© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
Council of Europe/European Court of Human Rights, 2012. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2012. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმე ს. და მარპერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ
(საჩივრები N. 30562/04 და 30566/04)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
4 დეკემბერი 2008
წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა,
თუმცა შეიძლება დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას
წინამდებარე საქმეზე ს. და მარპერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ჟან-პოლ კოსტა, პრეზიდენტი
ხრისტოს როზაკის,
ნიკოლას ბრატცა,
პერ ლორენსენი,
ფრანსუაზ ტულკენს,
ჯოზეფ კასადევალ,
ჯოვანი ბონელო,
კორნელიუ ბირსან,
ნინა ვაიიჩ,
ანატოლი კოვლერ,
სტანისლავ პავლოვსკი,
ეხბერტ მეიერ,
დანუტე იოჩიენე,
იან შიკუტა,
მარკ ვილიგერ,
პაივი ჰირველ,
ლედი ბიანკუ, მოსამართლეები,
და მაიკლ ო’ბოილი, სასამართლო გამწესრიგებლის მოადგილე,
2008 წლის 27 თებერვალს და 2008 წლის 12 ნოემბერს განმარტოებით ითათბირა,
გამოაქვს შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ბოლოს-მითითებულ დღეს:
პროცედურა
1.საქმეს საფუძვლად დაედო საჩივრები (ნო.30562/04 და 30566/04) დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, რომელიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად, ბრიტანეთის ორმა მოქალაქემ, ბ-ნმა ს.-მა ("პირველი მომჩივანი") და ბ-ნმა მაიკლ მარპერმა ("მეორე მომჩივანი") სასამართლოში შეიტანეს 2004 წლის 16 აგვისტოს. დიდი პალატის პრეზიდენტმა დააკმაყოფილა პირველი მომჩივნის თხოვნა არ გასაჯაროებულიყო მისი სახელი (მუხლი 47, ნაწილი 3, სასამართლოს რეგლამენტი).
2.მომჩივნებს, მიიღეს რა იურიდიული დახმარება, წარმოადგენთ ბ-ნი პ. მაი, მესრს ჰოუელსიდან, ადვოკატი, რომელიც პრაქტიკას შეფილდში ეწევა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობას ("მთავრობა") წარმოადგენს აგენტი ბ-ნი ჯ. გრენჯერი, საგარეო და თანამეგობრობის ოფისიდან.
3.მომჩივნები ასაჩივრებდნენ კონვენციის მე-8 და მე-14 მუხლების დარღვევას, რადგანაც ხელისუფლება აგრძელებდა მათი თითის ანაბეჭდების, უჯრედოვანი ნიმუშებისა და დნმ პროფილის შენახვას მას შემდეგ, რაც მომჩივანთა წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის საქმე დასრულდა მათი გამართლებით ან შეწყვეტილ იქნა.
4.საჩივრები მიეკუთვნა სასამართლოს მეოთხე სექციას (სასამართლოს რეგლამენტი, მუხლი 52 § 1). 2007 წლის 16 იანვარს სექციის პალატამ შემდეგი შემადგენლობით - ჟოსეფ კასადევალი, პრეზიდენტი, ნიკოლას ბრატცა, ჯოვანი ბონელო, კრისტაქ ტრაია, სტანისლავ პავლოვსკი, იან შიკუტა, პაივი ჰირველა და ლორენს ერლი, სექციის გამწესრიგებელი - იგი მისაღებად სცნო.
5.2007 წლის 10 ივლისს პალატამ იურისდიქცია დათმო დიდი პალატის სასარგებლოდ, რაც არცერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია (კონვენციის მუხლი 30 და მუხლი 72).
6.დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა და რეგლამენტის 24-ე მუხლის მიხედვით.
7.როგორც მომჩივნებმა, ისე მთავრობამ წარმოადგინეს მოსაზრებები საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით. ამასთანავე, მიღებულ იქნა მესამე მხარის არგუმენტები ქ-ნი ანა ფეარქლაუსაგან, ლიბერთის სახელით (სამოქალაქო თავისუფლებების ეროვნული საბჭო) და "ქოვინგთონ და ბერლინს" შპს, "ფრაივასი ინთერნეშენალის" სახელით, რომელსაც პრეზიდენტმა მიანიჭა უფლება ჩართულიყო წერილობით პროცედურაში (მუხლი 36, პარაგრაფი 2, მუხლი 44, პარაგრაფი 2). ორივე მხარემ უპასუხა ლიბერთის არგუმენტებს, ხოლო მთავრობამ ამასთანავე უპასუხა "ფრაივასი ინთერნეშენალის" კომენტარებსაც მუხლი 44, პარაგრაფი 5).
8.მოსმენა შედგა საჯაროდ, ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2008 წლის 27 თებერვალს (მუხლი 59§3).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა)მთავრობის სახელით
ქ-ნი ე. უილმოთი,წარმომადგენელი
ბ-ნი რაბინდერ სინგჰი, ქს
ბ-ნი ჯ. სტრაჩანი, დამცველი
ბ-ნი ნ. ფუსელი,
ქ-ნი მ. მაკფარლეინი,
ბ-ნი მ. პრიორი,
ბ-ნი ს. ბრამბლი,
ქ-ნი ე. რიისი,
ბ-ნი ს. სენი,მრჩეველები
ბ-ნი დ. გურლეი,
ბ-ნი დ. ლავდეი,დამკვირვებლები;
(ბ)მომჩივნების სახელით
ბ-ნი ს. კრაგი,
ბ-ნი ა. სუთერვალა,დამცველი,
ბ-ნი პ. მაი, ადვოკატი,
სასამართლომ მოისმინა ბ-ნი ს. კრაფისა და ბ-ნი რაბინდერ სინგჰ ქს მიმართვები და პასუხები მოსამართლეთა შეკითხვებზე.
ფაქტები
I.საქმის გარემოებები
9.მომჩივნები დაიბადნენ 1989 და 1963 წელს და ცხოვრობენ შეფილდში.
10.პირველი მომჩივანი, ბ-ნი ს. დააკავეს 2001 წლის 19 იანვარს თერთმეტი წლის ასაკში და ბრალად წაუყენეს ყაჩაღობის მცდელობა. მისი თითის ანაბეჭდები და დნმ ნიმუშები აიღეს და 2001 წლის 14 ივნისს იგი გამართლებულ იქნა.
11.მეორე მომჩივანი, ბ-ნი მაიკლ მარპერი დააკავეს 2001 წლის 13 მარტს და ბრალად წაუყენეს საკუთარი პარტნიორზე ზეწოლა. აღებულ იქნა მისი თითის ანაბეჭდები და დნმ ნიმუშები. საქმის წინასწარ განხილვამდე იგი და მისი პარტნიორი შერიგდნენ და სარჩელი გამოხმობილ იქნა. 2001 წლის 11 ივნისს, სამეფო პროკურატურამ (Crown Prosecution Service) მომჩივნის ადვოკატებს გაუგზავნა საქმის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება და 14 ივნისს საქმე ოფიციალურად შეწყდა.
12.ორივე მომჩივანმა მოითხოვა საკუთარი თითის ანაბეჭდებისა და დნმ ნიმუშების განადგურება, თუმცა პოლიციამ ორივეს უარი განუცხადა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მომჩივნებმა მოითხოვეს ანაბეჭდებისა და ნიმუშების განადგურებაზე პოლიციის უარის იურიდიული გადახედვა. 2002 წლის 22 მარტს ადმინისტრაციულმა სასამართლომ (Rose LJ and Leveson J) უარი განაცხადა სარჩელების განხილვაზე [[2002] E EWHC 478 (Admin)].
13.2002 წლის 12 სექტემბერს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება ორი ხმით (ლორდ ვულფ სჯ და უოლერ ლჯ) ერთის (სედლი ლჯ) წინააღმდეგ [[2003] EWCA Civ 1275]. დნმ ნიმუშების შენახვასთან დაკავშირებით ლორდ უოლერმა აღნიშნა შემდეგი:
"... თითის ანაბეჭდები და დნმ პროფილები ამჟღავნებენ მხოლოდ მცირე პერსონალურ ინფორმაციას. ფიზიკური ნიმუშები პოტენციურად შეიცავენ ბევრად უფრო ფართო და მრავალგზის უფრო პერსონალურ და დეტალურ ინფორმაციას. ჩვენ გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ შესაძლებელია მეცნიერებამ ოდესმე მიაღწიოს განვითარების იმ დონეს, როდესაც შესაძლებელი იქნება ნიმუშების იმდენად ღრმა ანალიზი, რომ მის საფუძველზე შესაძლებელი შეიქნება ინფორმაციის მიღება ინდივიდის მიერ გარკვეული ტიპის დანაშაულების ჩადენისაკენ მიდრეკილების შესახებ, ხოლო მუხლი, რომელზეც არის საუბარი (მუხლი 82, კანონი სისხლის სამართლის სასამართლოწარმოებისა და პოლიციის შესახებ, 2001 წელი), მისი არსებული ფორმულირებით იძლევა მონაცემების ამგვარად გამოყენების საშუალებას. ამასთანავე, შესაძლებელია კანონში შევიდეს ცვლილებები, რომელიც შესაძლებელს გახდის დნმ ნიმუშების გამოყენებას სხვა მიზნებისათვის და არ შემოიფარგლება მოცემულ მუხლში არსებული შეზღუდვებით. მეტიც, შესაძლებელია ითქვას, რომ დნმ ნიმუშების შენახვისას ახლაც კი არსებობს საფრთხე, რომ შესაძლებელია მათი კანონის საწინააღმეგოდ გამოყენება. ამიტომაც, მოცემული მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა ნაკლები შეზღუდვებითაც ... რატომ არ არის შესაძლებელი მოცემული მიზნების მიღწევა პროფილების და არა დნმ ნიმუშების შენახვით?
ჩემი აზრით პასუხი ამ შეკითხვებზე შემდეგია. პირველ რიგში დნმ ნიმუშების შენახვა გვაძლევს საშუალებას (ა) შემოწმებულ იქნას დნმ მთლიანობა და შეფასდეს დნმ მონაცემთა ბაზის შემდგომი გამოყენების შესაძლებობა. (ბ) კიდევ ერთხელ იქნას გაანალიზებული დნმ პროფილის განახლების საშუალება იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩენილ იქნება ახალი მეთოდი, რომელიც საშუალებას მოგვცემს უფრო ზუსტად მოხდეს სხვადასვა ადამიანების დნმ შორის განსხვავებების აღნუსხვა. (გ) კიდევ ერთხელ მოხდეს გაანალიზება, ანუ შესაძლებელი შეიქნას დნმ სხვა მახასიათებლების განსაზღვრა და ამგვარად გამოყენებულ იქნას მონაცემთა ბაზაში ძებნის უპირატესობა სისწრაფის, მგრძნობელობისა და ღირებულების მხრივ. (დ) განხორციელდეს დამატებითი ანალიზი იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა სასამართლო შეცდომას. და (ე) ჩატარდეს დამატებითი ანლიზი, რათა გამოვლინდეს ინფორმაციის ანლიზისა თუ დამუშავების დროს დაშვებული შესაძლო შეცდომა. საჭიროა ჩატარდეს შედარებითი ანალიზი მოცემულ სარგებელსა და იმ საფრთხეებს შორის, რომელზეც მიუთითებს ლიბერთის საბჭო. მოცემულ საფრთხეებთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია გახლავთ შემდეგი: პირველ რიგში, კანონის ნებისმიერი ცვლილება უნდა თავისთავად შეესაბამებოდეს კონვენციის დებულებებს. მეორეს მხრივ, პრაქტიკის ნებისმიერი ცვლილება უნდა შეესაბამებოდეს კონვენციის დებულებებს და მესამე, დაუშებელია ცვლილებების იმთავითვე უკანონოდ მიჩნევა. ჩემი აზრით, აღნიშნული საფრთხეები არ არის დიდი და შედეგად ვერ გადასძალავენ დანაშაულის დასჯისა და პრევენციის მიზნის სარგებელს."
14.მოსამართლე სედლის მოსაზრებით, მიუხედავად გამონაკლისი ხასიათისა, პოლიციის უფროსი უნდა სარგებლობდეს უფლებით გაანადგუროს ინფორმაცია პირის შესახებ, რომელიც წესით უნდა ინახებოდეს, ყოველ ჯერზე, როდესაც მას შეექმნება შინაგანი რწმენა, რომ მოცემული პირი ეჭვისაგან თავისუფალია. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ განსხვავება დნმ ნიმუშსა და პროფილს შორის გახლავთ შემდეგი _ დნმ ნიმუშების შენახვის შემთხევაში, შესაძლებელია მომავალში მისგან უფრო მეტი ინფორმაციის მიღება ვიდრე ეს აქამდე იყო შესაძლებელი.
15.2004 წლის 22 ივლისს, ლორდთა პალატამ არ განიხილა მომჩივანთა აპელაცია. ლორდმა სტეინმა, უმრავლესობის სახელით განაჩენში გაიხსენა პოლიციისა და სისხლის სამართლის მტკიცებულებათა 1984 წლის აქტის ("1984 აქტი") 64-ე მუხლის 1ა ნაწილის საკანონმდებლო ისტორია. კერძოდ კი მან შეგვახსენა, რომ მოცემული პუნქტი პარლამეტში შეტანილ იქნა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ გამოხატა უკმაყოფილება წინა კანონთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც თუ პირი არ დაექვემდებარებოდა სისხლის სამართლის დევნას ან მოხდებოდა მისი გამართლება, მაშინ აუცილებელიიყო მისი დნმ ნიმუშის განადგურება, ხოლო მისი საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის შემდეგი გამოყენება კი დაუშვებელი გახლდათ. ორ შემთხვევაში სანდო მტკიცებულებანი დნმ სახით, რომელიც მიუთითებდა ერთი ეჭვმიტანილის კავშირს გაუპატიურებასთან, ხოლო მეორისას კი მკვლელობასთან ვერ იქნა გამოყენებული, იმდენად რამდენადაც იმ შემთხვევაში, როდესაც ეჭვმიტანილთაგან აღებული იყო დნმ ნიმუშები, ერთ-ერთი მათანი გამართლებულ იქნა, ხოლო მეორესთან დაკავშირებით კი მიღებული იყო გადაწყვეტილება სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შესახებ იმ დანაშაულისათვის, რომლის გამოც მოხდა მოცემულ ნიმუშთა აღება. შედეგად, ორივე ეჭვმიტანილის შემთხვევაში შეუძლებელი შეიქნა გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
16.ლორდმა სტეინმა ხაზი გაუსვა შენახული ანაბეჭდებისა და ნიმუშების დიდ მნიშვნელობას. მან მაგალითად 1999 წლის საქმე მოიყვანა, სადაც დანაშაულის ჩამდენის შესახებ დნმ ინფორმაცია დაემთხვა ეროვნულ მონაცემთა ბაზაში არსებული "I" შესახებ ინფორმაციას. "I" ნიმუში უნდა განადგურებულიყო, მაგრამ არ განადგურდა. "I"-მ აღიარა გაუპატიურება და შედეგად მოხდა მისი დაპატიმრება. შეცდომით რომ არ მომხდარიყო ნიმუშის შენახვა, დამნაშავე შესაძლებელია დაუდგენელი დარჩენილიყო.
17.ლორდი სტეინი ასევე შეეხო სტატისტიკურ მტკიცებულებას, რომლის მიხედვითაც ჩანდა, რომ დაახლოებით 6,000 დნმ პროფილი იქნა დაკავშირებული დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილ ლაქობრივ პროფილებთან, რომელიც, ძველი კანონმდებლობის მიხედვით, უნდა განადგურებულიყო. აღნიშნული დანაშაულები მოიცავდა 53 მკვლელობას, 33 მკვლელობის მცდელობას, 94 გაუპატიურებას, 38 სექსუალურ დანაშაულს, 63 დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ქურდობას და 56 შემთხვევას, რომელიც ეხებოდა კონტროლირებულ ნარკოტიკებს. არსებული მონცემების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, არსებობდა 40% შანსი, რომ დანაშაულის ადგილზე აღებული ნიმუში უმალვე დამთხვეოდა მონაცემთა ბაზაში არსებული ინდივიდის პროფილს. მოცემული ადასტურებს, რომ თითის ანაბეჭდებმა და ნიმუშებმა, რომელთა შენახვაც უკვე შესაძლებელია, ბოლო სამი წლის განმავლობაში ითამაშეს გადამწყვეტი როლი სერიოზული დანაშაულების აღმოჩენასა და დასჯაში.
18.ლორდმა სტეინმა ასევე აღნიშნა, რომ 1984 წლის აქტი ცალკე არეგულირებდა თითის ანაბეჭდებისა და ნიმუშების აღებას, მათ შენახვასა და გამოყენებას.
19.კონვენციის ანალიზისას ლორდი სტეინი იხრებოდა ხედვისაკენ, რომლის მიხედვითაც თითის ანაბეჭდებისა და დნმ ნიმუშების შენახვა არ წარმოდგენდა პირის პირად ცხოვრებაში ჩარევას და აღნიშნა, რომ მცდარი რომც ყოფილიყი, იგი მიიჩნევდა, რომ ჩარევა მართლაც მიზერული იყო. საკითხი, თუ რამდენად მოხდებოდა შენახული ნიმუშების არაჯეროვანი გამოყენება მომავალში, მისი აზრით არ ეხებოდა შენახული ნიმუშების ახლანდელ გამოყენებას, რომელიც მიზნად ისახავდა დამნაშვეთა გამოვლენას და მათ პასუხისგებაში მიცემას. თუკი მეცნიერების მომავალი განვითარება მოითხოვს, შესაძლებელია საჭიროების მიხედვით სასამართლო გადაწყვეტილების მიღება, რათა უზრუნველყოფილ იქნას კონვენციასთან შესაბამისობა. დებულება, რომელიც ზღუდავს მასალის ნებადართულ გამოყენებას "დანაშაულის პრევენციასა და დადგენასან დაკავშირებით" არ ახდენს ნებადართული გამოყენების სფეროს არაჯეროვან გაფართოებას, რადგანაც იგი კონტექსტის მიხედვით შეზღუდულია.
20.თუკი საჭირო იქნება პირად ცხოვრებაში მცირე ჩარევის გამართლება, ლორდი სტეინი დაეთანხმა ლორდ სედლის სააპელაციო სასამართლოში და აღნიშნა, რომ შენახვის მიზნები - დანაშაულის პრევენცია და დანაშაულისაგან თავისუფლების უფლების დაცვა - იყო "კანონით განსაზღვრული" მე-8 მუხლის შესაბამისად.
21.რაც შეეხება ჩარევის გამართლებას, მომჩივნები ჩიოდნენ, რომ თითის ანაბეჭდებისა და დნმ ნიმუშების შენახვა ბადებდა ეჭვს იმ პირების მიმართ, რომელთა მიმართაც გამოტანილი იყო გამამართლებელი გადაწყვეტილება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა დაადასტურა, რომ შენახვის მიზანს არანაირი კავშირი არ ჰქონდა წარსულთან, ანუ იმ დანაშაულთან რომელთან დაკავშირებითაც მოხდა პირის გამართლება, არამედ მიზნად ისახავდა გამოძიებისათვის დახმარებას შემდგომი დანაშაულების არსებობის შემთხვევაში. დნმ ნიმუშების შენახვა მომჩივნებზე გავლენას მხოლოდ იმ შემთხვევაში იქონიებდა, თუ მათი პროფილები დაემთხვეოდა დანაშაულის ჩადენის ადგილას ნაპოვნ ინფორმაციას. ლორდმ სტეინმა აღნიშნა ის ხუთი ფაქტორი, რომელთა გათვალისწინებითაც შესაძლებელი იყო დაგვესკვნა, რომ ჩარევა მიზნის პროპორციული გახლდათ: 1. თითის ანაბეჭდები და ნიმუშები ინახებოდა მხოლოდ დანაშაულის დადგენის, გამოძიებისა და დასჯის მიზნით; 2. თითის ანაბეჭდები და ნიმუშები უსარგებლო იყო შესადარებელი ანაბეჭდისა თუ დანაშაულის ადგილიდან ამოღებული ნიმუშის გარეშე; 3. თითის ანაბეჭდები არ გასაჯაროვდებოდა; 4. სათანადო მომზარების გარეშე, შენახული მასალის მიხედვით პირის დადგენა შეუძლებელი იყო და 5. შენახვის შედეგად მიღებული მონაცემთა ბაზა უდიდეს უპირატესობას ანიჭებდა სერიოზული დანაშაულის წინააღმეგ ბრძოლას.
22.იმ არგუმენტის პასუხად, რომლის მიხედვითაც იგივე საკანონმდებლო მიზანი შეიძლება მიღწეულიყო ნაკლებად ჩარევადი ზომებით, კერძოდ კი ყოველი შემთხვევისას თითის ანაბეჭდებისა და ნუმუშების შენახვის საჭიროების ანალიზით, ლორდმა სტეინმა მითითება გააკეთა ლორდ უოლერის კომენტარზე სააპელაციო სასამართლოში, სადაც ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ "თუკი თითის ანაბეჭდებისა და დნმ ნიმუშების შენახვის გამამართლებლ გარემოებებს აქვთ რაიმეგვარი კავშირი იმასთან, თუ როგორც აფასებს პირის უდანაშაულობას პოლიცია, მაშინ ეჭვმიტანილს, რომლის მიმართაც გამოტანილია გამამართლებელი გადაწყვეტილება და რომლის დნმ ნიმუშიც ინახება ეროვნულ მონაცემთა ბაზაში, შეუძლია ამტკიცოს, რომ ადგილი აქვს მის სტიგმატიზებას საზოგადოების მხრიდან, ან რომ მათ მიმართ ხორციელდება დისკრიმინაცია, აღინშნება რა, რომ მათ მიმართ გამოტანილია გამამართლებელი გადაწყვეტილება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ექცევიან როგორც დამნაშავეებს. სინამდვილეში, მარტივად რომ ვთქვათ, კანონიერ საფუძველზე აღებული დნმ ნიმუშის შენახვა ნორმალურია, ხოლო პოლიციის მიერ მაქსიმალურად ინფორმაციული მონაცემთა ბაზის ქონა კი ეფუძნება დანაშაულთან ბრძოლის საზოგადოებრივ ინტერესებს და აღნიშნული არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს რაიმე სახის სოციალურ სტიგმატიზაციას."
23.ლორდი სტეინი არ დაეთანხმა, რომ განსხვავება ნიმუშებსა და დნმ პროფილს შორის გავლენას ახდენდა მდგომარეობაზე.
24.ლორდთა პალატამ არ დააკმაყოფილა მომჩივანთა საჩივარი მასზედ, რომ მათი თითის ანაბეჭდებისა და ნიმუშების შენახვა წარმოადგენდა კონვენციის მე-14 მუხლის საწინააღმდეგო დისკრიმინაციულ ქმედებას იმ პირებთან შედარებით, რომელთა თითის ანაბეჭდები და ნიმუშებიც არ აუღია პოლიციას სისხლის სამართლის გამოძიების მსვლელობისას. ლორდმა სტეინმა აღნიშნა, იმის დაშვების შემთხვევაშიც კი, რომ თითის ანაბეჭდებისა და ნიმუშების შენახვა ხვდებოდა მე-8 მუხლის ფარგლებში და იწვევდა კონვენციის მე-14 მუხლის გამოყენებას, მომჩივნების მიერ ხსენებული განსხვავებული მოპყრობა არ ეფუძნებოდა მე-14 მუხლის მიხედვით "სტატუსს": განსხვავება მარტივად ასახავდა ისტორიულ ფაქტს, რომელიც არანაირ კავშირში არ არის პიროვნულ მახასიათებლებთან, რომ ხელისუფლება უკვე ინახავდა იმ პირების თითის ანაბეჭდებსა და ნიმუშებს, რომელთა ამოღებაც მოხდა კანონის ფარგლებში. მომჩივნები და მათ მიერ შემოთავაზებული შედარება ვერ იქნებოდა ანალოგიურ სიტუაციაში. მისი ხედვისაგან განსხვავებით, საჭირო რომც ყოფილიყო განსხვავებული მოპყრობის გამართლება, ლორდმა სტეინმა დაადგინა, რომ ამგვარი ობიექტური გამართლება დადგენილი გახლდათ: პირველი, აშკარად სახეზე გახლდათ ლეგიტიმური მიზანი, რადგანაც მონაცემთა ბაზაში თითის ანაბეჭდებისა და ნიმუშების რაოდენობის ზრდა ხელს უწყობდა სერიოზული დანაშაულების დადგენისა და დასჯის, ხოლო უდანაშაულოთაგან ბრალის მოხსნის საზოგადოებრივ ინტერესს; მეორეც, დაცული გახლდათ პროპორციულობის მოთხოვნა, რადგან 1984 წლის აქტის 64-ე მუხლის 1ა პარაგრაფი ობიექტურად წარმოადგენდა გაზომვად და პროპორციულ პასუხს სერიოზულ დანაშაულთან ბრძოლის საკნონმდებლო მიზანზე.
25.ბარონესა ჰეილი რიჩმონდიდან არ დაეთანხმა უმრავლესობის ხედვას აღნიშნა რა, რომ თითის ანაბეჭდებისა და დნმ მონაცემთა შენახვა წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ პირის პირად ცხოვრებაში ჩარევას და შესაბამისად საჭიროებდა კონვენციისეულ გამართლებას. მისი აზრით ეს გახლდათ ე.წ. პირადი ხასითის ინფორმაციის კონფიდენციალურობა და რას შეიძლება ჰქონოდა იმაზე მეტად პირადი ხასიათი ადამიანისათვის, ვიდრე მისი გენეტიკური წყობის შესახებ ინფორმაციას. მან შემდგომ აღნიშნა, რომ განსხვავება თითის ანაბეჭდსა და დნმ ინფორმაციას შორის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა, როდესაც საქმე ეხებოდა მათი შენახვის გამართლებას, რადგანაც გარემოებები, რომელიც ამართლებდა თითის ანაბეჭდების შენახვას და გარემოებები, რომელიც ამართლებდა დნმ ნიმუშების შენახვას, შეიძლბა საკმაოდ რთული ყოფილიყო. იგი დაეთანხმა უმრავლესობას, რომ ამგვარი გამართლებანი უკვე მოცემული იყო მომჩივანთა შემთხვევებში.
II. ეროვნული კანონმდებლობა და მასალები
ა. ინგლისი და უელსი
1. პოლიციისა და სისხლის სამართლის მტკიცებულების 1984 წლის აქტი
26.პოლიციისა და სისხლის სამართლის მტკიცებულების 1984 წლის აქტი (1984 წლის აქტი) აყალიბებს თითის ანაბეჭდების (ძირითადად 61-ე მუხლი) და ნიმუშების (ძირითადად 63-ე მუხლი) აღების უფლებას. 61-ე მუხლის მიხედვით, თითის ანაბეჭდების უნებართვოდ აღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ პოლიციის სუპერინტენდენტის მიერ ხდება ანაბეჭდის აღების ავტორიზება, ან თუ პირი ეჭვმიტნილია აღრიცხვაზე აყვანადი დანაშაულის ჩადენაში ან თუ მას შეატყობინეს, რომ დანაშაულის გამო მოხდება მისი რეპორტირება. თითის ანაბეჭდების აღებამდე, პირს უნდა შეატყობინონ, რომ ანაბეჭდები შეიძლება დაექვემდებაროს სკურპულიოზულ კვლევას და თავად შეტყობინების ფაქტი ოქმში უნდა აღინუსხოს რაც შეიძლება მალე. თითის ანაბეჭდის აღების მიზეზი უნდა აღინიშნოს დაკავების ოქმში. ანალოგიური დებულებები ვრცელდება ნიმუშების აღებაზეც (მუხლი 63).
27.რაც შეეხება თითის ანაბეჭდებისა და ნიმუშების შენახვას (და თავად ოქმს), 1984 წლის აქტის 64 1ა მუხლი ჩაანაცვლა სისხლის სამართლისა და პოლიციის 2001 წლის აქტმა. ამ უკანასკნელის მიხედვით:
"როდესაც - ა) თითის ანაბეჭდები ან ნიმუშები აიღება პირისაგან დანაშაულის გამოძიების შედეგად და ბ) ქვემოთმოცემული მე-3 ქვესექცია არ ითხოვს მათ განადგურებას, თითის ანაბეჭდები ან ნიმუშები შეიძლება შენახულ იქნას მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი შეასრულებს იმ მიზანს, რის გამოც მოხდა მათი აღება, თუმცა დაუშვებელია მათი გამოყენება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე ეხება დანაშაულის პრევენციასა და დადგენას, დანაშაულის გამოძიებას ან ბრალდების მიერ დევნის განხორციელებას. ...
(3) თუ ა) თითის ანაბეჭდები ან ნიმუშები აღებულია პირისაგან დანაშულის გამოძიებასთან დაკავშირებით; და ბ) მოცემული პირი არ არის ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენაში, აუცილებელია, გარდა მოცემული ნაწილით დადგენილი შემთხვევებისა, ანაბეჭდებისა თუ ნიმუშების განადგურება როგორც კი მოხდება იმ მიზნის შესრულება, რის გამოც მოხდა მათი აღება.
(3აა) ნუმუშებისა და თითის ანაბეჭდების განადგურება არ არის სავალდებულო ზემორე მე-3 ნაწილის მიხედვით თუ ა) მათი აღება მოხდა იმ დანაშაულის გამოსაძიებლად, რომლის ჩადენაშიც ბრალდებულად იქნა ცნობილი პირი; და ბ) ნიმუში ან, საქმის მიხედვით, თითის ანაბეჭდი აღებული იქნა მსჯავრდებულისაგან მოცემული გამოძიების მიზნებისათვის."
28.64-ე მუხლი მისი ადრინდელი ფორმით მოიცავდა მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც თუ პირი, ვისგანაც გამოძიების ფარგლებში მოხდებოდა თითის ანაბეჭდებისა და ნიმუშების აღება, გამართლებული იქნებოდა მოცემულ დანაშაულში, თითის ანაბეჭდები და ნიმუშები, გარკვეული გამონაკლისების გათვალისწინებით, უნდა განადგურებულიყო "სამართალწარმოების დასრულებიდან რაც შეიძლება მოკლე ვადებში".
29.64-ე 1ა მუხლის საფუძველზე მოპოვებული მასალის შემდგომი გამოყენება არ რეგულირდებოდა სტატუტით, გარდა იმ შეზღუდვებისა, რომელსაც გამოყენებაზე აწესებდა აღნიშნული დებულება. საქმეში Aტტორნეყ Gენერალ’ს ღეფერენცე (Attorney General’s Reference (No 3 of 1999) [2001] 2 AC 91 ლორდთა პალატამ განიხილა, თუ რამდენად ნებადართული იყო მტკიცებულებად იმ ნიმუშის გამოყენება, რომელიც უნდა განადგურებულიყო 1984 წლის აქტის 64-ე მუხლის მაშინდელი ფორმულირების მიხედვით. პალატამ მიიჩნია, რომ უკანონოდ შენახული ნიმუშის გამოყენების აკრძალვა "ნებისმიერი გამოძიების მიზნებისათვის" არ მოიცავდა იმპერატიურ ვალდებულებას ამოღებულიყო საქმიდან მოცემული აკრძალვის დარღვევით მიღებული მტკიცებულება. პალატამ საკითხი, თუ რამდენად დასაშვები იყო ამგვარი მტკიცებულების განხილვა სასამართლოზე, არსებითი განხილვისათვის გადადო.
2. 1998 წლის მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი
30.მონაცემთა დაცვის აქტი მიღებულ იქნა 1998 წლის 16 ივლისს, რომლის შედეგადაც ძალაში შევიდა ევრო პარლამენტისა და საბჭოს მიერ 1995 წლის 24 ოქტომბერს მიღებული დირექტივა 95/46/EC (იხ. პარაგრაფი 50, ქვემოთ). მონაცემთა დაცვის აქტის მიხედვით, "პერსონალური მონაცემები" გულისხმობს მონაცემებს, რომელიც ეხება ცოცხალ ინდივიდს, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია - ა) მოცემული მონაცემებით, ან ბ) მოცემული მონაცემებით და სხვა ინფორმაციით, რომელსაც ფლობს ან დიდია ალბათობა მომავალში ფლობდეს მონაცემთა მაკონტროლებელი და მოიცავს ნებისმიერი მოსაზრების გამოხატვას პირის შესახებ და ნებისმიერი მითითებას მონაცემთა მაკონტროლებლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიზნების შესახებ მოცემულ ინდივიდთან დაკავშირებით (ნაწილი 1). "სენსიტიური პერსონალური მონაცემები" ნიშავს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც inter alia მოიცავს მონაცემთა სუბიექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის, მის მიერ დანაშაულის ჩადენის ან სავარაუდო ჩადენის შესახებ, ან მის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის ირგვლივ სამართალწარმოების შესხებ, ამგვარი სამართალწარმოების დასრულების ან მის შედეგად მისჯილი წინადადების შესახებ (ნაწილი 2).
31.აქტი აღნიშნავს, რომ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ექვემდებარება 1 დანართში ჩამოთვლილ მონაცემთა დაცვის რვა პრინციპს. პირველი პრინციპის მიხედვით, პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, და არ უნდა მოხდეს მისი დამუშავება თუ არ არის დაკმაყოფილებული შემდეგი პირობები - ა) მე-2 დანართში მითითებული პირობებიდან ერთი მაინც არის დაკმაყოფილებული, და 2) სენსიტიური პერსონალური მონაცემების შემთხვევაში ამასთანავე დაკმაყოფილებულია მე-3 დანართში მითითებული ერთ-ერთი პირობა მაინც. დანართი 2 მოიცავს პირობათა დეტალურ სიას და მიუთითითებს inter alia , რომ ნებისმიერი პერსონალური მონაცემის დამუშავება აუცილებელია სამართლის ადმინისტრირებისა და იმ სხვა საჯარო ხასიათის ფუნქციების განსახორციელებლად, რომელიც ხორციელდება საზოგადოების ინტერესების დასაცავად (მე-5 მუხლის ქვე-პუნქტი "ა" და "დ"). დანართი 3 მოიცავს პირობათა უფრო დეტალურ სიას, და მიუთითებს, რომ სენსიტიური პერსონალური მონაცემების დამუშავება აუცილებელია იურიდიული საქმის წარმოებისათვის (§6ა) ან მართლმსაჯულების განსახორციელებლად (§7ა) ან ხორციელდება მონაცემთა სუბიექტების უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვანი დაცვისათვის (§4ბ). მუხლი 29 აღნიშნავს, რომ დანაშაულის პრევენციისა და აღმოჩენისათვის დამუშავებული პერსონალური მონაცემები თავისუფლდებიან პირველი პრინციპის მოქმედებისაგან. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ეს უკანასკნელი აუცილებელია მე-2 და მე-3 დანართების პირობების დასაკმაყოფილებლად. მეხუთე პრინციპის მიხედვით, ნებისმიერი მიზნისა თუ მიზნებისათვის დამუშავებული პერსონალური მონაცემების შენახვა არ უნდა მოხდეს იმაზე ხანგრძლივად ვიდრე ეს საჭიროა მოცემული მიზნის თუ მიზნებისათვის.
32.აქტის (შესწორებული) შედეგად შექმნილი საინფორმაციო კომისრის პოზიცია მოიცავდა დამოუკიდებელ ვალდებულებას ხელი შეეწყო მონაცემთა შემგროვებლებს შორის ჯეროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებაზე და უფლებამოსილია გასცეს ბრძანებანი ("აღსრულების შეტყობინებანი") ამ მიმართულებით (მუხლი 40). აქტი სისხლისსამართლებრივად დასჯად დანაშაულად მიუთითებს აღსრულების შეტყობინებაზე დაუმორჩილებლობას (მუხლი 47) ან პერსონალური მონაცემების ან მასში არსებული ინფორმაციის მიღებას ან გავრცელებას მონაცემთა მაკონტროლებლის ნებართვის გარეშე (მუხლი 55). მე-13 მუხლი აყალიბებს ზიანის ანაზღურების მოთხოვნის უფლებას ეროვნული სასამართლოების წინაშე აქტთან შეუსაბამობების არსებობის შემთხვევაში.
3. 2006 წლის რეკომენდაციები პოლიციის ეროვნული კომპიუტერის ნომინალური ჩანაწერების შენახვის შესახებ
33.თითის ანაბეჭდებისა და დნმ ინფორმაციის შენახვის შესახებ რეკომენდაციები გაწერილია ინგლისისა და უელსის უფროსი პოლიციის ოფიცრების ასოციაციის მიერ 2006 წლის პოლიციის ეროვნული კომპიუტერის ნომინალური ჩანაწერების შენახვის შესახებ რეკომენდაციებში. რეკომენდაციები ეფუძნება პოლიციის ეროვნულ კომპიუტერზე (პეკ) წვდომის შეზღუდვას და არა მის წაშლას. იგი აღიარებს, რომ რეკომენდაციების შემოღებას შესაძლებელია გავლენა ჰქონდეს იმ არა-პოლიციური სააგენტოების საქმიანობაზე, რომელთანაც დღეისათვის პოლიცია იყოფს პეკ მონაცემებს.
34.რეკომენდაციები აწესებენ პეკ-ში დაცულ ინფორმაციაზე წვდომის სხვადასხვა დონეებს წვდომის დივერსიფიკაციის შედეგად. იმ პირთა შესახებ ინფორმაციაზე წვდომა, რომლებიც არ იყვნენ დამნაშავედ ცნობილნი ავტომატურად ისე იზღუდება, რომ მის გამოყენებაზე ხელი მხოლოდ პოლიციის თანამშრომლებს მიუწვდებათ. მსჯავრდებულ პირთა შესახებ ინფორმაციაზე წვდომაც იზღუდება გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, როგორც წესი 5-დან 35 წლამდე, რაც დამოკიდებულია დანაშაულის სიმძიმეზე, ბრალდებულის ასაკსა და დაკისრებულ სასჯელზე. გარკვეული მსჯავრდებებისათვის წვდომა არასდროს იზღუდება.
35.პოლიციის უფროსი ოფიცრები ამასთანავე წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ მონაცემთა მაკონტროლებლებს პოლიციის ეროვნული მონაცემების ჩანაწერებში. გამონაკლის შემთხვევებში ისინი სარგებლობენ დისკრეციული უფლებამოსილებით მოითხოვონ მსჯავრის, გადაცდომის შესახებ შეტყობინების, გამართლებისა თუ დაკავების შესახებ მათ მიერ "ფლობილი" ინფორმაციის წაშლა. მთავარი ოფიცრისათვის მოცემული დისკრეციით სარგებლობისას "გამონაკლისი საქმის პროცედურა" გაწერილია მე-2 დანართში. იგი აღნიშნავს, რომ გამონაკლისი შემთხვევები იშვიათობას წარმოადგენს და მოიცავს შემთხვევებს, როდესაც თავდაპირველი დაკავება ან ნიმუშის აღება უკანონო იყო ან როდესაც გონივრულ ეჭვს მიღმა დამტკიცდება, რომ დანაშაული არ არსებობდა. მანამდე, სანამ უფროსი ოფიცერი მიიღებს გადაწყვეტილებას მასზედ, თუ რამდენად გამონაკლისს წარმოადგენს საქმე, ინსტრუქციის მიხედვით მან რჩევა უნდა ჰკითხოს დნმ და თითის ანაბეჭდების შენახვის პროექტს.
ბ. შოტლანდია
36.შოტლანდიის 1995 წლის სისხლის სამართლის საპროცესო აქტის მიხედვით, შემდგომი შესწორებების გათვალისწინებით, დნმ ნიმუშები და შედეგად გამომდინარე პროფილები უნდა განადგურდეს თუ არ მოხდა პირის მსჯავრდება ან თუ სრულად მოეხსნა ბრალდებები. ბოლოდროინდელი კვალიფიკაციის მიხედვით ბიოლოგიური ნიმუშები და პროფილები შეიძლება შენახულ იქნას სამი წლის განმავლობაში, თუ დაკავებულ პირი ეჭვმიტანილია გარკვეული სექსუალური ან ძალადობრივი დანაშაულბის ჩადენაში, მიუხედავად იმისა თუ არ მოხდება მისი მსჯავრდება (2006 წლის აქტის 83-ე და 1995 წლის აქტის 18ა მუხლები). ამის შემდეგ, ნიმუშები და ინფორმაცია უნდა განადგურდეს, გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც უფროსი კონსტაბლი მიმართავს შერიფს ორწლიანი გადავადების მოთხოვნით.
გ. ჩრდილოეთ ირლანდია
37.ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციისა და სისხლისსამართლებრივი მტკიცებულების 1989 წლის ბრძანება შეიცვალა 2001 წელს მსგავსად 1984 წლის აქტისა ინგლისსა და უელსში. ჩრდილოეთ ირლანდიაში დღეისათვის მოქმედი დებულებები თითის ანაბეჭდებისა და დნმ მონაცემთა შენახვის შესახებ იდენტურია ინგლისსა და უელსში მოქმედი ნორმებისა (იხ. პარაგრაფი 27, ზემოთ).
დ. ნაფილდის ბიოეთიკის საბჭოს ანგარიში
38.ნაფილდის ბიოეთიკის საბჭოს ბოლოდროინდელ ანგარიშში თითის ანაბეჭდების, დნმ პროფილებისა და ბიოლოგიური ნიმუშების შენახვა მრავალგზის უფრო სადავო საკითხია, ვიდრე აღნიშნული ბიოინფორმაციის აღება. ბიოლოგიური ნიმუშების შენახვა უფრო დიდ ეთიკურ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე ციფრული დნმ პროფილები და თითის ანაბეჭდები იმ ინფორმაციის გამო, რასაც ეს უკანასკნელნი მოიცავენ. ანგარიში ეხებოდა უმეტესწილად დამაკმაყოფილებელი ემპირიული მტკიცებულების ნაკლებობას, რათა გაემართლებინა თითის ანაბეჭდების, ნიმუშებისა და დნმ პროფილების უვადო შენახვის არსებული პრაქტიკა ყველა იმ დაკავებული პირისაგან, რომლებმაც ჩაიდინეს აღნუსხვადი დანაშაული, მიუხედავად იმისა, მოხდა მათი გამართლება თუ მსჯავრდება. ითვალისწინებდა რა ბავშვთა უფლებების 1989 წლის გაეროს კონვენციას, ანგარიში გამოთქვამდა წუხილს პოლიციის მიერ არასრულწლოვანთა ბიოინფორმაციის მუდმივი შენახვის გამო.
39.ანგარიშმა ასევე გამოხატა წუხილი დნმ მონაცემთა მზარდი გამოყენების გამო ოჯახის წევრობისა და პირის ეროვნული კუთვნილების დადგენისას და სხვა გამოკვლევების ჩატარებისას. ოჯახის წევრობის დადგენა არის პროცესი, რომლის დროსაც დნმ პროფილი დანაშაულის ადგილიდან დარდება ეროვნულ მონაცემთა ბაზაში არსებულ პროფილებთან და ხდება მათი დაჯგუფება დამთხვევის "სიახლოვის" მიხედვით. ამგვარად შესაძლებელია დამნაშავის გენეტიკური ნათესავის იდენტიფიცირება. შედეგად, ოჯახურმა ძებნამ შესაძლებელია გამოააშკარავოს აქამდე უცნობი ან დაფარული გენეტიკური ურთიერთობანი. ანგარიში მიიჩნევდა, რომ დნმ მონაცემთა ბაზის გამოყენება ნათესავების მოსაძებნად განსაკუთრებით სენსიტიური საკითხი გახლდათ.
40.დნმ პროფილში ალელეების[1] გარკვეული კომბინაცია შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დონორის ეთნიკური წარმომავლობის დასადგენად. დნმ პროფილის საფუძველზე შესაძლებელია გაკეთდეს დაშვებები პირის ეროვნული კუთვნილების შესახებ, რადგანაც პირის "ეთნიკური შესახედაობა" სისტემატურად ფიქსირდება მონაცემთა ბაზაში: ბიოლოგიური ნიმუშების აღებით, პოლიციის ოფიცრები ეჭვმიტანილებს აჯგუფებენ შვიდ "ეთნიკურ შესახედაობას" შორის ერთ-ერთში. მონაცემთა ბაზაზე დაფუძნებულმა ეთნიკურობის ტესტებმა შესაძლებელია მოგვცეს ინფორმაცია, რომელიც პოლიციის მიერ გამოყენებულ იქნება გამოძიების დროს, მაგალითად, ეჭვმიტნილთა წრის შესამცირებლად ისევე, როგორც გამოძიების პრიორიტეტული მიმართულებების დასადგენად. ანგარიშის მიხედვით, სოციალური ფაქტორებისა და პოლიციის მუშაობის შედეგად მივდივართ იქამდე, რომ პოლიცია აჩერებს, ჩხრეკს და აკავებს არათანაზომიერად ბევრ შავკანიან პირსა და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს; შედეგად კი ხდება მათი დნმ პროფილების რეგისტრირება. ამიტომაც, მოხსენების ავტორები გამოხატავენ წუხილს მასზედ, რომ პირის ეროვნული კუთვნილების დადგენა ბიოლოგიურ ნუმუშებზე დაყრდნობით შეიძლება გამოყენებულ იქნას დანაშაულის ჩადენისადმი რასისტული დამოკიდებულების გასამყარებლად.
III. შესაბამისი ეროვნული და საერთაშორისო მასალა
ა. ევროპის საბჭოს დოკუმენტები
41.ევროპის საბჭოს ინდივიდთა პერსონალურ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისაგან დაცვის 1981 წლის კონვენცია ("მონაცემთა დაცვის კონვენცია"), რომელიც გაერთიანებული სამეფოსათვის ძალაში შევიდა 1987 წლის 1 დეკემბერს "პერსონალურ მონაცემებს" განსაზღვრავს როგორც ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება დადგენილ ან დასადგენ ინდივიდს ("მონაცემთა სუბიექტი"). კონვენცია inter alia აღნიშნავს:
"მუხლი 5 - მონაცემთა ხარისხი
ავტომატურად დამუშავებადი პერსონალური მონაცემები: ...
ბ. უნდა ინახებოდეს კონკრეტული და ლეგიტიმური მიზნებისათვის. დაუშვებელია მათი გამოყენება მოცემულ მიზნებთან შეუსაბამო გზით;
გ. უნდა იყოს ადექვატური, შესაბამისი და არა გადამეტებული იმ მიზნებთან მიმართებაში, რის გამოც ხდება მათი შენახვა;
...
ე. უნდა ინახებოდეს იმ ფორმით, რომელიც იძლევა მონაცემთა სუბიექტების იდენტიფიკაციას არა უმეტეს იმ დროისა, რაც საჭიროა იმ მიზნის მისაღწევად რომლისთვისაც ხდება მონაცემთა შენახვა.
მუხლი 6 - მონაცემთა სპეციალური კატეგორიები
პერსონალური მონაცემები, რომელიც იძლევიან ინფორმაციას რასობრივი კუთვნილების, პოლიტიკური მოსაზრებისა თუ რელიგიური თუ სხვა რწმენის შესახებ, ისევე როგორც პერსონალური მონაცემები ჯანმრთელობისა თუ სექსუალური ცხოვრების შესახებ, არ უნდა დამუშავდეს ავტომატურად, თუ ეროვნული კანონი არ აწესებს შესაბმის გარანტიებს. (...)
მუხლი 7 - მონაცემთა უსაფრთხოება
ავტომატურ მონაცემთა ფაილებში შენახული პერსონალური მონაცემების დასაცავად უნდა დაწესდეს შესაბამისი უსაფრთხოების ზომები შემთხვევითი ან არაავტორიზებული განადგურების ან შემთხვევითი დაკარგვისა თუ არაავტორიზებული წვდომის, შეცვლისა თუ გავრცელების წინააღმდეგ."
42.რეკომენდაცია რ(87)15 რომელიც არეგულირებს პერსონლური მონაცემების გამოყენებას პოლიციის სექტორში (მიღებული 1987 წლის 17 სექტემბერს) აღნიშნავს, inter alia :
"პრინციპი 2 - მონაცემთა შეგროვება
2.1. პოლიციის მიზნებისათვის პერსონალურ მონაცემთა შეგროვება უნდა იზღუდებოდეს აშკარა საფრთხისა და კონკრეტული კრიმინალური დანაშაულის ჩახშობის აუცილებლობით. მოცემული დებულებიდან ნებისმიერი გამონაკლისი უნდა განისაზღვროს სპეციალური ეროვნული კანონმდებლობით. ...
პრინციპი 3 - მონაცემთა შენახვა
3.1 შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად უნდა იქნას უზრუნველყოფილი პოლიციის მიზნებისათვის შენახული პერსონალურ მონაცემთა სიზუსტე და იმ მონაცემთა შენახვა, რომელიც აუცილებელია პოლიციის მიერ, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისოსამართლებრივი ვალდებულებებიდან გამომდინარე, კანონიერი დავალებების შესასრულებლად...
პრინციპი 7 - მონაცემთა შენახვის ვადა და განახლება
7.1 მიღებულ უნდა იქნას ზომები, რათა პოლიციის მიზნებისათვის შენახული პერსონალური მონაცემები წაიშალოს, თუკი აღარ არსებობს მათი საჭიროება იმ მიზნისათვის, რისთვისაც მოხდა მათი შენახვა.
აღნიშნულისათვის, გათვალისწინებულ უნდა იქნას შემდეგი კრიტერიუმები: მონაცემთა შენახვის საჭიროება კონკრეტულ საქმეში დასრულებული ძიების გათვალისწინებით; საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება, განსაკუთრებით გამამართლებელი; რეაბილიტაცია; მოხდილი სასჯელები; ამნისტიები; მონაცემთა სუბიექტის ასაკი, კონკრეტულ მონაცემთა კატეგორიები."
43.რეკომენდაცია რ(92)1 დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის (დნმ) ანალიზის გამოყენების შესახებ სისხლის სამართლის სისტემის ფარგლებში (მიღებული 1992 წლის 10 თებერვალს) inter alia აღნიშნავს შემდეგს:
"3. გამომდინარე ნიმუშებისა და ინფორმაციის გამოყენება
გამოძიებისა და სისხლის სამართლის დანაშაულების დასჯის მიზნით, დნმ ანალიზის შედეგად შეგროვებული ნიმუშები და ამგვარი ანალიზიდან მიღებული ინფორმაცია არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა მიზნებისათვის. ...
დნმ ანალიზისათვის აღებული ნიმუშები და მისგან მიღებული ინფორმაცია შეიძლება საჭირო იყოს კვლევისა და სტატისტიკისათვის. ამგვარი გამოყენება მისაღებია იმ პირობით, რომ არ მოხდება პიროვნების ვინაობის დადგენა. შესაბამისად, სახელები ან სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია ამოღებულ უნდა იქნას აღნიშნული მიზნით გამოყენებამდე.
4. ნიმუშების აღება დნმ ანალიზისათვის
დნმ ანალიზისათვის ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებში; შესაძლებელია, რომ რიგ ქვეყნებში აღნიშნული საჭიროებდეს სასამართლო ხელისუფლების კონკრეტულ ავტორიზაციას ...
8. ნიმუშების და მონაცემების შენახვა
ინდივიდისაგან დნმ ანალიზისათვის აღებული ნიმუშები ან სხვა სხეულებრივი უჯრედები არ უნდა იქნას შენაული მას შემდეგ რაც მოხდება საბოლოო დასკვნის გამოტანა იმ საქმეზე, რომლისთვისც მოხდა მათი გამოყენება. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც იგი საჭიროა უშუალოდ იმ მიზნებისათვის, რის გამოც მოხდა მათი შეგროვება.
მიღებულ უნდა იქნას ზომები რომელიც უზრუნველყოფს დნმ ანალიზის შედეგების წაშლას მას შემეგ, რაც აღარ იქნება საჭირო მათი შენახვა იმ მიზნისათვის, რისთვისაც მოხდა მათი გამოყენება. დნმ ანალიზის შედეგები და მისგან მიღებული ინფორმაცია შესაძლებელია შენახულ იქნას მაშინ, როდესაც მოხდა პირის მსჯავრდება სიცოცლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში. ასეთ შემთხვევებში ეროვნულმა კანონმდებლობამ უნდა განსაზღვროს შენახვის მკაცრი ვადები.
ნიმუშები და სხეულის სხვა უჯრედები, ისევე როგორც მათგან მიღებული ინფორმაცია, შეიძლება შენახულ იქნას უფრო ხანგრძლივი პერიოდით თუ:
- პირი ითხოვს ამას; ან
- როდესაც ვერ მოხდა ნიმუშის რომელიმე პირზე მიკუთვნება, მაგალითად დანაშაულის ადგილზე პოვნის შემდეგ;
როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს უსაფრთხოებას, წევრ სახელმწიფოთა ეროვნულმა კანონმდებლობამ შესაძლებელია დაუშვას ნიმუშების, დნმ ანალიზის შედეგების და მათგან მიღებული ინფორმაციის შენახვა მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი პირი არ ყოფილა ბრალდებული ან მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენაში. ასეთ შემთხვევებში შენახვის პერიოდი უნდა განისაზღვროს ეროვნული კანონმდებლობით. ..."
44.მე-8 ნაწილთან დაკავშირებით რეკომენდაციის განმარტებითი მემორანდუმი აღნიშნავდა შემდეგს:
"47. მომუშავე მხარემ კარგად იცოდა, რომ მე-8 რეკომენდაციის შემუშავება დელიკატური საქმე გახლდათ, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა რთული ხასიათის დაცულ ინტერესს. აუცილებელი გახლდათ ჯეროვანი ბალანსის დაცვა მოცემულ ინტერესებს შორის. როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ისე მონაცემთა დაცვის კონვენცია, აყალიბებს გამონაკლისებს სისხლისსამართლებრივი დანაშაულების ჩახშობის მიზნით ისევე როგორც მესამე მხარეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. თუმცა, გამონაკლისები დაიშვება მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს უკანასკნელი შესაბამისობაში გახლავთ დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებულ აუცილებლობასთან. ...
49. იმის გათვალისწინებით, რომ ნიმუშების შეგროვებისა და დნმ ანალიზის ჩატარების პირველადი მიზანი გახლავთ დამნაშავეთა იდენტიფიცირება და ეჭვმიტანილთა რეაბილიტირება, მონაცემები უნდა წაიშალოს მას შემდეგ, რაც პირი აღარ იქნება ეჭვქვეშ. შემდეგი საკითხია, თუ რამდენი ხანი შეიძლება იქნას შენახული დნმ დასკვნები და მისი ნიმუშები ბრალის დადგენის შემთხვევაში.
50. ზოგადი წესის მიხედვით, მონაცემები უნდა წაიშალოს მას შემდეგ რაც აღარ იარსებებს მისი საჭიროება იმ მიზნისათვის, რისთვისაც მოხდა მათი შეგროვება და გამოყენება. ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება გამოტანილია ბრალეულობასთან დაკავშირებით. "საბოლოო გადაწყვეტილებაში" ბიოეთიკის ექსპერტთა საბჭო გულისხმობს, როგორც წესი, ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებას. თუმცა, სამუშაო მხარემ აღიარა, რომ არსებობდა მონაცემთა ბაზის შექმის საჭიროება ცალკეულ შემთხვევებში და დანაშაულების გარკვეული კატეგორიების დროს, რომელიც მისი სერიოზულობის გამო განსხვავებულ მიდგომას საჭიროებდა. სამუშაო ჯგუფი მოცემულ დასკვნამდე მივიდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, მონაცემთა დაცვის კონვენციის და ევროპის საბჭოს ფარგლებში მიღებული სხვა სამართლებრივი ინსტრუმენტების შესაბამისი დებულებების ანალიზის შედეგად. ამასთანავე, სამუშაო მხარემ გაითვალისწინა, რომ ყველა წევრ-სახელმწიფო აწარმოებდა სისხლის სამართლებრივ აღნუსხვას და რომ მოცემული ნუსხა გამოიყენებოდა სისხლის სამართლის სისტემის მიზნებისათვის... მან გაითვალისწინა, რომ ამგვარი გამონაკლისი ნებადართული იქნებოდა გარკვეული მკაცრი პირობების შემთხვევაში:
- როდესაც ადგილი ჰქონდა მსჯავრდებას;
- როდესაც მსჯავრი ეხება სერიოზულ სისხლისსამართლებრივ დანაშაულს პირის სიცოცხლის, მთლიანობიდა და უსაფრთხოების წინააღმდეგ;
- მკაცრად არის განსაზღვრული შენახვის ვადა;
- შენახვა განისაზღვრება და რეგულირდება კანონის მიერ;
- შენახვა ექვემდებარება პარლამენტის ან დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს კონტროლს..."
ბ. ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობა და პრაქტიკა
45.მხარეების მიერ მოწოდებული თუ სხვაგვარად სასამართლოსათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით, ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობა უშვებს თითის ანაბეჭდებისა და უჯრედოვანი ნიმუშების იძულებით აღებას სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოების დროს. მინიმუმ 20 წევრ სახელმწიფოს გააჩნია დებულება დნმ ინფორმაციის აღებისა და ეროვნულ მონაცემთა ბაზებში ან სხვა ფორმით შენახვის შესახებ (ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმნია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია , იტალია , ლატვია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია). სახელმწიფოთა რიცხვი სტაბილურად იზრდება.
46.აღნიშნულ ქვეყანათა უმრავლესობაში (მათ შორის ავსტრია, ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, ესპანეთი და შვედეთი) დნმ ინფორმაციის აღება სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოების დროს არ გახლავთ სისტემატური პროცედურა, არამედ უფრო შეზღუდულ ხასიათს ატარებს და გამოიყენება მხოლოდ ცალკეულ გარემოებებში ან/და უფრო სერიოზული დანაშაულების დროს, უმეტესწილად კი იმ შემთხვევებისას, როდესაც გამოიყენება დაპატიმრების ცალკეული პირობები.
47.გაერთიანებული სამეფო გახლავთ ერთდერთი წევრ-სახელმწიფო, რომელიც აშკარად უშვებს იმ პირთა დნმ პროფილებისა და უჯრედოვანი ნიმუშების სისტემატურად და განუსაზღვრელი ვადით შენახვას, რომლებიც უდანაშაულოდ იქნენ ცნობილნი ან რომელთა მიმართაც მოხდა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა. ხუთი სახელმწიფო (ბელგია, უნგრეთი, ირლანდია, იტალია და შვედეთი) მოითხოვენ აღნიშნული ინფორმაციის განადგურებას ex offiico უდანაშაულოდ ცნობისა თუ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შემთხვევაში. ათი სხვა სახელმწიფოც იგივე ზოგად წესს მიჰყვება გარკვეული, ერთობ მცირე გამონაკლისებით: გერმანია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები უშვებენ ამგვარი ინფორმაციის შენახვას, როდესაც მოცემული პირის შესახებ ეჭვი არ გაქარვებულა ან თუ შემდეგი გამოძიებებია საჭირო სხვა საქმეში; ავსტრია უშვებს მონაცემთა შენახვას, როდესაც არსებობს რისკი, რომ ეჭვმიტანილი პირი ჩაიდენს საშიშ დანაშაულს; პოლონეთიც იგივეს აწესებს ცალკეულ სერიოზულ დანაშაულებთან დაკავშირებით; ნორვეგია და ესპანეთი უშვებენ პროფილების შენახვას თუ მოპასუხე გამართლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაკლებობის გამო; ფინეთი და დანია უშვებენ შენახვას 1 და 10 წლის განმავლობაში გამართლების შემთხვევაში, ხოლო შვეიცარიაში კი, საქმის შეწყვეტის შემთხვევაში დაშვებულია შენახვა 1 წლის ვადით. საფრანგეთში დნმ პროფილი შეიძლება შენახულ იქნას 25 წლის განმავლობაში გამართლების ან გათავისუფლების შემდეგ. ამ დროის განმავლობაში საჯარო პროკურორმა შესაძლებელია მოითხოვოს მისი ვადამდელი წაშლა საკუთარი შუამდგომლობის ან თხოვნის საფუძველზე, თუკი შენახვა აღარ არის საჭირო სისხლისსამრთლებრივი გამოძიების ფარგლებში იდენტიფიცირებისათვის. ესტონეთი და ლატვიაც იძლევიან საშუალებას შენახულ იქნას ეჭვმიტანილთა დნმ პროფილები გარკვეული ვადით მათი გამართლების შემდეგ.
48.ზოგადი წესის მიხედვით მსჯავრდებულთან დნმ პროფილების შენახვა ნებადართულია მსჯავრდების ან მსჯავრდებული პირის გარდაცვალების შემდეგ დროის შეზღუდული ვადით. შედეგად, გაერთიანებული სამეფო არის ერთდაერთი წევრი სახელმწიფო, რომელიც აშკარად უშვებს მსჯავრდებულ პირთა როგორც პროფილების ისე ნიმუშების სისტემატურ და უვადო შენახვას.
49.გასაჩივრების მექანიზმები მონაცემთა დაცვის მონიტორინგის ორგანოების ან/და სასამართლოების წინაშე არსებობს უმეტეს წევრ სახელმწიოში იმ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, რომელიც ეხება უჯრედოვან ნიმუშთა აღებას და ნიმუშების ან დნმ პროფილების შენახვას.
გ. ევროპის კავშირი
50.1995 წლია 24 ოქტომბრის დირექტივა 95/46/ეს პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ინდივიდთა დაცვისა და ამგვარი მონაცემების თავისუფალი გადაადგილების შესახებ აღნიშნავს, რომ ეროვნული კანონების ობიექტი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას გახლავთ პირადი ცხოვრების დაცვა, აღიარებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლისა და კავშირის კანონმდებლობის ზოგადი პრინციპების მიერ. დირექტივა ითვალისწინებს პრინციპებს, რომელიც აზუსტებენ და განავრცობენ ევროპის საბჭოს მონაცემთა დაცვის კონვენციაში არსებულ დებულებებს. იგი საშუალებას აძლევს წევრ სახელმწიფოებს მიიღონ საკანონმდებლო ზომები, რათა შეზღუდონ დირექტივაში მოცემულ გარკვეულ ვალდებულებათა და უფლებათა მასშტაბი, მაშინ როდესაც ამგვარი შეზღუდვა წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი დანაშაულების პრევენციის, გამოძიების, დადგენისა და დასჯისათვის აუცილებელ ზომას (მუხლ 13).
51.პრიუმის კონვენცია ტერორიზმის, ტრანსსასაზღვრო დანაშაულისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაფართოების შესახებ, ხელმოწერილი ევროპის კავშირის რამდენიმე წევრის მიერ 2005 წლის 27 მაისს ადგენს წესებს თითის ანაბეჭდებისა და დნმ ინფორმაციის სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის წარდგენისა და მოცემულ სახელმწიფოთა შესაბამის მონაცემთა ბაზაში მათი ავტომატიზირებული შემოწმების შესახებ. კონვენცია inter alia აღნიშნავს შემდეგს:
" მუხლი 35 - მიზანი
2. ხელშემკვრელი მხარე, რომელიც ახორციელებს ფაილის ადმინისტრირებას უფლებამოსილია დაამუშაოს მოწოდებული მონაცემები (...) მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს შედარების აუცილებლობა ძებნის მოთხოვნის შედეგად მიღებული ავტომატური პასუხის შეფარდების, წარმოდგენის ან რეგისტრაციის მიზნებისათვის (...) მონაცემთა შედარების ან საძიებო მოთხოვნაზე ავტომატური პასუხის მიღების შემდეგ, უმალვე უნდა მოხდეს გადაცემული ინფორმაციის წაშლა, გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ზემოთხსენებულ მიზანთა მისაღწევად აუცილებელია მათი შემდგომი დამუშავება."
52.34-ე მუხლი ახდენს პერსონალური მონაცემების დაცვის ზღვარის გარანტირებას მინიმუმ იმ დონეზე, რაც გამომდინარეობს მონაცემთა დაცვის კონვენციიდან და ითხოვს, რომ ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა გაითვალისწინონ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია რ (87) 15.
53.საბჭოს 2008 წლის 24 ივნისის ჩარჩო გადაწყვეტილება იმ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, რომელიც დამუშავებულ იქნა სისხლის სამართლის სფეროში პოლიციისა და სასამართლო თანამშრომლობის ფარგლებში, inter alia , აღნიშნავს შემდეგს:
"მუხლი 5 - წაშლისა და შემოწმების ვადების დადგენა
პერსონალურ მონაცემთა წასაშლელად ან მათი შენახვის საჭიროების პერიოდულად შესამოწმებლად დადგენილია შესაბამისი ვადები. მოცემული ვადების განუხრელი დაცვა უზრუნველყოფილია პროცესუალური ღონისძიებებით."
დ. სხვა იურისდიქციათა სასამართლო პრაქტიკა
54.საქმეში R v. RC [[2005] 3 S.C.R. 99, 2005 SCC 61] კანადის უზენაესმა სასამართლომ განიხილა პირველად დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანი პირის დნმ ნიმუშის ეროვნულ მონაცემთა ბაზაში შენახვის საკითხი. სასამართლომ უცვლელად დატოვა საქმის განმხილველი მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელმაც არასრულწლოვანთა მიმართ სისხლის სამართლის კანონმდებლობის პრინციპებისა და მიზნების გათვალისწინებით დაადგინა, რომ დნმ შენახვის შედეგი დიდწილად არაპროპორციული იქნებოდა. მის მოსაზრებაში ფიშ ჯ.-მ აღნიშნა:
"კიდევ უფრო მეტად მაღელვებს ის, თუ რა გავლენა აქვს ბრძანებას ინდივიდის პირადი ცხოვრების საინფორმაციო ხასიათის ინტერესებზე. საქმეში R. v. Plant, [1993] 3 S.C.R. 281, გვ. 293, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ კანადის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ქარტიის მე-8 მუხლი იცავს "პირადი ხასიათის ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომელის შენახვისა და სახელმწიფო წვდომისაგან დაცვის სურვილიც გააჩნია ხალხს თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში." ადამიანის დნმ შეიცავს "ადამიანისა და მისი პირადი ცხოვრების შესახებ ყველაზე მეტ ინფორმაციას" S.A.B., პარაგრაფი 48. განსხვავებით თითის ანაბეჭდებისაგან, მას შეუძლია გასცეს ყველაზე პირადული დეტალები ადამიანის ბიოლოგიური არსის შესახებ... დნმ-ის აღება და შენახვა არ გახლავთ უმნიშვნელო საკითხი და სათანადო საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის გარეშე, თავისი არსით, წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ სერიოზულ ჩარევას პირის მიერ პირადი ცხოვრებისა და ინფორმაციის თავისუფლებით სარგებლობაში."
ე. გაეროს 1989 წლის კონვენცია ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ
55.გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-40 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, რომელმაც, სავარაუდოდ, დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ბრალად ედება მისი დარღვევა ან აღიარებულია მის დამრღვევად, რომ მისდამი მოპყრობა ხელს უწყობდეს მისი ღირსებისა და საკუთარი მნიშვნელობის გრძნობის განვითარებას, განუმტკიცებდეს მას ადამიანის უფლებებისადმი და სხვათა ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას, ითვალისწინებდეს ბავშვის ასაკს და მის რეინტეგრაციის, საზოგადოებაში მის მიერ სასარგებლო როლის შესრულებისათვის ხელშეწყობის სასურველობას.
IV. მესამე მხარის არგუმენტები
56.სამოქალაქო თავისუფლებების ეროვნულმა საბჭომ ("ლიბერთი") წარმოადგინა სასამართლო პრაქტიკა და სამეცნიერო მასალები, რომელიც inter alia ხაზს უსვამდა უჯრედოვანი ნიმუშებისა და დნმ პროფილების მაღალ სენსიტიურობას და ხელისუფლების მიერ მათი შენახვის გავლენას პირად ცხოვრებაზე.
57.ორგანიზაცია "ფრაივასი ინთერნეშენალი" შეეხო ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებულ მონაცემთა დაცვის მთავარ წესებსა და პრინციპებს და ხაზი გაუსვა მათ დიდ მნიშვნელობას კონვენციის მე-8 მუხლით დადგენილი პროპორციულობის მოთხოვნის განმარტებისას. მან აქცენტი გააკეთა უჯრდოვანი ნიმუშებისა და დნმ პროფილების შენახვის შესახებ რეკომენდაცია რ (92) 1 მიერ დადგენილ "მკაცრ პერიოდებზე". მან შემდეგ აღნიშნა მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების არაპროპორციული ასახვა გაერთიანებული სამეფოს ეროვნულ დნმ მონაცემთა ბაზაში და ასევე შეეხო იმ უსამართლობას, რაც ამგვარმა ვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს. ასევე შესაშფოთებელი გახლდათ მათი გამოყენება ოჯახური კავშირების დადგენასა და დამატებით კვლევებში. "ფრაივასი ინთერნეშენალმა" ამასთანავე წარმოადგინა დნმ შენახვასთან დაკავშირებული სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შედარებითი ანალიზის მოკლე მიმოხილვა და დაასკვნა, რომ მოცემული საკითხის ირგვლივ არსებობდა მრავალი შეზღუდვა და გარანტია.
სამართალი
I. კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
58. მომჩივნები ჩიოდნენ კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე მათი თითის ანაბეჭდების, უჯრედოვანი ნიმუშებისა და დნმ პროფილების შენახვის შესახებ პოლიციისა და სისხლისსამართლებრივი მტკიცებულებეის 1984 წლის აქტის ("1984 აქტი") 64 (ა1) საფუძველზე. მე-8 მუხლი შესაბამის ნაწილში მიუთითებს შემდეგს:
"1. ყველას აქვს უფლება დაცული იყოს მისი პირადი... ცხოვრება....
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ... უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად....”
ა. პირად ცხოვრებაში ჩარევის არსებობა
59.სასამართლო პირველ რიგში განიხილავს, თუ რამდენად წარმოადგენდა ხელისუფლების მიერ მომჩივანთა თითის ანაბეჭდების, დნმ პროფილებისა და უჯრედოვანი ნიმუშების შენახვა ჩარევას მათ პირად ცხოვრებაში.
1. მხარეთა არგუმენტები
(ა) მომჩივნები
60.მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ მათი თითის ანაბეჭდების, უჯრედოვანი ნიმუშებისა და დნმ პროფილების შენახვა წარმოადგენდა ჩარევას მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში, რადგანაც ეს უკანასკნელნი მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი მათ ინდივიდუალურ იდენტობასთან და წარმოადგენდნენ ისეთი ტიპის პერსონლურ ინფორმაციას, რომლის საკუთარ კონტროლ ქვეშ შენახვის უფლებაც გააჩნდათ მომჩივნებს. მათ გაიხსენეს, რომ თავდაპირველად ამგვარი ბიო-ინფორმაციის შენახვა ითვლებოდა მე-8 მუხლის მომცველად და აღნიშნეს, რომ მათი შენახვა კიდევ უფრო საკამათოა იმის გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობის პირადი ინფორმაცია შეიქნა სხვათათვის მუდმივად ხელმისაწვდომი და შედეგად, გასცდა მოცემული პირის მიერ კონტროლირებად ფარგლებს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ბავშვთა შესახებ პირადი ხასიათის ინფორმაციის შენახვა იწვევს სოციალურ სტიგმას და ნეგატიურ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს მათზე; ამის გამო, მათი აზრით, სახელმწიფოს ჩარევა პირველი მომჩივნის პირად ცხოვრებაში კიდევ უფრო სერიოზული იყო.
61.მათ აღნიშნეს, რომ კონვენციის ორგანოთა სასამართლო პრაქტიკა ამყარებდა მათ მოსაზრებას, ისევე როგორც საინფორმაციო ტრიბუნალის რამდენიმე ბოლოდროინდელი ეროვნული გადაწყვეტილება (Chief Constables of West Yorkshire, South Yorkshire and North Wales Police v. the Information Commissioner, [2005] UK IT EA 2005 0010 (12 ოქტომბერი 2005), 173). ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ლორდთა პალატაში რიჩმონდის ბარონესა ჰეილის გამოსვლას (იხ. პარაგრაფი 25, ზემოთ) და შინაარსობრივად მიჰყვებოდა მის დასკვნას მსგავს საკითხზე, კერძოდ კი, მე-8 მუხლის გამოყენებას მსჯავრდების მონაცემთა შენახვაზე.
62.მათ ასევე გაუსვეს ხაზი, რომ უჯრედოვან ნიმუშთა შენახვა წარმოადგენდა მე-8 მუხლით დადგენილ უფლებებში კიდევ უფრო დიდ ჩარევას, რადგანაც შეიცავდა სრულ გენეტიკურ ინფორმაციას პირის შესახებ, მათ შორის გენეტიკურ ინფორმაციას მისი ნათესავების შესახებაც. უმნიშვნელო გახლდათ თუ რამდენად ხდებოდა ინფორმაციის რეალურად ამოღება ნიმუშებიდან ან თუ რამდენად წარმოადგენდა ზიანს ცალკეულ საქმეში, რადგანაც ინდივიდი უფლებამოსილი იყო ჰქონოდა გარანტია, რომ ამგვარი ინფორმაცია, რომელიც არსობრივად მისი საკუთრება გახლდათ, შეინარჩუნებდა პირადულ ხასიათს და არ გაჟღერდებოდა ან შეიქნებოდა სხვათა მიერ ხელმისაწვდომი მისი ნებართვის გარეშე.
(ბ) მთავრობა
63.მთავრობა ეთანხმებოდა, რომ იმ პირთა ხელში, რომელთაც ხელეწიფებოდათ ინდივიდის იდენტიფიცირება, თითის ანაბეჭდები, დნმ პროფილები და ნიმუშები წარმოადგენდა "პერსონალურ მონაცემებს" მონაცემთა დაცვის აქტის მიხედვით. თუმცა, ისინი მიიჩნევდნენ, რომ თითის ანაბეჭდების, დნმ პროფილებისა და ნიმუშების მხოლოდ შენახვა შეზღუდული გამოყენების მიზნებისათვის ნებადართული გახლდათ 1984 წლის აქტის 64-ე მუხლის მიერ და რომ არ ხვდებოდა კონვენციის მე-8 მუხლის 1 ნაწილით განსაზღვრულ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში. განსხვავებით მოცემული მონაცემის თავდაპირველი აღებისა, მათი შენახვა არ წარმოადგენდა ჩარევას პირთა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ხელშეუვალობაში; და არც პერსონალური განვითარების, სხვა პირებთან ურთიერთობების დამყარების და განვითარების და არც თვითგამორკვევის უფლებას არღვევდა.
64.მთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივანთა რეალური წუხილი ეხებოდა შენახული ნიმუშების შემდგომი გამოყენების შესახებ შიშს, ასევე დნმ მასალის ანალიზის სავარაუდო მეთოდებსა და ინდივიდთა პირად ცხოვრებაში აქტიური თვალთვალის გზით პოტენციურ ჩარევას. ამ მხრივ იგი ხაზს უსვამდა, რომ მასალის გამოყენების ნებადართული მასშტაბი, დნმ პროფილირების ტექნოლოგიური პროცესები და მიღებულ დნმ-თა პროფილის ბუნება აშკარად და ნათლად იყო შეზღუდული კანონმდებლობის მიერ.
65.პროფილი მარტივად წარმოადგენდა ციფრების წყობას, რომელიც გახლდათ პირის სხეულებრივი მასალით იდენტიფიცირების საშუალება, რომელიც არ შეიცავდა მატერიალურ ინფორმაციას ინდივიდისა თუ მისი ხასიათის შესახებ. დნმ მონაცემთა ბაზა გახლდათ ამგვარი პროფილების კოლექცია, რომლშიც ძიება შესაძლებელი იყო დანაშაულის ადგილიდან ამოღებული მასალის გამოყენებით და რომ პირის იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოხდებოდა დამთხვევა ნიმუშზე. ოჯახური კავშირების დადგენა ნაწილობრივი დამთხვევით ხდებოდა უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში და ექვემდებარებოდა ერთობ მკაცრ კონტროლს. თითის ანაბეჭდები, დნმ პროფილები და ნიმუშები არ ექვემდებარება სუბიექტურ კომენტირებას და არ იძლევა ინფორმაციას პირის საქმიანობის შესახებ. ამგვარად, გამორიცხულია ყოველგვარი საფთხე მასზედ, რომ მოცემულ მონაცემთა შენახვა ნეგატიურად აისახება მოცემული პირის სხვა პირთა მიერ აღქმაზე ან მის რეპუტაციაზე. მათი შენახვა რომც ხვდებოდეს კონვენციის მე-8 მუხლის 1 ნაწილში, ნეგატიური შედეგების ნებისმიერი ალბათობა უკიდურესად მცირეა, რის გამოც იგი არასაკმარისად სერიოზულია იმისათვის, რომ ჩარევას წარმოადგენდეს.
2. სასამართლოს შეფასება
(ა) ზოგადი პრინციპები
66.სასამართლო ხაზს უსვამს, რომ "პირადი ცხოვრება" ფართო სპექტრის მომცველი ტერმინია და არ ექვემდებარება ამომწურავ განმარტებას. იგი მოიცავს პირის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ხელშეუვალობას (იხ.Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 61, ECHR 2002‑III, da Y.F. v. Turkey, no. 24209/94, § 33, ECHR 2003‑IX). შესაბამისად, მან შესაძლებელია მოიცვას პირის ფიზიკური და სოციალური იდენტობის მრავალი ასპექტი (იხ.Mikulić v. Croatia, no. 53176/99, § 53, ECHR 2002-I). მაგალითისათვის, ისეთი ელემენტები როგორიც გახლავთ გენდერული იდენტიფიკაცია, სახელი და სექსუალური ორიენტაცია და სექსუალური ცხოვრება, ხვდება მე-8 მუხლით დაცულ პერსონალურ სფეროში (იხ. სხვა მრავალს შორის, Bensaid v. the United Kingdom, no. 44599/98, § 47, ECHR 2001‑I Semdgomi miTiTebebiT, da Peck v. the United Kingdom, no. 44647/98, § 57, ECHR 2003-I). პირის სახელის მიღმა, მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება შესაძლებელია მოიცავდეს პერსონალური იდენტიფიკაციისა და ოჯახთან დაკავშირების სხვა ზომებსაც (იხ.mutatis mutandis Burghartz v. Switzerland, 22 თებერვალი 1994, § 24, Series A no. 280‑B; დაÜnal Tekeli v. Turkey, no. 29865/96, § 42, ECHR 2004‑X (ამონარიდები)). ინფორმაცია პირის ჯანმრთელობის შესახებ ასევე წარმოადგენს პირადი ცხოვრების მნიშვნელოვან ელემენტს (იხ. Z. v. Finland 25 თებერვალი 1997, § 71, Reports of Judgments and Decisions 1997-I). სასამართლო ამასთანავე მიიჩნევს, რომ ინდივიდის ეთნიკური იდენტობაც უნდა განიხილოს ამგვარ მნიშვნელოვან ელემენტად (იხ. მონაცემთა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი, ციტირებული ზემორე 41-ე პარაგრაფში, რომელიც მიიჩნევს, რომ მონაცემები, რომელიც ამჟღავნებენ რასობრივ წარმოშობას, ინდივიდის შესახებ არსებულ სხვა სენსიტიურ ინფორმაციასთან ერთდ, განეკუთვნება მონაცემთა სპეციალურ კატეგორიას). ამასთანავე, მე-8 მუხლი იცავს პიროვნული განვითარების უფლებასა და სხვა პირებთან და გარე სამყროსთან ურთიერთობის დამყარებისა და განვითარების უფლებას (იხ. მაგალითად, Burghartz, ციტირებული ზემოთ, კომისიის მოსაზრება, გვ. 37, § 47, და Friedl v. Austria გადაწყვეტილება 31 იანვარი 1995, შერიეს A ნო. 305-B, კომისიის მოსაზრება, გვ. 20, § 45). პირადი ცხოვრების არსი ამასთანავე მოიცავს ელემენტებს პირის გამოსახულებასთან დაკავშირებითაც (Sciacca v. Italy, no. 50774/99, § 29, ECHR 2005-I).
67.ინდივიდის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული მონაცემების მხოლოდ შენახვაც კი წარმოადგენს ჩარევას მე-8 მუხლის გაგებით (იხ. Leander v. Sweden, 26 მარტი 1987, § 48, Series A no. 116). აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელობა არ აქვს შენახული ინფორმაციის შემდგომ გამოყენებას (Amann v. Switzerland [GC], no. 27798/95, § 69, ECHR 2000-II). თუმცა, იმის დადგენისას, თუ რამდენად ეხება ხელისუფლების მიერ შენახული პერსონალური ინფორმაცია პირადი ცხოვრების ზემოთხსენებული ასპექტებიდან რომელიმეს, სასამართლო გაითვალისწინებს კონკრეტულ კონტექსტს, როდესაც მოხდა ინფორმაციის ჩაწერა და შენახვა, ჩანაწერის ბუნებას, მოცემულ ჩანაწერთა გამოყენებასა და დამუშავებას ისევე როგორც იმ შედეგებს, რომელიც შესაძლებელია მოპოვებულ იქნას (იხ.mutatis mutandis, Friedl, ციტირებული ზემოთ, §§49-51, და Peck v. the United Kingdom, ციტირებული ზემოთ, § 59).
(ბ) პრინციპთა გამოყენება წინამდებარე საქმეში
68.სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში, ხელისუფლების მიერ შენახულ პერსონალურ ინფორმაციათა სამივე კატეგორია, კერძოდ კი თითის ანაბეჭდები, დნმ პროფილები და უჯრედოვანი ნიმუშები, წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას მონაცემთა დაცვის კონვენციის მიხედვით, რადგანაც ეხება დადგენილ ან დადგენად ინდივიდებს. მთავრობა იზიარებს, რომ იმ პირთა ხელში, რომლებსაც ძალუძთ პირის ინდეტიფიცირება, სამივე კატეგორია წარმოდგენს "პერსონალურ მონაცემებს" მონაცემთა დაცვის 1998 წლის აქტის მიხედვით.
69.კონვენციის ორგანოებმა უკვე განიხილეს სხვადასხვა ვითარებებში საკითხები, რომლებიც ეხებიან ამგვარი პერსონალური მონაცემების შენახვას ხელისუფლების მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში. ამ სამი კატეგორიის მონაცემებში არსებული ინფორმაციის ბუნებისა და მასშტაბის გათვალისწინებით, სასამართლომ წარსულში განასხვავა თითის ანაბეჭდების შენახვა უჯრედოვანი ნიმუშებისა და დნმ პროფილების შენახვისაგან, გაითვალისწინა რა ამ უკანასკნელთა უფრო დიდი პოტენციალი მათში არსებული პერსონალური ინფორმაციის მომავალი გამოყენების მხრივ (იხ.Van der Velden v. the Netherlands (dec.), no. 29514/05, ECHR 2006-...). სასამართლო გონივრულად მიიჩნევს განცალკევებით განიხილოს მომჩივანთა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევა ერთის მხრივ მათი უჯრედოვანი ნიმუშებისა და დნმ პროფილების, ხოლო მეორეს მხრივ კი თითის ანაბეჭდების შენახვით.
(i) უჯრედოვანი ნიმუშები და დნმ პროფილები
70.საქმეში Van der Velden სასამართლომ მიიჩნია, რომ მომავალი შესაძლო გამოყენების გათვალისწინებით, უჯრედოვანი მასალის სისტემატიური შენახვა საკმაოდ ძლიერად ეხებოდა პირის ინტერესებს და შეეძლო გამოეწვია სახელმწიფოს მიერ მოცემული პირის პირადი ცხოვერების უფლებაში ჩარევა (იხ.Van der Velden, ციტირებული ზემოთ). მთავრობამ გააკრიტიკა აღნიშნული დასკვნა იმის გათვალისწინებით, რომ იგი ახდენდა ნიმუშების თეორიულად სავარაუდო მომავლით სპეკულირებას და რომ დღეისათვის ამგვარ ჩარევას ადგილი არ ჰქონდა.
71.სასამართლო ინარჩუნებს საკუთარ პოზიციას მასზედ, რომ ინდივიდის წუხილი ხელისუფლების ხელთ არსებული პირადი ინფორმაციის მომავალში გამოყენების გამო ლეგიტიმურია და მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, თუ რამდენად ჰქონდა ადგილი ჩარევას. მართლაც, გენეტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე სწრაფი განვითარების გათვალისწინებით, სასამართლო ვერ უგულვებელყოფს იმის ალბათობას, რომ მომავალში, გენეტიკურ ინფორმაციასთან დაკავშირებული პირადი ცხოვრების ინტერესები შეიძლება ნეგატიურად იქნას გამოყენებული ახლებური ფორმებით ან იმ გვარად მოხდეს მათით სარგებლობა, რისი წინასწარ განჭვრეტაც ახლა შეუძლებელია. შესაბამისად, სასამართლო ვერ ხედავს საკმარის მიზეზებს რათა გადაუხვიოს მის მიერ მიღებულ დასკვნას Van der Velden საქმეში.
72.ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ მართებული წუხილი უჯრედოვანი მასალის მომავალ გამოყენებაზე არ წარმოადგენს წინამდებარე საკითხის განმსაზღვრელ ერთადერთ ელემენტს. უჯრედოვანი ნიმუშების პირადულ ბუნებასთან ერთად, სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი შეიცავს ბევრად უფრო სენსიტიურ ინფორმაციას ინდივიდის შესახებ, მათ შორის ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის შესახებ. მეტიც, ნიმუშები შეიცავს უნიკალურ გენეტიკურ კოდს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ინდივიდის, ისე მისი ნათესავებისათვის. ამ მხრივ სასამართლო ემიჯნება ლორდთა პალატის ბარონესა ჰეილის მოსახრებას (იხ. პარაგრაფი 25, ზემოთ).
73.უჯრედოვან ნიმუშებში არსებული პერსონალური ინფორმაციის ბუნებისა და ოდენობის გათვალისწინებით, მათი შენახვა per se უნდა იქნას განხილული, როგორც ჩარევა მოცემული პირის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში. ის ფაქტი, რომ დნმ პროფილის შექმნისას ადგილი აქვს ხელისუფლების მიერ ინფორმაციის მხოლოდ შეზღუდული ნაწილის ამოღებას ან გამოყენებას, არ ცვლის მოცემულ დასკვნას (იხ. Amann, ციტირებული ზემოთ, §60).
74.რაც შეეხება თავად დნმ პროფილებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი შეიცავს უჯრედოვანი ნაწილებიდან ამოღებულ უფრო შეზღუდული რაოდენობის პერსონალურ ინფორმაციას კოდირებული ფორმით. მთავრობამ აღნიშნა, რომ დნმ პროფილი არის მხოლოდ და მხოლოდ ციფრთა წყობა ან შტრიხ-კოდი, რომელიც მოიცავს ყოვლად ობიექტური და გაუბათილებელი ხასიათის ინფორმაციას და რომ სუბიექტის იდენტიფიცირება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება მონაცემთა ბაზაში არსებულ პროფილთან დამთხვევას. მათ ასევე აღნიშნეს, რომ კოდირებული ფორმის გამო, ინფორმაციის გაგება შეუძლებელია კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენების გარეშე და რომ მხოლოდ პირთა შეზღუდულ წრეს შეუძლია განხილული მონაცემის ინტერპრეტირება.
75.სასამართლო აღნიშნავს, რომ პროფილები შეიცავენ უნიკალური პერსონალური ინფორმაციის საკმაო რაოდენობას. მიუხედავად იმისა, რომ პროფილში შენახული ინფორმაცია ობიექტური და გაუბათილებელია, როგორც ეს მთავრობამ აღნიშნა, მათი ავტომატური დამუშავება ხელისუფლებას საშუალებას აძლევს გასცდნენ ნეიტრალურ ინდენტიფიკაციას. სასამართლო ამ მხრივ მიუთითებს, მთავრობა დაეთანხმა, რომ დნმ პროფილები შეიძლება და გარკვეულ შემთხვევაში იყო კიდევაც გამოყენებული ოჯახური კავშირების დასადგენად და მიზნად ისახავდა სავარაუდო გენეტიკური კავშირის დადგენას ინდივიდებს შორის. ისინი ასევე დაეთანხმნენ ამგვრი ძიების ზემგრძნობიარე ბუნებას და ამ მხრივ კონტროლის სიმკაცრის აუცილებლობის საჭიროებას. სასამართლოს აზრით, დნმ პროფილების უნარი გამოყენებულ იქნას ინდივიდებს შორის გენეტიკური ურთიერთობის დამდგენად (იხ. პარაგრაფი 39, ზემოთ) თავისთავად საკმარისია რათა დავასკვნათ, რომ მათი შენახვა წარმოადგენს ჩარევას კონკრეტული ინდივიდის პირადი ცხოვრების უფლებაში. ოჯახური კავშირების დადგენის სიხშირე, მათთან დაკავშირებული გარანტიები და ნეგატიური გავლენის ალბათობა კონკრეტულ საქმეში უმნიშვნელოა (იხ. Amann, ციტირებული ზემოთ, §69). ამასთანავე, დასკვნაზე გავლენას არ ახდენს ის ფაქტი, რომ რადგან ინფორმაცია კოდირებულია, მისი გაგება შესაძლებელია მოლოდ კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით და რომ მხოლოდ პირთა შეზღუდულ წრეს ძალუძს მისი განმარტება.
76.სასამართლო ამასთანავე აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ სადავო არ გამხდარა ის, რომ დნმ პროფილების დამუშავება ხელისუფლებას აძლევს წვდომას დონორის სავარაუდო ეთნიკურ წარმომავლობაზე და რომ ამგვარი ტექნიკა ფაქტობრივად გამოიყენება პოლიციის მიერ წარმოებული გამოძიებებისას (იხ. პარაგრაფი 40, ზემოთ). იმის გამო, რომ დნმ პროფილის საფუძველზე შესაძლებელია დასკვნების გაკეთება დონორის წარმომავლობის შესახებ, მათი შენახვა კიდევ უფრო სენსიტიური ხდება და უშვებს პირის მიერ პირადი ცხოვრებით სარგებლობის უფლებაზე ნეგატიური გავლენის ქონას. მოცემული დასკვნა არ ეწინააღმდეგება პრინციპს, რომელიც დადგენილია მონაცემთა დაცვის კონვენციის მიერ და ასახულია ინფორმაციის დაცვის აქტში, რადგანაც ორივე ხსენებული ნორმატიული აქტის მიხედვით პირადი სახის ინფორმაცია, რომელიც ამჟღავნებს დონორის წარმომავლობას, წარმოადგენს სენსიტიური ინფორმაციის იმ განსაკუთრებულ კატეგორიებს, რომლებიც საჭიროებენ გაძლიერებულ დაცვას (იხ. ზემოთ პარაგრაფები 30-31 და 41).
77.აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ როგორც უჯრედოვანი ნიმუშების, ისე დნმ პროფილების შენახვა წარმოადგენს ჩარევას მომჩივანთა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში კონვენციის მე-8 მუხლის 1 ნაწილის მიხედვით.
(ii) თითის ანაბეჭდები
78.ზოგადად მიჩნეულია, რომ თითის ანაბეჭდები არ მოიცავს იმდენივე ინფორმაციას რამდენსაც უჯრედოვანი ნიმუშები ან დნმ პროფილები. ამასთანავე, კონვენციის ორგანოებს უკვე განხილული აქვთ პირის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში სავარაუდო ჩარევის საკითხი ხელისუფლების მიერ მისი თითის ანაბეჭდების შენახვის გამო.
79.საქმეში McVeigh, კომისიამ პირველად განიხილა თითის ანაბეჭდების აღება და შენახვა, როგორც საგამოძიებო მოქმედებების ნაწილი. იგი დაეთანხმა, რომ აღნიშნულ ქმედებათა ნაწილი მაინც წარმოადგენდა ჩარევას მომჩივნების პირად ცხოვრებაში, თუმცა უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, თუ რამდენად წარმოადგენდა მხოლოდ თითის ანაბეჭდების შენახვა ამგვარ ჩარევას (McVeigh, O’Neill and Evans (no. 8022/77, 8025/77 და 8027/77, კომისიის ანგარიში 18 მარტი 1981, DR 25, გვ.15, § 224).
80.საქმეში Kinnunen,კომისიამ მიიჩნია, რომ თითის ანაბეჭდებისა და ფოტოების შენახვა მომჩივნის დაკავების შემდეგ არ წარმოადგენდა ჩარევას მის პირად ცხოვრებაში, რადგანაც იგი არ შეიცავდა არანაირ სუბიექტურ შეფასებას, რომელიც გაბათლებას საჭიროებდა. კომისიამ, აღნიშნა, რომ ცხრა წლის შემდეგ მოცემული ინფორმაცია განადგურდა მომჩივნის თხოვნის საფუძველზე (Kinnunen v. Finland, no. 24950/94, კომისიის გადაწყვეტილება 15 მაისი 1996).
81.მოცემული დასკვნებისა და წინამდებარე საქმეში წამოწეული საკითხის გათვალისწინებით, სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს მოცემული თემის განხილვას. იგი დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ მომჩივნების თითის ანაბეჭდის ჩანაწერი წარმოადგენს მათ პერსონალურ მონაცემებს (იხ. პარაგრაფი 68, ზემოთ), რომელიც შეიცავს გარკვეულ გარე საიდენტიფიკაციო მახასიათებლებს მსგავსად, მაგალითად, პერსონალური ფოტოებისა და ხმის ნიმუშებისა.
82.საქმეში Friedl, კომისიამ დაადგინა, რომ იმ ანონიმური ფოტოების შენახვა, რომელიც გადაღებული გახლდათ საჯარო დემონსტრაციისას, არ წარმოადგენდა პირის პირად ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას, კომისიამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ ფაქტს, რომ მოცემული ფოტოები არ იყო შეტანილი მონაცემთა დამუშავების სისტემაში და რომ ხელისუფლებას არ გამოუყენებია მონაცემების დამუშავება ფოტოგრაფირებულ პირთა იდენტიფიკაციისათვის (იხ. Friedl ციტირებული ზემოთ, §§ 49-51 ).
83.საქმეში 999 სასამართლომ დაასკვნა, რომ მონაცემთა ჩაწერა და მათი სისტემატური ან პერმანენტული აღნუსხვა შეიძლება გამხდარიყო პირად ცხოვრებაში ჩარევის საფუძველი, მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები შესაძლებელია შენახული ყოფილიყო საჯაროდ ან სხვაგვარად ხელმისაწვდომ ადგილას. სასამართლომ აღნიშნა, რომ შემდგომი ანალიზის მიზნით პირის ხმის მუდმივი ჩანაწერი, სხვა პირადი ხასიათის მონაცემებთან ერთად, ამარტივებდა მოცემული პირის ვინაობის დადგენას. შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნის ხმის ჩაწერა შემდგომი ანალიზის მიზნით, წარმოადგენდა სახელმწიფოს ჩარევას მის მიერ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში (იხ.P.G. and J.H. v. the United Kingdom, no. 44787/98, § 59-60, ECHR 2001‑IX).
84.სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენციის ორგანოების მიერ მიღებული ზოგადი მიდგომა ფოტო და ხმის ნიმუშებთან დაკავშირებით უნდა იქნას გაზიარებული თითის ანაბეჭდების განხილვისას. მთავრობა ამ უკანასკნელს აცალკევებს და აღნიშნავს, რომ იგი წარმოადგენს ნეიტრალურ, ობიექტურ და გაუბათილებელ მასალას და განსხვავებით ფოტოებისა, იგი გაუგებარია უცხო თვალისათვის და აზრი აქვს მხოლოდ სხვა თითის ანაბეჭდთან შედარების შემთხვევაში. მართალია მოცემული ფაქტი ვერ ცვლის იმ ფაქტს, რომ თითის ანაბეჭდები ობიექტურად შეიცავს უნიკალურ ინფორმაციას ინდივიდის შესახებ და იძლევა მისი ვინაობის ზუსტად დადგენის საშუალებას. შესაბამისად, მას შეუძლია პირის პირად ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა და მოცემული ინფორმაციის შენახვა კონკრეტული ინდივიდის ნებართვის გარეშე ვერ განიხილება ნეიტრალურ ან უმნიშვნელო ფაქტად.
85.სასამართლო შესაბამისად მიიჩნევს, რომ თითის ანაბეჭდების შენახვა ხელისუფლების მონაცემთა ბაზაში დადგენილ ან დასადგენ პირთან დაკავშირებით, თავისთავად შესაძლებელია განხილულ იყოს, მიუხედავად მისი ობიექტურობისა და გაუბათილებელი ხასიათისა, როგორც მნიშვნელოვანი საფრთხე პირად ცხოვრებაში ჩაურევლობისადმი.
86.მოცემულ საქმეში სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანთა თითის ანაბეჭდები თავდაპირველად აღებულ იქნა სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს და შემდეგ მოხდა მათი ჩაწერა ეროვნულ მონაცემთა ბაზში. აღნიშნული თავისთავად მიზნად ისახავდა მონაცემის მუდმივად შენახვასა და რეგულარულ ავტომატურ დამუშავებას სისხლისსამართლებრივი ინდენტიფიცირების მიზნით. მიღებულია, რომ ამ მხრივ და იმის გათვალისწინებით, თუ რა ინფორმაციას მოიცავს იგი, უჯრედოვანი ნიმუშებისა და დნმ პროფილების შენახვას უფრო დიდი გავლენა აქვს პირად ცხოვრებაზე, ვიდრე თითის ანაბეჭდების შენახვას. თუმცა, სასამართლო, მსგავსად ბარონესა ჰეილისა (იხ. პარაგრაფი 25 ზემოთ) მიიჩნევს, რომ თითის ანაბეჭდების შენახვა წარმოადგენს სახელმწიფოს ჩარევას პირის მიერ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში, თუმცა გამამართლებელი საფუძვლების განსაზღვრისას მნიშვნელოვანია გავავლოთ ზღვარი ერთის მხრივ თითის ანაბეჭდებსა და მეორეს მხრივ კი ნიმუშებისა და პროფილების აღებას, გამოყენებასა და შენახვას შორის.
ბ. ჩარევის გამამართლებელი საფუძვლები
1. მხარეთა არგუმენტები
(ა) მომჩივნები
87.მომჩივნები დავობდნენ, რომ თითის ანაბეჭდების, უჯრედოვანი ნიმუშებისა და დნმ პროფილების შენახვა არ იყო გამართლებული მე-8 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით. მთავრობას მიცემული ჰქონდა ზედმეტად ფართო არჩევანი გამოეყენებინა ნიმუშები და დნმ პროფილები "დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული მიზნებისათვის", "დანაშაულის გამოძიებისა" თუ "სისხლის სამართლებრივი დევნის განსახორციელებლად". აღნიშნული მიზნები ბუნდოვანი გახლდათ და იძლეოდა გადამეტების საშუალებას, რადგანაც იძლეოდა კონკრეტული დანაშაულის გამოძიების კონტექსტის მიღმა დეტალური პერსონალური ინფორმაციის შეგროვების საშუალებას. მომჩივნებმა ასევე აღნიშნეს, რომ არ არსებობდა ინფორმაციის ბოროტად გამოყენების ან გადამეტებისაგან დამცავი საკმარისი პროცედურული გარანტიები. პოლიციის ჩანაწერები ხელმისაწვდომი იყო არა მხოლოდ პოლიციისათვის, არამედ სხვა 56 არაპოლიციური ორგანოსათვისაც, მათ შორის სამთავრობო სააგენტოებისა და დეპარტამენტებისათვის, კერძო ჯგუფებისათვის, მაგალითად "ბრითიშ ტელეკომისა" და "ბრიტანეთის სადაზღვევო ასოციაციისათვის" და გარკვეული დამქირავებლებისთვისაც კი. ასევე, პოლიციის ეროვნული სისტემა დაკავშირებული იყო ევროპულ "შენგენის საინფორმაციო სისტემასთან". შედეგად, მათი საქმე ეხებოდა ერთობ საფუძვლიან და სადავო ჩარევას პირად ცხოვრებაში, რაც აისახებოდა კიდეც გაერთიანებულ სამეფოში მოცემული თემის ირგვლივ მიმდინარე საჯარო დებატებითა და დაპირისპირებით. მთავრობის არგუმენტის საპირისპიროდ, მომჩივნები ასკვნიდნენ, რომ მოცემული მასალის შენახვის საკითხი დიდ ინდივიდუალურ წუხილს წარმოადგენდა და რომ მოცემულ სფეროში სახელმწიფო სარგებლობდა შეზღუდული შეფასების ზღვარით.
88.მომჩივნები აღნიშნავდნენ, რომ არამსჯავრდებული პირების თითის ანაბეჭდების, უჯრედოვანი ნიმუშებისა და დნმ პროფილების განუსაზღვრელი ვადით შენახვა ვერ განიხილებოდა დანაშაულის პრევენციისათვის "აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში". კერძოდ კი არ არსებობდა არანაირი გამართლება უჯრედოვანი ნიმუშების შენახვაზე მას შემდეგ, რაც მათ საფუძველზე მოხდა დნმ პროფილის შექმნა; ამასთანავე, ვერ იქნა მოხმობილი დამარწმუნებელი მტკიცებულებანი დნმ პროფილების შენახვის ეფექტურობის დასადასტურებლად, რადგანაც, მიუხედავად მთავრობის არგუმენტისა, ვერ დამტკიცდა, რომ დნმ მონაცემთა დამთხვევის დიდი რაოდენობის შედეგად ადგილი ჰქონდა დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემას. მთავრობის მიერ წარმოდგენილ კონკრეტულ მაგალითთა უმრავლესობა, როდესაც ადგილი ჰქონდა პასუხისგებაში მიცემას, არ იყო დამოკიდებული მონაცემთა შენახვაზე, ხოლო რამდენიმე განსხვავებულ შემთხვევაში კი წარმატებული შედეგი მიღწეული იქნებოდა დროსა და მასშტაბში შეზღუდული შენახვის შემთხვვევაშიც.
89.მომჩივნებმა ასევე აღნიშნეს, რომ შენახვა არაპროპორციული გახლდათ, დანაშაულის ბუნების მიუხედავად მისი უპირობო და დროში შეუზღუდავი ხასიათის, მომჩივანთა გარემოებების სრული გაუთვალისწინებლობისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესისა და ანალიზის ნაკლებობის გამო. მათ ასევე აღნიშნეს, რომ შენახვის რეჟიმი არ მოდიოდა შესაბამისობაში თემის ირგვლივ არსებულ ევროპის საბჭოს მითითებებთან. საბოლოოდ, მათ ხაზი გაუსვეს, რომ მონაცემთა შენახვა ეჭვს ბადებდა იმ პირების მიმართ, რომლებიც გამართლებულ იქნენ ან რომელთაც მოეხსნათ ბრალი, ანუ გულისხმობდა, რომ ისინი არ იყვნენ სრულად უდანაშაულონი. შედეგად, მათი შენახვა ახდენდა სტიგმატიზებას, რაც განსაკუთრებით საზიანო გახლდათ ბავშვებისათვის, მსგავსად ს.-ისა, და იწვევდა გარკვეული ეთნიკური ჯგუფების გადამეტებულ ასახვას მონაცემთა ბაზაში.
(ბ) მთავრობა
90.მთავრობა აღნიშნავდა, რომ ნებისმიერი ჩარევა, რომელიც გამომდინარეობდა მომჩივანთა თითის ანაბეჭდების, უჯრედოვანი ნიმუშებისა და დნმ პროფილების შენახვისაგან გამართლებული იყო მე-8 მუხლის მეორე პარაგრაფის საფუძველზე. იგი შეესაბამებოდა კანონს, რომელიც უშუალოდ აწესებდა აღნიშნულ წესს და რეგულირდება 1984 წლის აქტის 64-ე მუხლით, რომელიც დეტალურად აყალიბებდა უფლებამოსილებებსა და შეზღუდვებს თითის ანაბეჭდებისა და ნიმუშების აღებაზე და ნათლად აღნიშნავდა, რომ ხელისუფლების მიერ მოხდებოდა მათი შენახვა, მიუხედავად იმ სამართალწარმოების შედეგისა, რომლისთვისაც მოხდა მათი აღება. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება მასზედ, თუ რამდენად მოხდებოდა თითის ანაბეჭდებისა და ნიმუშების შენახვა, ასევე დამოკიდებული გახლდათ კანონის იმ ზოგად პრინციპებზე, რომელიც არეგულირებდა დისკრეციულ უფლებამოსილებასა და სასამართლო განხილვას.
91.მთავრობამ ამასთანავე აღნიშნა, რომ ჩარევა აუცილებელი გახლდათ და პროპორციული იყო არეულობის ან დანაშაულის თავიდან აცილებისა ან/და სხვათა უფლებებისა და თავისუფლების დაცვის ლეგიტიმური მიზნისა. ზოგადად საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რომ სამართალდამცავ ორგნოებს სრულად ესარგებლათ არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებითა და კრიმინალისტიკური მეცნიერების წიაღწვლებით დანაშაულის პრევენციის, გამოძიებისა და დადგენის მიზნით. მათ აღნიშნეს, რომ შენახული მასალა უდიდესი მნიშვნელობის მქონე გახლდათ დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისევე როგორც ბრალის დადგენისათვის. აღნიშნულის დასტურად წარმოდგენილ იქნა სტატისტიკური მონაცემები. მათ აღნიშნეს, რომ სისხლის სამართლის სისტემისათვის სარგებელი უზარმაზარი გახლდათ და იძლეოდა არა მარტო დამნაშავეთა დადგენის საშუალებას, არამედ უდანაშაულოებს თავიდან აცილებდა დაკითხვას და ახდენდა უსამართლო გადაწყვეტილებების გამოსწორებასა და პრევენციას.
92.2005 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, პოლიციის ეროვნულ მონაცემთა ბაზაში ინახებოდა იმ 181,000 პირთა პროფილი, რომელიც განადგურებული იქნებოდა, რომ არა 2001 წლის ცვლილებები. მათ შორის 8,251 შემდგომ დაკავშირებულ იქნა დანაშაულის ადგილზე ამოღებულ ლაქებთან, რომელიც თავისთავად ეხებოდა 13,079 დანაშაულს, მათ შორის 198 მკვლელობა, 55 მკვლელობის მცდელობა, 116 გაუპატიურება, 67 სექსუალური დანაშაული, 105 დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ქურდობა და 126 დანაშაული კონტროლირებად ნარკოტიკების მოწოდებასთან დაკავშირებით.
93.მთავრობამ თვრამეტ კონკრეტულ საქმეზე წარმოადგინა დნმ მასალის წარმატებული გამოძიებისა და ბრალდებისას გამოყენების მაგალითები. მათ შორის ათ საქმეში ეჭვმიტანილთა დნმ პროფილები დაემთხვა რამდენიმე ადრეულ და მოცემულ საქმესთან კავშირის არ მქონე დანაშაულიდან ამოღებულ მასალას. სხვა საქმეში, გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი ორი პირი გათავისუფლებულ იქნა, რადგანაც მათი დნმ პროფილი არ დაემთხვა დანაშაულის ადგილიდან ამოღებულ მასალას. ორ სხვა საქმეში, მცირე დანაშაულებში (არეულობა და ქურდობა) ამოღებული დნმ პროფილების შენახვის შედეგად დადგინდა მათი ჩართულობა მოგვიანებით ჩადენილ სხვა დანაშაულებში. კიდევ ერთ საქმეში, ეჭვიმტანილის დნმ პროფილის შენახვამ საემიგრაციო დანაშაულში ხელი შეუწყო მის ექსტრადიციას გაერთიანებულ სამეფოში ერთი წლის შემდეგ, როდესაც მოხდა მოცემული პირის იდენტიფიცირება მისი ერთ-ერთი მსხვერპლის მიერ გაუპატიურებისა და მკვლელობის საქმეში. და ბოლოს, ოთხ საქმეში (იარაღის ფლობა, ძალის გამოყენებით არეულობა და თავდასხმა) შენახული ოთხი ეჭვმიტანილი, მაგრამ არა მსჯარვდებული პირის დნმ პროფილი დაემთხვა ორი წლის შემდეგ, გაუპატიურების დანაშაულის ადგილას ამოღებულ მასალას.
94.მთავრობამ აღნიშნა, რომ თითის ანაბეჭდების, უჯრედოვანი ნიმუშებისა და დნმ პროფილების შენახვა არ უნდა ჩათვლილიყო გადამეტებულად, რადგნაც ისინი უსაფრთხოდ ინახებოდა კონკრეტული შეზღუდული კანონისმიერი მიზებისათვის და ექვემდებარებოდა განსაზღვრულ გარანტიებს. მათი შენახვა სრულებითაც არ ნიშნავს, რომ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მომჩივნებმა ჩაიდინეს რაიმე დანაშაული ან მიდრეკილნი არიან მათი ჩადენისაკენ; იგი არ არის მიმართული წარსულში ჩადენილი იმ დანაშაულების შესახებ მონაცემების კონსერვაციისაკენ, რომელთან დაკავშირებითაც უკვე ჩატარდა გამოძიება. აღნიშნული ინფორმაცია ინახება, რადგანაც პოლიცია მას უკვე ფლობს კანონიერ საფუძველზე და მისი შენახვა მომავალში ხელს შეუწყობს ზოგადად კანონდარღვევათა თავიდან აცილებასა და დამნაშავეთა დადგენას მონაცემთა ბაზის გაზრდის გზით. მონაცემთა შენახვა არ იწვევს სტიგმატიზებას და არ იქონიებს არანაირი პრაქტიკული გავლენას მომჩივნებზე; გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც მონაცემები დაემთხვევა დანაშაულის ადგილზე ამოღებულ პროფილს. სამართლიანი ბალანსი გახლავთ დაცული ინდივიდუალურ უფლებებსა და საზოგადოების ზოგად ინტერესს შორის, რომელიც, თავისთავად, ხვდება სახელმწიფოს შეფასების ზღვარში.
2. სასამართლოს შეფასება
(ა) კანონთან შესაბამისობა
95.სასამართლო იხსენებს მის მიერ დადგენილ სასამართლო პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც სიტყვები "კანონთან შესაბამისი" საჭიროებს სადავო ზომების ეროვნულ კანონმდებლობაში საფუძვლის ქონასა და მის შესაბამისობას კანონის უზენაესობასთან, რაც აშკარად არის ნახსენები კონვენციის პრეამბულაში და მე-8 მუხლის მიზნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. კანონი უნდა იყოს სათანადოდ ხელმისაწვდომი და განჭვრეტადი, ანუ, ფორმულირებული უნდა გახლდეთ საკმარისად მკაფიოდ, რათა ინდივიდს მიეცეს საშუალება - საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარების შედეგად მოახდინოს საკუთრი ქმედებების რეგულირება. იმისათვის, რომ ეროვნულმა კანონმა დააკმაყოფილოს მოცემული მოთხოვნები, მას უნდა გააჩნდეს საკმარისი დაცვა თვითნებობის წინააღმდეგ და შესაბამისად საკმაოდ ნათლად უნდა აყალიბებდეს კომპეტენტური ორგანოსათვის მინიჭებული დისკრეციის მასშტაბსა და მისი გახორციელების ფორმას (იხ.Malone v. the United Kingdom, 2 აგვისტო 1984, §§ 66-68, Series A no. 82; Rotaru v. Romania [GC], no. 28341/95, § 55, ECHR 2000-V; და Amann ციტირებული ზემოთ, § 56).
96.რაც შეეხება ეროვნული კანონმდებლობის კონკრეტულობის მასშტაბს - რომელიც ვერ მოიცავს ყოველ სავარაუდო შემთხვევას - იგი გარკვეულ დონეზე დამოკიდებულია შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის შინაარსზე, მიერ მიერ მოცულ სფეროსა და იმ პირთა წრესა და სტატუსზე, ვისზეც იგი ვრცელდება (Hasan and Chaush v. Bulgaria [GC], no. 30985/96, § 84, ECHR 2000-XI, შემდგომი მითითებებით).
97.სასამართლო აღნიშნავს, რომ 1984 წლის აქტის 64-ე მუხლი აღნიშნავს, რომ დანაშაულის გამოძიების ფარგლებში პირისაგან აღებული თითის ანაბეჭდები თუ ნიმუშები შეიძლება შენახულ იქნას მას შემდეგაც, რაც მიღწეულ იქნა ის მიზები, რისთვისაც მოხდა მათი აღება (იხ. პარაგრაფი 27, ზემოთ). სასამართლო ეთანხმება მთავრობას მასზედ, რომ მომჩივანთა თითის ანაბეჭდებისა და დნმ მონაცემების შენახვას გააჩნდა აშკარა საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში. ასევე სახეზეა ნათელი მტკიცებულება მასზედ, რომ აღნიშნული მონაცემები პრაქტიკაში ინახება ხოლმე, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. ის ფაქტი, რომ პოლიციის უფროსი უფლებამოსილია გაანადგუროს ნიმუშები ერთობ იშვიათ შემთხვევებში, კონვენციის მიზნებისათვის კანონს არ უკარგავს მის საკმარისად ნათელ ხასიათს.
98.რაც შეეხება იმ პირობებსა და გარემოებებს, რომლებიც დადგენილია პერსონალური ინფორმაციის შენახვასა და გამოყენებაზე, 64-ე მუხლი ამ მხრივ მრავალგზის ნაკლებად ნათელია. იგი აღნიშნავს, რომ შენახული ნიმუშები და თითის ანაბეჭდები არ უნდა იყოს არავის მიერ გამოყენებული გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე გვაქვს დანაშაულის პრევენციასა და დადგენასთან, დანაშაულის გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებასთან.
99.სასამართლო ეთანხმება მომჩივნებს, რომ მოცემული მიზნებიდან პირველი მაინც არის საკმაოდ ბუნდოვნად, ზოგადი ფრაზებით ჩამოყალიბებული და შესაძლებელია გამოიწვიოს საკმაოდ ფართო ინტერპრეტაცია. იგი იმეორებს, რომ ამ კონტექსტში, მსგავსად სატელეფონო მოსმენების, საიდუმლო თვალთვალისა და ინფორმაციის შეგროვებისა, უმნიშვნელოვანესია არსებობდეს ნათელი და დეტალური წესები, რომელიც დაარეგულირებს გამოყენებადი ზომების მასშტაბსა და გამოყენებას, ისევე როგორც მინიმალურ გარანტიებს inter alia, მონაცემთა და მათი განადგურების ხანგრძლივობის, შენახვის, გამოყენების, მესამე მხარეთა მიერ წვდომის, ერთიანობის უზრუნველყოფისა და კონფიდენციალურობის დასაცავად, ანუ, წარმოადგენს საკმარის გარანტიებს ბოროტად გამოყენებისა და თვითნებობის საფრთხის წინააღმდეგ (იხ. mutatis mutandis, Kruslin v. France, 24 აპრილი 1990, §§ 33 და 35, Series A no. 176‑A; Rotaru, ციტირებული ზემოთ, § 57-59; Weber and Saravia v. Germany (dec.), no. 54934/00, ECHR 2006‑...; Association for European Integration and Human Rights and Ekimdzhiev v. Bulgaria, no. 62540/00, §§ 75-77, 28 ივნისი 2007; Liberty and Others v. the United Kingdom, no. 58243/00, § 62-63, 1 ივლისი 2008 ). სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში არსებული მოცემული შეკითხვები მჭიდრო კავშირშია იმ ფართო თემასთან, თუ რამდენად გახლდათ ჩარევა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. ქვემორე 105-106 პარაგრაფებში განხილული ანალიზის გათვალისწინებით, სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს განსაზღვროს თუ რამდენად შეესაბამება 64-ე მუხლში მოცემული ფორმულირება "კანონის ხარისხის" მოთხოვნებს კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
(ბ) კანონიერი მიზანი
100.სასამართლო ეთანხმება მთავრობას მასზედ, რომ თითის ანაბეჭდებისა და დნმ ინფორმაციის შენახვა ემსახურებოდა დანაშაულის დადგენის და შესაბამისად, თავიდან აცილების კანონიერ მიზანს. მაშინ როდესაც მოცემული ინფორმაციის თავდაპირველი აღება მიზნად ისახავდა გარკვეული პირის დაკავშირებას ცალკეულ დანაშაულთან, რომლის ჩადენაშიც იგი ეჭვმიტანილი გახლდათ, მისი შენახვა უფრო ფართო მიზანს ისახავს, კერძოდ კი მომავალ დამნაშავეთა დადგენაში დახმარებას.
(გ) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში
(i) ზოგადი პრინციპები
101.ჩარევა ჩაითვლება "დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი" კანონიერი მიზნის მქონედ თუკი იგი პასუხობს "მწველ სოციალურ საჭიროებას", კერძოდ კი, თუკი პროპორციულია დასახული კანონიერი მიზნისა და თუკი ეროვნული ხელისუფლების მიერ მოხმობილი გამამართლებელი მიზეზები მისი "შესაბამისი და საკმარისია". მართალია ეროვნული ხელისუფლების უფლებამოსილებას განეკუთვნება იმის საბოლოო შეფასება, თუ რამდენად არის ჩარევა აუცილებელი, სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს მისი შესაბამისობა კონვენციის მოთხოვნებთან (იხ. Coster v. the United Kingdom [GC], no. 24876/94, § 104, 18 იანვარი 2001, შემდგომი მითითებებით).
102.შეფასების ზღვარი უნდა დარჩეს შესაბამის ეროვნულ კომპეტენტურ ორგანოს მოცემული ვითრების ანალიზისას. მოცემული ზღვარის სიღრმე განსხვავდება და დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის კონვენციის უფლების ბუნებაზე, ინდივიდისათვის მის მნიშვნელობაზე, ჩარევის ბუნებასა და მიზანზე. ზღვარი უფრო ვიწროა, როდესაც საქმე ეხება უფლებას, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აკისრია ინდივიდის მიერ ინტიმური ან მთავარი უფლებებით ეფექტური სარგებლობისას (იხ.Connors v. the United Kingdom, no. 66746/01, § 82, 27 მაისი 2004,, შემდგომი მითითებებით). როდესაც სასწორის პინზე დევს ინდივიდის არსებობისა თუ იდენტობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი, სახელმწიფოთათვის ბოძებული ზღვარი იზღუდება (იხ. Evans v. the United Kingdom [GC], no. 6339/05, § 77, ECHR 2007 ...). თუმცა, აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის არ არის მიღწეული კონსესუსი არც შედარებით მნიშვნელოვანი უფლებების და არც მათი დაცვის საუკეთესო გზაზე, ასეთ შემთხვევებში ზღვარი უფრო ფართოა (Dickson v. the United Kingdom [GC], no. 44362/04, § 78, ECHR 2007-...).
103.პერსონალურ მონაცემთა დაცვა ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონეა კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირის მიერ პირადი და ოჯახური პატივისცემის უფლებით სარგებლობისას. ეროვნულმა კანონმდებლობმ უნდა დააწესოს ადექვატური გარანტიები, რათა თავიდან აიცილოს პერსონალური მონაცემების მოცემული მუხლით დადგენილ გარანტიებთან შეუსაბამო გამოყენება (იხ.mutatis mutandis, Z., ციტირებული ზემოთ, §95). ამგვარი გარანტიების საჭიროება კიდევ უფრო იზრდება, როდესაც პერსონალური მონაცემები ავტომატურად მუშავდება, მათ შორის პოლიციის მიზნებისთვისაც. ეროვნულმა კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს ამგვარ მონაცემთა სათანადობა და საჭიროება იმ მიზანთან შესაბამისობაში, რომლისთვისაც მოხდა მისი შენახვა. აუცილებელია მათი იმ ფორმით შენახვა, რომელიც იძლევა მონაცემთა სუბიექტის დადგენის საშუალებას მხოლოდ იმ დროით, რაც საჭიროა იმ მიზნების მისაღწევად, რისთვისაც მოხდა მათი შენახვა (იხ. მონაცემთა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლი და პრეამბულა, ისევე როგორც პოლიციის სექტორში პერსონალურ მონაცემთა გამოყენების მაკონტროლებელი მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია რ(87)15 მე-7 პრინციპი). ეროვნულმა კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს ადექვატური გარანტიები მასზედ, რომ შენახული პერსონალური მონაცემები ეფექტურად იქნება დაცული არასათანადო და არაჯეროვანი გამოყენებისაგან (იხ. მონაცემთა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლი). ზემოთმოყვანილი მოსაზრებანი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება უფრო სენსიტიური მონაცემების სპეციალური კატეგორიების დაცვისას (იხ. მონაცემთა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი), კერძოდ კი დნმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პირის გენეტიკური აგებულების შესახებ, რაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა როგორც მოცემული პირის, ისე მისი ოჯახისათვის (იხ. სისხლის სამართლის სისტემაში დნმ ანალიზის გამოყენების შესახებ მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია რ(92)1).
104.მონაცემთა სუბიექტის, ისევე როგორც ზოგადად საზოგადოების ინტერესი მონაცემთა დაცვის სფეროში, მათ შორის თითის ანაბეჭდებისა და დნმ ინფორმაციის მხრივ, შესაძლებელია გადაწონილ იქნას დანაშაულის პრევენციის ლეგიტიმური ინტერესით (იხ. მონაცემთა დაცვის კონვენციის მე-9 მუხლი). თუმცა, ინფორმაციის უკიდურესად პირადული ხასიათი სასამართლოს უბიძგებს დეტალურად შეამოწმოს სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ის ზომები, რომელთა საფუძველზეც მოხდა ხელისუფლების მიერ მონაცემთა შენახვა და გამოყენება კონკრეტული პირის ნებართვის გარეშე (იხ.mutatis mutandis, Z., ციტირებული ზემოთ, § 96).
(ii) აღნიშნულ პრინციპთა გამოყენება მოცემულ საქმეში
105.სასამართლო უდავოდ მიიჩნევს, რომ დანაშაულის წინაღმდეგ, კერძოდ კი ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, გახლავთ რა დღევანდელი ევროპული საზოგადოებების ერთ-ერთი გამოწვევა, დიდწილადაა დამოკიდებული გამოძიებისა და იდენტიფიკაციის თანამედროვე სამეცნიერო საშუალებებზე. დნმ ანალიზის საშუალებანი ევროპის საბჭოს მიერ აღიარებულ იქნა თხუთმეტ წელზე დიდი ხნის წინ და მიჩნეულ იქნა მნიშვნელოვან ელემენტად სისხლის სამართლის სისტემში (იხ. მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია რ(92)1, პარაგრაფები 43-44, ზემოთ). სადავო არც ის გახლავთ, რომ წევრ სახელმწიფოები მას შემდეგ სწრაფი და აშკარა პროგრესით იყენებენ დნმ ინფორმაციას ბრალეულობის ან მისი არარსებობის დასადგენად.
106.თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო აღიარებს ამგვარი ინფორმაციის მნიშვნელობას დანაშაულის დადგენაში, მან მაინც უნდა განსაზღვროს მისი შეფასების მასშტაბები. აღსანიშნავია, რომ შეკითხვა არ ეხება იმას, თუ რამდენად არის თითის ანაბეჭდების, უჯრედოვანი ნიმუშებისა და დნმ პროფილების შენახვა ზოგადად გამართლებული კონვენციის მიხედვით. სასამართლოს მიერ განსახილველი გახლავთ ის, თუ რამდენად არის მომჩივანთა, ანუ იმ პირთა რომლებიც ეჭვმიტანილნი მაგრამ არა მსჯავრდებულნი იყვნენ გარკვეულ სისხლის სამართლის დანაშაულში, თითის ანაბეჭდებისა და დნმ მონაცემების შენახვა გამართლებული კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
107.სასამართლო მოცემულ საკითხს განიხილავს ევროპის საბჭოს შესაბამისი ინსტრუმენტებისა და სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოების კანონმდებლობისა და პრაქტიკის გათვალისწინებით. მონაცემთა დაცვის მთავარი პრინციპების მიხედვით, მონაცემთა შენახვა უნდა იყოს შეგროვების მიზნის პროპორციული და უნდა აუცილებლად აწესებდეს შენახვის შეზღუდულ ვადებს (იხ. პარაგრაფი 41-44, ზემოთ). მოცემული პრინციპები მუდმივად არის დაცული ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ პოლიციის სექტორში მონაცემთა დაცვის კონვენციისა და მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად (იხ. პარაგრაფები 45-49, ზემოთ).
108რაც შეეხება კონკრეტულად უჯრედოვან ნიმუშებს, ხელშემკვრელ სახელმწიფოთა უმრავლესობა უშვებს მოცემული მასალების აღებას სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მხოლოდ იმ პირებისაგან, რომელნიც ეჭვმიტანილნი არიან გარკვეული მცირე სიმძიმის დანაშაულის ჩადენაში. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა უდიდეს უმრავლესობაში, სადაც ფუნქციონირებს დნმ მონაცემთა ბაზა, ნიმუშები და დნმ პროფილები, რომელიც გამომდინარეობს მოცემული ნიმუშებისაგან უნდა იქნას ამოღებული ან განადგურებული გამართლების ან ბრალის მოხსნისთანავე ან გარკვეული შეზღუდული დროის გასვლის შემდეგ. რიგ ხელშემკვრელ სახელმწიფოებში დაშვებულია მოცემული პრინციპიდან გარკვეული შეზღუდული რაოდენობის გამონაკლისები (იხ. პარაგრაფები 47-48, ზემოთ).
109.მოცემულ ვითარებაში განსაკუთრებით საინტერესოა შოტლანდიის, როგორც გაერთიანებული სამეფოს ნაწილის, არსებული პოზიცია. როგორც ზემოთ აღინიშნა (იხ. პარაგრაფი 36), შოტლანდიის პარლამენტმა კენჭი ყარა რათა დაეშვა არამსჯავრდებულ პირთა დნმ-ის შენახვა მხოლოდ იმ ზრდასრულ პირებთან მიმართებაში, რომლებსაც ბრალად ედებოდათ ძალადობრივი ან სექსუალური დანაშაულების ჩადენა, და მაშინაც, მხოლოდ სამი წლის ვადით. დნმ ნიმუშის შენახვის მოცემული ვადა შესაძლებელია დამატებით ორი წლით განვრცობილიყო შერიფის ნებართვის საფუძველზე.
110.მოცემული პოზიცია შესაბამისობაში გახლავთ მინისტრთა კომიტეტის რ(92)1 რეკომენდაციასთან, რომელიც ხაზს უსვამს ისეთი მიდგომის საჭიროებას, რომელიც განასხვავებს სხვადასხვა ტიპის საქმეებს შორის და რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მკაცრად განსაზღვრული ვადით, უფრო სერიოზულ შემთხვევებშიც კი (იხ. არაგრაფები 43-44, ზემოთ). მოცემული ვითარების გათვალისწინებით, ინგლისი, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია არის ის გამონაკლისი იურისდიქციები ევროპის საბჭოში, რომელიც უშვებს ნებისმიერი ასაკისა და ნებისმიერ აღრიცხვაზე აყვანად დანაშაულში ეჭვმიტანილ პირთა თითის ანაბეჭდებისა და დნმ მასალის განუსაზღვრელი ვადით შენახვას.
111.მთავრობა აქცენტს აკეთებს იმ ფაქტზე, რომ გაერთიანებულ სამეფოს გააჩნია დნმ ნიმუშთა დასამუშავებლად და დამნაშავეთა გამოსავლენად არსებული ყველაზე განვითარებული ტექნოლოგიები და რომ სხვა სახელმწიფოებს ჯერ კიდევ არ მიუღწევიათ მომწიფების ამგვარი დონისათვის, დნმ მონაცემთა ბაზისა და მასში არსებული რესურსების გათვალისწინებით. მთავრობა შესაბამისად აღნიშნავს, რომ იმ სახელმწიფოთა კანონმდებლობისა და პრაქტიკის შედარებითი ანალიზი, რომელთაც გააჩნიათ უფრო ნაკლებად განვითარებული სისტემები, ნაკლები მნიშვნელობისაა.
112.სასამართლო ვერ უგულვებელყოფს იმ ფაქტს, რომ მიუხედავად იმ პლიუსებისა, რომელის მას გააჩნია დნმ მონაცემთა ბაზის სისრულის გათვალისწინებით, სხვა ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა აირჩიეს ზღვარის დადგენა ამგვარი მონაცემების შენახვასა და გამოყენებაზე, ცდილობდნენ დაეცვათ რა ჯეროვანი ბალანსი სასწორის მეორე მხარეს არსებულ პირადი ცხოვრების პატივისცემასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-8 მუხლით დადგენილი დაცვა ყოველმიზეზგარეშე შესუსტდებოდა თუკი სისხლის სამართლის სფეროში არსებული თანამედროვე სამეცინერო საშუალებათა გამოყენება ნებადართული იქნება ნებისმიერ ფასად და არ მოხდება ჯეროვანი ბალანსის დაცვა პოტენციურ სარგებელსა და მოცემული ტექნიკის პირადი ცხოვრების ინტერესებზე გავლენას შორის. სასამართლოს აზრით, ამ მხრივ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის არსებული ძლიერი კონსესუსი დიდი მნიშვნელობისაა და ავიწროებს ხელშემკვრელ სახელმწიფოზე მიკუთვნებულ შეფასების ზღვარს პირად ცხოვრებაში ჩარევის ნებადართული ლიმიტებს დადგენისას. სასამართლო მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც საკუთარ თავს პიონერად მიიჩნევს ახალი ტექნოლოგიების განვითარების სფეროში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მატარებელია მოცემულ კუთხით ბალანსის დადგენაზე.
113.წინამდებარე საქმეში, მომჩივანთა თითის ანაბეჭდები და უჯრედოვანი ნიმუშები აღებული და დნმ პროფილები მოპოვებულ იქნა იმ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში, რომელიც ეფუძნებოდა ეჭვს პირველი მომჩივნის შემთხვევაში ქურდობის მცდელობაში, ხოლო მეორე მომჩივნის შემთხვევაში კი პარტნიორის ზეწოლაზე. მონაცემები შენახული იქნა იმ კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც იძლევა უვადო შენახვის საშუალებას, მიუხედავად იმისა, რომ მოხდა პირველი მომჩივნის გამართლება, ხოლო მეორე მომჩივნის წინააღმდეგ კი საქმის შეწყვეტა.
114.სასამართლომ უნდა განიხილოს, თუ რამდენად ეფუძნება არამსჯავრდბული პირთა თითის ანაბეჭდებისა და დნმ მონაცემების უვადო შენახვა გონივრულ და საკმარის მიზეზებს.
115.მართალია, არამსჯავრდებულ პირთა თითის ანაბეჭდების, უჯრედოვანი ნიმუშებისა და დნმ პროფილების შენახვა ინგლისსა და უელსში არსებობდა მხოლოდ 2001 წლიდან, მთავრობა დავობდა, რომ მათი შენახვა აუცილებელია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისას. აშკარაა, რომ ლოდთა პალატისა და მთავრობის მიერ ამ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი სტატისტიკა, ისევე როგორც სხვა მტკიცებულებები (იხ. პარაგრაფი 92, ზემოთ) შთამბეჭდავია და მიუთითებენ, რომ ის დნმ პროფილები, რომლებიც აქამდე განადგურებას უნდა დაქვემდებარებულიყო, ემთხვეოდა მრავალ საქმეში დანაშაულის ადგილიდან ამოღებულ მონაცემებს.
116. თუმცა, მომჩივნები ამტკიცებენ, რომ სტატისტიკა შეცდომაში შემყვანია, მოცემულ ხედვას იზიარებს ნაფილდის ანგარიშიც. მართლაც, როგორც მომჩივნებიც აღნიშნავენ, აღნიშნული მონაცემები არ იძლევა ინფორმაციას იმაზე, თუ რამდენად აისახებოდა დანაშაულის ადგილზე ამოღებულ ნიმუშებთა მოცემული "კავშირი" ეჭმიტანილთა მიმართ საბრალდებო განაჩენში, არც იმ საბრალდებო განაჩენების რაოდენობაზეა საუბარი, რომელიც გამოტანილ იქნა იმ პირთა დნმ ნიმუშების შენახვით საფუძველზე, რომელნის სასამართლოს მიერ არ იყვნენ მსჯავრდებულნი დანაშაულის ჩადენაში. ვერც იმის დამტკიცება ხდება, რომ დანაშაულის ადგილიდან ამოღებულ ნიმუშებთან დამთხვევის მაღალი რაოდენობა შესაძლებელი მხოლოდ იმიტომ შეიქნა, რომ ადგილი ჰქონდა ყველა აღნიშნული პირის დნმ ჩანაწერების განუსაზღვრელი ვადით შენახვას. ამასთანავე, მთავარობის მიერ ციტირებულ საქმეთა უმრავლესობაში (იხ. პარაგრაფი 93, ზემოთ), ეჭვმიტნილ პირთაგან აღებული დნმ ჩანაწერები დაემთხვა მხოლოდ ადრეულ დანაშაულის ადგილზე აღებულ მონაცემებს, რომელიც შენახული იყო მონაცემთა ბაზაში. მიუხედავად აღნიშნულისა, ამგვარ დამთხვევებს შესაძლებელია ადგილი ჰქონოდათ არსებული სქემის გარეშეც, რომელიც იძლევა ყველა ეჭვმიტნილი მაგრამ არამსჯავრდებული პირის დნმ მონაცემების უვადო შენახვას.
117.მაშინ, როდესაც მთავრობის მიერ წარმოდგენილი არც სტატისტიკა და არც ნიმუშები არ ადასტურებენ, რომ დამნაშავეთა წარმატებული დადგენა და პასუხისგება შეუძლებელი იყო მომჩივანთა ვითრებაში მყოფი პირების თითის ანაბეჭდებისა და დნმ მონაცემების ჩანაწერების მუდმივი და განუსხვავებელი შენახვის გარეშე, სასამართლო იზიარებს ხედვას, რომ მონაცემთა ბაზის გაფართოებამ მაინც შეუწყო ხელი დანაშაულის დადგენასა და თავიდან აცილებას.
118.ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს, თუ რამდენად გახლავთ მონაცემთა შენახვა პროპორციული და რამდენად იცავს სამართლიან ბალანსს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის.
119.ამ მხრივ, სასამართლო შეშფოთებულია ინგლისსა და უელსში მოქმედი მონაცემთა შენახვის ყოვლისმომცველი და უპირობო ხასიათით. მასალა შესაძლებელია შენახულ იქნას მიუხედავად დანაშაულის ბუნებისა თუ სიმძიმისა, რომლისთვისაც ინდივიდი თავდაპირველად ეჭვმიტანილი იყო, მიუხედავად მისი ასაკისა; თითის ანაბეჭდები და ნიმუშები შესაძლებელია აღებულ - და შენახულ - იქნას ნებისმიერი ასაკის პირისაგან, რომელიც დაკავებულია აღრიცხვადი დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, მიუხედავად დანაშაულის მცირე ხასიათისა და მასზე განსაზღვრული არასაპატიმრო სასჯელისა. მონაცემთა შენახვა არ არის დროში განსაზღვრული; მასალა ინახება უვადოდ, მიუხედავად დანაშაულის ბუნებისა და სიმძიმისა, რომლის ჩადენაშიც არის პირი ეჭვმიტანილი. მეტიც, პირს, რომელიც გამართლებულ იქნა გააჩნია მხოლოდ შეზღუდული საშუალებანი რათა მოითხოვოს მის შესახებ მონაცემების განადგურება ეროვნულ მონაცემთა ბაზაში (იხ. პარაგრაფი 35, ზემოთ). კერძოდ კი არ არსებობს დებულება, რომელიც დამოუკიდებელად, განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე განიხილავს შენახვის გამამართლებელ საფუძვლებს, მათ შორის ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიც გახლავთ დანაშაულის სერიოზულობა, წინა დაკავებანი, პირის წინააღმდეგ არსებული ეჭვის სიძლიერე და ნებისმიერი სხვა ცალკეული გარემოებანი.
120.სასამართლო იაზრებს, რომ მომჩივანთა პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევის დონე შესაძლებელია განსხვავდებოდეს შენახული სამი სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით. უჯრედოვანი ნიმუშების შენახვამ შესაძლებელია გამოიწვიოს პირად ცხოვრებაში განსაკუთრებულად სერიოზული ჩარევა იმ გენეტიკური და ჯანმრთელობის ინფორმაციის გათვალისწინებით, რაც არის მოცემული აღნიშნულ ნიმუშებში. ისეთი განუსაზღვრელი და თავისუფალი შენახვის რეჟიმი, როგორიც მოცემულია ამ შემთხვევაში, მოითხოვს სერიოზულ ანალიზს მიუხედავად აღნიშნული განსხვავებებისა.
121.მთავრობამ აღნიშნა, რომ შენახვა არ უნდა იყოს განხილული მომჩივნებზე პირდაპირი და მნიშვნელოვანი გავლენის მქონედ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებთან დამთხვევა მომავალში არ გამოიწვევს მათ მიერ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანას. სასამართლო ვერ დაეთანხმება ამგვარ დასკვნას და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ პიროვნების შესახებ ინფორმაციის შენახვა, რა ფორმითაც არ უნდა იყოს იგი მიღებული, უნდა ჩაითვალოს მოცემული პირის პირადი ცხოვრების ინტერესებზე უშუალო გავლენის მქონედ, მიუხედავად იმისა მოხდება თუ არა აღნიშნული მონაცემების შემდგომი გამოყენება (იხ. პარაგრაფი 67, ზეოთ).
122.წინამდებრე კონტესქტში შემაშფოთებელია იმ სტიგმატიზაციის საფრთხე, რომელიც გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ იმ პირების მიმართ, მსგავსად მომჩივნებისა, რომლებიც დანაშაულის ჩადენაში არ ყოფილან მსჯავრდებულნი და რომლებიც სარგებლობენ უდანაშაულობის პრეზუმფციით, ხორციელდება მსჯავრდებული პირებისადმი არსებულის მსგავსი მოპყრობა. ამ მხრივ, სასამართლოს უნდა ახსოვდეს, რომ კონვენციის მიხედვით, ყოველი პირის უფლება ითვლებოდეს უდანაშაულოდ მოიცავს იმ ზოგად წესსაც, რომ ბრალდებული პირის გამართლების შემდეგ დაუშვებელია მის უდანაშაულობაზე ეჭვის გამოხატვა (იხ.Asan Rushiti v. Austria, no. 28389/95, § 31, 21 მარტი 2000, შემდგომი მითითებებით). აღსანიშნავია, რომ მომჩივნების პირადი მონაცემების შენახვა არ უდრის მათ წინააღმდეგ ეჭვის გამოხატვას. თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ აღქმა, მასზედ, რომ მათ მიმართ არსებული მოპყრობა არ არის უდნაშაულო პირების მსგავსი კიდევ უფრო მძიმდება იმ ფაქტით, რომ მათი მონაცემები ინახება განუსაზღვრელი ვადით სწორედ ისე, როგორც მსჯავრდებულ პირთა მონაცემები, მაშინ როდესაც იმ პირთა მონაცემები, რომლებიც არასდროს ყოფილან ეჭვმიტანილნი ექვემდებარება სავალდებულო განადგურებას.
123.მთავრობა მიიჩნევს, რომ შენახვის უფლებამოსილება ვრცელდება ყველა თითის ანაბეჭდზე და იმ ნიმუშებზე, რომელიც პირისაგან აღებულ იქნა დანაშაულის გამოძიების ფარგლებში; ეს უკანასკნელი არ არის დამოკიდებული პირის ბრალეულობასა თუ უდანაშაულობაზე. მათ ასევე აღნიშნეს, რომ თითის ანაბეჭდები და ნიმუშები კანონის ფარგლებში იქნა აღებული და რომ მათი შენახვა არ არის დამოკიდებული იმ ფაქტზე, რომ ისინი თავდაპირველად ეჭვმიტანილნი იყვნენ დანაშაულის ჩადენაში. მონაცემთა შენახვის ერთადერთი მიზეზი გახლავთ მონაცემთა ბაზის ზომის, შესაბამისად, გამოყენების გაზრდა მომავალში დამნაშავეთა დასადგენად. სასამართლო ვერ იზიარებს მოცემულ არგუმენტს 1984 წლის აქტის 64(3) მუხლის გათვალისწინებით, რომელიც მოითხოვს მოხალისეთა თითის ანაბეჭდებისა და ნიმუშების განადგურებას მათი მოთხოვნის საფუძველზე მიუხედავად იგივე ინტერესისა, რომ მოხდეს მონაცემთა ბაზის ზომისა და გამოყენებადობის გაზრდა. იმისათვის, რომ სასამართლომ გამართლებულად მიიჩნიოს განსხვავებული მოპყრობა მომჩივანთა პირად მონაცემთა და არამსჯავრდებულ პირთა მონაცემთა შორის, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს საფუძვლიანი მიზეზები.
124.სასამართლო შემდეგ განიხილავს არამსჯავრდებულ პირთა პერსონალური მონაცემების შენახვას, როგორც განსაკუთრებული ზიანის მომცველ ფაქტს არასრულწლოვანებთან მიმართებაში, მსგავსად პირველი მომჩივნისა, მათი განსაკუთრებული მდგომარეობის, განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მნიშვნლობის გათვალისწინებით. სასამართლო ხაზს უსვამს გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის მე-40 მუხლის საფუძველზე არასრულწლოვანთა განსაკუთრებულ მდგომარეობას სისხლის სამართლებრივ სფეროში და აღნიშნავს სასამართლო განხილვაზე მათი პირადი ცხოვრების დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას (იხ.T. v. the United Kingdom [GC], no. 24724/94, §§ 75 და 85, 16 დეკემბერი 1999). ამასთანავე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ცალკეული ყურადღება უნდა იქნას დათმობილი არასრულწლოვანთა დაცვაზე ნებისმიერი იმ ზინისაგან, რომელიც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ხელისუფლების მიერ მათი პირადი მონაცემების შენახვიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში მათი გამართლების შემდეგ. სასამართლო იზიარებს ნაფილდის საბჭოს ხედვას იმის შესახებ, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს დნმ მასალების უვადოდ შენახვას ახალგაზრდა პირებზე და აღნიშნავს, რომ საბჭოს წუხილი მასზედ, რომ არსებული პოლიტიკა იწვევს მონაცემთა ბაზაში იმ ახალგაზრდა პირთა და ეთნიკურ უმცირესობათა მომეტებულ წარმოდგენას, რომლებიც არ ყოფილან მსჯავრებლნი არანაირ დანაშაულში (იხ. პარაგრაფები 38-40, ზემოთ).
125.დასკვნის სახით, სასამართლო მიიჩნევს, რომ უპირობო და განუსაზღვრელი უფლებამოსილება შენახულ იქნას იმ პირთა თითის ანაბეჭდები, უჯრედოვანი ნიმუშები და დნმ პროფილები, რომლებიც ეჭვმიტანილნი, მაგრამ არა მსჯავრდებულნი არიან დანაშაულის ჩადენაში, მსგავსად მომჩივანთა შემთხვევისა, ვერ ახდენს სამართლიანი ბალანსის დაცვას საჯარო და კერძო ინტერესებს შორის და რომ მოპასუხე სახელმწიფომ გადააბიჯა შეფასების ნებადართულ ზღვარს ამ მხრივ. შესაბამისად, მოცემულ საქმეში განხილული მონაცემთა შენახვა წარმოადგენს არაპროპორციულ ჩარევას მომჩივანთა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში, რომელიც ვერ გამართლდება დემოკრატიულ საზოგადოებში აუცილებლობით. მოცემული დასკვნის საფუძველზე, სასამართლო საჭიროდ არ მიიჩნევს განიხილოს მომჩივანთა წუხილი გარკვეულ გრანტიათა ადექვატურობის ირგვლივ, მაგალითად, მონაცემებზე ფართო წვდომა და არასაკმარისი დაცვა მოცემულ მონაცემთა არაჯეროვანი და გადამეტებული გამოყენებისაგან.
126.შესაბამისად, მოცემულ საქმეში ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.
II. კონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა მე-8 მუხლთან ერთობლიობაში
127.მომჩივნებმა განაცხადეს, რომ ისინი დაექვემებარნენ დისკრიმინაციულ მოპყრობას ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ, კერძოდ კი სხვა არამსჯავრდებულ პირებთან შედარებით, რომელთა ნიმუშებიც ექვემდებარება სავალდებულო განადგურებას კანონმდებლობის მიხედვით. მოპყრობა უკავშირდებოდა მათ სტატუსს და ხვდებოდა მე-14 მუხლის ფარგლებში, მისი ლიბერალური ინტერპრეტაციის გათვალისწინებით. მე-8 მუხლით წარმოდგენილ არგუმენტებში გაწერილი მიზეზების გამო, არ არსებობდა მოპყრობის გონივრული თან ობიექტური გამართლება და არც კანონიერი მიზანი ან გონივრული პროპორციული ურთიერთობა მყარდებოდა დანაშაულის პრევენციის სავარაუდო მიზანთან, კერძოდ კი იმ ნიმუშებთან დაკავშირებით, რომელიც არანაირ როლს არ თამაშობდა დანაშაულის დადგენასა თუ პრევენციაში. მომჩივანთა აზრით იმ პირთა შესახებ მასალების შენახვა, რომლებიც უდანაშაულოდ უნდა ითლებოდნენ, სრულიად არაჯეროვანი და ზიანის მომტანი გახლდათ.
128.მთავრობამ აღნიშნა, რომ რადგან ადგილი არ ჰქონდა მე-8 მუხლის დარღვევას, შესაბამისად მე-14 მუხლი არ გამოიყენებოდა. და რომც გამოყენებულიყო, არ არსებობდა განსხვავებული მოპყრობა რადგანაც მომჩივანთა მსგავს ვითარებაში მყოფი პირებისადმი არსებული მოპყრობა იდენტური იყო და რომ მომჩივნებს არ უნდა შეედარებინათ საკუთარი თავი იმ პირებთან, რომელთა ნიმუშებიც პოლიციას არ აუღია ან რომლებიც მოხალისეობრივად დათანხმდნენ ნიმუშების გაცემაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, გასაჩივრებული განსხვავება მოპყრობაში არ ეფუძნებოდა "სტატუსს" ან პერსონალურ მახასიათებლებს, არამედ დამოკიდებული გახლდათ ისტორიულ ფაქტზე. თუკი არსებობდა რაიმე განსხვავება მოპყრობათა შორის, იგი ობიექტურად გამართლებული გახლდათ და ხვდება სახელმწიფოს ხელთ არსებულ შეფასების ზღვარში.
129.სასამართლო ეფუძნება მის ზემორე მოცემულ დასკვნას მასზედ, რომ მომჩივანთა თითის ანაბეჭდების, უჯრედოვანი ნიმუშებისა და დნმ პროფილების შენახვა არღვევს კონვენცის მე-8 მუხლს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს ცალკე განიხილოს მომჩივანთა საჩივარი კონვენციის მე-14 მუხლის საფუძველზე.
III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
130.კონვენციის 41-ე მუხლის მიხედვით:
"თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია ან მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს მიაკუთვნებს სამართლიან დაკმაყოფილებას."
131.მომჩივნებმა სასამართლოს მოთხოვეს სამართლიანი დაკმაყოფილების მიკუთვნება მორალური ზიანისთვის და სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად.
ა. მორალური ზიანი
132.მომჩივნები ითხოვდნენ კომპენსაციას მორალური ზიანისათვის 5,000 გირვანქა-სტერლინგის ოდენობით თითოეულისათვის იმ ღელვისა და ნერვიულობისათვის, რაც გამოიწვია ცოდნამ იმის შესახებ, რომ ყოველი მათგანის შესახებ უკიდურესად პირადი ხასიათის ინფორმაცია გაუმართლებლად ინახებოდა სახელმწიფოს მიერ, ისევე როგორც იმ ღელვისა და სტრესის გამო, რომელიც გამოწვეული იყო სასამართლოში მოცემული საკითხის გასაჩივრებით.
133.მთავრობა დაეფუძნა რა სასამართლო პრაქტიკას (კერძოდ კი საქმეს Amann v. Switzerland, ციტირებული ზემოთ), აღნიშნა, რომ დარღვევის დადგენა თავისთავად წარმოადგენდა სამართლიან დაკმაყოფილებას ორივე მომჩივნისათვის. მათ წინამდებარე საქმე განასხვავეს წინა იმ საქმეებისაგან, სადაც დარღვევა დადგა პერსონალური ინფორმაციის გამოყენების ან გამჟღავნების შედეგად (კერძოდ კი საქმე Rotaru v. Romania, ციტირებული ზემოთ).
134.სასამართლო აღნიშნავს, რომ მან მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია მომჩივანთა თითის ანაბეჭდებისა და დნმ მონაცემების შენახვა. კონვენციის 46-ე მუხლის მიხედვით, პირველ რიგში მოპასუხე სახელმწიფომ, მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ, უნდა განახორციელოს შესაბამისი ზოგადი და/ან ინდივიდუალური ზომები, რათა დააკმაყოფილოს მისი ვალდებულებები მომჩივანთა და სხვა მათ მდგომარეობაში მყოფ პირთა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დასაცავად (იხ.Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39221/98 და 41963/98, § 249, ECHR 2000‑VIII, და Christine Goodwin v. the United Kingdom [GC], no. 28957/95, § 120, ECHR 2002‑VI). მოცემულ გარემოებებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ დარღვევის დადგენა, იმ შედეგებით, რომელიც მას მომავალში ექნება, შესაძლებელია მიჩეულ იქნას საკმარისად სამართლიანი დაკმაყოფილების მხრივ მოცემულ ასპექტში. სასამართლო, შესაბამისად, არ აკმაყოფილებს მომჩივანთა მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
ბ. სასამართლო ხარჯები
135.მომჩივნებმა სასამართლოს მოთხოვეს 52,066.25 გირვანქა-სტერლინგის ანაზღაურების მიკუთვნება სასამართლოს წინაშე გაწეული ხარჯებისათვის. მოთხოვნას თან ახლავს დეტალური დოკუმენტაცია. აღნიშნული მოიცავს ადვოკატის ხარჯებს (15,083.12 გირვანქა-სტერლინგი) და სამი მრჩეველის ხარჯებს (21,267.50 გირვანქა-სტერლინგი, 2,937.50 და 12,778.13 გირვანქა-სტერლინგი შესაბამისად). ადვოკატების მიერ საათობრივად დაანგარიშებული საათები შეადგენდა: 140 გირვანქა-სტერლინგი მომჩივნების ადვოკატებისათვის (გაიზარდა 183 გირვანქა-სტერლინგამდე 2007 წლის ივნისიდან) და 150, 250 და 125 გირვანქა-სტერლინგი შესაბამისი სამი მრჩეველისათვის.
136.მთავრობამ მომჩივანთა მოთხოვნა სრულიად არაგონივრულად მიიჩნია. მათ აღნიშნეს, რომ ადვოკტების მიერ დარიცხული მარჟა გადამეტებული გახლდათ და უნდა შემცირებულიყო მოთხოვნილი რაოდენობის არაუმეტეს ორ-მესამედამდე. მათ ასევე აღნიშნეს, რომ არანაირი კომპენსაცია არ უნდა გაიცეს მეოთხე ადვოკატზე, რომელიც აყვანილ იქნა საქმისწარმოების ბოლო ეტაპზე, რადგანაც შედეგად მივიღეთ საქმის გაორმაგება. მთავრობამ დაასკვნა, რომ კომპენსაცია უნდა განსაზღვრულიყო 15,000 გირვანქა-სტერლინგით, ან არაუმეტეს 20,000 გირვანქა-სტერლინგით.
137.სასამართლო იმეორებს, რომ მხოლოდ ის სასამართლო ხარჯები ანაზღაურდება, რომელიც რეალური, აუცილებელი და გონვრულია კონვენციის 41-ე მუხლის მიხედვით (იხ. სხვა მრავალთა შორის, Roche v. the United Kingdom [GC], no. 32555/96, § 182, ECHR 2005‑X).
138.ერთის მხრივ, წინამდებარე მომჩივანი საკმაოდ რთული ხასიათის გახლდათ, რადგანაც საჭიროებდა როგორც პალატის, ისე დიდი პალატის მიერ განხილვას, მათ შორის არგუმენტების წარმოდგენის რამდენიმე ეტაპსა და ზეპირ მოსმენას. მომჩივნებმა წამოსწიეს მნიშვნელოვანი იურიდიული საკითხები და პრინციპული შეკითხვები, რომელიც დიდი რაოდენობის შრომას საჭიროებდა. აღსანიშნავია, რომ იგი საჭიროებდა გაერთიანებულ სამეფოში არსებული თითის ანაბეჭდებისა და დნმ ჩანაწერების არსებული მონაცემთა ბაზის სიღრმისეულ ანალიზსა და სხვა ხელშემკვრელ სახელმწოფთა კანონმდებლობისა და პრაქტიკის, ისევე როგორც ევროპის საბჭოს შესაბამისი ტექსტებისა და დოკუმენტების შედარებით კვლევას.
139.მეორეს მხრივ, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნების მიერ მოთხოვნილი მთლიანი თანხა 52,066.25 გირვანქა-სტერლინგის ოდენობით გადამეტებული ოდენობისაა. კერძოდ კი, სასამართლო ეთანხმება მთავრობას, რომ მეოთხე ადვოკატის დანიშვნა საქმისწარმოების მოგვიანებით ეტაპზე შესაძლებელია ყოფილიყო საქმის გაორმაგების გამომწვევი.
140.სამართლიან საფუძველზე საკითხის შეფასებისას და შედარებად საქმეებში დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით, სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად სასამართლო მომჩივნებს მიაკუთვნებს 42,000 ევროს, გამოკლებული 2,613.07 ევრო, რომელიც უკვე გადახდილ იქნა ევროპის საბჭოს მიერ იურიდიული დახმარების ფარგლებში.
გ. საურავი
141.სასამართლო თვლის, რომ საურავი უნდა განისაზღვროს ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის საშუალო განაკვეთის ოდენობით, დამატებული სამი პროცენტი.
აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო ერთხმად
1.ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას;
2.ადგენს, რომ საჭირო არ გახლავთ კონვენციის მე-14 მუხლის საფუძველზე საჩივრის ცალკე განხილვა;
3.ადგენს, რომ დარღვევის დადგენა თავისთავად წარმოადგენს სამართლიან დაკმაყოფილებას მომჩივნების მიერ განცდილი მორალური ზიანისათვის.
4.ადგენს
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ, სამი თვის განმავლობაში, მომჩივნებს უნდა გადაუხადოს 42,000 ევრო (ორმოცდაორი ათასი) სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად (რომელიც მოიცავს ნებისმიერ დღგ-ს, რომელიც შესაძლებელია დაეკისროს მომჩივნებს), კონვერტირებული გირვანქა-სტერლინგებში გადახდის დღეს არსებული გაცვლითი კურსის მიხედვით, გამოკლებული 2.613.07 ევრო, რომელიც მომჩივნებისათვის უკვე გადახდილია იურიდიული დახმარების სახით.
(ბ) ზემოხსენებული სამი თვის გასვლიდან ანაზღაურებამდე, თანხას დაეკისრება საპროცენტო განაკვეთი, რომელიც განისაზღვრება ევროპის ცენტრალური ბანკის სესხის საშუალო განაკვეთის ოდენობით, პლიუს სამი პროცენტი.
5.უარყოფს მომჩივნების დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გაცხადებულია საჯარო მოსმენაზე ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში 2008 წლის 4 დეკემბერს.
მაიკლ ო’ბოილიჟან-პოლ კოსტასასამართლო გამწესრიგებლის მოადგილე პრეზიდენტი
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2012
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). იგი სასამართლოსათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს და არც მის ხარისხზე აკისრებს პასუხისმგებლობას. მოცემული დოკუმენტი შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC სასამართლო პრაქტიკის მონაცემთა ბაზიდან () ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელთანაც სასამართლომ მოახდინა მისი გაზიარება. დასაშვებია თარგმანის რეპროდუქცირება არაკომერციული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული სახელწოდების ციტირება, მოცემულ საავტორო უფლებების აღნიშვნასა და ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდზე მითითებით. წინამდებარე თარგმანის ნებისმიერი ნაწილის კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე: publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2012
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2012
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
[1] aleli gxlavT calkeuli genis ori an meti alternatiuli forma. gansvavebuli alelebi gansazRvraven yoveli genetikuri kodis maxasiaTebel ganviTarebas (World Encyclopedia. Philip's, 2008. Oxford Reference Online. Oxford University Press).
Full & Egal Universal Law Academy