© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, 2015. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით (/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მითითება მოცემული დოკუმენტის ბოლოში.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
მეხუთე სექცია
გადაწყვეტილება საქმეზე რუსლან იაკოვენკო უკრაინის წინააღმდეგ
((საჩივარი # 5425/11)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
4 ივნისი 2015
საბოლოო
04/09/2015
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა კონვენციის მუხლი 44 § 2-ის მიხედვით, თუმცა შესაძლებელია დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
საქმეზე რუსლან იაკოვენკო უკრაინის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეხუთე სექციამ) შემდეგი შემადგენლობით:
მარკ ვილიგერი, პრეზიდენტი,
ანჟელია ბუსბერგერი,
ბოშტან მ ზუპანჩიჩი,
განა იუდკივსკა,
ვინსენტ ა დე გაეტანო,
ანდრე პოტოცკი,
ალეს პეჩალი,მოსამართლეები,
და მილან ბლაშკო, სხდომის გამწესრიგებლის მოადგილე,
განმარტოებით ითათბირა, 21 აპრილს 2015,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო იმავე დღეს:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად უდევს საჩივარი (no. 5425/11) უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოში შევიდა უკრაინის მოქალაქის ბ-ნი რუსლან ანატოლიევიჩ იაკოვენკოს მიერ („მომჩივანი“), 2011 წლის 17 იანვარს.
2. მომჩივანს წარმოადგენდა ბ-ნი ო.ვ ლევიცკი, ადვოკატი, რომელიც იურიდიულ პრაქტიკას ახორციელებდა კიევში. უკრაინის მთვარობას („მთავრობა“) წარმოადგენდა მისი წარომადგენელი, ბ-ნი ნაზარ კულჩიტსკი.
3. მომჩივანი დაობდა მისი პატიმრობის უკანონობაზე და სისხლის სამართალწარმოების პროცესში გასაჩივრების უფლების დარღვევაზე.
4. 2012 წლის 12 დეკემბერს საჩივარი გასაცნობად გაეგზავნა მთავრობას.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
5. მომჩივანი დაბადებულია 1979 წელს და ცხოვრობს კოროლივკაში, კიევის ოლქი.
6. 2010 წლის 12 ივლისს ბილა ცერკვას საქალაქო სასამართლომ („ბილა ცერკვას სასამართლო“) მომჩივანი დამნაშავედ სცნო 2006 წლის 12 მაისს ბ-ნი ნ-თვის სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებისთვის. ამ დანაშაულისთვის სასჯელის სახით განსაზღვრული იყო 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასჯელის ფორმად შესაძლებელი იყო უფრო მსუბუქი სანქციის განსაზღვრა მომჩივანისათვის. სასამართლომ გაითვალისწინა მომჩივანის მიერ დანაშაულის აღიარება და მის მიერ გამოხატული სინანულის გრძნობა. შესაბამისად სასამართლომ მომჩივანს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 7 თვის ვადით. სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ ვადა 2005 წლის 20 ოქტომბრიდან 2006 წლის 3 მაისამდე (6 თვე და 14 დღე) ჩაეთვალა მისთვის სასჯელის მოხდის ვადაში, ამ პერიოდში იგი სხვა სასჯელისთვის იმყოფებოდა პატიმრობაში. და ბოლოს სასამართლომ მიუთითა, რომ მომჩივანისთვის სასჯელის განსაზღვრისას მან გაითვალისწინა ის ფაქტი რომ „მომჩივანს 4 წელზე მეტი ჰქონდა გატარებული (წინასწარ) პატიმრობაში, სადაც პატიმრობის პირობები ბევრად უფრო მკაცრი იყო ვიდრე მსჯავრდებულთა საპატიმროში და ადრე მიღებული გადაწყვეტილებები მის მიმართ გაუქმებულია“. დამატებითი ინფორმაცია მომჩივანის ზემოთხსენებულ პატიმრობაზე, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ან გაუქმებულ გადაწყვეტილებებზე არ არის ცნობილი.
7. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ბილა ცერკვას სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება მომჩივანისთვის წინასწარი პატიმრობის ვადის წინასწარი პატიმრობის დაწესებულებაში გაგრძელების თაობაზე (SIZO) აღმკვეთ ღონისძიებაზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლის ვადამდე. მან დამატებით მიუთითა, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თხუთმეტი დღის განმავლობაში მისი გამოცხადებიდან.
8. 2010 წლის 15 ივლისს მომჩივანის სასჯელი ამოიწურა და მან SIZO-ს ადმინისტრაციას მოსთხოვა გათავისუფლება. მას მოთხოვნაზე უარი ეთქვა. იმავე დღეს SIZO-ს ადმინისტრაციამ მიმართა ბილა ცერკვას სასამართლოს მომჩივანის გათავისუფლების ნებართვის მოთხოვნით იმ საფუძვლით რომ მართლმსაჯულებისთვის თავის არიდება არ მომხდარიყო იმის გათვალისწინებით რომ მან სრულად მოიხადა სასჯელი. პასუხი მოთხოვნაზე არ ყოფილა.
9. 2010 წლის 19 ივლისს მომჩივანის ადვოკატებმა კიდევ ერთხელ მიმართეს SIZO-ს ადმინისტრაციას მომჩივანის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით იმ საფუძვლით რომ არანაირი მიზეზი მისი კლიენტის პატიმრობის გაგრძელებისთვის არ არსებობდა. ამ წერილის ასლი ასევე გაეგზავნა კიევის რეგიონალურ პროკურატურას.
10. 2010 წლის 27 ივლისს ამოიწურა 2010 წლის 12 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების 15 დღიანი ვადა და ვინაიდან სააპელაციო სარჩელი არ არსებობდა გადაწყვეტილება გახდა საბოლოო.
11. იმავე დღეს SIZO-ს ადმინისტრაციამ მიწერა მომჩივანის ადვოკატს რომ ის ვერ გაათავისუფლებდა მომჩივანს იქამდე სანამ არ შეიცვლებოდა აღმკვეთი ღონისძიება ან სანამ გადაწყვეტილება არ იქნებოდა საბოლოო. წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ბილა ცერკვას სასამართლოს უნდა გაეცა მომჩივანის პატიმრობიდან გათავისუფლების ბრძანება.
12. მომჩივანი გათავისუფლა პატიმრობიდან 2010 წლის 29 ივლისს როდესაც SIZO-მ მიიღო სასამართლოს ბრძანება საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ.
13. 2010 წლის 5 აგვისტოს ციხეების სახელმწიფო დეპარტამენტმა მიწერა მომჩივანის ადვოკატს მისი საჩივრების საპასუხოდ რომ მომჩივანის პატიმრობიდან გათავისუფლების დაგვიანებით არ დარღვეულა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა მოცემული დროისთვის
ა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (1960)
14. მუხლი 148 ადგენს აღკვეთი ღონისძიების მიზანს და საფუძველს. მუხლი აღნიშნავს, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიძლება დაწესდეს როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, მსჯავრდებული შეიძლება მიიმალოს ან თავი აარიდოს საპროცესო გადაწყვეტილებებს ან ხელი შეუშალოს სიმართლის დადგენას ან გააგრძელოს დანაშაულებრივი ქმედებები.
15. საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე პატიმარი შეიძლება განთავისუფლდეს მხოლოდ მოსამართლის ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე (მუხლი 165). როგორც ასევე აღნიშნულია 165-ე მუხლში აღმკვეთი ღონისძიება უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს თუ არ არსებობს ადრე გამოყენებული ღონისძიების ანდა ნებისმიერი აღმკვეთი ღონისძიების შენარჩუნების საჭიროება.
16. წინასწარი გამოძიების ეტაპზე პატიმარი უნდა განთავისუფლდეს დაუყოვნებლივ შესაბამისი საპატიმრო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ იმ შემთხვევაში თუ მისი პატიმრობის ვადა ამოიწურა და თუ ამ მომენტისთვის არ არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ვადის გაგრძელების თაობაზე (მუხლი 156), მსგავსი გარემოებები არ არსებობდა პატიმრის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო წარმოების ეტაპზე.
17. მუხლი 274 ეხება აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებას, გაუქმებას ან შეცვლას სასამართლოს მიერ. ის ავალდებულებს სასამართლოს იხელმძღვანელოს მე-13-ე თავის შესაბამისი დებულებებით („აღმკვეთი ღონისძიება“ - მუხლები 148-165-3).
18. მუხლი 324 მოითხოვს საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას მსჯავრდებული პირის მიმართ რომელიც ელოდება გადაწყვეტილების ძალაში შესვლას.
19. მუხლი 343 იმეორებს ზემოთ ხსენებულ დებულებებს და დამატებით აკონკრეტებს რომ სასამართლოს შეუძლია მსჯავრდებულის წინასწარი პატიმრობა, როგორც აღმკვეთი ღონისძიება გააგრძელოს მხოლოდ მე-13-ე თავით დადგენილ შემთხვევებში.
20. 358-ე მუხლი ჩამოთვლის იმ საკითხებს, რომელიც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაითვალისწინოს მოსამზადებელ სხდომაზე. მან კონკრეტულად შეუძლია გადაწყვიტოს შეცვალოს, გააუქმოს თუ გამოიყენოს აღმკვეთი ღონისძიება მსჯავრდებულის მიმართ.
21 401-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილება ძალაში შევა იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება მისი გასაჩივრება სააპელაციო დონეზე დადგენილ ვადაში (15 დღე - მუხლი 349). იმ შემთხვევაში თუ სააპელაციო სარჩელი შევა სასამართლოში მაშინ გადაწყვეტილება ძალაში შევა მხოლოდ მას შემდეგ რაც სააპელაციო სასამართლო განიხილავს საქმეს. გადაწყვეტილება გამართლების შესახებ, ან გადაწყვეტილება სასჯელის გაუქმების შესახებ უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ, ისე როგორც აღსრულდებოდა დამნაშევედ ცნობის გადაწყვეტილება მსგავსის მიღების შემთხვევაში. 404-ე მუხლი ადგენს, რომ გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო ვალდებულებია საქმე აღსრულებისთვის მიმართოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს სამი დღისა.
ბ. სამოქალაქო კოდექსი (2003)
22. მუხლი 1176 ადგენს სახელმწიფოზე ვალდებულებას „სრულად აუნაზღაუროს პირს ის ზიანი რომელიც მას მიადგა უკანონო პატიმრობით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის უკანონო დაკისრებით, აღმკვეთი ღონისძიების უკანონო გამოყენებით [ან] პატიმრობით. . . მიუხედავად მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოების წარმომადგენელთა ბრალის მიუხედავად” (პუნქტი 1). ის დამატებით ადგენს, რომ „მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან უკანონო მოქმედებების შედეგად პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება წარმოიშობა კანონით დადგენილ შემთხვევებში“ (პუნქტი 2).
გ. „ოპერატიული მოკვლევის, წინასწარი საგამოძიებო ორგანოების, პროკურატურის ან სასამართლოს ორგანოების უკანონო მოქმედებებით მოქალაქისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უკრაინის კანონი” 1994 (“კანონი კომპენსაციის შესახებ”)
23. ნაწილი 1-ით დადგენილია, რომ პირი უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც მას მიადგა უკანონო მსჯავრდების, უკანონო ბრალდების, უკანონო დაკავების და პატიმრობის ან წინასწარი პატიმრობის შედეგად. ჩამოთვლილ შემთხვევებში ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს მიუხედავად „მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოების თანამდებობის პირთა ბრალეულობისა“.
24. ნაწილი 2 ჩამოთვლის იმ შემთხვევებს თუ როდის წარმოიშობა ზიანის ანაზღაურების მიღების უფლება. ის მოიცავს შემდეგს: (1) გამამართლებელი გადაწყვეტილება; (1-1) სასამართლოს გადაწყვეტილება რომელიც ადასტურებს პატიმრობის უკანონობას; და (2) სისხლის სამართლის პროცედურების შეწყვეტა დანაშაულის შემადგენლობის არ არსებობის ან ბრალდებულისთვის ბრალის მტკიცების არ არსებობის საფუძვლით.
კანონმდებლობა
I. კონვენციის მე-5-ე მუხლის § 1-ს ნაგულვები დარღვევა
25. მომჩივანი დაობდა, რომ მისი პატიმრობა 2010 წლის 15 ივლისიდან 29 ივლისამდე იყო უკანონო. იგი ეფუძნებოდა კონვენციის მე-5-ე მუხლის § 1, რომელშიც ვკითხულობთ:
“1. 1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ესენია:
a) უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის კანონიერი დაპატიმრება;
;
...
(c) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა..”
ა. დასაშვებობა შიდასამართლებრივი გასაჩივრების საშუალებების ამოწურვა
(ა) მხარეთა პოზიციები
26. მთავრობა აცხადებდა, რომ მომჩივანმა არ შეასრულა გასაჩივრების შიდა სახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვის ვალდებულება. მთავრობამ აღნიშნა, რომ 2010 წლის 15 ივლისიდან 29 ივლისამდე მისი პატიმრობა უსაფუძვლო იყო. დაეყრდნო რა სამოქალაქო კოდექსის მუხლი 1176 (იხილეთ პუნქტი 22 ზემოთ), მთავრობამ განაცხადა რომ მას ჰქონდა საშუალება მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება, მაგრამ მან ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.
27. მომჩივანი არ დაეთანხმა. მან განაცხადა, რომ იმისათვის რომ საშუალება იყოს ქმედითი მის საქმეში მას უნდა უზრუნველეყო მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება პატიმრობიდან ამ ვადის ამოწურვისთანავე. მან მიუთითა რომ მან მიმართა SIZO-ს ადმინისტრაციას და პროკურატურას გათავისუფლების მოთხოვნით. მიუხედავად ამის SIZO-ს ადმინისტრაციამ ეს შეუძლებლად მიიჩნია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. რაც შეეხება პროკურატურას, მან საქმეში ჩარევა არ ჩათვალა საჭიროდ.
(ბ) სასამართლოს შეფასება
(i) სასამართლო პრაქტიკის ზოგადი პრინციპები
28. სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრების შიდა სახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვის წესი ემყარება ვარაუდს, რომელიც კონვენციის მე-13-ე მუხლშია ასახული და რომლითაც ეროვნული სამართლებრივი სისტემა უზრუნველყოფს ქმედით საშუალებას რომელსაც შეუძლია სადაო საჩივრის არსებითი განხილვა კონვენციით დადგენილ ფარგლებში და მისთვის დაკმაყოფილების ეფექტიანი საშუალების განსაზღვრა. ამ შემთხვევაში პრინციპის მნიშვნელოვანი ასპექტი მდგომარეობს იმაში, რომ კონვენციით დადგენილი დაცვის მექანიზმი წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სისტემის დამხმარეს (იხილეთ ანანიევი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Ananyev and Others v. Russia), nos. 42525/07 და 60800/08, § 93, 10 იანვარი 2012).
29. მომჩივანს მოეთხოვება მხოლოდ რომ მიმართოს დახმარებისთვის, რომელიც არის ხელმისაწვდომი და საკმარისი იმისათვის რომ მოხდეს ნაგულვები დარღვევის გამოსწორება. ამ საშუალებების არსებობა უნდა იყოს არსებითად დადგენილი არა მხოლოდ თეორიულად არამედ პრაქტიკაში და ისინი უნდა იყოს ქმედითი და ხელმისაწვდომი. სახელმწიფო ვალდებულია როდესაც აცხადებს, რომ მომჩივანმა არ ამოწურა ეროვნულ დონეზე არსებული საშუალებები დაამტკიცოს რომ ის მექანიზმები რომელზეც ის მიუთითებს იყო ხელმისაწვდომი და ქმედითი საშუალება მომჩივანის სარჩელთან მიმართებით და წარმატების გონივრული საშუალება არსებობდა. მას შემდეგ რაც მტკიცების ტვირთი დაკმაყოფილდება მომჩივანი ვალდებულია დაადასტუროს რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული საშუალება იყო გამოყენებული ან გარკვეული მიზეზების გამო იყო არაადექვატური და არაქმედითი მათ შემთხვევაში და რომ არსებობდა სპეციალური გარემოებები რომელიც ათავისუფლებდა მათ დახმარებისათვის მიმართვის ვალდებულებისგან ( იხილეთ, მაგალითად მელნიკი უკრაინის წინააღმდეგ (Melnik v. Ukraine, no. 72286/01, § 67, 28 მარტი 2006).
30. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ როდესაც ადგილი აქვს კონვენციის მე-5-ე მუხლის § 1-ს დარღვევას, კონვენციის მუხლი 5 §§ 4 და 5 წარმოადგენს leges speciales კონვენციის მე-13-ე მუხლის უფრო ზოგადი მოთხოვნებთან მიმართებით (იხილეთ სვეტოსლავ დიმიტორვი ბულგარეთის წინააღმდეგ (Svetoslav Dimitrov v. Bulgaria (dec.), no. 55861/00, 9 მაისი 2006). შესაბამისად, იმისათვის რომ გადავწყვიტოთ ვალდებული იყო თუ არა მომჩივანი ამოეწურა ეროვნულ დონეზე არსებული ყველა მექანიზმი მის საჩივართან დაკავშირებით კონვენციის მე-5-ე მუხლის § 1 საფუძველზე, სასამართლომ უნდა შეაფასოს ამ საშუალების ეფექტიანობა ზემოთხსენებული დებულებების ჭრილში.
(ii) პრევენციული მისაგებლის არსებობა კონვენციის მე–5–ე მუხლის § 4 შესაბამისად
31. სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალის განსაზღვრის შემდეგ, იმ შემთვევაშიც კი თუ ეს პირველი ინსტანციის სასამრთლოს მიერ ხდება, მსჯავრდებულის პატიმრობაშია „უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდების შემდეგ“ კონვენციის მე–5–ე მუხლის § 1 (ა) ქვეპუნქტის თანახმად (სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი შესაბამისი პრინციპების უფრო დეტალური განხილვისთვის იხილეთ პუნქტები 46-51 ქვემოთ).
32. სასამართლომ პრაქტიკით დაადგინა, რომ ასეთ შემთხვევაში კონვენციის მე–5–ე მუხლის § 4–ით დადგენილი თავისუფლების აღკვეთის სასამართლო კონტროლი მიჩნეულია რომ წარმოადგენს პირველადი მსჯავრდების და სასჯელის შემადგენელ ნაწილს. მაგრამ როდესაც ახალი საკითხები დგება პატიმრობის კანონიერებასთან მიმართებით ისევ აქტუალური ხდება კონვენციის მე–5–ე მუხლის § 4 (იხილეთ, სტოიჩკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (Stoichkov v. Bulgaria), no. 9808/02, §§ 64 და 65, 24 მარტი 2005).
33. სასამართლოს აზრით მოცემულ საქმეში ახალი საკითხი მომჩივანის პატიმრობის კანონიერებასთან დაკავშირებით დადგა ერთხელ მაშინ როდესაც მისი პატიმრობის ვადა ამოიწურა, მაგრამ იგი არ გაანთავისუფლეს ციხიდან. ამ ეტაპზე მას არ ჰქონდა საშუალება მიემართა სასამართლოსთვის და ამით მისი განგრძობადი პატიმრობის კანონიერება სწრაფად გადაწყდებოდა და მისი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სწრაფად იქნებოდა გამოტანილი. საქმე უკვე აღარ იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს განსახილველი. ჩვეულებრივი სააპელაციო პროცედურების შედეგად მომჩივანის პატიმრობა კიდევ უფრო დიდი ხანი გაგრძელდებოდა ვიდრე სადაო პატიმრობის ვადა (12 დღე). ამასთანავე, სავარაუდოა რომ სააპელაციო საჩივრის შეტანა გამოიწვევდა მისი პატიმრობის ვადის გაგრძელებას აღმკვეთი ღონისძიების სახით გადაწყვეტილების საბოლოო ძალაში შესვლამდე. ეს საკითხი კიდევ უფრო მეტად დეტალურად იქნება განხილული ქვემოთ.
34. რაც შეეხება მომჩივანის მიმართვას SIZO–ს ადმინისტრაციისადმი და პროკურატურისადმი, ეს ორგანოები არ წარმოადგენს „სასამართლოს“ კონვენციის მე–5–ე მუხლის § 4 მიზნებისათვის.
35. შესაბამისად მომჩივანს არ შეეძლო ამოეწურა შიდასამართლებრივი გასაჩივრების ქმედითი საშუალებები იმისათვის, რომ დასრულებულიყო კონვენციის მე–5–ე მუხლის § 1–ის ნაგულვები დარღვევა.
(iii) საკომპენსაციო მისაგებელის არსებობა კონვენციის მე–5–ე მუხლის § 5 შესაბამისად
36. სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე–5–ე მუხლის § 5 დაკმაყოფილებულად მიიჩნევა, მაშინ როდესაც შესაძლებელია კომპენსაციის მოთხოვნა კონვენციის მე–5–ე მუხლის 1, 2, 3 ან 4 პუნქტებით დადგენილი პირობების საწინააღმდეგო თავისუფლების აღკვეთის გამო და როდესაც თავისუფლების აღკვეთაზე გადაწყვეტილება მიღებულია ეროვნული უწყებების ან სასამართლოს მიერ. კონვენციის მე–5–ე მუხლის § 5 დადგენილ კომპენსაციის მიღების უფლების ეფექტურად გამოყენების გარანტია უზრუნველყოფილი უნდა იყოს უდავოობის სათანადო ხარისხით (იხილეთ ლობანოვი რუსეთის წინააღმდეგ, (Lobanov v. Russia), no. 16159/03, § 54, 16 ოქტომბერი 2008).
37. სასამართლოს აზრით მოცემულ საქმეზე სახელმწიფო შეიზღუდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას მხოლოდ იმ განცხადებით, რომ მომჩივანის პატიმრობა იყო უსაფუძვლო და რომ ამას შეეძლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 1176–ე მუხლით. სასამართლო მიუთითებს, რომ კანონის ეს ჩანაწერი ძალიან ზოგადია: ის არც სამართლებრივ კომპნსაციის მოთხოვნის წინაპირობას ადგენს და არც ამისთვის უზრუნველყოფს სპეციალურ მექანიზმებს ან პროცედურებს. პირიქით, მუხლი 1176 ეხება ცალკე კანონს რომელიც ამ საკითხებს არეგულირებს. ეს არის სპეციალური კანონი კომპენსაციის შესახებ, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული (იხილეთ პუნქტები 23 და 24 ზემოთ). სახელმწიფო საკუთარი პოზიციის წარდგენისას არ უთითებს ამ კანონზე. არც იმის დაკონკრეტება არ ხდება ეროვნული კანონმდებლობის რომელი დებულებები დაირღვა მომჩივანის პატიმრობით. სახელმწიფომ ასევე ვერ მიუთითა ეროვნული სასამართლოების არსებული პრაქტიკა ამ საკითხთან მიმართებით. შესაბამისად ბუნდოვანია თუ რა საფუძვლით და რა მექანიზმებით შეეძლო მომჩივანს ეროვნულ დონეზე ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის მექანიზმების გამოყენება იმის დასადგენად რომ მისი პატიმრობა იყო უკანონო და ამ საფუძვლით მოეთხოვა კომპენსაცია ზიანის ანაზღაურებისთვის.
38. ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის სახელმწიფოს არგუმენტები, რომ შიდასამართლებრივი ქმედითი მისაგებელი იყო ეფექტიანი და რომ ის უნდა გამოეყენებინა მომჩივანს არ არის დამაჯერებელი.
(iv) დასკვნა
39. ზემოთ ხსენებული მიმოხილვის საფუძველზე, სასამართლო ადგენს რომ მომჩივანისთის არ ყოფილა ხელმისაწვდომი შიდასამართლებრივი გასაჩივრების ქმედითი საშუალება, რომელიც მას უნდა ამოეწურა მის საჩივართან მიმართებით კონვენციის მე–5–ე მუხლის § 1–ის საფუძველზე. შესაბამისად სასამართლო არ ეთანხმება სახელმწიფოს პრეტენზიას ამ საკითხთან მიმართებით.
2. სხვა საკითხები დასაშვებობასთან დაკავშირებით
40. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35–ე მუხლის § 3 (ა) ფარგლებში. ის ასევე არ არის დაუშვებელი სხვა რაიმე საფუძვლით და შესაბამისად უნდა იყოს ცნობილი დასაშვებად.
B. საქმის არსებითი მხარე
1. მხარეთა პოზიციები
41. მომჩივანმა განაცხადა, რომ მისი პატიმრობა 2010 წლის 15 ივლისიდან 29 ივლისამდე იყო უსაფუძვლო და ეწინააღმდეგებოდა კონვენციის მე–5–ე მუხლის § 1.
42. საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვისას (იხილეთ პუნქტი 26 ზემოთ) სახელმწიფო დაეთანხმა მომჩივანს სარჩელის ამ ნაწილში. მათ საკუთარი პოზიცია საჩივრის არსებით მხარესთან დაკავშირებით არ წარუდგენია.
2. სასამართლოს შეფასება
43. სასამართლოს აზრით ანალიზის მიზნით მომჩივანის პატიმრობა უნდა გაიყოს ორ პერიოდად:
(1) 2010 წლის 15 ივლისიდან 27 ივლისამდე, მას შემდეგ რაც გამოცხადდა გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ და სანამ ის ძალაში შევიდა; და
(2) მომდევნო ორი დღის განმავლობაში, 2010 წლის 27 ივლისიდან 29 ივლისამდე, დრო რომელიც სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს დასჭირდათ ადმინისტრაციული ფორმალობების დასასრულებლად მას შემდეგ რაც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქცა საბოლოოდ და სანამ მომჩივანი გაათავისუფლეს.
44. სასამართლო გამოიკვლევს მომჩივანის პატიმრობის ორივე ზემოთ ხსენებული პერიოდის შესაბამისობას კონვენციის მე–5–ე მუხლის § 1–თან დამოუკიდებლად.
(ა) მომჩივანის პატიმრობა 2010 წლის 15 ივლისიდან 27 ივლისამდე
(i) მომჩივანისთვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები
(α) სასამართლო პრაქტიკის ზოგადი პრინციპები
45. სასამართლო იმეორებს, რომ მე–5–ე მუხლი ეხება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, კონკრეტულად კი პირს იცავს სახელმწიფოს თვითნებური ჩარევისგან მის თავისუფლებაში. მე–5–ე მუხლის § 1 (ა)–დან (ე)–მდე ქვეპუნქტები შეიცავს ამომწურავ სიას იმ საფუძვლების, რომლითაც პირის თავისუფლების შეზღუდვაა დასაშვებია და თავისუფლების შეზღუდვა არ იქნება კონვენციის მე–5–ე მუხლის § 1–თან შესაბამისი თუ ის არ ჯდება ერთ–ერთ ამ საფუძველში (იხილეთ, ოსტინი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Austin and Others v. the United Kingdom [GC], nos. 39692/09, 40713/09 და 41008/09, § 60, 15 მარტი 2012).
46. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული ითვლება პატიმრად კონვენციის მე-5-ე მუხლის § 1 (ა) მიზნებისთვის მას „უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდების შემდეგ“ და როდესაც გადაწყვეტილება გამოცხადდება პირველი ინსტანციის სასამართლოში, მაშინ როდესაც ის არ არის აღსრულებადი და ექვემდებარება გასაჩივრებას. სასამართლომ ამ საკითხთან დაკავშირებით დაადგინა, რომ ფრაზა „მსჯავრდების შემდეგ“ არ შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს და შემოიფარგლოს მხოლოდ საბოლოო მსჯავრდებით, ასეთ შემთხვევაში გამორიცხული იქნებოდა სასამართლო განხილვის ეტაპზე მსჯავრდებული პირის დაპატიმრება, რომელიც გამოცხადა სასამართლო პროცესზე მაშინ როდესაც ის თავისუფალი იყო (იხილეთ ვემჰოფი გერმანიის წინააღმდეგ (Wemhoff v. Germany), 27 ივნისი 1968, p. 23, § 9, Series A no. 7). ამასთანავე, პირველი ინსტანციის ეტაპზე მსჯავრდებული და დაპატიმრებული პირი, რომელიც აპელაციის მოლოდინშია არ შეიძლება მიჩნეული იყოს რომ იმყოფება პატიმრობაში იმისათვის რომ წარდგეს უფლებამოსილი სასამართლოს წინაშე კონვენციის მე-5-ე მუხლის § 1 (გ) დადგენილი დანაშაულის ჩადენის გონივრული ეჭვის არსებობის გამო (იხილეთ, კონკრეტულად, სოლმაზი თურქეთის წინააღმდეგ (Solmaz v. Turkey), no. 27561/02, § 25, 16 იანვარი 2007).
47. სასამართლოს თავისი პრაქტიკით არაერთხელ აქვს დადგენილი რომ ის ყურადღებას აქცევს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის მნიშვნელოვან სხვაობებზე იმ საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლო ეტაპზე მსჯავრდებულმა პირმა დაიწყო თუ არა საპატიმრო სასჯელის მოხდა მაშინ როდესაც საქმე გასაჩივრებულია. სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე-5-ე მუხლით დადგენილი მნიშვნელოვანი გარანტიები არ არის დამოკიდებული ეროვნულ კანონმდებლობაზე (იხილეთ ბ ავსტრიის წინააღმდეგ (B. v. Austria), 28 მარტი 1990, § 39, Series A no. 175, და სოლმაზი (Solmaz), ზემოთ ციტირებული, § 26). წევრი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობა ადგენს რომ სასჯელი საბოლოა მხოლოდ მაშინ როდესაც გასაჩივრების ყველა ეტაპი დასრულდება, წინასწარი პატიმრობა სრულდება კონვენციის მიზნებისთვის ბრალის დადგენით და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის განსაზღვრით (იხილეთ სოლმაზი (Solmaz), ზემოთ ციტირებული, § 26).
48. მაგალითად, საქმეზე გრუბიჩი ხორვატიის წინააღმდეგ (Grubić v. Croatia) მომჩივანი, რომელსაც მსჯავრი დაედო და მიესაჯა 30 წლიანი პატიმრობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ რამდენიმე თვიანი პატიმრობის უკანონობაზე. ამ პერიოდში მისი თავისუფლების აღკვეთა ჯერ კიდევ ითვლებოდა „წინასწარ პატიმრობად“ ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. სასამართლომ განიხილა ზემოთ ხსენებული საჩივარი კონვენციის მე-5-ე მუხლის § 1 (ა) ჭრილში და ვერ გამოავლინა თვითნებური ქმედების ნიშნები (no. 5384/11, §§ 30-45, 30 ოქტომბერი 2012).
49. სასამართლომ საკუთარი პრაქტიკით ასევე დაადგინა გაითვალისწინა რა ფრანგული ტექსტი (condamnation), რომ სიტყვა „მსჯავრდება“ კონვენციის მე-5-ე მუხლის § 1 (ა) მიზნებისთვის უნდა გულისხმობდეს როგორც ბრალის დამტკიცებას მას შემდეგ რაც კანონის მოთხოვნების შესაბამისად დადგინდება რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენას და ასევე სასჯელის დაკისრებას ან სხვა ღონისძიების გამოყენებას რომელიც თავისუფლების შეზღუდვას გულისხმობს. (იხილეთ გუზარდი იტალიის წინააღმდეგ (Guzzardi v. Italy), 6 ნოემბერი 1980, § 100, Series A no. 39; ვან დუგენბრუკი ბელგიის წინააღმდეგ (Van Droogenbroeck v. Belgium), 24 ივნისი 1982, § 35, Series A no. 50; და, შედარებით უფრო ახალი პრაქტიკა, დელ რიო პრადა ესპანეთის წინააღმდეგ (Del Río Prada v. Spain) [GC], no. 42750/09, § 123, ECHR 2013).
50. სიტყვა „შემდეგ“ კონვენციის მე-5-ე მუხლის § 1 (ა) ქვეპუნქტში არ ნიშნავს უბრალოდ, რომ „მსჯავრდებას“ უნდა აუცილებლად მოჰყვეს პატიმრობა დროსთან მიმართებით: ამასთანავე, „პატიმრობა“ უნდა გამომდინარეობდეს, „მოსდევდეს ან დამოკიდებული იყოს“ ან ხდებოდეს „მსჯავრდების“ საფუძველზე. მოკლედ აუცილებელია კაზუალური კავშირის არსებობა მსჯავრდებას და თავისუფლების აღკვეთას შორის“ (იხილეთ მურეი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Murray v. the Netherlands), no. 10511/10, § 77, 10 დეკემბერი 2013).
51. სასამართლოს ადრე პრაქტიკით აქვს დადგენილი, რომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების სხვადასხვა ფორმები პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ წარმოადგენს მომჩივანის პატიმრობას „უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდების შემდეგ“ (იხილეთ, მაგალითად ვან დრუგენბრული (Van Droogenbroeck) ზემოთ ციტირებულიe, §§ 33-42; მ გერმანიის წინააღმდეგ (M. v. Germany), no. 19359/04, § 96, ECHR 2009; და ჯეიმსი, ველსი და ლიი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (James, Wells and Lee v. the United Kingdom), nos. 25119/09, 57715/09 და 57877/09, §§ 197-199, 18 სექტემბერი 2012). აღნიშნული პატიმრობა არ წარმოადგენდა სასჯელის ნაწილს მოცემულ გარემოებებში, არამედ გამომდინარეობდა „სხვა ღონისძიებებიდან, რომელიც მოიცავს თავისუფლების შეზღუდვას“, როგორც ეს ზემოთ 49-ე პუნქტშია აღნიშნული.
(β) ზემოთ ხსენებული პრინციპების მოცემულ საქმესთან შესაბამისობა
52. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანის პატიმრობა ამ პერიოდში გაგრძელდა მას შემდეგ რაც გამოცხადდა გადაწყვეტილება მის სისხლის სამართლის საქმეზე, მაგრამ მაინც მიჩნეულ იქნა „წინასწარ პატიმრობად“ ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში.
53. მიუხედავად ეროვნულ დონეზე არსებული კლასიფიკაციისა სასამართლო მიუთითებს, რომ მომჩივანის პატიმრობის ეს ვადა უკვე აღარ ჯდება კონვენციის მე-5-ე მუხლის § 1 (გ) ქვეპუნქტის ფარგლებში (იხილეთ, პუნქტი 46 ზემოთ). გამოსაკვლევია გამართლებული ოყო თუ არა ეს პატიმრობა კონვენციის მე-5-ე მუხლის § 1 (ა) ქვეპუნქტით, ვინაიდან ამ დებულების სხვა არცერთი ქვეპუნქტი არ შეესაბამება მოცემულ შემთხვევას.
54. სასამართლო მიუთითებს, რომ 2010 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება ადგენს ორ დამოუკიდებელ ღონისძიებას მომჩივანისთვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით: პირველი, პატიმრობა, და მეორე, მომჩივანის დაკავება როგორც აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო ძალაში შესვლამდე. დაკისრებული სასჯელის ვადა სამ დღეში იწურებოდა, მეორე ღონისძიება კიდევ 12 დღით უნდა გაგრძელებულიყო გასაჩივრებისთვის საჭირო 15 დღიანი ვადის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში თუ მოხდება სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრება მაშინ მომჩივანის პატიმრობის ვადა კიდევ უფრო გრძელი იქნებოდა და დამოკიდებული იქნებოდა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ვადაზე.
55. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს რომ მომჩივანის სადაო პატიმრობა, მიუხედავად იმისა რომ ის განხორციელდა მასზე დაკისრებული პატიმრობის სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ, შეიძლება მიჩნეულ იქნას როგორც „სხვა ღონისძიება რომელიც თავისუფლების აღკვეთას მოიცავს“, რომელსაც ადგილი ჰქონდა „მსჯავრდების შემდეგ“ კონვენციის მე-5-ე მუხლის § 1 (ა) ქვეპუნქტის მიზნებიდან გამომდინარე.
56. დასკვნის სახით, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივანის პატიმრობის ეს ვადა ჯდება გამონაკლისებში რომელიც დადგენილია კონვენციის მე-5-ე მუხლის § 1 (ა) ქვეპუნქტით. მაგრამ საჭიროა იმის დადგენა ეს დებულება იყო თუ არა დაცული.
(ii) მომჩივანის 2010 წლის 15 ივლისიდან 27 ივლისამდე პატიმრობის ვადის კანონიერება
(α) სასამართლო პრაქტიკის ზოგადი პრინციპები
57. სასამართლო იმეორებს, რომ თავისუფლების ნებისმიერი ფორმით შეზღუდვა გარდა იმისა რომ უნდა ჯდებოდეს კონვნეციის მე–5–ე მუხლის § 1(ა)–დან (ვ)–მდე ქვეპუნქტის ფარგლებში ასევე უნდა იყოს „კანონიერი“. როდესაც პატიმრობის კანონიერება სადაოა, მათ შორის ის საკითხი „კანონით დადგენილი პროცედურა“ იყო თუ არა დაცული კონვენცია ეხება ეროვნულ კანონმდებლობას და ადგენს არსებით და საპროცესო წესებთან შესაბამისობის ვალდებულებას (იხილეთ, ერკალო ნიდერლანდების წინააღმდეგ, (Erkalo v. the Netherlands), 2 სექტემბერი 1998, § 52, Reports of Judgments and Decisions 1998‑VI; და ბარანოვსკი პოლონეთის წინააღმდეგ (Baranowski v. Poland), no. 28358/95, § 50, ECHR 2000‑III).
58. პატიმრობის კანონიერების შეფასებისას სასამართლომ ასევე უნდა გაითვალისწინოს რამდენად შესაბამისობაშია ეროვნული კანონმდებლობა კონვენციის მოთხოვნებთან და მის ზოგად პრინციპებთან. „კანონის ხარისხი“ გულისხმობს რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ თავისუფლების შეზღუდვა უნდა იყოს საკმარისად ხელმისაწვდომი, ზუსტი და წინასწარ განჭვრეტადი იმისათვის რომ თვითნებობის რისკი მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული. კონვენციით დადგენილი „კანონიერების“ სტანდარტი მოითხოვს, რომ ყველა კანონი იყოს საკმარისად კონკრეტული იმისათვის, რომ მისცეს საშუალება პირს საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რჩევის საფუძველზე, არსებულ გარემოებებში გონივრული ხარისხით წინასწარ განჭვრიტოს მოცემულმა ქმედებამ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს. თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა კანონმდებლობამ კონკრეტულად განსაზღვროს პატიმრობის პირობები (იხილეთ დელ რიო პრადა (Del Río Prada), ზემოთ ციტირებული, § 125,).
59. ამასთანავე, თვითნებური პატიმრობა ვერ იქნება კონვენციის მე–5–ე მუხლის §1 შესაბამისი, “თვითნებობა“ ტერმინი ამ კონტექსტში ფართოვდება და სცდება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობას. შედეგად, თავისუფლების აღკვეთა, რომელიც კანონიერია ეროვნული კანონმდებლობით შეიძლება იყოს თვითნებური და ამით ეწინააღმდეგებოდეს კონვენციას (იხილეთ მურენი გერმანიის წინააღმდეგ (Mooren v. Germany [GC], no. 11364/03, § 77, 9 ივლისი 2009).
60. სასამართლოს წარსულში არ ჩამოუყალიბებია გლობალური განმარტება იმისა, თუ სახელმწიფო უწყების რა მოქმედება შეიძლება მიჩნეულ იქნას „თვითნებობად“ კონვენციის მე–5–ე მუხლის § 1 მიზნებისთვის. ძირითადი პრინციპები, რომელიც პრაქტიკით ჩამოყალიბდა ცხადყოფს, რომ თვითნებობის ცნება მე–5–ე მუხლის კონტექსტში განსხვავებულია გარკვეული ხარისხით და დამოკიდებულია პატიმრობის სახეობაზე (იხილეთ საადი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Saadi v. the United Kingdom) [GC], no. 13229/03, § 68, ECHR 2008, და პლესო უნგრეთის წინააღმდეგ (Plesó v. Hungary), no. 41242/08, § 57, 2 ოქტომბერი 2012). ერთი ზოგადი პრინციპი დადგენილი სასამართლოს პრაქტიკით, არის ის რომ პატიმრობა იქნება „თვითნებური“ მაშინ, როდესაც მიუხედავად ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისობისა უწყებების მხრიდან ადგილი ჰქონდა თაღლითობას და ცუდ განზრახვას ან როდესაც ეროვნულმა უწყებებმა ვერ გამოიყნეს შესაბამისი კანონმდებლობა სწორად (იხილეთ მურენი (Mooren), ზემოთ ციტირებული, § 78).
61. ამასთანვე, მოთხოვნა იმისა, რომ პატიმრობა არ იყოს თვითნებური მოითხოვს პროპორციულობის დაცვას პატიმრობის საფუძველს და თავად სადაო პატიმრობას შორის (იხილეთ ჯეიმსი, ველესი და ლი, ( James, Wells and Lee), ზემოთ ციტირებული, § 195). პროპროციულობის ტესტი, რომელიც მოცემულ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ განსხვავდება პატიმრობის ტიპების მიხედვით. კონვენციის მე–5–ე მუხლის §1 (ა) ქვეპუნქტის პატიმრობასთან დაკავშირებული მოთხოვნების კონტექსტში სასამართლო ზოგადად დაკმაყოფილებულია იმით რომ ზოგადად გადაწყვეტილება პატირმობის სასჯელის დაკისრების თოაბაზე და ამ სასჯელის ხანგრძლივობა არის ეროვნული უწყებების გადასაწყვეტი საკითხი და არა სასამართლოსი (იხილეთ ტ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (T. v. the United Kingdom) [GC], no. 24724/94, § 103, ECHR 2000-I; და საადი (Saadi), ზემოთ ციტირებული, § 71). ამავე დროს იმის შეფასებისას იყო თუ არა თვითნებობის ნიშნები მომჩივანზე დაკისრებულ აღმკვეთ ღონისძიებაში, რომელიც სასჯელის ნაწილს არ წარმოადგენდა მაგრამ მაინც ჯდებოდა კონვენციის მე–5–ე მუხლის § 1 (ა) ქვეპუნქტის ფარგლებში, სასმართლომ საჭიროდ მიიჩნია პატიმრობის მიზნის განსაზღვრა მე–5–ე მუხლის § 1 (ა) ქვეპუნქტის მიზნებისთვის და მიმართა პროპროციულობის ტესტს (იხილეთ ჯეიმსი, ველსი და ლიი (James, Wells and Lee), ზემოთ ციტირებული, § 205).
(β) ზემოთ ხსენებული პრინციპების მოცემულ საქმესთან მიმართებით გამოყენება
62. სასამართლოს აზრით ბელა ცერკვას სასამართლოს გადაწყვეტილება, მომჩივანის პატიმრობაში დატოვების თაობაზე იქამდე სანამ გადაწყვეტილება ძალაში შევიდოდა ეწინააღმდეგებოდა ეროვნულ კანონმდებლობას. ამასთანავე შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა ნათელი და წინასწარ განჭვრეტადია. უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსში ნათლად არის ჩამოყალიბებული მოთხოვნა, რომ სასჯელის განმსაზღვრელმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს რომელი აღმკვეთი ღონისძიება გამოიყენოს მსჯავრდებულის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე (იხილეთ პუნქტი 18 ზემოთ). ეროვნული კანონმდებლობიდან ასევე გამომდინარეობს, რომ შესაბამისი აღმკვეთი ღონისძიების ხანგრძლივობა არ არის დამოკიდებული და შესაძლოა აღემატებოდეს დაკისრებულ პატიმრობის ვადას.
63. სასამართლომ ასევე უნდა დააკმაყოფილოს საკუთარი თავი, რომ მიუხედავად ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობისა გასაჩივრებული პატიმრობა არ იყო თვითნებური და კონვენციას არ ეწინააღმდეგებოდა.
64. სასამართლოს არ მიაჩნია, რომ ბელა ცერკვას სასამართლოს ჰქონდა ცუდი განზრახვა გადაწყვეტილების მიღებისას მომჩივანისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე. ამავე დროს, სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებაში არ იყო დასაბუთება ამ საკითხთან დაკავშირებით გარდა ხსენებული ღონისძიების გამოყენების შესახებ ზოგადი განაცხადისა სარეზოლუციო ნაწილში. ამიტომ გაუგებარია რის საფუძველზე გადაწყვიტა სასამართლომ შეენარჩუნებინა მომჩივანის პატიმრობა, როგორც აღმკვეთი ღონისძების ფორმა, რომელიც აშკარად აღემატებოდა დადგენილ საპატიმრო ვადას.
65. სასამართლო ითვალისწინებს განსაკუთრებული პირობების არსებობას, მიუხედავად საპატიმრო სასჯელის ხანგრძლივობისა, მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთა როგორც აღმკვეთი ღონისძიება მიზნად ისახავდა მის ხელმისაწვდომობას სააპელაციო ეტაპზე სამართალწარმოებისას, იმ შემთხვევაში თუ საბოლოოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდებოდა აპელაციაში. მაგრამ მსგავსი მსჯელობა არ იკვეთება და არც მსგავსი დაკსვნის გაკეთება არ შეიძლება ბელა ცერკვას სასამართლოს 2010 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებიდან. პირიქით, სასამართლომ მიუთითა მომჩივანის თანამშრომლობაზე გამოძიებასთან რომლის საფუძვეზეც მას უფრო მსუბუქი სასჯელი დაეკისრა ვიდრე ეს კანონით იყო გათვალისწინებული (იხილეთ პუნქტი 6 ზემოთ). შესაბამისად, მომჩივანის განგრძობადი პატიმრობა მისი საპატიმრო სასჯელის ვადაზე მეტი ხნით არ იყო გამართლებული. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ ეს სახელმწიფომაც აღიარა საკუთარ პოზიციაში (იხილეთ პუნქტი 26 ზემოთ).
66. ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივანის პატიმრობა 2010 წლის 15–27 ივლისის პერიოდში წარმოადგენდა კონვენციის მე–5–ე მუხლის §1 დარღვევას.
(b) მომჩივანის პატიმრობა 2010 წლის 27 ივლისიდან 29 ივლისამდე
67. სასამართლო მიუთითებს, რომ 2010 წლის 27 ივლისს ბელა ცერკვას სასმართლოს 2010 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება გახდა საბოლოო. შესაბამისად ამოიწურა მომჩივანის პატიმრობის საფუძვლები, რომელიც აღმკვეთ ღონისძიებად გამოიყენებოდა იქამდე სანამ ზემოთხსენებული სასამართლო გადაწყვეტილება შევიდოდა ძალაში. მომჩივანის პატიმრობის ეს პერიოდი არ იყო კავშირში დაკისრებული სასჯელის აღსრულებასთან იმიტომ რომ ეს ვადა კიდევ უფრო ადრე გავიდა.
68. სასამართლო აღნიშნავს, რომ გარკვეული დაგვიანება პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების აღსრულებისას გასაგებია, და ხშირად გარდაუვალიც კი პრაქტიკული თვალსაზრისით სასამართლოს საქმიანობის და კონკრეტული ფორმალობების გამო. მაგრამ ეროვნული უწყებები მაქსიმალურად უნდა ეცადონ ეს მინიმუმამდე დაიყვანონ (იხილეთ ქვინი საფრანგეთის წინააღმდეგ (Quinn v. France), 22 მარტი 1995, § 42, Series A no. 311; გიულია მანზონი იტალიის წინააღმდეგ (Giulia Manzoni v. Italy), 1 ივლისი 1997, § 25, Reports of Judgments and Decisions 1997‑IV; კ–ფ გერმანიის წინააღმდეგ (K.-F. v. Germany), 27 ნოემბერი 1997, § 71, Reports 1997‑VII; მანჩინი იტალიის წინააღმდეგ (Mancini v. Italy), no. 44955/98, § 24, ECHR 2001‑IX). ადმინისტრაციული ფორმალობები დაკავშირებული გათავისუფლებასთან ვერ გაამართლებს გათავისუფლების დაგვიანებას რამოდენიმე საათით მეტი ხნით (იხილეთ ნიკოლოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (Nikolov v. Bulgaria), no. 38884/97, § 82, 30 იანვარი 2003). სწორედ ამიტომ ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა მოახდინოს საკუთარი სამართლებრივი სისტემის ისე ორგანიზება, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკმაყოფილონ ვალდებულება და თავიდან აირიდონ უკანონო თავისუფლების შეზღუდვა (იხილეთ, მაგალითად, შუხარდინი რუსეთის წინააღმდეგ (Shukhardin v. Russia), no. 65734/01, § 93, 28 ივნისი 2007; და მოკალალი უკრაინის წინააღმდეგ (Mokallal v. Ukraine), no. 19246/10, § 44, 10 ნოემბერი 2011).
69. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო უწყებებს დასჭირდათ ორი დღე იმისათვის რომ მომჩივანი პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა მას შემდეგ რაც ამოიწურა მისი პატიმრობის ყველა საფუძველი 2010 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებაში ძალაში შესვლით. დემოკრატიულ საზოგადოებაში თავისუფლების უფლების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოპასუხე სახელმწიფოს უნდა გამოეყენებინა საინფორმაციო კომუნიკაციის ყველა თანამედროვე საშუალება, იმისათვის რომ მომჩივანის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისას ვადის გადაცილება მინიმუმამდე დაეყვანა, ისე როგორც ეს დადგენილია სასამართლოს პრაქტიკით (იხილეთ მოკალალი, (Mokallal), ზემოთ ციტირებული, § 44). სასამართლოს არ აკმაყოფილებს უკრაინის სახელმწიფო უწყებების მიერ ამ მოთხოვნასთან შესაბამისობა.
70. ის ადგენს, რომ მომჩივანის პატიმრობა ამ ვადაში არ იყო გამართლებული კონვენციის მე–5–ე მუხლის § 1 პუნქტით.
(გ) დასკვნა
71. ყოველივე ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე–5–ე მუხლის § 1–ის დარღვევას მომჩივანის პატიმრობის სრულ ვადაში. რომელზეც მომჩივანი დაობდა (2010 წლის 15–29 ივლისის პერიოდში).
II. დამატებითი ოქმი #7–ის მე–2–ე მუხლის § 1 ნაგულვები დარღვევა
72. მომჩივანი ასევე დაობდა დამატებითი ოქმი #7–ის მე–2–ე მუხლის § 1 დარღვევაზე, რომ მან ვერ ისარგებლა უფლებით გაესაჩივრებინა მის საქმეში სისხლის სამრთლის საქმეზე არსებული გადაწყვეტილება სასამართლოში. ამ დებულებით დადგენილია შემდეგი:
“1. ყველას, ვინც სასმართლოს მიერ მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, აქვს უფლება, მისი მსჯავრდება ან მისთვის დანიშნული სასჯელი გადაასინჯვინოს ზემდგომ ინსტანციის სასამართლოს. ამ უფლების განხორციელება, იმ საფუძვლების ჩათვლით, რომლებზე დაყრდნობითაც შეიძლება ის განხორციელდეს, მოწესრიგებულია კანონით.
2. ამ წესიდან გამონაკლისი დასაშვებია მცირე მნიშვნელობის დანაშაულთა მიმართ, როგორც ეს განსაზღვრულია კანონით, ან როდესაც შესაბამისი პირი პირველი ინსტანციის წესით გაასამართლა უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ, ან მსჯავრი დაედო მის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გადასინჯვის შედეგად.”
ა. დასაშვებობა
73. სასამართლო აღნიშნავს რომ ეს საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35–ე მუხლის § 3 (ა) ქვეპუნქტით. ასევე ის არ არის დაუშვებელი სხვა რაიმე საფუძვლით. შესაბამისად ის უნდა იყოს ცნობილი დასაშვებად.
ბ. არსებითი მხარე
74. მომჩივანი აცხადებდა რომ ის იძულებული იყო აერჩია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გამოყენებას შორის ერთის მხრივ და თავისუფლებას შორის მეორეს მხრივ. სხვა სიტყვებით, მას რომ სააპელაციო სარჩელი შეეტანა მისი პატიმრობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ვადით გაჭიანურდებოდა.
75. სახელმწიფო მომჩივანის ამ არგუნენტზე კომენტარი არ გაუკეთებია. მათ განაცხადეს, რომ ეროვნული კანონმდებლობით მას ჰქონდა 2010 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, მაგრამ მან აირჩია რომ არ გაესაჩივრებინა. შესაბამისად, სახელმწიფოს პოზიცია იყო რომ მომჩივანის უფლება დადგენილი დამატებითი ოქმი #7 მე–2–ე მუხლით არ დარღვეულა.
76. სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფო როგორც წესი სარგებლობს მოქმედების ფართო ფარგლებით იმის განსაზღვრისას თუ როგორ ხდება დამატებითი ოქმი #7–ის მე–2–ე მუხლით დადგენილი უფლებების გამოყენება (იხილეთ კრომბაჩი საფრანგეთის წინააღმდეგ (Krombach v. France), no. 29731/96, § 96, ECHR 2001‑II).
77. როგორც სასამართლოს პრატქიკიდან ჩანს ეს დებულება ძირითადად არეგულირებს ინსტიტუციურ საკითხს, როგორიცაა სააპელაციო სასამართლოს ხელმისაწვდომობა ან განხილვის ფარგლები სააპელაციო პროცედურებში (იხილეთ, მაგალითად, პესტი და ფროდლი ავსტრიის წინააღმდეგ (Pesti and Frodl v. Austria) (dec.), nos. 27618/95 და 27619/95, 18 იანვარი 2000).
78. რაც შეეხება ხელმისაწვდომობის საკითხს, სასამართლოსთვის მისაღებია რომ ზოგიერთ ქვეყანაში განსასჯელს, რომელსაც სურვილი აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს ამის ნებართვა უნდა აიღოს. მიუხედავად ამისა, არსებობს კარგად დაგდენილი სასამართლო პრაქტიკა რომლის მიხედვითაც ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ნებისმიერი შეზღუდვა საქმის სასამართლო გადასინჯვასთან დაკავშირებით უნდა იყოს განხილული სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის ანალოგიით, უნდა იყოს კანონიერი და არ უნდა ლახავდეს ამ უფლების არსს რომელიც კონვენციის მე–6–ე მუხლის § 1–ით არის დადგენილი. (იხილეთ კრომბახი (Krombach), ზემოთ ციტირებული, § 96; გუპერკა უკრაინის წინააღმდეგ (Gurepka v. Ukraine), no. 61406/00, § 59, 6 სექტემბერი 2005; და გალსთიანი სომხეთის წინააღმდეგ (Galstyan v. Armenia), no. 26986/03, § 125, 15 ნოემბერი 2007).
79. სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის შექმნის მიზანია არა თეორიული და ილოზუროლი უფლებების უზრუნველყოფა არამედ უფლებების რომელიც არის პრაქტიკული და ეფექტური. ეს კი განსაკუთრებით ეხება სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას იმ მნიშვნელოვანი ადგილის გათვალისწინებით რაც სამართლიანი სასამართლოს უფლებას უკავია დემოკრატიულ საზოგადეობაში (იხილეთ არიევი ირლანდიის წინააღმდეგ (Airey v. Ireland), 9 ოქტომბერი 1979, § 24, Series A no. 32, და გარსია მანიბარდო ესპანეთის წინააღმდეგ ( García Manibardo v. Spain), no. 38695/97, § 43, ECHR 2000‑II). ზემოთხსენებული პრინციპის გათვალისწინებით სასამართლომ საკუთარი პრაქტიკით ასევე დაადგინა, რომ დაბრკოლება ფაქტიურად ისევე არღვევს კონვენციას როგორც სამართლებრივი ბარიერი (იხილეთ გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Golder v. the United Kingdom), 21 თებერვალი 1975, § 26, Series A no. 18, და, შედარებით უფრო ახალი, სამართლებრივი რესურსების ცენტრი ვალენტინ ჩამანუს სახელით რუმინეთის წინააღმდეგ (Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu v. Romania) [GC], no. 47848/08, § 113, ECHR 2014).
80. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებობდა უკრაინული კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა სისხლის სამართლის საქმეზე არსებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე. დასადგენია ხელი ხომ არ შეეშალა მომჩივანს სასამართლოში სააპელაციო სარჩელის შეტანისას და ეს ხელის შეშლა წარმოადგენს თუ არა დამატებითი ოქმი #7–ის მე–2–ე მუხლის არსებით დარღვევას.
81. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნული სასამართლოები მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ მომჩივანის პატიმრობის ვადის, როგორც აღმკვეთი ღონისძების გაგრძელებას იქმადე სანამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შევიდოდა ძალაში იმ შემთხვევაშიც კი თუ ამ სასამართლოს მიერ დადგენილი საპატიმრო სასჯელი უკვე ამოწურული იყო. აპელაციის არ არსებობის პირობებში სადაო ვადა გაგრძელდა 12 დღემდე. იმ შემთხვევაში კი მომჩივანი გაასაჩივრებდა გადაწყვეტილებას მაშინ მისი ძალაში შესვლა კიდევ უფრო განუსაზღვრელი ვადით გადავადდებოდა.
82. შესაბამისად, სასამართლო ეთანხმება მომჩივანის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ მისი უფლების რეალიზება გაესაჩივრებინა მას საკუთარი თავისუფლების ფასად დაუჯდებოდა და კიდევ უფრო მეტი მისი პატიმრობის ვადა დაუზუსტებელი იქნებოდა. სასამართლო შესაბამისად ადგენს, რომ ეს გარემოება არღვევს დამატებითი ოქმი #7–ის მე–2–ე მუხლით დადგენილი უფლების არსს.
83. შესაბამისად ადგილი ჰქონდა ამ დებულების დარღვევას.
III. კონვენციის 41–ე მუხლის გამოყენება
84. კონვენციის 41-ე მუხლი ადგენს:
“თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამრთლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფიელბას მიაკუთვნებს.“
A. ზიანის ანაზღაურება
85. მომჩივანი ითხოვდა 3000 ევროს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.
86. მთავრობამ განაცხადა, რომ მოთხოვნა იყო უსაფუძვლო და გადაჭარბებული.
87. მოცემული საქმის ყველა გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო ეთანხმება, რომ მომჩივანს მიადგა მორალური ზიანი, რომლის კომპენსირება მხოლოდ დარღვევის დამტკიცებით შეუძლებელია. გონივრულობის ფარგლებში შეფასებით სასამართლო მომჩივანს სრულად ანიჭებს მოთხოვნილ თანხას.
ბ. სასამართლო ხარჯები
88. მომჩივანი ასევე ითხოვდა 1330 ევროს სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად. მან მოითხოვა, ამ თანხის პირდაპირ მისი წარმომადგენლის ანგარიშზე ჩარიცხვა.
89. მთავრობამ ეს მოთხოვნა ასევე მიიჩნია გადაჭარბებულად.
90. სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, მომჩივანი უფლებამოსილია სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დამტკიცდება რომ ეს ხარჯები რელაურად არსებობდა და გონივრულია. მოცემულ საქმეში გათვალისწინებულია მის წინაშე არსებული დოკუმენტები და ზემოთ ხსენებული კრიტერიუმი და სასამართლო აკმაყოფილებს მომჩივანის მოთხოვნას სრულად სასამართლო ხარჯების 1330 ევროთი ანაზღაურების თაობაზე.
C. საურავი
91. სასამართლო მართებულად მიიჩნევს რომ საურავის ოდენობა უნდა დადგინდეს ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის მიხედვით რასაც დაემატება სამი პროცენტი.
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო ერთხმად
1. ადგენს, რომ საჩივარი არის დასაშვები;
2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე- 5-ე მუხლის § 1 -ის დარღვევას;
3. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა დამატებითი ოქმის #7-ის მე-2-ე მუხლის დარღვევას
4. ადგენს
(ა) მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მომჩივანს სამი თვის ვადაში გადაწყვეტილების საბოლოო ძალაში შესვლის თარიღიდან კონვენციის 44–ე მუხლის § 2–ის მიხედვით, შემდეგი თანხები მოპასუხე სახლემწიფოს ეროვნულ ვალუტაში იმ კურსით რომელიც შეესაბამება მორიგების თარიღს:
(i) 3,000 ევრო (სამი ათასი ევრო), და ნებისმიერი გადასახადი რომელიც მომჩივანს შეიძლება ამ თანხაზე დაეკისროს, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად;
(ii) 1,330 ევრო (ათას სამას ოცდაათი ევრო), და ნებისმიერი გადასახადი რომელიც მომჩივანს შეიძლება ამ თანხაზე დაესკისროს, სასამართლო ხარჯების ასანაღაურებლად რომელიც უნდა გადაირიცხოს მომჩივანის წარმომადგენლის საბანკო ანგარიშზე;
(ბ) ზემოთ ხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ მორიგებამდე გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტი, რასაც დაემატება სამი პროცენტი;
შექმნილია ინგლისურად და შეტყობინება წერილობით გაგზავნილია 2015 წლის 4ივნისს სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
მილან ბლაშკომარკ ვილიგერი
სხდომის გამწესრიგებლის მოადგილეპრეზიდენტი
კონვენციის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე ზუპანჩიჩის თანმხვედრი მოსაზრება
"მოცემულ თარგმანს არ ერთვის განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOC."
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფელებათა ევროპის სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. მოცემული თარგმანი შეკვეთილ იქნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით ((/humanrightstrustfund). აღნიშნული არ ბოჭავს სასამართლოს და სასამართლო არ იღებს რაიმე პასუხისმგებლობას მის ხასისხზე. აღნიშნული შეიძ ლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს HUDOჩ-ის პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა იგი. აღნიშნული შეიძლება კვლავ იქნეს ნაწარმოები არაკომერციული მიზნებისთვის იმ პირობით რომ საქმის სრული დასახელება იქნება მითითებული, მოცემული საავტორო უფლებისა და ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ფონდზე მითითებით. თუ განზრახულია აღნიშნული თარგმანის რაიმე ნაწილის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, გთხოვთ დაუკავშირდეთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy