Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N80
2005 წლის ნოემბერი
სალიბა მალტის წინააღმდეგ (Saliba v. Malta)
(საჩივარი- N4251/02)
გადაწყვეტილება, 8 ნოემბერი, 2005 [მე-4 სექცია]
1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი
1-ლი დამატებითუ ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი პარაგრაფი
საკუთრებით სარგებლობაზე კონტროლი
ფაქტები: მომჩივანს, რომელმაც იმ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მოიპოვა, რომელზეც საწყობი იყო აშენებული, პოლიციამ ბრალი წაუყენა შენობის ნებართვის გარეშე აშენების გამო. მომჩივანი 1988 წლის ივლისში სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა. თუმცა, მის მიმართ სამართალწარმოების მეორე ეტაპი დაიწყო, რომელიც საბოლოოდ 1989 წლის ივნისში მისი მსჯავრდებით დასრულდა; აგრეთვე გაიცა ბრძანება შენობის დემონტაჟის თაობაზე. მომჩივანმა სააპელაციო სასამართლოში საჩივარი წარადგინა იმ საფუძვლით, რომ ერთი და იმავე ფაქტებთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ სამართალწარმოება ორჯერ განხორციელდა. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მომჩივნის საჩივარი და გააუქმა 1989 წლის გადაწყვეტილება. მიუხედავად ამისა, სასამართლომ შენობის დემონტაჟის ბრძანება გასცა. მან გადაწყვეტილება დააფუძნა კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებას, რომლის თანახმადაც დემონტაჟის ბრძანება შეიძლება გაიცეს ,,პირის ბრალდებაში გამართლების შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დარწმუნდება, რომ შენობა კანონმდებლობის დარღვევით აშენდა’’. მომჩივნის საკონსტიტუციო საჩივარს უარი ეთქვა.
სამართალი: 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი: გამომდინარე იქედან, რომ ეროვნული სასამართლო გადაწყვეტილება უარყოფით გავლენას არ ახდენდა მიწის ნაკვეთზე მომჩივნის საკუთრების უფლებაზე და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ [სტრასბურგის] სასამართლო არ იყო ინფორმირებული დემონტაჟის აღსრულების მიზნით გადადგმული ნაბიჯების თაობაზე, ის ვერ დაასკვნის, რომ ადგილი ჰქონდა დე ფაქტო ექსპროპრიაციას. დემონტაჟის ბრძანება მიზნად ისახავდა ზოგად წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, რომლებიც კრძალავდნენ უკანონო მშენებლობას; ამდენად, დემონტაჟის ბრძანება უტოლდებოდა ,,საკუთრებით სარგებლობაზე’’ კონტროლს 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში. კანონმდებლობის ცვლილებამდე, რომელიც საფუძვლად ედო გასაჩივრებულ ღონისძიებას, დემონტაჟის ბრძანების გაცემა შეიძლებოდა მხოლოდ პირის დამნაშავედ ცნობის შემდეგ. თუმცა, როგორც სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა დასაშვებობის შესახებ განჩინებაში, დემონტაჟის ბრძანება არ წარმოადგენს ,,სასჯელს’’ კონვენციის მე-7 მუხლის მიზნებისთვის და კანონმდებელს არ ეკრძალებოდა სამოქალაქო საკითხებთან დაკავშირებით მიეღო ახალი რეტროაქტიული მოქმედების მქონე დებულებები, რათა მოეწესრიგებინა არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე უფლებები. უფრო მეტიც, არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავდა მომჩივნის წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოების შედეგზე გავლენის მოხდენას. შესაბამისად, გასაჩივრებული ღონისძიება აკმაყოფილებდა კანონიერების მოთხოვნას აღნიშნული მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში. ის აგრეთვე ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს, კერძოდ, გარემოსა და სამშენებლო რეგულაციების დაცვის უზრუნველყოფას. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა გამოყენებული ღონისძიება გამართლებული, უკანონოდ აშენებული შენობის დემონტაჟის შესახებ ბრძანების მიზანი იყო იმ მდგომარეობაში დაბრუნება, რომელიც იარსებებდა, კანონის მოთხოვნები დაცული რომ ყოფილიყო. შესაბამისად, ღონისძიება არ იყო მისაღწევი მიზნის არაპროპორციული. ის ფაქტი, რომ მომჩივანი სამართალწარმოების პირველ ეტაპზე გამართლდა, არ ცვლის ამ დასკვნას. სხვა გადაწყვეტილების მიღება გაუტოლდებოდა ეროვნული ხელისუფლების ორგანოებისთვის უკანონო მშენებლობების მიმართ ტოლერანტულობის დავალდებულებას ყოველ ჯერზე, როდესაც საკუთრება გადაეცემოდა კეთილსინდისიერ მესამე მხარეს.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy