ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უდანაშაულობის პრეზუმპციასთან დაკავშირებით.
პროკურატურის საჯარო განცხადებები და პრესრელიზები: დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
საქმე „შუვალოვი ესტონეთის წინააღმდეგ“
CASE OF SHUVALOV v. ESTONIA
განაცხადები N39820/08 და 14942/09
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2012 წლის 19 მაისი
ფაქტობრივი გარემოებები
განმცხადებელი, არდი შუვალოვი, ესტონეთის მოქალაქე, დაიბადა 1964 წელს და ცხოვრობს ტალინში (ესტონეთში). 2006 წელს განიხილავდა სისხლის სამართლის საქმეს, როგორც მოსამართლე, რომელშიც ჩარეული იყო რამდენიმე ბიზნესმენი. მას ბრალი დაედო დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნაში იმის სანაცვლოდ, რომ გამოიტანდა გადაწყვეტილებას ერთ-ერთი ბრალდებულის სასარგებლოდ. მოსამართლის წინააღმდეგ სისხლის სამართალწარმოების დაწყების შემდეგ, მომდევნო დღეებსა და თვეებში, პროკურატურა აქვეყნებდა პრესრელიზებსა და დიდი რაოდენობით საჯარო განცხადებებს გაზეთებსა თუ ტელევიზიაში. 2008 წლის იანვარში ბ-ნი შუვალოვი დამნაშავედ ცნეს ქრთამის აღების მცდელობაში და მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა სამნახევარი წლით. ამასობაში, მან წამოიწყო სამართალწარმოება პროკურატურის წინააღმდეგ. უფრო ზუსტად, იგი ითხოვდა კომპენსაციას უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის გამო, რაც განპირობებული იყო პროკურატურის საჯარო განცხადებებით მის წინააღმდეგ სისხლის სამართალწარმოების პროცესში. სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს ბ-ნ შუვალოვის სარჩელი, რადგან დაადგინეს, რომ პროკურატურის პრესრელიზები ემსახურებოდა გამოძიებისათვის შესაძლო ზიანის არიდებას, ხოლო პროკურატურის განცხადებებში არაფერი იყო იმაზე მეტი, რაც ობიექტურად აუცილებელი გახლდათ საზოგადოების ინფორმირებისათვის განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეზე.
სამართალი
კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების სავარაუდო დარღვევა
57. განმცხადებელი ჩიოდა, რომ პროკურატურის განცხადებებითა და პროკურორის პრესისთვის მიცემული კომენტარებით (იხ. მე-18, 20-24-ე, 30-ე, 32-ე, 34-ე და 35-ე მუხლები) დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია. იგი მიიჩნევდა, რომ ამ განცხადებებმა სისხლის სამართალწარმოება არასამართლიანი გახადა. იგი დაეყრდნო კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებს, სადაც ნათქვამია:
„1. ... ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს ... სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება ... სასამართლოს მიერ ...
2. პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად“.
2. საქმის არსებითი გარემოებები
75. სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია, გათვალისწინებული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით, არის სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი ელემენტი, რომელსაც მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ითვალისწინებს. იგი დაირღვევა, თუ საჯარო მოხელის სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებულთან დაკავშირებული განცხადება შეიცავს მოსაზრებას მისი ბრალეულობის შესახებ, სანამ ეს კანონის შესაბამისად დამტკიცდება. თუნდაც არ არსებობდეს რაიმე ფორმალური დასკვნა, საკმარისია მხოლოდ მცირეოდენი მიზეზიც კი იმის სავარაუდოდ, რომ მოხელე ბრალდებულს დამნაშავედ იხსენიებს (იხ. mutatis mutandis, ალენეტ დე რიბემონტი საფრანგეთის წინააღმდეგ, 1995 წლის 10 თებერვალი, § 35, სერია A, N308 და მინელი შვეიცარიის წინააღმდეგ, 1983 წლის 25 მარტი, § 37, სერია A, N62). სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა საჯარო მოხელეთა მხრიდან თავიანთ განცხადებებში სიტყვების შერჩევის მნიშვნელობა მანამ, სანამ პირს გაასამართლებენ და დაადგენენ მის ბრალეულობას დანაშაულში (იხ. დაკტარასი ლიტვის წინააღმდეგ N42095/98, § 41, ECHR 2000‑X). გარდა ამისა, უდანაშაულობის პრეზუმფცია შეიძლება დაარღვიოს არა მარტო მოსამართლემ, არამედ სხვა საჯარო მოხელემაც, მათ შორის, პროკურორმაც (იხ. ალენეტ დე რიბემონტი, § 36, და დაკტარასი, § 42 და კონსტასი საბერძნეთის წინააღმდეგ, N53466/07, § 32, 2011 წლის 24 მაისი). დაირღვა თუ არა უდანაშაულობის პრეზუმფცია საჯარო მოხელის განცხადებით, უნდა დადგინდეს კონკრეტული გარემოებების კონტექსტში, რომელთა პირობებშიც განცხადება გაკეთდა (იხ. დაკტარასი, §43). გასათვალისწინებელია, რომ მოსამართლეთა განცხადებები უფრო კრიტიკულად განიხილება, ვიდრე საგამოძიებო ხელისუფლების ორგანოების, როგორიცაა პოლიცია ან პროკურატურა (იხ. პენდი ბელგიის წინააღმდეგ N13583/02, § 43, 2006 წლის 21 სექტემბერი და კამპანელისი საბერძნეთის წინააღმდეგ N9029/05, § 27, 2007 წლის 21 ივნისი).
76. სასამართლო პირველ რიგში განიხილავს, დაირღვა თუ არა უდანაშაულობის პრეზუმფცია პროკურატურის 2006 წლის 9 აპრილსა და 6 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პრესრელიზებში გამოთქმული განცხადებებით. ამდენად, სასამართლო გაანალიზებს პროკურორის მედიაში გაკეთებულ განცხადებებს.
77. რაც შეეხება 2006 წლის 9 აპრილის პრესრელიზს, სასამართლო შენიშნავს, რომ იქ განმცხადებლის სახელი ნახსენები არ ყოფილა. აღნიშნულია მხოლოდ მოსამართლე ჰარჯუს საოლქო სასამართლოდან. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ელემენტი პრესრელიზში აღინიშნა, როგორც დადასტურებული ფაქტი („ქრთამის აღებაში ეჭვმიტანილმა მოსამართლემ თანხის ნაწილი მიიღო [იგი მომთხოვნი იყო]“), არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა, რომ სადავო ფრაზაში აშკარად ჩანს მინიშნება მხოლოდ ეჭვზე („მოსამართლე, რომელიც ეჭვმიტანილია“) (იხ. მე-18 პუნქტი).
78. 2006 წლის 6 ოქტომბრის პრესრელიზთან დაკავშირებით, სასამართლო აკვირდება, ერთი მხრივ, ფრაზებს, რომლებიც აშკარად ეხება ეჭვებსა და ბრალდებებს. გამოყენებულია შემდეგი ტიპის ფორმულირებები: „[განმცხადებელს] ... ბრალი ედება“, „დადგენილი ფაქტები ... იძლევა [განმცხადებლის] ბრალდების საფუძველს“, „[პოლიციის ოფიცრებმა] დააკავეს [განმცხადებელი] ... ეჭვის საფუძველზე“, „იმ შემთხვევაში, თუ მას მსჯავრს დადებენ“. მეორე მხრივ, ასევე გამოყენებულია ფრაზები, სადაც არავითარი მინიშნება არ არის განმცხადებლის, როგორც დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის სტატუსზე და არც კვალიფიკაცია ეძლევა ამ დანაშაულს: „მოსამართლეს სურდა ფულის მიღება“, „მოსამართლემ მიიღო 200,000 კრონი - ნაღდი ფული“, „[განმცხადებელმა] ... ჩაიდინა [დანაშაული], რომელიც გულისხმობს დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნას“, „[განმცხადებელმა] - მოსამართლემ გამოიყენა თავისი ოფიციალური პოზიცია და დაარღვია სახელმწიფოს უმთავრესი პრინციპი, გამომდინარე კანონის უზენაესობიდან, რომლის თანახმადაც, მართლმსაჯულებას ახორციელებს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და პატიოსანი სასამართლო“ (იხ. 30-ე პუნქტი).
79. ამ კონტექსტში, სასამართლო აღნიშნავს, რომ 2006 წლის 6 ოქტომბრის პრესრელიზში მოცემული ინფორმაცია და მასში გამოყენებული ფორმულირებათა უმეტესობა პირდაპირ ეფუძნებოდა პროკურატურის შედგენილ და სასამართლოში წარდგენილ საბრალდებო დასკვნას (იხ. 27-29-ე პუნქტები), რა თქმა უნდა, პრესრელიზი ემსახურებოდა საზოგადოების ინფორმირებას სასამართლოსადმი წარდგენილი საბრალდებო დასკვნის შესახებ.
80. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ ნიმუშებად მოყვანილი ზოგიერთი წინადადების სიტყვები - განსაკუთრებით თუ მათ დამოუკიდებლად შევაფასებთ, შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც დადგენილი ფაქტი, ისე მიანიშნებს განმცხადებლის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რისთვისაც მას ბრალი დაედო. მიუხედავად ამისა, ეს ფორმულირებები ჩამოყალიბებული და გამონათქვამებით გაჯერებულია ისე, რომ აშკარაა, განმცხადებელს ბრალი ედება დანაშაულში, რომელიც განხილვის საგანია (შდრ. გაფაროვი რუსეთის წინააღმდეგ N25404/09, §§ 212-13, 2010 წლის 21 ოქტომბერი). ამ ინტერპრეტაციას ამყარებს ფაქტი, რომ პრესრელიზი პროკურატურიდან მომდინარეობს, ამდენად ის შესაძლოა გაგებულ იქნეს, როგორც საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების საშუალება იმის შესახებ, რომ პროკურატურას ჰქონდა საკმარისი მასალა განმცხადებლის ბრალდებისათვის და ამჟღავნებდა ზოგიერთ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის დადასტურებაც საჭიროდ მიაჩნდა. სასამართლოს აზრით, პრესრელიზში აშკარად არ აღინიშნებოდა, რომ იგი ეფუძნებოდა საბრალდებო დასკვნას. მიუხედავად ამისა, ცხადი უნდა იყოს, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით - „სახელმწიფო პროკურორმა [ვ-მ] სასამართლოს გაუგზავნა სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც [განმცხადებელს] ... ბრალი ედება დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნაში“, გამოხატავდა პროკურატურის პოზიციას სისხლის სამართალწარმოებაში, რომელიც სასამართლო განხილვას ექვემდებარებოდა. ამდენად, მართალია, პროკურატურის პრესრელიზში გამოყენებული სიტყვები შესაძლებელია, ყოფილიყო უფრო ფრთხილად შერჩეული, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაგრამ სასამართლოს არ შეუძლია დაასკვნას, რომ მთლიანობაში წაკითხული პრესრელიზი, ტოვებდა ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს განმცხადებელი ბრალდებულად ითვლებოდა მანამდე, სანამ ეს კანონის შესაბამისად დადგინდებოდა.
81. რაც შეეხება პროკურორის მიერ პრესისთვის მიცემულ განცხადებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი შემოიფარგლებოდა მოკლე კომენტარით ან მინიშნებით, არა უმეტეს ერთი ან ორი წინადადებით და ბევრს არაფერს ამატებდა პროკურატურის პრესრელიზებში გავრცელებულ ინფორმაციას. ამდენად, 2006 წლის აპრილში გამოქვეყნებულ სტატიებსა და ინტერვიუებში მინიშნება გაკეთდა ეჭვზე, რომ განმცხადებელმა აიღო ქრთამი; სისხლის სამართლის საქმე აღიძრა იმ პირისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ვისაც განმცხადებელმა ქრთამი მოსთხოვა (როგორც ამას აღნიშნული პირი აცხადებდა). იმ ფაქტზე, რომ განხორციელდა დანაშაულის სიმულაცია, პროკურატურას შეგროვებული ჰქონდა საჭირო მტკიცებულებათა უმეტესი ნაწილი და დაცვის პოლიციის მხრიდან პროვოკაცია არ გამოვლენილა. პროკურორის განცხადება 2006 წლის 20 აპრილის გაზეთ „Eesti Ekspress-ში“, რომ განმცხადებელი ითხოვდა ფულს, შეიძლება გავიგოთ, როგორც ქრთამის „მოთხოვნაზე“ ეჭვი. გარდა ამისა, ეს განცხადება გაზეთში არ ყოფილა მოყვანილი, როგორც ციტატა (იხ. 20-24-ე პუნქტები). 2006 წლის 20 ნოემბერს, გაზეთ „Postimees-ში“ გამოქვეყნებული სტატია არსებითად იმეორებდა ინფორმაციას, რაც მანამდე, 2006 წლის 6 ოქტომბერს პრესრელიზით და საბრალდებო დასკვნით გამჟღავნდა, რომელიც პრესრელიზის საფუძველი გახდა. ხოლო პროკურორმა უბრალოდ გამოხატა თავისი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია (იხ. 32-ე პუნქტი). სასამართლო ვერაფერს პოულობს ისეთს პროკურორის განცხადებებსა ან მის მიერ შერჩეულ სიტყვებში, რაც გაუტოლდებოდა განმცხადებლის უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევას. რაც შეეხება 2006 წლის 23 ნოემბრის სტატიას გაზეთ „Eesti Ekspress-ში“, სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, ის ეფუძნებოდა პროკურორისაგან მიღებულ ინფორმაციას, მაგრამ მასში არ ფიგურირებდა პროკურორის დასკვნა, რომ განმცხადებელი ბრალეულია (იხ. 34-ე პუნქტი). „Eesti-ს“ სატელევიზიო არხით 2006 წლის 23 ნოემბერს ნაჩვენებ ინტერვიუში პროკურორმა პირველად ჩამოთვალა ბრალდებები განმცხადებლის წინააღმდეგ, შემდეგ ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს დაასახელა იმ ადამიანის სახელი, ვისაც ქრთამის მიცემა მოსთხოვეს და მოთხოვნილი თანხის ოდენობა. კონტექსტიდან ჩანს, რომ ეს ბოლო ელემენტებიც გამჟღავნდა ბრალდებების საფუძველზე, როგორც ეს მოყვანილია საბრალდებო დასკვნაში (იხ.35-ე პუნქტი).
82. სასამართლომ ასევე განიხილა განმცხადებლის არგუმენტები გესლიან მედიაკამპანიასთან დაკავშირებით, რომელსაც მისი შეხედულებით, პროკურორი ვ. აქეზებდა. სასამართლო აღიარებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გესლიანმა მედიაკამპანიამ შეიძლება საწინააღმდეგოდ იმოქმედოს სასამართლო განხილვის სამართლიანობაზე და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს (იხ. ჯესპერსი ბელგიის წინააღმდეგ N8403/78, კომისიის 1980 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება, განჩინებები და ანგარიშები 22, გვ. 100). ეს უკავშირდება მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ სასამართლოს მიუკერძოებლობას, ასევე მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უდანაშაულობის პრეზუმფციას (იხ. ნინ-ჰანსენი დენმარკის წინააღმდეგ N28972/95, ECHR 1999‑V და ანგუელოვი ბულგარეთის წინააღმდეგ (განჩინება) N45963/99, 2004 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება). მიუხედავად ამისა, იგი არ ფიქრობს, რომ წინამდებარე საქმის მედიაგაშუქება უნდა ჩაითვალოს გესლიან მედიაკამპანიად, რომლის მიზანიც იყო სასამართლო განხილვის სამართლიანობის შებღალვა, ასევე არანაირი მინიშნება არ არსებობს იმაზე, რომ ამ საკითხის გარშემო მედიის ინტერესი პროკურორმა გააღვივა. სასამართლოს აზრით, წინამდებარე საქმის მედიაგაშუქება არ სცდება საზოგადოების ინფორმირების ფარგლებს მოსამართლის წინააღმდეგ ბრალდებებისა და სისხლის სამართალწარმოების შესახებ.
83. ზემოხსენებული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში არ დარღვეულა განმცხადებლის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება.
84. აქედან გამომდინარე, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები არ დარღვეულა.
Full & Egal Universal Law Academy