Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
შიმოვოლოსი რუსეთის წინააღმდეგ (Shimovolos v. Russia) – 30194/09
გადაწყვეტილება, 21.06.2011 [1-ლი სექცია]
მე-5 მუხლი
მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი
ადამიანის უფლებათა აქტივისტის 45-წუთიანი დაკავება იმ მიზნით, რომ მისთვის ხელი შეეშალათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან სისხლის სამართლის დანაშაულის განხორციელებისგან- დარღვევა დადგინდა
ფაქტები: 2007 წლის მაისში დაინიშნა ევროკავშირი-რუსეთის სამიტი სამარაში (რუსეთში). დაახლოებით იმავდროულად მომჩივნის, როგორც ადამიანის უფლებათა აქტივისტის, სახელი დარეგისტრირდა ე.წ. ,,სათვალთვალო მონაცემთა ბაზაში’’. ადგილობრივ ხელისუფლებას ეცნობა, რომ სამიტის დროს იგეგმებოდა საპროტესტო აქციები და საჭირო იყო ორგანიზაციის ყველა წევრს შეეწყვიტა მსგავსი საპროტესტო აქციების დაგეგმვა, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული უკანონო და ექსტრემისტული ქმედებები. მათ ასევე ეცნობათ, რომ მომჩივანი სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე სამარაში მოდიოდა მატარებლით და მას შესაძლოა თან ჰქონოდა ექსტრემისტული ლიტერატურა. როდესაც მომჩივანი სამარაში ჩავიდა, ის გააჩერა პოლიციამ და ძალის გამოყენების მუქარით მიაცილა პოლიციის განყოფილებამდე დაახლოებით 13 საათსა და 15 წუთზე. პოლიციის განყოფილებაში ოფიცრებმა შეადგინეს ოქმი, გამოიყენეს სტანდარტული შაბლონი, რომელსაც ერქვა ,,ოქმი იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა’’. თუმცა, მათ ოქმიდან ამოჭრეს სიტყვები ,,რომელმაც ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა’’. მომჩივანი დაახლოებით 45 წუთის შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიციის ოფიცერმა, რომელმაც მომჩივანი განყოფილებაში მიიყვანა, მოგვიანებით განაცხადა, რომ ის ამგვარად მოიქცა, რათა მომჩივნისთვის ხელი შეეშალა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან სისხლის სამართლის დანაშაულის განხორციელებაში.
სამართალი: მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი: მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნის დაკავება მცირეხნიანი იყო და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის განყოფილებაში მიყვანას თან ახლდა იძულება, სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ მომჩივანს აღეკვეთა თავისუფლება. მომჩივანი არ იყო დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი, არამედ, როგორც მთავრობამ განაცხადა, ის დაკავებული იქნა იმ მიზნით, რომ აღეკვეთათ მისი მხრიდან ,,ექსტრემისტული ბუნების დანაშაულის’’ ჩადენა. თუმცა, არ ყოფილა ნახსენები კონკრეტული დანაშაული, რომლის განხორციელებაშიც მომჩივანს ხელი შეუშალეს და ბუნდოვანი მითითება ,,ექსტრემისტული ბუნების დანაშაულზე’’ არ იყო საკმარისად კონკრეტული, რათა დაეკმაყოფილებინა მე-5 მუხლის მოთხოვნები. მომჩივნის წინააღმდეგ ერთადერთი კონკრეტული ეჭვი იყო ის, რომ მას შეიძლება თან ჰქონოდა ექსტრემისტული ლიტერატურა, თუმცა ეს ეჭვიც გაქარწყლდა, ვინაიდან სამარაში ჩასვლის დროს მას ბარგი თან არ ჰქონდა. მომჩივანი დააკავეს მხოლოდ იმის გამო, რომ მისი სახელი იყო ,,სათვალთვალო პირთა მონაცემთა ბაზაში’’, ხოლო მისი ამ ბაზაში დარეგისტრირების ერთადერთი მიზეზი კი იყო ის ფაქტი, რომ მომჩივანი ადამიანის უფლებათა აქტივისტი იყო. სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის წევრობა ვერცერთ შემთვევაში ვერ იქნება საკმარისი საფუძველი პირის დაკავების გამართლებისა. დასკვნის სახით, მომჩივნის დაკავება გონივრულად ვერ მიიჩნევა, რომ აუცილებელი იყო მისი მხრიდან დანაშაულის განხორციელების აღსაკვეთად, კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში.
Full & Egal Universal Law Academy