Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N225
2019 წლის იანვარი
რუმანი ბელგიის წინააღმდეგ [დიდი პალატა] (Rooman v. Belgium) [GC]
(საჩივარი- N 18052/11)
გადაწყვეტილება, 31 იანვარი, 2019
მე-5 მუხლი
ფაქტები: გადაწყვეტილება ეხებოდა მომჩივნის თავისუფლების შეზღუდვას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. რადგან ამ დაკავებას ჰქონდა ორმაგი როლი (სოციალური და თერაპიული), სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ ,,შესაბამისი და ინდივიდუალიზებული მკურნალობა’’ იყო მისი [დაკავების] კანონიერების პირობა.
მომჩივანს, ეროვნებით ბელგიელ გერმანულენოვან პირს, მისჯილი ჰქონდა სასჯელი სერიოზული სექსუალური და სხვა სახის დანაშაულებისთვის. ციხეში ყოფნისას, მან სხვა დანაშაულებიც ჩაიდინა და ექსპერტთა დასკვნების საფუძველზე იგი გადაიყვანეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. შესაბამისად, 2004 წლიდან იგი დაკავებული იყო ,,სოციალური დაცვის დაწესებულებაში’’ (‘’EDS“) ბელგიის ფრანგულენოვან რეგიონში: სამედიცინო დასკვნები ადასტურებდნენ მის ფსიქოზურ და პარანოიდულ პიროვნებას, რომელიც საზოგადოებისთვის საშიში იყო. კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების შესაბამისად იგი დავობდა, რომ ვერ მიიღო აუცილებელი ფსიქიატრიული მკურნალობა ‘‘EDS’’-ში. პალატამ დაადგინა, რომ 13 წლის განმავლობაში მომჩივნის დაკავება შესაბამისი მკურნალობისა და გერმანულენოვანი თერაპევტების გარეშე (გარდა გარკვეული მოკლე პერიოდებისა) არღვევდა კონვენციის მე-3 მუხლს. თუმცა, მან ასევე დაადგინა, რომ მკურნალობის ნაკლებობა მის დაკავებას უკანონოდ არ აქცევდა, შესაბამისად არ დადგინდა მე-5 მუხლის დარღვევა. საქმე განსახილველად დიდ პალატას გადაეცა.
სამართალი: დიდმა პალატამ დაადგინა მე-3 და მე-5 მუხლების დარღვევა მკურნალობის არარსებობის გამო 2017 წლის აგვისტომდე პერიოდში და არ დაადგინა ამ მუხლების დარღვევა ამ დროის შემდეგ მიღებულ მკურნალობასთან მიმართებით.
მთავარ საკითხს წარმოადგენდა, ჰქონდა თუ არა მე-5 მუხლის 1-ლი პარაგრაფის ,,ე’’ ნაწილს, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სოციალურ როლთან ერთად დამატებით თერაპიული როლიც, რა დროსაც საჭიროა შესაბამისი მკურნალობა იმისათვის, რომ დაკავება იყოს კანონიერი.
წინამდებარე საქმეში დიდმა პალატამ დაადასტურა, რომ განვითარებული პრეცედენტული სამართლისა და არსებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთა შეიძლება ჩაითვალოს ორმაგი ფუნქციის მქონედ: სოციალურ ფუნქციასთან ერთად, მას აგრეთვე თერაპიული ფუნქციაც ეკისრება, ამდენად ამგვარი პატიმრისთვის „სათანადო და ინდივიდუალიზებული მკურნალობა“ მისი პატიმრობის კანონიერების პირობად იქცა. აქედან გამომდინარე, „შესაბამისი და ინდივიდუალიზებული მკურნალობის’’ არსებობა წარმოადგენს იმ გადაწყვეტილების „არსებით ნაწილს“, არის თუ არა საპატიმრო დაწესებულება ასეთი პატიმრობისთვის შესაბამისი. მკურნალობა მიზნად უნდა ისახავდეს პირის მდგომარეობის გაუმჯობესებას და მისი საშიშროების შემცირებას, სამომავლოდ გათავისუფლების მიზნით.
დიდმა პალატამ ასევე განმარტა მე-3 და მე-5 მუხლებს შორის კავშირი, ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების მკურნალობის ადეკვატურობის შეფასებასთან დაკავშირებით. დაკავების მიზანსა და იმ პირობებს შორის უწყვეტი კავშირის საკითხი, რომელშიც დაკავება განახორციელდა (მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტი) და ის საკითხი, მიაღწია თუ არა ამ პირობებმა სიმძიმის განსაზღვრულ ზღვარს (მე-3 მუხლი), დიდმა პალატამ „განსხვავებული ინტენსივობის დონეებად“ მიიჩნია. შესაბამისად, მე-3 მუხლის დარღვევის დაუდგენლობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ არ დადგინდება მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა და შესაბამისად, მკურნალობის კურსი, რომელიც შესაძლოა არღვევდეს კონვენციის მე-3 მუხლს, ასევე შეიძლება განაპირობებდეს იმ დასკვნამდე მისვლას, რომ იმავე საფუძვლებით ადგილი ჰქონდა მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას.
მომჩივანი, რომელიც ქმედუნარიანი იყო, არ დაექვემდებარა 2017 წლის აგვისტოდან შემოთავაზებულ მკურნალობის გეგმას, ხოლო ეროვნული კანონმდებლობა კრძალავდა მის დაწესებას. რეკომენდაცია (2004)10 -ზე დაყრდნობით, დიდი პალატა დაეთანხმა, მიუხედავად იმისა, რომ დაავადებამ შეასუსტა მომჩივნის აღქმის უნარი და დაუცველი გახადა იგი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირს უნდა დაევალოს მკურნალობის ჩატარება. არამედ, შემოთავაზებული უნდა იქნეს მკურნალობა, სადაც მომჩივანი შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ჩაერთვებოდა მის მიმდინარეობაში და სადაც მას ექნებოდა არჩევანის უფლება. ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის გათვალისწინებით, რომელიც მან გამოავლინა მომჩივნის მკურნალობის უზრუნველსაყოფად, რაც ერთი შეხედვით, ადეკვატური და სიტუაციის შესაბამისი იყო იმ მოკლე პერიოდის განმავლობაში როდესაც მათ ჰქონდათ ამ მკურნალობის განხორციელების შესაძლებლობა (2017 წლიდან), და ის ფაქტი, რომ მომჩივანი ყოველთვის არ ექვემდებარებოდა მას, დიდმა პალატამ დაასკვნა, რომ 2017 წლის აგვისტოდან დაწყებული მკურნალობა პასუხობდა მომჩივნის იძულებითი დაკავების თერაპიულ მიზანს.
საბოლოოდ, აღიარებული იქნა, რომ მომჩივანმა ვერ მიიღო მკურნალობა, ვინაიდან იგი არ იყო ხელმისაწვდომი გერმანულ ენაზე და საინტერესოა აღინიშნოს, თუ როგორ გადაწყვიტა სტრასბურგის სასამართლომ ენის საკითხი კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების ჭრილში, რათა შეფასდეს მისი რელევანტურობა სხვა სამომავლო საქმეებში, რომლებიც დაკავშირებული იქნება უცხოელი დაკავებულებისთვის მკურნალობის უზრუნველყოფასთან.
დიდმა პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონვენცია არ იძლევა დაკავებულისთვის საკუთარ ენაზე მკურნალობის მიღების გარანტიას. რაც შეეხება მე-3 მუხლს, განსახილველ საკითხს წარმოადგენდა ,,სხვა ფაქტორების პარალელურად, გადაიდგა თუ არა აუცილებელი და გონივრული ნაბიჯები კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად, რომელიც ხელს შეუწყობდა შესაბამისი მკურნალობის ეფექტურ განხორციელებას“. მიუხედავად ამისა, აღიარებულ იქნა, რომ ფსიქიატრიულ მკურნალობასთან დაკავშირებით „წმინდა ლინგვისტური ელემენტი შეიძლება ყოფილიყო გადამწყვეტი, შესაბამისი მკურნალობის ხელმისაწვდომობის ან განხორციელების კუთხით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ფაქტორებმა ვერ დააბალანსეს კომუნიკაციის ნაკლებობა“. მე-5 მუხლის კონტექსტში, სოციალური დაცვის საბჭომ (რომელმაც მომჩივანს იძულებითი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა) დაადასტურა მისი უფლება გერმანულ ენაზე საუბრის, გაგების და მკურნალობის მიღების შესახებ, რომელიც ბელგიის ეროვნულ ენას წარმოადგენს, შესაბამისად, მოცემულ საქმეში მე-5 მუხლის დარღვევის დადგენა შეიძლება შემოიფარგლოს ამ კონკრეტული ფაქტებით.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები