დოკუმენტი მომზადებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის განზოგადებისა და სტატისტიკის სამსახურის მიერ () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Tbilisi City Court, International and Domestic Court Practice Generalisation and Statistics Unit (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
მეხუთე სექცია
საქმე „რისოვსკი უკრაინის წინააღმდეგ“
(RYSOVSKYY v. UKRAINE)
(განაცხადი № 29979/04)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
20 ოქტომბერი 2011
საბოლოო გახდა 20/01/2012-ს
ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდა კონვენციის 44.2 მუხლის შესაბამისად. ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებებს.
საქმეზე „რისოვსკი უკრაინის წინააღმდეგ” (Rysovskyy v. Ukraine) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ შპილმანი, თავმჯდომარე,
ელიზაბეტ ფურა,
კარელ იუნგვირტი,
ბოსტიან მ. ზუპანჩიჩი,
მარკ ვილიგერი,
განა იუდკივსკა
ანგელიკა ნიუსბერგერი, მოსამართლეები
და კლაუდის ვესტერდიკი, სექციის მდივანი,,
დახურული თათბირის შედეგად, 2011 წლის 27 სექტემბერს,
ამავე დღეს მიიღო წინამდებარე გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის (შემდგომში „კონვენციის“) 34-ე მუხლის საფუძველზე უკრაინის მოქალაქის, ბატონი ივან გრიგორის ძე რისოვსკის (შემდეგში ,,განმცხადებელი“) მიერ 2004 წლის 7 აგვისტოს უკრაინის წინააღმდეგ სასამართლოსთვის წარდგენილი განაცხადი (№ 29979/04).
2. უკრაინის მთვარობა (შემდეგში ,,მთავრობა“) წარმოდგენილი იყო მისი წარმომადგენლის ბ-ნი ი. ზაიცევის მიერ.
3. განმცხადებელი ჩიოდა, რომ ხელისუფლებამ დაუსაბუთებლად ვერ უზრუნველყო მის სასარგებლოდ მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და დაარღვია მისი უფლება, ესარგებლა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებით და არ ყოფილა გამოყენებული დაცვის ეფექტიანი ღონისძიება მის საჩივრებთან დაკავშირებით.
4. 2009 წლის 16 ნოემბერს მე-5 სექციის პრეზიდენტმა მთავრობას გაუგზავნა შეტყობინება განაცხადის შესახებ. ასევე გადაწყდა, რომ სასამართლო იმსჯელებდა განაცხადის როგორც დასაშვებობაზე, ისე არსებით მხარეზე (მუხლი 29.1).
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
5. განცხადებელი დაიბადა 1953 წელს და ცხოვრობს სოფელ ზუბრში, პუსტომიტივსკის რაიონში, ლვივსკას მხარეში.
6. 1992 წლის 11 მაისს პუსტომიტივსკის რაიონის საბჭომ (შემდეგში ,,რაიონის საბჭო“) აგრიკულტურული საწარმო „ლ.“-ს ჩამოართვა მიწის ნაკვეთი ინდივიდუალური ფერმერებისთვის მუდმივ სარგებლობაში გადასაცემად (შემდეგში “1992 წ. გადაწყვეტილება“). სოფელ ზუბრის ადმინისტრაციული საკუთრებაში არსებული ამ ნაკვეთის ნაწილი, 4 ჰა ფართობით, გამოეყო განმცხადებელს სარგებლობისთვის.
7. 1993 წლის 27 აპრილს განმცხადებლის სასარგებლოდ გამოიცა მიწის სარგებლობის აქტი მასზე, როგორც ფიზიკურ პირზე, ამ ნაკვეთით ფერმერული მიზნით სარგებლობის მუდმივი უფლების რეგისტრაციით.
a. 1994 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების აღუსრულებლობა
8. დაუდგენელი თარიღით განმცხადებელმა საჩივარი წარადგინა ლვოვის სამხარეო საარბიტრაჟო სასამართლოში მასზე, რომ სოფ. ზუბრის საბჭომ (შემდეგში ,,სოფლის საბჭო“) უარი უთხრა მას ფერმის მოსაწყობად იმ მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე, რომელზეც მას უფლება გააჩნდა „მიწით სარგებლობის აქტის“ საფუძველზე.
9. 1994 წლის 10 მარტს აღნიშნულმა სასამართლომ სოფლის საბჭოს დაავალა, 1994 წლის 10 აპრილამდე გამოეყო მიწის ნაკვეთი განმცხადებლის ფერმისთვის .
10. გადაწყვეტილება (შემდეგში ,,1994 წლის სასამართლო გადაწყვეტილება“), რომელიც 1996 წელს შესწორდა, საბოლოო გახდა და დაიწყო მისი აღსრულების პროცედურები. აღმასრულებლები ნაკვეთის გამოყოფასთან დაკავშირებით არაერთხელ დაუკავშირდნენ სოფლის საბჭოს, თუმცა ეს უკანასკნელი უარს აცხადებდა, ამტკიცებდა რა, რომ თემს არ გააჩნდა გასანაწილებელი მიწა და ყველა ხელმისაწვდომი ნაკვეთი კანონიერად იყო დაკავებული სხვა პირების მიერ.
11. 2000 წლის 4 ოქტომბერს სოფლის საბჭომ მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება განმცხადებლისთვის ფერმის მოსაწყობად მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ, მიუთითებდა რა, რომ არ არსებობდა ხელმისაწვდომი ნაკვეთი.
12. 2001 წლის 1 მარტს, ლვოვის სამხარეო საარბიტრაჟო სასამართლომ გააუქმა ეს გადაწყვეტილება, როგორც უკანონო, დაადგინა რა, რომ წინა გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებდა განმცხადებლის უფლებას ფერმის მოსაწყობად მიწის ნაკვეთზე, არასოდეს ყოფილა შეცილებული შესაბამისი პროცედურების დაცვით და შესაბამისად ინარჩუნებდა ძალას და ექვემდებარებოდა აღსრულებას.
13. დაუდგენელ თარიღს აღმასრულებლებმა გაანადგურეს სააღსრულებო ორდერი და შეწყვიტეს სააღსრულებო საქმისწარმოება.
14. 2008 წლის 6 მარტს, განმცხადებელმა, მოქმედებდა რა, მისი ფერმის სახელით, სარჩელი აღძრა აღმასრულებლების წინააღმდეგ, ჩიოდა რა იმაზე, რომ მათ ვერ შეძლეს 1994 წლის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება და ითხოვდა სააღსრულებო საქმის წარმოების განახლებას.
15. 2008 წლის 27 მაისს ლვოვის სამხარეო კომერციულმა (ყოფილი საარბიტრაჟო) სასამართლომ ნაწილობრივ დაუშვა მისი სარჩელი. სასამართლო აღნიშნავდა, რომ 1994 წლის სასამართლო გადაწყვეტილება არასოდეს გაუქმებულა და იმ დროისთვისაც ძალაში იყო. შემდეგში მან დაადგინა, რომ აღმასრულებლების მიერ გადაწყვეტილების აღსრულების ვერ უზრუნველყოფა და სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ორდერის განადგურება იყო უკანონო.
16. 2010 წლის 9 მარტს ლვოვის კომერციულმა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ეს გადაწყვეტილება, მის სარეზოლუციო ნაწილს დაამატა რა, ის, რომ განმცხადებლის მოთხოვნა სააღსრულებო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
17. მხარეებს სასამართლოსთვის არ შეუტყობინებიათ შემდგომში გასაჩივრდა თუ არა ეს გადაწყვეტილება.
b. 1992 წლის გადაწყვეტილების გაუქმება
18. 1998 წლის 25 ნოემბერს პუსტომიტივსკის რაიონულმა პროკურორმა წარადგინა პროტესი 1992 წ. განმცხადებლისთვის მიწის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების წინააღმდეგ.
19. 1998 წლის 4 დეკემბერს რაიონის საბჭომ გააუქმა გადაწყვეტილება საკითხზე, რასაც მოჰყვა ეს დარღვევა და მიმართა პროკურორს, რომ წამოეწყო პროცესი განმცხადებლის მიწით სარგებლობის აქტისა და ფერმერად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. კერძოდ საბჭომ აღნიშნა, რომ სადავო მიწა უნდა განაწილებულიყო ,,ლ”-ის თამაშრომლებს შორის, ვისაც განმცხადებელი არ წარმოადგენდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მიწა გამოყოფილი იყო განმცხადებლისთვის მიწების სათანადო წინასწარი ანკეტირების გარეშე და მანამდე, სანამ ის სათანადო წესით იქნებოდა ფერმერად რეგისტრირებული.
20. განმცხადებელმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ლვოვის სამხარეო საარბიტრაჟო სასამართლოში.
21. 1999 წლის 4 თებერვალს სასამართლომ განმცხადებლის მოთხოვნა დააკმაყოფილა. სასამართლომ დაადგინა, რომ რაიონულ საბჭოს არ გააჩნდა უფლებამოსილება, ხელი შეეშალა განმცხადებლისთვის მიწით სარგებლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს სარგებლობა იქნებოდა უკანონო, ქონების შესახებ კანონის 49-ე მუხლით დადგენილი პროცედურის თანახმად. სასამართლომ შემდგომში მიუთითა, რომ საბჭოს მიერ მითითებული მიზეზები გაუქმებული გადაწყვეტილების გასამართლებლად, არ წარმოადგენდა სათანადო საფუძველს მისთვის მიწის მფლობელობის ჩამორთმევის შესახებ. საქმის მასალების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.
22. 1999 წლის 14 ივნისს ლვოვის სამხარეო რეგიონული საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარემ გადასინჯა გადაწყვეტილება საზედამხედველო წესით მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე და არსებული გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია.
23. 1999 წლის 1 დეკემბერს უმაღლესმა საარბიტრაჟო სასამართლომ გააუქმა ეს გადაწყვეტილებები და საქმე წარმართა ხელახლა განსახილველად.
24. 2000 წლის 20 აპრილს ლვოვის სამხარეო საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ იმოქმედა თვითმმართველობის შესახებ კანონის 59-ე მუხლის საწინააღმდეგოდ მისი 1992 წლის გადაწყვეტილების გაუქმებისას და გაუქმება მიიჩნია უკანონოდ. საქმის მასალებიდან დგინდება, რომ ეს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.
25. 2000 წლის 12 ივლისს ლვოვის სამხარეო საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ საზედამხედველო წესით განიხილა გადაწყვეტილება მოპასუხის მიმართვის საფუძველზე და გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
26. დაუდგენელ თარიღს აღნიშნული გადაწყვეტილებები გაუქმებულ იქნა და პროცესი განახლდა.
27. 2002 წლის 19 დეკემბერს ლვოვის სამხარეო კომერციულმა (ყოფილი საარბიტრაჟო) სასამართლომ განმცხადებლის საჩივარი არ დააკმაყოფილა. მან აღნიშნა, რომ 1992 წლის 28 იანვარს პუსტომიტივსკის რაიონულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ,,ლ.“-ისთვის ჩამორთმეული მიწა ინდივიდუალურ ფერმერებს შორის გასანაწილებლად, გამოეყოფოდათ მასში (ყოფილ) დასაქმებულებს იმ დროისათვის მოქმედი ფერმერობის შესახებ კანონის მე-7 მუხლისა და მიწის კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად. რადგან განმცხადებელი არ იყო ,,ლ.“ -ში დასაქმებული, ის არ იყო უფლებამოსილი მიეღო ნაკვეთი სადავო მიწიდან. სასამართლომ შემდეგ აღნიშნა, რომ არასასამართლო პროცედურა, რომლითაც საბჭოს გადაწყვეტილება გაუქმდა იყო კანონიერი, რამდენადაც პროკურატურის შესახებ კანონი პროკურორებს ანიჭებდა უფლებამოსილებას, წარედგინათ პროტესტი სხვადასხვა ორგანოების უკანონო გადაწყვეტილებებზე, რაც ავალდებულებდა მათ განხილვას და თავიანთი უსწორობების საჭიროებისამებრ გამოსწორებას. პროკურორისადმი საბჭოს მიმართვასთან დაკავშირებით, რომ წამოეწყო პროცესი მიწის სარგებლობის აქტისა და განმცხადებლის რეგისტრაციის გასაუქმებლად, უნდა აღინიშნოს, რომ ესენი მხოლოდ რეკომენდაციები იყო და, როგორც ასეთს, არ შეიძლებოდა რაიმე შემხებლობა ჰქონოდა განმცხადებლის უფლებებთან. 2003 წლის 15 მაისს ლვოვის სამხარეო კომერციულმა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
28. განმცხადებელმა მიმართა საკასაციო სასამართლოს, მიუთითებდა რა, რომ 1992 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება ეწინააღმდეგებოდა მოქმედი მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს. კერძოდ, ამ გაუქმებით განმცხადებელს de facto ჩამოერთვა მიწის ნაკვეთი იმ საფუძვლით, რაც არ იყო გათვალისწინებული შესაბამისი კანონმდებლობით და სათანადო საპროცესო ნორმების დარღვევით, რომლებიც ითვალისწინებენ სასამართლო პროცედურებს ამგვარი ჩამორთმევისთვის.
29. 2004 წლის 14 იანვარს უმაღლესმა კომერციულმა სასამართლომ ძალაში დატოვა წინა გადაწყვეტილებები, აღნიშნა რა, რომ განმცხადებელს არასოდეს წარუდგენია სათანადო განაცხადი მიწის გამოყოფის შესახებ და, რომ მას არასოდეს უმუშავია ,,ლ“-ში. არ არსებობდა საფუძველი, რომ დაემატებინათ ის იმ პირთა სიაში, რომლებიც უფლებამოსილი იყვნენ მიეღოთ მისი ყოფილი მიწა პირველ რიგში. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობდა მიზეზი დასკვნისათვის, რომ ან პროკურორმა არასწორად გააპროტესტა 1992 წლის გადაწყვეტილება ან, რომ რაიონულმა საბჭომ არასწორად გააუქმა ის, ამ პროტესტის საფუძველზე.
30. 2004 წლის 15 აპრილს უკრაინის უზენაესმა სასამართლომ უარი უთხრა განმცხადებელს მომდევნო საკასაციო საჩივრის წარდგენაზე.
31. საბოლოოდ განმცხადებელი წარუმატებლად შეეცადა პროცესების განახლებას და 2002 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების გადასინჯვას.
32. საქმის მასალებიდან არ ჩანს, იყო თუ არა განმცხადებლის მიწით სარგებლობის აქტის ნამდვილობა ოდესმე განხილული ადგილობრივი სასამართლო ხელისუფლების მიერ.
II შესაბამისი შიდა კანონმდებლობა
a. უკრაინის 1996 წლის კონსტიტუცია
33. უკრაინის კონსტიტუციის 144-ე მუხლი ამგვარად იკითხება:
მუხლი 144
,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სავალდებულოა აღსასრულებლად შესაბამის ტერიტორიაზე.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შეესაბამება კონსტიტუციას ან უკრაინის კანონებს, ჩერდება კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად სასამართლოში გასაჩივრებისთანავე.”
b. 1990 წლის 18 დეკემბრის მიწის კოდექსი (გაუქმდა 2002 წლის 1 იანვარს 2001 წლის 25 ოქტომბრის მიწის კოდექსის ძალაში შესვლის შედეგად).
34. კოდექსის შესაბამისი მუხლი ასე იკითხება:
მუხლი 23. დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მიწის ნაკვეთზე უფლებას
,,მიწის მფლობელობის ან მუდმივი სარგებლობის უფლება უნდა დადასტურდეს სახელმწიფო აქტებით, რომლებიც გამოცემული და რეგისტრირებული უნდა იქნას სოფლის, დაბის, ქალაქის ან რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოების მიერ. ...”
c. საკუთრების შესახებ კანონი (№ 697-XII, 1991 წლის 7 თებერვლის, გაუქმდა 2007 წლის 20 ივნისს)
35. კანონის შესაბამისი ნორმები ამგვარად იკითხება:
მუხლი 48
,, ...
3. ქონებრივი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს, საარბიტრაჟო სასამართლოს ან სამედიატორო სასამართლოს მიერ. ...
5. ქონებრივი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ნორმები, ასევე მოქმედებს პირის მიმართ, რომელიც, მართალია, არ არის მესაკუთრე, მაგრამ ფლობს ქონებას, როგორც ... მუდმივი, მემკვიდრეობით გადაცემადი, მფლობელობით ან სხვა საფუძვლით, რაც გათვალისწინებულია კანონით ან ხელშეკრულებით. ეს პირი უფლებამოსილია დაიცვას მისი მფლობელობის უფლება, მათ შორის მესაკუთრისგანაც.”
მუხლი 49. მფლობელობის კანონიერება
,,მფლობელობა ითვლება კანონიერად, თუ არ დადგინდება სხვაგვარად სასამართლოს, საარბიტრაჟო სასამართლოს ან სამედიატორო სასამართლოს მიერ.”
მუხლი 51. მიწაზე საკუთრების უფლების დაცვა
,,1. მოქალაქეს არ შეიძლება ჩამოერთვას მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მისი ნების საწინააღმდეგოდ გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს უკრაინის სამართლებრივი აქტების საფუძველზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება. ...”
d. გლეხური მეურნეობის (ფერმერობის) შესახებ კანონი (№ 2009-XII, 1991 წლის 20 დეკემბრის, გაუქმდა 2003 წლის 1 აგვისტოს ფერმერობის შესახებ 2003 წლის 19 ივნისის კანონის ძალაში შესვლის შედეგად)
36. კანონის მე-2 მუხლის თანახმად ,,ფერმა” შეიძლება შედგებოდეს ერთი დამფუძნებლის ან ოჯახის წევრებისგან (გამოყოფილი ოჯახის ჩათვლით), რომლებიც მიწას ერთობლივად ამუშავებენ. ფერმის უფროსის მიმართ გამოცემული უნდა იყოს სახელმწიფო მიწის საკუთრების ან მიწის სარგებლობის აქტი.
37. კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთები ფერმერული მეურნეობისთვის გამოეყოფოდათ მოქალაქეებს სარეზერვო მიწებიდან ან აგრიკულტურული კომპანიებისთვის ჩამორთმეული მიწებიდან და გადაეცემოდათ ფერმერებს მუდმივი, მემკვიდრეობით გადაცემადი სარგებლობის უფლებით, ლიზინგით ან გადაცემული როგორც კერძო ქონება.
38. მე-7 მუხლის თანახმად, კოლექტიური ფერმისა და აგრიკულტურული კოოპერატივების წევრები, რომლებსაც სურდათ გამხდარიყვნენ ფერმერები, უფლებამოსილი იყვნენ, დაუფლებოდნენ კოლექტიურ ფერმაში (კოოპერატივი, კომპანია) მათი წილის ეკვივალენტური ფართის მიწის ნაკვეთებს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით. ეს მიწები გამოყოფილი უნდა ყოფილიყო მიწებიდან, რომლებიც ჩამოერთვა შესაბამის ფერმას (კოოპერატივს, კომპანიას) ან სარეზერვო მიწებიდან.
39. მე-17 მუხლის თანახმად, ფერმის წევრები თავიანთ ქონებას განკარგავდნენ ერთობლივი შეთანხმებით.
e. ადგილობრივი თვითმმართველობის კანონი (№ 280/97-ბპ, 1997 წლის 21 მაისის)
40. კანონის შესაბამისი ნორმები ამგვარად იკითხება:
მუხლი 59
,, ...
10. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების აქტები, რომლებიც არ შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციას ან კანონებს უკანონოდ ცხადდება სასამართლოს გადაწყვეტილებით. ...”
f. პროკურატურის შესახებ კანონი (№ 1789-XII, 1991 წლის 5 ნოემბრის)
41. კანონის მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფის და 21-ე მუხლის თანახმად, პროკურორები უფლებამოსილი არიან გაასაჩივრონ (წარადგინონ ,,პროტესტი”) ადგილობრივი საბჭოს აქტები, რომლებიც მათი აზრით უკანონოა. პროტესტის წარდგენა აჩერებს გასაჩივრებულ აქტს და ავალდებულებს საბჭოს, განიხილოს ის 10 დღის ვადაში და პასუხი აცნობოს პროკურორს. საბჭო უფლებამოსილია, უარყოს პროტესტი, რა შემთხვევაშიც პროკურორი უფლებამოსილია, მოითხოვოს აქტის გაუქმება სასამართლოს მეშვეობით.
g. უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება № 7-рп/2009 (საქმე შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების აქტების გაუქმებას)
42. გადაწყვეტილების შესაბამისი ნაწილი შემდეგი შინაარსისაა:
,, ... უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უკრაინის კონსტიტუცია შეიცავს პრინციპს, რომლის მიხედვით ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და მათი გარანტიები უნდა განსაზღვრავდეს სახელმწიფოს მოქმედებების არსსა და მიმართულებას, რომელიც თავის მხრივ პასუხიმგებელია ხალხის წინაშე მისი მოქმედებებისათვის (მუხლი 3). ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები პასუხისმგებელი არიან მათი მოქმედებებისათვის ფიზიკური და იურიდიული პირების წინაშე (მუხლი 74 [ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი]). შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს არ შეუძლიათ გააუქმონ თავიანთი წინა გადაწყვეტილებები ან შეცვალონ ისინი, თუ ამ გადაწყვეტილებების დანიშნულების თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობა, რაც დაკავშირებულია კონკრეტული სუბიექტური უფლების გამოყენებასთან და კანონიერ ინტერესთან, შედგა და თუ ამ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ეწინააღმდეგებიან მათ შეცვლას ან გაუქმებას. ეს არის ,,სოციალური ურთიერთობების სტაბილურობის გარანტი” ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და მოქალაქეებს შორის, რაც მოქალაქეებს რეალურად უწყობს ხელს, რომ მათ მდგომაროებაზე უარყოფითი გავლენა არ იქონიოს შემდგომმა გადაწყვეტილებებმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არანორმატიული აქტები არის ინდივიდუალური აქტები; მათ შეიძლება ამოწურონ თავიანთი მოქმედება აღსრულებით; შესაბამისად ისინი არ შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მათი აღსრულებით. ... “
კანონმდებლობა
I. კონვენციის 6.1 მუხლის სავარაუდო დარღვევა
43. განმცხადებელი ჩიოდა, რომ სასამართლოს 1994 წლის გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურებით, რომელიც თავის მხრივ სოფლის საბჭოს ავალდებულებდა გამოეყო მიწის ნაკვეთი მისი ფერმისთვის, ირღვეოდა კონვენციის 6.1 მუხლი. ეს ნორმა, საქმესთან კავშირში შემდეგი შინაარსისაა:
,,სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ... ყველას აქვს გონივრულ ვადაში სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. ... “
a. დასაშვებობა
44. მთავრობამ განმარტა, რომ საჩივარი იყო ratione personae შეუსაბამო აღნიშნულ ნორმასთან, რადგან ეს არ იყო განმცხადებლის ფერმა და თვითონაც არ იყო პერსონალურად ის პირი, ვინც მოქმედებდა, როგორც მხარე პროცესში დავის მიმდინარეობისას. ეს პროცესები შესაბამისად არ უკავშირდებოდა განმცხადებლის სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრას.
45. განმცხადებელი ზოგადად არ დაეთანხმა მთავრობას.
46. სასამართლო აღნიშნავს, რომ ტერმინი ,,მსხვერპლი” კონვენციის 34-ე მუხლის შესაბამისად მიუთითებს პირზე, რომელზეც პირდაპირ მოახდინა გავლენა სადავო აქტმა ან უმოქმედობამ (იხ., მაგ. Savenko v. Russia, no. 28639/03, § 25, 14 ივნისი 2007). სასამართლო შემდეგში იმეორებს, რომ მეწილე ფიზიკური პირების უფლებაუნარიანობა, რომლებიც ფორმალურად არ მონაწილეობდნენ პროცესებში და ამ კომპანიის უფლებაუნარიანობა, რომელიც ჩართული იყო პროცესებში, ზოგადად აღიარებულია ერთმანეთისგან გამიჯვნადად კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე განმცხადებლი მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნებისათვის (ibid). მეორე მხრივ, როდესაც კომპანიას, რომელიც მონაწილეობდა შიდა პროცესებში, ჰყავდა ერთი მესაკუთრე, სასამართლომ აღიარა ამ მესაკუთრის უფლებაუნარიანობა წარედგინა საჩივარი მე-6 მუხლის საფუძველზე, მისი პირადი პასუხისმგებლობით, იმ ახლო კავშირის გათვალისწინებით, რაც არსებობს განმცხადებლის როგორც ინდივიდის და, როგორც კომპანიის მესაკუთრის უფლებაუნარიანობას შორის (იხ., მაგალითად, ფურმანი რუსეთის წინააღმდეგ (Furman v. Russia), № 5945/04, § 19, 5 აპრილი 2007; გრაბერსკა მაკედონიის ყოფილი იუგოსლავური რესპუბლიკის წინააღმდეგ (Graberska v. the former Yugoslav Republic of Macedonia) № 6924/03, § 41, 14 ივნისი 2007; და ჰუმბატოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ (Humbatov v. Azerbaijan), № 13652/06, § 21, 3 დეკემბერი 2009). მსგავსი დასკვნა გაკეთდა, როდესაც განაცხადი იქნა შეტანილი თავიანთი ინდივიდუალური სახელებით კოოპერატივის ყველა სავარაუდო წევრის მიერ, რომლებიც შიდასამართლებრივ პროცესში წარმოადგენდენ მხარეს (იხ ჯაფარლი და სხვები აზერბაიჯანის წინააღმდეგ (Jafarli and others v. Azerbaijan), № 36079/06, §§ 40-41, 29 ივლისი 2010).
47. ამ საქმის ფაქტებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს 1994 წლის გადაწყვეტილება ფორმალურად იყო გამოცემული განმცხადებლის ფერმის და არა განმცხადებლის სახელზე, მისი პირადი ქმედუნარიანობის ფარგლებში. სასამართლომ მიუთითა, რომ იმ დროისათვის ძალაში მყოფი „ფერმერობის შესახებ კანონის“ თანახმად, განმცხადებელს შეეძლო ჰქონოდა თავისი ფერმა ინდივიდუალურად ან თავის ოჯახის წევრებთან ერთობლივად (იხ. 36-ე პარაგრაფი ზემოთ). თუმცაღა, საქმის მასალებიდან გაუგებარია, იყვნენ თუ არა ჩართული ოჯახის წევრები ფერმაში, როგორც ოფიციალური წევრები. მეორე მხრივ, თუნდაც დავუშვათ, რომ განმცხადებელი არ იყო მისი ფერმის ერთადერთი მესაკუთრე, შესაბამისი კანონის მიხედვით, ფერმის ქონება უნდა განკარგულიყო ყველა წევრის ერთობლივი შეთანხმებით (იხ. 39-ე პარაგრაფი ზემოთ). ასევე, აღსანიშნავია. რომ განმცხადებელი მარტო მოქმედებდა, ფერმის სახელით, ხელისუფლებასთან ყველა ურთიერთობაში, როდესაც ფერმის სხვა წევრებს (თუ ასეთები არსებობდნენ) არასოდეს დაუცავთ თავიანთი პოზიცია. და ბოლოს, მას სადავო მიწა მიეკუთვნა 1992 წელს, როგორც ფიზიკურ პირს და იგი მიწით სარგებლობის აქტს ასევე მის სახელზე ფლობდა.
48. ამ გარემოებებში ხელოვნური იქნება დასკვნა, რომ პროცესები, რომელთა შედეგადაც დადასტურებული იქნა განმცხადებლის ფერმის უფლება, დაუფლებოდა მიწის ნაკვეთს, არ იყო განმცხადებლის სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განმსაზღვრელი. შესაბამისად, განმცხადებელს შეეძლო ეჩივლა, რომ იყო მსხვერპლი სასამართლოს 1994 წლის გადაწყვეტილების აღუსრულობლობისა. შესაბამისად, მთავრობის საწინააღმდეგო პოზიცია არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული.
49. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35.3.a მუხლის მნიშვნელობით. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ის არ არის დაუშვებელი არც სხვა რომელიმე საფუძვლით. შესაბამისად, ის უნდა გამოცხადდეს დასაშვებად.
b. არსებითი მხარე
50. მთავრობას არ წარუდგენია რაიმე მოსაზრება საჩივრის არსებით მხარეზე.
51. განმცხადებელი ჩიოდა, რომ 1994 წლის სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფით გათვალისწინებულ მის უფლებებს.
52. სასამართლო, თავის ვრცელ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, იმეორებს, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულება მიჩნეულია ,,პროცესის” განუყოფელ ნაწილად მე-6 მუხლის მიზნებისათვის (იხ., მრავალ სხვას შორის, ჰორნსბი საბერძნეთის წინააღმდეგ (Hornsby v. Greece), 19 მარტი 1997, § 40, გადაწყვეტილებების და განჩინებების ანგარიშები 1997-II, და ზემოხსენებული ჰუმბატოვის (Humbatov) საქმე, § 28) და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ აღსრულების ხანგრძლივად ვერ უზრუნველყოფა, წარმოადგენს ამ ნორმის, როგორც ზოგად წესის, დარღვევას (იხ., მრავალ სხვას შორის, იური ნიკოლაევიჩ ივანოვი უკრაინის წინააღმდეგ (Yuriy Nikolayevich Ivanov v. Ukraine), № 40450/04, §§ 53-54, ECHR 2009‑... (ამონარიდები)).
53. ამ საქმის ფაქტებს რომ დავუბრუნდეთ, სასამართლო იმეორებს, რომ 1994 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება, რომლიც არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში, არ აღსრულებულა. მაშინ, როცა 1998 წლის 4 დეკემბერს რაიონის საბჭოს 1992 წლის გადაწყვეტილება, რომელიც სადავო მიწის ნაკვეთს აკუთვნებდა განმცხადებელს, როგორც საფუძველი სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის, გაუქმდა, როგორც უსწოროდ მიღებული. ირკვევა, რომ ეს გაუქმება არ ახდენდა ფორმალურ გავლენას სასამართლოს გადაწყვეტილების სავალდებულო ძალაზე. პირიქით, მისი ძალაში ყოფნის გამო აღნიშნული თარიღის შემდეგ, მიჩნეულ უნდა იქნას, რომ ის იყო არაპირდაპირ დადასტურებული სასამართლოს 2001 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით, რომლითაც, როგორც უკანონო, ბათილად იქნა ცნობილი სოფლის საბჭოს გადაწყვეტილება მის აღსრულებაზე უარის შესახებ (იხ. მე-12 პარაგრაფი ზემოთ). დამატებით 2008 და 2010 წლებში სასამართლოებმა დასაბუთებულად მიიჩნიეს განმცხადებლის საჩივრები, რომლებიც უკავშირდებოდა აღმასრულებლების მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების დროულად ვერ აღსრულებას (იხ. მე-15-16 პარაგრაფები ზემოთ).
54. საბოლოოდ, ამ საქმეზე სასამართლოს სადავო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის პერიოდმა გადააჭარბა ჩვიდმეტ წელს. ეს პერიოდი ემთხვევა სასამართლოს გარდამავალ მართლმსაჯულებას, რომელიც დაიწყო 1997 წლის 11 სექტემბერს და დაახლოებით თოთხმეტი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ დაყოვნების რაიმე გონივრული გამართლება მთავრობის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
55. სათანადო ზომების ვერ უზრუნველყოფით, რაც შესაბამისი იქნებოდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებასთან მოცემულ საქმეზე, ხელისუფლებამ წაართვა პირს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფით გარანტირებული უფლებით სრულად სარგებლობის შესაძლებლობა.
56. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის დარღვევას.
II. 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის სავარაუდო დარღვევა
57. განმცხადებელი ასევე ჩიოდა, რომ შეუძლებლობა, დაეკავებინა მიწის ნაკვეთი, რომელიც მას მიეკუთვნა ფერმერობისთვის 1992 წლის გადაწყვეტილებით, წარმოადგენდა უკანონო და არაპროპორციულ ჩარევას მის უფლებებში, რომლებიც გარანტირებულია 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლით.
კონვენციის შესაბამისი ნორმა ამგვარად იკითხება:
“ ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ამასთან, წინარე დებულებანი ვერ ხელყოფს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონი, რომელსაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ სხვა მოსაკრებლის ანდა ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად...”
a. დასაშვებობა
58. მთავრობამ წარადგინა მოსაზრება, რომ ეს საჩივარი, რომელიც არსებითად ეხებოდა სასამართლოს 1994 წლის გადაწყვეტილებას და, როგორც ასეთი, იყო ratione personae შეუსაბამო კონვენციის ნორმებთან, იგივე საფუძვლით, რაც მითითებული იყო მე-6 მუხლთან დაკავშირებით, მიწის ნაკვეთი გამოეყო მის ფერმას და არა მას, პერსონალურად.
59. განმცხადებელმა ზოგადად მხარი დაუჭირა მის საჩივარს.
60. სასამართლო იმეორებს, რომ მსგავსად იმისა, რაც მითითებულია ზემოთ მსხვერპლის სტატუსთან დაკავშირებით, კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებისთვის, კომპანიის ერთადერთ მესაკუთრეს შეუძლია იდავოს, რომ არის მის ინდივიდუალურ, 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ, უფლებებში ჩარევის, მიმართული მისი ან მისი კომპანიის წინააღმდეგ, მსხვერპლი, (იხ, სხვებს შორის, ანკარკრონა შვედეთის წინააღმდეგ (Ankarcrona v. Sweden) (დასაშვებობის განჩინება), № 35178/97, 27 ივნისი 2000; ნოსოვი რუსეთის წინააღმდეგ (Nosov v. Russia) (დასაშვებობის განჩინება), № 30877/02, 20 ოქტომბერი 2005; და ზემოთ დასახელებული ჰუმბატოვის (Humbatov) საქმე, § 21). ბოლოდროინდელ საქმეში ხამიდოვი რუსეთის წინააღმდეგ (Khamidov v. Russia), სასამართლომ დაადგინა, რომ 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი გამოსაყენებელია საჩივართან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჩარევას ოჯახურ ბიზნესში, რომელიც წარმოებდა საკუთარი სახელით, ორი ძმიდან ერთის მიერ. ამ საქმეში სასამართლო დაეყრდნო ფაქტს, რომ ეს ძმები მოქმედებდნენ შეთანხმებულად შიდა სასამართლოებში და განმცხადებლების განაცხადი ევროსასამართლოს წინაშე აყალიბებდა მის ზოგად მხარდაჭერას ძმის მიმართ (№ 72118/01, § 125, ECHR 2007‑XII (ამონარიდები)).
61. ამ საქმის ფაქტებთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი ადრეული დასკვნები სადავო მიწის ნაკვეთზე განმცხადებლის ინტერესების ახლო კავშირთან დაკავშირებით, როგორც ინდივიდისა და ფერმის მესაკუთრისა (იხ. 47-48-ე პარაგრაფები ზემოთ), თანაბრად აქტუალურია მოცემულ კონტექსტში. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლო უარყოფს მთავრობის საწინააღმდეგო მოსაზრებას.
62. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35.3.a მუხლის მნიშვნელობით. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ის არ არის დაუშვებელი არც სხვა რომელიმე საფუძვლით. შესაბამისად, ის უნდა გამოცხადდეს დასაშვებად.
b. არსებითი მხარე
63. მთავრობას არ წარუდგენია რაიმე მოსაზრება მოცემული საჩივრის არსებით მხარეზე.
64. განმცხადებელმა, თავის მხრივ, მის მოსაზრებებში მთავრობის მოსაზრებების წინააღმდეგ, ზოგადად მხარი დაუჭირა თავის პირველად მოსაზრებებს, რომელშიც ის აცხადებდა, რომ ის ფორმა, რომლითაც სახელმწიფო მოხელეები მიუდგნენ მის მდგომარეობას, არც კანონიერი იყო და არც, სამართლიანი. კერძოდ, მას რაიმე კანონიერი საფუძვლის გარეშე უთხრეს უარი მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი უფლება დადასტურებული იყო სასამართლოს 1994 წლის გადაწყვეტილებით, უფრო მეტიც, 1998 წელს უკანონოდ გააუქმეს 1992 წლის გადაწყვეტილება, რამაც მის მფლობელობას სამართლებრივი საფუძველი გამოაცალა, ისეთი საფუძვლით, რაც არ არის გათვალისწინებული მოქმედი მატერიალური კანონმდებლობით. პროცედურა, რომლის მეშვეობითაც გადაწყვეტილება გაუქმდა იყო უკანონო და არაკონსტიტუციური, რამდენადაც შესაბამისი კანონის ნორმების თანახმად, რაიონული საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლებოდა გაუქმებულიყო მხოლოდ შეჯიბრებითი სასამართლო პროცესის პირობებში, როგორც ეს დასტურდება უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილებაში. ხელისუფლების უკანონო და გახანგრძლივებული ჩარევის შედეგად განმცხადებლის უფლებაში, გამოეყენებინა მიწის ნაკვეთი, რომელიც მას კანონიერად ჰქონდა მიკუთვნებული, ის დაზარალდა არა მარტო ფსიქოლიგიურად, არამედ ასევე განიცადა მატერიალური ზიანი. კერძოდ, 1992-დან 1998 წლამდე მას უხდებოდა გადაეხადა გადასახადი მიწაზე, რომელიც მას არასოდეს გამოუყენებია. ასევე, მან შეიძინა ფერმის გარკვეული მოწყობილობები და საქონელი, რომლებიც ვერ გამოიყენა, ასევე ვერ მიიღო მნიშვნელოვანი შემოსავალი. იმ დროის განმავლობაში, სანამ de facto უზურპირებული იყო ეს მიწა კომპანია ,,ლ.”-ის ორი დამფუძნებლის მხრიდან, რომელთაც არასოდეს გადაუციათ ის დასაქმებულებისთვის, არ არსებობდა საჯარო ინტერესი, რაც გამორიცხავდა მის [განმცხადებლის] მიერ მიწის გამოყენებას,
65. სასამართლო, მთავრობისგან რაიმე საწინააღმდეგო მოსაზრების არარსებობის პირობებში, მიიჩნევს, რომ განმცხადებლის უფლება, გამოეყენებინა 4 ჰა მიწის ნაკვეთი ფერმერობისთვის, რაც გამომდინარეობდა 1992 წლის გადაწყვეტილებიდან, ქმნიდა ,,საკუთრების” შემადგენლობას, რომელიც თავსდება 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლით დაცულ სფეროში. (იხ, mutatis mutandis, სტრეჩი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Stretch v. the United Kingdom), № 44277/98, §§ 32-35, 24 ივნისი 2003). კონვენციის აღნიშნული ნორმები შესაბამისად გამოსაყენებელია მოცემულ საქმეში.
66. სასამართლოს აზრით, განმცხადებლის საჩივარი მოცემულ საქმეში შეიცავს სამ განსხვავებულ, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ასპექტს, რომლებიც ერთიანად უნდა იქნას განხილული: სოფლის საბჭოს მიერ სასამართლოს 1994 წლის გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარის თქმა; რაიონული საბჭოს მიერ თავისი 1992 წლის გადაწყვეტილების გაუქმება და ზოგადი ფორმა, რომლითაც ხელისუფლება მოექცა განმცხადებლის უფლებას მიწის ნაკვეთზე.
67. პირველ ასპექტთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკაა, როგორც ზოგადი წესი, რომ სახელმწიფო მოხელეების მხრიდან განმცხადებლის, მისთვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მიკუთვნებული, ქონებით ვერ უზრუნველყოფა წარმოადგენს ჩარევას, რაც შეუსაბამოა 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი პარაგრაფის 1-ლი წინადადებით გათვალისწინებულ გარანტიასთან (იხ., სხვებთან ერთად, ბურდოვი რუსეთის წინააღმდეგ (Burdov v. Russia), № 59498/00, § 40, ECHR 2002‑III; იასიუნიენე ლიტვის წინააღმდეგ (Jasiūnienė v. Lithuania), № 41510/98, § 45, 6 მარტი 2003; და ვოიტენკო უკრაინის წინააღმდეგ (Voytenko v. Ukraine), № 18966/02, §§ 53-55, 29 ივნისი 2004). მთავრობას არ წარმოუდგენია რაიმე განმარტება, რაც მოცემულ საქმეში გაამართლებდა აღუსრულებლობას, როგორც ,,სამართლიანი” და გამართლებული გადახვევა ზემოაღნიშნული პრინციპებიდან.
68. რაც შეეხება საჩივრის მეორე ასპექტს, სახელდობრ, 1992 წლის გადაწყვეტილების გაუქმებას, საქმის მასალებიდან გამომდინარეობს, რომ ამ გაუქმებას თავისთავად არ დაუკარგვინებია ძალა განმცხადებლის მიწით სარგებლობის აქტისთვის, ან გავლენა მოუხდენია სასამართლოს 1994 წლის გადაწყვეტილების მოქმედებაზე (იხ. მე-12, მე-14 და მე-15 პარაგრაფები ზემოთ). შესაბამისად, ბუნდოვანია, რამდენად წარმოშვა ამ გაუქმებამ საკუთრების ,,ჩამორთმევა” 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის მიზნებისთვის. თუმცაღა, ეს აქტი, რომელმაც ფაქტობრივად წაშალა ის სამართლებრივი საფუძველი, რომელმაც წარმოშვა განმცხადებლის პირველადი უფლება მიწაზე, წარმოადგენდა ჩარევას ზემოაღნულ უფლებაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩარევა წარმოადგენდა თუ არა ,,ჩამორთმევას”, მოცემული საქმის კონტექსტში იგივე პრინციპები გამოიყენება. სახელდობრ, იმისათვის, რომ კონვენციასთან შესაბამისი იყოს, ეს ზომა უნდა იყოს კანონიერი და იმგვარი, რომ აყალიბებდეს სამართლიან ბალანსს საჯარო და განმცხადებლის ინტერესებს შორის (იხ., სხვებთან ერთად, ზემოთხსენებული Stretch-ის საქმე, § 36).
69. სასამართლო იმეორებს, რომ ხელისუფლებამ გაამართლა 1992 წლის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ფაქტით, რომ ის მიღებული იყო შეცდომით, ამ მიწის ნაკვეთზე მესამე პირებისთვის ადრე გაცემული დაპირების სათანადო გათვალისწინების გარეშე.
70. ამ გამართლების კონვენციასთან შესაბამისობის შემოწმებისას სასამართლო ხაზს უსვამს ,,კარგი მმართველობის” პრინციპის პრაქტიკულ მნიშვნელობას. ეს მოითხოვს, რომ როდესაც საზოგადო ინტერესის საგანი არის სასწორზე, კერძოდ, როდესაც ზიანი ადგება ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებას, როგორიცაა საკუთრების უფლება, საჯარო მოხელეებმა უნდა იმოქმედონ დროულად, შესაბამისი და, უპირველეს ყოვლისა, თანმიმდევრული ფორმით (იხ. ბეიელერი იტალიის წინააღმდეგ (Beyeler v. Italy) [დიდი პალატა], № 33202/96, § 120, ECHR 2000‑I; ონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ (Öneryıldız v. Turkey) [დიდი პალატა], № 48939/99, § 128, ECHR 2004‑XII; M S.r.l. მოლდოვას წინააღმდეგ (M S.r.l. v. Moldova), № 21151/04, § 72, 8 აპრილი 2008; და მოსკალი პოლონეთის წინააღმდეგ (Moskal v. Poland), № 10373/05, § 51, 15 სეტემბერი 2009). კერძოდ, საჯარო ხელისუფლების ვალდებულებაა, წარმოადგინოს შიდა პროცედურები, რომლებიც აძლიერებენ მათი მოქმედებების გამჭვირვალობასა და სიცხადეს, მინიმუმამდე დაჰყავთ შეცდომების რისკი (იხ, მაგალითად, ლელასი ხორვატიის წინააღმდეგ (Lelas v. Croatia), № 55555/08, § 74, 20 მაისი 2010, და როსკუტა და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ (Toşcuţă and others v. Romania), no. 36900/03, § 37, 25 ნოემბერი 2008) და ხელი შეუწყოს სამოქალაქო ტრანზაქციების სამართლებრივ დასაბუთებულობას, რომლებიც გავლენას ახდენენ ქონებრივ ინტერესებზე (იხ. ზემოთხსენებული: ონერილდიზის (Öneryıldız) საქმე, § 128, და ბეიელერის (Beyeler) საქმე, § 119).
71. ,,კარგი მმართველობის” პრინციპი, როგორც წესი, არ უნდა უკრძალავდეს ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემთხვევითი შეცდომების გამოსწორებას, თუნდაც თავიანთივე გაუფრთხილებლობით დაშვებულის (იხ. ზემოთხსენებული მოსკალის (Moskal) საქმე, § 73). სხვაგვარი მიდგომა, inter alia, გამოიწვევს შეზღუდული საზოგადოებრივი რესურსების არასაჭირო გამოყოფის სანქცირებას, რაც თავისთავად ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს (ibid.). მეორე მხრივ, ძველი ,,შეცდომის” გამოსწორების საჭიროებამ არაპროპორციულად არ უნდა გამოიწვიოს ახალ უფლებაში ჩარევა, რომელიც ინდივიდმა შეიძინა საჯარო მოხელის მოქმედების ლეგიტიმურობის მიმართ კეთილსინდისიერი ნდობის შედეგად (იხ, mutatis mutandis, პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Pincová and Pinc v. the Czech Republic), № 36548/97, § 58, ECHR 2002‑VIII). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ დაადგინონ ან დაიცვან თავიანთივე პროცედურები, არ უნდა მიეცეთ უფლება, მიიღონ სარგებელი თავიანთი შეცდომებისგან ან გაექცნენ პასუხისმგებლობას (იხ. ზემოხსენებული Lelas-ს საქმე, § 74). სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ნებისმიერი შეცდომის რისკი თვითონ სახელმწიფომ უნდა იტვირთოს და შეცდომები არ უნდა გამოსწორდეს საკითხთან დაკავშირებული პირების ხარჯზე (იხ, სხვებთან ერთად, mutatis mutandis, ზემოხსენებული პინკოვა და პინკის (Pincová and Pinc) საქმე, § 58; გაში ხორვატიის წინააღმდეგ (Gashi v. Croatia), № 32457/05, § 40, 13 დეკემბერი 2007 და ტრგო ხორვატიის წინააღმდეგ (Trgo v. Croatia), № 35298/04, § 67, 11 ივნისი 2009). ქონებაზე ტიტულის გაუქმების კონტექსტში, რომელიც შეცდომით გაიცა, ,,კარგი მმართველობის” პრინციპმა შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების დავალდებულება, იმოქმედონ დაუყოვნებლივ თავიანთი შეცდომის გამოსასწორებლად (იხ. მაგ. ზემოხსენებული Moskal-ის საქმე, § 69), არამედ, ასევე, აუცილებელი გახადოს ადეკვატური კომპენსაციის გადახდა ან სხვა ფორმით შესაბამისი ზიანის ანაზღაურება წარსულში ნდობის კეთილსინდისიერად მატარებლისთვის (იხ. ზემოხსენებული: პინკოვა და პინკის (Pincová and Pinc) საქმე, § 53 და ტოსკუტა და სხვების (Toşcuţă and others) საქმე, § 38).
72. იმდენად, რამდენადაც ამ საქმეში განმცხადებლი ჩიოდა, რომ 1992 წლის გადაწყვეტილება გაუქმებულ იქნა შესაბამისი ეროვნული მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით, სასამართლო იმეორებს, რომ ეს არგუმენტები განხილულ იქნა და საბოლოოდ უარყოფილი იყო ეროვნული სასამართლოების მიერ სამართალწარმოების ოთხ დონეზე. რამდენადაც განმცხადებელი ჩივის, რომ სასამართლოების მიერ მიღებული დასკვნები მის საქმეზე ეწინააღმდეგებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილებას (იხ. 42-ე პარაგრაფი ზემოთ), სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს წესი მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც განმცხადებლის საქმეზე პროცესები დასრულებული იყო. უფრო მეტიც, რამდენადაც ევროსასამართლოს შეუძლია განიხილოს ეროვნული სასამართლოების დასკვნები, რომლებიც აშკარად თვითნებურად ჩანს, ეროვნული კანონმდებლობის განმარტება, პირველ რიგში, მაინც ეროვნული სასამართლოს საქმეა. რაკი ევროსასამართლო ხედავს შასაბამის განსხვავებებს მათ დასკვნებში, ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ისინი კონვენციასთან შესაბამისობაშია (იხ, მაგალითად, სერიავინი და სხვები უკრაინის წინააღმდეგ (Seryavin and others v. Ukraine), № 4909/04, § 40, 10 თებერვალი 2011).
73. აღნიშნული პრინციპების შესაბამისად, აღიარებს რა, რომ ეროვნული სასამართლოების დასკვნები მასზე, რომ პროცედურა, რომლის მიხედვითაც 1992 წლის გადაწყვეტილება გაუქმდა, შეესაბამებოდა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამის ნორმებს, სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ ის შეიცავდა საკმარის გარანტიებს საჯარო მოხელეების მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ. პირველ რიგში, ჩანს, რომ ეს პროცედურა სახელმწიფო ორგანოებს საშუალებას აძლევს უკუქცევითი ძალის მინიჭებით მოახდინონ ინდივიდუალური უფლებების გაბათილება, რომლებიც შეცდომით იქნა მინიჭებული, რაიმე ზიანის ანაზღაურების გარეშე, მათი კეთილსინდისიერი მფლობელებისთვის. მეორე, ჩანს, რომ სახელმწიფო მოხელეებს საშუალება ეძლევათ ასეთი მფლობელობის გაბათილება მოახდინონ თავიანთი სურვილით, ნებისმიერ დროს და იმ მხარეების ჩართვის გარეშე, რომლებზეც ეს გავლენას ახდენს. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობა, სასამართლოში გაასაჩივრონ ასეთი ბათილობა, მართლაც, ამცირებს მოქმედი მატერიალური სამართლის ნორმების თვითნებური განმარტების შესაძლებლობას საჯარო მოხელეების მხრიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ შეცდომა დაუშვეს. მეორე მხრივ, ის ფაქტი, რომ მათი უფლებამოსილება, გადახედონ თავიანთ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, შეცდომის აღმოჩენის შემდეგ, არ არის შეზღუდული დროში, მნიშვნელოვნად ურყევს საფუძველს სამართლებრივ განსაზღვრულობას ინდივიდუალური უფლებების და სამოქალაქო ტრანზაქციების სფეროში, რაც ,,კარგი მმართველობის” პრინციპის და 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლით გათვალისწინებული ,,კანონიერების” მოთხოვნის განმსაზღვრელია.
74. აღნიშნული მოსაზრებების განაცხადის კონკრეტული გარემოებების საერთო კონტექსტში მოთავსებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ პროცესის ,,კანონიერების” საკითხი, რომლის მეშვეობითაც 1992 წლის გადაწყვეტილება იქნა ანულირებული, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მნიშვნელოვანი დისკრეციის ფარგლები, რაც მინიჭებული აქვთ მოხელეებს, ისევე როგორც მათი უარი, აღესრულებინათ სასამართლოს 1994 წლის გადაწყვეტილება, მჭიდრო ურთიერთკავშირშია და განუყოფელია იმ საერთო ანალიზისგან, რომლითაც ხელისუფლება მიუდგა განმცხადებლის სიტუაციას, დაიცვა რა, სამართლიანი ბალანსი მისსა და საჯარო ინტერესებს შორის (იხ, mutatis mutandis,ზემოხსენებული ბეიელერის (Beyeler) საქმე, § 110).
75. ამასთან დაკავშირებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ფორმა, რომლითაც საჯარო მოხელეები მიუდგნენ განმცხადებლის სიტუაციას მოცემულ საქმეში, იყო არათანმიმდევრული, არაკოორდინირებული და ახასიათებდა სხვადასხვაგვარი წინააღმდეგობები. კერძოდ, მაშინ, როცა სოფლის საბჭომ უარი თქვა რაიონის საბჭოს 1992 წლის გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რომელითაც განმცხადებელს მიეკუთვნა მიწის ნაკვეთი თავდაპირველად, იგი გაუქმდა, როგორც შეცდომით მიღებული, მხოლოდ ექვსი წლის თავზე, მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაადასტურა მისი კანონიერება თავის გადაწყვეტილებაში. ეს გადაწყვეტილება, თავის მხრივ, არასოდეს გასაჩივრებული სოფლის საბჭოს მხრიდან, მიუხედავად ამისა, მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, საბჭომ მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება, რომ არ აღესრულებინა ის. მეტიც, რამდენიმე შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც განმცხადებლის უფლების 1998 წლის გაუქმება მიჩნეულ იქნა უკანონოდ, არ ყოფილა გადასინჯული სააპელაციო წესით და საბოლოოდ გაუქმდა საგამონაკლისო პროცედურების შედეგად. ამავე დროს, მას შემდეგ, რაც სასამართლოებმა საბოლოოდ დაადასტურეს გაუქმება, რაიმე სახის წარმოება არ დაწყებულა განმცხადებლის მიწით სარგებლობის აქტის გასაბათილებლად ან სასამართლოს 1994 წლის გადაწყვეტილების გასაუქმებლად, რომელიც ამ მიკუთვნებას ადასტურებდა. ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ძალაში მყოფად იქნა მიჩნეული ეროვნული სასამართლოს მიერ 2010 წელს. მიუხედავად ამისა, განმცხადებლის მოთხოვნა, რომ დაევალდებულებინათ აღმასრულებლები, აღესრულებინათ ის, არ დაკმაყოფილდა. ამ ურთიერთსაწინააღმდეგო დოკუმენტების საფუძველზე, არ არის შესაძლებელი გაკეთდეს ცხადი დასკვნა, დღეისათვის განმცხადებელს რამდენად აქვს უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე ეროვნული კანონმდებლობის თანახმად.
76. საბოლოოდ, არათანმიმდევრულმა და არაკოორდინირებულმა ფორმამ, რომლითაც მოხელეები მიუდგნენ განმცხადებლის საქმეს, წარმოქმნა განგრძობადი გაურკვევლობა მიწის ნაკვეთზე უფლებასთან დაკავშირებით, რაც გრძელდება 1992 წლიდან, რაც დაახლოებით 20 წელია, აქედან დაახლოებით 13 წელი ემთხვევა ევროსასამართლოს გარდამავალ იურისდიქციას.
77. იმის შეფასებისას, რაც განმცხადებელმა განიცადა ამ განგრძობად გაურკვევლობაში, სასამართლო ყურადღებას აქცევს, განმცხადებლის მითითებებში აღნიშნულ, მიწის გადასახადის სავარაუდო გადახდას და ფერმის მოწყობილობებისა და საქონლის უშედეგოდ შეძენას. განმცხადებლის მოსაზრებების ზოგადი ხასიათი, რაც არ არის გამყარებული საკმარისი მტკიცებულებებით, სასამართლოს საშუალებას არ აძლევს დაადგინოს მის მიერ სავარაუდოდ განცდილი ფულადი ზიანის ოდენობა. თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით, ნებისმიერი ფინანსური გავლენის მიუხედავად, იმედგაცრუება, რაც ბუნებრივად შეიძლებოდა გამოეწვია ასეთ ხანგრძლივად გაურკვეველ სიტუაციას, თავისთავად აყალიბებს არაპროპორციულ ტვირთს, რომელიც, შემდეგში გამწვავდა რაიმე სახის ანაზღაურების გადაუხდელობით, იმის საკომპენსაციოდ, რომ განმცხადებელი მუდმივად ვერ ავრცელებდა მის ფორმალურ უფლებას მიწის ნაკვეთზე.
78. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევას.
III. კონვენციის მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევა
79. განმცხადებელი ასევე ჩიოდა, რომ მან ვერ მიიღო სათანადო დაცვა ეროვნულ დონეზე მისი პრეტენზიებისთვის კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფისა და 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე.
ეს ნორმა შემდეგი შინაარსისაა:
“ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა”
80. მხარეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე განსხვავებული მოსაზრება ამ პრეტენზიის დასაშვებობასა თუ არსებით მხარეზე.
81. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის ფაქტი, რომ განმცხადებელმა წარმოადგინა სადავო პრეტენზიები კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფისა და 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებლად მიჩნეული კონვენციის 35.3.a მუხლის მნიშვნელობით და არ არის დაუშვებელი რაიმე სხვა საფუძვლით. შესაბამისად, ის დასაშვებად უნდა გამოცხადდეს.
82. სასამართლო შემდეგში ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ კონვენციის მე-13 მუხლი არის ეროვნულ დონეზე კონვენციით განმტკიცებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საშუალების გარანტი, რა ფორმითაც არ უნდა გახდეს საჭირო ეს, შიდა მართლწესრიგის ფარგლებში. მოცემულ საქმეში მთავრობას არ მიუთითებია, რომ განმცხადებელს პრაქტიკულად ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო დაცვის ეფექტიანი საშუალება მისი პრეტენზიებისთვის, სხვაგვარად რომ ვთქვათ, საშუალება, რომელიც ხელს შეუშლიდა დარღვევის არსებობას ან მის გაგრძელებას ან განმცხადებლისთვის უზრუნველეყო შესაბამისი ანაზღაურება.
83. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას.
IV. კონვენციის 41-ე მუხლის მოქმედება
84. კონვენციის 41-ე მუხლი ამგვარად იკითხება:
“თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.”
ა. ზიანი
85. განმცხადებელი ითხოვდა 3,836,900 უკრაინულ გრივნას (UAH) იმ შემოსავლისთვის, რომელიც მან სავარაუდოდ დაკარგა 1992 წლის 11 მაისიდან მისთვის ფერმერული მიზნისთვის ფორმალურად გადაცემული მიწის ნაკვეთის ხელმიუწვდომლობის გამო. მოთხოვნის გასამართლებლად მან წარმოადგინა სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის 2010 წლის 1 ივნისის ცნობა, რომლის მიხედვითაც ფერმერული კომპანიის საშუალო წმინდა მოგება ლვივსკას მხარეში შეადგენდა 225,700 უკრაინულ გრივნას 2009 წელს.
86. დამატებით განმცხადებელი ითხოვდა 200,000 უკრაინულ გრივნას კონვენციით დაცული უფლებების დარღვევით გამოწვეული მორალური ზიანისთვის.
87. მთავრობამ მიუთითა, რომ აღნიშნული მოთხოვნები იყო გადაჭარბებული და დაუსაბუთებელი.
88. სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელს უნდა განეცადა გარკვეული ფინანსური ზარალი ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ფერმერული მიზნით მისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის ვერ უზრუნველყოფის გამო. თუმცა, სასამართლო არ არის მზად, მიიღოს მისი კალკულაცია, რომელსაც ის საკმაოდ სპეკულაციურად და უკიდურესად ზედაპირულად მიიჩნევს. ადეკვატური დოკუმენტაციის არარსებობის გამო, სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია, მატერიალური ზიანის განსაზღვრა და შესაბამისად რაიმე დაკმაყოფილების გაცემა ამასთან დაკავშირებით (იხ. Rakitin v. Ukraine, no. 7675/04, § 30, 11 იანვარი 2007).
89. მეორე მხრივ, სასამართლო განმცხადებელს აკუთვნებს 8,000 ევროს არაქონებრივი ზიანისათვის.
ბ. ხარჯები
90. განმცხადებელი ასევე ითხოვდა 1,000 უკრაინულ გრივნას როგორც ეროვნულ, ისე ევროსასამართლოში საკუთარი თავის წარმოდგენისთვის, ყოველ თვეზე 1994 წლის 10 მარტიდან.
91. მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ ეს მოთხოვნა იყო უსაფუძვლო.
92. სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც რეალურია და უცილობლად გადახდებოდა, ამავე დროს, გონივრულ ფარგლებში. მოცემულ საქმეში, იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელი თვითონ წარმოადგენდა თავს როგორც შიდა, ისე კონვენციით გათვალისწინებულ პროცედურებში, არ არსებობს მისთვის რაიმე კანონიერი გადასახდელის გადახდის საჭიროება. მართალია, რომ მისი საჩივარი შეიძლებოდა დაკავშირებული ყოფილიყო სხვადასხვა ხარჯთან, რაც მან გასწია საკუთარი ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ ყოფილა დასაბუთებული სათანადო დოკუმენტების წარმოდგენით.
93. ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მოთხოვნას არ აკმაყოფილებს.
გ. საურავი
94. სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საურავი უნდა ემყარებოდეს ევროპის ბანკის ზღვრულ საპროცენტო განაკვეთს, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.
ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობის საფუძველზე, სასამართლო ერთხმად
1. აცხადებს საჩივარს დასაშვებად;
2. ადგენს რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი.
3. ადგენს რომ დაირღვა კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი;
4. ადგენს რომ დაირღვა კონვენციის მე-13 მუხლი;
5. ადგენს
(ა) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პარაგრაფის საფუძველზე, მოპასუხე სახელმწიფომ განმცხადებელს, არაქონებრივი ზიანისათვის, უნდა გადაუხადოს EUR 8,000 (რვა ათასი ევრო), რასაც დაემატება ყველა გადასახდელი რაც შეიძლება არსებობდეს, კონვერტირებული უკრაინის ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღისათვის არსებული კურსით;
(b) აღნიშნული სამი თვის გასვლის შემდეგ, მის გადახდამდე, ამ თანხას დაემატება ზღვრული პროცენტი, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი ზღვრული საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.
6. უარყოფს განმცხადებლის დანარჩენ მოთხოვნას სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურად და ეცნობათ წერილობით 2011 წლის 20 ოქტომბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პარაგრაფების შესაბამისად.
კლაუდია ვესტერდიკიდინ შპილმანი
მდივანითავმჯდომარე
Full & Egal Universal Law Academy