© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის ხელშეწყობით (/humanrightstrustfund). სასამართლოსათვის იგი სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საავტორო უფლებების სრული მიმოხილვა მოცემული დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour Européenne des Droits de l’Homme, 2015. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დიდი პალატა
საქმეს.ა.ს. საფრანგეთის წინააღმდეგ
(საჩივარიNo.43835/11)
გადაწყვეტილება
(ამონარიდები)
სტრასბურგი
1 ივლისი 2014
მოცემული გადაწყვეტილება საბოლოოა,
თუმცა იგი შესაძლოა დაექვემდებაროს რედაქტირებას.
წინამდებარე საქმეში ს.ა.ს. საფრანგეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპილმანი პრეზიდენტი,
ჯოზეფ კასადევალი,
გიდო რაიმონდი,
ინეტა ზიმელე,
მარკ ვილიგერი,
ბოშტიან მ. ცუპანჩიჩი,
ელიზაბეტ შტეინერი,
ხალნარ ჰაჯიევი,
მირიანა ლაზაროვა ტრაიკოვსკა,
ლედი ბიანკუ,
განა იუდკივსკა,
ანჟელიკა ბურბერგერი,
ერიკ მოსე,
ანდრე პოტოკი,
პოლ ლემენსი,
ელენა იადერბლომი,
ალეშ პეჩალი, მოსამართლეები,
და ერიკ ფრიბერგი,სასამართლოს გამწესრიგებელი
ითათბირა რა დახურულ კარს მიღმა 2013 წლის 27 ნოემბერსა და 2014 წლის 5 ივნისს,
მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება ზემორე მითითებულ დღეს:
პროცედურა
1. საქმეს საფუძვლად დაედო 2011 წლის 11 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქის („მომჩივანი“) მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის ("კონვენცია") 34-ე მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი საჩივარი (N. 43835/11). მეხუთე სექციის პრეზიდენტმა, და შემდგომ დიდი პალატის პრეზიდენტმა დააკმაყოფილეს მომჩივნის მოთხოვნა არ გამჟღავნებულიყო მისი სახელი (სასამართლოს რეგლამენტი, მუხლი 47.3).
2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივანი წარმოდგენილი გახლდათ ბირმინჰემში მოღვაწე ადვოკატების ბ-ნების სანჯიივ შარმას, რამბი დე მელოსა და ტონი მამანის, ასევე ლონდონში მოქმედი იურისტის ბ-ნი სატვინსერ სინგ იუსის მიერ.
3. საფრანგეთის მთავრობას („მთავრობა“) წარმოდგენდა მათი აგენტი, თავდაპირველად ქ-ნი ედვიგ ბელიარდი, საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარე, შემდეგ კი ბ-ნი ფრანსუა ალაბრუნი, 2014 წლის მაისიდან.
4. მომჩივანი აცხადებდა, რომ 2010 წლის 11 ოქტომბერს მიღებული კანონი N. 2010-1192, რომელიც კრძალავდა საჯარო ადგილებში სხეულის სრულიად დამფარავი ტანისამოსის ჩაცმას, ართმევდა მას საშუალებას საჯაროდ ეტარებინა სახის სრულიად დამფარავი ჩადრი. იგი აცხადებდა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების დარღვევას ცალკე და კონვენციის მე-14 მუხლთან ერთობლიობაში.
5. საჩივარი დაეწერა სასამართლოს მეხუთე სექციას (რეგლამენტის მუხლი 52.1). 2912 წლის 1 თებერვალს საჩივრის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა მთავრობას.
6. 2013 წლის 28 მაისს მეხუთე სექციის პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მარკ ვილიგერი, პრეზიდენტი, ანჟელიკა ბურბერგერი, ბოშტიან მ. ცუპანჩიჩი, განა იუდკივსკა, ანდრე პოტოკი, პოლ ლემენს და ალეშ პეჩალ, მოსამართლეები, ასევე კლაუდია ვესტერდიკ, სექციის გამწესრიგებელი, იურისდიქცია დათმეს დიდი პალატის სასარგებლოდ, რაც არც-ერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია (კონვენციის მუხლი 30 და რეგლამენტის მუხლი 72).
7. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 27 §§ 2 და 3 მუხლისა და რეგლამენტის 24-ე მუხლის შესაბამისად.
8. მომჩივანმა, ისევე როგორც მთავრობამ, წარმოადგინეს მოსაზრებანი საქმის დასაშვებობასა და არსებით მხარეზე.
9. არასამთავრობო ორგანიზაციებს Amnesty International, Liberty, Open Society Justice Initiative და ARTICLE 19, გენტის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ცენტრსა და ბელგიის მთავრობას, მიეცათ საშუალება წარმოედგინათ წერილობითი კომენტარები (კონვენციის მუხლი 36.2 და რეგლამენტის მუხლი 44.3). ბელგიის მთავრობას ასევე მიეცა უფლება მონაწილეობა მიეღო მოსმენაში.
10. მოსმენა შედგა ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2013 წლის 27 ნოემბერს (რეგლამენტის მუხლი 59.3).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(ა) მოპასუხე მთავრობის სახელით
ქ-ნი ედვიჯ ბელიარდი, საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი წარმომადგენელი
ქ-ნი ნატალი ანსელი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა განყოფილების უფროსი, თანა-აგენტი,
ბ-ნი სილვიან ფურნელი, საგარეო საქმეთა სამინსიტროს ადამიანის უფლებათა განყოფილების დრაფთინგ ოფიცერი,
ბ-ნი როდოლფ ფერალი, საგარეო საქმეთა სამინსიტროს ადამიანის უფლებათა განყოფილების დრაფთინგ ოფიცერი,
ქ-ნი პატრისია რუოლ-შარლიე, იუსტიციის სამინისტროს ზოგადი სამართლისა და სამართალწარმოების სამსახურის უფროსი,
ბ-ნი ერიკ დუმანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროპული, საერთაშორისო, ინსტიტუციური სამართლისა და სამართალწარმოების დეპარტამენტის უფროსი
მრჩევლები;
(ბ) მომჩივნის სახელით
ბ-ნი რამბი დე მელო,
ბ-ნი ტონი მამანი,
ბ-ნი სატვინდერ სინგ იუსი,იურისტი,
ბ-ნი ეირიკ ბიორგი,
ქ-ნი ანასტასია ვაკულენკო,
ქ-ნი სტეფანი ბერიმრჩევლები;
(გ) ბელგიის მთავრობის სახელით
ქ-ნი ი. ნიედლისპახერი,თანა-აგენტი.
სასამართლომ მოისმინა ქ-ნი ბელიარდის, ბ-ნი დე მელოსა და ბ-მი მამანის, ისევე როგორც ბ-ნი დიედლისპახერის გამოსვლები და ქ-ნ ბელიარდისა და ბ-ნი დე მელოს პასუხები მოსამართლეთა შეკითხვებზე.
ფაქტები საქმის გარემოებანი
11. მომჩივანი გახლავთ საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც დაიბადა 1990 წელს და ცხოვრობს საფრანგეთში.
12. მომჩივნის მიხედვით, იგი გახლავთ ზედმიწევნითი მუსლიმი და აცვია ბურქა და ნიქაბი რელიგიური მრწამსის, კულტურისა და პირადი რწმენის შესაბამისად. მისი განმარტების მიხედვით, ბურქა სრულად ფარავს მის სხეულს, მათ შორის ბადე სახეზე, ხოლო ნიქაბი კი გახლავთ სახის სრულიად დამფარავი ვუალი, რომელიც მხოლოდ თვალების ადგილას არის ღია. მომჩივანმა ხაზი გაუსვა, რომ არც მისი ქმარი და არც ოჯახის რომელიმე სხვა წევრი არ ახდენდა მასზე ზეწოლას ეტარებინა მსგავსი ტანისამოსი.
13. მომჩივანმა დასძინა, რომ იგი საჯაროდ, ისევე როგორც შინ, ატარებდა ნიქაბს, თუმცა ამას სისტემატიური ხასიათი არ ქონია. მაგალითად, შესაძლოა ექიმთან ვიზიტისას ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე მეგობრების სანახავად ან სოციალიზაციის მიზნით ხალხში მას არ ეტარებინა აღნიშნული სამოსი. იგი თანახმა იყო არ ეტარებინა ნიქაბი საზოგადოებრივ ადგილებში ყოველთვის, მაგრამ სურდა ჰქონოდა არჩევანის უფლება, საკუთარი სულიერი მდგომარეობის მიხედვით, თავად განესაზღვრა როდის ჩაეცვა იგი. უდავოდ არსებობდა მომენტები (მგალითად ისეთი რელიგიური დღესასწაულების დროს, როგორიცაა რამადანი), როდესაც მას სჯეროდა, რომ ვალდებული იყო საჯაროდ ეტარებინა ნიქაბი, რათა გამოეხატა მისი რელიგიურობა, პირადი და კულტურული მრწამსი. მომჩივნის მიზანი არ იყო სხვათა გაღიზიანება, არამედ საკუთარი სულიერი სიმშვიდე.
14. მომჩივანი არ აცხადებდა, რომ მას უნდა ეცვას ნიქაბი უშიშროების შემოწმებისას, ბანკსა თუ აეროპორტში, და თანახმა იყო ეჩვენებინა სახე აუცილებელი პირადი შემოწმების დროს.
15. 2010 წლის 11 ოქტომბერს მიღებული N. 2010-1192 კანონის საფრანგეთში 2011 წლის 1 აპრილს ძალაში შესვლის შემდეგ აიკრძალა სახის დაფარვა საზოგადოებრივ ადგილებში.
...
სამართალი
...
IV.კონვენციის მე-8, მე-9 და მე-10 მუხლების სავარაუდო დარღვევა ცალკე და მე-14 მუხლთან ერთობლიობაში
74. მომჩივანი აცხადებდა, რომ იმავე მიზეზებით, რის გამოც ირღვეოდა მისი პირადი ცხოვრების უფლება, ასევე ირღვეოდა მისი რელიგიისა თუ მრწამსის გაცხადების უფლება და გამოხატვის თავისუფლება მოცემული უფლებებზე დისკრიმინაციის განხორციელების გზით. იგი დაეფუძნა კონვენციის მე-8, მე-9 და მე-10 მუხლებს დამოუკიდებლად და ზემორეციტირებულ მე-14 მუხლთან ერთობლიობაში. პირველი სამი მუხლი ადგენს შემდეგს:
მუხლი 8
პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება
1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.
მუხლი 9
აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება
1. ყველას აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა;
ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას და აგრეთვე, თავისუფლებას, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად, საქვეყნოდ ან განკერძოებით, გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, წესების დაცვითა და რიტუალების აღსრულებით.
2. რელიგიის ან რწმერის გაცხადების თავისუფლება ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც განსაზღვრულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის თუ მორალის, ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.
მუხლი 10
გამოხატვის თავისუფლება
1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.“
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამრთლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
...
ბ. არსებითი მხარე მხარეთა არგუმენტები
(ა) მომჩივანი
76. მომჩივანმა აღნიშნა, რომ იგი დაიბადა პაკისტანში და რომ მისი ოჯახი არის სუნიტური კულტურის ტრადიციების მიმდევარი, სადაც ქალების მიერ საჯაროდ სახის სრული დაფარვა ტრადიციაა და რელიგიის პატივისცემას აღნიშნავს. მან განაცადა, რომ განიცადა სერიოზული ჩარევა მე-9 მუხლით დაცულ უფლებებში, რადგან 2010 წლის 11 ოქტომბრის კანონი, რომელიც მიზნად ისახავს მუსლიმი ქალებისათვის საჯარო ადგილებში სახის სრული დაფარვის აკრძალვას, მას არ აძლევს საშუალებას განაცხადოს საკუთარი მრწამსი, იცხოვროს მის მიხედვით და საჯაროდ დაცვით. მან დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩარევა იყო „კანონით განსაზღვრული“, მას არ ჰქონდა ამავე დებულების მეორე პარაგრაფში ჩამოთვლილთაგან არცერთი ლეგიტიმური მიზანი და რომ არ იყო „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
77. მომჩივანმა პირველ რიგში აღნიშნა, რომ მოცემული ჩარევა ვერ იქონიებდა „საზოგადოებრივი უსაფრთხოების“ კანონიერ მიზანს, რადგან იგი არ იყო მიმართული მაღალი საფრთხის მომცველი ადგილების, მაგალითად აეროპორტების, კონკრეტული უსაფრთხოების დასაცავად, არამედ ერთიანი აკრძალვა ვრცელდებოდა თითქმის ყველა საჯარო ადგილზე. რაც შეეხება მთავრობის არგუმენტს მასზედ, რომ იგი მიზნად ისახავდა საზოგადოების ცხოვრების პატივისცემის მინიმალური მოთხოვნების დაცვას, იმის გამო, რომ ნაცვალგებით, ურთიერთისათვის სახის ჩვენება ფრანგულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობისა გახლდათ, მომჩივანმა აღნიშნა, რომ მოცემული მიდგომა არ იზიარებდა უმცირესობების კულტურულ ჩვეულებებს, რომლებიც არ იყო აუცილებელი იზიარებდნენ ამგვარ მიდგომას და რომ არსებობდა ვიზუალურის გარდა კომუნიკაციის სხვა ფორმებიც, და რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ამ შემთხვევას კავშირი არ ჰქონდა სისხლის სამართლის სანქციის დაკისრების იდეასთან აკრძალულიყო პირთათვის სახეების დაფარვა საჯაროდ. მომჩივანმა ამასთანავე მიუთითა, რომ მთავრობის მტკიცება, რომ ქალებისათვის სახის დაფარვა შეუსაბამო იყო გენდერულ თანასწორობასთან ძალიან გულუბრყვილო გახლდათ. მან აღნიშნა, რომ კარგად დამკვიდრებული ფემინისტური პოზიციის თანახმად, ვუალის ტარება ხშირად განეკუთვნება ქალთა ემანსიპაციას, თვით დამკვიდრებასა და საზოგადოებაში მონაწილეობას, და იმდენად რამდენადაც ეს მას ეხებოდა, მოცემულ მიდგომას არ ჰქონდა კავშირი კაცების გულის მოგებასთან, არამედ მისი სინდისისა და მრწამისის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ამასთანავე, რთულია გავიზიაროთ პოზიცია, რომლის მიხედვითაც, ქალებს, რომლებიც ატარებენ ვუალს საზოგადოებაში ეზღუდებათ ინდივიდუალური აღქმა, რადგან უმეტეს შემთხვევაში ამგვარი ჩაცმულობა ნებაყოფლობითია და არ მოიცავს პროზელიტურ მოტივს. მან დასძინა, რომ სხვა წევრ სახელმწიფოებს, რომლებსაც ასევე მრავლად ყავთ მუსლიმი მოსახლეობა, არ აუკრძალავთ საჯარო ადგილებში სახის სრულიად დაფარვა. მან ასევე ირონიულად მიიჩნია, რომ გენდერული თანასწორობის აბსტრაქტული იდეა შესაძლოა წინააღმდეგობაში მოდიოდეს ქალთა პირად არჩევანთან ატარონ ვუალი და აღნიშნა, რომ სამართლებრივი სანქციები აუარესებდნენ იმ უთანასწორობას, რომელსაც წესით ისინი თავად უნდა ებრძოდნენ. დაბოლოს, მომჩივანმა აღნიშნა, რომ „ადამიანის ღირსების პატივისცემის“ კანონიერი მიზნის დაცვით მთავრობა გამოყენებულ ზომას ამართლებდა აბსტრაქტული დაშვებით, რომელიც ეფუძნებოდა სტერეოტიპებსა და შოვინისტურ ლოგიკას, რომლის მიხედვითაც ქალები, რომლებიც ატარებენ ვუალს არიან „ წაშლილები“.
78. “აუცილებლობაზე“ საუბრისას, მომჩივანი აცხადებდა, რომ მხოლოდ ნამდვილად თავისუფალ საზოგადოებას შეეძლო რწმენათა, გემოვნებათა, მიმდინარეობათა, ჩვეულებათა და ქცევის წესთა ფართო სპექტრის მოცვა. მისი აზრით, სახის სრულიად დამფარავი ვუალის ტარება და სისხლის სამართლებრივი სანქციების საფრთხე სექტანტური გზავნილის მატარებელი გახლდათ და ქალებს უზღუდავდა სოციალიზაციის საშუალებას. მან ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა კომიტეტის 28-ე ზოგად კომენტარს, რომელმაც დაადგინა, რომ ქალთა მიერ საჯაროდ ჩაცმის ნებისმიერი რეგულირება შესაძლოა არღვევდეს ქალთა და კაცთა შორის თანასწორობის პრინციპს და უზბეკეთის წინააღმდეგ საქმეზე გადაწყვეტილებაში Raihon Hudoyberganova v. Uzbekistan(ციტირებული ზემოთ) აღინიშნა, რომ რელიგიის გაცხადების თავისუფლება მოიცავს პირის რწმენისა თუ რელიგიის შესაბამისი ტანსაცმლისა თუ მოკაზმულობის საჯაროდ ტარების უფლებას. მომჩივანმა ასევე მიუთითა, რომ მაშინ, როდესაც 2010 წლის 11 ოქტომბრის კანონი მიღებულ იქნა თითქმის ერთხმად, ზემორე ციტირებული საქმეები Dudgeon, NorrisდაModinos აჩვენებდნენ, რომ შესაძლებელია ესა თუ ის ზომა სარგებლობდეს ფართო პოლიტიკური მხარდაჭერით, მაგრამ მაინც არ იყოს „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
მეტიც, რომც დავუშვათ, რომ დასახული მიზანი კანონიერი გახლდათ, გასაჩივრებული აკრძალვა მაინც ვერ აკმაყოფილებს პირობას, რომლის მიხედვითაც გამოყენებულ უნდა იქნას ნაკლებად შემზღუდავი ზომა დასახული მიზნის მისაღწევად. შესაბამისად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნებისათვის საკმარისი იქნებოდა პირადობის შემოწმება მაღალი საფრთხის მომცველ ადგილებზე, სწორედ ისე, როგორც ეს მოხდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ შემდეგ საქმეებში Phull v. France ((dec.), no. 35753/03, ECHR 2005 I) დაEl Morsli v. France ((dec.), no. 15585/06, 4 მარტი 2008). რაც შეეხება ადამიანური ღირსების პატივისცემის უზრუნველყოფას, აუცილებელი გახლდათ სასწორის მეორე პინზე არსებული ინტერესების შეფასება, კერძოდ კი ვუალის ჩაცმის მოწინააღმდეგე საზოგადოების წევრებისა და იმ ქალების ინტერესები, რომლებსაც, მსგავსად მომჩივნისა, აიძულებენ გააკეთონ არჩევანი საკუთარი მრწამსის საწინააღმდეგოდ მოქმედებასა და შინ დარჩენას, ან კანონის დარღვევას შორის. ამ უკანასკნელთა უფლებები მრავალგზის უფრო მეტად იყო შეზღუდული ვიდრე მეორე ჯგუფისა. მომჩივნის აზრით, მთავრობა აცხადებდა რა, რომ აუცილებელი იყო არა მარტო ვუალის ტარების იძულების კრიმინალიზაცია, არამედ მისი ნებაყოფლობით ტარებაც, რადგან ქალებს შესაძლოა არ გაემჟღავნებინათ იმ პირთა ვინაობა, ვინც მათ აიძულებდა და ამიტომ შეზღუდვა გაფერმკრთალდებოდა - მოცემული მიდგომა გულისხმობდა იმ ქალების პოზიციისა თუ მოტივაციის უგულვებელყოფას, რომლებიც ირჩევდნენ სახის დაფარვას და, შესაბამსიად, გამორიცხავდნენ პროპორციულობის შეფასებას. ამგვარი მიდგომა არა მხოლოდ პატერნისტული გახლდათ, არამედ ამჟღავნებდა მიზანს დასჯილიყო ყველა ქალი, რომელიც თითქოსდა დაცული უნდა ყოფილიყო პატრიარქალური ზეწოლისაგან. დაბოლოს, მომჩივანმა არარელევანტურად მიიჩნია მთავრობის კომენტარი მასზედ, რომ საკუთარი სურვილის მიხედვით ჩაცმის თავისუფლება ძალიან ფართო გახლდათ საფრანგეთში და აკრძალვა არ ვრცელდებოდა რელიგიური მსახურების ადგილებზე, რომელიც ღია გახლდათ საზოგადოებისათვის, მიუთითებდა რა, რომ მისი რწმენა სწორედ რომ სახის დაფარვას ითხოვდა და რომ რელიგიის გაცხადება შესაძლებელი უნდა გახლდეთ არა მხოლოდ რელიგიური მსახურების ადგილებში, არამედ საჯაროდაც.
79. მომჩივნის არგუმენტების მიხედვით, ის ფაქტი, რომ 2010 წლის 11 ოქტომბრის კანონი მას უკრძალავდა სახის სრულ დამფარავი ვუალის ტარებას საჯაროდ ასევე იწვევდა მისი პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევას კონვენციის მე-8 მუხლის საწინააღმდეგოდ. მისი პირადი ცხოვრება სამი მიზეზის გამო ხვდებოდა ნეგატიური მოქმედების ქვეშ. პირველი, სახის სრულიად დამფარავი ვუალის ტარების საშუალება წარმოადგენდა მისი სოციალური და კულტურული იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს. მეორე, როგორც აღნიშნა კიდევაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Von Hannover v. Germany (no. 59320/00, §§ 50 და 69, ECHR 2004‑VI), პირთა მიერ სხვა პირებთან დამყარებული, მათ შორის საჯარო, ურთიერთობის გარკვეული ნაწილი შესაძლოა წარმოადგენდეს პირადი ცხოვრების ნაწილს და რომ მე-8 მუხლით განსაზღვრული პირადი ცხოვრების დაცვა სცდება პირად ოჯახურ წრეს და მოიცავს სოციალურ სპექტრსაც. და მესამე მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მომჩივნი შინიდან სახის სრულიად დამფარავი ვუალით რომ გავიდეს, სავარაუდოდ იგი გადააწყდება ნეგატიურ დამოკიდებულებას და შეიძლება დაექვემდებაროს სისხლისსამართლებრივ სანქციებს. შესაბამისად, იგი იძულებული გახლდათ მოეხსნა ვუალი და მისი გაკეთება მხოლოდ შინ შეეძლო ისე, „თითქოს პატიმარი გახლდათ“ ვალდებული იყო მიეღო „ჯეკილ და ჰაიდის ხასიათი“.
ამასთანავე, მოიხმობდა რა კონვენციის მე-9 მუხლზე გაკეთებულ მოსაზრებებს, მომჩივანი აცადებდა, რომ ჩარევას არ ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლში გაწერილი კანონიერი მიზანი. მან დასძინა, რომ რომც დავუშვათ, რომ მიზნები არსებობდა, გასაჩივრებული ჩარევა არ გახლდათ აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ მე-8 მუხლის მეორე პარაგრაფში გაწერილი მოთხოვნები, ამ მხრივ, უფრო მკაცრი იყო ვიდრე მე-9 მუხლის მეორე პარაგრაფში არსებული.
80. მომჩივანი შემდგომ აცხადებდა, რომ საზოგადოებაში სხეუის დამფარავი ტანისამოსის ჩაცმის აკრძალვა უდავოდ ბურქას ეხებოდა და ამიტომ იწვევდა სქესის, რელიგიისა და ეთნიკური წარმოშობის საფუძველზე დისკრიმინაციას, რადგან ზიანს აყენებდა მუსლიმ ქალებს, რომლებიც მის მსგავსად, ატარებდნენ სახის სრულიად დამფარავ ვუალს. მისი აზრით ადგილი ჰქონდა არაპირდაპირ დისკრიმინაციას მუსლიმი ქალების მიმართ, რომელთა რწმენაც მათგან ითხოვდა სახის სრულიად დამფარავი ვუალის ტარებას. კანონით დადგენილი გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც აკრძალვა არ ვრცელდებოდა „დღესასწაულებისა თუ ხელოვნებისა თუ ტრადიციული დღეების“ დროს ტანისამოსის ტარებაზე, მისი აზრით დისკრიმინაციული გახლდათ, უქმნიდა რა უპირატესობას ქრისტიანულ უმრავლესობას: იგი ქრისტიანებს აძლევდა უფლებას საჯაროდ ეტარებინათ ტანისამოსი, რომელიც მათ სახეს ფარავდა ქრისტიანული დღესასწაულებისა თუ ზეიმების დროს (კათოლიკური რელიგიური პროცესიები, კარნავალები თუ რიტუალები, მაგალითად, სანტა კლაუსის ფორმის ჩაცმა), მაშინ როდესაც მუსლიმ ქალებზე, რომელთაც სურდათ სახის სრულიად დამფარავი ვუალის ტარება საზოგადოებაში, უწესებდა აკრძალვას თვით რამადანის თვის დროსაც კი.
(ბ) მთავრობა
81. მთავრობამ აღიარა, რომ მართალია 2010 წლის 11 ოქტომბრის კანონის მიერ შემოღებული აკრძალვა ფორმულირებული გახლდათ ზოგადი ტერმინებით, იგი მაინც შესაძლოა განვიხილოთ პირის რელიგიისა თუ მრწამსის გაცხადებაზე „შეზღუდვად“ კონვენციის 9.2 მუხლის მნიშვნელობით. მათ ასევე განაცხადეს, რომ შეზღუდვა კანონიერ მიზანს ისახავდა და რომ აუცილებელი გახლდათ დემოკრატიულ საზოგადოებაში ხსენებული მიზნების მისაღწევად.
82. მთავრობის მიხედვით, პირველი მიზანი გახლდათ „საზოგადოებრივი უსაფრთხოების“ უზრუნველყოფა. აკრძალვა გამომდინარეობდა პირების იდენტიფიცირების საჭიროებიდან, რომელიც ემსახურებოდა პირთა და ქონების უსაფრთხოებისათვის საფრთხის მიყენების თავიდან აცილებას და პიროვნების გაყალბების პრობლემის მოგვარებას. მეორე, მოცემული მიზნები ემსახურებოდა „სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას“ უზრუნველყოფდა რა „ღია და დემოკრატიულ საზოგადოებაში ღირებულებების მინიმუმის პატივისცემას“. ამ მხრივ მთავრობამ სამი ღირებულება მოიხმო. პირველი, საზოგადოების ცხოვრების მინიმალური მოთხოვნების დაცვა. მთავრობის მიხედვით, სახე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანებს შორის ურთიერთობაში: უფრო დიდ როლს, ვიდრე სხეულის რომელიმე სხვა ნაწილი, სახე პირს ინდივიდუალურ მახასიათებლებს ანიჭებს და ასახავს მეორე მხარესთან საერთო, ისევე როგროც განსხავებულ ადამიანობას. საჯარო ადგილებში სახის დაფარვა არღვევს სოციალურ კავშირს და წარმოადგენს „ერთად ცხოვრების“ პრინციპისადმი აშკარა უარის გაცხადებას (le “vivre ensemble”). მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ აკრძალვა მიზნად ისახავდა ქალთა და მამკაცთა შორის თანასწორობის დაცვას, რადგან ქალებს, მხოლოდ იმის გამო, რომ ქალები იყვნენ, ევალდებოდათ სახის დაფარვა საჯარო ადგილებში, რაც უტოლდებოდა მათი, როგორც ინდივიდების, არსებობის უფლების უარყოფას და საკუთარი ინდივიდუალობის გამოხატვის დაშვებას მხოლოდ ოჯახში ან ქალთა შორის. დაბოლოს, ადგილი აქვს ადამიანური ღირსების პატივისცემას, რადგან ქალები, რომლებიც ატარებდნენ ამგვარ სამოსს „წაშლილები“ იყვნენ საჯარო სივრციდან. მთავრობის აზრით, მიუხედავად იმისა, ამგვარი „წაშლა“ იყო ნებაყოფლობითი თუ იძულებითი, იგი უდავოდ არაჰუმანისტური იყო და რთულად თუ შეესაბამებოდა ადამიანურ ღირსებას.
გენდერული თანასწორობის საკითხზე მთავრობამ გაიკვირვა მომჩივნის განცხადებანი იმ მხრივ, რომ სახის სრულიად დამფარავი ვუალის ტარება ქალთა ემანსიპაციას, თვით-გამოხატვასა და საზოგადოებაში მონაწილეობას ასახავდა; მთავრობა არ დაეთანხმა მომჩივნისა და ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხილული პრაქტიკის ერთობ დადებითად წარმოჩენას. მათ გაითვალისწინეს მესამე მხარედ ჩართული ორი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი კვლევის ანგარიშები, რომელთა მიხედვითაც ქალები, რომლებიც ატარებდნენ სახის სრულიად დამფარავ ვუალს ასე ნებაყოფლობით იქცეოდნენ და რომ მათ ამგვარ პრაქტიკაზე უარი ძირითადად საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულების გამო თქვეს. მათ აღნიშნეს, რომ კვლევანი ეფუძნებოდა ქალთა მხოლოდ პატარა ჯგუფს (ერთ შემთხვევაში ოცდაშვიდი, მეორეში კი ოცდათორმეტი), რომელიც შერჩეული გახლდათ „თოვლის გუნდის“ მეთოდით. მოცემული მეთოდი არ გახლდათ სანდო, რადგანაც მოიცავდა სხვადასხვა ადამიანების შერჩევას, რომლებიც აკმაყოფილებდნენ სუბიექტის პროფილის მოთხოვნებს და შემდეგ, მათი დახმარებით, უფრო მეტ მსგავსი ხედვის მქონე ადამიანთან დაკავშირებას. მათ დაასკვნეს, რომ განხილული ანგარიშები ასახავდნენ რეალობის მხოლოდ ძალიან ვიწრო ნაწილს და რომ მათი მეცნიერული მნიშვნელობა სიფრთხილით უნდა შეფასებულიყო.
83. რაც შეეხება შეზღუდვის აუცილებლობასა და პროპორციულობას, მთავრობა აღნიშნავდა, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან ფართო დემოკრატიული კონსულტაციების შემდეგ, 2010 წლის 11 ოქტომბრის კანონი გავიდა როგორც ეროვნულ ასამბლეაზე, ისე სენატზე და მიიღო დამსწრეთაგან ხმების სრული ოდენობა (მინუს ერთი). მათ ხაზი გაუსვეს, რომ აკრძალვა უკიდურესად შეზღუდული გახლდათ საგანთან მიმართებაში, რადგან ეხებოდა მხოლოდ სახის დაფარვას, მიუხედავად მიზეზისა და რომ ყველა თავისუფალი იყო საჯაროდ ეტარებინა რელიგიური მრწამსის შესაბამისი ტანისამოსი, გარდა განხილული ერთი შეზღუდვისა.მათ დასძინეს, რომ კანონი აუცილებელი გახლდათ მისი ამოქმედების საფუძველში არსებული პრინციპების დასაცავად. მთავრობამ ამ მხრივ მიუთითა, რომ სანქციების მხოლოდ მათ მიმართ დაწესება, ვინც აიძულებდა სახის დაფარვის არ იქნებოდა საკმარისად ეფექტიანი, რადგან ქალებს შესაძლო იყო ეჭოჭმანათ იძულების გამჟღავნებაზე და შესაბამისად, იძულება ბუნდოვანი დარჩებოდა. მათ შემდგომ მიუთითეს, რომ სასამართლო სახელმწიფოებს ანიჭებდათ შეფასების ფართო ზღვარს, როდესაც საქმე ეხებოდა კერძო და საჯარო ინტერესების ბალანსს, ან როდესაც კერძო ინტერესი ეწინააღმდეგებოდა კონვენციით დაცულ სხვათა უფლებებს (აქ მოიხმეს საქმეEvans v. the United Kingdom [GC], no. 6339/05, § 77, ECHR 2007‑I). ამასთანავე, მთავრობამ აღნიშნა, რომ სანქცია მსუბუქი გახლდათ - მხოლოდ ჯარიმა 150 ევროს მოცულობით ან მოქალაქეობის კურსი. ამასთანავე, როგორც საკონსტიტუციო საბჭომ, ისე საკასაციო სასამართლომ აღიარეს კანონის „აუცილებლობა“.
84. რაც შეეება კონვენციის მე-8 მუხლს, მთავრობამ აღნიშნა, რომ ისინი არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ხსენებული დებულება გამოიყენებოდა რ ადგან სახის დამფარველი ტანისამოსის აკრძალვა ვრცელდებოდა მხოლოდ საჯარო ადგილებზე და რომ რთულია მივიჩნიოთ, რომ საქმე ეხებოდა პირის ფიზიკურ ხელშეუვალობასა თუ პირად ცხოვრებას. მთავრობამ აღნიშნა, რომ მომჩივნის არგუმენტები მეტადრე ეხებოდა მისი მრწამისისა თუ რელიგიის გამოხატვას და, შესაბამისად, ხვდებოდა მე-9 მუხლში და ამიტომ მოიხმეს ამ მხრივ ჩარევის გამამართლებელი და პროპოციულობის დამადასტურებლად გამოთქმული არგუმენტები.
85. დაბოლოს, მთავრობამ დაადგინა, რომ მომჩივანი „ განსაკუთრებით უადგილოდ მიიჩნევდა თავს სქესის საფუძველზე დისკრიმინაციის მსხვერპლად“, რადგან გასაჩივრებული კანონის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ რომ ამ ტიპის დისკრიმინაციის დამარცხება გახლდათ, რადგან იგი ებრძოდა სახის დამფარველი ვუალის ტარების შედეგად ქალთა საზოგადოებიდან ამოშლას. მათი აზრით, იმის მტკიცება, რომ კანონი ეფუძნება სტერეოტიპს, რომ მუსლიმი ქალები მორჩილები არიან, უსაფუძვლო და კარიკატურული გახლდათ:პირველი, იმის გამო, რომ კანონი არ იყო მუსლიმი ქალებისადმი მიამრთული; და მეორე, იმის გამო, რომ სოციალური წაშლა, გამოწვეული ბურქასა თუ ნიქაბის ტარებით „რთულად თუ შეესაბამებოდა სოციალური არსებობის დასტურს“. მათი აზრით, შეუძლებელი იყო კონვენციის მე-14 მუხლიდან გვევარაუდა პირის დისკრიმინაციულ პოზიციაში ჩაყენების უფლების არსებობა. რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ კანონის ერთ-ერთი შედეგი იქნებოდა ქალთა საზოგადოებრივ ადგილებში გასვლის ხელისშეშლა და მათი შინ გამოკეტვა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოცემული არგუმენტი სრულიად უადგილო გახლდათ,რადგან მოჩივანმა თავადვე განაცხადა, რომ ამგვარ ტანისამოსს იგი მხოლოდ ნებაყოფლობით და პერიოდულად ატარებდა.
მთავრობამ დასძინა, რომ კანონი არ ქმნიდა დისკრიმინაციას მუსლიმი ქალების მიამრთ. ამ მხრივ აღინიშნა, რომ სახის სრულიად დამფარავი ვუალის ტარება შედარებით ახალი მოვლენა გახლდათ, სრულიად არაგავრცელებული საფრანგეთში და რომ მისი კრიტიკა მრავალგზის ისმოდა ცნობილი მუსლიმების მხრიდანაც. აკრძალვა, პრინციში,ვრცელდებოდა ყველაზე, მიუხედავად პირის სქესისა და იმისა, სახის დაფარვა რელიგიური გახლდათ თუ არა. დაბოლოს, მათ აღნიშნეს, რომ ის ფაქტი, რომ პირებს, რომელთაც სურდათ მოქმედება საკუთარი მრწამსის შესაბამისად, იქნებოდა ეს რელიგიური მოქმედება თუ სხვა, და ხელი ეშლებოდათ მსგავს მოქმედებაში კანონისმიერი აკრძალვის გამო, ვერ მიიჩნევა დისკრიმინაციულად, მაშინ, როდესაც აკრძალვას აქვს გონივრული საფუძველი და არის დასახული მიზნის პროპორციული. ამ მხრივ, მთავრობამ მოიხმო ზემოთმოყვანილი არგუმენტები. მესამე მხარის არგუმენტები
(ა) ბელგიის მთავრობა
86. მესამე მხარედ ჩართულმა მთავრობამ აღნიშნა, რომ სახის სრულიად დამფარავი ვუალის ტარება არ გახლდათ ყურანის მოთხოვნა, არამედ წარმოადგენდა არაბეთის ნახევარკუნძულის უმცირესობის ჩვეულებას.
87. მათ ასევე მიუთითეს, რომ კანონი, რომელიც კრძალავს „სახის სრულად ან ნაწილობრივ დამფარავი სამოსის ტარებას“ მიღებულ იქნა ბელგიაში 2011 წლის 1 ივნისს და ძალაში შევიდა 2011 წლის 23 ივლისს. კანონის წინააღმდეგ ორი საკონსტიტუციო სარჩელი არ დაკმაყოფილდა ბელგიის საკონსტიტუციო სასამართოს მიერ 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით. მოცემულ გადაწყვეტილებებში, სასამართლომ მიიჩნია, რომ - გარდა რელიგიური რიტუალების განსახორციელებელი ადგილებისა - ამგვარი ტანისამოსის ტარება უსაფრთხოებისათვის საფრთხის მომცველი გახლდათ, წარმოადგენდა ქალთა თანასწორობისა და ღირსების შემზღუდავ ელემენტსა და, რაც მთავარია, თანაცხოვრების პრინციპის არსს აზიანებდა. მათ მიიჩნიეს, რომ არავის ჰქონდა უფლება მოეთხოვა, ინდივიდუალური თუ რელიგიური თავისუფლების ფარგლებში, უფლება გადაეწყვიტათ თუ როდის და რა ვითარებაში დათანხმდებოდნენ ისინი სახის გამოჩენას საჯარო ადგილებში. საზოგადოებრივი უსაფრთხოების შეფასება საჯარო ხელისუფლების გადასაწყვეტი გახლდათ. მათ ასევე მიუთითეს, რომ ქალთა თანასწორობისა და ღირსების უფლება ორივე მხარის მიერ გახლდათ მოხმობილი და მიიჩნეული, რომ სახის სრულიად დამფარავი ვუალის ტარება არ წარმოადგენდა კაცების მიმართ მორჩილების გამოხატვას. თუმცა, მათ მიიჩნიეს, რომ იზოლაციის უფლებასაც ჰქონდა საზღვარი, რომ ჩვენს საზოგადოებაში მიღებული ჩაცმის კოდექსი წარმოადგენდა საზოგადოებრივი კონსესუსის შედეგსა და ბალანსირებული კომპრომისის ნაყოფს ინდივიდუალურ თავისუფლებასა და საზოგადოებასთან ჩვენი ურთიერთობის წესებს შორის და რომ ის პირნი, რომლებიც ჩაცმულობით ფარავდნენ საკუთარ სახეებს, უმრავლესობას აგრძნობინებდნენ, რომ არ სურდათ საზოგადოებაში აქტიური მონაწილეობის მიღება და შესაბამისად, იყვნენ დეჰუმანიზებულნი. მათი აზრით, დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირების ერთ-ერთი ღირებულება გახლდათ ინდივიდის მიერ აქტიურ მიმოცვილთ ურთიერთობაში მონაწილეობა.
88. მესამე მხარედ ჩართულმა მთავრობამ აღნიშნა, რომ ბელგიის კანონმდებელი მიზნად ისახავდა იმგვარი საზოგადოების მოდელის დაცვას, რომელშიც ინდივიდი გადაწონიდა ნებისმიერ ფილოსოფიურ, კულტურულ თუ რელიგიურ ბმას რათა მომხდარიყო მისი სრული ინტეგრაცია და მიეცა მოქალაქეებისათვის საშუალება ურთიერთისათვის გაეზიარებინათ ისეთი ფუნდამენტური ღირებულებების საერთო მემკვიდრეობა, როგორიც გახლავთ დემოკრატია, გენდერული თანასწორობა და ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა. მათ მოიხმეს ბელგიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ როდესაც სახის სრულიად დაფარვის შედეგი გახლდათ პირის სახის ინდივიდუალიზაციის შეუძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ინდივიდუალიზაცია წარმოადგენდა კონკრეტულ პირთან ასოცირების ფუნდამენტურ პირობას, საზოგადოებრივ ადგილებში სახის დამფარავი ტანისამოსის ტარების აკრძალვა, მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენდა რელიგიური მრწამისის გამოხატულებას, წარმოადგენდა დემოკრატიულ საზოგადოებაში სოციალურ საჭიროებას. მათ დასძინეს, რომ ბელგიის კანონმდებლობა აწესებდა ყველაზე მსუბუქ სისხლისსამარმთლებრივ სანქციას (ჯარიმას) და მიუთითეს - ისევ, მოიხმეს რა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - რომ თუკი ქალთა გარკვეული წრე შინ დარჩებოდა, რათა სახე არ ეჩვენებინათ საზოგადოებისათვის, ეს მათი პირადი არჩევანი გახლდათ და არა კანონით დადგენილი არალეგიტიმური შეზღუდვა. დაბოლოს, ბელგიის მთავრობამ მიიჩნია, რომ ფრანგული და ბელგიური კანონები არ იყო დისკრიმინაციული, რადგან ისინი არ იყვნენ მხოლოდ სახის დამფარავი ვუალის საწინაღმდეგოდ მიმართული, არამედ ვრცელდებოდა საზოგადოებაში სახის დამფარავი ნებისმიერი ნივთის ტარებაზე, თანაბრად ეხებოდა როგორც კაცებს, ისე ქალებს და ვრცელდებოდა როგორც რელიგიურ, ისე სხვა მიზეზებით გამოწვეულ სახის დაფარვაზე.
(ბ) არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International
89. მესამე მხარედ ჩართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ რელიგიური კონოტაციის მქონე ტანისამოსის ტარების უფლება დაცული გახლდათ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით, მრწამსის, რწმენისა და რელიგიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების ფარგლებში. მან დასძინა, რომ პაქტი ადგენდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 და მე-10 მუხლის მსგავს შეზღუდვებს და მიუთითებდა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით ორივე ინსტრუმენტის დებულებების მსგავსად განმარტებას. შესაბამისად, მათ მოუწოდეს სასამართლოს გაეთვალისწინებინა ადამიანის უფლებათა კომიტეტის N.22, 27 და 34 ზოგადი კომენტარები შესაბამის იურისპრუდენციასთან ერთად...
90. მესამე მხარედ ჩართულმა დასძინა, რომ დისკრიმინაციისაგან თავისუფლების უფლება, დაცული ადამიანის უფლებათა ყველა საერთაშორისო და რეგიონალური ინსტრუმენტით, ასევე საჭიროებდა ჰომოგენურ განმარტებას და, რომ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებების საერთაშორისო პაქტისა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მიხედვით, სახელმწიფოებს ეკისრებოდათ ვალდებულება მიეღოთ ეფექტიანი ზომები დისკრიმინაციული პრაქტიკის დასასრულებლად. მათ ასევე მოიხმეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის N. 22 და 28 ზოგადი კომენტარები. ასევე, მითითეს ურთიერთმომცველი დისკრიმინაციის საფრთხის შესახებ: ქალები შესაძლოა დაექვემდებარონ დისკრიმინაციის განსხვავებულ ფორმას მათი სქესისა და რელიგიის დამოკიდებულების გამო და რომ ამგვარი დისკრიმინაცია, შესაძლოა, გამოისახოს ქალთა ქვეჯგუფების სტერეოტიპირების ფორმით. მათ ასევე მიუთითეს, რომ თავშალისა და ვუალის ტარებაზე შეზღუდვამ, შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს შრომის უფლებაზე, განათლებისა და კანონის წინაშე თანასწორობის უფლებაზე და ხელი შეუწყოს შევიწროებასა და ძალადობას.
91. მესამე მხარის არგუმენტების მიხედვით, სწორედ გენდერულ და რელიგიურ სტერეოტიპებს წარმოადგენს იმის დაშვება, რომ ქალები რომლებიც ატარებენ გარკვეული ფორმის სამოსს, ასე მხოლოდ იძულების გამო იქცევიან; დისკრიმინაციის შეწყვეტა ბევრად უფრო სათუთ მიდგომას საჭიროებს.
(გ) არასამთავრობო ორგანიზაცია ARTICLE 19
92. ამ მესამე მხარემ აღნიშნა, რომ რელიგიური სამოსისა თუ სიმბოლოების ტარება მოცული გახლდათ გამოხატვის თავისუფლებისა და რელიგიისა და მრწამსის თავისუფლების უფლებებში. მათ ასევე მოიხმეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის N. 28 ზოგადი კომენტარი. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციამ მოახდინა უზბეკეთის წინააღმდეგ საქმის ციტირება Hudoyberganova v. Uzbekistan(ციტირებული ზემოთ), სადაც დადგინდა, რომ რელიგიის გამოხატვის თავისუფლება მოიცავდა საჯაროდ იმ სამოსისა თუ ატრიბუტიკის ტარებას, რომელიც შეესაბამებოდა პირის მრწამსსა თუ რელიგიას და რომ პირისათვის რელიგიური სამოსის ჩაცმის აკრძალვა წარმოადგენდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლის დარღვევას. მათ ასევე მოიხმეს კომიტეტის N. 34 ზოგადი კომენტარი აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. მათ დასძინეს, რომ 2006 წლის ანგარიშში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა მომხსენებელმა რელიგიისა და მრწამსის თავისუფლების შესახებ წარმოადგინა სახელმძღვანელო პრინციპები, რომლითაც უნდა შეფასებულიყო რელიგიური სამოსისა თუ სიმბოლოების ტარებაზე შეზღუდვების აუცილებლობა და პროპორციულობა და რეკომენდირება გაუწია შემდგომი შეკითხვების პასუხის გაცემას ადმინისტრაციისა თუ სასამართლოს მიერ შეფასების დროს: არის თუ არა კონკრეტული შეზღუდვა დასაცავი ლეგიტიმური ინტერესის შესაბამისი, არის თუ არა ის ყველაზე ნაკლებად შემბოჭველი ხასიათის, მოიცავს თუ არა სასწორის ორივე პინზე არსებული ინტერების ბალანსს, ხომ არ შეუწყობს ხელს რელიგიურ შეუწყნარებლობას და იცილებს თუ არა თავიდან რომელიმე რელიგიური ჯგუფის სტიგმატიზებას?
93. მხარემ ასევე მიუთითა, როგორც აღინიშნა კიდევაც რელიგიისა და მრწამსის თავისუფლების სპეციალური მომხსენებლის მიერ შუალედურ 2011 წლის ანგარიშში, სქესობრივი დისკრიმინაციის აკრძალვა ხშირად იყო მოხმობილი სახის სრულად დამფარავი ვუალის სასარგებლოდ, მაშინ როდესაც ამგვარმა აკრძალვებმა შესაძლოა გამოიწვიოს მუსლიმი ქალების მიმართ ინტერსექტური დისკრიმინაცია. მომხსენებლის აზრით, ამგვარი მიდგომა შესაძლოა უკუშედეგის მომტანი ყოფილიყო და გამოეწვია ქალთა სახლში გამოკეტვა და მათი გარიყვა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან და მარგინალიზაცია, ამასთანავე, შესაძლებელი გახლდათ მუსლიმი ქალების ფიზიკურ ძალადობაზე დაქვემდებარება და მათი სიტყვიერი შეურაცხყოფა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ახლახანს მისცა წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაცია არ აერჩიათ სახის საჯაროდ სრულიად დაფარვის ზოგადი აკრძალვა.
94. მესამე მხარის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების, აზრისა და რელიგიის, თანასწორი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის საერთაშორისო სატანდარტები არ უჭერდნენ მხარს სახის საჯარო ადგილებში დაფარვის ზოგად აკრძალვას.
(დ) გენტის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ცენტრი
95. ცენტრმა ხაზი გაუსვა, რომ ფრანგული და ბელგიური კანონები, რომლებიც კრძალავდნენ სახის დაფარვას საჯაროდ მიღებულ იქნა იმის დაშვებით, რომ ქალები, რომლებიც ატარებენ სახის სრულიად დამფარავ ვუალს ასე იძულების გამო იქცევიან, ამით ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ არ სურთ საზოგადოებასთან ურთიერთობა და წარმოადგენენ საზოგადოებრივი უშიშროებისათვის საფრთხეს. მათ მოიხმეს ემპირიული კვლევა, რომელიც ჩატარდა ბელგიაში ოცდაშვიდ ქალს შორის, რომელიც ამჟამად ან წარსულში ატარებდნენ სახის სრულად დამფარავ ვუალს (იხ. E. Brems, Y. Janssens, K. Lecoyer, S. Ouald Chaib and V. Vandersteen, Wearing the Face Veil in Belgium: Views and Experiences of 27 Women Living in Belgium Concerning the Islamic Full Face Veil and the Belgian Ban on Face Covering), ასევე, საფრანგეთში ღია საზოგადოების ფონდების მიერ ჩატარებული კვლევა (იხ. პარა. 104 ზემოთ) და ნიდერლანდებში პროფესორ ა. მურსის კვლევა, სადაც ყველა მათგანი მიუთითებდა, რომ ეს ვარაუდები არასწორი გახლდათ.
96. ცენტრის მიზედვით, კვლევა აჩვენებდა, რომ აკრძალვა არ ემსახურებოდა მის გაცხადებულ მიზანს: ქალები ერიდებოდნენ შინიდან გასვლას, რაც იწვევდა მათ იზოლაციასა და მათი სოციალური ცხოვრებისა და ავტონომიის გაუარესებას, ასევე, რომ შედეგად მათ მიმართ აგრესია გაიზარდა. მათ ასევე არაპროპორციულად მიიჩნიეს აკრძალვა, რადგან საზოგადოებრივი სივრცე ძალიან ფართოდ იყო განმარტებული, რომ უსაფრთხოების მიზნებისათვის შესაძლებელი იყო პერიოდულად სახის გამოჩენის მოთხოვნა და რომ დღევანდელ საზოგადოებაში შესაძლებელი იყო ურთიერთობის მრავალი ფორმა სახის უშუალოდ გამოჩენის გარეშე.
97. მესამე მხარის აზრით, რელიგიის თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევასთან ერთად, აკრძალვა იწვევდა არაპირდაპირ და ინტერსექციურ დისკრიმინაციას რელიგიისა და სქესის საფუძველზე, ხელს უწყობდა სტერეოპიტების გამყარებას და უგულვებელყოფდა იმ ფაქტს, რომ ვუალის მატარებელი ქალები წარმოადგენდნენ მოწყვლად უმცირესობას, რომლებიც სპეციალურ ყურადღებას საჭიროებდნენ.
98. საბოლოოდ, მესამე მხარემ სთხოვა სასამართლოს წინამდებარე საქმე განეხილა რიგ ევროპულ სახელმწიფოებში ისლამოფობიის ზრდის ფონზე. მათ მიიჩნიეს, რომ სახის საჯაროდ დაფარვის ერთიანი აკრძალვა და მისი აღსრულება კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანი გახლდათ, რადგან მას თან სდევდა პოლიტიკური რიტორიკა, რომელიც კონკრეტულად ისლამური სახის ვუალის მატარებელი ქალებისადმი იყო მიმართული, რაც აძლიერებდა ნეგატიურ სტერეოტიპებსა და ისლამოფობიას.
(ე) არასამთავრობო ორგანიზაცია Liberty
99. მოცემულმა მესამე მხარემ მიუთითა, რომ მართალია 2010 წლის 11 ოქტომბრის კანონი ფორმულირებული ნეიტრალურად გახლდათ, იგი მიზნად ისახავდა ბურქას ტარების აკრძალვას და მოქმედებდა ყველა საზოგადოებრივ ადგილას, რის შედეგადაც ქალთა გარკვეული წრე აღმოჩნდა რთული არჩევანის წინაშე: დარჩენილიყვნენ შინ თუ მოეხსნათ ვუალი. მოცემულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საფუძვლები მყარად ეფუძნებოდა მეორე მსოფლიო ომის სისასტიკეებს, კერძოდ კი ებრაელების წინააღმდეგ ჩადენილ საშინელ ქმედებებს, რომელიც იქცა რელიგიის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებებს შორის მოხსენიების საფუძვლად და სწორედ ამის შემდეგ, მართალია ადგილი ჰქონდა სხვა ტიპის ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულებს, მაგრამ რელიგია მათი გამომწვევი მიზეზი იშვიათადღა იყო. მათ დასძინეს, რომ რელიგიასა და რასას შორის მჭიდრო კავშირი არსებობდა.
100. მხარემ ასევე ხაზი გაუსვა - ზოგადი წესები, რომლებიც არეგულირებენ ქალთა საჯარო ჩაცმულობას, შესაძლოა წარმოადგენდეს არა მარტო რიგი ფუნდამენტური უფლებების, არამედ ასევე საერთაშორისო და რეგიონალური ინსტრუმენტების, ისეთი როგორიცაა ეროვნული უმცირესობების დაცვის ჩარჩო კონვენცია, დარღვევასაც. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, მესამე მხარე ამტკიცებდა, რომ წინამდებარე საქმე ეხებოდა მე-8, მე-9, მე-10 და მე-14 მუხლებს. მათ აღნიშნეს, რომ კანონპროექტზე თანდართული განმარტებითი ბარათის სამმხრივი გამამართლებელი საფუძვლები არ იყო სარწმუნო. მათ ასევე მიუთითეს, რომ აკრძალვა და მის გარშემო დებატები ხელს უწყობდა მუსლიმების სტიგმატიზებასა და აძლიერებდა რასისტულ დამოკიდებულებას მათდამი.
101. დასკვნის სახით, მხარემ მიუთითა, რომ მაშინ, როდესაც მრავალი ფემინისტი, სახის სრულიად დამფარავ ვუალს დამაკნინებლად და ღირსების შემლახავად და პატრიარქატის შედეგად მიიჩნევდა, სხვების აზრით, იგი მხოლოდ რწმენის გამომხატველი გახლდათ. მათი აზრით, არსებული წინააღმდეგობანი ვერ მოგვარდებოდა იმ ქალების შინ გამომწყვდევით, რომლებსაც ეშინოდათ სანქციების და ვალდებულად მიიჩნევდნენ ეტარებინათ ვუალი. ამგვარი მიდგომა ქალთათვის არ იყო შვების მომგვრელი და დიდი ალბათობით აძლიერებდა ისლამოფობიას.
(ვ) არასამთავრობო ორგანიზაცია Open Society Justice Initiative
102. ამ მესამე მხარემ მიუთითა, რომ სახის სრულიად დამფარავი ვუალის აკრძალვა გაკრიტიკებული გახლდათ ევროპის საბჭოს მიერ და რომ მხოლოდ საფრანგეთმა და ბელგიამ მიიღეს ამგვარი ზოგადი და ყოვლისმომცველი ზომა. მათ ხაზი გაუსვეს, რომ მართალია ფრანგული და ბელგიური კანონები ნეიტრალური ფორმულირებისა გახლდნენ, საკანონმდებლო ისტორია ადასტურებდა, რომ იგი კონკრეტულად ნიქაბისა და ბურქას წინააღმდეგ იყო მიმართული.
103. მხარემ ასევე აღნიშნა, რომ ფრანგული კანონის მიზანი გახლდათ საზოგადოებრივი უსაფრთხოების, გენდერული თანასწორობისა და სეკულარიზმის დაცვა.მოიხმეს რა სპეციალურად სასამართლოს გადაწყვეტილება საფრანგეთის წინააღმდეგ საქმეზე Palau-Martinez v. France (no.64927/01, § 43, ECHR 2003‑XII), მათ დასძინეს, რომ სახელმწიფოები შესაძლოა დაეფუძნონ ამ მიდგომას რათა გაამართლონ კონვენციურ უფლებებში ჩარევა მხოლოდ მაშინ, თუკი შეუძლიათ დაადასტურონ, რომ არსებობს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის კონკრეტული მტკიცებულება. რაც შეეხება გენდერული თანასწორობის დაცვას, მათ მიუთითეს, რომ ამგვარი მიზანი ეფუძნებოდა იმის დაშვებას, რომ ქალები, რომლებიც ატარებენ ვუალს იძულებულნი იყვნენ ასე მოქცეულიყვნენ და, შესაბამისად, არასახარბიელო უფლებრივ მდგომარეობაში იყვნენ, მაშინ როდესაც ამგვარი მიდგომა არ დადასტურებულა საკანონმდებლო პროცესში განხილული არცერთი მტკიცებულებით.
104. მესამე მხარემ ასევე მოიხმო საფრანგეთში ღია საზოგადოების ფონდების მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიში, რომელიც მოიცავდა ოცდათორმეტ ქალს, რომლებიც ატარებდნენ სახის სრულად დამფარავ ვუალს. კვლევა სახელწოდებით სიმართლის გამჟღავნება: რატომ ატარებს ოცდათორმეტი ქალი საფრანგეთში სახის სრულად დამფარავ ვუალს გამოქვეყნდა 2011 წლის აპრილში. იგი აღნიშნავდა, რომ ქალები, რომლებთანაც ჩატარდა ინტერვიუ, ატარებდნენ ვუალს ოჯახის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, და რომ მათგან მხოლოდ ერთი მესამედი არ ატარებდა მას მუდმივად და ყოველდღე, და რომ მათი უმრავლესობა ეწეოდა აქტიურ სოციალურ ცხოვრებას. ანგარიშმა ასევე გამოამჟღავნა, რომ აკრძალვა ხელს უწყობდა ქალებს შორის უკმაყოფილების ზრდას და ამცირებდა მათ ავტონომიას, და რომ აკრძალვის თანმდევი საჯარო განხილვები კი ხელს უწყობდა სიტყვიერ შეურაცყოფასა და ფიზიკურ თავდასხმას მათ მიმართ საზოგადოების მხრიდან. მხარემ ასევე მიუთითა 2013 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ შემდგომ ანგარიშზე. მათ აღნიშნეს, რომ ამ უკანასკნელის მიხედვით, გამოკითხულ ქალთა უმრავლესობა განაგრძობდა სახის სრულიად დამფარავი ვუალის ტარებას საკუთარი რელიგიური რწმენის გამოსახატავად. მათ დასძინეს, რომ ანგარიში ადასტურებდა, რომ აკრძალვამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მათ პირად და ოჯახურ ცხოვრებაზე. არასამთავრობო ორგანიზაციამ ასევე მიუთითა ანგარიშის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც გამოკითხულ ქალთა უმრავლესობას პირადი უსაფრთხოება შეეზღუდა აკრძალვის შემოღების შემდეგ, გაიზარდა რა საჯარო შევიწროება და ფიზიკური თავდასმა იმ განწყობის გამო, რომელიც საზოგადოებაში გაძლიერდა სახის სრულიად დამფარავი ვუალის მატარებელი ქალების მიმართ.
105. დასკვნის სახით, მხარე აცხადებდა, რომ საჯაროდ სახის სრულიად დამფარავი ვუალის აკრძალვის წინააღმდეგ არსებობდა ევროპული კონსესუსი. მათ შემდგომ გაუსვეს ხაზი, რომ ერთიანი აკრძალვა არაპროპორციული გახლდათ, მაშინ როდესაც შესაძლებელი იყო უფრო ნაკლებად შემავიწროვებელი ზომების მიღება, რომ საჯარო წესრიგის მოხმობა გამყარებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებით, რომ თანასწორობისაკენ მომწოდებელი ზომები ობიექტური, გონივრულად გამამართლებელი და დროში შეზღუდული უნდა იყოს და რომ სეკულარიზმის ხელშემწყობი ზომები მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული. სასამართლოს შეფასება
(ა) კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლების სავარაუდო დარღვევა
106. სახის დამფარავი სამოსის ტარების აკრძალვა საჯარო ადგილებში წარმოშობს იმ ქალთა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებასა (კონვენციის მე-8 მუხლი) და რელიგიური მრწამისის გამოხატვის უფლების (კონვენციის მე-9 მუხლი) საკითხებს, რომელთაც სურთ სახის სრულიად დამფარავი სამოსის ტარება საკუთარი რწმენიდან გამომდინარე.
107. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირის ინდივიდუალურ არჩევანს წარმოადგენს საკუთარი სასურველი სამოსის განსაზღვრა როგორც საჯარო, ისე კერძო ადგილებში, რაც კავშირშია მისი პიროვნული ხასიათის გამოხატვასთან და, შესაბამისად, ხვდება პირადი ცხოვრების ცნებაში. სასამართლომ ამგვარი დასკვნა გამოიტანა თმის ვარცხნილობასთან დაკავშირებულ საქმეზე (იხ. Popa v. Romania (dec), no. 4233/09, §§ 32-33, 18 ივნისი 2013; ასევე, იხილე ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის გადაწყვეტილება საქმეზე Sutter v. Switzerland, no. 8209/78, 1 მარტი 1979). იგი მიიჩნევს, რომ კომისიის მსგავსად (იხ. განსაკუთრებითი გადაწყვეტილება საქმეებზე in McFeeley and Others v. the United Kingdom, no. 8317/78, 15 მაისი 1980, § 83, Decisions and Reports (DR) 20, და Kara v. the United Kingdom, no. 36528/97, 22 ოქტომბერი 1998) ვრცელდება სამოსის არჩევანზეც. ამგვარი შემზღუდველი ზომის მიმღები სახელმწიფო ორგანო, პრინციპში, ახორციელებს კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით პირის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე Kara, ციტირებული ზემოთ). შესაბამისად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის დამფარავი სამოსის აკრძალვა, 2010 წლის 11 ოქტომბრის კანონის შესაბამისად, ხვდება კონვენციის მე-8 მუხლში.
108. აღნიშნულის საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ აკრძალვა კრიტიკას დაექვემდებარა იმ ინდივიდების მიერ, რომლებიც მსგავსად მომჩივნისა, აცხადებენ, რომ საჯარო ადგილებში იმ სამოსის ტარების აკრძალვით, რომელსაც ითხოვს მათი რელიგია, ირღვევა მათი რელიგიისა თუ მრწამსის გამოხატვის თავისუფლების უფლება (იხ. განსაკუთრებით საქმე Ahmet Arslan and Others v. Turkey, no. 41135/98, § 35, 23 თებერვალი 2010). ის ფაქტი, რომ საქმე ეხება უმცირესობის ქმედებებს, რომელიც როგორც ჩანს სადავოა (იხ. ზემოთ პარა. 56 და 85) ამ მხრივ უმნიშვნელოა.
109. სასამართლო, შესაბამსიად, განიხილავს საჩივრის ამ ნაწილს როგორც მე-8, ისე მე-9 მუხლით და აქცენტს გააკეთებს ამ დებულებათა მეორე ნაწილზე.
(i) ჰქონდა ადგილი „შეზღუდვას“ თუ „ჩარევას“
110. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკვე აღნიშნა, რომ ... 2010 წლის 11 ოქტომბრის კანონი მომჩივანს აყენებს Dudgeon და Norris საქმეში არსებულის მსგავი დილემის წინაშე: იგი ან ემორჩილება აკრძალვას და, შესაბამისად, თავს იკავებს მისი რელიგიით მოთხოვნილი ჩაცმისაგან; ან უარს აცხადებს დაემორჩილოს და ექვემდებარება სისხლისსამართლებრივ სანქციებს. შესაბამისად, კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლების მნიშვნელობით, იგი აღმოჩნდება იმის მსგავს ვითარებაში, როგორშიც აღმოჩნდენ მომჩივნები Dudgeon და Norris საქმეებში, სადაც ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა იმ უფლებებით სარგებლობაში „განგრძობადი ჩარევა“, რომელიც დადგენილია დებულებათაგან მეორეში (ორივე გადაწყვეტილება ციტირებულია ზემოთ, პარა. 41 და 38; იხ ახევე, Michaud საქმე, ციტირებული ზემოთ, პარა 92). შესაბამისად, მოცემულ საქმეში ადგილი ჰქონდა „ჩარევას“ ან „შეზღუდვას“ კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლებით დაცული უფლებების განხორციელებაში.
111. ამგვარი შეზღუდვა ან ჩარევა შეუსაბამო იქნება ზემორე მუხლების მეორე პარაგრაფებთან თუ არ იქნება „კანონით განსაზღვრული“, არ დაისახავს მიზნად მოცემულ პარაგრაფებში ჩამოთვლილ ერთ ან მეტ მიზანს და არ იქნება „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ დასახული მიზნის ან მიზნების მისაღწევად.
(ii) იყო თუ არა ზომები „კანონით განსაზღვრული“
112. სასამართლო მიიჩნევს, რომ განხილული შეზღუდვები განსაზღვრული გახლდათ 2010 წლის 11 ოქტომბრის 1-ლი, მე-2 და მე-3 მუხლებით (იხ. პარა. 28 ზემოთ). იგი ასევე აღნიშნავს, რომ მომჩივანი სადავოდ არ მიიჩნევს, რომ მოცემული დებულებანი აკმაყოფილებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 8.2 და 9.2 მუხლების პრაქტიკით დადგენილ კრიტერიუმებს.
(iii) არსებობს თუ არა კანონიერი მიზანი
113. სასამართლო იმეორებს, რომ პირის რელიგიისა თუ რწმენის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დასაშვები გამონაკლისი შემთხვევები ამომწურავადაა მოცემული კონვენციის 9.2 მუხლში და რომ ისინი ვიწროდ უნდა იქნას განმარტებული (იხ., სხვა მრავალს შორის, Svyato-Mykhaylivska Parafiya v. Ukraine, no. 77703/01, § 132, 14 ივნისი 2007, დაNolan and K. v. Russia, no. 2512/04, § 73, 12 თებერვალი 2009). იმისათვის, რომ შეზღუდვა კონვენციასთან შესაბამისობაში იყოს, იგი უნდა ისახავდეს დებულებაში მოცემული მიზნებიდან ერთ-ერთს. იგივე მიდგომა ვრცელდება კონვენციის მე-8 მუხლზეც.
114. სასამართლოს პრაქტიკა უნდა იყოს საკმაოდ ვიწრო როდესაც საქმე ეხება კანონიერი მიზნის დადგენას კონვენციის 8-11 მუხლების მეორე ნაწილების მნიშვნელობით (იხ. მაგ, ზემოთ ციტირებული გადაწყვეტილებანი საქმეებში Leyla Şahin, § 99, and AhmetArslan and Others, § 43). თუმცა, წინამდებარე საქმეში, მთავრობის მიერ მოხმობილი და მომჩივნის მიერ მწვავედ გაკრიტიკებული მიზნების არსი საჭიროებს საფუძვლიან შესწავლას. მომჩივანმა მიიჩნია, რომ 2010 წლის 11 ოქტომბრის კანონით დადგენილი აკრძალვის შედეგად რელიგიის გაცხადების თავისუფლებით სარგებლობასა და პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევა არ შეესაბამებოდა მე-8 და მე-9 მუხლების მეორე ნაწილებში ჩამოთვლილი მიზებიდან არცერთს. მთავრობამ განაცხადა, რომ მათი აზრით კანონი ორ ლეგიტიმურ მიზანს ისახავდა: საზოგადოების უსაფრთხოებასა და „ღია და დემოკრატიული საზოგადოების მინიმალური ღირებულებების პატივისცემას“. სასამართლო აღნიშნავს, რომ მე-8 და მე-9 მულების მეორე პარაგრაფები ცალსახად არ მიუთითებენ ჩამოთვლილთაგან მეორე მიზანს ან მთავრობის მიერ ამ მხრივ მოხმობილ სამ ღირებულებას.
115. რაც შეეხება მთავრობის მიერ მოხმობილ პირველ მიზანს, სასამართლო ადასტურებს, რომ „საზოგადოების უსაფრთხოება“ წარმოადგენს კონვენციის მე-9, ისევე როგორც მე-8 მუხლში ჩამოთვლილ მიზანთაგან ერთ-ერთს(sécurité publiqueფრანგულად). სასამართლო ამასთანავე ითვალისწინებს მთავრობის არგუმენტს მასზედ, რომ საჯარო ადგილებში სახის დამფარავი სამოსის ტარებაზე გასაჩივრებული აკარძალვა ემსახურებოდა პირის იდენტიფიცირების საჭიროებას, რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანთა უსაფრთხოებისა და ქონებისათვის საფრთხის თავიდან აცილებასა და პირადობის გაყალბების დაძლევას. საქმის მასალების გათვალისწინებით, საფიქრებელია, კანონმდებელმა ხომ არ მიანიჭა მომეტებული მნიშვნელობა განხილულ შეშფოთებას. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის თანმხლები განმარტებითი ბარათი აღნიშნავდა - მართალია დამატებით არგუმენტად, მაგრამ მაინც - რომ სახის დაფარვა „ასევე შესაძლოა წარმოადგენდეს საფრთხეს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის რიგ ვითარებებში“... და რომ საკონტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებელი მიიჩნევდა, რომ ამგვარი ქცევა [იგულისხმება სახის დაფარვა] შესძლოა სახიფათო ყოფილიყო საზოგადოების უსაფრთხოებისათვის ... ანალოგიურად, 2010 წლის 25 მარტის კვლევის ანგარიშში, სახელმწიფოს საბჭომ Conseil d’Etat მიუთითა, რომ საზოგადოების უსაფრთხოება შესაძლოა წარმოადგენდეს სახის დაფარვის აკრძალვის საფუძველს, მაგრამ იქვე მიუთითა, რომ ამგვარი მიდგომა მხოლოდ სპეციფიკურ ვითარებებს ეხება... შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იზიარებს, რომ გასაჩივრებული აკრძალვის მიღებისას, კანონმდებელი მიზნად ისახავდა „საზოგადოების უსაფრთხოების“ საკითხების დარეგულირებას ამ ტერმინის კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლების მეორე პარაგრაფების მნიშვნელობით.
116. რაც შეეხება მეორე მიზანს - „ღია და დემოკრატიული საზოგადოების ღირებულებების მინიმუმის პატივისცემა“ - მთავრობამ ამ მხრივ სამი ღირებულება მოიხმო: კაცთა და ქალთა შორის თანასწორობა, ადამიანური ღირსების პატივისცემა და საზოგადოების ცხოვრების მინიმალური მოთხოვნების პატივისცემა. მათ აღნიშნეს, რომ მოცემული მიზნები კავშირში იყვნენ „სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასთან“ ამ ტერმინის კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლების მეორე პარაგრაფების გაგებით.
117. როგორც სასამართლომ აქამდეც აღნიშნა, მოცემული სამი ღირებულება ცალსახად არ შეესაბამება კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლების მეორე პარაგრაფებში ჩამოთვლილ ლეგიტიმურ მიზნებს. მოცემულ მიზნებს შორის, წინამდებარე საქმეში რელევანტური და განხილულ ღირებულებებთან კავშირის მქონე შესაძლოა იყოს მხოლოდ „საზოგადოებრივი წესრიგი“და „სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა“. მათ შორის პირველი, თუმცა, არ არის მოხსენიებული კონვენციის 8.2 მუხლში. ამასთანავე, მთავრობას იგი არ მოუხმია არც წერილობით არგუმენტებში და არც საჯარო მოსმენის დროს დასმული შეკითხვის პასუხად, აირჩიეს რა, რომ დაყრდნობოდნენ მხოლოდ „სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას“. სასამართლო, შესაბამისად, შეჩერდება ამ უკანასკნელი „ლეგიტიმური მიზნის“ განხილვაზე, როგორც აქამდეც მოიქცა საქმეებში Leyla ŞahinდაAhmetArslan and Others (ორივე საქმე ციტირებულია ზემოთ, § 111 და § 43).
118. პირველ რიგში, სასამართლო ვერ იზიარებს მთავრობის არგუმენტს მასზედ, რომ საქმე ეხება კაცთა და ქალთა შორის თანასწორობის დაცვას.
119. სასამართლოს ეჭვი არ ეპარება, რომ გენდერული თანასწორობა შესაძლოა წარმოადგენდეს კონვენციაში გაწერილი რიგი უფლებებითა და თავისუფლებით სარგებლობაში ჩარევის მართებულ საფუძველს (იხ.mutatis mutandis, Staatkundig Gereformeerde Partij v. the Netherlands (dec.), 10 ივლისი 2012). ამ მხრივ, სასამართლო იმეორებს, რომ ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთათვის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა დღეისათვის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს (ibid.; იხ. აგრეთვე, სხვა მრავალს შორის, Schuler-Zgraggen v. Switzerland, 24 ივნისი 1993, § 67, Series A no. 263, დაKonstantin Markin v. Russia[GC], no. 30078/06, § 127, ECHR 2012). შესაბამისად, წევრი სახელმწიფო, რომელიც გენდერული თანასწორობის სახელით კრძალავს ქალების იძულებას დაიფარონ სახე, ემსახურება მიზანს, რომელიც შეესაბამება „სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას“ კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლების მეორე პარაგრაფების მნიშვნელობით (იხ.Leyla Şahin, ციტირებული ზემოთ, § 111). სასამართლო მიიჩნევს, თუმცა, რომ წევრმა სახელმწიფომ არ უნდა მოიხმოს გენდერული თანასწორობა, რათა აკრძალოს ქმედება, რომელსაც თავად ქალები იცავენ - მსგავსად მომჩივნისა - მოცემული დებულებებით განმტკიცებული უფლებებით სარგებლობის გარფლებში. სხვაგვარად, მიჩნეულ იქნა, რომ ადგილი აქვს პირების დაცვას მათი ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობიდან. სასამართლო შემდგომ აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს საბჭომ იგივე დასკვნა გამოიტანა კვლევით ანგარიშში 2010 წლის 25 მარტს...
მეტიც, იმდენად, რამდენადაც მთავრობა ცდილობს აჩვენოს, რომ ქალთა გარკვეული წრის მიერ სახის სრულად დამფარავი ვუალის ტარება აძრწუნებს ფრანგი მოსახლეობის უმრავლესობას, რადგან არღვევს საფრანგეთში მიღებულ გენდერულ თანასწორობას, სასამართლო მოიხმობს მის არგუმენტაციას მოხმობილ ორ სხვა ღირებულებასთან მიმართებაში (იხ. ქვემორე პარაგრაფები 120-122).
120. მეორეს მხრივ, სასამართლო მიიჩნევს, რომ რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს, ადამიანური ღირსების პატივისცემა ვერ იქნება ლეგიტიმურად გამართლებული საჯარო ადგილებში სახის სრულად დამფარავი ვუალის სრული/ერთიანი აკრძალვით. სასამართლომ უწყის, რომ ამგვარი ჩაცმა მრავალთათვის უცნაურია. თუმცა, იგი აღნიშნავს, რომ იგი წარმოადგენს კულტურული იდენტობის გამოხატულებას, რაც დემოკრატიული საზოგადოებისათვის განუყოფელი პლურალიზმისათვის მნიშვნელოვანია. სასამართლო ამ მხრივ ასევე მიუთითებს სიკეთისა და ღირსეულობის ცნებაზე, რომელიც განსხვავებულია და თან ახლავს ადამიანის მიერ ტანსაცმლის გახდის თემას. ამასთანავე, სასამართლოს არ გააჩნია მტკიცებულება, რომელიც მას უბიძგებდა დასკვნისაკენ, რომ ქალები, რომლებიც სრულად იფარავენ სახეს ამ ფორმით გამოხატავენ ანტიპატიას შემხვედრთა მიმართ, ან, რომ ამ ფორმით ისინი სხვათა ღირსებას აყენებენ ჩრდილს.
121. მესამე, სასამართლო მიიჩნევს, რომ რიგ პირობებში მთავრობის მიერ მოხმობილი „საზოგადოების ცხოვრების მინიმალური წესების პატივისცემა“ - ან „ერთად ცხოვრება“, როგორც ეს მითითებული გახლდათ კანონპროექტის თანმხლებ განმარტებით ბარათში... - შესაძლებელია დავუკავშიროთ „სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის“ ლეგიტიმურ მიზანს.
122. სასამართლო ამასთანავე ითვალისწინებს მოპასუხე სახელმწიფოს არგუმენტს მასზედ, რომ სახე მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოციალური ურთიერთობების დამყარებისას. მას ესმის, რომ პირები, რომლებიც იმყოფებიან საჯაროდ ღია ადგილას შესაძლოა არ იყვნენ მოხარულნი იხილონ იმგვარი ქმედებანი და დამოკიდებულებანი, რომელთა განვითარებაც ფუნდამენტურ კითხვის ნიშანს უსვამს ადამიანთა შორის ურთიერთობების შესაძლებლობას, რომელიც, დამკვიდრებული კონსესუსის მიხედვით, წარმოადგენს განხილულ საზოგადოებაში თანაცხოვრების განუყოფელ ელემენტს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, შესაბამისად, იზიარებს, რომ სახის დამფარავი ვუალით გაზრდილი ბარიერი მოპასუხე სახელმწიფოს მიერ აღქმულია ერთად ცხოვრების გასამარტივებლად, სოციალურ სივრცეში ცხოვრების უფლების დარღვევად. მოცემულის, ისევე როგორც ტერმინის „ერთად ცხოვრება“ დრეკადობისა და მისგან გამომდინარე დარღვევის საფრთხის გათვალისწინებით, სასამართლომ გულდასმით უნდა განიხილოს გასაჩივრებული შეზღუდვის აუცილებლობა.
(iv) იყო თუ არა ზომა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში
(ა) კონვენციის მე-9 მუხლის ზოგადი პრინციპები
123. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ გადაწყვიტა საჩივრის ამ ნაწილის მე-9 მუხლით განხილვა, იგი საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი დებულების ზოგადი პრინციპების აქ მოხმობას.
124. მე-9 მუხლი, რომელიც ეხება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას, კონვენციის მნიშვნელობით წარმოადგენს „დემოკრატიული საზოგადოების“ ერთ-ერთ საფუძველს. მოცემული თავისუფლება, რელიგიურ სპექტრში, არის მორწმუნეთა იდენტობისა და მათ მიერ ცხოვრების აღქმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი; რომელიც ამასთანავე ათეისტების, აგნოსტიკოსების, სკეპტიკოსებისა და სხვათა მნშვნელოვან ღირებულაბასაც წარმოადგენს. პლურალიზმი დემოკრატიული საზოგადოებისაგან განუყოფელია. იგი დიდი ძალისხმევის შედეგად, საუკუნეების განმავლობაში იქნა მოპოვებული და დამოკიდებულია მასზედ. მოცემული თავისუფლება მოიცავს inter alia რელიგიური მრწამისის ქონის ან არქონის თავისუფლებასა და რელიგიით სარგებლობას ან მისგან თავის შეკავებას (იხ. სხვა მრავალს შორის Kokkinakis v. Greece, 25 მაისი 1993, § 31, Series A no. 260-A; Buscarini and Others v. San Marino [GC], no. 24645/94, § 34, ECHR 1999-I; დაLeyla Şahin, ციტირებული ზემოთ, § 104).
125. მართალია რელიგიური თავისუფლება უწინარესად ინდივიდუალური მრწამსის საკითხი გახლავთ, იგი ამასთანავე მოიცავს რელიგიის გამოხატვის თავისუფლებასაც, როგორც მარტო, ისე სხვებთან ერთად, საჯაროდ და იმ წრეში, რომლის მრწამსსაც იზიარებს პირი. მე-9 მუხლი ჩამოთვლის რელიგიისა თუ მრწამსის გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს, მათ შორის წირვა-ლოცვით, სწავლებით, მსხურებითა და დაცვით (იხ. mutatis mutandis, Cha’are Shalom Ve Tsedek v. France [GC], no. 27417/95, § 73, ECHR 2000-VII, დაLeyla Şahin, ციტირებული ზემოთ, § 105).
თუმცა, მე-9 მუხლი არ იცავს რელიგიითა თუ მრწამსით მოტივირებულ ან შთანერგილ ყოველ ქმედებას და ყოველთვის ვერ წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეში რელიგიითა თუ მრწამსით განპირობებული ყველა ქმედების განხორციელების უფლების დამცველს (იხ, მაგ. Arrowsmith v. the United Kingdom, no. 7050/75, Commission’s report of 12 October 1978, DR 19; Kalaç v. Turkey, 1 July 1997, § 27, Reports of Judgments and Decisions 1997‑IV; და Leyla Şahin, ციტირებული ზემოთ, §§ 105 და 121).
126. დემოკრატიულ საზოგადოებებში, სადაც მოსახლეობაში თანაარსებობს რამდენიმე რელიგიური კონტექსტი, შესაძლოა აუცილებელი იყოს პირთა რელიგიისა თუ რწმენის გამოხატვის თავისუფლებაზე შეზღუდვების დაწესება, რათა მოხდეს სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების თავსებადობისა და ყველას მრწამსის პატივისცემის უზრუნველყოფა (იხ.Kokkinakis, ციტირებული ზემოთ, § 33). ამგვარი მიდგომა გამომდინარეობს როგორც მე-9 მუხლის მეორე პარაგრაფიდან, ისე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებიდან დაიცვას მის იურისდიქციაში მყოფი პირების კონვენციით განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები (იხ.Leyla Şahin, ციტირებული ზემოთ, § 106).
127. სასამართლო ხშირად უსვამს ხაზს სახელმწიფოს, როგორც სხვადასხვა რელიგიების, რწმენებისა და მრწამსების ნეიტრალური და მიუკერძოებელი ორგანიზატორის როლს და მიუთითებს, რომ მოცემული როლი ხელს უწყობს საჯარო წესრიგს, რელიგიურ ჰარმონიასა და ტოლერანტობას დემოკრატიულ საზოგადოებაში. როგორც აქამდეც აღინიშნა, სასამართლო ამასთანავე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ნეიტრალობისა და მიუკეროებლობის ვალდებულება შეუსაბამოა სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური მრწამსების ან მათი გამოხატვის ფორმების კანონიერების კონტროლთან (იხ.Manoussakis and Others v. Greece, 26 სექტემბერი 1996, § 47, Reports 1996-IV; Hasan and Chaush v. Bulgaria [GC], no. 30985/96, § 78, ECHR 2000‑XI; დაRefah Partisi (the Welfare Party) and Othersv. Turkey [GC], nos. 41340/98, 41342/98, 41343/98 და 41344/98, § 91, ECHR 2003-II) და რომ მოცემული ვალდებულება სახელმწიფოებისაგან მოითხოვს ურთიერთ ტოლერანტულობას საპირისპირო ჯგუფებს შორის (იხ. სხვა მრავალს შორის Leyla Şahin, ციტირებული ზემოთ, § 107). შესაბამისად, ასეთ პირობებში ხელისუფლების ორგანოების როლი იმაში კი არ მდგომარეობს, რომ პლურალიზმის შევიწროებით განტვირთონ დაძაბულობა, არამედ უზრუნველყოს დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის ურთიერთტოლერანტულობა (იხ. Serif v. Greece, no. 38178/97, § 53, ECHR 1999‑IX; იხ. აგრეთვეLeyla Şahin, ციტირებული ზემოთ, § 107).
128. პლურალიზმი, ტოლერანტულობა და გახსნილობა/ფართო ხედვა წარმოადგენენ „დემოკრატიული საზოგადოების“ ნიშნებს. მართალია, რიგ შემთხვევებში ინდივიდის ინტერესები უნდა დაექვემდებაროს ჯგუფის ინტერესებს, მაგრამ დემოკრატია არ გულისხმობს მხოლოდ უმრავლესობისათვის უპირატესი მნიშვნელობის მინიჭებას: აუცილებელია ბალანსის დაცვა, რომელიც უზრუნველყოფს უმცირესობათა მიმართ სამართლიან მოპყრობას და თავიდან იცილებს დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებას (იხ.mutatis mutandis, Young, James and Webster v. the United Kingdom, 13 აგვისტო 1981, § 63, Series A no. 44, დაChassagnou and Others v. France [GC], nos. 25088/94, 28331/95 და 28443/95, § 112, ECHR 1999‑III). პლურალიზმიცა და დემოკრატიაც უნდა ეფუძნებოდნენ დიალოგსა და კომპრომისის სულისკვეთებას, რომელიც აუცილებლად მოიცავს ინდივიდებისა თუ მათი ჯგუფების მიერ დათმობებს, რაც გამართლებულია დემოკრატიული საზოგადოების იდეალებისა და ღირებულებების შესანარჩუნებლად და ხელშესაწყობად (იხ.mutatis mutandis, the United Communist Party of Turkey and Others, ციტირებული ზემოთ,§ 45, დაRefah Partisi (the Welfare Party) and Others, ციტირებული ზემოთ § 99). მაშინ როდესაც განხილული „სხვათა უფლებები და თავისუფლებები“ თავისთავად ექვემდებარებიან კონვენციითა თუ ოქმებით დაცვას, უნდა გავიაზროთ, რომ მათი დაცვის საჭიროებამ შესაძლოა უბიძგოს სახელმწიფოს შეზღუდოს კონვენციით განსაზღვრული სხვა უფლებები თუ თავისუფლები. ყოველი ინდივიდის ფუნდამენტურ უფლებებს შორის ბალანსის სწორედ ამგვარი მუდმივი ძიება წარმოადგენს „დემოკრატიული საზოგადოების“ საფუძველს (იხ.Chassagnou and Others, ციტირებული ზემოთ, § 113; იხ. აგრეთვეLeyla Şahin, ციტირებული ზემოთ, § 108).
129. ამასთანავე მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ კონვენციური მექანიზმის ფუნდამენტურად დამხმარე ბუნებას. პირდაპირი დემოკრატიული ლეგიტიმაცია ეროვნულ ხელისუფლებას გააჩნია და, როგორც არაერთხელ აღნიშნა სასამართლომ, მათ საერთაშორისო სასამართლოზე უკეთ შეუძლიათ ადგილობრივი საჭიროებებისა და პირობების შეფასება. ზოგადი პოლიტიკის საკითხებში, რომელთან მიმართებაშიც მოსაზრებანი დემოკრატიულ საზოგადოებაში შესაძლოა დიდწილად განსხვავდებოდეს, ეროვნული პოლიტიკის შემქმნელის როლს განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ (იხ. მაგ. Maurice v. France [GC], no. 11810/03, § 117, ECHR 2005‑IX). ამგვარი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოსა და რელიგიების ურთიერთობას (იხ.mutatis mutandis, Cha’are Shalom Ve Tsedek, ციტირებული ზემოთ, § 84, დაWingrove v. the United Kingdom, 25 ნოემბერი 1996, § 58, Reports 1996-V; იხ. აგრეთვეLeyla Şahin, ციტირებული ზემოთ, § 109). კონვენციის მე-9 მუხლს რაც შეეხება, სახელმწიფოს, პრინციპში, უნდა მიეცეს შეფასების ფართო ზღვარი იმის დადგენისას, თუ როდის და რამდენად არის „აუცილებელი“ პირის მიერ რელიგიისა თუ მრწამსის გაცხადების უფლების შეზღუდვა. მოცემულის გათვალისწინებით, წინამდებარე საქმეში შეფასების ზღვარის დელიმიტაციისას, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს თუ რომელი საკითხები იყო სასწორის პინზე (იხ. სხვა მრავალს შორის Manoussakis and Others, ციტირებული ზემოთ, § 44, დაLeyla Şahin, ციტირებული ზემოთ, § 110 ). მას ასევე შეუძლია, საჭიროებისამებრ, გაითვალისწინოს არსებული კონსესუსი და საერთო ღირებულებები, რომელიც აერთიანებს კონვენციის წევრი სახელმწიფოების პრაქტიკას (იხ. მაგ, Bayatyanv. Armenia [GC], no. 23459/03, § 122, ECHR 2011 ).
130. ლეილა შაჰინის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოადგენდა მნიშვნელოვან საქმეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიური სიმბოლოების ტარების საკითხზე, განსაკუთრებით მოცემულ საკითხზე ეროვნული ხელისუფლების განსხვავებული მიდგომების გათვალისწინებით (20 სექტემბერი 1994, § 50, Series A no. 295-A), ხოლო შვეიცარიის წინააღმდეგ საქმეში კი, მან დასძინა, რომ შეუძლებელი იყო მთელს ევროპაში განგვესხვავებინა საზოგადოებაში რელიგიის მნიშვნელობის ერთიანი კონცეფცია და რომ რელიგიური მრწამსის მნიშვნელობა თუ გავლენა საზოგადოებრივ გამოხატვაზე განსხვავებული იქნებოდა დროისა და კონტექსტის მიხედვით. სასამართლომ მიუთითა, რომ ამ სფეროში წესები განსხვავდებოდა ქვეყნების მიხედვით ეროვნული ტრადიციებისა და სხვათა უფლებებისა და თავისუფლების დაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებისათვის განსხვავებული საჭიროებით დადგენილი მოთხოვნების მიხედვით. სასამართლომ დაასკვნა, რომ ამ მიზნის მისაღწევად წესების მოცულობისა და ფორმის არჩევის საშუალება უდავოდ შესაბამის სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს, რადგან იგი დიდწილადაა დამოკიდებული ეროვნულ კონტექსტზე (იხ.Leyla Şahin, ციტირებული ზემოთ, § 109).
131. განხილული შეფასების ზღვარი ექვემდებარება ევროპულ ზედამხედველობას, რომელიც ითვალისწინებს გამოყენებად წესებსა და გადაწყვეტილებებს. სასამართლოს ფუნქცია გახლავთ განსაზღვროს თუ რამდენად გახდათ ეროვნულ დონეზე მიღებული ზომები პრინციპის დონეზე მართებული და პროპორციული (იხ. სხვა მრავალს შორის, Manoussakis and Others, ციტირებული ზემოთ, § 44, დაLeyla Şahin, ციტირებული ზემოთ, § 110).
(ბ) მოცემული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
132. სასამართლოს უკვე განხილული აქვს მოცემული პრინციპებით რამდენიმე ვითარება.
133. მან მიიღო გადაწყვეტილება მასწავლებლებისადმი რელიგიური სიმბოლოების ტარების აკრძალვაზე სახელმწიფო სკოლებში (იხ.inter alia, Dahlab, ზემოთ ციტირებული განჩინება, და Kurtulmuş v. Turkey (dec.), no. 65500/01, ECHR 2006-II), ასევე, გადაწყვეტილება იგივე აკრძალვაზე მოსწავლეების მიმართ (იხ., inter alia, Leyla Şahin, ციტირებული ზემოთ; Köse and Others v. Turkey (dec.), no. 26625/02, ECHR 2006-II; Kervanci v. France, no. 31645/04, 4 დეკემბერი 2008; Aktas v. France (dec.), no. 43563/08, 30 ივნისი 2009; დაRanjit Singh v. France (dec.) no. 27561/08, 30 June 2009), on an obligation to remove clothing with a religious connotation in the context of a security check (Phull v. France (dec.), no. 35753/03, ECHR 2005-I, and El Morsli v. France (dec.), no. 15585/06, 4 მარტი 2008), და ვალდებულება ოფიციალურ დოკუმენტებში გამოსაყენებელ ფოტოებში თავშიშველი გადაღების შესახებ (Mann Singh v. France (dec.), no. 24479/07, 11 ივნისი 2007). სასამართლოს არცერთ ზემოთმითითებულ საქმეში არ დაუდგენია კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევა.
134. სასამართლომ ამასთანავე განიხილა ორი საჩივარი, რომელშიც პირები ჩიოდნენ დამქირავებლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე თვალსაჩინოდ ეტარებინათ ჯვარი ყელზე, აცხადებდნენ რა, რომ ეროვნული კანონმდებლობა საკმარისად არ იცავდა მათ უფლებას განეცხადებინათ საკუთარი რელიგია. ერთი მათგანი გახლდათ ავიახაზების კომპანიის თანამშრომელი, მეორე კი მედდა (იხ. Eweida and Others, ციტირებული ზემოთ). ამ საქმეთაგან პირველი, სადაც სასამართლომ დაადგინა მე-9 მუხლის დარღვევა, ახლოს არის წინამდებარე საქმესთან. სასამართლომ მიიჩნია, inter alia, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივნის მიერ რელიგიური მრწამსის გაცხადების ფუნდამენტურ უფლებასთან მიმართებაში ზედმეტი მნიშვნელობა მიანიჭეს დამქირავებლის კანონიერ სურვილს დაეცვა გარკვეული კორპორატიული იმიჯი. ამ მხრივ, სასამართლომ აღნიშნა, რომ ჯანსაღი დემოკრატიული საზოგადოება ტოლერანტული უნდა იყოს და უნდა შეინარჩუნოს პლურალიზმი და მრავალფეროვნება და რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი გახლდათ ინდივიდმა, რომლისთვისაც რელიგია ცხოვრების მნიშვნლოვან ნაწილს წარმოადგენს, შეძლოს სხვათა მიმართ საკუთარი მრწამსის შეტყობინება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ჯვარი მოკრძალებული გახლდათ და მომჩივნის პროფესიულ საქმიანობას ვერ დააკნინებდა. ამასთანავე, არ არსებობდა მტკიცებულება, რომ სხვა, უწინ ნებადართული რელიგიური სიმბოლოების ტარებას ნეგატიური გავლენა ჰქონდა მოცემული ავახაზების იმიჯზე. მიუთითა, რომ მართალია ეროვნული ხელისუფლება, კერძოდ კი სასამართლოები, მოქმედებდნენ შეფასების ზღვარის ფარგლებში, როდესაც მოხდა კერძო კომპანიის მიერ დასაქმებულთა მიმართ მიღებული ზომების პროპორციულობის შეფასება, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-9 მუხლის დარღვევას.
135. სასამართლომ ზემოთციტირებულ AhmetArslan and Othersსაქმეში ასევე განიხილა რელიგიურ ცერემონიების მიღმა, გარკვეული რელიგიური ტანისამოსის ტარების აკრძალვა საზოგადოებისათვის ღია სივრცეში, მაგ. ქუჩებსა თუ მოედნებზე. განხილული სამოსი, რომელსაც ატარებდნენ Aczimendi tarikatiჯგუფის წევრები, მოიცავდა შავი ფერის ტურბანს, შარვლის სპეციფიურ ტიპს, ტუნიკსა და ხელჯოხს. სასამართლომ, გაითვალისწინა რა საქმის გარემოებანი და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებანი, განსაკუთრებით კი თურქეთში დემოკრატიული სისტემისათვის სეკულარიზმის პრინციპის მნიშვნელობა, გაიზიარა, რომ აკრძალვის მიზანი გახლდათ სეკულარული და დემოკრატიული ღირებულებების დაცვა და მიიჩნია, რომ ჩარევა მიზნად ისახავდა კონვენციის 9.2 მუხლში ჩამოთვლილ რამდენიმე კანონიერ მიზანს: საზოგადოებრივი უსაფრთხოების შენარჩუნებას, საჯარო წესრიგისა და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. თუმცა, მიიჩნია რომ მოცემული მიზნების აუცილებლობა არ იყო დადგენილი.
სასამართლომ შესაბამისად, მიუთითა, რომ აკრძალვა გავლენას ახდენდა არა სამოქალაქო მოხელეებზე, რომლებიც ვალდებულებების განხორციელებისას გარკვეული დისკრეციით არიან აღჭურვილნი, არამედ ჩვეულებრივ მოქალაქეებზეც, რაც შედეგად იწვევდა იმას, რომ მისი პრაქტიკა სამოქალაქო მოხელეების მიმართ - კერძოდ კი მასწავლებლების - არ გამოიყენებოდა. სასამართლომ შემდგომ აღნიშნა, რომ აკრძალვა მოქმედებდა ყველა საჯარო ადგილზე და არა მხოლოდ კონკრეტულ საჯარო შენობებში სამოსის ტარებაზე, რის შედეგადაც სასამართლო პრაქტიკამ ხაზი გაუსვა ეროვნული პოლიტიკის შემქმნელების როლის მნიშვნელობას სახელმწიფოს სკოლებში რელიგიური სიმბოლოების ტარებაზე, რაც ასევე არ ეხება მოცემულ შემთხვევას. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებში არ იყო იმის მტკიცებულება, რომ ფორმა, როგორაც ახდენდნენ მომჩივნები საკუთარი რწმენის გამოხატვას, კერძოდ კი სპეციფიური ტანისამოსის ტარებით - ისინი შეიკრიბნენ მეჩეთის წინ მხოლოდ რელიგიურ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად - წარმოადგენდა ან ითვალისწინებდა საფრთხეს საჯარო წესრიგისადმი ან გარკვეულ ზეწოლას ახორციელებდა სხვებზე. დაბოლოს, თურქეთის მთავრობის ბრალდებაზე მომჩივნების მხრიდან ბოროტი პროზელიტიზმის შესახებ, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მომჩივნები არაჯეროვან ზეწოლას ახორციელებდნენ ქუჩებსა თუ მოედნებზე გამვლელებზე, რათა მოეხდინათ საკუთარი რელიგიური მრწამსისაკენ მოწოდება.შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევას.
136. მე-9 მუხლთან დაკავშირებულ ყველა ამ საქმეს შორის, Ahmet Arslan and Others საქმე არის ყველაზე მეტი მსგავსების მქონე წინამდებარე შემთხვევასთან. თუმცა, მაშინ, როდესაც ორივე საქმე ეხება რელიგიური კონოტაციის მქონე სამოსის აკრძალვას საჯარო ადგილებში, მოცემული საქმე მნიშვნელოვნად განსხვავდება Ahmet Arslan and Others საქმიდან იმის გამო, რომ სახის სრული მუსლიმური ვუალი გამოირჩევა სახის სრული, შესაძლოა თვალების გარდა, დაფარვით.
(გ) განხილული პრინციპების გამოყენება მოცემულ საქმეში
137. სასამართლო პირველ რიგში გაანალიზებს მომჩივნისა და რამდენიმე მესამე მხარის მიერ წარმოდგენილ არგუმენტს, როლის მიხედვითაც 2010 წლის 11 ოქტომბერს მიღებული კანონის 1-3 მუხლები ეფუძნებოდა შეცდომით დაშვებას მასზედ, რომ ქალები სახის სრულიად დამფარავ ვუალს იძულებით და არა ნებაყოფლობით ატარებენ. კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან (იხ. პარა. 25 ზემოთ) ნათელია, რომ აკრძალვის მთავრი მიზანი არ იყო ქალთა დაცვა მათზე დაკისრებული ან მათ საწინააღმდეგო პრაქტიკიდან.
138. ვითვალისწინებთ რა ზემოთ განმარტებულ პრინციპებს, სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ რამდენად იყო გასაჩივრებული ჩარევა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ საჯარო უსაფრთხოებისათვის (კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლების მნიშვნელობით, იხ. პარა 115 ზემოთ) ან „სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების“ დასაცავად...
139. რაც შეეხება აუცილებლობის საკითხს საჯარო უსაფრთხოებასთან მიმართებაში, კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლების მნიშვნელობით (იხ. პარა. 115 ზემოთ), სასამართლო იაზრებს, რომ სახელმწიფომ შესაძლოა აუცილებლად მიიჩნიოს პირთა იდენტიფიცირების შესაძლებლობა, რათა თავიდან აიცილოს ადამიანთა და ქონებისადმი საფრთხის შექმნა და დაამარცხოს პიროვნების გაყალბება. შესაბამისად, საქმეებში, რომელიც ეხებოდა რელიგიური კონოტაციის მქონე სამოსის გახდის ვალდებულებას უსაფრთხოების შემოწმების დროს და შიშველი თავით პირადობის დამადასტურებელ, ოფიციალურ დოკუმენტებში გამოჩენას სასამართლოს მე-9 მუხლის დარღვევა არ დაუდგენია (იხ. პარა. 133 ზემოთ). თუმცა, ითვალისწინებს რა გავლენას იმ ქალებზე, რომელთაც სურთ რელიგიური მიზნებიდან გამომდინარე სახის სრულიად დამფარავი ვუალის ტარება, ერთიანი/სრული აკრძალვა საჯარო ადგილებში სახის დამფარავი სამოსის ტარებაზე, შესაძლოა პროპორციულად იქნეს მიჩეული მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოების უსაფრთხოების წინაშე არსებობს ზოგადი საფრთხე. მთავრობამ ვერ აჩვენა, რომ 2010 წლის 11 ოქტომბრის კანონი ამგვარ კონტექსტში იქნა მიღებული. რაც შეეხება ქალებს, მოცემული კანონის შედეგად, ისინი ვალდებულნი არიან სრულიად დათმონ საკუთარი იდენტობის მნიშვნელოვანი ელემენტი, მათ მიერ რელიგიისა თუ მრწამსის გაცხადების მათ არჩეულ ფორმასთან ერთად, მაშინ როდესაც მთავრობის მიერ მოხმობილი მიზნის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა სახის ჩვენების ვალდებულებისა და საკუთარი ვინაობის იდენტიფიცირების მოთხოვნით მაშინ, როდესაც დადგინდებოდა პირთა და ქონების მიმართ საფრთხის არსებობა ან როდესაც კონკრეტული გარემოებები მიუთითებენ სავარაუდო პიროვნების გაყალბებაზე. შესაბამისად, ვერ მივიჩნევთ, რომ 2010 წლის 11 ოქტომბრის კანონი აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის, კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლის მნიშვნელობით.
140. სასამართლო ახლა განიხილავს მეორე ლეგიტიმურ მიზანს“ საზოგადოების ცხოვრების მინიმალური მოთხოვნის დაცვა „სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის“ ჭრილში (იხ. პარა 121-122 ზემოთ).
141. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ მიზანს სახელმწიფო მომეტებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რაც იკვეთება კანონპროექტის განმარტებით ბარათშიც, რომელიც მიუთითებდა, რომ „სახის ნებაყოფლობითი და სისტემატური დაფარვა პრობლემურია, რადგან მარტივად რომ ვთქვათ, იგი არ შეესაბამება ფრანგული საზოგადოების „თანაცხოვრების“ ფუნდამენტურ მოთხოვნას“ და რომ „სახის სისტემატური დაფარვა საჯარო ადგილებში, ეწინააღმდეგება რა ძმობის იდეალს, ... არ აკმაყოფილებს იმ მინიმალურ მოთხოვნას, რომელიც აუცილებელია სოციალური ურთიერთობებისათვის“... აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს უფლებამოსილებას განეკუთვნება იმგვარი პირობების შექმნა, სადაც ინდივიდებს შეუძლიათ იცხოვრონ ერთად საკუთარი განსხვავებულობისადმი კომპრომისის გარეშე. მეტიც, სასამართლო იმ ხედვასაც იზიარებს, რომ სახელმწიფომ შესაძლოა აუცილებლად მიიჩნიოს ამ მხრივ გარკვეული მნიშვნელობის მინიჭება ინდივიდებს შორის ურთიერთობაზე და სწორედ ამ ელემენტის საწინააღმდეგოდ მიიჩნიოს საჯარო ადგილებში სახის დაფარვა...
142. შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აკრალვა შესაძლოა გამართლებული იყოს არსობრივად მხოლოდ იმდენად, რამდენადაც იგი მიზნად ისახავს „თანაცხოვრების“ პირობების გარანტირებას.
143. გასარკვევი ამ შემთხვევაში არის ის, თუ რამდენად არის აკრალვა მიზნის პროპორციული.
144. მომჩივნისა და მესამე მხარედ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების რამდენიმე არგუმენტი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
145. პირველი, მართალია რომ მოცემული კანონი ეხება მხოლოდ მცირე რაოდენობის ქალებს. ეროვნული ასამბლეის მიერ მომზადებული და 2010 წლის 26 იანვარს დეპონირებული „სახის სრულიად დამფარავი ვუალის ეროვნულ ტერიტორიაზე ტარების“ შესახებ ანგარიშიდან ჩანს, რომ 2009 წლის ბოლოსათვის საფრანგეთში სახის სრულიად დამფარავ ვუალს ატარებს დახლოებით 1900 მუსლიმი ქალი, მათ შორის 270 ცხოვრობს საფრანგეთის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიებზე... საფრანგეთის სამოცდახუთ მილიონიანი მოსახლეობისა და მისი მუსლიმი მოსახლეობის ფონზე, ეს ძალიან მცირე რაოდენობაა. შესაბამისად, შესაძლოა გადამეტებულ ზომად იქნეს მიჩნეული ამგვარი ვითარების დასარეგულირებლად სრული/ერთიანი აკრძალვის დაწესება.
146. ამასთანავე, უდავოა, რომ აკრძალვას უკიდურესად ნეგატიური გავლენა აქვს იმ ქალების ვითარებაზე, რომლებმაც მსგავსად მომჩივნისა, აირჩიეს სახის სრულიად დამფარავი ვუალის ტარება რელიგიური მოსაზრებით . როგორც აქამდეც აღინიშნა, მოცემული ქალები იმყოფებიან რთული დილემის წინაშე და აკრძალვამ შესაძლოა გამოიწვიოს მათი იზოლაცია და ავტონომიურობის შეზღუდვა და ამასთანავე შეზღუდოს მრწამსის გაცხადების თავისუფლებით სარგებლობა და პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება. ასევე, გასაგებია, რომ მოცემულმა ქალებმა აკრძალვა შესაძლოა მიიჩნიონ მათი იდენტობისადმი საფრთხედ.
147. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ფუნდამენტური უფლებების დაცვის სფეროში მოქმედმა მრავალმა მხარემ, როგორც საერთაშორისომ, ისე ეროვნულმა, ერთიანი/სრული აკრძალვა არაპროპორციულად მიიჩნიეს. მათ შორის, მაგალითად, ადამიანის უფლებებზე საფრანგეთის ეროვნულმა სარეკომენდაციო კომისიამ..., მესამე მხარედ ჩართულის მსგავსმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ... და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა.
148. სასამართლომ ასევე უწყის, რომ 2010 წლის 11 ოქტომბრის კანონმა, მისი შექმნის თანმხლებ გარკვეულ დებატებთან ერთად, დიდი ალბათობით, გააღიზიანა მუსლიმური წრე, მათ შორის ის წევრებიც, რომლებიც თავისთავად არ არიან სახის სრულიად დაფარვის მომხრენი.
149. ამ მხრივ, სასამართლო წუხს მესამე მხარეების მიერ მითითებულ იმ გარემოებაზე, რომ 2010 წლის 11 ოქტომბერს მიღებულ კანონს წინ უძღვოდა გარკვეული ისლამოფობიური კომენტარები (იხ. გენტის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების Liberty დაOpen Society Justice Initiative პოზიცია, მოცემული პარაგრაფებში 98, 100 და 104 ზემოთ). ამ სასამართლოს გადასაწყვეტი არ გახლავთ იმის დადგენა, თუ რამდენად სასურველია ამ საკითხებში კანონდება. თუმცა, მაინც აღნიშნავს, რომ სახელმწიფო, რომელიც ამ ტიპის კანონდებას მიყოფს ხელს, დგება მოსახლეობის რიგი კატეგორიების მიმართ სტერეოტიპების შექმნისა და შეუწყნარებლობის ხელშეწყობის საფრთხის წინაშე, მაშინ, როდესაც მას, სწორედ რომ პირუკუ, შემწყნარებლობისაკენ მოწოდება ევალება (იხ. პარაგრაფი 128 ზემოთ; იხ. აგრეთვე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის „მოსაზრება“, პარაგრაფი 37 ზემოთ). სასამართლო იმეორებს, რომ კომენტარები, რომლებიც წარმოადგენენ ზოგად, მძლავრ თავდასხმას რელიგიურ ან ეთნიკურ ჯგუფზე შეუსაბამოა შემწყნარებლობის, სოციალური მშვიდობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის იმ ღირებულებებთან, რომელიც ხაზგასმულია კონვენციით და არ ხვდება მის მიერ დაცული გამოხატვის თავისუფლებაში (იხ. სხვა მრავალს შორის Norwood v. the United Kingdom (dec.), no. 23131/03, ECHR 2004‑XI, დაIvanov v. Russia (dec.), no. 35222/04, 20 თებერვალი 2007).
150. მომჩივნის მიერ საჩივრის გასამყარებლად წამოყენებული სხვა არგუმენტებიც განსახილველია.
151. მაშინ როდესაც აკრძალვის მასშტაბი ფართოა, იმის გამო, რომ ვრცელდება საზოგადოების მიერ წვდომად ყველა ზონას (გარდა რელიგიური თაყვანისცემის ადგილებისა), 2010 წლის 11 ოქტომბრის კანონი არ ახდენს გავლენას საზოგადოებაში იმ სამოსის ან ატრიბუტის ტარების თავისუფლებაზე -რელიგიური კონოტაციით თუ მის გარეშე - რომელიც არ ფარავს სახეს. სასამართლომ უწყის, რომ გასაჩივრებული აკრძალვა ძირითადად ვრცელდება იმ მუსლიმ ქალებზე, რომელთაც სურთ სახის სრულიად დამფარავი ვუალის ტარება, მაგრამ მაინც მნიშვნლოვნად მიიჩნევს, რომ აკრძალვა არ არის მხოლოდ რელიგიური კონოტაციის ჩაცმულობისადმი მიმართული, არამედ მხოლოდ იმ ფატს ეხება, რომ არ უნდა მოხდეს სახის დაფარვა. სწორედ ეს მომენტი განასხვავებს მას ზემოთციტირებული Ahmet Arslan and Others საქმიდან.
152. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ აკრძალვას თან ახლავს სისხლის სამართლის სანქციები, უდავოა, რომ ეს ნიუანსი აძლიერებს შემოღებული ზომის გავლენას. გასაგებია, რომ იმ ქალთათვის, რომლებმაც რელიგიის საფუძველზე გადწყვიტეს სახის სრულიად დამფარავი ვუალის ტარება, იმის წარმოდგენა, რომ დაექვემდებარებიან დევნას საჯარო ადგილებში სახის დაფარვის გამო, მატრამვირებელი შეიძლება იყოს. მიუხედავად ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ კანონის შემქმნელების მიერ დადგენილი სანქციები არის უმსუბუქესი, რადგან წარმოადგენს მხოლოდ ჯარიმას, მსგავსად მეორე ხარისხის მარტივი დანაშაულებისა (ამჟამად მაქსიმუმ 150 ევრო), რომელსაც სასამართლოს მხრიდან ახლავს იმის შესაძლებლობა, რომ ჯარიმასთან ერთად ან მის ნაცვლად, პირს დაეკისროს მოქალაქეობის კურსის გავლა.
153. ამასთანავე, როგორც მომჩივანმა მიუთითა კიდეც, საჯარო ადგილებში, ყველა პირისადმი სახის დამფარავი სამოსის ჩაცმის აკრძალვით მოპასუხე სახელმწიფომ გარკვეულწილად შეზღუდა პლურალიზმი, რადგან საჯაროდ სახის სრულიად დამფარავი ვუალის ჩაცმის აკრძალვით ქალებს უხშობს მათი იდენტობისა და მრწამისის გამოტვის საშუალებას. თუმცა, თავის მხრივ მთავრობამ მიუთითა, რომ მათი ამგვარი მიდგომა წარმოადგენდა სახელმწიფოს აზრით, ფრანგული საზოგადოების საწინააღმდეგო ქმედების პასუხს, არღვევდა რა იგი სოციალური კომუნიკაციისა და უფრო ფართოდ, „თანაცხოვრების“ მოთხოვნების საბაზისო წესებს. მოცემული პერსპექტივიდან, მოპასუხე სხელმწიფო ცდილობს დაიცვას ინდივიდებს შორის ურთიერთობის პრინციპი, რომელიც, მათი აზრით, არა მხოლოდ აუცილებელია პლურალიზმისათვის, არამედ შემწყნარებლობისა და ღიაობისათვისაც, რომელთა გარეშეც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება (იხ. პარა 128 ზემოთ). შესაბამისად, იმის განსაზღვრა, ნებადართული უნდა იყოს თუ არა საზოგადოებაში სახის სრულიად დამფარავი ვუალის ტარება, საზოგადოების არჩევანი უნდა იყოს.
154. ასეთ პირობებში, სასამართლოს აკისრია ვალდებულება გარკვეული შეზღუდვით შეაფასოს კონვენციასთან შესაბამისობა, რადგან ამგვარ ანალიზს მივყავართ იმ ბალანსის შეფასებამდე, რომელიც განხორციელდა საზოგადოებაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესის შედეგად.სასამართლოს უკვე ჰქონდა საშუალება მიეღო გადაწყვეტილებანი ზოგადი პოლიტიკის საკითხებზე, სადაც მიუთითა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში მოსაზრებანი შესაძლოა დიდად განსხვავდებოდეს ურთიერთისაგან და რომ ამის გამო ეროვნული პოლიტიკის განმსაზღვრელებს უნდა მიენიჭოთ განსაკუთრებული ძალა (იხ. პარა. 129 ზემოთ).
155. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საფრანგეთს შეფასების ფართო ზღვარი გააჩნია მოცემულ საქმეში.
156. მოცემული მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს მცირე საერთო საფუძველი აქვთ საზოგადოებაში სახის სრულიად დამფარავი ვუალის ტარების საკითხზე (იხ., mutatis mutandis, X, Y and Z v. the United Kingdom, 22 April 1997, § 44, Reports 1997‑II).სასამართლო შესაბამისად აღნიშნავს, რომ მესამე მხარედ ჩართული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი არგუმენტების მიუხედავად (იხ. პარა. 105 ზემოთ), ევროპაში არ არსებობს კონსესუსი აკრძალვის წინააღმდეგ. მკაცრად ნორმატიული გადასახედიდან, საფრანგეთი ევროპაში უმცირესობაშია: ბელგიის გარდა, ევროპის საბჭოს არცერთ სხვა სახელმწიფოს დღემდე არ აურჩევია ამგვარი ზომის მიღება. თუმცა, ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ სახის სრულიად დამფარავი ვუალის ტარების საკითხი რიგ ევროპულ სახელმწიფოებში განხილვის საგანი გახლდათ. ზოგიერთ მათგანში გადაწყდა არ დაეწესებინათ სრული/ერთიანი აკრძალვა. სხვაგან, კი აკრძალვა ჯერ კიდევ განიხილება (იხ. პარა. 40 ზემოთ). აქვე უნდა დავძინოთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, საჯაროდ სახის სრულიად დამფარავი ვუალის ტარების საკითხი საერთოდ არ წარმოადგენს აქტუალურ საკითხს გარკვეულ წევრ სახელმწიფოში. შესაბამისად, შესაძლოა მივიჩნიოთ, რომ ევროპაში არ არსებობს კონსესუსი უნდა არსებობდეს თუ არა სრული/ერთიანი აკრძალვა საჯარო ადგილებში სახის სრულიად დამფარავი ვუალის ტარებაზე.
157. შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს რა წინამდებარე საქმეში მოპასუხე სახელმწიფოს შეფასების ზღვრის სიღრმეს, მიიჩნევს, რომ 2010 წლის 11 ოქტომბრით დადგენილი შეზღუდვა მიჩნეულ უნდა იქნეს დასახული მიზნის, კერძოდ კი „სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის“ ფარგლებში არსებული „თანაცხოვრების“ პირობების დაცვისათვის პროპორციულად.
158. შედეგად, გასაჩივრებული შეზღდვა მიჩნეულ უნდა იქნეს „აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში“. მოცემული დასკვნა ვრცელდება კონვენციის როგორც მე-8, ისე მე-9 მუხლებზე.
159. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია კონვენციის არც მე-8 და არც მე-9 მუხლის დარღვევას.
(ბ) კონვენციის მე-14 მუხლის სავარაუდო დარღვევა კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლთან ერთობლიობაში
160. სასამართლო მიუთითებს, რომ მომჩივანი ჩიოდა არაპირდაპირი დისკრიმინაციის შესახებ. ამ მხრივ სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი, როგორც მუსლიმი ქალი, რომელსაც რელიგიის გამო სურს სახის სრულიად დამფარავი ვუალის ტარება საჯაროდ, განეკუთვნება იმ ინდივიდების კატეგორიას, რომლებზეც განსაკუთრებით ვრცელდება აკრძალვა და მისგან გამომდინარე სანქციები.
161. სასამართლო იმეორებს, რომ ზოგადი პოლიტიკა ან ზომა, რომელსაც არაპროპორციული ნეგატიური გავლენა აქვს გარკვეულ ჯგუფზე შესაძლოა დისკრიმინაციულად იყოს მიჩნეული მაშინაც კი, როდესაც იგი სპეციალურად არ არის მიმართული მოცემული ჯგუფის მიმართ და არ გააჩნია დისკრიმინაციული მიზანი (იხ. სხვა მრავალს შორის D.H. and Others v. the Czech Republic [GC], no. 57325/00, §§ 175 და 184-185, ECHR 2007-IV ). თუმცა, დისკრიმინაციას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ამგვარ პოლიტიკას ან ზომებს არ გააჩნია გამართლების „ობიექტური და გონივრული“ გამართლება, რაც გულისხმობს იმას, რომ მას არ გააჩნია „ლეგიტიმური მიზანი“ ან რომ არ არსებობს „პროპორციულობის გონივრული კავშირი“ გამოყენებულ ზომებსა და მისაღწევ მიზანს შორის (ibid., § 196).წინამდებარე საქმეში, მართალია შესაძლებელია მივიჩნიოთ, რომ 2010 წლის 11 ოქტომბრის კანონით დადგენილ აკრძალვას ჰქონდა კონკრეტული ნეგატიური გავლენა იმ მუსლიმ ქალებზე, რომლებსაც, რელიგიური მიზნებიდან გამომდინარე, სურთ სახის სრულიად დამფარავი ვუალის ტარება საჯაროდ, მაგრამ მოცემულ ზომას გაჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება ზემოთმითითებული მიზეზების გამო (იხ. პარა 144-159).
162. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-14 მუხლის დარღევას კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლებთან ერთობლიობაში.
...
განხილული მიზეზების გამო, სასამართლო
...
3. ადგენს, თხუთმეტი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას;
4. ადგენს, თხუთმეტი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციი მე-9 მუხლის დარღვევას;
5. ადგენს, ერთხმად, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-14 მუხლის დაარღვევას კონვენციის მე-8 და მე-9 მუხლებთან ერთობლიობაში;
....
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე და გაცხადებულია საჯარო მოსმენაზე ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგში, 2014 წლის 1 ივლისს.
ერიკ ფრიბერგიდინ სპილმანი
სასამართლოს განმწესრიგებელიპრეზიდენტი
კონვენციის 45 § 2მუხლისა და სასამართლო რეგლამენტის 74 § 2 მუხლების შესაბამისად, გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლეების ნიურბერგერისა და იადერბლომის ერთობლივი ნაწილობრივ განსხვავებული მოსაზრებანი.
დ.ს.
ე.ფ.
"მოცემულ თარგმანს არ ერთვის განსხვავებული მოსაზრებანი, თუმცა იგი თან ახლავს ოფიციალურ, ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე წარმოდგენილ გადაწყვეტილებას და ხელმისაწვდომია სასამართლოს პრაქტიკის მონაცემთა ბაზაში - HUDOC."
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2015
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. წინამდებარე თარგმანი გაკეთდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების სატრასტო ფონდის მხარდაჭერით (/humanrightstrustfund). თარგმანი სასამართლოსთვის სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე არაა და სასამართლო მის ხარისხზე პასუხს არ აგებს. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზიდან (), ან ნებისმიერი სხვა მონაცემთა ბაზიდან, რომელსაც სასამართლომ წინამდებარე თარგმანი გადასცა. თარგმანის გამოყენება არაკომერციული მიზნებისთვის ნებადართულია იმ პირობით, რომ მოხდება საქმის სრული დასახელების ციტირება, ზემოთ მოცემული საავტორო უფლებებისა და ადამიანის უფლებების ნდობის ფონდის შესახებ შენიშნვის მითითებით. წინამდებარე თარგმანის, ან მისი ნაწილის, კომერციული მიზნებით გამოყენების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2015
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2015
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@.
Full & Egal Universal Law Academy