© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016 წელი. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სრული მითითება საავტორო უფლების შესახებ დოკუმენტის ბოლოს.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2016. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court. For further information see the full copyright indication at the end of this document.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2016. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour. Pour plus de renseignements veuillez lire l’indication de copyright/droits d’auteur à la fin du présent document.
დიდი პალატა
საქმე ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ (SCHATSCHASCHWILI v. GERMANY)
(განაცხადი # 9154/10)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
15 დეკემბერი, 2015
ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა შესაძლოა დაექვემდებაროს სარედაქციო გადახედვას.
საქმეზე ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ (Schatschaschwili v. Germany),
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დინ სპილმანი, თავმჯდომარე,
ისილ კარაკასი,
ანდრას შაიო,
სუის ლოპეს გუერა,
პაივი ჰირველა,
ხანლარ ჰაჯიევი,
დრაგოლიუბ პოპოვიჩი,
ნონა წოწორია,
ქრისტინა პარდალოსი,
ანგელიკა ნიუბერგერი,
იულია ლაფრანკი,
ელენ კელერი,
ანდრე პოტოცკი,
პოლ მაჰოუნი,
ვალერიუ გრიტკო,
ეგიდიუს კურის,
იონ ფრიდრიკ კიოლბრო, მოსამართლეები,
და ლოურენს ერლი, იურისტ კონსულტანტი,
ითათბირა 2015 წლის 4 მარტს და 2015 წლის 8 ოქტომბერს,
და ამ უკანასკნელ დღეს მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმისწარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 34-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის, ბატონი ზვიად ჭაჭაშვილის მიერ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის წინააღმდეგ 2010 წლის 12 თებერვალს წარდგენილი განაცხადი # 9154/10.
2. განმცხადებლის ადვოკატმა 2013 წლის 29 დეკემბრის წერილით სასამართლოს აცნობა, რომ განმცხადებელმა მას შეატყობინა, რომ მისი ნამდვილი სახელი იყო ავთანდილ სისვაძე. სასამართლომ 2014 წლის 14 იანვარს მხარეებს შეატყობინა, რომ განაცხადის განხილვას განაგრძობდა სახელწოდებით ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ. ეს შეესაბამებოდა შიდა სასამართლოებში საქმისწარმოებისას განმცხადებლის სახელსა და ასევე [ადამიანის უფლებათა ევროპულ] სასამართლოში მის მიერ წარდგენილ განაცხადს.
3. განმცხადებელს, რომელიც სარგებლობდა უფასო იურიდიული დახმარებით, წარმოადგენდა ბატონი ჰ. მეიერ-მეუსი, ბრემენში მოღვაწე ადვოკატი. გერმანიის ხელისუფლებას (მოპასუხე ხელისუფლება) წარმოადგენდნენ სახელმწიფო წარმომადგენელი, ქალბატონი ა. ვიტლინ-ვოგელი, ბატონი ჰ.-ჯ. ბეჰრენსი და ქალბატონი კ. ბერი, იუსტიციისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამინისტროდან.
4. განმცხადებელი კონვენციის 6.3.d მუხლზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ მისი საქმის სასამართლო განხილვა უსამართლო იყო, რადგანაც არც მას, არც მის ადვოკატს არ მიეცათ შესაძლებლობა მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმისწარმოების რომელიმე სტადიაზე დაეკითხათ დაზარალებულები და ერთადერთი პირდაპირი მოწმე დანაშაულისა, რომელიც სავარაუდოდ მან ჩაიდინა გოტინგენში, 2007 წლის თებერვალში და რომლის ჩვენებასაც დააფუძნა გოტინგენის რეგიონულმა სასამართლომ მისი მსჯავრდება.
5. განაცხადი გამწესდა სასამართლოს მეხუთე სექციაში (სასამართლოს რეგლამენტის 52.1 მუხლი). მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადის შესახებ შეტყობინება მიიღო 2013 წლის 15 იანვარს. 2014 წლის 17 აპრილს მეხუთე სექციის პალატა შემდეგი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი: მარკ ვილიგერი, თავმჯდომარე, ანგელიკა ნიუბერგერი, ბოსტიან მ. ზუპანჩიჩი, ანნ პოვერ-ფორდე, განნა იუდკივსკა, ელენა იადერბლომი და ალეს პეიჩალი, მოსამართლეები და კლაუდია ვესტერდიეკი, სექციის მდივანი. მათ განაცხადი ერთხმად მიიჩიეს ნაწილობრივ დასაშვებად და მიიღეს გადაწყვეტილება. დაადგინეს, ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ, რომ კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევას არ ქონია ადგილი, 6.3.d მუხლთან ერთობლიობაში.
6. 2014 წლის 15 ივლისს განმცხადებელი მოითხოვა მისი საქმის დიდი პალატისთვის გადაცემას კონვენციის 43-ე მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 73-ე მუხლის შესაბამისად. 2014 წლის 8 სექტემბერს დიდი პალატის პანელმა დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა.
7. დიდი პალატის შემადგენლობა განისაზღვრა კონვენციის 26.4 და 26.5 მუხლისა და სასამართლოს რეგლამენტის 24-ე მუხლის შესაბამისად. საბოლოო თათბირზე იონ ფრიდრიკ კიოლბრომ და ანდრას შაიომ, შემცვლელი მოსამართლეები, ჩაანაცვლეს ჯოსეფ კასადევალი და იზაბელ ბერო, რომელთაც არ შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ საქმის შემდგომ განხილვაში ([რეგლამენტის] 24.3 მუხლი).
8. განმცხადებელმა და მოპასუხე ხელისუფლებამ წარმოადგინეს წერილობითი დასაბუთებები საქმის არსებით მხარესთან დაკაშირებით ([სასამართლოს რეგლამენტის] 59.1 მუხლი). ამასთან ჩეხეთმა წარმოადგინა მესამე მხარის კომენტარები, რომელთაც თავმჯდომარემ ნება დართო ჩართულიყვნენ წერილობით საქმისწარმოებაში 2014 წლის 3 ნოემბერს (კონვენციის 36.2 მუხლი და [რეგლამენტის] 44.3 მუხლი).
9. საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც ეცნობა საქმისწარმოებაში მონაწილეობის უფლების შესახებ (კონვენციის 36.1 მუხლი და [სასამართოს რეგლამენტის] 44.1 და 44.4 მუხლი), არ გამოუხატავს ამ უფლებით სარგებლობის სურვილი.
10. საქმის მოსმენა გაიმართა ადამიანის უფლებათა შენობაში, სტრასბურგი, 2015 წლის 4 მარტი (სასამართოს რეგლამენტის 59.3 მუხლი).
სასამართლოს წინაშე წარსდგნენ:
(a) მოპასუხე ხელისუფლების სახელით:
ბატონი ჰ.-ჯ. ბეჰნერი, იუსტიციისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამინისტრო, წარმომადგენელი,
ბატონი ჰ. საცგერი, მიუნხენის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროფესორი,
ბატონი ფ. ციმერმანი, მიუნხენის უნივერსიტეტის სამართლებრივი თანაშემწე,
ბატონი ჰ. პეტზოლდი, იუსტიციისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერალური სამინისტრო,
ბატონი ც. ტეგეთოფი, მოსამართლე, ქვემო საქსონიის იუსტიციის სამინისტრო,
მრჩევლები;
(b) განმცხადებლის სახელით
ბატონი ჰ. მეიერ-მეუსი, ადვოკატი,კონსულტანტი,
ბატონი ა. როტერი, ადვოკატი,
ბატონი ჯ. ლამი, ადვოკატი,მრჩევლები.
სასამართლომ მოისმინა ბატონი მეიერ-მეუსა და ბატონი ბეჰრენის მიმართვები და მოსამართლეთა მიერ დასმულ კითხვებზე პასუხები.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
11. განმცხადებელი დაიბადა 1978 წელს. განაცხადის წარდგენის მომენტში ის დაპატიმრებული იყო როსდორფის ციხეში, გერმანიაში. ამჟამად ის ცხოვრობს ხაშურში/სურამში, საქართველოში.
A. ეროვნული სასამართლოების მიერ დადგენილი მოვლენათა განვითარება კასელსა და გოტინგენში
1. კასელში ჩადენილი დანაშული
12. 2006 წლის 14 ოქტომბერს განმცხადებელმა და დაუდგენელმა თანხმლებმა პირმა დააყაჩაღეს ლ. და ი., ლიტვის ორი მოქალაქე, ქალთა საცხოვრებელში კასელში.
13. თავდამსხმელებმა იცოდნენ, რომ ბინა გამოიყენებოდა პროსტიტუციისთვის და ელოდნენ, რომ ბინაში მაცხოვრებელ ორ ქალს ძვირფასეულობა და ნაღდი ფული ქონდათ გადანახული. საღამოს მათ გაიარეს ბინასთან, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ბინაში არ იმყოფებოდნენ კლიენტები ან მაცხოვრებლები. მალევე ისინი დაბრუნდნენ და იძალადეს ლ.-ზე, რომელმაც კარი გააღო. განმცხადებელმა მათ გაზის პისტოლეტი დაუმიზნა, რომელიც ორივე ქალმა ნამდვილ ცეცხლსასროლ იარაღად მიიჩია და დაემუქრა სროლით, თუკი არ გამოაჩენდნენ დამალულ თანხას. სანამ თანმხლები პირი ქალებს დარაჯობდა, განმცხადებელმა ნაწილობრივ თავად მოაგროვა, ნაწილობრივ ქალებს აიძულა გადაეცათ 1 100 ევრო და ექვსი მობილური ტელეფონი.
2. გოტინგენში ჩადენილი დანაშაული
14. 2007 წლის 3 თებერვალს განმცხადებელმა, მოქმედებდა რა რამდენიმე თანამზრახველთან ერთად, დააყაჩაღა ო. და პ., ლატვიის ორი მოქალაქე, რომლებიც დროებით ცხოვრობდნენ გერმანიაში და პროსტიტუციას ეწეოდნენ თავიანთ ბინაში გოტინგენში.
15. 2007 წლის 2 თებერვლის საღამოს, დანაშულის ჩადენამდე ერთი დღით ადრე, განმცხადებლის ერთერთმა თანაბრალდებულმა ჩაიარა ო.-სა და პ.-ს ბინასთან გოტინგენში, თანამზრახველ რ.-სთან ერთად, რომელიც ო.-სა და პ.-ს ნაცნობი იყო. მათ სურდათ გაერკვიათ, მხოლოდ ეს ორი ქალი ცხოვრობდა თუ არა ბინაში და ქონდათ თუ არა მათ ბინაში ძვირფასეულობა და აღმოაჩინეს სეიფი სამზარეულოში.
16. 2007 წლის 3 თებერვალს დაახლოებით საღამოს 8 საათზე განმცხადებელმა და სხვა თანამზრახველმა ბ.-მ შეაღწიეს ო.-სა და პ.-ს ბინაში, თავი წარადგინეს რა პოტენციურ კლიენტებად, ხოლო მათი ერთი თანაბრალდებული იცდიდა ბინასთან ახლოს ავტოსადგომზე გაჩერებულ მანქანაში, ხოლო კიდევ ერთი თანაბრალდებული იცდიდა შენობის წინ. ბინაში შეღწევის შემდეგ ბ.-მ ამოიღო ქურთუკში დამალული დანა. პ. თავდამსხმელებისგან თავის დაღწევის მიზნით დაუსხლტა მათ და გადახტა აივნიდან, რომელიც მიწის ზედაპირიდან დაახლოებით ორი მეტრით იყო დაშორებული და გაიქცა. განმცხადებელიც გადახტა და დაედევნა, თუმცა რამდენიმე წუთში დევნა შეწყვიტა, რადგანაც მიმდებარე ქუჩაზე ფეხით მოსიარულეები შენიშნა. შემდეგ მან დაურეკა თანაბრალდებულს, რომელიც შენობის წინ იცდიდა და უთხრა, რომ ერთერთი ქალი გადახტა აივნიდან და ის ვერ დაეწია მას. განმცხადებელი თანაბრალდებულს შეუთანხმდა შეხვედრის ადგილზე, სადაც მას მანქანით აიყვანდნენ მას შემდეგ რაც ბ. დატოვებდა დანაშაულის ადგილს და მათ შეუერთდებოდა.
17. ამასობაში ბინაში ბ.-მ, დაიმორჩილა რა ო., დაემუქრა მას დანით მოკვლით თუ არ გაამჟღავნებდა სად ინახავდნენ ფულს ან თუ არ გააღებდა სეიფს. დაშინებულმა ო.-მ გახსნა სეიფი, რომლიდანაც ბ.-მ ამოიღო 300 ევრო და ასევე 250 ევრო ამოიღო მისი საფულიდან. ბ.-მ ბინა დატოვა დაახლოებით 8:30 წუთზე, თან წაიღო ფული და პ.-ს მობილური ტელეფონი და ბინაში არსებული ტელეფონის აპარატი და შეუერთდა თანაბრალდებულს. თანაბრალდებულმა და ბ.-მ შემდგომ განმცხადებელი აიყვანეს მანქანით შეთანხმებული ადგილიდან. დაახლოებით საღამოს 9:30 საათზე პ. დაბრუნდა ო.-სთან ბინაში.
18. ო.-მ და პ.-მ მომხდარის შესახებ აცნობეს მეზობელ ე.-ს, დანაშაულის ჩადენიდან მეორე დილით. მათ დატოვეს გოტინგენის ბინა, რადგანაც ეშინოდათ და რამდენიმე დღით მეგობარ ლ.-სთან დარჩნენ, კასელში ჩადენილი დანაშაულის ერთერთ მსხვერპლთან, რომელსაც ასევე დეტალურად მოუყვნენ მომხდარი დანაშაულის შესახებ.
B. გოტინგენში მომხდართან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების საქმისწარმოება
19. 2007 წლის 12 თებერვალს ლ.-მ პოლიციას შეატყობინა გოტინგენში ო.-სა და პ.-ს წინააღმდეგ მომხდარი დანაშაულის შესახებ. 2007 წლის 15-დან 18 თებერვლამდე ო. და პ. რამდენიმეჯერ დაკითხა პოლიციამ 2007 წლის 2 და 3 თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით. ამ ჩვენებებში მათ აღწერეს ზემოთ გადმოცემული მოვლენები. პოლიციამ შეამოწმა ო.-სა და პ.-ს დოკუმენტები და დაადგინა, რომ გერმანიაში მათი ცხოვრება და საქმიანობა შეესაბამებოდა იმიგრაციისა და ვაჭრობის სამართალს.
20. რადგანაც მოწმეებმა პოლიციაში დაკითხვისას განმარტეს რომ 2007 წლის 19 თებერვალს განზრახული ქონდათ ლატვიაში დაბრუნება, პროკურატურამ გამომძიებელ მოსამართლეს მოსთხოვა მოწმეთა დაკითხვა, რათა მოეპოვებინა ნამდვილი ჩვენება, რომელიც შეიძლება გამოეყენებია თანმდევ სასამართლო განხილვაზე (“eine[r] im späteren Hauptverfahren verwertbare[n] wahrheitsgemäße[n] Aussage”).
21. შესაბამისად, 2007 წლის 19 თებერვალს ო. და პ. დაკითხა გამომძიებელმა მოსამართლემ და მათ კვლავ ისე აღწერეს მოვლენები, როგორც ზემოთ არის გადმოცემული. იმ დროისთვის განმცხადებელი ჯერ არ იყო ინფორმირებული მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ, რათა გამოძიება რისკის ქვეშ არ აღმოჩენილიყო. მისი დაკავების შესახებაც ორდერი არ გაცემულა და მას ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა კონსულტანტი. გამომძიებელმა მოსამართლემ განმცხადებელი გამორიცხა მოწმეების სასამართლო დაკითხვიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168c მუხლის საფუძველზე (იხილეთ 56-ე პარაგრაფი დაბლა), რადგანაც თვლიდა, რომ მოწმეებს, რომლებიც მისი დასკვნით მნიშვნელოვნად შოკირებული და აღელვებული იყვნენ დანაშაულის ფონზე, შეეშინდებოდათ სიმართლის გაცხადება განმცხადებლის თანდასწრებით. მოწმეებმა აღნიშნულ სხდომაზე განაცხადეს, რომ განზრახული ქონდათ რაც შეიძლება მალე ლატვიაში დაბრუნება.
22. ამ სხდომის შემდეგ მალევე ო. და პ. დაბრუნდნენ ლატვიაში. შესაბამისად განმცხადებელი დააპატიმრეს 2007 წლის 6 მარტს.
C. გოტინგენის რეგიონულ სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვა
1. სასამართლოს მცდელობა, დაეკითხა ო. და პ. და დასაშვებად ეცნო ო.-სა და პ.-ს წინასასამართლო ჩვენებები
23. გოტინგენის რეგიონულმა სასამართლომ ო. და პ. რეგისტრირებული ფოსტით მოიწვია 2007 წლის 24 აგვისტოს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე. თუმცა ორივე მოწმემ უარი განაცხადა რეგიონული სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებაზე, წარმოადგინა რა 2007 წლის 9 აგვისტოს გაცემული ცნობა, რომ ისინი იმყოფებოდნენ არასტაბილურ, პოსტ-ტრავმატულ ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში.
24. შესაბამისად 2007 წლის 29 აგვისტოს რეგიონულმა სასამართლომ რეგისტრირებული ფოსტით წერილები გაუგზავნა ორივე მოწმეს, რითაც აცნობა, რომ მართალია სასამართლოს არ შეეძლო სასამართლო სხდომაზე მათი იძულებით მოყვანა, მას მაინც სურდა მათი მოწმის ჩვენებების მოსმენა სასამართლო განხილვაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ გერმანიის ტერიტორიაზე ისინი უზრუნველყოფილი იქნებოდნენ დაცვით და სასამართლო სხდომაზე გამოცხადების ყველა ხარჯი აუნაზღაურდებოდათ და თავაზობდა რა რამდენიმე ალტერნატივას, ეკითხებოდა, რა გარემოებებში მოისურვებდნენ ისინი სხდომაზე ჩვენების მიცემას. მიუხედავად იმისა, რომ ორივე წერილის მიღება წერილობით დადასტურდა, პ.-ს პასუხი არ გაუცია. ო.-მ წერილობით შეატყობინა რეგიონულ სასამართლოს, რომ ის კვლავ ტრავმირებული იყო დანაშაულით და შესაბამისად სასამართლო სხდომაზე არც პირადად სურდა გამოცხადება და არც აუდიო-ვიზუალური კავშირის მეშვეობით სურდა ჩვენების მიცემა. ო.-მ ასევე განაცხადა, რომ მას არაფერი ქონდა დასამატებელი ჩვენებაზე, რაც 2007 წლის თებერვალში პოლიციაში და გამომძიებელი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას განაცხადა.
25. მიუხედავად ამისა რეგიონულმა სასამართლომ გადაწყვიტა სამართლებრივი დახმარებისთვის მიემართა ლატვიის შესაბამისი ორგანოებისთვის 1959 წლის 20 აპრილის “სისხლის სამართლის საკითხებზე ურთიერთდახმარების ევროპული კონვენციის” საფუძველზე, რომელსაც ავსებდა “ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის სისხლის სამართლის საკითხებზე ურთიერთდახმარების შესახებ” 2000 წლის 29 მაისის კონვენცია (იხილეთ 64-66 პარაგრაფები დაბლა). დაეყრდნო რა მოსაზრებას, რომ ლატვიის კანონმდებლობის საფუძველზე ო. და პ. ვალდებულები იყვნენ სასამართლოში გამოცხადებულიყვნენ ლატვიაში, სამართლებრივი დახმარების შესახებ მოთხოვნის შესაბამისად, მან მოითხოვა მოწმეების ლატვიაში მოქმედ სასამართლოში დაბარება და აუდიოვიზუალური კავშირის ორგანიზება რეგიონული სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლის მიერ საქმის განხილვის წარსამართად (audiovisuelle Vernehmung). მან კონვენციის 6.3.d მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ დაცვის წარმომადგენელს და ბრალდებულს, ისევე როგორც მოსამართლეებსა და პროკურორს, უფლება ქონდათ მოწმისთვის პირველად დაესვათ კითხვები.
26. თუმცა ო.-სა და პ.-ს მხრიდან მოწმეთა ჩვენების მიცემა ჩანიშნული კომპოტენტური სასამართლოს მიერ 2008 წლის 13 თებერვალს, ამ დღემდე რამდენიმე ხნით ადრე გააუქმა თავმჯდომარე ლატვიელმა მოსამართლემ. ამ უკანასკნელმა დადგინა, რომ მოწმეებმა სამედიცინო ცნობებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ ისინი კვლავ იტანჯებოდნენ დანაშაულის შემდგომი პოსტ-ტრავმული აშლილობით და გოტინგენის მოვლენების ხელახლა გახსენება დაამძიმებდა მათ მდგომარეობას. ო. ასევე ამტკიცებდა, რომ ბრალდებულის მხრიდან მუქარის შედეგად მას ეშინოდა შესაძლო შურისძიების.
27. 2008 წლის 21 თებერვლის წერილით რეგიონულმა სასამართლომ, რომელმაც მოიპოვა მოწმეების მიერ რეგიონული სასამართლოს მოთხოვნით ლატვიის სასამართლოსთვის წარდგენილი სამედიცინო ცნობების ასლები, ლატვიელ კოლეგა უწყებას აცნობა, რომ გერმანიის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის სტანდარტის თანახმად, მოწმეებმა საკმარისად ვერ დაასაბუთეს თავიანთი უარი ჩვენების მიცემაზე. სასამართლომ კომპეტენტურ ლატვიელ მოსამართლეს შესთავაზა მოწმეების შემოწმება კომპეტენტური მედიცინის მუშაკის (Amtsarzt) მიერ ან ალტერნატივის სახით, მათი იძულებით მიყვანა სხდომაზე. ამ წერილზე პასუხი არ მიუღია.
28. 2008 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით რეგიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ერთერთი თანაბრალდებულის კონსულტანტის პროტესტი მოწმეთა წინასასამართლო ჩვენებების დასაშვებობასთან დაკავშირებით და ბრძანა ო.-სა და პ.-ს პოლიციისა და გამომძიებელი მოსამართლის მიერ დაკითხვის ჩანაწერების წაკითხვა სასამართლო სხდომაზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 251.1.2 და 251.2.1 მუხლის შესაბამისად (იხილეთ 61-ე მუხლი დაბლა). მან მიიჩნია, რომ როგორც ზემოთ მითითებულ ნორმებშია დადგენილი, სახეზე იყო დაუძლეველი დაბრკოლებები, რამაც შეუძლებელი გახადა მოწმეთა მოსმენა განჭვრეტად მომავალში, რადგანაც მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. შეუძლებელი იყო ო.-სა და პ.-ს მოსმენა საქმის სასამართლო განხილვისას, რადგანაც ისინი გამოძიების სტადიაზე დაკითვის შემდეგ მალევე დაბრუნდნენ სამშობლოში, ლატვიაში და მათი მტკიცებულების საქმის არსებით განხილვაზე მოსმენის ყველა მცდელობა, რომელთა აღსრულების საშუალება სასამართოს არ გააჩნდა, უშედეგო აღმოჩნდა. მიუთითა რა, რომ სასამართლოებს ევალებოდათ თავისუფლების აღკვეთის შემცველი საქმისწარმოება მოკლე ვადაში წარემართათ და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული პატიმრობაში იმყოფებოდა უკვე მნიშვნელოვანი დროის მანძილზე, სასამართლო მიიჩნევდა, რომ გაუმართლებელი იყო საქმის კიდევ უფრო გაჭიანურება.
29. რეგიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოძიების ეტაპზე არაფერი უთითებდა, რომ ო. და პ. რომლებმაც ჩვენება მისცეს რამდენიმეჯერ, პოლიციისა და შემდგომ გამომძიებელი მოსამართლის წინაშე, უარს განაცხადებდნენ შემდგომ სასამართლო განხილვაზე ჩვენების მიცემაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად დაცვის მხარისთვის არსებული შეზღუდვებისა, ო.-სა და პ.-ს წინასასამართლო ჩვენებების საქმისწარმოებისას მტკიცებულებად დაშვებიდან გამომდინარე, საერთო ჯამში სასამართლო განხილვა შეიძლება წარმართულიყო სამართლიანად და კონვენციის 6.3.d მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.
2. რეგიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
30. გოტინგენის რეგიონულმა სასამართლომ 2008 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით, ზემოთ დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით, განმცხადებელი დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებებში ყაჩაღობის ორ ეპიზოდში, რომელსაც უკავშირდებოდა დამამძიმებელ გარემოებებში ძალის გამოყენება და რომელიც სხვა თანამზრახველებთან ერთად ჩიადინა კასელში 2006 წლის 14 ოქტომბერს და გოტინგენში 2007 წლის 3 თებერვალს. განმცხადებელს, რომელსაც სასამართლო განხილვისას კონსულტანტი წარმოადგენდა, სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ცხრა წლითა და ექვსი თვით.
(a) კასელში ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით არსებული მტკიცებულების შეფასება
31. რეგიონულმა სასამართლომ განმცხადებლის მიერ კასელში ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით თავისი მიგნებები დააფუძნა ფაქტებს, რომლებიც დადგინდა დაზარალებულების ლ.-სა და ი.-ს მიერ სასამართლო განხილვისას მიცემული ჩვენებებიდან და რომელთაც განმცხადებელი ამოიცნეს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მათი ჩვენებები გამყარებული იყო სასამართლო განხილვისას პოლიციის ოფიცრების ჩვენებებით, რომლებიც იმყოფებოდნენ დანაშაულის ადგილზე და დაკითხეს ლ. და ი. წინასწარი გამოძიების ეტაპზე. ამ ელემენტების გათვალისწინებით რეგიონული სასამართლო მიიჩევს, რომ განმცხადებლის ჩვენება იმის თაობაზე, რომ თავდაპირველი ჩვენებით ის უდანაშულო იყო, ხოლო შემდგომ აღიარა, რომ იმყოფებოდა ლ.-სთან და ი.-სთან ბინაში, მაგრამ ფარულად მიითვისა 750 ევრო მარტომ, მას შემდეგ რაც იჩხუბა ქალებთან, გაბათილდა.
(b) გოტინგენში ჩადენილ დანაშულთან დაკავშირებით არსებული მტკიცებულების შეფასება
(i) ო.-სა და პ.-ს ჩვენებები
32. გოტინგენში ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას რეგიონული სასამართლო დაეყრდნო ო.-სა და პ.-ს წინასასამართლო ჩვენებებს, რომლებსაც ის ბრალდების საკვანძო მოწმეებად მიიჩნევდა (maßgebliche[n] Belastungszeuginnen), პოლიციისა და გამომძიებელი მოსამართლის წინაშე მიცემული ჩვენებების გათვალისწინებით.
33. თავის გადაწყვეტილებაში, რომელიც დაახლოებით 152 გვერდი იყო, რეგიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მისთვის ცნობილი იყო ო.-სა და პ.-ს წინასასამართლო ჩვენებების შემცირებული მტკიცებულებითი ღირებულების შესახებ. მან ასევე გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ არც განმცხადებელს და არც მისი დაცვის წარმომადგენელს არ მიეცათ შესაძლებლობა, საქმისწარმოების რომელიმე ეტაპზე დაეკითხათ გოტინგენში მომხდარი დანაშულის ერთადერთი პირდაპირი მოწმე.
34. რეგიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოძიების ეტაპზე ო.-სა და პ.-ს ჩვენებების ჩანაწერები უთითებს, რომ მათ დეტალურად და ამომწურავად აღწერეს დანაშაულის გარემოებები. მათ ჩვენებებში მცირე წინააღმდეგობები შეიძლება აიხსნას ან შფოთვით, რაც უკავშირდებოდა მათი საცხოვრებლისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო ორგანოებისთვის გაუმჟღავნებლობას და ფსიქოლოგიურ დაძაბულობას, რასაც ისინი განიცდიდნენ ინციდენტის დროს და მის შემდეგ. მოწმეებს ეშინოდათ პოლიციასთან პრობლემების შექმნისა და მოძალადეების მხრიდან შურისძიებისა. ამით აიხსნებოდა ის, თუ ამ მოვლენებიდან დაუყოვნებლივ რატომ არ განაცხადეს და პოლიციას ამ ფაქტების შესახებ რატომ აცნობა მეგობარმა ლ.-მ მხოლოდ 2007 წლის 12 თებერვალს.
35. რეგიონულმა სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ო.-მ და პ.-მ პოლიციაში დაკითხვისას ვერ ამოიცნეს განმცხადებელი პოტენციური ეჭვმიტანილის რამდენიმე ფოტოდან. სასამართლომ დაადგინა, რომ ინციდენტის დროს მოწმეთა ყურადღება მიმართული იყო მეორე თავდამსხმელზე, რომელსაც დანა ქონდა და რო თავად განმცხადებელმა მხოლოდ მცირე დრო დაჰყო ბინაში. ის რომ მათ ვერ შეძლეს განმცხადებლის ამოცნობა, ასევე უთითებდა, ბრალდებულის მტკიცების საპირისპიროდ, რომ მოწმეებს ჩვენება არ მიუციათ მისი დადანაშაულების განზრახვით. სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ის ფაქტი, რომ მოწმეებმა ვერ შეძლეს სასამართლო განხილვაზე დასწრება შეიძლება აიხსნას იმ სირთულით რაც უკავშირდებოდა დანაშაულის გახსენებისა და მის შესახებ დაკითხვის სირთულეს და შესაბამისად, ეჭვქვეშ არ აყენებს ამ მოწმეების სანდოობას.
(ii) სხვა ხელმისაწვდომი მტკიცებულება
36. ფაქტების დადგენისას რეგიონული სასამართლო ასევე დაეყრნდო შემდეგ დამატებით მტკიცებულებას: რამდენიმე მოწმის ჩვენება, რომელთაც ო.-მ და პ.-მ განუცხადეს დანაშაულის შესახებ ამ ფაქტიდან მალევე, კერძოდ კი მეზობელი ე.-სა და მათი მეგობრის ლ.-ს ჩვენებას, ასევე პოლიციის ოფიცრებისა და გამომძიებელი მოსამართლის ჩვენებები, რომელთაც დაკითხეს ო. და პ. წინასასამართლო სტადიაზე; განმცხადებლისა და მისი თანაბრალდებულის მობილური ტელეფონების მოსმენითა და ერთერთი თანაბრალდებულის მანქანის სატელიტური მიდევნების სისტემიდან (GPS) მიღებული გეოგრაფიული მონაცემები და ინფორმაცია; საქმის სასამართლო განხილვისას განმცხადებლის აღიარება, რომ განსახილველ დროს ის იმყოფებოდა დაზარალებულის ბინაში; და კასელსა და გოტინგენში ჩადენილი დანაშაულების ჩადენის ხერხის მსგავსება.
37. რეგიონულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა იმას, რომ მას შემდეგ რაც გაირკვა მოწმეების ო.-სა და პ.-ს მიუწვდომელობა, მან უზრუნველყო მაქსიმალურად ყველა იმ პირის სასამართლო განხილვაზე გამოძახება, რომლებიც ო.-სა და პ.-სთან დაკავშირებული იყვნენ განსახილველ მოვლენებთან მიმართებით, რათა დაედასტურებინათ დაზარალებულთა სანდოობა.
38. რეგიონული სასამართლოს აზრით, ის ფაქტი, რომ ო.-სა და პ.-ს მიერ წინასასამართლო ჩვენებებში მოცემული ფაქტების აღწერა შეესაბამებოდა დანაშაულის ჩადენის შემდეგ დილით მეზობელი ე.-სთვის მონათხრობს მათი სანდოობისა და მათი ჩვენებების ნამდვილობის ძლიერი ინდიკატორი იყო. ე.-მ ასევე განაცხადა, რომ 2007 წლის 3 თებერვლის საღამოს დაახლოებით 9:30 საათზე სხვა მეზობელი, მოხუცი ქალი შეშინდა და გაბრაზდა, როდესაც დაინახა პ. რომელიც მისი ფანჯრის წინ დარბოდა, დაუძახა მას და სთხოვა გაჰყოლოდა ქალების ბინაში იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა. თუმცა ო.-მ და პ.-მ პასუხი არ გასცეს მეზობლების ზარს კარზე.
39. შემდეგ რეგიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოვლენების ო.-სა და პ.-სეული აღწერა ასევე შეესაბამებოდა მათი მეგობრის ლ.-ს მიერ ო.-სა და პ.-სთან დანაშაულის შემდეგ საუბრების შინაარსს.
40. ამასთან რეგიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიციის სამმა ოფიცერმა და გამომძიებელმა მოსამართლემ, რომლებმაც დაკითხეს ო. და პ. წინასასამართლო სტადიაზე, საქმის სასამართლო განხილვისას ასევე განაცხადეს, რომ მათ ო. და პ. სანდოდ მიიჩნიეს.
41. რეგიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან არც დაცვის მხარეს და არც თავად სასამართლოს ქონდა შესაძლებლობა დაკვირვებოდა მოწმეთა ქცევას სასამართლო სხდომაზე ან დაკითხვისას აუდიო-ვიზუალური კავშირის მეშვეობით, მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოეჩინა პოლიციის ოფიცრებისა და გამომძიებელი მოსამართლის მიერ მოწმეთა სანდოობის დადგენის შეფასებისას. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოწმეთა მეზობლის ე.-სა და მათი მეგობრის ლ.-ს ჩვენებების გათვალისწინებისას მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მათი ჩვენება გადმოცემით მტკიცებულებას წარმოადგენდა და განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეფასებულიყო.
42. ამ კონტექსტში აუცილებლად გასათვალისწინებელი იყო, რომ ო.-სა და პ.-ს ჩვენებები, ასევე სასამართლო სხდომაზე მოსმენილი დამატებით მოწმეთა ჩვენებები გამყარებული იყო შემდგომი მნიშვნელოვანი და დასაშვები მტკიცებულებით, როგორიცაა მონაცემები და ინფორმაცია, მოპოვებული განმცხადებლისა და მისი თანაბრალდებულის მიყურადებით და GPS სისტემის საშუალებით. სადავო ინფორმაცია შეგროვდა ბრალდებულის წინააღმდეგ გოტინგენის ნარკოტიკულ წრეებში რეკეტისა და ძალადობის ეჭვთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში მიმდინარე საპოლიციო თვალთვალის ღონისძიებების გატარების კონტექსტში.
43. ეს დადგინდა ორი მობილური ტელეფონის გეოგრაფიული მონაცემიდან და სატელეფონო ჩანაწერიდან განმცხადებელსა და თანაბრალებულს შორის 2007 წლის საღამოს 8:29 საათსა და 8:31 საათზე, როდესაც ამ უკანასკნელმა შეატყობინა, რომ დაზარალებულის ბინაში იმყოფებოდა ბ.-სთან ერთად და რომ ის აივნიდან გადახტა გაქცეულ დაზარალებულზე დადევნების მიზნით, რომელიც ვერ დაიჭირა, სანამ ბ. კვლავ ბინაში იმყოფებოდა. უფრო მეტიც, GPS მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ერთერთი თანაბრალდებულის ავტომობილი გაჩერებული იყო დანაშაულის ჩადენის ადგილთან საღამოს 7:58 საათიდან 8:32 საათამდე, 2007 წლის 3 თებერვალს, იმ დროს რაც ემთხვეოდა სადავო ყაჩაღობის დროს.
44. უფრო მეტიც, მართალია განმცხადებელი და მისი თანაბრალდებული უარყოფდნენ ყაჩაღობაში ან დანაშაულებრივი ქმედების წინარე მოქმედებებში მონაწილეობას, სასამართლოზე მიცემულ ჩვენებებში მინიმუმ დაადასტურეს, რომ ერთერთი თანაბრალდებული რ.-სთან ერთად იმყოფებოდა დაზარალებულთა ბინაში გოტინგენში ყაჩაღობის წინა საღამოს და რომ ისინი ყველანი ერთად ისხდნენ დაზარალებულთა ბინასთან ახლოს გაჩერებულ მანქანაში ყაჩაღობის მომენტში. ბრალდებულმა თავდაპირველად განაცხადა, რომ სხვა თავდამსხმელი და რ. ბინაში იმყოფებოდნენ ინციდენტის დროს. განმცხადებელმა შესაბამისად შეცვალა ჩვენება და ამტკიცებდა, რომ ის და ბ. დაზარალებულების ბინას ეწვივნენ 2007 წლის 3 თებერვალს ქალებისგან სექს-მომსახურების მისაღებად. მან ასევე დაადასტურა, რომ გაყვა პ.-ს როდესაც ის აივნიდან გადახტა. მან განმარტა, რომ მისი ამგვარი ქცევა მიმართული იყო გაქცეულის მიერ მეზობლების ან პოლიციის მოხმობის თავიდან ასაცილებლად, რადგანაც მისი კრიმინალური წარსული გამო მას ეშინოდა ხათაბალაში გახვევის და პრობლემების გამო, რაც შეექმნა კასელში მეძავებთან მსგავს ვითარებაში.
45. და ბოლოს, რეგიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ორი ქალი დაზარალებულის, მეძავებად მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის მეტად მსგავსი ფორმა კიდევ ერთი ელემენტი იყო რაც მიუთითებდა, რომ განმცხადებელი ასევე მონაწილეობდა გოტინგენში ჩადენილ დანაშაულში.
46. რეგიონული სასამართლოს აზრით, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთიანობაში ქმნიდა მოვლენების სრულ და ამომწურავ სურათს, რაც გამყარებული იყო მოწმეების ო.-სა და პ.-ს მიერ წარმოდგენილი ვერსიით და აქარწყლებდა განმცხადებლისა და მისი თანაბრალდებულის მიერ საქმის სასამართლო განხილვისას წარმოდგენილ მოვლენათა საპირისპირო აღწერას.
D. მართლმსაჯულების ფედერალური სასამართლოს წინაშე მიმდინარე საქმისწარმოება
47. 2008 წლის 23 ივნისს განმცხადებელმა, რომელსაც კონსულტანტი წარმოადგენდა, გაასაჩივრა გოტინგენის რეგიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით. ის ჩიოდა, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა დაეკითხა გოტინგენში ჩადენილი დანაშაულის ერთადერთი პირდაპირი და საკვანძო მოწმეები საქმისწარმოების რომელიმე სტადიაზე, რითაც დაირღვა კონვენციის 6.1 და 6.3.d მუხლი. რადგანაც პროკურატურის ორგანოებმა ფედერალური მართლმსაჯულების სასამართლოს პრეცედენტული სამართლის (განმცხადებელმა მიუთითა 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებაზე, იხილეთ 58-59 და 62-ე პარაგრაფები დაბლა) საპირისპიროდ არ მოითხოვეს, რომ მას დამცველი დანიშვნოდა გამომძიებელი მოსამართლის მიერ ო.-სა და პ.-ს მოსმენამდე, მათი ჩვენებები საქმის არსებითი განხილვისას დაუშვებლად უნდა გამოცხადებულიყო.
48. 2008 წლის 9 სექტემბრით დათარიღებული წერილობითი წარდგინებით ფედერალურმა გენერალურმა სახელმწიფო პროკურორმა მოითხოვა სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით განმცხადებლის საჩივრის არ დაკმაყოფილება ფედერალური მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი წერილობითი საქმისწარმოებისას, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 349.2 მუხლის საფუძველზე (იხილეთ 63-ე პარაგრაფი დაბლა). ფედერალური გენერალური სახელმწიფო პროკურორი ამტკიცებდა, რომ მართალია სადავო საქმისწარმოებისას განმცხადებელმა “სრულად დაკარგა” ო.-სა და პ.-ს დაკითხვის უფლება (“Totalausfall des Fragerechts”), მთლიანობაში ეს საქმისწარმოება იყო სამართლიანი და არ არსებობდა ო.-სა და პ.-ს მოწმის ჩვენებების მტკიცებულებიდან გამორიცხვის საფუძველი.
49. ფედერალურმა გენერალურმა სახელმწიფო პროკურორმა მიიჩნია, რომ რეგიონულმა სასამართლომ საქმის სასამართლო განხილვისას წაკითხული მოწმეთა ჩვენების ჩანაწერის შინაარსი განსაკუთრებული სიფრთხილითა და კრიტიკულად შეაფასა. უფრო მეტიც, დაზარალებულთა ჩვენებები არ იყო რეგიონული სასამართლოს მიერ განმცხადებლის მსჯავრდების არც ერთადერთი და არც გადამწყვეტი საფუძველი, ვინაიდან სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება სხვა მნიშვნელოვან მტკიცებულებაზე დააფუძნა. მხარდამჭერი მტკიცებულებების სხვადასხვა ფენის გათვალისწინებით განმცხადებელს საკმარისი შესაძლებლობა ქონდა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებია პროკურატურის ორი მოწმის სანდოობა და ეფექტიანად დაეცვა თავი.
50. აღიარებდა რა რეგიონული სასამართლოს დასაბუთებას, ფედერალური გენერალური სახელმწიფო პროკურორი ასევე აღნიშნავს, რომ არაფერი უთითებდა იმაზე, რომ დაცვის უფლების შეზღუდვები, დაეკითხათ მოწმეები ო. და პ. ეროვნულ ორგანოებზე იყო დამოკიდებული. პროკურატურის ორგანოებს არ გააჩნდათ ვალდებულება დაენიშნათ განმცხადებლის წარმომადგენელი, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო წარმომადგენლის მონაწილეობა გამომძიებელი მოსამართლის მიერ გამართულ სასამართლო სხდომაში. მოწმეებთან თანმიმდევრული თანამშრომლობის პირობეებში სახელმწიფო ორგანოებს არ ქონდათ იმის საფუძველი, ევარაუდათ, რომ მიუხედავად სამშობლოში დაბრუნებისა, ისინი არ იქნებოდნენ ხელმისაწვდომები სასამართლო განხილვაზე დაკითხვისთვის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ლატვიის კანონმდებლობა მათ ავალდებულებდა მინიმუმ ვიდეო-კავშირის მეშვეობით მიეღოთ მონაწილეობა სასამართლო განხილვაში.
51. 2008 წლის 30 ოქტომბერს მართლმსაჯულების ფედერალურმა სასამართლომ მიუთითა რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 349.2 მუხლზე, არ დააკმაყოფილა განმცხადებლის სააპელაციო საჩივარი სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.
52. 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებაში, რომლითაც არ დააკმაყოფილა განმცხადებლის საჩივარი მისი უფლების - მოსმენილი ყოფილიყო (Anhörungsrüge) - დარღვევის თაობაზე, მართლმსაჯულების ფედერალურმა სასამართლომ მიუთითა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 349.2 მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის არდაკმაყოფილება აუცილებლად გულისხმობს ფედერალური გენერალური სახელმწიფო პროკურორის დასაბუთებულ განაცხადზე მითითებას.
E. საქმისწარმოება ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში
53. მართლმსაჯულების ფედერალური სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრისა და 9 დეკემბრის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით წარდგენილ 2008 წლის 30 დეკემბრის საკონსტიტუციო საჩივარში განმცხადებელი უთითებდა, რომ კონვენციის 6.3.d მუხლით გათვალისწინებული მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე და მისი დაცვის უფლება დაირღვა. ის ამტკიცებდა, რომ არც მას და არც მის წარმომადგენელს არ მიეცათ შესაძლებლობა საქმისწარმოების რომელიმე ეტაპზე დაეკითხათ ო. და პ.
54. ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ 2009 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დასაბუთების წარმოდგენის გარეშე განუხილველად დატოვა განმცხადებლის საჩივარი (საქმე # 2 BvR 78/09).
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა
A. გამოძიების საქმისწარმოების წარმართვის მარეგულირებელი ნორმები და პრაქტიკა
55. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160.1 და 160.2 მუხლით დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის ეჭვთან დაკავშირებული ფაქტების გამოძიებისას სახელმწიფო პროკურატურის ორგანოებმა უნდა გამოიძიონ არა მხოლოდ მაკვალიფიცირებელი, არამედ ასევე ეჭვის გამაქარწყლებელი გარემოებები და უზრუნველყონ, რომ მტკიცებულება, რომელიც შესაძლოა დაიკარგოს, დაფიქსირებული იყოს.
56. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168c.2 მუხლის თანახმად პროკურორი, ბრალდებული და დაცვის წარმომადგენელი უფლებამოსილი არიან დაესწრონ მოწმის სასამართლოს მიერ დაკითხვას საქმის არსებით განხილვამდე. მოსამართლე უფლებამოსილია ბრალდებული არ დაასწროს სხდომას, თუკი მისი დასწრება საფრთხეს შეუქმნის გამოძიების მიზანს, კერძოდ კი თუკი არსებობს რისკი, რომ მოწმე ბრალდებულის თანდასწრებით არ იტყვის სიმართლეს (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168c.3 მუხლი). დასწრებაზე უფლებამოსილ პირებს წინასწარ უნდა შეატყობინონ სხდომის თარიღი. შესაძლებელია [საქმე წარიმართოს] შეტყობინების გარეშეც, თუკი ეს საფრთხეს უქმნის გამოძიების წარმატებას (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168c.5 მუხლი).
57. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 141.3 მუხლის თანახმად დაცვის წარმომადგენელი შესაძლოა დაინიშნოს გამოძიების მიმდინარეობისას. სახელმწიფო პროკურორის სამსახური ამგვარ დანიშვნას მოითხოვს, თუკი მისი აზრით საქმის არსებითი განხილვისას დაცვის წარმომადგენლის დახმარება სავალდებულო იქნება. დაცვის წარმომადგენლის დახმარება სავალდებულოა თუკი საქმეს არსებითად განიხილავს პირველი ინსტანციის წესით რეგიონული სასამართლო ან ბრალდებულს ბრალად ედება მძიმე დანაშაულის ჩადენა (იხილეთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 140.1.1 და 140.1.2 მუხლი).
58. 2000 წლის 25 ივლისის წამყვან გადაწყვეტილებაში (გამოქვეყნდა ოფიციალურ ანგარიშებში, BGHSt, 46-ე ტომი, 96-ე გვერდიდან), მართლმსაჯულების ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 141.3 მუხლი, კონვენციის 6.3.d მუხლთან ერთობლიობაში საგამოძიებო ორგანოებს ავალდებულებს, განიხილოს ბრალდებულის, რომელიც არ არის წარმოდგენილი, წარმომადგენლის დანიშვნის საკითხი, თუკი ბრალდების საკვანძო მოწმე გამომძიებელი მოსამართლის წინაში აძლევს ჩვენებას მტკიცებულების დამაგრების მიზნით და ბრალდებული არ ესწრება ამ სასამართლო სხდომას.
59. მართლმსაჯულების ფედერალურმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ჯვარედინი დაკითხვის უფლების პატივისცემა მოითხოვს, რომ დანიშნულ წარმომადგენელს შესაძლებლობა მიეცეს, გამომძიებელი მოსამართლის მიერ მოწმის დაკითხვამდე განიხილოს საკითხი ბრალდებულთან, რათა შეძლოს შესაბამისი კითხვების დასმა. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლოა აუცილებელი არ იყოს ბრალდებულისთვის ადვოკატის დანიშვნა, თუკი არსებობს გამომძიებელ მოსამართლესთან სასამართლო განხილვის წარმომადგენლისთვის შეუტყობინებლობის დასაბუთების საფუძველი, ან თუკი ადვოკატის დანიშვნითა და საქმეში ჩართვით გამოწვეული გაჭიანურება საფრთხეს შეუქმნის გამოძიების წარმატებას. მართლმსაჯულების ფედერალურ სასამართლოს მის წინაშე წარდგენილ საქმეზე არ უნდა განესაზღვრა აუცილებელი იყო თუ არა წარმომადგენლის დანიშვნა ბრალდებულისთვის, თუკი გამოძიების მიზანი შესაძლოა საფრთხეში აღმოჩენილიყო საქმის განხილვამდე ადვოკატის მიერ საკითხის ბრალდებულთან განხილვის შედეგად.
B. საქმის სასამართლო განხილვის წარმართვის მარეგულირებელი ნორმები და პრაქტიკა
60. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის თანახმადაც თუკი ფაქტის დადასტურება ეფუძნება პირის მხრიდან დაკვირვებას, ეს პირი უნდა დაიკითხოს სასამართლო სხდომაზე. დაკითხვა ვერ შეიცვლება მანამდე ჩატარებული დაკითხვის ოქმის წაკითხვით ან წერილობითი ოქმით.
61. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი შეიცავს ამ პრინციპიდან რამდენიმე გამონაკლისს. 251.1.2 მუხლის თანახმად მოწმის დაკითხვა შეიძლება ჩაანაცვლოს სხვა დაკითხვის ოქმის წაკითხვამ თუკი მოწმე გარდაიცვალა ან სხვა საფუძვლით სასამართლო ვერ ახერხებს მის დაკითხვას განჭვრეტად პერიოდში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 251.2.1 მუხლით დადგენილია, რომ მოსამართლის მიერ წინასწარი დაკითხვის შემთხვევაში, მოწმის დაკითხვა შესაძლოა ჩაანაცვლოს მისი წინასწარი დაკითხვის წერილობითი ოქმის წაკითხვამ; ეს წესი ვრცელდება ასევე თუკი ავადმყოფობა, ფიზიკური შესაძლებლობის არ ქონა ან სხვა დაუძლეველი დაბრკოლება ხელს უშლის მოწმეს მთავარ სხდომაზე გამოცხადებაში ხანგრძლივი ან განუსაზღვრელი ვადით.
62. 2000 წლის 25 ივლისის ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში (იხილეთ 58-59 პარაგრაფები მაღლა) მართლმსაჯულების ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულისთვის წარმომადგენლის არ დანიშვნა, რასაც ითვალისწინებდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 141.3 მუხლი, არ იწვევდა გამომძიებელი მოსამართლის მიერ დაკითხვის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების გამორიცხვას, თუმცა ამცირებდა მის მტკიცებულებით ღირებულებას. გასათვალისწინებელია საქმისწარმოება მთლიანობაში. საქმისწარმოება უნდა შეფასდეს ერთიანობაში. როგორც წესი მსჯავრდება შესაძლოა დაეფუძნოს მოწმის ჩვენებას, რომლის ჯვარედინი დაკითხვა დაცვის მხარემ ვერ მოახერხა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი მისი ჩვენება განმტკიცებულია მისგან დამოუკიდებელი სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებით. საქმის განმხილველი სასამართლო ასევე ვალდებული იყო განსაკუთრებული სიფრთხილით შეეფასებია ეს მტკიცებულება, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე გამომძიებელი მოსამართლის მიერ მიცემული ჩვენება მეორეულ მტკიცებულებას წარმოადგენდა.
C. სამართლებრივი საფუძვლით საჩივრის წარდგენის მარეგულირებელი ნორმები
63. სამართლებრივი საფუძველთან დაკავშირებულ საჩივართან მიმართებით, სახელმწიფო პროკურორის სამსახურის მიერ წარდგენილი დასაბუთებული განაცხადის საფუძველზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 349.2 მუხლზე დაყრდნობით, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე არ დააკმაყოფილებს დაცვის მხარის საჩივარს სამართლებრივ საფუძველთან დაკავშირებით, თუკი მიიჩნევს, რომ საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელია. გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად.
III. შესაბამისი საერთაშორისო კანონმდებლობა
64. გერმანიასა და ლატვიას შორის სისხლისსამართლებრივ საკითხებზე ურთიერთდახმარება რეგულირდება სისხლის სამართლებრივ საკითხებზე ურთიერთდახმარების 1959 წლის 20 აპრილის ევროპული კონვენციით, რომელსაც ავსებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის სისხლის სამართლის საკითხებზე ურთიერთდახმარების 2000 წლის 29 მაისის კონვენცია.
65. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის სისხლის სამართლის საკითხებზე ურთიერთდახმარების 2000 წლის 29 მაისის კონვენციის მე-10 მუხლი ადგენს მოწმეების ვიდეო-ჩართვით მოსმენის შესაძლებლობას. ამგვარი მოსმენა უნდა შედგეს იმ წევრი ქვეყნის სასამართლო ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით, რომელსაც დახმარება მოსთხოვეს და უნდა წარმართოს მომთხოვნი წევრი ქვეყნის სასამართლო ორგანომ. მოწმე უფლებამოსილია ისარგებლოს დუმილის უფლებით, რომელიც მას გააჩნია ამ მომთხოვნი ან მოთხოვნის შემსრულებელი წევრი ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე (აღნიშნული კონვენციის 10.5 მუხლი). თითოეულმა წევრმა ქვეყანამ აუცილებელი ზომები უნდა გაატაროს იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც მოწმეს უნდა მოუსმინონ მის ტერიტორიაზე და უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე, როდესაც ჩვენების მიცემის ვალდებულება გააჩნია, ამ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობა იგივე ნორმების დაცვით მოქმედებს, რაც იქნებოდა ეროვნულ დონეზე საქმის სასამართლო განხილვის შემთხვევაში (კონვენციის 10.8 მუხლი).
66. სისხლის სამართლის საკითხებზე ურთიერთდახმარების შესახებ 1959 წლის 20 აპრილის ევროპული კონვენცია ადგენს, რომ მოწმე, რომელმაც ვერ უპასუხა მომთხოვნი მხარის გამოძახებებს, არ უნდა დაექვემდებაროს რაიმე ფორმით დასჯას, თუკი შემდგომ ის ნებაყოფლობით შევა მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე და შესაბამისად სათანადო წესით იქნება გამოძახებული.
კანონმდებლობა
I. კონვენციის 6.1 და 6.3.d მუხლის დარღვევა
67. განმცხადებელი ჩიოდა, რომ მის საქმეზე სასამართლო განხილვა უსამართლო იყო და რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი დაირღვა, რადგანაც არც მას და არც მის ადვოკატს სისხლის სამართლის საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე არ მიეცათ შესაძლებლობა დაეკითხათ ო. და პ., საქმის ერთადერთი პირდაპირი მოწმეები და დაზარალებულები დანაშაულისა, რომელიც ბრალდების თანახმად განმცხადებელმა ჩაიდინა 2007 წლის თებერვალში გოტინგენში. ის დაეყრდნო კოვენციის მე-6 მუხლს, რომლის შესაბამისი დებულებები შემდეგი შინაარსისაა
„1. ... წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლება ... სასამართლოს მიერ. ...
3. ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:
...
d) დაიკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში;
...”
68. მოპასუხე არ დაეთანხმა წარმოდგენილ დასაბუთებას.
A. პალატის გადაწყვეტილება
69. პალატამ დაადგინა, რომ კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევას 6.3.d მუხლთან ერთობლიობაში არ ქონდა ადგილი.
70. დაეყრდნო რა სასამართლოს მიერ საქმეზე ალ ხავაჯი და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom) ([დიდი პალატა], #26766/05 და # 22228/06, ECHR 2011), დადგენილ პრინციპებს, პალატამ დაადგინა, რომ მოწმეებს სასამართლო განხილვაზე გამოუცხადებლობისთვის საპატიო მიზეზი ქონდათ. რეგიონულმა სასამართლომ ყველა გონივრული ხერხი გამოიყენა მოწმეთა დაკითხვისთვის. ის ფაქტი, რომ აღნიშნულთან მიმართებით მისი ყველა მცდელობა უშედეგო იყო, არ იყო დამოკიდებული სასამართლოზე. პალატამ ასევე მიიჩნია, რომ მართალია მოწმეთა ჩვენებები არ იყო ერთადერთი ან გადამწყვეტი მტკიცებულება, რასაც ეფუძნებოდა განმცხადებლის მსჯავრდება, მათ მნიშვნელოვანი წონა ქონდა ბრალეულობის დადგენისას.
71. თუმცა პალატის აზრით, საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები არსებობდა, იმ სირთულეების საკომპენსაციოდ, რის წინაშეც დაცვის მხარე დადგა დაზარალებულთა ჩვენებების დაშვებით. მან მიიჩნია, რომ რეგიონულმა სასამართლომ დაიცვა ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი პროცესუალური გარანტიები. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168c მუხლის თანახმად (იხილეთ 56-ე პარაგრაფი მაღლა), ბრალდებული და დაცვის წარმომადგენელი როგორც წესი უფლებამოსილი იყვნენ დასწრებოდნენ წინასასამართლო ეტაპზე მოწმის სასამართლო დაკითხვას. თუმცა, გამართლებული იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168c.3 მუხლის საფუძველზე გამომძიებელი მოსამართლის მიერ ო.-სა და პ.-ს მოსმენიდან განმცხადებლის გამორიცხვა, რომელსაც მოცემული მომენტისთვის ადვოკატი არ ყავდა დანიშნული. გამომძიებელი მოსამართლის წუხილი, რომ შესაძლებელი იყო ეჭვმიტანილს ზეწოლა განეხორციელებია მოწმეებზე, თუკი ის ან მისი წარმომადგენელი ინფორმირებული იქნებოდნენ მოსმენის თაობაზე, რითაც საფრთხე შეექმნებოდა მიმდინარე გამოძიებას, საფუძვლიანი იყო. პალატამ ასევე აღნიშნა, მოპასუხე სახელმწიფოს გაცხადებული პოზიციიდან, რომ მოსმენის დროს არ იყო განჭვრეტადი, რომ მოწმეები, რომელთაც რამდენჯერმე მისცეს ჩვენება, უარს იტყოდნენ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე.
72. უფრო მეტიც, პალატამ აღნიშნა, რომ რეგიონულმა სასამართლომ გულდასმით შეისწავლა ო.-სა და პ.-ს მოწმის ჩვენებები მათი შემცირებული მტკიცებულებითი ღირებულების გათვალისწინებით. ამავე სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ორი მოწმის, ე.-სა და ლ.-ს ჩვენებები, რომელთაც მოწმეები პირდაპირ მოუყვნენ ყველაფერს ინციდენტის შემდგომ. მოწმის სარწმუნო ჩვენებებს ამყარებდა სატელეფონო მოსმენით მიღებული ფაქტობრივი მტკიცებულება, GPS თვალთვალი და განმცხადებლის აღიარება, რომ ის ინციდენტის მომენტისთვის დაზარალებულთა ბინაში იმყოფებოდა. უფრო მეტიც, კასელსა და გოტინგენში მომხდარი დანაშაულების მსგავსება კიდევ უფრო ამყარებდა სასამართლოს მიგნებებს. შესაბამისად საქმისწარმოება მთლიანობაში სამართლიანი იყო.
B. მხარეთა მოსაზრებები
1. განმცხადებელი
73. განმცხადებლის წერილობითი მოსაზრების თანახმად, მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე, ასევე კონვენციის 6.1 და 6.3.d მუხლიდან გამომდინარე მის წინააღმდეგ არსებული მოწმეების დაკითხვის უფლება დარღვეული იყო. ის ხაზს უსვამდა, რომ არც მას და არც მის წარმომადგენელს არ მიეცათ შესაძლებლობა საქმისწარმოების რომელიმე სტადიაზე დაეკითხათ საკვანძო მოწმეები, ო. და პ.
(a) მოქმედი პრინციპები
74. დიდი პალატისთვის წარდგენილ წერილობით მოსაზრებაში განმცხადებელი ადასტურებდა, რომ მის საქმეზე ვრცელდებოდა სასამართლოს მიერ საქმეზე ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery) (ციტირება მაღლა) მიღებული პრინციპები. მან აღნიშნა, რომ პრეცედენტული სამართლის თანახმად, დაცვის მხარისთვის ბრალდების მოწმის ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობის არ მიცემა წარმოადგენდა კონვენციის 6.3.d მუხლის დარღვევას, გამონაკლისი გარემოებების არ არსებობის შემთხვევაში.
(b) ო.-სა და პ.-ს ქონდათ თუ არა სასამართლო განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი
75. განმცხადებლის წერილობითი მოსაზრების თანახმად, მოწმეებს ო.-სა და პ.-ს არ ქონდათ სასამართლო განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. სავარაუდოდ გოტინგენში მომხდარი დანაშაულით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ გართულებებს მოწმეებისთვის ხელი არ შეუშლიათ გამოძიების ეტაპზე პოლიციასა და გამომძიებელი მოსამართლისთვის ჩვენებების მიცემაში. უფრო მეტიც, გოტინგენის რეგიონულმა სასამართლომ თავადაც მიიჩნია, რომ მოწმეებს არ ქონდათ საკმარისი საპატიო მიზეზი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის. ეროვნულ სახელმწიფო ორგანოებს სხვა საშუალებებიც უნდა გამოეყენებიათ სასამართლო განხილვაზე ამ მოწმეების მოსმენის უზრუნველსაყოფად, კერძოდ კი ლატვიასთან პოლიტიკურ დონეზე მოლაპარაკების გზით.
(c) გამოუცხადებელი მოწმეების მიერ მიცემული ჩვენება წარმოადგენდა თუ არა ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებას განმცხადებლის მსჯავრდებისთვის
76. განმცხადებლის აზრით, მისი მსჯავრდება მეტწილად მაინც ეფუძნებოდა ო.-სა და პ.-ს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას, რომლებიც გოტინგენში მომხდარი მოვლენების ერთადერთ თვითმხილველ მოწმეებს წარმოადგენდნენ. თუკი მოწმეების ო.-სა და პ.-ს ჩვენებები არ იქნებოდა მიღებული, სხვა ხელმისაწვდომი მტკიცებულებების საფუძველზე მას ვერ ცნობდნენ დამნაშავედ.
(d) არსებობდა თუ არა დაცვის მხარის წინაშე წარმოქმნილი დაბრკოლებების საკმარისად დამაბალანსებელი ფაქტორები
77. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სასამართლო განხილვაზე მოწმეთა გამოუცხადებლობით დაცვის მხარისათვის შექმნილი სირთულეების კომპენსირებისთვის საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები არ არსებობდა.
78. განმცხადებელმა განაცხადა, რომ რეგიონულ სასამართლოს სათანადო ყურადღებით არ შეუფასებია ო.-სა და პ.-ს მოწმის ჩვენებები. უფრო მეტიც, ის ფაქტი, რომ არსებობდა კიდევ სხვა არაპირდაპირი (გადმოცემითი) მტკიცებულება და რომ განმცხადებელს შესაძლებლობა ქონდა დაეკითხა გამომძიებელი მოსამართლე, არ წარმოადგენდა საკმარის დამაბალანსებელ ფაქტორებს, საქმისწარმოებისას მხარეთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად. ის ფაქტი, რომ გერმანიის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად პროკურატურა ვალდებული იყო შეესწავლა როგორც მაკვალიფიცირებელი, ისე ბრალდების გამაბათილებელი მტკიცებულებები ბრალდებულის წინააღმდეგ (იხილეთ 55-ე პარაგრაფი მაღლა) ვერ აკომპენსირებდა მისი მხრიდან შესაძლებლობის არ ქონას, ჯვარედინად დაეკითხა ბრალდების მოწმეები, ვინაიდან პროკურატურის ორგანოებს მის საქმეზე არ გამოუძიებიათ მისი ბრალდების გამაბათილებელი მტკიცებულებები.
79. განმცხადებელმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ მას შეეზღუდა ეროვნული კანონმდებლობით მისი დაცვის უფლებების პროცედურული გარანტიები, ვინაიდან მის წარმომადგენელს არ ქონდა შესაძლებლობა დასწრებოდა გამომძიებელი მოსამართლის მიერ ო.-სა და პ.-ს მოსმენას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების საფუძველზე (141.3 მუხლი, წაკითხული 140-ე მუხლთან ერთობლიობაში, იხილეთ 57-ე პარაგრაფი მაღლა), როგორც ის განმარტა მართლმსაჯულების ფედერალურმა სასამართლომ (მან მიუთითა ამ სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებაზე, იხილეთ 58-59 და 62-ე პარაგრაფები მაღლა), პროკურატურა ვალდებული იყო გამოძიების ეტაპზევე დაენიშნა მისთვის წარმომადგენელი. ეს უნდა მომხდარიყო ბრალდების მხარის მთავარი მოწმეების გამომძიებელი მოსამართლის მიერ მოსმენამდე, რომლიდანაც ის გამორიცხეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168c.3 მუხლის საფუძველზე. ამ გარემოებებში დაცვის წარმომადგენელს უფლება ქონდა დასწრებოდა მოწმის მოსმენას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168c.2 მუხლის შესაბამისად (გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168c.5 მუხლშია ჩამოთვლილი და არ არის სახეზე წინამდებარე საქმეზე). ამ მტკიცების გასამყარებლად მან მიუთითა [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახულ მიგნებებზე, საქმეზე ჰიუმერი გერმანიის წინააღმდეგ (Hümmer v. Germany) (# 26171/07, §§ 42 et seq., 19 ივლისი, 2012).
80. განმცხადებელმა მიუთითა, რომ პრაქტიკაში თუკი არსებობდა მტკიცებულების დაკარვის საფრთხე, პოლიციის მიერ დაკითხვის შემდეგ საგამოძიებო საქმისწარმოებისას მოწმეებს უსმენდა მხოლოდ გამომძიებელი მოსამართლე. გამომძიებელი მოსამართლის მიერ დაკითხვის ოქმები შესაძლოა წაკითხულიყო და მტკიცებულებად გამოყენებულიყო სასამართლო განხილვაზე ნაკლებად მკაცრი პირობებით, ვიდრე პოლიციის მიერ დაკითხვის ოქმები (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 251.1 და 251.2 მუხლი, 61-ე პარაგრაფი ზემოთ). გამომძიებელი მოსამართლის მიერ გამართულ მოსმენაში ბრალდებულისა და მისი წარმომადგენლის მონაწილეობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168c.2 მუხლის შესაბამისად გადამწყვეტია კონვენციის 6.3.d მუხლით დადგენილი ბრალდებულის უფლების უზრუნველსაყოფად.
81. განმცხადებლის წერილობითი მოსაზრების თანახმად, გამართლებული არ იყო მისთვის ამ უფლებაზე უარი მხოლოდ იმიტომ, რომ გამომძიებელ მოსამართლეს მცდარი შთაბეჭდილება შეექმნა იმის თაობაზე, რომ მოწმეებს ეშინოდათ განმცხადებლისა და მისი წარმომადგენლის თანდასწრებით ჩვენების მიცემის, მისი მხრიდან ამგვარი შიშის რაიმე საფუძვლის შექმნის გარეშე. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ ამართლებდა სხდომიდან მის და მისი წარმომადგენლის გამორიცხვას, ვინაიდან ამგვარი შიშის გაქარწყლების უამრავი საშუალება არსებობდა. ვინაიდან მოწმეები ო. და პ. გამომძიებელი მოსამართლის მიერ საქმის მოსმენიდან მალევე გეგმავდნენ გერმანიის დატოვებას, შესაძლებელი იყო განმცხადებლისთვის წარმომადგენლის დანიშვნა ამ მოსმენამდე და ასევე განმცხადებლის დაპატიმრება დაუყოვნებლივ, ამ მოსმენამდე, რაც მას ან მინიმუმ მის წარმომადგენელს შესაძლებლობას მისცემდა პირადად დაეკითხათ მოწმეები, შესაბამისად ამ უკანასკნელთ არ ექნებოდათ მათზე ზეწოლის შიში.
82. განმცხადებლის აზრით, ალბათობა იმისა, რომ მოწმეები ო. და პ., რომელთაც სექსმუშაკებად მუშაობის გამო სავარაუდოდ პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდათ სავაჭრო და საგადასახადო სამართლის საფუძველზე, არ იქნებოდნენ ხელმისაწვდომი გერმანიაში, მათ წინააღმდეგ მიმდინარე საქმისწარმოებაში ჩვენების მისაცემად, განჭვრეტადი იყო გამომძიების მწარმოებელი სახელმწიფო ორგანოებისთვის. მოუხედავად ამისა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არ გააჩნდა საფუძველი მოეთხოვა გამომძიებელი მოსამართლის მიერ მოწმეთა მოსმენის განმეორება მისი თანდასწრებით, მისი დაკავების შემდგომ, რადგანაც ის ვარაუდობდა, რომ ექნებოდა მოწმეების ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობა საქმის სასამართლო განხილვაზე; ნებისმიერ შემთხვევაში მისი დაკავების მომენტისთვის მოწმეებს უკვე დატოვებული ქონდათ გერმანია.
2. მოპასუხე სახელმწიფო
83. მოპასუხე სახელმწიფოს წერილობითი მოსაზრების თანახმად, განმცხადებლის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმისწარმოება კონვენციის 6.1 და 6.3.d მუხლთან შესაბამისობაში იყო მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელს შესაძლებლობა არ ქონდა საქმისწარმოების რომელიმე ეტაპზე ჯვარედინად დაეკითხა მოწმეები ო. და პ.
(a) მოქმედი პრინციპები
84. მოპასუხე სახელმწიფოს აზრით, სასამართლოს მიერ საქმეზე ალ-ხავაჯი და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery) (ციტირება მაღლა) მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილი პრინციპების დავიწროების საფუძველი არ არსებობდა, ეს გადაწყვეტილება ესადაგებოდა წინამდებარე საქმეს და თანახმად ამ გადაწყვეტილებისა, [საქმისწარმოება შესაძლოა გაგრძელებულიყო] მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის გარეშეც მხოლოდ გარკვეულ გარემოებებში. სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილებაში, საერთო სამართლის სისტემის კონტექსტში გაკეთებული მიგნებების ტრანსპოზიცია უნდა მოხდეს კონტინენტური სამართლის სისტემაში მოქნილი ფორმით. თუნდაც მოხდეს ამ პრინციპის გავრცელება, ჯვარედინი დაკითხვის პრინციპიდან გამონაკლისის ფარგლები მეტად ფართოა კონტინენტური სამართლის სისტემებში, როგორიცაა გერმანიის სამართლებრივი სისტემა. ეს უკანასკნელი დიდწილად ეყრდნობა პროფესიონალი მოსამართლეების გამოცდილებას, შეაფასონ მტკიცებულების სანდოობა და მტკიცებულების შეფასებაც უფრო გამჭვირვალედ ხდება გადაწყვეტილებათა დასაბუთებაში.
85. მოპასუხე სახელმწიფომ დასძინა, რომ მათ მიერ განხორციელებულმა შედარებით-სამართლებრივმა კვლევამ აჩვენა, რომ კონვენციის ხელშემკვრელ არცერთ მხარეში, რომელსაც გერმანიის მსგავსი სისხლის სამართლებრივი სისტემა აქვს არ არსებობს დაცვის მხარის შეუზღუდავი უფლება ჯვარედინად დაკითხოს ბრალდების მოწმე საქმის სასამართლო განხილვაზე. უფრო მეტიც, მრავალ სამართლებრივ სისტემაში არ იყო აკრძალული მოწმის მანამდე ჩატარებული დაკითხვის ოქმებზე დაყრდნობა, მაშინაც კი თუ ბრალდებულს არ ქონდა შესაძლებლობა იმ ეტაპზე კითხვები დაესვა.
(b) ქონდათ თუ არა მოწმეებს ო.-სა და პ.-ს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი
86. მოპასუხე სახელმწიფოს აზრით მოწმეებს ო.-სა და პ.-ს საქმის სასამართლო განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი ქონდათ, [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად. რეგიონულმა სასამართლომ გონივრული ძალისხმევა არ დაიშურა გერმანიაში ლეგალურად მცხოვრებ და მომუშავე მოწმეთა პირისპირ მოსასმენად თუ ვიდეო კავშირის მეშვეობით დასაკითხად, ლატვიის სასამართლოების დახმარებით. მან მოწმეები სასამართლო სხდომაზე დაიბარა. მოწმეთა მიერ სამედიცინო ცნობების წარმოდგენის შემდგომ სასამართლომ კვლავ სცადა მათი დასწრების უზრუნველყოფა, განუმარტა რა, რომ ისინი დაცულები იქნებოდნენ და სთხოვა განეცხადებიათ, რა ვითარებაში იქნებოდნენ ისინი მზად ჩვენებისთვის. რეგიონულ სასამართლოს არ ქონდა მოწმეთა გერმანიაში სასამართლო სხდომაზე იძულებით მოყვანის უფლებამოსილება, რომლებიც ლატვიაში მაცხოვრებელი ლატვიის მოქალაქეები იყვნენ, ვინაიდან სისხლის სამართლის საკითხებზე ურთიერთდახმარების ევროპული კოვენციის მე-8 მუხლით აკრძალულია იძულებითი ღონისძიებები (იხილეთ 66-ე პარაგრაფი მაღლა).
87. მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ რეგიონულმა სასამართლომ შემდეგ მოქმედი ნორმების საფუძველზე სამართლებრივი დახმარების გზით მიმართა ლატვიის სახელმწიფო უწყებებს და მოითხოვა ლატვიის სასამართლოს მიერ მოწმეთა გამოძახება, რათა ვიდეოკავშირის მეშვეობით მომხდარიყო მათი დაკითხვა. თუმცა, ლატვიის სასამართლომ გააუქმა სასამართლო სხდომა მოწმეებთან წინასწარი განხილვის შედეგად, მოწმეებმა მას სამედიცინო ცნობები წარუდგინეს. რეგიონული სასამართლოს მოთხოვნა ლატვიის სასამართლოს მიმართ, ამ უკანასკნელს დაედასტურებია მოწმეთა მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარის საფუძვლები, ან გაერკვია მათი დაკითხვის სხვა გზები უპასუხოდ დარჩა. არაფერი უთითებდა იმაზე, რომ მოწმეთა მოსმენა შესაძლებელი იქნებოდა სხვა საშუალებებით, პოლიტიკურ დონეზე ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, რაც განმცხადებელმა პირველად ახსენა [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს წინაშე.
(c) არგამოცხადებულ მოწმეთა მტკიცებულება იყო თუ არა განმცხადებლის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი
88. მოპასუხე სახელმწიფომ განაცხადა, რომ რეგიონული სასამართლოს აზრით, რომელიც აღნიშნულთან მიმართებით გადამწყვეტი იყო, ო.-სა და პ.-ს მოწმის ჩვენებები “შესატყვისი” (“maßgeblich”) იყო განმცხადებლის მსჯავრდების დასაბუთებისთვის. თუმცა წარმოდგენილი იყო რიგი სხვა წონადი მტკიცებულებებისა, მათ შორის საპოლიციო თვალთვალის ღონისძიებების შედეგები და განმცხადებლის ჩვენებები, რამაც შესაძლებელი გახადა მოწმეთა ჩვენებების სარწმუნოობის გამოცდა. ამ ელემენტების ჭრილში განსახილველ მოწმეთა ჩვენება წარმოადგენდა თუ არა “გადამწყვეტ მტკიცებულებას” სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიზნებისთვის შეიძლება ღიად დარჩეს, რადგანაც ნებისმიერ შემთხვევაში საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები იყო წარმოდგენილი როგორც აუცილებელი განმცხადებლის საქმეზე, დაცვის მხარისთვის მოწმეთა დაკითხვის შეუძლებლობის კომპენსირებისთვის.
(d) წარმოდგენილი იყო თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები დაცვის მხარის წინაშე შექმნილი დაბრკოლებების დასაბალანსებლად
89. მოპასუხე ხელისუფლების განცხადებით, განმცხადებლის შეუძლებლობა დაეკითხა ო. და პ. საკმარისად კომპენსირდებოდა რეგიონული სასამართლოს მიერ, რომელმაც ამომწურავად და კრიტიკულად შეაფასა მოწმეთა ჩვენებების სანდოობა. რეგიონულმა სასამართლომ განსაკუთრებული სიფრთხილით შეაფასა ამ ორი მოწმის მიერ პროკურატურისთვის გადაცემული მტკიცებულება, სხვადასხვა დაკითხვისას მათ მიერ მიცემული ჩვენებების შედარებით.
90. მოპასუხე ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ გერმანიის სისხლის სამართლის პროცესში როგორც სასამართლოს, ისე პროკურატურას კანონი ავალდებულებდა გამოეძიათ როგორც მაკვალიფიცირებელი, ისე ბრალდების გამაბათილებელი მტკიცებულება. ეს ნაწილობრივ აკომპენსირებდა ბრალდებულის შეუძლებლობას ჯვარედინად დაეკითხა ბრალდების მოწმე.
91. მოწმეთა ჩვენებების სანდოობის შემოწმებისას რეგიონული სასამართლო ასევე უთითებდა მთელ რიგ გამამყარებელ მტკიცებულებით ელემენტებზე, მათ შორის როგორც არაპირდაპირ (გადმოცემით) მტკიცებულებაზე, ისე სანდო ფიზიკურ მტკიცებულებაზე, რომელიც მოპოვებული იყო განმცხადებელზე თვალთვალის გზით. თვალთვალის ღონისძიებები მოიცავდა განმცხადებლის მობილური ტელეფონისა და დანაშაულის ჩადენის მომენტში მისი თანაბრალდებულთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გეოგრაფიული მონაცემების ანალიზს, ამ საუბრისას ის აღწერდა როგორ გადახტა ერთერთი მოწმე აივნიდან და ემალებოდა განმცხადებელს, რომელიც მას დაედევნა.
92. უფრო მეტიც, განმცხადებელს შესაძლებლობა ქონდა ჯვარედინად დაეკითხა და იმ ადამიანთა სანდოობა შეემოწმებია, რომელთაც გამოძიების ეტაპზე დაკითხეს ო. და პ.; რეგიონულმა სასამართლომ ასევე მოისმინა მტკიცებულება ამ პირებისგან დაკითხვის პროცესში მოწმეთა ქცევისა და ემოციური მდგომარეობის შესახებ.
93. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ არც განმცხადებელს და არც მის წარმომადგენელს არ მიეცათ მოწმეების ო.-სა და პ.-ს დაკითხვის შესაძლებლობა გამოძიების ეტაპზე, მოპასუხე ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ გამომძიებელმა მოსამართლემ გამორიცხა განმცხადებელი სასამართლო სხდომიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168c.3 მუხლის შესაბამისად, რათა უზრუნველეყო მოწმეთა დაცვა და ჭეშმარიტების დადგენა. მოწმეები, რომელთაც ძალიან ეშინოდათ თავდამსხმელების, დანაშაულის შესახებ სრულ და სარწმუნო ჩვენებებს არ მისცემდნენ განმცხადებლის თანდასწრებით. მათ შიშს შურისძიების შესახებ, ლეგიტიმური საფუძველი გააჩნდა, იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებელი ეჭვმიტანილი იყო კასელში მსგავსი ყაჩაღობის ჩადენაში.
94. უფრო მეტიც, მოწმეებს ექნებოდათ საფუძველი შიშისა, რომ დაცვის წარმომადგენელი, რომელიც დაინიშნებოდა განმცხადებლის წარმომადგენლად, ამ უკანასკნელს შეატყობინებდა სხდომისა და ამ სხდომაზე მათ მიერ მიცემული ჩვენებების შესახებ და შესაბამისად ისინი წარმომადგენლის წინაშეც არ მისცემდნენ ზუსტ ჩვენებებს, ან საერთოდაც უარს განაცხადებდნენ ჩვენების მიცემაზე. მოპასუხე ხელისუფლებამ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168c.5 მუხლის საფუძველზე საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილი იყო თავი შეეკავებინა განმცხადებლისთვის დანიშნული წარმომადგენლისთვის სხდომის შესახებ შეტყობინებისგან თუკი მიიჩნევდა, რომ ეს შეტყობინება საფრთხეში ჩააგდებდა გამოძიებას. შესაბამისად, მართლმსაჯულების ფედერალური სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად (მათ ასევე მიუთითეს ამავე სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებაზე, იხილეთ 58-59 და 62-ე პარაგრაფები მაღლა), დაცვის მხარის წარმომადგენლის დანიშვნა და ამ უკანასკნელის დასწრება სასამართლო სხდომაზე გამომძიებელი მოსამართლის წინაშე, არ იყო სავალდებულო.
95. მოპასუხე ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ დაკავების შემდგომ განმცხადებელს არ მოუთხოვია გამოძიების საქმისწარმოებისას მოწმეთა განმეორებით დაკითხვა მისი თანდასწრებით. მათ აღნიშნეს, რომ არ იყო განჭვრეტადი, რომ ო. და პ. არ დაესწრებოდნენ საქმის არსებით განხილვას, ვინაიდან განმცხადებელი და მისი თანამონაწილენი იმ დროისთვის პატიმრობაში იმყოფებოდნენ და შესაბამისად ნაკლებად წარმოადგენდნენ საფრთხეს მათთვის. ნებისმიერ შემთხვევაში განმცხადებელს არასდროს წარუდგენია რაიმე განაცხადი, სადაც აისახებოდა კითხვები, რომელთა დასმაც სურდა მოწმეებისთვის, რომელთა ვინაობა და სხვა დეტალები ცნობილი იყო მისთვის, ან რა საფუძვლით სურდა მათი სანდოობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.
3. ჩეხეთის ხელისუფლება, მესამე მხარე
96. ჩეხეთის ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ წინამდებარე საქმე სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, დააზუსტოს და განსაზღვროს პრინციპები, რომლებიც ასახა საქმეზე ალ-ხავაჯა და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery) (ციტირება მაღლა). ისინი თვლიდნენ, რომ დაუსწრებელი მოწმისგან მიღებული მტკიცებულების დასაშვებობასთან დაკავშირებული საერთო სამართლის სისტემაში განვითარებული პრინციპები სრულად ვერ გავრცელდებოდა კონტინენტური სამართლის სისტემებზე. მათ მიიჩნიეს, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებია ამ კონკრეტული სამართლებრივი სისტემის განსაკუთრებული მახასიათებლები.
97. მესამე მხარედ ჩართულმა სახელმწიფომ წარმოადგინა წინადადება, რომ სასამართლოს, სანამ შეაფასებდა არსებობდა თუ არა დაუსწრებელი მოწმის მტკიცებულების დაშვების მყარი საფუძველი (მათ მიუთითეს საქმეზე ალ-ხავაჯა და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery), ციტირება მაღლა, 120-ე პარაგრაფი), უნდა განესაზღვრა სადავო მტკიცებულება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი მტკიცებულება, როგორც ეს დაადგინა მაგალითად საქმეზე სარქისოვი და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ (Sarkizov and Others v. Bulgaria) (#37981/06, #38022/06, #39122/06 და #44278/06, § 58, 17 აპრილი, 2012) და დამირ სიბგატულინი რუსეთის წინააღმდეგ (Damir Sibgatullin v. Russia) (# 1413/05, §§ 54-56, 24 აპრილი, 2012). ისინი ამტკიცებდნენ, რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც დაუსწრებელი მოწმის ჩვენება არ იყო გადამწყვეტი, არ იყო აუცილებელი დაცვის მხარისთვის მოწმის დაკითხვის შესაძლებლობის არ მიცემის მყარი საფუძვლის მტკიცება. ასევე, სასამართლოს უნდა დაეზუსტებია, იზიარებდა თუ არა პრინციპს impossibilium nulla obligatio est როგორც დაუსწრებელი მოწმის მტკიცებულების დაშვების მყარ საფუძველს. ეს განსაკუთრებით რელევანტური იყო საქმეებზე, სადაც მოწმემ დატოვა ეროვნული სასამართლოს იურისდიქცია, რადგანაც ეს უკანასკნელი მოკლებული იყო იძულების უფლებამოსილებას, რათა უზრუნველეყო ამგვარი მოწმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობა.
98. ჩეხეთის ხელისუფლებამ ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული სასამართლოების შესაფასებელი იყო მოწმის ჩვენების მნიშვნელოვნება საქმის შედეგთან მიმართებით. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს მიერ განსახილველი მტკიცებულების გადამწყვეტობისა თუ მნიშვნელოვნების ხარისხის შეფასება ეროვნული სახელმწიფო ორგანოების თავისუფალი შეფასების ფარგლებისა და სასამართლოს მეოთხე ინსტანციის დოქტრინასთან კონფლიქტში მოსვლის რისკს ქმნის.
99. ჩეხეთის ხელისუფლების წერილობითი მოსაზრების თანახმად, სასამართლოს მიერ საქმეზე ალ-ხავაჯა და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery) (ციტირება მაღლა) მიღებული უფრო მოქნილი მიდგომა ერთადერთ ან გადამწყვეტ მტკიცებულებასთან მიმართებით მის პრეცედენტულ სამართალს ნაკლებ განჭვრეტადს ხდის. მათ შესთავაზეს სასამართლოს ნათელი მოეფინა საკითხისთვის, რომელი დამაბალანსებელი ფაქტორი მიიჩნეოდა საკმარისად კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის თავიდან ასაცილებლად.
C. დიდი პალატის შეფასება
1. შესატყვისი პრინციპების მიმოხილვა
(a) ზოგადი პრინციპები
100. სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ [კონვენციის] 6.3.d მუხლში ასახული გარანტიები ამავე მუხლის 1-ელ პუნქტში ასახული სამართლიან სასამართლო განხილვაზე უფლების კონკრეტული ასპექტებია (იხილეთ ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery), ციტირება მაღლა, § 118); შესაბამისად, ის განმცხადებლის საჩივარს განიხილავს ორივე ნორმასთან ერთობლიობაში (იხილეთ ვინდიში ავსტრიის წინააღმდეგ (Windisch v. Austria), 27 სექტემბერი, 1990, § 23, სერია A # 186, და ლუდი შვეიცარიის წინააღმდეგ (Lüdi v. Switzerland), 15 ივნისი, 1992, § 43, სერია A # 238).
101. 6.1 მუხლთან მიმართებით სასამართლოს უპირველესი ამოცანაა შეაფასოს სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობა (იხილეთ, inter alia, ტაქსქვეთი ბელგიის წინააღმდეგ (Taxquet v. Belgium) [დიდი პალატა], # 926/05, § 84, ECHR 2010, სხვა წყაროებზე მითითებით). ამ შეფასებისას სასამართლო საქმისწარმოებას მთლიანობაში შეაფასებს, ასევე მტკიცებულების მოპოვების გზას, დაცვის მხარის უფლებების გათვალისწინებით, თუმცა ასევე საზოგადოებისა და დაზარალებულთა ინტერესებისა, იხილონ დანაშაულის სათანადოდ გამოძიება (იხილეთ გაფგენი გერმანიის წინააღმდეგ (Gäfgen v. Germany) [დიდი პალატა], # 22978/05, §§ 163 და 175, ECHR 2010) და, როდესაც აუცილებელია, მოწმეთა უფლებებისა (იხილეთ ალ-ხავაჯა და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery), ციტირება მაღლა, § 118, სხვა წყაროებზე მითითებით, და ჰუმერი (Hümmer), ციტირება მაღლა, § 37).
102. პრინციპები, რომლებიც ვრცელდება საქმეებზე, სადაც ბრალდების მოწმე არ ესწრებოდა სასამართლო განხილვას და მის მიერ მანამდე მიცემული ჩვენება დაშვებულ იქნა მტკიცებულებად, დიდმა პალატამ შეაჯამა და განავითარა საქმეზე ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery) 2011 წლის 15 დეკემბერს (ციტირება მაღლა).
103. სასამართლო განმარტავს ამ გადაწყვეტილებაში, რომ 6.3.d მუხლი მოიცავს პრინციპს იმის თაობაზე, რომ ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება წარმოდგენილი უნდა იყოს მისი თანდასწრებით, საჯარო განხილვაზე, შეჯიბრებითი პაექრობის უზრუნველსაყოფად (იხილეთ ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery), ციტირება მაღლა, § 118).
104. სასამართლომ ამ კონტექსტში ხაზი უნდა გაუსვას სისხლის სამართლის საქმისწარმოების მომზადებაში გამოძიების ეტაპის მნიშვნელოვნებას, რადგანაც ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულება განსაზღვრავს ჩარჩოს, რომლის ფარგლებში წაყენებული ბრალიც განიხილება სასამართლო განხილვისას (იხილეთ სალდუზი თურქეთის წინააღმდეგ (Salduz v. Turkey) [დიდი პალატა], # 36391/02, § 54, ECHR 2008). მაშინაც კი, თუკი სისხლის სამართლის საქმისწარმოებისას კონვენციის მე-6 მუხლის უპირველესი მიზანია “ტრიბუნალის” მიერ სამართლიანი სასამართლო განხილვის უზრუნველყოფა, რომელიც უფლებამოსილია დაადგინოს “ბრალეულობა დანაშაულის ჩადენასთან მიმართებით”, აქედან არ გამომდინარეობს, რომ ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება წინასასამართლო საქმისწარმოებაზე. შესაბამისად, მე-6 მუხლი, განსაკუთრებით კი მისი მე-3 ნაწილი, შესაძლოა რელევანტური იყოს სანამ საქმე გაიგზავნება სასამართლო განხილვისთვის, თუკი და რამდენადაც საქმის სასამართლო განხილვის სამართლინობას მნიშვნელოვანი საფრთხე ექმნება ამ ნორმების დაუცველობით საწყის ეტაპზე (იხილეთ სალდუზი (Salduz), ციტირება მაღლა, § 50, მითითება საქმეზე იმბრიოსია შვეიცარიის წინააღმდეგ (Imbrioscia v. Switzerland), 24 ნოემბერი, 1993, § 36, სერია A # 275).
105. თუმცა პოლიციის მიერ მოკვლევისა და სასამართლო გამოძიების ეტაპზე მოპოვებული ჩვენებების მტკიცებულებად მიღება თავისთავად არ არის შეუსაბამო 6.1 და 6.3.d მუხლთან, იმ პირობით, რომ დაცვის მხარის უფლებების პატივისცემა ხდება. როგორც წესი ეს უფლებები მოითხოვს, რომ ბრალდებულს ადეკვატური და სათანადო შესაძლებლობა ქონდეს, კითხვები დაუსვას მის წინააღმდეგ მოწვეულ მოწმეს, მაშინ როდესაც ეს მოწმე ჩვენებას იძლევა ან საქმისწარმოების მომდევნო სტადიებზე (იხილეთ ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery), ციტირება მაღლა, § 118, სხვა წყაროებზე მითითებით; იხილეთ ასევე A.G. შვედეთის წინააღმდეგ (A.G. v. Sweden) (გადაწყვეტილება), # 315/09, 10 იანვარი, 2012, და ტრამპევსკი მაკედონიის ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Trampevski v. the former Yugoslav Republic of Macedonia), # 4570/07, § 44, 10 ივლისი, 2012).
106. გადაწყვეტილებაში საქმეზე ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery) სასამართლომ დაასკვნა, რომ იმ მოწმის ჩვენების მტკიცებულებად მიღება, რომელიც არ ესწრებოდა სასამართლო სხდომას და რომლის წინასასამართლო ჩვენება ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულბა იყო ბრალდებულის წინააღმდეგ ავტომატურად არ იწვევდა 6.1 მუხლის დარღვევის დადგენას. მან დაასაბუთა, რომ ე.წ. “ერთადერთის და გადამწყვეტის წესის” მისადაგება (რომლის თანახმადაც სასამართლო განხილვა უსამართლო იყო თუკი ბრალდება ეფუძნებოდა მხოლოდ ან გადამწყვეტად იმ მტკიცებულებას, რომელიც მოწოდებული იყო მოწმისგან, რომელსაც ბრალდებული კითხვას ვერ უსვამდა საქმისწარმოების რაიმე ეტაპზე; ibid., §§ 128 და 147) მოუქნელი ფორმით წინააღმდეგობაში მოვიდოდა ტრადიციულ გზასთან, რომელშიც სასამართლო განმარტავს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას 6.1 მუხლის საფუძველზე, კერძოდ კი იმის შესწავლას, იყო თუ არა საქმისწარმოება მთლიანობაში სამართლიანი. თუმცა საქმისწარმოების სამართლიანობის თანდაყოლილი რისკების გათვალისწინებით ამგვარი მტიცებულების დაშვება მეტად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა კონფლიქტური ინტერესების დაბალანსებისას (ibid., §§ 146-47).
107. საქმეზე ალ-ხავაჯა და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery) შემუშავებული პრინციპების თანახმად აუცილებელია სამ ეტაპად იქნას შესწავლილი იმ საქმისწარმოების კონვენციის 6.1 და 6.3.d მუხლთან შესაბამისობის შესწავლა, რომელშიც მოწმის ჩვენებები, რომლებიც ესწრებოდნენ და დაიკითხნენ სასამართლო სხდომაზე, დაშვებულ იქნა მტკიცებულებად (ibid., § 152). სასამართლომ უნდა შეისწავლოს:
(i) არსებობდა თუ არა მოწმეთა დაუსწრებლობისა და შესაბამისად, დაუსწრებელი მოწმის გამოუცდელი ჩვენებების მტკიცებულებად დაშვების საპატიო მიზეზი (ibid., §§ 119-25);
(ii) დაუსწრებელი მოწმის ჩვენება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი (ibid., §§ 119 და 126-47); და
(iii) სახეზე იყო თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რაც მოახდენდა დაცვის მხარისთვის გამოუცდელი მტკიცებულების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას და იმის უზრუნველყოფას, რომ სასამართლო განხილვა, ერთიანობაში აღებული, სამართლიანი იყო (ibid., § 147).
108. რაც შეეხება ამ პრინციპების მისადაგებადობას ხელშემკვრელი სახელმწიფოების სამართლებრივი სისტემების მრავალფეროვნების კონტექსტში და კერძოდ კი საერთო სამართლისა და კონტინენტური სამართლის სისტემებში, სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ რამდენადაც მისთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივ სისტემებსა და პროცედურებს შორის არსებითი განსხვავებულობის გათვალისწინება, მათ შორის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვისას მტკიცებულების დასაშვებობისას განსახვავებული მიდგომისა, საბოლოო ჯამში მან გადასინჯვის ერთიანი სტანდარტი უნდა გამოიყენოს 6.1 და 6.3.d მუხლთან მიმართებით, მიუხედავად იმისა რომელი სამართლებრივი სისტემიდან მომდინარეობს საქმე (იხილეთ ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery), ციტირება მაღლა, § 130).
109. უფრო მეტიც, ინდივიდუალური განაცხადების საფუძველზე ინიცირებულ საქმეებზე სასამართლოს ამოცანას არ წარმოადგენს შესაბამისი კანონმდებლობის აბსტრაქტული გადასინჯვა. ნაცვლად ამისა ის უნდა შემოიფარგლოს მის წინაშე ინიცირებული საკითხების შესწავლით (სხვა წყაროებს შორის იხილეთ, N.C. იტალიის წინააღმდეგ (N.C. v. Italy) [დიდი პალატა], # 24952/94, § 56, ECHR 2002‑X, და ტაქუეტი (Taxquet), ციტირება მაღლა, § 83). საქმეთა შესწავლისას სასამართლომ რა თქმა უნდა უნდა გაითვალისწინოს კონვენციის ხელშემკვრელ მხარეთა სამართლებრივ სისტემებს შორის განსხვავება, როდესაც განიხილება დაუსწრებელ მოწმეთა მტკიცებულების დაშვების საკითხი და შესაბამისი გარანტიების საჭიროება, საქმისწარმოების სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. წინამდებარე საქმეზე სასამართლო სათანადოდ გაითვალისწინებს ამგვარ განსხვავებულობას იმის შესწავლისას, საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები არსებობდა თუ არა გამოუცდელი მოწმის მტკიცებულების დაშვებით დაცვის მხარისთვის შექმნილი დაბრკოლების კომპენსირებისთვის (შედარებისთვის ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery), ციტირება მაღლა, § 146).
(b) ურთიერთმიმართება ალ-ხავაიას ტესტის სამ ეტაპს შორის
110. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery) და თანმდევ პრეცედენტულ სამართალში განვითარებული პრინციპების მოქმედების გავრცელება წარმოშობს ალ-ხავაიას (Al‑Khawaja) ტესტის სამ ეტაპს შორის ურთიერთმიმართების განმარტების საჭიროებას როდესაც საქმე ეხება სასამართლო საქმისწარმოების კონვენციასთან შესაბამისობის შესწავლას, რომელზეც დაშვებულ იქნა გამოუცდელი მოწმის მაკვალიფიცირებელი მტკიცებულება. ნათელია, რომ ამ ტესტის სამივე ეტაპი შესწავლას საჭიროებს თუკი, როგორც ალ-ხავაიასა და ტაჰერის (Al-Khawaja and Tahery) გადაწყვეტილებაზე იყო, პირველი ეტაპის (არსებობდა თუ არა მოწმის დაუსწრებლობის საპატიო მიზეზი) და მეორე ეტაპის (დაუსწრებელი მოწმის ჩვენება ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი იყო თუ არა) კითხვებზე დადებითი პასუხი იქნება გაცემული (იხილეთ ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery) ციტირება მაღლა, 120-ე და 147-ე პარაგრაფები). თუმცა სასამართლოს მოეთხოვება დააზუსტოს, საჭიროა თუ არა ტესტის სამივე ეტაპის შესწავლა საქმეებზე, რომლებზეც პირველ და მეორე ეტაპზე, რომელიმე კითხვაზე უარყოფითი პასუხი გაიცა, ასევე კითხვების შესწავლის მიმდევრობა.
(i) მოწმის საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა თავისთავად წარმოადგენს თუ არა 6.1 და 6.3.d მუხლის დარღვევას
111. რაც შეეხება საკითხს, მოწმის გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზის გარეშე (ალ-ხავაიას (Al-Khawaja) ტესტის პირველი ეტაპი) თავისთავად წარმოადგენს თუ არა კონვენციის 6.1 და 6.3.d მუხლის დარღვევას, ალ-ხავაიას (Al-Khawaja) ტესტის მეორე და მესამე ეტაპების აუცილებელი შესწავლის გარეშე, სასამართლო ადგენს შემდეგს. გადაწყვეტილებაში საქმეზე ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery) სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცებულების დასაშვებად მოწმის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის მოთხოვნა “წინასწარი საკითხი” იყო, რომელიც უნდა შესწავლილიყო მანამ სანამ განიხილებოდა ეს მტკიცებულება იყო თუ არა ერთადერთი და გადამწყვეტი (ibid., § 120). მან ასევე აღნიშნა, რომ 6.1 და 6.3.d მუხლის დარღვევა დაადგინა იმ საქმეებზეც კი, რომლებზეც გამოუცხადებელი მოწმისგან მიღებული მტკიცებულება არც ერთადერთი და არც გადამწყვეტი იყო, როდესაც არ გამოიკვეთა მოწმის დაუკითხავობის საპატიო მიზეზი (ibid., სხვა წყაროებზე მითითებით).
112. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის გამოუძახებლობის დასაბუთების წარმოდგენის მოთხოვნა პრეცედენტულ სამართალში ჩამოყალიბდა საკითხთან დაკავშირებით, ბრალდებულის მსჯავრდება მხოლოდ ან მეტწილად დამოკიდებული იყო თუ არა დაუსწრებელი მოწმის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაზე (იხილეთ ალ-ხავაია და ტაჰერი (Al‑Khawaja and Tahery), ციტირება მაღლა, § 128). ის ასევე განმარტავს, რომ საქმეზე ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery) მიღებული გადაწყვეტილების, რომლითაც ის გაემიჯნა ე.წ. “ერთადერთის და გადამწყვეტის წესს”, არსს წარმოადგენდა დისკრიმინაციის აკრძალვის წესის დათმობა და ერთიანობაში ტრადიციული გზით, საქმისწარმოების სამართლიანობის გათვალისწინება (ibid., §§ 146-47). თუმცა, ახალი არამადისკრიმინებელი წესის შემოღების ტოლფასი იქნებოდა თუკი სასამართლო პროცესი მიიჩნეოდა უსამართლოდ მხოლოდ მოწმის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, მაშინაც კი თუ გადაუმოწმებელი მტკიცებულება არც ერთადერთი და არც გადამწყვეტია და შესაძლოა არარელევანტურიც არის საქმის შედეგისთვის.
113. სასამართლო აღნიშნავს, რომ ალ-ხავაიას (Al-Khawaja) გადაწყვეტილების შემდეგ მთელ რიგ საქმეებში მან აირჩია სასამართლო განხილვის სამართლიანობის შესწავლის მიდგომა, ალ-ხავაიას (Al-Khawaja) ტესტის სამივე ეტაპის გათვალისწინებით (იხილეთ სალიხოვი რუსეთის წინააღმდეგ (Salikhov v. Russia) #23880/05, §§ 118 et seq., 3 მაისი, 2012; ასადბეილი და სხვები აზერბაიჯანის წინააღმდეგ (Asadbeyli and Others v. Azerbaijan), # 3653/05, #14729/05, #20908/05, #26242/05, #36083/05 და #16519/06, § 134, 11 დეკემბერი, 2012; ევგენი ივანოვი რუსეთის წინააღმდეგ (Yevgeniy Ivanov v. Russia), # 27100/03, §§ 45-50, 25 აპრილი, 2013; და სანდრუ რუმინეთის წინააღმდეგ (Şandru v. Romania), # 33882/05, §§ 62-70, 15 ოქტომბერი, 2013). თუმცა სხვა საქმეებზე, ბრალდების მოწმის მხოლოდ დაუსწრებლობის საპატიო მიზეზის არ არსებობა საკმარისად მიიჩნევა 6.1 და 6.3.d მუხლის დარღვევის დასადგენად (იხილეთ რუდნიჩენკო უკრაინის წინააღმდეგ (Rudnichenko v. Ukraine), # 2775/07, §§ 105-110, 11 ივლისი, 2013, და ნიკოლიცასი საბერძნეთის წინააღმდეგ (Nikolitsas v. Greece), # 63117/09, § 35, 3 ივლისი, 2014; ამ უკანასკნელ საქმეზე სასამართლომ მაინც მიმართა ალ-ხავაიას (Al-Khawaja) ტესტის მომდევნო ეტაპებს ibid., §§ 36-39). თუმცა სხვა საქმეებზე განსხვავებული მიდგომა დაფიქსირდა: ბრალდების მოწმის საპატიო მიზეზის გარეშე დაუსწრებლობა სასამართლო განხილვის უსამართლობის დასტურად მიიჩნეოდა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოწმის ჩვენება აშკარად შეუსაბამო იყო საქმის შედეგისთვის (იხილეთ ხადარკოვსკი და ლებედევი რუსეთის წინააღმდეგ (Khodorkovskiy and Lebedev v. Russia), # 11082/06 და #13772/05, §§ 709-16, 25 ივლისი, 2013; ჩევარ სოისალი თურქეთის წინააღმდეგ (Cevat Soysal v. Turkey), # 17362/03, §§ 76-79, 23 სექტემბერი, 2014; და სულდინი რუსეთის წინააღმდეგ (Suldin v. Russia), # 20077/04, §§ 56-59, 16 ოქტომბერი, 2014). დიდი პალატა ზემოთ აღნიშნულზე დაყრდნობით (იხილეთ 111-112 პარაგრაფები), მიიჩნევს, რომ მოწმის დაუსწრებლობის საპატიო მიზეზის არ არსებობა თავისთავად ვერ იქნება სასამართლო განხილვის უსამართლობის განმაპირობებელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მოწმის დაუსწრებლობის საპატიო მიზეზი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია შესაფასებლად, რათა შეფასდეს ბალანსი სასამართლო სხდომის საერთო სამართლიანობის შეფასებისას და რომელიც ბალანსის დადგენისას გადაწონის 6.1 და 6.3.d მუხლის დარღვევის დადგენას.
(ii) აუცილებელია თუ არა დამაბალანსებელი ფაქტორები, თუკი გამოუცდელი მოწმის მტკიცებულება არც ერთადერთია და არც გადამწყვეტი
114. გადაწყვეტილებაში საქმეზე ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery) სასამართლომ უპასუხა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორების არსებობის მოთხოვნას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მტკიცებულების სანდოობის სამართლიანი და სათანადო შეფასება საქმის კონტექსტში, რომელზეც მსჯავრდებები მხოლოდ ან გადამწყვეტი ხარისხით ეფუძნება დაუსწრებელი მოწმეების მტკიცებულებას (ibid., § 147).
115. რაც შეეხება საკითხს, აუცილებელია თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორების არსებობის შემოწმება იმ საქმეებზეც კი რომლებზეც დაუსწრებელი მოწმის მტკიცებულების მნიშვნელოვნება არ უახლოვდება განმცხადებლის მსჯავრდების საფუძვლად მიჩნეული ერთადერთი თუ გადამწყვეტი მტკიცებულების მიჯნას, სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ ის ზოგადად აუცილებლად მიიჩნევს ერთიანობაში საქმისწარმოების სამართლიანობის შესწავლას. ეს ტრადიციულად გულისხმობს როგორც ბრალდებულის წინააღმდეგ გადაუმოწმებელი მტკიცებულების მნიშვნელოვნების შესწავლას, ისე მართლმსაჯულების ორგანოების მიერ დაცვის მხარისთვის წარმოშობილი დაბრკოლებების დამაბალანსებელი ღონისძიებების შეფასებას (იხილეთ განი ესპანეთის წინააღმდეგ (Gani v. Spain), # 61800/08, § 41, 19 თებერვალი, 2013, სხვა წყაროებზე მითითებით; იხილეთ ასევე ფაფროვიჩი პოლონეთის წინააღმდეგ (Fąfrowicz v. Poland), # 43609/07, §§ 58‑63, 17 აპრილი, 2012; სელიკი და სელიკი გაერთოანებული სამეფოს წინააღმდეგ (Sellick and Sellick v. the United Kingdom) (გადაწყვეტილება), #18743/06, §§ 54-55, 16 ოქტომბერი, 2012 (დაუსწრებელი მოწმეების “მნიშვნელოვნად” მიჩნეულ მტკიცებულებასთან მიმართებით); ბეგსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Beggs v. the United Kingdom), # 25133/06, §§ 156-159, 6 ნოემბერი, 2012 (ერთადერთ გადამწყვეტ მტკიცებულებად მიჩნეული დაუსწრებელი მოწმის მტკიცებულებასთან მიმართებით); სტეფანჩიჩი სლოვენიის წინააღმდეგ (Štefančič v. Slovenia), #18027/05, §§ 42-47, 25 ოქტომბერი, 2012 (დაუსწრებელი მოწმის მტკიცებულებასთან დაკავშირებით, რომელიც ერთერთია იმ მრავალ ელემენტს შორის, რომელსაც განმცხადებლის მსჯავრდება ეფუძნება); და გაროფოლო შვეიცარიის წინააღმდეგ (Garofolo v. Switzerland) (გადაწყვეტილება), # 4380/09, §§ 52 და 56-57, 2 აპრილი, 2013; მაგრამ იხილეთ ასევე მატიუსინა რუსეთის წინააღმდეგ (Matytsina v. Russia), # 58428/10, §§ 164-65, 27 მარტი, 2014, და ჰორნკასლი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Horncastle and Others v. the United Kingdom), # 4184/10, §§ 150-51, 16 დეკემბერი, 2014 (ორივე საქმეზე დაუსწრებელი მოწმის ჩვენების დაბალი მნიშვნელოვნების გათვალისწინებით დამაბალანსებელი ფაქტორების არსებობა არ იქნა შესწავლილი).
116. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს ამოცანაა დაადგინოს საქმისწარმოება მთლიანობაში იყო თუ არა სამართლიანი, მან უნდა მიმოიხილოს შესატყვისი დამაბალანსებელი ფაქტორების არსებობა არა მხოლოდ იმ საქმეებზე, რომელზეც დაუსწრებელი მოწმის მიერ მიწოდებული მტკიცებულება განმცხადებლის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი იყო. ის ამგვარად უნდა მოიქცეს იმ საქმეებზე სადაც ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულების წონის შეფასების მიმოხილვის შემდეგ (აღწერილია 124-ე პარაგრაფში დაბლა), ის ბუნდოვნად მიიჩნევს განსახილველი მტკიცებულება იყო თუ არა ეთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველი, თუმცა მიუხედავად ამისა რწმუნდება, რომ მას მნიშვნელოვანი წონა აქვს და რომ მისი დაშვება დაცვის მხარეს დაუცველს დატოვებდა. საქმის სასამართლო განხილვის სამართლიანად მისაჩნევად აუცილებელი დამაბალანსებელი ფაქტორების ფარგლები დამოკიდებული იქნება დაუსწრებელი მოწმის მტკიცებულების წონაზე. რაც უფრო მნიშვნელოვანია ეს მტკიცებულება, მით მეტი წონა აქვს დამაბალანსებელ ფაქტორებს რათა საქმისწარმოება მთლიანობაში მიჩნეულ იქნას სამართლიანად.
(iii) რაც შეეხება ალ-ხავაიას ტესტის სამი ეტაპის მიმდევრობას
117. სასამართლო მიიჩევს, რომ საქმეზე ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery) მოწმის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის მოთხოვნა (პირველი ეტაპი) და დაუსწრებელი მოწმის მტკიცებულების თანმდევი დაშვების საკითხები მიიჩნევა პირველად საკითხებად, რომელიც შესწავლილი უნდა იქნას მანამ სანამ განიხილება ეს მტკიცებულება იყო თუ არა ერთადერთი ან გადამწყვეტი (მეორე ნაბიჯი; ibid., § 120). ამ კონტექსტში “პირველადი” შესაძლოა გაგებულ იქნას ქრონოლოგიურად: საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველ ყოვლისა უნდა გადაწყვიტოს არსებობს თუ არა მოწმის დაუსწრებლობის საპატიო მიზეზი და შედეგად შესაძლებელია თუ არა დაუსწრებელი მოწმის მტკიცებულების დაშვება. მხოლოდ მას შემდეგ რაც მოწმის მტკიცებულება დაშვებული იქნება საქმის განმხილველი სასამართლო, სასამართლო სხდომის დასასრულს და ყველა წარმოდგენილი მტკიცებულების გათვალისწინებით, აფასებს დაუსწრებელი მოწმის მტკიცებულებას, კერძოდ კი დაუსწრებელი მოწმის მტკიცებულება არის თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველი. დაუსწრებელი მოწმის მიერ გაცემული მტკიცებულების წონაზე იქნება დამოკიდებული რა წონა უნდა ქონდეს დამაბალანსებელ ფაქტორებს (მესამე ეტაპი) რათა უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო განხილვის საერთო სამართლიანობა.
118. ამ მოცემულობის გათვალისწინებით როგორც წესი შესაბამისი იქნება ალ-ხავაიას ტესტის სამივე ეტაპის შესწავლა, იმ გადაწყვეტილებაში მოცემული მიმდევრობით (იხილეთ 107-ე პარაგრაფი მაღლა). თუმცა ტესტის სამივე ეტაპი ურთიერთდაკავშირებულია და სამივე ერთად აღებული ემსახურება იმის დადგენას განსახილველი სისხლის სამართლის საქმისწარმოება ერთიანობაში იყო თუ არა სამართლიანი. შესაბამისად შესაძლოა მოცემულ საქმეზე უპრიანი იყოს ამ ეტაპების შესწავლა განსხვავებული მიმდევრობით, განსაკუთრებით კი თუკი ერთი ეტაპის შესწავლა გამოავლენს, რომ ის განსაკუთრებით გადამწყვეტია საქმისწარმოების სამართლიანობის ან უსამართლობის დასადგენად (აღნიშნულთან მიმართებით მაგალითისთვის იხილეთ ნეჩტო რუსეთის წინააღმდეგ (Nechto v. Russia), # 24893/05, §§ 119-25 და 126-27, 24 იანვარი, 2012; მიტკუსი ლატვიის წინააღმდეგ (Mitkus v. Latvia), # 7259/03, §§ 101-102 და 106, 2 ოქტომბერი, 2012; განი (Gani), ციტირება მაღლა, §§ 43-45; და სანდრუ (Şandru), ციტირება მაღლა, §§ 62-66, ყველა ამ საქმეზე მეორე ეტაპი, კერძოდ კი საკითხი, დაუსწრებელი მოწმის მტკიცებულება იყო თუ არა ერთადერთი ან გადამწყვეტი, შესწავლილ იქნა პირველ ეტაპამდე, რომელიც თავის მხრივ ეხება საკითხს, არსებობდა თუ არა მოწმის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი).
(c) ალ-ხავაიას ტესტის სამივე ეტაპთან დაკავშირებული პრინციპები
(i) არსებობდა თუ არა მოწმის სასამართლო განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი
119. მოწმის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი უნდა არსებობდეს საქმის განმხილველი სასამართლოს პერსპექტივიდან, კერძოდ კი სასამართლოს უნდა გააჩნდეს სასამართლო სხდომაზე მოწმის დასწრების გამორიცხვის ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძვლები. თუკი მოწმის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არსებობდა აღნიშულის გათვალისწინებით, აქედან მომდინარეობს, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს საპატიო მიზეზი ან გასამართლებელი საფუძველი ქონდა დაუსწრებელი მოწმის გადაუმოწმებელი ჩვენებების დასაშვებად. არსებობს მთელი რიგი მიზეზებისა, თუ რატომ შეიძლება მოწმე ვერ ესწრებოდეს სასამართლო განხილვას, როგორიცაა გამოუცხადებლობა გარდაცვალების ან შიშის გამო (იხილეთ ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery), ციტირება მაღლა, §§ 120-25), გამოუცხადებლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (seeიხილეთ მაგალთად, ბობესი რუმინეთის წინააღმდეგ (Bobeş v. Romania), # 29752/05, §§ 39-40, 9 ივლისი, 2013; ვრონჩენკო ესტონეთის წინააღმდეგ (Vronchenko v. Estonia), # 59632/09, § 58, 18 ივლისი, 2013; და მატიცინა (Matytsina), ციტირება მაღლა, § 163) ან მოწმე მიუწვდომელია.
120. საქმეებზე, სადაც მოწმის გამოუცხადებლობის მიზეზია მისი მიუწვდომლობა, სასამართლო მოითხოვს, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს ყველა გონივრული საშუალება ქონდეს გამოყენებული მოწმის გამოცხადების უზრუნველსაყოფად (იხილეთ გაბრიელიანი სომხეთს წინააღმდეგ (Gabrielyan v. Armenia), # 8088/05, § 78, 10 აპრილი, 2012; ცაბერი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Tseber v. the Czech Republic), # 46203/08, § 48, 22 ნოემბერი, 2012; და კოსტეცკი პოლონეთის წინააღმდეგ (Kostecki v. Poland), # 14932/09, §§ 65 და 66, 4 ივნისი, 2013). ის ფაქტი, რომ ეროვნულ სასამართლოებს შესაძლებლობა არ ქონდათ, დაედგინათ შესაბამის მოწმეთა ადგილმდებარეობა ან ის ფაქტი, რომ მოწმე არ იმყოფებოდა საქმისწარმოების ქვეყანაში, თავისთავად არ იყო საკმარისი 6.3.d მუხლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელიც თავის მხრივ ხელშემკვრელ სახელმწიფოს ავალდებულებს პოზიტიური ნაბიჯები გადადგას, რათა ბრალდებულს შესაძლებლობა მისცეს თავად დაკითხოს ან დააკითხვინოს მის წინააღმდეგ წარმოდგენილი მოწმე (იხილეთ გაბრიელიანი (Gabrielyan), ციტირება მაღლა, § 81; ცებერი (Tseber), ციტირება მაღლა, § 48; და ლუჩიჩი ხორვატიის წინააღმდეგ (Lučić v. Croatia), # 5699/11, § 79, 27 თებერვალი, 2014). ამგვარი ღონისძიებები ქმნის ხელშემკვრელი სახელმწიფოების მხრიდან ყურადღებით მოქმედების შემადგენელ ნაწილს, რაც უნდა გაითვალისწინონ მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებების ეფექტიანად სარგებლობის უზრუნველსაყოფად (იხილეთ გაბრიელიანი (Gabrielyan), ციტირება მაღლა, § 81, სხვა წყაროებზე მითითებით). სხვა შემთხვევაში მოწმის გამოუცხადებლობა ეროვნული სახელმწიფო ორგანოების პასუხისმგებლობაა (იხილეთ ცებერი (Tseber), ციტირება მაღლა, § 48, და ლუჩიჩი (Lučić), ციტირება მაღლა, § 79).
121. სასამართლოს პასუხისმგებლობას არ წარმოადგენს იმ საგანგებო ღონისძიებების თავმოყრა, რომლებიც ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გაატარონ მოწმის გამოცხადების უზრუნველყოფისთვის ყველა გონივრული ძალისხმევის გამოსავლენად, მოწმისა, რომელსაც საბოლოო ჯამში ისინი მიუწვდომლად მიიჩნევენ (იხილეთ ცებერი (Tseber), ციტირება მაღლა, § 49). თუმცა ნათელია, რომ ისინი სავარაუდოდ აქტიურად ეძებდნენ მოწმეს, ეროვნული სახელმწიფო ორგანოების, მათ შორის პოლიციის დახმარებით (იხილეთ სალიხოვი (Salikhov), ციტირება მაღლა, §§ 116-17; პრაინა რუმინეთის წინააღმდეგ (Prăjină v. Romania), #5592/05, § 47, 7 იანვარი, 2014; და ლუჩიცი (Lučić), ციტირება მაღლა, § 79) და მოქმედი წესის შესაბამისად მიმართეს საერთაშორისო სამართლებრივ დახმარებას, იმ [ქვეყნისგან] სადაც მოწმე ცხოვრობდა საზღვარგარეთ და ამგვარი მექანიზმები ხელმისაწვდომი იყო (იხილეთ გაბრიელიანი (Gabrielyan), ციტირება მაღლა, § 83; ფაფროვიჩი (Fąfrowicz), ციტირება მაღლა, § 56; ლუჩიცი (Lučić), ციტირება მაღლა, § 80; და ნიკოლიცასი (Nikolitsas), ციტირება მაღლა, § 35).
122. სასამართლო სხდომაზე მოწმის გამოცხადების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ყველა გონივრული ძალისხმევის საჭიროება ასევე მოიცავს ეროვნული სასამართლოების მიერ მოწმის სხვდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზების ყურადღებით შესწავლას, მოწმის გამორჩეული მდგომარეობის გათვალისწინებით (იხილეთ ნეჩტო (Nechto), ციტირება მაღლა, § 127; დამირ სიბგატულინი (Damir Sibgatullin), ციტირება მაღლა, § 56; და ევგენი ივანოვი (Yevgeniy Ivanov), ციტირება მაღლა, § 47).
(ii) დაუსწრებელი მოწმის მტკიცებულება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველი
123. რაც შეეხება საკითხს, დაუსწრებელი მოწმის მტკიცებულება, რომლის ჩვენებებიც მტკიცებულებად იქნა დაშვებული, იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველი (ალ-ხავაიას (Al-Khawaja) ტესტის მეორე ეტაპი), სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ “ერთადერთი” მტკიცებულება გაგებულ უნდა იქნას, როგორც ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მხოლოდ ერთი მტკიცებულება (იხილეთ ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery), ციტირება მაღლა, § 131). “გადამწყვეტი” მტკიცებულება ვიწროდ უნდა განიმარტოს, რადგანაც ამგვარი მაშტაბისა და მნიშვნელოვნების მტკიცებულება მაღალი ალბათობით საქმის შედეგის განმაპირობებელია. როდესაც მოწმის გადაუმოწმებელი მტკიცებულება გამყარებულია ბრალდების სხვა მტკიცებულებით, იმის შეფასება გადამწყვეტი იყო თუ არა ის, დამოკიდებული იქნება მხარდამჭერი მტკიცებულების ძალაზე; რაც უფრო ძლიერია ბრალდების მტკიცებულება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოუცხადებელი მოწმის მტკიცებულებას იგივე რეჟიმში განიხილავდეს, როგორც გადამწყვეტ [მტკიცებულებას] (ibid., § 131).
124. ვინაიდან [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო არ მოქმედებს როგორც მეოთხე ინსტანციის სასამართლო (იხილეთ ნიკოლიტსასი (Nikolitsas), ციტირება მაღლა, § 30), გადაწყვეტილების მიღებისას დაუსწრებელი მოწმის მიერ გაცემული მტკიცებულება იყო თუ არა განმცხადებლის მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველი, მისთვის ამოსავალი წერტილია ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები (იხილეთ ბეგსი (Beggs), ციტირება მაღლა, § 156; კოსტეცკი (Kostecki), ციტირება მაღლა, § 67; და ჰორნკასლი (Horncastle), ციტირება მაღლა, §§ 141 და 150). სასამართლომ უნდა მიმოიხილოს ეროვნული სასამართლოების შეფასება “ერთადერთ” და “გადამწყვეტ” მტკიცებულებად შეფასებისას ეროვნული სასამართლოების შეფასების ჭრილში და დაადგინოს, ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულების წონის შეფასება იყო მიუღებელი თუ თვითნებური (შედარებისთვის მაგალითად, მაკგლინი გაერთანებული სამეფოს წინააღმდეგ (McGlynn v. the United Kingdom) (გადაწყვეტილება), #40612/11, § 23, 16 ოქტომბერი, 2012, და გაროფოლო (Garofolo), ციტირება მაღლა, §§ 52-53). მან ასევე თავად უნდა შეაფასოს დაუსწრებელი მოწმის მტკიცებულება, თუკი ეროვნულმა სასამართლოებმა ამ საკითხზე არ მიუთითეს თავიანთი პოზიცია ან მათი პოზიცია არ არის ნათელი (შეადარეთ მაგალითად, ფაფროვიცი (Fąfrowicz), ციტირება მაღლა, § 58; პიჩუგინი რუსეთის წინააღმდეგ (Pichugin v. Russia), #38623/03, §§ 196-200, 23 ოქტომბერი, 2012; ცებერი (Tseber), ციტირება მაღლა, §§ 54-56; და ნიკოლიტასი (Nikolitsas), ციტირება მაღლა, § 36).
(iii) არსებობდა თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები დაცვის მხარისთვის შექმნილი დაბრკოლების კომპენსირებისთვის
125. რაც შეეხება საკითხს, არსებობდა თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები დაცვის მხარისთვის შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებისთვის, სასამართლო განხილვაზე გადაუმოწმებელი მოწმის მტკიცებულების დაშვების შედეგად (ალ-ხავაიას (Al-Khawaja) ტესტის მესამე ეტაპი), სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ ამ დამაბალანსებელ ფაქტორებს ხელი უნდა შეეწყო ამ მტკიცებულების სანდოობის სამართლიანი და სათანადო შეფასებისთვის (იხილეთ ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery) ციტირება მაღლა § 147).
126. ის ფაქტი, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დაუსწრებელი მოწმის გადაუსინჯავი მტკიცებულება სიფრთხილით მიიღეს, [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ მნიშვნელოვან დამცავ ფაქტორად მიიჩნია (შედარებისთვის ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery), ციტირება მაღლა, § 161; განი (Gani), ციტირება მაღლა, § 48; და ბრზუჟზინსკი პოლონეთის წინააღმდეგ (Brzuszczyński v. Poland), # 23789/09, §§ 85‑86, 17 სექტემბერი, 2013). სასამართლოებს უნდა ეჩვენებიათ, რომ მათთვის ნათელი იყო, რომ დაუსწრებელი მოწმეების ჩვენებებს ნაკლები წონა აქვს (შედარებისთვის, მაგალითად, ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery), ციტირება მაღლა, § 157, და ბობესი (Bobeş), ციტირება მაღლა, § 46). ამ კონტექსტში სასამართლომ მიმოიხილა, ეროვნულ სასამართლოებს წარმოდგენილი ქონდათ თუ არა ამ მტკიცებულების სანდოდ მიჩნევის დეტალური დასაბუთება, სხვა მტკიცებულებების მხედველობაში მიღებისას (იხილეთ ბრზუჟზინსკი (Brzuszczyński), ციტირება მაღლა, §§ 85-86 და 89; პრაჟინა (Prăjină), ციტირება მაღლა § 59; და ნიკოლიცასი (Nikolitsas), ციტირება მაღლა, § 37). მსგავსად ამისა ის ითვალისწინებს საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ დაუსწრებელი მოწმეების მტკიცებულებასთან მიმართებით მიდგომის შესახებ ნაფიცი მსაჯულებისთვის მიცემულ ინსტრუქციებს (იხილეთ მაგალითად, სელიკი და სელიკი (Sellick and Sellick), ციტირება მაღლა, § 55).
127. ამ კონტექსტში დამატებითი გარანტია შეიძლება იყოს გამოძიების სტადიაზე დაუსწრებელი მოწმის დაკითხვის ვიდეოჩანაწერის ჩვენება საქმის სასამართლო განხილვაზე, რათა სასამართლოს, პროკურატურასა და დაცვის მხარეს შესაძლებლობა მიეცეთ დააკვირდნენ მოწმის ქცევას დაკითხვისას და საკუთარი შეხედულება შეიქმნან მისი სანდოობის შესახებ (იხილეთ A.G. შვედეთის წინააღმდეგ (A.G. v. Sweden), ციტირება მაღლა; ჩმურა პოლონეთის წინააღმდეგ (Chmura v. Poland), #18475/05, § 50, 3 აპრილი, 2012; D.T. ნიდერლანდების წინააღმდეგ (D.T. v. the Netherlands) (გადაწყვეტილება), # 25307/10, § 50, 2 აპრილი, 2013; ევგენი ივანოვი (Yevgeniy Ivanov), ციტირება მაღლა, § 49; როსინი ესტონეთის წინააღმდეგ (Rosin v. Estonia), # 26540/08, § 62, 19 დეკემბერი, 2013; და გონსალეს ნაიერა ესპანეთის წინააღმდეგ (Gonzáles Nájera v. Spain) (გადაწყვეტილება), # 61047/13, § 54, 11 თებერვალი, 2014).
128. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა საქმის სასამართლო განხილვაზე მოწმის გადაუმოწმებელი ჩვენების განმამტკიცებელი ბრალდების მტკიცებულების ხელმისაწვდომობა (იხილეთ, ასევე, სიცა რუმინეთის წინააღმდეგ (Sică v. Romania), # 12036/05, §§ 76-77, 9 ივლისი, 2013; ბრზუჟზინსკი (Brzuszczyński), ციტირება მაღლა, § 87; და პრაინა (Prăjină), ციტირება მაღლა, §§ 58 და 60). ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა მოიცავდეს სასამართლო სხდომაზე იმ პირის მიერ მიცემულ ჩვენებებს, ვისაც დაუსწრებელმა მოწმემ მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა (იხილეთ ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery), ციტირება მაღლა, § 156; მაკგლინი (McGlynn), ციტირება მაღლა, § 24; D.T. ნიდერლანდების წინააღმდეგ (D.T. v. the Netherlands), ციტირება მაღლა, § 50; და გონსალეს ნაიერა (Gonzáles Nájera), ციტირება მაღლა, § 55); დანაშაულთან მიმართებით არსებული სხვა ფაქტობრივი მტკიცებულება, მათ შორის საექსპერტო დასკვნა (იხილეთ მაგალითად, მაკგლინი (McGlynn), ციტირება მაღლა, § 24 (დნმ-ის მტკიცებულება)), ან ექსპერტის მოსაზრებები დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანებების ან მისი სანდოობის შესახებ (შეადარეთ განი (Gani), ციტირება მაღლა, § 48; გონსალეს ნაიერა (Gonzáles Nájera), ციტირება მაღლა, § 56; და როსინი (Rosin), ციტირება მაღლა, § 61). სასამართლომ ასევე დაუსწრებელი მოწმის ჩვენების მნიშვნელოვან მხარდამჭერ ფაქტორად მიიჩნია ის ფაქტი, რომ დაუსწრებელი მოწმის მიერ სავარაუდოდ მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის აღწერა და იგივე ბრალდებულის მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულის სხვა მოწმის მიერ წარმოდგენილი აღწერა, რომელზეც შეხვედრის მტკიცებულება არ იკვეთებოდა, ძალიან გავდა ერთმანეთს. ეს კიდევ უფრო შეესაბამება სიმართლეს თუკი ამ უკანასკნელმა მოწმემ ჩვენება მისცა საქმის სასამართლო განხილვაზე და მოწმის სანდოობა შემოწმდა ჯვარედინი დაკითხვით (შედარებისთვის ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery), ციტირება მაღლა, § 156).
