Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ
საჩივარი Nos. 6232/20 და 22394/20
გადაწყვეტილება 23.5.2024 [სექცია V]
მე-6 მუხლი
მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი
სისხლის სამართლებრივი მსჯავრი
სამართლიანი მოსმენა
მიუკერძოებელი ტრიბუნალი
დამოუკიდებელი ტრიბუნალი
მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი
მოწმეთა დაკითხვა
ყოფილი პრეზიდენტის მსჯავრდება ორ დამოუკიდებელ სისხლის სამართლის საქმეში ქმედებებისთივს, რომელიც მან ჩაიდინა თანამდებობაზე ყოფნის დროს: დარღვევა არ დადგინდა
მე-7 მუხლი
მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი
Nullum crimen sine lege
ყოფილი პრეზიდენტის მსჯავრდება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, რა დროსაც მან შეიწყალა მკვლელობისთვის მსჯავრდებული მაღალი რანგის თანამდებობის პირები: დარღვევა არ დადგინდა
ფაქტები - მომჩივანი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გაასამართლეს დაუსწრებლად სისხლის სამართლის ორ ცალკეულ საქმეში, სადაც სასჯელის ზომად ორივე საქმეში ერთად განესაზღვრა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელსაც ის ამჟამად იხდის. სამართალწარმოება გაიმართა 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. სისხლის სამართლის გამოძიება მათ შორის ჩატარდა სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, რის საფუძველსაც კერძოდ წარმოადგენდა, საჩივრები მომჩივნის პრეზიდენტობისა და მისი პარტიის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ.
2018 წლის ივნისში, პირველი სამართალწარმოების ფარგლებში (საჩივარი no. 6232/20), მომჩივანს მსჯავრი დაედო ძალადობაში თანამონაწილეობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დახმარებით 2005 წელს პარლამენტის იმდროინდელ წევრზე თავდასხმის მოწყობისთვის.
2018 წლის იანვარში, მეორე სამართალწარმოებაში (საჩივარი №22394/20), მომჩივანი ერთი მოსამართლის შემადგენლობით (მოსამართლე G.A.-ს შემადგენლობით), გასამართლდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. კერძოდ, საჯარო თანამდებობის პირის მიერ, რომელსაც პოლიტიკური თანამდებობა ეკავა, 2008 წელს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხი ყოფილი მაღალჩინოსნის შეწყალების გამო, რომლებიც ნასამართლევი იყვნენ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში 2006 წელს („გირგვლიანის მკვლელობის საქმე“). ამ შეწყალებამ მათი სასჯელი (რომელიც განსაზღვრული იყო ექვსნახევრიდან შვიდწელნახევრამდე) გაანახევრა.
მომჩივანმა გაასაჩივრა მსჯავრდებები, თუმცა წარუმატებლად. ორივე სამართალწარმოების განმავლობაში იგი ეჭვქვეშ აყენებდა N.B.-ს (საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე) და I.O.-ს ჩვენებებს (მომჩივნის მთავრობის ყოფილი მინისტრი).
სამართალი – მე-6 მუხლის 1 პუნქტი (მოსამართლე G.A-ს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა –საჩივარი no. 22394/20)
საქმის მასალებში არაფერი იყო ისეთი, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მოსამართლე G.A.-ს დამოუკიდებლობას რაიმე საფუძვლით. მომჩივნის საჩივარი უფრო მეტად ეხებოდა ობიექტურ მიუკერძოებლობას იმ ფუნქციებთან დაკავშირებით, რომელსაც ის ასრულებდა გირგვლიანის მკვლელობის საქმეში. არ არსებობდა საკმარისი კავშირი იმ საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ განხილულ სისხლის სამართლის ბრალდებასა და მომჩივნის წინააღმდეგ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებას შორის, რომელიც განიხილა მოსამართლე G.A.-მ. მომჩივანი არ ყოფილა მკვლელობის სამართალწარმოების მონაწილე, ის არანაირად არ ეხებოდა მას ხოლო მოსამართლე G.A.-ს არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება მომჩივნის ბრალეულობასთან დაკავშირებით დადგენილ ფაქტებზე დაყრდნობით. შესაბამისად, არ შეიძლებოდა არსებობდეს რაიმე ობიექტურად გამართლებული საფრთხე იმისა, რომ ფაქტების დადგენის ან იმ მოვლენების სამართლებრივი შეფასებისას, რომლებიც წარმოადგენდნენ დანაშაულს და რომლის ფარგლებშიც მოსამართლე G.A-მ მომჩივანი ცნო დამნაშავედ, რაიმე სახით ნაჩქარევად იყო გადაწყვეტილი მკვლელობასთან დაკავშირებული სამართალწარმოების დროს.
გარდა ამისა, აშკარად გადაჭარბება იქნებოდა იმის მტკიცება, რომ G.A. რომლის პროფესიული ფუნქციები მკვლელობის საქმეში შეზღუდული იყო მხოლოდ საქმის განმხილველი მოსამართლეებისთვის წმინდად ტექნიკური და კლერკული დახმარების უზრუნველყოფით „ჩართული იყო ოთხი პოლიციის ოფიცრის მიმართ სისხლის სამართლებრივი ბრალის განსაზღვრაში“. შესაბამისი ეროვნული პრაქტიკისა და სამართლის მიხედვით, მოსამართლის თანაშემწეობა ვერ გაუთანაბრდება სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში „მონაწილეობას“. ასევე ის ფაქტი, რომ მოსამართლე G.A. (თავისი პროფესიული ცხოვრების ადრეულ ეტაპზე) შეხვედრია აღნიშნულ მოწმეებს, ობიექტური გადმოსახედიდან ვერ ამართლებს იმ საფრთხეს, რომ ის აუცილებლად იქნებოდა მიკერძოებული ამ მოწმეთა ჩვენებების რწმუნების ნაწილში. მართლაც, მომჩივანმა ვერ ახსნა თუ როგორც შეიძლება G.A.-ს მიერ აღნიშნულ მოწმეთა ცნობა ყოფილიყო ისეთი ხარისხისა და ბუნების, რაც მიუთითებდა მის მიუკერძოებლობაზე. დამატებით, ოფიცერთა ჩვენებები არ ყოფილა ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება მომჩივნის წინააღმდეგ. და ბოლოს, მოსამართლე G.A. იყო პროფესიონალი და მომზადებული მოსამართლე, რომელიც შესაბამისად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ უფრო მეტად იყო მზად გამოთიშვოდა მის განვლილ პერსონალურ და პროფესიულ გამოცდილებებს და შესაბამისი ცივი გონებით შეეფასებინა მაღალი პროფილის საქმეები, რომლის მიმართ საჯარო ინტერესი არსებობს, ვიდრე არამოსამართლე წევრს ან ნაფიც მსაჯულს. შესაბამისად, ერთი მოსამართლისგან შემდგარი პირველი ინსტანციის სასამართლოზე ვერ ვიტყვით, რომ მას აკლდა დამოუკიდებლობა ან მიუკერძოებლობა.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ერთხმად)
მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტები (ეროვნული სასამართლოების მიერ ორივე საჩივრის ფარგლებში მტკიცებულებების ადმინისტრირების საკითხი)
პირველ სამართალწარმოებაში I.O-ს, N.B.-სა და ყოფილი სპეცრაზმის უფროსის ჩვენებები წარმოადგენდა პირდაპირ მტკიცებულებას და არა ირიბს. ანალოგიურად, მეორე სამართალწარმოებაში I.O-ს მიერ მიცემული ჩვენება წარმოადგენდა პირდაპირ მტკიცებულებას, რამდენადაც მან განაცხადა, რომ მომჩივანს არაერთხელ გაუმხელია მისთვის, რომ მას აღნიშნული ოფიცრების შეწყალების პირობა ჰქონდა დადებული და სრულად აპირებდა ამ პირობის შესრულებას. ამას გარდა, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველმა სასამართლომ შეამოწმა მოცულობითი ირიბი მტკიცებულებები, რომელიც დაეხმარა მომჩივნის დანაშაულის მოტივისა და მისი ჩადენის შესაძლებლობის განსაზღვრაში. I.O-ს, N.B.-სა და მომჩივანს შორის სავარაუდო პერსონალური მტრობა არ არის საკმარისი საფუძველი, იმისთვის, რომ სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენოს ეროვნული სასამართლოს შეფასებები მათი ჩვენებების სანდოობისა და საიმედოობის ნაწილში. მნიშნველოვანია აღინიშნოს, რომ მომჩივანს ჰქონდა შესაძლებლობა, დაპირისპირებოდა ორივე მოწმეს ორივე სამართალწარმოების ნაწილში და სადავო გაეხადა მათი ჩვენებების სანდოობა და რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ჯეროვნად განიხილეს ეს საკითხები დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებით. მოცემული დასაბუთების ნაწილში სასმართლო ვერ ხედავს თვითნებობას; ის ფაქტი, რომ ორივე მოწმის დაკითხვა ფიცის ქვეშ მოხდა, ეროვნული სასამართლოებისთვის შეიძლება ჩაითვალოს საკმარის საფუძვლად, იმისთვის, რომ მათ მიერ მიცემული ჩვენებები სანდოდ იქნეს მიჩნეული. იმ შეზღუდვების გათვალისწინებით, რაც სასამართლოს აკისრია მტკიცებულებების დასაშვებობის ნაწილში მისი საზედამხედველო ფუნქციების კუთხით, ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებების ადმინისტრირება ორივე სისხლის სამართლის სამართალწარმოებაში ვერ იქნება მიჩნეული როგორც კონვენციის დარღვევა.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ერთხმად)
მე-7 მუხლი (საჩივარი no. 22394/20):
მომჩივნის მსჯავრი ეფუძნებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომელიც ითვალისწინებდა თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. თუმცა, აღნიშნული სისხლის სამართლებრივი ნორმის ტექსტის, მისი ინტერპრეტაციისა და ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში გამოყენებისა და მსგავსი სისხლის სამართლებრივი ნორმების შედარებით სამართლებრივი პერსპექტივიდან განხილვის საფუძველზე, დგინდება, რომ ეს ნორმა წარმოადგენდა "ბლანკეტური მითითების" ან "კანონმდებლობაზე მითითების" საკანონმდებლო ტექნიკის მაგალითს. ნორმა სპეციალურად იყო ზოგადი და აბსტრაქტული ტერმინებით ჩამოყალიბებული, რათა მას დამატებოდა კონკრეტული სამართლებრივი შინაარსი, მათ შორის კონსტიტუციური დებულებებიდან ან სისხლის სამართლის სფეროს გარეთ სხვა სამართლებრივი სფეროებიდან. შესაბამისად, არ შეიძლება ითქვას, რომ განჭვრეტადობის მოთხოვნა არ იყო შესრულებული 332-ე მუხლის "ზედმეტად ზოგადი და ბუნდოვანი" ფორმულირების გამო; როგორც ასეთი ზოგადი ტერმინებით "ბლანკეტური მითითების" ტექნიკის გამოყენებამ დანაშაულის კრიმინალიზაციისთვის არ შეიძლება შექმნას პრობლემა მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით.
სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლი სრულად ნათლად აცხადებდა, რომ თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის პასუხისგებაში შეიძლებოდა მიეცათ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებიც კი, მათ შორის პრეზიდენტიც. იმპიჩმენტის კანონი ასევე ცხადად აწესებდა იმ დროისთვის ყოფილი პრეზიდენტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების შესაძლებლობას მისი უფლებამოსილების ვადაში ჩადენილი დანაშაულებისთვის. შესაბამისად, მითითებული დებულების საფუძველზე მომჩივანს არ უნდა ჰქონოდა განცდა, რომ ისარგებლებდა იმუნიტეტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.
გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელმისაწვდომი შედარებითი მასალის საფუძველზე, მომჩივნის არგუმენტი, რომ მას გააჩნდა მოლოდინი, რომ პანევროპული კონსტიტუციური ტრადიცია დაიცავდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ჩადენილი ქმედებებისთვის, უსაფუძვლო იყო.
არც 332 მუხლში აღნიშნული კომპლემენტარული ეროვნული სამართლის შინაარსი – კერძოდ, კონსტიტუციური ჩარჩო, რომელიც მოიცავდა პრეზიდენტის შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებას – არ აძლევდა განმცხადებელს ლეგიტიმურ მოლოდინს, რომ ის ისარგებლებდა სისხლის სამართლის იურისდიქციისგან იმუნიტეტით თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჩადენილი ქმედებებისთვის, მათ შორის პრეზიდენტის შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებისთვის. არც საქართველოს კონსტიტუციაში და არც ქართულ კანონმდებლობაში ან რომელიმე სხვა ქვემდებარე კანონმდებლობაში არ იყო დებულება, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ საქართველოს ყოფილი ან მოქმედი ლიდერები ისარგებლებდნენ იმუნიტეტით ინდივიდუალური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობებთან მიმართებით იმ ქმედებისთვის, რომელიც განხორციელდა მათი მანდატის ფარგლებში და მიეკუთვნებოდა მათ დისკრეციულ უფლებამოსილებებს; არც სასამართლოს მხარეებმა მიუთითეს რაიმე ეროვნულ კონსტიტუციურ ტრადიციაზე ან პრეცედენტზე, რომელიც ამ დასკვნას დაადასტურებდა.
ეროვნულმა სასამართლოებმა დეტალურად განიხილეს მომჩივნის არგუმენტი, რომ 332-ე მუხლის მიხედვით თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კონცეფცია შეუთავსებელი იყო შეწყალების დისკრეციული უფლებამოსილების ბუნებასთან, რადგან სრულად დისკრეციული უფლებამოსილება შეუზღუდავი/აბსოლუტური იყო განსაზღვრებით და, შესაბამისად, ვერ იქნებოდა ბოროტად გამოყენებული. მათ ასევე დაადასტურეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება დისკრეციული ბუნების იყო, ეს არ ნიშნავდა, რომ "აღნიშნული უფლებამოსილება არ შეიძლებოდა ბოროტად გამოყენებულიყო". მათი შესაბამისი ეროვნული სამართლისა და სამართლებრივი კონცეფციების ინტერპრეტაცია არ აღმოჩნდა თვითნებური ან სხვა შემთხვევაში არაგონივრული. სუბსიდიარობის პრინციპის გათვალისწინებით, სათანადო პატივისცემით უნდა მოვეპყროთ ეროვნული სასამართლოების მიდგომას, რომლებმაც გამოიყენეს შესაბამისი კონტროლისა და ბალანსის კონცეფცია კონსტიტუციურ განზომილებაში პრეზიდენტის შეწყალების უფლებამოსილების აბსოლუტური ბუნებისა და ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობის გამოსარკვევად. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლებამოსილება ექვემდებარებოდა სასამართლო შემოწმებას, შეიძლებოდა აღქმულიყო, როგორც დამატებითი მტკიცებულება იმისა, რომ ეს უფლებამოსილება არ იყო სასამართლო კონტროლისგან დაცული ქართული სამართლის მიხედვით.
ის ფაქტი, რომ მომჩივნის საქმეს წინამორბედი პრეცედენტი არ გააჩნდა საქართველოში, არ არის საკმარისი, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს შესაბამისი სისხლისსამართლებრივი დებულებების განჭვრეტადობა. ამ მხრივ, სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ შესაბამისი ეროვნული სამართლის ინტერპრეტაცია სისხლის სამართლის საქმეში იყო როგორც გონივრული, ისე შესაბამისი დანაშაულის არსთან.
სასამართლომ მნიშვნელობა მიანიჭა ფაქტს, რომ მომჩივნის მსჯავრი არ ეფუძნებოდა მხოლოდ შეწყალების აქტის შესრულებას; არამედ ეროვნულმა სასამართლოებმა მტკიცებულებებით დაასაბუთეს, რომ მან პირობა დადო ოთხი ოფიცრის შეწყალებასთან დაკავშირებით, თუ ისინი არ გაახმაურებდნენ გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებულ გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტებს. ამ საფუძველით სასამართლოებმა გაანალიზეს მომჩივნის განზრახვა დანაშაულის ჩადენის დროს და დაადგინეს, რომ მის მიერ მიღებული შეწყალების გადაწყვეტილება მოტივირებული იყო გამოძიების დამახინჯებისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის სურვილით. შესაბამისად, მომჩივნისთვის საღი აზრის მიღმა არ უნდა დარჩენილიყო იმისი განჭვრეტა, რომ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იმ პირებთან საიდუმლოდ თანამშრომლობის შესახებ, რომელთაც ან უშუალოდ ჩაიდინეს მკვლელობა ან შეთქმულები იყვნენ, რომ დაეფარათ ამ ძალიან სერიოზული დანაშულის კვალი, მოჰყვებოდა სერიოზული შედეგები. ამას გარდა, რიგით პიროვნებასთან შედარებით, მას როგორც წამყვან პოლიტიკოსს, უნდა ემოქმედა განსაკუთრებული სიფრთხილით და განსაკუთრებული ყურადღება გამოეჩინა იმ რისკების სერიოზულობის შეფასებისას, რომელიც შეიძლება წარმოშობილიყო მისი საიდუმლო კავშირებიდან; კავშირებიდან, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სიცოცხლის უფლების პრიორიტეტულობას, რაც მას მინიჭებული აქვს ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტით, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების დაცვას (მათ შორისაა თავად კონვენცია და სასამართლოს შესაბამისი მე-2 მუხლის პრეცედენტული სამართალი), ხოლო მომჩივანი ვერ იტყვის იმას, რომ მას არ ესმოდა მკვლელობის საქმეში მართლმსაჯულების დამახინჯების მიზნით მის მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების კრიმინალური ბუნება.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ გაკეთებული დასკვნები შესაბამისი ეროვნული საკანონმდებლო დებულებების სფეროს შესახებ და მათი გამოყენება მომჩივნის ქცევის მიმართ შესაბამისობაში იყო მათ უფლებასთან განმარტონ და გამოიყენონ ეროვნული სამართალი, ხოლო მომჩივანს გონივრულობის ფარგლებში შეეძლო განეჭვრიტა, რომ მისი ქცევა გამოიწვევდა მის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ხუთი ხმა ორის წინააღმდეგ).
სასამართლომ ასევე მომჩივნის საჩივრები მე-18 მუხლთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, რომელიც ეხებოდა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის სავარაუდო ფარულ მოტივს. კერძოდ, მომჩივნის პოლიტიკური პარტიისა და ახალ მმართველ ძალებს შორის მტკიცე პოლიტიკური მტრობა, სხვა კონკრეტული არგუმენტებისა და მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, რომლებსაც შეეძლო განემტკიცებინათ მისი შიშები, თავისთავად ვერ ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნის მთავარი მიზანი იყო მისი ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის შეფერხება. მართლაც, მაღალი პოლიტიკური სტატუსი პრინციპულად ვერ უზრუნველყოფდა იმუნიტეტს პასუხისმგებლობაზე. საქმეში არსებული მტკიცებულებების, კერძოდ სათანადოდ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების კეთილსინდისიერი მიზანი იყო მომჩივნის სამართლებრივი დასჯა მისი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის.