დოკუმენტი მომზადებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის განზოგადებისა და სტატისტიკის სამსახურის (www.tcc.gov.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Tbilisi City Court, International and Domestic court Practice Generalisation and Statistics Unit (www.tcc.gov.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
დიდი პალატა
ს., ვ. და ა. დანიის წინააღმდეგ
(CASE OF S., V. AND A. v. DENMARK)
(საჩივრები NN 35553/12, 36678/12 და 36711/12)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
22 ოქტომბერი 2018
გადაწყვეტილება საბოლოოა, შეიძლება დაექვემდებაროს სარედაქციო ცვლილიბებს.
საქმეზე ს., ვ. და ა. დანიის წინააღმდეგ
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გუიდო რაიმონდი, თავმჯდომარე,
ანგელიკა ნიუსბერგერი,
ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსი,
განა იუდკივსკა,
ჰელიანა იადერბლუმი,
რობერტ სპანო,
ლედი ბიანკუ,
ნებოიშა ვუჩინიჩი,
ვინსენტ ა. დე გაეტანო,
ერიკ მოსე,
პოლ ლემენსი,
შიშტოფ ვოიტჩეკი,
დიმიტრი დედოვი,
იონ ფრიდრიკ კიოლბრო,
კარლო რანზონი,
სტეფანი მურო-ვიკსტრომი,
ლატიფ ჰუსეინოვი, მოსამართლეები,
და სორენ პრებენსენი, მდივნის მოადგილე,
2018 წლის 17 იანვრისა და 11 ივლისის დახურული თათბირების შედეგად,
მიიღო ეს გადაწყვეტილება მითითებული უკანასკნელი თარიღით:
პროცესი
1. საქმისწარმოების დაწყების საფუძველი იყო სასამართლოს წინაშე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე, დანიის სამეფოს წინააღმდეგ, დანიის სამი მოქალაქის, ბატონ ს.-ს, ბატონ ვ.-ს და ბატონ ა.-ს მიერ, 2012 წლის 8 ივნისს წარდგენილი საჩივარი. დიდი პალატის თავმჯდომარემ გაიზიარა მომჩივანთა თხოვნა მათი სახელების გაუმჟღავნებლობის შესახებ (სასამართლოს რეგლამენტის 47-ე წესის მე-4 პუნქტი).
2. მომჩივნებს წარმოადგენდა ბატონი ს. ბონეზი, ორჰუსში მოღვაწე ადვოკატი და ბატონი ტ. სტადარფელდ იენსენი და ქალბატონი ჰ. ზიებე, მრჩევლები. დანიის მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა მისი წარმომადგენელი ტ. ელინგ რეჰფელდი, კონსულტანტი და ქალბატონო ნ. ჰოლსტ-ხრისტენსენი, ბატონო ს. ვეგენერი და ბატონი ი. ვან დეურსი, მრჩევლები.
3. მომჩივნები კერძოდ დავობდნენ, რომ მათი პრევენციული დაპატიმრება ეწინააღმდეგებოდა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელ პუნქტს.
4. 2014 წლის 7 იანვარს მომჩივნების საჩივრის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რაც მე-5 მუხლს ეფუძნებოდა, მთავრობას გაეგზავნა შეტყობინება, ხოლო საჩივარი კონვენციის მე-7 და მე-11 მუხლების ფარგლებში გამოცხადდა მიუღებლად, 54-ე წესის მე-3 პუნქტის თანახმად.
5. 2017 წლის 11 ივლისს მეორე სექციის პალატამ, შემდეგი შემადგენლობით: რობერტ სპანო, თავმჯდომარე, იული ლაფრანკი, ლედი ბიანკუ, ნებოიშა ვუჩინიცი, პოლ ლემენსი, იონ ფრიდრიკ კიოლბრო, სტეფანი მურო-ვიკსტრომი,
მოსამართლეები და სტენლი ნეისმითი, სექციის მდივანი, საქმე განსახილველად გადასცა დიდ პალატას, მხარეებს ეს გადაწყვეტილება სადავოდ არ გაუხდიათ (კონვენციის 30-ე მუხლი და 72-ე წესი).
6. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და 24-ე წესის თანახმად.
7. მომჩივნებმა და მთავრობამ წარადგინეს წერილობითი მოსაზრებები საჩივრების დასაშვებობასა და არსებით მხარესთან დაკავშირებით.
8. მოსმენა გაიმართა ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგი, 2018 წლის 17 იანვარს.
იქ სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა) მთავრობის სახელით
ბატონი ტ. ელინგ რეჰფელდი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, წარმომადგენელი,
ქალბატონი ნ. ჰოლსტ-ხრისტენსენი, იუსტიციის სამინისტრო, თანაწარმომადგენელი,
ბატონი ს. ვეგენერი, სამდივნოს უფროსი, საგარეო საქმეთა სამინისტრო,
ბატონიი. ვან დეურსი, დეპარტამენტის უფროსი, იუსტიციის სამინისტრო, მრჩევლები;
(ბ) მომჩივნების სახელით
ბატონის. ბონეზი, ადვოკატი, „ადვოკატები ბონეზი & ზიებე, მრჩეველი,
ბატონიტ. სტადარფელდ იენსენი, ადვოკატი,
ქალბატონიჰ. ზიებე, ადვოკატი, მრჩევლები.
სასამართლომ მოისმინა ბატონ ელინგ რეჰფელდისა და ბატონ ბონეზის მიმართვები და მათი პასუხები მოსამართლეების შეკითხვებზე.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
9. პირველი მომჩივანი, ბატონი ს., დაიბადა 1989 წელს. მეორე მომჩივანი, ბატონი ვ., და მესამე მომჩივანი, ბატონი ა., ორივე დაიბადნენ 1982 წელს.
10. შაბათს, 2009 წლის 10 ოქტომბერს დღის 8-დან 10 საათამდე კოპენჰაგენში მიმდინარეობდა საფეხბურთო მატჩი დანიასა და შვედეთს შორის. სტადიონი იტევდა 38,000 მაყურებელს. პოლიციამ აგენტებისგან წინასწარ მიიღო ინფორმაცია დანიისა და შვედეთის სხვადასხვა კლუბების დაჯგუფების მიერ ხულიგნური არეულობების დაგეგმვის შესახებ. შედეგად, კოპენჰაგენის პოლიციასთან ერთად, რომელიც როგორც წესი მორიგეობდა, დამატებით გამოძახებულ იქნა 186 პოლიციელი. მათ უმეტესობას დღის განმავლობაში ეცვა ფორმა. ისინი იცნობდნენ ადგილობრივი საფეხბურთო დაჯგუფებების წევრებს.
11. სამი მომჩივანი ჩავიდა კოპენჰაგენში მატჩზე დასასწრებად. ისინი დააკავეს დღის განმავლობაში პოლიციის შესახებ კანონის (Politiloven) მე-5(3) მუხლის საფუძველზე (იხ. 29-ე პარაგრაფი ქვემოთ).
12. ჯამში დაკავებულ იქნა 138 მაყურებელი/ხულიგანი, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი - მართლმსაჯულების ადმინისტრირების კანონის (Retsplejeloven) 755-ე მუხლის საფუძველზე (იხ. 35-ე პარაგრაფი ქვემოთ), სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის გამო, ხოლო მეორე ნახევარი დაკავებულები იყვნენ პოლიციის შესახებ კანონის მე-5(3) მუხლის საფუძველზე, საქმეებზე, რომლებიც არ იყო სისხლისსამართლებრივი.
13. პირველი მომჩივანი დააკავეს დღის 4.45 საათიდან ღამის 12.06 საათამდე, სულ შვიდი საათითა და ოცდაერთი წუთით.
14. მეორე მომჩივანი დაკავებულ იქნა დღის 3.50 საათიდან 11.27 საათამდე., სულ შვიდი საათითა და ოცდაჩვიდმეტი წუთით.
15. მესამე მომჩივანი დააკავეს დღის 3.50 საათიდან 11.34 საათამდე, სულ შვიდი საათითა და ორმოცდაოთხი წუთით.
16. უკანასკნელ არეულობას კოპენჰაგენის ცენტრში, რომელსაც შედეგად მოჰყვა დაკავებები, ადგილი ჰქონდა დღის 10.51 საათიდან 11.21 საათამდე, რა დროსაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციის სატრანსპორტო ვაგონში მოათავსეს ოცდათხუთმეტი დაკავებული (დაკავებულები 10:51 საათზე).
17. 2009 წლის 15 ოქტომბერს, მომჩივანთა სახელით, მომჩივანთა წარმომადგენელმა მოითხოვა, პოლიციას საქმე წარედგინა სასამართლოსთვის, მართლმსაჯულების ადმინისტრირების შესახებ კანონის 43ა თავის თანახმად, დაკავების კანონიერების შემოწმების მიზნით. იგი ასევე ითხოვდა კომპენსაციას იგივე კანონის 469-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე.
18. 2009 წლის 4 ნოემბერს მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეები წარედგინათ ორჰუსის საქალაქო სასამართლოში (Retten i Aarhus). დაკითხულ იქნენ მომჩივნები, მათი სამი მოწმე საპოლიციო ოპერაციის ხელმძღვანელი და პოლიციის სხვა ოთხი წარმომადგენელი. საქმის განხილვა მიმდინარეობდა სამი დღის განმავლობაში: 2010 წლის 11 მარტს, 6 სექტემბერსა და 28 ოქტომბერს.
19. მომჩივნებმა განმარტეს, რომ ისინი წარმოადგენდნენ დაახლოებით ორმოცდახუთკაციანი დაჯგუფების ნაწილს ორჰუსიდან, რომელიც კოპენჰაგენში მატჩის დაწყებამდე საკმაო დროით ადრე ჩავიდა. ისინი შეხვდნენ ხუთიდან ათამდე კოპენჰაგენელ მეგობარს და შევიდნენ ფაბში. ამის შემდეგ ორმოციდან ორმოცდაათამდე პირმა დატოვა ფაბი და გაეშურნენ უფრო დიდი ფაბის მოსაძებნად სტროგეტის (Strøget) საფეხმავლო სავაჭრო ქუჩისკენ, მაგრამ პოლიციამ ისინი გვერდითა ქუჩაზე გადაიყვანა, სადაც დააკავა მეორე და მესამე მომჩივანი და ოთხი სხვა პირი. საბოლოოდ პირველი მომჩივანი რამდენიმე მეგობართან ერთად წავიდა სხვა ფაბში. მოგვიანებით იგი მივიდა სკვერში ტივოლის ბაღების (Tivoli Gardens) პირდაპირ ორჰუსელ მეგობართან შესახვედრად. იდგა რა ამ მეგობართან ერთად და ტელეფონით საუბრობდა კოპენჰაგენელ მეგობართან, იგი დააკავეს. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ ისინი არ მონაწილეობდნენ რაიმე ხმაურიან აქციაში და არც ამგვარის განზარხვა ჰქონიათ. მათ დაადასტურეს, რომ წინათ რამდენჯერმე იყვნენ დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში სხვა საფეხბურთო მატჩებთან დაკავშირებით.
20. საქალაქო სასამართლოში გამოძახებული იყო „დანიასა და შვედეთს შორის 2009 წლის 10 ოქტომბრის საერთაშორისო მატჩთან დაკავშირებით დაკავებული პირების შესახებ მემორანდუმის“ ავტორი, ღონისძიების სტრატეგიული ხელმძღვანელი, მთავარი ინსპექტორ, ბ.ო.. მან განაცხადდა, რომ ხულიგნური დაჯგუფები ორივე ქვეყნიდან გეგმავდნენ ერთმანეთთან დაპირისპირებას მატჩის დღეს. დაპირისპირების საფრთხე გაიზარდა იმის გამო, რომ მატჩი არ დაიწყებოდა საღამოს 8 საათამდე, რის გამოც ორივე ჯგუფს ჰქონდა საკმაო დრო წინასწარ ალკოჰოლური სასმელის მისაღებად. ამგვარი შეხლა-შემოხლის თავიდან ასაცილებლად დაიგეგმა პროაქტიული დიალოგის დაწყება ღამის 12 საათიდან, როდესაც გამოჩნდებოდნენ პირველი ფანები/მაყურებლები და შეხლა-შემოხლის შემთხვევაში, უნდა დაეპატიმრებინათ წამქეზებლები მართლმსაჯულების ადმინისტრირების კანონის 755-ე მუხლის საფუძველზე და მათთვის ბრალის წაყენება ან, თუ ეს ვერ მოხერხდებოდა _ პოლიციის შესახებ კანონის მე-5(3) მუხლის საფუძველზე, წამქეზებლების დაკავება. იმის გამო, რომ ამ უკანასკნელი ნორმის საფუძველზე დაკავების ვადა, რამდენადაც შესაძლებელია, არ უნდა აღემატებოდეს ექვს საათს, მემორანდუმში საგანგებოდ იყო აღნიშნული, რომ სასურველი იყო თავიდან აეცილებინათ ნებისმიერი პირის დაპატიმრება უფრო ადრე დღის განმავლობაში, რადგან ასეთ შემთხვევაში, შემდეგში ისინი უნდა გაეთავისუფლებინათ თამაშის დროს ან მისი დასრულების შემდეგ, რის გამოც შესაძლებლობა მიეცემოდათ, თავი მოეყარათ ქალაქის ცენტრში და მონაწილეობა მიეღოთ არეულობაში. დღის 3.41 საათზე დაიწყო პირველი დიდი დაპირისპირება დანიისა და შვედეთის გულშემატკივრებს შორის ამაგერტორვის (Amagertorv) სკვერში, სტროგეტზე, კოპენჰაგენის ცენტრში, რასაც შედეგად მოჰყვა ხუთი, თუ ექვსი პირის დაკავება, მათ შორის, მეორე და მესამე მომჩივნებისა. შემდგომში, სხვა ადგილებში დაკავებულ იქნენ სხვა გულშემატკივრებიც, მათ შორის, პირველი მომჩივანიც. მატჩის დაწყებამდე დაკავებულ იქნენ სხვა პირებიც, რომლებმაც წააქეზეს და დაიწყეს ჩხუბი, თუმცა მოქმედების ტაქტიკა იყო დიალოგის გაგრძელება იმის უზრუნველსაყოფად, რომ დიდი რაოდენობით გულშემატკივარს მისცემოდა მატჩის საყურებლად სტადიონზე შესვლის შესაძლებლობა. მატჩის შემდეგ სხვა დიდი არეულობა გაიმართა ქალაქის ცენტრში, რის შედეგადაც ასევე დაკავებულ იქნა შვედი და დანიელი გულშემატკივრების/ხულიგნების დიდი ჯგუფი.
21. საქალაქო სასამართლოს წინაშე მთავარმა ინსპექტორმა ბ.ო.-მ inter alia, განაცხადა:
“... რომ იგი იყო დანიასა და შვედეთს შორის 2009 წლის 10 ოქტომბრის საერთაშორისო საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებული ღონისძიებების სტრატეგიული ხელმძღვანელი და ხელმძღვანელობას ახორციელებდა ოთახიდან, საიდანაც კონტროლის ხორციელდებოდა. პოლიციამ მიიღო აგენტურული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დანიისა და შვედეთის დაჯგუფებების წარმომადგენლები გეგმავდნენ ხულიგნური დაპირისპირებებს მატჩთან დაკავშირებით. ამიტომ პოლიცია მოემზადა იმისათვის, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო დანიისა და შვედეთის უჩვეულო გულშემატკივრებს შორის. ეს ინფორმაცია პოლიციის „ერთგული“ პირებისგან იყო მოწოდებული, საფეხბურთო ფანების სხვადასხვა ქსელებიდან. მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ დანიელების და შვედების დაჯგუფებებს დაგეგმილი ჰქონდათ გაერთიანება ... პოლიციამ მოსამზადებელი სამუშაოები კოპენჰაგენის სხვადასხვა სამიზნე ადგილას განახორციელა. მიზანი იყო სხვადასხვა ჯგუფის თავმოყრა, მათთან საუბარი, დამშვიდება და შესაბამისად, მათში დაძაბულობის დონის დაწევა, სანამ ისინი ეროვნულ სტადიონამდე მივიდოდნენ. პოლიციამ თავისი ძალების, რაც ჯგუფებად იყო დაყოფილი, დისლოკაცია უკვე დღის 2 საათიდან მოახდინა, რადგან აგენტურული ინფორმაციით, მაყურებელი ადრე აპირებდა შეკრებას, გართობის მიზნით. ისინი თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით აკვირდებოდნენ ჯგუფებს და აღმოჩნდა, რომ ფანები დაყოფილი იყვნენ ორ, დანიელების და შვედების ჯგუფებად. ისინი დანიელ და შვედ ხულიგნებს შორის პირველი დიდი დაპირისიპირების შემსწრენი გახდნენ დაახლოებით დღის 3.40 საათზე. ჩხუბი მოხდა სტროგეტის ცენტრალურ პარკში, საფეხმავლო სავაჭრო ქუჩაზე, ბარი D-ს გარეთ, სადაც შვედების ჯგუფი იყო გაჩერებული. ჩხუბამდე დანიელების ჯგუფები ცენტრალურ ბაღში ბოლტენს გარდ (Boltens Gård) შეიკრიბნენ. აგენტის ინფორმაციით, დანიელები იყვნენ ბრონდბის (Brøndby), ლინგბის (Lyngby) [კოპენჰაგენი] და AGF-ის [ორჰუსი] საფეხბურთო კლუბების გულშემატკივრები. ეს ოპერატიული ინფორმაცია იმ ქალაქების პოლიციის ოფიცრებმა მოიპოვეს, რომელთა კლუბებსაც ისინი წარმოადგენდნენ. პოლიციის ის ოფიცრები დასახმარებლად იყვნენ ჩასული კოპენჰაგენში და მათ ამოიცნეს გულშემატკივრები.
დაპირისპირების დაწყება პოლიციისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა, მაგრამ მათ მოახერხეს შვედი გულშემატკივრების დაყოფა ბარ D-სთან და დანიელი მონაწილეების მიმართვა ვაკლენდორფსგადეს (Valkendorffsgade) მიმართულებით, პატარა ქუჩა საფეხმავლო სავაჭრო ქუჩის გვერდით. ჯამში იქ იყო ორმოცდაათი ან სამოცი დანიელი გულშემატკივარი. მან არ იცოდა იმ პირთა რიცხვი, რომლებიც ჩხუბში იყვნენ ჩართული, მაგრამ ადგილზე გავრცელებული ინფორმაციით, ისინი იყვნენ ორმოცდაათიდან სამოცამდე თითოეულ მხარეს. ამგვარი სახის დაპირისპირება მრავალ გაურკვევლობას იწვევს.
იგი თვითონ იმყოფებოდა ოთახში, საიდანაც კონტროლი ხორციელდებოდა, მაგრამ ჰქონდა რეგულარული კონტაქტი იმ პირებთან, ვინც ინციდენტის ადგილას იმყოფებოდნენ. მან მიიღო გადაწყვეტილება იმ პირთა დაპატიმრების შესახებ, რომლებიც ვერ მიეცემოდნენ პასუხისგებაში სამართალდარღვევის ჩადენის გამო, ანუ, პოლიციის შესახებ კანონის საფუძველზე დაპატიმრების შესახებ. დაგეგმილი იყო, რომ მხოლოდ წამქეზებლები უნდა დაეპატიმრებინათ. ისინი ასევე გეგმავდნენ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნებოდა, თავიდან აერიდებინათ მრავალი ადამიანის ადრე დაპატიმრება იმ დღის განმავლობაში, რადგან შემდეგ ისინი გათავისუფლდებოდნენ მატჩის მიმდინარეობისას ან ზუსტად დასრულების დროს და შემდგ ისევ შეიკრიბებოდნენ ქალაქის ცენტრში და დააბოლოვებდნენ დაპირისპირებას. იგი დაეყრდნო ადგილობრივ პოლიციელებს, რათა ამოეცნოთ დაჯგუფებების ექვსი ლიდერი წევრი, რომლებიც შემდეგში დააპატიმრეს. ისინი იდენტიფიცირებულნი იყვნენ იმის წყალობით, რომ პოლიციის ოფიცრები მათ თავიდანვე იცნობდნენ, რასაც დაემატა მათ მიერ წარმართული დაკვირვება. გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო ცალკეული პირის რეალური ქმედება. მათ არ დააპატიმრებდნენ, რომ არ ემოქმედათ, როგორც წამქეზებლებს...
დაპატიმრებულები გათავისუფლდნენ, ცენტრალურ კოპენჰაგენში სიტუაციის შეფასების შედეგად. პოლიციამ დაიწყო დაპატიმრებულთა გათავისუფლება შუაღამის შემდეგ, როდესაც ვითარება კოპენჰაგენის ცენტრში დამშვიდდა და შეფასებულ იქნა, რომ აღარავინ იყო, ვისთან ერთადაც ახლადგათავისუფლებული პირები ჩხუბს დაიწყებდნენ. რომ არ ყოფილიყო ძალადობა ექვსსაათიანი ვადის გასვლის შემდეგ, არ იქნებოდა დაპატიმრებულების არგათავისუფლების საფუძველი. მიზანი იყო ზუსტად განსაზღვრული, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული კონფრონტაცია და დაპირისპირებები და იმგვარი სიტუაცია, რაც გაურკვევლობას იწვევდა. ისინი პატიმრობის პერიოდში აგრძელებდნენ ვითარების შეფასებას
როგორც წესი, არ არსებობდა ხოლმე პრობლემები ექვსსაათიან წესთან დაკავშირებით იმ მატჩებთან მიმართებით, რომლებიც დღის განმავლობაში უფრო ადრე იმართებოდა კვირის დღეებში და, როდესაც ხალხი ასე ადრე არ იკრიბებოდა. ოთახის, საიდანაც კონტროლი ხორციელდებოდა, გუნდში ასევე შედიოდა გამომძიებელი, ვისაც რეგულარული კონტაქტი ჰქონდა ბელაჰოის (Bellahøj) პოლიციის განყოფილებასთან, დაპატიმრებების თაობაზე. პირები, რომლებიც ბრალის საფუძველზე იყვნენ დაპატიმრებულები, გათავისუფლდნენ მატჩის შემდეგ. რაც შეეხება პირებს, რომლებიც პოლიციის შესახებ კანონის საფუძველზე დააპატიმრეს, ეს პირები სათითაოდ გათავისუფლენენ მხოლოდ საშიშროების ჩავლის შემდეგ, სრულყოფილი, ზოგადი შეფასების შედეგად. იგი ჩართული იყო პატიმრობის ხანგრძლივობის ზოგად შეფასებაში, მაგრამ არ განუხილავს ინდივიდუალური საქმეები. ოთახი, საიდანც კონტროლი ხორციელდებოდა დაიხურა მოკლე დროში შუაღამის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ქალაქის მასშტაბით გაკეთდა ანგარიშები, რომ ვითარება იყო მშვიდი და ხალხი ბრუნდებოდა თავიანთ სახლებში/სასტუმროებში. როგორც უკვე აღინიშნა, გადაწყვეტილი იყო დაპატიმრებულთა გათავისუფლება ზოგადი შეფასების წარმართვის შემდეგ ოთახიდან, საიდანაც კონტროლს ახორციელებდნენ, მაგრამ რეალური გათავისუფლება განხორციელდა ბელაჰოის პოლიციის განყოფილებიდან. პოლიციის შეფასება იყო ის, რომ დაპატიმრებულები კვლავ შეხვდებოდნენ და დაუპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, თუკი გათავისუფლება უფრო ადრე მოხდებოდა, ვიდრე ქალაქის ცენტრში ვითარება დამშვიდდებოდა...“
22. პოლიციის კონსტებლმა პ.ვ.-მ აჩვენა:
“... რომ იგი პოლიციის აქციაში მონაწილეობდა როგორც სპეციალიზირებული პატრული, 2009 წლის 10 ოქტომბერს, კოპენჰაგენში გამართულ საერთაშორისო მატჩთან დაკავშირებით. მათ მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ ხულიგნები ორჰუსიდან აპირებდნენ სხვა დანიელ ხულიგნებთან შეხვედრას, ფეხბურთის შვედ ფანებთან ჩხუბის მიზნით. კოპენჰაგენის პოლიციამ დახმარებისთვის მიმართა დანიის სხვა რაიონების პოლიციის განყოფილებებს, რომლებიც უფრო იცნობდნენ ადგილობრივი დაჯგუფებების წევრებს. იგი და მისი კოლეგები აღმოსავლეთ იუტლანდის პოლიციიდან გადაადგილდებოდნენ ქალაქის გარშემო, რომ მოენახათ ხულიგნები ორჰუსიდან, რომლებიც მათ უნდა ამოეცნოთ. მათ უთხრეს, რომ ხალხი ბრონდბიდან შეგროვდა ერთ კონკრეტულ ბართან და ისინი იქ შევიდნენ. იმ ხალხს შორის, რომლებიც მათ ნახეს, იყვნენ [პირველი და მეორე მომჩივანი]. [მესამე მომჩივანი] იჯდა ა-სთან South Side United (SSU)-ის ლიდერთან, რომელიც არის ბრონდბის ადგილობრივი დაჯგუფება. ადგილზე კარგი ატმოსფერო იყო და ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მოწმე გარეთ იდგა გარკვეული დროით და ესაუბრებოდა ადამიანებს ორჰუსიდან. ეს იყო დაახლოებით დღის 1-ლი საათისთვის. იგი და მისი კოლეგები და ზოგიერთი სხვა ოფიცერი გაჩერდნენ ბარის მოპირდაპირე მხარეს, რათა თვალი ედევნებინათ, თუ რა მოხდებოდა. მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ შვედები და დანიელები აპირებდნენ შეხვედრას და ჩხუბს. რამდენიმე ადგილას დანიელმა ხულიგნებმა დაიწყეს ბარის დატოვება, ჩაუყვნენ რა, საფეხმავლო სავაჭრო ქუჩას ამაგერტორვის სკვერისკენ [დაახლოებით 700 მეტრი ბარიდან].
[მოწმე] მუშაობდა სპეციალიზირებულ პატრულში ოთხი წლის განმავლობაში და არაერთხელ შეხვედრია [პირველ და მეორე მომჩივანს] სხვა ჩხუბებისას ფეხბურთის მატჩებთან დაკავშირებით. მან ისინი ნახა მაშინ, როდესაც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა დაპირისპირებაში საფეხბურთო მატჩებთან დაკავშირებით. მან ისინი ნახა მაშინ, როდესაც მონაწილეობას იღებდნენ ჩხუბში და მოუსმენიათ მათგან შეძახილები ‘White Pride Hooligan’. იგი და მისი კოლეგები გაჰყვნენ ჯგუფს და შემდეგ ანგარიში ჩააბარეს საკონტროლო ოთახს. როდესაც იგი და მისი კოლეგები მივიდნენ ამაგერტორვის სკვერთან ახლოს, პოლიციის პერსონალური სატრანსპორტო საშულებები ჯვარედინად დააყენეს იმისათვის, რომ აღეკვეთათ ჯგუფის შეერთება ფეხბურთის შვედ ფანებთან. დანიელი ხულიგნები შემდეგ მობრუნდნენ და ჩაუყვნენ ქვერდითა ქუჩას, სადაც ისინი დაარეგისტრირეს და გაჩხრიკეს.
მათ საკონტროლო ოთახიდან უთხრეს, რომ შეერჩიათ ხულიგანთა ჯგუფის ორი ლიდერი ორჰუსიდან. იგი და მისი კოლეგა დაეთანხმნენ [მეორე და მესამე მომჩივანი] შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას. ეს მოხდა მშვიდ ვითარებაში. მიზეზი, რის გამოც [მეორე მომჩივანი] მიყვანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში, იყო ის, რომ მათ ნამდვილად დაინახეს, რომ იგი ესაუბრებოდა ა.-ს, რასაც დაემატა ის, რომ ისინი მას მანამდეც იცნობდნენ. [მესამე მომჩივანი] ასევე მიყვანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში იმიტომ, რომ ისინი იცნობდნენ მას. [მოწმემ] დაპატიმრების შესახებ ოქმი შეადგინა რამდენიმე საათის შემდეგ.
როდესაც იკითხებოდა 46-ე პუნქტთან დაკავშირებით გვერდის ბოლოში და 47-ე პუნქტთან დაკავშირებით გვერდის დასაწყისში [მის მიერ შედგენილი პოლიციელის ოქმი], რომლის მიხედვითაც ორივემ [მეორე და მესამე მომჩივანი] გასცა სხვადასხვა ბრძანებები სხვა ორჰუსელი ხულიგნების მიმართ, მოწმემ განაცხადა, რომ მას არ შეეძლო დეტალების გახსენება, მაგრამ თუკი ასე დაწერა, მაშინ ეს ასეც იქნებოდა. იმ ორი პირის დაკავების მიზანი იყო სიმშვიდის მიღწევა და შეტაკებების თავიდან არიდება. როგორც ჩანდა, ეს წარმატებით განხორციელდა, რადგან იგი თვითონაც ესწრებოდა საერთაშორისო მატჩს და ხულიგნებს ორჰუსიდან აღარავინ ჰყავდათ, ვინც კონტროლს თავის თავზე აიღებდა. როდესაც ჯგუფი ბარიდან გვერდითა ქუჩისკენ იქნა მიმართული, რამდენიმე ადამიანმა მოხერხა ხალხის მასაში გაბნევა, მაგრამ მთელი ჯგუფი დაემორჩილა პოლიციის მითითებებს.
White Pride-ის მხარდამჭერები ხასიათდებოდნენ მაღალ დონეზე სტრუქტურირებულობით. სრულიად აშკარა იყო, რომ ვიღაცას თავის თავზე ჰქონდა აღებული კონტროლი. დირექტივები გაიცემოდა ლიდერების მხრიდან და ამ დირექტივებს ემორჩილებოდნენ. სამი დაჯგუფება, რომლებიც ბარში იყვნენ, მოსულები იყვნენ ორჰუსიდან. ბრონდბი და ლინგბი, როგორც წესი, არ მეგობრობდნენ. ისინი ერთად ამოვიდნენ და ჯგუფად გაემართნენ ამაგერტორვის სკვერისკენ, სადაც მოსალოდნელი იყო, რომ შვედი ხულიგნები იქნებოდნენ.“
23. პოლიციის კონსტებლმა მ.ვ.-მ აჩვენა:
„... რომ იგი 2009 წლის 10 ოქტომბერს კოპენჰაგენში ჩატარებულ პოლიციის აქციაში მონაწილეობდა, როგორც ძაღლის თანმხლები. იგი ჩართული იყო პირის [პირველი მომჩივნის] ადმინისტრაციულ დაპატიმრებაში აქსელტორვის სკვერში. მას არ გაუმეორებია პირის გვარი, მაგრამ აღნიშნა, რომ ერთადერთი პირი იყო, ვის დაპატიმრებაშიც იგი მონაწილეობდა. იგი და მისი კოლეგა ისხდნენ ავტომანქანაში აქსელტორვის სკვერში, როდესაც დაახლოებით 40-დან 45 წლამდე მოქალაქე, რომელსაც თან თავისი, დაახლოებით ხუთი წლის შვილი, ახლდა, დაუკავშირდა მათ და უთხრა, რომ სამი ადამიანი, რომლებიც მან ძალიან მოკლე მანძილზე შენიშნა, გეგმავდნენ ჩხუბს, რამდენადაც ისინი დაუკავშირდნენ რამდენიმე ნაცნობს და უთხრეს მათ, რომ შეხვედროდნენ ტივოლის ბაღის შესასვლელთან და დაეწყოთ ჩხუბი შვედ გულშემატკივართა ნაწილთან. ამ მოქალაქემ მოისმინა ზარები უშუალოდ იმ მომენტამდე, სანამ პოლიციას დაუკავშირდებოდა და სამი პირიდან ერთ-ერთზე კონკრეტულად მიანიშნა. ის პირი იმ მომენტში ჯერ კიდევ ტელეფონზე საუბრობდა. მოწმემ და მისმა კოლეგებმა მიიჩნიეს, რომ ამ ინფორმაციის მიმწოდებელი სარწმუნო პირი იყო. ინფორმაციის მიმწოდებელი არ ჰგავდა ტიპიურ ფეხბურთის გულშემატკივარს.
მოწმემ გააგრძელა იმ პირზე დაკვირვება, რომელიც იდგა ტელეფონით ყურთან. როდესაც სამმა პირმა შეამჩნიეს მოწმისა და მისი კოლეგების მზერა, მათ სხვა მიმართულებით გააგრძელეს გზა. რამდენიმე კოლეგამ, რომლებიც პოლიციის პერსონალურ ავტომანქანაში ისხდნენ, რომელიც იმ დროისათვის მივიდა ადგილზე, სხვა ორი პირი დააპატიმრეს... “
24. მთავარმა ინსპექტორმა პ.ჯ.-მ აჩვენა:
„... რომ იგი მონაწილეობდა დაპატიმრებულების საკანში მოთავსებაში, დაპატიმრების გაფორმებასა და დაპატიმრებულების გათავისუფლებაში. როდესაც კოპენჰაგენის პოლიცია გეგმავდა მრავალმხრივ საპოლიციო აქციებს და მრავალი პირის დაპატიმრებას, იგი ყოველთვის ჩართული იყო ხოლმე პროცესში, სტანდარტული პროცედურების დაცვის მიზნისთვის, როდესაც დაპატიმრებულებს ათავსებდნენ ბელაჰოის პოლიციის განყოფილებაში.
შესაბამის საღამოს მას ეხმარებოდა ორი ხელმძღვანელი პირი, რომელთაგან თითოეულს ეხმარებოდა ორი კოლეგა პირთა ჩხრეკის ჩატარებაში და დაპატიმრებულთა დასურათებაში. მისი ერთ-ერთი ფუნქცია იყო იმის უზრუნველყოფა, რომ დაცული ყოფილიყო ექვსსაათიანი ვადის წესი. ისინი აღმოჩნდნენ ფაქტის წინაშე, რომ ორი პირის მიმართ პოლიციის შესახებ კანონით გათვალისწინებული ექვსსაათიანი პერიოდი ამოიწურა 9.50 საათზე. ამ ვადის გასვლამდე იგი დაუკავშირდა პასუხისმგებელ პირს ოთახში, საიდანაც კონტროლს ახორციელებდნენ. ამავდროულად, შეტაკებები იწყებოდა ქუჩებში და ოთახის პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვიტა, არ გაეშვა შესაბამისი პირები. მას არ სურდა ცეცხლზე ნავთის დასხმა. ამგვარი გადაწყვეტილება პასუხიმგებელი პირების მიერ იმიტომ იყო მიღებული, რომ მას თვითონ არ გააჩნდა ამგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება. იგი მრავალჯერ ესაუბრა ოთახს, საიდანაც კონტროლის ახორციელებდნენ იმ საღამოს 9.30 საათის შემდეგ. ძალიან ბევრი დაპატიმრებული მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში დაახლოებით 11 საათისთვის, სულ დაპატიმრებულთა რიცხვმა 136-ს მიაღწია. მათი ნახევარი დაპატიმრებული იყო პოლიციის შესახებ კანონის საფუძველზე. იგი რეგულარულად კითხულობდა, თუ როდის უნდა დაეწყოთ დაპატიმრებულთა გათავისუფლება. მას არ მოუკითხავს კონკრეტული სახელები, მაგრამ როდესაც კანონით გათვალისწინებული ექვსსაათიანი მონაკვეთის ამოწურვა დაიწყო, ჩატარდა ყველა დაკავებულის ზოგადი შეფასება მიმდინარე წესით. რადიოკომუნიკაცია შესაძლებლობას აძლევდა, მუდმივად მიეღო ინფორმაცია ვითარების დამშვიდებასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც პირები დააპატიმრეს ბოლტენს ქარდის ეზოში და, საბოლოოდ მიიღო დადასტურება, რომ მას შეეძლო დაეწყო იმ პირთა გათავისუფლება, რომლებიც პოლიციის შესახებ კანონის საფუძველზე იყვნენ დაპატიმრებულები. მას არ შეუნახავს სატელეფონო ზარების ჟურნალი და ვერ დაასახელა ზუსტი დრო. როგორც გაიხსენა, იქ, სავარაუდოდ, ერთი დაპატიმრებული პირი იყო 18 წელს მიუღწეველი, რომელიც წაიყვანეს მშობლებმა ექვსსაათიანი ვადის ამოწურვამდე, მაგრამ მის გარდა, სხვა არავინ გაუთავისუფლებიათ ორი პირველად დაპატიმრებულის გათავისუფლებამდე. ადვილი შესაძლებელი იყო მომხდარიყო ისე, რომ მის რამდენიმე კოლეგას დაეწყო პირთა საკნებიდან გამოყვანა ექვსსაათიანი ვადის ამოწურვის დასაწყისში, როდესაც მიიღეს ინფორმაცია ოთახიდან, რომლიდანაც კონტროლს ახორციელებდნენ, რადგან ყველასთვის კარგად იყო ცნობილი ექვსსაათიანი ვადის წესი. თუ შესაბამისი პირები უკან დააბრუნეს საკნებში, ამის მიზეზი იყო ოთახიდან, საიდანაც კონტროლს ახორციელებდნენ, მიღებული ბრძანება, რომ უნდა გაგრძელებულიყო მათი პატიმრობაში ყოფნა.“
25. საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 ნოემბრის განაჩენით მომჩივნები ცნობილ იქნენ დამნაშავეებად, შემდეგი დასაბუთებით:
„კოპენჰაგენის პოლიციას უნდა წარედგინა საქმის მასალები სასამართლოს წინაშე, ხუთი დღის ვადაში მათი აღძვრიდან, მართლმსაჯულების ადმინისტრირების შესახებ კანონის 469(2)-ე მუხლის თანახმად. სასამართლო მიიჩნევს, რომ წარუდგენლობა, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს მოსარჩელეთათვის კომპენსაციის მიღების საფუძველს.
მტკიცებულების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს ფაქტს, რომ კოპენჰაგენის პოლიციამ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია დანიასა და შვედეთს შორის საერთაშორისო საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე 2009 წლის 10 ოქტომბერს, მასზე, რომ დანიელთა და შვედთა ხულიგნური ჯგუფები გეგმავდნენ შეხვედრას მატჩთან დაკავშირებთ და, რომ პოლიცია გახდა პირველი დიდი დაპირისპირების შემსწრე დანიელ და შვედ ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის ამაგერტორვის სკვერში 3.41 საათზე. ეს მიუთითებდა საჯარო წესრიგში არეულობის შეტანის კონკრეტულ და გარდაუვალ საფრთხეზე და პოლიციას ეკისრა ვალდებულება, აღეკვეთა ამგვარი არეულობა; იხ. პოლიციის შესახებ კანონის მე-5(1) მუხლი.
პოლიციის კონსტაბლ პ.ვ-ს მიერ მიცემული ჩვენების მიხედვით, და მისი შედარებით პოლიციის მიერ რამდენიმე მოწმის ჩვენების 2009 წლის 11 ოქტომბერს მომზადებულ ანგარიშთან (ს.ფ. 47 და 48), სასამართლო იზიარებს, რომ [მეორე და მესამე მომჩივნები] დაპატიმრებულ იყვნენ მას შემდეგ, რაც მოწმემ კონკრეტულად დაინახა, თუ როგორ ესაუბრებოდნენ შესაბამისი პირები აქტივისტს ადგილობრივი ბრონდბის სამხრეთის მხარის გაერთიანების დაჯგუფებიდან 2009 წლის 10 ოქტომბერს და გასცემდა ბრძანებებს სხვათა მიმართ, იმ ფაქტთან ერთად, რომ შესაბამისი პირები პოლიციისთვის ცნობილები იყვნენ, რადგან ისინი მანამდე რამდენჯერმე იყვნენ დაპატიმრებულები მსგავს საფეხბურთო მოვლენებთან დაკავშირებით.
სასამართლო, პოლიციის კონსტებლ მ.ვ.-ს ჩვენების მიხედვით და ამ ჩვენების შედარებით მთავარ ინსპექტორ ბ.ო.-ს მიერ მიცემულ ჩვენებასთან, ასევე იზიარებს გარემოებას, რომ [პირველი მომჩივანი], რომელიც მანამდე ასევე რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული მსგავს მოვლენებთან დაკავშირებით, დააპატიმრეს, რადგან პირი, რომელიც მ.ვ.-ს და მისი კოლეგის მიერ სარწმუნოდ იქნა მიჩნეული, სპონტანურად დაუკავშირდა მათ, განუცხადა რა, რომ მან ისისიყო მოუსმინა პირს, რომელზეც მიუთითა, როგორც პირზე [პირველი მომჩივანზე], ვინც სხვა პირებს ტელეფონით მოუწოდებდა, მასთან ერთად, დაეწყოთ ჩხუბი შვედ ფეხბურთის ფანებთან ტივოლის ბაღში.
იმ ვითარებაში ნაკლებად რადიკალური ზომები არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო საკმარისად დამატებითი არეულობის თავიდან ასარიდებლად და სასამართლო მიიჩნევს, რომ კოპენჰაგენის პოლიციას არ გადაუჭარბებია თავისი უფლებამოსილებისთვის [მომჩივანთა] დაპატიმრებით პოლიციის შესახებ კანონის მე-5(3) მუხლის საფუძველზე.
მტკიცებულებაზე დაყრდნობით, სასამართლოსთვის დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ: შუადღისა და საღამოს განმავლობაში დაახლოებით 138 პირი იქნა დაპატიმრებული, რომელთა ნახევარი დაპატიმრებულ იყო პოლიციის შესახებ კანონის საფუძველზე; რომ არეულობა გაგრძელდა გვიან შუადღემდე და მთელ საღამოს და, რომ მომჩივანთა დაპატიმრება დასრულდა როგორც კი, პოლიციის შეფასებით, ქალაქის ცენტრში ვითარება დამშვიდდა, მას შემდეგ, რაც ოცდათხუთმეტი დანიელისგან შემდგარი ჯგუფი იქნა დაპატიმრებული შუაღამის დამდეგს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობს პოლიციის მიერ გაკეთებული შეფასებების უგულებელყოფის საფუძველი, რომელთა მიხედვით, დაპატიმრებულთა გათავისუფლება უფრო ადრე, ვიდრე ქალაქის ცენტრში ვითარება დამშვიდდებოდა, გამოიწვევდა შემდგომი არეულობის კონკრეტულ და გარდაუვალ საფრთხეს, რაც მოიცავდა შეტაკებებს მაყურებლებს შორის, რომლებიც გამოვიდოდნენ სტადიონიდან მატჩის შემდეგ და, რომლებიც ჯერ ისევ დიდი რაოდენობით იქნებოდნენ ქუჩებში.
როგორც პოლიციის შესახებ კანონის მე-5(3) მუხლის მეორე წინადადებაშია აღნიშნული, პატიმრობა უნდა იყოს, შეძლებისდაგვარად ხანმოკლე და არ უნდა აღემატებოდეს ექვს საათს, როდესაც ეს შესაძლებელია. ამ მუხლის კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, როგორც აღწერილია 2004 წლის 2 აპრილის N159 კანონპროექტის 32-ე გვერდის მეორე სვეტში, დაპატიმრების მიზანი უნდა იყოს ამგვარი შეფასება და ნებისმიერი პირი უნდა გათავისუფლდეს, როგორც კი დაპატიმრების საფუძვლის წარმოშობის მიზეზი აღარ იარსებებს. იგივე მუხლის განმარტებითი ბარათიდან ასევე ირკვევა, რომ, როგორც წესი, ექვსსაათიანი ვადა შეიძლება დაირღვეს იმ შემთხვევაში, თუ ვითარება, როდესაც საგრძნობი რაოდენობით პირთა დაკავება ხდება და დრო იხარჯება მათ პოლიციის განყოფილებაში გადაყვანაზე და დაპატიმრებულთა იდენტიფიცირებაზე, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ექვსსაათიანი ვადის წესის დაცვას.
მაშინ, როდესაც კანონმდებლის მიზნით, პატიმრობის გაგრძელება ექვს საათზე მეტი დროით შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იქნეს დაშვებული, თუკი გამონაკლისი არ არის გამართლებული პრაქტიკული საკითხებით, რაც დიდი რაოდენობით პირთა დაპატიმრებას უკავშირდება და ეს შეუძლებელს ხდის დაცული იყოს ვადის მაქსიმუმი, სასამართლო აღნიშნული საფუძვლით, იმის გათვალისწინებით, რომ დაპატიმრების მიზანი დაკავშირებული იყო არეულობის ორგანიზებული ხასიათთან, მიზანსა და ხანგრძლივობასთან, ასევე იმ დროის მონაკვეთების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, რითაც იქნა გადაცილებული მაქსიმალურ ვადას, [მომჩივანთა] დაპატიმრების გაგრძელების საფუძველი ექვს საათზე მეტი დროით, პოლიციის შესახებ კანონის მე-5(3) მუხლიდან გამომდინარე, არსებობდა. შესაბამისად არ არსებობს მომჩივნებისთვის კომპენსაციის მიკუთვნების საფუძველი“
26. საქალაქო სასამართლოს განაჩენზე წარდგენილ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე დასავლეთ დანიის (Vestre Landsret) სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 6 სექტემბერს უცვლელად დატოვა განაჩენი.
27. 2011 წლის 12 დეკემბერს, მიიჩნია რა, რომ საქმე არ შეიცავდა რაიმე პრინციპულ საკითხს, საჩივრების დასაშვებობის საკითხის განმხილველმა შემადგენლობამ (Procesbevillingsnævnet) უარი თქვა საჩივრის უზენაესი სასამართლოსთვის (Højesteret) გადაცემაზე.
28. როგორც ირკვევა, ორმოცდაცხრა პირი (მომჩივანთა გამოკლებით) მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მატჩის დღეს, საჯარო წესრიგის დაცვისა და პირთა უსაფრთხოების და სხვ. უზრუნველსაყოფად, საპოლიციო ღონისძიების სახით, გამოცემული აღმასრულებელი ზომის დარღვევის გამო და დროებითი ღონისძიებების გატარებაზე პოლიციის უფლებამოსილებიდან გამომდინარე (bekendtgørelse om politiets sikring af den offentlige orden og beskyttelse af enkeltpersoners og den offentlige sikkerhed mv., samt politiets adgang til at iværksætte midlertidige foranstaltninger) (იხ. 33-ე პარაგრაფი ქვემოთ). მიუხედავად ამისა, საკმარისი მტკიცებულებების წარდგენის შეუძლებლობის გამო, ბრალდებები შემდგომში მოეხსნათ, რადგან ვერ მტკიცდებოდა, რომ თითოეულ პირს ჩადენილი ჰქონდა ერთი ან რამდენიმე დანაშაული. ერთი პირი გასამართლებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 119-ე მუხლით პოლიციის ოფიცრისთვის თავში შუშის საგნის სროლის გამო, მეორე კი 121-ე მუხლით პოლიციის მოვალეობის შესრულებისას პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
29. პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისი მუხლი (2004 წლის 9 სექტემბრის N444 კანონი) რომელიც შეეხება წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, ამგვარი შინაარსისა:
მუხლი 4
„1. პოლიციის ამოცანაა საზოგადოებრივ წესრიგში არეულობის შეტანის და პირთა და საჯარო წესრიგის მიმართ ნებისმიერი საფრთხის აღკვეთა.
2. რამდენადაც ეს აუცილებლად არის მიჩნეული, 1-ელ პუნქტში აღნიშნული საშიშროების მიმართ, პოლიციას შეუძლია გამოკვეთოს, აღკვეთოს და დაამყაროს კონტროლი ამგვარ ადგილებში.“
მუხლი 5
„1. პოლიციის ამოცანაა თავიდან აირიდებს საჯარო წესრიგში არეულობის შეტანის და პირთა და საჯარო უსაფრთხოებისთვის ნებისმიერ საფრთხეს.
2. 1-ელ ქვეპუნქტში მითითებული საშიშროების საფრთხის აღსაკვეთად, პოლიციას შეუძლია გამოიყენოს ზომები ნებისმიერი პირის წინააღმდეგ, რომელიც ამგვარი საშიშროების წყაროა. ამასთან დაკავშირებით, პოლიციას შეუძლია:
(i) გამოსცეს ბრძანებები,
(ii) ჩაატაროს პირთა ზედაპირული ჩხრეკა და შეამოწმოს მათი ტანსაცმელი და სხვა ნივთები, მათ შორის, მათ მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები, როდესაც ივარაუდება, რომ ისინი შეიძლება ფლობდნენ ნივთებს, რომლებსაც გამოიყენებენ საჯარო წესრიგში არეულობის შეტანის, ან იმ მიზნით, რომ დამუქრებიან პირთა ან საჯარო უსაფრთხოებას.
(iii) პირებისგან ამოიღოს საგნები.
3. როდესაც მე-2 პუნქტში მითითებული ნაკლებად ინტრუზიული ღონისძიებები არაადეკვატური აღმოჩნდება საფრთხის ან საშიშროების აღსაკვეთად, პოლიციას შეუძლია, თუკი აუცილებელი იქნება, დააპატიმროს პირ(ებ)ი, ვინც იწვევენ საფრთხეს ან საშიშროებას. ამგვარი დაპატიმრება უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე და ზომიერი (skånsom) და არ უნდა გადააჭარბოს ექვს საათს, თუკი ეს შესაძლებელია.
4. პოლიციას შეუძლია შევიდეს იმგვარ ტერიტორიებზე, სადაც არ არის დაშვებული შესვლა სასამართლოს ბრძანების გარეშე, როდესაც აუცილებელია იმ საშიშროების თავიდან არიდება, რაც 1-ელ პუნქტშია მითითებული.“
30. პოლიციის შესახებ კანონის მე-5(3) მუხლის საფუძველზე განხორციელებული დაპატიმრება არ თავსდება სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში (როგორც დაპატიმრება, რომელიც ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების ადმინისტრირების შესახებ კანონის 755-ე მუხლს, იხ. 35-ე პარაგრაფი ქვემოთ). მე-5(3) მუხლის საფუძველზე დაპატიმრების მიზანი არ არის პირის მოსამართლესთან მიყვანა, არც პატიმრობის გაგრძელების კანონიერების შეფასება. კანონიერება შეიძლება, საბოლოოდ, იყოს სასამართლო განხილვის საგანი. პოლიციის შესახებ კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, პოლიციის შესახებ კანონის მე-5(3) მუხლის საფუძველზე განხორციელებული დაპატიმრების მიზანი არ შეიძლება იყოს გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი ზომების გამოყენების დაწყება. ვითარება, რომელშიც პირი შეიძლება იწვევდეს „საფრთხეს ან საშიშროებას“ მიუთითებს იმაზე, რომ საჯარო წესრიგში არეულობის შეტანის ან პირთა ან საჯარო უსაფრთხოების მიმართ საფრთხე უნდა იყოს გამოკვეთილი. სასიცოცხლო მნიშვნელობის არის ის, რომ პოლიციის ჩაურევლობის შემთხვევაში, საშიშროების საფრთხე რეალიზდება. ფაქტი, რომ პირი არის კარგად ცნობილი არეულობის მომწყობი, თავისთავად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამგვარი ზომები იქნეს გამოყენებული. პირის ან პირთა ჯგუფის შესახებ ინფორმაციის წინასწარ ქონა შეიძლება, მხედველობაში იქნეს მიღებული სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში. იმის შეფასება, თუ საშიშროების საფრთხე რამდენად შესაბამისია ზომის გამოყენების გასამართლებლად, დამოკიდებულია პოლიციის მიერ ვითარების ინდივიდუალურ შეფასებაზე. სიტყვებთან „როდესაც შესაძლებელია, არ უნდა აღემატებოდეს ექვს საათს“ დაკავშირებით, განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ვადის ათვლა უნდა დაიწყოს იმ მომენტიდან, როდესაც რეალურად განხორციელდა დაპატიმრება. ნებისმიერი დრო, რაც დაიხარჯა პოლიციის განყოფილებაში ტრანსპორტირებაზე უნდა ჩაითვალოს პატიმრობის ვადაში. ექვსსაათიანი ვადა, როგორც წესი, შეიძლება გახანგრძლივდეს მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, თუ დიდი რაოდენობით პირთა დაპატიმრებას აქვს ადგილი, როდესაც პირთა პოლიციის განყოფილებაში გადაყვანაზე და პირთა რეგისტრაციასა და იდენტიფიცირებაზე დახარჯული დრო, პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის ექვსსაათიანი წესის დაცვას.
31. მართლმსაჯულების ადმინისტრირების შესახებ კანონის 469-ე მუხლი შეეხება სისხლისსამართლებრივი წესისგან განსხვავებული საფუძვლით დაპატიმრების საქმეების განხილვას. სასამართლო განხილვისთვის მიმართვის ინიციატივა მიკუთვნებული აქვთ იმ პირებს, რომლებმაც მიიღეს დაპატიმრების გადაწყვეტილება, ამასთან ხელისუფლებამ საქმე უნდა წარადგინოს რაიონულ სასამართლოში ხუთი სამუშაო დღის ვადაში მიმართვის წარდგენის დღიდან.
32. დანიის კანონმდებლობა შეიცავს რიგ დებულებებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხულიგნური არეულობებისას და საჯარო წესრიგის დარღვევისას და, რომლებიც ითვალისწინებენ ჯარიმას ან პატიმრობას. ეს ნორმები გამომდინარეობს როგორც საჯარო წესრიგისა და პირთა და საჯარო უსაფრთხოების დაცვის მიზნისთვის ზომების გამოყენების შედეგად გამოცემული ბრძანების, ისე პოლიციის უფლებამოსილების ფარგლებიდან, გამოიყენოს დროებითი ღონისძიებები (შემდეგში „კანონიერების დაცვისა და საჯარო წესრიგის შენარჩუნების მიზნით გამოცემული საპოლიციო ბრძანება“) და დანიის სისხლის სამართლის კოდექსის (Straffeloven) დებულებებიდან.
33. კანონიერების დაცვისა და საჯარო წესრიგის შენარჩუნების მიზნით გამოცემული საპოლიციო ბრძანების შესაბამისი დებულებები ამგვარია:
მუხლი 3
„1. არ დაიშვება ჩხუბი, ყვირილი, ხმაური, ან სხვა ხმამაღალი, ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი ან სხვა მსგავსი ქმედება, რომელიც არღვევს საჯარო წესრიგს.
... “
მუხლი 18
„ (1) მე-3 მუხლის დარღვევა იწვევს ... ჯარიმას. სასჯელის განსაზღვრისას საჯარო წესრიგის დაცვასა და პირთა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას მიენიჭება არსებითი მნიშვნელობა. როდესაც უნდა გადაწყდეს სასჯელის დანიშვნის საკითხი, მე-3(1) მუხლის მიზნისთვის ..., დამატებით მხედველობაში მიიღება დამამძიმებელი გარემოებები, თუკი ქმედება განხორციელდა საჯარო ადგილას მშვიდობიანობის მძიმე დარღვევისას ან უშუალოდ მის შემდეგ. თუმცა, მესამე წინადადება თავისთავად გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს წარმოადგენდა პირის განზრახვას, სერიოზულად დაერღვია საჯარო წესრიგი.
... “
34. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ამგვარია:
მუხლი 134ა
„ჩხუბის მონაწილეებს ან სხვა პირებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ წესრიგის სხვა ნებისმიერ მძიმე დარღვევაში საჯარო ადგილას, დაეკისრებათ თავისუფლების აღკვეთა არაუმეტეს ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით, თუ ისინი მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით ან რამდენიმე პირი ერთობლივად მოქმედებდა.“
მუხლი 244
„პირს, ვინც ძალადობრივ ქმედებას ჩაიდენს სხვა პირის მიმართ ან სხვაგვარად შეურაცხყოფს სხვის პიროვნებას, დაეკისრება ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა არაუმეტეს სამი წლისა.“
მუხლი 245
„(1) პირს, ვინც შეურაცხყოფს სხვა პირს განსაკუთრებით ძალადობრივი, სასტიკი ან საშიში ფორმით, ან უფლების ბოროტად გამოყენების გზით, ან ცნობილ იქნება ბრალეულად არასათანადო მოპყრობის ჩადენაში, დაეკისრება თავისუფლების აღკვეთა არაუმეტეს ექვსი წლის ვადით. განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებად იქნება მიჩნეული ის, თუ ასეთი შეურაცხყოფით სერიოზული დაზიანება მიადგება სხვა პირის სხეულს ან ჯანმრთელობას.
(2) პირი, ვინც სხვა პირის სხეულს ან ჯანმრთელობას დააზიანებს იმგვარად, რაც არ არის მითითებული 1-ელ პუნქტში, დაეკისრება თავისუფლების აღკვეთა, არაუმეტეს ექვსი წლის ვადით.“
მუხლი 291
„(1) პირი, ვინც დაშლის, დააზიანებს ან გადააადიგლებს სხვა პირის ქონებას, დაეკისრება ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა არაუმეტეს ერთი წლისა და ექვსი თვის ვადით.
(2) დანაშაულის შედეგად მძიმე ზიანის მიყენების შემთხვევაში, რაც განხორციელებულია სისტემატიური ან ორგანიზებული ფორმით, ან თუ, პირი მანამდე იყო ნასამართლევი 291-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო ..., სასჯელი შეიძლება გაიზარდოს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთამდე.
(3) ...
(4) 1-ლი და მე-2 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის სასჯელის განსაზღვრამდე, დამამძიმებელ გარემოებად იქნება მიჩნეული დანაშაულის ჩადენა საჯარო ადგილას მშვიდობიანობის მძიმე დარღვევის დროს ან უშუალოდ მას შემდეგ.“
35. დაპატიმრება სისხლისსამართლებრივი წარმოების მიზნით უნდა განხორციელდეს მართლმსაჯულების ადმინისტრირების შესახებ კანონით დადგენილი წესით:
მუხლი 755
„(1) პოლიცია უფლებამოსილია, დააპატიმროს ნებისმიერი პირი, ვის მიმართაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მან ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, თუკი დაპატიმრების მიზანია შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის თავიდან აცილება, ან იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს პირის გამოცხადება ან აღკვეთილ იქნეს მისი სხვებთან გაერთიანება.
...
(4) დაპატიმრება არ გამოიყენება, თუკი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს არაპროპორციულ ზომას.
... “
მუხლი 760
„(1) ნებისმიერი პირი, ვინც პატიმრობაში იმყოფება, უნდა გათავისუფლდეს, როგორც კი აღარ იარსებებს დაპატიმრების საფუძველი. მისი გათავისუფლების დრო უნდა აღინიშნოს ოქმში.
(2) თუკი პირი არ იქნა გათავისუფლებული უფრო ადრე, იგი მოსამართლეს უნდა წარედგინოს დაპატიმრებიდან ოცდაოთხი საათის ვადაში. დაპატიმრების დრო და მისი სასამართლოში წარდგენის დრო უნდა აისახოს სასამართლო სხდომის ოქმში.
... “
III. ევროპის საბჭოს მასალები
ა. კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის მოსამზადებელი სამუშაოები
36. სასამართლო განმარტავს, რომ კონვენციის პროექტი და ანგარიში, რომელიც მოამზადა საკონსულტაციო ასამბლეამ, ევროპის საბჭოს სამდივნოს სამუშაო დოკუმენტებთან ერთად, წარდგენილი იყო ექსპერტთა ჯგუფისთვის, რომლებიც შედგებოდნენ მთავრობათა ადვოკატების, კანონმდებლების, მოსამართლეებისა და სამართლის პროფესორებისგან იმ დროისათვის წევრი თორმეტი ქვეყნიდან. მათ გამართეს შეხვედრები 1950 წლის 2 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით. ექსპერტთა კომიტეტის ანგარიში წარედგინა უფროს თანამდებობის პირთა კონფერენციას, რომელიც შექმნილი იყო გადაწყვეტილების მოსამზადებლად საკონსულტაციო ასამბლეისთვის, რაც საბოლოოდ მიიღო მინისტრთა კომიტეტმა.
37. მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტის თავდაპირველი საბაზისო ტექსტის მიხედვით (რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლით იყო ნაკარნახევი): (იხ. კონვენციის მე-5 მუხლის მოსამზადებელი სამუშაო, ორენოვანი ვერსია CDH (67) 10, გვ. 14):
„1. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, თუ არა კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, გარდა კანონით გათვალისწინებული შემდეგი შემთხვევებისა:
...
(c) პირის დაკავება მისი მიყვანის მიზნით უფლებამოსილ სამართლებრივ ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან თუ საფუძვლიანად არის მიჩნეული მის მიერ დანაშაულის ჩადენის ან მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა; ... “
38. ტექსტი შეიცვალა შემდეგი ფორმით ექსპერტთა კომიტეტის მეორე სესიაზე (კონვენციის „წინასწარი პროექტის“ მე-7 მუხლის 1-ლი პარაგრაფი ibid., გვ. 22-23):
„(c) პირის კანონიერი დაკავება და დაპატიმრება, უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს ამ პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი ან თუ საფუძვლიანად არის მიჩნეული მის მიერ დანაშაულის ჩადენის ან მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა; ... “
39. აღნიშნული პროექტის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი (რომელიც შეესაბამება დღევანდელ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს) ამგვარად შეიცვალა:
„ნებისმიერი, დანაშაულის ჩადენის გამო დაკავებული ან დაპატიმრებული პირი, ან მის მიერ დანაშაულის ჩადენის აღკვეთის მიზნით დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს ან ...“
40. მაღალ თანამდებობის პირთა კონფერენციის მიერ შემუშავებული კონვენციის „პირველი პროექტით“ (ibid., გვ. 29) აღნიშნული ნორმების შემცველი ტექსტი გადამუშავდა, შესაბამისად, ის გადაინომრა, როგორც მე-5 მუხლის მე-2(c) პუნქტი და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი, შესაბამისად (ibid., გვ. 30).
41. კონვენციის „მეორე პროექტში“ (ibid., გვ. 30-31), მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ფორმით. მე-4 პუნქტი კი - მე-3 პუნქტად, შემდეგი ცვლილებებით:
„ნებისმიერი, დანაშაულის ჩადენის გამო დაკავებული ან დაპატიმრებული პირი [ამოღებულ იქნა: ან მის მიერ დანაშაულის ჩადენის აღკვეთის მიზნით] 1-ლი(c) პუნქტის დებულებების თანახმად დაუყოვნლებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს ან ...“
42. შემდგომში, მეორე პროექტთან დაკავშირებით მაღალ თანამდებობის პირთა კონფერენციის ანგარიშში მინისტრთა კომიტეტისადმი მე-5 მუხლის 1-ელ(c) პუნქტსა და მე-3 პუნქტთან დაკავშირებით აღნიშნული იყო შემდეგი (ibid., გვ. 32):
„კონფერენციამ საჭიროდ მიიჩნია იმის ხაზგასმა, რომ როდესაც სანქცირებული დაკავება ან დაპატიმრება ხდება დანაშაულის ჩადენის აღკვეთის საფუძვლიანი ეჭვისას, ეს არ უნდა წარმოადგენდეს საპოლიციო სახელმწიფოს რეჟიმის დემონსტრირებას. შესაძლოა, გარკვეულ ვითარებაში, აუცილებელი იყოს პირის დაპატიმრება მის მიერ დანაშაულის ჩადენის აღკვეთის მიზნით, თუნდაც ის ფაქტები, რომლებიც მიუთითებდნენ მის მიერ იმ დანაშაულის ჩადენის განზრახვაზე, რაც არ წარმოადგენს დასჯად სამართალდარღვევას. იმისათვის, რომ გამორიცხულ იქნეს რაიმე შესაძლო გადამეტება ხელისუფლების ორგანოების მხრიდან აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი [ნორმა, რომელიც მე-18 მუხლის წინამორბედი იყო] ზედმიწევნით უნდა სრულდებოდეს.“
ამ ნორმებთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს დელეგაციამ შემდეგი კომენტარი ჩამოაყალიბა (ibid., გვ. 33):
„... ფრაზა „საფუძვლიანი ეჭვი დანაშაულის ჩადენის აღკვეთისა“ არის უაზრობა. კონვენციის მე-5(1)(c) მუხლი ამგვარად უნდა იყოს ფორმულირებული: ‹იმგვარი საფუძვლით, რაც გონივრულად არის მიჩნეული აღსაკვეთად›.“
43. მინისტრთა კომიტეტის მეხუთე სესიის შემდეგ, 1950 წლის 3-დან 9 აგვისტომდე, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ტექსტი ამგვარად შეიცვალა (იქვე., გვ. 35):
„3. ყველა დაკავებული ან დაპატიმრებული [ამოღებულ იქნა: დანაშაულის ჩადენის გამო] 1-ლი(c) მუხლის თანახმად, დაუყოვნებლივ წარედგინება მოსამართლეს ან ... “
44. 1950 წლის 3 ნოემბერს, კონვენციის ხელმოწერის წინა დღეს (ibid., გვ. 36-37), ექსპერტთა კომიტეტმა გამოიყენა შესაძლებლობა, განეხორციელებინა მცირედი ცვლილება ინგლისურ ვერსიაში და და „ან რაც საფუძვლიანად არის მიჩნეული აუცილებლად“ შეცვალა „ან როდესაც საფუძვლიანად არის მიჩნეული ამის აუცილებლობ“-ით. რამდენადაც არ არსებობს ამ ცვლილების ახსნა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მხოლოდ ლინგვისტური მიზნით განხორციელდა. არ არსებობს რაიმე მინიშნება, რომ არსებობდა ამ ნორმის შინაარსის შეცვლის ან მისი მიზნების შეზღუდვის განზრახვა.
ბ. ევროპის საბჭოს კონვენცია საფეხბურთო მატჩებისა და სხვა სპორტული ღონისძიებებისას დაცულობის, უსაფრთხოებისა და მომსახურების ერთიანი მიდგომის შესახებ
45. 1985 წლის აგვისტოს (ETS No. 120) ევროპული კონვენციის ტექსტის შემუშავებისას მაყურებელთა ძალადობისა და არასათანადო ქცევის აღკვეთის მიზნისთვის სპორტული ღონისძიებებისას და, განსაკუთრებით, საფეხბურთო მატჩების დროს, რომელიც შემუშავებულ იქნა 1985 წელს მომხდარი ჰეიზელის ტრაგედიის კვალდაკვალ, ევროპის საბჭომ შეიმუშავა კონვენცია საფეხბურთო მატჩებისა და სხვა სპორტული ღონისძიებებისას დაცულობის, უსაფრთხოებისა და მომსახურების ერთიანი მიდგომის შესახებ, რომელიც 2016 წლის 3 ივლისიდან იქნა წარდგენილი ხელმოსაწერად და ძალაში შევიდა 2017 წლის 1 ნოემბერს (CETS No. 218). რამდენადაც აქ შეესაბამება ამ კონვენციის დებულებები ამგვარია:
მუხლი 2 – მიზანი
„ამ კონვენციის მიზანია საფეხბურთო მატჩებსა და სხვა სპორტულ ღონისძიებებზე დაცული, უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემოს უზრუნველყოფა. ამასთან დაკავშირებით, მხარეები:
(ა) შეიმუშავებენ ადგილობრივი ჩვეულებებზე, ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ერთიან, მრავალმხრივ და დაბალანსებულ მიდგომას დაცულობის, უსაფრთხოებისა და მომსახურების უზრუნველსაყოფად;
(ბ) უზრუნველყოფენ, რომ ყველა საჯარო და კერძო დაწესებულება, ასევე სხვა დაინტერესებული პირები აღიარებენ, რომ დაცულობის, უსაფრთხოებისა და მომსახურების განხორციელება არ შეიძლება განხორციელდეს იზოლაციაში და პირდაპირი გავლენა ექნება სხვა ორი კომპონენტის არსებობაზე;
(გ) მხედველობაში იღებენ იმ საუკეთესო გამოცდილებას, რაც ჩამოყალიბდა დაცულობის, უსაფრთხოებისა და მომსახურების განხორციელებისას ერთიანი მიდგომისას.“
მუხლი 3 – ტერმინთა განმარტებები
„ამ კონვენციის მიზნებისთვის, ტერმინები:
...
(ბ) „უსაფრთხოების ზომები“ ნიშნავს ნებისმიერ ზომას, რომელიც გამიზნული და მიღებულია იმ საფრთხის ან/და ძალადობის ძირითადი მიზნის აღსაკვეთად და შესამცირებლად ან სხვა დანაშაულებრივი ქმედების ან არეულობის აღსაკვეთად, რომელიც ჩადენილ იქნა საფეხბურთო მატჩის ან სხვა სპორტული ღონისძიების დროს, სტადიონის ტერიტორიაზე ან მის გარეთ;
...”
მუხლი 5 – დაცულობა, უსაფრთხოება და მომსახურება სპორტულ სტადიონებზე
„1. მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ეროვნული კანონმდებლობის, მარეგულირებელი ან ადმინისტრაციული ჩარჩო დებულებების გათვალისწინებით, ღონისძიებების ორგანიზატორებმა სხვა პარტნიორ დაწესებულებებთან თანამშრომლობით, უნდა უზრუნველყონ დაცული და უსაფრთხო გარემოს შექმნა ყველა მონაწილისა და მაყურებლისთვის.
... “
მუხლი 6 – დაცულობა, უსაფრთხოება და მომსახურება საჯარო ადგილებში
„1. მხარეები ყველა დაწესებულებასა და დაინტერესებულ მხარეს, ვინც მონაწილეობს საჯარო ადგილებში საფეხბურთო მატჩების და სხვა სპორტული ღონისძიებების ორგანიზებაში, მათ შორის, ხელისუფლების მუნიციპალური ორგანოები, პოლიცია, ადგილობრივი გაერთიანებები და ბიზნესი, გულშემატკივართა წარმომადგენლები, საფეხბურთო კლუბები და ეროვნული ასოციაციები, მოუწოდებს იმუშავონ ერთად, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, რომ:
(ა) შეაფასონ საფრთხე და მოამზადონ სათანადო პრევენციული ღონისძიებები იმისათვის, რომ მინიმუმამდე შეამცირონ ჩაშლა და ხელი შეუწყონ ადგილობრივ გაერთიანებებისა და ბიზნესის გარანტირებულობას, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ღონისძიება იმართება ან საჯაროდ მოსანახულებელ ადგილებში;
(ბ) დაცული, უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა საჯარო სივრცეებში, რომლებიც გულშემატკივართა თავშეყრისთვის არის გამიზნული ღონისძიების დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ ან ადგილებში, სადაც მოსალოდნელია, რომ გულშემატკივრები ხშირად ჩნდებიან თავიანთი ნებით ან გადაადგილებისას ქალაქის შიგნით ან სტადიონების გავლით.
2. მხარეები უზრუნველყოფენ საფრთხეების შეფასებას და დაცულობისა და უსაფრთხოების ზომების მიღებას სტადიონამდე მისვლისა და უკან დაბრუნების დროს.“
მუხლი 9 – პოლიციის სტრატეგია და ოპერაციები
„1. მხარეები უზრუნველყოფენ, რომ საპოლიციო სტრატეგია ვითარდება რეგულარულად იზრდება და იხვეწება ეროვნული და საერთაშორისო გამოცდილების ფონზე და საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით და ყალიბდება უფრო ფართო, ერთიანი მიდგომის სახით დაცულობის, უსაფრთხოებისა და მომსახურებისადმი.
2. მხარეები უზრუნველყოფენ, რომ საპოლიციო სტრატეგია მხედველობაში მიიღებს საუკეთესო გამოცდილებას, რაც, კერძოდ, მოიცავს: ოპერატიული მასალის შეგროვებას, საფრთხეების განგრძობად შეფასებას, საფრთხის მიხედვით განლაგებას, პროპორციულ ჩარევას საფრთხის ან არეულობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, ეფექტურ დიალოგს გულშემატკივრებთან და ფართო საზოგადოებასთან და დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისას მტკიცებულებების მოპოვების პროცესში, ისევე, როგორც ამ მტკიცებულებების მიწოდებასთან გამოძიების წარმოებაზე უფლებამოსილი ორგანოებისთვის.
3. მხარეები უზრუნველყოფენ, რომ პოლიცია იმუშავებს ორგანიზატორებთან, გულშემატკივრებთან ადგილობრივ გაერთიანებებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობას საფეხბურთო მატჩებისა და სხვა სპორტული ღონისძიებების ჩატარებისას დაცული, უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას ყველასთვის.“
მუხლი 10 – ძალადობრივი ქმედებების აღკვეთა და დასჯა
„1. მხარეები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას, რათა შეამცირონ ძალადობრივი ინციდენტების ან არეულობის ორგანიზებაში ინდივიდუალური და ჯგუფური მონაწილეობის საფრთხე.
... “
IV. შედარებითი ეროვნული პრეცედენტული პრაქტიკა
46. ამ საქმის შეფასების მიზნისთვის, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეეხოს გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებას რ მეტროპოლიაში პოლიციის კომისრის წინააღმდეგ (R v The Commissioner of Police for the Metropolis), რომლის მიხედვითაც [ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკა მე-5 მუხლის 1-ელ(b) პუნქტთან მიმართებით არადამაჯერებელი აღმოჩნდა. ოთხი მომჩივანი იმ საქმეზე დაპატიმრებული იყვნენ ხუთ-ნახევარი საათით, რათა თავიდან აეცილებინათ გარდაუვალი არეულობა ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ქორწილის დროს კემბრიჯში 2011 წლის 29 აპრილს. პოლიცია ამტკიცებდა, რომ დაპატიმრება გამართლებული იყო როგორც მე-5 მუხლის 1(b), ისე მე-5 მუხლის 1(c) პუნქტებით.
ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაპატიმრება ეწინააღმდეგებოდა მე-5 მუხლის 1-ელ(c) პუნქტს.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა აღნიშნულს, მაგრამ სხვა საფუძვლებით. მან დაასკვნა, რომ მომჩივნის დაკავების მიზანი იყო მათი წარდგენა უფლებამოსილ ორგანოში, თუ ეს აუცილებელი გახდებოდა, ამიტომ გაგრძელდა მათი პატიმრობა კანონიერი საფუძვლით. სასამართლომ უარი თქვა უმრავლესობის მოსაზრებაზე, რომელიც ჩამოყალიბებული იყო საქმეში ოსტენდორფი გერმანიის წინააღმდეგ (Ostendorf v. Germany) (N 15598/08, 7 მარტი 2013), რომ მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტი გამოუსადეგარი იყო წმინდად პრევენციული დაკავების გამართლების მიზნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მყარი საფუძველი იმ მოსაზრების ჩამოსაყალიბებლად, რომ სამართალდარღვევის ჩადენა გარდაუვალი იყო და, რომ შესაბამისი პირი უკვე იყო ეჭვმიტანილი სხვა დანაშაულის ჩადენაში.
საბოლოოდ, უმაღლესმა სასამართლომ, გააანალიზა რა, [ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკა და აღსანიშნავია ისიც, რომ მასთან ერთად, განსხვავებული მოსაზრებები, რომლებიც გამოთქმული იყო ზემოთ დასახელებულ ოსტენდორფის (Ostendorf) საქმეში, დაასკვნა, რომ დაპატიმრება კანონიერი იყო მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტიდან გამომდინარე, ლორდმა ტოულსონმა (რომელსაც დაეთანხმნენ ლორდი მენსი, ლორდი დაისონი, ლორდი რიდი და ლორდი ქორნვოთი) კერძოდ, მიუთითა:
„31. ამ საქმეში არაფერი ყოფილა თვითნებური მომჩივნების დაკავების, დაპატიმრების და გათავისუფლების გადაწყვეტილებებთან მიმართებით. ისინი გამოყენებულ იქნა კეთილსინდისიერად და ვითარების პროპორციულად. თუ პოლიციას არ ექნება შესაძლებლობა კანონიერად დააკავოს და დააპატიმროს პირი შედარებით მცირე დროით, (იმდენად მცირე დროით, რომ შესაძლებელი იყოს პირის სასამართლოში წარდგენა) იმ ვითარებაში, როდესაც საფუძვლიანად არის მიჩნეული ძალადობის გარდაუვალი საფრთხე, ამის პრაქტიკული შედეგი იქნება ის, რომ მნიშვნელოვნად შეფერხდება მათი მისია განახორციელონ საჯარო წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების შენარჩუნების რთული ტვირთი მასობრივ საჯარო ღონისძიებებზე. ეს შეეწინააღმდეგება წინათ ჩამოყალიბებულ ფუნდამენტურ პრინციპებს.
32. აქ დგას რთული სამართლებრივი პრობლემა იმასთან დაკავშირებით, თუ ამგვარი პრევენციული უფლებამოსილება, რამდენად არის შესაბამისობაში მე-5 მუხლთან. სტრასბურგის პრეცედენტული პრაქტიკა საკითხთან დაკავშირებით არ არის ნათელი და ჩამოყალიბებული, რაზეც მოწმობს ის, რომ ოსტენდორფის (Ostendorf) საქმეში მეხუთე სექციის შემადგენლობის ხმები გაიყო. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს სასამართლო ელოდება სტრასბურგის პრეცედენტული პრაქტიკის საბოლოო ანალიზს, მას სამართლებრივი არჩევანი აქვს გასაკეთებელი.
33. უმცირესობის აზრი ოსტენდორფის (Ostendorf) საქმეში, რომ 5.1(c) მუხლი გამოყენებადია დაპატიმრების საქმეში პრევენციული მიზნისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ადრეულ გათავისუფლებას უკავშირდება (როცა შესაძლებელია პირის სასამართლოს წინაშე წარდგენა), ჩემი აზრით, მართებულია რიგი მიზეზების გამო.
34. პირველ რიგში მე ვეთანხმები ადმინისტრაციულ სასამართლოს, რომ ვითარება უფრო მეტად შეეფერება მე-5.1(c) მუხლის ენას, ვიდრე მე-5.1(b). მუხლისას. მე-5.1(c) მუხლი, პირდაპირი მნიშვნელობით, მოიცავს სამი სახის შემთხვევებს, მათგან მეორე არის იმგვარი, როდესაც დაკავება და დაპატიმრება საფუძვლიანად არის მიჩნეული „სამართალდარღვევის ჩადენის აღსაკვეთად“.
35. ძლიერია ის არგუმენტი, რომ უმრავლესობის მიერ ჩამოყალიბებული განმარტება ოსტენდორფის (Ostendorf) საქმეში მეორეს [არგუმენტს] პირველად გადააქცევს („გონივრული ეჭვი, რომ ჩადენილ იქნა დანაშაული“) და შეუთავსებელია ლოვლესის (Lawless) საქმესთან [ლოვლესი ირლანდიის წინააღმდეგ (Lawless v. Ireland) (N. 3), 1 ივლისი 1961, სერია A N 3].
36. პოლიციისთვის მისაღებია, რომ ინგლისის სასამართლოები ლოვლესის (Lawless) საქმეს განიხილავენ როგორც ავტორიტეტულს, მაგრამ ამ საქმეში სასამართლოს [საქმე] არ ყოფილა დაკავშირებული იმგვარი სიტუაციასთან, როდესაც პოლიციას ყველა მიზეზი ჰქონდა იმისთვის, რომ შეეფასებინა, რომ საფრთხე, რაც აუცილებელს ხდიდა პირების დაპატიმრებას, შედარებით მოკლე დროით გაგრძელდებოდა და ყველა საფუძველი არსებობდა იმ მოლოდინისთვის, რომ ეს დასრულდებოდა იმაზე ადრე, ვიდრე პირი წარდგენილი იქნებოდა სასამართლოს წინაშე. გართულებული იქნებოდა, თუ იარსებებდა კანონი, რომელიც ამ ვითარებაში პირის კანონიერად დაკავებისთვის, მისი მხრიდან გარდაუვლად დანაშაულის ჩადენის აღსაკვეთად, პოლიციას უნდა გამოეგონებინა პატიმრობის გაგრძელების მიზეზი მას შემდეგ, რაც საფრთხე ჩავლილი იქნებოდა, იმ დრომდე დაპატიმრებისთვის, ვიდრე პირი წარედგინებოდა სასამართლოს, იმ განწყობით, რომ დაეცვათ მშვიდობიანობა სამომავლოდ. ეს გამოიწვევდა დაპატიმრების დროის გახანგრძლივებას და სასამართლოს დროს და საპოლიციო რესურსებს დააწვებოდა ფუჭ ტვირთად.
37. გარკვეული ანალოგიები შეიძლება გაევლოს ბროგანის (Brogan) საქმესთან, რომელშიც სასამართლომ უარყო არგუმენტი, რომ დაპატიმრების დროისთვის პოლიციას უნდა ჰქონოდა იმის განზრახვა, რომ პირი უსაფუძვლოდ წარედგინა სასამართლოსთვის, იმის მიუხედავად, არსებული გამოძიების ფარგლებში ეს მოითხოვებოდა, თუ არა.
38. თანმიმდევრული განწყობის ჩამოსაყალიბებლად და მე-5 მუხლის ძირითადი მიზნის მისაღწევად, მე წავიკითხავ კვალიფიკაციას, რაც დაკავების უფლებამოსილებას იძლევა მე-5.1(c) მუხლის საფუძველზე, რაც ჩამოყალიბებულია სიტყვებში „უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე წარსადგენად“, როგორც გარდაუვლად დამოკიდებული დაპატიმრების მიზეზზე, რომელიც საკმაო დროის მანძილზე უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ პირი სასამართლოს წარედგინოს. შესაბამისად, მე ვეთანხმები მოსამართლეებს: ლემენსსა და იადერბლომს ოსტენდორფის (Ostendorf) გადაწყვეტილებაში თავიანთ მე-5 პარაგრაფში (ციტირებულია 25-ე პარაგრაფში ზემოთ), რომ პრევენციული მიზნით გამოყენებული პატიმრობიდან ადრეული გათავისუფლების შემთხვევაში, მე-5 მუხლიდან გამომდინარე უფლებების გარანტირებისათვის საკმარისია, რომ დაპატიმრების კანონიერება საბოლოოდ გადაწყვიტოს სასამართლომ.
39. უმჯობესია, საკითხი დავაყენო ამ ფორმით, და არა იმგვარად, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ გააკეთა, მიუთითა რა, გარკვეული პირობის თავდაპირველადვე არსებობაზე, იმისათვის, რომ მომჩივნები წარდგენილი ყოფილიყვნენ სასამართლოს წინაშე, რადგან ამას შედეგისთვის მნიშვნელობა არ აქვს. მე არ ვეწინააღმდეგები სააპელაციო სასამართლოს, რომ მომჩივნები უნდა წარედგინათ სასამართლოსთვის იმისათვის, რომ შეემოწმებინა მათთვის გახანგრძლივებული პატიმრობის კანონიერება, თუკი აუცილებლად იქნებოდა მიჩნეული მათი უფრო ხანგრძლივი დროით პატიმრობაში ყოფნა იმისათვის, რომ ეს [წარდგენა] მომხდარიყო. საქმე ამ შემთხვევაში დაემსგავსებოდა ნიკოლ და სელვანაიაგამის (Nicol and Selvanayagam) საქმეს, სადაც მომჩივანთა თავდაპირველი დაპატიმრება იყო პრევენციული და ისინი მოგვიანებით მოათავსეს იზოლატორში და წარუდგინეს სასამართლოს. ეს წინააღმდეგობაში მოვა მე-5 მუხლის ბუნებასთან და მის ზემოთ ხაზგასმულ მიზანთან, თუ მომჩივანთა ადრე გათავისუფლება მათ უფრო ძლიერ პოზიციაში მოათავსებდა, ედავათ მე-5 მუხლის დარღვევის გამო, ვიდრე თუ გადაწყვეტილი იქნებოდა მათი უფრო დიდი დროით დაპატიმრება იმისათვის, რომ შემდეგში ისინი მაგისტრატისთვის წარედგინათ, აღკვეთის ღონისძიების გადასაწყვეტად.
40. რაც შეეხება მე-5.1(b) მუხლს, მე იმავე აზრისკენ ვიხრები, რაც უმცირესობას ჰქონდა ოსტენდორფის (Ostendorf) საქმეში, რომ მოვალეობა უნდა იყოს გაცილებით უფრო მეტად სპეციფიური, ვიდრე ზოგადი მოვალეობა, არ ჩაიდინო დანაშაული (ან, მოცემულ შემთხვევაში, წესრიგის დარღვევა) და, რომ ამგვარი ზოგადი მოვალეობა არ აღწევს სპეციფიურობის იმ აუცილებელ დონეს, რომელიც ვიწროდ იქნება ფოკუსირებული კონკრეტულ ფაქტებზე ან შესაბამის პირს ამის შესახებ მიცემული ექნებოდა გაფრთხილება სპეციფიურ ვითარებაში. ასევე არსებობს პრაქტიკული მიხედულება. შესაძლოა, პოლიციამ აუცილებლად მიიჩნიოს აღძრას საქმე იმისათვის, რომ აღკვეთოს წესრიგის გარდაუვალი დარღვევა იმ ვითარებაში, როდესაც არ არის საკმარისი დრო გაფრთხილების მისაცემად. მაგალითად შეიძლება გამოდგეს საფეხბურთო მატჩი, როდესაც ორი უმართავი ჯგუფი ერთიანდება და პოლიციას არ აქვს სხვა ალტერნატივა, გარდა მათი ან მათი ლიდერების, ორივე მხრიდან, დაუყოვნებელი დაკავებისა, რასაც მცირე დრო დასჭირდება. შეჯამებისთვის, მე შეშფოთებული ვიქნებოდი, თუ მე-5.1(b) მუხლის უფრო ფართოდ გამოყენებით, ვიდრე მისი პირველადი მიზანი იყო და, რაც უმრავლესობამ ის მის შემზღუდველად განმარტა, პოლიციას გადააქცევდა არაეფექტიანად, ემოქმედა საზოგადოების დაცვის მიზნისთვის.“
სამართალი
I. საჩივრების გაერთიანება
47. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამი საჩივარი უნდა გაერთიანდეს სასამართლოს რეგლამენტის 42-ე წესის 1-ლი პუნქტის თანახმად, მათი საერთო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით. შესაბამისად მათ ერთიანად შეაფასებს ერთ გადაწყვეტილებაში.
II. კონვენციის მე-5 მუხლის სავარაუდო დარღვევა
48. მომჩივნები ჩიოდნენ, რომ მათ შეეზღუდათ თავისუფლება კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევით, რომელიც ამგვარია:
„1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ესენია:
a) უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის კანონიერი დაპატიმრება;
b) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება კანონის შესაბამისად გაცემული სასამართლოს ბრძანების შეუსრულებლობისათვის ან კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად;
c) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა;
d) არასრულწლოვნის დაპატიმრება კანონიერი ბრძანების საფუძველზე მასზე აღმზრდელობითი ზედამხედველობისათვის ან მისი კანონიერი დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად;
e) პირთა კანონიერი დაპატიმრება ინფექციურ დაავადებათა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ან სულით ავადმყოფების, ალკოჰოლიკების, ნარკომანებისა თუ მაწანწალების კანონიერი დაპატიმრება;
f) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება ქვეყანაში მისი უნებართვოდ შესვლის აღსაკვეთად, ან იმ პირის დაკავება თუ დაპატიმრება, რომლის წინააღმდეგაც ხორციელდება ღონისძიებები დეპორტაციისა თუ ექსტრადიციის მიზნით.
2. ყველა დაკავებულ პირს მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მისი დაკავების მიზეზები და მისთვის წაყენებული ყველა ბრალდება.
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის (c) ქვეპუნტის დებულებების თანახმად, დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისათვის კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს და მას უფლება უნდა ჰქონდეს, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში. გათავისუფლება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების გარანტიებით.
4. ყველას, ვისაც დაკავებით ან დაპატიმრებით აღეკვეთა თავისუფლება, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს, რომელიც სწრაფად განიხილავს მისი დაპატიმრების მართლზომიერების საკითხს და გამოსცემს ბრძანებას მისი გათავისუფლების შესახებ, თუ დაპატიმრება არ არის კანონიერი.
5. ყველას, ვინც არის დაკავების ამ დაპატიმრების მსხვერპლი ან მუხლის დებულებათა დარღვევის გამო აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.“
49. მთავრობა არ დაეთანხმა ამ არგუმენტს.
ა. მისაღებობა
50. სასამართლოს მოსაზრებით, საჩივარში წამოჭრილია ფაქტებისა და კონვენციის სამართლის კომპლექსური საკითხები, ამიტომ ის არ შეიძლება მიუღებლად გამოცხადდეს, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) პუნქტის თანახმად. ის არ არის ასევე მიუღებელი რაიმე სხვა საფუძვლით, ამიტომ ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.
ბ. არსებითი მხარე
1. მხარეთა განმარტებები
(ა) მთავრობა
51. მთავრობას არ გაუპროტესტებია, რომ სადავო დაპატიმრებით ადგილი ჰქონდა თავისუფლების შეზღუდვას, მაგრამ განმარტა, რომ ეს გამართლებული იყო მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის (b) და (c) ქვეპუნქტებით და განხორციელებული იყო კანონით გათვალისწინებული საპროცესო ნორმების დაცვით.
(i) მე-5 მუხლის 1-ლი(b) პუნქტი
52. მთავრობამ განმარტა, რომ ზემოთ დასახელებულ ოსტენდორფის (Ostendorf) საქმეში მომჩივნების დაპატიმრების საფუძველი იყო მე-5 მუხლის 1-ლი(b) პუნქტი, რადგან მისი მიზანი იყო მათი მხრიდან ხულიგნური არეულობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მიღების აღკვეთა. მომჩივნებს ეკისრათ ვალდებულება თავი შეეკავებინათ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისგან, რაც მოიცავდა ვალდებულებას, არ წაექეზებინათ დაპირისპირება ან გამოევლინათ ძალადობრივი ქმედების რაიმე სხვა ფორმა, საჯარო წესრიგის დარღვევის მსგავსად. ეს ვალდებულება გამომდინარეობდა დამსჯელობითი ღონისძიებების შემცველი კანონების მთელი რიგი ნორმებიდან, მათ შორის, კანონისა და წესრიგის დაცვის შესახებ პოლიციის ბრძანების მე-3 მუხლიდან და სისხლის სამართლის კოდექსის 134ა-ე, 244-ე, 245-ე და 291-ე მუხლებიდან. ეს ვალდებულება იყო სპეციფიური და კონკრეტული, ხოლო გარდაუვალი დანაშაულის ჩადენის დრო და ადგილი სათანადოდ იყო გამოკვეთილი, ისევე, როგორც შესაძლო დაზარალებულები. მომჩივნებისთვის ცნობილი იყო, რომ პოლიციელები უხვად იყვნენ ქალაქში წარმოდგენილი და მათთვის აშკარა უნდა ყოფილიყო, რომ იქ პოლიცია იყო საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებული ძალადობისა და არეულობის აღსაკვეთად. აღსანიშნავი იყო ისიც, რომ სამივე მომჩივანი წარსულში დაპატიმრებული იყვნენ მსგავს ქმედებებთან დაკავშირებით. მთავრობის მოსაზრებით, პოლიციის მხრიდან უშედეგო იქნებოდა მომჩივნების მისამართით აშკარა ბრძანებების გაცემა, მათ დასაშლელად და არეულობების მოწყობაში/მონაწილეობის მიღებაში თავის შესაკავებლად, რადგან მომჩივნებს შეეძლოთ, უბრალოდ ჩაევლოთ პოლიციელებისთვის და სადმე სხვაგან ჩაედინათ ხულიგნური ქმედებები. ამის მსგავსად, დიდი აზრი არ ექნებოდა მათ ესკორტირებას სტადიონამდე და გაფრთხილებას, რომ დააპატიმრებდნენ, თუკი ისინი დატოვებდნენ ხულიგანთა დაჯგუფებებს, როგორც ეს პოლიციამ ზემოთ დასახლებულ ოსტენდორფის (Ostendorf) საქმეში განახორციელა, იმის გათვალისწინებით, რომ მრავალ მათგანს, მათ შორის, მომჩივანსაც, არ ჰქონდა მატჩის ბილეთი.
53. ამასთან, მომჩივნებმა აშკარა მოქმედებები განახორციელეს რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ისინი არ შეასრულებდნენ ამ ვალდებულებას. ამდენად, პირველი მომჩივანი დააპატიმრეს იმის გამო, რომ მოქალაქე, რომელიც პოლიციის მხრიდან მაღალი სანდოობით სარგებლობდა, სპონტანურად დაუკავშირდა პოლიციას, აცნობა რა, რომ მან ისისიყო გაიგონა, თუ როგორ ურეკავდა პირი, რომელზეც ამავდროულად აღნიშნა, რომ იყო პირველი მომჩივანი, სხვა ხალხს, აქეზებდა რა მათ, მასთან ერთად, დაპირისპირებოდნენ შვედ ფეხბურთის ფანებს. მეორე და მესამე მომჩივანი მაშინ დააპატიმრეს, როდესაც პოლიციამ დაინახა, თუ როგორ ელაპარაკებოდნენ ისინი ადგილობრივი დაჯგუფების “South Side United“ აქტივისტს და გასცემდნენ ბრძანებებს სხვების მიმართ.
54. მომჩივნები გათავისუფლდნენ, როგორც კი ქალაქში აღარ მიმდინარეობდა ძალადობრივი ქმედებები. უკანასკნელი არეულობა, რომლის შემდეგაც მოხდა დაპატიმრებები, განხორციელდა 10.51-დან 11.27 საათამდე, რა დროსაც, როგორც ჩაწრილი იყო, პოლიციის ფორგონს გადაჰყავდა ოცდათუხუმეტი დაკავებული (დაკავებული 10.51-ზე). მომჩივნები გათავისუფლდნენ 11.27-დან 11.34-მდე, და ღამის 12.06 საათზე, შესაბამისად, იმგვარი სისწრაფით, როგორც ეს შესაძლებელი იყო.
(ii) მე-5მუხლის 1-ლი(c) პუნქტი
55. მთავრობამ ასევე განმარტა, რომ მომჩივნების დაპატიმრება ასევე შეიძლებოდა გამართლებულიყო მე-5მუხლის 1-ლი(c) პუნქტით.
56. ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ მომჩივნები დააპატიმრეს იმიტომ, რომ „გონივრულად ჩაითვალა აუცილებლად მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენის აღკვეთა“ ან უფრო ზუსტად, ისინი დაპატიმრებული იყვნენ პოლიციის შესახებ კანონის მე-5(3) მუხლის საფუძველზე, რათა თავიდან აეცილებინათ საჯარო წესრიგის დარღვევის საფრთხე და დაეცვათ პიროვნებებისა და საზოგადოების უსაფრთხოება. პოლიციას გააჩნდა საკმარისი ფაქტები და ინფორმაცია იმისათვის, რომ დაერწმუნებინა ობიექტური დამკვირვებელი, რომ მომჩივნები გეგმავდნენ ხულიგნური არეულობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, რომლის დროსაც კონკრეტული დანაშაულები იქნებოდა ჩადენილი (მაგალითად, კანონისა და წესრიგის დაცვის შესახებ პოლიციის ბრძანების მე-3 მუხლითა და სისხლის სამართლის კოდექსის 134ა-ე, 244-ე, 245-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული).
57. მომჩივნები არ ყოფილან დაპატიმრებული იმ მიზნით, რომ მათ წინააღმდეგ აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმეები. თუმცა, მიუთითეს რა, inter alia, ლოვლესის (Lawless) საქმეზე (ციტირებულია ზემოთ, მე-14 პარაგრაფი) და განსხვავებულ აზრზე, რომელიც დაერთო ოსტენდორფის (Ostendorf) საქმეს, მთავრობამ გაიმეორა, რომ ფაქტი, რომ დაპატიმრებული პირი საბოლოოდ არ ყოფილა ბრალდებული ან წარდგენილი სასამართლოს წინაშე, თავისთავად არ იწვევს მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი ნაწილის დარღვევას. არ დარღვეულა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი, რადგან დაპატიმრებულები გაათავისუფლეს „დაუყოვნებლივ“ მანამდე, სანამ დაპატიმრების რაიმე სამართლებრივი შეფასება იქნებოდა შესაძლებელი. ამგვარ ვითარებაში არ არსებობდა განუსაზღვრელი დროით თვითნებური დაპატიმრების საფრთხე.
58. მოცემულ საქმეში მომჩივნები გათავისუფლდნენ დაუყოვნებლივ, კერძოდ, როგორც კი საფრთხე ამოიწურა, შვიდი საათის გასვლის შემდეგ. სამწუხარო იქნებოდა, თუკი კანონმდებლობა ამგვარ ვითარებაში პოლიციას დაავალდებულებდა, გაეგრძელებინა პატიმრობა და წარედგინა დაპატიმრებულები სასამართლოს წინაშე ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებისთვის, იმიტომ, რომ პრევენციული მიზნები კანონიერი აღმოჩენილიყო. მე-5 მუხლის დედააზრისა და მიზნისთვის ხაზის გადასმა იქნებოდა ის, თუ მომჩივანთა ადრეული გათავისუფლება მათ აღმოაჩენდა უფრო ძლიერ პოზიციაში, იმისათვის, რომ ედავათ მე-5 მუხლის დარღვევის გამო, ვიდრე, თუ იქნებოდა გადაწყვეტილი, რომ ისინი დაეკავებინათ უფრო დიდი დროით, სასამართლოში წარდგენის მიზნისთვის.
59. უფრო მეტიც, მართლმსაჯულების ადმინისტრირების კანონის 469-ე მუხლის თანახმად, შეეძლოთ და ეს განახორციელეს კიდეც, მიემართათ სასამართლოსთვის პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავების კანონიერების შემოწმების მიზნით. შესაბამისად, კანონმდებლობით უზრუნველყოფილი იყო თავისუფლების აღკვეთის კანონიერების შემოწმება, რაც ამცირებდა თვითნებური დაპატიმრების საფრთხეს.
(iii) კანონით გათვალისწინებული საპროცესო ნორმების დაცვით
60. დაბოლოს, მთავრობა იმეორებდა, რომ მომჩივანთა დაპატიმრება განხორციელდა კანონით გათვალისწინებული საპროცესო ნორმების დაცვით. პოლიციის შესახებ კანონის მე-5(3) მუხლსა და შესაბამისი განმარტებით ბარათებზე მითითებით, მთავრობამ მიიჩნია, რომ კანონს საკმარისი ძალა გააჩნა იმისთვის, რომ პოლიციისთვის მიენიჭებინა უფლებამოსილება, გადაეჭარბებინა ექვსსაათიანი წესისთვის სპეციფიურ სიტუაციებში. მოცემულ საქმეში დაპატიმრების მიზანი ვერ შესრულდებოდა, თუკი მომჩივნები გათავისუფლდებოდნენ ექვს საათზე ადრე. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დაკავების მიზნისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ დაპატიმრება ორგანიზებული ხასიათის ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა, უწესრიგობის ფარგლებისა და ხასიათის, ასევე დროის სპეციფიკის, რომლითაც მაქსიმალური ვადა გადაცილებულ იქნა, სამი მომჩივნის ექვს საათზე მეტი დროის განმავლობაში დაკავების საფუძველი, პოლიციის შესახებ კანონის მე-5(3) მუხლის თანახმად, არსებობდა.
(ბ) მომჩივნები
61. მომჩივნებმა განმარტეს, რომ მათი დაპატიმრება არ ექცეოდა მე-5 მუხლის 1-ლი (b) ან (c) პუნქტით განსაზღვრულ ფარგლებში. ისინი ასევე ამტკიცებდნენ, რომ დაკავება არ განხორციელებულა კანონით დადგენილი საპროცესო ნორმების დაცვით.
(i) მე-5 მუხლის 1-ლი (b)პუნქტი
62. მომჩივნები თანხმდებოდნენ, რომ თუკი ამ საქმეში შესაძლებელი იყო სპეციფიური ვალდებულების გამოკვეთა, ის იქნებოდა იგივე, რაც ზემოთ დასახელებულ ოსტენდორფის (Ostendorf) საქმეში, კერძოდ, მათი მხრიდან არეულობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის აღკვეთა. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ოსტენდორფში (Ostendorf) სასამართლომ ხაზი გაუსვა იმას, რომ „... აუცილებელია პირველ რიგში იმ დასკვნის გაკეთება, რომ პირმა ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება, თავი შეეკავებინა იმ კონკრეტული ქმედებისგან, რაც მისთვის ცნობილი იყო და ამ პირმა გამოავლინა, რომ იგი არ აპირებდა ამგვარი ქმედების ჩადენისგან თავის შეკავებას.“ (ibid., § 94). სასამართლომ შემდეგში ხაზი გაუსვა, რომ შესაბამის პირს უნდა გადაედგა სათანადო პოზიტიური ნაბიჯები, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ იგი არ აპირებდა ზემოაღნიშნული მოვალეობების შესრულებას. ოსტენდორფში (Ostendorf) მომჩივანს ახასიათებდნენ, როგორც “gang leader” და მას მიღებული ჰქონდა სპეციალური და წინასწარი ბრძანება პოლიციისგან, რომ დარჩენილიყო გულშემატკივართა ჯგუფთან, ვისთან ერთადაც იგი ჩავიდა საფეხბურთო მატჩზე, ერთად და ჯგუფიც კი იყო ინფორმირებული იმ შედეგების შესახებ, რაც მოჰყვებოდა ამგვარი ბრძანების შეუსრულებლობას. ბრძანება მას შემდეგ გაიცა, რაც პოლიციამ დაარეგისტრირა და გაჩხრიკა ჯგუფის ყველა წევრი აღმოაჩინა და ამოიღო მათ მფლობელობაში არსებული ნივთები, რომლებიც ხულიგნური არეულობისას გამოიყენეს.
63. ამ საქმის გარემოებები აშკარად განსხვავდებოდა იმათგან, რასაც ოსტენდორფ(Ostendorf)-ში ჰქონდა ადგილი. სამივე მომჩივანი პოლიციის ინსტრუქციებს ყოველთვის ემორჩილებოდა; ისინი არასოდეს ყოფილან გაფრთხილებული, რომ მათ თავი უნდა შეეკავებინათ რაიმე კონკრეტული ქმედებებისგან; მათ არ გააჩნდათ რაიმე ინსტრუმენტი, რასაც შეეძლო მიენიშნებინა, რომ ისინი აპირებდნენ არეულობაში მონაწილეობის მიღებას; და მათ არ წაუქეზებიათ და არ მიუღიათ მონაწილეობა რაიმე დაპირისპირებაში.
64. მომჩივნების განმარტებით ის ფაქტი, რომ ქალაქში პოლიცია დიდი რაოდენობით იყო წარმოდგენილი, არ შეიძლებოდა, როგორც ზოგადი წესი, მიღებულიყო იმგვარად, რომ ეს მოქალაქეებს აკისრებდა რაიმე სპეციფიურ ვალდებულებებს. გასაგები იყო, რომ ფართომასშტაბიანი ღონისძიებები მოითხოვს პოლიციის ადგილზე ყოფნას მთელი რიგი მიზეზების გამო. უფრო მეტიც, მომჩივნების აზრით, პოლიციელების დიდი რაოდენობით ყოფნა იმაზე მიანიშნებდა, რომ პოლიციას შეეძლო თავიდან აეცილებინა სავარაუდო საშიშროება უფრო ნაკლებად რადიკალური ზომების გამოყენებით, მათით, რაც ჩამოთვლილია პოლიციის შესახებ კანონის მე-5(2) მუხლში, მათ ხელთ არსებული ყველაზე რადიკალური ზომების გამოყენების, კერძოდ - თავისუფლების აღკვეთის, ნაცვლად; თუმცა, როგორც ჩანდა, პოლიციას წინასწარვე, ღონისძიების დაწყებამდე, ჰქონდა გადაწყვეტილი პირდაპირ გამოეყენებინა ყველაზე რადიკალური ზომები.
65. მოიშველიეს რა, პოლიციის შესახებ კანონის განმარტებითი ბარათები, მომჩივნებმა ასევე ხაზი გაუსვეს იმას, რომ გარემოება, რომ მათი ვინაობა შეიძლება ცნობილი ყოფილიყო პოლიციისთვის, არ ამართლებდა საპოლიციო ზომების გამოყენებას პოლიციის შესახებ კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე; არც არსებობდა რაიმე გარემოება, ვალდებულების კონტექსტში, რომ თავი უნდა შეეკავებინათ რაიმე კონკრეტული ქმედებისგან, რაც გამორიცხავდა ხელისუფლების პასუხისმგებლობას, ყველა შესაბამისი პირისთვის ეცნობებინათ, რომ მათ რაიმე კონკრეტული ვალდებულება ეკისრათ.
66. მიუთითა რა აღნიშნული, პირველმა მომჩივანმა ასევე განმარტა, რომ თუნდაც უცნობ მოწმეზე დაყრდნობით სასამართლოს დადგენილად მიეჩნია, რომ მასზე შეიძლებოდა საფუძვლიანად თქმულიყო, რომ არ შეასრულებდა სპეციალურ მოვალეობას ან ვალდებულებას, ამგვარი ვალდებულება არცერთ შემთხვევაში არ შეიძლებოდა გამხდარიყო დაპატიმრების წინაპირობა. მეტიც, მან განმარტა, რომ დაპატიმრება უფრო მეტად ატარებდა დამსჯელობით მიზანს, რასაც არ მოიცავდა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი(b) პუნქტი. პირველი მომჩივნის მოსაზრებით, შესაბამისად, მისი დაპატიმრება, სავარაუდოდ, არ იყო მოცული მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის (b) ქვეპუნქტით.
67. როგორც მეორე და მესამე მომჩივნებმა განმარტეს, რომც თქმულიყო, რომ ეკისრებოდათ კონკრეტული და სპეციფიური ვალდებულება, არაფერი მიანიშნებდა, რომ მათთვის ცნობილი იყო ამის შესახებ და, რომ მათ გადადგეს რაიმე ისეთი პოზიტიური ნაბიჯები, რაც მიუთითებდა, რომ ამ ვალდებულებას არ შეასრულებდნენ.
(ii) მე-5 მუხლის 1-ლი(c)პუნქტი
68. მომჩივნებმა მიუთითეს დიდი დროის განმავლობაში ჩამოყალიბებულ პრეცედენტულ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის (c) ქვეპუნქტი გამოიყენება მხოლოდ წინასასამართლო დაკავების მიზნით სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას.
69. მოცემულ საქმეში, მართალია, მომჩივნები დაკავებული იყვნენ პოლიციის შესახებ კანონის მე-5(3) მუხლის საფუძველზე, იმისათვის, რომ აღეკვეთათ მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენა, და არა მართლმსაჯულების ადმინისტრირების შესახებ კანონის 755-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა პირის დაკავებას, ვინც ეჭვმიტანილი იყო დანაშაულის ჩადენაში. სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ პრეცედენტული სამართლის ეს მიმართულება მთლიანად უგულვებელყოფილი იყო, ასევე მხედველობაში უნდა მიიღოს ის, რომ დანიის ხელისუფლება ამ მოცემულ საქმეში მხოლოდ პოლიციის შესახებ კანონს დაეყრდნო.
70. ამასთან, მხედველობიდან არ უნდა გამორჩენილიყო ის, რომ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს იმას, რომ ყველა, ვინც დაპატიმრებულია, დაუყოვნებლივ უნდა ყოფილიყო წარდგენილი მოსამართლის წინაშე და მისი საქმე უნდა განხილულიყო გონივრულ ვადაში ან უნდა გათავისუფლებულიყო საქმის წარმოების მიმდინარეობისას. მოცემულ საქმეში მომჩივნები დაუყოვნებლივ არ ყოფილან წარდგენილი მოსამართლესთან ან მათთვის არ შეუთავაზებიათ სამართლებრივი დაცვის რაიმე შესაძლებლობა. პირიქით, მათ მოუხდათ, თვითონ აღეძრათ სარჩელი.
71. დაბოლოს, მომჩივანთა მოსაზრებით, მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის (b) ქვეპუნქტთან დაკავშირებით არსებული პრეცედენტული პრაქტიკა ეროვნულ ხელისუფლებას საკმარის შესაძლებლობას აძლევდა, დაეპატიმრებინა პირები იმგვარ ვითარებაში, როდესაც პოლიციას, წესრიგის დაცვის ან უსაფრთხოების მიზნისთვის, მათთვის ნაბრძანები ჰქონდა ემოქმედათ ან თავი შეეკავებინათ რაიმე ქმედებისგან და, თუ პირები არ შეასრულებდნენ იმ ბრძანებას. არაპროპორციული იქნებოდა პოლიციისთვის ნების დართვა, რომ ასევე დაყრდნობოდნენ მე-5 მუხლის 1-ელ(c) პუნქტს ამგვარ სიტუაციებში.
(iii) კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად
72. მომჩივნები ასევე ხაზს უსვამდნენ, რომ მათთვის თავისუფლების აღკვეთა არ განხორციელებულა კანონით დადგენილი საპროცესო ნორმების დაცვით და შესაბამისად, ის არ ყოფილა „კანონიერი“ კონვენციის მე-5 მუხლის მნიშვნელობით. უფრო კონკრეტულად, პოლიციის შესახებ კანონის მოხსენებით ბარათზე დაყრდნობით, მომჩივნებმა განმარტეს, რომ კანონის მე-5(3) მუხლი არ რთავს ადმინისტრაციული წესით დაპატიმრების უფლებას ექვს საათზე მეტი ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექვსი საათი გავიდა პოლიციის ქმედებებთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებული იყო დიდი რაოდენობით პირთა დაკავებასთან, როდესაც დრო დაიხარჯა პოლიციის განყოფილებაში გადაყვანაზე და დაპატიმრებულთა რეგისტრაციასა და იდენტიფიცირებაზე, და რის გამოც, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ექვსსაათიანი ვადის დაცვა. მოცემულ საქმეში პირველი მომჩივანი იყო ერთადერთი დაკავებული დიდი ჯგუფიდან, ხოლო მეორე და მესამე მომჩივანი დააპატიმრეს სხვა მესამე და მეოთხე პირთან ერთად, დიდი ჯგუფიდან. შესაბამისად, მათი დაპატიმრება დაკავშირებული არ ყოფილა მნიშვნელოვანი რაოდენობის პირთა დაპატიმრებასთან. დაბოლოს, მომჩივნებმა ხაზი გაუსვეს, რომ პრაქტიკულად შესაძლებელი იყო მათი გათავისუფლება ექვსსაათიანი ვადის გასვლის შემდეგ, როგორც ეს დადასტურდა მთავარი ინსპექტორის პ.ჯ.-ს ჩვენებით (იხ. 24-ე პარაგრაფი ზემოთ).
2. სასამართლოს შეფასება
(ა) მე-5 მუხლის 1-ელ პუნქტთან დაკავშირებული ზოგადი პრინციპები
73. კონვენციის მე-5 მუხლი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლებთან ერთად, მიეკუთვნება პირველი რიგის ძირითად უფლებებს, რომლიც იცავს პირის ფიზიკურ უსაფრთხოებას და უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მთავარი ამოცანაა თავისუფლების თვითნებურად ან დაუსაბუთებელად შეზღუდვების აღკვეთა. სასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკაში შეიძლება გამოიკვეთოს სამი სტანდარტი: გამონაკლისების ამომწურავი სახით ჩამოყალიბება, რაც შეიძლება შეზღუდულად განიმარტოს და რაც, არ საჭიროებს ფართო დასაბუთებას სხვა დებულებების ჩარჩოში (კერძოდ, კონვენციის მე-8-მე-11 მუხლები); დაპატიმრების კანონიერებაზე არაერთგზის ყურადღების გამახვილება, როგორც საპროცესო, ისე მატერიალური კუთხით, რაც საჭიროებს კანონის უზენაესობის სკურპულოზურ დაცვას და სათანადო სასამართლო კონტროლის ზომების დაუყოვნებლად და სწრაფად განხორციელება (იხ. ბუზადჟი მოლდოვას რესპუბლიკის წინააღმდეგ (Buzadji ვ. the Republic of Moldova) [დიდი პალატა], N 23755/07, § 84, ECHR 2016 (ამონარიდები), შემდგომი მითითებებით).
(i) კანონიერება
74. როდესაც განიხილება დაპატიმრების „კანონიერება“, რაც მოიცავს „კანონით დადგენილი პროცედურის“ საკითხს, კონვენცია ძირითადად ეროვნულ კანონმდებლობისკენ მიგვმართავს და აყალიბებს ვალდებულებას, რომ უნდა შესრულდეს მისით ჩამოყალიბებული მატერიალური და საპროცესო ნორმები. თუმცა, ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაც არ არის საკმარისი: მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი დამატებით მოითხოვს, რომ თავისუფლების ნებისმიერი აღკვეთა უნდა განხორციელდეს იმ ამოცანის დაცვით, რომ პირი დაცული იყოს თვითნებობისგან (იხ., მრავალ სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას შორის, ვინტერვერპი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Winterwerp v. the Netherlands), 24 ოქტომბერი 1979, § 37, სერია A N 33); ამური საფრანგეთის წინააღმდეგ (Amuur v. France), 25 ივნისი 1996, § 50, გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ანგარიშები 1996‑III; ჩაჰალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Chahal v. the United Kingdom), 15 ნოემბერი 1996, § 118, ანგარიშები 1996‑V; ვიტოლდ ლიტვა პოლონეთის წინააღმდეგ (Witold Litwa v. Poland), N 26629/95, §§ 72‑73, ECHR 2000‑III და ვასილევა დანიის წინააღმდეგ (Vasileva v. Denmark), N 52792/99, § 32, 25 სექტემბერი 2003.
(ii) თვითნებობის არარსებობა
75. რადგანაც [ევროპულ] სასამართლოს წინათ არ ჩამოუყალიბებია ფართო განმარტება, თუ რა სახის ქმედება შეიძლებოდა მიჩნეულიყო „თვითნებობად“ მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის მიზნისთვის, მნიშვნელოვანი პრინციპები სხვადასხვა საქმეშია მიმობნეული. პრეცედენტული პრაქტიკიდან კიდევ უფრო იკვეთება ის, რომ „თვითნებობის“ შინაარსი მე-5 მუხლის კონტექსტში ცვალებადია დაპატიმრების ფორმების მიხედვით (იხ., მაგალითად, საადი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Saadi v. the United Kingdom [GC], no. 13329/03, § 68, ECHR 2008).
76. პრეცედენტულ პრაქტიკაში ჩამოყალიბებული ერთი ზოგადი პრინციპი არის ის, რომ დაპატიმრება იქნება „თვითნებური“, როდესაც, ეროვნულ კანონმდებლობასთან ბუკვალურად შესაბამისობის ნაცვლად, ხელისუფლების მხრიდან ადგილი ექნება არაკეთილსინდისიერებას ან თავის დაძრომას (იხ. მაგალითად, ბოზანო საფრანგეთის წინააღმდეგ (Bozano v. France), 18 დეკემბერი 1986, § 59, სერია A N 111; ზემოთ დასახელებული საადი (Saadi), § 69 და მურენი გერმანიის წინააღმდეგ (Mooren v. Germany) [დიდი პალატა], N 11364/03, §§ 77-79, 9 ივლისი 2009) ან როდესაც ეროვნული ხელისუფლება დაუდევრად არ ეცადა მართებულად გამოყენებინა ეროვნული კანონმდებლობა (იხ. ბენჰამი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Benham v. the United Kingdom), 10 ივნისი 1996, § 47, ანგარიშები 1996‑III; ლიუ რუსეთის წინააღმდეგ (Liu v. Russia), N 42086/05, § 82, 6 დეკემბერი 2007 და მარტურანა იტალიის წინააღმდეგ (Marturana v. Italy), N 63154/00, § 80, 4 მარტი 2008).
(iii) აუცილებლობა
77. მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის (c) ქვეპუნქტის პირველი ნაწილის კონტექსტში (სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვის არსებობა), სასამართლომ დაასკვნა შემდეგი: „იმისათვის, რომ თავისუფლების აღკვეთა მიჩნეულ იქნეს თვითნებობის გარეშე განხორციელებულად, საკმარისი არ არის, რომ ეს ზომა აღსრულდეს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად; ის ასევე, ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელს უნდა წარმოადგენდეს“ (იხ., სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შორის, ლადენტი პოლონეთის წინააღმდეგ (Ladent v. Poland), N 11036/03, § 55, 18 მარტი 2008; ხაირედინოვი უკრაინის წინააღმდეგ (Khayredinov v. Ukraine), N 38717/04, § 27, 14 ოქტომბერი 2010; კორნეიკოვა უკრაინის წინააღმდეგ (Korneykova v. Ukraine), N 39884/05, §§ 34 და 43, 19 იანვარი 2012; და სტროგანი უკრაინის წინააღმდეგ (Strogan v. Ukraine), no. 30198/11, § 86, 6 ოქტომბერი 2016). რაც შეეხება მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, წინასწარი პატიმრობის დასაბუთების მოთხოვნას ამგვარ საქმეებში და, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს „განსაკუთრებული გულისხმიერება“ პროცესის წარმოებისას, სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ გარკვეული დროით დაპატიმრების გამართლება, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მოკლე იქნება ეს დრო, სარწმუნოდ უნდა იქნეს დასაბუთებული ხელისუფლების მიერ. იმ საკითხის გადაწყვეტისას, პირი უნდა გათავისუფლდეს, თუ დარჩეს პატიმრობაში, ხელისუფლება ვალდებულია განიხილოს მისი სასამართლოში გამოცხადების უზრუნველყოფის ალტერნატიული საშუალებები (ibid.). წინასწარი პატიმრობა აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული (იხ. ზემოთ დასახელებული ბუზადჟი (Buzadji), §§ 87, 102, 122 და 123).
ანალოგიურად, (b), (d) და (e) ქვეპუნქტების კონტექსტში სასამართლომ დაადასტურა, რომ თვითნებურის მნიშვნელობა ასევე მოიცავს იმის შეფასებას, იყო თუ არა დაპატიმრება აუცილებელი დასახული მიზნის მისაღწევად. პირის დაპატიმრება იმდენად სერიოზული ზომაა, რომ ის შეიძლება გამართლდეს, როგორც მხოლოდ უკიდურესი ღონისძიება იმ შემთხვევაში, როდესაც უფრო მსუბუქი ღონისძიება შეფასდა და მიჩნეულ იქნა არასაკმარის გარანტიად ინდივიდუალური ან საჯარო ინტერესისთვის, რაც მოითხოვს, რომ შესაბამისი პირი დაპატიმრებული იქნეს (იხ. ზემოთ დასახელებული საადი (Saadi), § 70, შემდგომი მითითებებით; განსხვავებული მიდგომა (a) და (f) ქვეპუნქტებთან მიმართებით იხ. იგივე გადაწყვეტილების 71-ე და 72-ე პარაგრაფები).
(ბ) ამ საქმეზე გადასაწყვეტი საკითხები
78. სადავო არ არის, რომ მოცემულ საქმეზე მომჩივნებს აღეკვეთათ თავისუფლება კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის მნიშვნელობით. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია, იყო თუ არა გამართლებული მათი პატიმრობა მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის (b) ან (c) ქვეპუნქტების საფუძველზე ან ორივე მათგანით, როგორც მთავრობა ამტკიცებს.
(გ) იყო თუ არა მომჩივანთა დაპატიმრების საფუძველი მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის (b) ქვეპუნქტი
(i) (b) ქვეპუნქტთან დაკავშირებული პრინციპები
79. დაპატიმრება შეიძლება ნებადართულ იქნეს მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის (b) ქვეპუნქტით იმისათვის, რომ შესრულდეს პირობა „კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად“.
80. ეს შეეხება საქმეებს, როდესაც კანონი იძლევა პირის დაპატიმრების ნებართვას, რათა იგი აიძულონ, შეასრულოს კონკრეტული და სპეციფიური ვალდებულება, რომელიც მას უკვე ეკისრა და, რომელიც მას მანამდე უნდა შეესრულებინა. იმისათვის, რომ მე-5 მუხლის 1-ლი(b) პუნქტის საფუძვლის ფარგლებში მოექცეს, დაკავება ან დაპატიმრება ასევე უნდა იყოს გამიზნული ან პირდაპირ ემსახურებოდეს იმ ვალდებულების შესრულებას და არ უნდა იყოს დამსჯელობითი ხასიათის (იხ. იოჰანსონი ნორვეგიის წინააღმდეგ (Johansen v. Norway), N 10600/83, კომისიის 1985 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილება, განჩინებები და ანგარიშები (DR) 44, გვ. 162; ზემოთ დასახელებული ვასილევა (Vasileva), § 363; გათი მალტას წინააღმდეგ (Gatt v. Malta), N 28221/08, § 46, ECHR 2010; ოსიპენკო უკრაინის წინააღმდეგ (Osypenko v. Ukraine), N 4634/04, § 57, 9 ნოემბერი 2010; სოური და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ (Soare and Others v. Romania), N 24329/02, § 236, 22 თებერვალი 2011; და გოთლინი შვედეთის წინააღმდეგ (Göthlin v.Sweden), N 8307/11, § 57, 16 ოქტომბერი 2014). თუკი (b) ქვეპუნქტი იმგვარად გავრცელდებოდა, რომ მოიცავდა სასჯელებსაც, ამგვარი სასჯელებით აღიკვეთება ძირითადი გარანტიები, რაც გათვალისწინებულია (a) ქვეპუნქტით (იხ. ენგელი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ (Engel and Others v. the Netherlands), 8 ივნისი 1976, § 69, სერია A N 22, და ზემოთ დასახელებული იოჰანსენი (Johansen), გვ. 162).
81. შემდგომი მოთხოვნა ისაა, რომ ვალდებულება, რომლის შესრულებაც იგულისხმება მე-5 მუხლის 1-ლი(b) პუნქტიდან გამომდინარე, თავისთავად უნდა იყოს კონვენციის შესაბამისი (იხ. მაქვეი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (McVeigh and Others v. the United Kingdom, NN 8022/77, 8025/77 და 8027/77, კომისიის 1981 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება, DR 25, § 176, და ზემოთ დასახელებული იოჰანსენი (Johansen), გვ. 162). როგორც კი შესაბამისი ვალდებულება შესრულდება, დაპატიმრების საფუძველი მე-5 მუხლის 1-ლი(b) პუნქტის საფუძველზე წყვეტს არსებობას (იხ. ზემოთ დასახელებული ვასილევა (Vasileva), § 36; ეპლე გერმანიის წინააღმდეგ (Epple v. Germany), N 77909/01, § 37, 24 მარტი 2005; ზემოთ დასახელებული ოსიპენკო (Osypenko), § 57; სარიჟანისი იტალიის წინააღმდეგ (Sarigiannis v. Italy, N 14569/05, § 43, 5 აპრილი 2011; და ლოლოვა-კარაძოვა ბულგარეთის წინააღმდეგ (Lolova-Karadzhova v. Bulgaria), N 17835/07, § 29, 27 მარტი 2012).
82. დაბოლოს, უნდა დადგინდეს ბალანსი დემოკრატიულ საზოგადოებაში სადავო ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულებასა და თავისუფლების უფლების მნიშვნლობას შორის (იხ. ზემოთ დასახელებული: ვასილევა (Vasileva) § 37; ეპლე (Epple), § 37 და გათი (Gatt), § 46). შესაბამისი კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულების ბუნება, მის საგანთან და მიზანთან ერთად და კონკრეტული გარემოებები, რაც პატიმრობის წინაპირობაა, ისევე, როგორც მისი ხანგრძლივობა, არის მნიშვნელოვანი ფაქტორები ამ ბალანსის დადგენის მიზნისთვის (იხ. ზემოთ დასახელებული ვასილევა (Vasileva), §§ 37-38 შემდგომი მითითებებით; ილია სტეფანოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (Iliya Stefanov v. Bulgaria), N 65755/01, § 72; 22 მაისი 2008, ზემოთ დასახელებული: გათი (Gatt), § 46 და სოური და სხვები (Soare and Others), § 236).
83. მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის (b) ქვეპუნქტის ფართო განმარტების შედეგი შეუთავსებელია კანონის უზენაესობის პრინციპთან, რომლითაც ნასაზრდოებია მთელი კონვენცია (იხ. ზემოთ დასახელებული: ენგელი და სხვები (Engel and Others), § 69; ილია სტეფანოვი (Iliya Stefanov), § 72 და შვაბე და მ. გ. გერმანიის წინააღმდეგ (Schwabe and M.G. v. Germany., NN 8080/08 და 8577/08, § 82, ECHR 2011-VI (ამონარიდები)) და ქმნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საფრთხეს (იხ., მაგალითად, შიმოვოლოსი რუსეთის წინააღმდეგ (Shimovolos v. Russia), N 30194/09, § 51, 21 ივნისი 2011). შესაბამისად, მე-5 მუხლის 1-ლი(b) პუნქტის [მოთხოვნა] არ მართლდება, თუ, მაგალითად, ადმინისტრაციული ინტერნირება მოქალაქეს აიძულებს, შეასრულოს კანონის მორჩილების ზოგადი ვალდებულება, (ibid.). ვალდებულება, არ ჩაიდინოს სისხლის სამართლის დანაშაული, შეიძლება იყოს საკმარისად „სპეციფიური და კონკრეტული“ (b) ქვეპუნქტის მიზნისთვის, თუკი დანაშულის გარდაუვლად ჩადენის დრო ადგილი და მისი მოსალოდნელი მსხვერპლები საკმარისად ნათლად იყვნენ გამოკვეთილები, თუ შესაბამისი პირისთვის ცნობილი იყო ის სპეციფიური ქმედება, რომლისგანაც მას თავი უნდა შეეკავებინა და, თუ ამ პირმა იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ არ აპირებდა თავის შეკავებას (იხ. ზემოთ დასახელებული შვაბე და მ .გ. (Schwabe and M.G.), §§ 73 და 82 და ზემოთ დასახელებული ოსტენდორფი (Ostendorf), §§ 69-73, 93-94, 97, 99 და 101). ვალდებულება სამომავლოდ არ ჩაიდინო დანაშაული არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად კონკრეტულად და სპეციფიურად იმისათვის, რომ მოექცეს მე-5 მუხლის 1-ელ(b) პუნქტის ჩარჩოებში, რადგან, სულ მცირე, რაიმე სპეციფიური ბრძანება არ ყოფილა გაცემული, რომელიც არ შესრულებულა (იხ. ზემოთ დასახელებული შვაბე დ მ.გ. (Schwabe and M.G.), § 82).
ამასთან დაკავშირებით, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ შვაბე და მ.გ. (Schwabe and M.G). (ibid., § 81)-ს საქმეში ფაქტი, რომ პოლიციას რაიმე ამგვარი ბრძანება არ ჰქონია გაცემული, იყო მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი სასამართლოსთვის, რათა დაესკვნა, რომ საკითხი არ ექცეოდა 1-ლი(b) პუნქტის ფარგლებში, მაშინ, როდესაც ფაქტი, რომ პოლიციას გაცემული ჰქონდა ამგვარი ბრძანება, გადამწყვეტი აღმოჩნდა სასამართლოსთვის, ჩამოეყალიბებინა საწინააღმდეგო დასკვნა ოსტენდორფის (Ostendorf) (დასახელებულია ზემოთ, § 95) საქმეში. ამ უკანასკნელ საქმეში პოლიციამ სპეციალური ბრძანება გასცა მომჩივნის მიმართ მის დაპატიმრებამდე, რომ დარჩენილიყო ფეხბურთის გულშემატკივრებთან ერთად და გააფრთხილა იგი აშკარა ფორმით იმ შედეგების შესახებ, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობას. მეტიც, მისი ჯგუფი უკვე გაჩხრეკილი ჰყავდათ და ნანახი იქნა იმგვარი ინსტრუმენტები, რაც, როგორც წესი, გამოიყენებოდა ხოლმე ხულიგნურ დაპირისპირებაში.
(ii) ამ პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში
84. უდავოა, რომ მოცემულ საქმეში მათი დაპატიმრების წინ მომჩივნების მიმართ გაცემული არ ყოფილა რაიმე სპეციალური ბრძანებები, რომ მაგალითად, დარჩენილიყვნენ ერთ ჯგუფთან ერთად ან დაეტოვებინათ კონკრეტული ადგილი და არ მისცემიათ აშკარა გაფრთხილება იმ შედეგებთან დაკავშირებით, თუ რა მოჰყვებოდა მათ მიერ ამგვარი ბრძანების შეუსრულებლობას. პოლიციას მათთვის არც ის უთქვამს, თუ რა ქმედების განხორციელებისგან უნდა შეეკავებინათ თავი. ასევე არ იკვეთება, რომ ჯგუფის რომელიმე წევრს თან ჰქონდა იმგვარი ინსტრუმენტი, რაც ხულიგნური დაპირისპირებისას გამოიყენება.
85. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ფაქტი, რომ მომჩივნები დიდი რაოდენობით პოლიციელის თვალწინ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს საფეხბურთო მატჩის დაწყების წინ, მიმდინარეობისას ან შემდეგ, ივარაუდებოდა, რომ მათგან „მოსალოდნელი იყო სპეციფიური ქმედება, რისი ჩადენისგანაც თავი უნდა შეეკავებინათ“, კერძოდ, ეს არის ხულიგნური დაპირისპირების წაქეზება მატჩის ჩატარების ადგილზე მისი მსვლელობისას.
86. სასამართლო ვერ დასჯერდება ამგვარ დასაბუთებას. კერძოდ, ასკვნის, რომ დიდი რაოდენობით პოლიციელის ყოფნა, რაც მისაღებია ნებისმიერ მასიურ ღონისძიებაზე, არ შეიძლება შედარდეს ძალიან სპეციფიურ ზომებს, რომლებიც ჩამოყალიბებულ იქნა ოსტენდორფის (Ostendorf) საქმეში (ციტირებულია ზემოთ, § 95) იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირისთვის ცნობილი ყოფილიყო იმ სპეციფიური ქმედების შესახებ, რის განხორციელებისგანაც მას თავი უნდა შეეკავებინა. მე-5 მუხლის 1-ლი(b) პუნქტის ასეთი ფართო განმარტება გამოიწვევს კანონის უზენაესობის პრინციპთან, რომლითაც მთელი კონვენციაა ნასაზრდოები, შეუთავსებელ შედეგებს (იხ. ზემოთ, 83-ე პარაგრაფი).
87. შესაბამისად, მოცემული საქმის ვითარების გათვალისწინებით მომჩივანთა დაკავება არ განხორციელებულა მე-5 მუხლის 1-ლი(b) პუნქტის ფარგლებში.
დ) გამოიყენება, თუ არა მე-5 მუხლის 1-ლი (c) პუნქტი პრევენციული დაკავების მიზნისთვის, სისხლის სამართლის პროცესისგან დამოუკიდებლად
88. მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შემდეგ შემთხვევაში:
„პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა“.
(i) (c)ქვეპუნქტთან დაკავშირებული პრინციპები
89. მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტის კონტექსტში „სამართალდარღვევის“ ტერმინის მკაცრი ინტერპრეტაცია წარმოადგენს თვითნებობისგან დაცვის მნიშვნელოვან გარანტს. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ეს დებულება პოლიციას არ აძლევს ზოგადი პრევენციის შესაძლებლობას პირის ან პირთა გარკვეული კატეგორიის მიმართ, რომლებიც ხელისუფლების მიერ, მართებულად, თუ მცდარად, მიჩნეული არიან საშიშებად ან გააჩნიათ მიდრეკილება, ჩაიდინონ დანაშაული. დაპატიმრების ეს საფუძველი სხვას არაფერს ანიჭებს ხელშემკვრელ სახელმწიფოს, ვიდრე კონკრეტული და სპეციფიური სამართალდარღვევის პრევენციაა (იხ., მაგალითად, გუზარდი იტალიის წინააღმდეგ Guzzardi v. Italy, 6 ნოემბერი 1980, § 102, სერია A N 39; ჩიულა იტალიის წინააღმდეგ (Ciulla v. Italy), 22 თებერვალი 1989, § 40, სერია A N 148; და ზემოთ დასახელებული შიმოვოლოსი (Shimovolos), § 54), კერძოდ, მისი ჩადენის დრო და ადგილი და მისი მსხვერპლ(ებ)ი (იხ. მ. გერმანიის წინააღმდეგ (M. v. Germany), no. 19359/04, §§ 89 და 102, ECHR 2009). როგორც თვით მასთან დაკავშირებით („სამართალდარღვევა“), ისე მე-5 მუხლის მიზნიდან გამომდინარე, შეიძლება, კერძოდ, გამოიკვეთოს, რომ არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება თვითნებური ფორმით. (იხ. ზემოთ დასახელებული: გუზარდი (Guzzardi), § 102 და მ. გერმანიის წინააღმდეგ (M. v. Germany), § 89).
90. სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, „სამართალდარღვევა“ არ უნდა შემოიფარგლებოდეს იმ ჩარჩოებით, რაც ეროვნული კანონმდებლობით ითვლება „სამართალდარღვევად“. საქმეში სტილი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Steel and Others v. the United Kingdom) (23 სექტემბერი 1998, §§ 46-49 და 55, ანგარიშები 1998‑VII), სასამართლომ დაადგინა, რომ „წესრიგის დარღვევა“ მიჩნეულ უნდა ყოფილიყო „სამართალდარღვევად“ მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტის მნიშვნელობით, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური სამართლით ის სამართალდარღვევას არ წარმოადგენდა. ამ შემთხვევაში მხედველობაში მიიღებოდა (ibid., § 49) სამართალწარმოების ხასიათი და შესაძლო ჯარიმა. ამასთან, გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული მსჯელობის მიხედვით, (ibid., § 55):
„უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში მშვიდობიანობის დარღვევის ცნება ჩამოყალიბდა ინგლისის სასამართლოების მიერ იმგვარად, როდესაც საკმარისად ნათელია, რომ წესრიგის დარღვევა ჩადენილია, როდესაც პირი აყენებს ზიანს, პირებს ან ქონებას, ან მოქმედებს იმგვარად, რასაც ბუნებრივად მოჰყვება სხვების პროვოცირება ძალადობის ჩასადენად ...ასევე ნათელია, რომ პირი შეიძლება დაპატიმრებულ იქნეს წესრიგის დარღვევისთვის ან, როდესაც გონივრულია მოლოდინი, რომ იგი დაარღვევს წესრიგს...
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაბამისი სამართლის ნორმები ითვალისწინებდა საკმარის მითითებებს და ჩამოყალიბებული იყო სიზუსტის იმგვარი ხარისხით, რასაც კონვენცია მოითხოვს (იხ., მაგალითად, ლარისისი და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ (the Larissis and Others v. Greece) 1998 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება, ანგარიშები 1998-I, გვ. 377, § 34)”.
91. პირობა, რომ ადგილი არ ჰქონდეს თვითნებობას, ასევე მითხოვს, რომ როგორც დაპატიმრების ბრძანება, ისე მისი აღსრულება ნამდვილად შეესაბამებოდეს მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ქვეპუნქტებით დადგენილ შეზღუდვებს (იხ. ზემოთ ხსენებული საადი (Saadi), § 69). როდესაც დაპატიმრება გამართლებულია მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტით, იმისათვის, რომ პირი წარედგინოს ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოს, გონივრული ეჭვის არსებობისას, რომ ჩადენილ იქნა სამართალდარღვევა, სასამართლო მოითხოვდა, რომ ხელისუფლების შესაბამის ორგანოს წარდგენოდა გარკვეული ფაქტები და ინფორმაცია, რაც ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებდა, რომ შესაბამის პირს შეიძლებოდა ჩაედინა სადავო სამართალდარღვევა (იხ. ჯეიმსი, უელსი და ლიი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (James, Wells and Lee v. the United Kingdom), NN 25119/09 და 2 სხვა, § 193, 18 სექტემბერი 2012, და ო’ჰარა გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (O’Hara v. the United Kingdom), N 37555/97, §§ 34-35, ECHR 2001‑X). ანალოგიურად, სასამართლო მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ გამართლდეს დაპატიმრება მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტით, ხელისუფლებამ დამაჯერებლად უნდა დაასაბუთოს, რომ შესაბამისი პირი მაღალი ალბათობით მონაწილეობდა კონკრეტულ და სპეციფიურ სამართალდარღევაში, რომლის ჩადენა დაპატიმრების გარეშე ვერ იქნებოდა აღკვეთილი.
92. დაბოლოს, მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტით, გადაწყვეტილების დასაბუთება პირის დაპატიმრების შესახებ, არის რელევანტური ფაქტორი იმ მიზნისთვის დაპატიმრება ჩაითვლება, თუ არა თვითნებურად. 1-ლი(c) პუნქტის სამოქალაქო ნაწილთან დაკავშირებით, სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა გადაწყვეტილებებში, რომლითაც ხდებოდა პატიმრობის გახანგრძლივების დაკანონება შესახებ, 1-ლი(c) პუნქტის რომელიმე საფუძვლის მიუთითებლობა შეუთავსებელი იყო მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილ თვითნებობისგან დაცვის პრინციპთან (იხ. ურტანსი ლატვიის წინააღმდეგ (Urtāns v. Latvia), N 16858/11, § 28, 28 ოქტმბერი 2014). საპირისპიროდ, დადგენილ იქნა, რომ მომჩივნების დაპატიმრება არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო თვითნებურად, თუ ეროვნული სასამართლო ჩამოაყალიბებდა სათანადო საფუძვლებს პატიმრობის გაგრძელებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოცემული საფუძვლები იყო მეტად ლაკონური და არ მიუთითებდა რაიმე სამართლებრივ საფუძველზე მომჩივნის დაპატიმრებისთვის (ibid.; იხ., ასევე, ზემოთ დასახლებული მურენი (Mooren), § 79, შემდგომი მითითებებით).
(ii) სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები
93. სასამართლო კვლავაც იხსენებს ზემოთ დასახლებულ ოსტენდორფის (Ostendorf) საქმეს (§ 83) იმის შესაფასებლად, თუ დაპატიმრება „რომელიც მხოლოდ პრევენციულ მიზანს ატარებდა, იყო იმის გარანტი, რომ [მომჩივანი] გარდაუვლად არ ჩაიდენდა სამართალდარღვევებს ხულიგნური ქვენაგრძნობით“, შეიძლებოდა მოცული ყოფილიყო მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტის მეორე ნაწილით, როდესაც „საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის აღკვეთა“. სასამართლომ ამ შეკითხვას უარყოფითად უპასუხა (ibid., §§ 77-89), აღნიშნა რა, რომ გაცნობიერებული ჰქონდა გერმანიის სამართლებრივ სისტემაში პრევენციული საპოლიციო დაკავების მნიშვნელობა იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული მსხვერპლთა სიცოცხლის მიმართ საფრთხე, პოტენციურ დაზარალებულებთან კავშირი ან მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, იმგვარ ვითარებაში, როდესაც საკითხი ეხებოდა მასიური ღონისძიებების დროს ხალხის ფართო მასის მართვას (ibid., § 88).
94. ევროპაში ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საფეხბურთო და სხვა სპორტული ღონისძიებების დროს ჩადენილი ხულიგნური ქმედებების და მასობრივი აქციების, რომლებიც ძალადობაში გადაიზრდებოდა, რიცხვის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია, დასძინოს, რომ მრავალი წევრი ქვეყანა დგას მსგავსი გამოწვევების წინაშე.
95. ცდილობს რა, შესაბამისად განმარტოს და გამოიყენოს კონვენცია იდენტიფიცირებული გამოწვევების თავისებურებების მხედველობაში მიღებით, სანამ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების ეფექტიან დაცვას, სასამართლო გამოიყენებს თავის შესაძლებლობას, შეაფასოს, რამდენად არსებობს მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტის საფუძველზე ჩამოყალიბებული თავის პრეცედენტული პრაქტიკის გამოკვეთის აუცილებლობა.
96. ამასთან დაკავშირებით სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, არის, რამდენად შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავისუფლების აღკვეთის ცალკე მდგომ საფუძვლად ვითარება, „როდესაც საფუძვლიანად არის მიჩნეული მისი მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის აღკვეთა“ (მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტის მეორე ნაწილი), რაც დამოუკიდებელია ვითარებისგან, როდესაც არსებობს „საფუძვლიანი ეჭვი, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა“ (ამ დებულების პირველი ნაწილი).
97. პირველ რიგში სასამართლო მიმოიხილავს, თუ როგორ იყო განმარტებული და გამოყენებული მეორე ნაწილი პირველ ნაწილთან მიმართებით წინათ განხილულ საქმეებში.
შემდეგში განიხილავს, თუ მე-5 მუხლის 1-ელ(c) პუნქტით გათვალისწინებული „მიზნის“ მოთხოვნა რამდენად იწვევს რაიმე კონკრეტულ გართულებებს მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტის მეორე ნაწილით გათვალისწინებული პრევენციული დაკავებისას.
და მესამე რიგში, იმის გათვალისწინებით, რომ პრევენციული დაკავება შეიძლება განხორციელდეს 1-ლი(c) პუნქტის ფარგლებში, სასამართლო შეაფასებს, თუ რა დამატებითი გარანტიები, რომლებზეც მე-3 და მე-5 პუნქტები მიუთითებენ, უნდა არსებობდეს, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამგვარი დაპატიმრება არ აღმოჩნდეს თვითნებური ან არაპროპორციული.
(iii) რა შემთხვევაში იქნა მიჩნეული მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტის მეორე ნაწილი დაპატიმრების პირველი ნაწილისგან განსხვავებულ, დამოუკიდებელ საფუძვლად
98. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტი მოიაზრებს კანონიერ დაკავებას ან დაპატიმრებას სამი დამოუკიდებელ გარემოების არსებობისას, კერძოდ: (1) „საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, რომ ჩადენილია სამართალდარღვევა“, (2) „როდესაც საფუძვლინად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის აღკვეთის აუცილებლობა“, ან (3) როდესაც საფუძვლიანად არის მიჩნეული „მისი [ჩადენის შემდეგ] მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა“.
99. ის, რომ [მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტის] მეორე ნაწილი გამიზნული იყო დაპატიმრების დამოუკიდებელი საფუძვლის შესაქმნელად, ასახულია მინისტრთა კომიტეტის ადამიანის უფლებათა უმაღლეს თანამდებობის პირთა კონფერენციის მიერ მომზადებულ ანგარიშში კონვენციის მეორე პროექტის მე-5 მუხლის 1-ელ(c) და მე-3 პუნქტებზე (იხ. მოსამზადებელი სამუშაოები კონვენციის მე-5 მუხლთან დაკავშირებით, ციტირებულია ზემოთ, გვ. 32). ანგარიშში მითითებული იყო (იხ. 42-ე პარაგრაფი ზემოთ, დამატებით ხაზგასმულია):
„კონფერენციამ საჭიროდ მიიჩნია იმის ხაზგასმა, რომ როდესაც სანქცირებული დაკავება ან დაპატიმრება ხდება დანაშაულის ჩადენის აღკვეთის საფუძვლიანი ეჭვისას, ეს არ უნდა წარმოადგენდეს საპოლიციო სახელმწიფოს რეჟიმის დემონსტრირებას. შესაძლოა, გარკვეულ ვითარებაში, აუცილებელი იყოს პირის დაპატიმრება მის მიერ დანაშაულის ჩადენის აღკვეთის მიზნით, თუნდაც ის ფაქტები, რომლებიც მიუთითებდნენ მის მიერ იმ დანაშაულის ჩადენის განზრახვაზე, რაც არ წარმოადგენს დასჯად სამართალდარღვევას.“
თუმცა, ამასთან დაკავშირებით, პრეცედენტული პრაქტიკა შედარებით ნაკლებად ცხადია.
(α) ოსტენდორფის (Ostendorf) გადაწყვეტილება
100. ზემოთ დასახელებული ოსტენდორფის (Ostendorf) გადაწყვეტილება, რაც ამ საკითხთან ყველაზე ახლოს მდგომი გადაწყვეტილებაა, ასევე წარმოადგენდა მხარეთა არგუმენტების ცენტრალურ ნაწილს, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იყო მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტი მოცემულ საქმეში მომჩივნების დაპატიმრების საფუძველი (იხ. 93-ე პარაფრაფი ზემოთ).
101. ოსტენდორფის (Ostendorf) საქმიდან იკვეთება, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის იმისათვის, რომ (c) ქვეპუნქტის გამოყენება არ ყოფილიყო მიზანშეწონილად მიჩნეული, იყო ის, რომ თავისუფლების აღკვეთა ნებადართული იყო მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე და წინასასამართლო პატიმრობის მიზნით (ibid., §§ 66-68). ეს განმარტება რამდენჯერმე იყო ჩამოყალიბებული იმ საქმეში, მაგალითად 82-ე პუნქტში: „მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტის მეორე ნაწილი ... შეეხება მხოლოდ წინასასამართლო პატიმრობას და არა მეურვეობას პრევენციული მიზნისთვის, როდესაც შესაბამისი პირი ჯერ კიდევ არ არის ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენაში“. 86-ე პუნქტში სასამართლომ აღნიშნა, რომ „მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტის საფუძველზე დაპატიმრება შეიძლება გამოყენებულ იქნეს, კერძოდ, იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც ჩაიდინა დასჯადი ქმედებები დანაშაულის მომზადების მიზნით, იმისათვის, რომ აღიკვეთოს მის მიერ ამ დანაშაულის ჩადენა.“ ეს განმარტება ჩამოყალიბდა შესაბამისად 1-ელ(c) და მე-3 პუნქტების საფუძველზე, რომ პირის დაკავება უნდა იყოს განპირობებული „უფლებამოსილ სამართლებრივ ორგანოში მისი მიყვანის მიზნით“, რომ ეს პირი „დაუყოვნებლივ წარდგენოდა მოსამართლეს“ და იმისათვის, რომ „საქმე სასამართლოს განეხილა გონივრულ ვადაში“ მე-3 პუნქტის საფუძველზე (ibid., §§ 68, 82, 85 და 86), ასევე წინათ ჩამოყალიბებულ პრეცედენტულ პრაქტიკაზე მითითებით (ibid., §§ 67-69) იმის გათვალისწინებით, რომ (c) ქვეპუნქტი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. ამგვარი პრეცედენტული პრაქტიკა სათავეს უნდა იღებდეს ზემოთ დასახელებული ჩიულას (Ciulla) საქმიდან, რაც დადასტურდა იეჩიუსი ლიტუანიას წინააღმდეგ (Jėčius v. Lithuania) (N 34578/97, ECHR 2000‑IX), ზემოთ დასახელებულ: ეპლეს (Epple) (§ 35) და შვაბე და მ. გ. (Schwabe and M.G.) (§ 72) [საქმეებში]. ანალოგიური განმარტებები საკითხთან დაკავშირებით ასევე შეიძლება მოძიებულ იქნეს საქმეში ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hassan v. the United Kingdom) [დიდი პალატა] (N 29750/09, § 97, ECHR 2014).
102. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოსამართლეების ლემენსისა და იადერბლომის განსხვვებულ აზრზე ოსტენდორფის (Ostendorf) გადაწყვეტილებაში, რომლითაც არ დაეთანხმნენ ზემოთ ჩამოყალიბებულ განმარტებას და უფრო მეტად დაეყრდნენ იმ განმარტებას, რაც ჩამოყალიბებული იყო კონვენციის ადრეულ პრეცედენტულ პრაქტიკაში, ზემოთ დასახელებულ ლოვლესის (Lawless) საქმეში. შემდგომში ეს განსხვავებული მოსაზრება გაზიარებულ იქნა გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი სასამართლოს მიერ, რომელმაც თავის 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე რ. მეტროპოლიაში პოლიციის კომისრის წინააღმდეგ (R v The Commissioner of Police for the Metropolis) (იხ. 46-ე პარაგრაფი ზემოთ) გამოხატა იმ პრეცედენტული პრაქტიკის ხაზის მკვეთრი მხარდაჭერა, რაც ლოვლესის (Lawless) საქმეში იყო ჩამოყალიბებული.
103. მოცემული საქმე სასამართლოს უბიძგებს, მიმოიხილოს და ხელახლა გამოკვეთოს თავისი პრეცედენტული პრაქტიკა არა მხოლოდ უფრო მეტი სიმყარისა და ერთგვაროვნებისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ სათანადოდ უპასუხოს თანამედროვე საზოგადოებაში არსებულ, მოცემულ საქმეში გამოკვეთილი საკითხის მსგავს, პრობლემებს.
(β) ლოვლესის (Lawless) გადაწყვეტილება და მისგან გამომდინარე პრეცედენტული პრაქტიკა
104. ზემოაღნიშნული ლოვლესის (Lawless) საქმით დაწყებული, რაც შეეხებოდა ირლანდიელ ხელისუფალთა მიერ IRA-ს წევრების დაკავებას სასამართლოს გარეშე, სასამართლოს წინაშე პირველ რიგში დგება სადავო ნორმების განმარტების საკითხები. მომჩივანი ხუთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში მოსამართლესთან წარდგენის გარეშე, კანონმდებლობით მინისტრებისთვის მინიჭებული განსაკუთრებული უფლებამოსილების საფუძველზე, გამოეყენებინათ დაპატიმრების სპეციალური უფლებამოსილება, როდესაც მთავრობის მიერ გამოქვეყნებული პროკლამაციის მიხედვით, ამგვარი უფლებამოსილება აუცილებელი იყო მშვიდობისა და წესრიგის შენარჩუნებისათვის. მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივნის დაპატიმრება შეიძლებოდა ახსნილიყო როგორც „აუცილებელი იმისთვის, რომ აღკვეთილიყო მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენა“, რაც ასევე არ ატარებდა „მის უფლებამოსილ სამართლებრივ ორგანოში წარდგენის მიზანს“. სასამართლომ, ეს არგუმენტი უარყო, შემდეგი საფუძვლებით (დამატებით ხაზგასმულია):
„13. იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი, რომელზეც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ხაზგასმული, არის ის, მე-5 მუხლის 1 (c) და მე-3 პუნქტები ითვალისწინებენ, თუ არა იმას, რომ პირი, რომელიც დაკავებული ან დაპატიმრებულია „როდესაც საფუძვლიანად არის მიჩნეული, მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის აღკვეთა“, უნდა წარედგინოს მოსამართლეს. სხვაგვარად რომ ითქვას, მე-5 მუხლის 1-ელ(c) პუნქტში გამოთქმა „უფლებამოსილი (sic) სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად [devant l’autorité judiciaire compétente]“, ეხება, თუ არა მხოლოდ ამ სიტყვებს: „როდესაც არსებობს ამ პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი“, თუ ასევე „ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ... აღკვეთის აუცილებლობა“;
14. იმის გათვალისწინებით, რომ მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტი საკმარისად ნათელია იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს ამ შეკითხვას; იმის გათვალისწინებით, რომ აშკარაა, გამოთქმა „უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე მის წარსადგენად“ ახასიათებს დაკავებისა და დაპატიმრების ყველა კატეგორიის საქმეს, რაც მითითებულია იმ ქვეპუნქტში; იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული დებულება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავისუფლების ამგვარი აღკვეთის მიზანია დაკავებული ან დაპატიმრებული პირის მიყვანა უფლებამოსილ სამართლებრივ ორგანოში, მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა ამ პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, თუ საფუძვლიანად არის მიჩნეული ამ პირის მიერ სამართალდარღვევის აღკვეთის აუცილებლობა, თუ პირის მიმართ, რომლის მიმალვის აღკვეთა საფუძვლიანად არის მიჩნეული სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ;
იმის გათვალისწინებით, რომ მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმავე მუხლის მე-3 პუნქტთან ერთობლიობაში, რომელთან ერთადაც ქმნის მთლიანობას; რამდენად კატეგორიულად აცხადებს მე-3 პუნქტი, რომ „ამ მუხლის 1-ლი პუნქტის (c) ქვეპუნქტის დებულებების თანახმად, დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს“ და ... „მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში“; ეს რამდენად გულისხმობს პირდაპირ ვალდებულებას, რომ ყველა დაკავებული ან დაპატიმრებული ნებისმიერ იმ შემთხვევაში, რაც გათვალისწინებულია მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტით, უნდა წარედგინოს მოსამართლეს, იმ მიზნისთვის, რომ შემოწმდეს თავისუფლების აღკვეთის საკითხი ან იმისთვის, რომ საქმე არსებითად იქნეს გადაწყვეტილი; იმის გათვალისწინებით, რომ ასეთია მე-5 მუხლის როგორც 1-ლი(c), ისე მე-3 პუნქტების ტექსტის პირდაპირი და ნამდვილი მნიშვნელობა;
იმის გათვალისწინებით, რომ მისი გრამატიკული ანალიზის შედეგად მიღებული მნიშვნელობა სრულ ჰარმონიაშია კონვენციის მიზანთან, რომელიც მოწოდებულია, დაიცვას პირის თავისუფლება და უსაფრთხოება თვითნებური დაკავებისა ან დაპატიმრებისგან; იმის გათვალისწინებით, რომ ამასთან დაკავშირებით ხაზი უნდა გაესვას, რომ თუკი ზემოაღნიშნული ნორმების სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული კონსტრუქცია არ იყო კორექტული, ნებისმიერი პირი, ვინც ეჭვმიტანილი იყო ან დანაშაულის ჩადენის მიზანი ჰქონდა, შეიძლებოდა დაკავებული ან დაპატიმრებული ყოფილიყო განუსაზღვრელი ვადით მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილების ძალით იმგვარად, რომ მისი დაკავება ან დაპატიმრება არ ყოფილიყო მიჩნეული კონვენციასთან შეუსაბამოდ; იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი დაშვება გამოიწვევდა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე მინიშნებების გათვალისწინებით, კონვენციის ფუნდამენტურ პრინციპებთან წინააღმდეგობაში მყოფი დასკვნების ჩამოყალიბებას;
... “
105. როგორც ზემოაღნიშნულიდან გამოიკვეთა, სასამართლო, ეყრდნობა რა იმ განმარტებას, რაც ტექსტიდან სიტყვა-სიტყვით გამომდინარეობს („სიტყვათა წყობა ... საკმარისად ცხადია“; „გრამატიკული ანალიზი“, „სიტყვათა პირდაპირი და ნამდვილი მნიშვნელობით“), 1-ლი(c) პუნქტის სამივე ნაწილს დაკავების დამოუკიდებელ საფუძვლებად განიხილავს. მეტიც, მოთხოვნა, რომ დაპატიმრება უნდა წარმოადგენდეს [პირის] მიყვანის მიზეზს კომპეტენტური [სამართლებრივი] ორგანოს წინაშე, მოქმედებს თითოეულ საფუძველთან დაკავშირებით, როგორც ვალდებულება, რომ პირი უნდა წარედგინოს მოსამართლეს იმ მიზნით, რომ განხილულ იქნეს თავისუფლების აღკვეთის საკითხი ან იმისათვის, რომ სისხლის სამართლის ბრალდების ფარგლებში გადაწყდეს შესაბამისი ზომის გამოყენების საკითხი მე-5 მუხლის 1-ლი(c) ან მე-3 პუნქტების საფუძველზე.
106. ასევე შეიძლება, სასარგებლო იყოს ყოფილ ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის განმარტების გახსენება მე-5 მუხლის 1-ელ(c) და მე-3 პუნქტებთან დაკავშირებით, რაც მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში გაკეთდა (იხ. სასამართლოს შეჯამება ლოვლესის (Lawless) საქმეზე ციტირებულია ზემოთ, § 11, დამატებით ხაზგასმულია):
„... ყველა მტკიცებულება იმაზე მიუთითებს, რომ ინგლისურ ვერსიაში განხორციელებული ცვლილების, კერძოდ, მე-5 მუხლის 1-ელ(c) პუნქტში, ევროპის საბჭოში მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობისას, მიზანი იყო მისი ფრანგულ ტექსტთან შესაბამისობაში მოყვანა, რომელიც პროექტში განხორციელებული რამდენიმე ცვლილების გარდა, ძირითადად იყო იგივე, რაც კონვენციის საბოლოოდ მიღებული მე-5 მუხლი; ეს ასეა თვით მძიმესთან დაკავშირებით სიტყვების შემდეგ ‘autorité judiciaire compétente’, რაც ქმნის მე-5 მუხლის 1-ელ(c) პუნქტის კომისიის მიერ ჩამოყალიბებულ მკაცრ კონსტრუქციას; ის, რომ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოსამზადებელი სამუშაოების მასალები არ ტოვებს რაიმე საფუძველს ეჭვის შეტანისთვის, რომ კონვენციის ავტორების მიზანი იყო ნებისმიერი დაკავებული ან დაპატიმრებული პირის, რომელიმე იმ შემთხვევაში, რაც მითითებულია იმავე მუხლის 1-ელ(c) პუნქტში, დაუყოვნებლივ მიყვანა მოსამართლის წინაშე ...“
107. მეტიც, პრეცედენტული პრაქტიკის ის ხაზი, რაც ლოვლესის (Lawless) საქმეში ჩამოყალიბდა პრევენციულ დაპატიმრებასთან დაკავშირებით, თუნდაც სისხლისსამართლებრივი საქმის კონტექსტის გარეშე, რაც დასაშვებია (c) ქვეპუნქტის ფარგლებში, როგორც ჩანს, მრავალ შემდგომში მიღებულ გადაწყვეტილებასა და განჩინებაში იქნა არაპირდაპირ აღიარებული. ასე, მაგალითად, საქმეში ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. the United Kingdom) (18 იანვარი 1978, § 196, სერია N 25) სასამართლო, შეიძლება ითქვას, რომ დაეყრდნო ორივე ალტერნატიულ საფუძველს, მიუთითა რა, შემდეგი (დამატებით ხაზგასმულია):
„იმის მიუხედავად, სასამართლოს გარეშე თავისუფლების აღკვეთა საქმეთა უმრავლესობაში იყო, თუ არ იყო იმგვარი [დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის] ეჭვის საფუძველზე, რასაც კონვენციის დებულებებით გამართლებული წინასწარი პატიმრობა მოჰყვებოდა, ამგვარი დაპატიმრება დასაშვებია მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტის ფარგლებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ‹მიზანია [დაპატიმრებულის] მიყვანა უფლებამოსილ სამართლებრივ ორგანოში›“.
მოგვიანებით, გუზარდის (Guzzardi) საქმეში (დასახლებულია ზემოთ, § 102), სასამართლომ ცალკე შეამოწმა მეორე ალტერნატივა, რამდენადაც განჩინებებს, რომლებითაც მომჩივნის თავისუფლების აღკვეთის საკითხი იყო გადაწყვეტილი, „არ ჰქონდა სამართლებრივი კავშირი იმ გამოძიებასთან, რაც წარმართული იყო ... მიმართ იმ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, რაშიც იგი იყო ეჭვმიტანილი და ბრალდებული და გამომდინარეობდა სადავო ქმედებებიდან, „იმის მიუხედავად, იქ არსებობდა თუ არა ბრალი“.
108. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ლოვლესის (Lawless) საქმეში აშკარა და მკაცრად ჩამოყალიბებული განმარტებები გაკეთდა, რაიმე განმარტება ან ახსნა არ მისცემია იმას, რატომ გაემიჯნა სასამართლო ოცდაშვიდი წლის წინ ჩამოყალიბებულ მიდგომას, რაც განვითარებული ჰქონდა ჩიულას (Ciulla) საქმეში (დასახლებულია ზემოთ, § 38) უბრალოდ აღნიშნა, რომ „(c) ქვეპუნქტი თავისუფლების აღკვეთის გამოყენების ნებას რთავს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებზე“. სასამართლოს არც აუხსნია და, არც ლოვლესის (Lawless) საქმესთან წინააღმდეგობაზე მიუნიშნებია, რომ არაფერი ითქვას იმათ გამოსწორებაზე, რაც მას შემდეგომ გადაწყვეტილებებში იყო დაშვებული. პირიქით, მაგალითად იეჩიუსის (Jėčius) საქმეში (დასახლებულია ზემოთ, § 50) სასამართლომ აღნიშნა, რომ პირი შეიძლება დაპატიმრებულ იქნეს მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტის საფუძველზე მხოლოდ „სისხლისსამართლებრივი პროცესის კონტექსტში“, მიუთითა inter alia ლოვლესის (Lawless) გადაწყვეტილებაზე, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებაში რაიმე ასეთი დასკვნის, თუნდაც არაპირდაპირის, აღმოჩენა, შეუძლებელია.
(γ) სტილი და სხვები (Steel and Others) და მის მსგავსად მიღებული შემდგომი განჩინებები
109. ასევე აღსანიშნავია, რომ ნაწილობრივ ჩიულას (Ciulla) საქმის ხაზის პარალელურად, სასამართლომ მრავალი სხვა საქმე განიხილა, რომლებიც შეეხებოდა მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტის საფუძველზე წარდგენილ საჩივრებს იმ ზომების გამოყენებასთან მიმართებით, რაც უკავშირდებოდა „მშვიდობიანობის დარღვევას“ ინგლისური სამართალში.
110. ამ საქმეთაგან პირველში, სტილი და სხვები (დასახელებულია ზემოთ), სასამართლომ საქმე განიხილა მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტის ორივე ნაწილთან დაკავშირებით, ერთობლივად და კმაყოფილი იყო იმით, რომ თითოეული მომჩივანი დაკავებული და დაპატიმრებული იყო უფლებამოსილ სამართლებრივ ორგანოში წარდგენის მიზნით ეჭვის საფუძველზე, რომ მათ მიერ ჩადენილი იყო „სამართალდარღვევა“ ან იმიტომ, რომ ეს აუცილებლად იქნა მიჩნეული „სამართალდარღვევის“ ჩადენის აღკვეთისთვის, იმის დაკონკრეტების გარეშე, თუ ზომის რომელი ნაწილები ექცეოდა შესაბამისი ნაწილების ფარგლებში. პირველ ორ მომჩივანთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნული სასამართლოები, რომლებმაც თავიანთი [იურისდიქციაში შემავალი] საქმეები გადაწყვიტეს, სჯერდებოდნენ იმას, რომ თითოეულმა მათგანმა გამოიწვია, ან შესაძლო იყო გამოეწვია მშვიდობიანობის დარღვევა. შესაბამისად, სასამართლომ გამოკვეთა, რომ გამოყენებული ზომები, სულ მცირე, დაშვებული იყო მეორე ნაწილის საფუძველზე.
111. იგივე იქნა გამოკვეთილი შემდგომ განჩინებაში, რომელიც სამი წლის შემდეგ იქნა მიღებული საქმეზე ნიკოლი და სელვანაიაგამი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Nicol and Selvanayagam v. the United Kingdom) ((განჩ.), N 32213/96, 11 იანვარი 2001), რომელიც შეეხება ორ მომჩივანს, რომლებიც მონაწილეობდნენ თევზაობის აკრძალვის საპროტესტოდ გამართულ აქციაში, რომლის დროსაც მათ ისროლეს ჯოხები მეთევზეთა რიგის მიმართულებით, რითაც წარმოშვეს ქონების დაზიანების საფრთხე. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის, რომ სასამართლო, რომელიც მყარად დაეყრდნო იმ მიდგომას, რაც ჩამოყალიბებულია საქმეში სტილი და სხვები (Steel and Others) (დასახლებულია ზემოთ), საკითხი შეამოწმა მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტის ორივე ნაწილის კონტექსტში, რა დროსაც ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრებები იქნა საქმეზე დართული თითოეული ამ ნაწილის სასარგებლოდ (დამატებით ხაზგასმულია):
„თავდაპირველი დაპატიმრების მიზანი იყო იმის პრევენცია, რომ აღეკვეთათ მომჩივნების მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა; რაც შეეხება პატიმრობის დროს მას შემდეგ, რაც გაიმართა შეჯიბრი თევზაობაში - მომდევნო დღეს ან თავდაპირველ თევზაობის შემდგომი პერიოდის განმავლობაში, შეჯიბრი შემდგომ დღეს რომ არ გამართულიყო, მომჩივნები აშკარად იმის გამო იყვნენ დაპატიმრებული, რომ ისინი მიეყვანათ უფლებამოსილ სამართლებრივ ორგანოში, ეჭვის საფუძველზე, რომ მათ მიერ ჩადენილი იყო „სამართალდარღვევა“.
ეს მიუთითებს იმაზე, რომ მომჩივანთა თავდაპირველი დაკავება და დაპატიმრება შესაბამისობაში იყო კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელ(c) პუნქტთან და, რომ საჩივრების ეს ნაწილი არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის მნიშვნელობით და ის მიუღებლად უნდა გამოცხადდეს 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად.“
112. მიდგომა, რომელიც მე-5 მუხლის 1-ელ(c) მუხლის ორივე ნაწილის ფარგლების „გლობალური“ შეფასების სახით იქნა მოცემული, როგორც ეს განხორციელდა ზემოთდასახელებული სტილი და სხვების (Steel and Others) საქმეში, გამეორდა იმავე წელს მიღებულ განჩინებაში საქმეზე მაკბრაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (McBride v. the United Kingdom) ((განჩ.), N 27786/95, 5 ივლისი 2001), რომელიც დასრულდა იმ დასკვნით, რომ საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელად იქნა მიჩნეული.
113. ის, რაც გამომდინარეობას სასამართლოს ზემოაღნიშნულ მიდგომიდან 1998 წლის საქმეზე სტილი და სხვები (Steel and Others) და შემდგომ ორ საქმეში, რომლებიც 2001 წლის შემდეგ იქნა მიღებული (ნიკოლი და სელვანაიაგამი (Nicol and Selvanayagam) და მაკბრაიდი (McBride) (ორივე დასახელებულია ზემოთ)) როგორც ჩანს, არ შეესაბამება იმ დედააზრს, რაც ჩიულას (Ciulla) საქმეზე ჩამოყალიბდა 1989 წლიდან, რაც მოგვიანებით გამეორებულ იქნა მრავალ სხვა საქმეში დაწყებული იეჩიუსიდან (Jėčius) 2000 წელს, დასრულებული ოსტენდორფით (Ostendorf) 2013 წლიდან, იმ მიდგომასთან მიმართებით, რომ მე-5 მუხლის 1-ლი(c) მუხლი შეეხება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას სისხლის სამართლის საქმეებზე. ეს არც იმ დამატებით განმარტებასთან მოდის შესაბამისობაში, რაც ოსტენდორფის (Ostendorf) (დასახლებულია ზემოთ, § 82) საქმეში ჩამოყალიბდა, რომ „მე-5 მუხლის 1-ელ(c) მუხლის მეორე ალტერნატივა ... მხოლოდ წინასასამართლო პატიმრობას ეხება და არა დაპატიმრებას პრევენციული მიზნისთვის იმ პირის გარეშე, ვინც ეჭვმიტანილი იყო სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში“. პირიქით, ზემოაღნიშნულ, პირველ და მესამე ბრიტანულ საქმეებში, სასამართლომ ღიად დატოვა საკითხი, ზომების რა ნაწილი უნდა ყოფილიყო გამოყენებული ერთი ან რაიმე სხვა საფუძვლით და მეორე საქმეში, რომელიც აშკარად განსხვავდებოდა იმათგან, აკონკრეტებდა, რომ თავდაპირველი დაპატიმრება სცდებოდა პრევენციულ საფუძველს. ამ ანალიზის საფუძველზე ის ხაზი, რაც ბრიტანეთის სამ საქმეში იქნა განვითარებული, ატარებს იმავე განწყობას, რაც განვითარებული იყო საქმეებში: ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. the United Kingdom) და გუზარდი (Guzzardi) (ორივე დასახლებულია ზემოთ). ამათაგან მეორე საქმეზე ღიად დარჩა საკითხი, რა მოცულობით იქნა წარდგენილი სასამართლოს წინაშე [ნორმის] შესაბამისი ნაწილები, რადგან უკანასკნელი უფრო აშკარად წარმოაჩენდა მეორე ნაწილის გამოყენებას (იხ. 107-ე პარაგრაფი ზემოთ) იმავე ფორმით, რაც აისახა აშკარა განსხვავების ჩამოყალიბებისას ამ ორ ნაწილს შორის ლოვლესის (Lawless) საქმეში, რაც შესაბამისობაში იყო მინისტრთა კომიტეტის უფროს თანამდებობის პირთა კონფერენციის ანგარიშთან კონვენციის მეორე პროექტის მე-5 მუხლის 1-ელ(c) და მე-3 პუნქტებთან დაკავშირებით (იხ. 42-ე პარაგრაფი ზემოთ).
(δ) ნაწილობრივი დასკვნა
114. ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ წონადი არგუმენტები არსებობს იმ განმარტებასთან დაკავშირებით, რაც ლოვლესის (Lawless) საქმეში იყო განვითარებული და, რაც აისახა მას შემდეგ მიღებულ რიგ საქმეებში იმასთან დაკავშირებით, რომ მე-5 1-ლი(c) მუხლი შეეხება პირის კანონიერ დაკავებას ან დაპატიმრებას, განსაზღვრულ ვითარებებში, რაც მოიცავს მეორე ნაწილსაც „როდესაც საფუძვლიანად არის მიჩნეული მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის აღკვეთის აუცილებლობა“. არა მხოლოდ მეორე ნაწილის შეუქცევადი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა, არამედ, ასევე მასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების შედეგები აშკარად მიუთითებენ, რომ მე-5.1-ლი(c) მუხლის მეორე ნაწილი მიჩნეულ უნდა იქნეს იმგვარად, რაც კონკრეტულ საფუძველზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ პირველი ნაწილისგან განსხვავებით. ლოვლესის (Lawless) საქმეში (დასახლებულია ზემოთ, § 14) გარანტია, რომ ყველა დაპატიმრებული მიყვანილ იქნეს მოსამართლის წინაშე, მიჩნეული იყო როგორ „სრულ ჰარმონიაში მყოფი კონვენციის მიზანთან, დაიცვას პირის თავისუფლება და უსაფრთხოება თვითნებური დაპატიმრებისგან“.
115. ეს განმარტება არ ყოფილა შენარჩუნებული მომდევნო რამდენიმე გადაწყვეტილებაში ჩიულა(Ciulla)-დან ოსტენდორფ(Ostendorf)-მდე, უგულვებელყოფილი იყო რა, მეორე საფუძვლის გამოყენება სისხლის სამართლის პროცესის მიღმა. თუმცა, როგორც განმარტებული იყო, ეს მიდგომა არ წარმოადგენდა მხოლოდ ძალიან მკვეთრ და აუხსნელ გადახვევას ლოვლესის (Lawless) საქმიდან; ასევე რთულია ამ უკანასკნელის ტექსტობრივ განმარტებასთან დათანხმება, რაც მოსამზადებელი სამუშაოებით იქნა გამყარებული, ისევე, როგორც მთელ რიგ გადაწყვეტილებებთან, რაც მიღებული იყო როგორც ჩიულას (Ciulla) საქმემდე, ისე მის შემდეგ (იხ. ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. the United Kingdom); გუზარდი (Guzzardi); სტილი და სხვები (Steel and Others) და მათ მსგავსად მიღებული განჩინებები, ყველა დასახელებულია ზემოთ)
116. სასამართლო შესაბამისად იმ ზოგად მოსაზრებას ემყარება, რომ იმისათვის, რომ არაპრაქტიკული არ გახდეს პოლიციისთვის თავისი მოვალეობების შესრულება, შეინარჩუნოს წესრიგი და დაიცვას საზოგადოება, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი შეესაბამებიან მე-5 მუხლში ჩამოყალიბებულ პრინციპს, რაც არის პირის თვითნებობისგან დაცვა (იხ., ოსტინი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Austin and Others v. the United Kingdom) [დიდი პალატა], NN 39692/09 და 2 სხვა, § 56, ECHR 2012), პირის კანონიერი დაპატიმრება სისხლის სამართლის პროცესის გარეშე შეიძლება, როგორც პრინციპული საკითხი, დაშვებული იქნეს კონვენციის მე-5.1-ლი(c) მუხლით. რაც შეეხება ვითარებას, რომელშიც ეს დაპატიმრება გამართლებულად ჩაითვლება, არის საკითხი, რომელიც შეეხება მე-5.1-ლი(c) მუხლთან შესაბამისობას და მასზე მსჯელობა ჩამოყალიბებული იქნება 143-დან 147-ე პარაგრაფებში ქვემოთ.
117. მიუხედავად ამისა, რომ მე-5 1-ლი(c) მუხლთან დაკავშირებით წარმოიშობა „მიზნის“ საკითხი, კერძოდ, რომ „დაპატიმრება უნდა განხორციელდეს [პირის] მიყვანის მიზნით უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე“, შეიძლება წარმოშვას უხერხულობა პრევენციულ დაპატიმრებასთან მიმართებით, რომელიც იმგვარ საკითხს ეხება, რაც მეორე ნაწილით არის გათვალისწინებული.
(iv) რამდენად შეიძლება „მიზნის“ საკითხმა მე-5.1-ლი(c) მუხლთან დაკავშირებით წარმოშვას უხერხულობა მეორე ნაწილის საფუძველზე განხორციელებულ პრევენციულ დაპატიმრებასთან მიმართებით
118. სასამართლომ ლოვლესის (Lawless) საქმეში (იხ. 104-ე პარაგრაფი ზემოთ) განაცხადა, რომ მიზნის მოთხოვნა მე-5.1-ელ(c) მუხლთან მიმართებით ყველა საქმეში მოქმედებს, რომელთაც ეს ქვეპუნქტი შეეხება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ სხვა საქმეებში აღნიშნა, რომ ეს მოთხოვნა განმარტებულ და გამოყენებულ უნდა იქნეს გარკვეული მოქნილობით, როდესაც განზრახვა პირის „მომჩივნის მიყვანისა უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე“ არ რეალიზდება გარკვეული მიზეზების გამო. ფაქტი, რომ დაკავებულ პირს არც ბრალი წარედგინა, არც მოსამართლის წინაშე იქნა მიყვანილი, აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ მისი დაკავების ან დაპატიმრების მიზანი შესაბამისობაში არ იყო მე-5.1-ელ(c) მუხლთან. ასე მაგალითად, ბროგანი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Brogan and Others v. the United Kingdom) (29 ნოემბერი1988, სერია A N 145‑B) ოთხი მომჩივანი დაკავებულ და დაპატიმრებულ იქნა ტერორიზმის აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის ფარგლებში იმ ეჭვის საფუძველზე, რომ ისინი მონაწილეობდნენ ტერორისტული აქტების მომზადებასა ან წაქეზებაში. ისინი გათავისუფლდნენ ბრალის წარდგენის გარეშე ოთხიდან ექვს დღემდე ვადაში (ყველაზე მოკლე ვადა იყო ოთხი დღე და ექვსი თვე) და მაგისტრატ მოსამართლესთან მიყვანის გარეშე. სასამართლომ მიუთითა, რომ ოთხი მომჩივნიდან თითოეულის საქმეში ადგილი ჰქონდა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას იმასთან მიმართებით, რომ არ ყოფილა დაცული დაუყოვნებლობის მოთხოვნა, მაგრამ არ დადგინდა მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა (შეეხებოდა მხოლოდ მე-5 1-ელ(c) მუხლს). სასამართლომ მასში აღნიშნა (ibid., § 53):
„ფაქტი, რომ მომჩივნებს არც ბრალი წაუყენეს, არც მოსამართლის წინაშე ყოფილან წარდგენილი, აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ მათი დაპატიმრების მიზანი არ იყო შესაბამისობაში მე-5-1(c) მუხლთან. როგორც მთავრობამ და კომისიამ განაცხადეს, ამგვარი მიზნის არსებობა მისი მიღწევისგან დამოუკიდებლად უნდა იქნეს განხილული და მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის (c) ქვეპუნქტი არ ითვალისწინებს იმას, რომ პოლიციას უნდა გააჩნდეს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ [პირს] წარედგინოს ბრალი, როგორც დაკავების ისე, პატიმრობაში ყოფნის პერიოდში.
ამგვარი მტკიცებულება შეიძლება ხელმიუწვდომელი იყოს ან სამართალდარღვევაში ეჭვმიტანილთა თავისებურებების გათვალისწინებით, შეუძლებელი იყოს მათი სასამართლოში წარდგენა სხვათა სიცოცხლის საფრთხეში ჩაყენების გარეშე. არ არსებობს მიზეზი იმის დასაჯერებლად, რომ პოლიციის გამომძიებელი ამ საქმეში არ იყო კეთილსინდისიერი ან, რომ მომჩივანთა დაპატიმრება, სამომავლოდ გამოძიების მეშვეობით, კონკრეტული ეჭვის დადასტურების ან გაქარწყლების გზით, რაც, როგორც სასამართლომ დაადგინა, გაამყარებდა დაპატიმრების მიზანს ... დასაშვებია, რომ პოლიცია ვარაუდობდა, რომ ბრალდება წარდგენილი იქნებოდა და მომჩივნები წარდგენილი იქნებოდნენ უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე .“
119. სხვა შემთხვევაშიც, როდესაც საქმე ეხებოდა, მე-5 1-ელ(c) მუხლს, სასამართლომ ანალოგიური დასკვნები ჩამოაყალიბა ერდაგოზი თურქეთის წინააღმდეგ (Erdagöz v. Turkey) (22 ოქტომბერი 1997, § 51, ანგარიშები 1997‑VI) და პეტკოვი და პროფიროვი ბულგარეთის წინააღმდეგ (Petkov and Profirov v. Bulgaria) (NN 50027/08 და50781/09, § 52, 24 ივნისი 2014).
120. სასამართლო ვერ ხედავს რაიმე საფუძველს, თუ რატომ არ უნდა იქნეს გამოყენებული ამგვარი მოქნილობა პრევენციული დაპატიმრებისას მე-5.1(c) მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ საფუძველზე, არსებობს მთელი რიგი არგუმენტები, რომ ასე მოიქცეს.
121. თუ იმგვარად გავიგებთ, რომ იმისათვის, რომ მიზნის მოთხოვნა შესრულდეს, სუბიექტური განზრახვა სახეზე უნდა იყოს დაპატიმრების საწყის მომენტშივე, რამაც შეიძლება მოიტანოს რაიმე მოკლევადიანი პრევენციული დაპატიმრების აკრძალვისკენ მიმართული არასასურველი შედეგი, როგორც ეს აღწერილი იყო ოსტენდორფის (Ostendorf) საქმეში, ან რა ვითარებაც იყო მოცემულ საქმეში, როდესაც მიზანი არ ყოფილა დაპატიმრებულთა წარდგენა მოსამართლის წინაშე, არამედ მათი გათავისუფლება მოკლე დროის გასვლის შემდეგ, როგორც კი საფრთხე ჩაივლიდა.
122. მე-5.1-ლი(c) მუხლის მიზნის მოთხოვნასთან მკაცრ შესაბამისობას, შეიძლება ასევე მოჰყვეს იმგვარი შედეგი, რაც არ შეესაბამება მე-5 მუხლის სულისკვეთებას, მაგალითად, ვითარებაში, რაც გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღინიშნა საქმეზე რ მეტროპოლიაში პოლიციის კომისრის წინააღმდეგ (R v The Commissioner of Police for the Metropolis), (იხ. გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფი, მითითებულია 46-ე პარაგრაფში ზემოთ), სადაც პოლიციას გააჩნდა ყველა საფუძველი შეეფასებინა, რომ საფრთხე, რაც აუცილებელს ხდიდა პირთა დაპატიმრებას, გაივლიდა შედარებით მოკლე დროში და არსებობდა ყოველგვარი მოლოდინი, რომ უფრო ადრე დასრულდებოდა, ვიდრე ეს პირები პრაქტიკულად იქნებოდნენ წარდგენილი სასამართლოს წინაშე. მკაცრი განმარტების გამო, შესაძლებელია უხერხულად გაგრძელდეს პატიმრობა საფრთხის ჩავლის შემდეგაც და დაპატიმრებული უნდა გათავისუფლდეს, რადგან ხელისუფლებას დასჭირდება რეალურად საკმარისი დრო იმისთვის, რომ დაპატიმრებული მიიყვანოს მოსამართლესთან თავისუფლების აღკვეთის საკითხის შესაფასებლად.
123. როგორც სასამართლომ უკვე დაადგინა, მე-5 მუხლი არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ პოლიციისთვის არაპრაქტიკული გახდეს მათი მოვალეობის შესრულება, შეინარჩუნონ წესრიგი და დაიცვან საზოგადოება, იმის გათვალისწინებით, რომ ის შეესაბამება ნორმის გამოკვეთილ პრინციპს, დაიცვას ფიზიკური პირი თვითნებობისგან (იხ. ოსტენდორფი (Ostendorf), დასახლებულია ზემოთ, § 88). პოლიციამ გარკვეული ფორმით უნდა გამოიყენოს ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების დისკრეცია. ამგვარი გადაწყვეტილებები უმეტესად რთულია და პოლიცია, რომელსაც ხელი მიუწვდება ინფორმაციაზე და ოპერატიულ მასალაზე, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელია, ყოველთვის საუკეთესო პოზიციაში იქნება, მათ მოსაპოვებლად (იხ. ოსტინი და სხვები (Austin and Others), დასახელებულია ზემოთ, § 56).
124. სასამართლოს ასევე მხედველობიდან არ რჩება ის საკითხი, რომ პრეცედენტული პრაქტიკა კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასთან მიმართებით, დაიცვას საზოგადოება სამართალდარღვევების ჩადენისგან, უწყვეტად ვითარდება. ასე, მაგალითად, სხვა კონტექსტში სახელმწიფოებს, მე-3 მუხლის საფუძველზე, მოეთხოვებათ, მიიღონ ზომები იმის გარანტირებისთვის, რომ მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ფიზიკური პირები არ გახდნენ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები, მათ შორის, როცა ამგვარ მოპყრობას კერძო პირები ახორციელებენ (იხ., inter alia, ა. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (A.v. the United Kingdom), 23 სექტემბერი 1998, § 22, ანგარიშები 1998‑VI; მ.ს. ბულგარეთის წინააღმდეგ (M.C. v. Bulgaria), N 39272/98, §§ 149-50, ECHR 2003‑XII და ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey), N 33401/02, § 159, ECHR 2009). ამ ზომებმა უნდა გამოიწვიონ ეფექტიანი დაცვა და მოიცვან გონივრული ნაბიჯები იმისათვის, რომ აღკვეთილ იქნეს არასათანადო მოპყრობა, რომლის შესახებაც ხელისუფლებამ იცის, ან უნდა იცოდეს (იხ., inter alia, ზ. და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Z and Others v. the United Kingdom) [დიდი პალატა], N 29392/95, § 73, ECHR 2001‑V, და დ.პ და დ.ს. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (D.P. and J.C. v. the United Kingdom), N 38719/97, § 109, 10 ოქტომბერი 2002; იხ. ასევე, მე-2 მუხლის კონტექსტში, ოსმანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Osman v. the United Kingdom), 28 ოქტომბერი 1998, § 115, ანგარიშები 1998‑VIII და მასტრომატეო იტალიის წინააღმდეგ (Mastromatteo v. Italy) [დიდი პალატა], N 37703/97, §§ 67-68, ECHR 2002‑VIII).
125. შესაბამისად, შეიძლება იმის მტკიცება, როგორც ეს გაერთიანებული სამეფოს უმაღლესმა სასამართლომ გააკეთა (იხ. გადაწყვეტილების 38-ე პარაგრაფი, მითითებული 46-ე პარაგრაფში ზემოთ), რომ მოკლე დროით განხორციელებული პრევენციული დაპატიმრების მოთხოვნა „მიყვანილ იქნეს [დაპატიმრებული] უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე“ არაპირდაპირ განაპირობებს იმას, რომ დაპატიმრება გახანგრძლივდეს იმ ვადით, რომ პირი მიყვანილ იქნეს სასამართლოს წინაშე. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხი, დაცული იყო, თუ არა შესაბამისი მიზნის მოთხოვნა, დამოკიდებული უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედების ობიექტურ შეფასებაზე, კერძოდ, რამდენად იყო დაპატიმრებული, როგორც მოითხოვება მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით, დაუყოვნებლივ მიყვანილი მოსამართლის წინაშე, რათა შემოწმებულიყო მისი დაპატიმრების კანონიერება ან გათავისუფლებულიყო ამ დროის გასვლამდე. მეტიც, იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელთან შესაბამისობის მოთხოვნა ვერ შესრულდებოდა, შესაბამის პირს უნდა ჰქონოდა აღსრულებადი უფლება კომპენსაციის მიღებაზე, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
126. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნულ დონეზე მე-5 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებთან ერთად, დამატებითი გარანტიების შემუშავების საკითხის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც პირი გათავისუფლებულია პრევენციული პატიმრობიდან დროის მოკლე მონაკვეთის გასვლის შემდეგ, იმიტომ, რომ საფრთხემ ჩაიარა, ან მაგალითად, იმიტომ, რომ გათვალისწინებული მოკლე ვადა ამოიწურა, მიზნის მოთხოვნა, რომ დაპატიმრებული მიყვანილ უნდა იქნეს უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე, როგორც ასეთი, არ უნდა წარმოადგენდეს უხერხულობას, რომ მოკლევადიანი დაპატიმრება მოექცეს მე-5.1-ლი(c) მუხლის ფარგლებში. როგორც მოქნილმა მიდგომამ აჩვენა, რაც ჩამოყალიბდა ბროგანი და სხვების (Brogan and Others) საქმეში (აღწერილია 118-ე პარაგრაფში ზემოთ), კონვენცია უნდა განიმარტოს და გამოყენებულ იქნეს იმ საჭიროების მხედველობაში მიღებით, რომ საგანგებოდ იქნეს შესწავლილი იმგვარი სერიოზული გამოწვევები, როგორც სახეზეა ამ საქმეში (იხ. 94-ე პარაგრაფი ზემოთ).
127. ამავე დროს, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მოქნილობა ამგვარ ვითარებაში შეზღუდულია მნიშვნელოვანი გარანტიებით, რაც ასახულია მე-5.1-ელ მუხლში, განსაკუთრებით იმ მოთხოვნით, რომ თავისუფლების აღკვეთა უნდა იყოს კანონიერი (იხ. 74-ე პარაგრაფი ზემოთ), პირის თვითნებობისგან დაცვის მიზნის გათვალისწინებით (იხ. 74-76-ე პარაგრაფები ზემოთ), სამართალდარღვევა უნდა იყოს კონკრეტული და სპეციფიური, ეს ასევე, შეეხება მისი ჩადენის ადგილის და დროის მოთხოვნას და მის მსხვერპლებს (იხ. 89-ე პარაგრაფი ზემოთ) და, რომ ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს გარკვეული ფაქტები და ინფორმაცია, რაც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს, რომ შესაბამისი პირი ყოველგვარი მოლოდინით ჩართული იქნებოდა კონკრეტული და სპეციფიური სამართალდარღვევის ჩადენაში, თუკი მისი ჩადენა არ იქნებოდა აღკვეთილი დაპატიმრებით (იხ. 91-ე პარაგრაფი ზემოთ). ამგვარი მოქნილობა დამატებით შებოჭილია იმ მოთხოვნით, რომ დაკავება და დაპატიმრება „საფუძვლიანად უნდა იყოს მიჩნეული აუცილებლად“ (იხ. 77-ე პარაგრაფი ზემოთ და ამ კრიტერიუმის შემდგომი განვითარება, ჩამოყალიბებული ქვემოთ, 161-ე პარაგრაფში). მეტიც, ამ მოთხოვნის მიზნის შეფასებისას, მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს იმ მოცულობას, რაშიც ზომები გავლენას ახდენენ იმ ინტერესებზე, რაც კონვენციის ძალით, დაცულია სხვა უფლებების ფარგლებში.
(v) მე-5 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების დამატებითი გარანტიები
128. როგორც ზემოთ იყო მითითებული, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარანტია, რომ 1-ლი(c) პუნქტის დებულებების დაცვით დაკავებული თუ დაპატიმრებული ყველა პირი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს, თანაბრად ვრცელდება, მე-5.1(c) მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე განხორციელებული, პრევენციული დაპატიმრების შემთხვევაშიც (იხ. ზემოთდასახელებული ლოვლესი (Lawless), § 14). მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცავს პროცესუალურ მოთხოვნას, [წარედგინება] „მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განსახორციელებლად კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს“, რომ პირადად მოუსმინოს მის წინაშე წარდგენილ პირს და არსებით მოთხოვნას, იგივე ოფიციალურმა პირმა განიხილოს დაპატიმრების საფუძვლის დამადასტურებელი ან საწინააღმდეგო გარემოებები, ისინი, რაც ამართლებენ დაპატიმრებას და მიიღოს გათავისუფლების ბრძანება, თუ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები (იხ. მაგალთად, ბუზადჟი (Buzadji), დასახელებულია ზემოთ, § 98, შემდგომი მითითებებით). პირველი ავტომატური განხილვა დაკავებისა და დაპატიმრებისა უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების მოთხოვნებს და იმას, თუ რამდენად არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაკავებულმა პირმა ჩაიდინა დანაშაული, ან სხვა სიტყვებით, იმის დამადასტურებელი, რომ დაპატიმრება ექცევა დაშვებულ გამონაკლისში, რაც გათვალისწინებულია მე-5 1-ლი(c) მუხლით (ibid., § 99) .
129. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვა-სიტყვითი გაგებიდან გამომდინარეობს, რომ თუკი პირი არ არის „დაკავებული ან დაპატიმრებული“, მაგრამ გათავისუფლდა, არ არსებობს ვალდებულება, რომ იგი დაუყოვნებლივ იქნეს წარდგენილი მოსამართლის წინაშე. ამგვარი გაგება გამყარებულია იმ მითითებებით, რაც ლოვლესის (Lawless) საქმეშია ჩამოყალიბებული (დასახლებულია ზემოთ, § 14, ციტირებულია 104-ე პარაგრაფში ზემოთ) მოსამართლის წინაშე მიყვანისას ორ შესაძლებლობასთან დაკავშირებით: ან თავისუფლების აღკვეთის საფუძვლის არსებობის შემოწმების მიზანი, ან სისხლის სამართლებრივი ბრალდების არსებითი მხარის შეფასება. მეტიც, როგორც სასამართლომ აღნიშნა ბროგანის და სხვების საქმეში (Brogan and Others) (დასახელებულია ზემოთ, § 58):
„ის ფაქტი, რომ დაპატიმრებულ პირს არ წარდგენია ბრალი ან არ ყოფილა წარდგენილი სასამართლოს წინაშე, თავისთავად არ მიუთითებს მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი ნაწილის დარღვევაზე. არ შეიძლება წამოიჭრას მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის საკითხი, თუკი დაპატიმრებული პირი „დაუყოვნებლივ“ გათავისუფლდა მანამ, სანამ მის დაპატიმრებაზე სამართლებრივი კონტროლის განხორციელება გახდებოდა შესაძლებელი (იხ. დე იუნგის, ბალიეტის და ვან დენ ბრინკის გადაწყვეტილება (the de Jong, Baljet and van den Brink) 22 მაისი 1984, სერია A N 77, გვ. 25, § 52). თუკი დაპატიმრებული პირი არ გათავისუფლდა დაუყოვნებლივ, იგი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ წარდგენის მოთხოვნაზე მოსამართლის ან სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისათვის კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელის წინაშე.“
130. იმისათვის, რომ განისაზღვროს რამდენად ჰქონდა გათავისუფლებას ადგილი ასეთი დაუყოვნებელი სამართლებრივი კონტროლის განხორციელებამდე, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ის ფორმა, როგორადაც „დაუყოვნებლობის“ მოთხოვნა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტში გამოყენებულ იქნა სასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკაში. მაშინ, როდესაც დაუყოვნებლობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის სპეციფიური გარემოებების გათვალისწინებით (იხ. მრავალ სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას შორის, აქვილინა მალტის წინააღმდეგ Aquilina v. Malta [დიდი პალატა], N 25642/94, § 48, ECHR 1999‑III), დროით მკაცრი შეზღუდვა, რაც ამ მოთხოვნით არის დაწესებული, იძლევა მოქნილობის შესაძლებლობას განმარტებისას; სხვაგვარად, სერიოზულად შესუსტდებოდა პროცესუალური გარანტიები პირის საზიანოდ, და წარმოიქმნებოდა ამ დებულებით დაცული უფლების ნამდვილი არსის გაუფასურების საფრთხე (იხ, მაგალითად მაკქეი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (McKay v. the United Kingdom) [დიდი პალატა], N 543/03, § 33, ECHR 2006‑X).
131. მიუხედავად იმისა, რომ დროის ნებისმიერი მონაკვეთი ოთხდღიანი ვადის ზემოთ არის prima facie ძალიან ხანგრძლივი, გარკვეულ შემთხვევებში შედარებით მოკლე დრო ასევე შეიძლება ჩაითვალოს დაუყოვნებლობის მოთხოვნის დარღვევად (იხ. inter alia, მეგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Magee and Others v. the United Kingdom), NN 26289/12 და 2 სხვა, § 78, ECHR 2015 (ამონარიდები)). შესაბამისად, მაგალითად, იპეკი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ საქმეში (İpek and Others v. Turkey) (NN. 17019/02 და 30070/02, §§ 36-37, 3 თებერვალი 2009) და კანძოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (Kandzhov v. Bulgaria) (N 68294/01, §§ 66-67, 6 ნოემბერი 2008) სასამართლომ დაადგინა, რომ პერიოდები: სამი დღე და ცხრა საათი და სამი დღე და ოცდასამი საათი შესაბამისად, არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო „დაუყოვნებლად“.
132. „დაუყოვნებლობის“ შეფასებისთვის ასევე მნიშვნელოვანია იმის მხედველობაში მიღება, რომ როდესაც დაპატიმრებული მიჰყავთ მოსამართლესთან, მე-5.1(c) მუხლის საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ ამ ქვეპუნქტის საფუძვლით დაპატიმრების განმავლობაში ჩატარებული დაკითხვა დაკავშირებულია შემდგომ სისხლისსამართლებრივი გამოძიებასთან, იმ კონკრეტული ეჭვის დადასტურების ან გაქარწყლებისთვის, რაც ამ დაპატიმრების საფუძველი გახდა (იხ., მაგალითად, ჯონ მური გაერთიენებული სამეფოს წინააღმდეგ (John Murray v. the United Kingdom), 8 თებერვალი 1996, § 55, ანგარიშები 1996‑I). ეს მიუთითებს, რომ გარკვეული პერიოდი დაკავებასა და მოსამართლის წინაშე დაუყოვნებლივ წარდგენას შორის შეიძლება აუცილებელი იყოს გამოძიების მწარმოებელი ორგანოებისთვის, რომ მოიპოვონ მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ არსებობს საფუძვლები ამ დაპატიმრების გასამართლებლად.
133. ამგვარი მსჯელობა არ შეიძლება განვითარდეს მე-5.1(c) მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე განხორციელებულ დაპატიმრებასთან მიმართებით, რადგან იმ შემთხვევაში არ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი გამოძიება და არ არსებობს ეჭვი, რომელიც უნდა დადასტურდეს ან გაქარწყლდეს. ფაქტები, რომლებიც მიუთითებენ დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე უკვე გამოვლენილი უნდა იყოს იმ დროისათვის, როდესაც პირს აპატიმრებენ იმისათვის, რომ აღიკვეთოს მის მიერ ამ დანაშაულის ჩადენა. თუ ამასთან აღმოჩნდება, რომ პერიოდი, რაც საჭიროა პირის პრევენციული მიზნით დაპატიმრებასა და მის დაუყოვნებლივ წარდგენას შორის მოსამართლის ან სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისათვის კანონით უფლებამოსილი სხვა მოხელის წინაშე, უნდა იყოს უფრო მოკლე, ვიდრე წინასასამართლო დაპატიმრების შემთხვევაში სისხლისსამართლებრივ პროცესში. როდესაც პირისთვის, რომელსაც აღკვეთილი აქვს თავისუფლება „გონივრული ეჭვის საფუძველზე, რომ ჩაიდინა სამართალდარღვევა“ მე-5.1(c) მუხლის საფუძველზე დროის ნებისმიერი მონაკვეთი ოთხდღიანი ვადის ზემოთ არის prima facie ძალიან ხანგრძლივი (იხ. 131-ე პარაგრაფი ზემოთ), მნიშვნელოვნად მოკლე დრო უნდა მოითხოვებოდეს იმისათვის, რომ „დაუყოვნებლად“ შეფასდეს დრო იმ შემთხვევაში, როდესაც პირს თავისუფლება აღკვეთილი აქვს სისხლისსამართლებრივი კონტექსტის გარეშე „როდესაც საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის აღკვეთის აუცილებლობა“.
134. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, დაუყოვნებლობის შეფასებასთან ერთად, თითოეული საქმის სპეციფიური ვითარების გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ პრევენციული დაპატიმრების კონტექსტში, ზოგადად, გათავისუფლება „დაუყოვნებელი სასამართლო კონტროლის წინ“ უნდა იყოს საათების და არა დღეების საქმე.
135. რაც შეეხება მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მეორე ნაწილს, რომ მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტით გათვალისწინებულ დებულებათა შესაბამისად დაკავებული თუ დაპატიმრებული პირს „უფლება აქვს მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში“. უნდა აღინიშნოს, რომ პრევენციული დაპატიმრება, ხასიათდება ბრალის არარსებობით. ის არ გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ პრევენციულ დაპატიმრების გამოყენებისას ხელისუფლების განზრახვაა პირისთვის ბრალის წარდგენა ან შემდგომი გამოძიების წარმოება, იმისათვის, რომ გაირკვეს, შეიძლება თუ არა წარდგენილ იქნეს ბრალი. თუკი რაიმე სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული და სასამართლო განხილვის ჩატარება არ არის გამიზნული, ხსენებული მოთხოვნა არ შეიძლება გამოიყენებოდეს პრევენციული დაპატიმრების მიმართ.
136. კიდევ ერთი გარანტია, რაც ასევე გამოიყენება პრევენციული დაპატიმრებისას, მე-5.1(c) მუხლის მეორე ნაწილთან მიმართებით არის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის მიხედვითაც „ყველას, ვინც არის დაკავების ამ დაპატიმრების მსხვერპლი ან მუხლის დებულებათა დარღვევის გამო აქვს კომპენსაციის მიღების უფლება“. სასამართლო იმეორებს, რომ იმისათვის, რომ დადგინდეს მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევა, უნდა გამოიკვეთოს, რომ მე-5 მუხლის სხვა რომელიმე პუნქტის დარღვევის დადგენა უნდა აღძრავდეს კომპენსაციის ქმედით უფლებას ეროვნული სასამართლოების წინაშე (იხ. სტანევი ბულგარეთის წინააღმდეგ (Stanev v. Bulgaria) [დიდი პალატა], N 36760/06, § 184, ECHR 2012). რიგ საქმეებში სასამართლომ დაადგინა ამ მუხლის დარღვევა, როდესაც თავისუფლების აღკვეთის მსხვერპლზე გავლენა მოახდინა მე-5 მუხლის 1-ელ, მე-2, მე-3 ან მე-4 პუნქტებმა და არ უსარგებლია კომპენსაციის აღსრულებადი უფლებით ქვეყნის სასამართლოებში (იხ., მრავალ სხვა მაგალითს შორის, ზემოთდასახელებული ბროგანი და სხვები (Brogan and Others), § 67; ფოქსი, ქემფბელი და ჰარტლი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Fox, Campbell and Hartley v. the United Kingdom), 30 აგვისტო 1990, § 46, სერია A N 182; ზემოთ დასახელებული სტანევი (Stanev), §§ 184-91). მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტში განმტკიცებულ კანონიერების მოთხოვნიდან (იხ. 74-ე პარაგრაფი ზემოთ) გამომდინარეობს, რომ ამგვარი საჩივრის განხილვისგან განუყოფელია დაპატიმრების კანონიერების სამართლებრივი შეფასება.
(vi) პრევენციულ დაპატიმრებასთან დაკავშირებით კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი პრინციპების შეჯამება
137. ზემოთ ჩამოყალიბებული მსჯელობიდან გამომდინარე, დიდი პალატა ადგენს, რომ აუცილებელია გამოიკვეთოს და მისადაგებულ იქნეს მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის (c) ქვეპუნქტთან დაკავშირებით არსებული პრეცედენტული პრაქტიკა და, კერძოდ, გაზიარებულ იქნეს, რომ ამ დებულების მეორე ნაწილი შეიძლება თავისუფლების აღკვეთის დამოუკიდებელი საფუძველად იქნეს განხილული, პირველი ნაწილისგან დამოუკიდებლად. მიუხედავად იმისა, რომ მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტით გათვალისწინებული „მიზნის“ მოთხოვნა ასევე მოქმედებს ამ დებულების მეორე ნაწილის საფუძველზე განხორციელებული თავისუფლების აღკვეთისას, ეს მოთხოვნა უნდა შესრულდეს სათანადო მოქნილობით, რადგან შესაბამისობის საკითხი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად არის გამიზნული დაპატიმრებულის მოსამართლის წინაშე დაუყოვნებლივ წარდგენა, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, იმისათვის, რომ გადაწყდეს მისი დაპატიმრების კანონიერების საკითხი ან გათავისუფლდეს ამ დროის გასვლამდე. მეტიც ამ უკანასკნელ მოთხოვნასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, შესაბამის პირს უნდა გააჩნდეს კომპენსაციის მოთხოვნის აღსრულებადი უფლება მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად. სხვაგვარად რომ ითქვას, მე-5 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებში ჩამოყალიბებული, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები არ უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას მოკლე დროით დაპატიმრებისთვის, იმგვარი შემთხვევებისთვის, როგორსაც ადგილი ჰქონდა მოცემულ საქმეში.
(e) ამ პრინციპების გამოყენება (c) ქვეპუნქტის საფუძველზე
(i) მოიცავდა, თუ არა მომჩივნების პრევენციული დაპატიმრება მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის (c) ქვეპუნქტის მეორე ნაწილს
138. მომჩივნები დააკავეს პოლიციის შესახებ კანონის მე-5(3) მუხლის საფუძველზე, რომლის ძალითაც პოლიცია უფლებამოსილია დააპატიმროს პირი, იმისათვის, რომ აირიდოს საჯარო წესრიგში რაიმე არეულობის შეტანის ან პირთა ან საჯარო უშიშროების მიმართ საფრთხე. მათ არასოდეს დასდებიათ ბრალი, მათ წინააღმდეგ არ ყოფილა დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიება ან პროცესი და მათი დაკავება არ ყოფილა განპირობებული მათი მოსამართლის წინაშე წარდგენის მიზნით. პირიქით, ისინი მხოლოდ პრევენციული მიზნით იყვნენ დაპატიმრებულები. ეროვნული კანონმდებლობით ამგვარი დაპატიმრება შეიძლებოდა გაგრძელებულიყო მხოლო ექვსი საათით და გამართლებული იქნებოდა მხოლოდ იმ დროით, რაც აუცილებელი იყო საშიშროების თავიდან ასაცილებლად.
139. პირველი მომჩივანი გათავისუფლდა შვიდი საათისა და ოცდაერთი წუთის შემდეგ, მეორე მომჩივანი - შვიდი საათისა და ოცდაჩვიდმეტი წუთის შემდეგ, მესამე მომჩივანი კი, შვიდი საათისა და ორმოცდაოთხი წუთის შემდეგ. მოცემული საქმის ვითარების, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ერთი დღის განმავლობაში 138 პირი იქნა დაკავებული, სასამართლოსთვის მისაღებია, რომ პირები გათავისუფლდნენ იმაზე ადრე, ვიდრე აუცილებელი გახდებოდა მათი მოსამართლის წინაშე წარდგენა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაუყოვნებლობის მოთხოვნის შესაბამისად, როგორც ზემოთ არის აღწერილი (იხ. 133-134-ე პარაგრაფები).
140. მომჩივნები, რომლებიც გათავისუფლდნენ მანამ, სანამ მე-3 პუნქტი მოქმედებაში მოვიდოდა, შესაძლებლობა მიეცათ, და ასეც მოიქცნენ, რომ მათი დაპატიმრების კანონიერების საკითხი აღეძრათ სასამართლოს წინაშე მართლმსაჯულების ადმინისტრირების შესახებ კანონის 469-ე მუხლის შესაბამისად (იხ. მე-17 პარაგრაფი ზემოთ). მეტიც, შეიძლებოდა, მათ მიკუთვნებოდა კომპენსაცია, რაც გამართლებული იქნებოდა კონვენციის მე-5 მუხლით, მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე წარმართული პროცესის შესაბამისად.
141. დაადგინა რა, რომ მოცემულ საქმეში „მიზნის“ მოთხოვნის მოქნილი განმარტების წინაპირობები შესრულდა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნების დაპატიმრება დანიის პოლიციის შესახებ კანონის მე-5(3) მუხლის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ დაეფუძნა მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტის მეორე ნაწილს.
142. ახლა უნდა გაირკვეს, მომჩივნების დაკავება რამდენად იყო გამართლებული ამ უკანასკნელი ნორმის საფუძვლიდან გამომდინარე.
(ii) იყო, თუ არა კანონიერი მომჩივნების დაპატიმრება ეროვნული კანონმდებლობით
143. პირველ რიგში სასამართლო შეაფასებს, იყო, თუ არა დაპატიმრება „კანონიერი“ ეროვნული კანონმდებლობის მატერიალურ და საპროცესო ნორმებთან შესაბამისობის თვალსაზრისით (იხ., მაგალითად, ზემოთ დასახელებული ამური (Amuur), § 50). პოლიციის შესახებ კანონის მე-5(1) მუხლი პოლიციას ავალდებულებს თავიდან აირიდოს საჯარო წესრიგში არეულობის შეტანის და პირთა ან საჯარო უშიშროების მიმართ საფრთხე. კანონის მე-5(3) მუხლი ნებას რთავს პოლიციას, აუცილებლობის შემთხვევაში, დააკავოს პირები, რომლებიც იწვევენ ამგვარ საფრთხეს. იგივე მუხლი აკონკრეტებს, რომ „დაპატიმრება უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლევადიანი და ლმობიერი და არ უნდა აღემატებოდეს ექვს საათს, თუკი ეს შესაძლებელია“.
144. შესაბამისი განმარტებითი ბარათის მიხედვით, ვადის ათვლა უნდა დაიწყოს იმ დროიდან, როდესაც დაპატიმრება განხორციელდა. ნებისმიერი დრო, რაც პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისთვის არის საჭირო, უნდა ჩაითვალოს პატიმრობის პერიოდში. მეტიც, ექვსსაათიანი პერიოდის გადაცილება შეიძლება მისაღებად იქნეს მიჩნეული მხოლოდ დიდი რაოდენობით პირთა დაპატიმრებასთან დაკავშირებით, როდესაც დაპატიმრებულთა პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა, რეგისტრაცია და იდენტიფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ექვსსაათიანი წესის დაცვას (იხ. 30-ე პარაგრაფი ზემოთ).
145. მომჩივნები ხაზს უსვამდნენ, რომ მათი დაპატიმრება უკანონო იყო ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში, რამდენადაც მან გადააჭარბა ექვს საათს და არ ყოფილა დაკავშირებული დიდი ოდენობით პირთა დაკავებასთან. პირიქით, მათი განმარტებით, პირველი მომჩივანი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც დააპატიმრეს დიდი ჯგუფიდან, ხოლო მეორე და მესამე მომჩივნები, სხვა მესამე და მეოთხე პირთან ერთად, დააპატიმრეს სხვა დიდი ჯგუფიდან.
146. ეროვნული საქმისწარმოების შეფასების შედეგად ვლინდება, რომ პოლიცია სათანადო გულისხმიერებით მოეკიდა ექვსსაათიან ვადას თავის სტრატეგიის დაგეგმვისას. შესაბამისად მემორანდუმში, რომელიც ღონისძიებების სტრატეგიულმა ხელმძღვანელმა, მთავარმა ინსპექტორმა ბ.ო.-მ მოამზადა, აღნიშნული იყო, რომ დაპირისპირების საფრთხე გაიზარდა იმ ფაქტის გამო, რომ საფეხბურთო მატჩი არ დაიწყებოდა საღამოს 8 საათამდე, რის გამოც მის დაწყებამდე საკმაო დრო რჩებოდა თითოეულ ჯგუფს ალკოჰოლური სასმელის მისაღებად. იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ ხულიგნური შეტაკებები, პოლიციამ შეიმუშავა გეგმა, თუ როგორ წამოეწყო პროაქტიული მოლაპარაკება მაყურებელთან ღამის 12 საათიდან, როდესაც ისინი დაიწყებდნენ ქალაქის ცენტრში დაბრუნებას. პოლიციის გეგმის თანახმად, ნებისმიერი შეტაკების შემთხვევაში, ისინი დააპატიმრებდნენ დაპირისპირების წამქეზებლებს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის გამო და დააპატიმრებდნენ მათ მართლმსაჯულების ადმინისტრირების შესახებ კანონის 755-ე მუხლის საფუძველზე, ან თუ ეს შეუძლებელი აღმოჩნდებოდა, ისინი წამქეზებლებს დააპატიმრებდნენ პოლიციის შესახებ კანონის მე-5(3) მუხლის საფუძველზე. დროის შეზღუდვის თვალსაზრისით, ისინი ფიქრობდნენ, რომ თავიდან აიცილებდნენ დღის განმავლობაში ადრე დაპატიმრებას, რადგან ნებისმიერი ამგვარად დაპატიმრებული გათავისუფლდებოდა მატჩის მიმდინარეობისას ან დაუყოვნებლივ მისი დასრულების შემდეგ და შესაძლებლობა ექნებოდა კვლავ მისულიყო ქალაქის ცენტრში, სადაც ჩაერთვებოდა არეულობაში (იხ. მე-20 პარაგრაფი ზემოთ). მეტიც, მთავარ ინსპექტორ ბ.ო.-ს მიერ სასამართლოს წინაშე მიცემული ჩვენების მიხედვით, პოლიცია, თავისი გეგმის განხორციელებისას, დროდადრო აფასებდა ვითარებას. განგრძობადმა ძალადობამ განაპირობა ის, რომ გადაჭარბებულ იქნა ექვსსაათიანი ლიმიტი. პოლიციამ დაპატიმრებულთა გათავისუფლება დაიწყო შუაღამის შემდეგ, როდესაც კოპენჰაგენის ცენტრში სიტუაცია დამშვიდდა და დაპირისპირება აღარ იყო მოსალოდნელი (იხ. 21-ე პარაგრაფი ზემოთ).
147. ეროვნულმა სასამართლოებმა ეს გარემოებები მხედველობაში მიიღო და დაადგინა, რომ მომჩივანთა დაპატიმრება კანონიერი იყო პოლიციის შესახებ კანონის მე-5(3) მუხლიდან გამომდინარე. 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მანამ, სანამ აღნიშნულ ნორმაში კანონმდებლის მიზნის მიხედვით დაპატიმრების ზომის ექვს საათზე მეტი დროით გაგრძელება დაიშვებოდა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, დადგენილი შეზღუდვის გადაჭარბება მოცემულ საქმეში გამართლებული იყო დაკავების მიზნით, ორგანიზებულ ხასიათთან ერთად, არეულობის მოცულობითა და ხასიათით, ისევე, როგორც იმ დროის ზომიერებით, რა დროითაც გადაჭარბებულ იქნა მაქსიმალურ პერიოდს.
148. ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ პირველ რიგში ეროვნული ხელისუფლების, განსაკუთრებით სასამართლოს, საქმეა განმარტოს და გამოიყენოს ეროვნული კანონმდებლობა, მოცემულ შემთხვევაში პოლიციის შესახებ კანონის მე-5(3) მუხლი. თუკი ადგილი არ აქვს თვითნებობას ან აშკარა დაუსაბუთებლობას, [ევროპულ] სასამართლოს საქმე არ არის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ეროვნული სასამართლოების მიერ ეროვნული კანონმდებლობის გამოყენება (იხ., მრავალ სხვა ცნობილ გადაწყვეტილებას შორის, რადომილია და სხვები ხორვატიის წინააღმდეგ (Radomilja and Others v. Croatia [დიდი პალატა], NN 37685/10 და 22768/12, § 149, 20 მარტი 2018). სასამართლო, რომელსაც არაფერი შეუნიშნავს იმასთან მიმართებით, რომ ეროვნული სასამართლოების შეფასება იყო თვითნებური ან აშკარად დაუსაბუთებელი, მიიჩნევს, რომ მომჩივნების დაპატიმრება იყო „კანონიერი“ ეროვნული კანონმდებლობის მატერიალურ და საპროცესო კანონმდებლობასთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
(iii) იყო, თუ არა მომჩივანთა დაპატიმრება თვითნებური
149. როდესაც დაპატიმრების საკითხი განხილულ იქნა საქალაქო და უმაღლესი სასამართლოების მიერ, მოსმენილ იქნა სამი მომჩივანი, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ მრჩეველთან ერთად, ისევე, როგორც მათი სამი მოწმე. მათთან ერთად, ასევე, დაიკითხნენ მთავარი ინსპექტორი ბ.ო. და პოლიციის სხვა ოთხი წარმომადგენელი.
150. მთავარ ინსპექტორ ბ.ო.-ს ჩვენებიდან (იხ. 21-ე პარაგრაფი ზემოთ), პოლიციის კონსტებლის პ.ვ.-ს (იხ. 22-ე პარაგრაფი ზემოთ) და მომჩივანთა ჩვენების ზოგიერთი ამონარიდიდან (იხ. მე-19 პარაგრაფი ზემოთ) ირკვევა, რომ სამი მომჩივანი იმყოფებოდა ორმოცდაათი დანიელი ფეხბურთის ფანისგან შემდგარ სხვა ჯგუფთან ერთად (ორმოცდახუთი - მომჩივანთა მიხედვით, და სამოცამდე - მთავარ ინსპექტორ ბ.ო.-ს მიხედვით). ბარი მდებარეობდა ამაგერტორვის სკვერიდან დაახლოებით 700 მეტრში (იხ. 22-ე პარაგრაფი ზემოთ) სტროგეტის საფეხმავლო სავაჭრო ქუჩაზე, კოპენჰაგენის ცენტრში, სადაც პირველი დიდი ჩხუბი ატყდა 3.41 საათზე. სამმა მომჩივანმა, ჯგუფთან ერთად, დატოვა ფაბი და გაემართნენ სტროგეტის გავლით ამაგერტორვის სკვერისკენ. პოლიცია გაჰყვა მათ. ამაგერტორვის სკვერთან ახლოს პოლიციის პერსონალის მანქანები ჯვარედინად იქნა დაყენებული, რათა ჯგუფისთვის ხელი შეეშალა შეერთებოდნენ ფეხბურთის ფანებს. ყველა მათგანი გადაყვანილ იქნა გვერდითა ქუჩაზე (Valkendorffsgade).
151. იქ, მეორე და მესამე მომჩივანი დააპატიმრეს 3.50 საათზე, მას შემდეგ, რაც პოლიციის კონსტებლმა პ.ვ.-მ შენიშნა ისინი, ესაუბრებოდნენ რა, ადგილობრივი დაჯგუფების აქტივისტს და გასცა ბრძანებები სხვა ორჰუსელი ხულიგნების მიმართ. მან ასევე აღნიშნა, რომ მუშაობდა სპეციალიზებულ პატრულში ოთხი წლის განმავლობაში და არაერთხელ შეხვედრია მომჩივნებს წინა დაპირისპირებებისას საფეხბურთო მატჩებთან დაკავშირებით და მათგან მოუსმენია სკანდირება “White Pride Hooligan” (იხ. 22-ე პარაგრაფი ზემოთ). საქალაქო სასამართლომ ასევე ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მომჩივნების ცნობილი იყვნენ პოლიციისთვის, წინათ იყვნენ რა, დაკავებულები ანალოგიურ საფეხბურთო ღონისძიებებთან დაკავშირებით (იხ. 25-ე პარაგრაფი ზემოთ).
152. როგორც შეიძლება დავასკვნათ პოლიციის კონსტებლ მ.ვ.-ს ჩვენებიდან (იხ. 23-ე პარაგრაფი ზემოთ), პირველი მომჩივანი დაპატიმრებული იყო 4.45 საათზე აქსელტორვის სკვერში ტივოლის ბაღებთან ახლოს, მას შემდეგ, რაც მას დაუკავშირდა პირი, რომელმაც მ.ვ.-ს უთხრა, რომ სამი ადამიანი, მათ შორის, პირველი მომჩივანი, რომელიც მან ძალიან მოკლე მანძილიდან შენიშნა, ურეკავდნენ მეგობრებს და ეუბნებოდნენ მათ, რომ შეხვედროდნენ ტივოლის ბაღების შესასვლელთან და წამოეწყოთ ჩხუბი შვედ გულშემატკივრებთან. მოწმემ და მისმა კოლეგამ პირი, რომელმაც აღნიშნული მოახსენა, მეტად სანდო პირად მიიჩნიეს. ამასთან, საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი მომჩივანი წინათ არაერთხელ ყოფილა დაპატიმრებული მსგავს მოვლენებთან დაკავშირებით (იხ. 25-ე პარაგრაფი ზემოთ).
153. აღნიშნულ ჩვენებასა და სხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საქალაქო და უმაღლესმა სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს, რომ პირველი ფართო დაპირისპირება დანიელ და შვედ ფეხბურთის ფანებს შორის მოხდა ამაგერტორვის სკვერში 3.41 საათზე და, რომ ეს წარმოადგენდა საჯარო წესრიგში არეულობის შეტანის კონკრეტულ და გარდაუვალ საფრთხეს და, რომ პოლიცია, პოლიციის შესახებ კანონის მე-5(1) მუხლის საფუძველზე, ვალდებული იყო აღეკვეთა ამგვარი არეულობა და, რომ პოლიციის შესახებ კანონის მე-5(3) მუხლის თანახმად, მომჩივანთა დაკავებით პოლიციას არ გადაუჭარბებია თავისი უფლებამოსილებისთვის.
154. როგორც სასამართლომ მყარად ჩამოაყალიბა თავის პრეცედენტულ პრაქტიკაში, ეროვნული ხელისუფლება უკეთეს პოზიციაშია, ვიდრე საერთაშორისო მოსამართლე, შეაფასოს მტკიცებულება კონკრეტულ საქმესთან მიმართებით (იხ., მრავალ სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას შორის, ზემოთ დასახალებული ვინტერვერპი (Winterwerp), § 40; ვიკსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Weeks v. the United Kingdom), 2 მარტი1987, § 50, სერია A N 114; საბევა ბულგარეთის წინააღმდეგ (Sabeva v. Bulgaria), N 44290/07, § 58, 10 ივნისი 2010; ვიტეკი პოლონეთის წინააღმდეგ (Witek v. Poland), N 13453/07, § 46, 21 დეკემბერი 2010 და რაინერი გერმანიის წინააღმდეგ (Reiner v. Germany, N 28527/08, § 78, 19 იანვარი 2012). სუბსიდიარობის პრინციპის ძალით, სასამართლო სიფრთხილით უნდა მიუდგეს პირველი ინსტანციის ტრიბუნალის როლის მორგებას ფაქტებთან მიმართებით, თუკი ეს გარდაუვალი არ არის კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო არ არის შეზღუდული შიდა სასამართლოების დასკვნებით და თავისუფალია თავის შეფასებებში მის წინაშე არსებული საქმის ყველა მასალიდან გამომდინარე, ჩვეულებრივ ვითარებაში მის წინაშე უნდა არსებობდეს დამაჯერებელი არგუმენტები იმისათვის, რომ გაემიჯნოს შიდა სასამართლოების მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ., მაგალითად, ჯულიანი და გაჯო იტალიის წინააღმდეგ (Giuliani and Gaggio v. Italy [დიდი პალატა], no. 23458/02, § 180, ECHR 2011 (ამონარიდები) და ზემოთ დასახლებული ოსტინი და სხვები (Austin and Others), § 61).
155. სასამართლო ვერ ხედავს მიზეზს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს შიდა სასამართლოების მიერ ჩამოყალიბებული აღნიშნული დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივნები დაკავებულები იყვნენ, იმიტომ, რომ პოლიციას გააჩნდა საკმარისი საფუძველი, დაეჯერებინა, რომ ისინი წააქეზებდნენ სხვებს, დაპირისპირებოდნენ შვედ ფეხბურთის ფანებს კოპენჰაგენის ცენტრში და ამით ქმნიდნენ არეულობის ან პირთა უსაფრთხოების ან საჯარო უშიშროების მიმართ გარდაუვალ და კონკრეტულ საფრთხეს. ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არ იკვეთება არაკეთილსინდისიერება ან დაუდევრობა კანონმდებლობის გამოყენებისას. პირიქით, როგორც მთავარმა ინსპექტორმა ბ.ო-მ განმარტა შიდა სასამართლოს წინაშე, პოლიციის განზრახვა იყო, პირველ რიგში გასაუბრებოდა სხვადასხვა დაჯგუფებებს, მათი დამშვიდების მიზნით. პირველი დაპირისპირების შემდეგ, დაიგეგმა, რომ დააპატიმრებდნენ მხოლოდ წამქეზებლებს. ამასთან დაკავშირებით შეფასებები უნდა გაკეთებულიყო შესაბამის პირთა რეალური ქმედებებიდან გამომდინარე და წესად იყო მიღებული ის, რომ არავინ უნდა დაეპატიმრებინათ იმათ გარდა, ვინც მოქმედებდა, როგორც წამქეზებელი (იხ. 21-ე პარაგრაფი ზემოთ 21). ამასთან, სამივე მომჩივანი მიჩნეულ იქნა წამქეზებლად (იხ., კერძოდ, პოლიციის ოფიცრების პ.ვ.-სა და მ.ვ.-ს ჩვენებები 22-ე და 23-ე პარაგრაფები ზემოთ). შიდა სასამართლოებმა პოლიციელების ჩვენებები გაიზიარეს. ეს დასკვნები არც თვითნებური ყოფილა და, არც აშკარად დაუსაბუთებელი და სასამართლოს არ გააჩნია ობიექტური მიზეზი, არცერთი დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ კითხვის ნიშანი დასვას ეროვნულ დონეზე ჩამოყალიბებული შეფასებების მიმართ.
156. მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტიდან გამომდინარე, იმ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ სამართალდარღვევა უნდა იყოს კონკრეტული და სპეციფიური, კერძოდ, მისი ჩადენის ადგილთან, დროსთან და მსხვერპლებთან მიმართებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიციის შესახებ კანონის მე-5(1) და (3) მუხლი არ მიუთითებს რაიმე დანაშაულებრივ ქმედებაზე, რომლის ჩადენისგან თავი უნდა შეეკავებინათ მომჩივნებს.
157. თუმცა, როგორც მთავრობამ აღნიშნა, ხულიგნური დაპირისპირების კონტექსტში და საჯარო წესრიგში არეულობის შეტანისა და პირთა უსაფრთხოების ან საჯარო უშიშროების საფრთხესთან დაკავშირებით, დასჯადი ქმედებების რიგი დებულებები მიუთითებდნენ, თუ რა დანაშაულებრივი ქმედებისგან უნდა შეეკავებინა თავი მომჩივანს. ეს მოიცავდა ვალდებულებას, არ წაექეზებინათ დაპირისპირება ან გამოევლინათ ძალადობრივი ქმედების რაიმე სხვა იმგვარი ფორმა, რაც დაარღვევდა საჯარო წესრიგს, როგორც ეს გათვალისწინებული იყო კანონისა და წესრიგის დაცვის შესახებ პოლიციის ბრძანების მე-3 მუხლით, რომლის დარღვევაც წარმოადგენდა დანაშაულს, რაც ისჯებოდა ჯარიმით (იხ. ბრძანების მე-18 მუხლი). ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 134(ა)-ე მუხლი აწესებდა დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღებისგან თავის შეკავების ან საზოგადოებრივ ადგილას წესრიგის სხვა მძიმე დარღვევისგან, როდესაც პირები შეთანხმებით მოქმედებენ ან მრავალი პირი ერთობლივად მოქმედებს, თავის შეკავების ვალდებულებას; ამ დებულების დარღვევა ისჯებოდა საპატიმრო სასჯელით არაუმეტეს ერთი წლითა და ექვსი თვით. დაბოლოს, სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე, 245-ე და 291-ე მუხლები შესაბამისად შეეხებოდა ძალადობას, ძალადობას დამამძიმებელ გარემოებებში, და დანაშაულებრივი ზიანის მიყენებისგან თავის შეკავების ვალდებულებას.
158. სასამართლო მიიჩნევს, რომ ფაქტების შესახებ დასკვნები, რომლებიც შიდა სასამართლოების მიერ ჩამოყალიბდა მოცემულ საქმეზე (იხ. 150-153-ე პარაგრაფები ზემოთ), ობიექტურ დამკვირვებელს უნდა არწმუნებდეს იმაში, რომ იმ დროისათვის, როდესაც მომჩივნები დააპატიმრეს, პოლიციას ყველა საფუძველი გააჩნდა, ერწმუნა, რომ მზადდებოდა დაპირისპირება საფეხბურთო ხულიგნებს შორის კოპენჰაგენის ცენტრში, 2009 წლის 10 ოქტომბრის საფეხბურთო მატჩის წინ რამდენიმე საათით ადრე, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია მნიშვნელოვანი საფრთხე მრავალი მშვიდობიანი ფეხბურთის გულშემატკივრისა და სხვა მესამე პირების მიმართ, ვინც ადგილზე იმყოფებოდნენ შესაბამის დროს. უდავოა, რომ მეორე და მესამე მომჩივანი და პირველი, შესაბამისად, ჩამოცილებულ იქნენ დაპირისპირების წაქეზებას ან მის მოწყობას საფეხბურთო ხულიგნებს შორის ამაგერტორვის სკვერში 3.50 საათზე და ტივოლის ბაღების წინ 4.45 საათზე შესაბამის დღეს, რისი ადგილის და დროის მითითება შეიძლებოდა ზედმიწევნით ზუსტად. ასევე, შეიძლებოდა მსხვერპლთა იდენტიფიცირება იმ საზოგადოებას შორის, ვინც იმ დროისათვის სტუმრობდა იმ ადგილებს.
159. სასამართლო შესაბამისად სჯერდება იმას, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტები საკმარისად მიუთითებენ, რომ „სამართალდარღვევა“ შეიძლება მიჩნეულ იქნეს „სპეციფიურად და კონკრეტულად“ მე-5 მუხლის 1-ლი(c) მუხლის მიზნისთვის.
160. ასევე დამაკმაყოფილებელია ის, რომ ხელისუფლებამ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ მომჩივნები მაღალი ალბათობით იყვნენ ჩართული სამართალდარღვევაში, რომელთა ჩადენა თავიდან ვერ იქნებოდა აცილებული მათი დაპატიმრების გარეშე.
(iv) იყო, თუ არა მომჩივნების დაპატიმრება „აუცილებელი“
161. აუცილებლობის კრიტერიუმზე, რომელიც მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის გარკვეულ დებულებებში გვხდება, მათ შორის, (c) ქვეპუნქტის პირველ ნაწილში, აღნიშნული იყო 77-ე პარაგრაფში ზემოთ, განსაკუთრებით ხელისუფლების ვალდებულებაზე, განიხილოს „ალტერნატიული შესაძლებლობები“. პრევენციული დაკავების შეფასებისას, რაც ამ საქმის საგანს წარმოადგენს, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ეს კრიტერიუმი შეაფასოს მეორე ნაწილთან მიმართებით. მისი მოსაზრებით, ჯერ ნაკლებად მკაცრი ღონისძიებები უნდა იქნეს განხილული და ისინი მიჩნეულ იქნეს არასაკმარისად, იმისათვის, რომ დაცულ იქნეს ის ინდივიდუალური ან საჯარო ინტერესი, რომლითაც მართლდება შესაბამისი პირის პატიმრობაში ყოფნა. მოითხოვს, რომ იყოს. პრევენციული პატიმრობა არ შეიძლება საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, თუ არ დამყარდა სათანადო ბალანსი დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართალდარღვევის ჩადენის გარდაუვალი საფრთხის პრევენციის მნიშვნელობას და თავისუფლების უფლებას შორის. იმისათვის, რომ პროპორციული იყოს იმგვარი სერიოზულ შეზღუდვისა, როგორიც თავისუფლების აღკვეთაა, კონკრეტული და სპეციფიური „სამართალდარღვევა“, რაზედაც მითითებულია მე-5 მუხლის 1-ელ(c) პუნქტში, ასევე უნდა იყოს სერიოზული ხასიათის, ქმნიდეს ან უკავშირდებოდეს სიცოცხლის მიმართ საფრთხეს ან იწვევდეს მნიშვნელოვან ქონებრივ ზიანს. ასევე, დამატებით მოითხოვება, რომ პატიმრობა უნდა დასრულდეს, როგორც კი საფრთხე გაივლის, რაც მოითხოვს ზედამხედველობას, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია პატიმრობის ხანგრძლივობა (ამ უკანასკნელ საკითხთან დაკავშირებით, იხ. მაგალითად, ზემოთ დასახლებული შვაბე და მ.გ. (Schwabe and M.G.), § 78).
162. სასამართლოსთვის მისაღებია, რომ განსახილველ საკითხთან მიმართებით, ზემოთ აღწერილი კონკრეტული და სპეციფიური დანაშაულებრივი ქმედება (იხ. 158-ე პარაგრაფი), კერძოდ, ხულიგნური დაპირისპირების წაქეზება კოპენჰაგენის ცენტრში, შესაბამისად, ამაგერტორვის სკვერში, 3.50 საათზე და ტივოლის ბაღების წინ, 4.45 საათზე, წარმოადგენდა მნიშვნელოვან საფრთხეს ფეხბურთის ყველა მშვიდობიანი გულშემატკივრისთვის და ადგილზე მყოფი სხვა მესამე პირებისთვის. სასამართლო შესაბამისად მიიჩნევს, რომ ის საფრთხე, რომლის არიდების მიზანიც ხელისუფლებას ჰქონდა, უდავოდ, სერიოზული იყო.
163. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ უფროსი ინსპექტორის ბ.ო.-ს, რომელიც იყო პოლიციის ოპერაციის სტრატეგიული ხელმძღვანელი, მიერ საქალაქო სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით (იხ. 21-ე პარაგრაფი ზემოთ), მოქმედების ტაქტიკა, რომ თავიდან აეცილებინათ ამგვარი შეტაკებები იყო პროაქტიულ დიალოგში ჩართვა ფანებთან/მაყურებლებთან ღამის 12 საათის შემდეგ, როდესაც ისინი დაიწყებდნენ დაბრუნებას, დაპირისპირების შემთხვევაში კი, მხოლოდ წამქეზებლების დაპატიმრებას. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ თამაშის დაწყებამდე ადგილი ჰქონდა არაერთ დაპირისპირებას, მოქმედების ტაქტიკა იყო დიალოგის გაგრძელება იმის უზრუნველსაყოფად, რომ მაყურებელთა დიდი რაოდენობა, წასულიყო სტადიონისკენ მატჩზე დასასწრებად. თავის ჩვენებაში (იხ. 22-ე პარაგრაფი ზევით) პოლიციის კონსტებლმა პ.ვ.-მ დაადასტურა, რომ დასაწყისში კარგი ატმოსფერო იყო და ადგილი არ ჰქონია ძალადობას. იგი და მისი კოლეგები მხოლოდ „თვალს ადევნებდნენ“ დანიელ ფეხბურთის ფანებს ბარში როდესაც მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ დანიელი და შვედი ფანები აპირებდნენ შეხვედრას და დაპირისპირებას და ჯგუფმა დაიწყო ბარის დატოვება, გაემართნენ რა საფეხმავლო სავაჭრო ქუჩაზე ამაგერტორვის სკვერის მიმართულებით, დაახლოებით 700 მეტრის დაცილებაზე, მოხდა რა, პირველი დაპირისპირება, 3.41 საათზე, პოლიცია გაჰყვა დანიელთა ჯგუფს და ოთახს, საიდანაც კონტროლი ხორციელდებოდა, ჩააბარა შესაბამისი ანგარიში. უფროსმა ინსპექტორმა ბ.ო.-მ განაცხადა, რომ მან ზუსტად არ იცოდა დაპირისპირებაში ჩართულ პირთა რიცხვი, მაგრამ ადგილზე გავრცელებული ინფორმაციიდან შეიტყო, რომ ორივე მხარეს სულ იყვნენ დაახლოებით ორმოცდაათიდან სამოც პირამდე.
164. სასამართლოსთვის ცხადია, რომ პირველი დაპირისპირების დაწყებამდე, 3.41 საათზე, ამაგერტორვის სკვერში, პოლიციამ, ხულიგნური შეტაკებების აღსაკვეთად, გამოავლინა ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება, ლმობიერი ზომების გამოყენებით.
165. მეტიც, როდესაც შენიშნეს, რომ დანიელ ფეხბურთის ფანთა დაახლოებით ორმოცდაათპირიანმა ჯგუფმა დატოვა ფაბი და ჩხუბში ჩასართავად გაემართა ამაგერტორვის სკვერისკენ, პოლიციამ თავიდან სცადა ნაკლებად მკაცრი ზომების გამოყენება დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით. მათ თავიანთი ავტომანქანები დააყენეს ჯვარედინად, რათა აერიდებინათ დანიელ ფეხბურთის ფანთა ჯგუფის შერევა შვედთა ჯგუფთან. ამის შემდეგ მათ დანიელ ფეხბურთის ფანთა ჯგუფი მიმართეს ქვედა ქუჩისკენ, მათი რეგისტრაციისა და ჩხრეკის მიზნით.
166. როგორც ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, მიჩნეულ იქნა, რომ ვითარების გამწვავების მომენტში, უშუალოდ ამაგერტორვის სკვერის მიმდებარედ, სადაც უკვე მიმდინარეობდა დაპირისპირება, მეორე და მესამე მომჩივანი აქეზებდნენ სხვებს, მონაწილეობა მიეღოთ დაპირისპირებაში. ამიტომ ეს ორი მომჩივანი 3.50 საათზე დააპატიმრეს მოქმედების ტაქტიკასთან სრული შესაბამისობით, რომლის მიზანი იყო მხოლოდ წამქეზებელთა დაპატიმრება (იხ. 163-ე პარაგრაფი ზემოთ). პოლიციის კონსტებლის პ.ვ.-ს გადმოცემით (იხ. 22-ე პარაგრაფი ზემოთ), იმ ორი მომჩივნის დაკავების მიზანი იყო სიმშვიდის უზრუნველყოფა და შეტაკებების თავიდან აცილება, მიდგომა, რომელიც, როგორც ჩანდა, წარმატებული აღმოჩნდებოდა, რადგან ნათელი ხდებოდა, რომ ორჰუსელ ხულიგნების ჯგუფში არავინ იყო, ვინც თავის თავზე აიღებდა კონტროლის განხორციელებას.
167. სასამართლო ასევე შენიშნავს, რომ იმავე დროს დაპატიმრებულ იქნა კოპენჰაგენელი სავარაუდო ხულიგანი ოთხი სხვა პირი, თავისუფლებაში დატოვეს ორმოცდაოთხი სხვა პირი დანიელთა ჯგუფიდან, გვერდით მდებარე ქუჩაზე, რომელთა შორის პირველი მომჩივანიც იყო. სასამართლოს მოსაზრებით, ეს წარმოაჩენს, რომ პოლიციას ზედმეტად არავინ დაუპატიმრებია, არამედ იზრუნა იმაზე, რომ დაეპატიმრებინა მხოლოდ ისინი, ვინც მისი შეფასებით, წარმოადგენდა საჯარო წესრიგში არეულობის შეტანის და პირთა უსაფრთხოებისა და საჯარო უშიშროებისთვის საფრთხის მატარებელს.
168. პირველმა მომჩივანმა დატოვა გვერდითა ქუჩა და, როგორც ჩანდა, შევიდა სხვა ბარში. იგი დააპატიმრეს არაუგვიანეს 4.45 საათისა, მას შემდეგ, რაც, როგორც ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, მოისმინეს, რომ აქეზებდა სხვებს, მონაწილეობა მიეღოთ დაპირისპირებაში ტივოლის ბაღების წინ.
169. ამ ვითარებაში სასამართლო ვერ ხედავს მიზეზს რაიმე ეჭვი შეიტანოს საქალაქო სასამართლოს მიერ თავის 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ დასკვნაში, რომ „ნაკლებად რადიკალური ზომების გამოყენება არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული საკმარისად იმისათვის, რათა აღკვეთილიყო დამატებითი არეულობის საფრთხე იმ ვითარებაში“ და, რომ „კოპენჰაგენის პოლიციას არ გადაუჭარბებია თავის უფლებამოსილებას [მომჩივანთა] დაპატიმრებით, პოლიციის შესახებ კანონის მე-5(3) მუხლის საფუძველზე“. ეს დასკვნა გაზიარებულ იქნა დასავლეთ დანიის უმაღლესი სასამართლოს 2011 წლის 6 სექტემბერის გადაწყვეტილებით, რის შედეგადაც უზენაესი სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობაზე ითქვა უარი.
სასამართლოს არ გააჩნია რაიმე მყარი საფუძველი, გაემიჯნოს ეროვნული სასამართლოების დასკვნებს და შესაბამისად, მისთვის მისაღებია ის, რომ მომჩივანთა დაპატიმრება საფუძვლიანად შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო „აუცილებლად“ მათ მიერ საფეხბურთო ხულიგნობის წაქეზების ან წაქეზების გაგრძელების აღსაკვეთად, იმის გათვალისწინებით, რომ ნაკლებად მკაცრი ღონისძიებები არ იქნებოდა საკმარისი.
170. რაც შეეხება პატიმრობის ხანგრძლივობას, საქალაქო სასამართლოს შეფასებით, რომელთან არდათანხმების მიზეზს სასამართლო ვერ ხედავს:
„[მომჩივანთა] დაპატიმრება, [რაც თითქმის რვა საათს გაგრძელდა] დასრულდა, როგორც კი, პოლიციის შეფასებით, ქალაქის ცენტრში სიმშვიდემ დაისადგურა, მას შემდეგ, რაც ოცდათხუთმეტი პირისგან შემდგარი დანიელთა ჯგუფი იქნა დაპატიმრებული შუაღამის პირს. სასამართლო, ამ საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ასკვნის, რომ არ არსებობს საფუძველი პოლიციის მიერ გაკეთებული შეფასების გაბათილებისა, რომლის მიხედვით, დაპატიმრებულთა გათავისუფლება იმის წინ, რაც სიტუაცია ქალაქის ცენტრში დამშვიდდებოდა, გამოიწვევდა შემდგომი არეულობის კონკრეტულ და გარდაუვალ საფრთხეს, რაც მოიცავდა შეტაკებებს მაყურებლებთან, რომელთაც საშუალება მიეცათ გამოსულიყვნენ ეროვნულ სტადიონიდან მატჩის დასრულების შემდეგ და, რომლებიც ჯერ კიდევ დიდი რაოდენობით იმყოფებოდნენ ქუჩებში“.
171. სასამართლო ასევე დასძენს, რომ ყურადღებით განხორციელდა იმის მონიტორინგი, იყო, თუ არა საფრთხე ჩავლილი. კერძოდ, მიუთითებს უფროსი ინსპექტორის პ.ჯ.-ს ჩვენებაზე (იხ. 24-ე პარაგრაფი ზემოთ), ვინც პასუხისმგებელი იყო დაპატიმრებებსა და დაპატიმრებულების გათავისუფლებაზე, ასევე იმის შემოწმებაზე, თუ რამდენად იყო დაცული შესაბამისი საპროცესო სტანდარტები, მათ შორის, ექვსსაათიანი ვადის წესი. როგორც მისი ჩვენებიდან იკვეთება, მუდმივი დიალოგი მიმდინარეობდა მას, ოთახის ზედამხედველს, საიდანაც კონტროლი ხორციელდებოდა და ქუჩაში მყოფ პოლიციას შორის, რაც მას საშუალებას აძლევდა, შეეფასებინა, თუ როდის უნდა გაეთავისუფლებინა დაპატიმრებულები.
172. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ასევე კმაყოფილია იმით, რომ მომჩივნები გათავისუფლდნენ, როგორც კი გარდაუვალი საფრთხე აღარ არსებობდა და, რომ ის გაგრძელდა არაუგვიანეს იმ დროისა, რაც აუცილებელი იყო აღეკვეთათ მათი მხრიდან შემდგომი ნაბიჯების გადადგმა ხულიგნური არეულობის წაქეზების მიზნით კოპენჰაგენის ცენტრში 2009 წლის 10 ოქტომბერს და, რომ ამ საფრთხის შეფასება საკმარისი დაკვირვების შედეგად განხორციელდა.
173. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი ბალანსი თავისუფლების უფლების და მომჩივანთა მხრიდან ხულიგნური დაპირისპირების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის მიღების აღკვეთის ღირებულებებს შორის.
(v) დასკვნა
174. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ მომჩივანთა პრევენციული დაპატიმრება შეესაბამება მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის (c) ქვეპუნქტს და შესაბიმისად, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო,
1. წყვეტს, ერთხმად, გააერთიანოს საჩივრები;
2. აცხადებს, ერთხმად, საჩივრებს მისაღებად;
3. ადგენს, თხუთმეტი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას.
შესრულებულია ინგლისურად და ფრანგულად და გამოცხადებულია საჯაროდ ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგი, 2018 წლის 22 ოქტომბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად.
სორენ პრებენსენიგუიდო რაიმონდი
მდივნის მოადგილეთავმჯდომარე
კონვენციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე წესის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ გადაწყვეტილებას ერთვის მოსამართლეების დე გაეტანოსა და ვოიტჩეკის განსხვავებული აზრი.
G.R.
S.C.P.
მოსამართლეების: დე გაეტანოს და ვოიტჩეკის ერთობლივი ნაწილობრივ განსხვავებული აზრი
1. გამოვხატავთ რა ჩვენ პატივისცემას ყველა კოლეგის მიმართ, ჩვენ არ ვეთანხმებით უმრავლესობის აზრს, რომ მოცემულ საქმეზე ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი).
2. საქმეზე წამოჭრილია ხელშეკრულების განმარტების ფუძემდებლური საკითხები. შევნიშნავთ, რომ სასამართლოს უახლესი პრეცედენტული პრაქტიკაში ხშირად გამოყენებულია კონვენციის ევოლუციური და ტელეოლოგიური განმარტება და სასამართლო არ ერიდება გაემიჯნოს არსებულ პრაქტიკას იმისათვის, რომ გააფართოვოს კონვენციით დაცული უფლებების მოქმედების არეალი. მოცემულ საქმეში უმრავლესობამ განსხვავებულ მიდგომა აირჩია: ფოკუსირდა კონვენციის სიტყვა-სიტყვით გაგებასა და travaux préparatoire-ზე (იხ., მაგალითად, გადაწყვეტილების 114-ე და 115-ე პარაგრაფები და ასევე, 99-ე პარაგრაფი). ამავდროულად, ისინი არ მორიდებიან, შეეზღუდათ კონვენციით დაცული უფლება კონვენციაში მისი სიტყვა-სიტყვითი ფორმის მოშველიებით და თავიანთი განმარტება მოარგეს ამ სიტყვა-სიტყვით ფორმას. მეტიც, უმრავლესობამ, სრულიად უჩვეულო სახით გააკრიტიკა სასამართლოს წინა შემადგენლობა იმ გადაწყვეტილებების არასაკმარისი დასაბუთების გამო, რომლებიც ეფუძნებოდა კონვენციის ევოლუციური განმარტების იდეას (იხ. გადაწყვეტილების 108-ე პარაგრაფი).
ჩვენ ფართო გაგებით ვეთანხმებით უმრავლესობის მიერ შემუშავებულ ხელშეკრულების განმარტების ზოგად ფილოსოფიას, რომელიც უმრავლესობის მიერ იქნა ჩამოყალიბებული და იმედი გვაქვს, რომ ეს მიდგომა გამოყენებული და კონსოლიდირებული იქნება დიდი პალატის მიერ განხილულ შემდგომ საქმეებში. კერძოდ, ჩვენ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ კონვენციის განმარტებისას უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ლინგვისტური განმარტების ხერხებს (ამასთან დაკავშირებით, იხ. J. Wróblewski, The Judicial Application of Law, Springer-Science-Business-Media B.V., Dordrecht, 1992, pp. 97-100). ჩვენ ასევე ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ კონვენციის სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან გამომდინარე შეიძლება გამართლდეს სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დებულების გადახედვა უფრო ფართო განმარტების გზით, რასაც დამძლევი მნიშვნელობა მიენიჭება. თუმცა, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენ ძლიერ წინააღმდეგობას ორ საკითხთან დაკავშირებით: პირველი, მიგვაჩნია, რომ მეთოდოლოგია არასწორად იყო გამოყენებული და, ამიტომ, ვერ დავეთანხმებით უმრავლესობის დასკვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივანთა დაპატიმრება განხორციელდა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტის საფუძველზე.
მეორე, და უფრო კრიტიკულად, ჩვენ შევნიშნავთ, რომ ხელშეკრულებების განმარტების ზოგადი ფილოსოფია, რაც ამ გადაწყვეტილებაში იქნა გამოყენებული, ხშირად ყოფილა უარყოფილი დიდი პალატისა და პალატის სხვა მრავალ გადაწყვეტილებაში, განსაკუთრებით, მე-8 მუხლთან დაკავშირებით. სრულიად გაუგებარია, ზოგიერთ საქმეში რატომ იყენებს სასამართლო ევოლუციურ განმარტებას, რომელიც განსხვავდება მხარეთა თავდაპირველი ჩანაფიქრისგან და ხელშეკრულების ტექსტისგან, როდესაც სხვა, ამ საქმის მსგავს საქმეებში, ის იყენებს საპირისპირო მიდგომას. შედეგად მივიღეთ ის, რომ სასამართლომ არც ხელშეკრულების განმარტების თანმიმდევრული თეორია წარმოადგინა, რასაც მისი გადაწყვეტილებების საფუძვლად გამოიყენებდა და, არც განმარტების ის წესები ახსნა, რასაც იყენებს.
3. სასამართლო, თავისი, მანდატის განხორციელებისას, რომელიც კონვენციის მე-19 მუხლით არის განსაზღვრული და შემოფარგლული, ევროპული სამართლებრივი კულტურის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს. სამართლებრივი კულტურის მნიშვნელოვანი ელემენტი არის განმარტების კულტურა. ეს უკანასკნელი გულისხმობს განმარტების ნათელ და ზუსტ წესებს. მრავალ სამართლებრივ სისტემაში არსებობს განმარტების თანმიმდევრული წესები, ხშირად დაუწერელი, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებებში ნათლად ახსნილი და გამოყენებული, იმ შეჯამებებში, რომლებშიც ჩამოყალიბებულია ძლიერ და ზუსტი მსჯელობები განმარტების წესებთან დაკავშირებით, რითაც გამყარებულია დასაბუთება. ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალს ჯერ არ მიუღწევია განვითარების [მაღალი] დონისთვის და ამ მხრივ, არც დახვეწილი ეროვნული სამართლებრივი სისტემები არსებობენ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჯერ არც საკმარისად თანმიმდევრული განმარტების მეთოდები შეუმუშავებია იმ დისკრეციის ფარგლებში, რაც მას აქვს მიკუთვნებული ხელშეკრულების განმარტების ზოგადი წესების თანახმად, ამის ნაცვლად, მას ხშირად შეუმჩნეველი დარჩენია, ან გამიჯვნია გამოსაყენებელ ჩვეულებით სახელშეკრულებო წესებს, რაც კოდიფიცირებულ იქნა ვენის კონვენციაში სახელშეკრულებო სამართლის შესახებ. ეროვნული პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, სასამართლოს როლი განმარტების კულტურის მშენებლობაში შორს დგას დამაკმაყოფილებლისგან.
4. ჩვენ სრულად ვეთანხმებით უმრავლესობას, რომ განმარტებითი საკითხების გადაწყვეტისას სასამართლომ სრულად უნდა შეამოწმოს travaux préparatoires და შეეცადოს შეძლებისდაგვარად ზუსტად გამოარკვიოს მაღალი ხელშემკვრელი მხარეების თავდაპირველი ჩანაფიქრი. ჩვენ გვინდა, ამავე დროს ხაზი გავუსვათ იმას, რომ სახელშეკრულებო სამართლის შესახებ ვენის კონვენციის 32-ე მუხლი (რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულებების წესების განმარტების კოდიფიკაციას) ამ წესს ამგვარად აყალიბებს:
„შესაძლებელია განმარტებებზე, როგორც დამატებით საშუალებებზე, მათ შორის, ხელშეკრულების მოსამზადებელი მასალებზე და მის დადებასთან დაკავშირებულ გარემოებებზე დაყრდნობა, იმ მიზნით, რომ დადასტურდეს მათი მნიშვნელობა 31-ე მუხლიდან გამომდინარე, ან განისაზღვროს მათი მნიშვნელობა, როდესაც განმარტება 31-ე მუხლის შესაბამისად:
a) ორაზროვანს და გაურკვეველს ტოვებს მის მნიშვნელობას;
b) ან იწვევს აშკარა აბსურდულ ან არაგონივრულ შედეგებს.“
travaux préparatoires არის ხელშეკრულებების განმარტების დამატებითი შესაძლებლობა, რასაც მნიშვნელობა ენიჭება მაშინ, როდესაც ხელშეკრულების ტექსტი ბუნდოვანია, მაგრამ რაც შეიძლება არ იყოს გადამწყვეტი, როდესაც ხელშეკრულების ლინგვისტურ განმარტებას გარდაუვლად მივყავართ ერთ ცალსახა შედეგამდე, რაც არ არის აშკარად აბსურდული ან არაგონივრული.
ამავე დროს ჩვენ მხედველობიდან არ გვრჩება ის გარემოება, რომ საქმე ლოვლესი ირლანდიის წინააღმდეგ (Lawless v. Ireland) (N 3) (1 ივლისი 1961, სერია A N 3) გადაწყვეტილი იყო იმ დროისათვის, როდესაც კონვენციის სრული აღსრულება დამოკიდებული იყო იმ სახელმწიფოებზე, რომელთაც მოახდინეს კონვენციის რატიფიცირება, ასევე მისი, იმ დრომდე ფაკულტატურად მიჩნეული, ოქმები. დამაჯერებლად წარმოჩინდა, რომ 1950 წლის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ნაწილების ფაკულტატურმა ხასიათმა გავლენა მოახდინა როგორც კომისიის, ისე სასამართლოს ავტორიტეტსა და პრაქტიკაზე 1970-იან წლებში, ორივე ინსტიტუცია იმ პერიოდში იჩენდა რა, ძალიან დიდ სიფრთხილეს კონვენციის მიმართ (იხ. Mikael Rask Madsen, “‘Legal Diplomacy’ – Law, Politics and the Genesis of Postwar European Human Rights”, ნაშრომში Human Rights in the Twentieth Century: A Critical History, Stefan-Ludwig Hoffmann (ed.), Cambridge University Press, Cambridge, 2011, გვ. 62, 75-79).
5. უმრავლესობა მოითხოვდა მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტის მოქნილად განმარტებას (იხ. გადაწყვეტილების 118-ე, 120-ე, 126-ე in fine, 127, 137 და 141 პარაგრაფები). ჩვენ ეს მოთხოვნა უხერხულად მივიჩნიეთ. ევროპულ სამართლებრივ კულტურაში არსებობს საყოველთაოდ მიღებული პრინციპი, რომ დებულებები, რომლებიც პირის თავისუფლების გარანტორია, უნდა განიმარტოს ვიწროდ და ზუსტად. რთულია გაიზიარო ის მიდგომა, რომელიც უმრავლესობის მიერ იქნა გამოყენებული სამართლებრივი განმარტების მიმართ: in dubio pro libertate; in dubio interpretatio pro regula contra limitationem facienda; exceptio est strictissimae interpretationis; odiosa sunt restringenda; poenalia sunt restringenda; mala restringenda sunt, non amplianda et multiplicanda და ა. შ.
ყველა ეს წესი, რომლებიც ამ საქმის მსგავს საქმეებში გამოიყენება, ერთ მიმართულებას უსვამს ხაზს: იმ ნორმების მიზნები, რომლებიც პირის თავისუფლების იცავს, შეიძლება მიღწეულ იქნეს მხოლოდ მათთან დაკავშირებული გამონაკლისების ვიწრო ინტერპრეტაციის გზით, ხელშეკრულებების განმარტების ტელეოლოგიური და ლინგვისტური განმარტების მეთოდის გამოყენებით.
6. ჩვენ ვეთანხმებით უმრავლესობას, რომ მოცემულ საქმეში ამოსავალი წერტილი არის კონვენციის მე-5 მუხლი. ამავე დროს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტი არ შეიძლება განიმარტოს განყენებულად, არამედ ის წაკითხულ უნდა იქნეს კონვენციის სხვა დებულებების და, კერძოდ, მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფის კონტექსტში. ეს უკანასკნელი ნორმა ამგვარია:
„ამ მუხლის 1-ლი პუნქტის (c) ქვეპუნტის დებულებების თანახმად, დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განხორციელებისათვის კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს და მას უფლება უნდა ჰქონდეს, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში. გათავისუფლება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების გარანტიებით.“
ამ დებულების სიტყვა-სიტყვითი ტექსტი არ ტოვებს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტის საფუძველზე განხორციელებული დაპატიმრების შედეგად, სისხლის სამართლის სასამართლოში პირის მიყვანასთან დაკავშირებით იგულისხმება ის სასამართლო, რომელიც საქმეს იხილავს მის მიერ დანაშაულის ჩადენის გამო.
7. ჩვენ ასევე აღვნიშნავთ, რომ მე-5 მუხლის 1-ელ(c) პუნქტში მითითებული სიტუაცია „მიმალვა დანაშაულის ჩადენის შემდეგ“, ყოველთვის სპეციფიური სიტუაციაა, რომელიც იმ უფრო ფართო სიტუაციიდან გამომდინარეობს, რაც გამოხატულია სიტყვებში „როდესაც არსებობს ამ პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი“. საშიშროება იმ პირის მხრიდან, რომელიც მიიმალა სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ, ყოველთვის ბადებს ვარაუდს, რომ საფუძვლიანია ეჭვი მის მიერ სამართალდარღვევის უკვე ჩადენის შესახებ. უკანასკნელ საფუძველში იმის დაკონკრეტება, რაც უფრო ზოგადად უკვე იყო აღნიშნული პირველ საფუძველში, prima facie ზედმეტად გამოიყურება. მესამე საფუძვლის ჩამოყალიბება შეიძლება მხოლოდ იმ ფაქტით აიხსნას, რომ ეს არის იმ სიტუაციების დახასიათება, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი პირის მიმართ, რომ მის მიერ ჩადენილი იყო სამართალდარღვევა. ჩვენი აზრით, იგივე მიდგომა გამოიყენება იმ სიტუაციაში, რომელზეც მითითებულია სიტყვებში „როდესაც საფუძვლიანად არის მიჩნეული მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის აღკვეთა“. ეს წაკითხულ უნდა იქნეს, როგორც მაგალითის მოყვანა უფრო ფართო სიტუაციიდან გამომდინარე, რაც გამოხატულია სიტყვებით „სამართალდაღევევის ჩადენის გონივრული ეჭვი“.
8. უმრავლესობა გამოხატავს შემდეგ მოსაზრებას: „მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ტექსტიდან პირდაპირ გამომდინარეობს, რომ თუკი პირი არ იყო ‹დაკავებული ან დაპატიმრებული› და შემდგომში გათავისუფლდა, არ არსებობს მოსამართლესთან მისი დაუყოვნებლივ მიყვანის აუცილებლობა“ (იხ. გადაწყვეტილების 129-ე პარაგრაფი).
ჩვენ ვიტყოდით, რომ თუკი პირი დაპატიმრებული ან დაკავებული იყო „უფლებამოსილი სამართლებრივი ორგანოს წინაშე წარსადგენად“ მე-5 მუხლის 1-ლი(c) პუნქტის საფუძველზე, ან დაუყოვნებლივ უნდა იქნეს წარდგენილი მოსამართლესთან, ან უნდა გათავისუფლდეს. თუკი იმ მიზნით დაპატიმრებული პირი, რომ წარდგენილი ყოფილიყო მოსამართლის ან სასამართლო ხელისუფლების განსახორციელებლად კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელის წინაშე, დაუყოვნებლივ გათავისუფლდა, არ არსებობს ამ პირის მოსამართლესთან წარდგენის აუცილებლობა. იმ შემთხვევაში საკმარისია მოსამართლის წინაშე დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილების ex post გასაჩივრების შესაძლებლობის არსებობა.
9. ჩვენ ასევე აღვნიშნავთ, რომ დაპატიმრების სამ საფუძველს შორის, პირველი („სამართალდარღვევის ჩადენის გონივრული ეჭვი“) და მესამე „მიმალვის საფრთხე“ აშკარად მიუთითებს სისხლის სამართლის საქმისწარმოებაზე. ამგვარ სიტუაციაში ძნელია, თუ როგორ შეიძლება, და მით უფრო რთულია იმის დასაბუთება, რომ მეორე საფუძველი („როდესაც საფუძვლიანად არის მიჩნეული სამართალდარღვევის ჩადენის აღკვეთის აუცილებლობა“) არ მიუთითებდეს იმ დანაშაულზე, რომელიც უკვე იქნა ჩადენილი, სულ მცირე, დანაშაულის მცდელობის ან მომზადების ფორმით.
10. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ მრავალ სამართლებრივ სისტემაში, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ფეხბურთის გულშემატკივართა პრევენციულ დაპატიმრებას. ამის ნაცვლად, სახელმწიფოებმა შეიძლება არჩიონ იმ ქმედებათა კრიმინალიზაცია, რაც ჩადენილი იყო ძირითადი დანაშაულებრივი ქმედებების „ეპიცენტრში“ (“Vorfeld”), განსაკუთრებით დანაშაულის მომზადების ან სპეციფიურ ვითარებაში კონკრეტული საფრთხის შემცველი საგნების თან ქონის გამო. ამ კონტექსტში პრევენციული დაპატიმრება არ წარმოადგენს აუცილებელ საშუალებას საფეხბურთო ძალადობის ან ხულიგნობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი მაღალი ხელშემკვრელი სახელმწიფოები მიიჩნევენ, რომ კონვენცია მათ უკრძალავს გამოიყენონ იძულების გარკვეული ლეგიტიმური საშუალებები, მათ შეუძლიათ შეცვალონ ეს ხელშეკრულება.
ჩვენ ასევე აღვნიშნავთ, რომ მოცემულ საქმეზე ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ სამმა მომჩივანმა წააქეზა ჩხუბი ფეხბურთის ფანებს შორის (იხ. გადაწყვეტილების 25-ე პარაგრაფი). არ არის ნათელი, თუ რატომ არ განხორციელდა მათ მიმართ დევნა ხსენებული ჩხუბის წაქეზებისთვის.
11. ჩვენ გვინდა ყურადღება გავამახვილოთ ეროვნული კანონმდებლობის შემდეგ საკითხებზე.
პირველი, ეროვნული კანონმდებლობა ამგვარად არის ფორმულირებული:
„1. პოლიციის ამოცანაა საზოგადოებრივ წესრიგში არეულობის შეტანის და პირთა და საჯარო წესრიგის მიმართ ნებისმიერი საფრთხის აღკვეთა.
...
3. როდესაც მე-2 პუნქტში მითითებული ნაკლებად ინტრუზიული ღონისძიებები არაადეკვატური აღმოჩნდება საფრთხის ან საშიშროების აღსაკვეთად, პოლიციას შეუძლია, თუკი აუცილებელი იქნება, დააპატიმროს პირ(ებ)ი, ვინც იწვევენ საფრთხეს ან საშიშროებას. ამგვარი დაპატიმრება უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე და ზომიერი (skånsom) და არ უნდა გადააჭარბოს ექვს საათს, თუკი ეს შესაძლებელია.“ (პოლიციის შესახებ კანონის მე-5 მუხლი (2004 წლის 9 სექტემბრის კანონი N 444) – იხ. გადაწყვეტილების 29-ე პარაგრაფი).
ტექსტი ძალიან ფართო და ბუნდოვანი ჩანს. კერძოდ, პრევენციული დაპატიმრება შეიძლება გამოყენებულ იქნეს საჯარო წესრიგში არეულობის შეტანის ან პირთა და საზოგადოებრივი წესრიგის მიმართ ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში და არ არის შემოფარგლული კონკრეტული დანაშაულის ჩადენის საფრთხის გარდაუვალობით. პრევენციული დაპატიმრებისთვის ამგვარი საფუძვლის არსებობა პრობლემურია ეროვნული კანონმდებლობის მკაფიოობის და სიცხადის თვალსაზრისით, რითაც უნდა აკმაყოფილებდეს „ხარისხიანი კანონის“ მოთხოვნას.
მეორე, ეროვნულმა სასამართლოებმა კანონმდებლის მიზანი ამგვარად ჩამოაყალიბა:
„იმავე მუხლთან დაკავშირებული განმარტებითი ბარათის მიხედვით, ექვსსაათიანი ვადა, როგორც წესი, შეიძლება გახანგრძლივდეს მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, თუ დიდი რაოდენობით პირთა დაპატიმრებას აქვს ადგილი, როდესაც პირთა პოლიციის განყოფილებაში გადაყვანაზე და პირთა რეგისტრაციასა და იდენტიფიცირებაზე დახარჯული დრო, პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის ექვსსაათიანი წესის დაცვას.“ (იხ. ამ გადაწყვეტილების 25[30-ე მთარგმნელის შნიშვნა].
თუმცა, როგორც მომჩივნებმა აღნიშნეს და პოლიციის ოფიცრების ჩვენებებით დადასტურდა (იხ. 21-ე და 24-ე პარაგრაფები), საფეხბურთო მოვლენებთან დაკავშირებით დაპატიმრებულ პირთა საერთო რიცხვი ექვსსაათიანი ვადის დაცვას შეუძლებელს არ ხდიდა. პოლიციამ გადაწყვიტა, გადაეჭარბებინა ექვსსაათიანი ვადისთვის იმ მიზნით, რომ მომჩივნები მოერიდებინა ქალაქის ცენტრში დაბრუნებას და შეტაკებებში ჩართვას. აშკარაა, რომ პოლიციისთვის ცნობილი იყო ის, რომ კანონმდებლობა მათ ამისათვის საკმარის უფლებამოსილებას არ ანიჭებდა.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სამი მომჩივნის პატიმრობით ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევას.
Full & Egal Universal Law Academy