Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N186
2015 წლის ივნისი
რუსლან იაკოვენკო უკრაინის წინააღმდეგ (Ruslan Yakovenko v. Ukraine)
(საჩივარი- N5425/11)
გადაწყვეტილება, 4 ივნისი, 2015 [მე-5 სექცია]
მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი
ფაქტები: 2010 წლის 12 ივლისს მომჩივანი დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში და მას 4 წლითა და 7 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ ბრძანა, რომ მომჩივანი გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე, წინასწარი დაკავების ცენტრში (SIZO) უნდა ყოფილიყო, პრევენციული მიზნებისთვის. 2010 წლის 15 ივლისს მომჩივნის სასჯელის ვადა ამოიწურა, ვინაიდან მან წინასწარ პატიმრობაში დიდი დრო გაატარა. მან წინასწარი დაკავების ცენტრის ადმინისტრაციას გათავისუფლება მოთხოვა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 2010 წლის 27 ივლისს ამოიწურა გადაწყვეტილების გასაჩივრების 15-დღიანი ვადა და, გადაწყვეტილების წინააღმდეგ საჩივრის არარსებობის გამო, იგი საბოლოო გახდა. აპლიკანტი გათავისუფლდა 2010 წლის 29 ივლისს, როდესაც SIZO-მ მიიღო სასამართლოს ბრძანება, საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე.
სტრასბურგის სასამართლოს წინაშე მომჩივანი დავობდა, რომ დაერღვა კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საქმის გასაჩივრების უფლება.
სამართალი: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირველად განიხილა გასაჩივრების პროცედურული წესები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენდნენ პირის თავისუფლების უფლებაზე. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, კონვენციის ხელშემკვრელ მხარეებს შეფასების ფართო ფარგლები აქვთ იმის განსაზღვრისას, თუ როგორ უნდა მოხდეს მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უფლების გამოყენება. მიუხედავად ამისა, გასაჩივრების უფლების არსი არ უნდა დაირღვეს; საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული უფლება ნამდვილად დაირღვა. მომჩივანს ჰქონდა გასაჩივრების უფლება, თუმცა პრაქტიკაში, მან გადაიფიქრა აღნიშნული უფლებით სარგებლობა, რადგან გასაჩივრება გააჭიანურებდა მის გათავისუფლებას. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი, ვინაიდან მომჩივნის მიერ გასაჩივრების უფლებით სარგებლობა გამოიწვევდა გაურკვეველი ვადით მისი თავისუფლების შეზღუდვას.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად)
41-ე მუხლი: მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 3 000 ევრო მიეკუთვნა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy