დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 175
2014 წლის ივნისი
ი.ს. გერმანიის წინააღმდეგ (I.S. v. Germany)
(საჩივარი- 31021/08)
გადაწყვეტილება, 5 ივნისი, 2014 [ მე-5 სექცია]
მე-8 მუხლი
მე-8 მუხლის 1-ლი პარაგრაფი
პირადი ცხოვრების პატივისცემა
ბიოლოგიურ დედას უარი ეთქვა გაშვილებულ ბავშვებთან ურთიერთობის დამყარებასა და მათ შესახებ ინფორმაციის მიღებაზე: არ არის დარღვევა
ფაქტები – გერმანიის კანონმდებლობა უშვებს „ღია“ და „ნახევრად-ღია“ შვილად აყვანის ფორმებს. ასეთი შეთანხმების მიხედვით შეიძლება არსებობდეს მაღალი ან დაბალი ხარისხის ინტენსიურობის – პირდაპირი ან ახალგაზრდული ოფისის მეშვეობით დამყარებული – ურთიერთობა მშვილებელ მშობლებს, ბავშვსა და ბიოლოგიურ მშობლებს შორის. თუმცა, შვილად აყვანის ასეთი ფორმები დამოკიდებულია მშვილებელი მშობლების თანხმობაზე.
მოცემულ საქმეში, მომჩივანი, რომელიც დაქორწინებული იყო, ქორწინებისგარეშე ურთიერთობის შედეგად ტყუპებზე დაორსულდა. მომჩივნის ქმარი გადავიდა მათი საერთო საცხოვრებლიდან და განაცხადა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუ ცოლი ტყუპებზე უარს იტყოდა. მშობიარობიდან ერთი თვის შემდეგ, რთული ოჯახური და ფინანსური სიტუაციის გათვალისწინებით, მომჩივანი, რომელიც დეპრესიის გამო მკურნალობის კურსს გადიოდა, დათანხმდა ტყუპების დროებით თავშესაფარში მოთავსებას, მოგვიანებით მათი შვილად გაშვილების პირობით. შემდეგ ის შეხვდა მომავალ მშვილებელ მშობლებს და მშობიარობიდან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ ნოტარიუსის წინაშე ხელი მოაწერა გაშვილების შესახებ დოკუმენტს, რომლითაც მან ცნო გაშვილების სამართლებრივი შედეგები, განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ ტყუპებთან დაკავშირებულ ყველა უფლებებსა და ვალდებულებებს წყვეტდა. ამის შემდეგ მომჩივანმა მშვილებელ მშობლებთან დადო ზეპირი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ისინი წელიწადში ერთხელ ახალგაზრდული ოფისის მეშვეობით მას გაუგზავნიდნენ ტყუპების შესახებ მოკლე ინფორმაციას სურათებთან ერთად. შეთანხმება ითვალისწინებდა თუ არა რეგულარულ შეხვედრებს ბავშვებსა და მომჩივანს შორის, სადავოა. მას შემდეგ, რაც მომჩივნის მცდელობამ, ბათილად ეცნო გაშვილებაზე თანხმობა, შედეგი არ გამოიღო, მან შეიტანა სარჩელი ტყუპებთან შეხვედრების დანიშვნის შესახებ. ეს სარჩელი ეროვნულმა სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს იმ საფუძვლით, რომ ის არ ეკუთვნოდა ადამიანთა იმ წრეს, რომლებიც ბავშვთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ; ეს მოთხოვნა კანონმდებლობით იყო დადგენილი. რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ბავშვების შესახებ მიეღო ინფორმაცია, ბავშვების შესახებ ინფორმაციის მიღება შეეძლო მშობელს, მომჩივანი კი გაშვილების მომენტიდან აღარ იყო მშობელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საჩივარში, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლითაც მას უარი უთხრეს ბავშვებთან ურთიერთობასა და მათ შესახებ ინფორმაციის მიღებაზე, არღვევდა კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ ოჯახური და პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას.
სამართალი – მუხლი 8: მიუხედავად იმისა, რომ არსებული ოჯახური ურთიერთობა განზრახ შეწყვიტა მომჩივანმა, ახლად შეძენილი ან დარჩენილი უფლებები მომჩივანს, მშვილებელ მშობლებსა და ბიოლოგიურ შვილებს შორის, თუნდაც ისინი არ ექცეოდნენ „ოჯახური ცხოვრების“ ფარგლებში, წარმოდგენდა მომჩივნის, როგორც ბიოლოგიური დედის, იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს და შესაბამისად, მის „პირად ცხოვრებას“ მე-8 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მიხედვით.
სადავო გადაწყვეტილებები იყო „კანონის შესაბამისი“ და მიზნად ისახავდა სხვების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.
მომჩივანსა და მშვილებელ მშობლებს შორის ზეპირი შეთანხმება დაიდო მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა ადვოკატმა მომჩივანს შეატყობინა გაშვილებაზე საბოლოო თანხმობის გაცემის სამართლებრივი შედეგები. ოფიციალური სამართლებრივი მრჩევლის არსებობა დამოუკიდებელი ადვოკატის სახით წარმოადგენდა დოკუმენტის ბუნების სწორად გაგების აუცილებელ გარანტიას, ვინაიდან არ შეიძლებოდა შეთანხმების მოგვიანებით გაუქმება და მისი შესრულება ვერ იქნებოდა დამოკიდებული რაიმე პირობების შესრულებაზე. ეს პირდაპირ მიუთითებდა, რომ მომჩივანი აცნობიერებდა „შეთანხმების“ არსს. ეს ასევე ნათელი იყო შეთანხმების დადების განსაკუთრებული პირობებით, რაც განხორციელდა ზეპირად და არ მოიცავდა რაიმე დეტალებს ურთიერთობისა და ინფორმაციის მიღების უფლების შესახებ.
შვილად აყვანის პროცესი, მთლიანობაში და მათ შორის, სასამართლო წარმოების დროს, იყო სამართლიანი და ითვალისწინებდა მომჩივნის უფლებების დაცვას. მომჩივნის სამართლებრივი უფლებები მის ბიოლოგიურ შვილებთან მიმართებით უარყოფილ იქნა იმ მოქმედებების შედეგად, რომლებიც მომჩივანმა განახორციელა ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგების სრული გაცნობიერებით. ამის გათვალისწინებით, გერმანული ხელისუფლების წარმომადგენლების გადაწყვეტილება, დიდი მნიშვნელობა მიენიჭებინათ მშვილებელი ოჯახის პირადი და ოჯახური ინტერესებისთვის, იყო პროპორციული. რადგანაც ბავშვები შვილად აიყვანეს დაბადებისთანავე და იყვნენ ძალიან მცირე ასაკის ეროვნული სამართალწარმოების დროს, მშვილებელი ოჯახის ინტერესები, შეექმნათ ოჯახი ბავშვებთან ერთად მათი ბიოლოგიური მშობლების ჩარევისა და მათ შორის ურთიერთობის ხელახლა დამყარების გარეშე, სარგებლობს უპირატესობით.
დასკვნა: არ არის დარღვევა (ხუთი ხმა ორი ხმის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვასასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy