Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N189
2015 წლის ოქტომბერი
შერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Sher and Others v. the United Kingdom)
(საჩივარი- N5201/11)
გადაწყვეტილება, 20 ოქტომბერი, 2015 [მე-4 სექცია]
მე-5 მუხლი
მე-5 მუხლის მე-4 ნაწილი
მე-8 მუხლი
ფაქტები: მომჩივნები, პაკისტანის მოქალაქეები, ანტი-ტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დააპატიმრეს და 13 დღის განმავლობაში დაკავებულები იყვნენ. მათი სახლები გაიჩხრიკა შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, რომელიც შეიცავდა ნივთების, კორესპოდენციის, წიგნებისა და ელექტრონული აღჭურვილობის მოცულობით სიას. საბოლოოდ, ისინი გაათავისუფლეს ყოველგვარი ბრალდების გარეშე.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მომჩივნები, სხვა საკითხებთან ერთად, დავობდნენ, რომ მათი პატიმრობის ვადის გაგრძელების მოთხოვნის განხილვის დროს, უარი ეთქვათ შეჯიბრებით სასამართლო პროცესზე. გარდა ამისა, კონვენციის მე-8 მუხლზე დაყრდნობით, ისინი აცხადებდნენ, რომ მათი სახლის ჩხრეკის ნებართვა არაგონივრულად ფართო მოცულობის იყო.
სამართალი: მე-5 მუხლის მე-4 ნაწილი: სასამართლოს კიდევ ერთხელ დასჭირდა ბალანსის დადგენა ტერორიზმთან ბრძოლასა და ტერორისტულ აქტებში ეჭვმიტანილი პირების კონვენციით გათვალისწინებული უფლებების პატივისცემას შორის. სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ საქმეში, ხელისუფლებას ეჭვი ჰქონდა გარდაუვალ ტერორისტულ თავდასხმაზე და მის ჩასაშლელად ჩაატარეს განსაკუთრებით კომპლექსური გამოძიება.
სასამართლომ გაიმეორა, რომ ტერორიზმი განეკუთვნება სპეციალურ კატეგორიას და კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილი არ გამორიცხავს დახურულ სხდომაზე საქმის განხილვას. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გაამჟღავნოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც დაკავებულს შესაძლებლობას მისცემს, გაიგოს მის მიმართ არსებული ბრალდებების არსი და ჰქონდეს საშუალება უარყოს ისინი, აგრეთვე ეფექტური მონაწილეობა მიიღოს იმ სამართალწარმოებებში, რომელიც მისი პატიმრობის გაგრძელებას ეხება.
მომჩივნების საქმეში, სასამართლომ დაადასტურა, რომ გარდაუვალი ტერორისტული თავდასხმის მუქარა ამართლებდა კონვენციის 5.4 მუხლით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას. მომჩივნებს და მათ იურიდიულ მრჩევლებს განემარტათ ის მიზეზები, რის გამოც ხდებოდა მათთვის კონკრეტული ინფორმაციის დაფარვა.
მე-8 მუხლი: სასამართლომ განიხილა, მომჩივანთა სახლების ჩხრეკა იყო თუ არა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. სასამართლომ განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩხრეკის დროს ამოსაღები ნივთების სია განსხვავდება ყოველ კონკრეტულ საქმეზე სადავო ბრალდების ბუნების გათვალისწინებით. მომჩივნების მსგავსი საქმეები, რომელიც დაკავშირებულია ფართომასშტაბიან ტერორისტულ აქტთან, გარკვეულ გამოწვევებთან ასოცირდება, ვინაიდან, მართალია შესაძლოა არსებობდეს საკმარისი მტკიცებულებები გონივრული ეჭვისთვის, რომ თავდასხმა მზადდება, თუმცა თავდასხმის სავარაუდო ბუნებისა და სამიზნის შესახებ ინფორმაციის არცოდნა ართულებს მდგომარეობას. მსგავსი საქმეების კომპლექსურობა ამართლებს ჩხრეკას უფრო ფართო მასშტაბით, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა დაშვებული. ბევრი ეჭვნიტანილი და კოდირებული ენა სირთულეს ქმნიდა, მეორე მხრივ კი ვერ იქნებოდა უგულვებელყოფილი მდგომარეობის სიმწვავე. კონვენციის მე-8 მუხლის მიხედვით იმ მოთხოვნის დაწესება, რომ ჩხრეკის ნებართვაში იდენტიფიცირებული იყოს ამოსაღები ნივთების ზუსტი ბუნება სერიოზულად შეაფერხებდა გამოძიების ეფექტურობას, როდესაც საფრთხის ქვეშ იდგა არაერთი ადამიანის სიცოცხლე. მსგავს საქმეებში, პოლიციას უნდა მიეცეს მოქნილი შეფასების შესაძლებლობა, რათა ჩხრეკის მიმდინარეობის დროს განსაზღვროს, თუ რომელი ნივთი შეიძლება იყოს დაკავშირებული ტერორისტულ საქმიანობასთან.
შესაბამისად, ჩრეკის ნებართვა ვერ მიიჩნევა გადაჭარბებულად ფართო მოცულობის მქონედ. მომჩივანთა პირადი ცხოვრებისა და საცხოვრისის დაცულობის უფლებაში ჩარევა აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა (ერთხმად).
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy