Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
შრადე საქართველოს წინააღმდეგ
(Schrade v. Georgia)
საჩივარი N15016/07
2021 წლის 11 მარტი
ფაქტები:
წინამდებარე საქმეში მომჩივანი არის 1934 წელს დაბადებული პირი, რომელიც ცხოვრობს ბერლინში.
2005 წელს შპს ‘‘ Global Access Georgia ’’-მ საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტებისთვის გამოაქვეყნა ინგლისურენოვანი ბუკლეტი სათაურით ,,თქვენი პირადი კავშირი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში უკეთესის ბიზნესის კეთებისთვის’’. ბუკლეტი შეიცავდა მომჩივნის მიერ გადაღებულ ფოტოს, სათაურით ,,გურჯაანის ეკლესია’’, რომელიც გადმოტანილი იყო 1986 წლის გერმანული პუბლიკაციიდან - “Georgien Wehrbauten und Kirchen”.
2005 წლის 7 სექტემბერს მომჩივანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის გამო. 2005 წლის 9 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნო სარჩელი. სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანს არ შეეძლო ზემოხსენებულ უფლებაზე დავა. მომჩივანმა გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. 2005 წლის 15 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ უარი განაცხადა მომჩივნის საჩივრის განხილვაზე სასამართლო ხარჯების გადაუხდელობის გამო. 2006 წლის 12 იანვარს მომჩივანმა ხელახლა მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და განაცხადა, რომ სასამართლოს ხარჯები არ ვრცელდებოდა ინტელექტუალური საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ დავებზე იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. 2006 წლის 22 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად ცნო მომჩივნის საჩივარი. იმავე გადაწყვეტილებით, სასამართლომ საქმე განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნა. მომჩივანი აცხადებდა, რომ მისი საქმე მას შემდეგ განხილვის ქვეშაა. მთავრობამ, თავის მხრივ, წარმოადგინა 2006 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების ასლი, რომლის მიხედვით თბილისის საქალაქო სასამართლომ უარყო მომჩივნის სარჩელი, ვინაიდან ის წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.
2004 წელს მომჩივანმა აღმოაჩინა, რომ ქართული კომპანია ,,არტანუჯის საგამომცემლო სახლი’’ (შემდგომში არტანუჯი), უკანონოდ ფლობდა საავტორო უფლებებს მის ორმოცდაჩვიდმეტ სურათზე, რომელიც არტანუჯის გამომცემლობის მიერ ისტორიის სასკოლო წიგნებში იყო დაბეჭდილი. 2005 წლის 24 იანვარს მომჩივანმა არტანუჯის და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ბ. კ-ს წინააღმდეგ თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელი აღძრა. მომჩივანი საავტორო უფლებების დარღვევის შედეგად მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის 171.680 ლარს (დაახლოებით 85,000 ევრო) ითხოვდა. 2005 წლის 24 თებერვალს არტანუჯმა სასამართლოს შესაგებელი წარუდგინა და აცხადებდა, რომ ინტელექტუალური საკუთრების უფლებას ფლობდა არა მომჩივანი, არამედ გერმანიის საგამომცემლო სახლი. სასამართლო პროცესები გაიმართა 2005 წლის 25 მარტს, 4 და 19 მაისს, 2, 23 და 29 ივნისს. 29 ივნისის პროცესზე სასამართლომ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ფოტოების შეფასების ბრძანება გასცა.
2005 წლის ივლისში მომჩივანს ეცნობა, რომ საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად სასამართლოების იურისდიქციის ცვლილების გამო. მომჩივნის წარმომადგენელმა ექსპერტიზის ბიუროს მიმართა ექსპერტიზის პროგრესის თაობაზე, თუმცა მას პასუხი არ მიუღია. 2006 წლის 21 თებერვალს მან წერილი წარადგინა საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა სამართალწარმოების შესახებ განახლებული ინფორმაცია. მომჩივნის წარმომადგენლებმა აღნიშნა სამართალწარმოებაში რვა-თვიანი შეფერხების თაობაზე და სასამართლოს თხოვა, მიეთითებინა შემდეგი სხდომის თარიღი, თუმცა წერილი უპასუხოდ დარჩა. 2006 წლის 1-ელ მარტს მომჩივნის წარმომადგენლებმა კიდევ ერთი წერილი გაგზავნეს ამჯერად თბილისის სააპელაციო სასამართლოში. პასუხად, 2006 წლის 9 მარტს მათ ეცნობათ, რომ მომჩივნის საქმის მასალები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იყო. 2006 წლის 14 მარტს მომჩივანმა კიდევ ერთხელ მიწერა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, თუმცა კვლავ უშედეგოდ. სტრასბურგის სასამართლოს წინაშე არსებული საქმის მასალები შეიცავს 2005 წლის 18 აგვისტოთი დათარიღებულ წერილს, რომლის თანახმად ექსპერტიზის ბიუროში არ მუშაობდა ხელოვნების ექსპერტი, რომელსაც შეეძლო სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ექსპერტიზის ჩატარება, ხოლო ფინანსური რესურსების ნაკლებობის გამო, მათ არ შეეძლოთ სხვა ექსპერტის დაქირავება. შესაბამისად, ექსპერტიზის ბიურომ თბილისის საქალაქო სასამართლოს აცნობა, რომ ვერ შეძლებდა მოთხოვნილი ექსპერტიზის ჩატარებას და საქმის მასალები სასამართლოს უკან დაუბრუნა. წერილზე გაკეთებული შენიშვნის მიხედვით, საქმის მასალები თბილისის საქალაქო სასამართლოს უკან დაუბრუნდა 2007 წლის 14 მარტს.
2007 წლის 14 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ განაახლა სამართალწარმოება. ორი სასამართლო პროცესის ჩატარების შემდეგ, 2007 წლის 31 ივლისს საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის სარჩელი, როგორც დაუსაბუთებელი. 2007 წლის 14 სექტემბერს მომჩივანმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. მომჩივნის განცხადებით, 2008 წელს ჩატარდა სულ მცირე 5 სასამართლო პროცესი, 2009 წელს კიდევ 5, ხოლო 2010 წელს 10 სასამართლო სხდომა. მომჩივანმა ვერ მიუთითა სასამართლო პროცესების ხანგრძლივობა, თუმცა როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სხდომები გადადო რამდენიმე საფუძველზე დაყრდნობით. 2008 წლის 5 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ფოტოსურათების ტექნიკური შესწავლის ბრძანება გასცა. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, 2009 წლის 29 დეკემბერს მომჩივნის წარმომადგენლებმა შუამდგომლობა წარადგინეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვეს 2-თვიანი შესვენება, რათა უზრუნველეყოთ ფოტოების დამატებითი ტექნიკური გამოკვლევა გერმანიაში. 2009 წლის 22 იანვრის სხდომაზე, მათ გაიმეორეს თავიანთი მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლომ გადადო სასამართლო პროცესი 2009 წლის 30 იანვრამდე და მხარეებს მორიგებისკენ მოუწოდა. 2009 წლის 12 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეაჩერა საქმის განხილვა და მომჩივანს ორი თვე მისცა, რათა უზრუნველეყო გერმანიაში ექსპერტიზის ჩატარება. 2010 წელს სააპელაციო სასამართლომ კიდევ დააკმაყოფილა სხდომის გადადების თაობაზე მოთხოვნები. კერძოდ, 2010 წლის 21 იანვარს მომჩივნის მოთხოვნით სხდომა გადაიდო 2010 წლის 25 თებერვლამდე; 2010 წლის 10 და 22 ივნისის სხდომები გადაიდო მოპასუხე მხარის მოთხოვნით, რასაც დაეთანხმა მომჩივნის წარმომადგენლებიც.
2010 წლის 26 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მომჩივნის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ მომჩივნის ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევა დაადგინა 152 შემთხვევაში მომჩივნის 57 ფოტოსურათთან მიმართებით. მომჩივანს მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 3,090 ლარი მიეკუთვნა (დაახლოებით 1500 ევრო).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. მომჩივანი დავობდა, რომ ზიანის ანაზღაურება არაპროპორციულად მცირე იყო. 2011 წლის 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ ორივე საჩივარი დაუშვებლად ცნო.
კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის სავარაუდო დარღვევა
მომჩივანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე დავობდა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ხანგრძლივობა ორივე სამართალწარმოების ფარგლებში შეუთავსებელი იყო კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილ ,,გონივრული ვადის’’ მოთხოვნასთან. მომჩივანი კონვენციის მე-13 მუხლის საფუძველზე მე-6 მუხლთან კავშირში დამატებით დავობდა, რომ ეროვნულ დონეზე არ არსებობდა ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალება.
სასამართლოს შეფასება:
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პირველ სამართალწარმოებასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ მომჩივანმა ვერ უზრუნველყო იმის ჩვენება, რომ თორმეტი წლის განმავლობაში მან მოიკითხა სამართალწარმოების პროგრესი ან გაასაჩივრა მისი ხანგრძლივობა იმ ეროვნული სასამართლოს წინაშე, რომელიც მის საქმეს იხილავდა. ეს განსაკუთრებით საკვირველია, ვინაიდან მეორე სამართალწარმოების დროს ის მსგავს საჩივრებს ხშირად წარადგენდა. რელევანტური ფაქტების გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნის მოთხოვნა, რომლის მიხედვით სამართალწარმოება შპს ‘‘Global Access Georgia’’ წინააღმდეგ კვლავ მიმდინარეობდა, დაუსაბუთებელი იყო. შესაბამისად, მომჩივნის მოთხოვნას მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტთან ერთად
39. სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ ეროვნულ დონეზე მოსარჩელისთვის სამართალწარმოების ხანგრძლივობის გასაჩივრებისთვის არსებული სამართლებრივი დაცვის საშუალება კონვენციის მე-13 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში ,,ეფექტიანია’’ თუ ის ,,ახდენს სავარაუდო დარღვევის ან მისი გაგრძელების პრევენციას ან [უზრუნველყოფს] ადეკვატურ ზიანის ანაზღაურებას იმ დარღვევისთვის, რომელსაც ჰქონდა ადგილი (იხ., Kudła v. Poland [GC], no. 30210/96, § 158, 26 October 2000). შესაბამისად, კონვენციის მე-13 მუხლი ითვალისწინებს ალტერნატივას: სამართლებრივი დაცვის საშუალება ,,ეფექტიანია’’ თუ ის შეიძლება გამოყენებული იქნეს სასამართლოს გადაწყვეტილების დასაჩქარებლად ან უზრუნველყოფს ადეკვატურ ზიანის ანაზღაურებას გაჭიანურებული სამართალწარმოებისთვის (იხ., Kudła, ციტირებული ზემოთ, § 159; რელევანტური პრინციპების შეჯამებისთვის, იხ., Keaney v. Ireland, no. 72060/17, §§ 107-111, 30 April 2020).
40. რაც შეეხება წინამდებარე საქმის გარემოებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობამ არ განაცხადა, რომ მომჩივნისთვის ხელმისაწვდომი იყო საკომპენსაციო სამართლებრივი დაცვის საშუალება. შესაბამისად, ერთადერთი საკითხი, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ უნდა შეისწავლოს არის ნამდვილად იყო თუ არა მომჩივნისთვის ხელმისაწვდომი დისციპლინური სამართალწარმოება და იყო თუ არა ის ეფექტიანი თეორიულად და პრაქტიკულად მიმდინარე სამართალწარმოების დაჩქარების მიზნებისთვის.
41. პირველ რიგში, სასამართლომ უკვე განიხილა ინდივიდუალური მოსამართლეების წინააღმდეგ დისციპლინური წარმოების ეფექტიანობა სხვა წევრ სახელმწიფოებთან მიმართებით და დაადგინა, რომ როდესაც დისციპლინური სანქცია ეხება მოსამართლის პირად პოზიციას, ,, სამართალწარმოების შედეგისკენ პირდაპირი და დაუყოვნებელი შედეგების არარსებობის პირობებში’’ ის არ არის ეფექტიანი სამართალწარმოების დაჩქარების მიზნებისთვის (იხ., Kormacheva v. Russia, no. 53084/99, § 62, 29 იანვარი 2004; Efimenko v. Ukraine, no. 55870/00, § 49, 18 July 2006, და Moroz and Others v. Ukraine, no. 36545/02, § 47, 21 დეკემბერი 2006; იხ. აგრეთვე, mutatis mutandis, Constantin Oprea v. Romania, no. 24724/03, § 41, 8 November 2007). მოცემულ საქმეში სასამართლოს არ აქვს განსხვავებული დასკვნის გაკეთების საფუძველი. მთავრობამ ვერ წარმოადგინა ერთი მაგალითი, როდესაც პირმა ამ პროცედურის მეშვეობით შეძლო სამართალწარმოების დაჩქარება. მთავრობის მიერ წარდგენილი საქმის მასალებიდან არ იკვეთება, დისციპლინური სამართალწარმოების შედეგს ჰქონდა თუ არა რაიმე გავლენა თავდაპირველი სამართალწარმოების ხანგრძლივობაზე (იხ., მაგალითისთვის, Sürmeli v. Germany [GC], no. 75529/01, § 106, ECHR 2006‑VII). ნებისმიერ შემთხვევაში, რელევანტური კანონმდებლობა მიუთითებს, რომ აღნიშნული სამართლებრივი დაცვის საშუალება არ არის ხელისუფლების ორგანოს დისკრეციული ქმედებისგან დამოუკიდებელი, ვინაიდან დისციპლინური საქმის წარმოების დაწყების გადაწყვეტილებას შესაბამისი სასამართლოს ორგანო იღებს; პირისთვის ხელმისაწვდომი არ არის გასაჩივრების მექანიზმი, რომლითაც გაასაჩივრებს ზემოხსენებული ორგანოს გადაწყვეტილებას, რომ არ დაიწყოს მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლიური სამართალწარმოება (იხილეთ, mutatis mutandis, Veiss v. Latvia, no. 15152/12, § 68, 28 იანვარი 2014, and Lukenda v. Slovenia, no. 23032/02, § 63, ECHR 2005‑X; იხილეთ აგრეთვე, mutatis mutandis, Horvat v. Croatia, no. 51585/99, § 41, ECHR 2001‑VIII). მთავრობა სადავოდ არ ხდიდა, რომ დისციპლინური სამართალწარმოების კონტექსტში სამართალწარმოების გაუმართლებელი გაჭიანურების დადგენა შესაძლოა, გამხდარიყო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი.
42. შეჯამებისთვის, დისციპლინური საჩივარი ვერ ჩაითვლება ეფექტიანად კონვენციის მნიშვნელობის ფარგლებში სამართალწარმოების ხანგრძლივობასთან დაკავშირებულ საჩივართან მიმართებით. შესაბამისად, მთავრობამ, მოცემული საქმის კონკრეტულ გარემოებებში, ვერ აჩვენა, რომ ეროვნულ დონეზე არსებობდა პროცედურა, რომელიც მომჩივანს შესაძლებლობას მისცემდა გაესაჩივრებინა სამართალწარმოების გადაჭარბებული ხანგრძლივობა. მთავრობამ ასევე ვერ აჩვენა, რომ არსებული სამართლებრივი დაცვის საშუალება ეფექტიანი იყო როგორც სამართლებრივად, ასევე პრაქტიკულად. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევას მე-6 მუხლის 1-ელ პუნქტთან ერთობლიობაში.
კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის სავარაუდო დარღვევა
46. სტრასბურგის სასამართლოს მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამის პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით, საქმის წარმოების ვადის გონივრული შეფასება უნდა მოხდეს საქმის გარემოებებისა და შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: საქმის სირთულე, მომჩივნისა და შესაბამისი ორგანოების ქცევა და აგრეთვე, აღნიშნულ დავაში რა დგას სასწორზე მომჩივნისთვის (იხ., სხვა საქმეებთან ერთად, Lupeni Greek Catholic Parish and Others v. Romania [დიდი პალატა], no. 76943/11, § 143, 29 ნოემბერი 2016; Frydlender v. France [დიდი პალატა], no. 30979/96, § 43, ECHR 2000-VII; და Comingersoll S.A. v. Portugal [დიდი პალატა], no. 35382/97, § 19, ECHR 2000‑IV).
47. რაც შეეხება მოცემული საქმის გარემოებებს, ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო სამართალწარმოება, რომელიც დაიწყო 2005 წლის 24 იანვარს და დასრულდა 2011 წლის თებერვალში, მიმდინარეობდა ექვს წელზე მეტი დროით, სასამართლოს სამ დონეზე. შემდგომში მან აღნიშნა, რომ სადავო სამართალწარმოება არ შეიძლება მიჩნეული იყოს განსაკუთრებულად რთულად. ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ საქმე საკუთარი ბუნებით არ მიეკუთვნებოდა იმ კატეგორიას, რომელიც მოითხოვს დაჩქარებას (იხ. Sürmeli, ციტირებული ზემოთ, § 133, ECHR 2006‑VII) მომჩივნის ასაკის გათვალისწინებით, იგი მაინც მოითხოვდა გონივრულად დაჩქარებული გადაწყვეტილების მიღებას (შედარებისთვის Pantaleon v. Greece, no. 6571/05, § 25, 10 მაისი 2007).
48. რაც შეეხება მხარეთა ქმედებას, როგორც საქმის მასალებიდან და მხარეების ახსნა-განმარტებებიდან იკვეთება, სამართალწარმოების საერთო ხანგრძლივობას ორმა ძირითადმა ფაქტორმა შეუწყო ხელი: პირველი ინსტანციის სასამართლოში 2005 წლის ივნისიდან 2007 წლის ივნისამდე ორწლიანმა უმოქმედობის პერიოდმა; და გაჭიანურებულმა სააპელაციო საქმის წარმოებამ 2007 წლის სექტემბრიდან 2010 წლის ივლისამდე, როდესაც სხდომა მრავალჯერ გადაიდო.
49. ევროპული სასამართლო მოკვლევას დაიწყებს სააპელაციო სამართალწარმოებიდან. საქმის მასალების თანახმად, მისი გაჭიანურება, სხვა საკითხებთან ერთად, მოხდა გადადებასთან დაკავშირებით მომჩივნის განცხადებების გამო, რომლებიც არაერთი იყო. მომჩივანი ერთ-ერთი განცხადების საფუძველზე ითხოვდა გერმანიაში ექსპერტიზის ჩატარებას. მომჩივანს არ მიუთითებია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან უმოქმედობის რაიმე მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ. რაც შეეხება მოპასუხე მხარეების მიერ შეტანილ განცხადებებს სხდომის გადადების შესახებ, ისინი სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მომჩივნის ცალსახა თანხმობის გათვალისწინებით, მათ შორის, მორიგების ხელშესაწყობად. ასეთ გარემოებებში, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრების ეტაპზე გაჭინაურება არ შეიძლება მიეკუთვნოს მხოლოდ მომჩივნის ქმედებას, იგი ასევე არ შეიძლება გამოყენებული იქნეს მთავრობის წინააღმდეგ (შედარებისთვის Johanna Fröhlich v. Germany, no. 16741/16, § 41, 24 იანვარი 2019). ნებისმიერ შემთხვევაში, მომჩივანმა სტრასბურგის სასამართლოს ვერ მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია სააპელაციო სასამართლოს მიერ ჩატარებული სხდომების რაოდენობის თუ ეროვნული ხელისუფლების საერთო ქმედების შესახებ. ზემოხსენებული ფაქტების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანმა საკმარისად ვერ დაასაბუთა მისი განცხადებები, რომ სააპელაციო სამართალწარმოების გაუმართლებელი ხანგრძლივობა მოპასუხე სახელმწიფოს ქმედებებით იყო განპირობებული.
50. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს, ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების შეფერხება არ იყო მომჩივნისა და მისი წარმომადგენლების ბრალეულობა. მიუხედავად იმისა, რომ მისი დაკვირვების შედეგად ვერცერთმა მხარემ ვერ შეძლო განემარტა ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს მარცხი, ჩაეტარებინა მოთხოვნილი ექსპერტიზა და თუ რა გავლენა მოახდინა ამან პროცესის შეფერხებაზე, აშკარაა, რომ საქმის წარმოების ამ ეტაპზე თითქმის ორი წლის განმავლობაში შეჩერებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მთავრობას, რა როლიც არ უნდა ჰქონოდა ამაში ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს. სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ მაშინაც კი როდესაც სამოქალო სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თავისუფალი საქმის გადაწყვეტის პრინციპის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს მხარეთა პასუხისმგებლობას საქმის წარმოებაზე, სახელმწიფოს ეკისრება სასამართლო სისტემის მოწყობა ისე, რომ დაცული იყოს გონივრულ ვადაში საქმის განხილვის მოთხოვნა (იხ. Erfar‑Avef v. Greece, no. 31150/09, § 58, 27 მარტი 2014, სხვა მითითებებთან ერთად; ასევე იხ. Gisela Müller v. Germany, no. 69584/01, § 86, 6 ოქტომბერი 2005). ისეთი შემთხვევების დროს, როდესაც აუცილებელია ექსპერტთა თანამშრომლობა ან/და ჩართულობა, ეროვნული სასამართლოების პასუხისმგებლობაა უზრუნველყონ, რომ სამართალწარმოების ხანგრძლივობა არ იყოს გადაჭარბებული (იხ. Johanna Fröhlich, ციტირებული ზემოთ, § 42 სხვა მითითებებთან ერთად; იხ. ასევე Stojanov v. the former Yugoslav Republic of Macedonia, no. 34215/02, § 60, 31 მაისი 2007, და Ziaja v. Poland (განჩინება) [კომიტეტი], no. 45751/10, § 44, 16 მაისი 2019)).
51. წინამდებარე საქმეში, პირველი ინსტანციის სასამართლოს ქმედება არ შეიძლება შეფასდეს როგორც გულმოდგინე, მას შემდეგ, რაც ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს გადაეგზავნა მოთხოვნა ექსპერტიზის ჩატარების შესახებ. მთავრობისგან ახსნა-განმარტების არარსებობის გამო, გაუგებარია პირველი ინსტანციის სასამართლომ ეროვნული ექსპერტიზის ბიუროსგან მიიღო თუ არა წერილი, რომლითაც იგი აცნობებდა მას, რომ ჩაატარებდნენ მოთხოვნილ ექსპერტიზას და თუ მიიღო როდის. ნებისმიერ შემთხვევაში, ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს ორწლიანმა უმოქმედობამ ან ექსპერტიზის სხვა დაწესებულებაში ჩატარების მოთხოვნის ორწლიანმა შეუსრულებლობამ გამოიწვია სამართალწარმოების ორი წლით შეჩერება.
52. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის საქმე შესაბამის პერიოდში თბილისის საოლქო სასამართლოდან გადაეცა ახალ შექმნილ თბილისის საქალაქო სასამართლოს. ამ თვალსაზრისით, მას არ შეუძლია არ გაითვალისწინოს სასამართლო სისტემის სტრუქტურული რეფორმა, რომელიც იმ დროისთვის საქართველოში მიმდინარეობდა (იხ. Kvantaliani, ციტირებული ზემოთ;, § 29; შედარებისთვის O’Leary v. Ireland (განჩინება) [კომიტეტი], no. 45580/16, § 41, 14 თებერვალი 2019). მიუხედავად ამისა, ზემოაღნიშნული ვერ იქნება ორწლიანი სრული უმოქმედობის საპატიო მიზეზი, რადგან კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ყოველთვის ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ეროვნული სასამართლოების მოწყობა ისე, რომ დაცული იქნეს ყველას უფლება „გონივრულ ვადაში“ გადაწყდეს მისი სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები (იხ. Kharitonashvili v. Georgia, no. 41957/04, § 44, 10 თებერვალი 2009, and G.H. v. Austria, no. 31266/96, § 20, 3 ოქტომბერი 2000). ამ ფონზე, პირველი ინსტაციის სასამართლოში სრული უმოქმედობა რომელიც საერთო ჯამში ორ წელიწად-ნახევარი გაგრძელდა არ შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს.
53. მთავრობამ მიუთითა მომჩივნის მიერ შეტანილ წინა ორ საჩივართან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს დაუშვებლობის შესახებ გადაწყვეტილებებზე (იხ. Schrade v. Georgia, no. 9289/08, 2 თებერვალი 2016, და Schrade v. Georgia, no. 52240/07, 26 აპრილი 2016). ამ შემთხევებზე, სამართალწარმოება გაგრძელდა შედარებით ნაკლები დრო (პირველ შემთხვევაში ოთხ წელიწადზე ნაკლები და მეორე შემთხვევაში ოთხი წელი და ოთხი თვე) განმეორებითი განხილვის რამდენიმე ეტაპით, სადაც მომჩივანმა ასევე ხელი შეუწყო მათ საერთო ხანგრძლივობას. უფრო მეტიც, რაც შეეხება მეორე საქმეს, იგი განსხვავდებოდა ასევე იმით თუ რა იდგა სასწორზე მომჩივნისთვის (მაშინ როცა ის შეეხებოდა ერთი ფოტოსურათის უკანონო რეპროდუქციას, მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხებოდა 57 ფოტოსურათის 152 რეპროდუქციას). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე არსებითად განსხვავებულია.
54. დაბოლოს, 46-ე პარაგრაფში მოცემული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში სამართალწარმოების ხანგრძლივობა იყო გადაჭარბებული და ვერ დააკმაყოფილა „გონივრული ვადის“ მოთხოვნა. შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი.
41-ე მუხლი
სასამართლომ მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 600 ევრო მიაკუთვნა.