Sanchez v. France
სანჩეზი საფრანგეთის წინააღმდეგ
საჩივარი N 45581/15
გადაწყვეტილება
02.09.2021
ფაქტები
მომჩივანი, ჯულიენ სანჩეზი, 1983 წელს დაბადებული საფრანგეთის მოქალაქეა და ცხოვრობს ბოკაირში ((Beaucaire) (საფრანგეთი)).
მოვლენების დროს, ბ-ნი სანჩეზი - ამჟამად ქალაქ ბოკაირის მერი და ოკიტანის (Occitanie) რეგიონალური საბჭოს უკიდურეს მემარჯვენეთა ჯგუფის თავმჯდომარე - კენჭს იყრიდა საპარლამენტო არჩევნებში. ფ.პ. საპარლამენტო არჩევნებში იყო მისი ერთ-ერთი პოლიტიკური ოპონენტი. 2011 წელს ბ-ნმა სანჩეზმა საკუთარ, ღია ფეისბუკ გვერდზე, რომელსაც თავად მართავდა, გამოაქვეყნა პოსტი ფ.პ-სთან დაკავშირებით, რასაც თან ახლდა კონკრეტული რელიგიის მიმდევრობის გამო სიძლვილის და ძალადობის წამახალისებელი კომენტარები. კომენტარები ასევე ეხებოდა ფ.პ-ს პარტმიორ ლ.თ-ს (რომლებიც მოგვიანებით წაიშალა). ბ-ნმა სანჩეზმა დაუყონებლოვ არ წაშალა მის ფეისბუკ გვერდზე განთავსებული კომენტარები, რომლებიც თავისუფლად იყო ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის და გამოიყენებოდა მისი საარჩევნო კამპანიის დროს.
2011 წლის 25 ოქტომბერს ფ.პ-ს პარტნიორმა ლ.თ-მ აღმოაჩინა აღნიშნული კომენტრები, ისინი ჩათვალა „რასისტულად“ და თავი იგრძნო პირდაპირ და პირადად შეურაცხყოფილად, მან კომენტარების ერთ-ერთ ავტორს პირადად მოსთხოვა მათი წაშლა, რაც ამ უკანასკნელმა გააკეთა. 2011 წლის 26 ოქტომბერს ლ.თ-მ მიმართა პროკურატურას ბ-ნი სანჩესის და კომენტარების ავტორების ს.ბ-ს და ლ.რ-ს წინააღმდეგ. 2011 წლის 27 ოქტომბერს ბ-ნმა სანჩეზმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა წერილი, სადაც ხალხს მოუწოდებდა „კომენტარების შინაარსის კონტროლისკენ“, თუმცა არ უხსენებია უკვე გამოქვეყნებული კომენტარები. 2013 წლის 28 თებერვალს, ბ-ნი სანჩეზი, ს.ბ. და ლ.რ. სისხლის სამართლის სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირთა ჯგუფისადმი სიძულვილის ან ძალადობის წახალისებისათვის, მათი წარმოშობის, კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის, ერის, რასის ან რელიგიის წევრობის ან არწევრობის გამო. სისხლის სამართლის სასამართლომ თითოეულ მათგანს დააკისრა 4,000 ევროს გადახდა. ს.ბ-ს და ბ-ნ სანჩეზს ასევე, სამოქალაქო სარჩელის საფუძველზე, ერთობლივად და ცალცალკე, დაეკისრათ 1,000 ევროს გადახდა ლ.თ-სთვის არამატერიალური ზიანისათვის. ეროვნულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბ-ნმა სანჩეზმა საკუთარი ინიციატივით შექმნა საზოგადოებრივი საკომუნიკაციო სერვისი აზრთა მიმოცვლის მიზნით და ხილული დატოვა შეურაცხმყოფელი კომენტარები 2011 წლის 6 დეკემბრის მდგომარეობით, მან დაუყონებლივ არ აღმოფხვრა მათი გავრცელება და შესაბამისად დამნაშავე იყო როგორც ონლაინ საკომუნიკაციო საიტის „პროდიუსერი“და შესაბამისად მთავარი დამნაშავე.
ბ-ნმა სანჩეზმა და ს.ბ-მ ზემოხსენებული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. ს.ბ-მ მოგვიანებით გამოიტანა სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლომ დაკისრებული ჯარიმა შეამცირა 3,000 ევროთი და დაეთანხმა სისხლის სამართლის სასამართლოს იმასთან დაკავშირებით, რომ კომენტარები მკაფიოდ განსაზღვრავდნენ პირთა ჯგუფს, კერძოდ, მუსულმანური რწმენის მქონე პირთა ჯგუფს და რომ მუსულმანური საზოგადოების დანაშაულთან ასოცირება სავარაუდოდ ამ ჯგუფის უარყოფას ან მტრულ დამოკიდებულებას გამოიწვევდა. უფრო მეტიც, მან დაადგინა, რომ ბ-ნი სანჩეზი პასუხისმგებელი იყო გამოქვეყნებულ კომენტარებზე რადგან იცოდა, რომ მისი ფეისბუკ გვერდი იყო ღია და საჯარო და მას, როგორც პოლიტიკურ ფიგურას მეტი სიფხიზლე მართებდა, ამასთან დაკავშირებით.
მომჩივანმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომელიც 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
სამართალი
მუხლი 10
ა) კომენტრების კონტექსტი
(i) სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით კომენტარები, საკუთარი ბუნებით იყო აშკარად არაკანონიერი. ეროვნულმა სასამართლოებმა, დასაბუთებულ გადაწყვეტილებებში, დაადგინეს, რომ ერთის მხრივ კომენტარები ნათლად განსაზღვრავდნენ პირთა ჯგუფს, კერძოდ მუსულმანებს. კომენტარები მუსლიმ საზოგადოებას აკავშირებდნენ დანაშაულთან, კერძოდ, რომ ისინი არიან „ნარკომოვაჭრები და პროსტიტუტები“ რომლებიც „მართველობის სადავეებში არიან“, “ნაძირლები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ნარკოტიკს ყიდიან“ ან „ქვებს ესვრიან თეთრკანიანი ხალხის მანქანებს“. ეს უკანასკნელი განცხადებები სავარაუდოდ მათი მნიშვნელობისა და მოცულობის გამო, გააღვივებდა უარყოფის ან მტრობის ძლიერ განცდას მუსულმანური რწმენის პირთა ჯგუფის მიმართ ან იმ პირთა მიმართ ვინც ასე (მუსულმანად) აღიქმებოდა.
კომენტარები გამოქვეყნდა ფეისბუკის ანგარიშზე, რომელიც თავისუფლად იყო ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის და გამოიყენებოდა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში როგორც გამოხატვის საშუალება, რომელიც შექმნილია ამომრჩევლისათვის ფართო გაგებით, და შესაბამისად მთლიანი მოსახლეობისთვის.
ს.ბ-ს და ლ.რ-ს მიერ გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ კომენტარებში გამოყენებული ენა (რომლებიც, უფრო მეტიც, თავად არ იყვნენ პოლიტიკოსები ან პოლიტიკური პარტიის აქტიური წევრები, რომლებიც საუბრობდნენ მისი სახელით), წარმოადგენდა კონკრეტული პირის მიმართ სიძულვილისა და ძალადობის აშკარა წახალისებას კონკრეტული რელიგიის წევრობის გამო. ეს ფაქტი არ შეიძლება შენიღბული ან შემცირებული იყოს საარჩევნო კონტექსტით ან ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტის სურვილით.
(ii) მომჩივნის პასუხისმგებლობა სხვების მიერ გამოქვეყნებულ კომენტარებზე
რაც შეეხება მომჩივნის პასუხისმგებლობას მესამე მხარეთა მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებზე, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კომენტარები უნდა განიხილებოდეს ადგილობრივი პოლიტიკური დებატების კონტექსტში, კერძოდ, საპარლამენტო არჩევნების კამპანიასთან დაკავშირებით. მართალია, ევროპულმა სასამართლომ უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭა გამოხატვის თავისუფლებას პოლიტიკური დებატების კონტექსტში და ჩათვალა, რომ ძალიან ძლიერი მიზეზები იყო საჭირო პოლიტიკური სიტყვის შეზღუდვის გასამართლებლად და რომ არჩევნების წინ ყველა სახის მოსაზრება და ინფორმაცია თავისუფლად უნდა გავრცელდეს, მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა, რომ წინამდებარე საქმეში გაკეთებული კომენტარები იყო აშკარად არაკანონიერი.
გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ მომჩივანი არ გაუკრიტიკებიათ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებისათვის, კერძოდ, პოლიტიკური დებატების კონტექსტში, არამედ ბრალი წაუყენეს სიფხიზლისა და რეაგირების ნაკლებობაში, მის ფეისბუკ ანგარიშის კედელზე გამოქვეყნებულ კომენტარებთან დაკავშირებით.
ამრიგად, სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ როგორც სისხლის სამართლის სასამართლომ ასევე სააპელაციო სასამართლომ მომჩივნის პასუხისმგებლობის შესახებ თავიანთი მსჯელობა დაასაბუთეს კონვენციის მე-10 მუხლის მიზნების შესაბამისი და საკმარისი საფუძვლებით.
ბ) მომჩივნის მიერ გადადგმული ნაბიჯები - ვინაიდან ვერ დადგინდა, რომ მომჩივანი ინფორმირებული იყო კომენტარების შინაარსიის შესახებ მათ გამოქვეყნებამდე, სასამართლომ შეისწავლა მისი ქცევა მხოლოდ მათი გამოქვეყნების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით.
- მომჩივანმა შეგნებულად გაასაჯაროვა თავისი ფეისბუკ ანგარიში, რითაც მის მეგობრებს, სულ 1,829 ადამიანს, საშუალება მისცა გამოექვეყნებინათ კომენტარები. ამრიგად, მას ევალებოდა ეკონტროლებინა გამოქვეყნებული განცხადებების შინაარსი. გარდა ამისა, მას არ შეეძლო არ სცოდნოდა, რომ მისი ანგარიში მოიზიდავდა პოლიტიკური ხასიათის კომენტარებს, რომლებიც თავისი ბუნებით პოლემიკური იყო და ამის გამო, მომჩივანი კიდევ უფრო ყურადღებით უნდა ყოფილიყო მათი კონტროლის დროს.
– ლ.თ-ს მიმართ მიმართული კომენტარები დაუყონებლივ წაიშალა მათი ავტორის მიერ, გამოქვეყნებიდან ოცდაოთხ საათზე ნაკლებ დროში. შესაბამისად, თუნდაც ვივარაუდოთ, რომ მომჩივანს ფაქტობრივად ჰქონდა დრო და შესაძლებლობა გაცნობოდა კომენტარებს წინასწარ, იმისათვის რომ მას მოსთხოვოდა უფრო სწრაფი ჩარევა, ამის შესახებ ეროვნული ხელისუფლების მიერ რაიმე მტკიცებულების არარსებობისას ასეთი მოთხოვნა იქნებოდა გადაჭარბებული და არარეალური რეაგირების ხარისხი.
- ლ.რ-ს კომენტარები ჯერ კიდევ ხილული იყო გამოქვეყნებიდან ექვსი კვირის შემდეგ. საზოგადოების წდომა მომჩივნის ფეისბუკ ანგარიშის კედელზე არ იყო შეჩერებული მოვლენებიდან დაახლოებით სამ თვემდე. მოვლენებიდან ორი დღის შემდეგ, მომჩივანმა გამოაქვეყნა წერილი საკუთარ გვერდზე, რომლითაც მომხმარებლებს მოუწოდებდა „ეკონტროლებინათ [საკუთარი] კომენტარების შინაარსი“, თუმცა არ წაუშლია შეურაცხმყოფელი კომენტარები. რაც შეეხება მის განცხადებას იმის შესახებ, რომ არ იცოდა ლ.რ-ს მიერ გაკეთებული კომენტარების შესახებ იქამდე, სანამ იგი პოლიციამ არ დაკითხა, მას პრობლემა არ შეუქმნია, რომ გადაემოწმებინა ან ვინმე სხვას გადაემოწმებინა იმ დროისათვის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი კომენტარების შინაარსი.
– სოციალური მედიის ანგარიშის მფლობელსა და ოპერატორს (სოციალური მედიის ოპერატორი) შორის საერთო პასუხისმგებლობა იყო. ფეისბუკის გამოყენების პირობებში მითითებულია, რომ აკრძალულია სიძულვილის შემცველი შინაარსი და სადავო სოციალურ ქსელში გაწევრიანებით, ყველა მომხმარებელი თანხმდება ამ წესზე.
გ) კომენტარების ავტორებზე პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობა - მომჩივანი პასუხისმგებელი იყო, როგორც „პროდიუსერი“ ონლაინ საზოგადოებრივი საკომუნიკაციო საიტის, რომელზედაც მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული შეტყობინებები ხელმისაწვდომი გახდა საზოგადოებისათვის; კერძოდ, მისი პასუხისმგებლობა გამოიხატებოდა იმაში, რომ შეტყობინებისთანავე არ წაშალა არაკანონიერი კომენტარები. მიუხედავად იმისა, რომ კანონი მას მიიჩნევდა „ავტორად“ და ეროვნული სასამართლოების მიერ მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა ამის გამო, მომჩივანს ფაქტობრივად ბრალი წაუყენეს სხვა მომხმარებების ქცევისთვის, რომლებმაც გამოაქვეყნეს კომენტარები და რომლებიც, ასევე იყვნენ ბრალდებულები. სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, ლეგიტიმური იყო იმის გათვალსიწინება, რომ ფეისბუკ ანგარიშის მფლობელის სტატუსი გულისხმობდა სპეციფიკურ ვალდებულებებს, კერძოდ, მომჩივნის შემთხვევაში, მან გადაწყვიტა არ გამოეყენებიმა ანგარიშზე წვდომის შეზღუდვის შესაძლებლობა და ამის მაგივრად იგი გახადა ყველასათვის ხელმისაწვდომი. ეს დასკვნა განსაკუთრებით აქტუალური იყო იმ კონტექსტში, სადაც აშკარად არაკანონიერი განცხადებების გამოქვეყნება შესაძლებელი იყო, როგორც წინამდებარე საქმეში.
ეროვნული კანონმდებლობით და სასამართლო პრაქტიკით უნდა დადგინდეს მკაფიო განსხვავება სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების ავტორის პასუხისმგებლობასა და ნებისმიერი მედიასაშუალებისა და პროფესიონალების პოტენციურ პასუხისმგებლობას შორის, რომლებიც ხელს უწყობენ მათ გავრცელებას საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ინფორმაციისა და იდეების გავრცელების ამოცანის შესრულებისას. თუმცა, წინამდებარე საქმეში, კომენტარები აშკარად არაკანონიერი იყო და უფრო მეტიც, არღვევდა ფეისბუკის გამოყენების პირობებს.
დ) ეროვნული სამართალწარმოების შედეგები მომჩივანთან მიმართებით - მომჩივანს დაეკისრა 3,000 ევროს გადახდა, რომელიც პროპორციული იყო, იმ სასჯელის მხედველობაში მიღებით რომლის წინაშეც შეიძლება დამდგარიყო და იმის გათვალისწინებით, რომ მისთვის რაიმე სხვა შედეგი არ დამდგარა.
აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის სპეციფიკური გარემოებების გათვალისწინებით, ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება მომჩივნის მსჯავრდების შესახებ დაფუძნებული იყო შესაბამის და საკმარის საფუძვლებზე, მოპასუხე სახელმწიფოსთვის მინიჭებული შეფასების თავისუფალი ფარგლების გათვალისწინებით. გასაჩივრებული ჩარევა შეიძლება ჩაითვალოს როგორც „საჭირო დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
დასკვნა: არ დადგინდა დარღვევა (ექვსი ხმა ერთის წინააღმდეგ).