Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
შუბითიძე საქართველოს წინააღმდეგ
Shubitidze v Georgia
საჩივარი N 43854/12
12 ივნისი 2021
ფაქტები
მოცემულ საქმეში მომჩივანი დავობდა, რომ მას 2011 წელს ნარკოტიკული საშუალება (მარიხუანა) პოლიციელებმა ჩაუდეს. მომჩივანი პოლიციელებმა დააკავეს 2011 წლის 26 ივნისს ეჭვის საფუძველზე, რომ იგი იყო ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მომჩივანი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ ტესტირების მომენტში არ იყო, თუმცა მის შარდში აღმოჩნდა კანაბისის კვალი. შემდგომ, პოლიციელებმა მომჩივანს „ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე,“ რომ თითქოს მას უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, სასამართლოს განჩინების გარეშე, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის პროცესს მოწმეები არ დასწრებიან. ჩხრეკის ოქმიდან ირკვევა, რომ მომჩივნის ფეხსაცმლიდან ამოიღეს ორი პაკეტი, რომელშიც მწვანე ფერის ნივთიერება იყო მოთავსებული. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ნივთიერება იყო 8 გრამი მარიხუანა. კაკო შუბითიძეს სასამართლომ 3 წლიანი თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა. ასევე, 5 წლით შეეზღუდა მანქანის მართვის უფლება და სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება.
სამართალი
კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევა
26. კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პარაგრაფზე დაყრდნობით მომჩივანი დავობდა, რომ მის მიმართ ჩატარებული ჩხრეკა იყო უკანონო, რომელსაც არ ესწრებოდნენ ოქმის შედგენის მოწმეები და სინამდვილეში მას ჩხრეკის დროს აღმოჩენილი ნარკოტიკი ჩაუდეს. ამასთან დაკავშირებით, იგი ამტიცებდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს არგუმენტები სადავო მტკიცებულებების სანდოობასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, რის გამოც მისი სასამართლო პროცესი იყო უსამართლო.
სასამართლოს შეფასება
ა) ზოგადი პრინციპები
30. შესაბამისი ზოგადი პრინციპები შეჯამებულია საქმეებში Bykov v. Russia ([GC] no. 4378/02, §§ 88-90, 10 March 2009) და Kobiashvili v. Georgia (no. 36416/06, §§ 56-58, 14 March 2019).
ბ) ზემოხსენებული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
31. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკვე შეისწავლა საქმეები ჩხრეკის სავარაუდო უკანანობასთან დაკავშირებით, რომლებიც ჩატარდა წინასწარი სასამართლო ბრძანების გარეშე და ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების არასანდოობის შესახებ, და დაადგინა, რომ მომჩივნების წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულების მოპოვების წესი ეჭვს ბადებდა მის სანდოობასა და სიზუსტეში (იხ. Kobiashvili, ციტირებული ზემოთ, §§ 59-73, და Megrelishvili v. Georgia [კომიტეტი], no. 30364/09, §§ 32-39, 7 May 2020). სტრასბურგის სასამართლომ ამ მტკიცებულების მნიშვნელობიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ მომჩივნის პირადი ჩხრეკის დროს პროცედურული დარღვევები; არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებები ჩხრეკის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით; არასაკმარისი სასამართლო განხილვა როგორც სასამართლო პროცესამდე ასევე მისი მიმდინარეობისას, მათ შორის ეროვნული სასამართლოების მარცხი საკმარისად შეესწავლათ მომჩივნის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკანონო საგნები მათ არ ეკუთვნოდათ; და მტკიცებულებების სისუსტემ მომჩივნის სასამართლო პროცესები მთლიანობაში გახადა უკანონო (იხ. Kobiashvili, § 73, და Megrelishvili, § 39, ორივე ციტირებული ზემოთ).
32. მიუხედავად იმისა, რომ მოცემული საქმის გარემოებები გარკვეულწილად განსხვავებულია, სტრასბურგის სასამართლოს ანალიზისთვის გადამწყვეტი ელემენტები იგივე რჩება.
33. კერძოდ, მომჩივნის დაკავება და ჩხრეკა განხორციელდა სასამართლო ბრძანების გარეშე. მომჩივანი დააკავეს იმ ვარაუდის გამო, რომ იგი იმყოფებოდა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. რაც შეეხება მის პირად ჩხრეკას, ზუსტი საფუძვლები გაურკვეველი რჩება: საგამოძიებო ეტაპთან დაკავშირებული დოკუმენტები ეხება „არსებულ ინფორმაციას“; ევროპული სასამართლოს წინაშე მთავრობის წარდგინებაში აღნიშნულია ოპერატიული ინფორმაციის არსებობა (იგულისხმება ინფორმაცია წყაროდან, რომლის ვინაობის გამჟღავნებაც შეუძლებელია) იმის შესახებ, რომ მომჩივანი იყო ნარკოტიკების მომხმარებელი და მას თან უნდა ჰქონოდა უკანონო ნივთიერება, ასევე ნარკოლოგიური შემოწმების შედეგები აჩვენებს, რომ მომჩივანმა წარსულში მოიხმარა კანაფი. თუმცა, სასამართლო საქმისწარმოების დროს, ნახსენები არ ყოფილა ოპერატიული ინფორმაცია.
34. გარდა ამისა, პირადი ჩხრეკის ფაქტობრივი გარემოებები სადავო იყო მთელი საქმისწარმოების განმავლობაში. სტრასბურგის სასამართლო ითვალისწინებს მთავრობის მოსაზრებას, რომ მომჩივანს ეროვნულ დონეზე არ გაუსაჩივრებია კონკრეტულად ის ფაქტი, რომ მის პირად ჩხრეკას არ ესწრებოდნენ მოწმეები; ამის მიუხედავად, იგი გვერდს ვერ აუვლის იმ ფაქტს, რომ შესაბამის ანგარიშში ჩანს, რომ ჩხრეკა ნებისმიერ შემთხვევაში ტარდებოდა იმ შემთხვევებში, როდესაც საგამოძიებო ორგანოებს ათავისუფლებდნენ მოწმეთა დასწრების ვალდებულებისგან. ასეთ გარემოებებში, ეროვნული სასამართლოებისათვის მით უფრო მნიშვნელოვანი იყო პირადი ჩხრეკის ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, მომჩივნის ბრალდებებისა და არგუმენტების საპასუხოდ, რომელთა საფუძველზეც მას ეჭვი შეჰქონდა მის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულების დასაშვებობაში. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ როდესაც სადავოა მტკიცებულების სანდოობა, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მტკიცებულების დასაშვებობის შესასწავლად სამართლიანი საქმისწარმოების არსებობა (იხ. Bykov, ციტირებული ზემოთ, § 95).
35. ამის საპირისპიროდ, ეროვნულმა სასამართლოებმა განიხილეს დაკავების და პირადი ჩხრეკის და მის შედეგად აღმოჩენილი ნარკოტიკების შესახებ დასკვნის კანონიერება. კერძოდ, ჩხრეკის შემდგომი სასამართლო განხილვა განხორციელდა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე და არ ჩანს, რომ ჩხრეკის გარემოებები საერთოდ შეფასდა ამ სამართალწარმოების ფარგლებში. ნებისმიერ შემთხვევაში, ევროპულმა სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ ასეთი განხილვები არ არის ადეკვატური და საკმარისი მტკიცებულების ნამდვილობისა და სანდოობის გასაჩივრების მიზნით (იხ. Kobiashvili, §§ 67-69, და Megrelishvili, § 35, ორივე იხ. ზევით).
36. რაც შეეხება მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმისწარმოებას, მტკიცებულებათა დაუშვებლობა, მათ შორის, პირადი ჩხრეკის ოქმი, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ მომჩივანს სადავო არ გაუხდია მისთვის სავარაუდოდ ჩამორთმეულ მასალაზე (პაკეტზე) არსებული ბეჭდის ნამდვილობა. სასამართლოს მხრიდან ასეთმა ფორმალურმა მიდგომამ, პირადი ჩხრეკის პროცედურის და საბოლოო ანგარიშის შესახებ მომჩივნის საჩივარი დატოვა არსებითად განუხილველად. ამ კონტექსტში, მომჩივნის მარცხი (ეროვნულ დონეზე სადავო გაეხადა, რომ მისი დაკავება დაკავშირებული იყო მის სავარაუდო პოლიტიკურ აქტივობასთან), მთავრობის განცხადებების საწინააღმდეგოდ, ვერ იქნება იმ ფაქტის საპირწონე, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა საერთოდ არ განიხილეს მისი არგუმენტების მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორიცაა მისი დაპატიმრებისა და ჩხრეკის კანონიერება, პირადი ჩხრეკის გარემოებები, ჩხრეკის ოქმის სადავო დასაშვებობა, განცხადებები იმის შესახებ რომ ნარკოტიკები არ ეკუთვნოდა მომჩივანს, და რომ არანაირი მტკიცებულება გარდა სადავო ოქმისა არ ყოფილა საკმარისი რათა იგი დამნაშავედ ეცნოთ ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შეძენასა და შენახვისათვის.
37. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ პირადი ჩხრეკის ჩატარების გარემოებები ეჭვს ბადებდა მის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების სანდოობაში და რომ მომჩივანს არ მიეცა ეფექტური შესაძლებლობა გაესაჩივრებინა ეს გარემოებები და შეწინააღმდეგებოდა სადავო მტკიცებულების გამოყენებას.
38. დასაზუსტებელია, დადასტურდა თუ არა ჩხრეკის შედეგად მიღებული ფიზიკური მტკიცებულება სხვა წყაროსგან მიღებული მტკიცებულებებით. კერძოდ, რაც შეეხება ოფიცერი ი.ხ.-ს მიერ გაკეთებულ განცხადებას, ეს უკანასკნელი საქმისწარმოების დასაწყისშივე მომჩივნის წინააღმდეგი იყო და დაინტერესებული იყო სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგით, განსაკუთრებით, მომჩივნის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკი მას ჩაუდეს. გარდა ამისა, სადავო ოფიცერი მონაწილეობას იღებდა მხოლოდ მომჩივნის დაკავებაში, მას არც განუხორციელებია და არც დასწრებია მის პირად ჩხრეკას და ვერც იმას ადასტურებდა თუ ვინ განახორციელა აღნიშნული. რაც შეეხება ექსპერტების დასკვნას, მათ დაადასტურეს, რომ მომჩივნის ბიოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით, მას წარსულში მოხმარებული ჰქონდა ნარკოტიკი. მომჩივნის წინააღმდეგ წარსულში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან სისხლის სამართლის დანაშაულის არარსებობის გამო, მხოლოდ კანაფის მოხმარება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული და არა სისხლის სამართლის დანაშაული. მომჩივანმა, ეს უკანასკნელი არგუმენტი წარადგინა სააპელაციო სასამართლოს წინაშე, თუმცა სასამართლოს იგი არ გაუთვალისწინებია. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში არსებული არცერთი სხვა მტკიცებულება (სადავო პირადი ჩხრეკის შესახებ დასკვნის არარსებობის გამო) არ იყო თავისმხრივ საკმარისად მძლავრი (შედარებისთვის, Bykov, ციტირებული ზემოთ, § 98).
39. ზემოაღნიშნული მოსაზრებები საკმარისია იმისათვის, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინოს, რომ მომჩივანს არ ჰქონია სამართლიანი სასამართლო განხილვა.
შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი.
კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
40. მომჩივანი დავობდა, რომ ჩხრეკის ღონისძიება განხორციელდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევით, და რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ დაადგინეს საჭირო ბალანსი მის უფლებებსა და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის.
41. მთავრობამ განაცხადა, რომ კონვენციის მე-8 მუხლი არ დარღვეულა.
42. სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანმა, ეროვნული საქმისწარმოების კონტექსტში, სადავო არ გახადა, რომ ჩხრეკის ღონისძიებით დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული მისი უფლებები; შედეგად, ეროვნულ სასამართლოებს და შემდგომში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ მიეცა შესაძლებლობა სათანადოდ შეესწავლათ წინამდებარე საჩივარი (იხ. Tlashadze and Kakashvili v. Georgia [კომიტეტი], no. 41674/10, § 56, 25 მარტი 2021). ასეთ გარემოებებში, კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელია და საჩივრის ეს ნაწილი არ უნდა დაკმაყოფილდეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (ა) პარაგრაფის და მე-4 მუხლის საფუძველზე.
კონვენციის 41- მუხლის გამოყენება
44. მომჩივანი ითხოვდა 5,000 ევროს (EUR) მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის.
45. მთავრობამ მოთხოვნილი თანხა გადაჭარბებულად მიიჩნია.
46. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, მომჩივანს მიანიჭა 3,600 ევრო (EUR) მორალური ზიანისთვის, დამატებით ნებისმიერი გადასახადი რომელიც შეიძლება დაეკისროს მომჩივანს.
აქედან გამომდინარე სასამართლო ერთხმად
აცხადებს, რომ საჩივარი დასაშვებია მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის შესაბამისად, ხოლო საჩივრის დარჩენილი ნაწილი დაუშვებელია;ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი;მოპასუხე სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, მომჩივანს გადაუხადოს 3,600 ევრო (EUR) მორალური ზიანისთვის.