Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე N205
2017 წლის მარტი
სკორჟანეცი ხორვატიის წინააღმდეგ (Skorjanec v. Croatia)
(საჩივარი- N25536/14)
გადაწყვეტილება, 28 მარტი, 2017 [მე-2 სექცია]
მე-3 მუხლი
ეფექტიანი გამოძიება
პოზიტიური ვალდებულებები
რასობრივად მოტივირებული დანაშაულის გამოუძიებლობა: დარღვევა
ფაქტები: მომჩივანს და მის პარტნიორს, რომელიც წარმოშობით ბოშა იყო, 2013 წელს თავს დაესხა ორი პირი, რომლებიც თავდასხმამდე და თავდასხმის დროს ბოშების წინააღმდეგ აგრესიული გამონათქვამებით გამოირჩეოდნენ. მომჩივანს სისხლის სამართლის საქმეში მიენიჭა არა დაზარალებულის (მისი პარტნიორის მსგავსად), არამედ მოწმის სტატუსი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე მომჩივანი დავობდა, რომ, კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლების დარღვევით, ხელისუფლებამ ვერ შეასრულა დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება მის წინააღმდეგ ჩადენილ რასობრივად მოტივირებულ დანაშაულთან მიმართებით.
სამართალი: მე-3 მუხლი (პროცედურული ასპექტი) მე-14 მუხლთან ერთობლიობაში:
პირველ რიგში, საქმე მოიცავს იმ პრინციპების ყოვლისმომცველ მოკვლევას, რომელიც სასამართლოს აქვს განვითარებული სახელმწიფოს ვალდებულების ფარგლებში, რომ ჰქონდეს ადეკვატური სამართლებრივი მექანიზმები რასობრივი ნიშნით მოტივირებული ძალადობისგან პირის დასაცავად და გამოიძიოს რასიზმის მოტივით გამოწვეული ძალადობრივი შემთხვევები.
მეორე, კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულება, რომ სახელმწიფომ მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა გამოიძიოს სავარაუდო რასისტული ძალადობრივი ქმედება ,,... ეხება არამხოლოდ ძალადობის აქტებს, რომელიც ეფუძნება მსხვერპლის რეალურ ან სავარაუდო პირად სტატუსს ან მახასიათებლებს, არამედ ასევე ძალადობის აქტებს, რომლებიც ეფუძნება მსხვერპლის არსებულ ან სავარუდო კავშირს ან მიკუთვნებას სხვა პირთან, რომელიც ფაქტობრივად ან სავარაუდოდ ფლობს კონკრეტულ სტატუსს ან დაცულ მახასიათებელს”.
სასამართლომ ამ პრინციპთან დაკავშირებით დაადგინა: ნამდვილად, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ზოგიერთი მსხვერპლი არ არის შერჩეული იმიტომ რომ მათ აქვთ რამე კონკრეტული მახასიათებელი, არამედ იმიტომ რომ ისინი დაკავშირებულები არიან სხვა პირთან, რომელიც ფაქტობრივად ან სავარაუდოდ ფლობს შესაბამის მახასიათებელს. ეს კავშირი შეიძლება გამოიხატოს მსხვერპლის კუთვნილებით რომელიმე კონკრეტულ ჯგუფთან, ან მსხვერპლის ფაქტობრივი ან სავარაუდო კუთვნილებით კონკრეტული ჯგუფის წევრთან, მაგალითად პირადი ურთიერთობა, მეგობრობა ან ქორწინება...”.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ საგამოძიებო ორგანოებს თავიანთი გამოძიება და ანალიზი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ელემენტზე კონცენტრირებული ჰქონდათ მხოლოდ მომჩივნის პარტნიორზე ძალადობრივ თავდასხმასთან დაკავშირებით. სასამართლომ სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნა, რომ საგამოძიებო ორგანოების დაჟინებამ იმ ფაქტზე, რომ მომჩივანი თავად არ იყო ბოშა, ასევე მათმა წარუმატებლობამ, გაეთვალისწინებინათ და დაეკავშირებინათ რასისტული მოტივი თავდასხმასა და მომჩივნის კავშირს შორის თავის პარტნიორთან, გამოიწვია საქმის გარემოებების არასათანადო შეფასება. ეროვნული ხელისუფლების ორგანოების საპასუხო რეაქცია მომჩივნის წინააღმდეგ განხორციელებულ რასობრივად მოტივირებულ თავდასხმაზე არ შეესაბამებოდა სახელმწიფოს ვალდებულებას, რომლის თანახმად სახელწიფოებმა უნდა გადადგან ყველა სათანადო ნაბიჯი, რათა გამოავლინონ დანაშაულის რასისტული მოტივები.
დასკვნა: დარღვევა (ერთხმად).
41-ე მუხლი: 12 500 ევრო არამატერიალურ ზიანთან მიმართებით.
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სამდივნოს მიერ მომზადებული მოცემული მოკლე მიმოხილვა სასამართლოსათვის არასავალდებულოა.
იხილეთ აქ სასამართლო პრაქტიკის საინფორმაციო ბროშურები
Full & Egal Universal Law Academy