Geo: დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის (www.supremecourt.ge) მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
Eng: The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre of the Analytical Department (www.supremecourt.ge). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
მესამე სექცია
სიპოსი რუმინეთის წინააღმდეგ
(Sipos v. Romania)
(საჩივარი № 26125/04)
გადაწყვეტილება
სტრასბურგი
3 მაისი, 2011 წელი
საბოლოო გახდა
03/08/2011
გადაწყვეტილება საბოლოოა, შესაძლებელია დაექვემდებაროს სარედაქციო ცვლილიბებს.
პროცედურა
1. საქმის წარმოება დაიწყო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად, რუმინეთის მოქალაქის, ქ-ნი მარია სიპოსის („მომჩივანი“) მიერ 2004 წლის 24 მაისს რუმინეთის წინააღმდეგ სასამართლოში წარდგენილი განაცხადის (№ 26125/04) საფუძველზე.
2. მომჩივანს წარმოადგენდა ანტონი პოპესკუ, იურისტი, რომელიც პრაქტიკულ საქმიანობას ბუქარესტში ახორციელებს. რუმინეთს („მოპასუხე სახელმწიფო“) წარმოადგენდა ბატონი რაჟვან-ჰორატიუ რადუ, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი.
3. 2009 წლის 16 მარტს მესამე სექციის თავმჯდომარემ გადაწყვიტა საჩივარი გადაეგზავნა მოპასუხე სახელმწიფოსთვის.
ფაქტები
საქმის ფაქტობრივი გარემოებები
4. მომჩივანი დაიბადა 1949 წელს და ცხოვრობს ბუქარესტში. ის არის ჟურნალისტი, მწერალი და მთარგმნელი.
5. მომჩივანი დასაქმებული იყო რუმინეთის სატელევიზიო კომპანიაში ("SRTV") პროგრამის პროდიუსერად. 2011 წლის ოქტომბრიდან ის იყო წამყვანი და პროდიუსერი გადაცემისა ,,ღონისძიება’’, რომელიც გადაიცემოდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ,,რუმინეთი 1’’.
6. 2002 წლის 19 დეკემბერს მომჩივანს წერილობით აცნობა არხის დირექტორმა, რომ ის აღნიშნულ გადაცემას ვეღარ წაიყვანდა და ის ჩანაცვლდა გუნდის სხვა წევრის მიერ. 2002 წლის 20 დეკემბერს მომჩივანმა საჩივარი წარუდგინა საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს და ამ საკითხთან დაკავშირებით გასაუბრება მოითხოვა. ეს მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა.
7. მის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით კონკრეტული ახსნა-განმარტების არარსებობის პირობებში, მომჩივანმა პრესასთან გააკეთა რამდენიმე განცხადება, რომელშიც ასკვნიდა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ცენზურა ბრუნდებოდა.
8. 2003 წლის 20 იანვარს "SRTV"-ს პრეს-სამსახურმა გაავრცელა პრეს-რელიზი, რომელიც შემდეგ ექვსმა გაზეთმა გამოაქვეყნა. პრეს-რელიზი შეიცავდა ფაქტებს, ისევე როგორც მიზეზებს, თუ რატომ ჩანაცვლდა მომჩივანი გადაცემის ტელეწამყვანისა და პროდიუსერის თანამდებობაზე. ეს პრე-რელიზი ეფუძნებოდა მაყურებლის მიერ დასმულ კითხვებს. სიტუაციასთან დაკავშირებით გაკეთდა შემდეგი კომენტარები, მათ შორისაა:
,,ვწუხვართ, რომ მარიანა სიპოსი, რომლის გამჭრიახობაც ეჭვქვეშ დადგა ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია მის ოჯახურ პრობლემებთან, პოლიტიკური მანიპულაციების მსხვერპლია.
უფრო მეტიც, თვითონ დაწესებულების შიგნითაც კი, ის გახდა პრობლემური თანამშრომელი, რომელიც არ ემორჩილებოდა შესაბამის წესებს და კოლეგებთან კონფლიქტი ჰქონდა[...]
ნორმალურ პირობებში, თუ ქ-ნ სიპოსს უნდოდა ტელევიზიაში საზოგადოებრივი საქმიანობის გაგრძელება, ის ეცდებოდა კონფლიქტის გადაწყვეტას ზედამხედველობისთვის მიმართვის გზით.
არხის შიდა რეგულაციების თანახმად, ნებისმიერი მედია საშუალების მეშვეობით საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ კრიტიკული მოსაზრების საჯაროდ გამოთქმა, პირველ რიგში იმ უფლებების გამოყენების გარეშე, რომელიც უზრუნველყოფილია იერარქიულ დონეზე, წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს აღნიშნული თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება.
მიუხედავად იმისა, რომ მენეჯმენტს შეეძლო ამ დებულების გამოყენება, ის გაგებით მოეკიდა ამ ამბავს და გაითვალისწინა ის ვითარება, რომელშიც ქ-ნი სიპოსი იმყოფებოდა. ‘‘
9. 2003 წლის 30 იანვარს არხის ეთიკის კომისიამ აცნობა "SRTV"-ს დირექტორს, რომ აპლიკანტმა უგულებელყო "SRTV"-ს ჟურნალისტის სტატუსი და აგრეთვე აღნიშნული მაუწყებლის რეგულაციები. ეთიკის კომისიამ მიიჩნია, რომ მომჩივნის გადაცემაში ჩანაცვლების გადაწყვეტილება არ იყო ცენზურის დამყარების გამოვლინება და მისი გამოხატვის თავისუფლება არ დარღვეულა.
10. 2003 წლის 12 თებერვლის წერილით რედაქციამ მიმართა არხის იურიდიულ დეპარტამენტს, რათა სანქციის სახით მომჩივანი დაექვეითებინათ რედაქტორის პოზიციაზე, 3 თვის ვადით. თუმცა, საქმის გარემოებებიდან არ იკვეთება, რომ მომჩივანი ჩამოქვეითებულ იქნა.
11. 2003 წლის მარტში მომჩივანმა სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა ბუქარესტის პირველი ინსტანციის სასამართლოში არხის დირექტორისა და პრეს-სამსახურის კოორდინატორის წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალს დებდა ცილისწამებაში.
12. მომჩივანი დავობდა, რომ პრეს-რელიზი შეიცავდა მცდარ ფაქტებს, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია მის ღირსებაზე, პროფესიულ რეპუტაციასა და მისი როგორც ჟურნალისტის, მწერლისა და მთარგმნელის საქმიან სურათზე. აპლიკანტის განცხადებით, საზოგადოების თვალში მისი პოლიტიკური მანიპულაციების მსხვერპლად წარმოჩენა წარმოადგენდა ცილისწამებას, რაც უარყოფით გავლენას ახდენდა მის პროფესიულ პრესტიჟზე საჯარო ტელევიზიის სფეროში. ის დამატებით აცხადებდა, რომ გამონათქვამი - ,,მისი ემოციური მდგომარეობა, რაც განპირობებულია ოჯახური პრობლემებით’’ მიუთითებდა მის პირად ცხოვრებაში პრობლემების არსებობაზე, ამასთანავე გამონათქვამი, რომ მას ,,არ ჰქონდა განსჯის სათანადო უნარი’’ შეურაცხმყოფელი იყო და აზიანებდა მის საჯარო პერსონას.
13. მომჩივნის განცხადებით, ბრალდებულებმა დაარღვიეს კონვენციის მე-8 მუხლი, ისევე როგორც ჟურნალისტთა ქარტიის დებულებები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ოჯახური და პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას.
14. მომჩივანმა წარადგინა სამოქალაქო სარჩელი და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით მოითხოვა 500 მილიონი რუმინული ლეის გადახდა. ამასთან მიმართებით მან აღნიშნა, რომ ზემოხსენებული გამონათქვამების შემცველი სტატიის გამოქვეყნება გაზეთებში, რომლებიც ვებგვერდის მეშვეობით ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გავრცელდა, მას სერიოზულ ზიანს აყენებდა როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, ვინაიდან ის საზღვარგარეთაც ცნობილი ჟურნალისტი და მწერალი იყო.
15. მომჩივანმა მოუსმინა მომჩივანსა და მაუწყებლის დირექტორს. 2003 წლის 12 ივნისს ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ის იყო პასუხისმგებელი პრეს-რელიზის გავრცელებაზე, რომელიც, მისი მოსაზრებით, არ იყო იმგვარი ხასიათის, რომ ზიანი მიეყენებინა მომჩივნის რეპუტაციისა და ღირსებისთვის. ამასთანავე პრეს-რელიზის გავრცელება აუცილებელი საპასუხო რეაქცია იყო მომჩივნის განცხადებებზე, რომ ტელევიზია გარკვეულ გადაცემებს ცენზურას უწესებდა. მან დამატებით აღნიშნა, რომ მომჩივანს ჰქონდა დეპრესია, თუმცა ის იღებდა შესაბამის მედიკამენტებს და შესაძლებელი იყო, რომ იმ გამონათქვამის დაწერა, რომ ,,მას არ აქვს განსჯის სათანადო უნარი’’ ავტორებს შთააგონა მესამე პირების მიერ გაკეთებულმა დასკვნებმა.
16. 2003 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა ბრალდებულები იმ საფუძვლით, რომ ისინი არ მოქმედებდნენ მომჩივნის ცილისწამების განზრახვით, არამედ მათი მიზანი იყო არხის ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება მომჩივნის მიერ ცენზურის დაწესებასთან დაკავშირებული ბრალდებების თაობაზე. სასამართლომ, დაადგინა რა, რომ წინამდებარე საქმეზე არ იყო დაკმაყოფილებული დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საჭირო პირობები, კომპენსაციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
17. მომჩივანმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ბუქარესტის საოლქო სასამართლოში, რომელმაც დაადგინა, რომ ბრალდებულები არაკეთილსინდისიერად არ მოქმედებდნენ და შესაბამისად მომჩივნის საჩივარი 2003 წლის 3 დეკემბრის საბოლოო გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების შესაბამის ნაწილში ვკითხულობთ:
,,... 2003 წლის 20 იანვარს არხის პრესსამსახურმა გაავრცელა პრეს-რელიზი, რომელიც შეიცავდა ცილისმწამებლურ განცხადებებს. აღნიშნული პრეს-რელიზი სრულად გაავრცელა რამდენიმე გაზეთმა.
მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, დადგინდა, რომ მომჩივანსა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის წარმომადგენლებს შორის კონფლიქტი გამოიწვია მომჩივნის, როგორც გადაცემის ხელმძღვანელის, ქმედებებმა. კერძოდ, მან ერთი კვირის განმავლობაში არ წარადგინა ვიდეოკასეტები, რომლებზეც აღბეჭდილი იყო მომზადებული გადაცემები, რაც ეწინააღმდეგებოდა საჯარო მაუწუებლობის ეთიკის წესებს.
პრეს-რელიზის შინაარსი, რომელიც სისხლისსამართლებრივი საჩივრის საგანია, არ შეიცავს ცილისწამების ელემენტებს.
ბრალდებულის მხრიდან პირდაპირი განზრახვის არარსებობა გამომდინარეობს ბრალდებულის მიდგომიდან, რომელიც არ მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, არამედ მას სურდა ოფიციალური პოზიციის გამოხატვა არხის წინააღმდეგ დაფიქსირებულ ბრალდებებთან დაკავშირებით (...)’’.
II. შესაბამისი შიდა კანონმდებლობა და პრაქტიკა
18. რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსში არსებული ცილისწამების დებულებები, როგორც განსახილველ დროს ძალაში იყო და შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებები, აღწერილია საქმეში Boldea v. Romania, n o 19997/02 , § 16-19, ECHR 2007 (extracts)
19. 2007 წლის 18 იანვრის N62/2007 გადაწყვეტილებით, რომელიც ოფიციალურ მაცნეში N104 2007 წლის 12 თებერვალს გამოქვეყნდა, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუტციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე და 207-ე მუხლების გაუქმება, რომლებიც ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივ სასჯელს ითვალისწინებდა, იმ საფუძვლით, რომ კონსტიტუციით გარანტირებული რეპუტაციის უფლება, აუცილებლად უნდა იყოს დაცული სისხლისსამართლებრივი სანქციებით.
სამართალი
I. კონვენციის მე-8 მუხლის სავარაუდო დარღვევა
20. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ შეასრულა დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება, დაეცვა მისი რეპუტაციისა და პირადი ცხოვრების პატივისცემისა უფლება, რომელიც გათვალისწინებულია კონვენციის მე-8 მუხლით:
‘‘ 1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.’’
ა. მისაღებობა
21. მთავრობამ, ისე, რომ ნათლად არ გამოუთქვამს პრეტენზია საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევასთან დაკავშირებით, მოითხოვა განმარტებები საჩივრის შეტანის თარიღთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ საჩივარი სასამართლოს სამდივნოში შეტანილ იქნა 2004 წლის 13 სექტემბერს, მაშინ როდესაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი იყო 2003 წლის 3 დეკემბერი.
22. სასამართლო აღნიშნავს, რომ წერილი, რომლითაც წარმოდგენილი იყო საჩივარი, შედგენილ იქნა 2004 წლის 21 მაისს, გაიგზავნა 2004 წლის 24 მაისს და სასამართლოს სამდივნომ მიიღო 2004 წლის 27 მაისს.
23. სასამართლო იმეორებს, რომ საჩივრის შეტანის თარიღად მიიჩნევა მომჩივნის მიერ პირველი წერილის გაგზავნა, რომლითაც მომჩივანი, თუნდაც მხოლოდ მოკლედ სასამართლოს აცნობს იმ საჩივრის თაობაზე, რომლის შეტანასაც აპირებს (მაგალითისთვის, იხ., Gaillard v. France (dec.), n o 47337/99, და Arslan v. Turkey (dec), n o 36747/02, ECHR 2002-X (extracts)).
ზემოაღნიშნულ მოსაზრებათა გათვალისწინებით, ის თვლის, რომ საჩივარი წარდგენილ იქნა 6-თვიან ვადაში, რომელიც კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილითაა გათვალისწინებული.
24. სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივარი არ იყო აშკარად დაუსაბუთებელი, კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობდა საჩივრის მიუღებლად ცნობის სხვა საფუძვლები. აქედან გამომდინარე, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.
ბ. არსებითი მხარე
1.მხარეთა არგუმენტები
25. მომჩივანი თვლის, რომ სამაუწყებლო ტელევიზიის მენეჯმენტის რეაქცია არც აუცილებელი იყო და არც პროპორციული, ამდენად ის სრულიად არაპროპორციული იყო და არ ჰქონდა ლეგიტიმური გამართლება.
26. მთავრობამ, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნა, რომ პრეს-რელიზი სრული ფორმით გაავრცელა მედიამ და ამ უკანასკნელმა ის წარმოადგინა კომენტარების გარეშე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სადავო განცხადებების კონტექსტის გაანალიზება და იმის აღნიშვნა, რომ პრეს-რელიზი გაკეთდა მხოლოდ მომჩივნის ბრალდებებზე საპასუხოდ, რომლის თანახმად საზოგადოებრივ მაუწყებელში ცენზურა ბრუნდებოდა. ხელისუფლების მოსაზრებით, მხარეებმა გადაწყვიტეს თავიანთი შრომითი დავის საჯაროდ განხილვა.
27. მთავრობა მიიჩნევდა, რომ პრეს-რელიზში არ იკვეთებოდა ცილისწამების განზრახვა, ვინაიდან მასში მოცემული შეფასებები ეხებოდა მხოლოდ ზოგადი ხასიათის ფაქტებს. მთავრობამ განაცხადა, რომ თუ შიდა სასამართლოები ბრალდებული პირების მიმართ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, შესაძლოა ადგილი ჰქონოდა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევას.
28. საბოლოოდ მთავრობამ მიიჩნია, რომ აღნიშნული საქმე განსხვავდებოდა საქმისგან Petrina v. Romania n o 78060/01, 14 ოქტომბერი, 2008 და ის მსგავსი იყო საქმისა Pipi v. Turkey ((dec) N o 4020/03 ,2009 წლის 12 მაისი), სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გადააჭარბეს თავისუფალი შეფასების ფარგლებს შეპირისპირებულ უფლებათა შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის დროს. სასამართლომ დაასკვნა, რომ მომჩივნისთვის ხელმისაწვდომი იყო ეფექტური სამართლებრივი საშუალებები და ხელისუფლების ორგანოებმა შეასრულეს დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებები ამ სფეროში.
სასამართლოს შეფასება
29. სასამართლო იმეორებს, რომ თუ მე-8 მუხლის მიზანია საჯარო ხელისუფლების მხრიდან თვითნებური ჩარევისგან ინდივიდების დაცვა, მაშინ ის შეზღუდული არ არის სახელმწიფოსთვის მხოლოდ იმის მოთხოვნით, რომ მათ თავი შეიკავონ მსგავსი ჩარევისგან: აღნიშნულ ნეგატიურ ვალდებულებას შესაძლოა დაემატოს პოზიტიური ვალდებულებებიც, რომლებიც თან ახლავს პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას. სახელმწიფოებს პირადი ცხოვრების უზრუნველსაყოფად შეიძლება მოეთხოვოთ სათანადო ღონისძიებების გატარებაც, კერძო პირთა შორის ურთიერთობის სფეროშიც კი. მე-8 მუხლიდან გამომდინარე პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებთან მიმართებით გამოიყენება ერთი და იმავე პრინციპები. კერძოდ, ორივე შემთხვევაში, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ საჯარო ინტერესსა და კერძო ინტერესს შორის დაცულია სამართლიანი ბალანსი (Pfeifer c. Austria , n o 12556/03 , § 37, ECHR 2007-XII).
30. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულებების კონტექსტში, დაიცვა თუ არა სახელმწიფომ სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, მომჩივნის რეპუტაციის უფლებასა (რომელიც პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების შემადგენელი ნაწილია) და მე-10 მუხლით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლებას შორის (( Petrina , § 36; Von Hannover Germany c. , n o 59320/00 , § 70, ECHR 2004-VI). სასამართლო მიჩნევს, რომ მე-8 მუხლიდან გამომდინარე პოზიტიური ვალდებულებები განხილულ უნდა იქნეს, როდესაც გამონათქვამები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ პირის რეპუტაციაზე ცდება დასაშვები კრიტიკის ფარგლებს, კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად ( Petrina , cited above, § 39).
31. მოცემულ საქმეში, სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის სადავო არ არის ის, რომ პრეს-რელიზი არხის მენეჯმენტმა გაზეთებს დაუგზავნა იმ მიზნით, რომ ეპასუხათ მომჩივნის ბრალდებებზე ცენზურის აღდგენასთან დაკავშირებით.
32. სასამართლომ შემდეგ აღნიშნა, რომ არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილება არ იყო სპონტანურად მოფიქრებული: საქმე იმგვარად არ იყო, რომ განცხადებები პირდაპირ გაკეთდა და შედეგად მისი უკან წაღება არ შეიძლებოდა (საპირისპიროდ, იხილეთ, Fuentes Bobo v. Spain n o 39293/98 , § 46, 29 February 2000) , არამედ პრეს-რელიზი დაწერა საზოგადოებრივი მაუწყებლის სპეციალიზებულმა დეპარტამენტმა.
33. ამასთან მიმართებით სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განცხადებები შეიცავდა იმგვარ კომენტარებს, რომლებიც პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებდა მომჩივნის გამჭრიახობას და მას პოლიტიკური მანიპულაციების მსხვერპლად მიიჩნევდა. განცხადებაში აგრეთვე აღნიშნული იყო მომჩივნის ოჯახური პრობლემები, ისევე როგორც სამსახურში მისი კონფლიქტური ურთიერთობები. უფრო მეტიც, სასამართლომ აღნიშნა, რომ ბუქარესტის სააპელაციო სასამართლომ აღიარა, რომ 2003 წლის 20 იანვრის პრეს-რელიზი შეიცავდა მომჩივნის მიმართ ცილიმსწამებლურ განცხადებებს (იხ. პარ. 17 ზემოთ).
34. ამ გარემოებებში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან ყურადღება უნდა გაამახვილოს პრეს-რელიზის შინაარსის დეტალურ გამოკვლევაზე, უფრო კონკრეტულად კი იმ გამონათქვამების შესწავლაზე, რომლებმაც გავლენა იქონია მომჩივნის პირად ცხოვრებასა და რეპუტაციაზე.
35. სასამართლომ აღნიშნა, რომ პრეს-რელიზის მეშვეობით ნათელი მოეფინა მომჩივნის განცხადებების კონტექსტს, კერძოდ, გამჟღავნდა, რომ განცხადებები გაკეთდა შრომითი დავის ფარგლებში, ამდენად განვითარდა გარკვეული მოსაზრებები შესაბამის ფაქტებთან დაკავშირებით. თუმცა, სასამართლომ განაცხადა, რომ პრეს-რელიზი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების ახსნა-განმარტებით, არამედ ის აგრეთვე შეიცავდა განცხადებებს, რომელთა მიხედვით მომჩივანი პოლიტიკური მანიპულაციების მსხვერპლი იყო, ის ასევე ეხებოდა მომჩივნის ემოციურ მდგომარეობას, რომელიც ოჯახური პრობლემებით იყო გამოწვეული.
36. სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადებებს, რომლის თანახმად მომჩივანი პოლიტიკური მანიპულაციების მსხვერპლია, არ აქვს რაიმე დამადასტურებელი ფაქტობრივი საფუძველი, ვინაიდან არცერთი გარემოება არ მიუთითებს იმაზე, რომ მომჩივანი რაიმე მიკერძოებული ინტერესის ზეგავლენით მოქმედებდა. რაც შეეხება მომჩივნის ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ განცხადებებს, სასამართლომ აღნიშნა, რომ ისინი ეფუძნებოდა მომჩივნის პირადი ცხოვრების ელემენტებს, რომელთა გამჟღავნებაც ზემოხსენებული დასკვნების გათვალისწინებით საჭირო არ იყო (იხ. პარ 33-34, ზემოთ).
37. დამატებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის განსჯის უნართან დაკავშირებული კომენტარები ვერ მიიჩნევა არხის პოზიციის გამომხატველ ელემენტად, ვინაიდან ის ეყრდნობა მომჩივნის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას, რომელიც ცნობილი იყო "SRTV"-ს მენეჯმენტისთვის (იხ. მე-15 პარაგრაფი, ზემოთ).
38. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ტიპის საქმეებზე, სისხლისსამართლებრივი სანქციის, თუნდაც შედარებით მსუბუქის, ,,მსუსხავი ეფექტის’’ გათვალისწინებით, დავის გადაწყვეტის სამოქალაქოსამართლებრივი გზა უფრო სათანადო იქნებოდა ( Cumpănă and Mazăre v. Romania [GC] n o 33348/96 , §§ 114-115, ECHR 2004-XI). თუმცა, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ გასაჩივრებული განცხადებები აჭარბებდა დასაშვები კრიტიკის ფარლებს და ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს სამართლიანი ბალანსის დაცვა მომჩივნის რეპუტაციის უფლებასა და მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას შორის.
39. აღნიშნული ელემენტები საკმარისია სასამართლოსთვის, რათა დადგინდეს, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებები, მომჩივნისათვის უზრუნველეყო რეპუტაციისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება. შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი.
II. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
40. კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად:
‘‘თუ სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონვენცია და მისი ოქმები, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.’’
A. ზიანი
41. მომჩივანმა მოითხოვა 12, 000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც მან სავარაუდოდ განიცადა ეროვნული სასამართლოების მიერ SRTV-ის პრეს-რელიზში მოცემული განცხადებების დადასტურების შედეგად.
42. მთავრობამ მიიჩნია, რომ არ იქნა დადასტურებული მიზეზობრივი კავშირი განცდილ არაქონებრივ ზიანსა და ამასთან დაკავშირებით მოთხოვნილ თანხას შორის და რომ შესაძლო მსჯავრდება თავისთავად შეიძლება საკმარისი კომპენსაცია ყოფილიყო მომჩივნის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. მთავრობა თვლის, რომ მომჩივნის მიერ ამ საფუძვლით მოთხოვნილი თანხა გადაწარბებულია და მიუთითებს მსგავს შემთხვევებზე, როდესაც სასამართლომ მომჩივანს მიაკუთვნა 1,500 ევროდან 3,000 ევრომდე კომპენსაცია.
43. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანმა უდავოდ განიცადა მორალური ზიანი, რომლის გამოსწორებაც მხოლოდ დარღვევის დადგენით არ არის შესაძლებელი. საქმის გარემოებებსა და 41-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართლიანობის პრინციპზე დაყრდნობით, სასამართლომ მომჩივანს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 3,000 ევრო მიაკუთვნა.
ბ. ხარჯები და დანახარჯები
44. მომჩივანს არ დაუყენებია მოთხოვნა სასამართლოს ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
გ. პირგასამტეხლო
45. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, დაადგინოს ნაგულისხმევი ზღვრული ფასი, რომელიც ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა გაზარდა სამი პროცენტით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე სასამართლო:
1.ერთხმად აცხადებს სარჩელს მისაღებად
2. ადგენს ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ:
ა)მოპასუხე სახელმწიფომ უნდა აუნაზღაუროს მომჩივანს სამი თვის ვადაში, როდესაც გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 3 000 (სამი ათასი) ევრო მორალური ზიანისთვის, რომელიც რუმინულ ვალუტაზე უნდა გარდაიქმნას, ანგარიშსწორების თარიღით გამოყენებული კურსით, დამატებით ნებისმიერი თანხა, რომელიც შეიძლება გადასახადით იყოს განპირობებული.
ბ)აღნიშნული პერიოდის ამოწურვიდან და გადახდის დაწყებამდე ეს თანხა გაიზრდება მარტივი პროცენტით, რაც დადგენილი იქნება ცენტრალური ევროპული ბანკის მიერ, რაც გაიზარდა სამი პროცენტული პუნქტით.
3. ერთხმად უარყოფს საჩივრის დარჩენილ ნაწილს სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ.
შესრულებულია ფრანგულ ენაზე,შემდეგ წერილობით გადაეცა მხარეებს 2011 წლის 3 მაისს, 77-ე მუხლის მე-2 და მე-3 პარაგრაფების შესაბამისად.
Full & Egal Universal Law Academy