Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to republish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights database HUDOC
Sanchez v. France
სანჩესი საფრანგეთის წინააღმდეგ
საჩივარი №45581/15
გადაწყვეტილება
2021 წელი, 2 სექტემბერი
ფაქტები
მომჩივანი – ჯულიენ სანჩესი, 1983 წელს დაბადებული საფრანგეთის მოქალაქეა და ცხოვრობს ბოკაირში (Beaucaire, საფრანგეთი).
მოვლენების დროს, ბ-ნი სანჩესი – ამჟამად ქალაქ ბოკაირის მერი და ოკიტანის (Occitanie) რეგიონული საბჭოს უკიდურეს მემარჯვენეთა ჯგუფის თავმჯდომარე – კენჭს იყრიდა საპარლამენტო არჩევნებში. ფ.პ. საპარლამენტო არჩევნებში იყო მისი ერთ-ერთი პოლიტიკური ოპონენტი. 2011 წელს, ბ-ნმა სანჩესმა საკუთარ, ღია ფეისბუქის გვერდზე, რომელსაც თავად მართავდა, გამოაქვეყნა პოსტი ფ.პ-სთან დაკავშირებით, რასაც თან ახლდა კონკრეტული რელიგიის მიმდევრობის გამო სიძულვილის და ძალადობის წამახალისებელი კომენტარები. კომენტარები ასევე, ეხებოდა ფ. პ-ს პარტნიორს, ლ. თ-ს (რომლებიც მოგვიანებით წაიშალა). ბ-ნმა სანჩესმა დაუყონებლოვ არ წაშალა მის ფეისბუქის გვერდზე განთავსებული კომენტარები, რომლებიც თავისუფლად იყო ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის და გამოიყენებოდა მისი საარჩევნო კამპანიის დროს.
2011 წლის 25 ოქტომბერს, ფ. პ-ს პარტნიორმა ლ. თ-მა აღმოაჩინა აღნიშნული კომენტარები, ისინი ჩათვალა რასისტულ გამონათქვამებად და თავი პირდაპირ და პირადად, შეურაცხყოფილად იგრძნო. მან კომენტარების ერთ-ერთ ავტორს პირადად მოსთხოვა მათი წაშლა, რაც ამ უკანასკნელმა გააკეთა. 2011 წლის 26 ოქტომბერს, ლ. თ‑მ მიმართა პროკურატურას ბ-ნი სანჩესის და კომენტარების ავტორების, ს.ბ-ს და ლ.რ-ს წინააღმდეგ. 2011 წლის 27 ოქტომბერს, ბ-ნმა სანჩესმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა წერილი, სადაც ხალხს მოუწოდებდა „კომენტარების შინაარსის კონტროლისკენ,“ თუმცა, არ უხსენებია უკვე გამოქვეყნებული კომენტარები. 2013 წლის 28 თებერვალს, ბ-ნი სანჩესი, ს. ბ. და ლ. რ. სისხლის სამართლის სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირთა ჯგუფისადმი სიძულვილის ან ძალადობის წახალისებისათვის, მათი წარმოშობის, კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის, ერის, რასის ან რელიგიის წევრობის ან არწევრობის გამო. სისხლის სამართლის სასამართლომ თითოეულ მათგანს დააკისრა 4 000 ევროს გადახდა. ს.ბ-ს და ბ-ნ სანჩესს ასევე, სამოქალაქო სარჩელის საფუძველზე, ერთობლივად და ცალ-ცალკე, დაეკისრათ 1 000 ევროს გადახდა ლ. თ-სთვის არამატერიალური ზიანისათვის. ეროვნულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბ-ნმა სანჩესმა საკუთარი ინიციატივით შექმნა საზოგადოებრივი საკომუნიკაციო სერვისი აზრთა მიმოცვლის მიზნით და ხილული დატოვა შეურაცხმყოფელი კომენტარები 2011 წლის 6 დეკემბრის მდგომარეობით, მან დაუყონებლივ არ აღმოფხვრა მათი გავრცელება და შესაბამისად, დამნაშავე იყო როგორც ონლაინ საკომუნიკაციო საიტის პროდიუსერი და შესაბამისად, მთავარი დამნაშავე.
ბ-ნმა სანჩესმა და ს. ბ-მ ზემოხსენებული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. მოგვიანებით, ს. ბ-მა გამოიტანა სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლომ დაკისრებული ჯარიმა შეამცირა 3 000 ევროთი და დაეთანხმა სისხლის სამართლის სასამართლოს იმასთან დაკავშირებით, რომ კომენტარები მკაფიოდ განსაზღვრავდნენ პირთა ჯგუფს, კერძოდ, მუსულმანური რწმენის მქონე პირთა ჯგუფს და რომ მუსლიმანური საზოგადოების დანაშაულთან ასოცირება სავარაუდოდ, ამ ჯგუფის უარყოფას ან მტრულ დამოკიდებულებას გამოიწვევდა. უფრო მეტიც, მან დაადგინა, რომ ბ-ნი სანჩესი პასუხისმგებელი იყო გამოქვეყნებულ კომენტარებზე, რადგან იცოდა, რომ მისი ფეისბუქის გვერდი იყო ღია და საჯარო და მას, როგორც პოლიტიკურ ფიგურას ამასთან დაკავშირებით, მეტი სიფხიზლე მართებდა.
მომჩივანმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომელიც 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
სამართალი
მუხლი 10
ა) კომენტრების კონტექსტი
(i) სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, კომენტარები საკუთარი ბუნებით, იყო აშკარად არაკანონიერი. ეროვნულმა სასამართლოებმა დასაბუთებულ გადაწყვეტილებებში დაადგინეს, რომ ერთი მხრივ, კომენტარები ნათლად განსაზღვრავდნენ პირთა ჯგუფს კერძოდ, მუსლიმანებს. კომენტარები მუსლიმან საზოგადოებას აკავშირებდნენ დანაშაულთან, რომ ისინი არიან „ნარკომოვაჭრები და პროსტიტუტები,“ რომლებიც „მმართველობის სადავეებში არიან,“ „ნაძირალები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ნარკოტიკს ყიდიან“ ან „ქვებს ესვრიან თეთრკანიანი ხალხის მანქანებს.“ ეს უკანასკნელი განცხადებები სავარაუდოდ, მათი მნიშვნელობისა და მოცულობის გამო, გააღვივებდა უარყოფის ან მტრობის ძლიერ განცდას მუსლიმანური რწმენის პირთა ჯგუფის მიმართ ან იმ პირთა მიმართ, ვინც ასე (მუსლიმანად) აღიქმებოდა.
კომენტარები გამოქვეყნდა ფეისბუქის ანგარიშზე, რომელიც თავისუფლად იყო ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის და გამოიყენებოდა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, როგორც გამოხატვის საშუალება, რომელიც შექმნილია ამომრჩევლისათვის ფართო გაგებით და შესაბამისად, მთლიანი მოსახლეობისთვის.
ს. ბ-სა და ლ. რ-ს მიერ გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ კომენტარებში გამოყენებული ენა (უფრო მეტიც, თავად არ იყვნენ პოლიტიკოსები ან პოლიტიკური პარტიის აქტიური წევრები, რომლებიც საუბრობდნენ მისი სახელით), წარმოადგენდა კონკრეტული პირის მიმართ სიძულვილისა და ძალადობის აშკარა წახალისებას კონკრეტული რელიგიის წევრობის გამო. ეს ფაქტი არ შეიძლება შენიღბული ან შემცირებული იყოს საარჩევნო კონტექსტით ან ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტის სურვილით.
(ii) მომჩივნის პასუხისმგებლობა სხვების მიერ გამოქვეყნებულ კომენტარებზე
რაც შეეხება მომჩივნის პასუხისმგებლობას მესამე მხარეთა მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებზე, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კომენტარები უნდა განიხილებოდეს ადგილობრივი პოლიტიკური დებატების კონტექსტში, კერძოდ, საპარლამენტო არჩევნების კამპანიასთან დაკავშირებით. მართალია, ევროპულმა სასამართლომ უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭა გამოხატვის თავისუფლებას პოლიტიკური დებატების კონტექსტში და ჩათვალა, რომ ძალიან ძლიერი მიზეზები იყო საჭირო პოლიტიკური სიტყვის შეზღუდვის გასამართლებლად და არჩევნების წინ ყველა სახის მოსაზრება და ინფორმაცია თავისუფლად უნდა გავრცელდეს, მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა, რომ წინამდებარე საქმეში გაკეთებული კომენტარები იყო აშკარად არაკანონიერი.
გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ მომჩივანი არ გაუკრიტიკებიათ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებისათვის, კერძოდ, პოლიტიკური დებატების კონტექსტში, არამედ ბრალი წაუყენეს სიფხიზლისა და რეაგირების ნაკლებობაში, მის ფეისბუქის ანგარიშის კედელზე გამოქვეყნებულ კომენტარებთან დაკავშირებით.
ამრიგად, სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ როგორც სისხლის სამართლის სასამართლომ ასევე, სააპელაციო სასამართლომ მომჩივნის პასუხისმგებლობის შესახებ თავიანთი მსჯელობა დაასაბუთეს კონვენციის მე-10 მუხლის მიზნების შესაბამისი და საკმარისი საფუძვლებით.
ბ) მომჩივნის მიერ გადადგმული ნაბიჯები – ვინაიდან ვერ დადგინდა, რომ მომჩივანი ინფორმირებული იყო კომენტარების შინაარსის შესახებ მათ გამოქვეყნებამდე, სასამართლომ შეისწავლა მისი ქცევა მხოლოდ მათი გამოქვეყნების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით.
მომჩივანმა შეგნებულად გაასაჯაროვა თავისი ფეისბუქის ანგარიში, რითაც მის მეგობრებს, სულ 1 829 ადამიანს, საშუალება მისცა გამოექვეყნებინათ კომენტარები. ამრიგად, მას ევალებოდა ეკონტროლებინა გამოქვეყნებული განცხადებების შინაარსი. გარდა ამისა, მას არ შეეძლო არ სცოდნოდა, რომ მისი ანგარიში მოიზიდავდა პოლიტიკური ხასიათის კომენტარებს, რომლებიც თავისი ბუნებით პოლემიკური იყო და ამის გამო, მომჩივანი კიდევ უფრო ყურადღებით უნდა ყოფილიყო მათი კონტროლის დროს. ლ. თ-ს მიმართ მიმართული კომენტარები დაუყონებლივ წაიშალა მათი ავტორის მიერ, გამოქვეყნებიდან ოცდაოთხ საათზე ნაკლებ დროში. შესაბამისად, თუნდაც ვივარაუდოთ, რომ მომჩივანს ფაქტობრივად ჰქონდა დრო და შესაძლებლობა წინასწარ გაცნობოდა კომენტარებს, იმისათვის, რომ მას მოეთხოვოს უფრო სწრაფი ჩარევა, ამის შესახებ ეროვნული ხელისუფლების მიერ რაიმე მტკიცებულების არარსებობისას, ასეთი მოთხოვნა იქნებოდა გადაჭარბებული და არარეალური რეაგირების ხარისხი. ლ. რ-ს კომენტარები ჯერ კიდევ, ხილული იყო გამოქვეყნებიდან ექვსი კვირის შემდეგ. საზოგადოების წდომა მომჩივნის ფეისბუქის ანგარიშის კედელზე არ იყო შეჩერებული მოვლენებიდან დაახლოებით, სამ თვემდე. მოვლენებიდან ორი დღის შემდეგ, მომჩივანმა გამოაქვეყნა წერილი საკუთარ გვერდზე, რომლითაც მომხმარებლებს მოუწოდებდა „ეკონტროლებინათ [საკუთარი] კომენტარების შინაარსი,“ თუმცა, არ წაუშლია შეურაცხმყოფელი კომენტარები. რაც შეეხება მის განცხადებას, რომ არ იცოდა ლ. რ-ის მიერ გაკეთებული კომენტარების შესახებ იქამდე, ვიდრე იგი პოლიციამ არ დაკითხა, მას პრობლემა არ შეუქმნია, რომ გადაემოწმებინა ან ვინმე სხვას გადაემოწმებინა იმ დროისათვის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი კომენტარების შინაარსი.სოციალური მედიის ანგარიშის მფლობელსა და ოპერატორს (სოციალური მედიის ოპერატორი) შორის საერთო პასუხისმგებლობა იყო. ფეისბუკის გამოყენების პირობებში მითითებულია, რომ აკრძალულია სიძულვილის შემცველი შინაარსი და სადავო სოციალურ ქსელში გაწევრიანებით, ყველა მომხმარებელი თანხმდება ამ წესზე.გ) კომენტარების ავტორებზე პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობა –მომჩივანი პასუხისმგებელი იყო, როგორც „პროდიუსერი“ ონლაინ საზოგადოებრივი საკომუნიკაციო საიტის, საიდანაც მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული შეტყობინებები ხელმისაწვდომი გახდა საზოგადოებისათვის; კერძოდ, მისი პასუხისმგებლობა გამოიხატებოდა იმაში, რომ შეტყობინებისთანავე არ წაშალა არაკანონიერი კომენტარები. მიუხედავად იმისა, რომ კანონი მას მიიჩნევდა „ავტორად“ და ეროვნული სასამართლოების მიერ მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა ამის გამო, მომჩივანს ფაქტობრივად, ბრალი წაუყენეს სხვა მომხმარებების ქცევისთვის, რომლებმაც გამოაქვეყნეს კომენტარები და რომლებიც ასევე, იყვნენ ბრალდებულები. სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, ლეგიტიმური იყო იმის გათვალისწინება, რომ ფეისბუქის ანგარიშის მფლობელის სტატუსი გულისხმობდა სპეციფიკურ ვალდებულებებს, კერძოდ, მომჩივნის შემთხვევაში, მან გადაწყვიტა არ გამოეყენებინა ანგარიშზე წვდომის შეზღუდვის შესაძლებლობა და ამის მაგივრად იგი გახადა ყველასათვის ხელმისაწვდომი. ეს დასკვნა განსაკუთრებით აქტუალური იყო იმ კონტექსტში, სადაც აშკარად არაკანონიერი განცხადებების გამოქვეყნება შესაძლებელი იყო, როგორც წინამდებარე საქმეში.
ეროვნული კანონმდებლობით და სასამართლო პრაქტიკით უნდა დადგინდეს მკაფიო განსხვავება სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების ავტორის პასუხისმგებლობასა და ნებისმიერი მედიასაშუალებისა და პროფესიონალების პოტენციურ პასუხისმგებლობას შორის, რომლებიც ხელს უწყობენ მათ გავრცელებას საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ინფორმაციისა და იდეების გავრცელების ამოცანის შესრულებისას. თუმცა, წინამდებარე საქმეში კომენტარები აშკარად არაკანონიერი იყო და უფრო მეტიც, არღვევდა ფეისბუქის გამოყენების პირობებს.
დ) ეროვნული სამართალწარმოების შედეგები მომჩივანთან მიმართებით – მომჩივანს დაეკისრა 3 000 ევროს გადახდა, რომელიც პროპორციული იყო იმ სასჯელის მხედველობაში მიღებით, რომლის წინაშეც შეიძლება დამდგარიყო და იმის გათვალისწინებით, რომ მისთვის რაიმე სხვა შედეგი არ დამდგარა.
აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის სპეციფიკური გარემოებების გათვალისწინებით, ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება მომჩივნის მსჯავრდების შესახებ დაფუძნებული იყო შესაბამის და საკმარის საფუძვლებზე, მოპასუხე სახელმწიფოსთვის მინიჭებული შეფასების თავისუფალი ფარგლების გათვალისწინებით. გასაჩივრებული ჩარევა შეიძლება ჩაითვალოს როგორც „საჭირო დემოკრატიულ საზოგადოებაში.“
დასკვნა: არ დადგინდა დარღვევა (ექვსი ხმა ერთის წინააღმდეგ).