დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე
სიკიჩი ხორვატიის წინააღმდეგ (Sikic v. Croatia)
(საჩივარი- 9143/08)
გადაწყვეტილება, 15 ივლისი, მაისი, 2010 [1-ლი სექცია]
მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი
უდანაშაულობის პრეზუმფცია
ფაქტები – 2001 წლის 13 ნოემბერს მომჩივანს ბრალი დაედო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. 2011 წლის 11 დეკემბერს პროკურორმა უარი თქვა ბრალდებაზე და განაცხადა, რომ საქმის გარემოებები არ მიუთითებდა მომჩივნის მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებას. შესაბამისად, სასამართლომაც არ დააკმაყოფილა მომჩივნის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება. აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემულია შემდეგი:
,,ბრალდებულ სიკიჩთან მიმართებით,
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 353 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად,
წარდგენილი ბრალდება, იმის შესახებ, რომ მან :
1999 წლის 11 დეკემბრის ღამეს, საგზაო დანაშაულის ადგილის გამოძიების უფროსის მოადგილისა და ვუკოვარის პოლიციის განყოფილების უფროსის თანამდებობების უფლებამოსილების ფარგლებში, მას შემდეგ რაც ეცნობა საგზაო შემთხვევის თაობაზე, რომელიც შეემთხვა პოლიციის ოფიცერ მ.ვ-ს საჭის მართვის დროს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან მისი დახმარებისა და დანაშაულის დაფარვის მიზნით, მან არ დაუშვა შემთხვევის ადგილზე სავალდებულო ინსპექციის ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ ის პირადად მივიდა აღნიშნულ ადგილზე და უბრძანა პოლიციის ოფიცრებს, ს.მ-სა და რ.მ-ს, არ აეღრიცხათ აღნიშნული შემთხვევა შემთხვევათა ნუსხაში. მან თავისი ხელმოწერით დაადასტურა, რომ მორიგეობის პერიოდში რაიმე ინციდენტი არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
......
უარყოფილია
.....
სასამართლო პროცესზე, რომელიც გაიმართა 2001 წლის 11 დეკემბერს, მთავარი პროკურორის მოადგილემ უარყო ბრალდება ... იმ საფუძვლებით, რომ ბრალდებულს არ ჩაუდენია წარდგენილი ბრალდება ან რაიმე სხვა სისხლისსამართლებრივი დანაშაული.’’
2001 წლის 29 ოქტომბერს ვუკოვარის პოლიციის კრიმინალისტმა შეადგინა ოქმი 1999 წლის 11 დეკემბერს განხორციელებულ მოვლენებთან დაკავშირებით. 2001 წლის 30 ოქტომბერს მომჩივანი თანამდებობიდან გათავისუფლდა. იმავე დღეს ვუკოვარ-ვრიემსკას პოლიციის დეპარტამენტმა წარადგინა მოთხოვნა ვუკოვარის პოლიციის განყოფილებაში, მომჩივნის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების თაობაზე. 2001 წლის 11 დეკემბერს მომჩივანმა ვუკოვარ-ვრიემსკას პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს ადვოკატის თანდასწრებით ჩვენება მისცა. მიუხედავად ამისა, მომჩივნის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება არ დაწყებულა. ნაცვლად ამისა, 2002 წლის 7 იანვრის გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა მინისტრმა, პოლიციის მიერ შედგენილი ოქმებისა და მომჩივნის მიერ 2001 წლის 11 დეკემბერს მიცემული ჩვენების წერილობით ჩანაწერზე დაყრდნობით, მომჩივანი სამსახურიდან გაათავისუფლა იმ საფუძვლით, რომ 1999 წლის 11 დეკემბრის საგზაო შემთხვევის დროს ის პოლიციელისთვის დაკისრებული მოვალეობების საწინააღმდეგოდ მოიქცა. მომჩივნის გათავისუფლების შესახებ მინისტრის გადაწყვეტილება ძალაში შევიდოდა 2002 წლის 21 იანვარს. 2002 წლის 18 თებერვალს მომჩივანმა წარადგინა საჩივარი და 2002 წლის 12 სექტემბერს ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 8 იანვრის ახალი გადაწყვეტილებით მომჩივანი კვლავ გათავისუფლდა თანამდებობიდან, 2002 წლის 31 იანვრის თარიღით. დადგინდა, რომ 1999 წლის 11 დეკემბრის ღამეს, საგზაო დანაშაულის ადგილის გამოძიების უფროსის მოადგილისა და ვუკოვარის პოლიციის განყოფილების უფროსის უფლებამოსილების ფარგლებში, პოლიციის მანქანის მიერ გამოწვეულ საგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით მან არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა. შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ, მომჩივანმა აღნიშნულ პროცესში ჩართულ პირებს შემთხვევის ადგილის დატოვება თხოვა, ისე რომ არ გამოაძახებინა შესაბამისი ჯგუფი, რომელიც შეისწავლიდა შემთხვევის ადგილს. უფრო მეტიც, მან ხელი მოაწერა შემთხვევათა რეგისტრაციას და იმ ღამესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საგზაო შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. ამის შემდეგ, მან ორგანიზება გაუწია პოლიციის მანქანის შეკეთებას, ისე რომ ამის ნებართვა არ აუღია. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ:
,, ბ-ნ სიკიჩს, როგორც პოლიციის უფროსს.. ეკისრებოდა ვალდებულება, ზედამხედველობა გაეწია სხვა პოლიციის თანამშრომლების ქმედებების კანონიერებაზე. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში ის ამ მოვალეობის საპირისპიროდ მოიქცა. შესაბამისად, საგზაო შემთხვევის მონაწილე პოლიციელს შესაძლებლობა მისცა, თავიდან აერიდებინა პასუხისმგებლობა, რაც ცხადყოფს, მის მიერ დაკისრებული ვალდებულებების უგულებელყოფას...
გარდა ამისა, მან დაარღვია კანონი, ვინაიდან ის მოიქცა საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონის 176-ე მუხლის საწინააღმდეგოდ. მითითებული მუხლი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე პირებისგან, რომელთა სატრანსპორტო საშუალებებიც სერიოზულად არ დაზიანებულა, გზის გათავისუფლებას მოითხოვს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გზაზე შეუფერხებელი გადაადგილება, აგრეთვე მომხდარის შესახებ მათ უნდა აცნობონ პოლიციის უახლოეს დანაყოფს და დაელოდონ უფლებამოსილი პირების მოსვლას, რომლებიც შემთხვევის ადგილს დაათვალიერებენ.
პოლიციის შესახებ კანონის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ამ მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, წარმოადგენს საპოლიციო ფუნქციების დარღვევას ან უგულებელყოფას.
რაც შეეხება განსახილველ შემთხვევას, ნათლად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, როგორც პოლიციის ოფიცერმა, ვერ უზრუნველყო დაკისრებული მოვალეობების შესრულება იმგვარად, როგორც ეს დადგენილია პოლიციის შესახებ კანონით.
აგრეთვე ცალსახაა, რომ მისმა ქმედებამ გამოიწვია, როგორც არამატერიალური [პოლიციის რეპუტაციის მიმართ], აგრეთვე მატერიალური ზიანი, რაც განაპირობა სამართალწარმოების დაგვიანებამ, საგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ სანქციების არარსებობამ და აგრეთვე პოლიციის მანქანის დაზიანებამ, რომელიც არ იქნა ადეკვატური გზით შეკეთებული.
ზემოხსენებული მატერიალური ზიანი გამოიწვია ბ-ნი სიკიჩის მიერ დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობამ, კერძოდ, მან არ უზრუნველყო პოლიციის მანქანის მძღოლის, მ.ვ-ს წინააღმდეგ, ჯარიმის აღსრულება, რაც გათვალისწინებული იყო საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონით.’’
2003 წლის 14 თებერვალს მომჩივანმა საჩივარი წარადგინა ადმინისტრაციულ სასამართლოში და ის მოითხოვდა გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას. მომჩივანი დავობდა, რომ ირღვეოდა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია, ვინაიდან სისხლისსამართლებრივ სამართალწარმოებაში, რომელიც ეხებოდა იმავე ფაქტობრივ გარემოებებს, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა, მისი ბრალდება არ დადასტურდა. ის დამატებით ამტკიცებდა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ ჩაატარა რაიმე მოკვლევა და არ მისცა მას უფლება, წარმოედგინა ახსნა-განმარტებები, დაეკითხა მოწმეები ან მოეპოვებინა მტკიცებულებები. მომჩივანს ადმინისტრაციული სასამართლოს წინაშე საქმის ზეპირი განხილვა არ მოუთხოვია.
2003 წლის 15 მაისს ადმინისტრაციულმა სასამართლომ ძალაში დატოვა მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება. 2003 წლის 18 აგვისტოს მომჩივანმა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. ის ამტკიცებდა, რომ დაერღვა სამართლიანი სასამართლოსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება. 2007 წლის 13 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის საჩივარი, როგორც დაუსაბუთებელი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ:
,,კონსტიტუციის 28-ე მუხლის თანახმად,
ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
საქმის გარემოებების მიხედვით, მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება, ისევე როგორც ადმინისტრაციული სასამართლოს დასაბუთება, არ ეფუძნება მომჩივნის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულისათვის, არამედ იმ დასკვნას, რომ მომჩივანმა არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, რამაც განაპირობა შესაბამისი რეგულაციების დარღვევა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული ფუნქციების უგულებელყოფა.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად სისხლისსამართლებრივ სამართალწარმოებაში მომჩივნის გამართლებისა, მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლება, პოლიციის შესახებ კანონის 123-ე მუხლის შესაბამისად, არ წარმოადგენს კონსტიტუციის 28-ე მუხლის დარღვევას’’.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პარაგრაფის საფუძველზე, მომჩივანი დავობდა, რომ მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა, ვინაიდან ის სამსახურიდან გაათავისუფლეს იმავე ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა მიმართებაშიც მის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება და მოგვიანებით, ბრალდება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაული. მე-6 მუხლის შესაბამისი ნაწილის თანახმად:
,,ყველა, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ მანამ, სანამ მისი ბრალეულობა დამტკიცდება კანონის შესაბამისად.’’
სამართალი – კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი
მხარეთა არგუმენტები
მომჩივანი ამტკიცებდა, რომ სამსახურიდან მისი გათავისუფლება წარმოადგენდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანოებმა დაადგინეს, რომ მან ჩაიდინა ქმედება, რომელიც ფაქტობრივად იდენტური იყო სისხლისსამართლებრივი დანაშაულისა, რომელთან მიმართებითაც მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება უარყვეს იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია ის.
მთავრობა აცხადებდა, რომ მომჩივნის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება ეხებოდა მომჩივნის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს და ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ ჩატარებული წარმოება ეხებოდა მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლებას იმ საფუძვლით, რომ მან უხეშად დაარღვია სამსახურებრივი დისციპლინა. სისხლისსამართლებრივი დანაშაული და აღნიშნულ დარღვევაზე პასუხის დაკისრება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი იყო და პირველის არარსებობა არ გამორიცხავდა მეორის არსებობას. სისხლისსამართლებრივი დანაშაულისა და სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა შეიძლება ფარავდეს ერთმანეთს, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი იყო შეფასებაში, აგრეთვე პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში.
მომჩივნის საქმეში, მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არ იყო შებოჭილი სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების შედეგით. მათთვის ხელმისაწვდომი მტკიცებულებების საფუძველზე, მათ განახორციელეს შეფასება პოლიციის ოფიცრის რანგში მომჩივნის ქმედებასთან დაკავშირებით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასება
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ადგენს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა, როდესაც საჯარო თანამდებობის პირის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ეხება ბრალდებულს, ასახავს მოსაზრებას მისი დამნაშავეობის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი დამნაშავეობა დადგენილია კანონის შესაბამისად. დაარღვია თუ არა უდანაშაულობის პრეზუმფცია ოფიციალური თანამდებობის პირის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, უნდა შეფასდეს კონკრეტული გარემოებების კონტექსტში, რომლის ფარგლებშიც გაკეთდა აღნიშნული განცხადება. კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პარაგრაფი არ არის შემოფარგლული მხოლოდ განსახილველი სისხლისსამართლებრივი საქმეებით, არამედ ის ასევე ვრცელდება სასამართლო გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიღებულ იქნა სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემდეგ, აგრეთვე გადაწყვეტილებებზე, რომელთა მიხედვით პირი გამართლდა.
რაც შეეხება წინამდებარე საქმეს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მომჩივნის საჩივარზე უარის თქმის დროს, სხვებს შორის, დაეყრდნო მტკიცების განსხვავებულ ტვირთს, რომელიც მოთხოვნილი იყო დისციპლინურ სამართალწარმოებაზე, განსხვავებით სისხლისსამართლებრივი დანაშაულის მსჯავრდებისთვის საჭირო მტკიცების ტვირთისგან. სასამართლო აღნიშნავს, რომ მან მსგავსი მსჯელობა დასაშვებად მიიჩნია დელიქტური ვალდებულების კონტექსტში. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით სასამართლომ საქმეზე ი. ნორვეგიის წინააღმდეგ [1] დაადგინა შემდეგი:
,,41. ის ფაქტი, რომ ქმედება, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას დელიქტური სამართლის მიხედვით, აგრეთვე დაფარულია სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ობიექტური ელემენტებით, მიუხედავად მისი სიმძიმისა, არ შეიძლება წარმოადგენდეს საკმარის მიზეზს იმისა, რომ დელიქტის საქმეზე პასუხისმგებელი პირი მოხსენიებულ იქნეს, როგორც ,,სისხლისსამართლებრივ დანაშაულში ბრალდებული’’. მსგავსი დახასიათების საფუძველს ასევე არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების ფარგლებში მოცემული მტკიცებულების გამოყენება სამოქალაქო საქმეში იმ მიზნით, რომ განისაზღვროს სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის ქმედებებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მთავრობამ სწორად აღნიშნა, კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პარაგრაფის მეშვეობით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან პირის გათავისუფლებას მოყვება არასასურველი შედეგი, რომელიც დაზარალებულს წაართმევს შესაძლებლობას, მოითხოვოს ანაზღაურება დელიქტური სამართლის მიხედვით, რაც კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების არაპროპორციული შეზღუდვა იქნებოდა. აღნიშნული გამართლებულ პირს მიანიჭებდა არამართებულ პრივილეგიას, თავიდან აერიდებინა ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობა მის მიერ განხორციელებული ქმედებებისთვის. მსგავსი ფართო განმარტება არ გამომდინარეობს კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პარაგრაფიდან ან კონვენციური სისტემის ფარგლებში ეროვნული კანონმდებლობიდან. პირიქით, კონვენციის ხელშემკვრელ არაერთ სახელმწიფოში, პირის გამართლება სისხლისსამართლებრივ ბრალდებაში არ გამორიცხავს იმავე ქმედებებთან მიმართებით მის სამოქალაქო პასუხისმგებლობას.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლისსამართლებრივ ბრალდებაში პირის გამართლება არ გამორიცხავს სამოქალაქო პასუხისმგებლობის დადგენას, გადახდილ იქნას კომპენსაცია, რომელიც გამომდინარეობს იმავე ფაქტებიდან, შედარებით ნაკლებად მკაცრი მტკიცების ტვირთის საფუძველზე.
42. მიუხედავად ამისა, თუ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების შესახებ შეიცავს განცხადებას, რომელიც მოპასუხე მხარის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიუთითებას, ამან შეიძლება წარმოშვას კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პარაგრაფის შესაბამისად განსახილველი საკითხი.
43. შესაბამისად, სასამართლო განიხილავს, ეროვნულმა სასამართლოებმა დასაბუთების დროს ხომ არ გამოიყენეს ისეთი სიტყვები, რომლებიც ცალსახად აკავშირებდნენ ერთმანეთთან სისხლის სამართლის საქმესა და ზიანის ანაზღაურების შესახებ სამართალწარმოებას, რათა გაეფართოვებინა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პარაგრაფის ფარგლები ამ უკანასკნელზე [სამოქალაქო სამართალწარმოებაზე].
სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სამართალწარმოების ფარგლებში მომჩივანი არ იქნა დამნაშავედ ცნობილი სისხლისსამართლებრივ დანაშაულში, არამედ დადგინდა, რომ მან დაარღვია სამსახურებრივი დისციპლინა.
რაც შეეხება მომჩივნის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების შედეგს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის წინააღმდეგ ბრალდება უარყოფილ იქნა, ვინაიდან პროკურორმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ განხორციელებული ქმედება არ წარმოადგენდა სისხლისსამართლებრივ დანაშაულს. თუმცა, აღნიშნული წარმოების ფარგლებში არ დადგენილა, რომ მომჩივანს სადავო ქმედებები არ ჩაუდენია. ამ მიმართულებით შეფასებები არ გაკეთებულა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები ორგანო თავისუფალი იყო იმ შეფასების გაკეთებაში, მოქმედებდა თუ არა მომჩივანი მასზე დაკისრებული მოვალეობების საწინააღმდეგოდ. შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადგინა, რომ მომჩივანმა სათანადოდ არ დაარეგისტრირა და აღრიცხა საგზაო შემთხვევა, რომელშიც მონაწილეობდა პოლიციის მანქანა. აღნიშნული დასკვნები საკმარისი იყო მომჩივნის მხრიდან სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის დასადგენად. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანი უფლებამოსილი იყო დამოუკიდებლად დაედგინა განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებები. აქედან გამომდინარე, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ გაკეთებულ იქნა რაიმე სახის განცხადება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მომჩივნის უდანაშაულობას.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლება არ ეწინააღმდეგებოდა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პარაგრაფით გათვალისწინებულ უფლებას.
დასკვნა: დარღვევა არ დადგინდა.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
[1] ი. ნორვეგიის წინააღმდეგ, საჩივარი N56658/00, 2003 წლის 11 თებერვალი, § 41.
Full & Egal Universal Law Academy