დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 133
2010 წლის აგვისტო-სექტემბერი
სანომა უიტგევერს ბ.ვ. ნიდერლანდების წინააღმდეგ [დიდი პალატა] (Sanoma Uitgevers B.V. v. the Netherlands) [GC] -38224/03
გადაწყვეტილება, 14 სექტემბერი, 2010 [დიდი პალატა]
მე-10 მუხლი
მე-10 მუხლის 1-ლი ნაწილი
ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება
ინფორმაციის მიღების თავისუფლება
პოლიციის მიერ მასალების ჩხრეკა, რასაც შესაძლოა გამოეწვია ჟურნალისტის წყაროს იდენტიფიცირება: დარღვევა დადგინდა
ფაქტები – მომჩივნის კომპანიამ, რომელიც საავტომობილო ჟურნალს ფლობდა, გადაწყვიტა, გამოექვეყნებინა სტატია უკანონო საგზაო რბოლების შესახებ. ჟურნალისტებმა მოიპოვეს ნებართვა ერთ-ერთი მსგავსი ღონისძიების ორგანიზატორებისგან ჟურნალისტებმა სურათების გადაღების ნებართვა მოიპოვეს იმ პირობით, რომ ისინი არ გაამჟღავნებდნენ მონაწილეთა ვინაობას. ორიგინალი ფოტოები შენახული იყო CD-ROM-ზე იმ მიზნით, რომ გამოქვეყნებულ ვერსიაში სურათები დამონტაჟებულიყო იმგვარად, რომ წაშლილიყო მანქანებისა და მონაწილეების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. თუმცა, სტატიის დაბეჭდვამდე, ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა მთავარი პროკურორისგან უწყება მიიღო. მას თხოვდნენ ფოტოების გადაცემას იმ საფუძვლით, რომ ისინი საჭირო იყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისათვის, რომელიც „სიკვდილ-სიცოცხლის საქმეს“ ეხებოდა. როდესაც რედაქტორმა უარი განაცხადა, მას სისხლისსამართლებრივი დევნითა და დაკავებით დაემუქრნენ და უთხრეს, რომ კომპანიის შენობას გაჩხრიკავდნენ, ხოლო კომპიუტერებს ამოიღებდნენ. შენობის დროებით დახურვას შესაძლოა, კომპანიისათვის მნიშნელოვანი ფინანსური დანაკარგები გამოეწვია. მოგვიანებით მთავარი რედაქტორი დააკავეს კომპანიის შენობაში ოთხი საათით. CD-ROM, რომელიც შეიცავდა ფოტოებს, საბოლოოდ ჩამორთმეულ იქნა მას შემდეგ, რაც მორიგე გამომძიებელმა მოსამართლემ, რომელიც პროცესში კომპანიის მოთხოვნითა და პროკურორებთან შეთანხმებით ჩაერთო, გამოთქვა აზრი, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების საჭიროებებმა გადაწონა ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალურობის დაცვის პრივილეგია. პრივილეგია. ჩხრეკა კანონიერად იქნა მიჩნეული მას შემდეგ რაც რაიონულმა სასამართლომ მოისმინა პროკურორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ ფოტოები საჭირო იყო იმ მანქანის საიდენტიფიკაციოდ, რომელიც გამოყენებულ იქნა ძარცვის დროს და, შესაბამისად, გამოძიება არ ეხებოდა საგზაო რბოლას. გადაწყვეტილება გასაჩივრების შემდეგ ძალაში დარჩა.