129. უფრო მეტიც, საქმეებზე სადაც მოწმე არ არსებობს და არ შეიძლება დაიკითხოს სასამართლო სხდომაზე, მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს დაცვის მხარისთვის შეთავაზებული შესაძლებლობა, ამ მოწმეს კითხვები დაუსვას არაპირდაპირ, მაგალითად წერილობით, სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას (იხილეთ ევგენი ივანოვი (Yevgeniy Ivanov), ციტირება მაღლა, § 49, და შოლერი გერმანიის წინააღმდეგ (Scholer v. Germany), # 14212/10, § 60, 18 დეკემბერი, 2014).
130. დაცვის მხარისთვის სასამართლო სხდომაზე დაუსწრებელი მოწმის მტკიცებულების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლების დამაბალანსებელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა განმცხადებლისთვის ან დაცვის მხარის წარმომადგენელისთვის შესაძლებლობის მიცემა დაკითხოს მოწმე გამოძიების სტადიაზე (იხილეთ ასევე, A.G. შვედეთის წინააღმდეგ (A.G. v. Sweden), ციტირება მაღლა; განი (Gani), ციტირება მაღლა, § 48; და სანდრუ (Şandru), ციტირება მაღლა, § 67). სასამართლომ ამ კონტექსტში დაადგინა, რომ იქ სადაც გამოძიების ორგანოებს უკვე მიღებული ქონდათ პოზიცია, რომ მოწმეს არ მოუსმენდნენ სასამართლო სხდომაზე, მეტად მნიშვნელოვანი იყო დაცვის მხარისთვის შესაძლებლობის მიცემა, დაზარალებულს კითხვები დაუსვას წინასწარი გამოძიების ეტაპზე (იხილეთ როსინი (Rosin), ციტირება მაღლა, §§ 57 et seq., კერძოდ კი §§ 57 და 60, და ვრონჩენკო (Vronchenko), ციტირება მაღლა, §§ 61 და 63, ორივე ეხებოდა სასამართლო სხდომაზე სქესობრივი დანაშაულის მცირეწლოვანი დაზარალებულის დაუსწრებლობას, ბავშვის კეთილდღეობის დასაცავად; და შეადარეთ საქმესთან აიგნერი ავსტრიის წინააღმდეგ (Aigner v. Austria), # 28328/03, §§ 41-42, 10 მაისი, 2012, და ტრამპევსკი (Trampevski), ციტირება მაღლა, § 45). ამგვარი წინასასამართლო მოსმენები ხშირად იმართება რათა გამორიცხოს ნებისმიერი რისკი იმისა, რომ გადამწყვეტმა მოწმემ ვერ შეძლოს საქმის სასამართლო განხილვაზე ჩვენების მიცემა (იხილეთ ჩმურა (Chmura), ციტირება მაღლა, § 51).
131. ბრალდებულს ასევე შესაძლებლობა უნდა მიეცეს წარმოადგინოს მოვლენათა საკუთარი ვერსიაც და გააჟღეროს დაუსწრებელი მოწმის სანდოობასთან დაკავშირებული ეჭვი, სხვა მოწმის ჩვენებებთან შეუსაბამობასა ან არაშესატყვისობაზე მითითებით (იხილეთ აიგნერი (Aigner), ციტირება მაღლა, § 43; D.T. ნიდერლანდების წინააღმდეგ (D.T. v. the Netherlands), ციტირება მაღლა, § 50; გაროფოლო (Garofolo), ციტირება მაღლა, § 56; და განი (Gani), ციტირება მაღლა, § 48). როდესაც ბრალდებულისთვის ცნობილია მოწმის ვინაობა, ის შეძლებს გამოიცნოს და გამოიძიოს მოწმის მოტივები თუ რატომ ცრუობს და შესაბამისად ეფექტიანად დააყენოს ეჭვქვეშ მისი სანდოობა, თუმცა ალბათ უფრო ნაკლებად ვიდრე პირდაპირი დაპირისპირების პირობებში (იხილეთ ცებერი (Tseber), ციტირება მაღლა, § 63; გაროფოლო (Garofolo), ციტირება მაღლა, § 56; სიკა (Sică), ციტირება მაღლა, § 73; და ბრზუზჟინსკი (Brzuszczyński), ციტირება მაღლა, § 88).
2. ამ პრინციპების გავრცელება წინამდებარე საქმეზე
(a) მოწმეებს ო.-სა და პ.-ს ქონდათ თუ არა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი
132. წინამდებარე საქმეზე სასამართლომ პირველ ყოვლისა უნდა გამოიკვლიოს არსებობდა თუ არა ბრალდების მხარის მოწმეების ო.-სა და პ.-ს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი საქმის განმხილველი სასამართლოს პერსპექტივიდან და შედეგად ეს წარმოადგენდა თუ არა ამ სასამართლოსთვის დაუსწრებელი მოწმეების გადაუმოწმებელი ჩვენებების მტკიცებულების სახით მიღების საპატიო მიზეზს ან დასაბუთებას (იხილეთ 119-ე პარაგრაფი მაღლა).
133. იმის განსაზღვრისას, რეგიონულ სასამართლოს ქონდა თუ არა კარგი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი დასაბუთება მოწმეთა სასამართლო სხდომაზე გამოცხადების თადარიგის დაუჭერლობისთვის, [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო საბოლოო ჯამში აღნიშნავს, რომ როგორც განმცხადებელმა მართებულად მიუთითა, რეგიონულ სასამართლოს არ მიუჩნევია მოწმეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ მათი შიში სასამართლოზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად.
134. ეს აშკარაა იმ ფაქტიდან, რომ რეგიონულმა სასამართლომ 2007 წლის 29 აგვისტოს წერილით ლატვიაში მაცხოვრებელ მოწმეებს თხოვა გამოცხადებულიყვნენ სასამართლო განხილვაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათ მანამდე უარი განაცხადეს სასამართლოს გამოძახების შესრულებაზე, თავიანთი მოქმედება დააფუძნეს რა სამედიცინო სერთიფიკატებს, რომლებიც მიუთითებდა, რომ ისინი არასტაბილურ პოსტ-ტრავმულ ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ (იხილეთ 23-24-ე პარაგრაფი მაღლა). ამასთან, ლატვიის სასამართლოს მიერ სასამართლო განხილვის გაუქმების შემდეგ, რომელთან დაკავშირებითაც მოწმეები კვლავ დაეყრნდნენ სამედიცინო ცნობებს, რომლებიც მიუთითებდა, რომ ისინი კვლავ პოსტ-ტრავმული აშლილობის მდგომარეობაში იყვნენ, რეგიონულმა სასამართლომ ლატვიის სასამართლოს მიუთითა, გერმანიის სისხლის სამართლის საპროცესო კანონის თანახმად მოწმეებს საკმარისად არ დაუსაბუთებიათ მათი უარი ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად რეგიონულმა სასამართლომ ლატვიის სასამართლოს შესთავაზა, რომ მოწმეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჩვენების მიცემის შესაძლებლობა შეესწავლა საჯარო სამედიცინო ოფიცერს ან ალტერნატივის სახით იძულებით მოყვანის შედეგად უზრუნველეყო მათი დასწრება სასამართლო სხდომაზე ლატვიაში. ლატვიის სასამართლომ არ უპასუხა ამ შეთავაზებებს (იხილეთ 26-27 პარაგრაფები მაღლა).
135. მას შემდეგ რაც მოწმეთა პირადად მოსმენის ეს მცდელობები ამაო აღმოჩნდა რეგიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ უახლოეს მომავალში მოწმეთა პირადად მოსმენას გადაულახავი წინააღმდეგობები აბრკოლებდა. რეგიონულმა სასამართლომ, დაეყრდნო რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 251.1.2 და 251.2.1 მუხლს, გამოძიების სტადიაზე მოწმეთა დაკითხვის ჩანაწერები მტკიცებულებად მიიღო საქმის სასამართლო განხილვისას (იხილეთ 28-ე პარაგრაფი მაღლა). რეგიონული სასამართლოს ამ გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენდა საქმის განმხილველი სასამართლოსთვის მოწმეთა მიუწვდომლობა, რომელსაც მათი იძულებით მოყვანის უფლებამოსილება არ გააჩნდა (ეს არის პროცესუალური ან სამართლებრივი საფუძველი) და არა მათი ჯანმრთელობის მდგომაროება ან შიში (მატერიალური ან ფაქტობრივი საფუძველი).
136. როგორც ეს აუცილებელია საქმეებზე, სადაც ბრალდების მოწმეები არ ცხადდებიან რადგანაც მიუწვდომლები არიან, [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ უნდა შეისწავლოს საქმის განმხილველმა მოსამართლემ ყველა გონივრულ ძალისხმევას მიმართა თუ არა მოწმეთა დასწრების უზრუნველსაყოფად (იხილეთ 120-ე პარაგრაფი მაღლა). აღნიშნულთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ რეგიონულმა სასამართლომ მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯები გადადგა დაცვის მხარის, თავად სასამართლოსა და პროკურატურის მიერ მოწმეების ო.-სა და პ.-ს დაკითხვის უზრუნველსაყოფად.
137. გერმანიაში სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე გამოცხადებაზე მოწმეთა უარი კრიტიკულად შეისწავლა რეგიონულმა სასამართლომ, როგორც ეს აღნუსხული იყო მათ მიერ წარდგენილ სამედიცინო სერთიფიკატებში, როგორც ზემოთ წარმოჩინდა, მიიჩნია რა გამოუცხადებლობის ეს დასაბუთება არასაკმრისად, ინდივიდუალურად დაუკავშირდა მოწმეებს და შესთავაზა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის ალტერნატივები, რაც მოწმეებმა არ მიიღეს.
138. შემდგომ რეგიონულმა სასამართლომ მიმართა საერთაშორისო სამართლებრივ დახმარებას და მოითხოვა მოწმეთა გამოძახება ლატვიის სასამართლოს წინაშე, რათა რეგიონული სასამართლოს თავმჯდომარეს დაეკითხა ისინი ვიდეო კავშირის მეშვეობით და დაცვის მხარესაც განეხორციელებია მათი ჯვარედინი დაკითხვა. მიუხედავად ამისა საქმის მოსმენა გააუქმა ლატვიის სასამართლომ, რომელმაც გაიზიარა მოწმეთა უარი ჩვენების მიცემაზე, მათ მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობების საფუძველზე. რეგიონულმა სასამართლომ კვლავ კრიტიკულად განიხილა მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გაცხადებული მიზნები და ლატვიის სასამართლოს შესთავაზა კიდეც მოწმეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის საჯარო სამედიცინო ექსპერტის მიერ შესწავლა ან მოწმეთა იძულებით მოყვანა სასამართლო სხდომაზე; ამ შეთავაზებაზე მათ პასუხი არ მიუღიათ (დეტალურად იხილეთ 23-27 პარაგრაფები მაღლა).
139. ამ ელემენტების გათვალისწინებით დიდმა პალატამ, გაიზიარა რა პალატის დასკვნა აღნიშნულთან მიმართებით, დაადგინა, რომ რეგიონულმა სასამართლომ ყველა გონივრული ზომა მიიღო არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოზე დაყრდნობით (იხილეთ 64-66 პარაგრაფები) მოწმეების ო.-სა და პ.-ს დასწრების უზრუნველსაყოფად. მას სხვა გონივრული საშუალებები არ გააჩნდა თავის იურისდიქციაში გერმანიის ტერიტორიაზე, რათა უზრუნველეყო ო.-სა და პ.-ს დასწრება, ლატვიის მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთ სამშობლოში ცხოვრობდნენ. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო მიიჩნევს, კერძოდ კი, რომ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საქმის განმხილველი სასამართლო პოლიტიკურ დონეზე ლატვიის რესპუბლიკასთან ორმხრივი მოლაპარაკების შედეგად შეძლებდა მოწმეთა სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველყოფას გონივრულ ვადაში, როგორც ამას განმცხადებელი თავაზობდა. impossibilium nulla est obligatio პრინციპზე დაყრდნობით მოწმეთა დაუსწრებლობაზე პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრებოდა ეროვნულ სასამართლოს.
140. შესაბამისად, საქმის განმხილველი სასამართლოს პერსპექტივიდან მოწმეების ო.-სა და პ.-ს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის და აქედან გამომდინარე წინასასამართლო გამოძიების ეტაპზე მათ მიერ პოლიციისთვის და გამომძიებელი მოსამართლისთვის მიცემული ჩვენების დაშვების საპატიო მიზეზი არსებობდა.
(b) დაუსწრებელი მოწმეების მტკიცებულება იყო თუ არა განმცხადებლის მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი მტკიცებულება
141. დაუსწრებელი მოწმეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების წონის განსაზღვრისას და იმის შეფასებისას, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება იყო თუ არა განმცხადებლის მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველი, სასამართლომ პირველ ყოვლისა დაეყრდნო ეროვნული სასამართლოების შეფასებას. მან დაადგინა, რომ რეგიონულმა სასამართლომ ო. და პ. ბრალდების საკვანძო მოწმეებად (“maßgebliche[n] Belastungszeuginnen”) მიიჩნია, თუმცა ასევე დაეყრდნო სხვა ხელმისაწვდომ მტკიცებულებებს (იხილეთ 32-ე და 36-ე პარაგრაფები მაღლა). მართლმსაჯულების ფედერალურმა სასამართლომ თავის მხრივ, სამართლებრივ საფუძვლებთან მიმართებით განმცხადებლის მიერ წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის გაცხადებისას მიუთითა ამ სასამართლოს წინაშე გენერალური ფედერალური სახელმწიფო პროკურორის მიერ წარმოდგენილ დასაბუთებაზე. ეს უკანასკნელი ამტკიცებდა, რომ აღნიშნული მოწმეების ჩვენებები არ წარმოადგენდა განმცხადებლის მსჯავრდების არც ერთადერთ და არც გადამწყვეტ საფუძველს, ვინაიდან რეგიონულმა სასამართლომ თავისი მიგნებები დააფუძნა სხვა მნიშვნელოვან მტკიცებულებას (იხილეთ 49-ე პარაგრაფი მაღლა).
142. [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა, რომელთაც მოწმეების ო.-სა და პ.-ს ჩვენებები არ მიიჩნიეს განმცხადებლის წინააღმდეგ წარდგენილ ერთადერთ მტკიცებულებად, ნათლად არ მიუთითეს, მიიჩნევდნენ თუ არა მოწმეების განსახილველ ჩვენებებს “გადამწყვეტ” მტკიცებულებად, როგორც ეს განსაზღვრა სასამართლომ საქმეზე ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery) (რომელიც თავის მხრივ მიღებულ იქნა წინამდებარე საქმეზე ეროვნული სასამართლოების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ), რაც გულისხმობს იმგვარ მნიშვნელოვნებას, რაც გადამწყვეტია საქმის შედეგისთვის (იხილეთ 123-ე პარაგრაფი მაღლა). რეგიონული სასამართლოს მიერ მოწმეთა კლასიფიცირება “maßgeblich” (რაც “საკვანძოსთან” ერთად, შეიძლება ითარგმნოს როგორც “მნიშვნელოვანი”, “გამორჩეული” ან “გადამწყვეტი”) არ არის აღნიშულთან მიმართებით სრულად ნათელი. უფრო მეტი, მართლმსაჯულების ფედერალური სასამართლოს ზოგადი მითითება გენერალური ფედერალური სახელმწიფო პროკურორის უარყოფასთან, რომ დაზარალებულთა ჩვენებები განმცხადებლის მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველი იყო (იხილეთ 49-ე პარაგრაფი მაღლა), ვერ იქნება გაგებული როგორც იმაზე მიმანიშნებელი, რომ ამ სასამართლომ პროკურორის თითოეული არგუმენტი გაითვალისწინა.
143. მოწმის მტკიცებულების წონის შეფასებისას ეროვნული სასამართლოების მიგნებების ჭრილში [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ხელმისაწვდომი დამატებითი მაკვალიფიცირებელი მტკიცებულების ძალა (იხილეთ 123-ე პარაგრაფი მაღლა). ის ადგენს, რომ რეგიონული სასამართლოს წინაშე დანაშაულთან მიმართებით წარმოდგენილი იყო შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების მეზობლის ე.-სა და მათი მეგობრის ლ.-ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული გადმოცემითი ჩვენება ო.-სა და პ.-ს მიერ 2007 წლის 3 თებერვლის მოვლენების შესახებ მათთვის მონათხრობის საფუძველზე; სასამართლო სხდომაზე განმცხადებლის აღიარებას, რომ ის ო.-სა და პ.-ს ბინაში იმყოფებოდა მოცემულ დროს და აივნიდან გადახტა პ.-ზე დადევნების მიზნით; გეოგრაფიული მონაცემი და ორი მობილური ტელეფონიდან ერთ ბრალდებულსა და განმცხადებელს შორის დანაშაულის ჩადენის დროს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელმაც გამოავლინა, რომ განმცხადებელი ბინაში იმყოფებოდა დანაშაულის ჩადენის მომენტში და აივნიდან გადახტა ერთერთი გაქცეული მაცხოვრებლის დადევნების მიზნით; GPS-ის მონაცემები, რომელიც ავლენდა, რომ ერთერთი თანაბრალდებულის ავტომობილი გაჩერებული იყო მოწმეების ბინასთან მოცემულ დროს; და ბოლოს, განმცხადებლისა და მისი თანამზრახველის მიერ 2006 წლის 14 ოქტომბერს კასელში ჩადენილ დანაშაულთა დაკავშირებული მტკიცებულება.
144. სასამართლო, ითვალისწინებს რა ამ მტკიცებულებებს, აღნიშნავს, რომ ო. და პ. განსახილველი დანაშაულის ერთადერთი თვითმხილველები იყვნენ. სასამართლოებისთვის ხელმისაწვდომი სხვა მტკიცებულებები ან უბრალოდ არაპირდაპირი ჩვენება იყო ან მხოლოდ გარემოების დამადასტურებელი ტექნიკური და სხვა მტკიცებულება, რაც პირდაპირ ვერ ადასტურებდა ძარცვასა და ძალადობას. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსწრებელი მოწმეების მტკიცებულება “გადამწყვეტი” იყო და განაპირობებდა განმცხადებლის მსჯავრდებას.
(c) სახეზე იყო თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები დაცვის მხარისთვის შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებისთვის
145. სასამართლომ ასევე მესამე ეტაპზე უნდა განსაზღვროს არსებობდა თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, იმ დაბრკოლებების კომპენსაციისთვის, რომლის წინაშეც დაცვის მხარე აღმოჩნდა დაუსწრებელი მოწმეების გადამწყვეტი მტკიცებულების დაშვების შედეგად. როგორც ზემოთ გამოიკვეთა (იხილეთ 125-131 პარაგრაფები მაღლა), ამ კონტექსტში რელევანტურია შემდეგი ელემენტები: საქმის განმხილველი სასამართლოს მიდგომა გადაუმოწმებელ მტკიცებულებასთან მიმართებით, სხვა მაკვალიფიცირებელი მტკიცებულების ხელმისაწვდომობა და ძალა და ის პროცესუალური ღონისძიებები რაც გატარდა სასამართლო სხდომაზე მოწმეთა პირდაპირ ჯვარედინი დაკითხვის შეუძლებლობის კომპენსირებისთვის.
(i) საქმის განმხილველი სასამართლოს მიდგომა გადაუმოწმებელ მტკიცებულებასთან მიმართებით
146. რაც შეეხება ეროვნული სასამართლოების მიერ დაუსწრებელი მოწმეების ო.-სა და პ.-ს მტკიცებულების გაზიარებას, [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო მიიჩნევს, რომ რეგიონული სასამართლო ამ მტკიცებულებას სიფრთხილით მიუდგა. მან პირდაპირ მიუთითა გადაწყვეტილებაში, რომ ვალდებული იყო განსაკუთრებული სიფრთხილე გამოეჩინა მოწმეთა სანდოობის შეფასებისას, ვინაიდან არც დაცვის მხარეს და არც სასამართლოს შეეძლო მოწმეთათვის სასამართლო სხდომაზე დაესვათ კითხვები და დაკვირვებოდნენ მათ ქცევას.
147. სასამართლო ამ კონტექსტში მიიჩნევს, რომ რეგიონული სასამართლოსთვის შეუძლებელი იყო სასამართლო სხდომაზე გამომძიებელი მოსამართლის წინაშე მოწმეთა ჩვენებების ვიდეო ჩანაწერის გაცნობა, ვინაიდან ასეთი ჩანაწერი არ არსებობდა. ის აღიშნავს, რომ სხვადასხვა სამართლებრივ სისტემებში საქმის განმხილველ სასამართლოებს ამგვარი შესაძლებლობა გააჩნიათ (შეადარეთ 127-ე პარაგრაფში მოცემული მაგალითები), რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, ისევე როგორც დაცვის მხარეს და პროკურატურას, დააკვირდნენ დაკითხვისას მოწმეთა ქცევას და მოწმის სანდოობის შესახებ უფრო ნათელი წარმოდგენა შეიქმნან.
148. რეგიონულმა სასამართლომ თავის დეტალურად დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში ნათელი გახადა, რომ მისთვის ცნობილი იყო მოწმის გადაუმოწმებელი ჩვენებების შემცირებული მტკიცებულებითი ღირებულების შესახებ. მან შეადარა ო.-სა და პ.-ს მიერ გამოძიების ეტაპზე განმეორებით მიცემული ჩვენებები და დაადგინა, რომ მოწმეებმა წარმოადგინეს დანაშაულთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური და ნათელი აღწერა. საქმის განმხილველმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებებში მცირე წინააღმდეგობები შეიძლება აიხსნას მათი შფოთვით, არ გაემხილათ მათი საქმიანობის შესახებ სახელმწიფო ორგანოებისთვის. მან ასევე დაადგინა, რომ მოწმეთა შეუძლებლობა, განმცხადებლის იდენტიფიცირება მოეხდინათ, მიუთითებს, რომ მათ ჩვენება არ მიუციათ მისი დადანაშაულების განზრახვით.
149. სასამართლო ასევე ადგენს, რომ რეგიონულმა სასამართლომ მოწმეთა სანდოობის შეფასებისას, ჩვენებეთან მიმართებით მათი ქცევის შეფასებისას სხვა ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება. მან მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ მოწმეებს დანაშულის შესახებ დაუყოვნებლივ არ განუცხადებიათ პოლიციისთვის და რომ ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ ადეკვატური საფუძვლის გარეშე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ქცევას ქონდა ახსნა, კერძოდ კი მოწმეთა შიში, პრობლემები შექმნოდათ პოლიციასთან ან თავდამსხმელებისგან შურისძიების სამიზნე გამხდარიყვნენ, ასევე მათთვის მარტივი არ იყო დანაშაულის გახსენება და მასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხების გაცემა, რაც ეჭვქვეშ არ აყენებდა მათ სანდოობას.
150. აღნიშნულის გათვალისწინებით, [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო მიიჩნევს, რომ რეგიონულმა სასამართლომ სიფრთხილით შეისწავლა დაუსწრებელი მოწმეებისა და მათი ჩვენებების სანდოობა. მან ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ მისი ამოცანა, გადასინჯოს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაუმოწმებელი მტკიცებულება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ რეგიონულმა სასამართლომ, როგორც ეს მიღებულია კონტინენტური სამართლის სისტემაში, წარმოადგინა მისთვის წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების დასაბუთება.
(ii) დანარჩენი მაკვალიფიცირებელი მტკიცებულების ხელმისაწვდომობა და მოქმედების ძალა
151. სასამართლო ასევე ადგენს, რომ რეგიონულ სასამართლოს, როგორც ასახულია მაღლა (იხილეთ 143-44 პარაგრაფები), წარდგენილი ქონდა დამატებითი მაკვალიფიცირებელი გადმოცემითი ჩვენება და გარემოებითი მტკიცებულება, რაც ამყარებდა ო.-სა და პ.-ს მოწმის ჩვენებებს.
(iii) სასამართლო სხდომაზე მოწმეთა პირდაპირ ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობის არ არსებობის კომპენსირებაზე მიმართული პროცედურული ღონისძიებები
152. სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებელს შესაძლებლობა ქონდა 2007 წლის 3 თებერვლის მოვლენების საკუთარი ვერსია წარმოედგინა და ეჭვქვეშ დაეყენებია მოწმეთა სანდოობა, რომელთა ვინაობაც მისთვის ცნობილი იყო, სხვა მოწმეების ჯვარედინი დაკითხვით, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არაპირდაპირ/გადმოცემით ჩვენებებს წარმოადგენდნენ.
153. თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელს არ ქონდა შესაძლებლობა მოწმეების ო.-სა და პ.-სთვის არაპირდაპირ, მაგალითად წერილობით დაესვა შეკითხვები. უფრო მეტიც, არც განმცხადებელს და არც მის ადვოკატს არ ქონდათ შესაძლებლობა გამოძიების სტადიაზე დაეკითხათ მოწმეები.
154. სასამართლო ამ კონტექსტში მიიჩნევს, რომ მხარეები ვერ თანხმდებიან იმასთან დაკავშირებით, რომ განმცხადებლისთვის დამცველის დანიშვნაზე უარი და დაცვის წარმომადგენლისთვის გამომძიებელი მოსამართლის წინაშე მოწმეების დაკითხვაზე დასწრებაზე უარი შესაბამისობაში მოდიოდა ეროვნულ კანონმდებლობასთან. სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმისწარმოების მიზნებისთვის არ არის აუცილებელი ამ საკითხის გადაწყვეტა. ის განმეორებით განმარტავს, რომ კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისობის შესწავლისას მის ფუნქციას არ წარმოადგენს გადაწყვიტოს, ეროვნული სასამართლოები მოქმედებდნენ თუ არა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად (შედარებისთვის შჩენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), 12 ივლისი, 1988, § 45, სერია A # 140; იალოჰი გერანიის წინააღმდეგ (Jalloh v. Germany) [დიდი პალატა], # 54810/00, § 94, ECHR 2006‑IX; and Heglas v. the Czech Republic, no. 5935/02, § 84, 1 მარტი, 2007), არამედ მან უნდა შეაფასოს ერთიანობაში საქმის სასამართლო განხილვის სამართლიანობა, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის მტკიცებულების მოპოვების გზა (შეადარეთ 101-ე პარაგრაფი მაღლა).
155. სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეზე მისთვის საკმარისია იმის აღნიშვნა, რომ გერმანული კანონმდებლობის ნორმებზე დაყრდნობით პროკურატურას შეეძლო განმცხადებლისთვის ადვოკატის დანიშვნა (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 141.3 მუხლი 140.1 მუხლთან ერთობლიობაში). ამ ადვოკატს ექნებოდა უფლება დასწრებოდა მოწმეთა მოსმენას გამომძიებელი მოსამართლის მიერ და დადგენილი წესის თანახმად შეტყობინებასაც მიიღებდა (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168c.2 და 168c. 5 მუხლი). თუმცა ეს პროცესუალური გარანტიები, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებობს და განმტკიცებულია მართლმსაჯულების ფედერალური სასამართლოს მიერ მისი განმარტებით (იხილეთ 58-59 პარაგრაფები მაღლა), არ იქნა გამოყენებული განმცხადებლის საქმეზე.
156. სასამართლო აღნიშნავს, რომ მაშინ როცა კონვენციის 6.3.d მუხლი ეხება ბრალდების მოწმის სასამართლო სხდომაზე ჯვარედინ დაკითხვას, გამოძიების სტადიაზე ბრალდების მოწმეების დაკითხვის ფორმა მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს და განსაზღვრავს თავად სასამართლო სხდომის სამართლიანობას, რომელზეც საკვანძო მოწმეებს საქმის განმხილველი სასამართლო ვერ მოუსმენს და გამოძიების სტადიაზე მოპოვებული მტკიცებულება წარდგენილია პირდაპირ სასამართლო სხდომაზე (შეადარეთ 104-ე პარაგრაფი მაღლა).
157. ამ გარემოებებში სასამართლო განხილვის საერთო სამართლიანობის განსასაზღვრად აუცილებელია იმის დადგენა, გამოძიების სტადიაზე მოწმის მოსმენისას სახელმწიფო ორგანოები მოქმედებდნენ თუ არა იმ ვარაუდით, რომ მოწმეს ვერ მოუსმენდნენ სასამართლო განხილვაზე. როდესაც გამოძიების ორგანოები დასაბუთებულ პოზიციაზე ყალიბდებიან, რომ კონკრეტული მოწმე ვერ დაიკითხება საქმის განმხილველ სასამართლოში სხდომაზე, დაცვის მხარისთვის აუცილებელია შესაძლებლობა მიეცეს, გამოძიების ეტაპზე კითხვები დაუსვას მოწმეს (შეადარეთ ასევე ვრონჩენკო (Vronchenko), ციტირება მაღლა, §§ 60 et seq., და როსინი (Rosin), ციტირება მაღლა, §§ 57 et seq., სადაც სქესობრივი დანაშულზე დაზარალებულ მცირეწლოვნებს გამოძიების ეტაპზე შეპირდნენ, რომ ამ დანაშაულის შესახებ მათ აღარ დაუსვამდნენ კითხვებს).
158. სასამართლო აღნიშნულთან მიმართებით აღნიშნავს, რომ განმცხადებელმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა რეგიონული სასამართლოს მიგნებები იმის თაობაზე, რომ სასამართლო განხილვაზე მოწმეთა დაუსწრებლობა არ იყო განჭვრეტადი. ის ეთანხმება განმცხადებელს, რომ გამომძიებელმა მოსამართლემ მოწმეებს მოუსმინა, რადგანაც ლატვიაში მოწმეთა დაგეგმილი დაბრუნების გათვალისწინებით პროკურატურის ორგანოები თვლიდნენ, რომ არსებობდა მათი მტკიცებულების დაკარგვის საშიშროება. ეს იკვეთება პროკურორის მხრიდან გამომძიებელი მოსამართლისთვის წარდგენილი მოთხოვნის დასაბუთებიდან, რომლითაც ითხოვდა ო.-სა და პ.-ს მოსმენას სწრაფად, რათა მოეპოვებია ნამდვილი ჩვენება, რომელიც გამოდგებოდა შესაბამის სასამართლო სხდომაზე (იხილეთ მე-20 პარაგრაფი მაღლა). ამ კონტექსტში სასამართლო ადგენს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 251.1 თანახმად, გამომძიებელი მოსამართლის მიერ მანამდე დაკითხული მოწმის წერილობითი ჩანაწერი შეიძლება წაკითხულიყო სასამართლო სხდომაზე უფრო ნაკლებად მკაცრ პირობებში, ვიდრე მოწმის პოლიციაში დაკითხვის ჩანაწერი (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 251.2 მუხლი; იხილეთ 61-ე პარაგრაფი მაღლა).
159. სასამართლო ადგენს, რომ წინამდებარე საქმეზე სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებისთვის ცნობილი იყო, რომ მოწმეები ო. და პ. არ ითხოვდნენ მოძალადეებისთვის ბრალის წაყენებას დაუყოვნებლივ, პოლიციასთან პრობლემების შექმნის და მოძალადეების მხრიდან შურისძიების შიშით, არამედ ისინი გერმანიაში დროებით იმყოფებოდნენ, მაშინ როცა მათი ოჯახები ლატვიაში იყვნენ და რომ მათ განმარტეს, რომ თავიანთ სამშობლოში დაბრუნება სურდათ რაც შეიძლება მალე. ამ გარემოებებში, ბრალდების ორგანოების შეფასება, რომ შესაძლოა ამ მოწმეებისგან ვეღარ მოესმინათ ჩვენება გერმანიაში განმცხადებლის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო სხდომაზე, ნამდვილად დამაჯერებელი იყო.
160. მიუხედავად ამისა, პროკურატურის ორგანოებმა განმცხადებელს არ მისცეს შესაძლებლობა, რა შესაძლებლობაც მას შეიძლება მიცემოდა ეროვნული კანონმდებლობის ნორმების საფუძველზე, გამოძიების ეტაპზე დაეკითხა მოწმეები ო. და პ. მისთვის დანიშნული ადვოკატის მეშვეობით. ამ ფორმით საქმისწარმოების გზით, მათ გასწიეს განჭვრეტადი რისკი, რომ ვერც ბრალდებული და ვერც მისი წარმომადგენელი ვერ შეძლებდნენ მოწმეების ო.-სა და პ.-ს დაკითხვას საქმისწარმოების რომელიმე ეტაპზე, რომელიც შემდგომ განხორციელდა (შეადარეთ საქმე, გამომძიებელი მოსამართლის მიერ ბრალდების მოწმეების მოსმენაზე დაცვის მხარის დასწრების მნიშვნელოვნებაზე ჰამერი (Hümmer), ციტირება მაღლა, §§ 43 და 48).
(iv) საქმის სასამართლო განხილვის სამართლიანობის შეფასება
161. საქმის სასამართლო განხილვის სამართლიანობის შეფასებისას [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლო ითვალისწინებს წარმოდგენილ დამაბალანსებელ ფაქტორებს, რომლებიც ერთიანობაში ფასდება იმ მიგნების ჭრილში, რომ ო.-სა და პ.-ს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება “გადამწყვეტი” იყო განმცხადებლის მსჯავრდებისთვის (იხილეთ 144-ე პარაგრაფი მაღლა).
162. სასამართლო ადგენს, რომ საქმის განმხილველი სასამართლოს წინაშე დანაშაულთან დაკავშირებით, რომლისთვისაც განმცხადებელს ბრალი წაუყენეს, წარდგენილი იყო სხვა დამატებითი მაკვალიფიცირებელი მტკიცებულებები. თუმცა, სასამართლო აღიშნავს, რომ რაიმე პროცესუალური ზომა არ გატარებულა სასამართლო სხდომაზე მოწმეთა პირდაპირი ჯვარედინი დაკითხვის შეუძლებლობის კომპენსირებისთვის. სასამართლოს აზრით, ბრალდებულისთვის ბრალდების საკვანძო მოწმის წარმომადგენლის მეშვეობით დაკითხვის შესაძლებლობის შექმნა წინასასამართლო განხილვის ეტაპზე მაინც, მნიშვნელოვან პროცესუალურ გარანტიას წარმოადგენდა, რაც უზრუნველყოფდა ბრალდებულის დაცვის უფლებას, რომლის არ არსებობას მნიშვნელოვანი წონა აქვს 6.1 და 6.3.d მუხლის შესაბამისად საქმისწარმოების საერთო სამართლიანობის შეფასებისას.
163. საქმის განმხილველმა სასამართლომ სიფრთხილით შეაფასა დაუსწრებელ მოწმეთა სანდოობა და მათი ჩვენებების ნამდვილობა, რითაც ცადა მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობის არ არსებობის კომპენსირება მოეხდინა და განმცხადებელს შესაძლებლობა ქონდა წარმოედგინა გოტინგენში მომხდარის მისეული ვერსია. თუმცა, მისთვის ბრალად დადგენილი დანაშაულის ერთადერთი მოწმეების ჩვენებების მნიშვნელოვნების გათვალისწინებით, გატარებული დამაბალანსებელი ღონისძიებები არ იყო საკმარისი გადაუმოწმებელი მტკიცებულების სანდოობის სამართლიანი და სათანადო შეფასებისთვის.
164. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გარემოებებში განმცხადებლის მხრიდან მოწმეების ო.-სა და პ.-ს დაკითხვის ან [სხვისი მეშვეობით] დაკითხვის შეუძლებლობა საქმისწარმოების რომელიმე ეტაპზე საქმის სასამართლო განხილვას მთლიანობაში უსამართლოს ხდის.
165. შესაბამისად, ადგილი ქონდა კონვენციის 6.1 და 6.3.d მუხლის დარღვევას.
II. კონვენციის 41-ე მუხლის მოქმედება
166. კონვენციის 41-ე მუხლის შინაარსი შემდეგია:
“თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.
167. მოპასუხე სახელმწიფოს მიერ პალატისთვის წარდგენილი წერილობითი მოსაზრებების პასუხად 2013 წლის 25 ივნისს წარდგენილ წერილობით მოსაზრებებში განმცხადებელს არ დაუყენებია რაიმე სახის სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნა. ის ითხოვდა 30 000 ევროს კომპენსაციის სახით და 10 000 ევროს ხარჯებისა და დანახარჯების სანაცვლოდ, დიდი პალატის წინაშე წარდგენილი განაცხადით და ასევე სასამართლო განხილვისას, სხვა რაიმე დეტალის ან დოკუმენტური მტკიცებულების წარდგენის გარეშე.
168. მოპასუხე ხელისუფლებას არ წარუდგენია კომენტარი [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს წინაშე საქმისწარმოებისას სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხთან დაკავშირებით.
169. სასამართლოს რეგლამენტის 60.2 მუხლის თანახმად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ყველა მოთხოვნის დეტალური დახასიათება, ყველა შესაძლო დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად, საქმის არსებით ნაწილზე განმცხადებლის მიერ წერილობითი შეპასუხებისთვის დადგენილ ვადაში. თუკი განმცხადებელი ამ მოთხოვნას ვერ შეასრულებს, სასამართლო უფლებამოსილია სრულად ან ნაწილობრივ არ დააკმაყოფილოს მოთხოვნა (60.3 და 71-ე მუხლები). 2013 წლის 15 მაისით დათარიღებულ წერილში სასამართლომ განმცხადებლის ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტს, რომ ეს მოთხოვნები მოქმედებდა მაშინაც თუკი სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ თავის სურვილებს ის წარმოაჩენდა საქმისწარმოების ადრეულ ეტაპებზე.
170. სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნა მხარდამჭერ დოკუმენტაციასთან ერთად პალატის წინაშე ამ მოქმედებისთვის დადგენილ ვადაში. განმცხადებელმა, ვისაც სასამართლოს წინაშე საქმისწარმოებისას უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება მისცეს, ასევე ვერ წარმოადგინა ციფრებში ასახული მოთხოვნა საჭირო მხარდამჭერ დოკუმენტაციასთან ერთად, დიდი პალატის წინაშე მიმდინარე საქმისწარმოებისას გაწეულ ხარჯებთან და დანახარჯებთან დაკავშირებით. სასამართლო ეყრდნობა რა [რეგლამენტის] მე-60 მუხლს, არ აკმაყოფილებს მოთხოვნას კონვენციის 41-ე მუხლთან მიმართებით.
ზემოთ აღნიშნულზე დაყრდნობით სასამართლო
1. ცხრა ხმით რვის წინააღმდეგ ადგენს, რომ ადგილი ქონდა კონვენციის 6.1 და 6.3.d მუხლის დარღვევას;
2. ერთხმად არ აკმაყოფილებს, განმცხადებლის მოთხოვნას სამართლიან დაკმაყოფილებაზე.
შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენაზე და გამოცხადდა საჯარო განხილვაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში, 2015 წლის 15 დეკემბერს.
ლოურენს ერლიდინ სპილმანი
იურისტ კონსულტანტითავმჯდომარე
კონვენციის 45.2 მუხლისა და სასამართოს რეგლამენტის 74.2 მუხლის შესაბამისად ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის შემდეგი განსხვავებული მოსაზრებები:
(a) მოსამართლეების სპიელმანის, კარაკას შაიოსა და კელერის ერთობლივი დამადასტურებელი მოსაზრება;
(b) მოსამართლეების ჰირველა პოპოვიჩის, პარდალოსის, ნიუბერგერის, მაჰოუნისა და კურისის ერთობლივი საპირისპირო მოსაზრება;
(c) მოსამართლე კიოლბროს საპირისპირო მოსაზრება.
D.S.
T.L.E.
განსხვავებული მოსაზრებები არ ითარგმნა, თუმცა ინგლისურ და/ან ფრანგულ ენაზე თან ერთვის გადაწყვეტილების ოფიციალურ ვერსიას, რომელიც განთავსებულია [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მონაცემთა ბაზაში HUDOC.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2016 წელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ენაა ინგლისური და ფრანგული. თარგმანი მომზადებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მიზნობრივი ფონდის მიერ (/humanrightstrustfund). თარგმანი არ ავალდებულებს სასამართლოს და სასამართლო არ არის პასუხისმგებელი თარგმანის ხარისხზე. თარგმანის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საძიებო მონაცემთა ბაზიდან - HUDOC () ან ნებისმიერი სხვა წყაროდან, რომელსაც სასამართლომ გაუზიარა თარგმანი. თარგმანის არაკომერციული მიზნით გავრცელება დასაშვებია იმ პირობით, თუ მითითებულია საქმის სრული სახელწოდება და მინიშნება ადამიანის უფლებათა მიზნობრივ ფონდზე. თუკი იგეგმება თარგმანის ნებისმიერი ნაწილის გამოყენება კომერციული მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდით publishing@.
© Council of Europe/European Court of Human Rights, 2016.
The official languages of the European Court of Human Rights are English and French. This translation was commissioned with the support of the Human Rights Trust Fund of the Council of Europe (/humanrightstrustfund). It does not bind the Court, nor does the Court take any responsibility for the quality thereof. It may be downloaded from the HUDOC case-law database of the European Court of Human Rights () or from any other database with which the Court has shared it. It may be reproduced for non-commercial purposes on condition that the full title of the case is cited, together with the above copyright indication and reference to the Human Rights Trust Fund. If it is intended to use any part of this translation for commercial purposes, please contact publishing@.
© Conseil de l’Europe/Cour européenne des droits de l’homme, 2016.
Les langues officielles de la Cour européenne des droits de l’homme sont le français et l’anglais. La présente traduction a été effectuée avec le soutien du Fonds fiduciaire pour les droits de l’homme du Conseil de l’Europe (/humanrightstrustfund). Elle ne lie pas la Cour, et celle-ci décline toute responsabilité quant à sa qualité. Elle peut être téléchargée à partir de HUDOC, la base de jurisprudence de la Cour européenne des droits de l’homme (), ou de toute autre base de données à laquelle HUDOC l’a communiquée. Elle peut être reproduite à des fins non commerciales, sous réserve que le titre de l’affaire soit cité en entier et s’accompagne de l’indication de copyright ci-dessus ainsi que de la référence au Fonds fiduciaire pour les droits de l’homme. Toute personne souhaitant se servir de tout ou partie de la présente traduction à des fins commerciales est invitée à le signaler à l’adresse suivante : publishing@
Full & Egal Universal Law Academy