დოკუმენტი მომზადებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის განზოგადებისა და სტატისტიკის სამსახურის (www.tcc.gov.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
The document was provided by the Tbilisi City Court, International and Domestic court Practice Generalisation and Statistics Unit (www.tcc.gov.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
პირველი სექცია
საქმე სოლსკა და რიბიცკა პოლონეთის წინააღმდეგ
CASE OF SOLSKA AND RYBICKA v. POLAND
(საჩივრები NN 30491/17 და 31083/17)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
საბოლოო გახდა
20/12/2018
ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდა კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული გარემოებების თანახმად. ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებებს.
საქმეზე სოლსკა და რიბიცკა პოლონეთის წინააღმდეგ,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (პირველი სექცია) პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსი, თავმჯდომარე,
ალეშ პეიჰალი,
შიშტოფ ვოიტჩეკი,
ქსენია თურქოვიჩი,
პაულინ კოშკელო,
ტიმ აიკი,
იოვან ილიესევსკი, მოსამართლეები,
და აბელ კამპოსი, სექციის მდივანი,
დახურული თათბირის შედეგად, 2018 წლის 28 აგვისტოს,
მითითებული თარიღით მიიღო წინამდებარე გადაწყვეტილება:
პროცედურა
1. საქმის წარმოების დაწყების საფუძველი იყო სასამართლოს წინაშე პოლონეთის ორი მოქალაქის: ქალბატონ ევა მარია სოლსკას („პირველი მომჩივანი“) და ქალბატონ მაუგოზატა ევა რიბიცკას („მეორე მომჩივანი“) მიერ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე, 2017 წლის 19 აპრილს პოლონეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ წარდგენილი ორი საჩივარი (NN 30491/17 და 31083/17).
2. მომჩივნებს წარმოადგენდა ბატონი პ. კუადოჩნი, ვარშავაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ჰელსინკის ფონდის იურისტი. პოლონეთის მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა მთავრობის წარმომადგენელი საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ქალბატონი ი. შანოვსკა.
3. მომჩივნები, კერძოდ, ჩიოდნენ, რომ მათი ქმრების ნაშთების ექსჰუმაციით დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი.
4. 2017 წლის 22 სექტემბერს საქმეზე მთავრობას გაეგზავნა შეტყობინება.
ფაქტები
I. საქმის გარემოებები
5. პირველი მომჩივანი დაიბადა 1937 წელს და ცხოვრობს სოპოტში. მეორე მომჩივანი დაიბადა 1955 წელს და ცხოვრობს გდანსკში.
ა. ავარია
6. 2010 წლის 10 აპრილს პოლონეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს პოლონეთიდან სმოლენსკში, რუსეთი, გადაჰყავდა პოლონეთის სახელმწიფო დელეგაცია, კატინის ტრაგედიის 70 წლისთავის ცერემონიაზე დასასწრებად. დელეგაციას ხელმძღვანელობდა პოლონეთის პრეზიდენტი და მასში შედიოდა მრავალი მაღალი რანგის თანამდებობის პირი. თვითმფრინავმა განიცადა ავარია სმოლენსკის აეროპორტთან ახლოს, დაიღუპა ბორტზე მყოფი ოთხმოცდათექვსმეტივე პირი (ოთხმოცდა რვა მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი).
7. მომჩივნები არიან ავიაკატასტროფის ორი მსხვერპლის ქვრივები, ბატონ ლეშეკ სოლსკისა, კატინის ოჯახების ასოციაციის აქტივისტი და ბატონ არკადიუშ რიბიცკისა, პარლამენტის წევრი.
8. სახელმწიფო საავიაციო კატასტროფების გამოძიების პოლონეთის კომიტეტმა 2011 წლის 29 ივლისს გამოაქვეყნა თავისი ანგარიში ავარიის მიზეზების შესახებ. ამ დასკვნის თანახმად:
„ავარიის უშუალო მიზეზი იყო გადაჭარბებული სიჩქარით დაშვება დაშვების მინიმალურ სიმაღლეზე დაბალი დონიდან, ისეთი ამინდის პირობებში, რაც შეუძლებელს ხდიდა მიწასთან ვიზუალურ კონტაქტს, ისევე, როგორც ჩამოფრენისას შემოვლის პროცედურის დაგვიანებით შესრულება. ამ გარემოებების გამო წარმოშობილ წინააღმდეგობს ხმელეთზე შედეგად მოჰყვა მარცხენა ფრთის ნაწილის ალერონისგან მოწყვეტა, რასაც, თავის მხრივ, მოჰყვა თვითმფრინავის მიერ კონტროლის დაკარგვა და საბოლოოდ მიწაზე დაცემა.“
კომიტეტმა გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ბორტზე მოხდა აფეთქება. რუსეთის სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტის უფრო ადრეული ანგარიში შეიცავდა ანალოგიურ დასკვნებს. სმოლენსკის ავარიის გამოძიების საპარლამენტო ჯგუფი სხვაგვარ დასკვნებამდე მივიდა. მიიჩნია, რომ კატასტროფის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ბორტზე აფეთქება. მომჩივანთა განმარტებით, საპარლამენტო ჯგუფი არ წარმოადგენდა ოფიციალურ საგამოძიებო ორგანოს.
ბ. ავარიის გამოძიება
9. ვარშავის სამხარეო სამხედრო პროკურატურაში ავარიის გამოძიება დაიწყო 2010 წლის 10 აპრილს.
10. გამოძიების მსვლელობისას ორივე მომჩივანს მიეკუთვნა დაზარალებულის სტატუსი.
11. 2016 წლის 4 აპრილს გამოძიება გადაეცა სახელმწიფო პროკურატურის (Prokuratura Krajowa) საგამოძიებო გუნდს.
12. 2016 წლის 21 ივნისს სახელმწიფო პროკურატურამ მოაწყო შეხვედრა მსხვერპლთა ოჯახის წევრებთან. შეხვედრის მიზანი იყო ექსჰუმაციის ჩატარებისა და გვამების გამოკვლევის საჭიროების ახსნა, ასევე, ყველა ოჯახის მოსაზრებების მოსმენა.
13. პირველი მომჩივანი ესწრებოდა შეხვედრას. მან განმარტა, რომ პროკურორმა ყურადღება გადაიტანა სახელმწიფო საავიაციო კატასტროფების გამოძიების პოლონეთის კომიტეტის დასკვნის კრიტიკაზე. მხოლოდ იმ ოჯახის წევრებს მიეცათ სიტყვა, ვინც მხარს უჭერდა პროკურორის გადაწყვეტილებას ექსჰუმაციის შესახებ. მეორე მომჩივანი არ ესწრებოდა შეხვედრას. იგი არ ენდობოდა სახელმწიფო პროკურატურას, რადგან მისი განწყობით, ის იმ ოჯახების მხარეს იყო, ვინც მხარს უჭერდა ექსჰუმაციას და კონსპირაციის თეორიებს ავარიის გარშემო.
14. 2016 წლის 7 ოქტომბერს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის („სსსკ“) 209-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტებისა და 210-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო პროკურატურის პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების გუნდი ავარიის ოთხმოცდასამი მსხვერპლის გვამის გამოკვლევის მიზნით (ცხრა მსხვერპლის გვამის ექსჰუმაცია უკვე მომხდარი იყო, ოთხ მსხვერპლს კი კრემაცია ჰქონდა ჩატარებული). პროკურორმა ექსპერტების წინაშე დასვა შემდეგი საკითხები:
“(1) მსხვერპლთა ნაშთების სამედიცინო დათვალიერების, გამოკვლევისა და გაკვეთის ჩატარება;
(2) გარდაცვალების მიზეზის და იმ ვითარებისა და გარემო პირობების დადგენა, რაშიც მსხვერპლებმა განიცადეს დაზიანებები, მათ შორის, დაზიანებას ადგილი ჰქონდა მათ გარდაცვალებამდე, თუ გარდაცვალების შემდეგ, ისევე, როგორც იმის დადგენა, დაზიანებები განიცადეს, თუ არა იმ ადგილას და იმ დროს, როდესაც ავარია მოხდა;
(3) აღწერილი დაზიანებებით დგინდება, თუ არა, რომ ისინი წარმოიშვა თვითმფრინავის მიწასთან შეჯახებისა და თვითმფრინავის ნაწილებად დაშლის შედეგად, ...;
(4) აქვთ, თუ არა მსხვერპლთა სხეულებს აალებადი ნივთიერების აფეთქებისთვის დამახასიათებელი ან სხვა, ენერგიის მოულოდნელი გამოთავისუფლების შედეგად წარმოშობილი დაზიანებები;
(5) ცხედრების დათვალიერებისა და გვამების გამოკვლევის რუსი ექსპერტების მიერ გამოყენებული მეთოდები შეესაბამება თუ არა არსებულ სტანდარტებს და მათი ექსპერტიზის დასკვნები დაზიანებებთან დაკავშირებით. გარემოებები, რომლებშიც ისინი წარმოიშვა და გარდაცვალების მიზეზი შეესაბამება, თუ არა ექსპერტთა [მოქმედი] გუნდის მიერ დადგენილს;
(6) მოეხდინათ მსხვერპლთა იდენტიფიცირება გენეტიკური ტესტირების შედეგებთან პროცესის უფრო ადრეულ სტადიაზე მიღებული მათი გენეტიკური პროფილების შედარებით...;
(7) აეღოთ მსხვერპლთა ნაშთების ნიმუშები შემდგომი ტოქსიკოლოგიური, ჰისტოპათოლოგიური და გენეტიკური გამოკვლევისათვის.“
პროკურორმა ასევე დაადგინა (მისი გადაწყვეტილების IV პუნქტი), რომ ზემოაღნიშნული ზომების განსახორციელებლად, უნდა მომხდარიყო ოთხმოცდასამი მსხვერპლის სხეულის ექსჰუმაცია სხვადასხვა თარიღით.
15. თავის გადაწყვეტილებაში პროკურორმა აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ავიაკატასტროფის შემდეგ დაუყოვნებლივ ჩაატარა მსხვერპლთა სხეულების გამოკვლევა და იდენტიფიცირება. ამის შემდეგ მსხვერპლთა ნაშთები რეპატრირებულ და დაკრძალული იქნენ პოლონეთში. გამოძიების პროცესში ვარშავის სამხედრო პროკურატურაში წარმოიშვა ეჭვი მსხვერპლთა იდენტიფიცირებისა და მათ მიერ განცდილი დაზიანებების აღწერასთან მიმართებით რუსი ექსპერტების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. 2011 წლის აგვისტოდან სამხედრო პროკურატურამ ჩაატარა ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ცხრა გვამის ექსჰუმაცია და გამოკვლევა. შედეგებმა დაადასტურა, რომ რუს ექსპერტებს სათანადოდ არ ჰქონდათ აღწერილი ის დაზიანებები, რაც მსხვერპლებმა განიცადეს, ცხრა ექსჰუმირებული გვამიდან ექვსის შემთხვევაში კი, არასწორად იყო მომხდარი იდენტიფიკაცია. პროკურორი მიუთითებდა, რომ ამ ვითარებაში კვლავ რჩებოდა ეჭვები ავარიის სხვა მსხვერპლებთან დაკავშირებით. მისი მიზანი ასევე იყო ეჭვების გადაწყვეტა ბორტზე სავარაუდო აფეთქებასთან დაკავშირებით.
16. 2016 წლის 12 ოქტომბერს მეორე მომჩივანმა წერილით მიმართა იუსტიციის მინისტრს - გენერალურ პროკურორს, რომელშიც იგი ეწინააღმდეგებოდა მისი ქმრის გვამის ექსჰუმაციას. 2016 წლის 14 ოქტომბერს მომჩივანმა იგივე წერილით მიმართა სახელმწიფო პროკურატურას, მიუთითებდა რა, რომ იგი დარწმუნებული იყო იმაში, რომ მისი ქმარი ზუსტად იყო იდენტიფიცირებული. იგი იმყოფებოდა მოსკოვის ექსპერტიზის ინსტიტუტში, სადაც ჩატარდა მსხვერპლთა იდენტიფიცირება და თვითონ ნახა მისი ქმრის სხეული. სახელმწიფო პროკურატურამ ორივე წერილს უარყოფითად უპასუხა. მეორე მომჩივანს ასევე ეცნობა, რომ თითოეულ ექსჰუმაციამდე შედგებოდა შეხვედრა მსხვერპლთა ნათესავებთან იმ მიზეზების ასახსნელად, თუ რატომ უნდა ჩატარებულიყო ექსჰუმაცია.
17. პროკურორის 2016 წელის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება მომჩივნის ადვოკატს ჩაბარდა 2016 წლის 20 ოქტომბერს.
18. 2016 წლის 27 ოქტომბერს მომჩივანმა პირადად და ადვოკატის მეშვეობით წარადგინა შუალედური საჩივრები (zażalenie) პროკურორის 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე. საჩივრებში ეწინააღმდეგებოდა მისი ქმრის ნაშთების ექსჰუმაციას და ითხოვდა გადაწყვეტილების შესაბამისი ნაწილის შეცვლას.
19. მომჩივანმა განმარტა, რომ პროკურორი დაეყრდნო სსსკ-ის 209-ე მუხლის 1-ლ პუნქტსა და 210-ე მუხლს, კონსტიტუციის შესაბამისი დებულებების მხედველობაში მიუღებლად. უფრო მეტიც, პროკურორის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა სსსკ-ის მე-2 მუხლის 1(3)-ელ პუნქტს, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის პროცესი უნდა ითვალისწინებდეს დაზარალებულების სამართლებრივ ინტერესებს. მომჩივნები ასევე ჩიოდნენ, რომ გადაწყვეტილება იყო ბუნდოვანი და ზერელე. პროკურორმა სათანადოდ არ დაასაბუთა, თუ რატომ იყო მათი ქმრების ნაშთების ექსჰუმაცია აუცილებელი, მაშინ როცა ის უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი უკიდურესი ზომა.
20. მომჩივანთა მოსაზრებით, ექსჰუმაციის გადაწყვეტილება არღვევდა მათი ქმრების ნაშთების სათანადო პატივისცემის უფლებას, ისევე, როგორც გარდაცვლილი ნათესავისთვის პატივის მიგების (kult osoby zmarłej) პირად უფლებას. გარდა ამისა, ყველა მსხვერპლის ექსჰუმაციის შესახებ ერთიანი ბრძანების გამოცემით, მათი ინდივიდუალური გარემოებების მხედველობაში მიუღებლად, პროკურორმა გამოავლინა მსხვერპლთა მიმართ უპატივცემულობა, რითაც შეილახა მათი ოჯახების ღირსების უფლება.
21. მომჩივნებმა მოიხმეს კონსტიტუციის მე-2, 30-ე, 45-ე და 47-ე მუხლები, ამტკიცებდნენ რა, რომ, inter alia, პროკურორმა სსსკ-ის მუხლების გამოყენებით შელახა პიროვნების ღირსების თანდაყოლილი უფლება. ისინი ასევე ეყრდნობოდნენ კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებს. მომჩივნები ასევე დავობდნენ, რომ პროკურორმა არ გააცნო მათ თავის გადაწყვეტილებაზე შუალედური საჩივრის წარდგენის უფლება.
22. დაბოლოს, მომჩივნები ასევე ეყრდნობოდნენ ომბუდსმენის მიერ გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ, 2016 წლის 25 ოქტომბრის წერილს, რომელშიც ჩამოყალიბებული იყო ექსჰუმაციის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში განხილვის მხარდამჭერი არგუმენტები. ომბუდსმენი მიიჩნევდა, რომ ადამიანთა ნაშთების ექსჰუმაცია პროკურორის გადაწყვეტილების საფუძველზე, წარმოადგენდა გარდაცვლილი ნათესავებისთვის პატივის მიგების უფლებაში ჩარევას, რაც წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსით დაცულ ერთ-ერთ პირად უფლებას. ეს უფლებები წარმოადგენდა პირის პირადი ცხოვრების ნაწილს. კონსტიტუციის 47-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, სამართლებრივი გზით დაიცვას მისი პირადი ცხოვრების უფლება. ამ დებულების ფონზე, ყველა ვინც მიიჩნევდა, რომ მისი უფლება დარღვეული იყო ხელისუფლების ორგანოს მხრიდან, უფლება ჰქონდა, მოეთხოვა სამართლებრივი დაცვა. ნათესავებს უნდა მისცემოდათ სამართლებრივი დაცვის საშუალებები პროკურორის გადაწყვეტილების პროპორციულობის საკითხის შეფასების მიზნისთვის.
23. 2016 წლის 23 და 24 ნოემბერს და 6 დეკემბერს, შესაბამისად, პროკურორმა არ განიხილა მომჩივანთა შუალედური საჩივრები, მიუთითა, რომ ისინი კანონის შესაბამისად, არ დაიშვებოდა. მან განაცხადა, რომ მომჩივნებმა არასწორად განმარტეს მისი 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმგვარად, თითქოს ის წარმოადგენდა მათი ქმრების ნაშთების ექსჰუმაციის საფუძველს. მათი გარდაცვლილი ნათესავების ექსჰუმაციის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო ცალკე, რომლითაც დაზუსტებული იქნებოდა ექსჰუმაციის დრო და ადგილი. მიუხედავად ამისა, იგი მიუთითებდა, რომ სსსკ-ის 210-ე მუხლის საფუძველზე მიღებული ექსჰუმაციიის გადაწყვეტილება არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას. მისი გადაწყვეტილება, რომლითაც უარი თქვა შუალედური საჩივრის განხილვაზე, არ შეიცავდა რაიმე მითითებას კონსტიტუციის და კონვენციის დებულებებზე, რაც წამოჭრილი ჰქონდათ მომჩივნებს.
24. 2016 წლის 6, 7 და 21 დეკემბერს, შესაბამისად, მომჩივნებმა წარადგინეს შუალედური საჩივარი პროკურორის გადაწყვეტილებაზე ვარშავის სამხარეო სასამართლოში. ისინი მიუთითებდნენ, რომ პროკურორის უარით, განეხილა მათი შუალედური საჩივარი დაირღვა კონსტიტუციის (45-ე, 47 მუხლები და 77-ე მუხლის მე-2 პუნქტი), კონვენციისა (მე-3, მე-8 და მე-13) და სსსკ-ის დებულებები. მათი მოსაზრებით, სსსკ-ის მუხლების, კონსტიტუციის და ადამიანის უფლებების ფონზე, სწორი განმარტების შედეგად, დასაშვებად უნდა ყოფილიყო მიჩნეული მათი შუალედური საჩივარი პროკურორის 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.
25. მომჩივნებმა ხაზი გაუსვეს მათ ღირსების უფლებას, ადამიანთა ნაშთების პატივისცემის ვალდებულბას და მათ უფლებას, პატივი ეცათ გარდაცვლილი ნათესავისთვის. ისინი მიიჩნევდნენ, რომ 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება შეეხებოდა არა მხოლოდ ექსპერტთა გუნდის შექმნას, არამედ ასევე მათი ქმრების ნაშთების ექსჰუმაციას. მათი მოსაზრებით, გადაწყვეტილება იყო მათი ქმრების ნაშთების ექსჰუმაციის გადაწყვეტილების წინაპირობა; პროკურორს შემდგომში მხოლოდ ექსჰუმაციის ზუსტი დრო უნდა დაედგინა. ექსჰუმაციის შესახებ გადაწყვეტილებით ილახებოდა მომჩივანთა კანონიერი ინტერესები, ხოლო პროკურორის გადაწყვეტილების შემოწმების გზით სამართლებრივი დაკმაყოფილების მიღება კონსტიტუციის მოთხოვნას წარმოადგენდა. მომჩივნები ასევე განმარტავდნენ, რომ პროკურორმა არ უპასუხა კონსტიტუციასა და კონვენციაზე დამყარებულ მათ არგუმენტებს.
26. მომჩივნები ასევე იმეორებდნენ ომბუდსმენის 25 ოქტომბრის წერილში და შემდგომში გენერალური პროკურორის მოადგილის სახელზე მომზადებულ, 2016 წლის 2 და 18 ნოემბრის წერილებში, ჩამოყალიბებულ არგუმენტებს.
27. 2017 წლის 3 აპრილს ვარშავის სამხარეო სასამართლომ (საქმე N VIII Kp 17/17) გადაწყვიტა შეკითხვით მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, სსსკ-ის 210-ე მუხლის კონსტიტუციურობის საკითხზე, რამდენადაც მისი დებულებები არ ითვალისწინებდა გვამის ექსჰუმაციის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილებაზე შუალედური საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას. სასამართლო ამტკიცებდა, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის 45-ე მუხლს (სასამართლოსთვის მიმართვის უფლება), 47-ე მუხლს (პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება) და 78-ე მუხლს (გასაჩივრების უფლება) და ასევე კონვენციის მე-8 და მე-13 მუხლებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ პროკურორის გადაწყვეტილება წარმოადგენდა ექსჰუმაციის საკითხის წინასწარ გადაწყვეტას.
გააანალიზა რა სსსკ-ის დებულებები, სამხარეო სასამართლომ დაადგინა, რომ პროკურორის გადაწყვეტილებები გვამების გამკვლევისა (სსსკ-ის 209-ე მუხლი) და ექსჰუმაციის (სსსკ-ის 210-ე მუხლი) შესახებ არ ექვემდებარებოდა სასამართლოს მიერ გადასინჯვას. ასევე, inter alia, აღნიშნა, რომ გლოვის უფლება და გარდაცვლილი ადამიანის ახლო ნათესავების ამ უფლების პატივისცემა ემთხვეოდა კონსტიტუციით დაცულ „პირადი და ოჯახური ცხოვრების“ პატივისცემის უფლებას. ხელისუფლების მიერ ამ უფლებაში ჩარევის შედეგად, შესაბამისი პირი აღჭურვილი უნდა ყოფილიყო სათანადო სამართლებრივი დაცვით. სსსკ-ის 210-ე მუხლი კონსტიტუციისა და კონვენციის პერსპექტივიდან ნაკლიანი იყო, არ ითვალისწინებდა რა, ექსჰუმაციის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოს გზით გადასინჯვის შესაძლებლობას.
28. სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით საქმის წარმოების გამო, ვარშავის სამხარეო სასამართლოში შეჩერდა საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტამდე. საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოება ამჟამადაც მიმდინარეობს (საქმე N P 18/17).
29. 2017 წლის 24 მაისს მომჩივნებმა სახელმწიფო პროკურატურისგან კიდევ ერთხელ მოიხოვეს ექსჰუმაციის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება, რაზედაც პროკურატურამ უარყოფითად უპასუხა 2017 წლის 7 ივნისს.
30. მთავრობამ სასამართლოს აცნობა, რომ მომჩივანთა ქმრების ექსჰუმაცია თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2018 წლის 24 და 26 აპრილს. ექსჰუმაციები დაგეგმილი იყო რიგის მიხედვით, ოჯახების წევრთა სურვილების გათვალისწინებით და პირველად განხორციელდებოდა იმ მსხვერპლთა გვამების ექსჰუმაცია, რომელთა ოჯახის წევრები არ დავობდნენ. იმ მსხვერპლთა გვამების ექსჰუმაცია, რომელთა ოჯახის წევრები ასაჩივრებდნენ პროკურორის გადაწყვეტილებას, განხორციელდებოდა მოგვიანებით.
31. 2018 წლის 13 აპრილს პროკურორმა გამოსცა ორი ბრძანება მომჩივნების ქმრების გვამების ექსჰუმაციის შესახებ 2018 წლის 14 და 16 მაისს, შესაბამისად. პროკურორმა განაცხადა, რომ ის ბრძანებები გამოცემული იყო 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად. დასაბუთება შემოიფარგლებოდა მიმდინარე გამოძიებასა და 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე მოკლე მითითებით.
32. მომჩივნებმა წარადგინეს შუალედური საჩივრები ბრძანებებზე 2018 წლის 13 აპრილს. 2018 წლის 27 აპრილსა და 7 მაისს პროკურორმა უარი თქვა, განეხილა მომჩივნების შუალედური საჩივრები, იმ საფუძვლით, რომ კანონმდებლობით არ იყო დადგენილი გასაჩივრების წესი.
33. 2018 წლის 7, 8 და 9 მაისს მომჩივნებმა შუალედური საჩივრები პროკურორის ბრძანებებზე, რომლთაც უარი ეთქვათ საჩივრების განხილვაზე, წარადგინეს ვარშავის სამხარეო სასამართლოში. ისინი ამტკიცებდნენ, რომ პროკურორის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა სსსკ-ისა და კონსტიტუციის სხვადასხვა დებულებებს, ისევე როგორც კონვენციის მე-3, მე-8 და მე-13 მუხლებს.
34. მთავრობამ განმარტა, რომ სახელმწიფო პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფის წევრთა ქცევის კოდექსის შესაბამისად, გამოძიების მწარმოებელმა პროკურორებმა გამართეს შეხვედრა მომჩივნებსა და მათ ადვოკატებთან იმისთვის, რომ აეხსნათ დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებების მიზეზები, გამოეკვეთათ გვამების გამოკვლევის მიზანი და განემარტათ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ოჯახების მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში და ხელახალი დაკრძალვის საკითხები.
35. 2018 წლის 19 აპრილს მეორე მომჩივნის ადვოკატმა სახელმწიფო პროკურატურას აცნობა, რომ მისი კლიენტი არ მიიღებდა მონაწილეობას პროკურორთან დაგეგმილ შეხვედრაში, რადგან იგი ეწინააღმდეგებოდა ექსჰუმაციას. დაგეგმილი ექსჰუმაციის ყველა ასპექტთან დაკავშირებით პროკურორთან კომუნიკაცია ჰქონდა ადვოკატს.
36. 2018 წლის 24 აპრილს პირველი მომჩივანი და მისი ადვოკატი მონაწილეობდნენ გამოძიების მწარმოებელ პროკურორთან შეხვედრაში. [შეხვედრის] მონაწილეებმა განიხილეს ექსჰუმაციის საორგანიზაციო საკითხები.
37. მეორე მომჩივნის ქმრის, ბატონი არკადიუშ რიბიცკის ნაშთის ექსჰუმაცია ჩატარდა 2018 წლის 14 მაისს. მედიაში გავრცელებული რეპორტაჟების მიხედვით, რამდენიმე ასეული პირი მშვიდობიანად აპროტესტებდა ექსჰუმაციას გდანსკის სასაფლაოზე. ექსჰუმაციის პროცესი მიმდინარეობდა პოლიციის დიდი ჯგუფის თანხლებით.
38. პირველი მომჩივნის ქმრის, ბატონი ლეშეკ სოლსკის ნაშთის ექსჰუმაცია განხორციელდა 2018 წლის 16 მაისს.
39. გამოძიება ისევ მიმდინარეობს.
გ. სამოქალაქოსამართლებრივი პროცესი
40. 2016 წლის 3 ნოემბერს მომჩივნებმა სამოქალაქო სასამართლოებში მოითხოვეს უზრუნველყოფის ღონისძიების სახით პროკურორისთვის მათი ქმრების გვამების ექსჰუმაციის გადაწყვეტილების აღსრულების აკრძალვა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ამით მოხდებოდა ჩარევა მათ პირად უფლებაში, პატივი ეცათ თავიანთი ნათესავების ხსოვნისთვის.
41. 2016 წლის 10 ნოემბერს ვარშავის სამხარეო სასამართლომ არ დააკმაყოფილა უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადება. სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნებმა დაასაბუთეს, რომ დაგეგმილი ექსჰუმაციებით დაირღვეოდა მათი პირადი უფლებები, კერძოდ, მათი უფლება პატივი ეცათ გარდაცვლილი ნათესავების ხსოვნისთვის. ექსჰუმაცია, გვამის გამოკვლევა და ხელახალი დაკრძალვა წარმოადგენდა ამ უფლებაში ჩარევას, თუმცა, სამხარეო სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნებმა ვერ დაასაბუთეს, რომ დაგეგმილი ჩარევა მათ პერსონალურ უფლებებში იქნებოდა უკანონო და შესაბამისად, არ დააკმაყოფილა მათი საჩივარი. სსსკ-ის 209-ე და 210-ე მუხლების თანახმად, პროკურორი უფლებამოსილი იყო გამოეცა ექსჰუმაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოძიების კონტექსტში, რომლის მიხედვითაც გარდაცვალების საკითხი ეჭვით იყო მოცული. კანონმდებლობით გადაწყვეტილი იყო, რომ ოჯახის წევრთა სურვილისა და თანხმობის მიუხედავად, პროკურორი ვალდებული იყო დაენიშნა გვამების გამოკვლევა გარდაცვალებასთან დაკავშირებული ყველა ეჭვის გადასაწყვეტად და თუ გვამები დაკრძალული იყო, ასევე მიეღო მათი ექსჰუმაციის გადაწყვეტილება. კანონმდებელმა ამ შემთხვევაში პრიორიტეტი მიანიჭა მძიმე დანაშაულების გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ოჯახის გარდაცვლილი წევრების ხსოვნის პატივისცემის უფლების დაცვასთან შედარებით.
42. 2016 წლის 5 დეკემბერს ვარშავის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნის მიერ წარდგენილი შუალედური საჩივარი და დაეთანხმა სამხარეო სასამართლოს დასკვნებს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენდა მომჩივნების არგუმენტები სსსკ-ის 209-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და 210-ე მუხლის არაკონსტიტუციურობის შესახებ, რადგან პროკურორის გადაწყვეტილება ექსჰუმაციის დანიშვნის შესახებ არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას. დაადგინა, რომ ის მუხლები საბოლოოდ არაკონსტიტუციურადაც რომ გამოცხადებულიყო, ეს პროკურორის გადაწყვეტილებას უკანონოდ ვერ აქცევდა.
II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა
ა. პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია
43. კონსტიტუციის შესაბამისი მუხლები ამგვარია:
მუხლი 45 § 1
„ყველას აქვს მისი საქმის კომპეტენტური, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება, უსაფუძვლო გაჭიანურების გარეშე.“
მუხლი 47
„ყველას აქვს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების სამართლებრივი დაცვის, მისი ღირსებისა და კარგი რეპუტაციის დაცვისა და პირადი ცხოვრების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების უფლება“.
მუხლი 77 § 2
„კანონით არ შეიძლება რომელიმე პირს აეკრძალოს თავისუფლებებისა და უფლებების სავარაუდო დარღვევების გამო საქმეებზე სასამართლოსთვის მიმართვის უფლება.”
მუხლი 79 § 1
„კანონში გათვალისწინებული პრინციპების თანახმად, ნებისმიერი პირს, ვისი კონსტიტუციური თავისუფლებებიცა და უფლებებიც იქნა დარღვეული, უფლება აქვს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის, ან სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელის საფუძველზეც სასამართლომ ან ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა საბოლოო გადაწყვეტილება მის თავისუფლებებსა და უფლებებთან ან მისი კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით.“
მუხლი 193
„ნებისმიერ სასამართლოს შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეკითხვით სამართლებრივ საკითხზე, შეესაბამება, თუ არა კონსტიტუციას, რატიფიცირებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს კანონი ან ნორმატიული აქტი, თუ ასეთი სამართლებრივი შეკითხვის პასუხით გადაწყდება ამ სასამართლოს წინაშე განსახილველი საკითხი“.
ბ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
44. სსსკ-ის 236-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ პირებს, რომელთა უფლებებიც დაირღვა გამოძიების პროცესში გამოცემული ჩხრეკისა და ამოღების ბრძანებით, უფლება აქვთ, წარადგინონ შუალედური საჩივარი ასეთ ბრძანებაზე რაიონულ სასამართლოში. სსსკ-ის 240-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ პროკურორის ბრძანება სატელეფონო საუბრების მოსმენისა და ჩაწერის შესახებ ექვემდებარება შუალედურ გასაჩივრებას. სსსკ-ის 252-ე მუხლის მე-2 პუნქტით, იგივე წესი არის დადგენილი პრევენციული ღონისძიების აღსრულების გამო პროკურორის ბრძანების გასაჩივრებასთან დაკავშირებით.
45. სსსკ-ის 209-ე მუხლი, რამდენადაც აქ შეესაბამება, ითვალისწინებს შემდეგს:
„1. თუ არსებობს ეჭვი, რომ გარდაცვალების მიზეზი იყო დანაშაული, გვამის დათვალიერება და გამოკვლევა სავალდებულოა.
...
4. გვამის გამოკვლევა უნდა ჩაატაროს ექსპერტმა პროკურორის ან სასამართლოს მონაწილეობით. ... “
46. სსსკ-ის 210-ე მუხლი ამგვარია:
„გვამის დათვალიერების ან გამოკვლევის ჩასატარებლად, პროკურორს შეუძლია დანიშნოს გვამის ექსჰუმაცია“.
C. სასაფლაოების და სამარხების შესახებ 1959 წლის 31 იანვრის კანონის კომენტარები
47. სასაფლაოების და სამარხების შესახებ კანონის (ustawa o cmentarzach i chowaniu zmarłych) მე-10 (1) მუხლი ითვალისწინებს, რომ გარდაცვლილი პირის ოჯახის ცოცხალ წევრებს უფლება აქვთ დაკრძალონ გვამი.
48. მე-15(1) მუხლი, როგორც აქ შეესაბამება, ითვალისწინებს შემდეგს:
გვამისა და ნაშთის ექსჰუმაცია შეიძლება ჩატარდეს:
1) დაკრძალვის უფლების მქონე პირების დასაბუთებული თხოვნით შესაბამისი სანიტარული ინსპექტორის თანხმობით,
2) პროკურორის ან სასამართლოს ბრძანებით,
3) ...“
დ. უმაღლესი სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკა გარდაცვლილი ნათესავის ხსოვნის პატივისცემის უფლებასთან დაკავშირებით
49. 2009 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებაში N I CSK 346/08, უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ გარდაცვლილი ახლო ნათესავის ხსოვნის პატივისცემის ემოციური სფერო შეიძლება დაცული იყოს სამოქალაქო კოდექსის 23-ე და 24-ე მუხლებით. გარდაცვლილი პირის ხსოვნასთან დაკავშირებული პირადი უფლება შედგება არა მხოლოდ დაკრძალვის ორგანიზებისა და სასაფლაოზე პატივის მიგების უფლებისგან, ის ასევე მოიცავს ნათესავების ემოციურ სფეროს და, გარდაცვლილი ნათესავის მიმართ სათანადო პატივისცემის გამოხატვის უფლებას. ეს იყო დამოუკიდებელი უფლება, რომელიც ეფუძნებოდა შესაბამისი ცოცხლად დარჩენილი პირების ოჯახურ ურთიერთობებს გარდაცვლილ პირთან.
50. 2015 წლის 10 დეკემბრის N V CSK 201/15 გადაწყვეტილებაში უმაღლესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მის მიერ კარგად ჩამოყალიბებული პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, გარდაცვლილი ნათესავის გვამის დაკრძალვის უფლება (სასაფლაოების და სამარხების შესახებ კანონის მე-10(1) მუხლი), ექსჰუმაციის უფლებასთან ერთად (იმავე კანონის მე-15(1)(1) მუხლი) და გარდაცვლილი ნათესავის ხსოვნის პატივისცემის უფლება, წარმოადგენდა პირად უფლებას. ის ცნობილი იყო, როგორც საფლავზე უფლება და დაცული იყო სამოქალაქო კოდექსის 23-ე და 24-ე მუხლებით.
51. თავის N III CZP 24/16, 2016 წლის 29 ივნისის რეზოლუციაში უმაღლესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გარდაცვლილი პირის პატივისცემა იყო ევროპული კულტურის მნიშვნელოვანი ელემენტი, ისევე როგორც, კათოლიკური დოქტრინის ერთ-ერთი საფუძვლის მიხედვით, გარდაცვლილი პირის გვამს უნდა მოეპყრო „პატივისცემითა და სიყვარულით“. ამ მიზეზებით, გვამის სამართლებრივი სტატუსი უნიკალური იყო. არ არსებობდა რაიმე სამართლის ნორმა, რომელიც განსაზღვრავდა უშუალოდ გვამებისა და ადამიანის ნაშთების პატივისცემის ვალდებულებას, თუმცა, საყოველთაოდ იყო გავრცელებული აქსიომატური მორალური ვალდებულება, რომელიც ზოგიერთი საკანონმდებლო ნორმის საფუძველზეც იყო წარმოშობილი. ის ნორმები, კერძოდ, შეიცავდა დებულებებს პირადი უფლებების დაცვის შესახებ, როგორიცაა გარდაცვლილი პირის ხსოვნის პატივისცემა (kult osoby zmarłej) და საფლავზე უფლება, სამედიცინო კანონმდებლობის დებულებებს და სხვა კანონებს. ის ნორმები, ისევე, როგორც მათი განმარტებები, შეეხებოდა გარდაცვლილებს და გვამთან შეხებას დასაშვებად აცხადებდა მხოლოდ გამონაკლისის სახით, კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
52. უმაღლესმა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს ან პროკურორს შეეძლოთ გამოეცათ გვამის ან ნაშთების ექსჰუმაციის ბრძანება, სისხლის ან სამოქალაქო პროცესის მიმდინარეობისას, საგამოძიებო ან მართლმსაჯულების განხორციელებაში თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, როდესაც ეს განპირობებული იყო მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 292-ე და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლებიდან გამომდინარე.
სამართალი
I. საჩივრების გაერთიანება
53. მსგავსი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების გათვალისწინებით, სასამართლოს რეგლამენტის 42-ე წესის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სასამართლომ მიიღო საჩივრების გაერთიანების გადაწყვიტილება.
II. კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
54. მომჩივნები ჩიოდნენ, რომ მათი თანხმობის გარეშე მათი ქმრების ნაშთების ექსჰუმაცია და პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ გადასინჯვის [მექანიზმის] არარსებობა წარმოადგენდა კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ მათ უფლებებში თვითნებურ ჩარევას. მე-8 მუხლი, როგორც აქ შეესაბამება, ამგვარია:
„1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას...
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.“
ა. მისაღებობა
1. მთავრობის განმარტებები
55. მთავრობამ აღძრა წინასწარი შესაგებელი სამართლებრივი დაცვის ეროვნული საშუალებების ამოუწურავობასთან დაკავშირებით. მათი მოსაზრებით, ამ საჩივრის წარდგენა ნაჩქარევი იყო, რადგან ეროვნულ სასამართლოში შეჩერებული იყო საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკითხის განხილვამდე, რომელსაც სამართლებრივი კითხვით მიმართა ვარშავის რაიონულმა სასამართლომ 2017 წლის 3 აპრილს.
56. მთავრობამ განმარტა, რომ ვარშავის სამხარეო სასამართლომ, განიხილავდა რა მომჩივანთა შუალედურ საჩივრებს, მართებულად მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც წარმოადგენდა ერთადერთ კომპეტენტურ ორგანოს, შეეფასებინა კონკრეტულ საქმეზე გამოსაყენებელი სამართლის ნორმების კონსტიტუციურობა, აკადემიური მოსაზრებებისა და ეროვნული პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციით საკონსტიტუციო სასამართლოს აშკარად ჰქონდა მინიჭებული, კანონების კონსტიტუციურობის შეფასების ექსკლუზიური კომპეტენცია.
57. ქვეყნის სასამართლოს, გაუჩნდა რა გარკვეული ეჭვები სსსკ-ის 210-ე მუხლის კონსტიტუციასა და კონვენციასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით, არ ჰქონდა სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ კონსტიტუციის 193-ე მუხლის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართა სამართლებრივი შეკითხვით. ეს აღმოჩნდა ერთადერთი გზა იმისათვის, რომ მომჩივნების მიერ თავიანთ შუალედურ საჩივარში წარდგენილ საჩივრებს, მათ შორის, კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე, გასცემოდა პასუხი. მოვლენების ამგვარი განვითარება გონივრულად მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო მომჩივნებისთვის, ან, სულ მცირე, მათ უნდა გაევლოთ ის გზა, რადგანაც მათ თვითონ წამოჭრეს სსსკ-ის სადავო დებულებების კონსტიტუციურობის შემოწმების საკითხი. მომჩივნები რომ დალოდებოდნენ ქვეყნის სისტემის შიგნით მათი უფლებების დაცვას და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას, არ უნდა ყოფილიყო გამორიცხული, რომ მათი მოთხოვნები გათვალისწინებული იქნებოდა და ქვეყნის შიგნით მიიღებდნენ სათანადო სამართლებრივ დაცვას. ამის ნაცვლად, როგორც კი ვარშავის სამხარეო სასამართლომ წარადგინა სამართლებრივი შეკითხვა, მომჩივნებმა დაუყოვნებლივ წარადგინეს მოცემული საჩივარი.
58. მომჩივანთა არგუმენტებთან დაკავშირებით, რომ სამხარეო სასამართლოს უშუალოდ უნდა გამოეყენებინა კონსტიტუციის შესაბამისი დებულებები, მთავრობამ განმარტა, რომ ასეთი შესაძლებლობა შეიძლებოდა მხოლოდ მას შემდეგ მისცემოდათ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად გამოაცხადებდა გადაწყვეტილების კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძვლებს.
59. მომჩივნის მოსაზრებები საკონსტიტუციო სასამართლოს არაეფექტურობასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შეფასდა, როგორც ზედმეტად გაცდენილი ამ საქმის ფარგლებს და დაუსაბუთებელი. არ არსებობდა საფუძველი მტკიცებისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უძლური იყო სრულყოფილად განეხორციელებინა თავისი მოვალეობები. სეიმის (პარლამენტის ქვედა პალატა) მიერ მიღებული საკანონმდებლო ნაბიჯები 2015-სა და 2016 წლებში საგანგებოდ იყო მიმართული იმისკენ, რომ გაეუმჯობესებინა საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები სრული თავისუფლებით სარგებლობდნენ სასამართლოს მიერ განსახილველი ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას. მომჩივანთა არგუმენტების უმრავლესობა იყო პოლიტიკური ხასიათის და მიმართული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტის, დისკრედიტაციისკენ. მთავრობამ მოუწოდა სასამართლოს, მხედველობაში არ მიეღო ის არგუმენტები.
60. მთავრობამ მოიშველია სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკა, რომელიც მიუთითებდა, რომ სამართლებრივი ნორმის კონსტიტუციურობისა და უფრო მაღალი იურიდიული ძალის მქონე დებულებასთან მისი შესაბამისობის შემოწმების საკითხის წამოჭრა მომჩივნებს იმ ვითარებაში მოეთხოვებოდათ, სადაც ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებაში შედიოდა, თუ ისინი სადავოდ ხდიდნენ კანონის დებულებას თავისთავად, როგორც კონვენციის საწინააღმდეგოს (ლიეპაინიეკსი ლატვიის წინააღმდეგ (Liepājnieks v. Latvia) (განჩ.), N 37586/06, 2 ნოემბერი 2010 და გრიშანკოვა და გრიშანკოვსკი ლატვიის წინააღმდეგ (Grišankova et Grišankovs v. Latvia) (განჩ.), N 36117/02, 13 თებერვალი 2003). საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სსსკ-ის სადავო დებულებების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაში, ეროვნულ სასამართლოს მიეცემოდა მომჩივნის შუალედური საჩივრის განხილვის შესაძლებლობა.
2. მხარეთა განმარტებები
61. მომჩივნები არ დაეთანხმნენ მთავრობის შესაგებელს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში, ვარშავის სამხარეო სასამართლოს წინაშე შეჩერებული პროცესი უარყოფითად არ იმოქმედებდა ამ საჩივრის მისაღებობაზე. იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აღარ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ეფექტურ და მიუკერძოებელ ორგანოდ, რომელიც შეასრულებდა თავის კონსტიტუციურ ვალდებულებებს.
62. ითვალისწინებდნენ რა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აღარ წარმოადგენდა დამოუკიდებელ და ეფექტურ ორგანოს და იცნობდნენ რა, საკონსტიტუციო სასამართლოში არსებულ მდგომარეობას, მომჩივნებს არასოდეს უთხოვიათ ვარშავის სამხარეო სასამართლოსთვის, მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სამართლებრივი შეკითხვით. პირიქით, მათმა ადვოკატმა 2017 წლის 9 მარტის სასამართლო სხდომაზე სამხარეო სასამართლოს მიმართა პროკურორის გადაწყვეტილების პირდაპირ კონსტიტუციის საფუძველზე გაუქმების მოთხოვნით.
63. საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ეფექტურობის საკითხის ეჭვქვეშ დაყენების მიუხედავად, მომჩივნები ხაზს უსვამდნენ, რომ არც საკონსტიტუციო სასამართლო და, არც ვარშავის სამხარეო სასამართლო იყო უფლებამოსილი, შეეჩერებინა პროკურორის გადაწყვეტილების აღსრულება. ფაქტობრივად ექსჰუმაცია განხორციელდა, შესაბამისად, 2018 წლის 14 და 16 მაისს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის დალოდების გარეშე. მომჩივნების აზრით, პროკურორის გადაწყვეტილების შეჩერების რაიმე პერსპექტივის არარსებობისას მათი ერთერთი სამართლიანი დაკმაყოფილება, რასაც ისინი თეორიულად მიიღებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოსა და სამხარეო სასამართლოს მიერ საქმის მრავალწლიანი განხილვის შემდეგ, შეიძლებოდა ყოფილიყო მორალური კმაყოფილება იმის დადასტურებით, რომ ექსჰუმაცია უკანონო იყო. სამართლიანი დაკმაყოფილების მისაღებად მათ მიერ განცდილი მორალური ზიანისთვის უნდა წამოეწყოთ სამოქალაქოსამართლებრივი პროცესი, რაც შეიძლებოდა მრავალ წელს გაგრძელებულიყო. ამდენად, მომჩივნებს სწამდათ, რომ ერთადერთი ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება მათ საქმეზე, იქნებოდა სუსპენზიური შუალედური საჩივარი გვამის ექსჰუმაციის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილებიოს თაობაზე.
63. დაბოლოს, მომჩივნებმა წარუმატებლად მიმართეს სამოქალაქო სასამართლოებს უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, ექსჰუმაციების შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების გამოყენების მოთხოვნით. ამასთან დაკავშირებით ისინი დაეყრდნენ სასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკას, რომლის მიხედვით, „როდესაც სამართლებრივი დაცვის საშუალება გამოყენებულია, დაცვის სხვა საშუალების გამოყენება, რომელიც არსებითად იგივე მიზანს ემსახურება, არ მოითხოვება“ (იელიჩიჩი ბოსნია და ჰერცოგოვინას წინააღმდეგ (Jeličić v. Bosnia and Herzegovina) (განჩ.), N 41183/02, ECHR 2005‑XII (ამონარიდები)). შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მათ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა გამოიყენეს, სამართლიანად არ მოეთხოვებოდათ დაცვის სხვა საშუალებების გამოყენება.
64. მომჩივნები ხაზს უსვამდნენ, რომ ეროვნული კანონმდებლობა არ აღჭურავდა მათ ეფექტური დაცვის საშუალებით, რომელიც შეიძლებოდა გამოეყენებინათ, [ადამიანის უფლებათა ევროპული] სასამართლოსთვის მიმართვამდე.
3. სასამართლოს შეფასება
65. სასამართლო იმეორებს, რომ 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მას შეუძლია მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტოს საქმე, რაც ამოწურულია დაცვის ყველა შიდა საშუალება. მომჩივნებმა შიდა სასამართლოებს უნდა მისცენ, რაც პრინციპში, მოსალოდნელია, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოებში ხელმისაწვდომია, მათი უფლებების სავარაუდო დარღვევების პრევენციის ან აღიარების შესაძლებლობა. ეს წესი ემყარება იმ პრეზუმფციას, რომ ქვეყნის შიგნით არსებობს დაცვის ეფექტური საშუალება სავარაუდო დარღვევასთან მიმართებით. ერთადერთი საშუალება, რის ამოწურვასაც 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ითვალისწინებს, არის ის, რაც სავარაუდო დარღვევას უკავშირდება და ხელმისაწვდომი და საკმარისია. ასეთი საშუალებების არსებობა უნდა იყოს საკმარისად ცხადი, არამარტო თეორიულად, არამედ, პრაქტიკულადაც, რომლის გარეშეც ისინი მოკლებული არიან საჭირო ხელმისაწვდომობასა და ეფექტურობას: მოპასუხე სახელმწიფოს ვალდებულებაა დაასაბუთოს, რომ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილებულია (იხ. სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან ერთად, ვუშკოვიჩი და სხვები სერბეთის წინააღმდეგ (Vučković and Others v. Serbia) [დიდი პალატა], N 17153/11, §§ 69-77, 25 მარტი 2014 და პარილო იტალიის წინააღმდეგ (Parrillo v. Italy) [დიდი პალატა], N 46470/11, § 87, ECHR 2015, შემდგომი მითითებებით).
66. მოცემულ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე მიმდინარე საქმის წარმოებაზე მითითებით, რომელსაც მიმართეს საქმესთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხის გადასაწყვეტად, მთავრობა ამტკიცებდა, რომ საჩივრები ნაჩქარევი იყო. ვარშავის სამხარეო სასამართლომ, განიხილავდა რა, პროკურორის 2016 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებაზე წარდგენილ შუალედურ საჩივრებს, გადაწყვიტა მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სამართლებრივი შეკითხვით სსსკ-ის 210-ე მუხლის კონსტიტუციასთან და კონვენციასთან შესაბამისობის საკითხზე.
67. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული შეკითხვით მიმართვას არ მოუხდენია რაიმე პრაქტიკული ეფექტი მომჩივნების გარდაცვლილი ქმრების ნაშთების ექსჰუმაციის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ექსჰუმაციები განხორციელდა საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოების მიმდინარეობის მიუხედავად.
68. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ მთავრობის მიერ შეთავაზებული სამართლებრივი დაცვის საშუალება ფაქტობრივად იყო არაადეკვატური და არაეფექტური, საქმის კონკრეტული გარემოებების მხედველობაში მიღებით და იმ მოთხოვნიდან გამომდინარე, რომ ის დამოკიდებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებული საქმის შედეგზე (იხ. ზემოთ დასახელებული ვუშკოვიჩი და სხვები (Vučković and Others), § 77).
69. ამ დასკვნის გათვალისწინებით, სასამართლო აუცილებლად არ მიიჩნევს, განიხილოს მომჩივნის ის არგუმენტები, რაც დაკავშირებულია საკონსტიტუციო სასამართლოს ეფქეტურობისა და დამოუკიდებლობის ნაკლოვანებებთან.
70. აღნიშნულიდან გამომდინარე, მთავრობის შესაგებელი არ უნდა იქნეს გაზიარებული.
71. სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის 3(a) პუნქტიდან გამომდინარე. ასევე აღნიშნავს, რომ ის არ არის მიუღებელი, არც რაიმე სხვა საფუძვლით, შესაბამისად, უნდა გამოცხადდეს მისაღებად.
ბ. არსებითი მხარე
1. მომჩივანთა განმარტებები
72. მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ მხარეებს შორის სადავოს არ წარმოადგენდა ის, რომ გარდაცვლილი ოჯახის წევრების ხსოვნის უფლება ექცევა კონვენციის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის მოქმედების არეალში. ეს დასკვნა გამყარებული იყო სასამართლოს მიერ კარგად ჩამოყალიბებული პრეცედენტული პრაქტიკით ისეთ საქმეებში, როგორიცაა, მაგალითად: პანულო და ფორტე საფრანგეთის წინააღმდეგ (Pannullo and Forte v. France) (N 37794/97, ECHR 2001‑X), ქრესტენ ფილტენბორგ მორტესენის მამული დანიის წინააღმდეგ (Estate of Kresten Filtenborg Mortensen v. Denmark) (განჩ.), N 1338/03, ECHR 2006‑V), ადრი ვიონე შვეიცარიის წინააღმდეგ (Hadri-Vionnet v. Switzerland) (N 55525/00, 14 თებერვალი 2008), ჟირარი საფრანგეთის წინააღმდეგ (Girard v. France) (N 22590/04, 30 ივნისი 2011) და ელბერტე ლატვიის წინააღმდეგ (Elberte v. Latvia) (N 61243/08, ECHR 2015). თუმცა, მთავრობის პოზიციის საწინააღმდეგოდ, მომჩივნები მიიჩნევდნენ, რომ განსახილველი უფლება უფრო მეტად ოჯახური ცხოვრების ნაწილად უნდა ყოფილიყო მიჩნეული, ვიდრე პირადი ცხოვრებისა, რადგან ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობებთან და მათ ძლიერ ემოციურ კავშირებთან. ისინი დაეყრდნენ ადრეულ საქმეებს, რომლებშიც სასამართლომ იმსჯელა ხელისუფლების მიერ გამოყენებულ სხვადასხვა ზომებზე მომჩივანთა ნათესავი პირების ნაშთებთან მიმართებით, რითაც ადგილი ჰქონდა ჩარევას მათ პირად და ოჯახურ ცხოვრებაში. დღემდე სასამართლოს არასოდეს განუხილავს საქმე, რომელიც შეეხებოდა ექსჰუმაციას გარდაცვლილის ოჯახის სურვილის საწინააღმდეგოდ. თუმცა, მომჩივნები ვერ ხედავდნენ მიზეზს, თავიანთი საქმე განასხვავონ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებისგან, რომლებიც შეეხება პირთა დამოკიდებულებას მათი ახლო ნათესავების ნაშთებთან.
73. უდავოა, რომ ექსჰუმაცია, რომელიც განხორციელდა პროკურორის 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგენდა ჩარევას მათ უფლებაში, პატივი ეცათ ოჯახის გარდაცვლილი წევრის ხსოვნისთვის და, შესაბამისად, კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ მათ უფლებაში. მთავრობის იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ პროკურორს უნდა გამოეცა ცალკე ბრძანება, რომლითაც დაზუსტდებოდა თითოეული ექსჰუმაციის თარიღი, მომჩივნებმა აღნიშნეს, რომ ეს იყო უბრალო ფორმალობა, რადგან ექსჰუმაციის საკითხი გადაწყვეტილი იყო პროკურორის 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით. პროკურორის 2018 წლის 13 აპრილის ბრძანებაში, რომლითაც განისაზღვრა ექსჰუმაციების თარიღები 2018 წლის 14 და 16 მაისი, შესაბამისად, მითითებული იყო, რომ ისინი გამოიცა 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. ეს ადასტურებს, რომ 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება იყო საბოლოო ხასიათის.
74. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ სადავო ჩარევა არ განხორციელებულა „კანონის შესაბამისად“. პროკურორის 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ეროვნული კანონმდებლობით, კერძოდ, სსსკ-ით, გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძველს. თუმცა, ჩარევისას მხოლოდ სამართლებრივი საფუძვლის არსებობა არ არის საკმარისი, რომ დაკმაყოფილდეს სამართლიანობის მოთხოვნები, კანონი კი, ვერ აკმაყოფილებდა გარკვეულ ხარისხობრივ მოთხოვნებს.
75. მოცემულ საქმეში გამოყენებული სსსკ-ის დებულებები არ ითვალისწინებდა რაიმე დაცვას თვითნებობის წინააღმდეგ. კერძოდ, ისინი გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრებს არ აძლევდნენ ექსჰუმაციის შესახებ გადაწყვეტილების დამოუკიდებელ სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. უფრო მეტიც, ეროვნული კანონმდებლობა არ ავალდებულებდა პროკურორს, მხედველობაში მიეღო გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრთა გრძნობები და სურვილები. შედეგად, პროკურორი აღჭურვილი იყო უფლებამოსილებით, მიეღო იმგვარი გადაწყვეტილება, რომელიც წარმოადგენდა მძიმე ჩარევას პირების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში სრულიად თვითნებური ფორმით. მომჩივნებმა ხაზი გაუსვეს, რომ სსსკ ითვალისწინებდა პროკურორის მიერ გამოძიების პროცესში მიღებული გარკვეული გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. აღნიშნული შეეხებოდა, inter alia, ჩხრეკისა და ამოღების, სატელეფონო საუბრების კონტროლისა და ჩაწერის და პრევენციულ ზომების [შესახებ გადაწყვეტილებებს] (იხ. 44-ე პარაგრაფი ზემოთ). ძნელი იქნება გამართლება, თუ რატომ ექვემდებარებოდა პროკურორის აღნიშნული სახის გადაწყვეტილებები სასამართლოში გასაჩივრებას (მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, შუალედური საჩივარი ავტომატურად არ აჩერებდა გადაწყვეტილების აღსრულებას, მაგრამ სასამართლოს შეეძლო გარკვეულ საქმეებში შეეჩერებინა აღსრულება, სსსკ-ის 462-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად), მაშინ როდესაც ექსჰუმაციის უფლება „იყო სრულიად თვითნებური“.
76. მომჩივნები არ დავობდნენ, რომ სადავო ჩარევა, რომელიც ემსახურებოდა ავარიის მიზეზების დადგენას, ატარებდა სხვათა თავისუფლებებისა და უფლებების, ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს.
77. მომჩივნები აღიარებდნენ, რომ ავარიის გამოძიება იყო უაღრესად მნიშვნელოვანი მთელი ქვეყნისთვის. მიუხედავად ამისა, ისინი ეჭვობდნენ, რომ მათი ქმრების სხეულების ექსჰუმაცია იყო აუცილებელი, კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის არსიდან გამომდინარე.
78. პირველი, არ იყო აუცილებელი ყველა მსხვერპლის ნეშტის ექსჰუმაცია ერთი გადაწყვეტილებით იმისათვის, რომ დამტკიცებულიყო ჰიპოთეზა, რომ შეჯახება გამოწვეული იყო აფეთქებით. პროკურორს შეეძლო ჯერ ჩაეტარებინა იმ მსხვერპლთა სხეულების ექსჰუმაცია, რომელთა ოჯახებიც არ ეწინააღმდეგებოდნენ აღნიშნულს. თუ აღნიშნული ქმედებები არასაკმარისი აღმოჩნდებოდა, სხვა სხეულების ექსჰუმაცია გამართლებული იქნებოდა. მეორე, ყველა მსხვერპლის ნაშთის ექსჰუმაცია შეუძლებელი იყო, რამდენადაც ოთხი სხეულს უკვე კრემაცია ჰქონდა ჩატარებული. მესამე, იმ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ უნდა მომხდარიყო პირების სწორი იდენტიფიკაცია, როგორც პროკურორს, ისე მთავრობას არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ მომჩივანთა ქმრები შეიძლებოდა არასწორად ყოფილიყვნენ იდენტიფიცირებულები. მეოთხე, პროკურორის გადაწყვეტილება გამოცემული იყო ავარიიდან ექვსი წლის შემდეგ. პოლონეთის ხელისუფლებას შესაძლებლობა ჰქონდა შეესწავლა მსხვერპლთა სხეულები მაშინვე, როგორც კი ისინი რეპატრირებულ იქნენ პოლონეთში, მათ დაკრძალვამდე, მაგრამ მათ ეს არ განახორციელეს. მომჩივნების იძულება, ამდენი წლის შემდეგ განეახლებინათ 2010 წლის 10 აპრილის ტრავმა მხოლოდ იმიტომ, რომ დაეფიქსირებინათ ხელისუფლების უმოქმედობის შედეგები, მოითხოვდა სპეციფიურად დამაჯერებელ არგუმენტაციას. მომჩივნები არ დაეთანხმნენ მთავრობას, რომ გადაწყვეტილება საქმეზე ტაგაევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Tagayeva and Others v. Russia) (NN 26562/07 და 6 სხვა, ECHR 2017 (ამონარიდები)) ამ საქმის შესაბამისი იყო, რამდენადაც იმ საქმეში მსხვერპლთა ოჯახის წევრები ითხოვდნენ, რომ ხელისუფლებას ჩაეტარებინა ექსჰუმაციები, მაშინ, როდესაც ამ საქმეში მომჩივნები მუდმივად ეწინააღმდეგებოდნენ ექსჰუმაციებს.
79. სხეულთა იდენტიფიცირების საკითხთან დაკავშირებით, პირველი მომჩივანი ხაზს უსვამდა, რომ მან მონაწილეობა მიიღო მისი ქმრის სხეულის იდენტიფიკაციაში მოსკოვში. იგი ესწრებოდა, როგორ მოათავსეს მისი ქმრის სხეული კუბოში, შემდეგ - მანქანაში, რომელმაც ის გადაიტანა აეროპორტში. იყო რა განათლებით ექიმი, მას არანაირი ეჭვი მისი ქმრის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით არ ჰქონია. მეორე მომჩივანს არ მიუღია მონაწილეობა მისი ქმრის სხეულის იდენტიფიკაციაში. მისი სხეულის იდენტიფიკაცია განხორციელდა მოსკოვში, ჯანმრთელობის მინისტრის მიერ, ვინც იყო ბატონი რიბიცკის მეგობარი მრავალი წლის განმავლობაში.
80. მომჩივნები ხაზს უსვამდნენ, რომ ისინი არ ყოფილან ჩაბმული მათი ქმრების სხეულების ექსჰუმაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ოჯახებთან შეხვედრა უნდა შემდგარიყო 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიღებამდე. ამგვარი შეხვედრა ოჯახის წევრებს შესაძლებლობას მისცემდა კონსულტაცია გაევლოთ პროკურორის გეგმებთან დაკავშირებით და აერჩიათ ფორმა, რომელიც იქნებოდა მათი გრძნობების პატივისცემის ადეკვატური. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩატარებული შეხვედრა არ შეიძლებოდა მიჩნეულ ყოფილიყო კონსულტაციად, რადგან ის არ აძლევდა შესაძლებლობას მომჩივნებს, გავლენა მოეხდინათ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. ხელისუფლებას ექსჰუმაციის დაგეგმვის თარიღთან დაკავშირებითაც არ გაუვლია მომჩივნებთან კონსულტაცია. ფაქტობრივად, მომჩივნებისთვის ცნობილი არ ყოფილა ექსჰუმაციების გრაფიკი, სანამ მათ არ ჩაჰბარდათ მთავრობის წერილობითი მოსაზრებები ამ საქმეზე.
81. მომჩივანთა მოსაზრებით, ისეთ მგრძნობიარე საკითხზე, როგორიცაა ახლო ნათესავის სხეულის ექსჰუმაცია, მხოლოდ სასამართლო განხილვის შედეგად შეიძლებოდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი სხვადასხვა კონფლიქტური ინტერესების სათანადო შეფასება. სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის გათვალისწინებით, სასამართლო განხილვა იყო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გარანტი მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში თვითნებური ჩარევის წინააღმდეგ. მომჩივნებმა მიუთითეს საქმეებზე: ვარგა რუმინეთის წინააღმდეგ (Varga v. Romania) (N 73957/01, §§ 70-74, 1 აპრილი 2008), კენედი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Kennedy v. the United Kingdom) (N 26839/05, § 124, 18 მაისი 2010) და X ფინეთის წინააღმდეგ (X v. Finland) (N 34806/04, § 220, ECHR 2012 (ამონარიდები)).
82. რაიმე რეალური კონსულტაციების ან სასამართლო განხილვის არარსებობის ნაკლი კიდევ უფრო თვალშისაცემი იყო ავარიიდან პროკურორის გადაწყვეტილების მიღებამდე გასული დროის გამო. ეს არ ყოფილა გადაუდებელი სიტუაცია, როდესაც, თუნდაც მცირე დაგვიანებას შეეძლო გამოუსწორებელი ზიანი მიეყენებინა გამოძიებისთვის. საბოლოოდ, გადაწყვეტილების მიღების ნაკლოვანი პროცესი არ იყო გამართლებული.
83. სასამართლო განხილვის აუცილებლობა პოლონეთში გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო იმის გათვალისწინებით, რომ პროკურატურა არ იყო დამოუკიდებელი ორგანო, არამედ ემორჩილებოდა გენერალურ პროკურორს, რომელიც ამავე დროს იყო იუსტიციის მინისტრი.
84. მომჩივნები ხაზს უსვამდნენ, რომ პროკურორის გადაწყვეტილებამ გამოიწვია მათთვის მძიმე ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება, რამაც გააცოცხლა მათი წუხილი და ტრავმა. ორივე მომჩივანს უკვე გადატანილი ჰქონდა ხანგრძლივი ფსიქოლოგიური ტკივილი მათი ქმრების გარდაცვალების გამო. მთავრობას არ წარუდგენია რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი, რასაც შეიძლებოდა გაემართლებინა, ის, რომ კიდევ ერთხელ გამოეცადათ ასეთი ფსიქოლოგიური ტრავმა.
85. დასკვნისათვის, ხელისუფლებამ აჩვენა მომჩივანთა გრძნობების აშკარა უგულვებელყოფა და ჩარევა არ ყოფილა აუცილებელი მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შინაარსის გათვალისწინებით.
2. მთავრობის განმარტებები
86. ჩარევის საკითხთან დაკავშირებით, მთავრობამ აღნიშნა, რომ ოჯახის წვერების დაკრძალვასთან დაკავშირებული საკითხები ექცეოდა მე-8 მუხლის მოქმედების არეალში. მიუთითა რა, საქმეზე ქრესტენ ფილტენბორგ მორტენსენის მამული დანიის წინააღმდეგ (Estate of Kresten Filtenborg Mortensen v. Denmark) (განჩ.), N 1338/03, ECHR 2006‑V), მთავრობას არ გაუპროტესტებია, რომ მომჩივნების უფლება, პატივი ეცათ ოჯახის გარდაცვლილი წევრის ხსოვნისთვის, ექცეოდა მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის მოქმედების სფეროში. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს უფლება განხილული უნდა ყოფილიყო პირადი ცხოვრების უფლების ცნების ფარგლებში არსებულად.
87. პროკურორის 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიზეზი იყო საერთაშორისო ექსპერტების გუნდის დანიშვნა იმ მიზნით, რომ ჩაეტარებინათ ავარიის მსხვერპლთა ოთხმოცდა სამი გვამის გამოკვლევა. ის გადაწყვეტილება, per se, არ წარმოადგენდა ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის შინაარსში. თუმცა, იმისათვის, რომ უცხოელ ექსპერტებს მისცემოდათ მსხვერპლთა სხეულების შესწავლის შესაძლებლობა, აუცილებელი იყო, ისინი მათთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. შეიძლებოდა თქმულიყო, რომ როგორც ვარშავის სამხარეო სასამართლომ აღნიშნა, პროკურორის 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით წინასწარ გადაწყდა ექსჰუმაციის საკითხი. უფრო ზუსტად, პროკურორმა მიუთითა, რომ ცალკეული ბრძანებები გამოიცემოდა თითოეული მსხვერპლის ექსჰუმაციასთან დაკავშირებით.
88. სამართლიანობის საკითხთან დაკავშირებით, მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება ეფუძნებოდა არა მარტო აშკარა და ხელმისაწვდომ კანონს, სახელდობრ, სსსკ-ს, არამედ, პირდაპირ ასრულებდა მის მოთხოვნას. კანონი პროკურორს ავალდებულებდა, გამოძიების დაწყებას, როდესაც არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩადენილი იყო დანაშაული. უფრო მეტიც, სსსკ-ის 209-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სავალდებულო იყო გვამის გამოკვლევა, თუ საეჭვო იყო, რომ გარდაცვალება გამოწვეული იყო დანაშაულის შედეგად. იქ, სადაც მსხვერპლთა რაოდენობა დიდი იყო, დისკრიმინაციულად შეიძლებოდა შეფასებულიყო გადაწყვეტილება მხოლოდ ცალკეული გვამის ექსჰუმაციის შესახებ და სხვების გამოტოვება, მით უფრო, რომ შეიძლებოდა გარდაცვალების მიზეზი განსხვავებული ყოფილიყო, როგორც თვითმფრინავის ავარიის საქმეში.
89. რაც შეეხება გარანტიების არსებობას კონვენციის მე-8 მუხლში თვითნებური ჩარევის წინააღმდეგ, მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომჩივნების მიერ მოხმობილი პრეცედენტული პრაქტიკის ნიმუშები ამ საქმესთან შეუსაბამო იყო, აშკარა ფაქტობრივი განსხვავებების გამო. ამასთან, მოცემულ საქმეში ჩარევას არ ჰქონია თვითნებური ხასიათი და ემსახურებოდა მართლმსაჯულების მნიშვნელოვან ინტერესებს.
90. მთავრობა ასევე ხაზს უსვამდა, რომ სადავო ჩარევა ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს. აშკარა იყო, რომ სასწორზე იდო ეროვნული უშიშროების ინტერესები, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, დანაშაულისა და არეულობის თავიდან აცილება და ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა, რადგანაც აღნიშნული დაკავშირებული იყო ავარიის გამოძიებასთან.
91. მომჩივანთა უფლებებში ჩარევა იყო აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. მთავრობამ მიუთითა მე-2 მუხლით გათვალისწინებულ საპროცესო ვალდებულებებზე, რაც სახელმწიფოს ავალდებულებდა, წარემართა ეფექტური გამოძიება პირის გარდაცვალების გამო. გამოძიების მწარმოებელ ორგანოს უნდა გადაედგა ყველა საჭირო ნაბიჯი და მიეღო ზომები, იმისათვის, რომ სათანადოდ გამოეძიებინა სავარაუდო დანაშაული. საქმეზე ტაგაევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Tagayeva and Others v. Russia) მითითებით (დასახელებულია ზემოთ), მთავრობა ხაზს უსვამდა, რომ ყველა მსხვერპლის გვამის გამოკვლევის ჩაუტარებლობამ შეიძლება გამოიწვიოს მე-2 მუხლის დარღვევის დადგენა.
92. მთავრობა იმეორებდა, რომ ამ საქმის გამოძიება უკავშირდებოდა უპრეცედენტო სიმძიმის მოვლენას, რომლის შედეგადაც მრავალი უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირი, მათ შორის, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, გარდაიცვალა. ამ ინციდენტმა გავლენა მოახდინა მთელი სახელმწიფო [მექანიზმის] ფუნქციონირებაზე. ამ ფაქტით იყო განპირობებული ყველა საჭირო გონივრული ზომის მიღება, მათ შორის მსხვერპლთა სხეულების ექსჰუმაცია, იმისათვის, რომ გამოძიებულიყო ინციდენტი. ავარია კვლავ რჩება საზოგადოებრივი ინტერესის საგნად.
93. ხელისუფლებას უნდა დაებალანსებინა გამოძიების ინტერესები, ავარიასთან დაკავშირებით, როგორც ამას მოითხოვს მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტი, ოჯახის ინტერესებითა და მსხვერპლთა ნათესავების პირადი ცხოვრებით, რაც დაცულია მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტით. ამ უკანასკნელ ინტერესში შეიძლებოდა სამართლიანად განხორციელებულიყო ჩარევა, როდესაც ექსჰუმაცია მიჩნეული იყო მიმდინარე გამოძიების აუცილებელ პირობად. ხელისუფლებამ განახორციელა დამაბალანსებელი ღონისძიებები და სათანადოდ შეაფასა კონფლიქტური ინტერესები.
94. რაც შეეხება სსსკ-ის ლოგიკას, იმდენად, რომ ისინი არ ითვალისწინებდა შუალედური საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას პროკურორის გადაწყვეტილებაზე ექსჰუმაციის დანიშვნასთან დაკავშირებით, მთავრობამ განმარტა, რომ პროკურატურამ, იყო რა, სავარაუდო დანაშაულების გამოძიების წარმართვაზე პასუხისმგებელი ორგანო, მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები უკვე დადგენილ ფაქტებსა და მათ პროფესიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. პროკურორები აღჭურვილი იყვნენ ფართო დისკრეციული უფლებამოსილებით გამოძიების მიზნების მისაღწევად.
95. კანონმდებელმა, რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ გარკვეული კერძო ინტერესები დაუპირისპირდებოდა პროკურორის მიერ განსახორციელებელ საჯარო ინტერესებს, გამორიცხა პროკურორის ასეთ გადაწყვეტილებაზე შუალედური საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა. სხვაგვარად პროკურორის საქმიანობა შეიძლებოდა პარალიზებული ყოფილიყო საქმეზე უკმაყოფილო მხარეების მიერ წარდგენილი მრავალი საჩივრის გამო, რომლებიც ჩათვლიდნენ, რომ მათი უფლება შეილახა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროკურორებს, მიმდინარე გამოძიების პროცესში, მიეცემოდათ განუხრელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, განხორციელდებოდა დანაშაულის პრევენციისა და დამნაშავეთა დასჯის საჯარო ინტერესი. მიუხედავად ამისა, პროკურორების მიერ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, ხდებოდა ორი კონფლიქტური ინტერესის დაბალანსება.
96. ამ საქმეში, სულ მცირე, ორმაგი იყო პროკურორის ქმედების მიზანი. მისი 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოიაზრებდა როგორც ავარიისა და გარდაცვალების მიზეზების დადგენას, ისე მსხვერპლთა ვინაობის დადასტურებას. პროკურორმა ახსნა, რომ რუსეთის მიერ ჩატარებული გვამების გამოკვლევები აღმოჩნდა ზერელე და არასრული. გამოძიების მაღალი ინტერესების გათვალისწინებით, პროკურორს არ ჰქონდა ალტერნატივა გარდა იმისა, რომ დაენიშნა ახალი ექსპერტები და მოეთხოვა სრულყოფილი საექსპერტო დასკვნის გაცემა.
97. მხოლოდ მსხვერპლთა ნაშთების სათანადო იდენტიფიკაცია მისცემდა შესაძლებლობას მათ ნათესავებს, სრულად ესარგებლათ გარდაცვლილთა ხსოვნის პატივისცემის უფლებით და პატივი მიეგოთ მათი საფლავებისთვის. მომჩივანთა ინტერესებში იყო დარწმუნებული ყოფილიყვნენ, რომ მათ შეეძლოთ პატივი ეცათ მათი გარდაცვლილი ქმრებისთვის, იმ სამარხების მონახულებით, სადაც მათი ნაშთები განისვენებდა. ერთადერთი გზა, პატივი ეცათ ამ ინტერესისთვის იყო იმაში დარწმუნება, რომ თითოეულ სამარხში არსებული ნაშთი ნამდვილად ეკუთვნოდა იმ ადამიანს, ვინც იქ დაკრძალულად იყო მიჩნეული. ეს განაპირობებდა მსხვერპლთა ნაშთების დნმ-ის ანალიზის ჩატარების აუცილებლობას.
98. მთავრობა არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ არ არსებობდა ექსჰუმაციის ჩატარების გამართლება ოჯახის წევრების ნების საწინააღმდეგოდ, ავარიის შემდეგ დროის გასვლისა და დაკრძალვამდე პოლონეთის ხელისუფლების მიერ მსხვერპლთა გვამების გამოკვლევის ჩაუტარებლობის გამო.
99. მომჩივანთა განცხადებების საწინააღმდეგოდ, პროკურორმა გამოავლინა მზადყოფნა, თითოეულ მსხვერპლთან დაკავშირებით ექსჰუმაციის ბრძანების გამოცემამდე კონსულტაცია გაევლო მსხვერპლთა ნათესავებთან. ეს იყო დემონსტრირება, რომ პროკურორისთვის არა მხოლოდ ცნობილი იყო მომჩივანთა ინტერესები, არამედ გადადგა ქმედითი ნაბიჯები, რომ მომჩივანთა ეჭვები გაქარწყლებულიყო და მისი გადაწყვეტილების მიზეზები სათანადოდ ყოფილიყო ახსნილი.
3. სასამართლოს შეფასება
(a) მე-8 მუხლის გამოყენება
100. მთავრობას არ გაუპროტესტებია, რომ მომჩივნების უფლება პატივი ეცათ მათი გარდაცვლილი ოჯახის წევრების ხსოვნისთვის იწვევდა მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ დაცვას.
101. მომჩივნები ეთანხმდებოდნენ, რომ მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი გამოსაყენებელი იყო, მაგრამ მთავრობის საწინააღმდეგოდ ამტკიცებდნენ, რომ გარდაცვლილი ნათესავის ხსოვნის პატივისცემის უფლება მიჩნეული უნდა ყოფილიყო ოჯახური ცხოვრების ნაწილად.
102. ეს საქმე წარმოშობს მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის გამოყენების საკითხს, ოჯახის წევრების ნების საწინააღმდეგოდ, გარდაცვლილი პირის ექსჰუმაციასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე. სასამართლოს სპეციალურად ეს საკითხი ჯერ არ განუხილავს თავის პრეცედენტულ პრაქტიკაში.
103. სასამართლო ამ კონტექსტში აღნიშნავს, რომ მე-8 მუხლით დაცული უფლებები ოჯახთან და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, მიმართულია, პირველ რიგში, ცოცხალ ადამიანებს შორის ურთიერთობებისკენ. თუმცა, არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ ოჯახისა და პირადი ცხოვრების პატივისცემა, ცალკეულ სიტუაციებში, გაგრძელდეს გარდაცვალების შემდეგაც (იხ. ჯოუნსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Jones v. United Kingdom) (განჩ.), N 42639/04, 13 სექტემბერი 2005).
104. ზემოთ დასახელებულ საქმეებში: პანულო და ფორტე (Pannullo and Forte) (§§ 35-36) და ჟირარდი (Girard) (§ 107), სასამართლომ აღნიშნა, რომ დასაკრძალად გარდაცვლილი ბავშვის გვამის ან სხეულის ნაწილების მშობლებისთვის დაბრუნების გადაჭარბებულმა დაგვიანებამ, შესაბამისი სისხლისსამართლებრივი მოქმედებების დასრულების მიზეზით, შეიძლება გამოიწვიოს ცოცხლად დარჩენილი ოჯახის წევრების „პირად ცხოვრებასა“ და „ოჯახურ ცხოვრებაში“ ჩარევა. საქმეში პლოვსკი პოლონეთის წინააღმდეგ (Płoski v. Poland) (N 26761/95, § 32, 12 ნოემბერი 2002), დადგინდა, რომ მომჩივნისთვის, რომელიც იმყოფებოდა პატიმრობაში, უარის თქმა, დასწრებოდა ახლო ნათესავის დაკრძალვას, წარმოადგენდა მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში ჩარევას. საქმეზე ელი პოლუჰას დოდსბო შვედეთის წინააღმდეგ (Elli Poluhas Dödsbo v. Sweden) (N 61564/00, § 24, ECHR 2006‑I) სასამართლომ დაადგინა, რომ, ურნის გადატანაზე უარი, რომელშიც მოთავსებული იყო მომჩივნის ქმრის ფერფლი, ასევე შეიძლებოდა მოქცეულიყო მე-8 მუხლის ფარგლებში, თუმცა, ისე, რომ არ მიუთითება, აღნიშნული წარმოადგენდა ჩარევას პირადი თუ ოჯახური ცხოვრების შინაარსში. საქმეში ჰადრი-ვიონე შვეიცარიის წინააღმდეგ (Hadri‑Vionnet v. Switzerland) (N 55525/00, § 52, 14 თებერვალი 2008) სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მომჩივნის შესაძლებლობა, დასწრებოდა თავისი ახლადდაბადებული შვილის დაკრძალვას, ასევე მის გადაყვანასთან და ცერემონიის მოწყობასთან დაკავშირებული საკთხები, ასევე შეიძლებოდა მოქცეულიყო მე-8 მუხლის მოქმედების არეალში. საქმეზე საბანჩიევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Sabanchiyeva and Others v. Russia) (N 38450/05, § 122-23, ECHR 2013 (ამონარიდები)), სასამართლომ გაიზიარა, რომ მომჩივნების ახლობლებისთვის სხეულების, სავარაუდოდ ტერორისტების, დაუბრუნებლობა და მათი დაკრძალვა დაუზუსტებელ ტერიტორიაზე, წარმოადგენდა ჩარევას ნათესავების „პირად ცხოვრებასა“ და „ოჯახურ ცხოვრებაში“. საქმეში პეტროვა ლატვიის წინააღმდეგ (Petrova v. Latvia) (N 4605/05, § 77, 24 ივნისი 2014) და ელბერტე ლატვიის წინააღმდეგ (Elberte v. Latvia) (N 61243/08, § 89, ECHR 2015), სასამართლომ აღიარა, რომ გარდაცვლილი პირის ორგანოების ან თირკმელების ამოღება თანხმობის გარეშე, უკავშირდებოდა ოჯახის ცოცხლად დარჩენილი წევრების „პირადი ცხოვრების“ სფეროს. საქმეში ლოზოვიე რუსეთის წინააღმდეგ (Lozovyye v. Russia), (N 4587/09, § 34, 24 აპრილი 2018), სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანთა პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას ზიანი მიადგა იმით, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო, ეცნობებინა მათთვის მათი ვაჟის გარდაცვალების შესახებ მანამ, სანამ დაკრძალავდნენ.
105. ზემოთ მიმოხილული პრეცედენტული პრაქტიკა აჩვენებს, რომ გარკვეული საკითხები, რაც დაკავშირებულია იმ ფორმასთან, რა გზითაც გარდაცვლილი ნათესავის სხეულს მოეპყრნენ, ისევე, როგორც საკითხები, რაც დაკავშირებულია დაკრძალვაზე დასწრებასთან და ნათესავისთვის მის საფლავთან პატივის მიგებასთან, აღიარებულია, რომ თავსდება მე-8 მუხლით დაცულ ოჯახური და პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების ფარგლებში.
106. მოცემულ საქმეში მომჩივნების მოსაზრებით, რომლებიც ეყრდნობოდნენ თავიანთი გარდაცვლილი ნათესავის ხსოვნის პატივისცემის უფლებას (kult osoby zmarłej), [ეს უფლება] მჭიდროდ იყო დაკავშირებული ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვეყნის კანონმდებლობით ეს უფლება აღიარებულია, როგორც სამოქალაქო კოდექსით დაცული ერთ-ერთი პირადი უფლება. ის ეკუთვნის გარდაცვლილი პირის ცოცხლად დარჩენილ ოჯახის წევრს და ვრცელდება, inter alia, დაკრძალვის ორგანიზებასა და გარდაცვლილი ნათესავისთვის მის საფლავთან პატივის მიგებაზე (იხ. 49-51-ე პარაგრაფები ზემოთ).
107. მხედველობაში იღებს რა, თავის პრეცედენტულ პრაქტიკას ცოცხლად დარჩენილი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით და ზემოაღნიშნულ გარემოებებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ფაქტები ექცევა პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების ფარგლებში.
(ბ) ადგილი ჰქონდა, თუ არა ჩარევას
108. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ ექსჰუმაცია, რომელიც ჩატარდა პროკურორის 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, წარმოადგენდა ჩარევას მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში. მთავრობამ გამოხატა გარკვეული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იწვევდა ჩარევას თავისთავად ის გადაწყვეტილება. თუმცა ეთანხმდებოდნენ იმას, რომ 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება იყო ექსჰუმაციის წინაპირობა. მომჩივნების ქმრების ნაშთების ექსჰუმაცია განხორციელდა, შესაბამისად, 2018 წლის 14 მაისსა და 16 მაისს.
109. სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანთა გარდაცვლილი ქმრების ნაშთების ექსჰუმაცია, რაც განხორციელდა მომჩივანთა წინააღმდეგობის მიუხედავად, უნდა ჩაითვალოს, რომ მათი ნათესაური ურთიერთობის სფეროსთან იმგვარად და იმ ხარისხით იკვეთებოდა, რომ ააშკარავებს ჩარევას მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში.
(გ) იყო თუ არა ჩარევა გამართლებული?
110. იმისათვის, რომ ჩარევა გამართლდეს კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში, ის უნდა განხორციელდეს კანონის შესაბამისად, ატარებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ ლეგიტიმურ მიზანს და იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში (იხ. ფრითი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Pretty v. the United Kingdom), N 2346/02, § 68, ECHR 2002‑III და გლასი გაერთიენებული სამეფოს წინააღმდეგ (Glass v. the United Kingdom), N 61827/00, § 73, ECHR 2004‑II).
(i) კანონის შესაბამისად
111. სასამართლო აღნიშნავს, რომ მის მიერ კარგად ჩამოყალიბებული პრეცედენტული პრაქტიკიდან გამომდინარე სიტყვათა წყობა „კანონის შესაბამისად“ მოითხოვს, რომ შესაბამის ზომას საფუძველი გააჩნდეს როგორც ეროვნულ კანონმდებლობაში, ისე შეესაბამებოდეს კანონის უზენაესობის პრინციპს (იხ. ჰალფორდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Halford v. the United Kingdom), 25 ივნისი 1997, § 49, გადაწყვეტილებების და განჩინებების კრებული 1997‑III), რაც პირდაპირ არის გადმოცემული კონვენციის პრეამბულაში და განუყოფელია მე-8 მუხლით დაცული სფეროსა და მისი მიზნისგან. შესაბამისად, კანონი უნდა იყოს ადეკვატურად ხელმისაწვდომი და განჭვრეტადი, ფორმულირებული საკმარისი სიზუსტით, იმგვარად, რომ პირს შეეძლოს, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო რჩევის მეშვეობით, არეგულიროს საკუთარი ქმედება. ამ მოთხოვნების შესასრულებლად, ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო სამართლებრივი დაცვა თვითნებობის წინააღმდეგ და შესაბამისად საკმარისი სიცხადით იყოს გადმოცემული იმ დისკრეციის ფარგლები, რაც მინიჭებული აქვთ ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს და ის ფორმა, როგორაც ის უნდა განხორციელდეს (იხ. მელონი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Malone v. the United Kingdom), 2 აგვისტო 1984, §§ 66-68, სერია A N 82; ამან შვეიცარიის წიმააღმდეგ (Amann v. Switzerland) [დიდი პალატა], N 27798/95, § 56, ECHR 2000‑II; როტარუ რუმინეთის წინააღმდეგ (Rotaru v. Romania) [დიდი პალატა], N 28341/95, § 55, ECHR 2000-V და S. და მარპერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (S. and Marper v. the United Kingdom) [GC], NN 30562/04 და 30566/04, § 95, ECHR 2008).
112. ჩარევა პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში შესაბამისად უნდა ემყარებოდეს „კანონს“, რაც იძლევა თვითნებობის წინააღმდეგ სათანადო სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. უნდა არსებობდეს სათანადო დაცვის გარანტიები, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის დატოვებული დისკრეცია განხორციელდება კანონის შესაბამისად და უფლებამოსილების გადამეტების გარეშე (იხ, mutatis mutandis, პოლიაკოვა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Polyakova and Others v. Russia), NN 35090/09 და 3 სხვა, § 91, 7 მარტი 2017). მე-8 მუხლის მოთხოვნები, აღნიშნულ გარანტიებთან დაკავშირებით, დამოკიდებულია, სულ მცირე, გარკვეული ხარისხით, სადავო ჩარევის ხასიათსა და მოცულობაზე (იხ ალ-ნაშიფი ბულგარეთის წინააღმდეგ (Al‑Nashif v. Bulgaria), N 50963/99, § 121, 20 ივნისი 2002; P.G. და J.H. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (P.G. and J.H. v. the United Kingdom), N 44787/98, § 46, ECHR 2001 IX; და C.G. და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ (C.G. and Others v. Bulgaria), N 1365/07, § 45, 24 აპრილი 2008). მრავალ საქმეში, მე-8 მუხლის გამო საჩივრებზე, სასამართლომ დაადგინა, რომ თვითნებობის წინააღმდეგ სათანადო სამართლებრივი გარანტიების არსებობა სასამართლო ან სხვა დამოუკიდებელი დავის განმხილველი ორგანოსთვის აუცილებლად ითვალისწინებს შესაბამისი ზომების შესახებ დებულებებს, ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით (იხ. ზემოთ დასახელებული: როტარუ რუმინეთის წინააღმდეგ (Rotaru v. Romania), § 59; C.G. და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ C.G. and Others v. Bulgaria, § 40; ვარგა რუმინეთის წინააღმდეგ (Varga v. Romania), N 73957/01, § 73, 1 აპრილი 2008; ჰეინო ფინეთის წინააღმდეგ (Heino v. Finland), N 56720/09, § 45, 15 თებერვალი 2011; ზემოთ დასახელებული: X ფინეთის წინააღმდეგ (X v. Finland), §§ 220-21 და პოლიაკოვა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Polyakova and Others v. Russia), §§ 116‑17).
113. შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მომჩივნების მიმართ გამოყენებული ნორმების „ხარისხი“ ამ საქმეში.
114. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2016 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც პროკურორმა დანიშნა ავარიის ოთხმოცდასამი მსხვერპლის გვამის გამოკვლევა (მათ შორის, მომჩივნების ქმრებისა), გამოცემული იყო სსსკ-ის 209-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე. მან შემდეგ ბრძანა, რომ გვამების გამოკვლევის მიზნით, უნდა ჩატარებულიყო მსხვერპლთა ექსჰუმაცია სსსკ-ის 210-ე მუხლის შესაბამისად.
115. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს სსსკ-ის 210-ე მუხლის ხარისხი, რომელიც წარმოადგენდა ექსჰუმაციის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძველს. კერძოდ, ისინი აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ მათ არ შეეძლოთ სასამართლოს წინაშე შეცილებოდნენ პროკურორის გადაწყვეტილებას ასეთ მგრძნობიარე საკითხზე. მათი მოსაზრებით, მხოლოდ სასამართლო განხილვის შედეგად შეიძლებოდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი კონფლიქტში მყოფი კონკურენტული ინტერესების სათანადოდ შეფასება. მთავრობა კი ამტკიცებდა, რომ ექსჰუმაციის სამართლებრივი საფუძველი სრულად შეესაბამებოდა შესაბამისი პრეცედენტული პრაქტიკის მოთხოვნებს.
116. სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც ორივე მხარე თანხმდება, სსსკ შეიცავს ექსჰუმაციის სამართლებრივ საფუძველს. სასამართლო შესაბამისად დაკმაყოფილებულია იმით, რომ ჩარევას პოლონეთის კანონმდებლობის მიხედვით აქვს სამართლებრივი საფუძველი, სახელდობრ, სსსკ-ის 210-ე მუხლი.
117. რაც შეეხება კანონის ხარისხს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საქმე შეეხება სახელმწიფოს ვალდებულებებს კონვენციიდან გამომდინარე, რაც შეიძლება კონფლიქტში მოვიდეს, ერთი მხრივ, კონვენციის მე-2 მუხლთან, რომელიც შეიცავს პროცედურულ ვალდებულებას, ჩატარდეს ეფექტური გამოძიება მისი არსებითი ასპექტის სავარაუდო დარღვევის შემთხვევაში (იხ. მრავალ სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას შორის, მუსტაფა თუნჩი და ფეჯირე თუნჩი თურქეთის წინააღმდეგ (Mustafa Tunç and Fecire Tunç v. Turkey) [დიდი პალატა], N 24014/05, §§ 169-82, 14 აპრილი 2015, და არმანი და სილვა გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Armani Da Silva v. the United Kingdom) [დიდი პალატა], N 5878/08, §§ 229-39, ECHR 2016). ეფექტური გამოძიების სავარაუდო ნაკლოვანებამ, მე-2 მუხლის არსებითი ასპექტის დარღვევის შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს მაღალი ხელშემკვრელი მხარის პასუხისმგებლობა.
118. მეორე მხრივ, ეფექტური გამოძიების წარმართვით, ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას ყველა პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, რაც განმტკიცებულია კონვენციის მე-8 მუხლში. მთავრობის განმარტებით, ეფექტური გამოძიების მოთხოვნამ აუცილებელი გახადა განხორციელებულიყო გარკვეული ჩარევა მომჩივნის პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების განხორციელებაში.
119. იმისათვის, რომ იყოს „ეფექტური“, იმ მნიშვნელობით, რაც მას მე-2 მუხლის კონტექსტში აქვს მინიჭებული, გამოძიება პირველ რიგში უნდა იყოს ადეკვატური. ეს ნიშნავს, inter alia, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო საჭირო ზომა, რომ შეძლონ შემთხვევასთან დაკავშირებული მტკიცებულების შენარჩუნება, მათ შორის, თვითმხილველთა ჩვენების [მიღება], ექსპერტიზის [დანიშვნა] და, სადაც საჭიროა, გვამის გამოკვლევა, რაც წარმოადგენს სრულყოფილ და ზუსტ ანგარიშს დაზიანებების შესახებ და კლინიკური ჩვენებების, მათ შორის, გარდაცვალების მიზეზის ობიექტურ ანალიზს (იხ. ზემოთ დასახელებული არმანი და სილვა (Armani Da Silva), § 233, შემდგომი მითითებებით). ეფექტური გამოძიება, რიგ შემთხვევებში, შეიძლება მოითხოვდეს გარდაცვლილის გვამის ექსჰუმაციას (იხ., mutatis mutandis, ზემოთ დასახელებული ტაგაევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Tagayeva and Others v. Russia), § 509).
ეფექტური გამოძიება ასევე ხელმისაწვდომი უნდა იყოს მსხვერპლის ოჯახისთვის იმ მოცულობით, რომ გარანტირებულად დაიცვან თავიანთი ლეგიტიმური ინტერესები (იხ. ზემოთ დასახელებული არმანი და სილვა (Armani Da Silva), § 235). ამ ლეგიტიმური ინტერესების დაცვის ფორმები შეიძლება განსხვავდებოდეს მრავალ ფაქტორზე დამოკიდებულების გამო. ნებისმიერ შემთხვევაში, გამოძიების პროცესში დაზარალებულებისთვის ხელმისაწვდომი ზომების ხელმისაწვდომობამ არ უნდა შეამციროს მათი ეფექტურობა.
120. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ორგანოებს მოეთხოვებათ, გამონახონ სათანადო ბალანსი, კონვენციის მე-2 მუხლიდან გამომდინარე, გამოძიების ეფექტურობის მოთხოვნებსა და გამოძიების მხარეებისა და სხვა დაკავშირებული პირების პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას შორის. მომჩივანთა საქმეში გამოძიების ეფექტურობის მოთხოვნები, რამდენადაც შესაძლებელია იმდენად მაღალი ხარისხით, შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს მათი პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებასთან. შესაძლოა, არსებობდეს ვითარება, როდესაც ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად ექსჰუმაცია გამართლებულია.
121. სასამართლო ეთანხმება მთავრობას, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება შეეხება უპრეცედენტო სიმძიმის შემთხვევას, რამაც მთელი სახელმწიფო [მექანიზმის] ფუნქციონირებაზე მოახდინა გავლენა. ამავე დროს სასამართლო ყურადღებით ეკიდება მომჩივანთა ინტერესს, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი გარდაცვლილი ქმრების ნაშთებისთვის პატივი მიგება.
122. მთავრობამ განმარტა, რომ კანონმდებელმა გამორიცხა პროკურორის გადაწყვეტილებაზე ექსჰუმაციის შესახებ, შუალედური საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა, რადგან სხვაგვარად პროკურორს შეიძლებოდა ხელი შეშლოდა გამოძიების წარმართვაში საქმეზე უკმაყოფილი მხარეების მიერ მრავალი საჩივრის წარდგენის გამო. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ყველა შემთხვევაში არ გამორიცხავს გამოძიების პროცესში პროკურორის უფლებამოსილებების სასამართლოში გადასინჯვის შესაძლებლობას. გამოძიების მიმდინარეობისას პროკურორის მიერ მიღებული გარკვეული გადაწყვეტილებები ექვემდებარება სასამართლო განხილვის მეშვეობით შეცვლას. ეს შეეხება ჩხრეკისა და ამოღების გადაწყვეტილებებს (სსსკ-ის 236-ე მუხლი), სატელეფონი საუბრების კონტროლსა და ჩაწერას (სსსკ-ის 240-ე მუხლი) და პრევენციული ზომების გამოყენებას (სსსკ-ის 252-ე მუხლის მე-2 პუნქტი).
123. მოცემულ საქმეში, პროკურორმა გამოსცა მომჩივანთა ქმრების ნაშთების ექსჰუმაციის ბრძანება. ამ ბრძანების გამოცემისას პროკურორს სსსკ-ით არ მოეთხოვებოდა იმის შეფასება, რამდენად შეიძლებოდა გამოძიების მიზნები მიღწეული ყოფილიყო უფრო ნაკლებად შემზღუდველი ზომებით და შეეფასებინა სადავო ზომების შესაძლო გავლენა მომჩივანთა პირად და ოჯახურ ცხოვრებაზე. უფრო მეტიც, პროკურორის გადაწყვეტილება არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას სისხლის სამართლის სასამართლოს ან სხვა ადეკვატური დამოუკიდებელი დავის განმხილველი ორგანოს წინაშე.
124. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მომჩივნები შეეცადნენ სამოქალაქო სასამართლოს მეშვეობით მიეღწიათ, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახით, პროკურორისთვის ექსჰუმაციის აღსრულების აკრძალვისთვის. თუმცა, სამოქალაქო სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს მათი განცხადება, დაადგინეს რა, რომ პროკურორი თავის უფლებამოსილებას ახორციელებდა სსსკ-ის შესაბამისი ნორმების შესაბამისად. სამოქალაქო სასამართლოებს არც სადავო ზომების აუცილებლობის საკითხი განუხილავთ და, არც პროკურორის გადაწყვეტილებით გამოწვეული ჩარევა შეუფასებიათ მომჩივნების კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში (იხ. 41-42-ე პარაგრაფები ზემოთ).
125. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ პოლონეთის კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა თვითნებობისგან დასაცავ სათანადო გარანტიებს ექსჰუმაციის ბრძანების შესახებ პროკურორის გადაწყვეტილებასთან მიმართებით. შიდა კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მე-8 მუხლით დაცული უფლებების შეზღუდვების პროპორციულობის შეფასების მექანიზმს იმ პირთა მიმართ, რომლებზეც გავლენას ახდენდა პროკურორის გადაწყვეტილება (იხ. ზემოთ დასახელებული პოლიაკოვა და სხვები (Polyakova and Others), §§ 99 and 101). შესაბამისად, მომჩივნები ვერ იყვნენ უზრუნველყოფილი მათთვის მიკუთვნებული დაცვის მინიმალური ხარისხით.
126. სასამართლო შესაბამისად ადგენს, რომ არ შეიძლება ითქვას, რომ სადავო ჩარევა განხორციელდა „კანონის შესაბამისად“, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი.
127. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.
(ii) ლეგიტიმური მიზანი და ჩარევის აუცილებლობა
128. ზემოაღნიშნული დასკვნის გათვალისწინებით, სასამართლო აუცილებლად არ მიიჩნევს კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას ამ საქმეზე (იხ., მაგალითად, კოპი შვეიცარიის წინააღმდეგ (Kopp v. Switzerland), 25 მარტი 1998, § 76, გადაწყვეტილებებისა და განჩინებების კრებული 1998‑II).
III. კონვენციის მე-13 მუხლის სავარაუდო დარღვევა
129. მომჩივნები ასევე მიუთითებდნენ კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევაზე მე-8 მუხლთან ერთობლიობაში, ჩიოდნენ რა, რომ ქვეყნის შიდა კანონმდებლობა მათ არ ანიჭებდა ეფექტური დაკმაყოფილების უფლებას, რამდენადაც მათ არ შეეძლოთ მოეთხოვათ პროკურორის გადაწყვეტილების გადასინჯვა არც სისხლისსამართლებრივი და, არც სამოქალაქოსამართლებრივი საქმის წარმოების გზით. კონვენციის მე-13 მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:
„ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.“
130. სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს საჩივარი ზემოთ უკვე განხილულს უკავშირდება და ანალოგიურად მიჩნეული უნდა იქნეს მისაღებად, თუმცა კონვენციის მე-8 მუხლთან დაკავშირებით მისი მიგნებების გათვალისწინებით (იხ. 126-128-ე პარაგრაფები ზემოთ), სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელი არ არის ამ საქმეში ცალკე იქნეს განხილული, რამდენად ჰქონდა ადგილი მე-13 მუხლის დარღვევას (იხ., სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შორის, ზემოთ დასახელებული: ჰეინო (Heino), § 55 და ელბერტე (Elberte), § 147).
IV. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
131. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:
„თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
ა. ზიანი
132. თითოეულმა მომჩივანმა მოითხოვა 50 000 ევრო (EUR) მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.
133. მომჩივნებმა განმარტეს, რომ მათ მძიმე ტრავმა განიცადეს ავარიაში თავიანთი მეუღლეების დაკარგვის შედეგად. მათ პრობლემები გაუჩნდათ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და მკურნალობდნენ დეპრესიის გამო. როგორც კი გამოჯანმრთელება დაიწყეს, პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება მათი ქმრების ნაშთების ექსჰუმაციის შესახებ. ამ გადაწყვეტილებამ ისინი ისევ იმ ტრავმასთან და მასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დააბრუნა. ფსიქოლოგიური ზიანი, რაც მათ განიცადეს, იმ ფაქტმა გაამწვავა, რომ ხელისუფლებამ სრული იგნორირება გაუკეთა მათ გრძნობებსა და წინააღმდეგობებს, გამოავლინეს მათი და მათი გარდაცვლილი ქმრების აშკარა უგულვებელყოფა. მომჩივნები ასევე დაიტანჯნენ თითოეული გვამის გამოკვლევის შედეგზე დეტალური ინფორმაციის მიღებით, რაც მათ პროკურორმა გაუგზავნა.
134. პირველი მომჩივანი ასევე ყურადღებას ამახვილებდა მისი ქმრის ნაშთის ექსჰუმაციის თარიღის გაურკვევლობაზე. მისი განცდით, ხელისუფლებამ უგულებელყო მათი ტრაგედია და მათ იყენებდნენ, როგორც ობიექტებს თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მეორე მომჩივანი ხაზს უსვამდა პროკურორის გადაწყვეტილების თვითნებურ ხასიათს. პროკურორმა უგულებელყო მისი არგუმენტი, რომ იგი ესწრებოდა მისი გარდაცვლილი ქმრის იდენტიფიკაციას.
135. მთავრობამ მოუწოდა სასამართლოს, არ დაეკმაყოფილებინა მომჩივანთა მოთხოვნები მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, რადგან ადგილი არ ჰქონია კონვენციის დარღვევას ამ საქმეზე. ალტერნატივის სახით, ისინი განმარტავდნენ, რომ მოთხოვნილი თანხის ოდენობა, უხეშად შეუსაბამო იყო საქმის გარემოებებისა და სასამართლოს მიერ მსგავს საქმეებზე მიკუთვნებული თანხების ოდენობის გათვალისწინებით.
136. სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა შიდა კანონმდებლობით არ ითვალისწინებდა საკმარის გარანტიებს ექსჰუმაციის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილების თვითნებურობის საპირწონედ. ის მიიჩნევს, რომ მომჩივნებმა გადაიტანეს ფსიქოლოგიური სტრესი გადაწყვეტილების შედეგად, ისევე, როგორც იმედგაცრუება მე-8 მუხლით გარანტირებული მათი უფლებების დაცვისას. სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე, თითოეულ მომჩივანს მიაკუთვნებს 16 000 ევროს.
ბ. ხარჯები
137. თითოეული მომჩივანი ასევე მოითხოვდა 960 ევროს სასამართლოში წარმომადგენლობის ხარჯებისთვის. ეს თანხა უნდა გადარიცხულიყო არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ჰელსინკის ფონდში მათი თანამშრომლის, ბატონი პ. კუადოჩნის, შრომის ასანაზღაურებლად, რომელიც მომჩივნებს წარმოადგენდა pro bono საფუძველზე.
138. მთავრობამ განმარტა, რომ ეს მოთხოვნაც არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. ისინი აღნიშნავდნენ, რომ მომჩივნებს არ გაუწევიათ რაიმე ხარჯები მათ სამართლებრივ წარმომადგენლობაზე, რადგან მათ ეს გაეწიათ pro bono საფუძვლით.
139. არ ყოფილა დადასტურებული, რომ მოთხოვნილი ხარჯები ნამდვილად იქნა გაღებული. შესაბამისად, სასამართლო არ დააკმაყოფილებს ხარჯების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნას.
გ. პროცენტი
140. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, პროცენტი გამოთვლილ იქნეს ევროპის ცენტრალური ბანკის დაკრედიტების ზღვრული პროცენტის ოდენობიდან, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, ერთხმად,
1. აერთიანებს საჩივრებს;
2. მისაღებად აცხადებს საჩივრებს;
3. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას;
4. ადგენს, რომ აუცილებელი არ არის მე-13 მუხლთან დაკავშირებული საჩივრის ცალკე განხილვა;
5. ადგენს
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ, კონვენციის 44-ე § 2 მუხლის საფუძველზე, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში, თითოეულ მომჩივანს უნდა გადაუხადოს 16 000 (თექვსმეტი ათასი) ევრო, რასაც დაემატება ნებისმიერი საკომისიო, მორალური ზიანისთვის, მოპასუხე სახელმწიფოს ვალუტაში, გადახდის დღისათვის არსებული კურსით;
(ბ) აღნიშნული სამი თვის გასვლის შემდეგ, მის გადახდამდე, ამ თანხას დაემატება ზღვრული პროცენტი, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი ზღვრული საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, რომელსაც უნდა დაემატოს სამი პროცენტი;
6. უარყოფს განმცხადებლის სხვა მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე, რაც წერილობით ცნობილი გახდა 2018 წლის 20 სექტემბერს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
აბელ კამპოსი ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსი
მდივანი თავმჯდომარე
კონვენციის 45-ე მუხლის მ-2 პუნქტისა და სასამართლოს რეგლამენტის 74-ე წესის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილებას ერთვის მოსამართლე აიქის განსხვავებული აზრი (რაც არ თარგმნილა).
L.-A. S.
A. C.
Full & Egal Universal Law Academy