სამართალი – მე-10 მუხლი: ხელისუფლების ორგანოებმა ცალსახად განაცხადეს, რომ თუ არ გადაეცემოდათ ფოტოები, მომჩივანი კომპანიის შენობის გაჩხრეკდნენ. ამას შესაძლოა გამოეწვია ოფისების დროებითი დახურვა და ახალი ამბების გამოქვეყნების შეფერხება, რომელთა დაგვიანებული დაბეჭდვა აზრსმოკლებული იქნებოდა. ჟურნალის ერთ–ერთი ჟურნალისტი ასევე დააკავეს მოკლე პერიოდით. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ჩხრეკასა და ამოღებას ადგილი არ ჰქონია, საქმე ეხებოდა იძულებით გადაცემას იმ ჟურნალისტური მასალებისა, რომელიც იმგვარ ინფორმაციას შეიცავდა, რომელსაც შეეძლო ჟურნალისტის წყაროს იდენტიფიცირება. ეს ბრძანება, თავისთავად, წარმოადგენდა ჩარევას მომჩივანი კომპანიის უფლებაში, მიეღო და გაევრცელებინა ინფორმაცია.
რაც შეეხება საკითხს, იყო თუ არა ეს ჩარევა „გათვალისწინებული კანონით“, ჩარევას ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის მე-3 ნაწილი. თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიმეორა, რომ, სამართლის მოთხოვნების „ხარისხის“ დასაკმაყოფილებლად, ჟურნალისტის წყაროს დაცვის უფლებაში ნებისმიერ ჩარევას, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს მათ იდენტიფიცირებამდე, თან უნდა სდევდეს სამართლებრივი პროცედურული გარანტიები, რომლებიც სადავო პრინციპის მნიშვნელობის პროპორციულია. პროპორციულია. უპირველესი ასეთი გარანტიაა საქმის განხილვა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლებამოსილება დაადგინოს, არსებობდა თუ არა საზოგადოებრივი ინტერესის მოთხოვნა, რომელიც გადაწონიდა ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპს, ნებისმიერი რელევანტური მასალის გადაცემამდე. მსგავსი განხილვა პრევენციული ხასიათისაა; განმხილველ ორგანოს წყაროს ვინაობის გამღჟავნებამდე უნდა შეეძლოს პოტენციური რისკებისა და შესაბამისი ინტერესების შეფასება. განხილვის ex post facto ჩატარება დააკნინდებდა კონფიდენციალურობის უფლების ძირითად არსს.
წინამდებარე საქმეზე აღნიშნული პრინციპების გამოყენებისას, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ ბრძანების გაცემის უფლებამოსილება ჰქონდა არა დამოუკიდებელ მოსამართლეს, არამედ პროკურორს. მიუხედავად იმისა, რომ პროკურორი შებოჭილი იყო პატიოსნების მოთხოვნით, პროცედურული თვალსაზრისით პროკურორი ,,მხარე’’ იყო, რომელიც იცავდა ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალურობის დაცვასთან შეუთავსებელ ინტერესებს და რთული იყო მისი აღქმა მიუკერძობელ და ობიექტურ მსაჯულად. მიუხედავად იმისა, რომ დაკმაყოფილდა მომჩივანი კომპანიის მოთხოვნა გამომძიებელი მოსამართლის ჩართვის თაობაზე, მის მონაწილეობას არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი და მას მხოლოდ მრჩევლის როლი ეკისრებოდა. მსგავსი მდგომარეობა ძნელად თუ შეესაბამებოდა კანონის უზენაესობას. ეს ხარვეზები არ გამოსწორებულა რაიონული სასამართლოს მიერ ex post facto განხილვის შედეგად.
დასკვნის სახით, განსახილველ შემთხვევაში კანონის ხარისხი იყო არასაკმარისი იმ პროცედურის არარსებობის პირობებში, რომელსაც თან მოსდევდა ადეკვატური სამართლებრივი გარანტიები, რომელიც შესაძლებელს გახდიდა იმის დამოუკიდებელ შეფასებას, სისხლის სამართლის გამოძიების ინტერესმა გადაწონა თუ არა ჟურნალისტის წყაროს დაცვა. ამგვარად, ჩარევა არ იყო „კანონით გათვალისწინებული“ და დაირღვა კონვენციის მე-10 მუხლი.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მხარეს მოთხოვნა არ წარმოუდგენია.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy