© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2016. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2016. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე რომან ზახაროვი რუსეთის წინააღმდეგ
(საჩივარი No.47143/06)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
4 დეკემბერი 2015
მოცემული გადაწყვეტილება საბოლოოა
იგი შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქტირებას
მოცემულ საქმეში რომან ზახაროვი რუსეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპილმანი, პრეზიდენტი
ჯოზეფ კასადევალი,
გიდო რაიმონდი,
ინეტა ზიმელე,
მარკ ვილიგერი,
ლუის ლოპეს გერა,
ხანლარ ჰაჯიევი,
ანჟელიკა ნურბერგერი,
იულია ლაფრანკი,
ლინოს-ალექსანდე სიცილიანოს,
ერიკ მოსე,
ანდრე პოტოკი,
პოლ ლემენსი,
ელენა იადერბლომი,
ფარის ვეჰაბოვიჩი,
ქსენია ტურკოვიჩი,
დმიტრი დედოვი, მოსამართლეები,
და ლორანს ერლი, იურისკონსული
განიხილეს რა საქმე დახურულ კარს მიღმა 2014 წლის 24 სექტემბერსა და 2015 წლის 15 ოქტომბერს,
გამოიტანეს შემდეგი გადაწყვეტილება ზემოთმითითებულ დღეს.
პროცედურასაქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (No. 47143/06) რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად, 2006 წლის 20 ოქტომბერს სასამართლოში წარმოადგინა რუსეთის მოქალაქემ, ბატონმა რომან ანდრეის ძე ზახაროვმა ("მომჩივანი").მომჩივანს თავდაპირველად წარმოადგენდა სანკტ პეტერბურგში პრაქტიკოსი იურისი ბ-ნი ბ. გრუზდი. შემდეგ კი მოსკოვში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია EHRAC/Memorial Human Rights Centre, რუსეთის მთავრობას („მთავრობა“) კი ბ-ნი გ. მატიუშკინი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.მომჩივანი აცხადებდა, რომ რუსეთში მობილური ტელეფონების მიყურადების სისტემა არღვევდა მისი პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის პატივისცემის უფლებას და რომ მას ამ მხრივ ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალება არ ჰქონდა.2009 წლის 19 ოქტომბერს საჩივრის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა მთავრობას.2014 წლის 11 მარტს პირველი სექციის პალატამ, რომელსაც გადაეცა საჩივარი (სასამართლოს რეგლამენტის 52 § 1 მუხლის საფუძველზე) და რომელიც შედგებოდა შემდეგი მოსამართლეებისაგან: იზაბელ ბერო ლეფევრი, პრეზიდენტი, ხანლარ ჰაჯიევი, იულია ლაფრანკი, ლინოს-ალექსანდრე სიციალიანოსი, ერიკ მოზე, ქსენია ტურკოვიჩი, დმიტრი დედოვი, მოსამართლეები და სორე ნიელსენი, სექციის განმწესრიგებელი, მოიხსნა იურისდიქცია დიდი პალატის სასარგებლოდ, რაზეც პრეტენზია არცერთ მხარეს არ გამოუთქვამს (კონვენციის 30-ე მუხლი და რეგლამენტის 72-ე მუხლი).მოსმენა შედგა საჯაროდ, ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2014 წლის 24 სექტემბერს (რეგლამენტის მუხლი 59 § 3).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა) მთავრობის სახელით
ბ-ნი გ. მატიუშკინი, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, წარმომადგენელი
ქ-ნი ო. სიროტკინა,
ქ-ნი ი. კორიევა,
ქ-ნი ო. იურჩენკო,
ბ-ნი ო. აფანასევი,
ბ-ნი ა. ლაკოვი,მრჩევლები;
(ბ) მომჩივნის სახელით
ბ-ნი ფ. ლიჩი,
ქ-ნი კ. ლევინა,
ბ-ნი კ. კოროტეევი,
ქ-ნი ა. რაჟიკოვა,წარმომადგენელი,
ქ-ნი ე. ლევჩიშინა,მრჩეველი.
სასამართლომ მოისმინა ბ-ნი მატიუშკინის, ბ-ნი ლიჩის, ქ-ნი ლევინას, ქ-ნი რაჟიკოვას და ბ-ნი კოროტეევის გამოსვლები და ბ-ნი მატიუშკინისა და ბ-ნი ლიჩის პასუხები მოსამართლეების მიერ დასმულ შეკითხვებზე.
ფაქტები
საქმის გარემოებანი
მომჩივანი დაიბადა 1977 წელს და ცხოვრობს ქალაქ სანკტ პეტერბურგში.მომჩივანი არის საგამომცემლო კომპანიისა და საავიაციო ჟურნალის მთავარი რედაქტორი. ამსთანავე, იგი გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია „Glasnost Defence Foundation“-ის სანკტ პეტერბურგის ფილიალის თავმჯდომარე - ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს მედია თვაისუფლების მონიტორინგს რუსეთის რეგიონებში, ხელს უწყობს რეგიონული მასმედიის დამოუკიდებლობას, გამოხატვის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უფლებებს, ამასთანავე ჟურნალისტებს თავაზობს იურიდიულ დახმარებას, სასამართლოში წარმომადგენლობის ჩათვლით.იგი გახლავთ მობილური ქსელის რამდენიმე ოპერატორის მომსახურების მომხმარებელი.2003 წლის 23 დეკემბერს მან სასამართლოში უჩივლა მობილური ქსელის სამ ოპერატორს, აცადებდა რა, რომ ადგილი ჰქონდა მისი სატელეფონო კომუნიკაციების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევას. იგი აცხადებდა, რომ კომუნიკაციების სამინისტროს წინამორბედის, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სახელმწიფო კომიტეტის N. 70 ბრძანებულების საფუძველზე (იხ. ქვემოთ პარაგრაფები 115 და 122) მობილური ქსელის ოპერატორებს დამონტაჟებული ჰქონდათ დანადგარი, რომელიც ფედერალური უშიშროების სამსახურს („ფეესბე“) აძლევდა სატელეფონო საუბრების მიყურადების საშუალებას სასამართლოსაგან წინასწარი ნებართვის მიღების გარეშე. მომჩივანი აცხადებდა, რომ ბრძანებულება N.70 არასდროს გამოქვეყნებულა და რომ ეს უკანასკნელი არაჯეროვნად ზღუდავდა მისი პირადი ცხოვრების უფლებას. მან მიმართა სასამართლოს და ითხოვა ბრძანების გამოცემა, რომელიც მოითხოვდა N.70 ბრძანებულების საფუძველზე დამონტაჟებული დანადგარის მოხსნას და უზრუნველყოფდა მობილური ტელეფონების კომუნიკაციაზე მხოლოდ უფლებამოსილ პირთა წვდომას. კომუნიკციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრო (შემდგომში „კომუნიკაციების სამინისტრო“) და სანკტ პეტერბურგისა და ლენინგდარის „ფეესბეს“ რაიონული დეპარტამენტები სამართალწარმოებაში ჩაერთვნენ მესამე მხარედ.2005 წლის 5 დეკემბერს სანქტ პეტერბურგის ვასილეოსტროვსკის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის მოთხოვნები. მისი გადაწყვეტილებით მომჩივანმა ვერ დაადასტურა, რომ მობილური ქსელების ოპერატორები გადასცემდნენ რაიმე დაცულ ინფორმაციას არაუფლებამოსილ პირებს ან იძლეოდნენ კომუნიკაციების შეუზღუდავი ან არაავტორიზებული მიყურადების საშუალებას. მომჩივანის მიერ მოხმობილი დანადგარი დამონტაჟდა სამართალდამცავი ორგანოებისათვის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობების განსახორციელებლად კანონით დადგენილი პროცედურის დაცვით. თავისთავად დანადგარის მონტაჟი არ წარმოადგენდა მომჩივნის კომუნიკაციების დაცულობის უფლებაში ჩარევას. მომჩივანმა ვერ შეძლო წარმოედგინა ფაქტები, რომელიც სასამართლოს უჩვენებდა, რომ მისი სატელეფონო კომუნიკაციების დაცულობის უფლება დაირღვა.მომჩივანმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. იგი აცხადებდა, კონკრეტულად, რომ რაიონულმა სასამართლომ უარი განაცხადა რამდენიმე დოკუმენტის მტკიცებულებად დაშვებაზე. მოცემულ დოკუმენტებს შორის იყო ორი სასამართლო ორდერი, რომელიც იძლეოდა მობილური სატელეფონო კომუნიკაციის უკუძალით მიყურადების საშუალებას და ერთ-ერთი მობილური ქსელის ოპერატორის სტანდარტული სერვისის პროვაიდერის შეთანხმების დანართს. ხსენებულთაგან ერთ-ერთი სასამართლო ორდერი, გამოცემული 2002 წლის 8 ოქტომბერს, იძლეოდა რამდენიმე ადამიანის მობილური სატელეფონო კომუნიკაციის მიყურადების უფლებას 2001 წლის 1-5 პარილს, 19-23 ივნისს, 30-4 ივლისს და 16-20 ოქტომბერს. მეორე ორდერი, გამოცემული 2003 წლის 18 ივლისს იძლეოდა ბ-ნი ე.-ს მობილური ტელეფონის მიყურადების უფლებას 2003 წლის 11 აპრილიდან 11 ოქტომბრამდე. რაც შეეხება დანართს, მასში კლიენტს ატყობინებდნენ, რომ თუკი მოხდებოდა მისი ნომრის გამოყენება ტერორისტული მუქარის განხორციელების მიზნით, მობილური ქსელის ოპერატორი უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა სატელეფონო მომსახურების გაწევა და გადაეცა მიღებული ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოებისათვის. მომჩივნის აზრით, სასამართლო ორდერები და დანართი ადასტურებდა, რომ მობილური ქსელის ოპერატორები და სამართალდამცავი ორგანოები ტექნიკურად ფლობდნენ შესაძლებლობას მოესმინათ ყველა სატელეფონო კომუნიკაცია წინასწარი სასამართლო თანხმობის გარეშე და პერიოდულად ახორციელებდნენ კიდეც უკანონო მოსმენებს.2006 წლის 26 აპრილს სანქტ პეტერბურგის საქალაქო სასამართლომ ძალში დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. მან გაიზიარა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მასზედ, რომ მომჩივანმა ვერ დაამტკიცა მისი სატელეფონო კომუნიკაციის მოსმენა. მან ვერც ის აჩვენა, რომ არსებობდა საფრთხე უკანონოდ მომხდარიყო მისი სატელეფონო საუბრის მიყურადება. ამგვარი საფრთხის არსებობის დასდასტურებლად მომჩივანს უნდა დაემტკიცებინა, რომ მოპასუხეები უკანონოდ მოქმედებდნენ. თუმცა, მობილური ქსელის ოპერატორებს კანონის მიხედვით ეკისრებოდათ ვალდებულება დაემონტაჟებინათ დანადგარები, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს მისცემდა საშუალებას ეწარმოებინათ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობანი და თავისთავად მოცემული დანადგარის არსებობა არ გულისხმობდა მომჩივნის პირად კომუნიკაციაში ჩარევას. სასამართლოს უარი 2002 წლის 8 ოქტომბრისა და 2003 წლის 18 ივლისის სასამართლო ორდერების მტკიცებულებად დაშვებაზე კანონიერი იყო, რადგან ორდერები გამოცემული იყო მესამე პირებთან მიმართებაში და არარელევანტური იყო მომჩივნის საქმისათვის. საქალაქო სასამართლომ ასევე გადაწყვიტ მტკიცებულებად მიიჩნია დაეშვა და განეხილა სერვისის პროვაიდერის ხელშეკრულების დანართი, თუმცა მიიჩნია, რომ ეს უკანასკნელი არ შეიცავდა იმგვარ ინფორმაციას, რომელიც გამოდგებოდა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გადასახედად.მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტიდან იკვეთებოდა, რომ 2007 წლის იანვარში არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამოქალაქო კონტროლი“ გენერალურ პროკურატურას მიმართა თხოვნით შეესწავლა კომუნიკაციების სამინისტროს ბრძანებულებები სატელეფონო მიყურადებასთან მიმართებაში და შეეფასებინა მათი შესაბამისობა ფედერალურ კანონებთან. 2007 წლის თებერვალში გენერალური პროკურატურის მოხელემ დარეკა „სამოქალაქო კონტროლის“ ოფისში და მოითხოვა გამოუქვეყნებელი N.70 ბრანებულების დანართების ასლები, აღნიშნა რა, რომ პროკურატურამ ვერ შეძლო მისი მიღება კომუნიკაციების სამინისტროდან. 2007 წლის აპრილში გენერალურმა პროკურატურამ უარი განაცხადა მოთხოვნილი შემოწმების ჩატარებაზე.
შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
ა. პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის პატივისცემის უფლებაკონსტიტუცია იცავს პირის პირადი ცხოვრების, პირადი და ოჯახური საიდუმლოებისა და პირის პატივისა და ღირსების დაცვის პატივისცემის უფლებას (მუხლი 23 § 1). იგი ასევე იცავს მიმოწერის, სატელეფონო, საფოსტო, ტელეგრაფისა და სხვა კომუნიკაციების პატივისცემის უფლებას. მოცემული უფლება შესაძლოა შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს ბრძანების საფუძველზე (მუხლი 23 § 2).კონსტიტუცია ასევე ადგენს, რომ დაუშვებელია პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, შენახვა, გამოყენება ან გავრცელება მისი ნებართვის გარეშე. სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პირის წვდომა იმ დოკუმენტებსა და მასალებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ მის უფლებებსა და თავისუფლებებზე, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა (მუხლი 24).კომუნიკაციების შესახებ 2003 წლის 7 ივლისის კანონი (N.126-FZ) იცავს სატელეკომუნიკაციო თუ საფოსტო მომსახურების საშუალებით გადაცემული საფოსტო, ტელეგრაფისა და კომუნიკაციის სხვა ფორმის კონფიდენციალურობას. კომუნიკაციების კონფიდენციალურობის შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ ფედერალური კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში (მუხლი 63(1)). კომუნიკაციაში ჩარევა დამოკიდებულია წინასწარ სასამართლო ავტორიზაციაზე, გარდა ფედერალური კანონებით დადგენილი გამონაკლისისა (მუხლი 63 (3)).2003 წლის 2 ოქტომბერს N. 345-O გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სატელეფონო კომუნიკაციების კონფიდენციალურობა მოიცავდა სატელეფონო საშუალებით გადაცემულ, შენახულ ან აღმოჩენილ ყველა ინფორმაციას, მათ შორის არაშინაარსობლივ მონაცემებსაც, როგორიცაა შემომავალი და გამავალი ზარები კონკრეტულ აბონენტთან. ამგვარი მონაცემების მონიტორინგი საჭიროებს წინასწარ სასამართლო ავტორიზაციას.
ბ. პასუხისმგებლობა კონფიდენციალურობის დარღვევის შემთხვევაში
პირის პირადი ან ოჯახური ცხოვრების შესახებ ინფორმაციის უნებართვო მოპოვება ან გავრცელება მისი ნებართვის გარეშე, ანგარებით ან სხვა პირადი მიზნით, რომელიც აზიანებს მოქალაქეთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ისჯება ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი ან საპატიმრო სასჯელით ვადით ოთხ თვემდე. იგივე ქმედება ჩადენილი სახელმწიფო მოხელის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ისჯება ჯარიმით, ცალკეული პოზიციის დაკავების აკრძალვით ან საპატიმრო სასჯელით ვადით ექვს თვემდე (სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 137).მოქალაქის საფოსტო, ტელეგრაფული, სატელეფონო ან კომუნიკაციის სხვა ფორმის კონფიდენციალურობის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი. იგივე ქმედება ჩადენილი სახელმწიფო მოხელის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ისჯება ჯარიმით, ცალკეული პოზიციის დაკავების აკრძალვით ან საპატიმრო სასჯელით ვადით ოთხ თვემდე (სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 138).მოხელის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მიზნით, რომელმაც გამოიწვია ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა, ისჯება ჯარიმით, ცალკეული პოზიციის დაკავების აკრძალვით ან ცალკეული საქმიანობის განხორციელების აკრძალვით ხუთ წლამდე ვადით, გამასწორებელი სამუშაოთი ოთხ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით ოთხი თვიდან ოთხ წლამდე ვადით (სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 285 § 1).საჯარო მოხელის ქმედება, რომელიც ცალსახად აჭარბებს მის უფლებამოსილებას, რომელმაც გამოიწვია ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა, ისჯება ჯარიმით, ცალკეული პოზიციის დაკავების აკრძალვით ან ცალკეული საქმიანობის განხორციელების აკრძალვით ხუთ წლამდე ვადით, გამასწორებელი სამუშაოთი ოთხ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით ოთხი თვიდან ოთხ წლამდე ვადით (სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 286 § 1).უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 16 ოქტომბრის N. 19 პლენარული განჩინება აღნიშნავს, რომ სისხლის სამართის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლების მიზნებისათვის „ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა“ გულისხმობს საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის მიერ ზოგადად დადგენილი პრინციპებითა და დებულებებით განსაზღვრული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას - მათ შორის პირის პატივი და ღირსება, პირადი ან ოჯახური ცხოვრება, მიმოწერა, სატელეფონო, საფოსტო, ტელეგრაფიული ან სხვა კომუნიკაცია, ბინის ხელშეუხებლობა და სხვა. იურიდიულ პირთან მიმართებაში დარღვევის „არსებითობის“ შეფასებისას მნიშვნელოვანია უკანონო ქმედების შედეგად მიყენებული ზარალის, მატერიალური ზიანის ბუნებისა და ოდენობის, დაზარალებულ პირთა რიცხოვნებისა და მიყენებული ფიზიკური, მატერიალური და მორალური ზიანის გათვალისწინება (პარაგრაფი 18 (2)).სისხლის სამრთლებრივი დევნის დაწყების საფუძველია სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენის სათანადო ფაქტების არსებობა (სისხლის სამართლის საპროცესო სამართალი, მუხლი 140 § 2).
გ. ზოგადი დებულებანი კომუნიკაციის მიყურადების შესახებ
კომუნიკაიციის მიყურადებას არეგულირებს კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ მიღებული 1995 წლის 12 ავისტოს (N. 144-FZ, შემდგომში „კოსს“) რომელიც ვრცელდება კომუნიკაციის მიყურადებაზე როგორც სისხლისსამართლებრივი საქმის ფარგლებში ისე მის მიღმა; და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მიღებული 2001 წლის 18 დეკემბერს (N. 174-FZ, ძალაშია 2002 წლის 1 ივლისიდან, შემდგომში „სსსკ“), რომელიც გამოიყენება კომუნიკაციის მიყურადებაზე მხოლოდ სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების ფარგლებში.ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მიზანია: (1) სისხლის სამართლის დანაშაულის გამოვლენა, თავიდან აცილება, აღკვეთა და გამოძიება და იმ პირის დადგენა, რომელიც ამზადებს, ჩადის ან რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული; (2) მართლმსაჯულებისაგან მიმალულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიება; (3) ინფორმაციის მიღება იმ მოვლენებისა თუ საქმიანობის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის ეროვნულ, სამხედრო, ეკონომიკურ ან ეკოლოგიურ უსაფრთხოებას („კოსს“ მუხლი 2). 2008 წლის 25 დეკემბერს მოცემული დებულება შეიცვალა და დაემატა კიდევ ერთი მიზანი - ინფორმაციის მოპოვება კონფისკაციას დაქვემდებარებული ქონების შესახებ.ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი სახელმწიფო მოხელეები და ორგანოები ვალდებულნი არიან პატივი სცენ მოქალაქეთა პირად და ოჯახურ ცხოვრებას, სახლსა და მიმოწერას. აკრძალულია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება იმ ამოცანის მისაღწევად, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით („კოსს“, მუხლი 5(1) და (2)).სახელმწიფო მოხელეებსა და ორგანოებს ეკრძალებათ (1) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება პოლიტიკური პარტიების, მოგებაზე არაორიენტირებული ან რელიგიური ორგანიზაციების ინტერესების დასაცავად; (2) საიდუმლო ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება ფედერალური, რეგიონული ან მუნიციპალური ორგანოებისათვის, პოლიტიკური პარტიებისა და მოგებაზე არაორიენტირებული ან რელიგიური ორგანიზაციებისათვის მათ საქმიანობასა თუ გადაწყვეტილებაზე გავლენის განსახორციელებლად; (3) გაამჟღავნონ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული მონაცემები თუკი მოცემული ინფორმაცია ეხება მოქალაქეთა პირად ან ოჯახურ ცხოვრებას ან დააზიანებს მათ რეპუტაციას ან იმიჯს, გარდა ფედერალური კანონით დადგენილი გამონაკლისებისა; (4) უბიძგოს, მოუწოდოს ან აიძულოს ჩაიდინოს დანაშაული; (5) გააყალბოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგები („კოსს“, მუხლი 5(8)).ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობანი მოიცავს, inter alia, საფოსტო, ტელეგრაფიული, სატელეფონო და კომუნიკაციის სხვა ფორმების მოსმენა/მიყურადებას და მონაცემთა მოპოვებას კომუნიკაციის ტექნიკური სხვადასხვა წყაროებიდან. კანონი ადგენს, რომ აუდიო და ვიდეო ჩაწერა, ფოტოგრაფირება, გადაღება და სხვა ტექნიკური საშუალებანი შესაძლოა გამოყენებულ იქნას ოპერტიულ-სამძებრო საქმიანობის ფარგლებში იმ პირობით, თუკი იგი ზიანს არ აყენებს მონაწილე პირთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობანი, რომელიც მოიცავს საფოსტო, ტელეგრაფიული, სატელეფონო და კომუნიკაციის სხვა ფორმების მოსმენა/მიყურადებას და მონაცემთა მოპოვებას ტექნიკური წყაროებიდან კომუნიკაციების პროვაიდერის მიერ დამონტაჟებული დანადგარის გამოყენებით, განხორციელდება „ფეესბე“-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ ჩართული ორგანოების გადაწყვეტილებებისა და ხელმოწერილი შეთანხმებების საფუძველზე („კოსს“, მუხლი 6).1995 წლის 1 სექტემბრის პრეზიდენტის ბრძანებულება N. 891 აღნიშნავს, რომ საფოსტო, ტელეგრაფიული ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების მოსმენა/მიყურადება შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ „ფეესბე“-ს მიერ სამართალდამცავი ორგანოების მიზნებისათვის და მათი სახელით (პარაგრაფი 1). იმგვარ ვითარებებში, როდესაც „ფეესბე“-ს არ გააჩნია სათნადო ტექნიკური აღჭურვილობა, მოსმენა/მიყურადება შესაძლოა განხორციელდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ყველა სამართალდამცავი ორგანოების ინტერესებისა და მათი სახელით (პარაგრაფი 2). ანალოგიური დებულებანია მოცემული მთავრობის მიერ 2005 წლის 27 აგვისტოს მიღებულ დადგენილება N. 528-ის მე-2 და მე-3 პარაგრაფებში.
დ. ვითარება, რომელმაც შესაძლოა წარმოშვას კომუნიკაციების მოსმენა/მიყურადების საჭიროება
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობანი, რომელიც მოიცავს სატელეკომუნიკაციო ქსელითა თუ საფოსტო სერვისებით ან შინიდან გადაცემული საფოსტო, ტელეგრაფიული და კომუნიკაციის სხვა საშუალებების კონფიდენციალურობის უფლებაში ჩარევას, შესაძლოა განხორციელდეს შემდეგი ინფორმაციის მოსაპოვებლად (1) რომ დანაშაული ჩადენილია, მიმდინარეობს ან იგეგმება; (2) იმ პირების შესახებ რომლებიც აპირებენ ჩაიდინონ, ჩადიან ან უკვე ჩაიდინეს დანაშაული; ან (3) იმ მოვლენებისა თუ საქმიანობის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის ეროვნულ, სამხედრო, ეკონომიკურ ან ეკოლოგიურ უსაფრთხოებას („კოსს“, მუხლი 8(2)).„კოსს“ ადგენს, რომ ტელეფონის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების მიყურადება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პირი ეჭვმიტანილია, ან ბრალი ედება ნაკლებად მძიმე, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში ან შესაძლოა გააჩნდეს ინფორმაცია ამგვარი დანაშაულის შესახებ („კოსს“, მუხლი 8(4)). „სსსკ“ ასევე ეხება ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან სხვა პირის სატელეფონო და სხვა კომუნიკაციების მიყურადებასა და აღნიშნავს, რომ მიყურადება/მოსმენა დაიშვება თუ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ იგი შეიცავს სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ნაკლებად მძიმე, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში („სსსკ“, მუხლი 186 § 1).სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლი აღნიშნავს, რომ „ნაკლებად მძიმე დანაშაული“ გახლავთ განზრახ დანაშაული, რომლისთვისაც სისხლის სამართლის კოდესი მაქსიმალურ სასჯელად განსაზღვრავს სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ან გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს პატიმრობას მაქსიმუმ სამი წლის ვადით. „მძიმე დანაშაულია“ განზრახ დანაშაული, რომლისთვისაც სისხლის სამართლის კოდექსი სანქციად ადგენს პატიმრობას ხუთიდან ათ წლამდე ვადით. „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის“ კატეგორიას კი განეკუთვნება განზრახ დანაშაული, რომლისთვისაც კოდექსი მაქსიმალურ სასჯელად განსაზღვრავს ათ წელზე მეტ პატიმრობას ან უფრო მძიმე სასჯელს.
ე. ნებართვის პროცედურა და ვადებიკანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომელიც მოიცავს სატელეკომუნიკაციო ქსელისა თუ საფოსტო სერვისების ან შინიდან განხორციელებული საფოსტო, ტელეგრაფიული და კომუნიკაციის სხვა საშუალებების კონფიდენციალურობის კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევას - მათ შორის შენობების ან ნაგებობების შემოწმება, საფოსტო, ტელეგრაფიული, სატელეფონო და კომუნიკაციის სხვა ფორმების მიყურადება/მოსმენა ან მონაცემთა მოპოვება კომუნიკაციის ტექნიკური წყაროებიდან - საჭიროებს სასამართლოს წინასწარ ნებართვას („კოსს“ მუხლი 8(2)).გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც არსებობს უშუალო საფრთხე მასზედ, რომ შესაძლოა ჩადენილ იქნას მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ან როდესაც არსებობს ინფორმაცია ქვეყნის ეროვნული, სამხედრო, ეკონომიკური ან ეკოლოგიური უსაფრთხოებისათვის საფრთხის მომცველი მოვლენებისა თუ საქმიანობების შესახებ, 8(2) მუხლში გაწერილი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობანი შესაძლოა განხორციელდეს სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე. ასეთ შემთხვევებში მოსამართლე ინფორმირებულ უნდა იქნას ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის დაწყებიდან ოცდაოთხ საათში. თუკი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის დაწყებიდან ორმოცდარვა საათში არ მოხდება სასამართლოსაგან ნებართვის მიღება, ღონისძიებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს („კოსს“, მუხლი 8(3)).სატელეკომუნიკაციო ქსელისა თუ საფოსტო სერვისების ან შინიდან განხორციელებული საფოსტო, ტელეგრაფიული და კომუნიკაციის სხვა საშუალებების კონფიდენციალურობის კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის ღონისძიებების შეფასება ხვდება იმ სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებში, სადაც ტერიტორიულად უნდა განხორციელდეს მოთხოვნილი ღონისძიება ან იმ ორგანოს ტერიტორიის მიხედვით, სადაც მოხდა მოთხოვნის წარდგენა. მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა იქნას განხილული ერთი მოსამართლის მიერ (კანონის მუხლი 9(1)).მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. შესაბამისი მასალა, გარდა ოპერატიული საქმიანობის საიდუმლო თანამშრომლის ან ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროს შესახებ შემცველი ინფორმაციის ან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ორგანიზებისა და ტაქტიკის შესახებ, შესაძლოა წარედგინოს მოსამართლეს ამ უკანასკნელის მოთხოვნის საფუძველზე (კანონი, მუხლი 9(2) და (3)).შუამდგომლობის განმხილველი მოსამართლე წყვეტს გასცეს თუ არა ნებართვა ზემორე ხსენებული კონსტიტუციური უფლებების ჩარევაში ან უარი განაცხადოს ნებართვის გაცემაზე სათანადო არგუმენტების საფუძველზე. მოსამართლე განსაზღვრავს ნებართვის ვადას, რომელიც ჩვეულებრივ არ უნდა აჭარბებდეს ექვს თვეს. საჭიროების შემთხვევაში მოსამართლე უფლებამოსილია გააგრძელოს ავტორიზებული პერიოდი საქმის მასალების ხელახალი გადახედვის შემდეგ (კანონი, მუხლი 9(4) და (5)).ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე სასამართლოს ნებართვა და ის მასალა, რომლის საფუძველზეც მოხდა გადაწყვეტილების მიღება ექსკლუზიურად უნდა ინახებოდეს იმ სახელმწიფო ორგანოსთან, რომელიც ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას (კანონი, მუხლი 12 (3)).1998 წლის 14 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ N. 86-0 გადაწყვეტილებაში არ დააკმაყოფილა დაუშვებელი მოთხოვნა „კოსს“ ცალკეული დებულებების კონსტიტუციურობის გადახედვის შესახებ. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსამართლის უფლებამოსილება მოიცავდა კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევის მომცველი საგამოძიებო ზომების ავტორიზებას მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუკი იგი დარწმუნდებოდა, რომ ამგვარი ზომები კანონიერი, აუცილებელი და გამართლებული იყო, ანუ, აკმაყოფილებდა „კოსს“ მიერ დადგენილ მოთხოვნებს. მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოთხოვნის წარმომდგენ სახელმწიფო ორგანოს, რომელსაც უნდა დაედასტურებინა ზომების აუცილებლობა. მოსამართლის მოთხოვნის საფუძველზე წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო შესაბამისი მასალა. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული მასალის ნაწილი შესაძლოა შეიცავდეს სახელმწიფო საიდუმლოებას, მხოლოდ იმ მოსამართლეებს ენიჭებათ ნებართვის გაცემის უფლება, რომელთაც გააჩნდათ საიდუმლოზე დაშვების სათანადო ავტორიზაცია. ამასთანავე, თვალთვალის ზომების საიდუმლოდ შენახვის საჭიროების გავალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო მოსმენისა და შეჯიბრებითი სამართალწარმოების პრინციპები არ გამოიყენება ნებართვის გაცემის შესახებ წარმოებულ სამართალწარმოებაში. ის ფაქტი, რომ პირს არ ჰქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო ნებართვის გაცემის სამართალწარმოებაში - იყოს ინფორმირებული მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ან გაასაჩივროსი იგი ზემდგომ სასამართლოში - არ წარმოადგენდა პირის კონსტიტუციური უფლებების დარღვევას.2003 წლის 2 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ, N. 345-0 გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მოსამართლეს ეკისრება ვალდებულება დეტალურად და ყურადღებით განიხილოს მის წინაშე წარმოდგენილი მასალა მოსმენის ავტორიზების მოთხოვნისას. თუკი მოთხოვნა არ არის საკმარისად დასაბუთებული, მოსამართლე უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია.2007 წლის 8 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლოს N. 1-0 გადაწყვეტილებამ საჩივარი „კოსს“ მე-9 მუხლის კონსტიტუციურობის გადახედვის შესახებ დაუშვებლად ცნო. სასამართლომ აღნიშნა, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების შესახებ ნებართვის გაცემამდე, მოსამართლეს ეკისრება ვალდებულება დაადგინოს ზომის მოთხოვნის საფუძვლები. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების ავტორიზების გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს არგუმენტებს და ეხებოდეს კონკრეტულ საფუძველს დანაშაულის ჩადენის ან მიმდინარეობის ან დაგეგმვის ან ქვეყნისათვის ეროვნული, სამხედრო, ეკონომიკური ან ეკოლოგიური საფრთხის მომცველი საქმიანობების განხორციელების შესახებ და რომ პირი, რომელთან მიმართებაშიც ხორციელდება ოეპრატიულ-სამძებრო საქმიანობა ჩართული უნდა იყოს დანაშაულებრივ ან სხვაგვარად სახიფათო საქმიანობაში.2008 წლის 15 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ, გადაწყვეტილებით N. 460-0-0 დაუშვებლად ცნო სარჩელი, რომელიც ითხოვდა „კოსს“ მე-5, მე-11 და მე-12 მუხლების კონსტიტუციურობის გადახედვას. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ის პირები, რომელთა კომუნიკაციის მოსმენა/მიყურადებაც ხორციელდებოდა უფლებამოსილნი იყვნენ წარედგინათ საზედამხედველო-განხილვის მოთხოვნა მოსმენის მაავტორიზებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე. ის ფაქტი, რომ მას არ ჰქონდა გადაწყვეტილების ასლი, არ ართმევდა მას უფლებას მოეთხოვა საჩივრის საზედამხედველო-განხილვა, რადგან შესაბამის სასამართლოს შეეძლო ასლის გამოთხოვა კომპეტენტური ორგანოებიდან.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისაგამოძიებო მოქმედებანი მოიცავს პირის სახლის ჩხრეკას ან მისი სატელეფონო საუბრების ან სხვა კომუნიკაციის მიყურადებას წინასწარი სასამართლო ნებართვის/განჩინების შემთხვევაში. შუამდგომლობა პირის სახლის ჩხრეკის ან მისი კომუნიკაციის მიყურადების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს გამომძიებელის მიერ, პროკურორის წინასწარი ნებართვის საფუძველზე და განხილულ უნდა იქნეს მოსამართლის მიერ ოცდაოთხ საათში. პროკურორი და გამომძიებელი უფლებამოსილნი არიან დაესწრონ განხილვას. შუამდგომლობის განმხილველი მოსამართლე გადაწყვეტს გასცეს თუ არა ნებართვა მოთხოვნილ ზომაზე, რასაც ასაბუთებს შესაბამისი არგუმენტებით (სსსკ, მუხლი 165).სასამართლო უფლებამოსილია გასცეს ნებართვა ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან სხვა პირის კომუნიკაციის მიყურადებზე თუკი არსებობს საფუძველი ივარაუდოს, რომ შესაძლოა განხილულ იქნას სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია (სსსკ, მუხლი 186 § 1).კომუნიკაციის მიყურადების შესახებ შუამდგომლობა უნდა აღნიშნავდეს შემდეგ ინფორმაციას: (1) სისხლის სამართლის საქმე, რომელთანაც კავშირშია შუამდგომლობა; (2) მოთხოვნილ ღონისძიებათა განხორციელების საფუძვლები; (3) იმ პირთა გვარი, სახელი, მამის სახელი, რომელთა კომუნიკაციის მიყურადებაც არის მოთხოვნილი; (4) მოთხოვნილი ღონისძიების ხანგრძლივობა; (5) სახელმწიფო ორგანო, რომელიც განახორციელებს მიყურადებას (სსსკ, მუხლი 186 § 3).კომუნიკაციაზე მიყურადების მასანქცირებელი სასამართლოს განჩინება გამომძიებელმა უნდა გადასცეს მის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოს. კომუნიკაციის მიყურადება ნებადართული შეიძლება იყოს არაუმეტეს ექვსი თვის ვადისა და იგი უნდა შეწყდეს გამომძიებლის მიერ როგორც კი აღარ იარსებებს მისი საჭიროება. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოხდეს მისი შეწყვეტა გამოძიების დასრულების შემთხვევაში (სსსკ მუხლი 186 § 4 და 5).სასამართლო უფლებამოსილია გასცეს ნებართვა პირის ტელეფონის ან უკაბელო კავშირით კომუნიკაციის მონიტორინზე თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ივარაუდოს, რომ მონაცემები მნიშვნელოვანია სისხლისსამართლებრივი საქმისათვის. შუამდგომლობა ნებართვაზე უნდა მოიცავდეს ზემორე 46-ე პარაგრაფში მითითებულ ყველა ინფორმაციას. პირის კომუნიკაციასთან დაკავშირებული მონაცემების მონიტორინგის ნებართვის გამცემი სასამართლოს განჩინება გამომძიებლის მიერ იგზავნება კომუნიკაციების სერვისის შესაბამის პროვაიდერთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია გამომძიებელს მიაწოდოს რეგულარულად, მინიმუმ კვირაში ერთხელ. კომუნიკაციის მონაცემების მონიტორინგი დაიშვება არაუმეტეს ექვსი თვის ვადით და ჩერდება როგორც კი გამომძიებელი არასაჭიროდ მიიჩნევს მას. მონიტორინგი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეწყდეს გამოძიების დასრულებისას (სსსკ, მუხლი 186.1, დამატებული 2010 წლის 1 ივლისს).
ვ. მოპოვებული მონაცემების შენახვა, გამოყენება და განადგურება
მოპოვებული ინფორმაციის შენახვა„კოსს“, მუხლი 10 აღნიშნავს, რომ სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ სამძებრო საქმიანობას უფლებამოსილნი არიან შექმნან და გამოიყენონ მონაცემთა ბაზა ან გახსნან პირადი საქმე. პირადი საქმე უნდა ისევ დაიხუროს კანონის მე-2 მუხლში მოცემული მიზნების მიღწევისას ან მათი მიღწევის შეუძლებლობის დადგენის შემთხვევაში.1998 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებაში (ციტირებული პარაგრაფში 40, ზემოთ) საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლება - ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელმა სამართალდამცავმა ორგანოებმა შექმნან მონაცემთა ბაზები ან გახსნან პირადი საქმე - მოცემულ მონაცემთა ბაზებსა და პირად მასალებში დაიშვება მხოლოდ იმ მონაცემების შეყვანა, რომელიც უკავშირდება დანაშაულის პრევენციასა და გამოძიებას. იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულებრივი საქმიანობა არ ხვდებოდა პირადი ცხოვრების სფეროში, ინფორმაციის მოპოვება ამგვარი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ არ წარმოადგენდა ჩარევას პირის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში. თუკი მასალებში ჩაწერილი ინფორმცია პირის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ მოგვიანებით არ დადასტურდება, პირადი საქმე უნდა დაიხუროს.მიყურადებული სატელეფონო და სხვა კომუნიკაციის ჩანაწერები უნდა დაილუქოს და შეინახოს არაავტორიზებულ პირთა მიერ მოსმენის ან ასლის გადაღების საფრთხის არმქონე პირობებში („კოსს“, მუხლი (4)).ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობების ფარგლებში გამოყენებული ადგილების, საშუალებების და მასში მონაწილე მოხელების შესახებ, ისევე როგორც მის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. საიდუმლო სტატუსის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის სპეციალური გადაწყვეტილების („კოსს“, მუხლი 12(1) და სახელმწიფო საიდმულოების შესახებ 1993 წლის 21 ივლისის N. 5485-I კანონის მუხლი 5(4)) საფუძველზე.სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალა უნდა აშკარად მიუთითებდეს შემდეგ ინფორმაციას: გასაიდუმლოების ხარისხი; სახელმწიფო ორგანო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას გასაიდუმლოების შესახებ; სარეგისტრაციო ნომერი; საიდუმლო სტატუსის მოხსნის თარიღი ან პირობები (სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონი, მუხლი 12).
მოპოვებული მონაცემების გამოყენება და მათი გამჟღავნების პირობებისახელმწიფო საიდუმლოების მომცველი ინფორმაციის გამჟღავნება სახელმწიფოს სხვა ორგანოს, ორგანიზაციის ან ინდივიდისათვის დამოკიდებულია იმ სახელმწიფო ორგანოს ნებართვაზე, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება მოცემული ინფორმაციის გასაიდუმლოებაზე. მისი გამჟღავნება შესაძლებელია მხოლოდ იმ სახელმწიფო ორგანოებისა თუ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ფლობენ სპეციალურ უფლებას ან იდნივიდებისათვის, რომლებსაც აქვთ უსაფრთხოების შესაბამისი ნებართვა. ის სახელმწიფო ორგანო ან ორგანიზაცია, რომელთანაც ხდება ინფორმაციის გამჟღავნება ვალდებულია უზრუნველყოს ინფორმაციის შესაბამისი დაცვა. მოცემული სახელმწიფო ორგანოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირადად არის ვალდებული დაიცვას საიდუმლო ინფორმაცია უნებართვო წვდომისა თუ გამჟღავნებისაგან (სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონი, მუხლები 16 და 17).სახელმწიფო საიდუმლოებზე წვდომის ნებართვა შესაძლოა გაიცეს ორგანიზაციაზე ან კომპანიაზე მხოლოდ მას შემდეგ რაც დადასტურდება, რომ მას ყავს სპეციალური შიდა სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია ინფორმაციის დაცვაზე, რომ მისი თანამშრომლები კვალიფიცირებულნი არიან იმუშაონ საიდუმლო ინფორმაციასთან და რომ იგი იყენებს მონაცემთა დაცვის დამტკიცებულ სისტემებს (სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონი, მუხლი 27).უშიშროების ნებართვა ეძლევათ მხოლოდ იმ სახელმწიფო მოხელეებს, რომელთაც რეალურად ჭირდება იგი სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრუებლად. იგი ასევე გაიცემა მოსამართლეზე მსახურობის ვადით და სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე იურისტზე, თუკი საქმე შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას. ნებისმიერი პირი, რომელზეც გაიცემა უშიშროების ნებართვა ვალდებულია იკისროს წერილობითი პასუხისმგებლობა არ გაამჟღავნოს მინდობილი საიდუმლო ინფორმაცია (რუსეთის ფედერაციის მთავრობის 2010 წლის 6 თებერვლის N.63 რეგულაცია, მუხლები 7, 11 და 21).სახელმწიფო საიდუმლოების მომცველი ინფორმაციის მფლობელობაში მყოფი სახელმწიფო ორგანოსა თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია უზრუნველყოს სახელმწიფო მოხელეებისა თუ სხვა ავტორიზებულ პირთა წვდომა ხსენებულ ინფორმაციაზე. იგი ვალდებულია უზრუნველყოს მიმღების წვდომა მხოლოდ იმ ინფორმაციაზე, რომელიც ამ უკანასკნელს ჭირდება სამსახურეობრივი ვალდებულების შესასრულებლად (სახელმწიფო საიდულოების შესახებ კანონი, მუხლი 25).თუკი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული მონაცემები შეიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შესახებ, მოცემული ინფორმაცია, ყველა საჭირო თანმდევ დოკუმენტთან ერთად, მათ შორის ფოტოები და აუდიო ან ვიდეო ჩანაწერები, უნდა გადაეგზავნოს კომპეტენტურ საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს. თუ ინფორმაციის მოპოვება მოხდა პირის მიერ სატელეკომუნიკაციო ქსელის ან საფოსტო სერვისების ან შინიდან გაგზავნილი საფოსტო, ტელეგრაფიული და კომუნიკაციის სხვა საშუალებების კონფიდენციალურობის უფლებაში ჩარევის შედეგად, იგი უნდა გადაიგზავნოს საგამოძიებო ან ბრალმდებელ ორგანოებში მოცემული უფლებების ნებადამრთველ სასამართლო განჩინებასთან ერთად. ინფორმაცია უნდა გაიგზავნოს საიდუმლო ინფორმაციის დამუშავების სპეციალური პროცედურის შესაბამისად, გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო მოუხსნის ინფორმაციას საიდუმლო სტატუსს (შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის ბრძანება N. 776/703/509/507/1820/42/535/398/68, პარაგრაფები 1, 12, 14 და 16).თუკი პირი, რომლის სატელეფონო ან სხვა კომუნიკაციაზეც მოხდა მიყურადება, არის მსჯავრდებული სისხლის სამართლის დანაშაულში, ჩანაწერები გადაეცემა გამომძიებელს და თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს. მისი შემდგომი გამოყენება და შენახვა რეგულირდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით („კოსს“, მუხლი 8 (5)).ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული მონაცემები შესაძლოა გამოყენებულ იქნას გამოძიების მოსამზადებლად და განსახორციელებლად სასამართლო განხილვაზე, მტკიცებულებად სამართალწარმოებაში მტკიცებულების მოპოვების, ანალიზისა და შეფასების მარეგულირებელი სამართლებრივი დებულებების შესაბამისად. მოპოვებული ინფორმაციის სხვა სამართალდამცავი ორგანოსა თუ სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელი („კოსს“, მუხლი 11).თუკი მიყურადების ნებართვა გაიცა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გამომძებელი უფლებამოსილია მიიღოს ჩანაწერები მიყურადების მაწარმოებელი ორგანოსაგან დაშვებული მიყურადების მიმდინარეობისას ნებისმიერ დროს. ჩანაწერები უნდა იყოს დალუქული და თან უნდა ახლდეს განმარტებითი ბარათი, რომელიც აღნიშნავს ჩაწერილი კომუნიკაციის დასაწყისისა და დასასრულის თარიღებსა და ვადას, ისევე როგორც მიყურადებისას გამოყენებულ ტექნიკურ საშუალებას. გამომძიებელი ვალდებულია ჩანაწერს მოუსმინოს მოწმეების თანდასწრებით, საჭიროების შემთხვევაში ექსპერტისა და იმ პირთა თანდასწრებით, რომელთა კომუნიკაციაზეც მოხდა მიყურადება. გამომძიებელი ვალდებულია შეადგინოს ოფიციალური ანგარიში, რომელშიც სინქრონულად გაწერს სისხლის სამართლის საქმისათვის ჩაწერილი კომუნიკაციის მნიშვნელოვან მონაკვეთს (სსსკ, მუხლი 186 § 6 და 7). 2013 წლის 4 მარტს 186 § 7 მუხლში განხორციელდა ცვლილება, რომლის შედეგადაც მოწმის დასწრების ვალდებულება გაუქმდა.მოპოვებული ჩანაწერები და კომუნიკაციასთან დაკავშირებული მონაცემები თან უნდა დაერთოს სისხლის სამართის საქმის მასალებს. აუცილებელია მათი დალუქვა და იმგვარ პირობებში შენახვა, რომელიც გამორიცხავს არაუფლებამოსილ პირთა მიერ მათი მოსმენისა თუ ასლის გადაღების საფრთხეს (სსსკ, მუხლი 186 § 8 და მუხლი 186 § 1, დამატებული 2010 წლის 1 ივლისს).პირის კორესპონდენციის, სატელეფონო, საფოსტო, ტელეგრაფიული ან სხვა კომუნიკაციის კონფიდენციალურობის პატივისცემის უფლების შემზღუდავი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგები სისხლის სამართალწარმოებაში დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი მათი მიღება მოხდა სასამართლო განჩინების საფუძველზე და თუკი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობანი განხორციელდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დაცვით (რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს პალატის 1995 წლის 31 ოქტომბრის N.8 განჩინება, პარაგრაფი 14).აკრძალულია მტკიცებულებად იმ მონაცემის გამოყენება, რომელიც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად ამოღებულია სსს კოდექსით დადგენილი მტკიცებულების დასაშვებობის მოთხოვნათა დარღვევით (სსსკ, მუხლი 89). სსს კოდექსის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებლად იცნობა. დაუშვებელ მტკიცებულებას არ გააჩნია იურიდიული ძალა და ვერ მოხდება მისი გამოყენება სისხლის სამართლის ბრალის დასამტკიცებლად ან იმ გარემოებების დასადასტურებლად, რომლისთვისაც საჭიროა მტკციებულების წარმოდგენა სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში. თუკი სასამართლო გადაწყვეტს არ დაუშვას მტკიცებულება, მაშინ მოცეულ მტკიცებულებას არ ექნება იურიდიული ძალა და ვერ იქნება გამოყენებული გადაწყვეტილების ან სხვა სასამართლო აქტის საფუძვლად; ამასთანავე იგი არ განიხილება და არ გამოიყენება საქმის მოსმენისას (სსსკ მუხლები 75 და 235).
მოპოვებული მონაცემების განადგურებაოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული მონაცემები იმ პირთან მიმართებაში, რომლის ბრალიც არ დადასტურდა, კანონით დადგენილი პროცედურით ინახება ერთი წლის განმავლობაში და შემდეგ ხდება მისი განადგურება, გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც მონაცემები საჭიროა მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. სატელეფონო ან სხვა კომუნიკაციის მიყურადებისას გაკეთებული აუდიო ჩანაწერები და სხვა მასალები ინახება ექვსი თვის განმავლობაში და შემდეგ ხდება მათი განადგურება, თკი არ მოხდება პირის მსჯავრდება დანაშაულისათვის. მიყურადების ნებართვის გამცემი მოსამართლე ინფორმირებული უნდა იყოს დაგეგმილი განადგურების შესახებ განადგურებამდე სამი თვით ადრე („კოსს“, მუხლი 5(7)).თუკი პირს მსჯავრი დაედო დანაშაულში, სამართალწარმოების ბოლოს სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას მტკიცებულების ფარგლებში გამოყენებული მონაცემების შენახვის ან განადგურების შესახებ. განადგურება უნდა აღინუსხოს ანგარიშში, რომელსაც ხელს აწერს საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელი და უნდა ჩაიდოს საქმის მასალებში (სსსკ, მუხლი 81 § 3, საგამოძიებო კომიტეტის 2011 წლის 30 სექტემბრის N. 142 ბრძანების 49-ე პარაგრაფი).
ვ. კომუნიკაციის მიყურადების ზედამხედველობაოპერატიულ-სამძერო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ხელმძღვანელები პირადად არიან პასუხისმგებელნი ყველა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონიერებაზე („კოსს“, მუხლი 22).ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზოგად ზედამხედველობას ახორციელებს პრეზიდენტი, პარლამენტი და რუსეთის ფედერაციის მთავრობა მათი კომპეტენციის ფარგლებში („კოსს“, მუხლი 20).გენერალური პროკურორი და კომპეტენტური ქვედა რგოლის პროკურორებიც უფლებამოსილნი არიან განახორციელონ ზედამხედველობა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე. შესაბამისი პროკურორის მოთხოვნით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განამხორციელებელი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია წარმოადგინოს ოპერატიულ-სამძებრო მასალა, პირადი საქმის ჩათვლი, ინფორმაცია გამოყენებულ ტექნიკურ საშუალებებზე, რეგისტრაციის ჟურნალი და შიდა ინსტრუქციები. საიდუმლო აგენტებისა თუ პოლიციის ინფორმაციის წყაროების შესახებ მასალ შესაძლოა გამჟღავნდეს პროკურორთან მხოლოდ აგენტის ან ინფორმაციის წყაროს თანხმობის საფუძველზე, გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც სისხლისსამართლებრივი საქმე მიმდინარეობს უშუალოდ მათ წინააღმდეგ. სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანეის პასუხისმგებლობა დგება კანონის შესაბამისად პროკურორის მოთხოვნის დაუცველობის შემთხვევაში. პროკურორი ვალდებულია უზრუნველყოს მონაცემების დაცვა წარმოდგენილ მასალებში („კოსს“, მუხლი 21).პროკურატურის შესახებ კანონი (ფედერალური კანონი N. 2202-I მიღებული 1992 წლის 17 იანვარს) ადგენს, რომ გენერალური პროკურორი ინიშნება და თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან ფედერალური საბჭოს მიერ (პარლამენტის ზედა პალატა) პრეზიდენტის წარდგინებით (მუხლი 12). დაბალი რგოლის პროკურორები ინიშნება გენერალური პროკურორის მიერ რეგიონალურ აღმასრულებელ ორგანოებთან კონსულტაციის შედეგად (მუხლი 13). იმისათვის, რომ პირი დაინიშნოს პროკურორად, უნდა იყოს რუსეთის მოქალაქე და უნდა ჰქონდეს იურიდიული განათლება (მუხლი 40.1).საბრალმდებლო ფუნქციებთან ერთად, პროკურორები პასუხისმგებელნი არიან უზედამხედველონ დაკავების ადგილების, სასამართლო აღმასრულებლის საქმიანობას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას და სისხლისსამართლებრივი გამოძიების შესაბამისობას რუსეთის კონსტიტუციასა და რუსეთის კანონებთან (მუხლი 1). პროკურორი ამასთანავე ახორციელებს ყველა სამართალდამცავი ორგანოს საქმიანობის კოორდინირებას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში (მუხლი 8).რაც შეეხება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ზედამედველობას, პროკურორი უფლებამოსილია განიხილოს თუ რამდენად შეესაბამებოდა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფარგლებში გატარებული ღონისძიებანი კანონიერებასა და ადამიანის უფლებების პატივისცემას (მუხლი 29). მოცემული ზედამხედველობის ფარგლებში პროკურორის ბრძანება უნდა შესრულდეს დაწესებულ ვადებში. მათი შეუსრულებლობა იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას (მუხლი 6).პროკურორი უფლებამოსილია განიხილოს საჩივარი კანონის დარღვევის შესახებ და წარმოადგინოს არგუმენტირებული გადაწყვეტილება საჩივრის პასუხად. ამგვარი გადაწყვეტილება მომჩივანს არ უზღუდავს იმავე საჩივრის სასამართლოში წარდგენის უფლებამოსილებას. თუ პროკურორი დაადგენს კანონის დარღვევას, იგი ვალდებულია დააყენოს პირთა პასუხისმგებლობის საკითხი (მუხლი 10).ფედერალური უშიშროების სამსახურის შესახებ კანონი, მიღებული 1995 წლის 3 აპრილს (N. 40-FZ, შემდგომში „ფეესბეს კანონი“) ადგენს, რომ უშიშროების სამსახურის საიდუმლო აგენტების, ისევე როგორც გამოყენებული ტაქტიკის, მეთოდებისა და საშუალებების შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება პროკურორების ზედამედველობას (მუხლი 24).ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის პროცედურა განისაზღვრა გენერალური პროკურატურის მიერ 2011 წლის 15 თებერვლის N. 33 ბრძანებით.N.33 ბრძანება ადგენს, რომ პროკურორი უფლებამოსილია ჩაატაროს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განამხორციელებელი ორგანოების პერიოდული შემოწმება და ad hoc შემოწმება ინდივიდის საჩივრის საფუძველზე ან სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში. „ფეესბეს“ მიერ კონტრდაზვერვის სფეროში განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობანი შესაძლოა შემოწმდეს მხოლოდ ინდივიდუალური საჩივრის საფუძველზე (ბრძანება N. 33, პარაგრაფი 5).შემოწმების დროს პროკურორმა უნდა დაადგინოს დაკმაყოფილებულია თუ არა შემდეგი მოთხოვნები:
- მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვა, მათ შორის პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლის, მიმოწერის, სატელეფონო, საფოსტო, ტელეგრაფიული და სხვა კომუნიკაციის პატივისცემის უფლება;
- რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფარგლებში მიღებული ზომები კანონიერი და გამართლებულია, მათ შორის ის ზომებიც, რომელიც ავტორიზებულია სასამართლოს მიერ (ბრძანება N. 33, პარაგრაფი 4 და 6).შემოწმების დროს პროკურორმა უნდა შეისწავლოს შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორიგინალი დოკუმენტები, მათ შორის პირადი საქმე, ინფორმაცია ტექნიკის გამოყენების შესახებ, სარეგისტრაციო ჟურნალები და შიდა ინსტრუქციები და შესაძლოა მოითხოვოს განმარტებანი შესაბამისი მოხელეებისაგან. პროკურორი ვალდებულია დაიცვას მისდამი მინდობილი მგრძნობიარე მონაცემები უნებართვო წვდომისა და გამჟღავნებისაგან (ბრძანება N. 33, პარაგრაფები 9 და 12).თუ პროკურორი დაადგენს კანონის დარღვევას, იგი ვალდებულია მოთხოვოს პასუხისმგებელ მოხელეს ზიანის გამოსწორება. იგი ამასთანავე ვალადებულია მიიღოს ზომები რათა შეწყვიტოს და გამოასწოროს მოქალაქეთა უფლებების დარღვევა და პასუხისგებაში მიცეს დამნაშავე (ბრძანება N. 33, პარაგრაფები 9 და 10). სახელმწიფო მოხელე, რომელიც უარს განაცხადებს დაემორჩილოს პროკურორის ბრძანებას მიეცემა პასუხისგებაში კანონის შესაბამისად (პარაგრაფი 11).ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე პასუხისმგებელი პროკურორები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ექვსთვიანი ანგარიში, რომელიც გენერალური პროკურატურას წარმოუდგენს შემოწმების შედეგებს (ბრძანება N. 33, პარაგრაფი 15). ბრძანებას N. 33 თან ერთვის პროკურორების მიერ შესავსები ფორმა. ფორმა აღნიშნავს, რომ იგი საიდუმლო ხასიათისაა, ორი ნაწილისაგან შედგება, ორივე ცხრილის ფორმითაა წარმოდგენილი. პირველი ნაწილი ეხება მითითებულ პერიოდში განხორციელებულ შემოწმებებს და ჩამოთვლის თუ რამდენი შემოწმება განხორციელდა, შემოწმებული საქმეების რაოდენობას და აღმოჩენილ დარღვევებს. მეორე ნაწილი კი ეხება მოქალაქეთა საჩივრებს და შეიცავს ინფორმაციას წარმოდგენილი და განხილული საჩივრების შესახებ.
თ. წვდომა კომუნიკაციების მიყურადების ფარგლებში ინდივიდების შესახებ შეგროვილ ინფორმაციაზერუსეთის კანონმდებლობა არ ადგენს ვალდებულებას რაიმე ეტაპზე ეცნობოს მოქალაქეს მისი კომუნიკაციების მიყურადების შესახებ. თუმცა, პირი, რომელიც იყო ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სუბიექიტი და ამის შესახებ ფლობს ფაქტებს - თუკი მისი ბრალი არ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ანუ არ მომხდა მისი მსჯავრდება ან მოხდა ბრალის მოხსნა იმის გამო, რომ არ მომხდარა დანაშაულის ჩადენა, ან რომ სისხლის სამართლის საქმეს აკლდა ერთი ან მეტი მნიშვნელოვანი ელემენტი - უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფარგლებში შეგროვილი მონაცემების შესახებ იმდენად, რამდენადაც ეს შეესაბამება კონსპირაციის მოთხოვნებს და რამდენადაც გამორიცხავს სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებისათვის საფრთხის შემცველ მონაცემებზე წვდომას („კოსს“, მუხლი 5 (4-6)).1998 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებაში (ციტირებული ზემოთ მე-40 პარაგრაფში) საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ფლობს ფაქტებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ, რომელშიც იგი სუბიექტს წარმოადგენს, უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია ხსენებული ქმედებების ფარგლებში მის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციაზე, გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოს განეკუთვნება. „კოსს“ მე-12 მუხლში აღნიშნავს, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია - მათ შორის ინფორმაცია დანაშაულისა და მის ჩადენაში მონაწილე პირების შესახებ - წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. თუმცა, ინფორმაცია მოქალაქეთა უფლებების დარღვევის შესახებ ან უკანონო ქმედებები სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, რომელიც არ კვალიფიცირდება სახელმწიფო საიდუმლოებად ექვემდებარება გამჟღავნებას. მე-12 მუხლი, შესაბამისად, არ წარმოადგენს საფუძველს უარი ეთქვას პირად უფლებებზე გავლენის მქონე ინფორმაციაზე წვდომაზე, იმ პირობით, რომ ხსენებული ინფორმაცია არ ეხება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მიზნებს ან საფუძვლებს. ხსენებულის გათვალიწინებით ის ფაქტი, რომ გასაჩივრებული კანონის მიხედვით პირს არ ჰქონდა წვდომა მის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე, არ წარმოადგენდა პირის კონსტიტუციური უფლებების დარღვევას.
ი. სასამართლო კონტროლი„კოსს“ მიერ დადგენილი კომუნიკაციების მიყურადებაზე სასამართლო კონტროლის ზოგადი დებულებანიპირი რომელიც აცხადებს, რომ მისი უფლებები ირღვევა ან დაირღვა სახელმწიფო ორგანოების მიერ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში, უფლებამოსილია იჩივლოს მოხელის ზემდგომთან, პროკურორთან ან სასამართლოში. თუკი მოქალაქის უფლებები დაირღვა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფარგლებში სახელმწიფო მოხელის მიერ, მისი ზემდგომი, პროკურორი ან სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს ზომები რათა გამოასწორს დარღვევა და აანაზღაუროს ზიანი („კოსს“, მუხლი 5(3) და (9)).თუ პირს უარი ეთქვა ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის ფარგლებში მის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციის წვდომაზე, იგი უფლებამოსილია შეიტყოს უარის მიზეზი და გაასაჩივროს იგი სასამართლოში. მტკიცების ტვირთი ეკისრება სამართალდამცავ ორგანოებს რათა დაამტკიცონ, რომ წვდომაზე უარი გამართლებულია. სრული და ჯეროვანი სასამართლო კონტროლის უზრუნველსაყოფად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი სამართალდამცავი ორგანო ვალდებულია, მოსამართლის მოთხოვნის საფუძველზე, წარმოადგინოს ოპერატიულ-სამძებრო მასალა, რომელიც შეიცავს მონაცემს, რომელზე წვდომაზეც უარი ითქვა; გამონაკლისია მასალა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას საიდუმლო აგენტებისა და პოლიციის ინფორმაციის წყაროების შესახებ. თუ სასამართლო დაადგენს, რომ წვდომაზე უარი გაუმართლებელი იყო, მას შეუძლია მოუწოდოს სამართალდამცავ ორგანოს მოცემულ პირს გაუმხილოს მონაცემები („კოსს“ მუხლი 5(4-6)).1998 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებაში (ციტირებული ზემოთ მე-40 პარაგრაფში) საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა - პირი რომელიც შეიტყობს, რომ დაექვემდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს და სჯერა, რომ სახელმწიფო ორგანოს მოხელეების ქმედებებმა დაარღვია მისი უფლებები, უფლებამოსილია, „კოსს“ მე-5 მუხლის მიხედვით გაასაჩივროს სასამართლოში საქმიანობის წარმოების საფუძვლები და კომპეტენტური ორგანოს მიერ საქმიანობის ფარგლებში მიღებული ზომები, მათ შორის მაშინაც, როდესაც ქმედებები განხორციელდა სასამართლოს მხრიდან წინასწარი ნებართვის საფუძველზე.რაც შეეხება პროცედურულ საკითხებს, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ იმ სამართალწარმოების ფარგლებში, სადაც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძველი ან მისი მაწარმოებელი კომპეტენტური ორგანოების ქმედებები გასაჩივრდა, ისევე როგორც იმ სამართალწარმოებისას, რომელიც ეხებოდა მოპოვებულ მონაცემებზე წვდომაზე უარს, სამართალდამცავი ორგანოები მოსამართლეს წარუდგენენ, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ყველა შესაბამის ოპერატიულ-სამძებრო მასალას, გარდა იმ მასალისა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას საიდუმლო აგენტებისა თუ პოლიციის ინფორმაციის წყაროს შესახებ.პირი რომელსაც სურს გაასაჩივროს მისი კომუნიკაციის მიყურადება უფლებამოსილია საჩივრით მიმართოს სასამართლოს სსსკ 125-ე მუხლის საფუძველზე; სასამართლო განხილვის შესახებ წარმოდგენილი მოთხოვნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლითა და სასამართლო განხილვის შესახებ კანონით 2015 წლის 15 სექტემბერს ჩანაცვლდა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსით ან სამოქალაქო კოდექსის ზიანის მარეგულირებელი 1069-ე მუხლით.
სსსკ 125-ე მუხლით განსაზღვრული სასამართლო განხილვაუზენაესი სასამართლოს პალატამ 2009 წლის 10 თებერვლის N.1 განჩინებაში აღნიშნა, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი მოხელეების ან გამომძიებლის მოთხოვნით სახელმწიფო ორგანოების ქმედებები შესაძლოა გასაჩივრდეს სსსკ 125-ე მუხლით დადგენილი პროცედურით (პარაგრაფი 4). მოცემული მუხლით წარმოდგენლი საჩივრები განიხილება მხოლოდ სისხლის სამართლის გამოძიების მიმდინარეობისას. მას შემდეგ რაც საქმე განსახილველად გადაეცემა სასამართლოს, მოსამართლე საჩივარს დაუშვებლად ცნობს და მომჩივანს განუმარტავს, რომ მას საჩივრის წარდგენა შეუძლია შესაბამის განმხილველ სასამართლოში (პარაგრაფი 9).სსსკ 125-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ გამომძიებლის ან პროკურორის იმგვარი გადაწყვეტილებების, მოქმედების ან უმოქმედობის განხილვას, რომელმაც შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეების კონსტიტუციურ უფლებებზე ან თავისუფლებებზე. საჩივრის წარდგენა არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მოქმედების მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო გადაწყვეტს სხვაგვარად. სასამართლო საჩივარს განიხილავს ხუთი დღის ვადაში. მომჩივანი, მისი ადვოკატი, გამომძიებელი და პროკურორი უფლებამოსილნი არიან დაესწრონ განხილვას. მომჩივანმა უნდა დაასაბუთოს მისი საჩივარი (სსსკ, მუხლი 125 §§1-4).განხილვის მონაწილეები უფლებამოსილნი არიან შეისწავლონ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი ყველა მასალა და წარმოადგინონ საჩივართან დაკავშირებული დამატებითი მასალები. სისხლის სამართლის საქმის მასალების გამჟღავნება დაიშვება მხოლოდ მაშინ თუ არ ეწინააღმდეგება გამოძების ინტერესებს და არ არღვევს სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეთა უფლებებს. მოსამართლე უფლებამოსილია მხარეებს მოთხოვოს წარმოადგინონ გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველის დამადასტურებელი ან სხვა შესაბამისი მასალები (რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს პალატის 2009 წლის 10 თებერვლის N.1 განჩინების მე-12 პარაგრაფი).საჩივრის განხილვის შემდეგ სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, მოქმედებას ან უმოქმედობას ცნობს კანონიერად ან უკანონოდ და მოუწოდებს პასუხისმგებელ მოხელეს გამოასწოროს დადგენილი დარღვევა ან არ აკმაყოფილებს საჩივარს (სსსკ მუხლი 125 § 5). როდესაც მოხელეს სასამართლო მიუთითებს დადგენილი დარღვევის გამოსწორებაზე, სასამართლო არ განსაზღვრავს მოხელის მიერ მისაღებ კონკრეტულ ზომებს, არ აუქმებს და არ უთითებს მოხელეს გააუქმოს უკანონო ან გაუმართლებელი გადაწყვეტილება (რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს პალატის 2009 წლის 10 თებერვლის N.1 განჩინების 21-ე პარაგრაფი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე თავით, სასამართლო განხილვის შესახებ კანონისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საჩივარი სასამართლო განხილვის შესახებრუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს პალატამ 2009 წლის 10 თებერვლის N.2 განჩნებით დაადგინა, რომ საჩივრები ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განამხორციელებელი მოხელეებისა თუ ორგანოების გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შესახებ, ისევე როგორც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის დროს მოპოვებულ ინფორმაციაზე წვდომაზე უარის გასაჩივრება განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე თავით დადგენილი პროცედურით (პარაგრაფი 7).სამოქალაქო საპროცესო კოდექსის („სსკ“) 25-ე თავი, რომელიც ძალაშია 2015 წლის 15 სექტემბრიდან, განსაზღვრავს იმ საჩივრების განხილვის პროცედურას, რომელიც ეხება მოხელეების მიერ მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დამრღვევ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს, რომელიც შემდგომ დეტალურად არის მოცემული სასამართლო განხილვის შესახებ კანონში (კანონი N. 4866 – 1, 1993 წლის 27 აპრილი, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დამრღვევი ქმედებებისა და გადაწვეტილებების შესახებ საჩივრის სასამართლო განხილვის შესახებ). 2015 წლის 15 სექტემბერს „სსკ“ 25-ე თავი და სასამართლო განხილვის შესახებ კანონი გაუქმდა, იგი ჩაანაცვლა ადმინიტრაციულმა საპროცესო კოდექსმა (კანონი N. 21-FZ, 2015 წლის 8 მარტი, შემდგომში „ასკ“), რომელიც ძალაში ამავე დღეს შევიდა. „ასკ“ არსებითად გაიმეორა და განმარტა „სსკ“ 25-ე თავი და სასამართლო განხილვის შესახებ კანონი.„სსკ“, სასამართლო განხილვის შესახებ კანონი და „ასკ“ ადგენენ, რომ მოქალაქე უფლებამოსილია შეიტანოს საჩივარი სასამართლოში და გაასაჩივროს ნებისმიერი სახელმწიფო ან მუნიციპალური ორგანოს ან მოხელის ქმედება ან გადაწყვეტილება თუკი მიიჩნევს, რომ დაირღვა მისი უფლებები და თავისუფლებები („სსკ“ მუხლი 254 და სასამართლო განხილვის შესახებ კანონის მუხლი 1). საჩივარი შესაძლოა ეხებოდეს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მოქმედებასა თუ უმოქმედობას, რომელიც არღვევს მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, ხელს უშლის უფლებებითა თუ თავისუფლებებით სარგებლობაში ან აკისრებს მას ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას („სსკ“ მუხლი 255, სასამართლო განხილვის შესახებ კანონის მე-2 მუხლი და „ასკ“ მუხლი 218 § 1).საჩივარი სასამართლოში წარმოდგენილი უნდა იყოს სასამართლოს ზოგადი იურისდიქციის ფარგლებში სამი თვის ვადაში მას შემდეგ, რაც მომჩივანმა შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ. ვადა შესაძლოა გაგრძელდეს სათანადო მიზეზების არსებობის შემთხვევაში („სსკ“ მუხლი 254, სასამართლო განხილვის შესახებ კანონის მუხლი 4 და 5, „ასკ“ მუხლები 218 § 5 და 219 §§1 და 7). საჩივარში მითითებული უნდა იყოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი ან გასაჩივრებული ქმედების ჩადენის თარიღი და ადგილი („ასკ“ მუხლი 220 2(3)). მომჩივანი ვალდებულია წარმოადგინოს დამადსტურებელი დოკუმენტები ან განმარტოს თუ რატომ არ შეუძლია მათი წარმოდგენა („ასკ“ მუხლი 220 §§ 2(8) და 3). თუ მომჩივანი არ აკმაყოფილებს ზემორე მოთხოვნებს, მოსამართლე საჩივარს დაუშვებლად ცნობს („ასკ“, მუხლი 222 § 3).მტკიცების ტვირთი გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე, მოქმედებასა თუ უმოქმედობაზე ეკისრება შესაბამის ორგანოს ან მოხელეს. მომჩივანი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და თავისუფლებები დაირღვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოქმედებით ან უმოქმედობით (სასამართლო განხილვის შესახებ კანონი, მუხლი 6 და „ასკ“ მუხლი 226 § 11).„სსკ“ მიხედვით, საჩივარი განიხილება ათ დღეში („სსკ“ მუხლი 257), ხოლო „ასკ“ მიხედვით კი ორი თვის ვადაში („ასკ“ მუხლი 226 § 1). თუ სასამართლო დაადგენს, რომ საჩივარი გამართლებულია, იღებს გადაწყვეტილებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან ქმედების გაუქმების შესახებ და თხოვს ორგანოს ან მოხელეს სრულად აღადგინოს მოქალაქის დარღვეული უფლებები („სსკ“ მუხლი 258 § 1, სასამართლო განხილვის შესახებ კანონის მე-7 მუხლი და „ასკ“ მუხლი 227 §§ 2 და 3). სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს დარღვევის გამოსასწორებელი ვადა ან/და განსაზღვროს კონკრეტული ნაბიჯები დარღვევის სრულად აღსადგენად (რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლო პალატის 2009 წლის 10 თებერვლის N.2 განჩინების 28-ე პარაგრაფი და „ასკ“ 227 § 3 მუხლი). მომჩივანი შემდეგ უფლებამოსილია ცალკე სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში მოითხოვოს კომპენსაცია მატერიალური და მორალური ზიანისათვის (სასამართლო განხილვის შესახებ კანონის მე-7 მუხლი).სასამართლო უფლებამოსილია არ დააკმაყოფილოს საჩივარი თუ დაადგენს, რომ გასაჩივრებული ქმედება ან გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია კომპეტენტური ორგანოს ან მოხელის მიერ არის კანონიერი და არ არღვევს მოქალაქის უფლებებს („სსკ“ მუხლი 258 § 4, და „ასკ“ მუხლი 226 § 9 და 227 § 2).სამართალწარმოების მონაწილე უფლებამოსილია გაასაჩიროს გადაწყვეტილება ზემდგომ სასამართლოში (2012 წლის 1 იანვრამდე მოქმედი „სსკ“ მუხლი 336, 2012 წლის 1 იანვრიდან მოქმედი „სსკ“ 320, „ასკ“ მუხლი 228). სააპელაციო გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოტანის დღეს (2012 წლის 1 იანვრამდე მოქმედი „სსკ“ მუხლი 367, 2012 წლის 1 იანვრიდან მოქმედი „სსკ“ 329 § 5, „ასკ“ მუხლები 186 და 227). „სსკ“ ადგენს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც აკმაყოფილებს საჩივარს და ორგანოსაგან ან მოხელისაგან ითხოვს მოქალაქის უფლებების დარღვევის გამოსწორებას უნდა გადაიგზავნოს შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელთან, მოხელესთან ან მის ზემდგომ მოხელეებთან ძალაში შესვლიდან სამ დღეში („სსკ“ მუხლი 258 § 2). სასამართლო განხილვის შესახებ კანონი ითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ათ დღეში გაგზავნას (მუხლი 8). „ასკ“ მიხედვით კი სასამართლო გადაწყვეტილება უნდა გაიგზავნოს ძალაში შესვლის დღესვე (მუხლი 227 § 7). სასამართლომ და მომჩივანმა უნდა მიიღონ შეტყობინება გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ მიღებიდნ არაუგვიანეს ერთ თვეში („სსკ“, მუხლი 258 § 3, სასამართლო განხილვის შესახებ კანონის მე-8 მუხლი და „ასკ“ მუხლი 227 § 9).
საჩივარი დელიქტის საფუძველზე, სამოქალაქო კოდექსის მუხლი 1069
პირის ან მოქალაქის ქონებისადმი მიყენებული ზიანი სრულად უნდა ანაზღაურდეს ზიანის მიმყენებლის მიერ. ზიანის მიმყენებელი არ არის პასუხისმგებელი ზიანზე თუკი დაადასტურებს, რომ ზიანი არ გამომდინარეობს მისი ბრალეული ქმედებიდან („სკ“ მუხლი 1064 § 1 და 2). სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოები და მოხელეები პასუხისმგებელნი არიან მოქალაქისათვის მათი უკანონო მოქმედებითა თუ უმოქმედობით მიყენებულ ზიანზე (სამოქალაქო კოდექსის 1069-ე მუხლი). სახელმწიფო მოხელის ბრალის მიუხედავად, სახელმწიფო ან რეგიონული ხაზინა ვალდებულია მოქალაქეს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი (1) უკანონო სისხლისსამართლებრივი ბრალდების ან დევნის გამო; (2) აღმკვეთი ღონისძიებების უკანონო გამოყენების გამო, და (3) უკანონო ადმინისტრაციული სასჯელის გამო (სამოქალაქო კოდექსის 1070-ე მუხლი). სასამართლო უფლებამოსილია ზიანის მიმყენებელს დააკისროს მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება (ფიზიკური და მორალური ტანჯვისათვის). მორალური ზიანისათვის კომპენსაცია არ არის კავშირში მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან (სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 151 § 1 და 1099). კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ზიანის მიმყენებლის ბრალის სიმძიმითა და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებებით. სასამართლო ასევე ითვალისწინებს მსხვერპლის ინდივიდუალურ მახასიათებლებს ფიზიკური და მორალური ტანჯვის შეფასებისას (სამოქალაქო კოდექსის მუხლები 151 § 2 და 1101). მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალეულობისა, მორალური ზიანი ანაზღაურდება თუ ზიანი გამოწვეული იყო (1) სახიფათო დანადგარით; (2) უკანონო მსჯავრდების ან პასუხისგების ან აღმკვეთი ზომის უკანონო გამოყენების ან უკანონო ადმინისტრაციული სასჯელის შემთხვევაში; და (3) პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში (სამოქალაქო კოდექსის მუხლი 1100). სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში მომჩივან მხარეს ეკისრება მტკიცების ტვირთი, გარდა ფედერალური კანონით დადგენილი გამონაკლისებისა („სსკ“, მუხლი 56 § 1).
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენა
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის (კანონი N. 1-FKZ, დათარიღებული 1994 წლის 21 ივლისით) მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს თუ რამდენად შეესაბამება სასამართლო ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს მიერ სამართლებრივი დებულების განმარტება კონსტიტუციას, როდესაც მოსაზრება გამოხატულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში და უნდა მოხდეს მისი დაცვა სასამართლოებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მისი გამოტანის დღიდან (მუხლი 79 5)).
კ. კომუნიკაციის სერვისის პროვაიდერების ვალდებულებანი
პერსონალურ მონაცემთა და კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება კომუნიკაციების შესახებ კანონი ადგენს, რომ კომუნიკაციების სერვისის პროვაიდერები ვალდებულნი არიან დაიცვან კომუნიკაციის კონფიდენციალურობა. სატელეკომუნიკაციო ქსელითა თუ საფოსტო სერვისებით გადაცემული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია, ისევე როგროც კომუნიკაციის შინაარსი შეიძლება გაუმჟღავნდეს მხოლოდ გამგზავნს და ადრესატს ან მათ უფლებამოსილ წარმომადგენლებს, გარდა კანონით დადგენლი გამონაკლისებისა (კომუნიკაციების შესახებ კანონი, მუხლი 63(2) და (4)). ინფორმაცია აბონენტებისა და მათთვის მიწოდებული სერვისის შესახებ კონფიდენციალურია. აბონენტის შესახებ ინფორმაცია მოიცავს მის გვარს, სახელს, მამის სახელს და სამომხმარებლო სახელს ფიზიკური პირების შემთხვევაში; ხოლო იურიდიული პირისათვის კი კომპანიის სახელს, დირექიტორებისა და თანამშრომელთა სახელს, გვარსა და მამის სახელს; აბონენტების მისამართები, ნომრები და სხვა ინფორმაცია, რომელიც იძლევა მისი იდენტიფიკაციის საშუალებას ან მის სამომხმარებლო დანადგარს; მონაცემებს საგადახდო ბაზიდან, მათ შორის აბონენტის კომუნიკაცია, ტრაფიკი და გადახდები. ინფორმაცია აბონენტის შესახებ არ ექვემდებარება მესამე პირთათვის გამჟღავნებას აბონენტის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა (კომუნიკაციების შესახებ კანონი, მუხლი 53).
სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ვალდებულება კომუნიკაციების შესახებ კანონი კომუნიკაციების სერვისის პროვაიდერებს აკისრებს ვალდებულებას, ფედერალური კანონების შესაბამისად, სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია აბონენტისა და მის მიერ მიღებული მომსახურების შესახებ, ასევე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად (კომუნიკაციების შესახებ კანონი, მუხლი 64 (1)). 2008 წლის 31 მარტს, მოსკოვის საქალაქო საბჭომ განიხილა წინადადება კომუნიკაციების შესახებ კანონის 64(1) მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც სამართალდამცავ ორგანოებს მოეთხოვებოდათ სასამართლო ნებართვის წარდგენა სერვისის პროვაიდერებისათვის მომხმარების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვისას. „ფეესბეს“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მიყურადების ნებადამრთველი სასამართლო გადაწყვეტილება საიდუმლო ინფორმაცია გახლდათ და, შესაბამისად, ვერ აჩვენებდნენ მას კომუნიკაციის სერვისის პროვაიდერს. ცვლილების წარმოდგენა მოგვიანებით უარყოფილ იქნა. კომუნიკაციის სერვისის პროვაიდერი უზრუნველყოფს ქსელებისა და დანადგარების შესაბამისობას კომუნიკაციების სამინისტროს მიერ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით შემუშავებულ ტექნიკურ მოთხოვნებთან. კომუნიკაციების სერვისის პროვაიდერი ამასთანავე ვალდებულია უზრუნველყოს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენებული მეთოდები და ტაქტიკა კონფიდენციალური დარჩეს (კომუნიკაციების შესახებ კანონი, მუხლი 64 (2)). ფედერალურ კანონებში მითითებულ შემთხვევებში, კომუნიკაციის სერვისის პროვაიდერები ვალდებულნი არიან შეწყვიტონ აბონენტისათვის მომსახურების მიწოდება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ან ეროვნული უსაფრთხოების დამცავი სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელის მიერ არგუმენტირებული წერილობითი ბრძანების საფუძველზე (კომუნიკაციების შესახებ კანონი, მუხლი 64(3)). „ფეესბეს“ შესახებ კანონი ავალდებულებს კომუნიკაციების სერვისის პროვადერებს დაამონტაჟონ დანადგარები, რომელიც „ფეესბეს“ მისცემს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების საშუალებას (მუხლი 15).
კომუნიკაციების სერვისის პროვაიდერების მიერ დასამონტაჟებელი დანადგარის ტექნიკური მოთხოვნები ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკური საშუალებების სისტემის ძირითადი მახასიათებლები ((“Система технических средств для обеспечения функций оперативно-разыскных мероприятий” (‘СОРМ’),)(შემდგომში „სორმ“) განსაზღვრულია კომუნიკაციების სამინისტროს მიერ მიღებულ რიგ ბრძანებებსა და რეგულაციებში.
(ა) ბრძანება N. 70 ბრძანება N. 70 სატელეკომუნიკაციო ქსელების გამოყენებით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განსახორციელებელი ტექნიკური საშუალებების სისტემის ტექნიკური მოთხოვნების შესახებ, გამოცემული კომუნიკაციის სამინისტროს მიერ 1999 წლის 20 აპრილს ადგენს, რომ კომუნიკაციის სერვისის პროვაიდერების მიერ დამონტაჟებული დანადგარი უნდა აკმაყოფილებდეს ცალკეულ ტექნიკურ მოთხოვნებს, რომელიც აღწერილია ბრძანების დანართში. ბრძანება, დანართებითურთ, გამოქვეყნდა კომუნიკაციების სამინისტროს ოფიციალურ ჟურნალში „სვიაზინფორმ“ და გავრცელდა ხელმომწერებში. მასზე წვდომა შესაძლებელია კერძო ინტერნეტ სამართლებრივ მონაცემთა ბაზის საშუალებით, რომელმაც იგი „სვიაზინფორმი“დან გადმობეჭდა. დანართები N. 1 და 3 აღწერს „სორმ“ ტექნიკურ მოთხოვნებს მობილური სატელეფონო ქსელებისათვის. იგი ადგენს, რომ კომუნიკაციებზე მიყურადება ხორციელდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ დისტანციურად კონტროლირებადი ტერმინალით, რომელიც დაკავშირებულია მობილური ქსელის ოპერატის მიერ დამონტაჟებულ მოსასმენ დანადგართან. დანადგარს უნდა შეეძლოს, inter alia, (ა) შექმნას მისაყურადებელ სუბიექტთა მონაცემთა ბაზა, რომლის მართვაც განხორციელდება დისტანციურად მართვადი ტერმინალით; (ბ) კომუნიკაციებზე მიყურადება და მოპოვებულ მონაცემთა გადაცემა დისტრანციურად მართვადი ტერმინალისათვის; (გ) მონაცემთა დაცვა არაუფლებამოსილი წვდომისაგან, მათ შორის მობილური ქსელის ოპერატორის თანამშრომლების მხრიდან; (დ) წვდომა აბონენტთა მისამართის ბაზაზე (დანართი N. 1, პარაგრაფები 1.1 და 1.6). უფრო დეტალურად კი, დანადგარმა უნდა უზრუნველყოს (ა)მოსმენის ობიექტის ყველა შემომავალი და გამავალი ზარის მიყურადება; (ბ) წვდომა მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციაზე; (გ) მიყურადების შესაძლებლობა მიმდინარე კავშირისას, როდესაც ზარი ხორციელდება მობილურის სხვადასხვა ოპერატორებს შორის; (დ) მიყურადების შესაძლებლობა დამატებითი სერვისებით სარგებლობისას, მათ შორის ზარის გადამისამართება, ზარის გადართვა ან კონფერენც ზარი, და იმ ნომრების რეგისტრირება, რომელთანაც ხდება ზარის გადართვა; (ე) კომუნიკაციის მონაცემების შეგროვება ყველა ტიპის კომუნიკაციის შემთხვევაში, მათ შორის ფაქსი, მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) და სხვა; (ვ) წვდომა მოსმენის ობიექტისადმი გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაციაზე ( დანართი N. 1, პარაგრაფი 2.1.2.). არსებობს მიყურადების ორი ტიპი: „სრული მიყურადება“ და „სტატისტიკური მონიტორინგი“. სრული/ტოტალური მიყურადება წარმოადგენს რეალურად განხორციელებულ მიყურადებას მოსასმენი ობიექტის მიერ გაცემულ ან მიღებულ კომუნიკაციის მონაცემებზე და ყველა კომუნიკაციის შინაარსზე. სტატისტიკური მონიტორინგი წარმოადგენს მხოლოდ საკომუნიკაციო მონაცემების რეალურ მონიტორინგს, როდესაც არ ხდება კომუნიკაციის შინაარსის მიყურადება. კომუნიკაციის მონაცემებში იგულისხმება ნომერი, სადაც განხორციელდა ზარი, კავშირის დაწყება და დასტულება, გამოყენებული დამატებითი სერვისები, მოსმენის ობიექტის ადგილმდებარეობა და მისი კავშირის სტატუსი (დანართი N. 1, პარაგრაფები 2.2 და 2.4). დამონტაჟებულ დანადგარს უნდა შეეძლოს კომუნიკაციის მიყურადების დაწყება დისტანციურად მართვადი ტერმინალიდან ბრძანების მიღებიდან ოცდაათ წამში (დანართი N. 1, პარაგრაფი 2.5). ინფორმაცია მოსმენის ობიექტის შესახებ, ისევე როგორც დისტანციურად მართვადი ტერმინალისათვი გადაცემული მონაცემები არ იწერება ან აღინუსხება (დანართი N. 1, პარაგრაფი 5.4). დისტანციურად მართვადი ტერმინალი იღებს კოდურ სიტყვას მობილური ქსელის ოპერატორისაგან, რომელიც მას აძლევს „სორმ“-ზე სრულ წვდომას. დისტანციურად მართვადი ტერმინალი შემდეგ ცვლის კოდურ სიტყვას, რათა თავიდან იქნას აცილებული არაუფლებამოსილ პირთა მიერ „სორმ“-ზე წვდომა. დისტანციურად მართვადი ტერმინალიდან, „სორმ“-ს შესაძლოა მიეცეს ბრძანება, სხვა მრავალს შორის, რათა დაიწყოს აბონენტის მიყურადება, შეწყვიტოს ან შეაჩეროს მიყურადება, მიაყურადოს აბონენტის მიმდინარე კომუნიკაციას და წარმოადგინოს კონკრეტული ინფორმაცია აბონენტის შესახებ (დანართი N. 3, პარაგრაფი 3.1.2). დისტანციურად მართვადი ცენტრი იღებს შემდეგ ავტომატურ შეტყობინებებს მოსმენის ობიექტის შესახებ: მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) გაგზავნა ან მიღება მოსმენის ობიექტის მიერ, მათ შორის მისი შინაარსი; აკრეფილი ნომერი; დამყარებული კავშირი; დასრულებული კავშირი; დამატებითი სერვისების გამოყენება; ცვლილება ობიექტის სტატუსსა თუ ადგილმდებრეობაში (დანართი N. 3, პარაგრაფი 3.1.4).
(ბ) ბრძანება N. 130 ბრძანება N. 130 ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განსახორციელებელი ტექნიკური საშუალებების დამონტაჟების პროცედურის შესახებ, გამოცემული კომუნიკაციის სამინისტროს მიერ 2000 წლის 25 ივლისს ადგენს, რომ კომუნიკაციების სერვისის პროვაიდერები ვალდებულნი არიან დაამოტაჟონ დანადგარი, რომელიც აკმაყოფილებს N. 70 ბრძანებით დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებს. დამონტაჟების პროცედურა და განრიგი მოწმდება „ფეესბეს“ მიერ (პარაგრაფი 1.4). კომუნიკაციების სერვისის პროვაიდერები ვალდებულნი არიან მიიღონ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფარგლებში გამოყენებული მეთოდებისა და ტაქტიკის შესახებ ინფორამცია (პარაგრაფი 2.4). კომუნიკაციის სერვისის პროვაიდერები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ კომუნიკაციის მიყურადება თუ კომუნიკაციების მონაცემებზე წვდომის განხორციელება მხოლოდ სასამართლო ბრძანებულების ან „ოსაა-ს“ დადგენილი პროცედურით (პარაგრაფი 2.5). სავალდებულო არ არის კომუნიკაციების სერვისის პროვაიდერების ინფორმირება მათი აბონენტისათვის მიყურადების შესახებ. მათთვის არც მიყურადების ნებართვის გამცემი სასამართლო ბრძანებულების წარდგენა არის სავალდებულო (პარაგრაფი 2.6). მიყურადება ხორცციელდება „ფეესბე“-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების პერსონალითა და ტექნიკური საშუალებებით (პარაგრაფი 2.7). N. 130 ბრძანების 1.4 და 2.6 პარაგრაფები გაასაჩივრა ბ-ნმა N-მ უზენაეს სასამართლოში. ბ-ნი N. აცხადებდა, რომ 1.4 პარაგრაფში N. 70 ბრძანების მოხმობა უკანონო იყო, რადგან N. 70 ბრძანება არ გამოქვეყნებულა და ბათილი იყო. რაც შეეხება 2.6 პარაგრაფს, იგი არ შეესაბამება კომუნიკაციების შესახებ კანონს, რომელიც ადგენს, რომ კომუნიკაციის სერვისის პროვაიდერებს ეკისრებათ ვალდებულება უზრუნველყონ კომუნიკაციების კონფიდენციალურობა. 2000 წლის 25 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ N. 70 ბრძანების მოხმობა 1.4 პარაგრაფში კანონიერი იყო, რადგან N. 70 ბრძანება ტექნიკური ხასიათისა იყო და, შესაბამისად, არ ექვემდებარებოდა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომ ოფიციალურ გამოქვეყნებას. ამიტომაც, იგი გამოქვეყნდა მხოლოდ სპეციალიზებულ ჟურნალში. რაც შეეხება 2.6 პარაგრაფს, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ იგი უნდა განიმარტოს როგორც კომუნიკაციების სერვისის პროვაიდერების ვალდებულება უზრუნველყონ სამართალდამცავ ორგანოთა წვდომა აბონენტის შესახებ ინფორმაციაზე სასამართლო ნებართვის გარეშე. ამგვარი მოთხოვნა არღვევს კომუნიკაციების შესახებ კანონს. შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა 2.6 პარაგრაფის უკანონობა და გამოუყენებლობა. 2000 წლის 24 ოქტომბერს კომუნიკაციების სამინისტრომ შეცვალა N. 130 ბრძნანება და გააუქმა 2.6 პარაგრაფი. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო კონტროლის“ მიერ ინფორმაციის შესახებ მოთხოვნის პასუხად, კომუნიკაციების სამინისტრომ აღნიშნა, 2006 წლის 20 აგვისტოთი დათარიღებულ წერილში, N. 130 ბრძანების 2.6 პარაგრაფის გაუქმება არ გულისხმობდა, რომ კომუნიკაციების სერვისის პროვაიდერებს უნდა მიეღოთ ინფორმაცია აბონენტის მისამართით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების შესახებ ან რომ ვალდებულნი იყვნენ წარმოედგინათ მოსმენის მაავტორიზებელი სასამართლო გადაწვყეტილება. N. 130 ბრძანება გაუქმდა 2008 წლის 16 იანვარს (იხ. ქვემოთ პარაგრაფი 134).
(გ) ბრძანება N. 538 ბრძანება N. 538 კომუნიკაციების სერვისის პროვაიდერების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შესახებ, მიღებული მთავრობის მიერ 2005 წლის 27 აგვისტოს ადგენს, რომ კომუნიკაციების სერვისის პროვაიდერები ვალდებულნი არიან ჯეროვნად განაახლონ აბონენტის შესახებ ინფორმაციისა და მათთვის მიწოდებული სერვისების მონაცემთა ბაზა. ხსენებული ინფორმაცია ინახება სამი წლის განმავლობაში. სამართალდამცავ ორგანოებს დისტანციური წვდომა ხსენებულ მონაცემთა ბაზაზე უნდა ჰქონდეთ მუდმივად (პარაგრაფი 12). მონაცემთა ბაზა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას აბონენტის შესახებ: (ა) სახელი, გვარი, მამის სახელი, სახლის მისამართი, პასპორტის ნომერი - ფიზიკური პირებისათვის; (ბ) კომპანიის სახელი, მისამართი, იმ პირთა ჩამონათვალი, ვისაც აქვთ წვდომა აპარატებზე და მათი სახელი, გვარი, მამის სახელი, სახლის მისამართი და პასპორტის ნომერი - იურიდიული პირებისათვის; (გ) კავშირის, ტრეფიკისა და გადახდების შესახებ ინფორმაცია (პარაგრაფი 14).
(დ) ბრძანება N. 6 ბრძანება N. 6 ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობების წარმოებისათვის სატელეკომუნიკაციო ქსელების მოთხოვნების შესახებ, ნაწილი I, მიღებულ იქნა კომუნიკაციების სამინისტროს მიერ 2008 წლის 16 იანვარს. მან ჩაანაცვლა ბრძანება N. 130. ახალმა ბრძანებამ ძალაში დატოვა კომუნიკაციის სერვისის პროვაიდერებისადმი დადგენილი მოთხოვნა უზრუნველყონ შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მიერ დისტანციურად მართვადი ტერმინალისათვის შემდეგი ინფორმაციის გადაცემა (ა) აბონენტის ნომრები და საიდენტიფიკაციო კოდები; და (ბ) კომუნიკაციის შინაარსი. ინფორამციის გადაცემა უნდა მოხდეს დისტანციურად მართვადი ტერმინალიდან მოთხოვნის მიღების პარალელურად. კომუნიკაციის სერვისის პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს აბონენტის ადგილმდებარეობის დადგენა (პარაგრაფები 2, 3 და 5). დისტრანციურად მართვად ტერმინალს უნდა ჰქონდეს წვდომა აბონენტების შესახებ ინფორმაციის მომცველ მონაცემთა ბაზაზე, მათ შორის მათ ნომრებსა და საიდენტიფიკაციო კოდებზე (პარაგრაფები 7 და 8). კომუნიკაციის სერვისის პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მიყურადების ობიექტმა არ იცოდეს მისთვის მიყურადების შესახებ. ინფორმაცია მიმდინარე ან წარსული მიყურადების შესახებ კომუნიკაციის სერვისის პროვადერების თანამშრომლებისაგან დაცული უნდა იყოს არაუფლებამოსილი წვდომის თავიდან ასაცილებლად (პარაგრაფი 9).
(ე) ბრძანება N. 73 ბრძანება N. 73 ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას ტელეკომუნიკაციების ქსელის მოთხოვნების შესახებ, ნაწილი II, მიღებული კომუნიკაციების მინისტრის მიერ 2010 წლის 27 მაისს, განავრცობს ბრძანება N. 6-ში მოცემულ ცალკეულ ვალდებულებებს. კერძოდ, იგი ადგენს, რომ კომუნიკაციის სერვისის პროვაიდერის მიერ დამონტაჟებული დანადგარი უნდა უზრუნველყოფდეს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების წვდომას სატელეკომუნიკაციო ქსელებით გადაცემულ ყველა მონაცემზე და ადგენს, რომ უნდა შეეძლოს მონაცემთა შერჩევა და შერჩეული მონაცემების გადაცემა საკონტროლო ტერმინალისათვის (პარაგრაფი 2).
შესაბამისი საერთაშორისო და ევროპული ინსტრუმენტები
ა. გაერო გენერალური ასამბლეის მიერ 2013 წლის 18 დეკემბერს მიღებული რეზოლუცია N.68/167 „ციფრულ ერაში პირადი ცხოვრების უფლების შესახებ“ აღნიშნავს შემდეგს:
„გენერალური ასამბლეა,
...მოუწოდებს სახელმწიფოებს:
...
(გ) განიხილონ კომუნიკაციებზე კონტროლის, მიყურადების და პერსონალურ მონაცემთა მოპოვების პროცედურები, პრაქტიკა და კანონმდებლობა, მათ შორის მასიური კონტროლი, მოსმენა და მოპოვება, რათა უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დადგენილი პირადი ცხოვრების უფლების დაცვა ყველა ნაკისრი ვალდებულების სრული და ეფექტიანი იმპლემენტაციის გზით;
(დ) განსაზღვრონ ან შეინარჩუნონ არსებული დამოუკიდებელი, ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი ზედამხედველობის მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს მხრიდან კომუნიკაციების კონტროლის, მიუყურადებისა და პერსონალურ მონაცემთა მოპოვების შესაბამისობისა და პასუხისმგებლობის გამჭვირვალეობას...“
ბ. ევროპის საბჭო 1981 წილს 28 იანვრის კონვენცია პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ (CETS No. 108, შემდგომშ “კონვენცია N. 108”) ადგენს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავების სფეროში მონაცემთა დაცვის სტანდარტებს. კონვენცია აღნიშნავს შემდეგს:
„მუხლი 8 - დამატებითი გარანტიები მონაცემთა სუბიექტისათვის
ნებისმიერ პირს უნდა შეეძლოს:
ა) მონაცემთა ავტომატიზირებული ფაილის არსებობის ფაქტის დადგენა, რომელიც შეიცავს ინფორამციას ფაილის, მისი ძირითადი მიზნების, ასევე მოცემული ფაილის ადმინისტრატორის პიროვნების, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ან ძირითადი სამუშაო ადგილის შესახებ;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული პერიოდულობითა და გადაჭარბებული დაგვიანებისა თუ დანახარჯების გარეშე, მონაცემთა ავტომატიზირებულ ფაილში ამასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების არსებობის ფაქტის დადასტურება, ასეთ მონაცემთა მიწოდება მისაღები ფორმით;
გ) საჭიროების შემთხვევაში, შეეძლოს მოითხოვოს ამ მონაცემთა გასწორება ან წაშლა თუ მათი დამუშავება მოხდა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მოცემული კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლებში გაწერილ ძირითად პრინციპებს;
დ) საკუთარი უფლებების სარგებლობის მიზნით, მიიღოს ზომები საკუთარ განაცხადზე პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, რომელიც ავტომატიზირებულ ფაილში პერსონალური მონაცემების არსებობის ფაქტის დადასტურებას შეეხება, თუ მონაცემთა მიწოდება, შეცვლა ან წაშლა განხორციელდა მოცემული მუხლის „ბ“ და „გ“ ფუნქცების მოთხოვნათა დარღვევით.
მუხლი 9 - გამონაკლისები და შეზღუდვები
დაუშვებელია ყოველგვარი გამონაკლისი წინამდებარე კონვენციის მე-5, მე-6 და მე-8 მუხლებიდან, გარდა მოცემულ მუხლში განსაზღვრული ფარგლებისა.
ამ კონვენციის მე-5, მე-6 და მე-8 მუხლებიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარ გადახვევას ითვალისწინებს ხელშეკრულების მხარის კანონმდებლობა და წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელ ღონისძიებას, რომელიც მიიღება:
ა) სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფოს მონეტარული ინტერესების ან სისხლისსმართლებრივ დანაშაულობებთან ბრძოლის ინტერესების დაცვის მიზნით;
ბ) ინფორმაციის ობიექტებისა და სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით.
მუხლი 10 - სანქციები და გარანტიები
ყოველი მხარე იღებს ვალდებულებას დააწესოს შესაბამისი სანქციები და გარანტიები ადგილობრივი კანონმდებლობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად, რომელიც შეეხება ამ თავში მოცემული მონაცემების დაცვის ძირითად პრინციპებს.“ რუსეთმა კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 2013 წლის 15 მაისს და მისთვის იგი ძალაში შევიდა 2013 წლის 1 სექტემბერს. სარატიფიკაციო ინსტრუმენტი, რომლის დეპონირებაც რუსეთმა 2013 წლის 15 მაისს განახორციელა შეიცავს შემდეგ დეკლარაციას:
„რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ კონვენციის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის (ა) პუნქტის შესაბამისად, იგი არ გამოიყენებს კონვენციას შემდგომ პერსონალურ მონაცემებზე:
...
(ბ) წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის მიხედვით.
რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ კონვენციის მე-3 მუხლის მე-2 პარაგრაფის (გ) პუნქტის შესაბამისად იგი გამოიყენებს კონვენციას იმ პერსონალურ მონაცემებზე, რომლის დამუშავებაც არ ხდება ავტომატურად, თუკი კონვენციის გამოყენება შეესაბამება პერსონალურ მონაცემებზე განხორციელებულ ქმედებებს ავტომატური საშუალებების გამოყენების გარეშე.
რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ კონვენციის მე-9 მუხლის მე-2 პარაგრაფის (ა) პუნქტის შესაბამისად, იგი ინარჩუნებს უფლებას შეზღუდოს მონაცემთა სუბიექტის უფლება მის შესახებ არსებულ ინფორმაციაზე წვდომაზე სახელმწოფო უსაფრთხოებისა და საჯარო წესრიგის მიზნებისათვის.“ 2001 წლის 8 ნოემბრის დამატებით ოქმს პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ, ზედამხედველობით ორგანოებთან და მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადინებასთან დაკავშირებით (CETS No. 181), რუსეთმა ხელი მოაწერა, მაგრამ არ მოუხდენია მისი რატიფიცირება. ოქმი აღნიშნავს შემდეგს:
მუხლი 1 - ზედამხედველობითი ორგანოებიყოველი მხარე გამოყოფს ერთ ან რამდენიმე ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება დაიცვას ყველა შიდასაკანონმდებლო მოთხოვნა, რომელიც აკანონებს კონვენციის მე-2 და მე-3 თავებსა და წინამდებარე ოქმში მოცემულ პრინციპებს.ა. ამ მიზნისათვის, აღნიშნულ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ გამოძიებისა და ინტერვენციის უფლებამოსილება, ისევე როგორც სამართლებრივ სამართალქწარმოებაში ჩართვისა და შიდასაკანონმდელო დებულებების დარღვევის ფაქტზე იმ კომპეტენტური სასამართლო ორგანოების ყურადღების გამახვილების უფლებამოსილება, რომლებსაც მოქმედებაში მოყავს ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი პარაგრაფში მოხმობილი პრინციპები.
ბ. ყველა ზედამხედველობითი ორგანო ვალდებულია განიხილოს ნებისმიერი პირის მიერ შეტანილი საჩივარი, რომელიც ეხება მისი პერსონალურ მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას.ზედამხედველობითი ორგანოები სრულიად დამოუკიდებლად განახორციელებენ საკუთარ ფუნქციებს.ზედამხედველობითი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში...“
„პოლიციის სფეროში პერსონალური მონაცემების გამოყენების რეგულირების შესახებ“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1987 წლის 17 სექტემბრის № R(87)15 რეკომენდაცია აღნიშნავს შემდეგს:
„1.1 ყოველ წევრ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანო პოლიციის სფეროს მიღმა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება რეკომენდაციაში მოცემული პრინციპების პატივისცემის უზრუნველყოფაზე...
2.1 პოლიციის მიზნებისათვის პერსონალური მონაცმების შეგროვება უნდა შემოიფარგლოს კონკრეტული დანაშაულის რეალურის საფრთხის თავიდან აცილების ან მისი ჩახშობის აუცილებლობით. ხსენებული დებულებიდან ნებისმიერი გამონაკლისი ექვემდებარება კონკრეტულ ეროვნულ კანონმდებლობას.
2.2 ინდივიდის ცოდნის გარეშე მის შესახებ მონაცემების შეგროვებისა და შენახვის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება მონაცემების წაშლა, აუცილებელია მას შეატყობინონ ინფორმაციის არსებობა რაც შეიძლება მალე მას შემდეგ, რაც პოლიციის საქმიანობა აღარ დადგება საფრთხის ქვეშ...
3.1 შესაძლებლობის ფარგლებში პოლიციის მიზნებისათვის მონაცემთა შენახვა უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად შეზღუდულად და უნდა იყოს ზუსტი და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია პოლიციის ორგანოებისათვის კანონიერი საქმიანობის განსახორციელებლად ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე ვალდებულებების შესაბამისად...
5.2.i. სხვა საჯარო დაწესებულებებისათვის მონაცემების გადაცემა დაიშვება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში:
ა) თუ არსებობს აშკარა ვალდებულება ან ავტორიზაცია ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს ავტორიზაციის საფუძველზე, ან თუ
ბ) მოცემული მონაცემები მნიშვნელოვანია მიმღებისათვის, რათა მან შეძლოს მისი კანონით განსაზღვრული ვალადებულების შესრულება, იმ პირობით რომ მიმღების მიერ შეგროვებისა თუ დამუშავების მიზანი შეესაბამება თავდაპირველ დამუშავებასა და რომ მიმწოდებელი ორგანოს სამართლებრივი ვალდებულებანი არ ეწინააღმდეგება მას.
5.2.ii. ამასთანავე, სხვა საჯარო ორგანოებისათვის მონაცემების მიწოდება გამონაკლისის სახით დაიშვება თუ:
ა) მიწოდება უდავოდ ხვდება მონაცემის ობიექტის ინტერესებში და ან მონაცემების ობიექტი არის თანახმა გადაცემაზე, ან გარემოებები იძლევა აშკარა ვარაუდის საფუძველს, რომ იგი დაეთანხმებოდა გადაცემას, ან თუ
ბ) კომუნიკაცია აუცილებელია სერიოზული და გარდაუვალი საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
5.3.i. კერძო პირების მონაცემების გადაცემა დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუკი კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს აშკარა სამართლებრივი ვალდებულება ან ავტორიზაცია ან თუკი ხორციელდება ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს ავტორიზაციით...
6.4 [მონაცემთა ობიექტის] მიერ წვდომის, ცვლილების და წაშლის უფლებით სარგებლობა უნდა შეიზღუდოს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც შეზღუდვა განუყოფელია პოლიციის სამართლებრივი საქმინობიდან ან აუცილებელია მონაცემთა ობიექტის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად...
6.5 ხსენებულ უფლებებზე უარი ან მათი შეზღუდვა წერილობით უნდა იქნას არგუმენტირებული. მიზეზების შეტყობინებაზე უარი დაიშვება მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია პოლიციის კანონით განსაზღვრული საქმიანობისათვის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე.
6.6. როდესაც ხდება წვდომაზე უარის გაცხადება, მონაცემთა ობიექტს უნდა შეეძლოს გაასაჩივროს ზედამხედველობის ორგანოში ან სხვა დამოუკიდებელ ორგანოში, რომელიც განიხილავს თუ რამდენად სათანადოდ არგუმენტირებულია უარი.
7.1 აუცილებელია პოლიციის მიზნებისათვის შენახული პერსონალური მონაცემები წასაშლელად სათანადო ზომების მიღება მას შემდეგ, რაც აღარ იარსებებს ის მიზანი, რომლის გამოც მოხდა მათი შენახვა.
ამ მიზნით, განსაკუთრებითი ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ კრიტერიუმებს: მონაცემთა შენახვის საჭიროება კონკრეტული საქმის ძიების დასკვნის გათვალისწინებით; საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება, განსაკუთრებით გამამართლებელი; რეაბილიტაცია; მოხდილი მსჯავრდება; ამნისტია; მონაცემთა ობიექტის ასაკი, მონაცემთა გარკვეული კატეგორია.
7.2 პერსონალური მონაცემების სხვადასხვა კატეგორიების შენახვის პერიოდის მარეგულირებელი და განმსაზღვრელი წესები, ისევე როგორც შენახვის ხარისხის რეგულარული შემოწმება უნდა განისაზღვროს ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით ან ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით.
8. პასუხისმგებელმა ორგანომ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა რათა უზრუნველყოს მონაცემთა შესაბამისი ფიზიკური და ლოჯისტიკური უსაფრთხოება და მათი დაცვა არაუფლებამოსილი წვდომის, გადაცემის ან ცვლილებისაგან. ფაილების განსხვავებული მახასიათებლები და შინაარსი, ამ მიზნით, უნდა იქნას გათვალისწინებული.“ ტელეკომუნიკაციების სერვისების სფეროში პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია სატელეფონო სერვისებზე აქცენტით, მიღებული 1995 წლის 7 თებერვალს (N. R(95) 4), აღნიშნავს შემდეგს:
„2.4 საჯარო ორგანოების ჩარევა კომუნიაციის შინაარსში, მათ შორის მისი მიყურადება ან დანადგარებზე მოსასმენი აპარატურის მიერთება ან თვალთვალის სხვა ფორმები ან კომუნიკაციების მიყურადება, უნდა განხორციელდეს მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში და წარმოადგენდეს აუცილებელ ზომას დემოკრატიულ საზოგადოებაში შემდეგი ინტერესების დასაცავად:
ა. სახელმწიფო უშიშროების, საჯარო უსაფრთხოების, სახელმწიფოს მონეტარული ინტერესების დაცვა ან დანაშაულის აღკვეთა;
ბ. მონაცემთა ობიექტის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.
2.5 საჯარო ორგანოების მხრიდან კომუნიკაციის შინაარსში ჩარევის შემთხვევაში ეროვნული კანონმდებლობა უნდა არეგულირებდეს შემდეგს:
ა. მონაცემთა ობიექტის უფლებებზე წვდომა და მათი შესწორება;
ბ. რა გარემოებებში არიან პასუხისმგებელი საჯარო დაწესებულნი უფლებამოსილნი უარი განუცხადონ შესაბამის პირს ინფორმაციის მიწოდებაზე ან გააჭიანურონ მისი მიწოდება;
გ. მონაცემთა შენახვა ან განადგურება.
თუ ქსელის ოპერატორი ან სერვისის პროვაიდერი მიიღებს ინსტრუქტაჟს სახელმწიფო ორგანოსაგან ჩარევის განხორციელების შესახებ, შედეგად მოპოვებული მონაცემები უნდა გადაეცეს მხოლოდ იმ ორგანოს, რომელიც წარმოადგენს ჩარევაზე უფლებამოსილ დაწესებულებას ...“
გ. ევროპის კავშირი საბჭოს 1995 წლის 17 იანვრის რეზოლუცია ტელეკომუნიკაციების კანონიერი მიყურადების შესახებ (96/C 329/01) განსაზღვრავს შემდეგს:
„მოცემული ნაწილი ასახავს სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნებს და ვრცელდება ტელეკომუნიკაციების კანონიერ მიყურადებაზე. წარმოდგენილი მოთხოვნები ექვემდებარება ეროვნულ კანონმდებლობას და უნდა განიმარტოს შესაბამისი ეროვნული პოლიტიკის მიხედვით ...
1.3 სამართალდამცავი ორგანოებს ევალებათ მოსმენის ობიექტის მიერ მიღებული და გაგზავნილი ტელეკომუნიკაციები მოსმენა მხოლოდ იმ მასშტაბითა და ოდენობით, რაც დადგენილია მიყურადების ნებართვაში...
2. სამართალდამცავი ორგანოები სატელეკომუნიკაციო მიყურადებას უნდა ახორციელებდნენ რეალურ დროში, სრული მონიტორინგის შესაძლებლობით. ზართან დაკავშირებული მონაცემებიც რეალურ დროში უნდა იყოს წარმოდგენილი. თუკი ზართან დაკავშირებული მონცემები ვერ იქნება წარმოდგენილი რეალურ დროში, სამართალდამცავი ორგანოები ითხოვენ მონაცემთა მიღებას ზარის დასრულებიდან უმოკლეს ვადაში.
3. სამართალდამცავი ორგანოები ქსელის ოპერატორებს/სერვისის პროვაიდერებს თხოვენ ერთ ან რამდენიმე ჩართვას, საიდანაც მიყურადებული კომუნიკაცია შესაძლოა გადაეცეს სამართალდამცავი ორგანოების მონიტორინგის განმახორციელებელ დანადგარს. ხსენებული ჩარევები უნდა იყოს შეთანხმებული მიყურადების განმახორციელებელ ორგანოებთან და ქსელის ოპერატორებთან/სერვისის პროვაიდერებთან. ჩარევებთან დაკავშირებული სხვა საკითხები განიხილება ინდივიდუალური ქვეყნების მიღებული პრაქტიკის მიხედვით...
5. სამართალდამცავი ორგანოები საჭიროებენ მიყურადების დაგეგმვასა და განხორციელებას იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული ინფორმაციის არაავტორიზებული ან არაჯეროვანი გამოყენება და დაცულ იქნას მიყურადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია...
5.2 სამართალდამცავი ორგანოები ქსელის ოპერატორებს/სერვისის პროვაიდერებს თხოვენ უზრუნველყონ მიყურადებული კომუნიკაციის გადაცემა მხოლოდ მონიტორინგის განმახორციელებელი იმ ორგანოსათვის, რომელიც კონკრეტულად არის მითითებული მიყურადების ავტორიზაციაში...“
ზემორე მოთხოვნები დამტკიცდა და განივრცო საბჭოს 2001 წლის 20 ივნისის N. 9194/01 რეზოლუციაში საჯარო ტელეკომუნიკაციების ქსელებისა და სერვისების სამართალდამცავი ოპერატიული საჭიროების შესახებ. ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს („ეკმს“) მიერ 2014 წლის 8 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება საქმეებში Digital Rights Ireland და Seitinger and Others ბათილად აცხადებს „მონაცემთა შენახვის დირექტივას“ 2006/24/EC, რომელიც საჯაროდ არსებული ელექტრონული კომუნიკაციის სერვისებისა თუ საჯარო კომუნიკაციების ქსელების პროვაიდერებს უწესებდა ვალდებულებას შეენახათ მთელი ტრეფიკი და მონაცემთა ადგილომდებარეობა ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით, რათა უზრუნველეყოთ მონაცემთა ხელმისაწვდომობა სერიოზული დანაშაულის გამოძიების, დადგენისა და ბრალადების მიზნებისათვის, წევრი სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული განმარტების შესაბამისად. „ეკმს“ აღნიშნა, რომ მართალია დირექტივა არ იძლეოდა კომუნიკაციის შინაარსის შენახვის უფლებას, მაგრამ მის მიერ მოცული ტრეფიკი და ადგილმდებარეობის მონაცემები იძლეოდა უკიდურესად ნათელი დასკვნების გამოტანის საშუალებას იმ პირთა პირადი ცხოვრების შესახებ, რომელთა მონაცემთა შენახვაც ხორციელდებოდა. შესაბამისად, მონაცემების შენახვის ვალდებულება თავისთავად წარმოადგენდა ჩარევას პირის პირადი ცხოვრებისა და კომუნიკაციის პატივისცემაში, რომელსაც იცავს ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიის მე-7 მუხლი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებას, დაცული ქარტიის მე-8 მუხლით. ამასთანავე კომპეტენტური ეროვნული ხელისუფლების წვდომა მონაცემებზე წარმოადგენდა დამატებით ჩარევას ფუნდამენტურ უფლებებში. „ეკმს“-მ ასევე დაადგინა, რომ ჩარევა განსაკუთრებით სერიოზული ხასიათისა გახლდათ. ის ფაქტი, რომ ხდებოდა მონაცემების შენახვა და შემდგომი გამოყენება აბონენტის ან რეგისტრირებული მომხმარებლის ცოდნის გარეშე, დიდი ალბათობით გამოიწვევდა ადამიანებში გრძნობას, რომ მათი პირადი ცხოვრება მუდმივი დაკვირვების საგანს წარმოადგენდა. ჩარევა აკმაყოფილებდა საზოგადოებრივი ინტერესის მიზანს, კერძოდ კი ხელს უწყობდა სერიოზულ დანაშაულთან და ტერორიზმთან ბრძოლას, შესაბამისად, საზოგადო უსაფრთხოებას. თუმცა, იგი არ აკმაყოფილებდა პროპორციულობის მოთხოვნას. პირველი, დირექტივა ზოგადად ვრცელდებოდა ყველა ადამიანზე და ელექტრონული კომუნიკაციის, ისევე როგორც ტრეფიკის ყველა მონაცემზე რაიმე განსხვავების, შეზღუდვისა თუ გამონაკლისის გარეშე, ხორციელდებოდა რა სერიოზული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. შესაბამისად, იგი იწვევდა თითქმის მთელი ევროპული მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებში ჩარევას. იგი ვრცელდებოდა იმ პირებზეც კი, რომელთა მიმართაც არ არსებობდა სერიოზულ დანაშაულთან თუნდაც არაპირდაპირი ან შორეული კავშირი. მეორე, დირექტივა არ შეიცავდა მონაცემებსა და მათ შემდგომ გამოყენებაზე კომპეტენტური ეროვნული ორგანოების მიერ წვდომასთან დაკავშირებულ არსებით და პროცედურულ პირობებს. მარტივად, მოიხმობდა რა, ზოგადად, სერიოზულ დანაშაულს, რომელიც განიმარტება ყოველი წევრი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით, დირექტივა არ აყალიბებდა არანაირ ობიექტურ კრიტერიუმს რომელიც განსაზღვრავდა თუ რომელი დანაშაული უნდა ყოფილიყო მიჩნეული საკმარისად სერიოზულად იმისათვის, რომ გაემართლებინა ამგვარი ფართო ჩარევა ქარტიის მე-7 და მე-8 მუხლებით დაცულ ფუნდამენტურ უფლებებში. რაც მთავარია, კომპეტენტური ეროვნული ორგანოების წვდომა შენახულ მონაცემებზე არ იყო დამოკიდებული სასამართლოს ან დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წინასწარ თანხმობაზე, რადგან ამ უკანასკნელთა გადაწყვეტილებანი შეზღუდავდა მონაცემებზე წვდომას და მათ გამოყენებას დასახული მიზნის მისაღწევად უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. მესამე, დირექტივა მოითხოვდა ყველა მონაცემის შენახვას მინიმუმ ექვსი თვით, მონაცემთა კატეგორიების განსხვავების გარეშე და დასახული მიზნისათვის, კონკრეტულ პირთა და მათი შესაძლო სარგებლიანობის გაუთვალისწინებლად. „ეკმს“ დაასკვნა, რომ დირექტივა იწვევდა ფართო და განსაკუთრებით სერიოზულ ჩარევას ქარტიის მე-7 და მე-8 მუხლებით დაცულ ფუნდამენტურ უფლებებში, რაც ხორციელდებოდა ჩარევის კონკრეტული შემზღუდველი დებულებების გარეშე, რაც ვერ უზრუნველყოფდა მათ შეზღუდვას მკაცრი აუცილებლობით. „ეკმს“-მ ასევე აღნიშნა, რომ დირექტივა არ განსაზღვრავდა საკმარის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რათა უზრუნველეყო შენახული მონაცემების ეფექტური დაცვა არაჯეროვანი გამოყენების საფრთხისაგან, უკანონო წვდომისა და ხსენებული მონაცემების გამოყენებისაგან.
სამართალიკონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
მომჩივანი აცხადებდა, რომ რუსეთში არსებული მობილური ტელეფონების კომუნიკაციის საიდუმლო მიყურადება არ აკმაყოფილებს კონვენციის მე-8 მუხლს, რომელიც ადგენს შემდეგს:
„1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.“
ა. დასაშვებობა მთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივანი არ იყო პისი პირადი ცხოვრების ან მიმოწერის სავარაუდო დარღვევის მსხვერპლი (იხ. პარაგრაფები 152 და 157 ქვემოთ). ასევე, მას არ ჰქონდა ამოწურული სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებანი (იხ. პარაგრაფები 219 და 226 ქვემოთ). სასამართლო მიიჩნევს, რომ მთავრობის პრეტენზიები იმდენად მჭიდრო კავშირშია მომჩივნის მიერ წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნებთან, რომ აუცილებელია მათი გაერთიანება საქმის არსებით განხილვასთან. სასამართლო ამასთანავე აღნიშნავს, რომ წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნა არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35 § 3 (ა) მუხლის მნიშვნელობით. ასევე, იგი არ არის დაუშვებელი რაიმე სხვა მიზეზით. შესაბამისად, იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.
ბ. არსებითი მხარემომჩივნის მსხვერპლის სტატუსი და „ჩარევის“ არსებობა
(ა) მხარეთა არგუმენტები
(i) მთავრობა მთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივანი ვერ ისარგებლებდა მსხვერპლის სტატუსით კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევის შემთხვევაში და რომ ადგილი არ ჰქონია მის უფლებებში ჩარევას. მომჩივანი არ აცხადებდა, რომ ადგილი ჰქონდა მისი კომუნიკაციის მიყურადებას. ეროვნული სასამართლოებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე იგი აცხადებდა, რომ კომუნიკაციების სერვისების პროვაიდერებმა დაამონტაჟეს სპეციალური დანადგარი, რომელიც შესაბამის ორგანოებს აძლევდა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების საშუალებას. მთავრობის აზრით საქმე Orange Slovensko, A. S. v. Slovakia ((dec.), no. 43983/02, 24 ოქტომბერი 2006) ადასტურებდა, რომ მოსმენის დანადგარის დამონტაჟება ან თუნდაც მისი დაფინანსება კერძო კომპანიების მიერ თავისთავად არ ეწინააღმდეგებოდა კონვენციას. მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ 34-ე მუხლი არ გამოიყენება action popularis საჩივრის წარმოსადგენად; და ის ფაქტი, რომ კანონი ეწინააღმდეგება კონვენციას ვერც in abstracto საჩივრის საფუძვლად გამოდგება ( მოხმობილ იქნა საქმე Aalmoes and 112 Others v. the Netherlands (dec.), no. 16269/02, 25 ნოემბერი 2004). მთავრობა აცხადებდა, რომ საქმეებში Klass and Others v. Germany (6 სექტემბერი 1978, § 34, Series A no. 28) და Malone v. the United Kingdom (2 აგვისტო 1984, § 64, Series A no. 82) მსხვერპლის სტატუსისადმი განსაზღვრული მიდგომა - რომლის მიხედვითაც, ინდივიდი, რიგ გარემოებებში, შესაძლოა მიჩნეულ იქნას მსხვერპლად კანონით ნებადართული საიდუმლო ზომების უბრალოდ არსებობის ან საიდუმლო ზომების დაშვების გამოც კი, იმის მტკიცების გარეშე, რომ ზომა რეალურად ეხებოდა მას - შესაძლოა იმდენად ფართოდ იქნას განმარტებული, რომ მოიცვას ნებისმიერ პირი მოპასუხე სახელმწიფოში, რომელიც შიშობს, რომ უშიშროების სამსახური შესაძლოა მის შესახებ აგროვებდეს ინფორმაციას (მოხმობილ იქნა შემდეგი საქმეები Esbester v. the United Kingdom, no. 18601/91, კომისიის 2 აპრილის გადაწყვეტილება, 1993; Redgrave v. the United Kingdom, no. 20271/92, კომისიის 1 სექტემბრის გადაწყევეტილება, 1993; Matthews v. the United Kingdom, no. 28576/95, კომისიის 16 ოქტომბის გადაწყვეტილება, 1996; Halford v. the United Kingdom, 25 ივნისი 1997, § 17, Reports of Judgments and Decisions 1997‑III; Weber and Saravia v. Germany (dec.), no. 54934/00, §§ 4-6 and 78, ECHR 2006-XI; და Kennedy v. the United Kingdom, no. 26839/05, §§ 122 და 123, 18 მაისი 2010). მთავრობა აცხადებდა, რომ „გონივრული ალბათობის“ წესიდან გამონაკლისები დაიშვებოდა მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას. ინდივიდს შეეძლო ემტკიცებინა ჩარევის არსებობა, რომელიც გამომდინარეობდა განსაკუთრებულ გარემოებებში საიდუმლო თვალთვალის ზომების ნებადამრთავი კანონმდებლობის არსებობით, რა დროსაც გასათვალისწინებელია ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების არსებობა და საიდუმლო თვალთვალის ზომების მის მიმართ გამოყენების ალბათობა (მოიხმეს ზემორეციტირებული საქმე Kennedy, § 124). პირველი, არ არსებობდა არანაირი „გონივრული ალბათობა“ ან რაიმეგვარი საფრთხე იმისა, რომ მომჩივანი დაექვემდებარებოდა სათვალთვალო ზომებს იმის გამო, რომ იგი არ იყო არანაირი დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი. ის ფაქტი, რომ იგი გახლდათ საგამომცემლო კომპანიის რედაქტორი ვერ განიხილება მიყურადების საფუძვლად რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით. მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივნის სატელეფონო საუბრებზე მიყურადება არ მომხდარა. არც მომჩივანს წარმოუდგენია საპირისპიროს მტკიცებულება. მის მიერ ეროვნულ დონეზე წარმოდგენილი დოკუმენტები ეხებოდა მესამე პირებს და არ წარმოადგენდა მისი ტელეფონის მოსმენის მტკიცებულებას. მეორე, ეროვნულ დონეზე არსებობდა სამართებრივი დაცვის საშუალებანი, როგორც რუსეთის კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების, ისე ნებისმიერი კონკრეტული გამოყენებული თვალთვალის ზომასთან მიმართებაში. მას შეეძო მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის და მოეთხოვა „კოსს“ კონსტიტუციურობის შეფასება. ასევე, შესაძლებელი იყო საჩივრის შეტანა უზენაეს სასამართლოში, რაც წარმატებით გააკეთა კიდეც ბ-ნმა N.-მა, რომელის საჩივრის შედეგადაც დადგინდა კომუნიკაციების სამინისტროს N. 130 ბრძანების უკანონობა (იხ. პარაგრაფი 128 ზემოთ). რაც შეეხება N. 70 ბრძანებას, მომჩივნის არგუმენტის მიუხედავად, იგი ჯეროვნად გამოქვეყნდა, იხ, პარაგრაფი 181 ქვემოთ) და შესაბამისად, შეიძლებოდა მისი სასამართლოში გასაჩივრება. პირი, რომლის კომუნიკაციის მიყურადებაც ხდება უკანონოდ, წინასწარი სასამართლო ნებართვის გარეშე, ასევე უფლებამოსილია მიმართოს სამოქალაქო სასამართლოს. მთავრობამ მოიხმო უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება, რომელშიც დადგენილია, რომ ვიდეო კამერის დამონტაჟება მომჩივნის ოფისში და მისი ოფისის ტელეფონის მიყურადება უკანონო იყო, რადგან ხსენებული თვალთვალი განხორციელდა წინასარი სასამართლო ავტორიზაციის გარეშე (იხ. აგრეთვე პარაგრაფები 219 და 224 ქვემოთ). დაბოლოს, რუსეთის კანონმდებლობა ადგენდა კომუნიკაციების მიყურადებაზე დამოუკიდებელი ორგანოს, პროკურატურის მიერ ზედამხედველობას. მთავრობამ დაასკვნა, რომ ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, წინამდებარე საქმე განსხვავდებოდა საქმიდან Association for European Integration and Human Rights and Ekimdzhiev v. Bulgaria (no. 62540/00, 28 ივნისი 2007), სადაც სასამართლომ უარი თქვა „გონივრული ალბათობის“ ტესტის გამოყენებაზე, ბულგარეთში უკანონო მიყურადების წინააღმდეგ დაცვის მექანიზმების არარსებობის გამო. იმის გამო, რომ რუსეთის კანონმდებლობა ადგენს ადექვატურ და საკმარის გარანტიებს კომუნიკაციების მიყურადების სფეროში დარღვევის წინააღმდეგ, მათ შორის არსებული სამართებრივი დაცვის საშუალებების გათვალისწინებით, მთავრობის მოსაზრებით, მომჩივანი ვერ იდავებდა ჩარევაზე საიდუმლო ზედამხედველობის კანონმდებლობის უბრალოდ არსებობის გამო. მისი სატელეფონო კომუნიკაციის მოსმენის „გონივრული ალბათობის“ არარსებობისას, მომჩივანი ვერ იდავებს, რომ არის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის მსხვერპლი.
(ii) მომჩივანი მომჩივანმა აღნიშნა, რომ მას შეეძლო კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის მსხვერპლის სტატუსის მოთხოვნა მხოლოდ იმ კანონის არსებობის გამო, რომელიც უშვებდა სახელმწიფოს მიერ კომუნიკაციების ფარულად მიყურადების სისტემას და რომ არ იყო სავალდებულო დაემტკიცებნა უშუალოდ მის მიმართ საიდუმლო ზომების გამოყენება. ამგვარი კანონმდებლობის არსებობა იწვევდა თვალთვალის შიშს სატელეფონო კომუნიკაციების მომხმარებლებს შორის და, შესაბამისად, უტოლდებოდა მე-8 მუხლით დაცული უფლებების ჩარევას. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომჩივანი დაეფუძნა საქმეებს Klass and Others (ციტირებული ზემოთ, §§ 34 და 37), Association for European Integration and Human Rights and Ekimdzhiev (ციტირებული ზემოთ, § 58) და Kennedy (ციტირებული ზემოთ, § 123). მომჩივანი აღნიშნავდა, რომ „გონივრული ალბათობის“ ტესტი ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მომჩივანი ამტკიცებს უშალო მოსმენას, ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება ზოგადად საიდუმლო თვალთვალის დამწესებელ კანონმდებლობის ან პრაქტიკის არსებობას, მაშინ გამოიყენებოდა „უბრალოდ არსებობის“ ტესტი, დადგენილი Klass and Others საქმეში (იხ. Association for European Integration and Human Rights and Ekimdzhiev, ციტირებული ზემოთ, § 59, და Kennedy, ციტირებული ზემოთ, §§ 122 და 123, შემდგომი მითითებანი). საქმეში Liberty and Others v. the United Kingdom (no. 58243/00, §§ 56 და 57, 1 ივლისი 2008), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებამოსილების არსებობა, რომელიც ხელისუფლებას აძლევდა კომუნიკაციების მიყურადების უფლებას წარმოადგენდა ჩარევას მომჩივნის მე-8 მუხლით დაცულ უფლებებში, რადგანაც ისინი წარმოადგენდნენ პირებს, რომელთა მიმართაც შეიძლება გამოყენებულიყო ხსენებული უფლებამოსილებანი. საქმეში Kennedy (ციტირებული ზემოთ, § 124) მოცემული ტესტი განივრცო და მოიცვა ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების არსებობის შეფასება და მომჩივნის მიმართ საიდუმლო თვალთვალის ზომების გამოყენების საფრთის შეფასება. დაბოლოს, საქმეში Mersch and Others v. Luxemburg (nos. 10439/83 et al., კომისიის გადაწყვეტილება 10 მაისი 1985) კომისიამ დაადგინა, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც ხელისუფლების ორგანოებს არ ეკისრებოდათ ვალდებულება შეეტყობინებინათ შესაბამისი პირისათვის მის მიმართ გამოყენებული თვალთვალის ზომების შესახებ, მომჩივნებს შეეძლოთ მოეთხოვათ კონვენციის დარღვევის „მსხვერპლის“ სტატუსი საიდუმლო თვალთვალის კანონმდებლობის უბრალოდ არსებობის გამოც, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებმა ვერ შეძლეს დაედასტურებინათ. რომ ისინი რეალურად დაექვემდებარნენ თვალთვალის ზომას. მომჩივანი აცხადებდა. რომ მას შეეძლო ემტკიცებინა მე-8 მუხლის დარღვევის მსხვერპლის სტატუსი საიდუმლო თვალთვალის კანონმდებლობის უბრალოდ არსებობისა და მისი პირადი მდგომარეობის გამო. „კოსს“, „ფეესბეს“ შესახებ კანონთან, კომუნიკაციების შესახებ კანონთან და კომუნიკაციის სამინისტროს მიერ მიღებული ბრძანებების, მათ შორის ბრძანება N. 70-თან ერთობლიობაში უშიშროების სამსახურებს აძლევდა საშუალებას ტექნიკური საშუალებებით განეხორციელებინათ ნებისმიერი პირის კომუნიკაციის მიყურადება წინასწარი სასამართლო ნებართვის გარეშე. კერძოდ, უშიშროების სამსახურებს არ ჰქონდათ ვალდებულება წარმოედგინათ მიყურადების ავტორიზაციის დასტური არცერთი პირისათვის, მათ შორის კომუნიკაციების სერვისის პროვაიდერისათვისაც. გასაჩივრებული კანონმდებლობა, შესაბამისად, იძლეოდა კომუნიკაციების მასიური მიყურადების საშუალებას. რუსეთის კანონმდებლობით არ არსებობს მოცემული კანონმდებლობის გასაჩივრების სამართლებრივი საშუალება. შესაბამისად, N. 70 ბრძანების გასაჩივრების შესაძლებლობასთან დაკავშირებით მომჩივანმა მოიხმო უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება ბ-ნი N.-ს საჩივარზე (იხ. პარაგრაფი 128 ზემოთ), დაასკვნა რა, რომ ხსენებული ბრძანება ტექნიკური ხასიათისა უფრო იყო ვიდრე სამართლებრივი და რომ შესაბამისად, არ ექვემდებარებოდა ოფიციალურ გამოქვეყნებას. მან ასევე მოიხმო 2010 წლის 24 მაისის უზენაესი კომერციული სასამართლოს დასკვნა, რომლის მიხედვითაც კომუნიკაციების სამინისტროს ბრძანებები, სადაც კომუნიკაციის პროვაიდერს თხოვდნენ ტექნიკის დამონტაჟებას, რომელიც ხელისუფლების ორგანოებს მისცემდა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ჩატარების საშუალებას, არ ექვმენდებარებოდა კომერციული სასამართლოების მიერ განხილვას. მომჩივნის მიერ ეროვნული სამართალწარმოებით იკვეთებოდა, რომ N.70 ბრძანება ეფექტიანად ვერ გასაჩივრდებოდა რუსეთის სასამართლოებში. ამასთანავე, რაც შეეხება „კოსს“-ს, საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე რამდენჯერმე განიხილა მისი კონსტიტუციურობა და დაადგინა, რომ იგი შესაბამისობაში იყო კონსტიტუციასთან. დაბოლოს, რაც შეეხება ინდივიდუალური თალთვალის ზომების გასაჩივრებას, მომჩივანმა აღნიშნა, რომ პირი, რომელიც ექვემდებარებოდა ხსენებულ ზომებს, არ ფლობდა ინფორმაციას მიყურადების შესახებ, გამონაკლისი იყო შემთხვევა, როდესაც ფარულად მოპოვებული მასალები წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებას. შეტყობინების გარეშე, შესაბამისად, სამართლებრივი დაცვის ეროვნული საშუალებანი არაეფექტური იყო (იხ. აგრეთვე პარაგრაფი 217 ქვემოთ). რაც შეეხება მის პერსონალორ ვითარებას, მომჩივანმა აღნიშნა, რომ იგი იყო ჟურნალისტი და „Glasnost Defence Foundation“-ის სანკტ პეტერბურგის ფილიალის თავმჯდომარე, რომელიც ახორციელებდა მედია თავისუფლების მდგომარეობის მონიტორინგსა და თავაზობდა იურიდიულ დახმარებას იმ ჟურნალისტებს, რომელთა პროფესიული უფლებებიც ილახებოდა (იხ. პარაგრაფი 8 ზემოთ). შესაბამისად, მისი კომუნიკაცია იყო მიყურადების საფრთხის ქვეშ. მომჩივანმა იქვე მიუთითა ჟურნალისტური წყაროების დაცვის ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე, განხილული დიდი პალატის მიერ შემდეგ გადაწყვეტილებაში Sanoma Uitgevers B.V. v. the Netherlands ([GC], no. 38224/03, § 50, 14 სექტემბერი 2010).
(ბ) სასამართლოს შეფასება სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში მომჩივანი აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა მის უფლებებში ჩარევას მობილური ტელეფონების კომუნიკაციების ფარული მიყურადების ნებადამრთავი კანონმდებლობის უბრალოდ არსებობისა და მიყურადების ზომების დაქვემდებარების საფრთხის გამო, და არ აცხადებდა, რომ იგი თავად იყო კონკრეტული მიყურადების ზომების გამოყენების ობიექტი.
(i) სასამართლოს პრაქტიკის მოკლე მიმოხილვა სასამართლოს პრაქტიკაში მუდმივად აღინიშნება, რომ კონვენცია არ წარმოადგენს action popularis გამოყენების არეალს და რომ სასამართლოს ვალდებულება არ გახლავთ in abstracto განიხილოს შესაბამისი კანონები და პრაქტიკა, არამედ განსაზღვროს თუ რამდენად იყო მათი გამოყენება ან მათი გავლენა მომჩივნის მიმართ კონვენციის დარღვევა (იხ. სხვა მრავალს შორის N.C. v. Italy [GC], no. 24952/94, § 56, ECHR 2002‑X; Krone Verlag GmbH & Co. KG v. Austria (no. 4), no. 72331/01, § 26, 9 November 2006; and Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu v. Romania [GC], no. 47848/08, § 101, ECHR 2014). შესაბამისად, იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს კონვენციის 34-ე მუხლით საჩივრის წარმოდგენა, პირს უნდა შეეძლოს დაამტკიცოს, რომ იგი იყო გასაჩივრებული ზომით „პირდაპირ დაზარალებული“. მოცემული მოთხოვნა განუყოფელია კონვენციით დადგენილი დაცვის მექანიზმის სამუშაოდ, თუმცა, სამართალწარმოებისას ხსენებული კრიტერიუმი არ გამოიყენება ხისტად, მექანიკურად და უდრეკად (იხ.Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu, ციტირებული ზემოთ, § 96). შესაბამისად, სასამართლომ დაუშვა საიდუმლო თვალთვალის სფეროში შესაბამისი საკანონმდებლო რეჟიმის ზოგადი გასაჩივრება და ხაზი გაუსვა მათი ეფექტური კონტროლისა და მათზე ზედამხედველობის მნიშვნელობას. საქმეში Klass and Others v. Germany სასამართლომ დაადგინა, რომ ინდივიდს, რიგ გარემოებებში, შეუძლია მსხვერპლის სტატუსის მტკიცება საიდუმლო ზომების ან საიდუმლო ზომების ნებადამრთავი კანონმდებლობის უბრალოდ არსებობის გამო, რა დროსაც არ არის სავალდებულო პირმა ამტკიცოს, რომ ხსენებული ზომები მის მიმართაც იქნა გამოყენებული. ასეთ დროს, ყოველ კონკრეტულ საქმეში, კონვენციური უფლებებისა და სავარაუდო დარღვევის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს პირობები, გასაჩივრებული ზომების საიდუმლო ბუნებისა და მომჩივნისა და გასაჩივრებული ზომების კავშირის საფუძველზე (იხ. Klass and Others, ციტირებული ზემოთ, § 34). მოცემულ საკითხზე სასამართლომ არსებული მიდგომა შემდეგგვარად განმარტა:
„36. სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც სახელმწიფო ახორციელებს საიდუმლო თვალთვალს, რომლის არსებობაც უცნობია კონტროლირებული პირთათვის, ხსენებული თვალთვალი რჩება გაუსაჩივრებელი და მე-8 მუხლი დიდწილად კნინდება უმოქმედობამდე. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია პირი დაექვემდებაროს მე-8 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობას ან, ჩამოერთვას მოცემული მუხლით დადგენილი უფლება, რადგან მან არ იცის რომ ექვემებარება თვალთვალს და შესაბამისად არ შეუძლია მიმართოს სამართლებრივ დაცვას ეროვნულ დონეზე ან კონვენციური ინსტიტუტების წინაშე...
სასამართლო მიუღებლად მიიჩნევს, რომ კონვენციით დაცული უფლებით სარგებლობის პირობა შესაძლოა მარტივად მოიხსნას იმ ფაქტის გამო, რომ პირმა არც კი იცის მისი დარღვევის შესახებ. კომისიისადმი მიმართვის უფლება საიდუმლო თვალთვალს პოტენციურად დაქვემდებარებული პირების მიერ უნდა გამომდინარეობდეს 25-ე [ამჟამად 34-ე] მუხლიდან, რადგან სხვაგვარად მე-8 მუხლი დგება უმოქმედობის საფრთხის წინაშე.
37. კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული კანონმდებლობა უშვებს თვალთვალის სისტემას, რომლის ფარგლებშიც გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში მყოფი ყველა ადამიანი შესაძლოა დაექვემდებაროს ფოსტისა და ტელეკომუნიკაციების მონიტორინგს ისე, რომ თავად არც კი იცოდეს ამის შესახებ; გამონაკლისი შემთხვევა იქნება უყურადღებობა ან მოგვიანებით შეტყობინება ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე... ამ მხრივ, გასაჩივრებული კანონმდებლობა პირდაპირ ახდენს გავლენას ფოსტისა და ტელეკომუნიკაციის სერვისების ყველა მომხმარებელსა თუ პოტენციურ მომხმარებელზე გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში. ასევე, დელეგატებმა მართებულად აღნიშნეს, რომ თვალთვალის ეს საფრთხე თავისთავად ზღუდავს საფოსტო და სატელეკომუნიკაციო სერვისებით თავისუფალ კომუნიკაციას, რაც ყველა მომხმარებლისა თუ პოტენციური მომხმარებლისათვის წარმოადგენს პირდაპირ ჩარევას მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში ...
38. ითვალისწინებს რა კონკრეტული საქმის განსაკუთრებულ გარემოებებს, სასამართლო ასკვნის, რომ ყოველი მომჩივანი უფლებამოსილია „იდავოს კონვენციის დარღვევის მსხვერპლის“ სტატუსზე, მაშინაც კი, თუკი ვერ შეძლებენ დაამტკიცონ, რომ უშუალოდ დაექვემდებარნენ კონკრეტულ თვალთვალის ზომას. იმის განსაზღვრა, თუ რამდენად იყვნენ მომჩივნები რეალურად კონვენციის რაიმე დარღვევის მსხვერპლნი მოიცავს იმის დადგენასაც, თუ რამდენად არის გასაჩივრებული კანონმდებლობა, თავისთავად კონვენციის დებულებების შესაბამისი ...“ კლასის და სხვების საქმის შემდეგ, კონვენციური პრაქტიკით შემუშავდა საიდუმლო თვალთვალის საქმეებში მსხვერპლის სტატუსისადმი ორი პარალელური მიდგომა. რიგ საქმეებში კომისიამ და სასამართლომ დაადგინეს, რომ კლასი და სხვებში გამოყენებული ტესტი არ უნდა განიმარტოს იმდენად ფართოდ, რომ მოიცავდეს მოპასუხე სახელმწიფოს ყველა პირს, რომელიც შიშობს, რომ საიდუმლო სამსახურები შესაძლოა აგროვებდნენ მის შესახებ ინფორმაციას. მომჩივანს გონივრულად ვერ მოეთხოვება დაადასტუროს, რომ მისი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მოპოვებულია და ინახება. საკმარისი იყო, საიდუმლო ზომების სფეროში დადასტურებულიყო საიდუმლო თვალთვალის ნებადამრთავი პრაქტიკის არსებობა და უშიშროების სამსახურების მხრიდან პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და შენახვის გონივრული ალბათობა (იხ.Esbester, ციტირებული ზემოთ; Redgrave, ციტირებული ზემოთ; Christie v. the United Kingdom, no. 21482/93, კომისიის გადაწყვეტილება 27 ივნისი 1994; Matthews, ციტირებული ზემოთ; Halford, ციტირებული ზემოთ; §§ 47 and 55‑57; და Iliya Stefanov v. Bulgaria, no. 65755/01, §§ 49 და 50, 22 მაისი 2008). ყოველ ზემორე საქმეში მომჩივნები აცხადებდნენ კომუნიკაციების რეალურ მიყურადებას. რიგ საქმეებში ისინი ზოგადად ჩიოდნენ კანონმდებლობისა და საიდუმლო თვალთვალის დამშვები პრაქტიკის შესახებ (იხ. Esbester, Redgrave, Matthews, და Christie, ყველა ციტირებული ზემოთ). დანარჩენ საქმეებში, სასამართლომ გაიმეორა, რომ კლასი და სხვები საქმის მიდგომა, რომლის მიხედვითაც კომუნიკაციების საიდუმლო თვალთვალის სისტემის ნებადამრთველი და განმსაზღვრელი კანონებისა და პრაქტიკის უბრალოდ არსებობაც კი წარმოადგენდა თვალთვალის საფრთხეს ყველა იმ პირისადმი, ვის მიმართაც შესაძლოა გამოყენებულ იქნას კანონმდებლობა. ხსენებული საფრთხე აუცილებლად მოქმედებდა სატელეკომუნიკაციო სერვისებით მოსარგებლეთა კომუნიკაციის თავისუფლებაზე და, შესაბამისად, წარმოადგენდა ჩარევას მომჩივანთა მე-8 მუხლით დაცული უფლებით სარგებლობაში, მიუხედავად იმისა, რეალურად მოხდა თუ არა ზომების გამოყენება მათ მიმართ (იხ.Malone, ციტირებული ზემოთ, § 64; Weber and Saravia, ციტირებული ზემოთ, § 78; Association for European Integration and Human Rights and Ekimdzhiev, ციტირებული ზემოთ, §§ 58, 59 და 69; Liberty and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 56 და 57; და Iordachi and Others v. Moldova, no. 25198/02, §§ 30-35, 10 თებერვალი 2009). ყველა ზემორე საქმეში, მომჩივნები ზოგადად ჩიოდნენ საიდუმლო თვალთვალის ზომების ნებადამრთავ კანონმდებლობასა და პრაქტიკზე. რიგ მათგანში მომჩივნები ჩიოდნენ მათ კომუნიკაციებზე უშუალო მიყურადებასაც (იხ.Malone, ციტირებული ზემოთ, § 62; ად Liberty and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 41 და 42). დაბოლოს, საკითხზე უახლეს საქმეში Kennedy v. the United Kingdom, სასამართლომ დაადგინა, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ის განსაკუთრებული მიზეზები, რომელიც ამართლებს სასამართლოს მხრიდან საიდუმლო ზომების შემთხვევებში გადახვევას მისი ზოგადი მიდგომიდან, რომლის ფარგლებშიც ინდივიდებს არ ენიჭებათ კანონის ab abstracto გასაჩივრების უფლება. ძირითადი მიზეზი გახლდათ იმის უზრუნველყოფა, რომ ამგვარ ღონისძიებათა საიდუმლოობას არ გამოეწვია რეალურად გაუსაჩივრებლობა და არ დარჩენილიყო ეროვნული სასამართლო ხელისუფლებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზედამხედველობის გარეშე. კონკრეტულ საქმეში იმის შეფასებისას, თუ რამდენად შეუძლია ინდივიდს იდავოს ჩარევაზე საიდუმლო თვალთვალის ზომების ნებადამრთავი კანონმდებლობის უბრალოდ არსებობის გამო, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის მექანიზმების არსებობა და პირის მიმართ საიდუმლო თვალთვალის ზომების გამოყენების საფრთხე. როდესაც ადგილობრივ დონეზე არ არსებობს საიდუმლო თვალთვალის ზომების სავარაუდო გასაჩივრების შესაძლებლობა, საზოგადოების ფართო ეჭვი და წუხილი მასზედ, რომ საიდუმლო თვალთვალის უფლებამოსილება ბოროტად შეიძლება იქნას გამოყენებული, ვერ იქნება უსაფუძვლო. ასეთ შემთხვევებში, მაშინაც კი, როდესაც თვალთვალის რეალური საფრთხე დაბალია, იკვეთება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მხრიდან შემოწმების უფრო დიდი საჭიროება (იხ. Kennedy , ციტირებული ზემოთ, § 124).
(ii) მიღებული მიდგომების ჰარმონიზაცია
არსებულ ვითარებაში, სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს ის პირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მომჩივანს მიეცემა საშუალება ამტკიცოს მე-8 მუხლის დარღვევის მსხვერპლის სტატუსი მის მიმართ საიდუმლო თვალთვალის ზომების რეალური გამოყენების გარეშე. აღნიშნული მნიშვნელოვანია ერთგვარი და განჭვრეტადი მიდგომის მისაღებად. სასამართლო მიიჩნევს, რომ კენედის საქმეში მიღებული მიდგომა ყველაზე კარგად არის მორგებული საჭიროებას, უზრუნველყოფილ იქნას საიდუმლო თვალთვალის ზომების რეალურად გაუსაჩივრებელ ზომებად არ გარდაქმნა და ეროვნული სასამართლო ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ დარჩენა. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს, რომ მომჩივანს შეუძლია მოითხოვოს დარღვევის მსხვერპლის სტატუსი საიდუმლო თვალთვალის ზომების უბრალოდ არსებობის ან საიდუმლო თვალთვალის ზომების ნებადამრთავი კანონმდებლობის არსებობის გამო, თუკი დაკმაყოფილებული იქნება შემდეგი პირობები. პირველი, სასამართლო გაითვალისწინებს საიდუმლო თვალთვალის ზომების ნებადამრთავი კანონმდებლობის მასშტაბს განიხილავს რა თუ რამდენად შეიძლება იმოქმედოს მან მომჩივანზე იმის გამო, რომ იგი მიეკუთვნება გასაჩივრებული კანონმდებლობის ინტერესის ჯგუფს ან იმის გამო, რომ კანონმდებლობა პირდაპირ ვრცელდება კომუნიკაციის სერვისების ყოველ მომხმარებელზე ქმნის რა იმგვარ სისტემას, რომ შესაძლებელი ხდება ნებისმიერი პირის კომუნიკაციის მიყურადება. მეორე, სასამართლო გაითვალისწინებს ეროვნულ დონეზე სამართლებრივი დაცვის საშუალებების არსებობასა და საქმის განხილვას მიუსადაგებს ხსენებული დაცვის საშუალებების ეფექტურობის მაჩვენებელს. როგორც აღნიშნა კიდეც სასამართლომ კენედის საქმეში, როდესაც ეროვნული სისტემა პირს, რომელიც ეჭვობს, რომ დაექვემდებარა საიდუმლო მოსმენას, არ თავაზობს ეფექტიან სამართლებრივ დაცვას, საზოგადოებაში გავრცელებული ეჭვი და წუხილი საიდუმლო თვალთვალის ბოროტად გამოყენების შესახებ ვერ იქნება გაუმართლებლად მიჩნეული (იხ. კენედი, ციტირებული ზემოთ, §124). ასეთ შემთხვევებში თვალთვალის საფრთხე თავისთავად მოიცავს ფოსტითა და სატელეკომუნიკაციო სერვისებით თავისუფალი კომუნიკაციის შეზღუდვას, რაც ყველა არსებული თუ პოტენციური მომხმარებლისათვის წარმოადგენს პირდაპირ ჩარევას მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში. შესაბამისად, იქმნება სასამართლო კონტროლის უფრო დიდი საჭიროება და წესიდან გამონაკლისი - რომლის მიხედვითაც ინდივიდებს ეკრძალებათ კანონის in abstracto გასაჩივრება - გამართლებულია. ასეთ შემთხვევებში პირს არ ევალება აჩვენოს მის მიმართ საიდუმლო თვალთვალის ზომების რაიმე გამოყენების საფრთხის არსებობა. იმ შემთხვევებში, როდესაც ეროვნული სისტემა ადგენს ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის მექანიზმს, უფრო რთულია უფლების ბოროტად გამოყენების გავრცელებული ეჭვის გამართლება. ასეთ შემთხვევაში ინდივიდს შეუძლია მოითხოვოს საიდუმლო ზომების ან საიდუმლო ზომების ნებადამრთავი კანონმდებლობის უბრალოდ არსებობით გამოწვეული დარღვევის მსხვერპლის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაადასტურებს, რომ მის კონკრეტულ შემთხვევაში იგი არის მსგავსი ზომების დაქვემდებარების საფრთხის წინაშე. კენედის საქმეში მიღებული მიდგომა, შესაბამისად, სასამართლოს აღჭურვავს საკმარისი დრეკადობით განიხილოს სხვადასხვა ვითარებები, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას საიდუმლო თვალთვალის კონტექსტში, რა დროსაც ითვალისწინებს წევრ სახელმწიფოებში არსებული სამართლებრივი სისტემების თავისებურებას, კერძდ კი სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, ისევე როგროც მომჩივნების სხვადასხვა პირად ვითარებებს.
(iii) გამოყენება წინამდებარე საქმეში სადავო არ არის, რომ მობილური ტელეფონით კომუნიკაცია ხვდება „პირადი ცხოვრებისა“ და „მიმოწერის“ ცნებებში კონვენციის 8 § 1 მუხლის მიხედვით (იხ. მაგალითად, Liberty and Others, ციტირებული ზემოთ, § 56). სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში მომჩივანი აცხადებს, რომ მის უფლებებში ჩარევა განხორციელდა საიდუმლო თვალთვალის ნებადამრთავი კანონმდებლობის უბრალოდ არსებობისა და ხსენებულ ზომებზე დაქვემდებარების გამო, იგი არ ამტკიცებს, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნა თვალთვალის რაიმე კონკრეტული ზომა. სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული კანონმდებლობა აწესებს საიდუმლო თვალთვალის სისტემას რომლის ფარგლებშიც ნებისმიერი პირი, რომელიც იყენებს მობილურ სატელეფონო სერვისებს რუსეთში შესაძლოა დაექვემდებაროს სატელეფონო კომუნიკაციის მიყურადებას და თვალთვალის შესახებ არ მიიღოს შეტყობინება. ამ მხრივ, განსახილველი კანონმდებლობა პირდაპირ მოქმედებს მობილური სატელეფონო სერვისების ყველა მომხმარებელზე. ამასთანავე, ქვემოთმოცემული მიზეზების გამო (იხ. პარაგრაფები 286-300), რუსეთის კანონმდებლობა არ აწესებს ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებებს იმ პირებისათვის, რომლებიც ეჭვობენ, რომ დაექვემდებარნენ საიდუმლო თვალთვალს. ხსენებულის გათვალისწინებით მომჩივანი არ არის ვალდებული დაადასტუროს, რომ იგი, პირადად, იმყოფება საიდუმლო თვალთვალის დაქვემდებარების საფრთხის ქვეშ. გასაჩივრებული კანონმდებლობით დადგენილი თვალთვალის ზომების საიდუმლო ბუნების, გამოყენების ფართო მასშტაბისა და მობილური სატელეფონო კომუნიკაციის ყველა მომხმარებელზე გავლენის, ასევე, იმის გამო, რომ ეროვნულ დონეზე არ არსებობს საიდუმლო თვალთვალის ზომების სავარაუდო გამოყენების გასაჩივრების ეფექტიანი საშუალება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაბამისი კანონმდებლობის in abstracto განხილვა გამართლებულია. სასამართლო, შესაბამისად, ადგენს, რომ მომჩივანი უფლებამოსილია ისარგებლოს კონვენციის დარღვევის მსხვერპლის სტატუსით, მიუხედავად იმისა, რომ იგი ვერ დავობს თვალთვალის კონკრეტული ზომების მის მიმართ გამოყენების შესახებ. ამავე მიზეზით, სადავო კანონმდებლობის უბრალოდ არსებობა თავისთავად უტოლდება მე-8 მუხლით დაცული უფლების სარგებლობაში ჩარევას. სასამართლო, შესაბამისად არ იზიარებს მთავრობის პრეტენზიას მომჩივნის მსხვერპლის სტატუსის არარსებობის შესახებ.
ჩარევის გამამართლებელი გარემოებანი
(ა) მხარეთა არგუმენტები
(i) ეროვნული კანონის ხელმისაწვდომობა მომჩივანმა აღნიშნა, რომ ბრძანება N. 70 დანართები, რომელიც აღწერს კომუნიკაციების სერვისის პროვაიდერების მიერ დასამონტაჟებელი დანადგარის ტექნიკურ მოთხოვნებს არასდროს გამოქვეყნებულა ოფიციალურად და რომ არ იყო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი. მომჩივნის აზრით, იმდენად რამდენადაც იგი განსაზღვრავდა სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილებებს საიდუმლო თვალთვალის სფეროში, იგი გავლენას ახდენდა მოქალაქეთა უფლებებზე და, შესაბამისად, უნდა გამოქვეყნებულიყო. ის ფაქტი, რომ მომჩივანმა საბოლოოდ მიიღო წვდომა დანართებზე ეროვნული სამართალწარმოების ფარგლებში ვერ გამოასწორებს მის ოფიციალურად გამოუქვეყნებლობის ფაქტს (მომჩივანმა მოიხმო საქმე Kasymakhunov and Saybatalov v. Russia, nos. 26261/05 and 26377/06, § 92, 14 მარტი 2013). მოქალაქეებს არ უნდა სჭირდებოდეთ სასმართლო წარმოებაში ჩართვა იმისათვის, რომ მიიღონ მათი მისამართით გამოყენებად საკანონმდებლო ნორმებზე წვდომა. სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ მნიშვნელოვანი იყო ნათელი, დეტალური და ხელმისაწვდომი წესების არსებობა თვალთვალის საიდუმლო ზომების გამოყენებისას (Shimovolos v. Russia, no. 30194/09, § 68, 21 ივნისი 2011). მთავრობამ აღნიშნა, რომ N. 70 ბრძანება ტექნიკური ხასიათისა იყო და შესაბამისად არ ექვემდებარებოდა ოფიციალურ გამოქვეყნებას. ამასთანავე, იგი გამოქვეყნდა სპეციალიზირებულ ჟურნალში „SvyazInform” 1999 წლის N. 6 ნომერში. ასევე, იგი განთავსებული იყო ინტერნეტ სამართლებრივ მონაცემთა ბაზაში “ConsultantPlus” და უფასოდ იყო ხელმისაწვდომი. მომჩივანმა სასამართლოს წარმოუდგინა ბრძანების ასლი დანართებთან ერთად, რაც ადასტურებს, რომ მან შეძლო წვდომა. შესაბამისად, ხსენებული ეროვნული კანონი ხელმისაწვდომი იყო.
(ii) საიდუმლო თვალთვალის ზომების გამოყენების მასშტაბი მომჩივანმა მიუთითა, რომ სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ „კოსს“ არ აკმაყოფილებდა „განჭვრეტადობის“ მოთხოვნას, რადგან ორგანოების „ოპერატიული ექსპერიმენტის“ განხორციელების სამართლებრივი დისკრეცია, რომელიც მოიცავს რადიო-გადამცემი საშუალებებით კერძო კომუნიკაციების ჩაწერას, არ თვალისწინებდა წინაპირობებს და არც მისი განხორციელების მასშტაბი იყო განსაზღვრული (იხ.Bykov v. Russia [GC], no. 4378/02, § 80, 10 მარტი 2009). წინამდებარე საქმე ჰგავს ბიკოვის საქმეს. კერძოდ, რუსეთის კანონმდებლობა არ ადგენს ნათელ და კონკრეტულ პირთა კატეგორიებს, რომლებიც შეიძლება დაექვემდებარონ მიყურადებას. კერძოდ, თვალთვალის ზომები არ იზღუდება იმ პირებით რომლებიც ეჭვმიტანილნი ან ბრალდებულნი არიან დანაშაულის ჩადენაში. ნებისმიერი პირი, რომელიც ფლობს ინფორმაციას დანაშაულის შესახებ შეიძლება დაექვემდებაროს სატელეფონო მოსმენას. ასევე, მიყურადება არ იზღუდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებით. რუსეთის კანონი უშვებს მიყურადებას ისეთი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, როგორიცაა ჯიბის ქურდობა. მთავრობამ აღნიშნა, რომ კომუნიკაციების მიყურადება შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება ინფორმაცია დანაშაულის ჩადენის,მიმდინარეობის ან დაგეგმვის შესახებ; იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც გეგმავდნენ, ჩადიოდნენ ან ჩადენილი ჰქონდათ დანაშაული; ან იმ მოვლენებისა თუ ქმედებების გამო, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ რუსეთის ფედერაციის ეროვნულ, სამხედრო, ეკონომიკურ ან ეკოლოგიურ უსაფრთხოებას. საკონსტიტუციო სასამართლომ 1998 წლის 14 ივლისის განჩინებაში აღნიშნა, რომ ინფორმაციის მოპოვება პირის პირადი ცხოვრების შესახებ ნებადართული იყო მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დანაშაულის პრევენციის, დადგენის ან გამოძების ან „კოსს“-ში მითითებული სხვა კანონიერი მიზნებისათვის. მხოლოდ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშუალები შეიძლება იყოს მიყურადების ბრძანების საფუძველი და მხოლოდ მსგავსი დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილი პირები ან ის პირები, რომლებიც შესაძლოა ფლობდნენ ინფორმაციას მსგავსი დანაშაულების შესახებ, შეიძლება დაექვემდებარონ მიყურადების ზომებს. მთავრობამ მიუთითა, რომ ამ მხრივ ადამიანის უფლებათა სასამართლოს უკვე დადგენილი ჰქონდა, რომ თვალთვალის ზომა დანაშაულის ჩადენაში არაეჭვმიტანილი პირის მიმართ შეიძლება გამართლებული ყოფილიყო კონვენციით (იხ.Greuter v. the Netherlands (dec.), no. 40045/98, 19 მარტი 2002). ასევე, ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიყურადებასთან დაკავშირებით მთავრობა აცხადებდა, რომ კანონის „განჭვრეტადობის“ მოთხოვნა არ იყო იმდენად ფართო, რომ დაევალდებულებინა სახელმწიფოები მიეღოთ სამართლებრივი დებულებანი, რომლებიც დეტალურად ჩამოთვლიდან ყველა ქმედებას, რომლის საპასუხოდაც შესაძლებელი იქნებოდა ინდივიდის მიმართ თვალთვალი „ეროვნული უშიშროების“ საფუძველზე (იხ. Kennedy, ციტირებული ზემოთ, § 159).
(iii) საიდუმლო თვალთვალის ღონისძიების ხანგრძლივობა მომჩივანმა მიუთითა, რომ „კოსს“ არ განმარტავდა თუ რა პირობებში შეიძებოდა გაგრძელებულიყო მიყურადება ექვს თვეზე მეტ ხანს. იგი არც მიყურადების ღონისძიებების მაქსიმალურ ხანგრძლივობას ადგენდა. მთავრობამ მიუთითა, რომ რუსეთის კანონმდებლობით მიყურადებაზე ნებართვას გასცემდა მოსამართლე მაქსიმუმ ექვსი თვის ვადით, რომელიც საჭიროებისამებრ შეიძლება გაგრძელებულიყო. მიყურადება უნდა დასრულდეს გამოძების დასრულებისას. მთავრობა აცხადებდა, რომ მიყურადების ხანგრძლივობის განსაზღვრა უმჯობესია დაექვემდებაროს ეროვნული ორგანოების დისკრეციას კონკრეტული საქმის სირთულისა და გამოძიების ხანგრძლივობის გათვალისწინებით (იხ. Kennedy, ციტირებული ზემოთ). მთავრობამ ასევე მიუთითა, რომ საქმეში Van Pelt v. the Netherlands (no. 20555/92, კომისიის გადაწყვეტილება 6 აპრილი 1994) კომისიამ დაასკვნა, რომ მომჩივნის ტელეფონის მიყურადება თითქმის ორი წლის განმავლობაში არ არღვევდა კონვენციას.
(iv) მიყურადებით მოპოვებული მონაცემების შენახვის, წვდომის, განხილვის, გამოყენების, გადაცემისა და განადგურების პროცედურები მომჩივანმა ასევე აღნშნა, რომ „კოსს“ არ განმარტავდა მიყურადების მონაცემების შემოწმების, შენახვის, შეფასებისა და გამოყენების სავალდებულო პროცედურებსა თუ მონაცემების სხვა მხარეებისთვის გადაცემისას ინფორმაციის დაცვის სხვა მექანიზმებს. იგი აღნიშნავდა, რომ მონაცემი უნდა განადგურებულიყო ექვს თვეში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცემების საჭიროა სერვისის ან მართლმსაჯულებისათვის. თუმცა, არ არსებობს განმარტება თუ რა იგულისხმება ფრაზაში „სერვისის ან მართლმსაჯულების ინტერესი“. რუსეთის კანონმდებლობა სრულ თავისუფლებას ანიჭებდა საქმის განმხილველ მოსამართლეს პროცესის დასრულების შემდეგ მტკიცებულად გამოყენებული მონაცემების შენახვის ან განადგურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. მთავრობამ მიუთითა, რომ „კოსს“ ადგენდა მიყურადებული კომუნიკაციის ჩანაწერების შენახვას იმგვარად, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული არაუფლებამოსილი პირების მიერ მოსმენის ან ასლის გადაღების საფრთხე. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოხდა კომუნიკაციის მიყურადებაზე ნებართვის გაცემა, მასალა, რომელიც წარმოადგენდა ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველს და მიყურადების შედეგად შეგროვებული მონაცემები წარმოადგენდა სახელმწიფო საიდუმლოებას და ინახებოდა მიყურადების განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოში. თუ არსებობდა მოცემული მონაცემების გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოსადმი გადაცემის საჭიროება, ინფორმაციისათვის საიდუმლო სტატუსის მოხსნა შეეძლო ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელს. მიყურადების შესახებ ნებართვის საიდუმლო სტატუსის მოხსნა ხდებოდა გამცემი სასამართლოს მიერ. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული მონაცემების გადაცემის პროცედურა კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოსა თუ სასამართლოსათვის განისაზღვრება შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის ბრძანებში (იხ. პარაგრაფი 58 ზემოთ). ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული მონაცემები უნდა შეინახოს ერთი წლის განმავლობაში და შემდეგ განადგურდეს, გამონაკლისია სერვისისა თუ მართლმსაჯულების ინტერესებისათვის მათი საჭიროება. ჩანაწერი უნდა ინახებოდეს ექვსი თვის განმავლობაში და შემდეგ უნდა განადგურდეს. რუსეთის კანონმდებლობა, შესაბამისად, განჭვრეტადია და შეიცავს საკმარის დაცვის გარანტიებს.
(v) საიდუმლო თვალთვალის ღონისძიებების ნებართვა/ავტორიზაცია
(ა) მომჩივანი მომჩივანმა განაცხადა, რომ მართალია ეროვნული კანონმდებლობა სავალდებულოდ ითხოვდა მიყურადების სასამართლო ავტორიზაციას, ნებართვის გაცემის პროცედურა არ წარმოადგენდა საკმარის დაცვას დარღვევის წინააღმდეგ. პირველი, სასწრაფო აუცილებლობისას კომუნიკაციაზე მიყურადება დაიშვებოდა სასამართლო ნებართვის გარეშე ორმოცდარვა საათის განმავლობაში. მეორე, „სსსკ“-საგან განსხვავებით „კოსს“ არ ადგენდა მოთხოვნებს მიყურადების ავტორიზაციისათვის. კერძდ, ნებართვის გაცემისას იგი არ ითხოვდა მიყურადების ობიექტის სახელის, ტელეფონის ნომრის ან მისამართის აშკარა მითითებას (იხ. განსხვავებით, გაერთიანებული სამეფოსა და ბულგარეთის კანონმდებლობა, მოხმობილი ზემორეციტირებულ საქმეში Kennedy, §§ 41 და 160; და Association for European Integration and Human Rights and Ekimdzhiev, ციტირებული ზემოთ, § 13). ეროვნული კანონმდებლობა არც იმას ითხოვდა, რომ ავტორიზაციისას დაკონკრეტებულიყო თუ რომელი კომუნიკაცია ან კომუნიკაციის რა ტიპები უნდა იქნეს მითითებული, რათა შეიზღუდოს სამართალდამცავი ორგანოების დისკრეციული უფლებამოსილება განსაზღვრონ თვალთვალის ზომების მასშტაბი. რუსეთის კანონმდებლობა არ ადგენს თვალთვალის სპეციალურ წესებს მგრძნობიარე ვითარებებში, მაგალითად, როდესაც საქმე ეხება ჟურნალისტის ინფორმაციის წყაროს კონფიდენციალურობასა თუ მაშინ, როდესაც თვალთვალი ეხება ადვოკატსა და კლიენტს შორის კონფიდენციალურ კომუნიკაციას. მომჩივანმა ასევე მიუთითა, რომ ეროვნული კანონმდებლობა მოსამართლეებს არ უწესებდა ვალდებულებას დაეზუსტებინათ პირის მიმართ „გონივრული ეჭვის“ არსებობა ან გამოეყენებინათ „აუცილებლობისა“ და „პროპორციულობის“ ტესტი. ნებართვის მომთხოვ ორგანოებს არ ეკისრებოდათ ვალდებულება წარმოედგინათ მიყურადების მოთხოვნის გასამყარებელი მასალა. ასევე, „კოსს“ აშკარად კრძალავდა მოსამართეებისათვის რიგი მასალების გადაცემას - მასალებისა, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას საიდუმლო აგენტებისა თუ პოლიციის ინფორმაციის წყაროების შესახებ, ისევე როგორც ინფორმაციას ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზებისა და ტაქტიკის შესახებ - რის გამოც, მოსამართლეებისათვის შეუძლებელი იყო ეფექტურად გადაემოწმებინათ არსებობდა თუ არა „გონივრული ეჭვი“. რუსეთის კანონმდებლობა არ აწესებდა მოთხოვნას მასზედ, რომ მოსამართლეს მსგავსი ჩარევის ნებართვა გაეცა მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონიერი მიზნის მიღწევა სხვა გზებით შეუძლებელი იყო. იმის დასტურად, რომ მოსამართლეები არ ამოწმებდნენ პირის მიმართ „გონივრული ეჭვის“ არსებობას და არ იყენებდნენ „აუცილებლობისა“ და „პროპორციულობის“ ტესტს, მომჩივანმა წარმოადგინა რუსეთის სხვადასხვა რეგიონების სამი საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული ანალიტიკური ნოტა (საუბარია ტამბოვის რეგიონზე, ტულასა და დაღესტანის რესპუბლიკაზე). სასამართლოები აჯამებდნენ საკუთარ პრაქტიკას ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავდა პირის კომუნიკაციის კონფიდენციალურობასა და საცხოვრების დაცულობას 2010 – 2013 წლებში. ერთ-ერთმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მან უარი განაცხადა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ავტორიზებაზე თუკი იგი არ იყო მოცემული „კოსს“ჩმოთვლილ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძებებს შორის, თუკი ავტორიზაციას ხელს აწერდა კომპეტენტური მოხელე და თუ არ იყო არგუმენტირებული ან, თუკი საქმე ხვდებოდა ზომის გამოყენების კანონიერი აკრძალვის შემთხვევებში (მაგალითად, პირის სტატუსის ან დანაშაულის ბუნებასთან მიმართებაში). მეორე სასამართლომ აღნიშნა, რომ ავტორიზაციაზე შესაძლებელია უარის თქმა თუკი მოთხოვნა არ იყო საკმარისად არგუმენტირებული, ანუ, თუკი არ შეიცავდა საკმარის ინფორმაციას, რომელიც მოსამართლეს მისცემდა იმის დადგენის საშუალებას, რომ ზომა კანონიერი და გამართლებული იყო. მესამე- სასამართლომ აღნიშნა, რომ მან მიანიჭა სამართალდამცავ ორგანოებს მოთხოვნილი ავტორიზაცია, იგი არასდროს ამბობდა უარს ნებართვის გაცემაზე. სამივე სასამართლო მიიჩნევდა, რომ მოთხოვნა საკმარისად არგუმენტირებული იყო, თუკი ეხებოდა „კოსს“ 8(2) მუხლში ჩამოთვლილ ინფორმაციას (იხ. პარაგრაფი 31 ზემოთ). ერთ-ერთმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დამხმარე მასალა არასდროს ახლდა თან ავტორიზაციის მოთხოვნას; მეორე სასამართლომ მიუთითა, რომ რამდენიმე, მაგრამ არა ყველა მოთხოვნას ახლდა თან დამხმარე მასალა, ხოლო მესამე სასამართლომ კი აღნიშნა, რომ ყველა მოთხოვნა გამყარებული იყო დამხმარე მასალით. სამივე სასამართლოს შემთხვევაში მოსამართლეებს არასდროს მოუთხოვიათ სამართალდამცავი ორგანოებისათვის დამატებით, დამხმარე მასალის წარმოადგენა, მაგალითად, როგორიცაა მასალა, რომელიც ამყარებს მიყურადების საფუძვლებს ან ამტკიცებს, რომ ტელეფონის ნომრები, რომლის მიყურადებაც მოითხოვებოდა, მართლაც ეკუთვნოდა კონკრეტულ პირს. ორმა სასამართლომ მიყურადების ნებართვა გასცა არაიდენტიფიცირებულ ადამიანებზე, მათ შორის ერთი აღნიშნავდა, რომ ამგვარი მიყურადება გულისხმობდა კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებებიდან მხოლოდ მონაცემების შეგროვებას. მსგავსი ავტორიზაციები არ იხსენიებს კონკრეტულ პირს ან ტელეფონის ნომერს, არამედ იძლევა დანაშაულის ჩადენის ზონაში ყველა ტელეფონის ნომრის მიყურადების უფლებას. ერთ სასამართლოს არასდროს გაუცია მსგავსი ნებათვა. ორმა სასამართლომ კი აღნიშნა, რომ ავტორიზაციაში ყოველთვის მითითებულია მოქმედების ვადა, ხოლო ერთმა სასამართლომ კი აღნიშნა, რომ მიყურადების ხანგრძლივობა მის მიერ გაცემულ ნებართვაში აღნიშნული არ იყო. დაბოლოს, ამ სასამართლოდან არცერთს არ განუხილავს საჩივარი იმ პირებისაგან, რომელთა ტელეფონზე მიყურადების ნებართვაც მან გასცა. მომჩვანმა ასევე წარმოადგინა უზენაესი სასამართლოს ოფიციალური სტატისტიკა 2009-2013 წლებისათვის. ხსენებული სტატისტიკიდან ირკვევა, რომ 2009 წელს რუსეთის სასამართლოებმა „სსსკ“ საფუძველზე წარმოდგენილი 132,821 მოთხოვიდან დააკმაყოფილეს 130,083 და „კოსს“ საფუძველზე წარმოდგენილი 246,228 მოთხოვნიდან კი 245,645 მოთხოვნა (99%). 2010 წელს რუსეთის სასამართლოების მიერ „სსსკ“ საფუძველზე წარმოდგენილი 140,372 მოთხოვნიდან დაკმაყოფილდა 136,953 და „კოსს“ საფუძველზე წარმოდგენილი 284,137 მოთხოვნიდან კი 276,682 მოთხოვნა (99%). 2011 წელს „სსსკ“ საფუძველზე წარმოდგენილი 144,762 მიყურადების მოთხოვიდან დაკმაყოფილდა 140,047 და „კოსს“ საფუძველზე წარმოდგენილი 329,415 მოთხოვნიდან კი 326,102 მოთხოვნა (99%). 2013 წელს „სსსკ“ საფუძველზე წარმოდგენილი მიყურადების 189,741 მოთხოვიდან დაკმაყოფილდა 178,149 და „კოსს“ საფუძველზე წარმოდგენილი 420,242 მოთხოვიდან კი 416,045 მოთხოვნა (99%). მომჩივანმა სასამართლოს ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტს, რომ 2009 წლიდან 2013 წლამდე მიყურადების მოთხოვნების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. მომჩივანი მიუთითებდა, რომ ნებართვების ძალიან მაღალი მაჩვენებელი მიუთითებდა, რომ მოსამართლეები არ ამოწმებდნენ არსებობდა თუ არა „გონივრული ეჭვი“ მიყურადების ობიექტის მიმართ და საკითხს არ იხილავდნენ გულდასმით და არა მოწმებდნენ მკაცრად. შედეგად, მიყურადების ნებართვა გაიცემოდა უმრავლეს შემთხვევაში იმ პირთა მიმართ, რომელთა შესახებ ინფორმაციის მოპოვებაც შეიძლებოდა ნაკლები ჩარევითაც. აღნიშნულით მომჩივანმა დაასკვნა, რომ ნებართვის გაცემის პროცედურა ნაკლოვანი იყო და, შესაბამისად, არ ზღუდავდა საიდუმლო თვალთვალის ზომებს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელის მასშტაბით. უნებართვო მიყურადებას რაც შეეხება, მომჩვანმა აღნიშნა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ეროვნული კანონმდებლობით არ ევალეობდათ კომუნიკაციების სერვისის პროვაიდერისათვის სასამართლო გადაწყვეტიების ჩვენება პირად კომუნიკაციაზე წვდომის მისაღებად. ყველა სასამართლო ნებართვა საიდუმლო დოკუმენტის სტატუსს ატარებდა და მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების ხელთ იყო. ვალდებულება მიყურადების ნებართვა წარუდგინონ კომუნიკაციების სერვისის პროვაიდერს ხსენებულია მხოლოდ ერთხელ რუსეთის კანონმდებლობაში „სსსკ“ მიხედვით კომუნიკაციებთან დაკავშირებული მონაცემების მონიტორინგის კონტექსტში (იხ. პარაგრაფი 48 ზემოთ). დანადგარი, რომელიც კომუნიკაციების სერვისის პროვაიდერებმა დაამონტაჟეს კომუნიკაციების სამინისტროს ბრძანებების საფუძველზე, კერძოდ კი გამოუქვეყნებელი N.70 ბრძანების მიხედვით, სამართალდამცავ ორგანოებს აძლევდა პირდაპირ და შეუზღუდავ წვდომას ყველა მობილური ტელეფონის კომუნიკაციის მომხმარებელზე. კომუნიკაციების მომსახურების პროვაიდერებს ასევე ეკისრებოდათ ვალდებულება N. 538 ბრძანებით შეექმნათ მონაცემთა ბაზა, სადაც სამი წლის განმავლობაში შეინახავდნენ ინფორმაციას ყველა მომხმარებლისა და მათდამი გაწეული სერვისების შესახებ. საიდუმლო სამსახურებს პირდაპირი დისტანციური წვდომა ჰქონდათ ამ მონაცემთა ბაზებზე. ფორმა, თუ როგორ მოქმედებდა საიდუმლო თვალთვალის სისტემა საიდუმლო სამსახურებსა და პოლიციას აძლევდა ტექნიკურ საშუალებას თავიდან აერიდებინათ ავტორიზაციის პროცედურა და მოეხდინათ ნებისმიერი კომუნიკაციის მოსმენა წინასწარი სასამართლო ავტორიზაციის გარეშე. შესაბამისად, წინასწარი სასამართლო ავტორიზაციის საჭიროება წარმოიშვებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც მოპოვებული ინფორმაცია გამოყენებულ უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. მომჩივანმა წარმოადგინა დოკუმენტები, რომელიც აჩვენებს, მისი აზრით, რომ სამართალდამცავი ორგანოები უკანონოდ უსმენდნენ სატელეფონო კომუნიკაციას წინასწარი სასამართლო ნებართვის გარეშე და აწვდიდნენ ჩანაწერებს არაუფლებამოსილ პირებს. მაგალითისათვის, მან წარმოადგინა ამონაბეჭდი ინტერნეტიდან, რომელიც შეიცავდა პოლიტიკოსთა პირად სატელეფონო საუბარს. ასევე, საინფორმაციო სტატია, რომელიც ასახავდა სამართალწარმოებას რამდენიმე მაღალჩინოსანი პოლიციის ტექნიკური დეპარტამენტის ოფიცრების წინააღმდეგ. ისინი ეჭვმიტანილნი იყვნენ პოლიტიკოსთა და ბიზნესმენთა პირადი საუბრების უკანონო მიყურადებაში, რის სანაცვლოდაც იღებდნენ ქრთამს მათი მოწინააღმდეგე პოლიტიკური ან ბიზნეს წრეებიდან. საინფორმაციო სტატია მოიხმობდა მოწმის განცხადებას, რომელიც აცხადებდა, რომ კომუნიკაციის მიყურადება ქრთამის სანაცვლოდ ფართოდგავრცელებული პრაქტიკა იყო და რომ ნებისმიერ პირს შეეძლო სხვა პირის სატელეფონო საუბრის ყიდვა პოლიციისაგან.
(ბ) მთავრობა მთავრობამ მიუთითა, რომ ტელეფონისა თუ სხვა კომუნიკაციის ნებისმიერი მიყურადება საჭიროებდა სასამართლო ნებართვას. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებდა სამართალდამცავი ორგანოების არგუმენტირებული მოთხოვნის საფუძველზე. მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მომთხოვნ მხარეს და მას უნდა გაემართლებინა მიყურადების ზომის აუცილებლობა. ხსენებული მტკიცების ტვირთის დასაკმაყოფილებლად მომთხოვნი ორგანოები წარმოადგენენ ყველა შესაბამის დამხმარე მასალას, გარდა მასალისა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას საიდუმლო აგენტისა თუ ინფორმაციის წყაროს, ასევე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზებისა და ტაქტიკის შესახებ. გამონაკლისი გამართლებული იყო საიდუმლო აგენტებისა და პოლიციის ინფორმაციის წყაროების, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვით, რაც შეესაბამება კონვენციას. მთავრობამ ასევე მოიხმო უზენაესი სასამართლოს პალატის 2013 წლის 27 ივნისის განჩინება, სადაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებისათვის განიმარტა, რომ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა გაწერილი უნდა იყოს კანონით და აუცილებელი იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში, ანუ უნდა იყოს კანონიერი მიზნის პროპორციული. სასამართლოებს მიეცათ რეკომენდაცია დაეფუძნონ ფაქტებს, გადააზუსტონ შესაბამისი და საკმარისი მიზეზების არსებობა ინდივიდის უფლების შეზღუდვის გასამართლებლად და დაიცვან ბალანსი იმ პირის ინტერესებს, რომლის უფლებაც ექვემდებარება შეზღუდვასა და სხვა ინდივიდების, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს შორის. „კოსს“ ცალსახად ითხოვს სასამართლოებისაგან მიყურადების მაავტორიზირებელი გადაწყვეტილების არგუმენტირებას. საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილების შესაბამისად (იხ. პარაგრაფი 42 ზემოთ), მიყურადების ავტორიზაცია უნდა მოიხმობდეს ეჭვის კონკრეტულ საფუძველს იმ პირთან მიმართებაში, რომლის მისამართითაც იგეგმება დანაშაულის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობანი ან იმ საქმიანობებთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ სამხედრო, ეკონომიკურ ან ეკოლოგიურ უსაფრთხოებას. 2003 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში (იხ. პარაგრაფი 41 ზემოთ), საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსამართლეებს ეკისრებოდათ ვალდებულება გულდასმით და სრულად განეხილათ წარმოდგენილი მასალა. მთავრობის მიხედვით, პრაქტიკაში, ყოველი მიყურადების მოთხოვნა აკონკრეტებდა სახელმწიფო ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელი იყო მიყურადების წარმოებაზე, თვალთვალის ზომების საფუძველბზე და მიზეზებს, თუ რატომ იყო იგი აუცილებელი; შესაბამისი სამართლებრივი დებულებების მოხმობა, პირის მითითება, თუ ვისი ტელეფონის მიყურადებაც უნდა განხორციელდეს, პირის კონკრეტულ დანაშაულში მონაწილეობის ეჭვის საფუძვლები, მისი ტელეფონის ნომერი და იმეილ კოდი, დრო, რომლის განმავლობაშიც მოთხოვნილია ნებართვა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია. გამონაკლის გარემოებებში ნებადართული იყო კომუნიკაციების მიყურადების ავტორიზება არაიდენტიფიცირებული პირების მიმართაც. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში სასამართლო იძლევა კომუნიკაციის ტექნიკური წყაროებიდან მონაცემთა შეგროვების ნებართვას, რათა განსაზღვროს დანაშაულის ჩადენის კონკრეტულ ადგილას, კონკრეტულ დროს პირთა დასწრება. ხსენებული პრინციპი შეესაბამებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას იმის გამო, რომ მსგავს საქმეებში ავტორიზაციისას კონკრეტდებოდა მხოლოდ ერთი ადგილი (ლოკაცია) რომელთან მიმართებაში ხდებოდა ნებართვის გაცემა (აქ მოიხმეს კენედის საქმე, ციტირებული ზემოთ). რუსეთის კანონმდებლობა უშვებს კომუნიკაციების მიყურადების უფლებას სასამართლოს ავტორიზაციის გარეშე გადაუდებელი აუცილებლობის ჟამს. სასამართლომ ამგვარი ზომის შესახებ შეტყობინება უნდა მიიღოს ოცდაოთხ საათში და მიმდინარე მიყურადების შესახებ სასამართლო ნებართვა უნდა გაიცეს ორმოცდარვა საათში. მთავრობის მიხედვით, მოსამართლემ ასევე უნდა განიხილოს ამგვარი მიყურადების კანონიერება მაშინაც კი, როდესაც მიყურადება უკვე დასრულებულია. მათ მოიხმეს 2013 წლის 13 დეკემბრის სააპელაციო გადაწყვეტილება, სადაც სისხლის სამართლის საქმეში უზენაესმა სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც გადაუდებელი აუცილებლობის პროცედურით წინასწარი სასამართლო ნებართვის გარეშე იყო მოპოვებული. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მართალია მოსამართლე ინფორმირებული იყო მიყურადების შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილება მისი კანონიერებისა და აუცილებლობის შესახებ მიღებული არ ყოფილა.
(vi) საიდუმლო თვალთვალის ზომების იმპლემენტაციაზე ზედამხედველობა
(ა) მომჩივანი მიყურადების ზედამხედველობასთან დაკავშირებით მომჩივანია აცხადებდა, რომ რუსეთში ზედამხედველობის ეფექტიანობას სერიოზულად აზიანებდა მიყურადების განმახორციელებელი ორგანოების მიერ მიყურადების ჩანაწერების შენახვის ვალდებულების არარსებობა. მეტიც, ბრძანება N. 70 პირდაპირ აღნიშნავდა, რომ ინფორმაცია მიყურადების შესახებ არ უნდა აღინუსხოს ჟურნალში ან ჩაიწეროს. მომჩივანმა შემდგომ აღნიშნა, რომ რუსეთში არც მოსამართლე, რომელმაც გასცა მიყურადების ნებართვა და არც სხვა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განმახორციელებელი მოხელე არ ფლობდა აღსრულებაზე ზედმხედველობის უფლებამოსილებას, კერძოდ, მათ არ შეეძლოთ იმის განხილვა თუ რამდენად რჩება თვალთვალი მაავტორიზებელი დოკუმენტით დადგენილ ჩარჩოებში და შეესაბამება ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ სხვადასხვა მოთხოვნას. ეროვნული კანონმდებლობა არ განსაზღვრავს პრეზიდენტის, პარლამენტის და მთავრობის მიერ მიყურადებაზე ზედამხედველობის პროცედურას. მათ ნამდვილად არ გაანიათ უფლებამოსილება ზედამხედველობა განახორციელონ კონკრეტულ საქმეებში მიყურადების ზომებზე. რაც შეეხება გენერალური პროკურორის და კომპეტენტური ქვედა რგოლის პროკურორების მხრიდან ზედამხედველობას, ისინი ვერ იქნებიან დამოუკიდებლად მიჩნეულნი, რადგან არიან კრიმინალური მართლმსაჯულების სისტემის ნაწილი და ფლობენ ბრალმდებლის ფუნქციებს. კერძოდ, პროკურორები თანხმობას გასცემენ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამომძიებლების მიერ მოთხოვნილ მიყურადების მოთხოვნებზე და მონაწილეობენ შესაბამის სასამართლო განხილვებში. მიყურადების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას ისინი იყენებენ ბრალდების ფუნქციების განსახორციელებლად, კერძოდ კი მისი სასამართლოს წინაშე მტკიცებულებად წარდგენით. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში მხარედ მყოფ და მიყურადებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი პროკურორების ორმაგი ფუნქცია ინტერესთა კონფლიქტს იწვევდა. მომჩივანმა შემდეგ აღნიშნა, რომ პროკურორების საზედამხედველო ფუნქცია შეზღუდული იყო იმდენად, რამდენადაც რიგი მასალები, განსაკუთრებით საიდუმლო აგენტებისა და უშიშროების სამსახურების მხრიდან გამოყენებული ტაქტიკის, მეთოდებისა და საშუალებების შესახებ, არ ხვდებოდა მათი ზედამხედველობის ფარგლებში. პროკურორების საზედამხედველო უფლებამოსილებანი ასევე შეზღუდული იყო კონტრდაზვერვსის სფეროშიც, სადაც შემოწმების ჩატარება შესაძლებელი იყო მხოლოდ ინდივიდუალური საჩივრის საფუძველზე. იმის გამო, რომ მიყურადების ზომები გასაიდუმლოებული იყო და რადგან პირი არ ფლობდა ინფორმაციას მის მიმართ ხსენებული ზომების გამოყენების შესახებ, ინდივიდუალური საჩივრები დიდწილად საეჭვო იყო, რაც შედეგად იწვევდა კონტრდაზვერვის სფეროში თვალთვალის ზომების de facto საპროკურორო ზედამხედველობის სფეროდან ამორიცხვას. ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ პროკურორებს არ ჰქონდათ მიყურადების ავტორიზაციის გაუქმების, უკანონო მიყურადების შეწყვეტისა და უკანონოდ მიღებული მონაცემების განადგურების მოთხოვნის უფლება. პროკურატურის ორწლიანი ანგარიშები არ ქვეყნდებოდა და არც საჯაროდ იხილებოდა. ანგარიშები საიდუმლო დოკუმენტებს წარმოადგენდა და შეიცავდა მხოლოდ სტატისტიკურ ინფორმაციას. იგი არ შეიცავდა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სფეროში კანონიერების რაიმე სახის არსებით ანალიზს და არც იმაზე იძლეოდა ინფორმაციას თუ კანონის რამდენი დარღვევა გამოიკვეთა და რა ზომები იქნა მათ გამოსასწორებლად მიღებული. მეტიც, ანგარიშები ერთიანად იხსენიებდნენ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ყველა ტიპს და არ გამოყოფდნენ მიყურადებას სხვა ზომებისაგან.
(ბ) მთავრობა მთავრობამ მიუთითა, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობებზე, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციებზე მიყურადების, ზედამხედველობას ახორციელებდა პრეზიდენტი, პარლამენტი და მთავრობა. კერძოდ, პრეზიდენტი განსაზღვრავდა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას და ნიშნავდა და ათავისუფლებდა სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს. ამასთანავე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებობდა სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც ზედამხედველობას უწევდა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ჩათვლით. დეპარტამენტი შედგებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და „ფეესბეს“ იმ მოხელეებისაგან, რომელთაც გააჩნდათ შესაბამისი დონის დაშვების ნებართვა. პარლამენტი მონაწილეობდა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის მიღებისა და ცვლილების პროცესის ზედამხედველობაში. მას ასევე შეეძლო კომიტეტებისა და კომისიების შექმნა, საპარლამენტო მოსმენების ჩატარება ნებისმიერ საკითხზე, მათ შრის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებითაც და შეეძლო მოესმინა სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელების ანგარიში, საჭიროების შემთხვევაში. მთავრობა იღებდა გადაწყვეტილებებსა და ბრძანებებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებით და გამოყოფდა საბიუჯეტო ფონდებს სამართალდამცავი ორგანოებისათვის. ზედამხედველობას ახორციელებდა გენერალური პროკურორი და შესაბამისი დაბალი რგოლის პროკურორები, რომლებიც დამოუკიდებელნი იყვნენ ფედერალური, რეგიონული და ადგილობრივი ორგანოებისაგან. გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები ინიშნებიან და თავისუფლდებიან პარლამენტის ზედა პალატის ფედერალური საბჭოს მიერ. პროკურორებს არ აქვთ მიყურადების მოთხოვნის წარმოდგენის უფლება. ამგვარი მოთხოვნის წარმოდგენა ხდება ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს მიერ „კოსს“ ფარგლებში ან „სსსკ“ ფარგლებში გამომძიებლის მიერ. პროკურორმა არ უნდა მისცეს ინსტრუქცია გამომძებელს. პროკურორის მიერ შემოწმებისას, მიყურადების განმახორციელებელ სააგენტოს ეკისრება ვალდებულება ყველა შესაბამისი მონაცემი წარუდგინოს პროკურორს მისი მოთხოვნის საფუძველზე და შესაძლოა წარმოუდგენლობის გამო მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. პროკურორი, რომელიც პასუხისმგებელია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ზედამხედველობაზე ექვსთვიან ანგარიშს წარუდგენს გენერალურ პროკურორს. ანგარიში არ აანალიზებს მიყურადებას ცალკე, სხვა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობებისაგან განცალკევებით.
(vii) საიდუმლო თვალთვალის ღონისძიებების შესახებ შეტყობინება
(ა) მომჩივანი მომჩივანმა შემდეგ აღნიშნა,- რუსეთის კანონმდებლობა არ აწესებდა ვალდებულებას რომ პირს, რომლის კომუნიკაციაც დაექვემდებარა მოსმენას, შეატყობინონ ამის შესახებ მოსმენამდე, მისი მიმდინარეობისას ან დასრულების შემდეგ. მომჩივანი აღიარებდა, რომ მიყურადებამდე ან მისი მიმდინარეობისას შეუტყობინებლობა დასაშვებია, რადგან მნიშვნელოვანია საიდუმლო ღონისძიების ეფექტიანობისათვის. თუმცა, მან აღნიშნა, რომ შეტყობინება შესაძლებელია მიყურადების დასრულების შემდეგ „რაც შეიძლება მალევე შეზღუდვის მიზნისათვის ზიანის მიყეების გაგრეშე“ (მან მოიხმო ზემოთციტირებული Klass and Others საქმე). რუსეთში მიყურადების ობიექტი შეტყობინებას არასდროს იღებს. შესაბამისად, მან მიყურადების შესახებ შეიძლება შეიტყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ინფორმაცია გაიჟონება, დაიწყება სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ და მიყურადებული მონაცემები გამოყენებული იქნება მტკიცებულებად. მიყურადების შედეგად მოპოვებულ მონაცემებზე წვდომასთან დაკავშირებით, მომჩივანმა აღნიშნა, რომ ამგვარი წვდომა შესაძლებელი იყო მხოლოდ ძალიან შეზღუდულ პირობებში. თუ არ მოხდებოდა სისხლის სამართლის საქმის დაწყება ან თუ მოიხსნებოდა ბრალი „კოსს“ ჩამოთვლილის გარდა სხვა მიზეზით, პირს არ ჰქონდა უფლება მიეღო წვდომა. ასევე, წვდომის მიღებამდე, მომჩივანს უნდა დაემტკიცებინა, რომ მოხდა მისი კომუნიკაციის მიყურადება. თვალთვალის ზომების საიდუმლოობისა და შეუტყობინებლობის გათვალისწინებით, მტკიცების ამგვარი ტვირთი თითქმის შეუძლებელია დააკმაყოფილო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაცია მიყურადების შესახებ გაჟონილია. ყველა წინაპირობის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, პირს შეუძლია „მოპოვებული მონაცემების შესახებ ინფორმაციის“ მიღება და არა თავად მონაცემებზე წვდომა.დაბოლოს, გამჟღავნებას ექვემდებარება მხოლოს ის ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოს. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ „კოსს“ მიხედვით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ყველა ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და გადაწყვეტილება საიდუმლო სტატუსის მოხსნის შესახებ სრულად არის დამოკიდებული მიყურადების მწარმოებელი ორგანოების დისკრეციაზე. მოპოვებულ ინფორმაციაზე წვდომაზე უარი შესაძლოა გასაჩივრდეს სასამართლოში და „კოსს“ მოითხოვს, რომ მიყურადების მწარმოებელმა ორგანოებმა, მოსამართლის მოთხოვნის საფუძველზე, წარმოადგინონ „ოპერატიულ-სამძებრო მასალები, რომელიც მოიცავს ინფორმაციას იმ მონაცემებზე, რომლის წვდომაზეც ითქვა უარი“. მნიშვნელოვანია, რომ მიყურადების განმახორციელებელ ორგანოებს მოეთხოვებათ „მონაცემების შესახებ ინფორმაციის“ წარმოდგენა და არა თავად მონაცემების წარმოდგენა. საიდუმლო აგენტებისა და პოლიციის ინფორმაციის წყაროების შესახებ ინფორმაციის მომცველი მასალების წარდგენა არ შეიძლება სასამართლოსათვის და, შესაბამისად არ ხვდება სასამართლო განხილვის სფეროში.
(ბ) მთავრობა მთავრობამ აღნიშნა, რომ რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, პირი, რომელიც წარმოადგენდა საიდუმლო თვალთვალის ობიექტს არ არის უფლებამოსილი მიიღოს შეტყობინება ხსენებული ზომების შესახებ რაიმე ეტაპზე. საკონსტიტუციო სასამართლომ (იხ. პარაგრაფი 40 ზემოთ) დაადგინა, რომ თვალთვალის ზომების საიდუმლო ბუნების შენარჩუნების აუცილებლობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვისა და შეჯიბრებითობის პრინციპები არ გამოიყენება მიყურადების ნებართვის გაცემის სამართალწარმოებაზე. შესაბამისად, ობიექტი არ ფლობს უფლებას მონაწილეობა მიიღოს ავტორიზაციის გაცემის სამართალწარმოებაში ან იყოს ინფორმირებული მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. გამოძიების დასრულების შემდეგ მოპასუხე უფლებამოსილია შეისწავლოს სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალა, მათ შორის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული მონაცემებიც. სხვაგვარად, იმ შემთხვევებში, როდესაც გამომძიებელი გადაწყვეტილებას იღებს არ დაიწყოს სამართალწარმოება მიყურადების ობიექტის წინააღმდეგ ან შეწყვიტოს კრიმინალური საქმე სავარაუდო დანაშაულის ჩაუდენლობის გამო ან იმის საფუძველზე, რომ არ იკვეთება დანაშაულის ელემენტები, მიყურადების ობიექტს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მოპოვებული მონაცემების შესახებ. ამგვარი ინფორმაციის მიღებაზე უარი საჩივრდება სასამართლოში, რომელსაც გააჩნია უფლება მოითხოვოს ინფორმაციის გამჟღავნება თუკი მიიჩნევს, რომ უარი დაუსაბუთებელია. მთავრობამ წარმოადგინა 2009 წლის 4 აგვისტოს, ბელგოროდის რაიონის ალექსეევკის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი, რომელიც პოლიციას თხოვდა, ერთი თვის ვადაში მიეწოდებინა მიყურადების ობიექტისათვის ინფორმაცია მის შესახებ მიყურადების დროს მოპოვებული მონაცემების შესახებ „იმდენად რამდენადაც ამის საშუალებას იძლეოდა კონფიდენციალურობის მოთხოვნები და იმ მონაცემების გარდა, რომელთა შედეგადაც შესაძლოა გამჟღავნებულიყო სახელმწიფო საიდუმლო“. მთავრობა აცხადებდა, რომ რუსეთის კანონმდებლობა განსხვავდებოდა სასამართლოს მიერ Association for European Integration and Human Rights and Ekimdzhiev (ციტირებული ზემოთ, § 91)საქმეში გაკრიტიკებული ბულგარეთის კანონმდებლობისაგან, რადგან იგი იძლეოდა მიყურადების მასალისათვის საიდუმლო სტატუსის მოხსნის საშუალებასა და მოცემული პირისათვის მათ გადაცემას. მოცემულის გასამყარებლად, მთავრობამ მოიხმო მსჯავრდების შესახებ 2012 წლის 11 ივლისს ზაბაიკალის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. მოცემული გადაწყვეტილება - რომლის ასლიც არ წარმოდგენილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე - ეფუძნებოდა, მთავრობის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც იძლეოდა მომჩივნის სატელეფონო კომუნიკაციის მიყურადების ნებართვას, თუკი მოხსნილი ჰქონდა საიდუმლოს სტატუსი და წარდგენილი იყო მოსამართლის წინაშე მისივე მოთხოვნის საპასუხოდ. მთავრობამ ასევე მოიხმო ორი შემდეგი გადაწყვეტილება - კრასნოიარსკის რაიონული სასამართლოს პრეზიდიუმისა და მარი-ელ რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის - რომელმაც საზედამხედველო უფლებამოსილებით გააუქმა იურიდიული გადწყვეტილებანი კომუნიკაციების მიყურადების შესახებ. მთავრობას გადაწყვეტილებების ასლები არ წარმოუდგენია.
(viii) სამართლებრივი დაცვის არსებული საშუალებანი
(ა) მომჩივანი მომჩივანმა აღნიშნა, რომ თვალთვალის საშუალებების შესახებ შეტყობინება და სასამართლოების წინაშე სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებანი ურთიერთისაგან განუყოფელი იყო, რადგან ინდივიდებს სასამართლოსადმი მიმართვის მცირე საშუალება თუ ჰქონდათ, გამონაკლისი იყო ვითარება, როდესაც პირები შეიტყობდნენ მათი ცოდნის გარეშე მიღებული ზომების შესახებ და, შესაბამისად თუ შეძლებდნენ კანონიერების რეტროსპექტიულად გასაჩივრებას (მან მოიხმო Weber and Saravia, ციტირებული ზემოთ). მომჩივანი აცხადებდა, რომ რუსეთის კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი დაცვის საშუალებანი არაეფექტური იყო. რაც შეეხება თვალთვალის ობიექტის მიერ გამოყენებული ზომების სასამართლო განხილვის მოთხოვნას, ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მომჩივანს ეკისრებოდა და მისი დასამტკიცებელი იყო, რომ მის ტელეფონს უსმენდნენ. თუმცა, იმის გამო, რომ მიყურადების ობიექტებმა არ იცოდნენ თვალთვალის ზომების შესახებ, გარდა სისხლის სამართის საქმის ფარგლებში განხორციელებული ზომებისა, მტკიცების ტვირთის დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო. მთავრობის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების ასლები ეხებოდა ჩხრეკასა და ამოღებას, ანუ, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის იმ ფორმებს, რომელთა შესახებაც პირმა იცის (იხ. პარაგარფები 220, 221 და 223 ქვემოთ). მომჩივანი აცხადებდა, რომ მისი ინფორმაციით არ არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილება, რომელშიც მიყურადების ობიექტი ჩიოდა და დაკმაყოფილდა უკანონო მიყურადება. ასევე მნიშვნელოვანი გახლდათ, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილ არცერთ გადაწყვეტილებაში ეროვნულ სასამართლოებს არ შეუფასებიათ გასაჩივრებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პროპორციულობა. მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ეროვნული სამართალწარმოება აშკარად აჩვენებდა, რომ რუსეთის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი დაცვის საშუალებანი არაეფექტიანი იყო. მეტიც, საქმეში Avanesyan v. Russia (no. 41152/06, 18 სექტემბერი 2014), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ რუსეთის კანონმდებლობით არ არსებობდა ეფექტიანი სამართლებრივი საშუალებანი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გასასაჩივრებლად. დაბოლოს, მომჩივანმა აღნიშნა, რომ მიყურადების ობიექტი ან კომუნიკაციის სერვისის პროვაიდერები ვერ გაასაჩივრებდნენ კომუნიკაციების საიდუმლო მიყურადების შესახებ მინისტრთა ბრძანებებს, რადგან მოცემული ბრძანებები ბუნებით ტექნიკური და არა სამრთლებრივი იყო და, შესაბამისად, არ ექვემდებარებოდა სასამართლო განხილვას, რასაც ადასტურებს ზემორე 161-ე პარაგრაფში მოცემული გადაწყვეტილებანი.
(ბ) მთავრობა მთავრობა აცხადებდა, რომ რუსეთში, პირი რომელიც აცხადებდა, რომ მისი უფლებები დაირღვა ან ირღვევა სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას უფლებამოსილია გაასაჩივროს იგი მოხელის ხელმძღვანელთან, პროკურორთან ან სასამართლოში „კოსს“ მე-5 მუხლის მიხედვით (იხ. პარაგრაფი 83 ზემოთ). როგორც განიმარტა უზენაესი სასამართლოს პალატის მიერ, თუკი პირი შეიტყობს მიყურადების შესახებ, მან უნდა მიმართოს საერთო იურისდიქციის მქონე სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე თავით გაწერილი პროცედურის მიხედვით (იხ. პარაგრაფი 92 ზემოტ). მთავრობის მიხედვით, მომჩივანი არ იყო ვალდებულეი დაემტკიცებინა, რომ მისი უფლებები დაირღვა მიყურადების ზომების შედეგად. მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მიყურადების განმახორციელებელ ორგანოებს, რათა ეჩვენებინათ, რომ მიყურადების ზომები კანონიერი და გამართლებული იყო. რუსეთის კანონმდებლობა მიუთითებს, რომ თუ დადგინდება მომჩივნის უფლებების დარღვევა სასამართლოს მიერ სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში, სასამართლომ უნდა მიიღოს ზომები რათა გამოასწოროს დარღვევა და აანაზღაუროს ზიანი (იხ. პარაგრაფი 97 ზემოთ). მთავრობამ წარმოადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე თავით მიღებული ორი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი, რომელშიც ჩხრეკისა და ამოღების ობიექტები ან დოკუმენტები უკანონოდ იქნა ცნობილი და პოლიციას დაევალა კონკრეტული ზომების მიღება დარღვევის გამოსასწორებლად. ამასთანავე, მთავრობის მიხედვით, მიყურადების ობიექტს ჰქონდა უფლება წარმოედგინა ზედამხედველობით-განმხილველი საჩივარი იმ სასამართლო გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელიც იძლეოდა მიყურადების უფლებას, განმარტებული 2008 წლის 15 ივლისის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყეტილებით (იხ. პარაგრაფი 43 ზემოთ). მას ასევე ჰქონდა საკასაციო სასამართლოში აპელაციის ან კასაციის უფლება. თუკი მიყურადება განხორციელდა სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში, პირს შეეძლო საჩივრის წარმოდგენა „სსსკ“ 125-ე მუხლითაც. მთავრობამ მოიხმო უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება ზომების გაუქმების შესახებ, სადაც საზედამხედველო განხილვის ფარგლებში უზენაესმა სასამართლომ განიხილა ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი კ.-ს მიერ „სსსკ“ 125-ე მუხლით წარმოდგენილი საჩივარი, კომუნიკაციების მიყურადების მაავტორიზებელი სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის მიცემაზე უარის შესახებ. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მისი საჩივარი უნდა განხილულიყო „სსსკ“ 125-ე მუხლით, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე მსჯავრდებული იყო და ჰქონდა უფლება მიეღო მიყურადების მაავტორიზებელი გადაწყვეტილების ასლი. მთავრობამ წარმოადგინა „სსსკ“ 125-ე მუხლით წარმოდგენილი და დაკმაყოფილებული ათი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი, რომელიც ეხებოდა ნივთებისა და დოკუმენტების უკანონო ჩხრეკასა და ამოღებას. მათ ასევე წარმოადგინეს გადაწყვეტილების ასლი, სადაც აპელაციისას გათავისუფლდა მოპასუხე მას შემდეგ რაც დადგინდა, რომ პირველი ინსტანციით მისი მსჯავრდება განხორციელდა ნარკოტიკურლი საშუალებების შეძენის უკანონო ტესტის საფუძველზე მიღებული მტკიცებულების საფუძველზე. მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ პირს შეეძლო კომპენსაციის მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 1069 მუხლის საფუძველზე (იხ. პარაგრაფი 102 ზემოთ). მოცემული მუხლი ადგენდა ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოების და მოხელეების მხრიდან უკანონო ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციის ვალდებულებას მატერიალური და მორალური ზიანისათვის, იმ პირობით, რომ დადგინდებოდა ორგანოს ან მოხელის ბრალეულობა. კომპენსაცია მორალური ზიანისათვის განისაზღვრება სამოქალაქო კოდექსის 1099-1101 მუხლებში გაწერილი წესებით (იხ. პარაგრაფები 103 და 104 ზემოთ). მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ მორალური ზიანი, რომელიც მიყენებულ იქნა პატივის, ღირსებისა თუ რეპუტაციისათვის ზიანის მიმყენებელი ინფორმაციის გავრცელებით, უნდა ანაზღაურდეს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის მიუხედავად. მთავრობამ წარმოადგინა ივანოვოს რაიონის ვიჩუგას საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი, რომლითაც კომპენსაცია მიენიჭა მორალური ზიანისათვის, რომელიც გამომდინარეობდა ეჭვმიტანილის სატელეფონო საუბრების უკანონო მიყურადებით, მას შემდეგ რაც მან ჩანაწერები მიიღო სასამართლოს მიერ მიყურადების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შედეგად. მთავრობამ ასევე წარმოადგინა სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც კომპენსაციას გასცემდა დოკუმენტების უკანონო ჩხრეკისა და ამოღების გამო და ასევე სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც კომპენსაციას ანიჭებდა პირს, რომლის წინააღდეგაც შეწყდა უკანონო დევნა. რუსეთს კანონმდებლობა ასევე აწესებს სისხლის სამართლებრივი დაცვის საშუალებებს უფლებამოსილების გადამეტების (სისხლის სამართის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლები), პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების შესახებ ინფორმაციის უნებართვო მოპოვებისა თუ გავრცელების (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი) და მოქალაქის კომუნიკაციების კონფიდენციალურობის უფლების დარღვევის გამო (სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლი) (იხ. პარაგრაფები 19-22 ზემოთ). ამ მხრივ მთავრობამ მოიხმო უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ვინმე ე.ს. მსჯავრდებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით რამდენიმე ტელეფონის ნომრის მეპატრონის სახელი/გვარისა და ამ ნომრების სატელეფონო ზარების ჩანაწერების მისთვის მიწოდების წაქეზების გამო. მათ ასევე მოიხმეს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მსჯავრი შეეფარდა საბაჟო მოხელეს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით ვინმე პ.-ს სატელეფონო კომუნიკაციების მიყურადების გამო. მათ წარმოადგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი კიდევ ორი მსჯავრდების გადაწყვეტილების ასლი: პირველის მსჯავრდება ეხებოდა ჯაშუშობის დანადგარის გაყიდვას, კერძოდ კი კამერაჩამონტაჟებული კალმებისა და საათების, ხოლო მეორე მსჯავრდება კი ეხებოდა საიდუმლო ოპერაციას, რომლის ფარგლებშიც კომუნიკაციის პროვაიდერის მონაცემთა ბაზა დაექვემდებარა უკანონო წვდომას აბონენტთა ზარების დეტალური ჩანაწერების მიღების მიზნით. დაბოლოს, მთავრობა აცხადებდა, რომ რუსეთის კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი დაცვა იძლეოდა საშუალებას მომხდარიყო კომუნიკაციების მიყურადების სფეროში არასაკმარისი გარანტიების გასაჩივრება (იხ. პარაგრაფი 156 ზემოთ). მთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივანს არ გამოუყენებია რუსეთის კანონმდებლობით დადგენილი და ზემოთგანხილული სამართლებრივი დაცვის არანაირი საშუალება. კერძოდ, მან აირჩია ჩივილი მობილური ქსელების ოპერატორების წინააღმდეგ, სადაც კომუნიკციების სამინისტრო მხოლოდ მესამე მხარედ იყო ჩართული.
(ბ) სასამართლოს შეფასება
(i) ზოგადი პრინციპები სასამართლო კიდევ ერთხელ აღნშნავს, რომ ჩარევა 8 § 2 მუხლით გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუკი იგი შეესაბამება კანონს, ისახავს მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ერთ-ერთ კანონიერ მიზანს და არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში რომელიმე ხსენებული მიზნის მისაღწევად (იხ. კენედი, ციტირებული ზემოთ, § 130). სასამართლო აღნიშნავს, რომ მისი დამკვიდრებული პრაქტიით ფრაზა „კანონის შესაბამისი“ გულისხმობს, რომ გასაჩივრებული ღონისძებები უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ კანონმდებლობას და შესაბამისობაში იყოს კანონის უზენაესობასთან, რაც პირდაპირ არის ხსენებული კონვენციის პრეამბულაში და წარმოადგენს მე-8 მუხლის ობიექტისა და მიზნის განუყოფელ ნაწილს. ამიტომ, კანონი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხობრივ მოთხოვნებს: უნდა იყოს დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომი და მისი შედეგები უნდა იყოს განჭვრეტადი (იხ. სხვა მრავალს შორის, Rotaru v. Romania [GC], no. 28341/95, § 52, ECHR 2000‑V; S. და Marper v. the United Kingdom [GC], nos. 30562/04 და 30566/04, § 95, ECHR 2008; და Kennedy, ციტირებული ზემოთ, § 151). სასამართლომ რამდენიმე შემთხვევაში აღნიშნა, რომ „განჭვრეტადობაზე“ მითითება კომუნიკაციების მიყურადების კონტექსტში არ არის სხვა სფეროებში ამავე ტერმინისათვის მინიჭებული მნიშვნელობის იდენტური. თვალთვალის საიდუმლო ღონისძიებების სპეციალურ კონტექსტში, ისეთი როგორიც არის კომუნიკაციის მიყურადება, განჭვრეტადობა არ უნდა გულისხმობდეს ინდივიდის შესაძლებლობას განჭვრიტოს თუ როდის მოახდენენ სახელმწიფო ორგანოები მისი კომუნიკაციის მიყურადებას და ამის შედეგად მოერგოს მას. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც აღსრულების უფლებამოსილება ხორციელდება საიდუმლოდ, თვითნებობის საფრთხე კიდევ უფრო აშკარაა. შესაბამისად, აუცილებელია არსებობდეს სატელეფონო საუბრების მიყურადების ნათელი და დეტალური წესები, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ მიზნით გამოყენებული ტექნოლოგიები სულ უფრო და უფრო იხვეწება. ეროვნული კანონმდებლობა უნდა იყოს საკმარისად ნათელი მოქალაქეებისათვის იმის განმარტებისას თუ რა გარემოებებში და პირობებში ენიჭებათ სახელმწიფო ორგანოებს მსგავსი ღონისძიებების გამოყენების უფლება (იხ.Malone, ციტირებული ზემოთ, § 67; Leander v. Sweden, 26 March 1987, § 51, Series A no. 116; Huvig v. France, 24 აპრილი 1990, § 29, Series A no. 176‑B; Valenzuela Contreras v. Spain, 30 ივლისი 1998, § 46, Reports of Judgments and Decisions 1998‑V; Rotaru, ციტირებული ზემოთ, § 55; Weber and Saravia, ციტირებული ზემოთ, § 93; და Association for European Integration and Human Rights and Ekimdzhiev, ციტირებული ზემოთ, § 75). ამასთანავე, რადგან კომუნიკაციების საიდუმლო თვალთვალის ღონისძიებები არ ექვემდებარება ობიექტთა მხრიდან შემოწმებას ან საზოგადოებრივ ყურადღებას, კანონის უზენაესობის დარღვევა იქნებოდა აღმასრულებლისა თუ მოსამართლის დისკრეცია შეუზღუდავ უფლებამოსილებად ჩამოყალიბდეს. შესაბამისად, კანონმა კომპეტენტური ორგანოებისადმი მინიჭებული დისკრეციის მასშტაბი და მისი განხორციელების ფორმა იმდენად ნათლად უნდა განმარტოს, რომ ინდივიდებს მიეცეთ ადექვატური დაცვის საშუალება თვითნებური ჩარევისაგან (იხ. სხვა მრავალს შორის Malone, ციტირებული ზემოთ, § 68; Leander, ციტირებული ზემოთ, § 51; Huvig, ციტირებული ზემოთ, § 29; და Weber and Saravia, ციტირებული ზემოთ, § 94). თვალთვალის საიდუმლო ღონისძიებების შესახებ პრაქტიკაში ადამიანის უფლებათა სასამართლომ შეიმუშავა შემდეგი მინიმალური გარანტიები, რომელიც მოცემული უნდა იყოს კანონში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად: დანაშაულის ბუნება, რომელიც შესაძლოა გახდეს მიყურადების ბრძანების საფუძველი; იმ პირთა კატეგორიის განმარტება, რომელთა ტელეფონის მიყურადებაც დაუშვება; სატელეფონო მიყურადების ხანგრძლივობის შეზღუდვა; პროცედურა, რომელიც დაცული უნდა იყოს მოპოვებული მონაცემების შესწავლის, გამოყენებისა და შენახვისას; დაცვის მექანიზმები სხვა მხარესათვის მონაცემების გადაცემისას; და გარემოებები, როდესაც უნდა მოხდეს ჩანაწერების სავალდებულო ან შესაძლო წაშლა ან განადგურება (იხ.Huvig, ციტირებული ზემოთ, § 34; Amann v. Switzerland [GC], no. 27798/95, §§ 56-58, ECHR 2000‑II; Valenzuela Contreras, ციტირებული ზემოთ, § 46; Prado Bugallo v. Spain, no. 58496/00, § 30, 18 თებერვალი 2003; Weber and Saravia, ციტირებული ზემოთ, § 95; და Association for European Integration and Human Rights and Ekimdzhiev, ციტირებული ზემოთ, § 76). რაც შეეხება კანონიერი მიზნის დასაცავად ჩარევის „აუცილებლობას დემოკრატიულ საზოგადოებაში“, სასამართლო აღიარებს, რომ თვალთვალის საიდუმლო ღონისძებების გამოყენებით მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვისა და მომჩივნის პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევის სერიოზულობის შეფარდებისას, სახელმწიფო ორგანოები სარგებლობენ შეფასების გარკვეული ზღვარით ეროვნული უშიშროების დაცვის კანონიერი მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი საშუალებების არჩევისას. თუმცა, ხსენებული შეფასების ზღვარი ექვემდებარება ევროპულ ზედამხედველობას, რაც მოიცავს როგორც საკანონმდებლო, ისე გადაწყვეტილებების აღსრულებას. იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული უშიშროების დასაცავად შექმნილი საიდუმლო თვალთვალის სისტემამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ან გაანადგუროს დემოკრატია მისი დაცვის საფარველით, ევროპული სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ უფლების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად არსებობს ადექვატური და ეფექტიანი გარანტიები. შეფასება დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, ისეთი, როგორიცაა შესაძლო ღონისძიებების ბუნება, მასშტაბი და ხანგრძლივობა, მათი მოთხოვნის საფუძვლები, ორგანოები, რომლებიც ფლობენ მისი ავტორიზების, განხორციელებისა და ზედამხედველობის უფლებამოსილებას და ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი დაცვის საშუალებანი. სასამართლომ უნდა განიხილოს თუ რამდენად უზრუნველყოფს ზედამხედველობის პროცედურა შემზღუდავი ღონისძიებების დადგენისა და განხორციელების ზედამხედველობას იმგვარად, რომ „ჩარევა“ შემოიფარგლოს „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობით“ (იხ.Klass and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 49, 50 და 59; Weber and Saravia, ციტირებული ზემოთ, § 106; Kvasnica v. Slovakia, no. 72094/01, § 80, 9 ივნისი 2009; და Kennedy, ციტირებული ზემოთ, §§ 153 და 154). საიდუმლო თვალთვალის ღონისძიებების გადახედვა და ზედამხედველობა შესაძლოა სამ ეტაპზე განხორციელდეს: პირველად როდესაც გაიცემა თვალთვალის ბრძანება, შემდეგ როდესაც იგი ხორციელდება ან მისი დასრულების შემდეგ. პირველ ორ ეტაპზე, საიდუმლო თვალთვალის ბუნება და ლოგიკა მიგვითითებს, რომ არა მხოლოდ თვალთვალი, არამედ მისი თანმდევი განხილვაც უნდა განხორციელდეს პირის ცოდნის გარეშე. შესაბამისად, იმის გამო, რომ პირი თავად ვერ შეძლებს ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის ძიებას და ვერ მიიღებს უშუალო მონაწილეობას სამართალწარმოების ნებისმიერ განხილვაში, აუცილებელია, რომ დადგენილი პროცედურა თავად აწესებდეს მისი უფლებების ადექვატური და ექვივალენტური დაცვის გარანტიებს. ასევე, საზედამხედველო პროცედურებში უნდა მოხდეს დემოკრატული საზოგადოების ღირებულებების რაც შეიძლება გულწფელი დაცვა, რათა არ მოხდეს 8 § 2 მუხლის მნიშვნელობით დადგენილი აუცილებლობის გადაჭარბება. იმ სფეროში, სადაც ინდივიდუალურ შემთხვევებში უფლების ბოროტად გამოყენება და დემოკრატიული საზოგადოებისათვის საზიანო შედეგების მოტანა ამდენად მარტივია, სასურველია პრინციპის დონეზე მიენიჭოს საზედამხედველო კონტროლი მოსამართლეს, რადგან სწორედ სასამართლო კონტროლი წარმოადგენს პროცედურის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ჯეროვანობის გარანტიას (იხ.Klass and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 55 და 56). რაც შეეხება მესამე ეტპს, მას შემდეგ რაც დასრულდება თვალთვალი, მის შესახებ შეტყობინება უშუალო კავშირშია სამართლებრივი დაცვის ეფექტურობასთან და, შესაბამისად, წარმოადგენს საზედამხედველო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისაგან ეფექტიან დაცვას. პრინციპში, სასამართლოებს ინდივიდები იშვიათად მიმართავენ, გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც ეს უკანასკნელი შეიტყობს მის მიმართ გამოყენებული ღონისძიებების შესახებ და, შესაბამისად, ეძლევა მისი კანონიერების უკუძალით გასაჩივრების საშუალება (იხ.Klass and Others, ციტირებული ზემოთ, § 57, და Weber and Saravia, ციტირებული ზემოთ, § 135) ან, ალტერნატიულად, პირს, რომელსაც ეჭვი აქვს, რომ მისი კომუნიკაცია ისმინება, შეუძლია მიმართოს სასამართლოებს. ამგვარად, სასამართლოების იურისდიქცია არ არის დამოკიდებული მიყურადების ობიექტისათვის კომუნიკაციების მოსმენის შესახებ შეტყობინების მიცემაზე (იხ. კენედი, ციტირებული ზემოთ, § 167).
(ii) ზოგადი პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში სასამართლო აღნიშნავს, რომ მას დადგენილი აქვს, 8 § 1 მუხლით ჩარევის არსებობა მომჩივნის მიერ წარმოდგენილ ზოგად საჩივარში, რომელიც ეხებოდა მობილური ტელეფონებით კომუნიკაციის ფარული მიყურადების მარეგულირებელ რუსეთის კანონმდებლობას. შესაბამისად, 8 § 2 მუხლით ჩარევაში გამამართლებელი გარემოებების ანალიზისას, სასამართლომ უნდა განიხილოს თუ რამდენად შეესაბამება გასაჩივრებული კანონმდებლობა კონვენციას. სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ იმ საქმეებში, რომელიც ეხებოდა ფარული თვალთვალის დამშვებ კანონმდებლობას, ჩარევის კანონიერება მჭიდრო კავშირშია ხოლმე „აუცილებლობის“ ტესტის დაცვასთან და, შესაბამისად, გონივრულია სასამართლომ ერთობლიობაში განიხილოს „კანონის შესაბამისად“ და „აუცილებელი“ მოთხოვნების დაცვას (იხ.Kennedy, ციტირებული ზემოთ, § 155; იხ. აგრეთვე Kvasnica, ციტირებული ზემოთ, § 84). ამ კონტექსტში, „კანონის ხარისხი“ გულისხმობს, რომ ეროვნული კანონი უნდა იყოს არა მხოლოდ ხელმისაწვდომი და მისი გამოყენება განჭვრეტადი, არამედ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ ფარული თვალთვალის ღონისძიებანი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც არის „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“, რაც შესაძლებელია უფლების ბოროტად გამოყენებისაგან ადექვატური და ეფექტიანი დაცვის მექანიზმებისა და გარანტიების დაწესების გზით. მხარეები არ დავობენ, რომ მობილური სატელეფონო კომუნიკაციების მიყურადებას ეროვნულ კანონმდებლობაში საფუძველი გააჩნია. კერძოდ, იგი რეგულირდება „სსსკ“ და „კოსს“ მიერ, ისევე როგორც კომუნიკაციების სამინისტროს მიერ მიღებული კომუნიკაციის კანონითა და ბრძანებებით. ამასთანავე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნათელია ისიც, რომ რუსეთის კანონმდებლობით დადგენინლი თვალთვალის ღონისძიებანი ემსახურება ეროვნული უშიშროებისა და საჯარო უსაფრთხოების, დანაშაულის პრევენციისა და ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის დაცვას (იხ. პარაგრაფი 26 ზემოთ). შესაბამისად, დასადგენია თუ რამდენად არის ეროვნული კანონი ხელმისაწვდომი და თუ რამდენად შეიცავს ადექვატურ და ეფექტიან დაცვასა და გარანტიებს „განჭვრეტადობისა“ და „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ მოთხოვნების დასაცავად. სასამართლო, შესაბამისად, თავის მხრივ შეაფასებს ეროვნული კანონის ხელმისაწვდომობას, საიდუმლო თვალთვალის ღონისძიებების მასშტაბსა და ხანგრძლივობას, მოპოვებული მომნაცემების შენახვის, წვდომის, შესწავლის, გამოყენების, გადაცემისა და განადგურების პროცედურებს, ავტორიზაციის პროცედურას, საიდუმლო თვალთვალის ზომებზე ზედამხედველობის პირობებსა და შეტყობინების მექანიზმებსა და ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ სამართლებრივი დაცვის მექანიზმებს.
(ა) ეროვნული კანონის ხელმისაწვდომობა მხარეები თანხმდებიან, რომ საიდუმლო თვალთვალის მარეგულირებელი თითქმის ყველა საკანონმდებლო დებულება - მათ შორის „სსსკ“, „კოსს“, კომუნიკაციების შესახებ კანონი და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანებების უმეტესობა - ოფიციალურად გამოქვეყნებულია და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია. მხარეები ვერ თანხმდებიან თუ რამდენად აკმაყოფილებს კომუნიკაციის მინისტრის N. 70 ბრძანება ხელმისაწვდომობის მოთხოვნას. სასამართლო მიუთითებს, რომ N. 70 ბრძანების დანართები არასდროს გამოქვეყნებულა საზოგადოდ ხელმისაწვდომ ოფიციალურ წყაროში, რადგან მიჩნეული იყო ტექნიკური ბუნების მქონე დოკუმენტად (იხ. პარაგრაფი 128 ზემოთ). სასამართლო იზიარებს, რომ N. 70 დანართები დიდწილად აღწერენ კომუნიკაციების სერვისის პროვაიდერების მიერ დასამონტაჟებელი მიყურადების დანადგარის ტექნიკურ მახასიათებლებს. ამასთანავე, იმის მოთხოვნით, რომ ხსენებული დანადგარით სამართალდამცავ ორგანოებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ ყველა აბონენტის ყველა სატელეფონო კომუნიკაციაზე, რომელიც არ უნდა აღინუსხებოდეს და ინფორმაცია არ უნდა იწერებოდეს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიყურადების შესახებ (იხ. პარაგრაფები 115-122 ზემოთ), N. 70 ბრძანების დანართებს აძლევს პოტენციალს იმოქმედონ აბონენტთა პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის პატივისცემის უფლებაზე. სასამართლო, შესაბამისად მიიჩნევს, რომ მათზე წვდომა საზოგადოებას უნდა შეეძლოს. ბრძანების კომუნიკაციების სამინისტროს ოფიციალურ ჟურნალში „SvyazInform“ , რომელიც ვრცელდება მხოლოდ ხელმომწერთა შორის, უზრუნველყოფს მათ ხელმისაწვდომობას კომუნიკაციების სპეციალისტთა შორის და არა ზოგადად საზოგადოებისათვის. ამასთანავე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრძანების ტექსტი, დანართებითურთ, ხელმისაწვდომია კერძო ინტერნეტ სამართლის ბაზაში, რომელმაც იგი გადმობეჭდა ჟურნალიდან ”SvyazInform“ (იხ. პარაგრაფი 115 ზემოთ). სასამართლო მიიჩნევს, რომ N.70 ბრძანების ზოგადად ხელმისაწვდომი ოფიციალური გამოცემის არარსებობა სამწუხაროა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ იგი გამოქვეყნდა ოფიციალურ სამინისტროს ჟურნალში, იმ ფაქტან ერთად, რომ იგი ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის ინტერნეტ სამართლებრივ ბაზაში, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საჭიროა ეროვნულ კანონმდებლობაში ხელმისაწვდომობის საკითხის შემდგომი განხილვა. შესაბამისად, იგი ყურადღებას გაამახვილებს „განჭვრეტადობისა“ და „აუცილებლობის“ მოთხოვნაზე.
(ბ) საიდუმლო თვალთვალის ღონისძებების გამოყენების მასშტაბი სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა კანონმდებლობამ უნდა განმარტოს საიდუმლო თვალთვალის ღონისძიებების გამოყენების მასშტაბი და მისცეს მოქალაქეებს ადექვატური მითითება თუ რა პირობებში აქვთ სახელმწიფო ორგანოებს მსგავსი ზომების მიღების უფლება - კერძოდ კი ნათლად განმარტოს იმ დანაშაულთა ბუნება, რომელიც შეიძლება იყოს მიყურადების ბრძანების საფუძველი და ჩამოთვალოს იმ პირთა კატეგორიები, რომელთა ტელეფონებიც შესაძლოა დაექვემდებარონ მიყურადებას (იხ. პარაგრაფი 231 ზემოთ). დანაშაულების ბუნებასთან მიმართებაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ განჭვრეტადობის პირობის დადგენისას იგი სახელმწიფოს არ თხოვს ამომწურავად, სახელებით ჩამოთვალოს, კონკრეტული დანაშაულები, რომელიც შესაძლოა შეიქნეს მიყურადების საფუძველი. თუმცა, საჭიროა დანაშაულის ბუნების საკმარისი დეტალების მითითება (იხ. კენედი, ციტირებული ზემოთ, § 159). როგორც „კოსს“, ისე „სსსკ“ ადგენს, რომ სატელეფონო ან სხვა კომუნიკაცია შესაძლოა მიყურადებას დაექვემდებაროს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში - ანუ დანაშაულები, რომელთათვისაც სისხლის სამართის კოდექსი აწესებს მაქსიმუმ სამ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას - რომელიც უკვე ჩადენილია, მიმდინარეობს ან იგეგმება (იხ. პარაგრაფი 31-33 ზემოთ). სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულის ბუნება, რომელიც შესაძლოა იყოს მიყურადების საფუძველი საკმარისად ნათელია. თუმცა იქვე შეშფოთებით მიუთითებს, რომ რუსეთის კანონმდებლობა უშვებს კომუნიკაციების საიდუმლო მიყურადებას დანაშაულის ფართო სპექტრისათვის, მათ შორის, როგორც მომჩივანმა აღნიშნა, ჯიბის ქურდობისათვისაც (იხ. პარაგრაფი 182 ზემოთ; ასევე მსგავსი არგუმენტაცია იხილეთ საქმეში Iordachi and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 43 და 44). სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მიყურადება შესაძლოა განისაზღვროს არა მხოლოდ ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მიმართ, არამედ ნებისმიერი იმ პირის მიმართაც, რომელიც შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას დანაშაულის შესახებ ან ჰქონდეს საქმისათვის რელევანტური რაიმე ცნობა (იხ. პარაგრაფი 32 ზემოთ). სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ მიყურადების ზომები იმ პირთან მიმართებაში, რომელიც არ არის დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი, მაგრამ შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას მის შესახებ გამართლებულია კონვენციის მე-8 მუხლით (იხ. ზემორეციტირებული საქმე Greuter). ამასთანავე, სასამართლო მიუთითებს, რომ რუსეთის კანონმდებლობასა თუ დამკვიდრებულ პრაქტიკაში განმარტებების არარსებობა მასზე, თუ რა იგულისხმება ფრაზაში „პირი, რომელიც შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას დანაშაულის შესახებ“ და „პირი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ინფორმაცია“ და როგორ უნდა მოხდეს პრაქტიკაში მათი გამოყენება (იხ. მსგავსი არგუმენტაცია ზემორეციტირებულ საქმეში Iordachi and Others, § 44). სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დანაშაულის პრევენციისა თუ დადგენის მიზნით მიყურადებასთან ერთად „კოსს“ ადგენს, რომ ტელეფონისა და სხვა კომუნიკაციის მიყურადება შესაძლებელია რუსეთის ეროვნული, სამხედრო, ეკონომიკური ან ეკოლოგიური უშიშროებისთვის საფრთხის შესახებ ინფორმაციის მიღების საფუძველზე (იხ. პარაგრაფი 31 ზემოთ). ის, თუ რა მოვლენები ან ქმედებები შეიძლება იქნას მიჩნეული უშიშროების ამ სახეობებისათვის არსად არის განმარტებული რუსეთის კანონმდებლობაში. სასამართლოს აღნიშნული აქვს, რომ კანონის „განჭვრეტადობის“ მოთხოვნა სახელმწიფოს არ ავალდებულებს მიიღოს დებულებანი, რომელიც დეტალურად ჩამოთვლის ყველა ქმედებას, რომელიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს ინდივიდის მიმართ საიდუმლო თვალთვალს „ეროვნული უშიშროების“ საფუძველზე. მოვლენათა ლოგიკის გამო, ეროვნული უშიშროებისათვის საფრთხეები განსხვავდება ხასიათით და რთულია მათი წინასწარ განსაზღვრა ან განმარტება (იხ. კენედი, ციტირებული ზემოთ, § 159). ამასთანავე, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ფუნდამენტურ უფლებებზე ზემოქმედებისას, კანონის უზენაესობის - კონვენციაში მოცემული დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპის უგულვებელყოფა იქნებოდა ეროვნული უშიშროების სფეროში აღმასრულებლისათვის მინიჭებული დისკრეციის შეუზღუდავ უფლებამოსილებად ჩამოყალიბება. შესაბამისად, კანონი უნდა განსაზღვრავდეს კომპეტენტურ ორგანოზე დაკისრებული ყოველი ამგვარი დისკრეციის მასშტაბსა და ითხოვდეს მის განხორციელებას საკმრისი სიცხადით, მოცემული ღონისძიების კანონიერი მიზნის გათვალისწინებითა და ინდივიდისათვის თვითნებური ჩარევისაგან ადექვატური დაცვის უზრუნველყოფას (იხ.Liu v. Russia, no. 42086/05, § 56, 6 დეკემბერი 2007, შემდგომი მითითებებით). მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ „კოსს“ არ განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომლის დროსაც შესაძლოა ინდივიდის კომუნიკაციების მიყურადება რუსეთის ეროვნული, სამხედრო, ეკონომიკური თუ ეკოლოგიური უშიშროებისათვის საფრთხის მომცველი მოვლენებისა თუ საქმიანობების გამო. ამგვარად ხელისუფლების ორგანოებს ენიჭებათ თითქმის განუსაზღვრელი დისკრეციული უფლებამოსილება იმის დადგენისას თუ რომელი მოვლენები თუ ქმედებანი წარმოადგენენ მსგავს საფრთხეს და თუ რამდენად სერიოზულია საფრთხე იმისათვის, რომ გაამართლოს საიდუმლო თვალთვალი; ამგვარად შესაძლოა შეიქმნას უფლების ბოროტად გამოყენების საშუალება (იხ. მსგავსი არგუმენტაცია ზემორეციტირებულ საქმეში Iordachi and Others, § 46). ყოველივე აღნიშნულის გათალისწინებით, სასამართლო არც იმ ფაქტს ივიწყებს, რომ მიყურადებამდე რუსეთში აუცილებელია სასამართლო ნებართვის მიღება. ხსენებული სასამართლო ნებართვები წარმოადგენენ სამართალდამცავი ორგანოების დისკრეციული უფლებამოსილების ზღვარის დამდგენ პირობას შემდეგი ტერმინების ფართოდ განმარტების მცდელობისას „პირი, რომელიც შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას დანაშაულის შესახებ“, „პირი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ინფორმაცია“ და „მოვლენები ან ქმედებები, რომელიც საფრთხეს უქმნიან რუსეთის ეროვნულ, სამხედრო, ეკონომიკურ ან ეკოლოგიურ უშიშროებას“, ადგენენ რა ტერმინთა დამკვიდრებულ სასამართლო ინტერპრეტაციას ან დამკვიდრებულ პრაქტიკას იმის განსაზღვრისას თუ რამდენად არსებობს საკმარისი მიზნები პირის კონკრეტული ინდივიდუალური კომუნიკაციების მიყურადებისათვის ყოველ კონკრეტულ საქმეში. სასამართლო იზიარებს, რომ წინასწარი სასამართლო ავტორიზაციის მოთხოვნა წარმოადგენს მნიშვნელოვან დაცვას თვითნებობისაგან. ხსენებული დაცვის ეფექტურობას სასამართლო ქვემოთ განიხილავს.
(გ) საიდუმლო თვალთვალის ღონისძიებების ხანგრძლივობა
სასამართლომ დაადგინა, რომ გონივრულობას მოკლებული არ არის მიყურადების საერთო ხანგრძლივობის განსაზღვრა იმ ეროვნული ორგანოების დისკრეციას დაექვემდებაროს, რომლებიც გასცემენ და ანახლებენ მიყურადების შუამდგომლობას, იმ პირობით, რომ იარსებებს ადექვატური დაცვის გარანტიები, როგორიც არის, კანონმდებლობაში იმ ვადის მითითება, რომლის შემდეგაც მიყურადების ბრძანებას ვადა ამოეწურება, პირობები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია მოხდეს შუამდგომლობის განახლება და ის გარემოებანი, როდესაც უნდა შეწყდეს მიყურადება (იხ.Kennedy, ციტირებული ზემოთ, § 161; ის. აგრეთვე Klass and Others, ციტირებული ზემოთ, 52, და Weber and Saravia, ციტირებული ზემოთ, § 98). პირველ დაცვის გარანტიასთან მიმართებაში, როგროც „სსსკ“, ისე „კოსს“ ადგენს, რომ მიყურადების ნებართვა გაიცემა მოსამართლის მიერ არაუმეტეს ექვსი თვის ვადით (იხ. პარაგრაფები 38 და 47 ზემოთ). შესაბამისად, ეროვნული კანონმდებლობა ნათლად განსაზღვარვს იმ პერიოდს, რომლის შემდეგაც მოხდება ნებართვის ვადის ამოწურვა. მეორე, პირობები როდესაც შესაძლებელია მოხდეს ავტორიზაციის გადახედვა, ასევე ნათლადაა გაწერილი კანონმდებლობაში. კერძოდ, ორივე „სსსკ“ და „კოსს“ განსაზღვრავს, რომ მოსამართლეს უფლება აქვს გააგრძელოს მიყურადების ნებართვა ერთჯერადად ექვსი თვის ვადით, რა დროსაც უნდა მოხდეს ყველა შესაბამისი გარემოს ხელახალი შესწავლა (id.). რაც შეეხება მესამე გარანტიას, რომელიც ეხება იმ გარემოებებს, როდესაც უნდა შეწყდეს მიყურადება, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ „სსსკ“ საუბრობს მიყურადების შეწყვეტაზე როდესაც აღარ არის მისი საჭიროება. სამწუხაროდ, „კოსს“ არ მოიცავს მსგავს პირობას (id). პრაქტიკაში ეს გულისხმობს, რომ სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში მიყურადებას თან უნდა ახლდეს დაცვის იმაზე მეტი გარანტია, ვიდრე მისი რეგულირების მიღმა განხორციელებულ მიყურადებას, კერძოდ კი საუბარია„მოვლენებსა ან ქმედებებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ, სამხედრო, ეკონომიკურ ან ეკოლოგიურ უსაფრთხოებას“. ზემორეს საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ რუსეთის კანონმდებლობა შეიცავს ნათელ წესებს მიყურადების ხანგრძლივობისა და განახლების შესახებ, რაც წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებისაგან ადექვატურ დაცვას, თუმცა, „კოსს“ დებულებანი თვალთვალის ღონისძიებების შეწყვეტის შესახებ არ წარმაოდგენს საკმარის გარანტიებს თვითნებური ჩარევისაგან.
(დ) მოპოვებული მონაცემების შენახვის, წვდომის, შესწავლის, გამოყენების, გადაცემისა და განადგურების პროცედურები
რუსეთის კანონმდებლობა ადგენს, რომ საიდუმლო თვალთვალის ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, რომელიც უნდა დაილუქოს და შეინახოს არაუფლებამოსილი წვდომის საფრთხის გამომრიცხავ პირობებში. მათი გადაცემა შესაძლებელია იმ სახელმწიფო მოხელეებისათვის, რომლებსაც აუცილებლად სჭირდებათ ხსენებული მონაცემები სამსახურეობრივი საქმიანოს შესასრულებლად და ამასთანავე გააჩნიათ უშიშროების სპეციალური ნაბართვა. აუცილებელია ზომების მიღება, რათა უზრუნველყოფილ იქნას მხოლოდ და მხოლოდ იმ ოდენობის ინფორმაციის გამჟღავნება, რაც აუცილებელია სამსახურეობრივი საქმიანობის შესასრულებლად. მოხელე, რომელიც პასუხისმგებელია მონაცემების უსაფრთხოდ შენახვაზე და სხვა პირთათვის მის მიუწვდომლობაზე უშიშროების სათანადო ნებართვის გარეშე, ნათლად არის განსაზღვრული (იხ. პარაგრაფები 51-57 ზემოთ). ეროვნული კანონმდებლობა ასევე განსაზღვრავს მიყურადების შედეგად მოპოვებული, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მომცველი მონაცემების ბრალმდებელი ორგანოებისათვის გადაცემის პირობებსა და პროცედურებს. კანონმდებლობა აღწერს, მათი უსაფრთხო შენახვის და სისხლის სამართლის პროცესში მტკიცებულებად გამოყენების პირობებს (იხ. პარაგრაფები 58-64 ზემოთ). სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსეთის კანონმდებლობა მოიცავს მიყურადებული მონაცემების შენახვის, გამოყენებისა და გადაცემის ნათელ წესებს, რითაც მცირდება უნებართვო წვდომისა თუ გამჟღავნების საფრთხე (იხ. მსგავსი არგუმენტაცია საქმეში კენედი, ციტირებული ზემოთ, §§ 62-63). რაც შეეხება მოპოვებული მასალის განადგურებას, ეროვნული კანონმდებლობა ადგენს, რომ მიყურადების შედეგად მიღებული მასალა უნდა განადგურდეს ექვსთვიანი შენახვის შემდეგ, თუკი არ მოხდება პირის მსჯავრდება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში. ხოლო თუკი პირი იქნება სისხლის სამართლის დანაშაულში მსჯავრდებული, საქმის განმხილველი მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას პროცესის დასრულების შემდეგ შეინახოს თუ განადგურდეს მტკიცებულებად გამოყენებული მიყურადების მასალა (იხ. პარაგრაფები 65-66 ზემოთ). იმ შემთხვევებში, როდესაც პირს არ ედება მსჯავრი დანაშაულის ჩადენაში, სასამართლო ვერ იზიარებს მომჩივნის პოზიციას რომლის მიხედვითაც რუსეთის კანონმდებლობა უშვებს მიყურადებული მასალის შენახვას კანონით დადგენილ ვადაზე ხანგრძლივად (იხ. პარაგრაფი 188 ზემოთ). იკვეთება, რომ მომჩივნის მიერ მოხმობილი დებლებანი არ ვრცელდება კომუნიკაციების მიყურადების შედეგად მოპოვებული მონაცემების შენახვის კონკრეტულ შემთხვევაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ მონაცემების ექსვთვიანი შენახვის ვადა, რომელსაც რუსეთის კანონმდებლობა ადგენს, გონივრულია. ამასთანავე, სასამართლო გმობს მოპოვების მიზნის შეუსაბამო მონაცემის დაუყოვნებლივ განადგურების მოთხოვნის არარსებობას (შეადარეთ Klass and Others, ციტირებული ზემოთ, § 52, და Kennedy, ციტირებული ზემოთ, § 162). აშკარად არარელევანტური მონაცემების ავტომატური შენახვა ექვსი თვის ვადით ვერ იქნება გამართლებული კონვენციის მე-8 მუხლით. რაც შეეხება შემთხვევებს, როდესაც პირს მსჯავრი დაედო დანაშაულის ჩადენაში, სასამართლო წუხილით აღნიშნავს, რომ რუსეთის კანონმდებლობა საქმის განმხილველ მოსამართლეს ანიჭებს განუსაზღვრელ დისკრეციულ უფლებამოსილებას გადაწყვიტოს შეინახოს თუ გაანადგუროს საქმის განხილვისას მტკიცებულებად გამოყენებული მონაცემები (იხ. პარაგრაფი 66 ზემოთ). რუსეთის კანონმდებლობა მოქალაქეებს არ აძლევს მითითებას თუ რა პირობებში შეიძლება მოხდეს მიყურადებული მასალის შენახვა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. სასამართლო, შესაბამისად, თვლის, რომ ეროვნული კანონმდებლობა არ არის საკმარისად ნათელი ამ კუთხით.
(ე) მიყურადების ავტორიზაცია/ნებართვა
ავტორიზაციის/ნებართვის პროცედურა სასამართლო ითვალისწინებს რიგ გარემოებებს იმის შეფასებისას, თუ რამდენად უზრუნველყოფს ავტორიზაციის პროცედურა საიდუმლო თვალთვალის ქაოტურ, არათანმიმდევრულ ან სათანადო და ჯეროვანი განხილვის გარეშე დადგენისაგან თავდაცვას. მოცემული პირობები ეხება თვალთვალის ნებადამრთველ კომპეტენტურ ორგანოს, მისი განხილვის მასშტაბსა და მიყურადების ავტორიზაციის შინაარსს. თვალთვალის მაავტორიზებელ კომპეტენტურ ორგანოსთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ არამართლმსაჯულებითი ორგანოს მიერ სატელეფონო მიყურადების ნებართვის გაცემა შესაძლებელია კონვენციასთან შესაბამისი იყოს (იხ. მაგალითად Klass and Others, ციტირებული ზემოთ, § 51; Weber and Saravia, ციტირებული ზემოთ, § 115; და Kennedy, ციტირებული ზემოთ, § 31), იმ პირობით, რომ ორგანო საკმარისად დამოუკიდებელი აღმასრულებლისაგან (იხ. Dumitru Popescu v. Romania (no. 2), no. 71525/01, § 71, 26 აპრილი 2007). რუსეთის კანონმდებლობა შეიცავს მნიშვნელოვან დაცვას საიდუმლო თვალთვალის თვითნებობისა და განურჩევლობისაგან. იგი მიუთითებს, რომ ტელეფონის ან სხვა კომუნიკაციის მიყურადებაზე ნებართვა უნდა გასცეს სასამართლომ (იხ. პარაგრაფები 34 და 44 ზემოთ). სამართალდამცავი ორგანო, რომელსაც სურს ავტორიზაციის მიღება მიყურადებაზე, ვალდებულია მოსამართლეს წარუდგინოს არგუმენტირებული მოთხოვნა, ხოლო მოსამართლეს კი შეუძლია ორგანოს მოთხოვოს დამატებითი მასალის წარმოდგენა (იხ. პარაგრაფები 37-46 ზემოთ). მოსმართლემ უნდა დაასაბუთოს მიყურადების ნებართვა (იხ, პარაგრაფები 38-44 ზემოთ). რაც შეეხება ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ შესწავლის მასშტაბს, სასამართლო აღნიშნავს, რომ განხილვის შედეგად შესაძლებელი უნდა იყოს დადგინდეს პირის წინააღმდეგ გონივრული ეჭვის არსებობა, კერძოდ კი, თუ რამდენად არსებობს ფაქტობრივი მითითებანი პირის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების დაგეგმვის, ჩადენის ან მისი მიმდინარეობის ან იმ სხვა ქმედებათა შესახებ, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს საიდუმლო თვალთვალის საფუძველს, მაგალითად, როგორიც გახლავთ ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხისმომცველი ქმედება. სასამართლომ ასევე უნდა დაადგინოს თუ რამდენად აკმაყოფილებს მიყურადების მოთხოვნა „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობას“ კონვენციის 8 § 2 მუხლით, მათ შორის თუ რამდენად პროპორციულია იგი კანონიერი მიზნის, რასაც დაადგენს იმის შეფასებით თუ რამდენად არის შესაძლებელი დასახული მიზნის ნაკლებად შემზღუდავი საშუალებით მიღწევა (იხ.Klass and Others, ციტირებული ზემოთ, § 51; Association for European Integration and Human Rights and Ekimdzhiev, ციტირებული ზემოთ, §§ 79 და 80; Iordachi and Others, ციტირებული ზემოთ, § 51; და Kennedy, ციტირებული ზემოთ, §§ 31 და 32 ). ადამიანის უფლებათა სასამართლო აღნიშნავს, რომ რუსეთის სასამართლო კონტროლი შეზღუდული ხასიათისაა. შესაბამისად, მასალა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას საიდუმლო აგენტებისა თუ პოლიციის წყაროების თუ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზებისა და ტაქტიკის შესახებ, არ წარედგინება მოსამართლეს და, შესაბამისად, ვერ ხვდება სასამართლო განხილვის ქვეშ (იხ. პარაგრაფი 37 ზემოთ). სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაბამისი ინფორმაციის სასამართლოსათვის არ გამხელა ართმევს მას საშუალებას შეაფასოს თუ რამდენად არსებობს ფაქტობრივი საფუძველი ეჭვი შეიტანოს იმ პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში ან ეროვნული, სამხედრო, ეკონომიკური ან ეკოლოგიური უშიშროებისათვის საფრთხის შექმნაში, რომლის მიმართაც ხდება ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების გატარების ნებართვის მოთხოვნა (იხ. mutatis mutandis, Liu, ციტირებული ზემოთ, §§ 59-63). სასამართლომ წინარე საქმეებში დაადგინა, რომ არსებობს გზა, რომელიც შესაძლებელს ხდის გათვალისწინებულ იქნას დაზვერვის ინფორმაციის წყაროებისა და ბუნების კანონიერი უსაფრთხოების ინტერესები და ამასთანავე ინდივიდს მიეცეს პროცედურული მართლმსაჯულების არსებითი ზომებით სარგებლობის საშუალება (იხ.mutatis mutandis, Chahal v. the United Kingdom, 15 ნოემბერი 1996, § 131, Reports of Judgments and Decisions 1996‑V). შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ რუსეთში მოსამართლეებს არც „სსსკ“ და არც „კოსს“ არ აძლევს მითითებას დაადგინონ პირის წინააღმდეგ „გონივრული ეჭვის“ არსებობა და გამოიყენონ „აუცილებლობისა“ და „პროპორციულობის“ ტესტი. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მისსავე გადაწყვეტილებებში განმარტა, რომ მიყურადების აუცილებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მომთხოვნ ორგანოს და რომ მიყურადების მოთხოვნის განმხილველი მოსამართლე ვალდებულია გადაამოწმოს მოთხოვნილი ღონისძიებების საფუძვლების არსებობა და გასცეს ავტორიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მიყურადება არის კანონიერი, აუცილებელი და გამართლებული. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მიყურადების გამცემი სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს არგუმენტებს და მოიხმობდეს კონკრეტულ საფუძვლებს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის, მიმდინარეობის ან დაგეგმვის შესახებ ან ეჭვს მასზედ რომ არსებობს ქმედებანი, რომელიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ, სამხედრო, ეკონომიკურ ან ეკოლოგიურ უსაფრთხოებას და ასევე ეჭვს, რომ პირი, რომლის მისამართითაც ხდება მიყურადების მოთხოვნა, არის ჩართული დანაშაულებრივ ან სხვა სახიფათო საქმიანობაში (იხ. პარაგრაფი 40-42 ზემოთ). საკონსტიტუციო სასამართლო, შესაბამისად, რეკომენდაციას გასცემს, არსებითად, რომ მიყურადების ნებართვის მოთხოვნის განხილვისას, რუსეთის სასამართლოებმა უნდა დაადგინონ არსებობს თუ არა გონივრული ეჭვი პირის მისამართით და მიყურადებაზე ავტორიზაცია გასცენ მხოლოდ იმ შემთხვევში, თუკი დაკმაყოფილებულია აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნები. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნული კანონმდებლობა საერთო იურისდიქციის სასამართლოებს პირდაპირ არ ავალდებულებს გაითვალისწინონ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრება საკანონმდებლო დებულებების განმარტებაზე თუკი ხსენებული მოსაზრება გამოთქმულია განჩინებაში და არა გადაწყვეტილებაში (იხ. პარაგრაფი 106 ზემოთ). მართლაც, მომჩივნის მიერ წარმოდგენილ მასალებში იკვეთება, რომ ეროვნული სასამართლოები ყოველთვის არ ითვალისწინებენ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ რეკომენდაციებს, რომელიც მოცემულია განჩინებში და არა გადაწყვეტილებებში. შესაბამისად, საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული ანალიტიკურ კომენტარებში იკვეთება, რომ მიყურადების მოთხოვნებს ხშირად თან არ ახლავს დამხმარე მასალა, რომ ხსენებული საოლქო სასამართლოების მოსამრთლეები არასდროს თხოვენ მიყურადების მომთხოვნ ორგანოს ხსენებული მასალის წარმოდგენას და რომ დანაშაულის ან ეროვნული, სამხედრო, ეკონომიკური ან ეკოლოგიური უსაფრთხოების არსებობის შესახებ ინფორმაციის არსებობაზე მცირე მითითებაც კი საკმარისია ავტორიზაციის გასაცემად. მიყურადების მოთხოვნაზე უარი მხოლოდ მაშინ გაიცემა, როდესაც მას ხელს არ აწერს კომპეტენტური პირი, არ შეიცავს მითითებას იმ დანაშაულზე, რომელთან დაკავშირებითაც ხდება მიყურადების მოთხოვნა ან ეხება იმგვარ დანაშაულს, რომლეთან მიმართებაშიც ეროვნული კანონი არ უშვებს მიყურადებას (იხ. პარაგრაფი 193 ზემოთ). შესაბამისად, საოლქო სასამართლოს მიერ გამოცემული ანალიტიკური კომენტარები, მომჩივნის მიერ წარმოდგენილ 2009-2013 წლის სტატისტიკურ ინფორმაციასთან ერთად (იხ. პარაგრაფი 194 ზემოთ), მიუთითებს, რომ ყოველდღიურ პრაქტიკაში რუსეთის სასამართლოები არ ამოწმებენ თუ რამდენად არსებობს პირის მისამართით „გონივრული ეჭვი“ და არ იყენებენ „აუცილებლობისა“ და „პროპორციულობის“ ტესტს. დაბოლოს, მიყურადების ავტორიზაციის შინაარსთან დაკავშირებით, აუცილებელია ნათლად განისაზღვროს კონკერტული პირთა ვინაობა, რომლებიც უნდა დაექვემდებარონ თვალთვალს ან მოხდეს ცალკეულ შენობათა იდენტიფიცირება, რომელთა მიმართებაშიც გაიცემა ნებართვა. ხსენებული მითითება უნდა შეიცავდეს სახელებს, მისამართებს, ტელეფონის ნომრებსა და ყველა სხვა რელევანტურ ინფორმაციას (იხ.Klass and Others, ციტირებული ზემოთ, § 51; Liberty and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 64 and 65; Dumitru Popescu (no. 2), ციტირებული ზემოთ, § 78; Association for European Integration and Human Rights and Ekimdzhiev, ციტირებული ზემოთ, § 80; და Kennedy, ციტირებული ზემოთ, § 160). სასამართლო აღნიშნავს, რომ „სსსკ“ ითხოვს, რომ მიყურადების ავტორიზაციის მოთხოვნა ნათლად უნდა აღნიშნავდეს იმ კონკრეტული პირის ვინაობას, ვისი მიყურადებაც არის მოთხოვნილი, ისევე როგორც მიყურადების ღონისძიების ხანგრძლივობას (იხ. პარაგრაფი 46 ზემოთ). განსხვავებულია ვითრება „კოსს“ შემთხვევაში, რადგან ეს უკანასკნელი არ შეიცავს მოთხოვნას არც მიყურადების მოთხოვნის და არც მიყურადების ავტორიზაციის შინაარსზე. შედეგად, სასამართლო პერიოდულად გასცემს მიყურადების ნებართვას მაშინაც კი, როდესაც მოხსენებული არ არის არც მისაყურადებელი კონკრეტული პირი და არც ტელეფონის ნომერი; შესაბამისად, ხდება დანაშაულის ჩადენის ადგილზე ყველა სატელეფონო კომუნიკაციის მიყურადების ავტორიზება. რიგი ნებართვა არც კი ახსენებს მიყურადების ნებადართულ ხანგრძლივობას (იხ. პარაგრაფი 193 ზემოთ). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი ავტორიზაციები, რომელიც არ არის აშკარად აკრძალული „კოსს“ მიერ, სამართალდამცავ ორგანოებს ანიჭებს ძალიან ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას კომუნიკაციების მიყურადებისა და მისი ხანგრძლივობის შესახებ. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის ჟამს, შესაძლებელია მოხდეს კომუნიკაციების მიყურადება წინასწარი სასამართლო ნებართვის გარეშე ორმოცდარვა საათამდე ვადით. ასეთ შემთხვევაში მოსამართლე ინფორმირებული უნდა იყოს მიყურადების დაწყებიდან ოცდაოთხ საათში. თუკი ორმოცდარვა საათში არ მოხდება სასამართლო ავტორიზაციის გაცემა, მიყურადება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს (იხ. პარაგრაფი 35 ზემოთ). ადამიანის უფლებათა სასამართლოს უკვე განხილული აქვს „გადაუდებელი აუცილებლობის“ პროცედურა ბულგარეთის კანონმდებლობაში და დაადგინა, რომ იგი შესაბამისობაში იყო კონვენციასთან (იხ.Association for European Integration and Human Rights and Ekimdzhiev, ციტირებული ზემოთ, §§ 16 და 82). თუმცა, განსხვავებით ბულგარეთის დებულებებისაგან, რუსეთის „გადაუდებელი აუცილებლობის პროცედურა“ არ ადგენს საკმარის დაცვას იმის უზრუნველსაყოფად, რომ მისი გამოყენება მოხდეს იშვიათად და მხოლოდ ჯეროვნად გამართლებულ შემთხვევებში. შესაბამისად, მართალია კრიმინალური სამართლის სფეროში „კოსს“ ზღუდავს გადაუდებელი აუცილებლობის პროცედურის გამოყენებას მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენის უშუალო საფრთხის შემთხვევებში, იგი არ შეიცავს საიდუმლო თვალთვალის მსგავს შეზღუდვას იმ მოვლენებსა თუ ქმედებებზე, რომელიც ეხება ეროვნულ, სამხედრო, ეკონომიკურ ან ეკოლოგიურ უსაფრთხოებას. „კოსს“ შესაბამის ორგანოებს ანიჭებს შეუზღუდავ დისკრეციას იმის განსაზღვრისას, თუ რა ვითარებებშია გამართლებული არამართლმსაჯულებითი გადაუდებელი აუცილებლობის პროცედურა, რითაც ქმნის უფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას (იხ. განსხვავება, Association for European Integration and Human Rights and Ekimdzhiev, ციტირებული ზემოთ, § 16). ასევე, მართალის რუსეთის კანონმდებლობა მოითხოვს მოსამართლის დაუყოვნებლივ ინფორმირებას გადაუდებელი აუცილებლობისას მიყურადების შესახებ, მისი უფლებამოსილება შეზღუდულია განავრცოს მიყურადების ღონისძიება ორმოცდარვა საათს მიღმა. მას არ გააჩნია უფლებამოსილება შეაფასოს თუ რამდენად გამართლებულია გადაუდებელი მიყურადების პროცედურა და გადაწყვიტოს შეინახოს თუ გაანადგუროს წინა ორმოცდარვა საათის განმავლობაში მოპოვებული მასალა (იხ. განსხვავება Association for European Integration and Human Rights and Ekimdzhiev, ციტირებული ზემოთ, § 16). რუსეთის კანონმდებლობა, შესაბამისად არ აწესებს გადაუდებელი აუცილებლობის პროცედურის ეფექტიან სასამართლო განხილვას. ზემოთმოცემული მოსაზრებების გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსეთის კანონმდებლობით დადგენილი ავტორიზების/ნებართვის პროცედურა ვერ უზრუნველყოფს საიდუმლო თვალთვალის ღონისძიებების ქაოტური, არარეგულარული ან ჯეროვანი და სათანადო განხილვის გარეშე დადგენის თავიდან აცილებას.
ხელისუფლების ორგანოების წვდომა კომუნიკაციებზე სასამართლო ითვალისწინებს მომჩივნის არგუმენტს მასზედ, რომ უშიშროების სამსახურებსა და პოლიციას გააჩნიათ ტექნიკური საშუალება მოახდინონ მობილური სატელეფონო კომუნიკაციების მიყურადება სასამართლო ნებართვის გარეშე, რადგან მათ გააჩნიათ პირადპირი წვდომა ყველა კომუნიკაციაზე და რომ მათი უნარი მიაყურადონ კონკრეტული პირისა თუ პირების კომუნიკაციას, არ არის დამოკიდებული კომუნიკაციების სერვისის პროვაიდერისაგან მიყურადების ნებართვის მიღებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების სერვისის პროვაიდერისათვის მიყურადების ავტორიზაციის ჩვენების მოთხოვნა მანამდე, სანამ მოხდება პირის კომუნიკაციაზე წვდომა წარმოადგენს სამართალდამცავების მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებისაგან დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას, უზრუნველყოფს რა, ჯეროვანი ავტორიზაციის მიღებას მიყურადების ყველა შემთხვევაში. რუსეთში სამართალდამცავ ორგანოებს ეროვნული კანონმდებლობით არ ევალებათ სასამართლო ავტორიზაციის წარმოდგენა კომუნიკაციების სერვისის პროვაიდერისათვის პირის კომუნიკაციაზე წვდომის მისაღებად (იხ. განსხვავება, ევროკავშირის საბჭოს რეზოლუცია, ციტირებული ზემორე 145-ე პარაგრაფში), გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც კომუნიკაციასთან დაკავშირებული მონაცემების მონიტორინგი ხორციელდება „სსსკ“-ით (იხ. პარაგრაფი 48 ზემოთ). მართლაც, კომუნიკაციების მინისტრის ბრძანებების მიხედვით, კერძდ კი საუბარია N. 70 ბრძანების დანართებზე, კომუნიკაციების სერვისის პროვაიდერები ვალდებულნი არიან დაამონტაჟონ დანადგარები, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს მისცემს პირდაპირ წვდომას ყველა აბონენტის ყველა მობილურ კომუნიკაციაზე (იხ. პარაგრაფი 115-122 ზემოთ). N. 538 ბრძანებით კომუნიკაციების სერვისის პროვაიდერებს ასევე ეკისრებათ ვალდებულება შექმნან მონაცემთა ბაზები, სადაც შეინახება ინფორმაცია ყველა მომხმარებლისა და მათთვის გაწეული სერვისების შესახებ სამი წლის განმავლობაში; საიდუმლო სამსახურებს პირდაპირი დისტანციური წვდომა აქვთ ხსენებულ მონაცემთა ბაზებზე (იხ. პარაგრაფები 132 და 133 ზემოთ). სამართალდამცავ ორგანოებს, შესაბამისად, აქვთ პირდაპირი წვდომა ყველა მობილური ტელეფონის კომუნიკაციაზე და მასთან დაკავშირებულ კომუნიკაციის მონაცემებზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ თვალთვალის სისტემის მოქმედება რუსეთში უშიშროების სამსახურსა და პოლიციას აძლევს ტექნიკურ საშუალებას გადაუხვიონ ავტორიზაციის პროცედურას და მიაყურადონ ნებისმიერ კომუნიკაციას წიანსწარი სასამართლო ნებართვის გარეშე. მართალია, ნებისმიერი სისტემის პირობებში შესაძლოა ჰქონდეს ადგილი არაჯეროვან ქმედებას უპატიოსნო, უგულისყურო ან ზედმეტად გულმოდგინე მოხელის მხრიდან (იხ. Klass and Others, ციტირებული ზემოთ, § 59), მაგრამ სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსეთის მსგავსი სისტემა, რომელიც უშიშროების სამსახურებს და პოლიციას აძლევს ყოველი და ნებისმიერი მოქალაქის კომუნიკაციის პირდაპირი მიყურადების საშუალებას კომუნიკაციების სერვისის პროვაიდერის ან სხვათათვის ავტორიზაციის ნებართვის წარდგენის გარეშე, განსაკუთრებითაა მიდრეკილი დარღვევისადმი. შესაბამისად, განსაკუთრებით დიდია თვითნებობისა და უფლების ბოროტად გამოყენებისაგან დაცვის გარანტიების საჭიროებაც. სასამართლო, შესაბამისად, ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტს, თუ რამდენად ძალუძთ რუსეთის კანონმდებლობით დადგენილ ზედამხედველობის მექანიზმებს უზრუნველყონ ყველა მიყურადების სათანადო სასამართლო ნებართვის საფუძველზე კანონიერად განხორციელება.
(ე) საიდუმლო თვალთვალის ღონისძიებების განხორციელებაზე ზედამხედველობა სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ ბრძანება N. 70 ითხოვს, რომ კომუნიკაციების სერვისის პროვაიდერების მიერ დამონტაჟებული დანადგარი არ იწერდეს და აღნუსხავდეს ინფორმაციას მიყურადების შესახებ (იხ. პარაგრაფი 120 ზემოთ). სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ მიყურადების განმახორციელებელი ორგანოების ვალდებულება აწარმოონ მიყურადების ჩანაწერები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რათა ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს ჰქონდეს ეფექტიანი წვდომა განხორციელებული თვალთვალის ღონისძიებების დეტალებზე (იხ. კენედი, ციტირებული ზემოთ, § 165). რუსეთის კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვა მიყურადების ჩაწერის ან აღნუსხვის შესახებ შეუძლებელს ხდის ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოსათვის განსაზღვროს თუ რამდენად სასამართლო ნებართვით განხორციელდა მიყურადება. N. 70 ბრძანებით განსაზღვრულ სამართალდამცავთა მხრიდან ყველა კომუნიკაციის მიყურადების ტექნიკურ შესაძლებლობასთან ერთად, ხსენებული დებულება უკანონო მიყურადების დასადგენად ზედამხედველობის ყველა გზას შეუძლებელს ხდის და, შესაბამისად, არაეფექტიანია. რაც შეეხება სათანადო სასამართლო ავტორიზაციის საფუძველზე განხორციელებული მიყურადების ზედამხედველობას, სასამართლო განიხილავს თუ რამდენად ძალუძს რუსეთში არსებულ ზედამხედველობის სისტემას უზრუნველყოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვა თვალთვალის ღონისძიებების იმპლემენტაციისა და მოპოვებული მასალის შენახვის, მასზე წვდომის, გამოყენების, დამუშავების, გადაცემისა და განადგურების შესახებ კანონისმიერი მოთხოვნების დაცვა. სასამართლოს, რომელმაც გასცა მიყურადების ნებართვა, არ გააჩნია არანაირი კომპეტენცია განახორციელოს მის იმპლემენტაციაზე ზედამხედველობა. მას არ ატყობინებენ მიყურადების შედეგების შესახებ და არ გააჩნია უფლებამოსილება განიხილოს თუ რამდენად მოხდა ავტორიზაციის გაცემის გადაწყვეტილების მოთხოვნების დაცვა. რუსეთის სასამართლოებს არც მიყურადების ზოგადი ზედამხედველობის კომპეტენცია ენიჭებათ. სასამართლო ზედამხედველობა იფარგლება თავდაპირველი ნებართვის გაცემით. შემდგომი ზედამხედველობის უფლებამოსილება ენიჭება პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას, გენერალურ პროკურორსა და შესაბამის დაბალი რგოლის პროკურორებს. სასამართლოს უკვე დადგენილი აქვს, რომ მართალია პრინციპში სასურველია საზედამხედველო კონტროლის მინიჭება მოსამართლისათვის, მაგრამ არამართმსაჯულებითი ორგანოების მხრიდან ზედამხედველობაც კონვენციასთან შესაბამისად ითვლება, იმ პირობით, რომ საზედამხედველო ორგანო დამოუკიდებელია თვალთვალის განმახორციელებელი ორგანოებისაგან და რომ მინიჭებული აქვს საკმარისი უფლებამოსილება და კომპეტენცია იმისათვის, რომ განახორციელოს ეფექტიანი და განგრძობადი კონტროლი (იხ. Klass and Others, ციტირებული ზემოთ, § 56). რაც შეეხება პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას, რუსეთის კანონმდებლობა არ აწესებს თუ როგორ და რა ფორმით უნდა განახორციელონ მათ მიყურადების ზედამხედველობა. არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი რეგულაციები ან ინსტრუქციები რომლებიც განმარტავენ განხილვის მასშტაბს, მისი განხორციელების პირობებს, საზედამხეველო ღონისძებების განხილვის პროცედურას ან დადგენილი დარღვევების სამართლებრივი გამოსწორების გზებს (იხ. მსგავსი არგუმენტაცია ზემოთციტირებულ საქმეში Association for European Integration and Human Rights and Ekimdzhiev, ციტირებული ზემოთ, § 88). მიყურადების საპროკურორო ზედამხეველობასთან მიმართებაში სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნული კანონმდებლობა აწესებს მასშტაბსა და პროცედურას თუ როგორ უნდა განახორციელონ პროკურორებმა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა (იხ. პარაგრაფი 69-80 ზემოთ). იგი ადგენს, რომ პროკურორს შეუძლია განახორციელოს რუტინული და ad hoc შემოწმენა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების და უფლებამოსილია შეისწავლოს ნებისმიერი შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის კონფიდენციალურიდ. პროკურორები უფლებამოსილნი არიან მიიღონ ზომები რათა შეწყვიტონ ან გამოასწორონ კანონის დადგენილი დარღვევები და სამართალგებაში მისცენ პასუხისმგებელი პირები. მათ ევალებათ წელიწადში ორჯერ ანგარიშის წარმოდგენა, რომელიც გენერალურ პროკურატურას მიაწვდის შემოწმების ანგარიშს. სასამართლო იზიარებს, რომ მართლაც არსებობს სამართლებრივი ბაზა რომელიც ადგენს, თეორიაში მაინც, პროკურორების მხრიდან საიდუმლო თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობას. ამის შემდეგ განსახილველია თუ რამდენად არიან პროკურორები თვლთვალის განამხორციელებელი ორგანოსაგან დამოუკიდებელნი და ენიჭებათ საკმარისი უფლებამოსილება და კომპეტენცია განახორციელონ ეფექტიანი და განგრძობადი კონტროლი. დამოუკიდებლობის მოთხოვნასთან მიმართებაში სასამართლოს წინარე პრაქტიკაში მითითებულია, რომ ამ მხრივ გასათვალისწინებელია საზედამხედველო ორგანოს წევრების დანიშვნის წესი და მათი სამართლებრივი სტატუსი. კერძოდ, სასამართლომ საკმარისად დამოუკიდებლად მიიჩნია ის ორგანოები, რომლებიც შედგებიან პარლამენტის როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წევრებისაგან ან სასამართლო პოზიციის დაკავების კვალიფიკაციის მქონე პირებისაგან, რომლებიც ინიშნებიან პარლამენტის ან პრემიერ -მინისტრის მიერ (იხ. მაგალითად, Klass and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 21 and 56; Weber and Saravia, ციტირებული ზემოთ, §§ 24, 25 და 117; Leander, ციტირებული ზემოთ, § 65; (see L. v. Norway, no. 13564/88, კომისიის გადაწყვეტილება 8 ივნისი 1990); და Kennedy, ციტირებული ზემოთ, §§ 57 და 166). განსხვავებული მიდგომა გამოამჟღავნა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმართებაში, რომელიც არა მარტო პოლიტიკურად იყო დანიშნული და წარმოადგენდა აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილს, არამედ პირდაპირ იყო ჩართული თვალთვავლის სპეციალური ზომების დადგენაში - ამ შემთხვევაში მიჩნეულ იქნა, რომ დამოუკიდებლობის მოთხოვნა არ იყო დაკმაყოფილებული (იხ.Association for European Integration and Human Rights and Ekimdzhiev, ციტირებული ზემოთ, §§ 85 და 87). ანალოგიურად, გენერალური პროკურორი და კომპეტენტური დაბალი რგოლის პროკურორები არასაკმარისად დამოუკიდებლად იქნენ მიჩნეულნი (იხ.Iordachi and Others, ციტირებული ზემოთ, § 47). ზემოთციტირებული საზედამხედველო ორგანოებისაგან განსხვავებით, რუსეთში პროკურორები ინიშნებიან და თავისუფლდებიან გენერალური პროკურორის მიერ, რეგიონულ აღმასრულებელ ორგანოებთან კონსულტაციის საფუძველზე (იხ. პარაგრაფი 70 ზემოთ). მოცემული ფაქტი ეჭვებს ბადებს აღმასრულებლისაგან მათ დამოუკიდებლობაზე. ამასთანავე აუცილებელია, რომ ნებისმიერი ფუნქცია, რომელიც პროკურორებს ეკისრებათ ადამიანის უფლებების ზოგადი დაცვის კუთხით არ წარმოშობდეს ინტერესთა კონფლიქტს (იხ.Menchinskaya v. Russia, no. 42454/02, §§ 19 და 38, 15 იანვარი 2009). სასამართლო აღნიშნავს, რომ პროკურატურა არ სპეციალიზირდება მიყურადების ზედამხედველობაში (იხ. პარაგრაფი 71 ზემოთ). ამგვარი ზედამხედველობა წარმოადგენს მათი ფართო და განსხვავებული ფუნქციების მხოლოდ ნაწილს, რომელიც მოიცავს დევნასა და სისხლისსამართლებრივი გამოძიებების ზედამხედველობას. ბრალმდებლის ფუნქციების განხორციელებისას, სისხლის სამართლებრივი სამართალწარმოების ფარგლებში პროკურორები გასცემენ მიყურადების შესახებ ნებართვას გამომძიებლების მიერ წარმოდგენილ ყველა მოთხოვნაზე (იხ. პარაგრაფი 44 ზემოთ). პროკურატურაში ფუნქციების ამგვარი შერევა, როდესაც ერთიდაიგივე სამსახური აკმაყოფილებს მიყურადების მოთხოვნას და ახორციელებს მის იმპლემენტაციაზე ზედამხედველობას, შესაძლოა წარმოშობდეს ეჭვს პროკურორების დამოუკიდებლობაზე (იხ, განსხვავება, Ananyev and Others v. Russia, nos. 42525/07 და 60800/08, § 215, 10 იანვარი 2012, სადაც საქმე ეხებოდა პროკურორების მიერ საპატიმროების ზედამხედველობას, სადაც მიჩნეულ იქნა, რომ დამოუკიდებლობის ელემენტი დაცული იყო vis-a-vis პენიტენციალური სისტემის ორგანოებთან). რაც შეეხება პროკურორების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ უმნიშვნელოვანესია საზედამხედველო ორგანოს ჰქონდეს წვდომა ყველა შესაბამის დოკუმენტზე, მათ შორის დახურულ მასალებზე და რომ ყველა, ვინც ჩართული იყო მიყურადების საქმიანობაში ვალდებული იყოს გააცნოს მას ნებისმიერი მასალა, რომელსაც იგი საჭიროებს (იხ. კენედი, ციტირებული ზემოთ, § 166). რუსეთის კანონმდებლობა ადგენს, რომ პროკურორებს აქვთ უფლება შეისწავლონ შესაბამისი დოკუმენტები, მათ შორის კონფიდენციალურიც. თუმცა, ამ მხრივ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფორმაცია უშიშროების სამსახურების საიდუმლო აგენტებისა და მათ მიერ გამოყენებული ტაქტიკის, მეთოდებისა და საშუალებების შესახებ არ ხვდება პროკურორების ზედამხედველობის ფარგლებში (იხ. პარაგრაფი 74 ზემოთ). შესაბამისად, მათი ზედამხედველობის მასშტაბი შეზღუდულია. ამასთანავე, „ფეესბეს“ მიერ განხხორციელებული მიყურადება შესაძლოა შემოწმდეს მხოლოდ ინდივიდის საჩივრის საფუძველზე (იხ. პარაგრაფი 76 ზემოთ). ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ინდივიდებმა არ იციან მიყურადების შესახებ, არ იღებენ რა ამის შესახებ შეტყობინებას (იხ. პარაგრაფი 81 ზემოთ და 289 ქვემოთ), ნაკლებსავარაუდოა ოდესმე მოხდეს მსგავსი საჩივრის წარმოდგენა. შედეგად, კონტრდაზვერვასთან დაკავშირებული თვალთვალის ღონისძიებები de facto საპროკურორო ზედამხედველობის მიღმა რჩება. ასევე მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს დადგენილი დარღვევის გამოსასწორებლად საზედამხედველო ორგანოების უფლებამოსილებანი იმის შეფასებისას თუ რამდენად ეფექტიანია ზედახმედეველობა (იხ. მაგალითად, Klass and Others, ციტირებული ზემოთ § 53, სადაც მიყურადების განმახორციელებელ ორგანოს მოეთხოვებოდა მიყურადების შეწყვეტა დაუყოვნებლივ, თუკი გ10 კომისია მას უკანონოდ ან არააუცილებლად მიჩნევდა; იხ. კენედი, ციტირებული ზემოთ § 168, სადაც ნებისმიერი მიყურადებული მასალა უნდა განადგურებულიყო უმალვე მას შემდეგ რაც კომუნიკაციების მიყურადების კომისარი დაადგენდა მიყურადების უკანონობას). სასამართლო მიესალმება, რომ პროკურორებს გააჩნიათ გარკვეული უფლებამოსილებანი დადგენილ დარღვევასთან მიმართებაში. შესაბამისად, ისინი იღებენ ზომებს რათა შეწყვიტონ ან გამოასწორონ აღმოჩენილი კანონდარღვევები და პასუხისგებაში მისცენ დამნაშავენი (იხ. პარაგრაფი 79 ზემოთ). თუმცა, კანონმდებლობა არ შეიცავს კონკრეტულ დებულებას, რომელიც ითხოვს უკანონოდ მოპოვებული მიყურადების მასალის განადგურებას (იხ. კენედი, ციტირებული ზემოთ, § 168). სასამართლომ ასევე უნდა განიხილოს თუ რამდენად ექვემდებარება საზედამხედველო ორგანოს საქმიანობა საზოგადოებრივ კონტროლს (იხ. მაგალითად, ზემოთციტირებული L. v. Norway, სადაც ზედამხედველობას ახორციელებდა კონტროლის კომიტეტი, რომელიც ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენდა მთავრობას და რომლის ანგარიშებიც ქვეყნდებოდა და განიხილებოდა პარლამენტის მიერ; კენედი, ციტირებული ზემოთ § 166, სადაც მიყურადების ზედამხედველობას ახორციელებდა კომუნიკაციების მიყურადების კომისარი, რომელიც ყოველწლიურად ანგარიშს წარუდგენდა პრემიერ-მინისტრს, ხოლო მისი ანგარიში კი საჯაროდ განიხილებოდა პარლამენტის წინაშე; და განსხვავებული შემთხვევისათვის იხ. ზემოთციტირებული საქმე Association for European Integration and Human Rights and Ekimdzhiev, § 88, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მანკიერად მიიჩნია სისტემა, სადაც არც შინაგან საქმეთა მინისტრს და არც რომელიმე მოხელეს არ ევალებოდა რეგულარულად ანგარიშის წარდგენა დამოუკიდებელი ორგანოსა თუ საზოგადოებისათვის სისტემის ზოგადი მოქმედებისა თუ ინდივიდუალურ შემთხვევებში გამოყენებული ზომების შესახებ). რუსეთში პროკურორებს ევალებათ წელიწადში ორჯერ ანგარიშის წარდგენა გენერალური პროკურატურისთვის, სადაც დეტალურად არის განხილული მიყურადების შედეგები. თუმცა, ხსენებული ანგარიშები ეხება ყველა ტიპის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, ერთიანობაში, მიყურადების გამოცალკევების გარეშე. მეტიც, ანგარიში შეიცავს მხოლოდ სტატისტიკურ ინფორმაციას განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღინისძიებების შემოწმების რაოდენობის შესახებ დ არ აკონკრეტებს დარღვევების ბუნებასა და მათ გამოსასწორებლად მიღებულ ზომებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშები კონფიდენციალურ დოკუმენტებს წარმოადგენენ. არ ხდება მათი გამოქვეყნება ან რაიმე ფორმით საზოგადოებისათვის მათზე წვდომის მინიჭება (იხ. პარაგრაფი 80 ზემოთ). შესაბამისად, გამომდიანრეობს, რომ რუსეთში პროკურორების მხრიდან ზედამხედველობა ხორციელდება საზოგადოებრივი შემოწმებისა და ცოდნის გარეშე. დაბოლოს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობის ვალდებულებაა შესაბამისი მაგალითებით დაადასტუროს ზედამხედველობის პრაქტიკურლი ეფექტიანობა (იხ.mutatis mutandis, Ananyev and Others, ციტირებული ზემოთ, §§ 109 და 110). თუმცა, რუსეთის მთავრობას არ წარმოუდგენია არანაირი შემოწმების ანგარიში ან პროკურორის გადაწყვეტილება ღონისძებების შეწყვეტის ან კანონის დადგენილი დარღვევის გამოსწორების შესახებ. შესაბამისად, გამომდინარეობს, რომ რუსეთის მთავრობამ ვერ დაადასტურა, რომ საიდუმლო თვალთვალის ღონისძიებებზე პროკურორების ზედამხედველობა პრაქტიკაში ეფექტიანია. ამ მხრივ სასამართლო ასევე ითვალისწინებს, მომჩივნის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, სადაც იკვეთება მიყურადებასთან დაკავშირებული საიდუმლო მასალებზე პროკურორების წვდომის არარსებობა (იხ. პარაგრაფი 14 ზემოთ). მოცემული მაგალითიც წარმოშობს ეჭვებს პრაქტიკაში პროკურორების მხრიდან ზედამხედველობის ეფექტიანობაზე. ზემოთგანხილული ნაკლოვანებების და ზედამხედველობის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, მაშინ როდესაც სამართალდამცავ ორგანოებს გააჩნიათ პირადპირი წვდომა ყველა კომუნიკაციაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ პროკურორების მხრიდან მიყურადების ამჟამინდელი ზედამხედველობის ფორმატი არ იძლევა უფლების ბოროტად გამოყენებისაგან ადექვატური და ეფექტიანი დაცვის გარანტიას.
(ვ) კომუნიკაციებზე მიყურადების შესახებ შეტყობინება და სამართლებრივი დაცვის არსებული საშუალებანი
სასამართლო ახლა განიხილავს კომუნიკაციების მიყურადების შესახებ შეტყობინების საკითხს, რომელიც განუყოფელ კავშირშია სასამართლოებში სამართლებრივი დაცვის ეფექტიანობასთან (იხ. სასამართლო პრაქტიკა, მოხმობილი ზემოთ, 234-ე პარაგრაფში). შესაძლოა პრაქტიკაში არ იყოს შესაძლებელია ყველა საქმეში მოგვიანებითი შეტყობინება. ის ქმედებანი ან საფრთხე, რომლის მიმართაც განხორციელდა თვალთვალის კონკრეტული ზომები შესაძლოა გაგრძელდეს ღონისძიებების დასრულებიდან წლების ან ათწლეულების განმავლობაშიც კი. შეწყვეტილი ღონისძიებების შემდეგ შეტყობინება ინდივიდისათვის, შესაძლოა ნეგატიურ გავლენას ახდენდეს იმ გრძელვადიან მიზანზე, რომელმაც თავდაპირველად გამოიწვია მიყურადება. ასევე, შეტყობინების შედეგად შესაძლოა გამჟღავნდეს დაზვერვის სამსახურების მეთოდები და მოქმედების სფეროები, თვით აგენტების ვინაობაც კი. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ საიდუმლო თვალთვალის ღონისძიება შეეხო პირს, რომელსაც არ მიუღია ამის შესახებ შეტყობინება თვალთვალის დასრულების შემდეგაც კი, თავისთავად არ გულისხმობს, რომ ჩარევა არ იყო „აუცილებელი დამოუკიდებელ საზოგადოებაში“ რადგან სწორედ თვალთვალის შესახებ არცოდნა უზრუნველყოფს ჩარევის ეფექტურობას. თუმცა, როგორც კი შესაძლებელი შეიქნება, თვალთვალის ღონისძიების დასრულების შემდეგ, შეზღუდვის მიზანზე ნეგატიური გავლენის მოხდენის გარეშე, ინფორმაცია თვალთვალის შესახებ უნდა მიეცეს შესაბამის პირს (იხ.Klass and Others, ციტირებული ზემოთ, § 58, და Weber and Saravia, ციტირებული ზემოთ, § 135). სასამართლო ასევე ითვალისწინებს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას, რომელიც არეგულირებს პოლიციაში პერსონალური მონაცემების გამოყენებას და აღნიშნავს, რომ როდესაც პირის შესახებ მონაცემების მოპოვება და შენახვა ხორციელდება მისი ცოდნის გარეშე, და თუკი არ მოხდება ამ მონაცემების წაშლა, პირი ინფორმირებულ უნდა იქნას შესაძლებლობისამებრ მასზედ, თუ რა ინფორმაცია ინახება მის შესახებ და ინფორმირება უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ მას შემდეგ რაც პოლიციის საქმიანობის ობიექტი სავარაუდოდ აღარ დაექვემდებარება ნეგატიურ გავლენას (§2.2, იხ. პარაგრაფი 143 ზემოთ). საქმეებში Klass and Others და Weber and Saravi სასამართლომ განიხილა გერმანიის კანონმდებლობა, რომელიც ითხოვდა თვალთვალის შესახებ შეტყობინების ვალდებულებას მისი დასრულებისთანავე, მიზნისათვის ზიანის მიყენების გარეშე. სასამართლომ გაითვალისწინა, რომ იგი გ10 იყო დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც ჰქონდა უფლებამოსილება გადაეწყვიტა უნდა შეეტყობინებინათ თუ არა პირისათვის თვალთვალის ღონისძიებების შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დებულება უზრუნველყოფდა შეტყობინების ეფექტიან მექანიზმს, რომელიც ხელს უწყობდა კომუნიკაციებში ჩარევის საიდუმლოობას იმ ფარგლებში, რაც აუცილებელი იყო კანონიერი მიზნის მისაღწევად (იხ.Klass and Others, ციტირებული ზემოთ, § 58, და Weber and Saravia, ციტირებული ზემოთ, § 136). საქმეებში Association for European Integration and Human Rights and Ekimdzhiev and Dumitru Popescu (no. 2), სასამართლომ დაადგინა, რომ მიყურადების ობიექტის შეტყობინების მოთხოვნის არარსებობა არცერთ ეტაპზე შეუსაბამობაშია კონვენციასთან, რადგან იგი ართმევს მიყურადების ობიექტს საშუალებას ეძიოს სამართლებრივი დაკმაყოფილების მექანიზმი მე-8 მუხლით დაცულ მის უფლებებში უკანონო ჩრევაზე და შედეგად კანონმდებლობით დადგენილ დაცვის საშუალებებს თეორიულს და ილუზორულს ხდის ნაცვლად პრაქტიკულობისა და ეფექტიანობისა. ეროვნული კანონმდებლობა, შესაბამისად ვერ ადგენს მნიშვნელოვან დაცვას თვალთვალის სპეციალური ზომების არაჯეროვანი გამოყენებისაგან (იხ.Association for European Integration and Human Rights and Ekimdzhiev, ციტირებული ზემოთ, §§ 90 და 91, and Dumitru Popescu (no. 2), ციტირებული ზემოთ, § 77). განსხვავებით კენედი საქმისაგან, მიყურადების ობიექტისათვის შეტყობინების რაიმე ეტაპზე ვალდებულების არარსებობა კონვენციასთან შესაბამსდ იქნა ცნობილი, რადგან გაერთიანებულ სამეფოში, ნებისმიერ პირს, რომელსაც ეჭვი აქვს, რომ ადგილი აქვს მისი კომუნიკაციის მიყურადებას ან რომ მიყურადება უკვე განხორციელდა, აქვს უფლება მიმართოს საგამოძიებო უფლებამოსილების ტრიბუნალს, რომლის იურისდიქციაც არ არის დამოკიდებული მიყურადების ობიექტისათვის კომუნიკაციების მიყურადების შესახებ შეტყობინებაზე (იხ. კენედი, ციტირებული ზემოთ, § 167). რაც შეეხება წინამდებარე საქმეს, სასამართლო აღნიშნავს, რომ რუსეთში პირები, რომელთა კომუნიკაციაც დაექვემდებარა მიყურადებას, არ იღებენ შეტყობინებას ამ ფაქტის შესახებ არასდროს და არანაირ გარემოებებში. შესაბამისად, გამომდინარეობს, რომ თუ პირის წინააღმდეგ არ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც მოხდება მიყურადებული მონაცემების მტკიცებულებად გამოყენება, ან თუ ადგილი არ ექნება ინფორმაციის გაჟონვას, პირმა ნაკლებსავარაუდოა შეიტყოს მისი კომუნიკაციების მიყურადების შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ პირს, რომელმაც რაიმე გზით შეიტყო მისი კომუნიკაციების მიყურადების შესახებ, აქვს უფლება მოითხოვოს ინფორმაცია შესაბამის მონაცემებზე (იხ. პარაგრაფი 81 ზემოთ). ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ იმისათვის რომ პირს მიეცეს მსგავსი მოთხოვნის წარმოდგენის უფლება, იგი უნდა ფლობდეს იმ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ ფაქტობრივ ინფორმაციას, რომლის ფარგლებშიც მოხდა მისი თვალთვალი. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ წვდომა ინფორმაციაზე დამოკიდებულია პირის უნარზე დაამტკიცოს, რომ მისი კომუნიკაცია დაექვემდებარა მიყურადებას. ასევე, მიყურადების ობიექტს არ აქვს უფლება მიიღოს წვდომა მისი კომუნიკაციების მიყურადებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე; მაქსიმუმ მას აქვს უფლება მიიღოს „ინფორმაცია“ შეგროვებული მონაცემების შესახებ. ამგვარი ინფორმაცია გაიცემა მხოლოდ შეზღუდულ შემთხვევებში, კერძოდ, როდესაც ვერ დასტურდება პირის ბრალეულობა კანონით დადგენილი პროცედურით, ანუ, როდესაც მას არ ედება ბრალი ან როდესაც მოეხსნება ბრალდება სავარაუდო დანაშულის ჩაუდნელობის ან დანაშაულის ელემენტების არარსებობის გამო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას, შესაძლოა გამხელილ იქნა მიყურადების ობიექტისათვის და რომ რუსეთის კანონმდებლობით ინფორმაცია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფარგლებში გამოყენებული საშუალებების, მეთოდებისა და მასში მონაწილე მოხელეების შესახებ, ისევე როგორც მოპოვებული ინფორმაცია, სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს (იხ. პარაგრაფი 52 ზემოთ). რუსეთის კანონმდებლობის ხსენებული თვისებების გათვალისწინებით, მიყურადების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა არაეფექტიანია. რუსეთის კანონმდებლობით არსებული სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი მექანიზმების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს ზემორე გარემოებებს - შეტყობინების არარსებობა და ხელისუფლების ორგანოებისაგან მიყურადების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების შესაძლებლობის არაეფექტიანობა. რუსეთის კანონმდებლობა ადგენს, რომ პირი, რომელიც აცხადებს, რომ მისი უფლებები დაირღვა ან ირღვევა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი სახელმწიფო მოხელეების მიერ, უფლებამოსილია გაასაჩივროს იგი მოხელის ხელმძღვანელთან, პროკურორთან ან სასამართლოში (იხ. პარაგრაფი 83 ზემოთ). სასამართლო იმეორებს, რომ იმ პირის უშუალო ხელმძღვანელთან, რომლის ქმედებების გასაჩივრებაც ხდება იერარქიული აპელაციით არ აკმაყოფილებს დამოუკიდებლობის იმ სავალდებულო სტანდარტს, რომელიც აუცილებელია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისაგან სათანადოდ დასაცავად (იხ. მაგალითად, არგუმენტაცია საქმეში Khan v. the United Kingdom, no. 35394/97, §§ 45-47, ECHR 2000‑V; Dumitru Popescu (no. 2), ციტირებული ზემოთ, § 72; და Avanesyan, ციტირებული ზემოთ, § 32). პროკურორს არ აქვს სათანადო დამოუკიდებლობა და მის მიერ განხილვის მასშტაბი შეზღუდულია, რაც გამოჩნდა ზემოთ (იხ. პარაგრაფები 277-285 ზემოთ). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გასარკვევია თუ რამდენად უნდა იქნას მიჩნეული სასამართლოში გასაჩივრების უფლება დაცვის ეფექტიან საშუალებად. მთავრობის მიხედვით პირს, რომელსაც სურს მისი კომუნიკაციების მიყურადების გასაჩივრება შეუძლია მიმართოს ოთხ მართლმსაჯულებით პროცედურას: მიყურადების ნებადამრთველი სასამართლო გადაწყვეტილების აპელაცია, საკასაციო აპელაცია ან საზედამხედველო-განხილვითი საჩივარი; სასამართლო განხილვის მოთხოვნა „სსსკ“ 125 მუხლით; სასამართლო საჩივარი სასამართლო განხილვის შესახებ კანონითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე თავით; და სამოქალაქო დელიქტური სარჩელი სამოქალაქო კოდექსის 1069 მუხლით. სასამართლო რიგრიგობით განიხილავს ყოველ მათგანს. მთავრობის მიერ მოხმობილი პირველი პროცედურა გახლავთ აპელაცია, საკასაციო აპელაცია ან საზედამხედველო-განხილვითი საჩივარი იმ სასამართლოს წინააღმდეგ, რომელმაც გამოსცა ნებართვა კომუნიკაციების მიყურადებაზე. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ ნათლად აღნიშნა, რომ მიყურადების ობიექტს არ ჰქონდა მის კომუნიკაციაზე მიყურადების ნებართვის გამცემი სასამართლო გადაწყვეტილების აპელაციის უფლება იხ. პარაგრაფი 40 ზემოთ); ასევე იხ Avnesyan, ციტირებული ზემოთ, § 30). ეროვნული კანონმდებლობა დუმს საკასაციო აპელაციის შესაძლებლობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობას არ წარმოუდგენია საკასაციო აპელაციის განხილვის ეროვნული პრაქტიკის არცერთი მაგალითი, სასამართლოს სერიოზული ეჭვი შეაქვს კომუნიკაციების მიყურადების მაავტორიზებელი სასამართლო გადაწყვეტილების საკასაციო აპელაციის უფლების არსებობაზე. ამასთანავე, მიყურადების ობიექტს აშკარად აქვს უფლება წარმოადგინოს საზედამხედველო-განმხილველი საჩივარი (იხ. პარაგრაფი 43 ზემოთ). თუმცა იმისათვის, რომ პირმა მოითხოვოს კომუნიკაციების მიყურადების ნებართვის გამცემი სასამართლო გადაწყვეტილების საზედამხედველო განხილვა, მან უნდა იცოდეს ამგვარი გადაწყვეტილების არსებობის შესახებ. მართალია საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ აუცილებელი არ არის გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების ასლის დართვა საზედამხედველო განხილვის საჩივარზე (ibid), რთულია წარმოვიდგინოთ თუ როგორ შეძლებს პირი მსგავსი საჩივრის წარმოდგენას გასასაჩივრებელი გადაწყვეტილების შესახებ მინიმალური ინფორმაციის გარეშე, მაგალითად, მისი მიღების თარიღი და მიმღები სასამართლო. რუსეთის კანონმდებლობით თვალთვალის შესახებ შეტყობინების არარსებობის პირობებში, ინდივიდი დიდი ალბათობით ვერ შეძლებს ინფორმაციის მოპოვებას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ინფორმაციას მიიღებს მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში ან მოხდება მისი გამჟღავნება გარკვეული დაუდევრობის შედეგად. ამასთანავე, „სსსკ“ 125-ე მუხლით საჩივრის წარმოდგენა შეუძლია მხოლოდ სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს წინასწარი გამოძების ეტაპზე (იხ. პარაგრაფი 88-89 ზემოთ). მოცემული სამართლებრივი დაცვის საშუალება, შესაბამისად, ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ პირთათვის, რომლებმაც შეიტყვეს კომუნიკაციებზე მიყურადების შესახებ მათ წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. მისი გამოყენება ვერ მოხდება იმ პირის მიერ, რომლის კომუნიკაციის მიყურადებაც განხორციელდა, მაგრამ რომლის წინააღმდეგად არ არის აღძრული საქმე და რომელმაც არ იცის, რომ ადგილი ჰქონდა მისი კომუნიკაციის მიყურადებას. ასევე აღსანიშნავია, რომ მთავრობას არ წარმოუდგენია არცერთი სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც განიხილავდა „სსსკ“ 125 მუხლით წარმოდგენილ საჩივარს კომუნიკაციის მიყურადების შესახებ. შესაბამისად, მთავრობამ ვერ წარმოადგინა მათ მიერვე მოხმობილი სამართლებრივი დაცვის მექანიზმის პრაქტიკული ეფექტიანობა, რისი დადასტურებაც შესაძლებელი იქნებოდა ეროვნული სასამართლოების პრაქტიკის მოხმობით (იხ. მსგავსი არგუმენტაცია ზემორიციტირებულ საქმეებში Rotaru, § 70, და Ananyev and Others, §§ 109 და 110). სასამართლო განხილვის შესახებ კანონის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე თავითა და ახალი ადმინსიტრაციული საპროცესო კოდექსისა და 1069 მუხლით სამოქალაქო კოდექსის დელიქტური საჩივრის საფუძველზე სასამართლო განხილვასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ მტკიცების ტვირთი დაადასტუროს, რომ განხორციელდა მიყურადება და რომ მისი უფლებები დაირღვა, ეკისრება მომჩივანს (იხ. პარაგრაფეი 85, 95 და 105 ზემოთ). მიყურადებასთან დაკავშირებით შეტყობინებისა თუ ოფიციალურ დოკუმენტებზე წვდომის არარსებობისას მსგავსი მტკიცების ტვირთის დაკმაყოფილება თითქმის შეუძლებელია. და მართლაც, მომჩივნის საჩივარი არ დაკმაყოფილდა ეროვნული სასამართლოების მიერ იმის გამო, რომ მან ვერ დაადასტურა მისი სატელეფონო კომუნიკაციის მიყურადება (იხ. პარაგრაფები 11 და 13 ზემოთ). სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობამ წარმოადგინა რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე თავით ან სამოქალაქო კოდექსის 1069 მუხლით (იხ. პარაგრაფები 220-223 ზემოთ). თუმცა, ყველა ხსენებული გადაწყვეტილება, ერთის გამოკლებით, ეხებოდა დოკუმენტებისა თუ ნივთების ჩხრეკა-ამოღებას, ანუ, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას, რომელიც ხორციელდება პირის ცოდნით. მხოლოდ ერთი სასამართლო გადაწყეტილება ეხება კომუნიკაციების მიყურადებას. ხსენებულ საქმეში მიყურადების სუბიერტმა შეძლო მტკიცების ტვირთის დაკმაყოფილება, რადგან შეიტყო მისი კომუნიკაციების მიყურადების შესახებ მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში. სასამართლო ასევე ითვალისწინებს მთავრობის არგუმენტს მასზედ, რომ რუსეთის კანონმდებლობა ადგენს სისხლის სამართლებრივ დაცვის მექანიზმების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების შესახებ ინფორმაციის უნებართვოდ შეგროვების ან გავრცელების და კომუნიკაციების კონფიდენციალურობის უფლებათა დარღვევის შემთხვევაში. ზემოთმოცმეული არუგმენტების გათვალისწინებით, ხსენებული დაცვის მექანიზმები ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ პირთათვის, რომელთაც შეუძლიათ ბრალმდებელ ორგანოებს წარმოუდგინონ რაიმე სახის ფაქტობრივი ინფორმაცია მაინც მათი კომუნიკაციის მიყურადების შესახებ (იხ. პარაგრაფი 24 ზემოთ). სასამართლო ასკვნის, რომ მთავრობის მიერ მოხმობილი სამართლებრივი დაცვის მექანიზმები ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ პირთათვის, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას მათი კომუნიკაციების მიყურადების შესახებ. მათი ეფექტიანობა, შესაბამისად მცირდება მიყურადების ობიექტისათვის რაიმე ეტაპზე მაინც შეტყობინების არმიცემითა და მიყურადების შესახებ ხელისუფლების ორგანოებისაგან ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების ადექვატური შესაძლებლობის არარსებობით. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ რუსეთის კანონმდებლობა არ აწესებს საიდუმლო თვალთვალის ზომების შემთხვევაში ეფექტიან სამართლებრივი დაცვის მექანიზმებს იმ შემთხვევებში, როდესაც მიყურადების ობიექტის წინააღმდეგ არ ხდება სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. წინამდებარე საქმის ფარგლებში სასამართლოს ფუნქცია არ გახლავთ განიხილოს თუ რამდენად ეფექტიანი იქნებოდა ხსენებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმები იმ შემთხვევაში, როდესაც პირი შეიტყობს მისი კომუნიკაციების მიყურადების შესახებ სისხლის სამართალწარმოების ფარგლებში (იხ. ზემოთციტირებული საქმე Avanesyan, სადაც ხსენებული სამართლებრივი დაცვის საშუალებანი არაეფექტიანად იქნა მიჩნეული მომჩივნის ბინის „შემოწმების“ შემთხვევაში). დაბოლოს, რუსეთის კანონმდებლობაში გარანტიების ნაკლებობასთან დაკავშირებულ სასამართლოს წინაშე სამართლებრივი დაცვის მექანიზმებს რაც შეეხება, სასამართლო არ იზიარებს მთავრობის არგუმენტს ხსენებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმების ეფექტიანობასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფები 156 და 225 ზემოთ). „კოსს“ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე გასაჩივრებას რაც შეეხება, სასამართლო აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე განიხილა „კოსს“ კონსტიტუციურობა არაერთგზის და დაადგინა, რომ იგი შეესაბამება კონსტიტუციას (იხ. პარაგრაფები 40-43, 50, 82 დდა 85-87 ზემოთ). ასეთ შემთხვევაში ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს მომჩივნის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში, უკვე განხილული საკითხის წამოჭრისას, წარმატების ალბათობას. სასამართლო ასევე თვლის, რომ უზენაესი სასამართლოს ან ქვედა ინსტანციების სასამართლოების წინაშე N. 70 ბრძანების გასაჩივრებაც ვერ იქნება სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება. მართლაც, მომჩივანმა N. 70-ე ბრძანება გაასაჩივრა ეროვნული სამართალწარმოების ფარგლებში. თუმცა, როგროც საოლქო, ისე საქალაქო სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ მომჩივანს არ ჰქონდა უფლება გაესაჩივრებინა ბრძანება, რადგან ბრძანების საფუზველზე დამონტაჟებული დანადგარი თავისთავად არ არღვევდა მისი კომუნიკაციის კონცფიდენციალურობას (იხ. პარაგრაფები 10,11 და 13 ზემოთ). ასევე მნიშვნელოვანია, რომ უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ N.70 ბრძანება ტექნიკური და არა სამართლებრივი ხასიათისა იყო (იხ. პარაგრაფი 128 ზემოთ). ხსენებული მოსაზრებების გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსეთის კანონმდებლობა პირს, რომელსაც ეჭვი აქვს, რომ დაექვემდებარა საიდუმლო თვალთვალს, არ სთავაზობს სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებს. მიყურადების ობიექტისათვის მიყურადების უკუძალით გასაჩივრების ეფექტიანი შესაძლებლობის ჩამორთმევით, რუსეთის კანონმდებლობა უგულვებელყოფს საიდუმლო თვალთვალის ღონისძიებების არაჯეროვანი გამოყენებისაგან დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას. ზემორე არგუმენტების გათვალისწინებით, სასამართლო არ იზიარებს მთავრობის პრეტენზიას სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმების ამოუწურავობის შესახებ.
(ზ) დასკვნა სასამართლო ასკვნის, რომ რუსეთში კომუნიკაციების მიყურადების მარეგულირებელი სამართლებრივი დებულებანი არ განსაზღვრავენ ადექვატურ და ეფექტიან გარანტიებს უფლების იმ დარღვევის თვითნებობისა და საფრთხისაგან დასაცავად, რომელიც განუყოფელია საიდუმლო თვალთვალის ნებისმიერ სისტემაში და რომელიც განსაკუთრებით მაღალია იმ სისტემაში, სადაც საიდუმლო სამსახურებსა და პოლიციას აქვთ პირდაპირი წვდომა ტექნიკური საშუალებების გზით ყველა მობილურ სატელეფონო კომუნიკაციაზე. კერძოდ, გარემოებები, როდესაც სახელმწიფო ორგანოებს ენიჭებათ უფლებამოსილება მიმართონ საიდუმლო თვალთვალის ღონისძიებებს არ არის საკმარისად ნათლად განმარტებული. ასევე, თვითნებური ჩარევისაგან დაცვის საკმარის გარანტიებს არც საიდუმლო თვალთვალის ღონისძიებების შეწყვეტის დებულებები იძლევა. ეროვნული კა- ნონმდებლობა იძლევა აშკარად არარელევანტური მონაცემების ავტომატურად შენახვის საშუალებას და არ არის საკმარისად ნათელი თუ რა პირობებში მოხდება მიყურადების მასალების შენახვა და განადგურება სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ. ავტორიზაციის პროცედურა ვერ უზრუნველყოფს საიდუმლო თვალთვალის ღონისძიებების მოთხოვნას მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს „აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“. მიყურადების ზედამხედველობა მისი ამჟამინდელი ფორმით, არ აკმაყოფილებს მოთხოვნას ეფექტიანი და განგრძობადი კონტროლისათვის საკმარის დამოუკიდებლობის, უფლებამოსილებისა და კომპეტენციის იმ მოცულობით გამოყენების მოთხოვნას, რომ განხორციელდეს ეფექტიანი და განგრძობადი კონტროლი, საზოგადოებრივი ზედამხედველობა და პრაქტიკაში ეფექტიანობა. სამართლებრივი დაცვის საშუალებების ეფექტიანობას ისიც უშლის ხელს, რომ მიყურადების არცერთ ეტაპზე არ ხდება პირისათვის ამის შესახებ შეტყობინება და არ არსებობს მიყურადებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე ადექვატური წვდომა. მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი რეგულირების ზემოთგანხილული ნაკლოვანებანი გავლენას ახდენენ რუსეთში არსებულ საიდუმლო თვალთვალის სისტემის მუშაობაზე. სასამართლო ვერ იზიარებს მთავრობის მტკიცებას მასზედ, რომ რუსეთში ყველა მიყურადება კანონიერად ხორციელდება სათანადო სასამართლო ნებართვის საფუძველზე. მომჩივნის მიერ ეროვნული სასამართლოების (იხ. პარაგრაფი 12 ზემოთ) და ადამიანის უფლებათა სასამართლოს წინაშე (იხ. პარაგრაფი 197 ზემოთ) სამართალწარმოების ფარგლებში წარმოდგენილი მაგალითები მიუთითებენ თვითნებური და გადამეტებული თვალთვალის პრაქტიკის არსებობას, რომელიც გამომდინარეობს კანონით დადგენილი ადექვატური დაცვის გარანტიების არაარსებობიდან (იხ. მსგავსი არგუმენტაცია საქმეში Association for European Integration and Human Rights and Ekimdzhiev, ციტირებული ზემოთ, § 92; და, განსხვავებული შემთხვევა, Klass and Others, ციტირებული ზემოთ, § 59, და Kennedy, ციტირებული ზემოთ, §§ 168 და 169). ზემოთგანხილული ნაკლოვანებების გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, რომ რუსეთის კანომდებლობა არ აკმაყოფილებს „კანონის ხარისხის“ მოთხოვნას და ვერ უზრუნველყოფს „ჩარევას“ „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი“ მასშტაბით. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.
კონვენციის მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევა მომჩივანი აცხადებდა, რომ მე-8 მუხლით წარმოდგენილ საჩივართან მიმართებაში მას არ ჰქონდა სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნულ დონეზე. მან მოიხმო კონვენციის მე-13 მუხლი, რომელიც აღნიშნავს შემდეგს:
„ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.“ კონვენციის მე-8 მუხლით დადგენილი დარღვევების გათვალისწინებით, მოცემული ზემორე პარაგრაფებში 286-300, სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია კონვენციის მე-13 მუხლით წარმოდგენილი საჩივარი მჭიდრო კავშირშია მე-8 მუხლით წარმოდგენილ საჩივართან და, ამიტომ უნდა მოხდეს მისი დასაშვებად ცნობა, საჭირო არ არის მისი ცალკე განხილვა (იხ.Liberty and Others, ციტირებული ზემოთ, § 73).
კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება კონვენციის 41-ე მუხლი აღნიშნავს შემდეგს:
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია ან მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკამყოფილებას მიაკუთვნებს.“
ა. ზიანი მომჩივანი ითხოვდა მორალური ზიანის ანაზღაურებას 9,000 ევროს ოდენობით. მთავრობამ აღნიშნა, რომ მოთხოვნა გადამეტებული იყო, ითვალისწინებდა რა იმ ფაქტს, რომ მომჩივანი რუსეთის კანონმდებლობას ასაჩივრებდა in abstracto პირადად მასზე გავლენის გარეშე. შესაბამისად, მხოლოდ დარღვევის დადგენა სამართლიან დაკმაყოფილებას წარმოადგენდა. სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის 46-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილებების აღსრულების კონტექსტში, გადაწყვეტილება, რომელშიც დგინდება კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა, მოპასუხე სახელმწიფოს აკისრებს სამართლებრივ ვალდებულებას არა მარტო გადაიხადოს დაკისრებული თანხა სამართლიანი დაკმაყოფილების ფარგლებში, არამედ ასევე აირჩიოს, მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით, ზოგადი და/ან საჭიროებისამებრ, ინდივიდუალური ზომები, რომელსაც იგი მიიღებს ეროვნული სამართლებრივ სისტემაში, რათა დაასრულოს სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევა და შესაძლებლობისამებრ გამოასწოროს მისი შედეგები იმგვარად, რომ მაქსიმალურად აღდგეს დარღვევამდელი ვითარება. ამასთანავე, კონვენციის რატიფიცირებისას, ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება უზრუნველყონ მათი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობა კონვენციასთან (იხ.Association for European Integration and Human Rights and Ekimdzhiev, ციტირებულიზ ემოთ, § 111, შემდგომი მითითებებით). სასამართლო მიიჩნევს, რომ დარღვევის დადგენა წარმოადგენს მომჩივნისადმი მიყენებული მორალური ზიანისათვის საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას.
ბ. ხარჯები პალატის წინაშე მომჩივანი აცხადებდა, რომ საფოსტო და თარჯიმნის მომსახურებისათვის მან გასწია 26, 579 რუსული რუბლის ხარჯი (დაახლოებით 670 ევრო). მან წარმოადგინა საფოსტო და ფაქსის ინვოისები და თარგმანის მომსახურების კონტრაქტი. დიდი პალატის წინაშე მომჩივანი ითხოვდა 22,800 გირვანქა სტერლინგს (წარმოდგენის დროისათვის დაახლოებით 29,000 ევრო) და 13,800 ევროს იურიდიული ხარჯებისათვის. მან წარმოდგინა ადვოკატთა დროის დანახარჯი. ქვითრებსა და ინვოისებზე დაყრდნობით, იგი ამასთანავე ითხოვდა 6,833.24 გირვანქა სტერლინგს (წარმოდგენის დროისათვის დაახლოებით 8,700 ევრო) თარგმანისათვის, მოგზაურობისა და სხვა ადმინისტრაციული ხარჯებისათვის. მთავრობა დაეთანხმა პალატის წინაშე წარმოდგენილ ხარჯებს, რადგანაც იგი გამყარებული იყო დოკუმენტური მტკიცებულებებით. რაც შეეხება დიდი პალატის წინაშე მოთხოვნილ ხარჯებს, მთავრობა აცხადებს, რომ მათი მოთხოვნა მოხდა მოსმენიდან ერთ თვეზე მეტი ხნის ვადის შემდეგ. იურიდიულ მომსახურებასთან მიმართებაში, მთავრობამ აღნიშნა, რომ მათი ნაწილი ფარავდა წარმომადგენლობით ხარჯს გაწეულს მანამდე, სანამ მომჩივანი მოაწერდა მინდობილობას და რომ ქ-ნი ლევინის სახელზე არ არსებობდა მინდობილობა. ასევე, წარმომადგენლებისა და მათ მიერ დახარჯული დროის ოდენობა საქმის მომზადებისას გადამეტებული იყო. ასევე, არ არსებობდა მტკიცებულება, რომ მომჩივანმა გადაიხადა ხსენებული იურიდიული მომსახურების ხარჯები ან რომ ეკისრებოდა მათი გადახდის სამართლებრივი ან სახელშეკრულებო ვალდებულება. რაც შეეხება თარგმანსა და სხვა ადმინსიტრაციულ ხარჯებს, მთავრობამ მიუთითა, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია არანაირი დასტური მასზედ, რომ მან გადაიხადა მოთხოვნილი თანხა. მას არც ის დაუდასტურებია, რომ გაწეული ხარჯები აუცილებელი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რამდენიმე ადვოკატი რუსულს ფლობდა. თარჯიმნების მიერ მოთხოვნილი თანხა გადაჭარბებული იყო. და ბოლოს, მოგზაურობის ხარჯიც მომეტებული გახლდათ. სასამართლოს პრაქტიკით, მომჩივანს უფლება აქვს აინაზღაუროს ხარჯები მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩანს, რომ მათი გადახდა რეალურად მოხდა და რომ იგი აუცილებელი და გონივრული ოდენობისა გახლდათ. წინამდებარე საქმეში, სასამართლო ითვალისწინებს რა მის ხელთ არსებულ დოკუმენტებსა და ზემორე კრიტერიუმებს, გონივრულად მიიჩნევს მიაკუთვნოს მომჩივანს 40,000 ევრო ყველა ხარჯის დასაფარად, ამას დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს ხსენებულ თანხას.
გ. საურავისასამართლო განსაზღვრავს საურავს, რომელიც უნდა დაეფუძნოს ევროპის ცენტრალური ბანკის ნომინალურ სასესხო განაკვეთს, დამატებული სამი პროცენტი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოაერთიანებს, ერთხმად, მთავრობის პრეტენზიას მომჩივნის მსხვერპლის სტატუსის არარსებობისა და სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოუწურავობის შესახებ და აცხადებს მათ დაუშვებლად;ადგენს, ერთხმად, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას და უარყოფს მთავრობის ზემოთხსენებულ პრეტენზიებს;ადგენს, ერთხმად, რომ არ არსებობს საჩივრის კონვენციის მე-13 მუხლით განხილვის საჭიროება.ადგენს, თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ დარღვევის დადგენა თავისთავად წარმოადგენს სამართლიან დაკმაყოფილებას ნებისმიერი იმ მორალური ზიანისათვის, რომელიც მიადგა მომჩივანს;ადგენს, ერთხმად,
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფო ხარჯების ასანაზღაურებლად ვალდებულია გადაუხადოს მომჩივანს, სამი თვის ვადაში 40,000 ევრო (ორმოცი ათასი ევრო) და მას დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს;
(ბ) ხსენებული სამი თვის გასვლიდან გადახდამდე დაეკისროს საურავი ზემოთხსენებული მოცულობით, სადაც ეს უკანასკნელი შეესაბამება ევროპის ცენტრალური ბანკის მინიმალურ სასესხო განაკვეთს, დამატებული სამი პროცენტი.უარყოფს, ერთხმად, დანარჩენ მოთხოვნას სამართლიან დაკმაყოფილებაზე.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გაცხადებულია საჯარო მოსმენაზე ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2015 წლის 4 დეკემბერს
ლორანს ერლიდინ სპილმანი
იურისკონსულიპრეზიდენტი
კონვენციის 45 § 2 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 74 § 2 მუხლის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილებას თან ახლავს შემდეგი ცალკეული მოსაზრებანი:
(ა) მოსამართლე დედოვის თანმხვედრი მოსაზრება;
(ბ) მოსამართლე ზიმელეს ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრება.
დ.ს.
ტ.ლ.ე.
"მოცემულ თარგმანს არ ერთვის განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOC."
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების სატრასტო ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთpublishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2016
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2016
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy