Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N216
2018 წლის მარტი
საჰინ ალპაი თურქეთის წინააღმდეგ (Sahin Alpay v. Turkey)
(საჩივარი- N 16538/17)
გადაწყვეტილება, 20 მარტი, 2018
მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი
ფაქტები: გადაწყვეტილება ეხებოდა ჟურნალისტების პატიმრობის კანონიერების განხილვის ხანგრძლივობას, მას შემდეგ რაც ისინი დააკავეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს.
2016 წლის 16 ივნისს გამთენიისას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 20 ივლისს მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და 21 ივლისს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს აცნობა კონვენციით დაკისრებული გარკვეული ვალდებულებებისგან გადახვევის შესახებ. მომჩივნები, ცნობილი ჟურნალისტები, დააკავეს და შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებული ანტიტერორისტული ბრალდებების საფუძველზე.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მათი დაკავება და დაპატიმრება არღვევდა თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს. შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლომ ზიანისა და ხარჯების და დანახარჯების ანაზღაურების ბრძანება გასცა. ვინაიდან მომჩივნები დაპატიმრებულები იყვნენ, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებები გადასცა შესაბამის ასიზთა სასამართლოს, რათა მას გაეკეთებინა ,,ის, რაც საჭირო იყო’’. ასიზთა სასამართლომ, იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები არ იყო სავალდებულო, აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეასრულა და მომჩივნები პატიმრობაში დარჩნენ. კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივნები ასაჩივრებდნენ მათი პატიმრობის კანონიერების განხილვის ხანგრძლივობას.
სამართალი: სტრასბურგის სასამართლომ არ მიიჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მომჩივანთა წინასწარი პატიმრობის კანონიერების განხილვა (თექვსმეტი თვე) არღვევდა კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დროულობის მოთხოვნას. სტრასბურგის სასამართლომ აღიარა, რომ ეს იყო წყალგამყოფი, თუ რა შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო დროულად, მიუხედავად 2016 წლის გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შედეგად საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დაკისრებული გადაჭარბებული ტვირთისა. თუმცა, პატიმრობაში მყოფ პირებს შეეძლოთ მოეთხოვათ, გათავისუფლება ნებისმიერ დროს და გაესაჩივრებინათ აღნიშნულ მოთხოვნაზე უარი: მომჩივნებმა რამდენიმე ასეთი მოთხოვნა წარადგინეს, თითოეული მათგანი დროულად იქნა განხილული. წინასწარი პატიმრობა ავტომატურად გადაისინჯებოდა მინიმუმ ყოველ ოცდამეათე დღეს. ამ სისტემაში, სტრასბურგის სასამართლო შემწყნარებელი იყო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვას უფრო მეტი დრო დაჭირდა. აგრეთვე გასათვალისწინებელი იყო, რომ 2016 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად იმატა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეთა ოდენობამ. შესაბამისად, და იმის გამეორებით, რომ კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ხანგრძლივობა ახლოს იყო იმ ზღვართან, თუ რა შეიძლება დროულად ყოფილიყო მიჩნეული, თუმცა, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნული ხანგრძლივობა არ არღვევდა კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს. სტრასბურგის სასამართლომ სამომავლო საქმეებზე დაიტოვა ამ დასკვნის გადასინჯვის შესაძლებლობა.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები