ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების პოზიტიურ ვალდებულებებზე, მიიღონ აუცილებელი ზომები განმცხადებლების, საკუთრების ინტერესების დასაცავად, როცა საქმე ეხება მათი დედის მიერ დადებულ შეთანხმებას უძრავი ქონების გაცვლის შესახებ. აგრეთვე მათ ჰქონდეთ გონივრული შესაძლებლობა, ეფექტიანად იდავონ იმ ზომებზე, რომლებიც ლახავს კონვენციის დამატებითი N1 ოქმის 1-ლი მუხლით მათთვის მინიჭებულ უფლებებს.
სახელმწიფომ ვერ დაიცვა არასრულწლოვანთა საკუთრების უფლება უძრავი ქონების გაცვლის შესახებ შეთანხმებაში: დარღვევა
საქმე „ს.ლ. და ჯ.ლ. ხორვატიის წინააღმდეგ“
CASE OF S.L. AND J.L. v. CROATIA
განაცხადი N13712/11
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
2015 წლის 7 მაისი
ფაქტობრივი გარემოებები
1997 წელს განმცხადებლებმა, ორმა მცირეწლოვანმა დამ, რომლებსაც დედა წარმოადგენდა, 60,000 ევროდ შეიძინეს ვილა. დედამ და ზ.ლ-მ, რომელიც იყოს განმცხადებელთა კანონიერი მეურვე და მეორე განმცხადებლის მამა, შეძენილი ქონების გასარემონტებლად დახარჯეს 40,000 ევრო.
2001 წლის ოქტომბერში ზ.ლ-ს 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და ოჯახს ფინანსური პრობლემები შეექმნა. ზ.ლ-ს ადვოკატმა სოციალური კეთილდღეობის ცენტრისგან გამოითხოვა ნებართვა უძრავი ქონების გაცვლის შეთანხმების გაფორმებაზე. ხელშეკრულების თანახმად, ვილა საკუთრებაში გადაეცემოდა ადვოკატის სიდედრს 55,000 ევროს ღირებულების ბინის სანაცვლოდ. განმცხადებლებს ასევე უნდა მიეღოთ 5,000 ევრო კომპენსაციის სახით, ორ ქონებას შორის ღირებულების სხვაობის გამო.
დედასთან გასაუბრების შემდეგ ცენტრმა ნებართვა გასცა - ეს ნებართვა სავალდებულო იყო იმის გამო, რომ ბინის მფლობელები ჯერ კიდევ მცირეწლოვნები იყვნენ. 2001 წლის დეკემბერში მოხდა ქონების გაცვლა. შემდგომ, განმცხადებლებმა აღძრეს სამოქალაქო სარჩელი გაცვლის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ სოციალური კეთილდღეობის ცენტრმა არ გაითვალისწინა ქონების ღირებულება და ოჯახური გარემოებები, კერძოდ ის, რომ ზ.ლ. პატიმრობაში იყო, ხოლო დედა - წამალდამოკიდებული. ეს სარჩელი და განმცხადებლების შემდგომი სარჩელები არ მიიღეს იმ მიზეზით, რომ ცენტრის გადაწყვეტილების გასაჩივრება მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალწარმოებით იყო შესაძლებელი.
სამართალი
I. კონვენციის დამატებითი N1 ოქმის 1-ლი მუხლის სავარაუდო დარღვევა
45. განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა მათი ქონებრივი ინტერესები სავარაუდოდ უკანონო და არაკეთილსინდისიერ შეთანხმებაში უძრავი ქონების გაცვლის შესახებ. ისინი ეყრდნობოდნენ დამატებითი N1 ოქმის 1-ლ მუხლს, რომელიც ასე იკითხება:
„ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.“
ბ. საქმის არსებითი გარემოებები
1. მხარეთა არგუმენტები
55. განმცხადებლები ირწმუნებოდნენ შემდეგს: აშკარა იყო, რომ მათი სახლის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატებოდა ბინის ფასს, რომელიც დ.მ-სგან მიიღეს უძრავი ქონების გაცვლის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. მათ განმარტეს, რომ 450,000 ხორვატიული კუნა (დაახლოებით, 60,000 ევრო), რაც მათმა მშობლებმა სახლში თავის დროზე გადაიხადეს, არ შეესაბამება მის რეალურ ღირებულებას, რადგან სახლი იყიდეს 1997 წელს, ომის შემდგომ პერიოდში არეულობის დროს, მისი წინა მფლობელებისაგან, რომლებმაც დატოვეს ხორვატია და იმ მომენტისათვის ბელგრადში ცხოვრობდნენ. განმცხადებლები არ დავობდნენ შემდეგ ფაქტზე: მათმა მშობლებმა სახლში ჩადეს 80,000 გერმანული მარკის (დაახლოებით, 40,000 ევროს) ინვესტიცია, რაც თავდაპირველად გადახდილ თანხასთან ერთად მთლიანობაში 100,000 ევროს შეადგენს. ამდენად, გაუგებარია, რატომ დაეთანხმა ცენტრი გაცვლის შეთანხმებას, რომლის შესაბამისადაც, მათ მიიღეს დაახლოებით 55,000 ევროთი ნაკლები ღირებულების ბინა. გარდა ამისა, განმცხადებლები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ ცენტრმა ძალიან კარგად იცოდა იმ დროისათვის მათი მამის პატიმრობის ამბავი, ასევე დედის წამალდამოკიდებულების პრობლემები, ხოლო ადვოკატ მ.ი-ს ჰქონდა ინტერესთა კონფლიქტი. მიუხედავად ამისა, ცენტრს არასოდეს უცდია გასაუბრება მათ მამასთან, არც განუხილავს ექსპერტის რაიმე ანგარიში, რომელშიც შეფასებული იქნებოდა ქონების ღირებულება, არც ადგილზე შემოწმება განუხორციელებიათ, რათა შეეფასებინათ ქონების გაცვლის ყველა გარემოება. ანალოგიურად, საგადასახადო ორგანოებმა ქონების ღირებულება შეაფასეს მხოლოდ გაცვლის შესახებ შეთანხმებაში აღნიშნული თანხის ოდენობით ისე, რომ არავითარი შემდგომი მოკვლევა არ ჩაუტარებიათ. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, როცა მათ მშობლებს არ შეეძლოთ საკუთარი უფლებებისა და ინტერესების სათანადო დაცვა, განმცხადებლებმა მიიჩნიეს, რომ სახელმწიფო ორგანოებს ეკისრებოდათ ვალდებულება, ამ საქმეს განსაკუთრებული გულისხმიერებით მოკიდებოდნენ, თანაც სახელმწიფოზე დაკისრებული ვალდებულების გათვალისწინებით, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი ქმედების თავიდან არიდებას, რაც განმცხადებელთა საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგო შეიძლება აღმოჩნდეს.
56. სახელმწიფო დაეთანხმა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს აქვთ პოზიტიური ვალდებულება, დაიცვან განმცხადებელთა საუკეთესო ინტერესები, რომლებიც ბავშვები იყვნენ გაცვლის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის . თუმცა, სახელმწიფომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ორგანოებმა სრულად დააკმაყოფილეს ეს ვალდებულება, ასევე აღნიშნა, რომ გაცვლის ხელშეკრულება გაფორმდა განმცხადებელთა ოჯახისათვის ძალიან რთულ ვითარებაში: იმ დროისათვის მათ მამას აღკვეთილი ჰქონდა თავისუფლება ძალიან სერიოზული ბრალდებით და ელოდა სასამართლო განხილვას, დედას კი ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ეს ყველაფერი ზიანს თავად განმცხადებლებს აყენებდა. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტა, გაეცა ნებართვა გაცვლის შეთანხმებაზე, რომლის მიზანიც იყო განმცხადებელთა ნორმალური აღზრდისა და განათლების უზრუნველყოფა; ეს ერთადერთ შესაძლო გამოსავალს წარმოადგენდა. ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით კი სახელმწიფომ აღნიშნა: ბინა დაახლოებით 10 კვადრატული მეტრით უფრო პატარა იყო სახლზე და მისგან განსხვავებით, არ საჭიროებდა დამატებით ინვესტიციას ან გარემონტებას. გარდა ამისა, განმცხადებლებმა მიიღეს დამატებითი თანხა - 10,000 გერმანული მარკის ოდენობით ქონების ღირებულების სხვაობის სანაცვლოდ. მთავრობის აზრით, ქონების გაცვლის ღირებულების საგადასახადო შემოწმებამ აჩვენა, რომ ამ შეთანხმებით არც ერთი მხარე არ დაზარალებულა. ასეც რომ არ ყოფილიყო, ნებისმიერ შემთხვევაში, აქ რელევანტური ფაქტორი მხოლოდ ქონების ღირებულება კი არ არის, არამედ უფრო მეტად განმცხადებელთა ოჯახური მდგომარეობა, რაც გაცვლის შეთანხმების საფუძველი გახდა და რასაც ცენტრი დაეთანხმა. მთავრობა აღიარებს, რომ ცენტრს არ დაუვალებია ექსპერტისათვის სახლის შეფასების ანგარიში წარმოედგინა, მაგრამ მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი არ არსებობდა, რადგან მას თავადაც შეეძლო შესაბამის ფაქტობრივ გარემოებათა შეფასება, საქმის მასალებში არსებული დოკუმენტების საფუძველზე. გარდა ამისა, ცენტრს არავითარი მიზეზი არ ჰქონია, ეჭვი შეეტანა იმაში, რომ განმცხადებელთა ინტერესებს იცავდა ვ.ლ., რადგან იმ დროისათვის არაფერი მიანიშნებდა მის წამალდამოკიდებულების პრობლემებზე. ანალოგიურად, ცენტრს არ ჰქონდა მიზეზი დაეჯერებინა, რომ ადვოკატი მ.ი-ს რაიმე ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა, რადგან მანამდე ის მოქმედებდა როგორც განმცხადებელთა მშობლების წარმომადგენელი.
2. სასამართლოს შეფასება
(ა) ზოგადი პრინციპები
57. სასამართლო თავიდანვე აღნიშნავს, რომ საკამათოდ არ მიიჩნევს განმცხადებელთა უძრავი ქონების გაცვლის შეთანხმებიდან გამომდინარე საკუთრების ინტერესებთან დაკავშირებული საკითხების დამატებითი N1 ოქმის 1-ლი მუხლის ფარგლებში განხილვას.
58. რამდენადაც დამატებითი N1 ოქმის 1-ლი მუხლის ძირითადი საკითხია პირის დაცვა საკუთრებით შეუფერხებელ სარგებლობაში სახელმწიფოს მხრიდან დაუსაბუთებელი ჩარევისაგან, იგი ასევე უნდა გულისხმობდეს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მიიღოს გარკვეული ზომები, რაც აუცილებელია საკუთრების უფლებების დასაცავად. ეს განსაკუთრებით, როცა არსებობს პირდაპირი ბმა იმ ზომებს შორის, რომლებსაც განმცხადებელი შესაძლოა ლეგიტიმურად ელოდოს ხელისუფლების ორგანოების მხრიდან და მისი საკუთრების შეუფერხებელ გამოყენებას შორის (იხ. ჰოლდინგი სოვტრანსავტო უკრაინის წინააღმდეგ N48553/99, § 96, ECHR 2002-VII; ონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N48939/99, §134, ECHR 2004‑XII; ბრონიოვსკი პოლონეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N31443/96, §143, ECHR 2004-V; პადურარუ რუმინეთის წინააღმდეგ, N63252/00, §88, ECHR 2005-XII; ბისტროვიჩი ხორვატიის წინააღმდეგ N25774/05, §35, 2007 წლის 31 მაისი; და ზოლოტასი საბერძნეთის წინააღმდეგ (N2), N66610/09, §47, CEDH 2013). კერძოდ, სავარაუდო ბრალდება სახელმწიფოს მიმართ, რომ მან ვერ შეასრულა კერძო საკუთრების დაცვის პოზიტიური ვალდებულება, უნდა განიხილებოდეს კონვენციის დამატებითი N1 ოქმის 1-ლი მუხლის პირველივე წინადადებაში მოცემული ზოგადი წესის შესაბამისად, რომელიც იძლევა საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლებას (იხ. კოლიადენკო და სხვები რუსეთის წინააღმდეგ N17423/05, 20534/05, 20678/05, 23263/05, 24283/05 და 35673/05, §213, 2012 წლის 28 თებერვალი).
59. მიუხედავად იმისა, რომ ზღვარი სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის, დამატებითი N1 ოქმის 1-ლი მუხლის თანახმად, თავისთავად არ იძლევა უზუსტესი დეფინიციის შესაძლებლობას, გამოსაყენებელი პრინციპები მაინც ერთმანეთის მსგავსია. არ აქვს მნიშვნელობა საქმე განიხილება სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებიდან გამომდინარე თუ საჯარო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ჩარევის კუთხით, რაც დასაბუთებას საჭიროებს, გამოსაყენებელი კრიტერიუმები არსებითად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. ორივე შემთხვევაში - იქნება ეს ჩარევა საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობაში, თუ თავის შეკავება მოქმედებისაგან, საჭიროა სამართლიანი ბალანსის დაჭერა საზოგადოების ზოგად ინტერესებსა და პირის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის მოთხოვნას შორის (იხ.1982 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება სპორონგი და ლონროზი შვედეთის წინააღმდეგ, §69, სერია A, N 52, და 2012 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება კოტოვი რუსეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N54522/00, §110).
60. იმის შესაფასებლად, სახელმწიფოს ქმედება აკმაყოფილებს თუ არა დამატებითი N1 ოქმის 1-ლი მუხლის მოთხოვნებს, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტი: კონვენციის მიზანია იმ უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, რომლებიც პრაქტიკული და ქმედითია. სასამართლო უნდა გასცდეს ზედაპირულ სურათს და სიღრმისეულად განიხილოს, ჩაიხედოს ვითარების რეალობაში, ეს კი მოითხოვს საქმესთან დაკავშირებული განსხვავებული ინტერესების ყოვლისმომცველ შესწავლას; ამან შეიძლება მოითხოვოს მხარეთა ქცევის გაანალიზება სამართალწარმოებისას, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა (იხ. ბეიელერი იტალიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N33202/96, §114, ECHR 2000‑I; 2005 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება ნოვოსელეცკი უკრაინის წინააღმდეგ N47148/99 § 102)
61. გარდა ამისა, პოზიტიური ვალდებულებები გულისხმობს, რომ სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ სასამართლო პროცედურების არსებობა, რაც იძლევა აუცილებელ პროცესუალურ გარანტიებს და შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებს, ეფექტურად და სამართლიანად განიხილონ საკუთრების საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმე (იხ. ანჰეუსერ-ბუში პორტუგალიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N73049/01, §83, ECHR 2007‑I და ჩადზიტასკოსი და ფრანტა ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ N7398/07, 31244/07, 11993/08 და 3957/09, §48, 2012 წლის 27 სექტემბერი). შესაბამისი სამართალწარმოება გონივრულ შესაძლებლობას უნდა აძლევდეს პირს, თავისი საქმე წარუდგინოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოს, რათა მან ეფექტურად განიხილოს ამ დებულებით გარანტირებული უფლებებით სარგებლობის დამაბრკოლებელი ზომები. იმის შესაფასებლად, დაკმაყოფილებულია თუ არა ეს პირობა, სასამართლო მიმართავს ყოველმხრივ განხილვას (იხ. ჯოკელა ფინეთის წინააღმდეგ N28856/95, § 45, ECHR 2002‑IV, აგრეთვე ზეჰენტნერი §73).
62. სასამართლო ასევე ადგენს, რომ თუ საქმეში ჩართულნი არიან ბავშვები, აუცილებლად გასათვალისწინებელია მათი საუკეთესო ინტერესები (იხ. იქსი ლატვიის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N27853/09, §96, ECHR 2013). ამ კონკრეტულ საკითხზე სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს: არსებობს საყოველთაო კონსენსუსი, მათ შორის, საერთაშორისო სამართალში, იმ იდეის მხარდასაჭერად, რომ ბავშვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მათ საუკეთესო ინტერესებს. რამდენადაც თვითონ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, მათ ინტერესებს, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი წონა უნდა მიენიჭოს (იხ. ჯეუნესი ნიდერლანდების წინააღმდეგ [დიდი პალატა], N12738/10, §109, 2014 წლის 3 ოქტომბერი). ბავშვის უფლებათა კონვენცია აძლევს ბავშვს უფლებას, რომ მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და როგორც უპირველესი არგუმენტი გათვალისწინებული იქნეს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედებისა თუ გადაწყვეტილების მიღებისას, იქნება ეს საჯარო, თუ პირადი სფერო, ეს არის კონვენციის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულება.
63. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი აჩვენებს, რომ ეს მსჯელობა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის საკუთრების ინტერესების დაცვის სფეროშიც, რაც კონვენციის დამატებითი დამატებითი N1 ოქმის 1-ლი მუხლის მოქმედების ფარგლებში ექცევა. ამგვარად, სასამართლომ უნდა შეაფასოს, როგორ მოქმედებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები ბავშვის საკუთრების ინტერესების დაცვისას, სხვათა მხრიდან მათ მიმართ გამოვლენილი ნებისმიერი არაკეთილმოსურნე და უგულისყურო ქმედების წინააღმდეგ, მათ შორის, იურიდიული წარმომადგენლის ან ბიოლოგიური მშობლების მხრიდან (იხ. ლაზარევი და ლაზარევი რუსეთის წინააღმდეგ (განჩინება), N16153/03, 2005 წლის 24 ნოემბერი).
(ბ) ამ პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
64. სასამართლო აღნიშნავს განსახილველი საქმის ძირითად საკითხს: სახელმწიფომ სავარაუდოდ სათანადოდ ვერ გაითვალისწინა განმცხადებლების საუკეთესო ინტერესები და საკმარისად ვერ დაიცვა მათი საკუთრების უფლება უძრავი ქონების სავარაუდოდ უკანონო და არაკეთილსინდისიერ გაცვლის შეთანხმების დროს. შესაბამისი ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, ამგვარი შეთანხმების გაფორმების წინაპირობაა ცენტრის თანხმობა, რამაც შესაძლოა ასევე წარმოშვას პრობლემა სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებიდან გამომდინარე (იხ. ლაზარევი), რის გამოც, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გარემოებებში მეტად შესაბამისი იქნება საქმის გაანალიზება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების კუთხით, რადგან ზღვარი სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის, დამატებითი N1 ოქმის 1-ლი მუხლის შესაბამისად, თავისთავად არ იძლევა ზუსტი დეფინიციის შესაძლებლობას და გამოსაყენებელი პრინციპები ერთმანეთის მსგავსია.
65. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები არ დავობენ შემდეგზე: განსახილველი უძრავი ქონების გაცვლის შეთანხმების გაფორმებამდე, განმცხადებლები იყვნენ სახლის მფლობელები და ცხოვრობდნენ იქ თავიანთ დედასთან - ვ.ლ-თან და კანონიერ მეურვესთან ზ.ლ-თან ერთად. ეს უკანასკნელი აგრეთვე იყო მეორე განმცხადებლის მამა. სახლი ვ.ლ-მ და ზ.ლ-მ 1997 წელს იყიდეს. საკუთრება იმთავითვე დარეგისტრირდა ორივე განმცხადებლის სახელზე თანაბარწილად. აქედან გამომდინარე, განმცხადებელთა საკუთრება დაცული იყო ნებისმიერი მესამე მხარის უკანონო ჩარევისა ან ქმედებისაგან, მათ შორის, მათი მშობლების მხრიდან.
66. სახლი ზღვის პირას მდებარე ორსართულიან ვილაა. მას აქვს მიმდებარე შიდა ეზო, რომელიც ზღვის სანაპიროზე გადის, პ-ს რაიონში. შესყიდვის დროს სახლი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ამდენად, გარდა 450,000 ხორვატიული კუნისა (დაახლოებით 60,000 ევრო), რაც სახლის ღირებულებას შეადგენდა, ვ.ლ-მ და ზ.ლ-მ კიდევ 80,000 გერმანული მარკა (დაახლოებით 40,000 ევრო) დახარჯეს მის გარემონტებაზე.
67. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელთა საკუთრებაში არსებული სახლი გაიცვალა ბინისა და გარაჟის მფლობელობაზე პ-ს რაიონში. საქმე ეხება ოთხოთახიან ბინას საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულზე პ-ს რაიონში. გაცვლა განხორციელდა განმცხადებლის მშობლების სურვილით და ცენტრის თანხმობით. ცენტრი საქმეში ჩაერთო იმის გამო, რომ იმ დროისათვის პირველი განმცხადებელი იყო 14 წლის, ხოლო მეორე - 9 წლის და ამიტომ მშობლებს მათი ქონების განკარგვა მხოლოდ ცენტრის თანხმობით შეეძლოთ.
68. ამასთან დაკავშირებით სასამართლო განიხილავს რიგ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობას, რომელთა პირობებშიც უძრავი ქონების გაცვლის შეთანხმება გაფორმდა. კერძოდ, ვ.ლ. და ზ.ლ. პირველად დაუკავშირდნენ ცენტრს 2000 წელს განმცხადებელთა სახლის გაყიდვის ნებართვის თხოვნით, მაგრამ არ დაუკონკრეტებიათ, ვისთვის ან რამდენად უნდა მიეყიდათ სახლი. ამასობაში, ვ.ლ-სა და ზ.ლ-ს ფინანსური სირთულეები შეექმნათ, ზ.ლ. დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში მყოფი ელოდა სასამართლო განხილვას, მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობის ბრალდებით, რისთვისაც მას შემდეგ 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
69. ამ ვითარებაში ადვოკატმა - მ.ი-მ, რომელიც მოქმედებდა როგორც ვ.ლ-ს, ზ.ლ-სა და ე.ბ-ს (პირველი განმცხადებლის მამა) წარმომადგენელი, ოფიციალური თხოვნით მიმართა ცენტრს 2001 წლის ოქტომბერში, გაეცა ნებართვა უძრავი ქონების გაცვლის შეთანხმების გაფორმებაზე. ამ შეთანხმებით, განმცხადებლები თავიანთ სახლს გადასცემდნენ ვინმე დ.მ-ს, რომელიც სანაცვლოდ განმცხადებლებს გადასცემდა მის საკუთრებაში მყოფ ბინას.
70. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბოლომდე ცხადი არ არის, რა გარემოებებში მიანიჭეს ვ.ლ-მ, ზ.ლ-მ და ე.ბ-მ უფლება მ.ი-ს, მათი სახელით ემოქმედა უძრავი ქონების გაცვლის შეთანხმების გაფორმებისას. მ.ი. იყო ზ.ლ-ს დაცვის ადვოკატი ზემოხსენებულ სისხლის სამართალწარმოებაში. დ.მ. კი - გაცვლის შეთანხმების მეორე მხარე, გახლდათ მ.ი-ს სიდედრი. გარდა ამისა, მინდობილობა მ.ი-ს სახელზე გაიცა უძრავი ქონების გაცვლაზე შეთანხმების გაფორმებისთვის ცენტრისგან თანხმობის მოპოვების მიზნით. არ ჩანს, რომ ვ.ლ-ს, როცა მას ესაუბრებოდნენ ცენტრში მ.ი-ს მოთხოვნასთან დაკავშირებით, ოდესმე გააცნეს გაცვლის შესახებ შეთანხმების პროექტის კონკრეტული დეტალები. ამდენად, ეს ფაქტი აუხსნელს ტოვებს შეუსაბამობას ვ.ლ-ს ნათქვამში სახლისა და ბინის ღირებულებებს შორის სხვაობაზე. ეს უკანასკნელი შეფასებული იყო 100,000 გერმანული მარკით და კიდევ 10,000 გერმანული მარკით, რომელიც ცენტრმა ცნო, როგორც განმცხადებლებისათვის გადასაცემი თანხა.
71. ანალოგიურად გაუგებარია, გაცვლის შეთანხმებაზე თანხმობის გაცემისას რატომ მოიხსენია ცენტრმა ავტოფარეხი, როგორც ქონების შემადგენელი ნაწილი, როდესაც ადვოკატ მ.ი-ს წარმოდგენილ გაცვლის შეთანხმების პროექტში ავტოფარეხი ნახსენები არ არის და ვ.ლ-ს არც ერთი სიტყვა არ დაუძრავს მასზე ცენტრში გასაუბრების დროს. მეტიც, ცენტრი არ გაესაუბრა გაცვლის შეთანხმებაში პირდაპირ დაინტერესებულ არც ერთ სხვა მხარეს, კერძოდ, ზ.ლ-სა და ე.ბ-ს. ეს ფაქტი ასევე ბადებს ეჭვს, იცოდნენ თუ არა მათ გასაჩივრებული გაცვლის შეთანხმების პროექტის არსის შესახებ ან თუ იცოდნენ, რამდენად დეტალურად.
72. შემდგომში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გაცვლის შესახებ შეთანხმების ერთ დებულებაზე, სადაც ნათქვამია, რომ გაცვლილი საკუთრებების ფასი თანაბარია და მხარეები უარს ამბობენ თავიანთ უფლებაზე, გააპროტესტონ ის ფაქტი, რომ მათ მიადგათ ზიანი გაცვლილი ქონების მისი რეალური ღირებულების ნახევარზე ნაკლებ ფასად გაცემით. გაცვლის შეთანხმების პროექტს თან ერთვოდა დოკუმენტი, რომელშიც მხარეები აღიარებდნენ, რომ ვ.ლ-მ და ზ.ლ-მ მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადეს სახლის რემონტში და დ.მ. გადაიხდიდა ამ ინვესტიციის კომპენსაციას, რომლის ოდენობაც განსაზღვრული არ ყოფილა.
73. საბოლოოდ ეს პროექტი ფორმალურად გაფორმდა გაცვლის შესახებ შეთანხმების სახით 2001 წლის 16 დეკემბერს, რომლის თანახმადაც, განმცხადებლებმა თავიანთი საკუთრების უფლება სახლზე გადასცეს დ.მ-ს, რის სანაცვლოდაც მან განმცხადებლებს საკუთრებაში გადასცა ბინა და ავტოფარეხი. შეთანხმების ეს ვერსია შეიცავს დებულებას, რომლის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაცვლის საკუთრებების ღირებულება არ განსხვავდება და მათ არ აქვთ შემდგომი პრეტენზიები აღნიშნულთან. საკუთრების გაცვლის ღირებულება შეფასდა 400,000 ხორვატიული კუნით. ამ შეთანხმებაზე დაყრდნობით, განმცხადებლებმა მიიღეს საკუთრების უფლება ბინასა და ავტოფარეხზე მათ საკუთრებაში მყოფი სახლის სანაცვლოდ. დამატებით თითოეულმა მათგანმა მიიღო 5,000 გერმანულ მარკა ორ საკუთრებას შორის არსებული ღირებულების სხვაობის სანაცვლოდ.
74. ამ გარემოებებში, განმცხადებელთა საკუთრების უფლების დაცვის შეფასებისას კონვენციის დამატებითი N1 ოქმის 1-ლი მუხლის საფუძველზე, პირველი შეშფოთება გამოიწვია გაცვლილი საკუთრებების ფაქტობრივმა შედარებითმა ღირებულებამ (იხ. Inter alia, ლაზარევი). პრინციპში, სასამართლოს საქმე არ არის ეროვნული სასამართლოების ნაცვლად იმოქმედოს და ამგვარი საკითხებით დაკავდეს. სამწუხაროა, რომ ადგილობრივმა სასამართლოებმა უკუაგდეს განმცხადებელთა ყველა მტკიცებულება სამოქალაქო საქმისწარმოებისას და ეს საკითხი გაურკვეველი დატოვეს.
75. აქედან გამომდინარე, სასამრთლო იხილავს შემდეგს: მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა, რომ ვ.ლ-მ და ზ.ლ-მ სახლი 450,000 ხორვატიული კუნად იყიდეს (დაახლოებით 60,000 ევრო) და დამატებით 80,000 გერმანული მარკა დაახარჯეს მის რემონტს (დაახლოებით 40,000 ევრო). სრულიად აუხსნელია როგორ შეესაბამება სახლის ფასი ბინისა და ავტოფარეხის ღირებულებას, რაც მთლიანობაში დაახლოებით 400,000 ხორვატიული კუნას შეადგენს (დაახლოებით 55,000 ევრო; იხ. 19-ე, 55-56-ე) და დამატებით 10,000 გერმანულ მარკას (დაახლოებით 5,000 ევრო).
76. რაც შეეხება სახელმწიფოს მითითებას საკუთრებაზე გადასახადის შეფასებაზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული შეფასება ეფუძნებოდა მხოლოდ ტრანზაქციის დეკლარირებულ ღირებულებას გაცვლის შესახებ შეთანხმებიდან, ხოლო დამატებითი N1 ოქმის 1-ლი მუხლი მოითხოვს შეფასებას, რომელიც სცდება მხოლოდ გარეგნულ მხარეს და რეალურ ვითარებას სიღრმისეულად იკვლევს (იხ. ბისტროვიჩი, § 35). ამგვარად, იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ ცენტრმა არავითარი ზომა არ მიიღო საკუთრების გაცვლის რეალურ გარემოებათა შესაფასებლად, სასამართლო ვერ მიიღებს სახელმწიფოს არგუმენტს, რომ ბინა არ საჭიროებდა შემდგომ ინვესტირებას ან გარემონტებას და უკეთეს მდგომარეობაში იყო, ვიდრე სახლი. ამ გარემოებათა ერთობლიობაში, იმის გათვალისწინებით, რომ მათ წინაშე არსებული უძრავი ქონების გაცვლის შეთანხმება შეიცავს გაცვლის ღირებულების საკითხს, რომელიც აუხსნელი რჩება ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხრიდან, ძნელია დაეთანხმო არგუმენტს გაცვლილი საკუთრებების თანაბარი ღირებულების შესახებ.
77. ზემოთ აღწერილი სტანდარტის საფუძველზე, შესაბამისი ადგილობრივი და საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით, განმცხადებლებს, როგორც ბავშვებს, შეიძლებოდა ჰქონოდათ ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები მიიღებდნენ ზომებს მათი უფლებების დასაცავად. სასამართლომ უნდა შეაფასოს, მიიღეს თუ არა აუცილებელი ზომები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა მათი საკუთრების ინტერესების დასაცავად ქონების გაცვლის შემთხვევაში (იხ. ლაზარევი). ამდენად, იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს, როგორც უპირველესი არგუმენტი, სასამართლომ უნდა შეაფასოს ცენტრის ქმედება და შესაბამისი ადგილობრივი სასამართლოების რეაგირება საკითხზე მას შემდეგ, რაც აღნიშნული საკითხის შესახებ მათთვის გახდა ცნობილი.
78. რაც შეეხება ცენტრის ქმედებას: სასამართლო აღნიშნავს, რომ მ.ი-ს მიერ გაცვლის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე ნებართვის მოთხოვნის შემდეგ, ერთადერთი, რაც მან მოიმოქმედა საქმის გარემოებათა შესასწავლად, იყო ვ.ლ-სთან გასაუბრება. არ გასაუბრებიან არც ერთ სხვა მეურვეს, არც ინფორმაცია მიუწოდებიათ შეთანხმების შესახებ, ასე რომ, მთავრობას არანაირი საფუძველი არ აქვს თქვას, რომ შეუძლებელი იყო მათი გამოკითხვა.
79. გარდა ამისა, ცენტრმა არანაირი ნაბიჯი არ გადადგა ამ ორი საკუთრების რეალური მდგომარეობისა თუ ღირებულების შესაფასებლად, რაც ქონების გაცვლასთან დაკავშირებულ გარემოებათა რეალურ სურათს აჩვენებდა და ხელმისაწვდომ ინფორმაციასაც მიიღებდა. კერძოდ, ცენტრმა მიიღო ინფორმაცია სახლის ყიდვის ღირებულებასა და განმცხადებელთა მშობლების მიერ რემონტზე დახარჯულ ინვესტიციაზე, რაც ზემოთ აღნიშნულის თანახმად, მთლიანობაში 100,000 ევრომდე იყო. მიუხედავად ამ ინფორმაციის ფლობისა, ცენტრმა შემდგომი შეფასების გარეშე, მაგალითად, ადგილზე შემოწმების ან ექსპერტის ჩართვის გარეშე, რეალობად მიიღო, რომ სახლი მთლიანობაში შეიძლება 60,000 ევროდ (400,000 ხორვატიული კუნა და 10,000 გერმანული მარკა; იხ. ზემოთ 75-ე პუნქტი) შეფასდეს და გაცვლაც ამ თანხის შესაბამისად უნდა მოხდეს.
80. ანალოგიურად, სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ ცენტრი განმცხადებელთა კონკრეტულ ოჯახურ მდგომარეობას გულისყურით მიუდგა, გარემოებათა შეფასების თვალსაზრისით: განმცხადებელთა საკუთრების უფლება იყო თუ არა სათანადოდ დაცული მშობელთა მხრიდან გამოვლენილი არაკეთილსინდისიერი და/ან გულგრილი ქმედებებისაგან (იხ. ლაზარევი) კერძოდ, ცენტრმა კარგად იცოდა, რომ ზ.ლ. იყო დაკავებული და იგი სისხლის სამართალწარმოებით მძიმე დანაშაულზე გასამართლდა, ვ.ლ-ს კი ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ამ ყველაფერს შესაძლოა ებიძგებინა მათთვის, სწრაფად გადაედგათ წინდაუხედავი ნაბიჯი განმცხადებელთა საზიანოდ.
81. ამასთან მიმართებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ვ.ლ-მ ცენტრში გასაუბრებისას ახსენა მისი ოჯახის მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რაც მისი მტკიცებით, ზიანს აყენებდა განმცხადებელთა აღზრდასა და სკოლაში მოსწრებას. იმის გათვალისწინებით, რომ ეს შეიძლება მნიშვნელოვანი ასპექტი გამხდარიყო უძრავი ქონების გაცვლის შესახებ შეთანხმების გარშემო არსებული ვითარების ერთიანობაში შესაფასებლად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ცენტრს შემდგომი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ვ.ლ-ს ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული განცხადებების შესამოწმებლად ან შესაფასებლად არც ზ.ლ-ს გასაუბრებია და არც ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან უცდია კონკრეტულ ვითარებაზე კონსულტირება. მაგალითად, მას სათანადოდ არ გამოურკვევია განმცხადებელთა მოსწრება სკოლაში, არც მათ გასაუბრებია, მიუხედავად იმისა, რომ პირველი განმცხადებელი ამ მომენტისათვის 14 წლის გახლდათ და შეეძლო სათანადო ინფორმაციის მოწოდება ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
82. გარდა ამისა, ცენტრმა არ განიხილა საგანგებო მეურვის დანიშვნის საკითხი საქმის განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობის პირობებში. მას შეეძლო მიუკერძოებლად და განსახილველ შეთანხმებაში ჩართული მხარეებისაგან, მათ შორის, მათი მშობლებისაგან დამოუკიდებლად დაეცვა განმცხადებელთა ინტერესები.
83. ამ სიტუაციაში სასამართლო ადგენს, რომ ცენტრმა სათანადოდ არ შეაფასა განმცხადებელთა ოჯახური მდგომარეობა და უძრავი ქონების გაცვლის შესახებ შეთანხმების შესაძლო უარყოფითი გავლენა მათ უფლებებზე. აქედან გამომდინარე, მან ვერ შეძლო შეეფასებინა, უძრავი ქონების გაცვლის შესახებ შეთანხმების გარემოებები შეესაბამებოდა თუ არა ბავშვის საუკეთესო ინტერესს ამ განმცხადებელთა კონკრეტულ საქმეში.
84. რაც შეეხება სამოქალაქო სამართალწარმოებას უფლებამოსილ სასამართლოებში, როცა განმცხადებლები დავობდნენ უძრავი ქონების გაცვლის შესახებ შეთანხმების ნამდვილობაზე, სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს: განმცხადებელთა, როგორც მცირეწლოვანთა, პროცესუალური პოზიცია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ცენტრის წინააღმდეგ, მთლიანად მათი სამართლებრივი წარმომადგენლების ხელში იყო. ესენი იყვნენ მშობლები ვ.ლ. და ზ.ლ., რომელთაც წარმოადგენდა ადვოკატი მ.ი., მას კი ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, განმცხადებლებს არ შეეძლოთ არანაირი ავტონომიური პროცესუალური ქმედების განხორციელება, როგორიცაა ცენტრის გადაწყვეტილების გასაჩივრება გაცვლის შესახებ შეთანხმების თაობაზე (შდრ. ზეჰენტნერი, §76). როგორც ზემოთ აღინიშნა, არც მეურვე დაუნიშნავთ, რომელიც ყველასაგან დამოუკიდებლად ვინც კი შეთანხმებაში იყო ჩართული, შეძლებდა განმცხადებელთა ინტერესების დაცვას.
85. ამ ვითარებაში ქონების გაცვლის გარემოებათა შესწავლის ერთადერთ საშუალებად რჩებოდა განმცხადებელთა მიერ წამოწყებული სამოქალაქო საქმისწარმოება. თუმცა, ეს ერთადერთი შესაძლებლობაც კი მათი სამართლებრივი წარმომადგენლების ხელში რჩებოდა, სულ მცირე, იმ დრომდე, სანამ ერთ-ერთი განმცხადებელი არ მიაღწევდა სრულწლოვანებას და თავად შეძლებდა სასამართლო პროცესის წამოწყებას, კერძოდ, სარჩელის შეტანას კანონმდებლობის საკითხებზე უზენაეს სასამართლოში 2007 წელს.
86. მიუხედავად ამისა, სასამართლოებმა ვერ შეაფასეს სათანადოდ საქმის განსაკუთრებული გარემოებები და განმცხადებლის სამოქალაქო სარჩელი უკუაგდეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ცენტრის გადაწყვეტილება გაცვლის შეთანხმებაზე ნებართვის შესახებ არ ყოფილა გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართალწარმოებით. მაშასადამე, სამოქალაქო სასამართლოებმა უგულებელყვეს განმცხადებელთა პოზიცია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში; მტკიცებულება მ.ი-ს ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით, ასევე განმცხადებელთა ოჯახური მდგომარეობა კერძოდ, სამოქალაქო სამართალწარმოების მიმდინარეობის პერიოდში, უკვე ცნობილი იყო ვ.ლ-ს წამალდამოკიდებულების ამბავი და მისი ფინანსური პრობლემები; ასევე ზ.ლ-ს სისხლისსამართლებრივი მსჯავრი გაცვლის შეთანხმების გაფორმებამდე. მათ აგრეთვე უგულებელყვეს ბრალდება ცენტრის მიმართ, რომ ცენტრმა ვერ დაიცვა განმცხადებელთა საუკეთესო ინტერესები გაცვლის შეთანხმების გაფორმებასთან მიმართებით.
87. სასამართლოს აზრით, ყველა გამოთქმული ბრალდება გაცვლის შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, წარმოშობს სახელმწიფოს მხრიდან ბავშვთა დაცვის საკონსტიტუციო ვალდებულებასთან შესაბამისობის საკითხს. ამის შედეგად, სამოქალაქო სასამართლოებისათვის სავალდებულო იყო აღნიშნულ ბრალდებათა ყურადღებით შესწავლა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე.
88. შესაბამისად, სასამართლოს არ მიაჩნია რელევანტურად სამოქალაქო სასამართლოების არგუმენტი, რომელსაც მთავრობაც დაეყრდნო, რომ განმცხადებლებს შეეძლოთ გაესაჩივრებინათ გაცვლის შეთანხმება, რომელიც შესაძლოა ანულირებული ყოფილიყო, რადგან არასრულწლოვანი განმცხადებლები ასაკის გამო ვერ შეძლებდნენ სარჩელის დამოუკიდებლად შეტანას გაცვლის შეთანხმების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში, როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა. ამდენად, სასამართლო უარყოფს მთავრობის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ შიდასამართლებრივი დაცვის საშუალებები ბოლომდე გამოყენებული არ ყოფილა.
89. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებმა ვერ მიიღეს სათანადო ზომები განმცხადებელთა, როგორც ბავშვების, საკუთრების ინტერესების დასაცავად გასაჩივრებული უძრავი ქონების გაცვლის შეთანხმების გაფორმებისას. ამავე დროს, ვერ მისცეს მათ გონივრული შესაძლებლობა, ეფექტურად ედავათ იმ ზომებზე, რომლებმაც კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება შელახა.
90. აქედან გამომდინარე, დაირღვა კონვენციის დამატებითი N1 ოქმის 1-ლი მუხლი.
Full & Egal Universal Law Academy