დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესახებ 208
ივნისი 2017
Satakunnan Markkinapörssi Oy და Satamedia Oy ფინეთის წინააღმდეგ (Satakunnan Markkinapörssi Oy and Satamedia Oy v. Finland) [დიდი პალატა] - 931/13
გადაწყვეტილება 27.6.2017 [დიდი პალატა]
მე-10 მუხლი
მუხლი 10-1
ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება
საგადასახადო ინფორმაციის მასობრივი გავრცელების ამკრძალავი განკარგულება: დარღვევას არ ქონდა ადგილი
ფაქტობრივი გარემოებები
პირველმა განმცხადებელმა კომპანიამ (Satakunnan Markkinapörssi Oy) გამოსცა გაზეთი, სადაც განთავსებული იყო ინფორმაცია ფინეთის გადამხდელთა საგადასახადო შემოსავლებსა და აქტივებზე. წინამდებარე ინფორმაცია კანონის თანახმად, საჯარო იყო*. მეორე განმცხადებელმა კომპანიამ (Satamedia Oy) უზრუნველყო საგადასახადო ინფორმაციის მიწოდება სმს ტექსტური შერტყობინებით.
2003 წლის აპრილში, მონაცემთა დაცვის ომბუდსმენმა მიმართა მონაცემთა დაცვის საბჭოს შეეზღუდა განმცხადებელი კომპანიების საქმიანობა საგადასახადო მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით იმ ფარგლებში და იმ მეთოდით, რომელიც 2002 წელს არსებობდა და ასეთი ინფორმაციის გავრცელება სმს სერვისით. მონაცემთა დაცვის საბჭომ არ დააკმაყოფილა ომბუდსმენის მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელი კომპანიები ჟურნალისტურ სფეროში მოღვაწეობდნენ და შესაბამისად, უფლებამოსილნი იყვნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ აქტის მე-2 (5) მუხლიდან გადახვევაზე. წინამდებარე საქმე შემდგომში უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში გასაჩივრდა, რომელმაც 2007 წლის თებერვალში მოითხოვა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მხრიდან წინასწარი დასკვნა ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის დირექტივის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით**. 2008 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით***, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო დოკუმენტების მონაცემები ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე შესაძლებელია კლასიფიცირებული იქნეს, როგორც „ჟურნალისტური საქმიანობა“, თუ მათი მიზანი იყო საჯარო ინფორმაციის, მოსაზრებებისა და იდეების გამჟღავნება, მიუხედავად მათი გავრცელების საშუალებისა. 2009 წლის სექტემბერში, უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიუთითა მონაცემთა დაცვის საბჭოს, აეკრძალა საგადასახადო ინფორმაციის დამუშავება იმ მეთოდითა და მასშტაბით, რომელიც 2002 წელს განმცხადებელი კომპანიების მიერ იყო განხორციელებული. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს დასკვნაზე მითითებით, რომ გადამწყვეტი ფაქტორი მდგომარეობდა იმის შეფასებაში, გამოქვეყნებული მასალა უზრუნველყოფდა საჯარო დებატებს თუ მიზნად ისახავდა მხოლოდ მკითხველთა ინტერესების დაკმაყოფილებას, უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ჟურნალისტური მიზნებისთვის შეგროვებული მთლიანი მონაცემთა ბაზის გამოქვეყნება და სმს მომსახურებით მიღებული ინფორმაციის გადაცემა ვერ ჩაითვლება ჟურნალისტურ საქმიანობად.
სტრასბურგში სამართალწარმოებისას, განმცხადებელი კომპანიები დავობდნენ, კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევის თაობაზე. 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით, სასამართლოს პალატის გადაწყვეტილებით - 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ, არ დარღვეულა წინამდებარე მუხლი. 2015 წლის 14 დეკემბერს, საქმე გადაეცა დიდ პალატას განმცხადებელთა მოთხოვნით.
სამართალი - მე-10 მუხლი
ა) წინასწარი საკითხი - ჰქონდათ თუ არა გადასახადის გადამხდელებს პირადი ცხოვრების დაცვის უფლება კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე - ის ფაქტი, რომ ინფორმაცია საჯარო იყო აუცილებლად არ გულისხმობდა მე-8 მუხლის დაცვით უგულებელყოფას. როდესაც არსებობდა გარკვეულ პირზე მონაცემთა ნაკრები, მათი დამუშავება, პერსონალური მონაცემების გამოყენება ან შესაბამისი მასალის გამოქვეყნება იმ მეთოდითა და მასშტაბით, რომელიც ნორმალურ განჭვრეტადობას სცილდებოდა - პირადი ცხოვრების საკითხებს წარმოშობდა. მოცემულ საქმეში, განმცხადებელი კომპანიების მიერ შეგროვებული, დამუშავებული და გამოქვეყნებული ინფორმაცია გაზეთში უზრუნველყოფდა ინფორმაციას დასაბეგრ შემოსავალსა და მიუღებელ შემოსავალზე, ასევე დასაბეგრ წმინდა აქტივებსა და შესაბამისად, ცალსახად ეხებოდა ცალკეულ პირთა პირად ცხოვრებას მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ფინეთის კანონმდებლობის თანახმად, მონაცემები ხელმისაწვდომი იყო საზოგადოებისთვის.
ბ) კანონით გათვალისწინებული ჩარევა და ლეგიტიმური მიზანი - მონაცემთა დაცვის საბჭოს გადაწყვეტილება საგადასახადო ინფორმაციის დამუშავების აკრძალვისა იმ მეთოდით, რომელიც სადავო იყო და დადგენილი იყო ეროვნული სასამართლოებით, წარმოადგენდა განმცხადებელი კომპანიების კონვენციის მე-10 მუხლით განსაზღვრულ - ინფორმაციის გავრცელების უფლებაში ჩარევას. აღნიშნული ჩარევა კანონით იყო გათვალისწინებული. შესაბამისი მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის პირობები და ჟურნალისტური საქმიანობის არსი და მასშტაბი, რომელსაც განმცხადებელი კომპანიები ეყრდნობოდნენ გამოიყენებოდა სათანადო განჭვრეტადი ფორმით ევროპის მართლმსაჯულების ორგანოს მხრიდან უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოსადმი მიცემული განმარტებით. როგორც მედია პროფესიონალებს, განმცხადებელ კომპანიებს უნდა სცოდნოდათ, რომ მონაცემთა მასობრივი შეგროვება და მათი სრულად გავრცელება ვერ იქნებოდა მიჩნეული „მხოლოდ“ ჟურნალისტური მიზნებით დამუშავებად და ჩარევა ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს, სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვას.
გ) აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში - სასამართლომ შეისწავლა ის კრიტერიუმები, რაც დადგენილი იყო მის ადრინდელ პრეცედენტულ სამართალში. აღნიშნული რელევანტური იყო სადავო ინტერესების (ერთი მხრივ, პირადი ცხოვრების კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე და მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლების კონვენციის მე-10 მუხლიდან გამომდინარე) დასაბალანსებლად.
(i) საჯარო ინტერესის საგანზე დებატების უზრუნველყოფა: ფინეთის საკანონმდებლო პოლიტიკის მხარდაჭერა, რომელიც საგადასახადო მონაცემების საჯაროდ ხელმისაწვდომობას გულისხმობდა, საჭიროებდა იმის უზრუნველყოფას, რომ საზოგადოებას კონტროლი უნდა გაეწია სამთავრობო ორგანოების საქმიანობაზე. მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო ინფორმაციაზე საჯარო წვდომა ექვემდებარებოდა ცხად წესებსა და პროცედურას და ფინეთის საგადასახადო სისტემის ზოგად გამჭვირვალობას, იგი არ გულისხმობდა იმას, რომ აღნიშნული გამოქვეყნება ხელს შეუწყობდა საჯარო ინტერესის საგანზე დებატებს. სასამართლო გამოქვეყნებული ინფორმაციის მთლიანობაში შეფასებისას, უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს მსგავსად, არ იყო დარწმუნებული, რომ საგადასახადო მონაცემების გამოქვეყნება იმ ფორმითა და მასშტაბით, რაც განმცხადებელმა კომპანიებმა (დაუმუშავებელი მონაცემები გამოქვეყნდა ცალკეულ კატალოგებად) გამოაქვეყნეს, უზრუნველყოფდა ასეთ დებატებს ან მართლაც მათი ძირითადი მიზანი იყო აღნიშნულის მიღწევა.
(ii) გამოცემის საგანი - დაახლოებით 1 200 000 ფიზიკური პირი წარმოადგენდა გამოცემის სუბიექტს. თითოეული მათგანი იყო გადასახადის გადამხდელი, მაგრამ მხოლოდ ცოტა მათგანი (საზოგადო მოღვაწეები ან ცნობილი პიროვნებები სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მნიშვნელობის ფარგლებში) იყო მაღალი შემოსავლით. უმრავლესობა მათგანი, რომელთა მონაცემები ჩამოთვლილი იყო გაზეთში, ეკუთვნოდა დაბალი შემოსავლის მქონე ჯგუფებს.
(iii) ინფორმაციის მოპოვების მეთოდი და მისი სიზუსტე - გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე არასოდეს ყოფილა სადავო და მონაცემები არ ყოფილა მიღებული უკანონო გზით. თუმცა, ცხადი იყო, რომ განმცხადებელი კომპანიები, რომელთაც გააუქმეს საკუთარი მოთხოვნები მონაცემებთან დაკავშირებით დაბეგვრის ეროვნული საბჭოს მიმართ და აღნიშნულის მაგივრად დაიქირავეს პერსონალი საგადასახადო მონაცემების ხელით მოსაგროვებლად ეროვნულ საგადასახადო ოფისებში, ჰქონდათ ნორმალური გზებისთვის გვერდის ავლის პოლიტიკა. შესაბამისად, წვდომისა და გავრცელების რეგულირებისთვის ეროვნული ორგანოების მიერ დადგენილი იყო შეკავებისა და გაწონასწორების სისტემა.
(iv) გამოქვეყნებული მასალის შინაარსი, ფორმა და შედეგები - მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტები სარგებლობენ არჩევანის თავისუფლებით, ყურადსაღები სიახლეებიდან ამოარჩიონ შესაბამისი სიახლე და ამორჩევის ფორმა, აღნიშნული არ ათავისუფლებს მათ პასუხისმგებლობისგან. თუმცა, განმცხადებელი კომპანიების საქმეში სადავო საგადასახადო მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო ფინეთში, მათ შესახებ ინფორმაციის მიღება შეიძლებოდა მხოლოდ ადგილობრივ საგადასახადო ოფისებში და ცხად პირობებს ექვემდებარებოდა. ჟურნალისტებს საგადასახადო მონაცემები შეეძლოთ ციფრულ ფორმატში მიეღოთ, თუმცა, მხოლოდ გარკვეული რაოდენობის მონაცემები შეიძლებოდა გამოთხოვილიყო. ჟურნალისტებს უნდა დაეკონკრეტებინათ, რომ ინფორმაცია გამოითხოვებოდა ჟურნალისტური მიზნებისთვის და რომ იგი არ გამოქვეყნდებოდა სიის სახით. აქედან გამომდინარე, თუმცა პიროვნებების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო, კონკრეტული წესები და გარანტიები არეგულირებდა მის ხელმისაწვდომობას. სასამართლოსთვის ის ფაქტი, რომ სადავო მონაცემები ხელმისაწვდომი იყო საჯაროდ ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით აუცილებლად არ გულისხმობდა, რომ იგი შეიძლებოდა გამოქვეყნებულიყო შეუზღუდავი რაოდენობით. მონაცემების გაზეთში გამოქვეყნება და შემდგომ მისი გავრცელება სმს ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, მათ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფდა იმ ფორმითა და მასშტაბით, რომელიც არ იყო გათვალისწინებული კანონმდებლის მიერ. ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული გარანტიები ზუსტად იყო გაწერილი, პერსონალური დაბეგვრის მონაცემების საჯარო ხელმისაწვდომობის, მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის არსის, მიზნისა და შესაბამისი ჟურნალისტური გადახვევის გათვალისწინებით. ზემოთ აღნიშნული გარემოებების ფარგლებში, მოპასუხე სახელმწიფოს ორგანოები სარგებლობდნენ თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლებით, იმის გადაწყვეტისას, თუ როგორ უნდა დაცულიყო სამართლიანი ბალანსი კონვენციის მე-8 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებებს შორის.
აღნიშნული უფლებების შეფასებისას, ეროვნული სასამართლოები ცდილობდნენ ბალანსის დაცვას გამოხატვის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების დაცვის უფლებას შორის, რომელიც უზრუნველყოფილი იყო მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ აქტის მე-2 (5) მუხლიდან გადახვევისა და საჯარო ინტერესის ტესტის გამოყენების საფუძველზე სადავო ჩარევისას, უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გაანალიზა შესაბამისი კონვენცია და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეცედენტული სამართალი და სათანადოდ გამოიყენა სასამართლოს პრეცედენტული სამართალი წინამდებარე საქმის ფაქტებთან მიმართებით.
(v) სანქცია - განმცხადებელ კომპანიებს არ ჰქონდათ აკრძალული საგადასახადო მონაცემების გამოქვეყნება ან გაზეთის გამოქვეყნების გაგრძელება იმის უზრუნველყოფით, რომ აღნიშნულს ახორციელებდნენ ფინეთის და ევროკავშირის მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციასადმი წვდომის შესახებ წესების შესაბამისად. ის ფაქტი, რომ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის რაოდენობაზე დაწესებულ შეზღუდვებს შესაძლებელია მისი გარკვეული ბიზნეს საქმიანობა ნაკლებ ნაყოფიერად ექცია, არ იყო სანქცია სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ფარგლებში.
***
დასკვნის სახით, კომპეტენტურმა ეროვნულმა ორგანოებმა და კონკრეტულად, უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გაითვალისწინეს სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი პრინციპები და კრიტერიუმები პირადი ცხოვრების დაცვის უფლებისა და გამოხატვის თავისუფლებას შორის ბალანსის დაცვისას. უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა საკუთარ დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ საგადასახადო მონაცემების გამოქვეყნება აღნიშნული ფორმითა და მასშტაბით არ უზრუნველყოფდა საჯარო ინტერესის საგანზე დებატებს და განმცხადებლებს არ შეეძლოთ არსობრივად ედავათ, რომ იგი განხორციელდა მხოლოდ ჟურნალისტური მიზნებისთვის ეროვნული და ევროკავშირის კანონმდებლობის მნიშვნელობის ფარგლებში. შესაბამისად, შიდა სასამართლოების მიერ მოხმობილი საფუძვლები იყო როგორც რელევანტური, ისე საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ სადავო ჩარევა „აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში“ და მოპასუხე სახელმწიფო ორგანოები მოქმედებდნენ საკუთარი შეფასების ფარგლებში სადავო ინტერესებს შორის ბალანსის დასაცავად.
დასკვნა: დარღვევას არ ქონდა ადგილი (თხუთმეტი ხმა ორის წინააღმდეგ).
დიდმა პალატამ ასევე თხუთმეტი ხმით ორის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ადგილი ქონდა კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევას ეროვნულ სასამართლოებში საქმისწარმოების ხანგრძლივობასთან მიმართებით.
* საგადასახადო ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისა და კონფიდენციალობის შესახებ კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე.
** ევროპული პარლამენტისა და საბჭოს 1995 წლის 24 ოქტომბრის დირექტივა (Directive 95/46/EC) პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და ამგვარი მონაცემების თავისუფალი მიმოცვლისგან პირთა დაცვის შესახებ.
*** Tietosuojavaltuutettu v. Satakunnan Markkinapörssi Oy and Satamedia Oy, C-73/07, judgment of 16 December 2008.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის. დამატებით იხილეთ Case-Law Information Notes
Full & Egal Universal Law Academy