დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე
1998 წლის აპრილი
სელჩუკი და ასკერი თურქეთის წინააღმდეგ (Selçuk and Asker v. Turkey)
(საჩივარი- 23184/94 და 13185/94)
გადაწყვეტილება, 24 აპრილი, 1998
მე-3 მუხლი
დამამცირებელი მოპყრობა
არაადამიანური მოპყრობა
სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში უსაფრთხოების ძალების მიერ მომჩივანთა სახლების დაწვა: დარღვევა
ფაქტები – წინამდებარე საქმეზე მომჩივნები არიან ქ-ნი კეჟე სელჩუკი, დაბადებული 1939 წელს და ბ-ნი ისმეტ ასკერი, დაბადებული 1933 წელს. ორივე მომჩივანი, რომლებიც ქურთული წარმოშობის მქონე თურქეთის მოქალაქეები არიან, 1993 წლამდე ცხოვრობდნენ ისლამკოიში, თუმცა შემდეგ საცხოვრებლად დიარბაკირში გადავიდნენ. ისლამკოი კულპის რაიონის მთიან რეგიონშია განლაგებული, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით დიარბაკირის პროვინციაში, სადაც საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული უსაფრთხოების ძალებსა და ქურთების მუშათა პარტიას შორის არსებული დაპირისპირების გამო. ისლამკოი იმ გზის მახლობლად იყო, რომელსაც იყენებდა ქურთების მუშათა პარტია.
მომჩივნები დავობდნენ, რომ 1993 წლის 16 ივნისს უსაფრთხოების ძალების ჯარისკაცებმა განზრახ დაწვეს მათი სახლები და ათი დღეს შემდეგ კვლავ დაბრუნდნენ სოფელში, რათა დაეწვათ ქარხანა, რომლის წილსაც ფლობდა ქ-ნი სელჩუკი. აპლიკანტების განცხადებით, რამდენიმე თვით ადრე, უსაფრთხოების ძალებმა სოფლის მაცხოვრებლები გააფრთხილეს, თუ ისინი არ დატოვებდნენ სოფელს, მათ სახლებს გაანადგურებდნენ, რადგან მათ იყენებდა ქურთების მუშათა პარტია. მიუხედავად ამისა, მაცხოვრებლები დაუბრუნდნენ სოფელს, რადგან ჯეროდათ, რომ საფრთხემ ჩაიარა. მიუხედავად ამისა, მომჩივნების განცხადებით, 1993 წლის 16 ივნისის დილით ისლამკოიში შევიდა ჯარისკაცების დიდი რაოდენობა, რომლებიც პირველად ბ-ნი ასკერისა და ქ-ნი ასკერის სახლში შეიჭრნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელები სახლში იყვნენ და ცდილობდნენ საკუთარი ავეჯისა და ნივთების გადარჩენას, ჯარისკაცებმა სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ბ-ნი ასკერის მტკიცებით, მას და მის მეუღლეს სახლის უკანა კარიდან გაქცევა რომ ვერ მოეხერხებინათ, ისინი გაიგუდებოდნენ. სოფლის მაცხოვრებლები, რომლებიც ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას, ჯარისკაცებმა გააკავეს. სახლი, ბეღელი, ბ-ნი ასკერის მთელი ქონება, რაც ასევე მოიცავდა საჭმლის მარაგსა და ალვის ხეებს, განადგურდა. უსაფრთხოების ძალები შემდეგ შეიჭრნენ ქ-ნი სელჩუკის სახლში. მათ სახლიდან გამოაძევეს ის და მეზობლის ბავშვები, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ და სახლს ცეცხლი წაუკიდეს. თანასოფლელებს კიდევ ერთხელ შეუშალეს ხელი დახმარებაში. ის ღამე მომჩივანი მეზობელთან დარჩა, მეორე დღეს კი საცხოვრებლად ქალიშვილთან გადავიდა დიარბაკირში. დაახლოებით ათი დღის შემდეგ, ჯარისკაცები დაბრუნდნენ სოფელში და დაწვეს ქარხანა, რომლის ერთ-ერთი მესაკუთრე ქ-ნი სელჩუკი იყო. კიდევ სამ სახლს გაუჩინეს ცეცხლი, რომლიდანაც ორი განადგურდა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივნები, სხვა უფლებების დარღვევასთან ერთად, ასაჩივრებდნენ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. მთავრობამ უარყო ზემოთ ხსენებულ სოფელში ოპერაციის განხორციელება და განაცხადა, რომ სახლები ქურთების მუშათა პარტიამ გადაწვა, შესაბამისად, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
სამართალი- კონვენციის მე-3 მუხლი უზრუნველყოფს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას. ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი, როგორიცაა ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, კონვენცია აბსოლუტურად კრძალავს წამებას ან არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. კონვენცია არ ითვალისწინებს ამ მუხლიდან გადახვევას. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ არასათანადო მოპყრობამ უნდა მიაღწიოს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს, რათა ის მოხვდეს კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში. სისასტიკის მინიმალური ზღვარის შეფასება ფარდობითია, ის დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, მათ შორის მოპყრობის ხანგრძლივობაზე, მის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შედეგებზე, ზოგიერთ შემთხვევებში, მსხვერპლის სქესზე, ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
მოცემულ საქმესთან მიმართებით სასამართლომ აღნიშნა, რომ განვითარებული მოვლენების დროს მომჩივნები იყვნენ 54 და 60 წლის და სოფელ ისლამკოიში ცხოვრობდნენ. უსაფრთხოების ძალებმა გაანადგურებს მათი სახლი და ქონება, ჩამოართვეს საარსებო საშუალებები და აიძულეს დაეტოვებინათ სოფელი. როგორც ჩანს, მათი ქმედებები წინასწარგანზრახული იყო და შეურაცხყოფდა მომჩივნების განცდებს. აპლიკანტები მოუმზადებლები იყვნენ; ისინი იძულებულები გახდნენ გვერდზე გამდგარიყვნენ და ეყურებინათ, როგორ იწვოდა მათი სახლი; არაადეკვატური ზომები იქნა მიღებული ბ-ნი და ქ-ნი ასკერის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ქ-ნი სელჩუკის საჩივრები ყურადღების მიღმა დარჩა და მოვლენათა განვითარების შემდგომ მომჩივნებს დახმარება არ გაეწით. ევროპულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო მომჩივანთა პირადი გარემოებები და ასევე ის ფორმა თუ როგორ გაანადგურეს მათი სახლები და მიიჩნია, რომ ისინი განიცდიდნენ ისეთ ტანჯვას, რაც საკმარისი იყო, რათა უსაფრთხოების ძალების ქმედებებს მიეღწია მე-3 მუხლის მიზნებისათვის დადგენილ სისასტიკის მინიმალურ ზღვარს და შესაბამისად, ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, გასაჩივრებული ქმედებები მომჩივნებისთვის ზიანის მიყენების განზრახვის გარეშეც რომ განხორციელებულიყო, იმ მიზნით რომ თავიდან აერიდებინათ მათი სახლის გამოყენება ტერორისტების მიერ, ეს ვერ გაამართლებდა არასათანადო მოპყრობას. საბოლოოდ, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ წინამდებარე საქმეზე დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი.
დასკვნა: დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy