Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N114
2008 წლის ნოემბერი
სავინი უკრაინის წინააღმდეგ (Saviny v. Ukraine)
(საჩივარი- 39948/06)
გადაწყვეტილება, 18 დეკემბერი, 2008 (მე-5 სექცია)
მე-8 მუხლი
პოზიტიური ვალდებულებები
მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი
ოჯახური ცხოვრების დაცულობა
ბავშვების მოთავსება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ იმ საფუძვლით, რომ მათი ბრმა მშობლები ვერ უზრუნველყოფდნენ მათ მოვლას: დარღვევა დადგინდა
ფაქტები – მომჩივნები არიან ცოლ-ქმარი, რომლებიც ბავშვობიდან ბრმები იყვნენ. მათ შვიდი შვილი შეეძინათ. მათგან ოთხი 1998 წელს გადაიყვანეს სახელმწიფო დაწესებულების მზრუნველობის ქვეშ. 2006 წელს სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად დარჩენილი სამი ბავშვის სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ გადავიდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება იმ საფუძველზე დაყრდნობით მიიღო, რომ მომჩივნებს არ გააჩნდათ საკმარისი ფინანსური სახსრები და პიროვნული თვისებები, რაც საფრთხეს უქმნიდა მათი შვილების ცხოვრებას, ჯანმრთელობას და ზნეობრივ აღზრდას. აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლებს არ შეეძლოთ მათთვის სათანადო საკვების, ტანსაცმლის, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვა ან იმის უზრუნველყოფა, რომ ისინი ადაპტირებულნი იქნებოდნენ სოციალურ და საგანმანათლებო კონტექსტში. მომჩივნების მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება უშედეგო აღმოჩნდა.
სამართალი: კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
37. მომჩივნები დავობდნენ, რომ 2004 წლის 2 დეკემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მათი ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება.
ზოგადი პრინციპები
47. სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ მშობლისა და შვილის ურთიერთობა წარმოადგენს ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს და ეროვნული ღონისძიებები, რომლებიც ხელს უშლიან ამგვარ ურთიერთობას წარმოადგენს კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ უფლებებში ჩარევას (იხ., inter alia, McMichael v. the United Kingdom, 24 თებერვალი 1995, § 86, Series A no. 307‑B). ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ამ დებულების დარღვევას, თუ იგი არ არის „კანონის შესაბამისი“, მიზნად არ ისახავს მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ ლეგიტიმურ მიზანს და თუკი იგი მიჩნეული არ არის როგორც „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ (იხ. McMichael, ციტირებული ზემოთ, § 87).
48. იმის დადგენისას, იყო თუ არა კონკრეტული ჩარევა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“, სტრასბურგის სასამართლო მხედველობაში მიიღებს (საქმის მთლიანობაში გათვალისწინებით) იყო თუ არა ჩარევის დასაბუთება შესაბამისი და საკმარისი კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის, სამართლიანი იყო თუ არა გადაწყვეტილების მიღების აუცილებელი პროცესი და დაცული იყო თუ არა მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესები (იხ. მაგ., Kutzner v. Germany, no. 46544/99, § 65, ECHR 2002‑I, და Sommerfeld v. Germany [დიდი პალატა], no. 31871/96, § 66, ECHR 2003-VIII).
49. ევროპული სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მიუხედავად ეროვნული ხელისუფლების თავისუფალი შეფასების ფარგლებისა, ბავშვის სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მოთავსების შესახებ გადაწყვეტილება, რომლითაც წყდება ოჯახური კავშირი, ნიშნავს ბავშვის მოწყვეტას მისი ფესვებიდან, რომელიც მხოლოდ ძალიან განსაკუთრებულ გარემოებებში შეიძლება იყოს გამართლებული (იხ. მაგ., Gnahoré v. France, no. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX). აქედან გამომდინარე, შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს საკმარისად მკაცრ და ღირებულ მოსაზრებებს, რომლებიც ითვალისწინებენ ბავშის საუკეთესო ინტერესებს, და მოპასუხე სახელმწიფოს ვალდებულებაა დაასაბუთოს, რომ ფრთხილად შეაფასა ის გავლენა, რომელიც მშობელსა და ბავშვზე იქონია მის მიერ შეთავაზებულმა ღონისძიებამ (იხ. მაგ., Scozzari and Giunta v. Italy [დიდი პალატა], nos. 39221/98 and 41963/98, § 148, ECHR 2000‑VIII).
50. კერძოდ, როდესაც გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ იგი იცავდა ბავშვს საშიშროებისაგან, ასეთი საშიშროების არსებობა უნდა იქნეს დადგენილი (იხ., mutatis mutandis, Haase v. Germany, no. 11057/02, § 99, ECHR 2004‑III (ამონარიდები)). ბავშვის ოჯახისგან ჩამოშორების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მრავალი ფაქტორი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, მაგალითად მშობლებთან დარჩენის შემთხვევაში ბავშვი გახდება თუ არა ძალადობის ან მოუვლელობის მსხვერპლი, ექნება თუ არა შესაბამისი განათლება და ემოციური მხარდაჭერა, ან აუცილებელია თუ არა ბავშვის სახელმწიფო დაწესებულებაში მოთავსება მისი ფიზიკური ან მენტალური ჯანმრთელობისათვის (იხ. Wallová and Walla v. the Czech Republic, no. 23848/04, § 72, 26 ოქტომბერი 2006 და Havelka and Others v. the Czech Republic, no. 23499/06, § 57, 21 ივნისი 2007). მეორეს მხრივ, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბავშვი შეიძლება მოთავსდეს მისი აღზრდისათვის საჭირო მეტად მომგებიან გარემოში, თავისთავად არ ამართლებს მისი ოჯახისგან ჩამოშორების სავალდებულო ღონისძიებას (იხ. მაგ., K.A. v. Finland, no.27751/95, § 92 ECHR 2003-I). აღნიშნული ღონისძიება ასევე არ შეიძლება გამართლდეს მხოლოდ მშობლების არასაიმედო ვითარებაში ყოფნის ფაქტით, რომელიც შეიძლება მოგვარდეს ნაკლებად რადიკალური ზომებით ვიდრე ოჯახის განცალკევებაა, მაგალითად მიზნობრივი ფინანსური დახმარება და სოციალური კონსულტაცია (იხ. მაგ., Moser v. Austria, no. 12643/02, § 68, 21 სექტემბერი 2006; Wallová and Walla, ციტირებული ზემოთ, §§ 73-76; და Havelka and others, ციტირებული ზემოთ, § 61).
51. გარდა ამისა, ოჯახის დაშლის გადაწყვეტილების მიღების პროცესის შეფასებისას, სტრასბურგის სასამართლო განიხილავს იყო თუ არა ეროვნული ხელისუფლების მიერ გამოტანილი დასკვნები საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე გამოტანილი (მათ შორის, მოწმეთა განცხადებები, კომპეტენტური ორგანოების ანგარიშები, ფსიქოლოგის და სხვა ექსპერტთა შეფასებები და სამედიცინო შენიშვნები) და ჰქონდათ თუ არა დაინტერესებულ მხარეებს, კერძოდ, მშობლებს, საკმარისი შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ სადავო საქმისწარმოებაში(იხ., mutatismutandis, Schultz v.Poland (განჩინება),no. 50510/99,8 იანვარი 2002; Remmo and Uzunkaya v. Germany (განჩინება), no. 5496/04, 20 მარტი 2007; და Polášek v. Czech Republic (განჩინება), no. 31885/05 , 8 იანვარი 2007). ევროპული სასამართლო ასევე გაითვალისწინებს, ჰქონდათ თუ არა ბავშვებს საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობა (იხ. მაგ., Havelka and Others, ციტირებული ზემოთ, § 62, და Haase, ციტირებული ზემოთ, § 97).
52. ნებისმიერ შემთხვევაში, ბავშვის სახელმწიფო დაწესებულებაში მოთავსება ჩვეულებრივ უნდა ჩაითვალოს დროებით ღონისძიებად, რომელიც უნდა შეწყდეს როგორც კი გარემოებები ამის შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, მისი გამართლება შეუძლებელია შესაძლო ალტერნტივების წინასწარი განხილვის გარეშე (იხ. K. and T., ციტირებული ზემოთ, § 166; Kutzner, ციტირებულილ ზემოთ, § 67; და Moser, ციტირებული ზემოთ, § 70) და ეს უნდა განიხილებოდეს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების კონტექსტში, რომ მან სერიოზული და მუდმივი ძალისხმევა გამოიჩინოს ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებთან გაერთიანებისათვის და მანამდე შესაძლებლობა მისცეს მათ რეგულარულ ურთიერთობას, მათ შორის, როდესაც შესაძლებელია, და-ძმები არ განაცალკევონ (იხ., mutatis mutandis, Kutzner, ციტირებული ზემოთ, §§ 76-77 და K. and T. v. Finland [დიდი პალატა], ციტირებული ზემოთ, § 179).
ზემოაღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
53. საყოველთაო მოსაზრებაა, რომ ბავშვების სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მოთავსების გადაწყვეტილება წარმოადგენდა მომჩივნების მე-8 მუხლით გარანტირებული უფლების დარღვევას; ამასთან, ეს ჩარევა განხორციელდა კანონის შესაბამისად და ისახავდა ბავშვების ინტერესების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. დასადგენია, იყო თუ არა ეს ჩარევა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“.
54. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს რომ მომჩივნები ზოგადად დაეთანხმნენ მთავრობას, რომ შესაძლოა მათი შვილებისთვის სასარგებლო ყოფილიყო სპეციალურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოთავსება, როგორიცაა ინტერნატები, ყოველდღიური საჭიროებებისათვის მათთვის შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით. თუმცა, ისინი არ ეთანხმებიან იმას, რომ ამის გაკეთება აუცილებელი იყო ბავშვების ჩამოშორების შესახებ ბრძანების მეშვეობით, რომელიც მათ ზღუდავს შვილები წაიყვანონ სახლში სკოლის საათების შემდეგ, როგორიცაა არდადაგები და უქმე დღეები.
55. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ საკუთარი გადაწყვეტილება დაადგინა მომჩივნების არასაკმარისი ფინანსური შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების საფუძველზე, რის გამოც, მათ არ შეეძლოთ თავიანთი შვილები ეზრუნველყოთ სათანადო კვებით, ტანსაცმლით, სანიტარული გარემოთი და ჯანმრთელობის დაცვით, ასევე მათი არ შეეძლოთ ეზრუნველყოთ მათი სოციალური და საგანმანათლებლო ადაპტაცია, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ ბავშვების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ზნეობრივ განვითარებას. ევროპული სასამართლო ადგენს, რომ ეს მიზეზები უდავოდ შესაბამისი იყო სადავო გადაწყვეტილების გამოსატანად.
56. თუმცა, იმის შეფასებისას, ისინი შესაბამისობასთან ერთად იყვნენ თუ არა ასევე საკმარისი, სტრასბურგის სასამართლოს ეჭვი შეაქვს სათანადო მტკიცებულებების ადეკვატურობაში, რომელთა მიხედვითაც დადგინდა, რომ ბავშვების საცხოვრებელი პირობები ფაქტობრივად საშიში იყო მათი სიცოცხლისა და ჯანრთელობისათვის. კერძოდ, იგი აღნიშნავს, რომ 2004 წლის იანვარში აღძრული მეურვეობის შესახებ საქმისწარმოების შედეგი არ ყოფილა 2006 წლის 23 ივნისს ბავშვების ოჯახიდან ჩამოშორება, არ ყოფილა მოთხოვნილი რაიმე დროებითი ღონისძიება და ამ პერიოდში არ დაფიქსირებულა რაიმე რაც ბავშვებისთვის რეალურად ზიანის მომტანი იყო. გარდა ამისა, მთელი რიგი კონკრეტული დასკვნები (როგორიცაა სათანადო კვების ნაკლებობა, არასათანადო ჩაცმულობა და ხშირად ბავშვების სახლში მარტო დატოვება) ემყარებოდა მხოლოდ მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებს, რომლებიც გამომდინარეობდნენ მომჩივნის საცხოვრებელი სახლის პერიოდული შემოწმებისგან. სხვა დამადასტურებელი მტკიცებულებები, როგორიცაა ბავშვების საკუთარი შეხედულებები, მათი სამედიცინო ისტორიები, პედიატრების მოსაზრებები ან მეზობლების განცხადებები არ ყოფილა შესწავლილი. სინამდვილეში, ბავშვების არაადეკვატური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის დასადასტურებლად (რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება), გამოყენებული იყო ერთი წლით ადრე გამოტანილი სამედიცინო ცნობა, რომლის მიხედვითაც ორი ბავშვი დაავადებული იყო პირველი სტადიის ანემიით და რომლის სიზუსტეც არ ყოფილა გადამოწმებული. ამის მსგავსად, რაც შეეხება მომჩივნების მარცხს ეზრუნველყოთ შესაბამისი საგანმანათლებლო და სოციალური ადაპტაცია შვილებისთვის, ეროვნულმა სასამართლოებმა, პირველ რიგში, მიუთითეს მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ წარმოდგენილი განცხადებებზე, რომ ერთ-ერთი ბავშვი შემჩნეული იყო ხეტიალსა და მათხოვრობაში, თუმცა არ იყო მითითებული თარიღები, სიხშირე, მოწმეთა სახელები ან სხვა რაიმე მტკიცებულება.
57. გარდა ამისა, არ ჩანს, რომ ეროვნულმა სასამართლო ორგანოებმა სიღრმისეულად გაანალიზეს თუ რამდენად იყო სადავო ბავშვის აღზრდის არაადეკვატურობა განპირობებული მომჩივნების შეზღუდული შესაძლებლობებით, რომ გაეწიათ საჭირო მზრუნველობა, მათი ფინანსური სიძნეელეებისა და ობიექტური სირთულეების საწინააღმდეგოდ, რომელთა დაძლევაც შეიძლებოდა ფინანსური და სოციალური დახმარებითა და ეფექტური კონსულტაციით. რაც შეეხება ფინანსურ სირთულეებს, სტრასბურგის სასამართლოს როლი არ არის განსაზღვროს მისცემდა თუ არა ოჯახის ერთიანობის ხელშეწყობა მომჩივანთა ოჯახს კონკრეტული ცხოვრების სტანდარტის დონეს. ამასთან, ეს არის ის საკითხი, რომელიც თავდაპირველად უნდა განიხილონ შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა ხოლო, შემდგომ ეროვნულმა სასამართლოებმა.
58. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად გამოიწვია ბავშვის აღზრდის არაადეკვატურობა მომჩივანთა, როგორც მშობლების, სავარაუდო უპასუხისმგებლობამ, არანაირი დამოუკიდებელი მტკიცებულება (როგორიცაა ფსიქოლოგის შეფასება) არ ყოფილა წარმოდგენილი მათი ემოციური ან გონებრივი სიმწიფის ან მათი საყოფაცხოვრებო სირთულეების მოგვარების მოტივაციის წარმოსაჩენად. მსგავსად ამისა, ეროვნული სასამართლოს არ გაუანალიზებია მომჩივანთა მცდელობები, გაეუმჯობესებინათ თავიანთი სიტუაცია, როგორიცაა ბუნებრივი აირით მათი ბინის აღჭურვა, დაგვიანებული ხელფასის კონპენსირება ან დასაქმებისათვის ხელშეწყობის მოთხოვნა. ამის საწინააღმდეგოდ, როგორც ჩანს, ეროვნულმა სასამართლოებმა გაითვალისწინეს და ენდნენ მხოლოდ მუნიციპალიტეტის ორგანოებს, იმის თაობაზე, რომ მომჩივნებმა ვერ გააუმჯობესეს საკუთარი საცხოვრებელი პირობები და დამოკიდებულება, მიუხედავად ფინანსური და სხვა სახის მხარდაჭერის და აუცილებელი კონსულტაციისა. შემოწმების თაობაზე ანგარიშების მიღმა, როლებმაც არაერთხელ მიუთითეს ერთსა და იმავე პრობლემაზე, როგორიცაა ბავშვის დამპალი ლეიბები, არ იქნა მოძიებული მონაცემები სოციალური დახმარების რეალურ მოცულობასა და საკმარისობაზე ან კონკრეტული რეკომენდაციების შინაარსზე, რომლებიც მიღებული იქნა კონსულტაციის გზით და ასევე არ იქნა განმარტებული თუ რატომ ვერ გაამართლა ამ რეკომენდაციებმა. სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ საკითხთან დაავშირებით კონკრეტული ინფორმაციის დაზუსტება მნიშვნელოვანი იქნებოდა იმის შესაფასებლად, შეასრულა თუ არა ხელისუფლებამ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულება, ხელი შეეწყო ოჯახის ერთიანობისათვის და საკმარისად შეისწავლეს თუ არა სხვა ალტერნატივები მანამ, სანამ ბავშვებს ჩამოაშორებდნენ მშობლებს.
59. სტრასბურგის სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე მოსამართლეებს არ გამოუკითხავთ ბავშვები და მათი ოჯახიდან განცალკევების შესახებ ბრძანებით ისინი არა მხოლოდ ბიოლოგიურ მშობლებს ჩამოშორდნენ, ასევე ისინი სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში მოათავსეს. ორი მათგანი ცხოვრობდა სხვა ქალაქში, შორს მათი მშობლებისა და და-ძმების საცხოვრებელი ადგილიდან, რამაც გაართულა რეგულარული კავშირის შენარჩუნება.
60. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ხელისუფლების მიერ მომჩივანთა შვილების მათგან განცალკევებისათვის არსებობდა შესაბამისი საფუძვლები, ეს არ არის საკმარისი მომჩივანთა ოჯახურ ცხოვრებაში ამვარი სერიოზული ხასიათის ჩარევის გასამართლებლად.
61. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი:
მომჩივნებს მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 5 000 ევრო მიეკუთვნა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები