ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების სავარაუდო დარღვევაზე, კერძოდ, მშობლის უფლების ჩამორთმევა, ბავშვების მზრუნველობის ქვეშ მოთავსება, ბავშვებთან კონტაქტის გადავადება და ბავშვების ისეთ თემში განთავსება, სადაც ზოგიერთი თანამშრომელი ნასამართლევი იყო პედოფილიის გამო.
ბავშვების მზრუნველობის ქვეშ მოთავსება და მშობლობის უფლების შეზღუდვა: დარღვევა არ დადგინდა.
დედის უფლების შეზღუდვა, მოენახულებინა ბავშვები: დარღვევა
ბავშვების ისეთ თემში განთავსება, სადაც ზოგიერთი თანამშრომელი ნასამართლევია პედოფილიის გამო: დარღვევა
საქმე „სკოცარი და ჯუნტა იტალიის წინააღმდეგ“
CASE OF SCOZZARI AND GIUNTA v. ITALY
განაცხადები N39221/98 და 41963/98
გადაწყვეტილება
სტრასბურგი, 2000 წლის 13 ივლისი
ფაქტობრივი გარემოებები
პირველი განმცხადებელი, დოლორატა სკოცარი, ბელგიისა და იტალიის მოქალაქე, დაიბადა 1960 წელს და ცხოვრობს ფილინე ვალდარნოში (იტალია). იგი წარმოადგენს თავის შვილებს - 13 წლის გ-ს, რომელსაც აქვს ბელგიისა და იტალიის ორმაგი მოქალაქეობა და 6 წლის მ-ს, რომელიც იტალიის მოქალაქეა. მეორე განმცხადებელი, კარმელა ჯუნტა, იტალიის მოქალაქე, დაიბადა 1939 წელს და ცხოვრობს ბრიუსელში. 1998 წლის ბოლოდან მას სახლი აქვს იტალიაშიც. იგი პირველი განმცხადებლის დედაა.
1997 წლის 9 სექტემბერს პირველი განმცხადებლის სახლში განვითარდა დრამატული მოვლენები, რაც განაპირობა ძალადობამ პირველი განმცხადებლის ქმრის მხრიდან მისი და მათი შვილების მიმართ. ამასთან, პირველი განმცხადებლის უფროსი შვილი გახდა პედოფილიის მსხვერპლი „სოციალური მუშაკის“ მხრიდან. ამ ორი ფაქტის გამო, ფლორენციის არასრულწლოვანთა სასამართლომ პირველ განმცხადებელს შეუზღუდა მშობლობის უფლება და გამოიტანა გადაწყვეტილება ბავშვების ფლორენციასთან ახლოს, „ილ ფორტეტოს“[1] საზოგადოებაში მზრუნველობის ქვეშ მოთავსების შესახებ. „ილ ფორტეტოს“ ორი მთავარი ლიდერი 1985 წელს გასამართლებული იყო საზოგადოებაში მცხოვრები სამი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის (1 გოგო და 2 ბიჭი) მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო. ერთ-ერთი მათგანი ასევე მსჯავრდებული იყო სექსუალური ძალადობის ფაქტზე. საქმის მასალები აჩვენებს, რომ ეს ორი ადამიანი კვლავ საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებდა საზოგადოებაში და აქტიურად იყო ჩართული პირველი განმცხადებლის შვილებისა და მათზე მზრუნველობის გარშემო მიმდინარე სამართალწარმოებაში. 1997 წლის 9 სექტემბერს არასრულწლოვანთა სასამართლოს გადაწყვეტილებით, განმცხადებელს უფლება ჰქონდა, მოენახულებინა მხოლოდ უმცროსი შვილი, თუმცა მას ამის შესაძლებლობა არ მიეცა. მოგვიანებით, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ დედას უმცროს შვილთან შეხვედრამდე უნდა ჩატარებოდა მოსამზადებელი ფსიქოლოგიური კონსულტაცია. შეხვედრები შედგა, თუმცა 1998 წლის ივლისიდან კვლავ შეწყდა. შემდგომში, არასრულწლოვანთა სასამართლოს 1998 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დედას ორივე ბავშვის ნახვის უფლება მიეცა. პირველ განმცხადებელს ბავშვების ნახვის ნება პირველად 1999 წლის 29 აპრილს დართეს. მეორე ვიზიტი 1999 წლის 9 სექტემბერს შედგა, მაგრამ სოციალურმა სამსახურმა გადაწყვიტა, რომ ამის შემდეგ ყოველგვარი ვიზიტები შეეწყვიტა. პირველი განმცხადებელი, რომელიც აცხადებდა, რომ საკუთარი შვილების სახელით მოქმედებდა, ჩიოდა, რომ მის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი, რადგან მას დროებით ჩამოერთვა მშობლობის უფლება, მისი შვილები მზრუნველობისთვის იქნა გადაცემული, ხელისუფლების ორგანოებმა გააჭიანურეს მისთვის ბავშვების ნახვის უფლების მიცემა, ძალიან ცოტა შეხვედრის ორგანიზება გახდა შესაძლებელი და ხელისუფლების ორგანოებმა ბავშვები „ილ ფორტეტოში“ მოათავსეს. მეორე განმცხადებელიც მე-8 მუხლის დარღვევას ასაჩივრებდა. იგი ჩიოდა, რომ ხელისუფლების ორგანოებმა მას წაართვეს შესაძლებლობა, ეზრუნა საკუთარ შვილიშვილებზე და გააჭიანურეს მათი მონახულების ორგანიზება.
სამართალი
I. კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
130. პირველი განმცხადებელი, რომელიც აცხადებდა, რომ მოქმედებდა მისი შვილების სახელით, ასაჩივრებდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას, კერძოდ, რომ მას შეუჩერდა მშობლის უფლება, მისი შვილები მზრუნველობისათვის გადასცეს თემს, ხელისუფლების ორგანოებმა გააჭიანურეს მისთვის საბოლოო ნებართვის გაცემა, ენახა თავისი შვილები, ბავშვებთან სულ რამდენიმე შეხვედრის ორგანიზება მოხერხდა და ხელისუფლების ორგანოებმა ბავშვები „ილ ფორტეტოში“ მოათავსეს.
131. მეორე განმცხადებელი ასევე ასაჩივრებდა მე-8 მუხლის დარღვევას, რადგან ხელისუფლების ორგანოებმა უგულებელყვეს შესაძლებლობა, რომ მას მოევლო თავისი შვილიშვილებისათვის და გააჭიანურეს მათთან კონტაქტის შესაძლებლობა.
132. მე-8 მუხლის თანახმად:
„1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას;
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“.
გ. შესაბამისობა მე-8 მუხლთან: იყო თუ არა ჩარევა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“
1. პირველი განმცხადებლისათვის მშობლობის უფლებისა და ბავშვების ჩამორთმევა
(ბ) სასამართლოს შეფასება
148. სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ „....ოჯახის გაყოფა ძალიან სერიოზული ხასიათის ჩარევაა. ამგვარი ნაბიჯი საკმარისად მტკიცე და დამარწმუნებელი მოსაზრებებით უნდა იყოს გამყარებული ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე...“ (იხ. 1998 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება ოლსონი შვედეთის წინააღმდეგ (N1), სერია A, N130, გვ. 33-34, § 72). „... გასათვალისწინებელია სამართლიანი ბალანსი ინდივიდისა და მთლიანად საზოგადოების კონკურენტულ ინტერესებს შორის ; ორივე კონტექსტში სახელმწიფოს ... აქვს შეფასების გარკვეული ფარგლები...“ (იხ. 1994 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება ჰოკანენი ფინეთის წინააღმდეგ, სერია A, 299-A, გვ. 20, §55). ამ სფეროში „... სასამართლოს(ების) განხილვა არ შემოიფარგლება იმის დადგენით, მოპასუხე სახელმწიფომ გამოიყენა თუ არა თავისი დისკრეცია გონივრულად, სიფრთხილით და კეთილსინდისიერად ... მეორეც, თავისი საზედამხედველო ფუნქციის შესრულებისას, სასამართლო ვერ განიხილავს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებს განცალკევებულად, არამედ მათ ერთიანად, მთელი საქმის კონტექსტში უყურებს; მან უნდა განსაზღვროს, რამდენად „სათანადო და საკმარისია“ ჩარევის დასასაბუთებლად მოყვანილი მიზეზები...“ (იხ. ოლსონი, გვ. 32, §68 და mutatis mutandis 1995 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება ვოგტი გერმანიის წინააღმდეგ, სერია A, N323, გვ. 25-26, § 52).
149. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი განმცხადებლის ოჯახური მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდა 1994 წელს. ის განსაკუთრებით გაამწვავა მისი ყოფილი ქმრის ნეგატიურმა როლმა. საქმის მასალები აჩვენებს, რომ უმეტესად სწორედ ქმრის ბრალია ოჯახში ძალადობრივი გარემოს შექმნა, გაუთავებელი თავდასხმებით ბავშვებსა და ყოფილ ცოლზე, რამაც პირველი განმცხადებელი აიძულა, სისხლის სამართლის საჩივარი აღეძრა.
150. უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილ ქმართან გაცილების შემდეგაც, პირველ განმცხადებელს უჭირდა ბავშვების მოვლა. ამასთან დაკავშირებით სასამართლო მნიშვნელობას ანიჭებს ნეიროფსიქიატრის 1997 წლის 9 ივნისის დასკვნას, რომელშიც მან გამოთქვა მოსაზრება, რომ პირველი განმცხადებელი დაავადებული იყო პიროვნული აშლილობით და არ შეეძლო მისი ოჯახისა და შვილების კომპლექსური მდგომარეობის მართვა. პრობლემა მეტად გააღრმავა მძიმე ტრავმამ, რომელიც უფროსმა შვილმა მიიღო სოციალური მუშაკის მხრიდან პედოფილური ძალადობის შედეგად. ამ უკანასკნელმა მანამდე მოახერხა განმცხადებლის ოჯახის კეთილგანწყობის მოპოვება.
151. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო ამ საკითხში ეთანხმება კომისიას და მიიჩნევს, რომ საფუძველი ხელისუფლების ჩარევისათვის - პირველი განმცხადებლისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევა და ბავშვების დედის მზრუნველობისაგან დროებითი ჩამოშორება - ეფუძნებოდა სათანადო და საკმარის მიზეზებს და დასაბუთებული იყო ბავშვების ინტერესების დაცვის საჭიროებით. აქედან გამომდინარე, კონვენციის მე-8 მუხლი ამ თვალსაზრისით არ დარღვეულა.
2. კონტაქტი პირველ განმცხადებელსა და მის შვილებს შორის
(ბ) სასამართლოს შეფასება
169. სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ უპირველეს ყოვლისა, „ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტური ელემენტია ორმხრივი სიამოვნება, მიღებული მშობლისა და ბავშვის ერთად ყოფნით; გარდა ამისა, ბუნებრივი ოჯახური ურთიერთობები არ წყდება იმ ფაქტობრივი მიზეზით, რომ ბავშვი გადაეცემა სახელმწიფო მზრუნველობას...“ (იხ. 1989 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება ერიქსონი შვედეთის წინააღმდეგ, სერია A, N156, გვ. 24, § 58). სასამართლომ ადრე დაადგინა, რომ „...ბავშვის სახელმწიფოს მზრუნველობაში გადაცემა, ჩვეულებრივ, უნდა ითვლებოდეს დროებით ზომად, რომელიც დაუყოვნებლივ შეწყდება, როგორც კი გარემოებები ამის საშუალებას მისცემს ... და დროებითი მზრუნველობის ნებისმიერი ზომა უნდა ეთანადებოდეს უმთავრეს მიზანს - მშობლისა და შვილის ბუნებრივი კავშირის აღდგენას... ამასთან დაკავშირებით, სამართლიანი ბალანსი უნდა იქნეს დაცული სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვის ინტერესებსა და მშობლის ინტერესს შორის, დაიბრუნოს ბავშვი ... ამ ბალანსის შემოწმებისას, სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას მიანიჭებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც მისი ბუნებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეიძლება არ ითვალისწინებდეს მშობლის ინტერესებს. კერძოდ, ... შეუძლებელია კონვენციის მე-8 მუხლით მშობელს მიეცეს უფლება, მიიღოს ისეთი ზომები, რაც ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (იხ. 1996 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება იოჰანსენი ნორვეგიის წინააღმდეგ, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა ანგარიშები 1996-III, გვ. 1008-09, § 78).
170. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ 1997 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება ნებისმიერი სახის კონტაქტის აკრძალვის შესახებ პირველ განმცხადებელსა და მის უფროს ვაჟს შორის არ ეფუძნება საკმარისად მყარ მიზეზებს. მართლაც, ბავშვმა მიიღო ძალიან მძიმე და ტრავმული გამოცდილება. მიუხედავად ამისა, როგორც ეს კომისიამ აღნიშნა მის ანგარიშში, ასეთი რადიკალური ზომის მიღება - კონტაქტის სრული აკრძალვა, შეიძლება დასაბუთდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში (იხ. 1987 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება ბ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სერია A, N121, გვ. 78-79, §77). კომპლექსური გარემოებები აზიანებდა ოჯახურ ცხოვრებას და ხელს უშლიდა ბავშვების ნორმალურ განვითარებას, რაც სავსებით ასაბუთებს მათ დროებით გადაცემას სამზრუნველოდ (და არ აკნინებს დედისათვის სათანადო ფსიქოლოგიური დახმარების აღმოჩენის მნიშვნელობას). სასამართლოს აზრით, რთული სიტუაცია პირველი განმცხადებლის ოჯახში, თავისთავად არ ამართლებს კონტაქტის აკრძალვას უფროს შვილთან. გასათვალისწინებელი იყო არა მარტო ის მიჯაჭვულობა, რასაც დედა ყოველთვის განიცდიდა თავისი შვილების მიმართ, არამედ ხელისუფლების გადაწყვეტილება, ამავდროულად ნება დაერთოთ უმცროს შვილთან ურთიერთობის აღდგენაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდა განზრახული პირველი განმცხადებლისათვის მშობლობის ყველა უფლების სამუდამოდ ჩამორთმევა, გ-სა და დედას შორის ყოველგვარი კონტაქტის აკრძალვა გამოიწვევს ნაწილობრივ ბზარს ურთიერთობებში, ძმებს შორის ურთიერთობის ჩათვლით, ეს კი სრულებით არ შეესაბამება გაცხადებულ მიზანს, რომ აღდგეს ურთიერთობა დედასთან.
171. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ 1997 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების მიუხედავად, რომელიც ითვალისწინებდა უმცროს ვაჟთან ვიზიტების ორგანიზებას, არაფერი გაკეთებულა 1998 წლის 6 მარტამდე. ამ დღეს არასრულწლოვანთა სასამართლომ საბოლოოდ გადაწყვიტა მოეთხოვა, რომ დედას გაევლო მოსამზადებელი პროგრამა ბავშვის მონახულებამდე. თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა. ზუსტად ორი დღით ადრე 1998 წლის 8 ივლისს ჩანიშნულ ვიზიტამდე (სახელმწიფო ბრალმდებლის), პროკურორის მოადგილის მოთხოვნით, არასრულწლოვანთა სასამართლომ გადაწყვიტა, გაეუქმებინა უკვე დაგეგმილი შეხვედრები. პროკურორის მოადგილემ დაიწყო გამოძიება ბავშვების მამის მიმართ. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სასამართლო ეთანხმება კომისიის დასკვნას. რთულია დაინახო, რის საფუძველზე მიიღო არასრულწლოვანთა სასამართლომ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება, რომელსაც ძალიან ნეგატიური ფსიქოლოგიური ზეგავლენა ექნება ყველა შესაბამის პირზე მაშინ, როცა საზოგადოებრივი პროკურორის მოთხოვნა ეყრდნობოდა მხოლოდ სავარაუდო შესაძლებლობას, ობიექტური მტკიცებულებებით სრულიად დაუსაბუთებელ ვარაუდს, რომ დედის ჩართულობა გამოძიების არეალს გაზრდიდა. მართალია, ბავშვმა პირველად დედა დაადანაშაულა პროკურორისათვის 1998 წლის 19 ივნისს გაგზავნილ წერილში მასზე პედოფილური ძალადობის გამოვლენის გამო, მაგრამ არავითარი სერიოზული მცდელობა არ ყოფილა, დადგენილიყო ამ ბრალდების ჭეშმარიტება (არც არაფერი გაკეთებულა ამ კუთხით 1998 წლის 11 ნოემბრამდე, როცა აღნიშნული პედოფილი დაიკითხა და მან განაცხადა, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამებოდა, იხ. 115-ე პუნქტი). სასამართლომ დაასკვნა, რომ უპასუხისმგებლოდ მოიქცა როგორც პროკურორის მოადგილე, ასევე არასრულწლოვანთა სასამართლოც.
172. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ჯერ არ იყო დასრულებული, არასრულწლოვანთა სასამართლომ 1998 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 5 თვის თავზე, პირველ განმცხადებელს მისცა ორივე შვილის მონახულების უფლება. ეს აშკარად ეწინააღმდეგება იმავე წლის ზაფხულში მიღებულ გადაწყვეტილებებს.
173. არასრულწლოვანთა სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად1999 წლის 15 მარტამდე ვიზიტების განახლების შესახებ პირველი შეხვედრა ვერ შედგა 1999 წლის 29 აპრილამდე. მართლაც, ეს გაჭიანურება თავად არასრულწლოვანთა სასამართლომ აღნიშნა თავის 1999 წლის 15 თებერვლის განცხადებაში. თუნდაც დაყოვნება აიხსნას ადმინისტრაციული სირთულეებით, არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი: „დაუშვებელია ისეთ ფუნდამენტურ სფეროში, როგორიცაა ოჯახური ცხოვრების პატივისცემა, ისეთმა სირთულეებმა, როგორიცაა შეხვედრის გაჭინაურება, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს“ (იხ. გადაწყვეტილება ოლსონის საქმეზე (N1), გვ. 37, §82). ამგვარი დაგვიანება კიდევ მეტად მიუღებელია წინამდებარე საქმეში, რადგან ამ მომენტისათვის პირველი განმცხადებელი და მისი შვილები ერთმანეთს უკვე წელიწადნახევრის განმავლობაში იყვნენ დაშორებულები.
174. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ პირველი ვიზიტი არ გახდა რეგულარული და ხშირი შეხვედრების დასაბამი, რაც ბავშვებსა და მათ დედას დაეხმარებოდა ურთიერთობების აღდგენაში. უფროსმა ვაჟმა ნამდვილად გამოხატა იმედგაცრუება პირველი შეხვედრის შემდეგ თავის 1999 წლის 6 მაისის წერილში სოციალურ მუშაკებთან. იმ ფაქტის გათვალისწინების გარეშე, რომ უფროსი შვილის წერილები ხელისუფლების იმ ორგანოების მიმართ, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ, განსაკუთრებული სიფრთხილითაა განსახილველი, ბავშვის საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე (იხ. 210-ე პუნქტი). სავსებით გასაგებია იმედგაცრუების განცდა ხანგრძლივი დაშორების შემდეგ, რაც ბავშვისათვის ძალიან ტრავმულ მოვლენებს მოჰყვა. ამ ვითარებას პირიქით უნდა ებიძგებინა სოციალური სამსახურებისათვის, რომ რეგულარული შეხვედრები მოეწყოთ, რაც ბავშვს დაეხმარებოდა რთული პერიოდის გადატანაში. გახანგრძლივებული განცალკევება, რასაკვირველია, ვერ შეუწყობდა ხელს ისედაც მნიშვნელოვნად დარღვეული ოჯახური კავშირების განმტკიცებას. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ „ბმა ოჯახის წევრებს შორის და მათი წარმატებული განმტკიცების პერსპექტივა ძალაუნებურად სუსტდება, თუ მარტივი და რეგულარული ურთიერთობის გზაზე დაბრკოლებები ჩნდება (იხ. ოლსონი (N1), გვ. 36-37, § 81).
175. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ აკნინებს მოსამზადებელი პროგრამის მნიშვნელობას. მართლაც, სასამართლომ ადრე მიუთითა, რომ „... ბიოლოგიური მშობლების ბავშვებთან დაახლოება, როცა ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მინდობით აღმზრდელ ოჯახში არიან, გარკვეულ მომზადებას საჭიროებს. ამგვარი მომზადების ბუნება და მოცულობა შეიძლება დამოკიდებული იყოს თითოეული შემთხვევის კონკრეტულ გარემოებებზე, მაგრამ ყოველთვის მოითხოვს ყველა დაკავშირებულ მხარეს შორის აქტიურ თანამშრომლობას. ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ამგვარი თანამშრომლობის დასამყარებლად, თუმცა მათი შესაძლებლობები - მიმართონ იძულებას, შეზღუდულია, რადგან გასათვალისწინებელია ყველა დაკავშირებული მხარის ინტერესი, მათი უფლებები და თავისუფლებები, განსაკუთრებით კი ბავშვების ინტერესები და უფლებები კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისად. თუ ბიოლოგიურ მშობლებთან კონტაქტი აზიანებს მათ ინტერესებს ან ბღალავს მათ უფლებებს, ეროვნული ხელისუფლების ორგანოებს ევალებათ სამართლიანი ბალანსის დაცვა...“ (იხ. 1992 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება ოლსონი შვედეთის წინააღმდეგ (N2), სერია A, N250, გვ. 35-36, §90). წინამდებარე საქმეში დასაკვირვებელია ის ფაქტი, რომ მხოლოდ ერთი ვიზიტი ვერ იქნებოდა საკმარისი ბავშვებისთვის, აღადგინონ კავშირი თავიანთ დედასთან. თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველ ვიზიტს წინ უძღოდა მოსამზადებელი ფაზა, რამაც ისედაც გაახანგრძლივა შეხვედრამდე პერიოდი, სასამართლოსათვის სრულიად გაუგებარია, რატომ არ მოჰყვა მას დაუყოვნებლივ მომდევნო შეხვედრები. სასამართლო იმასაც მიაპყრობს ყურადღებას, რომ მთავრობამ საკმარისად დამაჯერებელი განმარტება ვერ წარმოადგინა მომდევნო მოსამზადებელი ფაზის კიდევ 4 თვით გახანგრძლივების დასასაბუთებლად და უპირველესად, 1999 წლის 9 სექტემბრის შემდეგ ვიზიტების არარსებობის შესახებ.
176. სასამართლომ ყურადღებით განიხილა პირველი ვიზიტის ვიდეოჩანაწერი და დაადგინა, რომ არც ვიზიტი და არც მისი შედეგი სულაც არ იყო იმდენად ნეგატიური, როგორც ამას სოციალური სამსახურები აღწერდნენ. მიუხედავად ამისა, სოციალურ სამსახურებს მიეცათ სრული თავისუფლება, მეორე ვიზიტი მთელი ოთხი თვის შემდეგ ჩაენიშნათ. მეტიც, მეორე შეხვედრის აუდიოჩანაწერი ადასტურებს, რომ სოციალურ სამსახურებს საგრძნობი თავისუფლება მიეცათ გადაეწყვიტათ, შემდგარიყო თუ არა შეხვედრები და როდის.
177. ამ საკითხის გარშემო გასათვალისწინებელია შემდეგი: არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე, რომ ურთიერთობების ხანგრძლივმა წყვეტამ მშობელსა და ბავშვს შორის, ან ძალიან დიდმა შუალედებმა შეხვედრებს შორის საფრთე შეუქმნას ოჯახში წარმოქმნილ სირთულეთა დაძლევაში დახმარების ნებისმიერ რეალურ შესაძლებლობას და ოჯახის წევრების კვლავ შეკავშირებას (საფრთხე კიდევ მეტად დიდია პატარა ბავშვების შემთხვევაში, რომლებიც მცირეწლოვანნი იყვნენ განცალკევების მომენტში).
178. აქედან გამომდინარე, წინამდებარე საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მიუღებლად მიიჩნევს, რომ სოციალურმა სამსახურებმა შეძლონ, როგორც აღნიშნულ შემთხვევაში, შეცვალონ სასამართლოს გადაწყვეტილებების პრაქტიკული ეფექტი, რომლებიც ადგენდნენ, რომ კონტაქტი პრინციპულად უნდა შემდგარიყო. შეხვედრების შეზღუდული რაოდენობისა და არასათანადოობის გათვალისწინებით (სულ ორი შეხვედრა თითქმის სამი წლის მანძილზე), აქამდე ორგანიზებული შეხვედრები არარეგულარული და სრულიად უმნიშვნელოა ყველა მიზნისათვის, თუ მათ განვიხილავთ მე-8 მუხლით დადგენილი პრინციპების კონტექსტში.
179. საქმის მასალებიდან აშკარაა, რომ პირველი ვიზიტის შემდეგ სოციალურმა სამსახურებმა არაორდინალური როლი ითამაშეს არასრულწლოვანთა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაში. მათ ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ პირველი განმცხადებლის მიმართ - დამოკიდებულება, რომელსაც სასამართლო დამაჯერებელ გამართლებას ვერ უძებნის. სინამდვილეში, სოციალური სამსახურები სიტუაციას აქამდე მართავდნენ იმგვარად, რომ ეს ხელს უწყობდა პირველ განმცხადებელსა და მის შვილებს შორის ნაპრალის გაღრმავებას, რითაც ქმნიდნენ რისკს, რომ ეს პერმანენტული გახდებოდა. სოციალური სამსახურების უკანასკნელ ანგარიშში მოწოდებული ინფორმაცია მხოლოდ ადასტურებს ამ ტენდენციას. არასრულწლოვანთა სასამართლოს ზედამხედველობა უნდა გაეწია თავის გადაწყვეტილებათა აღსრულებისათვის, ნაცვლად კი გაამართლა სოციალური სამსახურების ქმედებები ყოველგვარი განხილვის გარეშე.
180. 1998 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების შემდეგ მხოლოდ ორი ვიზიტი შედგა (წელიწადნახევრის გამოტოვებით), თავად ამ ფაქტს უნდა წაექეზებინა არასრულწლოვანთა სასამართლო, გამოეძიებინა პროგრამაში დაყოვნების მიზეზები, ნაცვლად სოციალური სამსახურების უარყოფითი დასკვნების თითქმის უპირობოდ მიღებისა და ფაქტების ამა თუ იმ სახით კრიტიკული გაანალიზების გარეშე. როცა პირველი განმცხადებელი ასაჩივრებდა ვიზიტების შედეგთა შეფასებას, არასრულწლოვანთა სასამართლომ არ მიიჩნია აუცილებლად ვიზიტთა აუდიო-ვიზუალური ჩანაწერების შესწავლა (მისი ჩვენების ნებართვა მნიშვნელოვანი დაყოვნებით გაიცა და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, როცა სასამართლომ ნახა (იხ. 109-ე პუნქტი)). ამასთან, მიუხედავად მეურვეობის თაობაზე მოსამართლის დადებითი დამოკიდებულებისა, პირველი განმცხადებლის მიერ დანიშნულ დამოუკიდებელ სპეციალისტს ნებაც კი არ დართეს დასწრებოდა ვიზიტებსა და მოსამზადებელ სესიებს. ამგვარი უარისათვის არა მხოლოდ სათანადო საფუძველი არ არსებობდა, არამედ ამით არასრულწლოვანთა სასამართლოს წაერთვა შესაძლებლობა, შეესწავლა სოციალური სამსახურების ქმედებები.
181. მე-8 მუხლი მოითხოვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებმა პრინციპულად გაამარტივოს მშობლებსა და მათ შვილებს შორის ვიზიტები, რათა მათ შეძლონ ურთიერთობების ხელახალი განმტკიცება ოჯახის თანდათანობით კვლავ გამთლიანების მიზნით. არავითარი ლოგიკა არ იქნებოდა იმ გადაწყვეტილებაში, რომ შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში შემდგარიყო, თუ გადაწყვეტილების აღსრულების მეთოდი მიუთითებდა, რომ ბავშვი ფაქტობრივად არის დაშორებული ბიოლოგიურ მშობელს. აქედან გამომდინარე, შესაბამისი ხელისუფლების ორგანოები, ამ შემთხვევაში არასრულწლოვანთა სასამართლო, ვალდებულნი არიან გამოიჩინონ მუდმივი სიფხიზლე, განსაკუთრებით, სოციალური სამსახურების საქმიანობასთან მიმართებით, რათა უზრუნველყონ, რომ ამ უკანასკნელის ქცევამ არ დაარღვიოს ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებები.
182. საქმის მასალებიდან გამომდინარე, სასამართლოს არ შეუძლია რაიმე მნიშვნელობა მიანიჭოს პირველი განმცხადებლის დის დაუსაბუთებელ განცხადებებს. მოპასუხე მთავრობამ ვერ შეძლო გაემართლებინა ხელისუფლების ორგანოებისა და სოციალური სამსახურების მოქმედება ასეთი ბუნდოვანი ინფორმაციით, მით უფრო იმიტომ, რომ არც ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებები და არც სოციალური სამსახურების ანგარიშები არაფერს ამბობდა ამაზე. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალები შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებს პირველ განმცხადებელსა და მის ყოფილ ქმარს შორის ურთიერთობებზე. საქმის მასალებით არ ჩანს, რომ პირველ განმცხადებელსა და მის ყოფილ ქმარს შორის ამჟამად არსებული გაურკვეველი ურთიერთობები იძლევა დასკვნის საშუალებას, თითქოს პირველ განმცხადებელს არ ძალუძს განაახლოს კავშირი საკუთარ შვილებთან. უნდა აღინიშნოს აგრეთვე, რომ ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებათაგან არც ერთი არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით.
183. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ვერ შეძლეს პირველი განმცხადებლის ბავშვების ინტერესებსა და მის კონვენციით განსაზღვრულ უფლებებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა. ამდენად, დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი.
3. გადაწყვეტილება ბავშვების „ილ ფორტეტოს“ საზოგადოებაში ინტეგრაციის მოთავსების შესახებ
(ბ) სასამართლოს შეფასება
201. სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, კიდევ ერთხელ ჩამოაყალიბოს ზოგიერთ ადრინდელ გადაწყვეტილებებში დადგენილი პრინციპი, რაც შესაძლოა მას დაეხმაროს განაცხადის ამ მონაკვეთში წამოჭრილი რთული საკითხების საერთო კონტექსტში წარმოსადგენად. კერძოდ, გადაწყვეტილებაში იოჰანსონი ნორვეგიის წინააღმდეგ სასამართლომ თქვა (გვ. 1003-1004, § 64):
„... სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ ფაქტს: წევრ სახელმწიფოებში განსხვავებულად აღიქვამენ საჯარო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ბავშვებზე ზრუნვის საკითხში ჩარევის მართებულობას. განსხვავებული აღქმა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ოჯახის როლთან დაკავშირებული ტრადიციები, სახელმწიფოს ჩარევა ოჯახურ საქმეებში და რესურსების არსებობა ამ კონკრეტულ სფეროში ზომების მისაღებად. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, არსებითი მნიშვნელობა აქვს, თუ რა არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი. გარდა ამისა, ყურადსაღებია, რომ ეროვნული ხელისუფლების ორგანოებს აქვთ უპირატესობა, პირდაპირი კონტაქტი ჰქონდეთ ადამიანებთან ..., ხშირად სრულიად საწყის ფაზაში, როცა მზრუნველობის ღონისძიებები წინასწარ გათვალისწინებულია ან დაუყოვნებლივ ხდება მათი აღსრულება. ამ მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს საქმე არ არის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ჩანაცვლება მათ პასუხისმგებლობათა შესრულებისას, რაც გულისხმობს ბავშვებზე სახელმწიფო ზრუნვისა და იმ მშობლების უფლებათა რეგულირებას, რომელთა შვილებიც მზრუნველობის ქვეშ არიან გადაცემულნი, არამედ სასამართლოს ვალდებულებაა კონვენციის საფუძველზე განიხილოს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ თავიანთი შეფასების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები...
ეროვნული ხელისუფლების შესაბამისი ორგანოსადმი მინიჭებული შეფასების ფარგლები შეიძლება იცვლებოდეს საკითხის ბუნებიდან და ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების სერიოზულობიდან გამომდინარე .... ამდენად, სასამართლო აღიარებს, რომ ხელისუფლების ორგანოები შეფასების ფართო ფარგლებით სარგებლობენ, როცა აანალიზებენ ბავშვის მზრუნველობის ქვეშ მოთავსების აუცილებლობას. მიუხედავად ამისა, ორივე ამ საკითხის მეტად გულდასმით გამოკვლევაა საჭირო, როცა საქმე ეხება ისეთ შემდგომ შეზღუდვებს, როგორიცაა მშობლობის უფლების შეზღუდვა და ნებისმიერი სამართლებრივი გარანტია მშობლებისა და ბავშვების ოჯახური ცხოვრების უფლების დასაცავად. ამ ტიპის შეზღუდვები შეიცავს მშობლებსა და არასრულწლოვან შვილებს შორის ოჯახური ურთიერთობების რღვევის საფრთხეს.“
202. სასამართლო აღნიშნავს, რომ „ილ ფორტეტოს“ ორი მთავარი ლიდერი და თანადამფუძნებელი 1985 წელს ფლორენციის სააპელაციო სასამართლომ გაასამართლა მათ საზოგადოებაში მცხოვრები სამი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და სექსუალური ძალადობის გამო. ისინი ამნისტირებულები არიან კიდევ ერთი ბრალდებისათვის, რაც გულისხმობდა ბერნისა და ციურიხის უნივერსიტეტებიდან ფსიქოლოგის ყალბი დიპლომების ფლობას. ეს ბრალდებები დადასტურებულია, რამდენადაც საქმის მასალებში დევს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი, რომელიც ძალაში დატოვა საკასაციო სასამართლომ. შესაბამისად, სასამართლო მნიშვნელობას ვერ მიანიჭებს მთავრობის არგუმენტს, რომ მტკიცებულებათა შესაგროვებლად შეიქმნა კომიტეტი (რის შესახებაც დეტალები არ მოუწოდებია), რათა ხელახლა გადაესინჯათ საქმე. სასამართლო რელევანტურად ვერ მიიჩნევს ტოსკანას მთავრობის მხრიდან საზოგადოებრივი აზრის მოხმობას სასამართლო პროცესის მიმდინარეობის მომენტისათვის.
203. სასამართლო არ შეკრებილა იმისათვის, რომ გამოხატოს თავისი აზრი „ილ ფორტეტოს“ აღნიშნულის შესახებ ან ზოგადად იმსჯელოს იმ ზრუნვის ხარისხზე, რასაც ეს საზოგადოება სთავაზობს იქ მოთავსებულ ბავშვებს. არც ის არის სასამართლოს საქმე, რომ თქვას, რამდენად საფუძვლიანია ის ნდობა, რაც რიგ დაწესებულებებს აქვთ „ილ ფორტეტოს“ მიმართ. თანაც, ფლორენციის სააპელაციო სასამართლოს 1985 წლის გადაწყვეტილება ამჟღავნებს ინფორმაციას „ილ ფორტეტოში“ არსებული ატმოსფეროსა და საქმიანობათა შესახებ 1970-იანი წლების ბოლოს. ეს ინფორმაცია შეეხება საზოგადოებაში არსებულ ვითარებას ოც წელიწადზე მეტი ხნის წინ. სასამართლო ვერ ფლობს ისეთ ინფორმაციას, რაც საშუალებას მისცემდა მას გამოეთქვა თავისი თვალსაზრისი „ილ ფორტეტოში“ არსებულ ვითარებაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლოს საქმე არაა „ილ ფორტეტოს“ მხარდამჭერებსა და ოპონენტებს შორის გამართულ დებატებში ჩაბმა.
204. ის ფაქტი, რომ თემის ორი წევრი, ბრალდებული 1985 წელს, კვლავ იკავებს საპასუხისმგებლო თანამდებობებს, არ შეიძლება ჩაითვალოს უვნებელ ამბად და პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე, წარმოშობს ან აუცილებელს ხდის პირველი განმცხადებლის ბავშვების კონკრეტულ გარემოებათა დეტალური განხილვის აუცილებლობას.
205. სასამართლოს აღნიშვნით, მოპასუხე მთავრობის მტკიცების საპირისპიროდ, საქმის მასალებში მოცემული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ეს ორი ლიდერი საკმარისად აქტიურ როლს ასრულებს პირველი განმცხადებლის ბავშვებთან მიმართებით.
ლ.რ.ფ. დაესწრო 1997 წლის 8 სექტემბრის შეხვედრას, სადაც სოციალურმა სამსახურებმა ფლორენციის არასრულწლოვანთა სასამართლოს რეკომენდაცია გაუწიეს ბავშვები „ილ ფორტეტოში“ მოეთავსებინათ.
1997 წლის 15 დეკემბერს უფროს ვაჟს ინტერვიუზე სხვა პირებთან ერთად ახლდა ქ-ნი მ.ს-გ, რომელიც ფაქტობრივად ლ.გ-ს ცოლია.
სწორედ ლ.გ. აწერდა ხელს 1998 წლის 7 იანვარს პროკურორისა და არასრულწლოვანთა სასამართლოს მიმართ გაგზავნილ წერილს, რომელიც შეეხებოდა ინციდენტს, რაც პირველი განმცხადებლისა და მისი ყოფილი ქმრის მხრიდან „ილ ფორტეტოში“ ბავშვების ნახვის მცდელობას მოჰყვა.
1998 წლის 29 ივნისს ლ.რ.ფ-მ „ილ ფორტეტოს“ სახელით დეტალური წერილი დაწერა პირველი განმცხადებლის შვილებთან დაკავშირებით, რომელშიც იძლეოდა რეკომენდაციას, რომ გადაევადებინათ უმცროს შვილთან დაგეგმილი ვიზიტები.
206. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ფაქტები აშკარად მიუთითებს საზოგადოების ამ ორი წევრის აქტიურ როლს პირველი განმცხადებლის ბავშვების მზრუნველობის შესახებ საქმეში. საფუძვლიან ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ საჯარო ხელისუფლების ორგანოების მიერ ბავშვების მზრუნველობაში გადაცემის გადაწყვეტილების ფარგლებში, ორი ადამიანი, რომელიც ოცი წლით ადრე იყო მსჯავრდებული მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირთა არასათანადო მოპყრობასა და შეურაცხყოფაზე, ისევ აქტიურ როლს თამაშობდა იმავე თემში.
207. სასამართლოს ეჭვებს მთავრობის აღიარებაც ამყარებს, რომ არასრულწლოვანთა სასამართლოს ჰქონდა ინფორმაცია თემის ამ ორი წევრის მსჯავრდების შესახებ, როცა მიიღო პირველი განმცხადებლის ბავშვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. ეს ეჭვი ძალაში რჩება, მიუხედავად იმისა, რომ არც ლ.რ.ფ-ს და არც ლ.გ-ს 1985 წლის შემდეგ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ. არც არავითარი მინიშნება არ არის საქმის მასალებში, რომ მათ ან საზოგადოების სხვა წევრებმა ან იქ მცხოვრებმა სხვა პირებმა ძალა იხმარეს ან არასათანადოდ მოეპყრნენ პირველი განმცხადებლის შვილებს თუ „ილ ფორტეტოში“ მცხოვრებ სხვა ბავშვებს. კიდევ ერთი დამამძიმებელი გარემოებაა სექსუალური ძალადობა წარსულში უფროსი შვილის მიმართ. ამ ორი ფაქტორის კომბინაცია (სექსუალური ძალადობა უფროსი ვაჟის მიმართ და ლ.რ.ფ-სა და ლ.გ-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა წარსულში) სრულიად ამართლებს პირველი განმცხადებლის შიშს ბავშვის „ილ ფორტეტოში“ მოთავსების გამო და სავსებით გასაგებს ხდის ობიექტური პოზიციებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ მისი, როგორც ბავშვებს მოწყვეტილი დედის მდგომარეობას.
208. ისიც აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების ორგანოებმა არც ერთ ეტაპზე არ აუხსნეს სათანადოდ პირველ განმცხადებელს, რომ ბავშვების გაგზავნა „ილ ფორტეტოში“ არ წარმოადგენდა პრობლემას, მიუხედავად იმ ორი კაცის წარსულში მსჯავრდებისა. სასამართლოს თვალსაზრისით, ამგვარი კომუნიკაციის ხარვეზი არ შეესაბამება სახელმწიფოს ვალდებულებას, იმოქმედოს სამართლიანად და მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია, როცა სერიოზულ გადაწყვეტილებებს იღებს, მით უფრო, ისეთ დელიკატურ და სენსიტიურ სფეროში, როგორიცაა ოჯახური ცხოვრება. თუ ხელისუფლების შესაბამის ორგანოს არ მიუცია სრული და ამომწურავი განმარტება, მშობლები არ უნდა აიძულონ - როგორც ეს წინამდებარე საქმეში მოხდა, შვილები მზრუნველობისთვის გადასცემენ თემს, რომლის ლიდერებიც წარსულში სერიოზულ დანაშაულში იყვნენ ბრალდებულნი, არასათანადო მოპყრობისა და სექსუალური ძალადობისათვის. ამ ვითარებაში გამოიკვეთა გარემოებათა ორი წყება.
209. პირველი, „ილ ფორტეტოს“ ზოგიერთი ლიდერი, მათ შორის, ერთ-ერთი იმ ორ კაცთაგან, რომლებიც 1985 წელს იყვნენ მსჯავრდებულები, მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს ფლორენციის არასრულწლოვანთა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გადავადებას ან დაბრკოლებას - კონტაქტს პირველ განმცხადებელსა და მის ბავშვებს შორის. ამგვარად, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ 1997 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით, პირველ განმცხადებელს მიეცაუმცროსი ვაჟის ნახვის ნებართვა, არასრულწლოვანთა სასამართლოს 1998 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებამდე, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად მიეცა დედას ურთიერთობების აღდგენის უფლება მ-სთან იმ პირობით, რომ იგი მოსამზადებელ პროგრამას გაივლიდა. „ილ ფორტეტოს“ ლიდერები - არასრულწლოვანთა სასამართლოს გადაწყვეტილების დებულებათა უგულებელყოფით, ხელს უშლიდნენ პირველ განმცხადებელს, ენახა თავისი შვილები, განსაკუთრებით უმცროსი ვაჟი. სასამართლოს აზრით, ამგვარი ქცევა მიუღებელია. გარდა ამისა, არ უნდა იყოს შემთხვევითი ლ.რ.ფ-ს წერილი პროკურორის მოადგილისადმი 1998 წლის 29 ივნისს, სადაც ის იძლეოდა რეკომენდაციას, რომ აეკრძალათ კონტაქტი და პროკურორის მოადგილის წერილი არასრულწლოვანთა სასამართლოსადმი სამი დღის შემდეგ, სადაც ის დაჟინებით ითხოვდა, რომ დაგეგმილი ვიზიტები (რომელთა შესახებაც, მისივე თქმით, ინფორმაცია ჰქონდა პროკურორს) გადადებულიყო.
210. მეორე, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ პირველი განმცხადებლის ბავშვებზე „ილ ფორტეტოს“ ლიდერები ახორციელებდნენ ზეწოლას, მათ შორის, ერთ-ერთი იყო 1985 წელს მსჯავრდებული. ეს ზეწოლა მიზნად ისახავდა ბიჭების დისტანცირებას დედამისისგან, განსაკუთრებით კი უფროსი ვაჟის. ამასთან, სასამართლო შენიშნავს, რომ უფროსმა ბიჭმა სპეციალისტებს განუცხადა 1999 წლის 27 თებერვალს, როგორ მონაწილეობდა პროკურატურისადმი გაგზავნილი წერილის დაწერაში პირი სახელად ლ.რ.ფ. სასამართლო ვერაფერს იტყვის იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამება ჭეშმარიტებას უფროსი ვაჟის წერილში ასახული ფაქტები. თუმცა, უფროსი ადამიანების - მათ შორის, ლ.რ.ფ-ის, დასწრება წერილის წერის პროცესში, როცა წერილს წერს 12 წლის ბავშვი სასამართლოს თავმჯდომარეს ან პროკურორს, ობიექტურად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს. ცხადია, სასამართლო ატყობს ცვლილებას უფროსი ვაჟის დედისადმი დამოკიდებულებაში, რომელიც ამ ფაქტს განიცდის (ამ ცვლილების მაგალითია 1999 წლის 2 მარტის წერილი, იხ. 87-ე პუნქტი , რომელიც გაიგზავნა 1999 წლის 27 თებერვალს სპეციალისტთან შემდგარი დიალოგიდან 4 დღის შემდეგ, როცა ბავშვმა თქვა, რომ ძალიან გაუხარდებოდა დედამისის კვლავ ნახვა. იხ. 116-ე პუნქტი).
211. სასამართლოს აზრით, ფაქტები მეტყველებს, რომ „ილ ფორტეტოს“ ლიდერები, პასუხისმგებლები პირველი განმცხადებლის შვილების ზრუნვაზე, ხელს უწყობდნენ არასრულწლოვანთა სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობას შეხვედრების ჩაშლის გზით. გარდა ამისა, უცნობია, რეალურად ვინ უვლიდა ბავშვებს „ილ ფორტეტოში“, რადგან ბავშვებს გარეთ სხვადასხვა ადამიანები დაჰყვებოდნენ, რომლებიც, მთავრობის რწმუნებით, ეხმარებოდნენ მიმღებ მშობლებს, მაგრამ რიგ ჩანაწერებში ისინი ნახსენები არიან როგორც მიმღები მშობლები. ეს ეჭვი დაადასტურა ორი ოფიციალური ექსპერტის ჩვენებამ, რომელსაც მთავრობა არ დაეთანხმა.
212. არსებულ ვითარებასა და აღნიშნულ ლიდერთა კრიმინალურ წარსულს უნდა დაეფიქრებინა არასრულწლოვანთა სასამართლო, რომ მეტი ყურადღებით დაკვირვებოდა, როგორ უვლიან ბავშვებს „ილ ფორტეტოში“ და რა ზეგავლენა აქვთ ლიდერებს ბავშვებზე, მათსა და დედას შორის ურთიერთობაზე. თუმცა, ეს ასე არ მომხდარა. პრაქტიკულად, აღნიშნული ლიდერები მუშაობენ საზოგადოებაში, რომელიც სარგებლობს მოქმედების სრული თავისუფლებით და შესაბამისი ხელისუფლების ორგანოები ეფექტურ ზედამხედველობას არ უწევენ. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე მთავრობამ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები რათა ეჩვენებინა, ნამდვილად განახორციელა თუ არა ექვსთვიანი შემოწმებები მეურვეობის მიმნიჭებელმა მოსამართლემ, როგორც ამას მოითხოვს 1983 წლის N 184 კანონის მე-9 მუხლი. მართლაც, მოპასუხე მთავრობას არ წარმოუდგენია მეურვეობის მიმნიჭებელი მოსამართლის ინსპექტირების არც ერთი ანგარიში.
213. გარდა ამისა, „ილ ფორტეტოში“ ბავშვებზე პასუხისმგებელ პირთა - მათ შორის, 1985 წელს ბრალდებული ორი ლიდერის - დამოკიდებულებისა და ქცევის ნეგატიური ზეგავლენა დედასთან ურთიერთობის აღდგენის პერსპექტივაზე, ამასთანავე, სოციალური სამსახურების ზემოთ აღწერილი ნეგატიური დამოკიდებულება, გარკვეულწილად გახდა მიზეზი იმისა, რომ პირველმა განმცხადებელმა დაკარგა თავის შვილებთან ხელახლა გაერთიანების სერიოზული პერსპექტივა.
214. რაც შეეხება „ილ ფორტეტოში“ ბავშვების დარჩენის გაურკვეველ ვადას: გამოცდილება ადასტურებს, რომ თუ ბავშვები ხანგრძლივად რჩებიან საზოგადოებაში მზრუნველობის ქვეშ, მათი უმეტესობა აღარასოდეს უბრუნდება რეალურ ოჯახურ ცხოვრებას საზოგადოების გარეთ. აქედან გამომდინარე, სასამართლომ ვერ მოისმინა მართებული დასაბუთება, რატომ არ დაუწესეს პირველი განმცხადებლის ბავშვებს მზრუნველობის ქვეშ ყოფნის ვადა, მით უფრო, რომ ეს ეწინააღმდეგება იტალიის კანონმდებლობის შესაბამის დებულებებს, კერძოდ, 1983 წლის N 184 კანონის მე-4 მუხლს.
215. ფაქტია, რომ მზრუნველობის შეზღუდული ვადის არარსებობა, „ილ ფორტეტოში“ ბავშვებზე პასუხისმგებელ პირთა დამოკიდებულება, სოციალური სამსახურების დამოკიდებულებასა და ქცევასთან ერთად, პირველი განმცხადებლის ბავშვებს უქადის დედისგან შეუქცევად განცალკევებას და გრძელვადიან ინტეგრაციას „ილ ფორტეტოში“. მიუხედავად იმისა, რომ რიგი ფაქტორები მიუთითებენ ბავშვების ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზე იქ მოთავსების შემდეგ, დედასა და შვილებს შორის ურთიერთობებს რეალურ საფრთხეს უქმნის ეს პროცესი, რომელიც ბღალავს საქმის განმხილველი სასამართლოებისა და მათი გადაწყვეტილებების როლს.
216. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ვერ გამოავლინეს საკმარისი წინდახედულება და სიფხიზლე, რაც საჭიროა ესოდენ დელიკატურ და სენსიტიურ ვითარებაში და ეს მოხდა არა მხოლოდ პირველი განმცხადებლის უფლებების შებღალვით, არამედ ბავშვების საუკეთესო ინტერესების დარღვევითაც. შესაბამისად, ზემოთ აღწერილი გარემოებების გათვალისწინებით, „ილ ფორტეტოში“ ბავშვების განთავსება განუსაზღვრელი ვადით არ აკმაყოფილებს კონვენციის მე-8 მუხლის მოთხოვნებს.
4. მეორე განმცხადებლის პოზიცია
(ბ) სასამართლოს შეფასება
221. პირველ რიგში სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთო პოზიციით მეორე განმცხადებელსა და მის შვილიშვილებს შორის ურთიერთობა ექცევა კონვენციის მე-8 მუხლის მოქმედების ქვეშ. ამასთან დაკავშირებით, იგი აღნიშნავს, რომ „ოჯახური ცხოვრება“ მე-8 მუხლის მნიშვნელობით მოიცავს კავშირებს ახლო ნათესავებს შორის, მაგალითად, ბებია-ბაბუასა და შვილიშვილებს შორის, რამდენადაც ამგვარი ნათესავები შეიძლება მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ოჯახურ ცხოვრებაში. ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, იმოქმედოს იმგვარად, რომ ამ კავშირებს ნორმალურად განვითარების საშუალება მისცეს“ (იხ. 1979 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება მარკქსი ბელგიის წინააღმდეგ, სერია A, N31, გვ.21, § 45).
222. მეორე განმცხადებლის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ ბავშვებისთვის ზრუნვა მისთვის მიენდოთ, სასამართლო ამბობს: 1983 წლის N 184 კანონის მე-12 მუხლი უპირატესობას ანიჭებს ბავშვების ოჯახის ახლო წევრებთან დატოვებას, რომლებიც ცნობილ მისამართზე ცხოვრობენ. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების თანახმად, მეორე განმცხადებელს მნიშვნელოვანი სირთულეები შეექმნებოდა ბავშვების სათანადო მოვლაში. ის ვერ გაივლიდა წინასწარ მოსამზადებელ საკონსულტაციო პროგრამას ბავშვებთან ურთიერთობამდე, რადგან ბელგიაში ცხოვრობდა. იტალიაში გადმოსვლის შემდეგ მას მაინც მოუწევდა ბელგიაში დაბრუნება 1999 წლის შემოდგომაზე ადმინისტრაციული პრობლემების მოსაგვარებლად, რაც უკავშირდებოდა მასზე დამოკიდებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვაჟის ინვალიდობის პენსიას. 2000 წლის თებერვალში ის საავადმყოფოში მოხვდა გულის პრობლემებით. გარდა ამისა, ძნელია გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭოს იმ ფაქტს, რომ უფროსი ვაჟი ბებიასთან ცხოვრობდა 1992 წელს: ამ დროს ის ძალიან პატარა იყო, შესაბამისად, არაფერი მიუთითებს მათ შორის ახლო და უწყვეტ კავშირზე. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილება, არ მიენდოთ ბავშვებზე ზრუნვა მეორე განმცხადებლისათვის ეფუძნება მიზეზებს, რომლებიც რელევანტური რჩება მეორე განმცხადებლის იტალიაში გადმოსვლის შემდეგაც, რადგან ეს გადმოსვლა ყველა შემთხვევაში დროებითია.
223. მეორე განმცხადებელსა და ბავშვებს შორის ურთიერთობის შესახებ სასამართლო აღნიშნავს, რომ ბებიის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი თავიდანვე არათანმიმდევრული იყო. როგორც კომისიამ განაცხადა, ძნელია გაიგო, რატომ უნდა ეთქვა მეორე განმცხადებელს უარი ბავშვების ნახვამდე მოსამზადებელი პროგრამის გავლაზე იმ მიზეზით, რომ ის ძალიან შორს ცხოვრობდა, როცა მან კვირაში მხოლოდ ორი ვიზიტი მოითხოვა.
224. ფლორენციის არასრულწლოვანთა სასამართლოს 1998 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების მიუხედავად, რომ მეორე განმცხადებელსა და ბავშვებს შორის ურთიერთობა უნდა დაწყებულიყო 1999 წლის 15 მარტიდან, მოსამზადებელი პროგრამის გავლის შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდებოდა იმ ეტაპისთვის, როცა მეორე განმცხადებელი იტალიაში გადმოვიდოდა. თუმცა იგი არ დაუკავშირდა სოციალურ სამსახურებს და მათგან პასუხს ელოდა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგაც. არც ის მიიჩნია საჭიროდ, ეცნობებინა ხელისუფლების ორგანოებისათვის, რომ ბელგიაში გაემგზავრა. აქედან გამომდინარე, სოციალური სამსახურების შეტყობინება შეხვედრის დანიშვნაზე, მართალია, დაგვიანებით მოვიდა, მაგრამ სრულიად უშედეგოდ.
225. სასამართლო ვერ დაარწმუნა მთავრობის განმარტებამ არასრულწლოვანთა სასამართლოს გადაწყვეტილების განხორციელების დაყოვნებაზე (სოციალურ სამსახურებს სჭირდებოდათ კონცენტრირება პირველ განმცხადებელთან შეხვედრის მოსამზადებლად). თუმცა იგი მიიჩნევს, რომ მეორე განმცხადებელს არ წარმოუდგენია დამაჯერებელი განმარტება, რატომ არ იმოქმედა ვადის ამოწურვის შემდეგ ან რატომ არ შეატყობინა შესაბამის ორგანოებს, რომ ბელგიაში მიემგზავრებოდა.
226. სასამართლოს აზრით, მეორე განმცხადებლის ქცევით არ დგინდება შვილიშვილების ნახვის სურვილი - ფაქტორი, რომელიც ამართლებს ხელისუფლების ორგანოების დაყოვნებას.
227. ზემოთ მოყვანილი მსჯელობის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ მეორე განმცხადებლის მიმართ არ დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი.
[1] მთარგმნელის შენიშვნა: „ილ ფორტეტო“ - ფერმერთა კოოპერატივი იტალიაში. იგი შეიქმნა როგორც თემი, ტრადიციული ოჯახის ალტერნატივა, სადაც ადამიანები ერთად ცხოვრობენ, ეწევიან სოფლის მეურნეობას და აქტიურად არიან ჩართულნი სოციალურ აქტივობებში, როგორიცაა რეკრეაციულ-სარეაბილიტაციო ღონისძიებები ბავშვებისათვის, დასაქმება სკოლის დამთავრების შემდეგ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერა. თემი იღებდა სამზრუნველოდ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს, ასევე ბავშვებს, რომელთა მშობლებს მშობლობის უფლება ჩამოართვეს. ამავე დროს, ეს თემი არის რძის პროდუქტების, ზეთისხილისა და ზეითუნის ზეთის, ბოსტნეულის თუ დეკორატიული მცენარეების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი იტალიაში.
Full & Egal Universal Law Academy