ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მიუკერძოებელი ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის თაობაზე. განმცხადებელი აცხადებს, რომ მის საქმეს განიხილავდა რასისტული აზროვნების ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შემადგენლობა. არსებობდა ლეგიტიმური ეჭვი სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლემ ვერც ჯგუფური წერილის საფუძველზე და ვერც ნაფიც მსაჯულთათვის მითითების მიცემის საფუძველზე ვერ გაფანტა: ადგილი ჰქონდა დარღვევას.
საქმე „სანდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“
SANDER v. THE UNITED KINGDOM
განაცხადი №34129/96
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2000 წლის 9 მაისი
ფაქტობრივი გარემოებები
კუდლიფ სანდერს, აზიური წარმომავლობის ბრიტანეთის მოქალაქეს, დაბადებულს 1960 წელს, მსჯავრი დაედო თაღლითობის ჩადენაში 1995 წლის 8 მარტს.
მისი სასამართლო განხილვის დროს ნაფიცმა მსაჯულმა საქმის განმხილველ მოსამართლეს გაუგზავნა ბარათი რომლითაც გამოხატავდა შიშს, იმის თაობაზე, რომ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის სხვა წევრები, რომლებმაც ღია რასისტული რეპლიკები და ხუმრობები წარმოთქვეს, არ იყვნენ მიუკერძოებლები. ერთი ნაფიცი მსაჯული განცალკევდა სხვა დანარჩენებისაგან, ხოლო მოსამართლემ, ღია სასამართლოს წინაშე, ბარათი ხმამაღლა წაუკითხა ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობას, აგრეთვე შეახსენა მათი მოვალეობის შესახებ, რომ ყოფილიყვნენ მიუკერძოებლები. მომდევნო დღეს საქმის განმხილველმა მოსამართლემ მიიღო ნაფიც მსაჯულთა სრული შემადგენლობის მიერ ხელმოწერილი ჯგუფური წერილი, იმ წევრის ჩათვლით, რომელმაც პირველი წერილი დაწერა, რითაც აქარწყლებდნენ ბრალდებებს და რასისტულ ტენდენციურობას. განმცხადებელმა გაასაჩივრა ვერდიქტი, აცხადებდა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, საქმის განმხილველი მოსამართლე შეცდა, როცა არ დაითხოვა ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა. მისი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სამართალი
კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის სავარაუდო დარღვევა
18. განმცხადებელი პრეტენზიას გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ მისი საქმის განხილვა არ მოხდა მიუკერძოებელი ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის მიერ, რაც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს:
„...წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს ... საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლება ... მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ...“
19. განმცხადებელი ირწმუნებოდა, რომ მისი საქმე განსხვავდებოდა საქმისგან გრეგორი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, რომელშიც (ევროპის) სასამართლომ არ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა (№ 22299/93,1997 წლის 25 თებერვალი). დანარჩენმა ნაფიცმა მსაჯულებმა იცოდნენ, თუ ვინ იყო მომჩივანი ნაფიცი მსაჯული. ცხადია, ეს უკანასკნელი აიძულეს, თავისი საჩივარი უკან გამოეთხოვა. მისი ვინაობის გამჟღავნებას მისი პოზიციისთვის ზიანი უნდა მიეყენებინა და ხელი შეეშალა საქმის შემდგომ განხილვაში. გარდა ამისა, ერთ-ერთმა ნაფიცმა მსაჯულმა აღიარა, რომ წარმოთქვა რასისტული რეპლიკები. მეორე ნაფიცი მსაჯული, რომლის მისამართითაც გაკეთდა საჩივარი, დუმდა. აღნიშნული მოვლენები მოსამართლისთვის საფრთხის ნიშანი უნდა ყოფილიყო იმის თაობაზე, რომ რაღაცა პრინციპულად არასწორი იყო ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობასთან დაკავშირებით და უნდა დაეთხოვა ისინი. მოსამართლეს ამგვარი რეაგირება არ მოუხდენია და შედეგად დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი. უადგილო იყო, ის ფაქტი, რომ იმავე ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობამ გაამართლა გ.ს, რომელიც, ასევე აზიური წარმოშობის იყო, რადგან მის წინააღმდეგ აღძრული საქმე სრულიად განსხვავებული იყო. მის წინაააღმდეგ, ფაქტობრივად, არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება.
20. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ განმცხადებლის საქმესთან დაკავშირებული ფაქტები ძალიან ჰგავდა გრეგორის საქმეს, რომელიც ზემოთ იქნა ციტირებული. ორივე შემთხვევაში მოსამართლემ მიიღო ბარათი რასისტული ტენდენციურობის ბრალდებით. მოსამართლემ მიმართა ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობას შიდასახელმწიფოებრივი პრეცედენტული სამართლის და პრაქტიკის შესაბამისად. ორივე განმცხადებლის სააპელაციო საჩივარი აცილებული იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ, ამ უკანასკნელმა გამოიყენა პრინციპები, რომელიც კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ანალოგიური იყო. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ არ ყოფილა მითითებული, განმცხადებლის საქმეც, ისევე როგორც გრეგორის საქმე, აღმოჩნდა ერთ-ერთი სავარაუდოდ ობიექტურად მიკერძოებული. ორივე საქმეში არსებობდა არაერთი ფაქტორი, როგორიცაა ეჭვის გაფანტვა ნაფიც მსაჯულთა მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. მოსამართლემ მითითება მისცა ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობას მკაფიოდ, დეტალურად და დამაჯერებლად. სასამართლო პროცესზე აღარ განმეორებულა რასისტული კომენტარები. ნაფიცი მსაჯულთა სხვა ვერდიქტები არ შეიცავდა რასისტული ტენდენციურობის ნიშნებს. მოსამართლეს საკმაო დრო ჰქონდა ნაფიც მსაჯულთა შესაფასებლად. გარდა ამისა, წინამდებარე საქმეში მოსამართლემ შეაჩერა სამართალწარმოება მას შემდეგ, რაც მიმართა ნაფიც მსაჯულებს და შეეცადა და მიიღო ცალსახა დადებითი გარანტია მათ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. მოსამართლემ ასევე მკაფიოდ მიახვედრა მათ, რომ მისთვის რთული არ იქნებოდა ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის დათხოვნა და საჭიროების შემთხვევაში სასამართლო პროცესის შეჩერებაც. ყველა ზემოთქმულის გათვალისწინებით, ხელისუფლება აცხადებს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
21. ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ სასამართლო არ უნდა წამოგებოდა სპეკულაციას, თუ როგორ იქცეოდნენ ნაფიც მსაჯულები, მოსამართლის მიერ ზომების მიღების შემდეგ. მოსამართლე ხელსაყრელ მდგომარეობაში იყო, იმის შესაფასებლად, გამოიტანდა თუ არა ნაფიც მსაჯულთა თითოეული წევრი ვერდიქტს მხოლოდ მტკიცებულებების საფუძველზე. გარდა ამისა, მოსამართლის შეფასება ყურადღებით განიხილა სააპელაციო სასამართლომ. კონვენციის პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ეჭვი განმცხადებლის მხრიდან საკმარისი არ იყო ობიექტური მიუკერძოებლობის დასადგენად. განმცხადებლის შიში ობიექტურად დასაბუთებული უნდა ყოფილიყო. ის ფაქტი, რომ ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობამ გაამართლა აზიური წარმომავლობის ბრალდებული, იმავე პრეცედენტული სამართლის მიხედვით, იყო რელევანტური მსჯელობის შედეგი.
22. სასამართლო შეგვახსენებს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს რომ სასამართლომ რწმენა შთაუნერგოს საზოგადოებას და უპირველეს ყოვლისა, ბრალდებულს, რამდენადაც საქმე ეხება სისხლის სამართლის პროცესს. ამ მიზნით, სასამართლო ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ სასამართლო, ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის ჩათვლით, უნდა იყოს მიუკერძოებელი როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური თვალსაზრისით.
23. სასამართლო ასევე შეგვახსენებს, რომ წინამდებარე საქმე ეხება მკაფიო და ზუსტ ბრალდებას, რომ რასისტული კომენტარები გაკეთდა ნაფიც მსაჯულთა მხრიდან, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ აზიური წარმომავლობის ბრალდებულის საქმის განსახილველად. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს ძალიან სერიოზული საკითხია იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელ მულტიკულტურულ ევროპულ საზოგადოებაში, რასიზმის აღმოფხვრა ხელშემკვრელი სახელმწიფოების საერთო პრიორიტეტული მიზანია.
24. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნულმა ბრალდებებმა განმცხადებელი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მის საქმეს განიხილავდა რასისტული შეხედულებების ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. განმცხადებლის განაცხადი, აქედან გამომდინარე, მდგომარეობს იმაში, რომ არსებობდა სუბიექტური ტენდენცია ზოგიერთი ნაფიცი მსაჯულის მხრიდან.
25. სასამართლო შეგვახსენებს, რომ მოსამართლე მიუკერძოებლად ითვლება იქამდე, სანამ ამის საპირისპირო არ დამტკიცდება. იგივე შეეხება ნაფიც მსაჯულებსაც.
26. განმცხადებლის საქმის შემთხვევაში, ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის ერთ-ერთმა წევრმა წარადგინა ბარათი სადაც ბრალს სდებდა ორ ნაფიც მსაჯულს, რომ „ღიად გააკეთეს რასისტული რეპლიკები და იხუმრეს“ ამის გამო ის შიშობდა, რომ „ისინი აპირებდნენ ბრალდებულის გასამართლებას არა მტკიცებულებაზე არამედ მის აზიურ წარმომავლობაზე დაყრდნობით .“ მეორე ნაფიცმა მსაჯულმა, რომელიც აღნიშნული ბრალდების წინაშე აღმოჩნდა, აღიარა, რომ „შესაძლოა ასეც მოქცეულიყო“ და განაცხადა, რომ „წუხდა, თუ რაიმე დააშავა“. სასამართლომ დაადგინა, რომ სულ ცოტა ერთი ნაფიცი მსაჯულის მიერ გაკეთდა რასისტული კომენტარი, რომელიც შესაძლოა აზიური წარმომავლობის პირებზე ხუმრობად აღქმულიყო. სასამართლოს აზრით, აღნიშნული თავისთავად არ ამტკიცებს, იმას რომ ეს ნაფიცი მსაჯული ტენდენციური იყო განმცხადებლის მიმართ. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი მოსამართლისთვის შეუძლებელი იყო დაეკითხა ნაფიცი მსაჯულები აღნიშნული კომენტარების ჭეშმარიტი ბუნების და ზუსტი კონტექსტის თაობაზე, რა კონტექსტშიც აღნიშნული კომენტარები გაკეთდა. აქედან გამომდინარე, ვერ დადგინდა ის, რომ სასამართლომ განმცხადებლის საქმე განიხილა სუბიექტური თვალსაზრისით მიუკერძოებლობის არარსებობის პირობებში.
27. თუმცა, ეს არ არის სასამართლოს მიერ განმცხადებლის განაცხადის განხილვის დასასრული. განხილულ უნდა იქნეს იყო თუ არა სასამართლო მიუკერძოებელი ობიექტური თვალსაზრისით, ე.ი. აღნიშნულ ვითარებაში იყო თუ არა საკმარისი გარანტია, რომ გამორიცხულიყო ობიექტურად დასაბუთებული ან ლეგიტიმური ეჭვი სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულის მოსაზრება მნიშვნელოვანია ამასთან დაკავშირებით, იგი ვერ იქნება გადამწყვეტი.
28. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამგვარი გარანტიები არსებობდა. მათ მიუთითეს მოსამართლის მიერ ნაფიცი მსაჯულებისათვის მითითებებთან დაკავშირებით პრინციპზე და მიუკერძოებლობის ცალსახა დადებით გარანტიაზე, რომელსაც მოსამართლე მოელოდა და მიიღო კიდეც ნაფიცი მსაჯულებისაგან.
29. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, სასამართლომ გაიხსენა, დილა, როდესაც მას შემდეგ, რაც რასისტული ხუმრობების შესახებ ბარათი გადაეცა, ყველა ნაფიცმა მსაჯულმა მოაწერა ხელი წერილს, რომ აღნიშნული ბრალდებები უსაფუძვლო იყო. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული წერილი თავისთავად ვერ მოახდენდა ბრალდების დისკრედიტაციას, რომელიც თავდაპირველ ბარათში იყო, შემდეგი მიზეზების გამო:
პირველი, ერთ-ერთმა ნაფიცმა მსაჯულმა დაწერა ცალკე წერილი, სადაც ირიბად აღიარებდა, რომ რასისტულ ხუმრობებს ამბობდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს ის საკითხია, რომელსაც მარტივად ვერ მივუდგებით, რადგან ამგვარი ტიპის ხუმრობები ნაფიცი მსაჯულების მხრიდან სასამართლო განხილვის კონტექსტში სხვანაირ ელფერს და სხვანაირ მნიშვნელობას იძენს იმ ხუმრობისგან განსხვავებით, რომელსაც ყვებიან უფრო ინტიმურ და არაოფიციალურ გარემოში.
მეორე, ჯგუფურ წერილს ხელს აწერდა ის ნაფიცი მსაჯულიც, რომელმაც წარადგინა პირველი ბარათი. სასამართლოს აზრით, აღნიშნული თავისთავად იწვევს ეჭვს წერილის სანდოობასთან დაკავშირებით. ბარათი, რომელიც ნამდვილი, სპონტანური რეაქციის შედეგი იყო, რომლის სისწორეც ეჭვს არ იწვევდა, გამოხატავდა ღელვას, რომ ბრალდებულისთვის შეიძლებოდა მსჯავრი დაედოთ იმის გამო, რომ აზიური წარმომავლობის იყო. წერილი, რომელიც ასახავდა რამდენიმე პირის საერთო პოზიციას, რომელთაც შესაძლოა სხვადასხვა ინტერესები ჰქონდათ, უარყოფდა რაიმე რასისტულ ტენდენციურობას. ეს ორი ერთმანეთთან თანხმობაში ვერ მოდის და სასამართლო ბარათს უფრო სანდოდ მიიჩნევს. ამასთან ერთად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბარათის წარმდგენ ნაფიც მსაჯულს ისე ექცეოდნენ, რომ სხვა ნაფიცმა მსაჯულებმა უდავოდ იცოდნენ, თუ ვინ იყო აღნიშნული ბრალდებების ინიციატორი. ცხადია, ამან მისი პოზიციის დათმობა გამოიწვია თავის კოლეგა ნაფიც მსაჯულებთან მიმართებაში.
მესამე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯგუფური წერილი არ ახდენს იმ ბრალდებების დისკრედიტაციას, რომელსაც შეიცავს პირველი ბარათი, რადგან ღიად აღიარებული რასიზმი არის ის, რასაც ჩვეულებრივი ადამიანი უნდა გაურბოდეს. მითუმეტეს, რასიზმის ღიად აღიარება არ შეიძლება იოლად მოსალოდნელი იყოს ნაფიცი მსაჯულისგან, რომელიც, როგორც წესი, მნიშვნელოვან სამოქალაქო მოვალეობად ითვლება.
ყველა ზემოთქმულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდების ჯგუფური უარყოფა, რომელიც ბარათში იყო მოცემული, თავისთავად ვერ უზრუნველყოფს პრობლემის დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტას.
30. მიმდინარე საქმეში სასამართლო მზად არ არის დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს მოსამართლის მიერ გაკეთებულ მითითებებს ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის მისამართით. სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში, ზოგადად საყვედური ან მითითება მოსამართლის მიერ თუმცა კი მკაფიო, დეტალური და დამაჯერებელი, ერთ ღამეში რასისტულ შეხედულებას ვერ შეცვლის. მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე საქმეში ვერ ვივარაუდებთ ამგვარი შეხედულებები ერთ ნაფიც მსაჯულს ჰქონდა თუ მეტს, დადგინდა, რომ სულ მცირე ერთმა ნაფიცმა მსაჯულმა მაინც გააკეთა რასისტული კომენტარი. ასეთ ვითარებაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსამართლის მიერ მიცემული მითითება ნაფიცი მსაჯულებისათვის ვერ გაფანტავდა გონივრულ შთაბეჭდილებას და შიშს მიუკერძოებლობის არარსებობის შესახებ, რომელიც ეფუძნებოდა თავდაპირველ ბარათს.
31. სასამართლო მზად არ არის დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს ფაქტს, რომ მოსამართლეს პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდა ნაფიც მსაჯულებთან. სასამართლომ უკვე აღნიშნა, რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, მოსამართლე ვერ დაკითხავდა ნაფიც მსაჯულებს იმ ბრალდებებთან მიმართებაში, რომელსაც ბარათი შეიცავდა. გ.ს-ს გამამართლებელ ვერდიქტსაც არ ექნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგანაც ამ ორ საქმეს ერთმანეთთან საერთო არაფერი ჰქონდათ და მათი შედარება უადგილოა. ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლომ მომჩივანის სააპელაციო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა, იმ პრინციპების გამოყენებით, რომელიც შეესაბამება კონვენციის პრეცედენტულ სამართალს, სასამართლოს მხოლოდ შეზღუდული დახმარება შეიძლება გაუწიოს წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით.
32. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებებს, რომელსაც ბარათი შეიცავდა, შეეძლოთ გამოეწვიათ განმცხადებლის და სხვა ნებისმიერი დამკვირვებლის თვალში ლეგიტიმური ეჭვი სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლემ ვერც ჯგუფური წერილის საფუძველზე და ვერც ნაფიც მსაჯულთათვის მითითების მიცემის საფუძველზე ვერ გაფანტა.
33. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის საქმის გარემოებები შეიძლება განვასხვაოთ გრეგორის საქმისგან, რომელიც ზემოთაა მოყვანილი, და რომელშიც სასამართლომ არ დაადგინა კონვენციის დარღვევა. ამ უკანასკნელ საქმეში ნაფიც მსაჯულთაგან არ იყო აღიარება, რომ რასობრივი კომენტარები გააკეთეს ხუმრობის ფორმით, ან სხვაგვარად; არ იყო მითითებული, თუ ვინ განაცხადა აღნიშნულის შესახებ და პრეტენზია იყო ბუნდოვანი და არაზუსტი. გარდა ამისა, გრეგორის საქმის საპირისპიროდ, წინამდებარე საქმეში განმცხადებლის ადვოკატი მთელი პროცესის განმავლობაში დაჟინებით აღნიშნავდა, რომ ნაფიც მსაჯულთა დათხოვნა ერთადერთი შესაძლო ქმედება იქნებოდა.
34. სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნაფიც მსაჯულთა დათხოვნა ყოველთვის არ არის სამართლიანი სასამართლო განხილვის უზრუნველყოფის საშუალება, არსებობს გარკვეული გარემოებები, როდესაც ამას მოითხოვს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი. წინამდებარე საქმეში მოსამართლე სერიოზული ბრალდებების პირისპირ აღმოჩნდა, რადგან არსებობდა საფრთხე იმისა, რომ განმცხადებლისთვის შეიძლებოდა სასჯელი დაეკისრებინათ მისი ეთნიკური წარმომავლობის გამო. გარდა ამისა, ერთ-ერთმა ნაფიცმა მსაჯულმა ირიბად აღიარა რასისტული კომენტარების გაკეთება. რადგანაც ყველა ხელშემკვრელი სახელმწიფო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რასიზმთან ბრძოლას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსამართლეს უფრო გადამწყვეტი რეაგირება უნდა მოეხდინა, ვიდრე უბრალოდ ეძებნა ბუნდოვანი დარწმუნება იმის შესახებ, რომ ნაფიც მსაჯულებს შეეძლოთ გვერძე გადაედოთ თავისი მოსაზრებები და განეხილათ საქმე მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. აღნიშნულის შეუსრულებლობის გამო, მოსამართლემ ვერ უზრუნველყო საკმარისი გარანტია, რათა გამოერიცხა ნებისმიერი ობიექტურად დასაბუთებული ან ლეგიტიმური ეჭვი სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, სასამართლო, რომელმაც სასჯელი დააკისრა განმცხადებელს, არ იყო მიუკერძოებელი ობიექტური თვალსაზრისით.
35. აქედან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას.
Full & Egal Universal Law Academy