს დაეკისრება ორიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა თუ (ა) ის მოქმედებდა განსაკუთრებული სისასტიკით ან დანაშაული ჩაიდინა რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგ ან (ბ) ამ ქმედებას ჩადიოდა დიდი ხნის მანძილზე.
შესაბამის განმარტებით ბარათში გაცხადებულია, რომ ზემოთ მითითებული ნორმის შემოღების მიზანი იყო ამ სფეროში სპეციალური კანონმდებლობის ვაკუუმის შევსება, რადგანაც მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობის ნორმები ამოქმედდებოდა ოჯახში ძალადობის მხოლოდ ყველაზე მძიმე ქმედებებთან მიმართებით (მაგალითად, სასამართლო პრაქტიკის თანახმად, 197ა და 221 მუხლებში მითითებული დანაშაულებს, უნდა გამოეწვია მინიმუმ შვიდი დღით შრომისუუნარობა, რაც ძალიან იშვიათი გამონაკლისი იყო ოჯახში ძალადობის შემთხვევებში).
ახალი ნორმის საფუძველზე არ იყო საჭირო არც ფიზიკური ძალადობა, არც დაზარალებულის ჯანმრთელობისთვის საზიანო შედეგები. ის ასევე მიზნად ისახავდა იმ სირთულეების გადალახვას, რასაც აწყდებოდნენ პროკურატურის თანამშრომლები ოჯახში ძალადობის მახასიათებლებთან მიმართებით.
აღინიშნა, რომ ტერმინი “ძალადობა/არასათანადო მოპყრობა” არ იყო ახალი, რადგანაც უკვე არსებობდა დანაშაული - ზრუნვაში მყოფ პირზე ძალადობა/არასათანადო მოპყრობა. ეს განიმარტა როგორც მუდმივი არასათანადო მოპყრობა, რაც მოიცავს განსაკუთრებით მაღალი ხარისხის სისასტიკეს და გულცივობას და რომელსაც მსხვერპლი მიიჩნევს მეტად არასწორ ქმედებად. აუცილებელი არ არის რომ ეს ხდებოდეს სისტემატურად ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
23. 221.1 მუხლის თანახმად ძალადობრივი დანაშაული, სხეულებრივი ზიანის მიყენების მიზნით ისჯება საპატიმრო სასჯელით, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. მე-2 ნაწილი სასჯელის სახით განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან ხუთ წლამდე ხანგრძლივობით, თუკი მოძალადემ დაზარალებულს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა; მე-3 ნაწილის თანახმად, თუკი მოძალადის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის სიკვდილი, მას სასჯელის სახით შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა სამიდან რვა წლამდე ვადით.
B. სამართლებრივი ლიტერატურა და უზენაესის სასამართლოს პრაქტიკა
24. ჩეხური სამართლებრივი ლიტერატურის მიხედვით დანაშაულის განგრძობადობა, რაც არის “განგრძობადი” დანაშაული (pokračující trestný čin), განიხილება ერთჯერად ქმედებად; თუკი სისხლის სამართლის კოდექსის 89.3 მუხლით გათვალისწინებული ელემენტებიდან რომელიმე სახეზე არ არის, განსახილველი დანაშაული ხასიათდება როგორც განმეორებითი.
25. როგორც ეს დადასტურებულია უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული და ხანგრძლივი პრაქტიკით (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები ##3 Tz 155/2000, 3 Tdo 1115/2003, 6 Tdo 1314/2003, 11 Tdo 272/2007, 6 Tdo 181/2012, 11 Tdo 258/2012 და 6 Tdo 1553/2012), განგრძობადი დანაშაული უნდა დასრულდეს დანაშაულებრივი ქმედების ბოლო გამოვლინების დასრულებისთანავე. მოპასუხე სახელმწიფომ დამატებით მიუთითა “სასამართლო გადაწყვეტილებებისა და მოსაზრებების ანგარიშებში” გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებებზე #103/1953, #44/1970 და#7/1994 და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე #5 Tdo 593/2005. შესაბამისად, როდესაც განგრძობადი დანაშაული მიმდინარეობს დროის მანძილზე, რომლის დროსაც შესაბამისი კანონმდებლობა შეიცვალა, თუკი დასჯადი ქმედებებიდან ზოგი ჩაიდინეს ახალი კანონმდებლობის ძალაში შესვლის შემდეგ, ხოლო მანამდე ჩადენილი ქმედებები დანაშაულს წარმოადგენდა მათი ჩადენის მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად (იხილეთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება #Tzn 12/93), მაშინაც თუ ამ დანაშაულისთვის უფრო მსუბუქი სასჯელი იყო გათვალისწინებული.
26. 2007 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით # 11 Tdo 272/2007 უზენაესმა სასამართლომ გააუქმა დაბალი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებითაც განსახილველი პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი ორი დანაშაულის ჩადენაში (2004 წლის 1 ივნისამდე პირის წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობა გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 197ა.1 მუხლით და ამ თარიღის შემდეგ ჩადენილი ძალადობა ერთ ჭერქვეშ მცხოვრები პირის წინააღმდეგ) და დააკისრა მშთანთქმელი სასჯელი ორი წლითა და ნახევრით თავისუფლების აღკვეთა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლოების ამ განმარტებით სისხლის სამართლის კოდექსის 215ა მუხლის ამოქმედებამდე და ამოქმედების შემდეგ ჩადენილი ქმედებების გამიჯვნა არასწორი იყო, რადგანაც ეს შემთხვევა უტოლდებოდა განგრძობად დანაშაულს; მიუხედავად ამისა სასამართლომ ძალაში დატოვა სასჯელი. კერძოდ კი მან განაცხადა:
“გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს, შესაძლოა თუ არა განგრძობადი დანაშაული იყოს შესაბამისი სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძალაში შესვლამდე და ძალაში შესვლის შემდეგ ქცევის ცალკეული გამოვლინებები, სისხლის სამართლის კოდექსის 16.1 მუხლის ნორმების დარღვევის გარეშე... დანაშაულის განგრძობადობის შემთხვევაში, რომელიც მატერიალური თვალსაზრისით გაგებულია როგორც ერთჯერადი ქმედება (skutek), მისი ჩადენის დროდ ითვლება დანაშაულის ბოლო გამოვლინების (რომელიც წინა გამოვლინენბთან ერთიანობას წარმოადგენს) დასრულების დრო. აქედან გამომდინარეობს, რომ დანაშაულის შესწავლა უნდა მოხდეს ახალი კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც შესაძლოა უფრო მკაცრი იყოს, დანაშაულის ძალაში შესვლის დროს მოქმედი რედაქციით, მაშინაც კი, თუკი დანაშაულის (მიუხედავად ფარგლებისა) ნაწილი ექცევა სისხლის სამართლის ძველი ნორმების მოქმედების ფარგლებში, რომლებიც სამართალდამრღვევისთვის უფრო ხელსაყრელია.
ეს დასკვნა შესაბამისობაშია მოქმედ პრეცედენტულ სამართალთან, რომლის თანახმადაც განგრძობადი დანაშაულები ჩადენილად მიიჩნევა ახალი (უკანასკნელი) კანონმდებლობის საფუძველზე, იმ პირობით, რომ მინიმუმ ამ დანაშაულის ნაწილი (ცალკეული ქმედებები) ჩადენილია ამ ახალი კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ. ამგვარი დანაშაულები სრულად ჩადენილად მიიჩნევა ახალი, უკანასკნელი კანონმდებლობის საფუძველზე, იმ პირობით რომ ამგვარი ქმედება დასჯადი იყო მანამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზეც.”
27.რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 197ა, 215ა და 221 მუხლებით გათვალისწინებულ ან მსგავს ქმედებებზე სისხლის სამართლის კოდექსის 89.3 მუხლის მოქმედების გავრცელებას, ჩეხეთმა ასევე მიუთითა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე # 3 Tdo 1431/2006 – 2007 წლის 10 იანვრის, # 6 Tdo 548/2008 – 2008 წლის 28 მაისის და # 7 Tdo 415/2013 – 2013 წლის 23 მაისის. კერძოდ კი ისინი უთითებდა, რომ ამ გადაწყვეტილებებში უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ მჭიდრო მიმდევრობითი კავშირის ცნება არ იყო ზუსტად განმარტებული და რომ თითოეული კონკრეტული საქმე საჭიროებდა ყველა გარემოებისა და ასევე 89.3 მუხლით გათვალისწინებული ფორმალური კრიტერიუმის სრულ შეფასებას. უფრო მეტიც, დანაშაულის შემადგენელი ელემენტები შესაძლოა სხვადასხვა გზით იყოს წარმოებული; თუმცა დანაშაულის ჩადენის ფორმა არ არის აუცილებელი ყოველთვის იყოს იდენტური თუკი ისინი მიმართულია ერთი და იგივე დაცული ინტერესის წინააღმდეგ.
III. შესაბამისი შედარებითი და საერთაშორისო სამართალი
A. ტერმინოლოგია
28. ხელშემკვრელი სახელმწიფოების სამართლებრივი სისტემების თავისებურებაა ორი შემთხვევის ერთმანეთისგან გამიჯვნა, რომელთაგან მეორე წინამდებარე საქმეზეა:
(ა) “განგრძობადი”დანაშაული (trvající trestný čin,Dauerdelikt, infraction continue, reato permanente), განმარტებული როგორც ქმედება (ან უმოქმედება), რომელიც გრძელდებოდა დროის გარკვეულ მანძილზე, როგორიცაა მაგალითად უკანონო ორგანიზაციის წევრების დახმარება და მათთვის თავშესაფრის მიცემა, რაზეც სასამართლომ იმსჯელა საქმეზე ესერი და ზეირეკი თურქეთის წინააღდეგ (# 29295/95 და 29363/95, ECHR 2001‑II); და
(ბ) “განგრძობადი”დანაშაული (pokračující trestný čin,fortgesetzte Handlung, infraction continuée, reato continuato), განმარტებული როგორც დანაშაული, რომელიც მოიცავს იგივე (ან მსგავსი) დანაშაულის ელემენტებს, რომლებიც ჩადენილია გარკვეულ დროში - როგორიცაა განზრახულობა, განგრძობადობა და დიდი ოდენობით დასაბეგრი თანხების დამალვა, რაც მსჯელობის საგანი იყო საქმეზე ვეებერი ესტონეთის წინააღმდეგ (Veeber v. Estonia) (# 2) (# 45771/99, ECHR 2003‑I).
29. უფრო მეტიც, ხელშემკვრელ სახელმწიფოებში რამდენიმე სახის სასჯელი არსებობს, როდესაც ჩადენილია ერთზე მეტი დანაშაული:
(ა) შეკრებითი სასჯელი (peine cumulée oupeines consécutives), როდესაც ცალკეული სასჯელი შეეფარდება თითოეული დანაშაულისთვის და ყველა ეს სასჯელი იკრიბება ან მოიხდება მიმდევრობით;
(ბ) შთანთქმითი სასჯელი (úhrnný trest,peine confondue ou peines simultanées) როდესაც სამართალდამრღვევს განესაზღვრება ყველაზე მკაცრი სასჯელი ყველაზე მძიმე დანაშაულის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, ან როდესაც მას რამდენიმე სასჯელი განესაზღვრება, რომლებიც უნდა მოიხადოს პარალელურად;
(გ) ჯამური, შეკრებითი ან საერთო სასჯელი (souhrnný trest,peine globale ou peine d’ensemble), რომლის გაანგარიშებაც ხდება სხვადასხვა მეთოდებით იმის მიხედვით სასჯელის შეფარდება ხდება თუ არა თანმიმდევრულად ან მიმდევრობით ჩადენილი დანაშაულებისთვის ან მოიცავს თუ არა ის მანამდე დაკისრებულ სასჯელებს; ის ცალკეული სასჯელების ნაკრებსა და ყველაზე მკაცრ სასჯელის ზომას შორის მერყეობს.
B. შედარებითი სამართალი
30. განგრძობადი დანაშაულის ცნება ისევე როგორც ეს წინამდებარე საქმეზეა წარმოდგენილი, ევროპულ სამართალში შუა საუკუნეებში გაჩნდა, რომაული სამართლით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის წესის quod criminae tot poenae (სხვა სიტყვებით ყველა სასჯელის მატერიალური აკუმულაცია) შემსუბუქების მიზნით. მეცნიერებმა და კანონმდებლებმა ორი განსხვავებული მიდგომა განავითარეს, განგრძობადი დანაშაული სუბიექტურ და ობიექტურ ხედვაზე დაყრდნობით. სუბიექტური ხედვის თანახმად, რომელიც მაგალითად იტალიაში არსებობდა (იხილეთ მაგალითად იტალიის სისხლის სამართლის 1930 წლის კოდექსის 81-ე მუხლი), განგრძობადი დანაშაული წარმოადგენდა ქმედებების ერთობლიობას, რომელთაც აერთიანებდა ერთი განზრახვა, ერთი საერთო დანაშაულებრივი გეგმა. ობიექტური ხედვის თანახმად, რომელიც ძირითადად გერმანიაში განვითარდა (იხილეთ მაგალითად ბავარიის 1813 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლი), განგრძობადი სისხლის სამართლის დანაშაული ეფუძნებოდა სამართალდამრღვევის განმეორებით განზრახვას თავს დასხმოდა იგივე ან მსგავს ობიექტს ან სამართლით დაცულ ინტერესს (Rechtsgut). უფრო მეტიც, ის ფაქტი, რომ დანაშაულებრივ ქმედებათა ან დანაშაულებრივი განზრახვის განმეორება ნაკარნახევი იყო მატერიალური გარემოებებით, რაც მოიცავს სამართალდამრღვევს; მჭიდრო ქრონოლოგიური კავშირი და დაზიანებული სამართლებრივად დაცული ინტერესის იდენტობა, განიხილებოდა როგორც დამნაშავეზე უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების გამამართლებელი. ამ ობიექტურმა პერსპექტივამ მთელი ევროპის მაშტაბით მოიპოვა მხარდაჭერა, ბევრმა ქვეყანამ საკუთარ სამართლებრივ სისტემაში მოახდინა მისი ინკორპორირება. თუმცა განმეორებით დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ გადამეტებული მსუბუქი სასჯელის თავიდან ასაცილებლად კონკრეტულმა კანონმდებლებმა შეზღუდეს ამ კონცეფციის მოქმედება გარკვეული კატეგორიის დანაშაულებით.
31. ობიექტური ხედვით გაგებული განგრძობადი დანაშაულის ევროპული ტრადიციის არსებობა დადასტურდა სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს ორმოცდაშვიდ წევრ ქვეყანაში ჩატარებული კვლევით. მართლაც, ამ ქვეყნების უმრავლესობის სამართლებრივ სისტემაში არსებობს განგრძობადი დანაშაულის დეფინიცია ან კონკრეტული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე ან სამართლებრივი ლიტერატურის და/ან სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე.
32. ამ შედარებითი კვლევის საფუძველზე ხელშემკვრელი სახელმწიფოები შეიძლება დაიყოს სამ განსხვავებულ ჯგუფად:
(ა) ოცდაათი ქვეყანა, სადაც განგრძობადი დანაშაულის კონცეფცია ასახულია კანონმდებლობაში: ანდორა (სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლი), სომხეთი (სისხლის სამართლის კოდექსის 21.2 მუხლი), ბელგია (სისხლის სამართლის კოდექსის 65.1. მუხლი), ბოსნია და ჰერცოგოვინა (სისხლის სამართლის კოდექსის 54.2 მუხლი), ბულგარეთი (სისხლის სამართლის კოდექსის 26-ე მუხლი), ხორვატია (სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლი), ჩეხეთის რესპუბლიკა (სისხლის სამართლის კოდექსის 89.3 მუხლი), მაკედონიის ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა (სისხლის სამართლის კოდექსის 45-ე მუხლი), საქართველო (სისხლის სამართლის კოდექსის მე-14 მუხლი), საბერძნეთი (სისხლის სამართლის კოდექსის 98.1 მუხლი), უნგრეთი (სისხლის სამართლის კოდექსის6.2 მუხლი), იტალია (სისხლის სამართლის კოდექსის81.2 მუხლი, რომელიც განგრძობად დანაშაულს განმარტავს stricto sensu), ლატვია (სისხლის სამართლის კოდექსის 23-ე მუხლი), მალტა (სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლი), მოლდოვა (სისხლის სამართლის კოდექსის 29-ე მუხლი), მონტენეგრო (სისხლის სამართლის კოდექსის 49-ე მუხლი), ნიდერლანდები (სისხლის სამართლის კოდექსის 56-ე მუხლი), ნორვეგია (სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლი კონკრეტულად ოჯახში დანაშაულთან მიმართებით), პოლონეთი (სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლი), პორტუგალია (სისხლის სამართლის კოდექსის 30.2 მუხლი), რუმინეთი (ახალი სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლი), სან მარინო (სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლი), სერბეთი (სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლი), სლოვაკეთი (სისხლის სამართლის კოდექსის 122.10 მუხლი), სლოვენია (სისხლის სამართლის კოდექსის 54.1 მუხლი), ესპანეთი (სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლი), შვედეთი (სისხლის სამართლის კოდექსის მე-4 თავის 4ა მუხლი), თურქეთი (სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლი), უკრაინა (სისხლის სამართლის კოდექსის 32-ე მუხლი)და გაერთიანებული სამეფო (2013 წლის სისხლის სამართლის პროცესუალური წესების 14.2.2 წესი);
(ბ) თოთხმეტი წევრი ქვეყანა, სადაც განგრძობადი დანაშაულის კონცეფცია განვითარდა სამართლის თეორიასა და პრაქტიკაში: ალბანეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მონაკო, რუსეთი და შვეიცარია;
(გ) დანარჩენი სამი წევრი ქვეყანა, სადაც არ ფიქსირდება განგრძობადი დანაშაულის ცნება წინამდებარე საქმის გაგებით არც კანონმდებლობაში და არც სამართლის თეორიაში: კვიპროსი, ფინეთი და ირლანდია.
33. სასამართლოსთვის ხელმისაწვდომი განგრძობადი დანაშაულის არსებული კონცეფციების შედარებით სამართლებრივი მასალები (იხილეთ 31-32 პარაგრაფები მაღლა) უთითებს ამ სფეროში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ადგილობრივი სამართლებრივი სისტემების მჭიდრო კავშირზე. იკვეთება ფართო კონსესუსი, რომელიც ეფუძნება ხანგრძლივ ევროპულ ტრადიციას (იხილეთ 30-ე პარაგრაფი მაღლა) განგრძობადი დანაშაულის შემდეგ მახასიათებლებთან მიმართებით, რომელიც მოიცავს ობიექტურ (actus reus) და სუბიექტურ (mens rea) ელემენტებს განსახილველი ქმედებების სამართლებრივ ერთობასთან მიმართებით:
(ა) სამართალდამრღვევი ჩადის მთელ რიგ იდენტურ, მსგავს ან განსხვავებულ დანაშაულებრივ ქმედებებს ერთი და იმავე სამართლებრივად დაცული ინტერესის წინააღმდეგ (Rechtsgut, bien juridique, bene giuridico); ამასთან ხშირად სავალდებულოა, რომ სამართალდამრღვევი და დაზარალებული ყოველ ჯერზე ერთი და იგივე იყოს;
(ბ) მინიმუმ მსგავსება არსებობს ცალკეული ქმედებების ჩადენის გზებს შორის (modus operandi), ან სხვა მატერიალური გარემოებები არსებობს, რომლებიც აკავშირებს მათ ერთ მთლიანობად (actus reus);
(გ) სხვადასხვა ინდივიდუალურ ქმედებებს შორის არსებობს ქრონოლოგიური კავშირი, რომელიც თითოეულ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს;
(დ) თითოეულ ქმედებას აქვს განმეორებითი დანაშაულებრივი განზრახვა ან მიზანი (mens rea), თუმცა არ არის აუცილებელი რომ ისინი დაგეგმილი იყოს ab initio;
(ე) თითოეული ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოადგენს დანაშაულის შემადგენელ ელემენტს.
34. ასევე შეთანხმება არსებობს პრინციპზე, რომ განგრძობადი დანაშაულებრივი ქმედების დასრულების მომენტში მოქმედი კანონმდებლობა ვრცელდება ფაქტებზე, რომლებიც ამ კანონმდებლობის ძალაში შესვლამდე მოხდა, იმ პირობით, რომ ეს ფაქტები აკმაყოფილებს ახალი კანონმდებლობის პირობებს და უმრავლეს ქვეყანაში ასევე მანამდე მოქმედი კანონმდებლობისას. უმრავლეს წევრ ქვეყანაში ეს წესი ასევე მოქმედებს მაშინ როდესაც ახალი კანონმდებლობა უფრო მკაცრია, ვინაიდან იგულისხმება, რომ სამართალდამრღვევი უსიტყვოდ დაეთანხმა უფრო მკაცრ სასჯელს კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ საკუთარი კანონსაწინააღმდეგო ქმედების გაგრძელებით.
35. უფრო მეტიც, ყველა წევრ ქვეყანაში განგრძობადი დანაშაულის ჩამდენს ეკისრება ერთი სასჯელი. როდესაც განგრძობადი დანაშაულის შემადგენელ ცალკეულ ქმედებებზე ვრცელდება მთელი რიგი სხვადასხვა ნორმებისა, მოქმედებს ყველაზე მკაცრი სასჯელის დამდგენი ნორმა.
36. და ბოლოს, განგრძობადი დანაშაულისთვის შეფარდებული სასჯელი უფრო მეტად მსუბუქია, ვიდრე მრავლობითი დანაშაულებისთვის დანიშნული შეკრებითი, მიმდევრობითი თუ შთანთქმითი სასჯელები.
37. ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობის საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ განგრძობადი დანაშაულის ცნება არა მხოლოდ საზოგადოდ გამოყენებული საკანონმდებლო და სასამართლო მიდგომაა კონკრეტული სახის დასჯასთან მიმართებით, არამედ ასევე მიმართულია უფრო მსუბუქი სასჯელის მისჯის წესის გავრცელებაზე (იხილეთ, შედარებისთვის, მაკტუფი და დამიანოვიჩი ბოსნიისა და ჰერცოგოვინის წინააღმდეგ (Maktouf and Damjanovićv. Bosnia and Herzegovina) [დიდი პალატა], # 2312/08 და#34179/08, § 70, ECHR 2013 (ამონარიდები)). შეიძლება ითქვას, რომ განგრძობადი დანაშაულის კონცეფცია სამართალდარმღვევისთვის ორ შეღავათს ითვალისწინებს:
(ა) მას ეკისრება ერთი სასჯელი ნაცვლად შეკრებითი, თანმიმდევრული ან შთანთქმითი სასჯელისა, რაც ინიშნება რამდენიმე დანაშაულისთვის; და
(ბ) არსებობს მოთხოვნა, რომ ახალი კანონმდებლობით განსაზღვრული დანაშაულის შემადგენელი ნაწილები, თუკი ისინი სახეზეა, თავიდანვე წარმოადგენდეს დანაშაულებრივ ქცევას, ეს ეხება ასევე იმ ფაქტებსაც, რომლებსაც ადგილი ქონდა ახალი კანონმდებლობის ძალაში შესვლამდე.
C. საერთაშორისო სამართალი
1. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ (მიღებულია მინისტრთა კომიტეტის მიერ 2011 წლის 7 აპრილს და ძალაში შევიდა 2014 წლის 1 აგვისტოს)
38. ამ კონვენციის თანახმად, რომლის რატიფიცირებაც ჩეხეთს არ მოუხდენია, სახელმწიფო ვალდებულია სრულად უპასუხოს ქალთა წინააღდეგ ყველა ფორმის ძალადობას და გაატაროს ზომები მისი პრევენციისთვის, დაიცვას დაზარალებულები და დასაჯოს მოძალადეები. კონვენცია ადგენს შემდეგს:
მუხლი 46 – დამამძიმებელი გარემოებები
“მხარეებმა უნდა მიიღონ აუცილებელი საკანონმდებლო და სხვა ღონისძიებები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩამოთვლილი გარემოებები, თუკი ისინი თავისთავად არ წარმოადგენს დანაშაულის შემადგენელ ელემენტებს, მოქმედი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად მიჩნეულ იქნას დამამძიმებელ გარემოებებად ამ კონვენციის თანახმად გამოვლენილი დანაშაულებისთვის სასჯელის დადგენისას:
...
ბ - დანაშაული ან დაკავშირებული დანაშაული ჩადენილია განმეორებით;
...”
39.ზემოთ აღნიშნული კონვენციის განმარტებითი ანგარიშის 237-ე პარაგრაფის თანახმად, 46.ბ მუხლში ნახსენები დამამძიმებელი გარემოება ეხება დანაშაულებს, რომლებიც განმეორებით არის ჩადენილი. ეს ეხება ამ კონვენციის საფუძველზე დადგენილ ნებისმიერ სამართალდარღვევას, ასევე იგივე სამართალდამრღვევის მიერ ჩადენილ დაკავშირებულ სამართალდარღვევებს, რომლებიც ერთზე მეტად არის ჩადენილი დროის გარეკვეულ მონაკვეთში. შესაბამისად კანონშემოქმედებმა გადაწყვიტეს ხაზი გაესვათ დაზარალებულისთვის მძიმე შედეგებისთვის, რომელიც იგივე ტიპის დანაშაულებრივი ქცევას განმეორებით დაექვემდებარა. ეს ხშირად სახეზეა ოჯახში ძალადობის დროს, რამაც კანონშემოქმედთ გადააწყვეტინა სასამართლოს მიერ დანიშნული გაზრდილი სასჯელების შესაძლებლობის მოთხოვნა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავსი ხასიათის დანაშაულის ფაქტები, რამაც იგივე სამართალდამრღვევის მსჯავრდება გამოიწვია, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას განმეორებით ქმედებათ, რაზეც მითითებულია “ბ” ქვეპუნქტში, არამედ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს “ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მათ უფლებასთან მიმართებით.
2. ევროკავშირის საერთო სასამართლოს პრეცედენტული სამართალი
40. 2013 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებაში საქმეზე ტრელებორგ ინდუსტრი SAS და ტრელებოგ AB ევროპული კომისიის წინააღმდეგ (Trelleborg Industrie SAS and Trelleborg AB v. European Commission) (გაერთიანებული საქმეები T-147/09 და T-148/09), საერთო სასამართლომ განიხილა სხვაობა ‘განგრძობად’ და ‘განმეორებით’ დარღვევებს შორის.
კანონმდებლობა
კონვენციის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევა
41. განმცხადებელი ჩიოდა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედებას უკუძალა მიენიჭა მის საქმეზე, უთითებდა რა, რომ სასამართლოებმა მას მსჯავრი დასდეს ერთ ჭერქვეშ მცხოვრები პირის მიმართ ძალადობის სახით განგრძობად დანაშაულში, რაც ასევე მოიცავდა მის ქცევას კანონმდებლობის საფუძველზე ამ დანაშაულის შემოღებამდე. ის ასევე ამტკიცებდა, რომ სასამართლოებმა სათანადოდ არ შეისწავლეს ამ თარიღამდე მისი ქცევა უტოლდებოდა თუ არა დანაშაულს მანამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამ დროს ის დაეყრდნო კონვენციის მე-7 მუხლს, რომელიც შემდეგი შინაარსისაა:
“1. არავინ შეიძლება მიიჩნიონ ბრალეულად რაიმე დანაშაულის ჩადენაში ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც ჩადენის დროს არ ითვლებოდა სისხლის სამართლის დანაშაულად ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით. არც იმაზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება შეეფარდოს ვინმეს, ვიდრე სასჯელი, რომელიც გამოიყენბოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის დროს.
2. ეს მუხლი ხელს არ შეუშლის ნებისმიერი პირის გასამართლებასა და დასჯას რომელიმე მოქმედების ან უმოქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროისათვის მიიჩნეოდა დანაშაულად ცივილიზებული სახელმწიფოების მიერ აღიარებული სამართლის ზოგადი პრინციპების მიხედვით.”
42. მოპასუხე არ დაეთანხმა ამ არგუმენტს.
A. პალატის გადაწყვეტილება
43. 2013 წლის 18 აპრილს პალატამ დაადგინა, რომ კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას არ ქონდა ადგილი. მან გაიზიარა, რომ ჩეხეთის კანონმდებლობის საფუძველზე, 2004 წლის 1 ივნისის მდგომარეობით სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედების გავრცელება განმცხადებლის მიერ ამ დრომდე ჩადენილ ქმედებებზე არ უტოლდებოდა სისხლის სამართლის კანონმდებლობის მოქმედების უკუძალით გავრცელებას. მან ასევე დაადგინა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 89.3 მუხლით დადგენილი სისხლის სამართლის დანაშაულის განგრძობადობის ზოგადი კონცეფცია ეფუძნებოდა უზენაესი სასამართლოს ნათელ და დამკვიდრებულ პრეცედენტულ სამართალს, რაც განვითარდა განმცხადებლის მხრიდან მეუღლეზე პირველ ძალადობამდე. ვინაიდან განმცხადებელი სადაოდ ხდიდა ამ განმარტების მოქმედებას, რამაც მისი აზრით განაპირობა კანონმდებლობის უკუძალის გავრცელება, პალატამ დაადგინა, რომ წინამდებარე საქმეზე სასამართლოების მიერ გაზიარებული განმარტება არ იყო დაუსაბუთებელი, იმის გათვალისწინებით, რომ განგრძობადი დანაშაული თავისი არსით მიმდინარეობს გარკვეული დროის განმავლობაში და თვითნებობას არ წარმოადგენდა იმის მიჩნევა, რომ ის შეწყდა დანაშაულის ბოლო გამოვლინებით. უფრო მეტიც, ჩეხეთის სახელმწიფო ორგანოებმა დაადგინეს, რომ განმცხადებლის ქმედებები ყველა დროს დანაშაულს წარმოადგენდა. ამ გარემოებებში შესაბამისი სამართლებრივი ნორმები შესატყვის პრეცედენტულ სამართალთან ერთად შესაძლებლობას უქმნიდა განმცხადებელს განეჭვრიტა მისი ქმედებების სამართლებრივი შედეგები და საკუთარი ქცევის შესაბამისი ადაპტირება მოეხდინა.
B. მხარეთა წერილობითი მოსაზრებები დიდ პალატას
1. განმცხადებელი
44. მართალია განმცხადებელი აღიარებდა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 89.3 მუხლის ეროვნული სასამართლოებისეული განმარტება განჭვრეტადი და ზოგადად მისაღები იყო, ის ამტკიცებდა, რომ მის საქმეზე ამ განმარტების გავრცელება არ უნდა მომხდარიყო, რადგანაც მის საქმეზე სადავო ნორმების მოქმედების გავრცელების პირობები არ იყო დაკმაყოფილებული. მისი აზრით ეროვნულ სახელმწიფო ორგანოებს მისი ქმედებები არ უნდა დაეკვალიფიცირებიათ განგრძობად დანაშაულად, რადგანაც მისი თავდასხმები არ იყო განპირობებული იგივე განზრახვით, არც დროში მჭიდროდ დაკავშირებული იყო, რადგანაც სხვადასხვა ძალადობებს შორის შვიდწლიანი ინტერვალი არსებობდა. მან ასევე აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმისწარმოებისას ორ ძალადობრივ ქმედებასთან მიმართებით ხანდაზმულობის ვადა უკვე გასული იყო და შესაბამისად ისინი ვერ გახდებოდა სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი.
45. უფრო მეტიც, ეროვნულ სასამართლოებს არასდროს დაუდგენიათ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 2004 წლის 1 ივნისის რედაქციით განსაზღვრული დანაშაულების შემადგენელი ელემენტები (197ა მუხლით გათვალისწინებული ძალადობა ცალკეული პირის ან პირთა ჯგუფის წინააღმდეგ, ან 221 მუხლით გათვალისწინებული ძალადობა, რამაც სხეულის დაზიანება გამოიწვია) სახეზე იყო. განმცხადებლის აზრით მისი ქმედებები დასჯადი იყო არა როგორც დანაშაულები, არამედ როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევები. შესაბამისად მას მსჯავრი დაედო ქმედებებისთვის, რომლებიც მათი ჩადენის მომენტში დანაშაულს არ წარმოადგენდა არც ეროვნული და არც საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, რაც თავის მხრივ კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევა იყო.
46. და ბოლოს, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მან ვერ ისარგებლა საკმარისი გარანტიებით იმაზე მკაცრი სასჯელის დაკისრებასთან მიმართებით, ვიდრე დანაშაულის ჩადენის მომენტში იყო გათვალისწინებული. პირიქით, თუკი ძალადობის თითოეულ აქტთან მიმართებით წარიმართებოდა ცალკე საქმისწარმოება, აგვარი მკაცრი სასჯელის გამოყენება ვერ მოხდებოდა მის მიმართ.
2. მოპასუხე სახელმწიფო
47. მოპასუხე სახელმწიფომ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 89.3 მუხლი და ასევე 215ა მუხლი ჩეხეთის სამართლებრივი სისტემის ნაწილი გახდა მანამ სანამ განმცხადებელი შეწყვეტდა დანაშაულებრივ ქმედებას, 2006 წლის თებერვალში. ამ დროისთვის უკვე არსებობდა მდიდარი პრეცედენტული სამართალიც განგრძობად დანაშაულთან მიმართებით და სისხლის სამართლის კოდექსის 89.3 მუხლის განმარტება, რაც მიყვებოდა წინამდებარე საქმეზე გამოყენებულ ლოგიკას. შესაბამისად, ნათლად დადგინდა, რომ ეს ქცევა უნდა შეფასდეს ერთ დანაშაულად მისი დასრულების მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. უფრო მეტიც, მოპასუხე სახელმწიფოს აზრით 2004 წლის 1 ივნისს სისხლის სამართლის კოდექსის 215ა მუხლის მიღებამ განმცხადებლისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება უფრო ნათელი და განჭვრეტადი გახადა. მართლაც, სისხლის სამართლის კოდექსის 215ა მუხლი ვრცელდება უკანონო ქმედებაზე უფრო ყოვლისმომცველად ვიდრე 197ა და 221-ე მუხლები. ვინაიდან განმცხადებელმა 2004 წლის 1 ივნისის შემდეგაც განაგრძო თავისი უკანონო ქმედებები, მას შეეძლო და უნდა ქონოდა მოლოდინი, რომ დაეკისრებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სისხლის სამართის კოდექსის 215ა მუხლის საფუძველზე ყველა ქმედებისთვის, მათ შორის იმათთვის, რომლებიც ჩაიდინა კანონმდებლობის ცვლილებამდე.
48.საპირისპიროდ იმისა, რაც განმცხადებელმა წარმოადგინა, მოპასუხე სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ წინამდებარე საქმეზე ასევე დაკმაყოფილებული იყო განგრძობადი დანაშაულისთვის დადგენილი მოთხოვნა ძალადობრივ აქტებს შორის ქრონოლოგიური კავშირის შესახებ. მათ დაადასტურეს, რომ მჭიდრო ქრონოლოგიური კავშირი, როგორც ამას ადგენს ეროვნული სასამართლო პრაქტიკა უთითებს დღეებზე, კვირებსა ან თვეებზე. თუმცა მაქსიმალური ზღვარი არასდროს დადგენილა და დეფინიცია უშვებდა მოქნილობას განსახილველი დანაშაულის ბუნების გათვალისწინებით. საქმეზე შეგროვებული მტკიცებულებიდან და ეროვნული სასამართლოების დასაბუთებიდან მომდინარეობდა, რომ 2000 წლის 24 ივნისის, 2003 წლის 17 ივლისისა და 2006 წლის 8 თებერვლის ინციდენტები გამოიყო, როგორც ყველაზე ძალადობრივი. სასამართლოებმა თანმიმდევრულად დაადგინეს, რომ განმცხადებლის უკანონო ქმედება გრძელდებოდა შვიდი წლის მანძილზე და რომ მის მიერ მიმდევრობით ჩადენილი ცალკეული ძალადობრივი ქმედება ხასიათდებოდა განსხვავებული ინტენსივობით და განმეორებითი ხასიათით. უფრო მეტიც, საბრალდებო დასკვნასა და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებში ნათლად იყო გაცხადებული, რომ განმცხადებლის გასამართლება მოხდა ქმედებებისთვის, რომლებიც ჩაიდინა 215ა მუხლის ძალაში შესვლამდე და შესვლის შემდეგ და რომლებიც ერთმანეთისგან ვერ გაიმიჯნებოდა. სამართლებრივი მდგრადობის მოთხოვნა შესაბამისად დაკმაყოფილებული იყო პროკურატურისა და სასამართლოების მიერ საქმის თანმიმდევრული შესწავლით (მოპასუხე სახელმწიფომ საპირისპირო ეფექტთან დაკავშირებით მოიყვანა შემდეგი საქმეების ციტირება ესერი და ზეირეკი თურქეთის წინააღმდეგ (Ecer andZeyrek v. Turkey), #29295/95 და#29363/95, §§ 33-35, ECHR2001‑II). თავად მსჯავრდებიდან ნათელი იყო, რომ სასამართლოები ასევე მიიჩნევდნენ, რომ განმცხადებლის ქმედებები ერთიანობაში მოიცავდა სისხლის სამართლის კოდექსის 215ა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ელემენტებს.
49. შესაბამისად მოპასუხე სახელმწიფომ დაასკვნა, რომ საკმარისად ნათელი და განჭვრეტადი სამართლებრივი საფუძვლის მოთხოვნა დაკმაყოფილებული იყო, ასევე ახალ სისხლის სამართლის კანონს არ მინიჭებია უკუძალა და განმცხადებელს არ შეფარდებია იმაზე მკაცრი სასჯელი ვიდრე გათვალისწინებული იყო ძველი კანონმდებლობით. აღნიშნულთან მიმართებით, ისინი თვლიდნენ, რომ თუკი ჩეხეთის სასამართლოების მიერ გაგებულ განგრძობადი დანაშაულის კონცეფციას არ გაიზიარებდნენ და განმცხადებლის ქმედებებს 2004 წლის 1 ივნისამდე და შემდეგ ცალცალკე შეაფასებდნენ, განმცხადებლისთვის სასჯელი იქნებოდა ან იგივე ან უფრო მკაცრი, ვიდრე რეალურად შეფარდებული სასჯელი. მართლაც, ამ შემთხვევაში განმცხადებელს გაასამართლებდნენ მრავლობითი დანაშაულისთვის, რაც დასჯადია შთანთქმითი სასჯელით და განისაზღვრებოდა ყველაზე მძიმე დანაშაულის განმსაზღვრელი ნორმით, კერძოდ კი სისხლის სამართლის კოდექსის 215ა მუხლით. უფრო მეტიც, მრავლობითი დანაშაულის არსებობა და განსახილველი ქცევის ხანგრძლივობა დამამძიმებელი გარემოება იქნებოდა.
C. სასამართლოს შეფასება
1. ზოგადი პრინციპები
50. სასამართლომ გაიხსენა, რომ საქმეზე დელ რიო პრადა ესპანეთის წინააღმდეგ (Del Rio Pradav. Spain) ([დიდი პალატა], # 42750/09, ECHR 2013), დიდი პალატის უკანასკნელი გადაწყვეტილება კონვენციის მე-7 მუხლთან დაკავშირებით, მან განმარტა ქვემოთ მოცემული ზოგადი პრინციპები, რომლებიც რელევანტურია წინამდებარე საქმის გადაწყვეტისთვის:
“(ა) Nullum crimen, nulla poena sine lege
77. მე-7 მუხლში ასახული გარანტია, რაც კანონის უზენაესობის არსებითი ელემენტია, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს კონვენციის დაცვის სისტემაში, რასაც ხაზი გაესმის იმ ფაქტით, რომ მე-15 მუხლი არ უშვებს მისგან გადახვევას, თუნდაც ომის ან ერის სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი სხვა გადაუდებელი ვითარებისას. ის უნდა განიმარტოს და შემდეგ მოხდეს მისი შეფარდება მისი ობიექტისა და მიზნის შესაბამისად, იმგვარად, რომ საკმარისი გარანტიები შექმნას თვითნებური ბრალდების, მსჯავრდებისა და დასჯისგან (იხილეთ S.W. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (S.W. v. the United Kingdom) და C.R. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (C.R. v. the United Kingdom), 22 ნოემბერი, 1995წელი, § 34, სერია A # 335-B, და § 32, სერია A # 335-C, შესაბამისად, და კაფკარისი (Kafkaris), ციტირება მაღლა, § 137).
78. კონვენციის მე-7 მუხლი არ შემოიფარგლება ბრალდებულის საუარესოდ სისხლის სამართლის კანონმდებლობის უკუძალის აკრძალვით (სასჯელის უკუძალასთან დაკავშირებით იხილეთ უელში გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Welch v. the United Kingdom), 9 თებერვალი, 1995, § 36, სერია A # 307‑A; ჯამილი საფრანგეთის წინააღმდეგ (Jamil v. France), 8 ივნისი 1995, § 35, სერია A # 317‑B; ესერი და ზეირეკი თრქეთის წინააღმდეგ (Ecer and Zeyrek v. Turkey), # 29295/95 და#29363/95, § 36, ECHR 2001‑II; დამიჰაი ტომა რუმინეთის წინააღმდეგ (Mihai Toma v. Romania), # 1051/06, §§ 26-31, 24 იანვარი, 2012). ის ასევე უფრო ზოგადად მოიცავს პრინციპს, რომ მხოლოდ კანონით განისაზღვრება დანაშაული და შესაბამისი სასჯელი (nullum crimen, nulla poena sine lege) (იხილეთკოკინაკისი საბერძნეთის წინააღმდეგ (Kokkinakis v. Greece), 25 მაისი, 1993, § 52, სერია A # 260-A). კრძალავს რა არსებული დანაშაულების ფარგლების გავრცელებას ქმედებებზე, რომლებიც მანამდე არ იყო დანაშაულები, ის ასევე ადგენს პრინციპს, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობა ფართოდ არ უნდა განიმარტოს ბრალდებულის საზიანოდ, მაგალითად ანალოგიის გზით (იხილეთკოემე და სხვები ბელგიის წინააღმდეგ (Coëme and Others v. Belgium), #32492/96, 32547/96, # 32548/96, # 33209/96 და#33210/96, § 145, ECHR 2000-VII; სასჯელის ანალოგიის წესით შეფარდების მაგალითისთვის იხილეთ ბასკაია და ოკჩუოგლუ თურქეთის წინააღმდეგ (Başkaya and Okçuoğlu v. Turkey) [დიდი პალატა], # 23536/94 და#24408/94, §§ 42‑43, ECHR 1999‑IV).
79. აქედან გამომდინარეობს, რომ დანაშაულები და შესაბამისი სასჯელები ნათლად უნდა იყოს დადგენილი კანონით. ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, თუკი ადამიანს შესაძლებლობა აქვს იცოდეს ნორმის ფორმულირებიდან, საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს განმარტების მეშვეობით და შესაბამისი სამართლებრივი რჩევის მიღების შემდეგ, რა მოქმედება ან უმოქმედება გამოიწვევს მის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და რა სასჯელი დაეკისრება (იხილეთ კანტონი საფრანგეთის წინააღდეგ (Cantoni v. France), 15 ნოემბერი, 1996, § 29, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა ანგარიშები (Reports of Judgments and Decisions) 1996‑V, და კაფკარისი (Kafkaris), ციტირება მაღლა, § 140).
80. შესაბამისად სასამართლომ უნდა დაადასტუროს, რომ ბრალდებული პირის მიერ ამ ქმედების ჩადენისას, რამაც მისი ბრალდება და მსჯავრდება გამოიწვია, ძალაში იყო ის სამართლებრივი ნორმა, რომლითაც ეს ქმედება დასჯადი გახდა და დაკისრებული სასჯელი არ გასცდა ამ ნორმით დადგენილ ფარგლებს (იხილეთ კოემე და სხვები (Coëme and Others), ციტირება მაღლა, § 145, და აშური საფრანგეთის წინააღმდეგ (Achour v. France) [დიდი პალატა], #67335/01, § 43, ECHR 2006‑IV).
(b) ’სასჯელის’ კონცეფცია და მისი ფარგლები
...
(c) სისხლის სამართლის კანონმდებლობის განჭვრეტადობა
91. ‘კანონმდებლობაზე’ საუბრისას მე-7 მუხლი მიუთითებს იგივე კონცეფციაზე რომელზეც კონვენცია უთითებს ყველგან, სადაც ეს ტერმინია ნახსენები, კონცეფციაზე, რომელიც მოიცავს კანონებს ასევე პრეცედენტულ სამართალს და მოიაზრებს ხარისხობრივ მოთხოვნებს, კერძოდ კი ხელმისაწვდომობას და განჭვრეტადობას (იხილეთკოკინაკისი (Kokkinakis), ციტირება მაღლა, §§ 40-41;კანტონი (Cantoni),ციტირება მაღლა, § 29; კოემე და სხვები (Coëme and Others), ციტირება მაღლა, § 145;დაE.K. თურქეთის წინააღმდეგ (E.K. v. Turkey), # 28496/95, § 51, 7 თებერვალი, 2002). ეს ხარისხობრივი მოთხოვნები დაკმაყოფილებული უნდა იყოს როგორც დანაშაულთან, ისე მისთვის გათვალისწინებულ სასჯელთან მიმართებით.
92. ეს ლოგიკური შედეგია პრინციპისა, რომ კანონებს უნდა ქონდეთ ზოგადი მოქმედება და კანონის ენა ყოველთვის არ არის ზუსტი. წესების მეშვეობის რეგულირების ერთერთი სტანდარტული ტექნიკაა ზოგადი კატეგორიზება ნაცვლად ამომწურავი ჩამონათვალებისა. შესაბამისად გარდაუვალია, რომ მრავალი კანონი გაგებული იყოს იმვარად, რომ გარკვეულ ფარგლებში იყოს ბუნდოვანი და რომელთა განმარტება და შეფარდება პრაქტიკის საკითხია (იხილეთკოკინაკისი (Kokkinakis), ციტირება მაღლა, § 40, დაკანტონი (Cantoni), ციტირება მაღლა, § 31). თუმცა მიუხედავად იმისა, რამდენად ნათლად არის ფორმულირებული სამართლის ნორმა, შესაძლოა სამართლის ნებისმიერ სისტემაში, მათ შორის სისხლის სამართალში არსებობდეს სასამართლო ინტერპრეტაციის გარდაუვალი ელემენტი. ყოველთვის იქნება სადავო საკითხების აღმოფხვრისა და ცვალებადი გარემოებებისადმი ადაპტირების საჭიროება. კვლავ, მართალია შესაძლოა იყოს მეტად სასურველი, მაგრამ განაპირობოს ზედმეტი მოუქნელობა, ხოლო კანონმდებლობამ ფეხი უნდა აუწყოს ცვალებად გარემოებებს (იხილეთკაფკარისი (Kafkaris), ციტირება მაღლა, § 141).
93. სასამართლოებისთვის დაკისრებული საქმის გადაწყვეტის როლი სწორედ იმაში მდგომარეობს რომ გაფანტოს განმარტებასთან დაკავშირებული ეჭვები, როგორც წინამდებარე საქმეზეა (ibid.). სასამართლოსმიერი პრეცედენტული სამართლით სისხლის სამართლის პროგრესული განვითარება კონვენციის მხარე სახელმწიფოების სამართლებრივი ტრადიციის კარგად განვითარებული და აუცილებელი ნაწილია (იხილეთკრუსლინი საფრანგეთის წინააღმდეგ (Kruslin v. France), 24 აპრილი, 1990, § 29, სერია A # 176‑A). კონვენციის მე-7 მუხლი არ შეიძლება წავიკითხოთ როგორც საქმეების მიხედვით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის წესების ეტაპობრივი დაზუსტების კანონგარეშე გამომცხადებლად, იმის გათვალისწინებით, რომ შემდგომი განვითარება შესაბამისობაშია დანაშაულის არსთან და შესაძლებელია გონივრულად განიჭვრიტოს (იხილეთS.W. დაC.R. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (S.W. and C.R. v. the United Kingdom), ციტირება მაღლა, § 36 და § 34 შესაბამისად; სტრელეცი, კესლერი და კენზე (Streletz, Kessler and Krenz), ციტირება მაღლა, § 50; K.-H.W. გერმანიის წინააღმდეგ (K.-H.W. v. Germany)[დიდი პალატა], # 37201/97, § 85, ECHR 2001-II (ამონარიდები); კორბელი უნგრეთის წინააღმდეგ (Korbely v. Hungary)[დიდი პალატა], # 9174/02, § 71, ECHR 2008; დაკონონოვი ლატვიის წინააღმდეგ (Kononov v. Latvia)[დიდი პალატა], # 36376/04, § 185, ECHR 2010). ხელმისაწვდომი და დასაბუთებული სასამართლო განმარტების არ არსებობამ შესაძლოა განაპირობოს ბრალდებულის მე-7 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევა (დანაშაულის შემადგენელ ელემენტებთან დაკავშირებით იხილეთ პესინო საფრანგეთის წინააღმდეგ (Pessino v. France), # 40403/02, §§ 35-36, 10 ოქტომბერი, 2006, დადრაგოტონიუ და მილიტარუ-პიდჰორნი რუმინეთის წინააღმდეგ (Dragotoniu and Militaru-Pidhorni v. Romania), # 77193/01 და# 77196/01, §§ 43-44, 24 მაისი, 2007; რაც შეეხება სასჯელს, იხილეთალიმუკაი ალბანეთის წინააღდეგ (Alimuçaj v. Albania), # 20134/05, §§ 154-162, 7 თებერვალი, 2012). თუკი ეს ასე არ არის, ამ ნორმის დანიშნულება და მიზანი, კერძოდ კი ის რომ არავინ შეიძლება დაექვემდებაროს თვითნებურ ბრალდებას, მსჯავრდებას ან დასჯას, გაბათილდება.”
51. სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ მისი ამოცანა არ არის ეროვნული სასამართლოების ჩანაცვლება ფაქტებისა და მათი სამართლებრივი კვალიფიკაციის შეფასებისას, იმის გათვალისწინებით რომ ეს ეფუძნება მტკიცებულებათა გონივრულ შეფასებას (იხილეთ, mutatis mutandis, ფლორინ იონესკუ რუმინეთის წინააღმდეგ (Florin Ionescu v. Romania), # 24916/05, § 59, 24 მაისი, 2011). უფრო ზოგადად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნული სახელმწიფო ორგანოების, კერძოდ კი სასამართლოების გადასაწყვეტია ეროვნული კანონმდებლობის ინტერპრეტაციის პრობლემების გადაჭრა. შესაბამისად, მისი როლი შემოიფარგლება იმის დადასტურებით, ამგვარი ინტერპრეტაცია შესაბამისობაშია თუ არა კონვენციასთან (იხილეთვაიტი და კენედი გერმანიის წინააღმდეგ (Waite and Kennedy v. Germany) [დიდი პალატა], # 26083/94, § 54, ECHR 1999‑I; კორბელი უნგრეთის წინააღმდეგ (Korbely v. Hungary) [დიდი პალატა], # 9174/02, §§ 72-73, ECHR 2008; და კონონოვი ლატვიის წინააღმდეგ (Kononov v. Latvia)[დიდი პალატა], # 36376/04, § 197, ECHR 2010).
52. თუმცა [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს გადასინჯვის უფლებამოსილება უფრო ფართო უნდა იყოს როდესაც კონვენციური უფლება, როგორიცაა წინამდებარე საქმეზე მე-7 მუხლი, მოითხოვს, რომ მსჯავრდებისა და სასჯელის მისჯის სამართლებრივი საფუძველი უნდა არსებობდეს. 7.1 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, შეისწავლოს, არსებობდა თუ არა საკმარისი სამართლებრივი საფუძველი განმცხადებლის მსჯავრდებისთვის და კერძოდ კი უნდა დარწმუნდეს, რომ შესაბამისი ეროვნული სასამართლოების მიერ მიღწეული შედეგი შესაბამისობაში მოდიოდა კონვენციის მე-7 მუხლთან. სასამართლოსთვის გადასინჯვის ნაკლები უფლებამოსილების მინიჭება მე-7 მუხლს მიზანს გამოაცლიდა (იხილეთკონონოვი (Kononov), ციტირება მაღლა, § 198).
53. თუ შევაჯამებთ, სასამრთლომ უნდა შეისწავლოს არსებობდა თუ არა განმცხადებლის მსჯავრდებისთვის საკმარისად ნათელი სამართლებრივი საფუძველი (იხილეთ კონონოვი (Kononov), ციტირება მაღლა, § 199).
2. ზემოთ აღნიშნული პრინციპების გავრცელება წინამდებარე საქმეზე
54. სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებლის არგუმენტები ეყრდნობა პირველ რიგში იმას, რომ 2004 წლის 1 ივნისამდე მისი ქმედებები დასჯადია მათი ჩადენის დროისთვის მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად, ვინაიდან ისინი არ შეიცავდა სახელმწიფო ორგანოების მიერ მითითებული დანაშაულების შემადგენელ ელემენტებს, კერძოდ კი მათ, რომლებზეც ვრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 197ა და/ან 221 მუხლები, არამედ უტოლდებოდა სამართალდარღვევებს; და მეორე, სხვადასხვა თავდასხმები ვერ დაკვალიფიცირდებოდა განგრძობად დანაშაულად, რადგანაც ისინი არ იყო ჩადენილი ერთი და იგივე განზრახვით, არც დროში მჭიდრო კავშირში იყო, ამის მტკიცებულება სახეზე არ იყო.
55. თუმცა ზემოთ 51-52 პარაგრაფებში მითითებული შეზღუდვებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს არ სთხოვენ განმცხადებლის ინდივიდუალური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გადაწყვეტას, რაც თავის მხრივ ადგილობრივი სასამართლოების პრეროგატივაა. ეროვნული სახელმწიფო ორგანოების ვალდებულებაა, შეაფასოს ფაქტების არსებობა და განმცხადებლის განზრახვა მათთვის წარდგენილი მტკიცებულების საფუძველზე და სასამართლო პრაქტიკაში განმარტებული ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტოს, განმცხადებლის ქცევა უნდა დაკვალიფიცირდეს თუ არა განგრძობად დანაშაულად, დენად დანაშაულად თუ განმეორებით ან შთანთქმით დანაშაულად. შესაბამისად, სასამართლოს არ ევალება აზრის გამოხატვა იმის თაობაზე 2004 წლის 1 ივნისამდე განმცხადებლის მიერ ჩადენილი ქმედებები წარმოადგენდა თუ არა ზემოთ აღნიშული ნორმებით დადგენილი დანაშაულების შემადგენელ ელემენტებს (იხილეთ, mutatis mutandis, ლიიდუ და ისორნი საფრანგეთის წინააღმდეგ (Lehideux and Isorni v. France), 23 სექტემბერი, 1998, § 50, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა ანგარიშები 1998‑VII) ან განმცხადებლის ქცევა კლასიფიცირდებოდა თუ არა ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე განგრძობად დანაშაულად.
56. სასამართლოს ფუნქცია 7.1 მუხლთან მიმართებით ორმხრივია წინამდებარე საქმეზე. პირველ ყოვლისა მან უნდა შეისწავლოს, მათი ჩადენის მომენტში განმცხადებლის ქმედებები, მათ შორის ისინი, რომლებიც ჩადენილია 2004 წლის 1 ივნისს სისხლის სამართლის კოდექსის 215ა მუხლის ძალაში შესვლამდე, წარმოადგენდა თუ არა დანაშაულს ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე საკმარისი განჭვრეტადობით (იხილეთსტრელეცი, კესლერი და კრენზი გერმანიის წინააღმდეგ (Streletz, Kessler and Krenz v. Germany)[დიდი პალატა], # 34044/96, # 35532/97 და # 44801/98, § 51, ECHR 2001‑II; ვებერი ესტონეთის წინააღმდეგ (Veeber v. Estonia) (# 2),ციტირება მაღლა, § 33; და კორბელი (Korbely), ციტირება მაღლა, §§ 72-73), იმ პირობით, რომ ხელმისაწვდომობის საკითხი არ დგას. მეორე, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ეროვნული სასამართლოების მიერ ამ ნორმის მოქმედების გავრცელება 2004 წლის 1 ივნისამდე ჩადენილ ქმედებებზე მოიცავდა თუ არა იმის რეალურ შესაძლებლობას, რომ განმცხადებელი დაექვემდებარებოდა უფრო მძიმე სასჯელს კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევით (იხილეთ, mutatis mutandis, მაკტუფი და დამიანოვიჩი (Maktouf and Damjanović), ციტირება მაღლა, § 70).
(a) წინამდებარე დანაშაული განსაზღვრული იყო თუ არა საკმარისი განჭვრეტადობით
57. აქამდე სასამართლოს სთხოვეს ორი საქმის არსებითად განხილვა განმცხადებლის მსჯავრდებაზე განგრძობადი ან დენადი დანაშაულებისთვის, ამ ორი სახის დანაშაულის გამიჯვნის გარეშე (იხილეთესერი და ზეირეკი და ვეებერი (Ecer and Zeyrek and Veeber) (# 2), ორივე ციტირებულია 28-ე პარაგრაფში მაღლა). ზემოთ მითითებულ გადაწყვეტილებებში სასამართლომ დაადგინა, რომ ამგვარი დანაშაული თავისი არსით იმ ტიპის დანაშაულებს განეკუთვნება, რომლებიც დროის განმავლობაშია ჩადენილი (იხილეთვეებერი (Veeber) (# 2), ციტირება მაღლა, § 35). ასევე დაადგინა, რომ როდესაც ბრალდებულს ბრალი ედება “დენადი” დანაშაულის ჩადენაში, სამართებრივი მდგრადობის პრინციპი მოითხოვს, რომ ამ დანაშაულის შემადგენელი ქმედებები, რომლებიც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას განაპირობებს, ნათლად იყოს ფორმულირებული საბრალდებო დასკვნაში. უფრო მეტიც, ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებით ნათელი უნდა იყოს, რომ ბრალდებულის მსჯავრდება და სასჯელი შედეგი იყოს იმის დადგენისა, რომ “დენადი” დანაშაულის ელემენტები პროკურატურამ გამოყო (იხილეთესერი და ზეირეკი (Ecer and Zeyrek), ციტირება მაღლა, § 33).
58.სასამართლო ასევე კვლავ განმარტავს, რომ ნებისმიერ სამართლის სისტემაში ეროვნული სასამართლოების ამოცანაა განმარტონ სისხლის სამართლის მატერიალური ნორმების განმარტება იმის დასადგენად, რომ დასჯადი ქმედება იქნა ჩადენილი, თითოეული დანაშაულის სტრუქტურაზე და მისი ჩადენისთვის აუცილებელი ყველა მოთხოვნის სახეზე არსებობაზე მითითებით. კონვენცია ვერ იქნება ამგვარი სასამართლო ინტერპრეტაციის დაბრკოლება, იმ პირობით რომ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები გონივრულად განჭვრეტადი იქნება [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მნიშვნელობით (იხილეთ პრევიტი იტალიის წინააღმდეგ (Previti v. Italy) (გადაწყვეტილება), # 45291/06, § 283, 8 დეკემბერი, 2009).
59. თუ დავუბრუნდებით წინამდებარე საქმის კონკრეტულ გარემოებებს, სასამართლო აღნიშნავს თავიდანვე, რომ განმცხადებელს მსჯავრი დაედო მისთვის ბრალად წაყენებული ქმედებებისთვის, კერძოდ კი 2000 წლიდან 2006 წლის 8 თებერვლამდე ნასვამ მდგომარეობაში მისი მეუღლისთვის განმეორებით ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობისთვის (დეტალებისთვის იხილეთ მე-10 პარაგრაფი მაღლა). შედეგად მის მეუღლეს მიადგა მძიმე სხეულებრივი დაზიანებები, რასთან დაკავშირებით მან მიმართა სამედიცინო დახმარებას 2000 წლის 26 ივნისს, 2003 წლის 18 ივლისს და 2006 წლის 8 თებერვალში (იხილეთ მე-10 პარაგრაფი). 2008 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა დაბალი ინსტანციის სასამართლოების მიერ დანაშაულების კვალიფიკაცია ერთ ჭერქვეშ მცხოვრები პირის მიმართ ძალადობად, სისხლის სამართლის კოდექსის 215ა მუხლის მნიშვნელობით, 2004 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქციით და ამ ნორმის მოქმედება ასევე გაავრცელა განმცხადებლის მიერ მისი ცოლის მიმართ ამ დრომდე ჩადენილ ძალადობაზე. აღნიშნულთან მიმართებით უზენაესმა სასამართლომ მიუთითა 1993 წლის 8 დეკემბრის საკუთარ გადაწყვეტილებაზე (Tzn 12/93) იმის აღნიშვნით, რომ განგრძობადი დანაშაული მიიჩნევა ერთ ქმედებად და მისი სამართლებრივი კვალიფიკაცია სისხლის სამართლის მიხედვით უნდა მოხდეს დანაშაულის უკანასკნელი გამოვლინების მომენტისთვის მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით. შესაბამისად 215ა მუხლის მოქმედება ვრცელდებოდა ადრინდელ ძალადობაზეც, იმ პირობით, რომ ისინი დანაშაულს უტოლდებოდა მანამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და 2004 წლის 1 ივნისამდე განმცხადებლის ქცევა უტოლდებოდა მინიმუმ სისხლის სამართლის კოდექსის 197ა ან 221.1 მუხლის საფუძველზე დასჯად ქმედებას. საქმის მასალების შესწავლის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ დაასკვნა, რომ განმცხადებლის ქმედებები მოიცავდა კოდექსის 215ა.1 და 2.ბ მუხლით გათვალისწინებული ერთ ჭერქვეშ მცხოვრებ პირზე ძალადობის დანაშაულის ყველა ელემენტს. ვინაიდან განსახილველი დანაშაული ჩადენილი იყო მინიმუმ 2000 წლიდან 2006 წლის 8 თებერვლამდე, 215ა.2ბ მუხლით გათვალისწინებული მატერიალური პირობა - დამამძიმებელი გარემოება დანაშაულის ხანგრძილივი მიმდინარეობიდან გამომდინარე - დაკმაყოფილებული იყო (იხილეთ მე-13 პარაგრაფი მაღლა).
60. სასამართლო ასევე ადგენს, რომ როგორც ზემოთ არის ჩამოყალიბებული უზენაესი სასამართლოს დასაბუთებიდან, 1993 წლის გადაწყვეტილებაზე მითითებით, რომ განმარტება ითვალისწინებს 89.3 მუხლში ასახულ სტანდარტს, რომლის საშუალებითაც პრეცედენტული სამართლით განვითარებული განგრძობადი დანაშაულის კონცეფცია სისხლის სამართლის კოდექსში 1994 წელს აისახა (იხილეთ მე-20 და 24-ე პარაგრაფები მაღლა), რაც თავის მხრივ მოხდა მის მეუღლეზე პირველ თავდასხმამდე, რისთვისაც განმცხადებელს მსჯავრი დაედო (იხილეთ, მსგავსად ამისა, ვეებერი (Veeber), ციტირება მაღლა, § 37). მართლაც, როგორც განმცხადებელმა დაუდასტურა სასამართლოს თავისი განაცხადებში, ის სადავოდ არ ხდიდა მის საქმეებზე ეროვნული სასამართლოების მიერ 89.3 მუხლით გათვალისწინებული სტანდარტის განჭვრეტადობას.
61. ამ ნორმის საფუძველზე დანაშაულის განგრძობადობა განიმარტა როგორც ერთი მიზნით განპირობებული ცალკეული ქმედებები, რომლებიც წარმოადგენს ერთსა და იმავე დანაშაულს და ერთმანეთთან დაკავშირებულია იდენტური ან მსგავსი ჩადენის გზებით, ჩადენილია მოკლე დროის შუალედებით და მიმართულია ერთი ობიექტის წინააღმდეგ. ეს გამომდინარეობს უზენაესი სასამართლოს ნათელი და დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლიდან (იხილეთ 25-27 პარაგრაფები მაღლა) და სამართლებრივ ლიტერატურაში ასახული მოსაზრებებიდან (იხილეთ 24-ე პარაგრაფი) იმის შესახებ, რომ განგრძობადი დანაშაული მიიჩნევა ერთ ქმედებად, რომლის სამართლებრივი კვალიფიკაცია ჩეხეთის სისხლის სამართლით უნდა შეფასდეს დანაშაულის ბოლო გამოვლინების მომენტში მოქმედი წესების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ჩადენილი ქმედებები ასევე დასჯადი იყო ძველი კანონმდებლობით.
62. ვინაიდან განმცხადებლის ქმედებები 2004 წლის 1 ივნისამდე უტოლდებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 197ა ან 221.1 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს და ასევე მოიცავდა 215ა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ელემენტებს, სასამართლო იზირებს იმას, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე განმცხადებლის პასუხისმგებლობის ფაქტი ასევე ამ თარიღამდე ჩადენილ ქმედებებთან მიმართებით არ წარმოადგენდა უფრო დამამძიმებელი სისხლის სამართლის უკუძალის გავრცელებას, რასაც კრძალავს კონვენცია. უფრო მეტიც, 2008 წლის 10 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლის საქმეზე ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები ლოგიკური და ნათელია და არ ქონია რაიმე სახის უკუძალა, რაც აკრძალულია კონსტიტუციით. სასამართლო ადგენს, რომ არ არსებობს რაიმე, რაც მიუთითებდა, რომ ეს მოცემულობა რაიმე სახით შეილახა კონვენციის მე-7 მუხლით აკრძალული განუჭვრეტადობით.
63. ამ გარემოებებში და ეროვნული კანონმდებლობის ნათლად ფორმულირებისა და ეროვნული სასამართლოების მიერ შემდგომი ინტერპრეტაციის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან განმცხადებლის ქცევა 2004 წლის 1 ივნისიდან გრძელდებოდა, იმ დროიდან როდესაც ერთ ჭერქვეშ მცხოვრებ პირზე ძალადობა დანაშაული გახდა, მას შეეძლო და უნდა ქონოდა მოლოდინი, საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივი რჩევის საფუძველზე, რომ გაასამართლებდნენ განგრძობადი დანაშაულისთვის, რომელიც შეფასდებოდა მის მიერ ბოლო თავდასხმის ჩადენის მომენტში მოქმედი კანონმდებლობით, რაც არის სისხლის სამართლის კოდექსის 215ა მუხლი. სასამართლოს არ აქვს საფუძველი ეჭვქვეშ დააყენოს ის ფაქტი, რომ განმცხადებელი იმ მდგომარეობაში იყო, რომ შეეძლო განეჭვრიტა არა მხოლოდ ამ ნორმის ძალაში შესვლის შემდგომ, 2004 წლის 1 ივნისიდან, არამედ ასევე 2000 წლიდან ამ თარიღამდე პერიოდში, რომ მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა განგრძობადი დანაშაულისთვის, რაც აღწერილია მაღლა და შესაბამისად ემართა საკუთარი ქცევა (იხილეთ, mutatis mutandis, სტრელეცი, კესლერი და კრენზი (Streletz, Kessler andKrenz), ციტირება მაღლა, § 82, და აშუღი საფრანგეთს წინააღდეგ (Achourv. France) [დიდი პალატა], # 67335/01, §§ 52-53, ECHR 2006‑IV).
64. ამ პირობებში სასამართლო დარწმუნდა, რომ დანაშაულს, რისთვისაც განმცხადებელს მსჯავრი დაედო საფუძველი აქვს არა მხოლოდ შესაბამის “მისი ჩადენის მომენტისთვის მოქმედ ეროვნულ კანონმდებლობაში”, არამედ ასევე რომ ეს კანონმდებლობა საკმარისად ნათლად განმარტავს დანაშაულს და აკმაყოფილებს კონვენციის მე-7 მუხლის მნიშვნელობით “კანონმდებლობის” ავტონომიური ცნებიდან მომდინარე განჭვრეტადობის ხარისხობრივ მოთხოვნას.
(b) განმცხადებლისთვის 215ა მუხლის საფუძველზე შეფარდებული სასჯელი იყო თუ არა უფრო მკაცრი
65. სასამართლო უფრო მეტად ვერ გაიზიარებს განმცხადებლის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ 215ა მუხლის საფუძველზე სასჯელის შეფარდება ასევე 2004 წლის 1 ივნისამდე ჩადენილ ქმედებებზე უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა ამ საქმეზე.
66. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა ეროვნული სასამართლოების დასაბუთების საფუძველზე, კერძოდ კი უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 21 თებერვლის დასაბუთების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 215ა.1 და 2.ბ მუხლში ასახული დანაშაულის ყველა შემადგენელი ელემენტი სახეზე იყო ასევე განმცხადებლის მიერ 2004 წლის 1 ივნისს იმ ნორმის ძალაში შესვლამდე ჩადენილ ქმედებებთან მიმართებით. ამ ქმედებებთან მიმართებით სასამართლოებმა ასევე პირდაპირ განაცხადეს, რომ ისინი დასჯადი იქნებოდა ძველი კანონმდებლობის საფუძველზეც.
67. არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეროვნული სასამართლოების ზემოთ აღწერილ მიდგომას უკუძალა ქონდა განმცხადებლის მიერ სასჯელის გამკაცრებით (იხილეთ, ასევე ვეებერ (Veeber) (# 2), ციტირება მაღლა, § 36). საპირისპიროდ ამისა თუკი მის მიერ 2004 წლის 1 ივნისამდე ჩადენილი ქმედებები შეფასდებოდა ამ თარიღის შემდეგ ჩადენილი ქმედებებისგან დამოუკიდებლად, სისხლის სამართის კოდექსის 35.1 მუხლით დადგენილი სასჯელის შეფარდების წესი გამოიწვევდა სასჯელის შეფარდებას ყველაზე მძიმე დანაშაულის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, კერძოდ კი სისხლის სამართლის კოდექსის 215ა მუხლის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, როგორც მოპასუხე სახელმწიფომ აღნიშნა, მას შეეფარდებოდა მინიმუმ იგივე სასჯელი რაც რეალურად შეეფარდა ან უფრო მკაცრიც კი, იმ საფუძვლით, რომ მრავლობითი დანაშაულის არსებობა სავარაუდოდ მიიჩნოდა დამამძიმებელ გარემოებად სისხლის სამართლის კოდექსის 34ლ მუხლის საფუძველზე.
68. სასამართლო ასევე არადამაჯერებლად მიიჩნევს განმცხადებლის შეთავაზებას იმის თაობაზე, რომ თუკი მის მიერ ჩადენილი ძალადობები ცალცალკე განიხილებოდა, მათგან ორზე სისხლის სამართლებრივი დევნა (2000 წლის 24 ივნისსა და 2003 წლის 17 ივლისს ჩადენილებზე) ხანდაზმული იქნებოდა. სისხლის სამართლის კოდექსის 67.1.დ მუხლის საფუძველზე კანონისმიერი ხანდაზმულობის ვადა მაქსიმუმ სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯად დანაშაულებთან მიმართებით სამ წელს შეადგენდა. შესაბამისად, თუკი მას მსჯავრი დაედებოდა ეროვნული სასამართოების მიერ გამოყოფილ მხოლოდ სამ ინციდენტთან დაკავშირებით, მას გაასამართლებდნენ მინიმუმ ერთი თავდასხმისთვის, რომელიც ჩაიდინა 2003 წლის 17 ივლისს, ძველი კანონმდებლობის საფუძველზე და 2006 წლის 8 თებერვალს ჩადენილისთვის - ახალი კანონმდებლობით.
69. ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო დარწმუნდა, რომ ის ფაქტი, რომ ახალი კანონმდებლობის ძალაში შესვლამდე ჩადენილი ქმედებები შეფასდა ამ უკანასკნელის საფუძველზე, არ მოქმედებდა განმცხადებლისთვის საუარესოდ სასჯელთან მიმართებით. მართლაც, მას ერთი სასჯელი შეეფარდა, რაც მას ნებისმიერ შემთხვევაში დაენიშნებოდა ახალი კანონმდებლობის ამოქმედებამდე ჩადენილი დანაშაულებისთვის (იხილეთ 37-ე პარაგრაფი მაღლა და ასევე მაკტუფი და დამიანოვიჩი (Maktouf and Damjanović), ციტირება მაღლა, § 70).
(c) დასკვნა
70. ზემოთ მოცემული მსჯელობა საკმარისია სასამართლოსთვის დაასკვნას, რომ ერთ ჭერქვეშ მცხოვრებ ადამიანზე განგრძობადი ძალადობისთვის მსჯავრდებული განმცხადებლისთვის შეფარდებული სასჯელი მოქმედი იყო იმ დროს, როდესაც ეს დანაშაული იქნა ჩადენილი, იმ “კანონმდებლობის” საფუძველზე, რომლის მოქმედებაც განჭვრეტადი იყო. სისხლის სამართლის კანონს უკუძალა არ მინიჭებია და განმცხადებელი არ დაქვემდებარებია უფრო მკაცრი დასჯის წესებს, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუკი რამდენიმე ცალკეული დანაშაულისთვის შეეფარდებოდა.
71. სასამართლო დარწმუნდა, რომ ჩეხეთის სასამართლოების მიერ არჩეული მიდგომა წინამდებარე საქმეზე თანხვედრაშია კონვენციის მე-7 მუხლის ობიექტთან და მიზანთან, კერძოდ კი იმის უზრუნველყოფასთან, რომ არავინ უნდა დაექვემდებაროს თვითნებურ ბრალდებას, მსჯავრდებას თუ დასჯას (იხილეთ 50-ე პარაგრაფი მაღლა). ამასთან, ოჯახში ძალადობისგან - ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა, რაც თანამედროვე ევროპული საზოგადოებების ყურადღების საგანს წარმოადგენს (იხილეთ38-ე პარაგრაფი მაღლა და ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey), # 33401/02, ECHR 2009) - დაცვის ეროვნული კანონმდებლობის გაძლიერებით ის ასევე შესაბამისობაში მოდის კონვენციის ძირითად მიზნებთან, რომლის მთავარი არსია ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების პატივისცემა (იხილეთ, mutatis mutandis, C.R. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (C.R. v. the United Kingdom), 22 ნოემბერი, 1995, § 42, სერია A # 335‑C).
72. ზემოთ აღნიშნული დასკვნის გაკეთებისას, სასამართლომ კონვენციის მე-7 მუხლის გადმოსახედიდან შეისწავლა განმცხადებლის საქმე ჩეხეთის კანონმდებლობის საფუძველზე ერთ ჭერქვეშ მცხოვრები პირის მიმართ განგრძობადი დანაშაულის ჩადენის თაობაზე. შედარების გზით, აღსანიშნავია ამ კონტექსტში, რომ ჩეხეთის კანონმდებლობის საფუძველზე განგრძობადი დანაშაულის ცნება შესაბამისობაშია ევროპულ ტრადიციასთან, რომლიც ასახულია ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობის ეროვნულ კანონმდებლობაში (იხილეთ 31-ე და 33-ე პარაგრაფები მაღლა) და რომ შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე წამოჭრილი განჭვრეტადობის საკითხი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება კონვენციის მონაწილე მხარეების სამართლებრივ სისტემებში ამგვარ დანაშაულებთან მიმართებით არსებულისგან. როგორც შეიძლება დავინახოთ განმცხადებლის ქცევის ეროვნული სახელმწიფო ორგანოებისეული აღწერიდან, მისი ქმედებები მიმართული იყო კონკრეტული მსხვერპლის წინააღდეგ, კერძოდ კი მეუღლის წინააღმდეგ და განსაკუთრებით კი ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის, ასევე ღირსების სამართლებრივი ინტერესების წინააღმდეგ. ასევე ნათელია, რომ modus operandi იგივე იყო, გამოხატული იყო რა ერთ ჭერქვეშ ჩადენილი თავდასხმებში; ასევე ქრონოლოგიური კავშირი იყო სხვადასხვა ქმედებებს შორის, რაც გრძელდებოდა შვიდი წლის მანძილზე; ამ პერიოდში ჩადენილი თითოეული თავდასხმა განპირობებული იყო ერთი სისხლის სამართლებრივი განზრახვით; და განმცხადებლის ქმედება ყველა შემთხვევაში არღვევდა სისხლის სამართალს. სხვა სიტყვებით, დანაშაულს, რისთვისაც განმცხადებელს მსჯავრი დაედო, მთელი რიგი საერთო მახასიათებლები ქონდა ამგვარი დანაშაულებისა კონვენციის თემში, ისევე როგორც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პასუხთან, რაც გამოიხატებოდა ერთი დანაშაულისთვის დანიშნულ სასჯელში (იხილეთ 33-37 პარაგრაფები მაღლა).
73. შესაბამისად, კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას არ ქონდა ადგილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ერთხმად
ადგენს, რომ კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას არ ქონდა ადგილი.
შესრულებულია ინგლისურად და ფრანგულად და წერილობით გამოქვეყნდა 2015 წლის 27 იანვარს.
მაიკლ ობოილედინ სპიელმანი
მდივნის მოადგილეთავმჯდომარე
კონვენციის 45.2 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 74.2 მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი განსხვავებული მოსაზრებები:
(ა) მოსამართლე ზიემელეს დამადასტურებელი მოსაზრება;
(ბ) მოსამართლე პინტო დე ალბუკერკეს დამადასტურებელი მოსაზრება.
D.S.
M.O’B.
განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას, რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy